Georgian (Georgia)English (United Kingdom)

თავი პირველი

(თ. 1. მ. 1-3)

1. დასაბამი სახარებისაჲ იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისაჲ. 2. ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარმეტყუელსა: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა. 3. ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.

იოანეს, წინასწარმეტყველთაგან უკანასკნელს, მახარებელი წარმოადგენს, როგორც ძე ღმერთის სახარების დასაბამს, ვინაიდან ძველი აღთქმის დასასრული, დასაბამია ახალი აღთქმისა. რაც შეეხება წინასწარმეტყველებას წინამორბედზე, იგი აღებულია ორი წინასწარმეტყველისგან: მალაქიასგან: „აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შესა, რომელმანც განმზადნეს გზანი შენი წინაშე შენსა“ (3, 1); და ესაიასაგან: „ხმაი ღაღადებისაი უდაბნოსა...“ (40, 3) და ასე შემდეგ. ეს მამა ღმერთის სიტყვებია ძის მიმართ. იგი ანგელოზს უწოდებს წინამორბედს მისი ანგელოზებრივი და თითქმის უსხეულო ცხოვრების გამო და სოფლად მომავალი ქრისტეს გამოცხადების და მასზე მინიშნების გამო. ამზადებდა რა, ნათლობის მეშვეობით, იუდეველთა სულებს ქრისტეს მისაღებად, იოანე გზას განუმზადებდა უფალს. „წინაშე პირსა შენსა“ ნიშნავს: „ახლოსაა შენთან ანგელოზი შენი“. ამით აღინიშნება ნათესაური კავშირი წინამორბედის ქრისტესთან, რამდენადაც მეფეებსაც წინ უმთავრესად მასთან ნათესაური კავშირის მქონე პირები მიუძღოდნენ. „ხმაი ღაღადებისაი უდაბნოსა“ ... მაშასადამე, იორდანეს უდაბნოში, უფრო მეტად კი იუდეველთა სინაგოგაში, რომელიც ცარიელი იყო სიკეთისგან. „გზანი“ აღმნიშვნელია ახალი აღთქმისა, „ალაგნი“ - ძველისა, რომელიც არაერთგზის ირღვეოდა იუდეველთა მიერ. „გზისათვის“, ანუ ახალი აღთქმისათვის ისინი უნდა მომზადებულიყვნენ, ძველის „ალაგნი“ კი განემართათ, რადგან თუმცა ძველად მიიღეს კიდეც ისინი, მაგრამ შემდგომში გადაუხვიეს საკუთარ ალაგთაგან და გზა აებნათ.

 

(თ. 1. მ. 4-5)

4. იყო იოვანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა. 5. და განვიდოდა მისა ყოველი სოფლები ჰურიასტანისაჲ და იერუსალჱმელნი და ნათელს-იღებდეს მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა.

 

იოანეს ნათლისღებას  არ ახლდა თან ცოდვათა მიტევება, არამედ მოჰქონდა ადამინებისთვის მხოლოდ სინანული. მაშ როგორღა ამბობს მარკოზი აქ: „მისატევებელად ცოდვათა?“ ამაზე ვუპასუხებთ, რომ იოანე ქადაგებდა ნათლისღებას სინანულისა. ამ ქადაგებას კი საით მიჰყავდა? ცოდვათა მიტევებისკენ, ანუ ქრისტესმიერი ნათლისღებისკენ, რომელიც თავის თავში ცოდვათა მიტევებასაც მოიცავდა. როდესაც ჩვენ ვამბობთ,  მაგალითად, რომ ესა და ეს მოვიდა, როგორც წინამორბედი მეფისა, ბრძანებდა რა განემზადებინათ საჭმელი მეფისათვის, ვგულისხმობთ, რომ ამ ბრძანების აღმასრულებელნი კეთილს მოიღებდნენ მეფისგან. ასეა აქაც: წინამორბედი ქადაგებდა ნათლისღებას სინანულისა იმისათვის, რომ ადამიანებს, შეინანებდნენ რა და მიიღებდნენ ქრისტეს, ცოდვათაგან განთავისუფლებაც მიეღოთ.

 

(თ. 1. მ. 6)

6. ხოლო ემოსა იოვანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა, და ჭამდა იგი მკალსა და თაფლსა ველურსა.

 

ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ მათეს სახარებაში; ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც იქ გამოგვრჩა, კერძოდ: რომ იოანეს სამოსელი იყო ნიშანი მწუხარებისა და წინასწარმეტყველს ამით იმის ჩვენება სურდა, რომ მონანული უნდა გლოვობდეს, რამდენადაც უხეში ქსოვილის სამოსელი ჩვეულებრივ არის ნიშანი გლოვისა; ტყავის სარტყელი იუდეველი ხალხის უსიცოცხლო მდგომარეობას აღნიშნავდა. იმაზე, რომ ეს სამოსელი გლოვის მომასწავებელია, თავად უფალი საუბრობს: „ვიგოდებდით, და არა იტყებდეთ“, უწოდებს რა აქ გოდებას წინამორბედის ცხოვრებას, რამდენადაც შემდგომში ამბობს: „რამეთუ მოვიდა იოანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყიან, ვითარმედ ეშმაკეულ არს“ (მათე, 11; მ. 17-18). ისე როგორც იოანეს საკვები მანიშნებელია, რაღა თქმა  უნდა, თავშეკავებისა, ამავე დროს, მაშინდელი იუდეველთა სულიერი საკვების ხატია, რომლებიც წმინდა ზეციური ფრინველებით არ იკვებებოდნენ, ანუ არ ფიქრობდნენ არაფერ მაღალზე, არამედ იკვებებოდნენ ამაღლებული სიტყვებით, რომელიც მთისკენ მიისწრაფვის, მაგრამ ისევ ბარში ვარდება. რამდენადაც კალია ისეთი მწერია, რომელიც მაღლა ხტება, მაგრამ შემდეგ ისევ მიწაზე ეცემა. ზუსტად ასევე ხალხი იკვებებოდა თაფლით, რომელსაც ფუტკრები, ანუ წინასწარმეტყველები ამზადებდნენ; მაგრამ იგი მოუვლელი რჩებოდა მათთან და არ მატულობდა მასში ჩაღმავებითა და სწორი გააზრებით, თუმცა ებრაელები ფიქრობდნენ, რომ ისინი იაზრებენ და წვდებიან წმინდა წერილს. ისინი ფლობდნენ წმინდა წერილს, როგორც ერთგვარ თაფლს, მაგრამ არ შრომობდნენ  მასზე და არ იკვლევდნენ მას.

 

(თ. 1. მ. 7-8)

7. ქადაგებდა და იტყოდა: ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა. 8. მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.

 

ძეო, ამბობს, მის უკანასკნელ მონის ყოფნის ღირსიც კი არ ვარ, რომელიც საკვრელს, ანუ კვანძს შეხსნიდა მისი ჩექმების თასმებზე. თუმცა იგებდნენ ასეც: ყველა ვინც მოდიოდა და ნათელს იღებდა იოანესაგან, სინანულის მეშვეობით თავისუფლდებოდა საკუთარი ცოდვების საკვრელთაგან, იწამებდა რა ქრისტეს. ამდენად, იოანე ყველას შეუხსნიდა ხოლმე თასმებსა და ცოდვის საკვრელთ, ხოლო იესოსთვის არ შეეძლო შეეხსნა ამგვარი თასმა, ვინაიდან მას ვერც უპოვა ეს თასმა, ანუ ცოდვა.


(თ. 1. მ. 9-11)

9. და იყო მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანესგან იორდანესა. 10. და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა. 11. და ჴმაჲ იყო ზეცით: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.


იესო ცოდვათა მიტევებისათვის არ მოსულა მოსანათლად, რადგან მას ცოდვა არ უქმნია, ისევე როგორც სული წმიდის მისაღებად, ვინაიდან როგორ შეეძლო იოანეს ნათლობის სულის მინიჭება, როდესაც მას, როგორც ვთქვი არ შეეძლო ცოდვათაგან განწმენდა? მაგრამ არც სინანულისთვის მიდის ის მოსანათლად, რამდენადაც თავად მეტი იყო ნათლისმცემელზე (მათე, 11. 11). მაშ რიღასთვის მიდის? ეჭვგარეშეა, იმისათვის, რომ იოანემ გამოუცხადოს მის შესახებ ხალხს. რამდენადაც მრავალი შეიკრიბა იქ, ინება მისულიყო რათა დაემოწმებინათ მრავალთა წინაშე, თუ ვინ არის ის და ამავე დროს, იმისთვისაც, რომ აღესრულებინათ „ყოველი სიმართლე“ ანუ სჯულის ყოველი მცნება, რამდენადაც წინასწამეტყველის მორჩილება, რომელიც ნათელს სცემდა როგორც ღმრთისაგან წარმოგზავნილი, იყო ასევე მცნება, ამდენად ქრისტე ამ მცნებასაც აღასრულებს. სული გადმოდის არა იმიტომ, რომ ქრისტეს სჭირდება ეს (რადგანად არსებითად იგი მასში მყოფობს), არამედ იმიტომ, რომ შენ იცოდე, ნათლისღების ჟამს შენზეც სულიწმინდა გადმოდის. სულიწმიდის გარდამოსვლისას მეყვსეულად წარმოითქმება მოწმობაც. რამდენადაც მამა ხმას მოსცემდა მაღლით: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი“. მსმენელს რომ არ ეფიქრა თითქოს იგი იოანეზე საუბრობდა, იესოზე გადმოდის სული, აჩვენებს რა ამით, რომ ეს მასზეა ნათქვამი. ცანი კი განიხვნებიან იმიტომ, რომ ვიცოდეთ, ისინი ჩვენითვისაც განიხვნებიან, როდესაც ვინათლებით.

 

(თ. 1. მ. 12-13)

12. და მეყსეულად სულმან განიყვანა იგი უდაბნოდ. 13. და იყო მუნ ორმეოც დღე და გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და იყო მჴეცთა თანა, და ანგელოზნი ჰმსახურებდეს მას.

 

იმისათვის, რომ გვასწავლოს არ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, როდესაც ნათლისღების შემდგომ განვიცდებით, უფალი მიდის მთაში გამოსაცდელად, ან უფრო სწორად კი არ მიდის, სულიწმინდის მიერ განიყვანება, გვიჩვენებს რა ამით, რომ ჩვენც ჩვენი ნებით არ უნდა ჩავვარდეთ საცდურებში, არამედ მივიღოთ, როდესაც ისინი გვეწვევიან. მთაში კი იმიტომ ადის, რომ ადგილის უდაბურებისა გამო, ეშმაკმა ჰპოვოს კადნიერება და მიუდგეს მას, რამდენადაც იგი, ჩვეულებრივ მაშინ გვესხმის თავს, როდესაც მარტონი ვართ. ადგილი იმდენად ველური იყო, მეტწილად მხეცები დაძრწოდნენ, ანგელოზებმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს მისი მსახურება, როდესაც მან სძლია მაცდურს. ყველაფერი ეს მათეს სახარებაში ვრცლადაა გადმოცემული.

 

(თ. 1. მ. 14-15)

14. და შემდგომად მიცემისა იოვანესა მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისა ღმრთისასა 15. და იტყოდა, ვითარმედ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ.

 

გაიგებს რა იოანეს დილეგში ყოფნის ამბავს, იესო მიდის გალილეაში, რათა ჩვენც გვიჩვენოს, რომ თავად არ უნდა ვესწრაფოდეთ საცდურებს, არამედ ვერიდოთ მათ, ხოლო როცა ვვარდებით - მოვითმინოთ. ქრისტე, ერთი შეხედვით, ქადაგებს იმასვე, რასაც იოანე, როგორიცაა: „შეინანეთ“ და „მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაი“. მაგრამ სინამდვილეში იმასვე არა: იოანე ამბობს: „შეინანეთ“, ცოდვათაგან რომ განაშოროს, ხოლო ქრისტე ამბობს: „შეინანეთ“ სჯულის სიტყვათაგან დახსნისათვის, ამიტომაც დასძენს: „და იწამეთ სახარება“, რამეთუ მან, ვისაც სურს სწამდეს სახარების მიხედვით, უკვე გააუქმა სჯული. უფალი ამბობს, რომ „აღსრულებულ არს ჟამი“ სჯულისა. აქამდე, ამბობს ის, მოქმედებდა სჯული, ხოლო  ამიერიდან მოიწევა ღმერთის სასუფეველი, ცხოვრება სახარების მიხედვით. ამგვარი ცხოვრება სამართლიანად წარმოსდგება, როგორც ღმერთის სასუფეველი, ვინაიდან როდესაც ხედავ, რომ სახარების მიხედვით მცხოვრები ისევე იქცევა, როგორც უხორცო, როგორ არ იტყვი, რომ მან უკვე მოიპოვა ღმერთის სასუფეველი (სადაც არც საჭმელია და არც სასმელი), თუმცა კი ის ჯერაც შორეულად გვესახება.

 

(თ. 1. მ. 16-20)

16. ხოლო ვიდოდა რაჲ ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა სიმონ და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ ზღუასა მას ზედა, რამეთუ იყვნეს იგინი მესათხევლე. 17. და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. 18. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას. 19. და მცირედ წარვიდა და იხილა იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, და იგინი განაგებდეს ბადეთა ნავსა შინა. 20. და უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ზებედე, მამაჲ მათი, ნავსა შინა მუშაკთა მისთა თანა და მისდევდეს მას.


პეტრე და ანდრია თავიდან წინამორბედის მოწაფეები იყვნენ, მაგრამ როდესაც იესო იხილეს, რომელზეც იოანე მოწმობდა, მას შეუერთდნენ. შემდგომ, როდესაც მიცემულ იქნა იოანე, ისინი მწუხარებით დაუბრუნდნენ თავიანთ ძველ ხელობას. ამგვარად, ქრისტე ახლა უკვე მეორედ მოუწოდებს მათ, რადგანაც ნამდვილი მოწოდება მეორეა. დააკვირდი, რომ ისინი თავიანთი მართალი შრომით იკვებებოდნენ და არა უკანონო საქმიანობით. ასეთი ხალხი ღირსი იყო, რომ ყოფილიყვნენ ქრისტეს პირველი მოწაფეები. მყისვე დააგდეს რა ყველაფერი, რაც ხელში ჰქონდათ, ისინი გაყვნენ მას, რადგან არ მართებდათ დაყოვნება, არამედ მაშინვე უნდა გაყოლოდნენ. ამათ შემდეგ იაკობსა და იოანეს მოინადირებს. ეს უკანასკნელი, თუმცა თავად ღარიბები იყვნენ, თავიანთ მოხუც მამას ინახავდნენ. მაგრამ მათ დატოვეს მამა არა იმიტომ, რომ მშობელთა დატოვება კეთილი საქმეა, არამედ იმიტომ, რომ მას სურდა ხელი შეეშალა მათთვის გაჰყოლოდნენ უფალს. ასევე შენც, თუკი მშობლები ხელს გიშლიან, დატოვე ისინი და მიჰყევი კეთილს. როგორც ჩანს ზებედეს არ სწამდა, მაგრამ ამ მოციქულთა დედას სწამდა და როდესაც ზებედე გარდაიცვალა, ასევე გაჰყვა უფალს. დააკვირდი იმას, რომ თავდაპირველად მოუწოდებს ქმედებას, ხოლო შემდგომ ჭვრეტას, რამეთუ პეტრე არის სახე ქმედებისა, რამდენადაც ცეცხლოვანი ხასიათისაა და ყოველთვის წინ უსწრებდა სხვებს, რაც დამახასიათებელია ქმდებისათვის, იოანე კი პირიქით, განასახიერებს თავისში ჭვრეტას, რამდენადაც უმეტესად ღმრთისმეტყველი იყო.

 

(თ. 1. მ. 21-22)

21. და შევიდეს კაპერნაუმდ. და მეყსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ. 22. და განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ასწავებდა მათ, ვითარცა-იგი ვის აქუნ ჴელმწიფებაჲ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი.

 

საიდან მოვიდნენ კაპერნაუმში? ნაზარეთიდან და თანაც შაბათ დღეს, როცა ჩვეულებრივ იკრიბებოდნენ სჯულის საკითხავად, მაშინ მოვიდა იესოც, რათა ესწავლებინა. ვინაიდან სჯულიც იმიტომ ბრძანებდა შაბათის ზეიმით აღნიშვნას, რომ ხალხი კითხვით ყოფილიყო დაკავებული, შეიკრიბებოდნენ რა ამისთვის ერთად. უფლის სწავლება კი მამხილებელი იყო და არა მაამებლური, როგორც ფარისევლებისა: არწმუნებდა ეკეთებინათ სიკეთე, ხოლო ურჩებს ტანჯვით ემუქრებოდა.

 

(თ. 1. მ. 23-28)

23. და იყო კრებულსა მას შინა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, ღაღატ-ყო 24. და თქუა: ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ. 25. შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან! 26. და დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან, და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განვიდა მისგან. 27. და დაუკჳრდებოდა ყოველთა, ვიდრე გამოძიებადმდე ურთიერთას, და იტყოდეს: რაჲ-მე არს მოძღურებაჲ ესე ახალი, რამეთუ ჴელმწიფებით სულთაცა არაწმიდათა უბრძანებს, და ერჩიან მას? 28. და განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა სოფლებსა გალილეაჲსასა.

 

ბოროტი სულები „არაწმინდად“ იწოდებიან იმიტომ, რომ უყვართ ყოველგვარი არაწმიდა საქმეები. ადამიანიდან გამოსვლას ეშმაკი საკუთარ დაღუპვად თვლის. უკეთური ეშმაკები საერთოდაც ბოროტ სატანჯველად რაცხენ საკუთარი თავისთვის, როდესაც ადამიანთათვის ბოროტების კეთების ნებას არ რთავენ. ამასთან, არიან რა ავხორცნი და მიჩვეულნი ტკბობას ნივთიერით, ისინი, ასე ვთქვათ, დიდ შიმშილს განიცდიან, როდესაც სხეულებში არ ცხოვრობენ. ამიტომაც ამბობს უფალი, რომ ნათესავი ეშმაკისა მარხვით განიგდება. არაწმიდამ არ უთხრა ქრისტეს: შენ ხარ წმიდა, არამედ უთხრა „წმიდაი“, ანუ ერთადერთი, თავისი არსით წმიდა. მაგრამ ქრისტე აიძულებს გაჩუმდეს, რათა ვიცოდეთ, რომ ეშმაკებს პირი უნდა დაუყოთ, თუნდაც ისინი სიმართლეს მეტყველებდნენ. ეშმაკი დააკვეთებს და ძლიერად ანჯღრევს მისით შეპყრობილს, რათა თვითმხილველებმა, ნახავენ რა, თუ როგორი უბედურებისგან თავისუფლდება ადამიანი, სასწაულის გამო ირწმუნონ.

 

(თ. 1. მ. 29-31)

29. და მიერ შესაკრებელით გამოვიდა და მოვიდა სახლსა სიმონისსა და ანდრეაჲსსა იოვანეს და იაკობის თანა. 30. ხოლო სიდედრი სიმონისი დავრდომილ იყო მჴურვალებითა. და უთხრეს იესუს მისთჳს. 31. და მოვიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი; და მეყსეულად დაუტევა იგი მჴურვალებამან მან, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.

 

შაბათ საღამოს, როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე, უფალი წავიდა მოწაფეების სახლში საკვების მისაღებად. ამასთან ის, ვინც მათ უნდა მომსახურებოდა, მხურვალებით იყო შეპყრობილი, მაგრამ უფალი კურნავს მას და ისიც იწყებს მსახურებას. ეს სიტყვები მანიშნებელია იმის, რომ შენც, როდესაც უფალი განგკურნავს სნეულებისაგან, შენი ჯანმრთელობა წმინდანთა სამსახურებელად და ღმრთის სათნოყოფისათვის უნდა გამოიყენო. ერთგვარი მხურვალებით შეპყრობილი ხდება აგრეთვე მრისხანე ადამიანიც და მრისხანებისგან ხელებს სითამამეს აძლევს. მაგრამ თუკი ს ი ტ ყ ვ ა ხელს უპყრობს და მდაბლად გააშვებინებს მას, მაშინ ის, ვინც ადრე მრისხანებით იწვებოდა, ს ი ტ ყ ვ ი ს მსახურებას იწყებს. რამეთუ მრისხანე, ხელს უპყრობს რა სიტყვა, აღდგება და ამგვარად, მრისხანება ს ი ტ ყ ვ ა ს ემსახურება.

 

(თ. 1. მ. 32-34)

32. და ვითარ შემწუხრდებოდა, და მზე დაჰვიდოდა, მოჰყვანდეს მისა ყოველნი სნეულნი და ეშმაკეულნი 33. და ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა. 34. და განკურნნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა და თითო-სახეთაგან სნეულებათა და ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს.

 

უმიზეზოდ არ არის დამატებული „მზის ჩასვლისას“. რამდენადაც ფიქრობდნენ, რომ შაბათ დღეს განკურნება არ შეიძლება და დაელოდნენ მზის ჩასვლას და მერეღა დაიწყეს ავადმყოფთა მოყვანა განსაკურნებლად. „მრავალი“ განკურნა, ნათქვამია ნაცვლად „ყველასი“*   იმიტომ, რომ ყველა შეადგენს მრავალს; ანუ ყველა არ განუკურნავს, რადგან ზოგიერთი ურწმუნო აღმოჩნდა, რომელნიც არც იქნებიან განკურნებულნი თავიანთი ურწმუნოებისდა გამო. მაგრამ მრავალი, მათგან ვინც მოიყვანეს, განკურნა, ანუ ისინი რომელთაც ჰქონდათ რწმენა. ეშმაკებს უკრძალავდა ლაპარაკს, რათა როგორც ვთქვი, ჩვენთვის ესწავლებინა, რომ მათ არ უნდა დავუჯეროთ, თუნდაც ისინი სიმართლეს ამბობდნენ. სხვაგვარად, თუკი ნახავენ ვინმეს, ვინც სავსებით ენდობა მათ, რას აღარ იზამენ წყეულნი, შეურევენ რა ტყუილსა და მართალს! ასევე პავლემ აუკრძალა პითონის სულს ელაპარაკა: „ეს კაცნი მონანი არიან ღმერთისა მაღლისანი“. წმიდა კაცს არ სურდა მოესმინა შეფასება და მოწმობა არაწმიდა ბაგეთაგან.


----------------------------------------------------------------

 

* ეს ადგილი, როგორც ჩანს შესაბამისობაშია რა ახალ რუსულზე თარგმნილ სახარებასთან, სადაც ნახმარია სიტყვა „многие“, ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის ძველ ქართულ ტექსტთან, სადაც  ნახმარია სიტყვა „ყოველნი“ თუმცა იგი შეესატყვისება ახალი ქართულით თარგმნილ ტექსტს. აქ ნახმარია სიტყვა „მრავალი“, თუმცა ამან მკითხველი არ უნდა დააბნიოს, რადგან თავადაც პათოსი განმარტებისა, რომ განკურნებისათვის აუცილებელ პირობას რწმენა წარმოადგენდა, სრულ შესაბამისობაშია ზოგადი სახარების პათოსთან.)

(თ. 1. მ. 35-39)

35. და განთიად რიჟურაჟუს ოდენ აღდგა და გამოვიდა მიერ და განვიდა უდაბნოსა ადგილსა და მუნ ილოცვიდა. 36. და მისდევდეს მას სიმონ და მისთანანი. 37. და პოვეს იგი და ჰრქუეს მას, ვითარმედ: ყოველნი გეძიებენ შენ. 38. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: მოვედით და წარვიდეთ მახლობელსა დაბნებსა და ქალაქებსა, რაჲთა მუნ უქადაგოთ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე. 39. და ქადაგებდა შესაკრებელთა მათთა და ყოველსა გალილეასა და ეშმაკთა განასხმიდა.

 

მას შემდეგ, რაც სნეულნი განკურნა, უფალი განმარტოებულ ადგილას მიდის, გვასწავლის რა ამათ, რომ ჩვენც საჩვენებლად კი არ ვიქმოდეთ რაიმეს, არამედ თუკი ვიქმთ კიდეც რაიმე სიკეთეს, ვესწრაფოთ რათა დავფაროთ იგი და ლოცულობს ის ასევე იმისთვისაც, რომ გვიჩვენოს, ყოველ ჩვენს მიერ ქმნილ სიკეთეს ღმერთს უნდა ვაწერდეთ და ვეუბნებოდეთ მას: „ყოველი მოცემული კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა“. (იაკობი 1, 17).


თავისთავად ქრისტეს საჭიროებაც კი არ ჰქონდა ლოცვისა. შემდგომში, როცა ერი ეძიებს და ძლირ მოითხოვს, იგი არ ეძლევა მათ, თუმცაღა კეთილგანწყობით იღებს ამას, მაგრამ მიდის სხვებთანაც, მათთან, ვინც კურნებას და დარიგებას საჭიროებენ. რადგანაც სწავლების საქმე ერთი ადგილით არ უნდა იფარგლებოდეს, არამედ საჭიროა ყოველგან განეფინოს სხივები სიტყვისა. მაგრამ იხილე, როგორ აერთებს იგი სწავლებას ქმედებასთან: ქადაგებს, შემდეგ კი ეშმაკებს განასხამს. ასევე შენც, ასწავლე და თან საქმეები აკეთე, რომ შენი სიტყვა არ იყოს ამაო. ქრისტეს თან სასწაულებიც რომ არ ეჩვენებინა, მის სიტყვას არ დაუჯერებდნენ.

 

(თ. 1. მ. 40-42)

40. მაშინ მოუჴდა მას ერთი განკეთროვნებული, ევედრებოდა მას და მუჴლნი დაიდგინა და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედად ჩემდა. 41. ხოლო იესუს შეეწყალა იგი, განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! 42. და ვითარცა ესე თქუა, მეყსეულად განეყარა მას კეთროვნებაჲ იგი, და განწმიდნა იგი.


კეთილგონიერი იყო კეთროვანი და სწამდა; ამიტომაც არ უთქვამს: „თუკი ღმერთს სთხოვ“, არამედ სწამდა რა მისი, როგორც ღმერთისა, თქვა: „უკუეთუ გინდეს“. ქრისტე ეხება მას იმის ნიშნად, რომ არაფერია არაწმიდა. სჯული კრძალავდა შეხებას კეთროვანთან, როგორც არაწმიდასთან: მაგრამ მაცხოვარი, სურს რა გვიჩვენოს,  რომ  არაფერია ბუნებით არაწმიდა, რომ სჯულის მოთხოვნები უნდა გამარტივდეს და რომ მათი მოქმედების ძალა მხოლოდ ადამიანებზე ვრცელდება, ეხება კეთროვანს; მაშინ როდესაც ელისეს ისე ეშინოდა სჯულისა, რომ ნახვაც კი არ სურდა ნეემანისა, კეთროვანისა და განკურნების მთხოვნელისა.

 

(თ. 1. მ. 43-45)

43. და შეჰრისხნა მას და მეყსეულად გამოაძო იგი 44. და ჰრქუა მას: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ მივედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, რომელი-იგი ბრძანა მოსე საწამებელად მათა. 45. ხოლო იგი გამოვიდა მიერ და იწყო ქადაგებად ფრიად და მიმოდადებად სიტყჳსა მის, ვითარმედ ვერღარა ჴელ-ეწიფა მას ცხადად ქალაქად შესლვად, არამედ უდაბნოთა ადგილთა იყოფვოდა. და მოვიდოდეს მისა ყოვლით კერძო.

 

აქედანაც ვსწავლობთ, აგრეთვე, რომ ყველას დასანახად არ გამოვიტანოთ საკუთარი თავი, როდესაც ვინმეს სიკეთეს ვუკეთებთ, ვინაიდან თავად იესოც უბრძანებს განწმენდილს არ გაახმაუროს მის შესახებ. თუმცაღა მან იცოდა, რომ ის არ დაემორჩილებოდა და გაახმაურებდა, მაგრამ როგორც ვთქვი, გვასწავლის რა არ ვიყოთ დიდებისმოყვარენი, უბრძანებს არავის უთხრას. მაგრამ მეორე მხრივ, ყოველი ვისაც კეთილს უყოფენ, მადლიერი და მადლობელი უნდა იყოს, თუნდაც მისი კეთილისმყოფელი ამას არ საჭიროებდეს. ასევე კეთროვანმა გაახმაურა მიღებული წყალობის ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ უფალმა აუკრძალა. ქრისტე მას მღვდელთან აგზავნის, რადგან სჯულის მიხედვით კეთროვანი, სხვგავარდ ვერ შევიდოდა ქალაქში, თუ მღვდელი არ გამოაცხადებდა მისი კეთროვანებისგან განწმენდის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი განგდებული უნდა ყოფილიყო ქალაქიდან. ამასთანავე, უფალი უბრძანებს მას შესწიროს მსვერპლიც, როგორც ჩვეულებისამებრ მიჰქონდათ განწმენდილებს: ეს იმის ნიშნად, რომ იგი არაა სჯულის მოწინააღმდეგე. პირიქით, იმდენად ძვირფასია მისთვის, რომ თავადაც მოითხოვს სჯულის კანონის აღსრულებას.

 

თავი მეორე

(თ. 2. მ. 1-5)

1. და შევიდა კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს. 2. და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტუასა. 3. და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული ზე-კიდებული ოთხთაგან. 4. და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა-იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი. 5. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!

 

უფლის კაპერნაუმში შესვლასთან ერთად ბევრმა გაიგო რა, რომ ის სახლშია, მასთან მოსახერხებული მისადგომის პოვნის იმედით დაიწყო შეკრება. ამასთან იმ კაცთა რწმენა, ვინც განრღვეული მოიყვანა, იმდენად დიდი იყო, რომ ახადეს სახლის სახურავი და ჩაუშვეს იგი. ამიტომაც უფალი აძლევს კურნებას, ხედავს რა მის მიმყვანთა, ან თავად განრღვეულის რწმენას, რამეთუ თავად არ დართავდა ნებას მისი წაყვანისა, თუკი არ იქნებოდა განკურნების რწმენა. თუმცა, უფალი ხშირად კურნავდა მხოლოდ მომყვანის რწმენით, თუნდაც მის მიერ მოყვანილი არ ყოფილიყო მორწმუნე და პირიქითაც, ხშირად კურნავდა მოყვანილის რწმენით, თუნდაც მომყვანები ურწმუნონი ყოფილიყვნენ. უწინარეს ყოვლისა, ის აძლევს ცოდვათა მიტევებას ავადმყოფს, ხოლო შემდეგ კურნავს ავადმყოფობებს, რადგან ურთულესი დაავადებები, მეტწილად ცოდვებისგან წარმოიშვება. ისევე როგორც იოანეს სახარებაში ერთ-ერთ უძლურს უფალი ცოდვათა გამო მოუვლენს ავადმყოფობას. იოანესთან ნახსენები ეს უძლური და აქ ნახსენები არ არის ერთი და იგივე. პირიქით, ეს ორი სხვადასხვა ადამიანია. რამეთუ იოანესთან ნახსენებს არ ჰყავდა დამხმარე კაცი, აქ ნახსენებს კი ოთხი კაცი ჰყავს. პირველი ცხვრის ჭიშკართან იყო, ეს კი სახლშია, ის - იერუსალიმშია, ეს კი - კაპერნაუმში. სხვა განსხვავების პოვნაც შეიძლება მათ შორის. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათესთან მოხსენიებული და აქ, მარკოზთან, ერთი და იგივეა.

 

(თ. 2. მ. 6-12)

6. ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს, 7. ვითარმედ: ესე გმობასა იტყჳს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა? 8. ხოლო იესუ მეყსეულად გულისჴმა-ყო სულითა, რამეთუ ესრეთ ზრახვენ გულთა შინა მათთა, და ჰრქუა მათ: რასა მაგას ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? 9. რაჲ უადვილეს არს სიტყუად განრღუეულისა ამის: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე? 10. ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განღუეულსა მას: 11. შენ გეტყჳ: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა! 12. და მეყსეულად აღდგა იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა, ვითარმედ განუკჳრდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ.

 

ფარისევლები ღმრთის გმობაში ადანაშულებდნენ უფალს, რამდენადაც იგი ცოდვებს მიუტევებდა, ეს კი მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება. მაგრამ უფალმა მათ სხვა ნიშანიც მისცა საკუთარი ღვთაებრიობისა - გულთამხილავობა: რამეთუ მხოლოდ ღმერთსთვისაა ცნობილი თითოეულის გული, როგორც წინასწარმეტყველიც ბრძანებს: „შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმი გული“ (3 მეფეთა, 8, 39).

ამასთან, ფარისევლები, თუმცა კი გამოუცხადა უფალმა თუ რა აქვთ მათ გულში, რჩებიან უგრძნობელნი და მათ გულთა მცნობელს არ სურთ დაანებონ, რათა მან ცოდვათაგან კურნებაც მიანიჭოს. მაშინ უფალი სხეულის განკურნებით არწმუნებს იმაში, რომ მან სულიც განკურნა, ანუ ცხადის მეშვეობით ამოწმებს დაფარულს და უადვილესის მეშვეობით უძნელესს, თუმცა კი მათ ეს პირიქით ეჩვენებოდათ. რადგანაც ფარისევლები, სხეულის განკურნებას, როგორც ხილულ ქმედებას, თვლიდნენ უძნელესად, ხოლო კურნებას სულისა, როგორც უხილავისა - უადვილესად და როგორღაც ასე მსჯელობდნენ: აი, მატყუარა, რომელიც თავს არიდებს სხეულის  განკურნებას, როგორც თვალსაჩინოს და უხილავ სულს მკურნალობს, ამბობს რა: „მოგეტევა შენი ცოდვები“. მართლაც რომ შეეძლოს კურნებას მინიჭება, მაშინ სხეულს განკურნავდა და არ მიმართავდა უხილავს. ამიტომაც მაცხოვარი, უჩვენებს რა მათ, რომ მას შეუძლია ერთიცა და მეორეც, ამბობს: რა უფრო ადვილია, სულის განკურნება, თუ სხეულისა? ეჭვგარეშეა, რომ სხეულისა; მაგრამ თქვენ პირიქით გეჩვენებათ. მაშ მე განვკურნავ სხეულს, რაც სინამდვილეში ადვილია, მაგრამ თქვენ ძნელი გეჩვენებათ და ამით დაგარწმუნებთ სულის განკურნებაში, რაც მართლაც ძნელია და მხოლოდ იმიტომ გეჩვენებათ ადვილად, რომ უხილავია და არა ხორცშესხმული. მაშინ ეუბნება განრღვეულს: „აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი“, რათა ამგვარად უფრო მეტად დაგვარწმუნოს სასწაულის სინამდვილეში, რომ იგი ოცნების სფეროს არ განეკუთვნება და იმავდროულად, გვიჩვენოს, რომ მან არა მხოლოდ განკურნა ავადმყოფი, არამედ ძალაც მისცა მას. ასევე ექცევა უფალი სულიერ უძლურებებსაც: არა მხოლოდ გვათავისუფლებს ცოდვათაგან, არამედ ძალასაც გვაძლევს მცნებათა აღსასრულებლად. მაშ, მე უძლურსაც ძალმიძს განვიკურნო. რამეთუ ახლაც კაპერნაუმშია ქრისტე, სახლში ნუგეშისმცემლისა, ანუ ეკლესიაში, რომელიც არის კიდეც ნუგეშისმცემელი. მე უძულური ვარ, ვინაიდან ძალები ჩემი სულისა უმოქმედოა და არ აღიძვრის კეთილის მიმართ; მაგრამ როდესაც ოთხი მახარებელი აღმიტაცებს და მიმიყვანს უფალთან, მაშინ გავიგონებთ მის სიტყვას: „შვილო“, რამეთუ  მცნებათა აღსრულების მეშვეობით, ძედ ღმრთისა შევიქმნები და მე მომეტევება ცოდვები. მაგრამ როგორ მიმიყვანენ იესოსთან? სახურავის აღძარცვით. მაგრამ რა არის სახურავი? გონება, როგორც ჭერი ჩვენი არსებისა. ამ სახურავზე ბევრი მიწა და კრამიტია ანუ მიწიერი საქმეები; მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი გადაგდებული იქნება, როდესაც აღიძარცვება და განთავისუფლდება გონების ძალის სიმძიმისაგან, როდესაც შემდეგ ქვევით ჩამოვალ, ანუ დავმდაბლდები (თავი არ უნდა აღვიმაღლო ჩემი გონების აღმსუბუქების გამო, არამედ აღმსუბუქებასთან ერთად ვალდებული ვარ ქვევით დავეშვა, ანუ დავმდაბლდე). მაშინ განვიკურნები და ავიღებ ჩემს ცხედარს, ანუ სხეულს, აღვძრავ რა მას მცნებათა აღსასრულებლად. რამეთუ არა მხოლოდ უნდა აღვსდგეთ ცოდვისაგან და შევიცნოთ საკუთარი ცოდვა, არამედ უნდა ავიღოთ ჩვენი ცხედარი, ანუ სხეული სიკეთის ქმნისათვის, მაშინ მივაღწევთ ჭვრეტასაც, ისე რომ ყოველი ზრახვა ჩვენში იტყვის: „არასა ესრეთ ვიხილეთ“, ანუ არასოდეს გვქონია ისეთი გულისხმისყოფა, როგორიც ახლა, განვიკურნეთ რა უძლურებისაგან. ვინც განიწმინდა ცოდვებისაგან ის ჭეშმარიტად ჭრეტს.

(თ. 2. მ. 13-17)

13. და კუალად განვიდა ზღჳს კიდესა, და ყოველი ერი მოვიდოდა მისა, და მუნ ასწავებდა მათ. 14. და წარ-რაჲ-ვიდოდა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. 15. და იყო, ვითარცა ინაჴით-ჯდა იგი სახლსა შინა მისსა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი სხდეს იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა, რამეთუ 16. და მწიგნობართა მათ და ფარისეველთა, ვითარცა იხილეს იგი, რამეთუ მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს, ეტყოდეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს და სუამს? 17. და ესმა ესე იესუს და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.

 

კეთროვანზე აღსრულებული სასწაულის შემდგომ უფალი ზღვისკენ მიდიოდა, როგორც ჩანს, განმარტოებას ეძიებდა, მაგრამ ხალხი კვლავ მასთან იკრიბება. მაშ იცოდე, რომ რა ზომითაც განეშორები დიდებას, იმ ზომით დაგიწყებს ის დევნას, ხოლო თუკი შენ გამოეკიდები, ის გაგისხლტება. ანუ, უფალიც, ის-ის იყო ზღვასთან განმარტოვდა, რომ ხალხი ისევ მისდევს მას კვალდაკვალ. მაგრამ ის აქედანაც წავიდა და გზაში მათე მოინადირა. მარკოზთან აქ ნახსენები ლევი არის მათე, რამდენადაც მას ორი სახელი ჰქონდა. ამიტომაც ლუკა და მარკოზი, მალავენ რა მის ნამდვილ სახელს, ლევს უწოდებენ, მაგრამ თავად მას არ რცხვენია. პირიქით, ღიად საუბრობს საკუთარ თავზე: „და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, მატთეოს სახელი მისი“ (მათ 9; 9). ასევე ჩვენც არ უნდა გრცხვენოდეს ცოდვათა გამხელისა. ლევი იჯდა ბაჟის ასაკრეფად, ასრულებდა რა თავის მოვალეობას, ის ან გადასახადის ახდევინებდა ვინმეს, ან ანგარიშს ადგენდა, ან რამე სხვას აკეთებდა, რასაც ჩვეულებრივ გადასახადის ამკრეფნი აკეთებდნენ თავიანთი საქმიანობის ადგილას, მაგრამ ახლა ისეთი გულმოდგინება გამოიჩინა ქრისტეს მიმართ, რომ დატოვა რა ყველაფერი, გაჰყვა მას და დიდი სიხარულით მიიწვია მრავალნი სადილად. ფარისევლები კი იწყებენ უფლის დადანაშაულებას, რაღა თქმა უნდა წარმოადგენენ რა საკუთარ თავს უმწიკვლო ადმიანებად. მაგრამ უფალმა ამაზე თქვა: „ მართალთ“ კი არა, ანუ თქვენი, საკუთარი თავის განმამართლებლების, არამედ „ცოდვილთა მოსაწოდებლად მოვედი“. თუმცა მოუწოდებს მათ არა იმიტომ, რომ ცოდვილებადვე დარჩნენ, არამედ „სინანულად“, ანუ იმისთვის, რომ ისინი მოექცნენ. „სინანულად“ თქვა, რათა არ იფიქრო, რომ მოუწოდებს რა ცოდვილებს, იგი სულაც არ ფიქრობს მათ გამოსწორებაზე.

(თ. 2. მ. 18-20)

18. და იყვნეს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი მარხვასა შინა. და მოვიდეს მისა და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ? 19. ჰრქუა მათ იესუ: ვერ ჴელეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათ თანა არს, მარხვად. 20. არამედ მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან, და მაშინ იმარხვიდენ მას დღესა შინა.

 

იოანეს მოწაფეები, როგორც ჯერ კიდევ არასრულყოფილნი, იუდაურ ჩვეულებებს მისდევდნენ. ამიტომაც ზოგიერთ მათგანს, ვინც ქრისტესთან მოდიოდა, მაგალითად მოჰყავდა ისინი და ბრალს სდებდნენ მას, რომ მისი მოწაფეები მათ მსგავსად არ მარხულობდნენ. ის კი ეუბნებოდა: ახლა მე, სიძე ვიმყოფები მათ გვერდით და ამიტომაც უნდა უხაროდეთ და არა მახრულობდნენ. მაგრამ როდესაც ავმაღლდები ამ ცხოვრებიდან, მაშინ დაექვემდებარებიან რა განსაცდელებს, ისინი იმარხულებენ კიდეც და იმწუხარებენ. თავის თავს სიძეს უწოდებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისთვის ქალწულებრივ სულებს ნიშნავდა, არამედ იმიტომაც, რომ ჟამი მისი პირველად მოსვლისა, მის მორწმუნეთათვის არის არა ჟამი ტირილისა და მწუხარებისა და არა მძიმე ჟამი, არამედ ჩვენი დამამშვიდებელი ნათლობით, სჯულის საქმეთა გარეშე. მართლაცდა რა შრომაა მონათვლა. თუმცაღა ამ იოლი საქმით მოვიპოვებთ ცხონებას. „ძენი სიძისანი“ მოციქულები არიან იმიტომ, რომ ისინი ღირსნი გახდნენ უფლის სიხარულისა და ყოველგვარი ზეციური სიკეთისა და ნიგეშისა. ზიარნი შეიქნენ შეიძლება ასეც გაიგო, ყოველი ადამიანი, როდესაც იგი სათნოებებს იქმს, არის „ძე სიძისა“ და სანამ მასთანაა სიძე - ქრისტე, არ მარხულობს, ანუ არაა დაკავებული სინანულის საქმეებით; ვინაიდან რატომ უნდა ნანობდეს ის, ვინც არ ეცემა? როდესაც ამაღლდება მისგან სიძე - ქრისტე, ანუ როდესაც იგი ცოდვაში ჩავარდება, მაშინ იწყებს მარხვასა და სინანულს, რათა განიკურნოს ცოდვისაგან.

(თ. 2. მ. 21-22)

21. არავინ სადგმელი ახალი დაადგის სამოსელსა ძუელსა, უკუეთუ არა, მოაპის მისგან ცოცხალიცა იგი ახალმან მან ძუელისაჲ მის, და უძჳრესად განიპის. 22. და არავინ შთაასხის ღვინოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ; არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან.


როგორც ახალი „სადგმელი“ თავისი  სიმტკიცის გამო მხოლოდ მოაპობს ძველ სამოსს, თუკი მასზე დაკერდება და როგორც ახალი ღვინო, თავისი სიმაგრის გამო, გახეთქავს ძველ ჭურჭელს, ასევე ჩემი მოწაფეები ჯერ კიდევ არ მომაგრებულან და ამიტომაც თუ დავუმძიმებთ, ამით მათ ვავნებთ, რამდენადაც ისინი, თავისი უძულურებისდა გამო, ჯერ კიდევ ძველ სამოსს ჩამოჰგვანან. ამიტომაც არ არის საჭირო დავაკისროთ მათ მარხვის მძიმე მცნება. ან შეგიძლია ასეც გაიგო: ქრისტეს მოწაფეებს, არიან რა უკვე ახალი ადამიანები, არ შეუძლიათ ემსახურონ ძველ ჩვეულებებსა და კანონებს.

(თ. 2. მ. 23-28)

23. და იყო, ვითარ-იგი თანა-წარჰვიდოდა შაბათსა ყანებისაგან, და მოწაფეთა მისთა იწყეს გზასა სლვად და მუსრვად თავსა ჴუვილისასა. 24. ხოლო ფარისეველნი იგი ეტყოდეს მას: იხილე, რასა ზმენ მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს ყოფად! 25. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არასადა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, რაჟამს-იგი უჴმდა და შეემშია მას და მისთანათა? 26. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ მღდელთ-მოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო? 27. და ეტყოდა მათ: შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს. 28. ვინაჲცა უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

 

უფლის მოწაფეები წყვეტენ თავთავებს, როგორც უკვე მიჩვეულნი ცხოვრებას არა სჯულის მიხედვით. როდესაც ფარისევლები აღშფოთდებიან ამის გამო, ქრისტე დაუყოფს მათ პირს, მიუთითებს რა დავითზე, რომელმაც საჭიროებისას დაარღვია კანონი მღვდელმთავარ აბიათარის დროს. გაურბოდა რა საულს, წინასწარმეტყველი დავითი მივიდა ამ მღვდელმთავართან და მოატყუა იგი, უთხრა რა, რომ იგი მეფის მიერ არის გამოგზავნილი უკიდურესი სამხედრო საჭიროების გამო. სწორედ აქ შეჭმა მან „პურნი იგი წინადაგებისა“ და უკან წამოიღო გოლიათის ხმალი, ოდესღაც ღმერთს რომ შესწირა. დანიშნული პურები თორმეტი იყო; ისინი ყოველ დღე იდო საკურთხეველზე, ექვსი მარჯვენა და ექვსი მარცხენა მხარეს საკურთხევლისა. ზოგი კითხულობს რატომ უწოდებს მახარებელი მღვდელმთავარ აბიათარს, მაშინ როდესაც „წიგნი მეფეთა“ უწოდებს მას აბემელექს (1, მეფეთა 21), ამაზე შეიძლება ითქვას, რომ ამ მღვდელმთავარს ჰქონდა ორი სახელი: აბიმელექი და აბიათარი. შეიძლება სხვაგვარადაც აისხნას, კერძოდ: მეფეთა წიგნი საუბრობს მაშინდელ მღვდელზე - აბიმელექსზე, ხოლო მახარებელი - აბიათარზე, მაშინდელ მღვდელმთავარზე და ამიტომ მათი ჩვენებები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მღვდელი მაშინ იყო აბიმელექი, აბიათარი კი იყო მღვდელმთავარი. უმაღლესი აზრით ეს ასე უნდა გაიგო: ქრისტეს მოწაფენი მიდიან შაბათს, ანუ სულიერ სიმშვიდეში (შაბათი ნიშნავს განსვენებას). მაშასადამე, როდესაც განთავისუფლდნენ ვნებებისაგან და ეშმაკთა შემოტევებისაგან, მაშინ გადიან გზას, ანუ გზამკვლევნი ხდებიან სხვათათვისაც სათნოებისკენ მიმავალ გზაზე, გლეჯენ და ძირკვავენ რა ყოველგვარ მიწიერ და მდაბალ ოცნებათა აღმონაცენს. რამეთუ ვინც წინდაწინ არ განთავისუფლდება ვნებათაგან და არ განწყობს თავს წყნარი ცხოვრების წესისაკენ, მას არ შეუძლია სხვათა გზამკვლევობა და წინამძღოლობა სათნოებისკენ მიმავალ გზაზე.

 

თავი მესამე

 

(თ. 3. მ. 1-5)

1. და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. 2. და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი. 3. და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! 4. და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს. 5. და მიმოიხილა მათდა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი.

 

იუდეველთა მიერ მოწაფეთა ბრალდების შემთხვევაში, იმის გამო, რომ ისინი შაბათს თავთავებს წყვეტდნენ, უფალმა, დავითის მაგალითით, უკვე დაუყო პირი მბრალდებლებს, მაგრამ ახლა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად შეაგონოს ისინი, სასწაულთმოქმედებს, ამით ის შემდეგს გამოხატავს: აი, როგორ არ სცოდავენ ჩემი მოწაფენი; მე თავადაც ვიქმ შაბათ დღეს, მოგივლენთ რა ამ სასწაულს. და თუკი სასწაულმოქმედება ცოდვაა, მაშინ შაბათ დღეს აუცილებელი საქმის კეთებაც ცოდვაა: მაგრამ სასწაულის ქმნა ადამიანის გადასარჩენად საღმრთო საქმეა, მაშასადამე, არ არღვევს სჯულს ისიც, ვინც შაბათ დღეს რაიმე ცუდს არ აკეთებს. ამიტომაც უფალი ეკითხება იუდეველბს: „ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე?“ ამხელს რა ამით იმაში, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მას სიკეთის ქმნაში. გადატანითი მნიშვნელობით გამხმარი აქვს ხელი ყველას, ვინც მარჯვენა მხარის საქმეებს არ აკეთებს, ასეთი ადამიანის მიმართ ამბობს ქრისტე: „აღსდეგ“, ანუ აღსდეგ ცოდვისაგან, „წარმოდეგ შორის“, ანუ სათნოებათა შუალედში, რამეთუ ყოველი სათნოება არის შუალედი, რომელიც არც ნაკლოვანებისკენ იხრება და არც ზედმეტობისკენ. ამრიგად, როდესაც იგი ამ შუალედში წარმოსდგება, მაშინ მისი ხელი კვლავ ჯანმრთელი შეიქმნება. დააკვირდი სიტყვასაც: „კუალად მოეგო“; იყო დრო, როდესაც ჩვენ ჯანმრთელი ხელები, ან ქმედითი ძალები გაგვაჩნდა, როდესაც დანაშაული ჯერ კიდევ არ იყო ჩადენილი. მას შემდეგ კი, რაც ხელი აკრძალული ხილისაკენ გავიწვდინეთ, ის გახმა სიკეთის ქმნის მიმართ. მაგრამ ის კვლავ ჯანმრთელ მდგომარეობას დაუბრუნდება, როდესაც სათნოებათა შუალედში წარმოვსდგებით.

 

(თ. 3. მ. 6-12)

6. და ვითარცა გამოვიდეს მიერ ფარისეველნი იგი ჰეროდიანელთა თანა, და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი.7. ხოლო იესუ მოწაფითურთ განეშორა მათგან და მოვიდა ზღჳს-კიდედ. და მრავალი ერი შეუდგა მას გალილეაჲთ და ჰურიასტანით, 8. იერუსალჱმით, იდუმიაჲთ, წიაღ-იორდანით და ტჳროსით კერძო და სიდონით. ესმა მრავალსა სიმრავლესა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოვიდეს მისა. 9. და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა ნავი განუმზადონ მას ერისა მისთჳს, რაჲთა არა შეაიწრონ იგი. 10. რამეთუ მრავალთა განჰკურნებდა, ვითარმედ ზედაცა დაესხმოდა მას ერი იგი, რაჲთა შე-ოდენ-ეხნენ. და რაოდენთა აქუნდა უძლურებაჲ და შეეხნეს, განიკურნებოდეს. 11. და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ. 12. და ფრიად შეჰრისხნა მათ იესუ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.

 

ვინ იყვნენ ჰეროდიანელნი? ან ჰეროდეს მეომარნი, ან რაღაც ახალი სექტა, რომელიც ჰეროდეს ქრისტედ აღიარებდა იმ მიზეზით, რომ მასზე შეწყდა იუდეველ მეფეთა მემკვირდეობითობა. იაკობის წინასწარმეტყველებით დგინდებოდა, რომ „როდესაც მოაკლდებიან მთავარნი იუდასგან, მაშინ მოვა ქრისტე“ (შესაქმ. 49). ამრიგად, რამდენადაც ჰეროდეს დროს არავინ აღარ იყო იუდეველ მთავართაგან, არამედ მართავდა ჰეროდე, უცხოტომელი (იგი იდუმიელი იყო), ზოგიერთმა იგი ქრისტედ მიიღო და შექმნა სექტა. სწორედ ამ ადამიანებს სურდათ უფლის მოკვლა. მაგრამ იგი განეშორება, რამდენადაც ჯერ არ მოწეულა ჟამი ვნებისა, განეშორება იგი უმადურებს, იმიტომაც, რომ კეთილი უყოს ადამიანთა უფრო დიდ ნაწილს. მას მართლაც მრავალნი გაჰყვნენ და იგი კურნავდა მათ; ტვიროსელებმა და სიდონელებმაც კი მიიღეს სარგებელი, მიუხედავად იმისა, რომ უცხოტომელები იყვნენ. ამასთანავე, მისივე თანატომელები სდევნიდნენ. ასეა, არავითარი სარგებელი არ არის ნათესაობისაგან, თუკი არ არის კეთილზნეობრიობა! უცხოებიც კი მოდიოდნენ შორიდან ქრისტესთან, იუდეველები კი მათთან მოსულს, აგდებდნენ მას. შეხედე, რაოდენი უცხოა ქრისტესთვის დიდებისმოყვარეობა, ხალხმა რომ არ შეავიწროვოს, იგი ნავს მოითხოვს, რათა მასში მყოფი შორს იყოს ხალხისაგან. „უძლურებებს“ მახარებელი ავადმყოფობეს უწოდებს, რამეთუ ავადმყოფობები მართლაც დიდად გვიწყობენ ხელს იმაში, რომ გონს მოვეგოთ. ასე რომ უფალი გვსჯის ამ უძლურებებით, როგორც მამა შვილებს. გადატანითი მნშივნელობით ყურადღება მიაქციე იმასაც, რომ იესოს მოკვლა სურთ ჰეროდიანელებს, ამ ხორციელ და უხეშ ადამინებს (ჰეროდე ნიშნავს ტყავისას) და პირიქით, ისინი ვინც გამოვიდნენ თავიანთი სახლებიდან და სამშობლოდან, ანუ ხორციელი ცხოვრების წესიდან, ისინი მას გაჰყვებიან; რის გამოც განიკურნებიან სნეულებათაგან, ანუ სინდისის მომწყვლელი ცოდვებისაგან და არაწმიდა სულები განიდევნებიან. ჩასწვდი ბოლოს და ბოლოს იმას, რომ იესო უბრძანებს მოწაფეებს ნავი განუმზადონ, რათა ხალხმა არ შეავიწროვოს იგი. იესო არის სიტყვა ჩვენში, რომელიც გვიბრძანებს, რომ ჩვენი ნავი, ანუ სხეული, განმზადებული იყოს მისთვის და არ მიეცეს ყოფით საქმეთა ქარიშხალს, რამეთუ საქმეების შესახებ საზრუნავთა სიმრავლემ არ შეაწუხოს ჩვენში მცხოვრები ქრისტე.

 

(თ. 3. მ. 13-19)

13. და აღვიდა მთასა და მოუწოდა, რომელთაჲ უნდა მას; და მოვიდეს მისა. 14. და ყვნა ათორმეტნი იგი, რაჲთა იყვნენ მის თანა და წარავლინნეს იგინი ქადაგებად 15. და რაჲთა აქუნდეს ჴელმწიფებაჲ განსხმად ეშმაკთა. 16. და დასდვა სახელები: სიმონს პეტრე, 17. და იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ იაკობისი; და დასდვა მათ სახელები: ბანერგეს, რომელ არს: ძენი ქუხილისანი; 18. ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი 19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.

 

ადის მთაზე იმისთვის, რომ ილოცოს. რამდენადაც ამის წინ სასწაულებს იქმოდა, სასწაულთა ქმნის შემდგომ ლოცულობს, რაღა თმა უნდა გაკვეთილი რომ გვიჩვენოს რათა ვმადლობდეთ უფალს, როგორც კი რაიმე კეთილს მოვიმოქმედებთ, და ღმერთის ძალას ვაწერდეთ. ანდა, რამდენადაც უფალი აპირებდა ხელი დაესხა მოციქულთათვის, ამასთან დაკავშირებით ადის მთაზე, რომ ილოცოს ჩვენდა დასამოძღვრად, რადგანაც ჩვენც, როდესაც დავაპირებთ ვინმეს ხელი დავასხათ, ჯერ უნდა ვილოცოთ, რათა გამოგვიჩნდეს ღირსეული და არ შევიქმნათ ზიარნი „სხვისა ცოდვათა“ (1. ტიმ. 5. 22). ხოლო იქიდან, რომ იუდასაც გამოირჩევს მოციქულად, უნდა მივხვდეთ, რომ უფალი არ უკუიქცევა ადამიანისაგან, რომელმაც ბოროტება უნდა ჩაიდინოს, მისი მომავალი ბოროტი საქმის გამო, არამედ მისი ახლანდელი სათნოების გამო ხდის პატვის ღირსად, თუნდაც შემდგომში იგი ცუდი ადამინი შეიქმნას. მახარებელი ჩამოთვლის მოციქულთა სახელებს ცრუ მოციქულთა შემთხვევისათვის, რათა იცნობდნენ ჭეშმარიტ მოციქულებს. ძენი ქუხილისანი უწოდა ზებედეს ძეებს, როგორც განსაკუთრებით დიდ მქადაგებლებსა და ღმრთისმეტყველებს.

 

(თ. 3. მ. 20-22)

20. და მოვიდეს სახლსა, და შეკრბა კუალად მისა ერი, ვიდრემდის ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ ვერცაღა პურისა ჭამად. 21. და ესმა მის კერძოჲსათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განკრთომილ არს. 22. და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალჱმით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.


„და ესმა მის კერძოისათაო“, ამბობს, შესაძლოა ადამინები მისი მშობლიური ქალაქიდან ან იქნებ ძმებიც კი გამოვიდნენ მის შესაპყრობად; ვინაიდან ამბობდნენ, რომ „განკრთომილ არს“, ანუ ეშმაკი ჰყავსო. რამდენადაც სმენოდათ, ეშმაკებს განასხამდა და კურნავდა სნეულებათაგან, შურის გამო ფიქრობდნენ, რომ ეშმაკეული და „შეშლილია“ რის გამოც სურდათ კიდეც შეეპყროთ იგი, რათა შეეკრათ როგორც ეშმაკეული. ასე ფიქრობდნენ მასზე და ასე სურდათ მოქცეოდნენ მისიანებსაც კი. ამის მსგავსად, იერუსალიმელი მწიგნობრებიც ამბობდნენ, რომ ეშმაკეულია. რამდენადაც მათ არ შეეძლოთ მათივე თვალწინ აღსრულებულ სასწაულთა უარყოფა, სხვა მხრივ მოიხსენიებენ აუგად, როგორც ეშმაკთაგან მომდინარეს.

 

(თ. 3. მ. 23-27)

23. და მოუწოდა მათ და იგავით ეტოდა: ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განჴდად? 24. და უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი. 25. და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად. 26. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს. 27. და არცა ვის ჴელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი გამოტყუენოს.

 

მოძულე იუდეველთა ბრალდებებს უეჭველი მაგალითებით უარყოფს. როგორ შეუძლია ეშმაკს ეშმაკების განდევნა, როცა ჩვეულებრივ სახლებშიც კი ვხედვათ, რომ სანამ მასში მცხოვრებნი მშვიდობიანად არიან, კეთილად დგანან ეს სახლები, ხოლო როგორც კი მათში დაყოფა მოხდება - დაეცემიან? როგორ არის შესაძლებელი, ამბობს ის, რომ ვინმემ ძლიერის ჭურჭელი გაიტაცოს, თუკი უწინ ძლიერს არ შეკრავს? ეს სიტყვები შემდეგი მნიშვნელობისაა: „ძლიერი“ არის ეშმაკი; მისი „ჭურჭელნი“ არიან ადამიანები, რომლებიც მის სამკვიდრებელს წარმოადგენენ. ამრიგად, თუკი ვინმე წინდაწინ არ შეკრავს და არ დაამხობს ეშმაკის მეუფებას, როგორღა შეძლებს გაიტაცოს მისი ჭურჭელი, ანუ ეშმაკეულნი? ამიტომ, თუკი მე გავიტაცებ მის ჭურჭელს, ანუ ვათავისუფლებს ადამინებს ეშმაკების ძალადობისაგან, მაშასადამე, მე წინდაწინ შევკარი და დავამხე ეშმაკთა მეუფება და მათი მტერი გამოვდივარ. მაშ, როგორღა ამბობთ, რომ ბელზებულია ჩემთან, ანუ მე განვასხამ ეშმაკებს, ვარ რა მათი მეგობარი და ჯადოქარი?

 

(თ. 3. მ. 28-30)

28. ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ; 29. ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა. 30. რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა.

 

ის, რასაც უფალი ამბობს აქ, ნიშნავს შემდეგს: ადამიანებს, რომლებიც სცოდავენ სხვა დანარჩენში, კიდევ შეუძლიათ მოუბოდიშონ როგორმე და მიიღონ პატიება ღვთის შემწყნარებლობის გამო ადამიანური სისუსტეების მიმართ. მაგალითად ისინი, ვინც უფალს უწოდებენ გემოთმოყვარესა და ღვინისმსმელს, მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარს, მიიღებენ შენდობას ამის გამო. მაგრამ როდესაც ხედავენ, რომელი იგი უეჭველი სასწაულებს იქმს და მიუხედავად ამისა, სულიწმიდას გმობენ, ანუ სასწაულთქმედებებს სულიწმინდისაგან მომდინარეს, როგორღა მიიღებენ შენდობას, თუკი არ შეინანებენ? როდესაც ქრისტეს ხორციელი შესახედაობა აცდუნებდათ, ამ შემთხვევაში, რომც არ შეენანებინათ, მიეტევებოდათ, როგორც ადამიანებს, რომლებიც ცდუნდნენ; მაგრამ ხედავდნენ რა მას ღვთაებრივ საქმეთა მოქმედს და მაინც გმობდნენ, როგორღა მიეტევებათ, თუკი უნანელნი დარჩებოდნენ?

 

(თ. 3. მ. 31-35)

31. მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაჲ მისი და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს. 32. და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ, 33. მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი? 34. და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! 35. რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.

 

ძმები უფლისა შურის გამო მოვიდნენ მის შესაპყრობად, როგორც შეშლილისა და ეშმაკეულის. დედა კი, როგორც ჩანს, პატივის მიღების გრძნობის კარნახით, მოვიდა მოეწყვიტა სწავლებისაგან, რათა ამით ეჩვენებინა ხალხისათვის, რომ მას, ვისითაც ასე გაოცებულნი არიან, იგი თავისუფლად განაგებს და შეუძლია მოსწყვიტოს სწავლებას. მაგრამ უფალი პასუხობს: ჩემს დედას არავითარი სარგებელი არ ექნება. იყოს ჩემი დედა, თუკი იგი თავისში ყველა სათნოებას არ გააერთიანებს. ზუსტად ასევე, ნათესაობა უსარგებლო იქნება ჩემი ძმებისთვის, იმიტომ, რომ მხოლოდ ისინი არიან ჭეშმარიტი ახლობლები ქრისტესი, ვინც ღმრთის ნებას ასრულებს. ამრიგად, ამბობს რა ამას, ის უარს კი არ ამბობს დედაზე, არამედ უჩვენებს, რომ იგი ღირსი იქნება პატივისა არა მხოლოდ შობის გამო, არამედ ყველა სხვა კეთილის საქმისა გამო: თუკი მას ეს არ ექნებოდა, პატივის ნათესაობისა სხვები დაასწრებდნენ.

 

თავი მეოთხე

 

(თ. 4. მ. 1-2)

1. მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳს-კიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა ქუეყანასა ზედა დგა. 2. და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:

თუმცა, თითქოსდა, გააბრუნა თავისი დედა, მაინც ისევ ემორჩილება მას, ვინაიდან მის გამო გადის ზვასთან. ნავში იმიტომ ჩაჯდა, რომ თვალწინ ეყოლებოდა რა ყველა, ყველას გასაგონად ესაუბრა და არავინ ჰყოლოდა ზურგს უკან.

 

(თ. 4. მ. 3-12)

3. ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად. 4. და იყო თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი. 5. და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ. 6. და ვითარცა მზე აღმოჰჴდა დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა. 7. და სხუაჲ დავარდა ეკალთა შორის; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი, და ნაყოფი ვერ გამოიღო. 8. და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, აღმოვიდოდა და აღორძნდებოდა და მოაქუნდა ოცდაათეული, სამოცეული და ასეული. 9. და ეტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! 10. და ოდეს იყო იგი თჳსაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: რაჲ არს იგავი ესე? 11. ხოლო იგი ეტყოდა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ იგი სასუფევლისა ღმრთისაჲ, ხოლო გარეშეთა მათ – ყოველივე იგავით სიტყუად. 12. რაჲთა ხედვით ხედვიდენ, და არა იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ, ნუუკუე მოიქცენ და მიეტეოს მათ ცოდვაჲ მათი.

 

პირველ იგავს სთავაზობს თესლზე, რათა უფრო ყურადღებიანი გახადოს მსმენელი. რამდენადაც ის აპირებს უთხრას, რომ თესლი არის სიტყვა და რომ თუკი იგი უყურადღებოდ დაეცემა, წახდება, ამდენად, უწინარეს ყოვლისა, ამაზე საუბრობს, რათა მსმენელი ეცადოს იყოს ყურადღებიანი და არ დაემსგავსოს იმ მიწას, რომელიც ღუპავს თესლს. მაგრამ ვინ არის მთესვარი? თავად ქრისტე, რომელიც თავისი კაცთმოყვარეობისა და გულმოწყალების გამო განუყოფლად გარდამოვიდა მამის წიაღიდან, გარდამოვიდა არა იმიტომ, რომ დაეწვა წყეული მიწა და ბოროტი გულები, არა იმიტომ, რომ გაეკაფა ეკალ-ბარდი, არამედ იმიტომ, რომ დაეთესა თესლი, რა თესლი? იქნებ მოსესი? ან იქნებ წინასწარმეტყველთა? არა, თავისი, ანუ რათა ექადაგა თავისი სახარება. და ის თესავდა კიდეც; მაგრამ ამ თესლთაგან ერთი დაეცა სულს, რომელიც ჩამოჰგავდა გზას, მრავალნი რომ თელავდნენ, ცის ფრინველებმა ანუ ჰაერში გაბატონებულმა დემონებმა კი ჩანთქეს ეს თესლი. ასეთ ადამიანებს მიაკუთვბნებიან კაცთმოთნენი; ისინი იგივენი არიან, რაც გზა, მრავალთა მიერ თელილი. ის ვინც ყველაფერს აკეთებს ამა თუ იმ კაცის საამებლად, იგი მრავალთა მიერ ითელება. მაგრამ დააკვირდი, უფალს არ უთქვამს, რომ თესლი გზის პირას დააგდეს, არამედ იგი დავარდა გზის პირას იმიტომ, რომ მთესვარმა დააგდო თესლი ნიადაგზე, როგორც კეთილზე, მაგრამ თავად აღმოჩნდა რა, იგი უვარგისი, ღუპავს თესლს, ანუ სიტყვას. თუმცა, ზოგიერთები კარგად იღებდნენ გზის პირას დავარდნილს, იმ აზრით, რომ იგი ურწმუნო გულზე დავარდა. რამეთუ გზა არის ქრისტე, ხოლო გზის პირას მყოფნი ურწმუნონი არიან, რომლებიც გზის მიღმა, ანუ ქრისტეს მიღმა იმყოფებიან. მეორე თესლი კლდოვან სულზე დავარდა, ვგულისხმობ მათ, ვინც ადვლად იღებს სიტყვას, მაგრამ შემდგომ უარყოფს. ისინი კლდოვანნი არიან, როგორც რამდენადმე მიმსგავსებული კლდეს, ანუ ქრისტეს, რადგანაც მიიღეს სიტყვა; მაგრამ რამდენადაც ისინი სიტყვას დროებით იღებენ და შემდგომ უარყოფენ, ამის გამო კარგავენ მსგავსებასაც. სხვა თესლის დავარდა სულზე, რომელიც მრავალი საზრუნავითაა შეპყრობილი, რამეთუ „ეკალი“ ყოფითი საზრუნავებია. მაგრამ მეოთხე თესლი დაეცა კეთილ ნიადაგზე. მაშ შეხედე, რაოდენ იშვიათია სიკეთე და რა ცოტანი ცხონდებიან! თესლის მხოლოდ მეოთხედი ნაწილი გადარჩა!  მოწაფეებს, რომლებიც მასთან მარტოდ დარჩენილნი ეკითხებიან, ეუბნება: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი“. მაგრამ ნუთუ დაყოფისა და ბუნებით დადგენილი დანიშნულების გამო, ერთს მიეცემა ეს, მეორეს კი არა? შეუძლებელია; მაგრამ მათ მიეცემათ როგორც მეძიებლებს „ეძიებდეთ, - ნათქვამია, - და ჰპოვებდეთ“, სხვები კი უფალმა დაბრმობილნი დატოვა, რათა მართებულის შესახებ ცოდნამ, მათი მეტად განსჯა არ გამოიწვიოს, როდესაც ისინი, არ აღასრულებენ იმას, რაც მართებთ აღასრულონ. თუმცა, გინდა იოცდე, რომ ღმერთისგან ყველას აქვს მინიჭებული უნარი ხედავდეს იმას, რის გაკეთებაც მართებს? ისმინე! „ხედვით ხედვიდენ“ - ეს ღმერთისგანაა „და არა იხილონ“ - ეს ღვარძლისგანაა; რამეთუ ღმერთმა ისინი შექმნა თვალხილულნი, ანუ გამგებნი სიკეთისა, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, ხუჭავენ რა თვალებს თავისი ნებით, რათა არ მოექცნენ და არ გამოსწორდნენ, ისე თითქოსდა შურთ საკუთარი ცხონებისა და გამოსწორების. შეიძლება ასეც გავიგოთ: სხვებს ვეუბნები იგავებით „რაითა ხედვით ხედვიდენ და არა იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ“, რათა თუნდაც ამიტომ მოექცნენ და გამოსწორდნენ.

 

(თ. 4. მ. 13-20)

13. და ჰრქუა მათ: არა იცით იგავი ესე? და ვითარ უკუე ყოველნი იგავნი გულისჴმა-ჰყვნეთ? 14. რომელი-იგი სთესავს, სიტყუასა მას სთესავს. 15. ხოლო ესენი არიან, რომელნი-იგი გზასა ზედა, სადა-იგი დაეთესის სიტყუაჲ; და რაჟამს ისმინიან, მეყსეულად მოვიდის ეშმაკი და მიუღის მათ სიტყუაჲ იგი გულთაგან მათთა. 16. და ესენი არიან კლდოვანსა მას დათესულნი, რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან სიტყუაჲ, მეყსეულად სიხარულით მიიღიან; 17. და რამეთუ არა უბნ ძირი მათ შორის, არამედ საწუთო არიედ; და რაჟამს მოიწიის ჭირი ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდიან. 18. და რომელნი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესენი არიან, რომელთა სიტყუაჲ იგი ისმინიან, 19. და ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცთური სიმდიდრისაჲ შეუჴდის და შეაშთვიან სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის. 20. და ესენი არიან, რომელნი კეთილსა ქუეყანასა დაეთესნეს, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან ოცდაათეული და სამოცეული და ასეული.

 

აქ მითითებულია სამი ჯგუფის ადამიანები, რომელშიც სიტყვა იკარგება; ერთნი - უყურადღებონი არიან, ისინი აღნიშნულნი არიან სიტყვით „გზასა ზედა“; მეორენი - სულმოკლენი, იგულისხმებიან სიტყვების ქვეშ „კლდოვანსა ზედა“. მესამენი - გემოთმოყვარენი, აღინიშნებიან სიტყვებით - „ეკალთა შორის“. სამი ჯგუფია იმათიც, ვინც მიიღო და შეინახა თესლი: ერთნი გამოიღებენ ნაყოფს ასეულს - ესენი არიან სრული და  ამაღლებულნი ცხოვრების მქონე ადამიანები; მეორენი - სამოცეულს, ესენი საშუალონი არიან; მესამენი - ოცდაათეულს, რომელთაც თუმცა ცოტა, მაგრამ მაინც მოაქვთ, თავის ძალისდა შესატყვისად. მაშ, ერთნი ქალწულნი და მეუდაბნოენი არიან, მეორენი ისინი ვინც კრებულთან ერთად ცხოვრობენ, სხვები კი ერში და ქორწინებაში მყოფნი. მაგრამ უფალი იღებს მათ ყველას, როგორც ნაყოფის გამომღებთ. და მადლობა მის კაცთმოყვარეობას!

 

(თ. 4. მ. 21-23)

21. და ეტყოდა მათ: ნუ სანთელი მოიღიან და ჴჳმირსა ქუეშე შედგიან ანუ ცხედარსა ქუეშე დადგიან? ანუ არა სასანთლესა ზედა დადგიან? 22. რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა იყოს საიდუმლოდ, არამედ რაჲთა განცხადებულად მოვიდეს. 23. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

აქ უფალი ასწავლის მოციქულებს იყვნენ ნათელნი, ცხოვრებითა და საქციელით. როგორც ლამპარი იდგმება იმისთვის, რომ გაანათოს, ასევე თქვენი ცხოვრებაო, ეუბნება, ყველასათვის თვალსაჩინო იქნება და ყველანი მას შეხედავენ. ამიტომ ეცადეთ კეთილად იცხოვროთ, რამეთუ თქვენ კუთხეში კი არ ხართ დაყენებულნი, არამედ ლამპარის მაგივრობას სწევთ, ლამპარს კი საწოლის ქვეშ არ მალავენ, არამედ თვალსაჩინო ადგილას დგამენ, სასანთლეზე. და ჩვენგან ყოველი ლამპარია, რომელიც სასანთლეზე უნდა დაიდაგს, ანუ ღმერთით ცხოვრების სიმაღლეზე, რათა სხვებსაც გაუნათოს და არა მუცელღმერთობისა და საკვებზე ზრუნვის ცხრაკლიტულში და არც უმოქმედობის საწოლქვეშ. რამეთუ არავის, საკვებზე ზრუნვით დაკავებულთა და უდებებით შეპყრობილთაგან, არ ძალუძს იყოს ლამპარი, რომელიც თავისი ცხოვრებით ყველას უნათებს. „და არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს“. ვინც რა უნდა აკეთოს დაფარულად: კეთილი, თუ ბოროტი - ყველაფერი გაცხადდება აქაც და განსაკუთრებით მომავალ ჟამს. რა იყო ღმერთზე უფრო იდუმალი? თუმცაღა ისიც ხორცში მოგვევლინა.

 

(თ. 4. მ. 24-25)

24. და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაჲ-ესე გესმის: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ და ზედა დაგერთოს თქუენ, რომელთა-ეგე გესმის. 25. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას.

 

უფალი მოუწოდებს მოწაფეებს სიფხიზლისაკენ. დაუკვირდით, ამბობს, რასაც უსმენთ; არ გამოტოვოთ არაფერი ჩემგან თქმული. „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“, ანუ რა ზომითაც ყურადღებით იქნებით, სარგებელსაც იმ ზომით მიიღებთ. იმ მსმენელს, რომელიც ყოველთვის ყურადღებითაა და ამასთან უმაღლესი ხარისხით, ღმერთი ჯილდოსაც უდიდესს მისცემს, ზანტი ადამიანისთვის კი ჯილდოც შესაბამისი იქნება. ვისაც მოშურნეობა და გულმოდგინება ექნება, მას ჯილდოც მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს მოშურნეობა და გულმოდგინება, მას ისიც წაერთმევა, რის ქონასაც ფიქრობს. რამეთუ სიზარმაცის გამო მასში ქრება ის მცირედი ნაპერწკალიც, რაც მას ადრე ჰქონდა, ისევე როგორც გულმოდგინების წყალობით იგი ღვივდება.

 

(თ. 4. მ. 26-29)

26. და ეტყოდა მათ: ესრეთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი კაცმან დასთესის თესლი ქუეყანასა 27. და დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ, 28. რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფსა გამოიღებს: პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა. 29. და რაჟამს მოსცის ნაყოფი, მეყსეულად მოავლინის მანგალი, რამეთუ მოიწია მკაჲ.

 

ღმრთის სასუფეველში იგულისხმება ღმერთის წინასწარგანზრახულობა ჩვენს შესახებ. „კაცი“ არის თავად უფალი, ჩვენთვის განკაცებული. მან ჩააგდო თესლი მიწაში, ანუ სახარებისეული ქადაგება. ჩააგდო რა იგი, მას „სძინავს“, ანუ ამაღლდა ზეცად. თუმცაღა ის „აღდგის ღამე და დღე“, რამეთუ თუმცა უფალს, როგორც ჩანს კი სძინავს, ანუ მრავლისმთმენია, მაგრამ იგი „აღდგის“. „აღდგის“ ღამე, როცა საცთურთა მეშვეობით აღგვძრავს მის შესამეცნებლად; „აღდგის“ დღე, როცა ჩვენს ცხოვრებას სიხარულითა და ნუგეშით ავსებს. თესლი თითქოსდა მის გარეშე იზრდება, რადგან ჩვენ თავისუფალნი ვართ და ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული გაიზრდება თუ არ ეს თესლი. ნაყოფს უნებლიედ კი არ გამოვიღებთ, არამედ ნებსით, ანუ ნაყოფი თვითონ გამოგვაქვს. თავდაპირველად, როდესაც ჩვილები ვართ და ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია ქრისტეს ასაკისთვის, ჩვენ „ჯეჯილს“ აღმოვაცენებთ, ვუჩვენებთ რა სიკეთის ჩანასახს. მერე - თავთავს, როდესაც უკვე გვაქვს უნარი წინ აღვუდგეთ საცთურებს, რადგან თავთავებით იკვრება ძნა, დგას სწორად და უფრო მეტ განვითარებას მიაღწია, შემდეგ წარმოიქმნება „სავსე მარცვალი თავთავში“ - ეს მაშინ, როდესაც ვინმეს სრულქმნილების ნაყოფი გამოაქვს, როდესაც „მკა“ მოიწევა, მაშინ „ნამგალი“ შეკრებს ნაყოფს. ეს „ნამგალი“ ღმრთის სიტყვაა, „მკა“ კი - აღსასრულის ჟამი.

 

(თ. 4. მ. 30-34)

30. და ეტყოდა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ? ანუ რომელი იგავი მოვიღოთ მისთჳს? 31. ვითარცა მდოგჳსა მარცუალი, რომელი დაეთესის ქუეყანასა, რამეთუ უმცირეს არს იგი ყოველთა თესლთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა. 32. და ოდეს დაეთესის და აღმოჴდის და იქმნის იგი უფროჲს ყოველთა მხალთა და გამოიხუნის რტონი დიდ-დიდნი, ვითარმედ შესაძლებელ არნცა ქუეშე საგრილსა მისსა მფრინველთა ცისათა დადგრომად.33. და ესევითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყუასა, ვითარცა შემძლებელ იყვნეს იგინი სმენად. 34. და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ; ხოლო თჳსაგან მოწაფეთა გამოუთარგმანის იგი ყოველი.

 

მცირეა სიტყვა რწმენისა: იმიტომ, რომ მხოლოდ უნდა ირწმუნო ქრისტე და ცხონდები. ხედავ, რომ ეს სიტყვა ისეთივე მცირეა, როგორც მდოგვის მარცვალი. მაგრამ მიწაზე დათესილი ქადაგება - სიტყვა გაფართოვდა და გაიზარდა ისე, რომ ის მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ, ანუ ყველა ადამიანი თავისი მაღალფარდოვანი ცოდნითა და მაღალი გონებით მართლაც, რამდენი ბრძენი დაამშვიდა ამ ქადაგებამ, დაუტევა რა ელინური სიბრძნე! ამრიგად, ეს ქადაგება ყველაზე დიდი გახდა და დიდ-დიდი ტოტები გამოისხა. რამეთუ მოციქულნი ამ ტოტებივით გაიყვნენ - ერთი - რომში, მეორე - ინდოეთში, მესამე - აქაიაში, დანარჩენები კი დედამიწის სხვა ქვეყნებში. უფალი ხალხს მრავალი იგავით ესაუბრაბა, სთავაზობს რა იგავებს მსენელის მდგომარეობიდან გამომდინარე. რამდენადაც ხალხი უბრალო და გაუნათლებელი იყო, ამიტომ ახსენებს მას მდოგვის მარცვალს, მწვანილსა და თესლს,  რათა მისთვის ნაცნობი და ჩვეული საგნებით ასწავლოს რაიმე სასარგებლო, ანდა აიძულოს მივიდეს და ჰკითხოს და კითხვის წყალობით გაიგოს ის, რაც გაუგებარია. ასე უხსნიდა მოწაფეებს ყველაფერს პირისიპირ, რამდენადაც ისინი პირდაპირ მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ მას. უხსნიდა მხოლოდ ისეთ რამეს, რასაც ისინი ეკითხებოდნენ და რაც არ იცოდნენ და არა საერთოდ ყველაფერს, ცხადსაც კი. რამდენადაც როდესაც იგებდნენ იმას, რასაც ეკიტხებოდნენ, აქედან ცხადი ხდებოდა მათთვის სხვა რამეც და ამრიგად, ხსნიდნენ ყველაფერს.

 

(თ. 4. მ. 35-41)

35. მას დღესა შინა, ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა მათ: წიაღვჴდეთ მიერ კერძო. 36. და დაუტევეს ერი იგი და წარიყვანეს იგი მოწაფეთა, ვითარცა იყო ნავსა მას შინა, და სხუაჲცა ნავები, რომელი იყო მის თანა. 37. და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაჲ დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი. 38. და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით? 39. და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ. 40. და ჰრქუა მათ: რაჲსა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაჲ? 41. და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?

 

მათე უფრო სხვაგვარად მოგვითხრობს ამის შესახებ, ვიდრე მარკოზი; ის რაც მან უფრო ვრცლად თქვა, ამან შეამოკლა და პირიქთ, ის რაც პირევლმა მოკლედ გადმოსცა, ამ უკანასკნელმა უფრო ვრცლად გვიამბო. უფალს თან მიჰყავს მოწაფეთაგან ერთნი, აძლევს რა შესაძლებლობას იყვნენ მხილველნი მომავალი სასწაულისა. მაგრამ თავი რომ არ აღიმაღლონ იმის გამო, რომ სხვები გაუშვა, ხოლო ისინი წაიყვანა და ამასთან ასწავლოს განსაცდელის გადატანა, უშვებს მათზე განსაცდელში იყვნენ ქარიშხალისაგან. ხოლო სძინავს ამასთან იმ მიზნით, რომ სასწაული უფრო მნიშვნელოვანი ეჩვენოთ, ძლიერი შიშის შემდეგ სხვაგვარად, ქარიშხალი ქრისტეს სიფხიზლის დროს რომ ამოვარდნილიყო,  მათ არ შეეშინდებოდათ, ან არ მიმართავდნენ თხოვნით გადარჩენის შესახებ და აი ის უშვებს მათზე შიშით იყვნენ შეპყრობლნი საფრთხის გამო, რათა გააცნობიერონ მისი ძლიერება. რამდენადაც მათ მხოლოდ სხვებზე ჰქონდათ ნანახი ქრისტეს ქველი საქმეები, ხოლო თვითონ მსგავსი არაფერი განეცადათ, იყო შესაძლებლობა, რომ ისინი უზრუნველნი გახდებოდნენ, ამიტომ უფალი უშვებს იყოს ქარიშხალი. მას სძინავს ნავის კიჩოზე (ის, რაღა თქმა უნდა, ხის იყო). იღვიძებს რა, ქრისტე თავდაპირველად ქარს შერისხავს, რამდენადაც ის ზღვის ღელვის მიზეზად გვევლინება ხოლმე, შემდეგ კი ზღვასაც აწყნარებს. ამხელს მოწაფეებსაც, იმის გამო, რომ მათ რწმენა არ ჰქონდათ. რამეთუ რწმენა რომ ჰქონოდათ, დარწმუნებული იქნებოდნენ, რომ მას მძინარესაც შეეძლო მათი უვნებლად დაცვა. მოწაფეები ერთმანეთს ეუბნებიან: „ვინმე არს ესე“ იმიტომ, რომ კიდევ არ ჰქონდათ მის შესახებ ჩამოყალიბებული წარმოდგენა. რამდენადაც ქრისტემ დაამშვიდა ზღვა მხოლოდ იმითი, რომ უბრძანა და არა კვერთხით, როგორც მოსემ, არა ლოცვითი მოწოდებით, როგორც ელისემ იორდანეს, არა კიდობნით, როგორც ისუ ნავემ, ამიტომ მათ იგი ადამიანზე აღმატებულად მოეჩვენათ, ხოლო იმითი, რომ ეძინა, კვლავ ადამიანად წარმოუდგებოდათ.

 

თავი მეხუთე

(თ. 5, მ. 1-5)

1. და მოვიდეს წიაღ ზღუასა მას, სოფელსა მას ღადარინელთასა. 2. და ვითარცა გამოვიდა იგი ნავით, მეყსეულად მოეგებვოდა მას საფლავებისაგან კაცი, რომლისა თანა იყო არაწმიდაჲ სული, 3. რომელსა საყოფლადვე აქუნდა საფლავები და არცაღა ჯაჭუებითა ვის ჴელ-ეწიფა შეკრვად იგი. 4. რამეთუ მრავალ გზის ჯაჭჳთა და ბორკილითა შეკრულ იყო იგი და განხეთქის და შემუსრის, და არავის ეძლო დაყენებად მისა. 5. და მარადის ღამე და დღე საფლავებსა და მთათა გარე იქცევინ, ღაღადებნ და დაიკოდნ თავსა თჳსსა ლოდითა.

 

უფრო შესწორებულ პირებში ვკითხულობთ: „სოფელსა მას გერგესველთასა“ მათე ამბობს, რომ იყო ორი ეშმაკეული, მარკოზი და ლუკა კი ერთზე საუბრობენ. ამ უკანასკნელებმა მათგან უფრო მძვინვარე ამოირჩიეს და მასზე გვიამბობენ. ეშმაკეული მოდის და აღიარეს ქრისტეს ძედ ღმრთისა. რამდენადაც ნავში მყოფნი საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი, თუ ვინ იყო იგი, ამას მოჰყვა უეჭველი მოწმობა მასზე მტრების მხრიდან, ვგულისხმობ ეშმაკებს. ეშმაკეული ცხოვრობდა საფლავებში რადგამ ეშმაკს სურდა ამით შთაეგონებინა მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ გარდაცვლილთა სულები ეშმაკები ხდებიან.

 

(თ. 5, მ. 6-10)

6. და ვითარცა იხილა მან იესუ შორით, მორბიოდა და თაყუანის-სცა, 7. ღაღადებდა ჴმითა დიდითა და იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გაფუცებ შენ ღმერთსა, ნუ მტანჯავ მე. 8. რამეთუ ეტყოდა მას იესუ: სული ეგე არაწმიდაჲ, განვედ კაცისა მაგისგან! 9. და ჰკითხა მას: რაჲ არს სახელი შენი? და ჰრქუა მას: ლეგეონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ. 10. და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთა არა განასხნეს იგინი გარეშე სოფელსა.

 

ადამიანიდან გამოსვლა დემონებს სატანჯველად მიაჩნდათ, ამიტომაც ეუბნებიან: „ნუ მტანჯავ“, ანუ ნუ განგვაგდებ ჩვენი სამკვიდრებელიდან, ანუ ადამიანიდან. მეორე მხირვ, ფიქრობდნენ, რომ უფალი ვეღარ აიტანდა მათ გადაჭარბებული სითავხედის გამო, არამედ მაშინვე სატანჯველს მისცემდა, ამიტომაც ევედრებიან, ნუ დატანჯავს მათ. უფალი ეკითხება ეშმაკეულს, არა იმიტომ, რომ თვითონ იცოდეს, არამედ იმიტომ რომ სხვებმა გაიგონ მასში ჩასახლებული მრავალი ეშმაკის შესახებ. რამდენადაც თვლაწინ ერთი ადამიანი ედგათ, ქრისტე უჩვენებს, თუ რამდენ მტერს ებრძვის ეს საცოდავი ადამიანი.

 

(თ. 5, მ. 11-14)

11. და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ დიდძალი, მთასა გარე მძოვარი. 12. და ევედრებოდეს მას ყოველნი იგი ეშმაკნი და ეტყოდეს: მიმავლინენ ჩუენ ღორებსა იმას, რაჲთა მათა შევიდეთ. 13. და უბრძანა მათ. და განვიდა სულები იგი არაწმიდაჲ კაცისა მისგან და შევიდა ღორებსა მას. და მიიმართა კოლტმან მან ღორებისამან კბოდესა მას ზღუად, რამეთუ იყვნეს ვითარ ორ ათას და დაიშთვნეს ზღუასა მას შინა. 14. ხოლო მწყემსნი იგი მათნი ივლტოდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. და გამოვიდეს ხილვად, რაჲ-ძი არს, რომელი-იგი იქმნა.

 

ეშმაკები სთხოვენ უფალს, რომ არ განესხა სოფლის გარეთ, არამედ შეეშვა ღორების კოლტში. იგი თანხმდება ამაზე. რამდენადაც ჩვენი ცხოვრება ბრძოლაა, უფალმა არ ისურვა მისგან დემონების ჩამოშორება, რათა მათ თავიანთი ბრძოლით ჩვენთან უფრო დაგვახელოვნონ. უშვებს, რომ შევიდნენ ღორებში, რათა ვიცოდეთ, რომ როგორც ღორები არ დაინდეს, ასევე არ დაინდობდნენ იმ ადამიანსაც, ღმრთის ძალას, რომ არ დაეფარა იგი. რამეთუ ეშმაკები, არიან რა მტრულად განწყობილნი ჩვენდამი, მაშინვე მოგვსპობდნენ, ღმერთი რომ არ გვიფარავდეს. მაშ, იცოდე, რომ დემონებს არა აქვთ ზალაუფელბა ღორებზეც კი, და მით უფრო ადამიანებზე, თუკი უფალი არ დაუშვებს. მაგრამ ისიც იცოდე, რომ ადმიანებში, რომლებიც ღორებივით ცხოვრობენ და გრძნობად სიამოვნებებში არიან ჩაფლულნი, დემონები სახლდებიან, რომლებიც მათ დამღუპველი უფსკრულიდან ამ ცხოვრების ძღვაში მიაქანებენ და ისინი ინთქმებიან.

 

(თ. 5, მ. 15-20)

15. და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს ეშმაკეული იგი მჯდომარე, შემოსილი და გონიერი, რომლისა თანა-იგი ყოფილ იყო ლეგეონი. და შეეშინა. 16. და უთხრობდეს მათ, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი იქმნა ეშმაკეულისა მისთჳს და ღორებისა მისთჳს. 17. და ევედრებოდეს მას, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან. 18. და აღ-რაჲ-ვიდა იესუ ნავსა, ევედრებოდა მას, რომელი-იგი იყო პირველ ეშმაკეული, რაჲთა მის თანა იყოს. 19. და არა უტევა იგი, არამედ ჰრქუა მას: წარვედ სახიდ შენდა თჳსთა შენთა თანა და უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა. 20. და წარვიდა იგი და იწყო ქადაგებად ათქალაქსა მას, რაოდენი უყო მას იესუ; და ყოველთა უკჳრდა.

 

სასწაულით შეძრულნი იმ ქალაქის მცხოვრებნი იესოსთან გამოვიდნენ: როდესაც წვრილმანები გაიგეს, კიდევ უფრო შეეშინდათ. ამიტომაც ევედრებოდნენ იესოს წასულიყო მათი საძღვრებიდან. მათ ეშინოდათ უფრო მეტად არ ეზარალათ. ღორები დაკარგეს და ენანებოდათ რა ეს დანაკარგი, ისინი უარს ამბობენ ღმრთის მათტან ყოფნაზეც. ეშმაკეული, კი პირიქით, სთხოვდა ნებართვას ყოფილიყო მასთანა, რადგან ეშინოდა, რომ ეშმაკები ჰპოვებდნენ რა მარტოს, კვლავ არ შესულიყვნენ მასში. მაგრამ უფალი მას სახლში უშვებს, რათა უჩვენოს, რომ მისი საძალა და წინასწარგანზრახულება მისი არყოფნის დროსაც დაიცავენ მას. უშვებს ასევე იმიტომ, რომ სარგებელი მოუტანოს სხვებს, ვინც მას ნახავენ. ამიტომაც დაიწყო მან ქადაგება და ყველას უკვირდა. მაგრამ, შეხედე, რა უცხოა მაცხოვრისთვის თავის განდიდება. მას არ უთქვამს: „მოყევი, რა გიყავი მე შენ“, არამედ „უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან“. ასევე შენც, როდესაც რაიმე კეთილს იქმნ მიაწერე შენს მიერ ქმნილი არა საკუთარ თავს, არამედ ღმერთს.

 

(თ. 5, მ. 21-29)

21. და წაიღჴდა რაჲ კუალად იესუ მიერ კერძო, შეკრბა მისა ერი დიდძალი. და იყო ზღჳს კიდესა. 22. და აჰა მო-ვინმე-ვიდა მისა ერთი შესაკრებელის-მთავარი, სახელი მისი იაიროს; იხილა იგი და შეუვრდა ფერჴთა მისთა. 23. და ევედრებო მას ფრიად და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აღესრულების, რაჲთა მოხჳდე და დაასხნე ჴელნი მას ზედა, და განერეს და ცხოვნდეს. 24. და წარვიდა იესუ მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაურვებდეს მას. 25. და დედაკაცი ვინმე იყო მუნ, რომელი იყო წყაროჲთა სისხლისაჲთა გუემულ ათორმეტ წელ. 26. და ფრიად ვნებულ იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და წარეგო ყოველივე მისი და არარაჲ სარგებელ ეყო, არამედ უფროჲსად უძჳრესად მოვიდა. 27. და ვითარცა ესმა იესუჲსთჳს, მოუჴდა მას ერსა მას შორის ზურგით კერძო და შეახო სამოსელსა მისსა, 28. რამეთუ იტყოდა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ სამოსელსა ოდენ მისსა შევეხო, ვცხონდე. 29. და ვითარცა შეეხო, მეყსეულად განჴმა წყაროჲ იგი სისხლისაჲ მის, და ცნა ჴორცთაგან, რამეთუ განიკურნა გუემულებისაგან.

 

ეშმაკეულზე აღსრულებული სასწაული შემდგომ უფალი აღასრულებს მეორე სასწაულს - მკვდრეთით აღადგენს შესაკრებლის მთავრის ქალიშვილს. იუდეველთათვის, ამ მოვლენის თვითმხილვევლთათვის, მახარებელი ასახელებს სახელსაც შესაკრებლის მთვარისა. ეს იყო ნახევრადმორწმუნე ადამიანი: იმით, რომ ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს, იგი მორწმუნედ წარმოჩინდება, მაგრამ იმით, რომ სტხოვს წამოსვლას, ისეთ რწმენას ვერ უჩვენებს, როგორიც საჭიროა. მას უნდა ეტქვა: „მოლოდ სიტყვა თქვი“. ამასობაში, მიმავალ უფლის გზაზე ინკურნება სისხლმდინარე დედაკაციც. ამ დედაკაცს ჰქონდა უდიდესი რწმენა, რადგანაც იმედოვნებდა განკურნებას მხოლოდ უფლის სამოსელითაც კი. ამიტომაც მიიღო კურნება. გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება ეს ადამიანურ ბუნებაზეც. იგი იყო სისხლმდინარე, იმიტომ, რომ ცოდვას სჩადიოდა, რაც არის სიკვდილი სულისა და ჩვენი სულების სისხლს ღვრის. ჩვენმა ბუნებამ ვერ მიიღო კურნება მრავალ ექიმთაგან, ანუ ვერც ამა სოფლის ბრძენთაგან სჯულისა და წინასწარმეტყველთაგანაც კი. მაგრამ ის განიკურნა, ოდენ შეეხო ქრისტეს სამოსელს, ანუ მის ხორცს, რამეთუ ვისაც სწამს, რომ ქრისტე განხორცილედა, ის არის კიდეც ის, ვინც ეხება მის სამოსელს.

 

(თ. 5, მ. 30-34)

30. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო მეყსეულად თავით თჳსით განსრული იგი ძალი მისგან, მოიქცა ერისა მის და თქუა: ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა? 31. ხოლო მოწაფენი მისნი ეტყოდეს მას: ხედავ ერსა ამას, რამეთუ შეგაჭირვებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე? 32. და მიმოხედვიდა, რაჲთა იხილოს, რომელმან ესე ყო. 33. ხოლო დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა, უწყოდა, რაჲ-იგი იქმნა მის ზედა, მოვიდა და შეუვრდა მას და უთხრა მას ყოველივე ჭეშმარიტი. 34. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, წარვედ მშჳდობით და იყავ შენ ცოცხალ გუემულებისაგან შენისა.

 

ძალი გამოდის ქრისტესაგან არა ისე, რომ ადგილი შეიცვალოს, არამეს, პირიქით, ის სხვებსაც გადაეცემა და ამავე დროს, მოუკლებლად არის ქრისტეში, ისევე როგორც გაკვეთილები სწავლებისას რჩება მოსწავლეებთანაც და ამავე დროს ისწავლება მასწავლებილისგან. მაგრამ, შეხედე, როგორ ავიწროვებდა მას ხალხი ყველა მხირდან და მიუხედავად იისა, ერთიც არ შეხებია, პირიქით, დედაკაცი, რომელიც არ ავიწროვებდა, შეეხო მას. აქედან ვსწავლობთ იმ საიდუმლოს, რომ მრავალი ყოფით საზრუნავით დაკავებულ ადამიანთაგან, არცერთი არ ეხება ქრისტეს, ისინი მხოლოდ ტვირთად აწვებიან მას. პირიქით, ვინც ტვირთვად არ წავება იესოს და არ ამძიმებს საკუთარ გონებას ამაო საზრუნავებით, ის ეხება მას. მაგრამ რისთვის გაამხილა უფალმა დედაკაცი? ჯერ ერთი იმიტომ, რომ სახელი გაეთთქვა დედაკაცის რწმენისათვის, მეორეც იმიტომ, რომ აღეძრა შესაკრებლის რწმენა იმისა, რომ მისი ქალიშვილიც ასევე გადარჩებოდა ამასტან ერთად, იმიტომ, რომ გაეთავისუფლებინა ძლიერი შიშისაგან დედაკაცები, რომელსაც ეშინოდა კურნების ერთგვარი მოპარვის გამო. ისევე, როგორც მახარებელი ამბობს: „დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა“, ამიტომაც უფალს არ უთქვამს: მე გადაგარჩინე შენ, არამედ: „სარწმუნოებამან გაცხოვნა შენ, წარვედ მშვიდობით“, ანუ სიმშვიდით. აზრი ამ სიტყვებისა ასეთია: დამშვიდდი, შენ ვინც აქამდე მწუხარებდი და შფოთავდი.

 

(თ. 5, მ. 35-43)

35. და ვითარ იგი ამას იტყოდა, მოვიდეს შესაკრებლის-მთავრისანი მის და ეტყოდეს: ასული შენი აღესრულა, რაჲსაღა აშრომებ მოძღუარსა? 36. ხოლო იესუს ვითარ ესმნეს სიტყუანი ესე, რომელსა ეტყოდეს, ჰრქუა შესაკრებელთ-მთავარსა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო. 37. და არავინ უტევა მიდევნებად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ იაკობისი. 38. და მოვიდა სახლსა მას შესაკრებლთ-მთავრისასა და იხილა შფოთი და ტირილი და ღაღადებაჲ ფრიადი. 39. და შევიდა და ჰრქუა მათ: რაჲსა აღშფოთებულ ხართ და სტირთ? ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს. 40. და იგინი ჰბასრობდეს მას. ხოლო თავადმან გამოასხა ყოველი იგი შფოთი და მიიყვანა მამაჲ მის ყრმასაჲ და დედაჲ და მოწაფენი მისნი და შევიდა, სადა-იგი იდვა მკუდარი და იგი ყრმაჲ. 41. და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჰრქუა მას: ტალითა კუმი! რომელ არს თარგმანებით: შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ! 42. და მეყსეულად აღდგა ქალი იგი და იწყო სლვად, რამეთუ იყო იგი ათორმეტის წლის ოდენ. და განუკჳრდებოდა მათ განკჳრვებითა დიდითა ფრიად. 43. და ამცნებდა მათ ფრიად, რაჲთა არავინ აგრძნას ესე, და უბრძანა მათ, რაჲთა სცენ მას ჭამადი.

 

შესაკრებლის მთავრის ხალხს ქრისტე ერთ ჩვეულებრივ მოძღვრად მიაჩნდათ, რის გამოც სთხოვდნენ მისულიყო და ელოცა გოგონასთვის. ბოლო კი, როდესაც ის მოკვდა, იფიქრეს, რომ ის უკვე აღარ იყო საჭირო მისი სიკვიდილის შემდგომ. მაგრამ უფალი ამხნევებს მამას და ეუბნება: „მხოლოდ ირწმუნე“. ამასთან, არავის რთავს ნებას გაჰყვეს, გარდა სამი მოწაფისა, იმიტომ, რომ მდაბალ იესოს არაფერი სურს აკეთოს სხვების დასანახად. მის სიტყვებზე, „ბავში არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“, იცინიან; ეს იმიტომ დაუშვა, რომ შემდგომ არ ჰქონოდათ საბაბი ეთქვათ, თითქოს მას გული წაუვიდა და გასაკვირი არ არის, თუკი აღადგინა იგი. პირიქით, ტავინათი თავი თვითონვე ამხილეს ტავიანთი მოწმობით მის მიერ ნამდვილად მკვდრის აღდგინების შესახებ, როცა გაიცინეს კიდეც მის სიტყვებზე, რომ იგი არ მომკვდარა, არამედ სძინავს. უფალი მის ხელს ხელში იღებს, რათა გადასცეს ძალა. ხოლო მისთვის საჭმლის მიცემას იმიტომ ბრძანებს, რათა დაარწმუნოს აღდგომაში, როგორც ჭეშმარიტად და არა მოჩვენებითად მომხდარში.

 

თავი მეექვსე

(თ. 6, მ. 1-3)

1. და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი. 2. და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან? 3. ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ.

 

უფალი მოდის მშობლიურ მხარეში იმიტომ, კი არა, თიტქოს არ იცოდა უყურადღებობას რომ გამოიჩენდნენ, არამედ იმიტომ, რომ შემდგომში არ ეთქვათ: ის რომ მოსულიყო, ვირწმუნებდითო. მოდის აგრეთვე, რათა ამხოლოს შურიანი ზნე თავისი თანამემამულეებისა; რამეთუ მაშინ, როდესაც ასე ამკობდა მათ სამშობლოს როგორც მოძღვრებით, ისე სასწაულებით, ამის ნაცვლად ამცირებდნენ უფალს მისი რარიბული წარმომავლობის გამო. აი როგორი ბოროტებაა შური! ის ყოველთვის ცდილობს დააბნელოს კეთილი და არ აძლევს საშუალებას მოშურნეებს დაინახონ იგი. მსგავსად ამისა, ახლაც მრავალნი თავიანთი კეთილგანწყობისა და უკიდურესი არა კეთილშობილების გამო, სახელს უტეხენ ზოგიერთებს მათი მდაბიო წარმომავლობის გამო, თუმცა ისინი ყოველგვარი პატივის ღირსნი არიან.

 

(თ. 6, მ. 4-5)

4. ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა. 5. და არა ქმნა მუნ ძალი არცა ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი.

 

უფალი საუბრობს საერთოდ ყველა წინასწარმეტყველზე, რომ ისინი არ სარგებლობენ პატივით თავიანთ სამობლოში, ნათესავებსა და შინაურებს შორის. ყავთ მათ გამოჩენილი ნათესავები? ამ შემთხვევაში ამ ნათესავებს შურთ მათი და ამიტომ შეურაცხყოფენ. ღარიბულნი წარმომავლობისანი არიან? ისევ ამცირებენ მათ მათი რარიბული წარმომავლობის გამო. უფალს არ შეეძლო იქ არესრულებინა საწსაულები არა იმიტომ, რომ უძულური იყო, არამედ იმიტომ, რომ ისინი ურწნუმო ადამიანები იყვნენ. ინდობს რა მათ, იგი არ აღასრულებს სასწაულებს, რათა კიდევ უფრო მეტად არ განისაჯონ ეს ადამიანები, როგორც ისინი, ვინც არ ირწმუნეს, სასწაულის ხილვითაც კი. მეორე მხრივ სასწაულთა აღსრულებისთვის საჭიროა, ჯერ ერთი, აღმასრულებლის ძალა, მეორეც, რწმენა იმათი, ვისზეც იგი აღესრულება. რამდენადაც აქ ამ პირობათაგან მეორე აკლდა, ანუ განკურნების საჭიროების მქონეთა რწმენა, უფალმა არაკეთილინება აღესრულებინა სასწაულები. ასეც უნდა გავიგოთ, რომ მახარებლის გამოთქმა „ვერ მოახდინა“ ნახმარია - „ვერ გადაწყვიტას“ ნაცვლად. 1 (შენიშვნა: ამ ადგილის განმარტება აზრობრივად კვლავაც სახარების ახალი ქართულით დაწერილ ტექსტს უფრო შეესაბამება, ამიტომაც მას ვიმოწმებთ).

 

(თ. 6, მ. 6-11)

6. და დაუკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი და მიმოიქცეოდა გარემო სოფლებსა მას და ასწავებდა მათ. 7. და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა. 8. და ამცნებდა მათ, რაჲთა არარაჲ მიიღონ გზასა ზედა, გარნა კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი. 9. და რაჲთა ესხნენ სანდალნი, და ნუცა შემოსად ორი სამოსელი. 10. და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე. 11. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ, განიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა საწამებელად მათა. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის.

 

უფალი ასწავლებდა არა მხოლოდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც, რათა გცოდნოდათ, რომ ჩვენც არ უნდა უგულვებელვყოთ პატარა ქალაქები, არც მუდმივად დიდ ქალაქებში ვიაროთ, არამედ უნდა ვთესოთ სიტყვა უმნიშვნელო ადგილებშიც. შემდგომში, ის არა მხოლოდ თავად ასწავლის, არამედ გზავნის ტავის მოწაფეებსაც, ამასთან ორ-ორს, რათა უფრო თამამნი იყვნენ. სხვაგვარად, მას რომ ისინი თითო-თითო გაეგზავნა, ერთი ისე თამამად ვერ იმოქმედებდა, ხოლო ორ-ორზე მეტი რომ გაეგზავნა, მოციქულთა რაოდენობა არ იქნებოდა საკმარისი ყველა სოფლისათვის. ამრიგად, გზავნის ორ-ორს: „უმჯობეს არიან ორნი ერთისა“ - ამბობს ეკლესიაისტე (4,9). ამცნებდათ მათ, თან არაფერი წაეღოთ - არც ფუთა, არც ფული სარტყელით, არც პური, რათა ამ გზით ესწავლებინა არამომხვეჭელობა და რომ სხვებს, მათ შემხედვარეს გული მოლბობოდათ, როდესაც ისინი არამომხვეჭელობის სწავლებას დაიწყებდნენ იმითი, რომ თავად არაფერი გააჩნდათ. მართლაც და ვის არ მოულბება გული და არ წახალისდება, არ იყოს მომხვეჭელი, როდესაც ხედავს, რომ მოციქულს არ მიაქვს თან არც ფუთა, არც პური, რომელიც ყველაზე უფრო საჭიროა ჩვენთვის? უბრძანებს მათ იყვნენ ერთ სახლში, რათა არ იფიქრონ მათზე, ტიტქოს ისინი ადგილს იცვლიან გემოთმოყვარეობის გამო, დაეხეტებიან რა ერთიდან მეორესთან. მათგან, ვინც მათ არ შეიწყნარებდათ, უფლის სიტყვებით უნდა გაეყარათ მტვერი ფერხთაგან თვისთა, იმის ნიშნად, რომ დიდი გზა გამოიარეს მათი გულისთვის, თუმცა მათ სარგებელი ვერ ჰპოვეს; ანდა ნიშნად იმისა, რომ არაფერი წაუღიათ მათგან, მტვერიც კი, პირიქით, ისინიც კი განიყარეს, რათა ეს ქცეულიყო დასამოწმებლად მათდა, ანუ სამხილებლად. „ამენ, გეტყვი“ თქვენ: უმოლხინეს იყოს სადღომისა და გომორისა დღეს მას სასჯელი, ვიდრე ქალაქსა მას“. რამეთუ სოდომელები დასჯებიან რა აქ, იქ უფრო იოლ სასჯელს მიიღებენ, ამასთან მოციქულები არ ყოფილან გაგზავნილნი მათტან, წინააღმდეგ ამისა, ისინი ვინ არ მიიღო მოციქულები, მათზე უფრო უძვირეს სატანჯველს დაითმენენ.

 

(თ. 6, მ. 12-13)

12. და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაჲთა შეინანონ. 13. და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს.

 

იმაზე, რომ მოციქულები ზეთს სცხებდნენ, მხოლოდ მარკოზი საუბრობს და იაკობი, ძმა უფლისა, თავის კათოლიკე ეპისტოლეში „უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა“ (იაკობ. 5, 14). ზეთი სასარგებლოა სნეულებათა წინააღმდეგაც, იგი მიდის განსანათლებელად, იხმარება მხიარული სულიერი განწყობილების დროს და აღნიშნავს ღმრთის მოწყალებასა და სულიწმინდის მადლს, რითაც სნეულებებს განვეშორებით და რომლისგანაც ვიღებთ სინათლეს, სიხარულს და სულიერ ნხიარულებას.

 

(თ. 6, მ. 14-16)

14. და ესმა ჰეროდეს მეფესა, რამეთუ განცხადნა სახელი მისი, და იტყოდა, ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი მკუდრეთით აღდგომილ არს, და მისთჳს იქმნებიან ძალნი მისნი თანა. 15. და სხუანი იტყოდეს: ელია არს გინა ვითარცა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი პირველთაჲ. 16. ესმა რაჲ ჰეროდეს, თქუა, ვითარმედ: რომელსა მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით.

 

ეს ჰეროდე იყო ვაჟიშვილი ჰეროდესი, რომელმაც მოსწყვიტა ყრმები. როგორც მეოთხედ მთავარას მარკოზი მას მეფეს უწოდებს და ამ სახელს მკაცრი მნიშვნელობით არ ხმარობს. გაიგო რა უფლის მიერ აღსრულებულ სასწაულთა შესახებ და აღიარებდა რა, რომ უმიზეზოდ მოკლა მართალი იოანე, ჰეროდემ დაიწყო ფიქრი იმის შესახებ, რომ იგი აღსდგა მკვდრეთით და მკვდრეთით აღდგომის შემდგომ მიიღო ძალა სასწაულთა ქმნისა. მანამდე იაონეს არცერთი სასწაული, არ უქმნია მაგრამ აღდგომის შემდგომ - ასე ფიქრობდა ჰეროდე - მიიღო ძალა სასწაულთა ქმნისა. თუმცა სხვები ქრისტეზე ამბობდნენ, რომ ეს ელიაა, რადგან მრავალს ამხელდა, როდესაც ამბობდა:“ ჰოი, ნათესავი ურწმუნო!“ ჰეროდეს კი ეშინოდა. რაოდენ საცოდავი იყო ეს ადამიანი, რომ მკვდრისაც კი ეშინოდა.

 

(თ. 6, მ. 17-20)

17. რამეთუ ამან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე, შებორკილა იგი და შესუა საპყრობილედ ჰეროდიადაჲსთჳს, ცოლისა ფილიპესა, ძმისა მისისა, რამეთუ იგი შეირთო ცოლად. 18. რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი. 19. ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელ-ეწიფა. 20. რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა.

 

სარგებლობს რა შემთხვევით, მარკოზი ათავსებს აქ ჩართულ სიტყვას ნათლისმცემლის სიკვდილზე. ერთნი ამბობდნენ, რომ ჰეროდემ შეირთო ჰეროდია ჯერ კიდევ ფილიპეს სიცოცხლეში და ამისთვის ამხილებდა, როგორც უკანონობის მოქმედი, რომელიც დაქორწინდა თავისი ცოცხალი ძმის ცოლზე. პირიქით, სხვები ამტკიცებდნენ, რომ ფილიპე უკვე მკვდარი იყო,მაგრამ თავის შემდეგ დატოვა ქალიშვილი. ხოლო რამდენადაც ფილიპეს დარჩა ქალიშვილი, ჰეროდეს არ მართებდა ძმის ცოლზე დაქორწინება მისი სიკვდილის შემდგომაც, რამდენადაც სჯული ბრძანებდა ძმას შეერთო თავისი ძმის ცოლი იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი უშვილო მოკვდებოდა. მაგრამ შემთხვევაში დარჩა ქალიშვილი, მაშასადამე, ჰეროდეს ქორწინება უკანანო იყო. შეხედე რა ძლიერია ხორციელი სიყვარული ვნება! აი, ჰეროდემ, რომელსაც ამხელა პატივისცემა და შიში ჰქონდა იოანესი, არაფრად ჩააგდო ეს, რათა მხოლოდ დაეკმაყოფილებინა თავისი ვნება.

 

(თ. 6, მ. 21-29)

21. და ვითარცა იყო დღე მარჯუჱ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა მისისასა სერი უმზადა მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეაჲსათა, 22. და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა მიენაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ. 23. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. 24. ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. 25. და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. 26. და მწუხარე იქმნა ჰეროდე მეფე, ხოლო ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა არა ინება შეურაცხ-ყოფაჲ ქალისაჲ მის. 27. და მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. 28. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა. 29. და ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი მისი და დაჰფლეს საფლავსა.

 

ნადიმი მხიარულად მისი: სატანა ცეკვავს ქალაქში და იდება ფიქი, უკანონო და უღმერთო, ყველაზე მეტად კი უგუნური. „რას მომცემდი, - ამბობს ბოროტი დედაკაცი, - ახლავე, ამ წუთას“. უგუნურ და ავხორც ჰეროდეს შეეშინდა ფიცის დარღვევის და ამიტომ კლავს მართალ კაცს, მაშინ, როდესაც ამ შემთხვევაში უნდა დაერღვიათ ფიცი და არ უნდა ჩაედინა ასეტი საშინელი დანაშაული (ფიცის შესრულება ყოველთვის არ არის კარგი). საჭურველთმტვირთველს ეზახდნენ ისეთ სამხედრო პირს, რომელიც საზოგადოების მიერ დადგენილი იყო, რათა დაესაჯა და მოეკლა დამნაშავეები. ხსენებული ადგილი შესაძლოა გადატანითი სულიერი მნიშვნელობითაც გავიგოთ.ასე, ჰეროდე წაროადგენს ტლანქი ხორციელი მისწრაფებების მქონე იუდეველ ხალხს: მან შეირთო ცოლი - ცრუ და უაზრო დიდება, რომლის ქალიშვილი ახლაც როკავს და მოქმედებაშია იუდეველბთან, - ეს არის მათივე მაცდუნებელი ცოდნა წერილისა. ისინი ფიქრობდნენ, რომ იციან წერილი, მაშინ, როდესაც არ იციან, ვინაიდან მათ თავი მოჰკვეთეს იოანეს, ანუ წინასწარმეტყველურ სიტყვას, რადგან არ მიიღეს თავი წინასწარმეტყველებისა, ვგულისხმობ ქრისტეს. ამიტომ, თუკი მათ აქვთ კიდეც წინასწარმეტყველური სიტყვა, აქვთ იგი უთავოდ, ანუ ქრისტეს გარეშე.

 

(თ. 6, მ. 30-33)

30. და მოვიდეს და შემოკრბეს მოციქულნი იესუჲსა და უთხრეს მას ყოველი, რაოდენი ქმნეს და ასწავეს. 31. და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით თქუენ თჳსაგან უდაბნოსა ადგილსა და განისუენეთ მცირედ. რამეთუ იყვნეს მომავალნი და წარმავალნი მრავალ და არცაღა პურისა ჭამად აცალებდეს. 32. და წარვიდეს უდაბნოსა ადგილსა ნავითა თჳსაგან. 33. და იხილა ერმან მან, წარ-ღა-ვიდოდეს, და გულისჴმა-ყვეს მრავალთა, და მკჳრცხლ ყოვლისაგან ქალაქებისა შეკრბა მუნ და მოვიდეს მათა.

 

თავიანთი ქადაგების შემდგომ, მოციქულები იესოსტან იკრიბებიან. ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რათა ჩვენც გამოგვირჩევენ რა რაიმე სახის მსახურებისთვის, არ გამოვიდეთ ჩვენი გამომრჩევის მორჩილებიდან და თავი არ აღვიმაღლოთ მის წინაშე, არამედ ვაღიაროთ იგი წინამძღოლად, მას მივმართავდეთ და ვაუწყებდეთ ყველაფერს, რაც კი გავაკეთეთ და ვასწავლეთ (მხოლოდ კი არ უნდა ვასწავლიდეთ, არამედ ვაკეთებდეც კიდეც). ქრისტე თავის მოწაფეებს დასვენების საშუალებას აძლევს; ეს უკვე გაკვეთილია წინამძროლთათვის, რათა მათ შეეძლოთ დაასვენონ კიდეც მოქმედნი სიტყვითა და სწავლებით და მუდმივ დაძაბულობასა და შრომაში არ ამყოფონ ისინი. შემდეგ, უფალი, რა არ არის დიდების მოყვარე, უაკცრიელი ადგილისკენ მიეშურება. თუმცაღა აქაც ვერ დაემალა მის მეძიებელთ. პირიქით, ხალხი იმენად ყურადღებით აკვირდებოდა, როგორმე უფალი არ მიფარებოდა თვალს, რომ დაასწრო, ანუ თავად მოციქულებს გაასწრო და იმ ადგილისკენ წავიდა, სადაც იესო დასვენებას აპირებდა. ასევე შენც დაასწარი იესოს: ნუ დაელოდები, რომ მან თავად გიხმოს, არამედ უმჯობესია ტავად ისწრაფვოდე, რათა წინ უსწრო მას.

 

(თ. 6, მ. 34-40)

34. და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. და იწყო სწავლად მათდა ფრიად. 35. და ვითარ მრავალი ჟამი წარსულ იყო, მოვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს მას, ვითარმედ: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი არსღა ფრიად. 36. განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო სოფლებსა და სანახებსა და იყიდონ თავისა მათისა საზრდელი, რამეთუ რაჲმცა ჭამეს, არა აქუს. 37. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ეცით თქუენ მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: წარვიდეთ და ვიყიდოთ ორასისა დრაჰკნისა პური და ვსცეთ მათ ჭამადი. 38. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რაოდენი გაქუს პური? მივედით და იხილეთ. და იხილეს და ჰრქუეს: ხუთი პური და ორი თევზი. 39. და უბრძანა მან დასხდომაჲ მათ ყოველთაჲ პურისმტედ-პურისმტედ მწუანვილსა ზედა თივისასა. 40. და დასხდა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის-ერგასისი.

 

ფარისევლები, იყვნენ რა მტაცებელი მგლები, ერის გადარჩენაზე კი არ ზრუნავდნენ, არამედ ნთქავდნენ მას. ამიტომაც ერი მათი გვერდის ავლით იკრიბება ქრისტესთან, ჭეშმარიტ მწყემსთან. და ქრისტე აძლევს მას საზრდელს, თავიდან უფრო სასარგებლოს და ფასუელს - სიტყვის სახით, შემდეგ კი ხორციელსაც. მაგრამ შეხედე მოწაფეებს, როგორი კაცთმოყვარეობით გამოირჩევიან ისინი! ეცოდებათ რა ერი, მიდიან ქრისტესთან და უწყებენ მუდარას მასზე. უფალი კი მოუვლენ რა საცდურს და სცდის მათ, შეიცნეს თუ არა მისი ძალა, რომ მას შეუძლია გამოკვებოს ერი, ამბობს: ეცით თქვენ მაგათ ჭამადი! ამაზე მოწაფეები საყვედურის სახით, უჩვენებენ ერთი მხრივ სიდიდეს თავინათი სიმწირისა, მეორე მხრივ კი ერის სიმრავლეს, თითქოს და მან არ იოცდეს ეს. ამ გასაჭირში მყოფნი ისინი ამბობენ: „წარვიდეთ და ვიყიდოთ ორასისა დრაჰკანისა და ვსცეთ მათ ჭამადი“. საბოლოოდ უფალი აიძულებს ყველას დასხდნენ ბალახზე რიგებად, ანუ თითქოსდა სხვადასხვა მაგიდებთან.

 

(თ. 6, მ 41-44)

41. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა და დამუსრა პური იგი და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და ორი იგი თევზი ეგრეთვე განუყო ყოველთა. 42. და ჭამეს ყოველთა და განძღეს. 43. და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსებით; და თევზისა მისგანცა. 44. და იყვნეს, რაოდენთა-იგი ჭამეს, ვითარ ხუთ ათას კაცნი.

 

უფალი აღიხილავს ზეცად, ჯერ-ერთი იმიტომ, რომ გვასწავლის ვითხოვოთ საზრდელი ღმერთისაგან და არა ეშმაკისაგან, როგორც ამას აკეთებენე უკანონო შემოსავლების მქონე ადამიანები; მეორეც იმიტომ, რომ უჩვენოს ერს, ქრისტე ღმერთის მოწინააღმდეგე კი არაა, პირიქით, ტავად მოუხმობს უფალს. აძლევს პურს მოწაფეებს, რათა მათ არ დაივიწყონ სასწაული. მას შემდეგ, რაც საკუთარი ხელით იხმიეს პური, თორმეტი გოდორი ნამუსრევი რჩება ისევ იმიტომ, რომ თითოეულმა მოციქულმა, მხრებით ატარებს რა გოდორს, არ დაივიწყოს სასწაული. ის, რომ არა მხოლოდ განძრა ამხელა სიმრავლე ხალხისა, არამედ ზედმეტიც დარჩა, არის ნიშანი გარდამეტებული ძალისა ქრისტეში. მოსე მართალია აძლევდა მანანას, მაგრამ მხოლოდ საჭიროებისათვის თოთოეულისა, ვინაიდან იმას, რაც რჩებოდა მატლები, უჩნდებოდა. ილიასაც, ცნობილი დედაკაცის გამოსაკვებად, მხოლოდ იმდენი მოჰქონდა, რამდენიც საკმარისი იქნებოდა კვებისათვის. პირიქით, იესო, როგორც მეფე წარმოქმნის იმას, რაც გარდამეტებული აღმოჩნდება. ეს ისტორიული საზრისია. გადატანითი მნიშვნელობით ხუთი პური ნიშნავს მოსეს წიგნებს, რომელიც ხუთია: „შესაქმისაი“, „გამოსვლათაი“, „ლევიტელთაი“, „რიცხუათაი“, „მეორისა სჯულისაი“. ორი თევზი ნიშანია მეთევზეთა „სიტყვისა - მოციქულისა სა სახარებისა. სწორედ მისით იკვებება ჩვენი ხუთი გრძნობა, რომელიც ხუთი ათასი კაცით არის აღნიშნული. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის შეჭმა, არამედ მრავალი რამ დარჩება გარდამეტებული, რომლის წაღებასაც მხოლოდ მოციქულები შეძლებენ. ასე, სჯულისა და სახარების უძნელეს მხარეთა გულისხმისყოფა, ჩვენ ჯერ ისევ ხუთ გრძნობას დამონებულთ, არ ზალგვიძს ვზიდოთ, არამედ მხოლოდ მოციქულებს შეუძლიათ.

 

(თ. 6, მ. 45-52)

45. და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაჲთა წინა-წარუძღუენ მას წიაღკერძო ზღუასა მას ბეთსაიდად, ვიდრემდე განუტეოს მან ერი იგი. 46. და უჯმნა მათ და აღვიდა მთასა ლოცვად. 47. და ვითარცა შემწუხრდა, იყო ნავი იგი შუა ოდენ ზღუასა მას, და იგი თავადი – მარტოჲ ქუეყანასა. 48. და იხილნა იგინი, რამეთუ იურვოდეს სლვასა მას ნავისასა, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო მათსა. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა ზედა და უნდა თანა-წარსლვად მათგან. 49. ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, ჰგონებდეს, ვითარმედ საოცარი რაჲმე არს, და ღაღად-ყვეს. 50. რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. და მეყსეულად ეტყოდა მათ და ჰრქუა: გულ-პყრობილ იყვენით, მე ვარ, ნუ გაშინინ! 51. და აღვიდა მათ თანა ნავსა, და დასცხრა ქარი იგი; და უმეტესად დაუკჳრდებოდა მოწაფეთა მისთა. 52. რამეთუ ვერ გულისჴმა-ყვეს პურთა მათ ზედა, რამეთუ იყვნეს გულნი მათნი დასულებულ.

 

„აიძულა მოწაფეთა“. მოწაფეები მხოლოდ იძულებით განეშორებიან მას, თავისთავად კი არ სურთ განშორება, ნაწილობრივ მისდამი სიყვარულის, ნაწილობრივ იმის გამო, რომ საგონელებში იყვნენ ჩავარდნილნი, თუ როგორ მოვიდოდა ის მათთან ნავის გარეშე. ის კი, გაუშვა რა ერი, ადის მთაზე, რათა განმარტოებით ილოცოს, რამდენადაც ლოცვის განმარტოება და უშფოთველი მდგომარეობა ესაჭიროება. უფალი უშვებს, რომ მოწაფენი ზღვაზე ქარიშხლით იძლიონ, რათა მათ მოთმინება ისწავლონ. ამიტომაც ის მაშინვე კი არ მიდის მათთან, არამედ დაუშვებს, რომ ქარიშხლის გამო მთელი ღამე საფრთხეში იყვნენ, რათა ასწავლოს მათ იყვნენ მომთმენნი და თავიდანვე არ ელოდონ ხსნას განსაცდელთაგან. მაგრამ დააკვირდი სხვა გარემოებებსაც: მანამ, სანამ საფრთხისგან დაიხსნის, იგი კიდევ უფრო მეტ ძრწოლას ჰგვრის მათ; რამეთუ როდესაც იგი დაინახეს, შიშისაგან შეჰყვირეს, ფიქრობდნენ რა, რომ ეს მოჩვენებაა. მაშინ უფალი მყისვე ამხნევებს თავისი შეძახილით: „ნუ გეშინინ“; შემდეგ ნავში შესული, სრულიად ამშვიდებს მათ, რამდენადაც ქარი უეცრად ჩადგა. ზღაზე სიარული უდიდესი სასწაულია და დამახასიათებელია ერთარსება ჭეშმარიტი ღმერთისათვის; ხოლო იმით, რომ შეძრწუნებულნი იყვნენ მოწაფეები და პირქარი იყო, სასწაული კიდევ უფრო მარლდება, რაც შეეხება მოციქულებს, მათ ვერ შეიცნეს რა ქრისტე, სასწაულით პურის გამრავლებისა, შეიცნეს იგი ამ სასწაულით ზღვაზე. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქრისტემ დაუშვა, საფრთხეში ყოფილიყვნენ ისინი იმიტომაც, რომ მათ, ვერ შეიცნეს რა იგი სასწულით პურის გამრავლებისა, შეეცნოთ ახალი სასწაულით ზღვაზე და აქედან ეპოვათ სარგებელი თავისთვის.

 

(თ. 6, მ 53-56)

53. და წიაღჴდეს და მოვიდეს ქუეყანად გენესარეთად. 54. და ვითარ გამო-ოდენ-ვიდეს მიერ ნავით, მეყსეულად იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა. 55. და მიმორბიოდეს ყოველსა მას სოფლებსა და იწყეს მოღებად ყოველთა სნეულთა ცხედრებითა, სადაცა ესმის, ვითარმედ მუნ არს. 56. და ვიდრეცა შევიდოდა დაბნებსა და ქალაქებსა და აგარაკებსა, უბანთა ზედა დასდგმიდეს უძლურთა მათთა და ევედრებოდეს მას, რაჲთა ფესუსა ოდენ სამოსლისა მისისასა შეახონ. და რაოდენნი შეეხებოდეს, ცხონდებოდეს.

 

უფალი მივიდა იმ ადგილას, როგორც ჩანს, მცირედი დროის შემდეგ (არყოფნისა), ამიტომაც მახარებელი ამბობს: „მეყვსეულად იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილსათა. და მიმორბიოდეს ყოველსა მას სოფლებსა და იწყეს მოღებად“. სახლებში ჯერ კიდევ არ ეძახდნენ მას, მაგრამ თავად მოჰყავდათ ავადმყოფები, ევდრებოდნენ რა რომ ისინი თუნდაც კიდეს შეხებოდნენ მისი სამოსლისა. ვინაიდან სისხლმდინარე დედაკაცზე აღსრულებული ნათ ყურამდეც მივიდა და ამან დიდი რწმენა გამოიწვია მათში.


თავი მეშვიდე

(თ. 7, მ. 1-5)

1. და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით. 2. და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი. შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს. 3. რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ. 4. და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ სასუმელებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ. 5. მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?

 

ასწავლეს რა მიფყოლოდნენ მხოლოდ კეთილის ქმედებას და არ დაემძიმებინათ თავი სხვა საზრუნავებით, უფლის მოწაფეები წინასწარი განზრახვის გარეშე და თავიანთი უბრალოებისდა გამო, ჭამდნენ დაუბანელიხელებით, ამასობაში ფარისეველნი, სურთ რა იპოვონ საბაბი გაკიცხვისა, იყნებენ ამ შემთხვევას და ბრალს სდებენ მოციქულებს, თუმცა არა როგორც სჯულის დამრვევთ, არამედ, როგორც უხუცესთა გადმოცემის დამარღვეველთ, ვინაიდან სჯულში არ არის მითითები ხელების იდაყვამდე დაბანის სესახებ, საკვების მიღების წინ, მაგრამ ამას იცავდნე ისნი, როგორც უხუცესთა გადმოცემას.

 

(თ. 7, მ. 6-13)

6. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ, რამეთუ კეთილად თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან თქუენ ორგულთათჳს. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან. 7. ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღურებასა კაცთასა. 8. და დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ კაცთაჲ: განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ და სხუასა ესევითარსა მრავალსა ჰყოფთ. 9. და ეტყოდა მათ: კეთილად შეურაცხ-ჰყოფთ მცნებასა ღმრთისასა, რაჲთა მოძღურებაჲ თქუენი დაამტკიცოთ. 10. რამეთუ მოსე თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან ბოროტი თქუას მამისათჳს გინა დედისათჳს, სიკუდილით მოკუედინ. 11. ხოლო თქუენ სთქუთ: უკუეთუ ჰრქუას კაცმან მამასა ანუ დედასა კორბან, რომელ არს ნიჭი, რომელი რაჲ ჩემგან სარგებელ გეყოს, 12. და არა უტევებთ მათ მამასა და დედასა ყოფად. 13. და დაუმტკიცებელ გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა მაგით თქუენითა, რომელსა ასწავებთ, და მსგავსსა ამათსა მრავალსა ჰყოფთ.

 

იმისთვის, რომ უფრო ძლიერად ამხილოს იუდეველნი, უფალი იმოწმებს წინასწარმეტყველსაც, რომელიც განიკითხავს მათ. ისინი ბრალს სდებენ მოწაფეებს იმის გამო, რომ მოწაფეები უხუცესთა მოძღვრებას გადავიდოდნენ. უფალი კი თავად მათ წინააღმდეგ მიმართავს გაცილებით უფრო მძიმე ბრალდებას, კერძოდ, რომ ისინი გადადიან მოსეს სჯულს. სჯული, ამბობს ის, გვასწავლის: „პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“; თქვენ კი ასწავლით ბავშვებს უთხრან თავიანთ მშობლებს ასე: „ის, რაც გსურთ ჩემგან, არის კორბან, ესე იგი ძღვენი (ღმერთს). რამეთუ ფარისეველნი, სურდათ რა ესარგებლათ უბრალო ადამიანების ქონებით, ასწავლიდნენ ბავშვებს (როდესაც ბავშვებს ჰქონდათ რამე საკუთრება და მშობლები სთხოვდნენ მას) ეთქვათ შემდეგი: მე უკვე შევწირე იგი ღმერთს და შენ ნუ მთხოვ ღმრთისადმი შეწირულს. აცდენდნენ რა ამგვარად ბავშვებს და არწმუნებდნენ შეეწირათ ღვთისადმი თავიანთი კუთვნილებიდან, ფარისევლები ამით აიძულებდნენ მათ არაფრათ ჩაეგდოთ მშობლები და ღმრთისადმი შეწირულს თავად ნთქავდნენ, სწორედ ამას უყუენებს ბრალად უფალი, რომ ანგარებისდა გამო, ღმრთის სჯულს გადადიან.

 

(თ. 7, მ. 14-23)

14. და მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეტყოდა მათ: ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისჴმა-ყავთ: 15. არარაჲ არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი; არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა. 16. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! 17. და ოდეს შევიდა სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს. 18. და ჰრქუა მათ: ეგრეთვე თქუენცა უგულისჴმოვე ხართა და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს? 19. რამეთუ არა შევალს გულსა, არამედ მუცლად, და განსავალით განვალს და განსწმედს ყოველსა ჭამადსა. 20. და იტყოდა, ვითარმედ: კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა, 21. რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი, 22. ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი. 23. ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა.

 

ასწავლის რა ერს გაიგონ საკვების შესახებ, სჯულის მითითებები არა ხორციელად, უფალი იწყებს თანდათანობით გახსნას სჯულის აზრისა, რომ არაფერი შიგნით შემავალი არ შეაგინებს არავის, არამედ შეაგინებს ის, რაც გულიდან გამოდის. „თუალბოროტებაში“ იგუსხმება ან შურუ, ანდა მრუშება. იმიტომ რომ შურიანიც ესვრის მას, ვისიც შურს, ვერაგულ და გესლიან მზერას და მრუშიც, არ აშორებს რა თვალს, ვერაგულ საქმეს ესწრაფვის. „გმობაში“ იგუსხმება ღმრთის შეურაცხყოფა: თუკი მაგალითად, ვინმე იტყვის, რომ არ არსებობს ღმრთის წინასწარგანზრახულება, ეს გმობა იქნება: ამიტომაც, უფალი მას „ამპარტავნებასთან“ ერთად ახსენებს. ამპარტავნება არის ღმრთის არად ჩაგდება, როდესაც ვინმე გააკეთებს რა კეთილ საქმეს, აწერს მას არა ღმერთს, არამედ საკუთარ ძალას. უგუნურებაში გულისხმობს წყენას ახლობლების მიმართ. ყველა ეს ვნება შეაგინებს სულს და წარმოიქმნება და გამოდის მისგან. ამრიგად, ხალხს უფალი არა საკმარისად ნათლად ესაუბრებოდა. ამიტომაც შენიშნავს: „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ ანუ ვისაც გაგება შეუძლია, დაე გაიგოს. რაც შეეხება მოციქულებს, რომლებსაც უფრო ღრმად ესმოდათ უფლის სიტყვები და მივიდნენ ეკითხათ მისთვის „იგავის“ შესახებ, ანუ ამ შეფარული საუბრის შესახებ (იგავი არის შეფარული საუბარი), უფალმა თავიდან უსაყვედურა მათ, უთხრა რა ეგრეთვე თქვენცა უგულისხმოვე ხართა და არა გიცნობიეს, მაგრამ შემდეგ აუხსნა ის, რაც ძნელად გასაგები იყო მათთვის.

 

(თ. 7, მ. 24-30)

24. და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა. და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად. 25. რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა. 26. ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი, ზღჳსკიდით, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა. 27. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. 28. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაჲსა. 29. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაგის სიტყჳსათჳს ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა. 30. და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თჳსა და პოვა, რამეთუ ეშმაკი იგი განსრულ იყო, და ასული იგი მისი შემოსილი, მჯდომარე ცხედარსა ზედა.

 

მას შემდეგ, რაც უთხრა საკვების შესახებ და დაინახა, რომ იუდეველბმა არ იწამეს, უფალი წარმართთა საზღვრებს გადალახავს, რათა იუდეველთა ურწმუნოებისდა გამო, გამოხსნამ მათმან წარმართებზე გადაინაცვლოს. თავიდან უფალი თავის დაფარვას ცდილობდა, რათა იუდეველებს არ ჰქონოდათ საბაბი მისი დადანაშაულებისა თითქოსდა იგი არაწმიდა წარმართებს მიეკედლა. მაგრამ მას არ შეეძლო დამალულიყო, ვინაიდან არ შეიძლებოდა იგი დამალულიყო და ვერავის ეცნო. ხსენებული დედაკაცი, იგებს რა მის შესახებ, მხურვალე რწმენას გამოიჩენს. ამიტომაც, უფალი მაშინვე არ თანმხმდება (მის თხოვნაზე), არამედ გადადებს წყალობას, რათა უჩვენოს, რომ რწმენა დედაკაცის მტკიცეა და იგი მოთმინებით იცდის, მიუხედავად უარისა. ვისწავლოთ ჩვენც, რათა მაშინვე არ დაუტევოთ ლოცვა, როდესაც მყისვე არ ვიღებთ იმას, რასაც ვლოცულობთ. უფალი წარმართებს „ძაღლებს“ უწოდებს, რამდენადაც იუდეველთათვის ისინი არაწმიდანი იყვნენ. „პურს“ უწოდებს ის წყალობას, რომელიც ღმღტის მიერ „შვილთათვის“, ანუ იუდეველთათვის იყო განკუთვნილი. ამიტომაც ამბობს, რომ წარმართები არ უნდა იყვნენ მონაწილე იმ წყალობისა, რომელიც იუდეველთათვისაა განკუთვნილი, რამდენადაც დედაკაცი გონივრულად და რწმენით პასუხობს, იღებს კიდეც იმას, რასაც ითხოვს. იუდეველბს, ამბობს ის, აქვთ პური, ანუ მთლიანად შენ ჰყავხარ, გარდამოსული ზეცით, და წყალობანნი შენნი, ხოლო მე „ნამცეცს“ ვითხოვ, ანუ მცირე ნაწილს შენი წყალობისა. მაგრამ შეხედე, როგორ მოქმედებს უფალი! მას არ უთქვამს: ჩემმა ძალამ გადაგარჩინა შენ. არამედ რა უთხრა „მაგის სიტყვისათვის“, ანუ შენი რწმენისათვის „ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა.“. აქედან შენც მიიღე შენთვის სასარგებლო გაკვეთილი. თითოეული ჩვენგანი, როდესაც ცოდვას სჩადის არის „დედაკაცი“, ანუ სუსტი სული: ასეთი სულია „ფინიკელი“, როგორც მეწამული, ანუ სისხლიანი და მომკვსინებელი ცოდვის მქონე. ასეთ სულს ჰყავს „ასული“ - მზაკვრული ქმედებანი, ქმედებანი საეშმაკო. ვართ რა ცოდვილნი, ჩვენ „ძაღლებად“ ვიწოდებით, არაწმინდებით აღვსავსენი; რის გამოც არა ვართ ხოლმე ღირსნი ღამრთაებრივი „პურის“ მოღებისა, ანუ უწმიდეს საიდუმლოთა ზიარებისა. მაგრამ თუკი სიმდაბლით გავაცნობიერებთ, რომ ძაღლები ვართ, თუკი აღუარებთ და გავამხელთ ჩვენს ცდოვებს, მაშინ განიკურნება ასული ჩვენი, ანუ ქმედებანი საეშმაკო.

 

(თ. 7, მ. 31-37)

31. და მერმე კუალად გამოვიდა საზღვართაგან ტჳროსისა და სიდონისათა და მოვიდა ზღუასა მას გალილეაჲსასა, შორის საზღვართა ათქალაქისათა. 32. და მოართუეს მას ყრუჲ და ძნიად მეტყუელი და ევედრებოდეს მას, რაჲთა ჴელი დასდვას მას ზედა. 33. და განიყვანა ერისა მისგან თჳსაგან და დაასხნა თითნი მისნი ყურთა მისთა და ჰნერწყუა და შეახო ენასა მისსა 34. და აღიხილნა ზეცად და სულთ-ითქუნა და ჰრქუა მას: ეფფათა! რომელ არს: განეხუენით! 35. და მეყსეულად განეხუნეს მას სასმენელნი, და განჰჴსნდა კრულებაჲ ენისა მისისაჲ, და იტყოდა მართლად. 36. და ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან. და რაოდენ იგი ამცნებდა მათ, იგინი უფროჲს მიმოდასდებდეს. 37. და უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ყოველსავე კეთილსა იქმს: ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს.

 

უფალი არ ყოვნდება წარმართა მიდამოებში, არამედ სწრაფადვე განეშორება მათგან, რათა, როგორც ვთქვი არ მისცეს იუდეველებს საბაბი ილაპარაკონ მასზე, რომ იგი სჯულის საწინაარმდეგოდ იქცევა წარმართებთან შერევით. ამიტომ განეშორება რა ტვიროსისა და სიდონის საზღვრებს, იგი მოდის გალილეაში და აქ განკურნავს ყრუ-მუნჯს, რომელის უძლურებაც ეშმაკისგანაა. და განიყვანა ერისა მისგან, ვინაიდან დიდებისმოყვარე არ იყო, დაიმდაბლა რა თავი ჩვენეულ სიგლახაკემდე და არ სურდა რა, მრავალთა წინაშე აღესრულებინა სასწაულები, უკუეთუ ამას თავად მაყურებელთა სარგებლობა არ მოითხოვდა. „ჰნერწყვა და შეახო ენასა მისსა“, იმის ნიშნად, რომ ყოველი ნაწილი მისი წმიდა ხორცისა, ღმრთაებრივი და წმიდა იყო, ისე რომ მისი ნერწვიც კი განხსნიდა დაბორკილ ენას. ყოველგვარი ნერწყვი არის სიჭარბე (წვენთა), მაგრამ უფალში ყველაფერი საუცხოო და ღმრთაებრივია.აღიხილა რა ზეცად, უფალმა „სულთ ითქუნა“, ერთი მხრივ ლოცვითი სულითქმით მამის მიმართ, რათა მან შეიწყალოს ადამიანი და ჩვენდა სანიმუშოდაც, რათა ჩვენ ვაპირებთ რა რაიმე კეთილი საქმის აღსრულებას, აღვიხილოთ ღმრთისა მიმართ და მისგან გამოვითხოვოთ შეწევნა ამის აღსასრულებლად; მეორე მხრივ, „სულთ-ითქუნა“ წუხილის გამოც ადამინურ ბუნებაზე, თუ რამდენადაა იგი ეშმაკს დამორჩილებული, რომ მისგან ასეთ შეგინებასა და ტანჯვას ითმენს. ამიტომაც, როდესაც უფალი კურნავდა, განკურნებულნი ქადაგებდნენ მის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკრძალავდა მას ამას და ამცნებდა არაფერი ეთქვათ. აქედან ვისწავლოთ ჩვენც, როდესაც კეთილს ვუყოფთ სხვებს, არ მივიღოთ მათგან ქება, ხოლო როდესაც ვიღებთ მოწყალებას, განვადიდოთ ჩვენი მწყალობელნი და საქვეყნოდ ვისაუბროთ მათზე, თუნდაც მათ ეს არ სურდეთ.

 

თავი მერვე

(თ. 8, მ. 1-9)

1. მათ დღეთა შინა მერმე კუალად ერი მრავალი იყო და არარაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს; მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: 2. მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინაჲთგან მელიან მე, და არარაჲ აქუს, რაჲ ჭამონ. 3. და უკუეთუ განუტევნე უზმანი ვანად მათა, დაჰჴსნდენ გზასა ზედა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან. 4. და მიუგეს მოწაფეთა მისთა და ჰრქუეს: ვინაჲ ძალ-გჳც განძღებად აქა პურითა ესოდენისა ერისა უდაბნოსა ზედა? 5. და ჰკითხა მათ: რაოდენი გაქუს პური? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდი. 6. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა და მოიღო შჳდი იგი პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და დაუდგეს ერსა მას. 7. და აქუნდა თევზიცა მცირედ, და იგიცა აკურთხა და უბრძანა მან დაგებად. 8. და ჭამეს და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი. 9. და იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, ვითარ ოთხ ათას ოდენ; და განუტევნა იგინი.

 

უფალმა უკვე ადრეც არასრულა მსგავსი სასწაული. იგი სასწაულს სჩადის ახლაც, აქვს რა ხელსაყრელი შემთხვევა ამისა. შემთხვევა კი იმგვარი იყო, რომ ხალხი სამი დღის მანძილზე მასთან იმყოფებოდა და საგზლად წამოღებული საკვების მარაგი მთლიანად გაუთავდა. ვინაიდან უფალი ყოველთვის არ სჩადიოდა სასწაულებს საკვებზე, რათა არ ეფიქრათ, რომ ხალხი მას საკვების გამო დაყვებოდა. ახლაც არ ჩაიდენდა სასწულებს, როგორც ჩანს საკვების უკმარისობის გამო, ხალხს საფრთხე რომ არ დამუქრებოდა. მაგრამ შეხედე მოწაფეებს, რაოდენ უგულისხმონი არიან და ჯერაც არა აქვთ მისი ძალის რწმენა, თუმცა უკვე იხილეს სასწაულები! მაგრამ უფალი არ კიცხავს მათ, გვასწავლის რა ჩვენც ზედმეტად არ ვესხმოდეთ თავს გამოუცდელებს, არამედ მიუტევოთ მათ, როგორც უგულისხმოებს. განსაჯე ისიც, რომ ქრისტეს არავინ სურს გაუშვას მშიერი, არამედ სურს განაძღოს ყოველი თავისი ნაბოძვარით და განსაკუთრებით კი ისინი, რომელთაც მასთან სამი დღე დაჰყვეს, ანუ მონათლულნი. რამდენადაც ნათლობა ნათლისღებად იწოდება და სრულდება სამჯერ შთაფვლით, ნათელღებულნი სამდღეგამოვლილნი აღმოჩნდებიან. უფალი იღებს „შვიდ პურს“ , ვგულისხმობ შვიდ ღრმად სულიერ სიტყვას, რამეთუ რიცხვი შვიდი არის ხატი სულისა. სულს ყოველივე სისრულეში მოჰყავს, ხოლო ცხოვრება ჩვენი და ჟამი ესე, შვიდეულებით აღესრულება. ნათელღებულნი ჭამენ და განძღებიან და რჩებათ ზედმეტი, რამდენადაც არ შეუძლიათ ყველა ღმრთაებრივი აზრის დატევნა. ზემოთ, ხუთ პურზე აღსრულებული სასწაულის დროს თორმეტი კალატი ზედმეტი დარჩათ, რამდენადაც აქ იყო ხუთი ათასი, რომელნი ხუთ გრძნობას დამონებულთა აღმნიშვნელნი იყვნენ; ამიტომაც მათ არ შეეძლოთ ბევრის შეჭმა, არამედ დაკმაყოფილდნენ მცირედით, რის გამოც ზედმეტიც ბევრი დარჩა. აქ კი შვიდი პურიდან შვიდი კალათი დარჩათ და ზედმეტი მცირედი, რადგანაც ოთხი ატასი კაცი იყო, რომლებიც ოთხ სათნოებაში განმტკიცებულებს აღნიშნავდნენ; ამიტომაც ისინი, როგორც უფრო მტკიცენი, ჭამენ ბევრს და ტოვებენ ცოტას, რადგანაც მხოლოდ იმის შეჭმა ვერ შეძლეს, რაც უფრო მეტად სულიერი და ღრმაა, რისი მანიშნებელიც შვიდი კალათია. აქ განხილული ისტორიიდან შეიმეცნე ისიც, რომ ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმითი, რაც გვესაჭიროება ადა არფერი ვითხოვოთ ზედმეტი. რამდენადაც აი ამ ადამიანებს, ჭამეს რა და განძღნენ, არ წაუღიათ თან დარჩენილი ნატეხები, არამედ წაიღეს მოწაფეებმა, ისევე, როგორც ეს ზემოხსენებულ კალათებთან დაკავშირებით იყო. ასევე ჩვენც, უნდა დავკმაყოფილდეთ ნაბოძებით, საჭიროებისდა შესაბამისად.

 

(თ. 8, მ. 10-12)

10. და მეყსეულად შევიდა იესუ ნავსა მოწაფეთა მისთა თანა და წარვიდა ადგილთა მაგდალოჲსათა. 11. და გამოვიდეს ფარისეველნი და იწყეს გამოძიებად მის თანა და ითხოვდეს მისგან სასწაულსა ზეცით და გამოსცდიდეს მას. 12. და სულთ-ითქუნა სულითა თჳსითა და თქუა: რაჲ არს ნათესავი ესე, რამეთუ ეძიებს სასწაულსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა ეცეს ნათესავსა ამას სასწაული.

 

პურებზე აღსრულებული სასწაულის შემდეგ, უფალი მყისვე მიდის სხვა ადგილას, შიიშობს რა, რომ ხალხი, ამგვარი სასწაულის შემდეგ მღელვარებამ არ მოიცვას და მისი მეფედ დადგენა არ მოინდომოს. ფარისეველნი კი ითხოვენ ნიშანს ზეციდან, მაგალითად, მზის ან მთავრის გაჩერებას, ელვის გარდამოვლენას; ჰაერში რაიმე ცვლილების მოხდენას. ისინი ფიქრობდნენ, რომ ზეციური სასწაულის მოხდენა მას არ შეუძლია, არამედ ბელზებულის ძალით მხოლოდ მიწიეერი სასწაულების გაკეთება ძალუძს. მაგრამ იესო არ ჰყვება მათ, ვინაიდან ზეციური ნიშნებისთვის სხვა დროა დანიშნული, ვგულისხმობ - მეორედ მოსვლის ჟამს, როდესაც ზეციურნი ძალნი შეიძრებიან და მთვარე აღარ გამოსცემს თავის სხივებს; პირევლად მოსვლის ჟამს არ ახლავს თან არაფერი მსგავსი, არამედ ყველაფერი აღვსილია სიმდაბლით. ამიტომაც, ამ მოდგმას ნიშანი არ მიეცემა ზეცით.

 

(თ. 8, მ. 13-21)

13. და დაუტევნა იგინი და კუალად შევიდა ნავსა და წარვიდა მიერ კერძო. 14. და დაავიწყდა მიღებად პური, და ერთი ხოლო პური აქუნდა მათ ნავსა შინა. 15. და ამცნებდა მათ იესუ და ეტყოდა: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და ცომისაგან ჰეროდიანთაჲსა. 16. ხოლო იგინი განიზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა გუაქუს. 17. და გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა თქუენთა, მცირედ-მორწმუნენო, რამეთუ პური არა გაქუს? არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ, რამეთუ დაბრმობილნი გულნი გქონან თქუენ? 18. თუალ გასხენ და არა ხედავთ, და ყურ გასხენ და არა გესმის, არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ? 19. ოდეს-იგი ხუთი პური განვტეხე ხუთ ათასთათჳს, და რაოდენი გოდორი სავსე ნამუსრევითა აღიღეთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტი. 20. და ოდეს-იგი შჳდი ოთხ ათასთა, რაოდენი სფჳრიდი ნამუსრევი აღიღეთ? და მათ ჰრქუეს: შჳდი. 21. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვითარ არა გულისჴმა-ჰყავთ?

 

უფალი ტოვებს ფარისევლებს, როგორც გამოუსწორებელ ადამიანებს, რამეთუ დაყოვნება ხამს იქ, სადაც არის იმედი გამოსწორებისა, ხოლო სადაც ბოროტების გამოსწორება შეუძლებელია, იქიდან საჭიროა გაიქცე. მოწაფეებს, ღმრთის განსაკუთრებული განგებულებით, პურის წამოღება დაავიწყდათ, რათა ისინი ქრისტეს მკაცრი საყვედურის შემდგომ უფრო გონიერნი გამხდარიყვნენ და ქრისტეს ძალა შეეცნოთ. ვინაიდან როდესაც უფალმა უთხრა, რომ მორიდებოდნენ ფარისეველთ საფუარს, ანუ ფარისეველთა სწავლებას, მათ იფიქრეს, რომ უფალი მათ პურის საფუარს ახსენებდა. ამრიგად, იგი სამართლიანად საყვედურობს. როგორც ქრისტეს ძალის ვერგულსხმიყოფელთ, რომლითაც უფალს ძალუძს შექმნას პური არაფრისგან. ფარისეველთა და ჰეროდიანელთა სწაველბას უწოდებს საფუარს იმ მიზეზიტ, რომ იგი მწკლარტე და აღვსილი ძველი ღვარძლით. და თითოეულს, ვისაც დაუძველდა ბოროტება და არ შეუძლია არაფერი სულიერის თქმა, რათა დაატკბოს ხორხი მსმენელისა, აქვს თავში საფუარი ძველი ბოროტებისა, ანუ მოძღვრება სხამიანი და მათ მიმღებლებში მხოლოდ და მხოლოდ სინანულის გამომწვევი. მაგრამ ვინ იყვნენ ჰეროდიანელები? ეს რაღაც ახლადმოვლენილი მოძღვები იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჰეროდე ქრისტეა და მისი უნდა გვწამდეს.

 

(თ. 8, მ. 22-26)

22. და მოვიდა ბეთსაიდად, და მოჰგუარეს მას ბრმაჲ და ევედრებოდეს მას, რაჲთა შეახოს მას. 23. და უპყრა ჴელი მისი და განიყვანა იგი გარეშე დაბასა და ჰნერწყუა თუალთა მისთა და დასდვა ჴელი მისი და ჰკითხა მას, რასა-ძი ჰხედავს? 24. და აღიხილნა და იტყოდა: ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა, მიმომავალთა. 25. და მერმე კუალად დაასხნა ჴელნი თუალთა მისთა და აღუხილნა; და მან აღიხილნა და კუალად მოეგო და ხედვიდა ბრწყინვალედ ყოველთა. 26. და წარავლინა იგი სახიდ თჳსა და ჰრქუა: წარვედ სახიდ შენდა; და დაბად რაჲ შეხჳდე, ნურას ვის უთხრობ დაბასა შინა.

 

ბეთსაიდა და ქორაზინი, როგორც ჩანს, დიდი ურწმუნოებით უყვნენ შეპყრობილნი, რის გამოც ქრისტე კიცხავს მათ (მათ 11, 21): „ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა ბეთსაიდ! რამეთუ ტვიროს თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქვენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს“. უფლის აქ მოსვლის შემდგომ, მასთან მოჰყავდათ ბრმა, მაგრამ რწმენა მომყვანებისა არ იყო სუფთა, ამიტომაც უფალს ბრმა გაჰყავს სოფლის გარეთ და მერეღა კურნავს მას. იგი აფურთხებს მას თვალებში. და ადებს ხელებს, რათა ვიცოდეთ, რომ ღმრთაებრის სიტყვასა და ამ სიტყვის შემდგომ მოქმედება შეუძლია, სასწაულთა ქმნა: ვინაიდან ხელი არის სახე მოქმედებისა, ხოლო შეფურთხება სახე სიტყვისა, რამდენადაც იგი ბაგეთაგაბ გამოდის. მაგრამ ტავად ბრამსაც არ გააჩნდა სრულყოფილი რწმენა. ამიტომაც უფალი მყისვე არ აღუხილავს თვალებს, არამედ თანდათანობით, როგორც ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია ყოვლისმომცველი რწმენა, რადგანაც რწმენის შესაბამისად გვეძლევა კურნებაც. ამცნებს მას არ შევიდეს სოფელში, რადგანაც ბეთსაიდის მცხოვრებნი, როგორც ვთქვი, ურწმუნონი იყვნენ და ეს ადამიანი მათ შორის ავნებდა თავის სულს; უბრძანებს არც კი უთხრას ვინმეს, რაც შეემთხვა, რათა ურწმუნონი კიდევ უფრო მეტად არ განისაჯონ. ჩვენც, ხშირად ვართ სულით ბრმანი, მცხოვრებნი სოფელში, ანუ ერში; მაგრამ როდესაც გავდივართ სოფლის გარეთ, ანუ უარს ვამბობთ ამსოფლიურ საქმეებზე, ქრისტე გვკურნავს ჩვენ, განნკურენბასთან ერთად ის გვეუბნება, რათა ჩვენ არ დავბრუნდეთ ისევ სოფელში, არამედ წავიდეთ სახლში, სახლი კი თითოეული ჩვენგანის არის ზეცა და იქაური სანახები.

 

(თ. 8, მ. 27-30)

27. და გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი დაბნებსა მას კესარია ფილიპესსა და გზასა ზედა ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ: რაჲ თქჳან კაცთა ჩემთჳს ყოფაჲ? 28. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს მას: იოვანე ნათლის-მცემელი, და სხუათა: ელია, და სხუათა: ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. 29. ჰრქუა მათ იესუ: თქუენ რაჲ სთქუთ ჩემთჳს, ვინ ვარ მე? მიუგო მას პეტრე და ჰრქუა: შენ ხარ ქრისტე. 30. და შეჰრისხნა მათ, რაჲთა არავის უთხრან მისთჳს.

 

საკუთარ თავზე ეკითხება, წაიყვანს რა იუდეველთაგან შორს, რათა მათ არავისი შეეშინდეთ აღიარონ ჭეშმარიტება. ისინი პასუხობენ, რომ ერთნი მიიჩნევენ მას იოანედ, მეორენი ილიად; რადგან მრავალნი ფიქრობდნენ, რომ იოანე აღსდგა, როგორც ჰეროდეც ვარაუდობდა; რომ მან აღდგომასთან ერთად მიიღო ძალა სასწაულთა ქმნისა, მაშინ როდესაც სიცოცხლეში იოანეს არცერთი სასწაული არ უქმნია. ჰკითხა რა, ამრიგად, სხვათა აზრის შესახებ, უფალი შემდეგ მათ თავის აზრსაც ეკითხება, რითაც თითქოს ეუბნება: ისინი ჩემზე შეცდომით ფიქრობენ, თქვენ კი ვინ გგონივართ? პეტრემ რა ქნა? აღიარა იგი ქრისტედ, წინასწარმეტყველთა მიერ წინასწარვე უწყებულად. მაგრამ რა თქვა უფალმა პეტრეს მიერ აღიარებაზე და როგორი ალერსით მოეპყრო მას, ეს მარკოზმა გამოტოვა, რათა არ გამოჩენილიყო მიკერძოებულად პეტრეს, თავისი მასწავლებლის მიმართ. ამის საწინააღმდეგოდ, მათემ თქვა ყველაფერი გამოტოვების გარეშე. უფალმა უბრძანა არავისთვის ეთქვათ, რადგან სურდა დაეფარა თავისი დიდება, რათა მრავალნი არ ცდუნებულიყვნენ მის მიმართ და საკუთარი ურწმუნიებით კიდევ უფრო დიდი სასჯელი არ მოეწიათ თავზე.

 

(თ. 8, მ. 31-33)

31. და იწყო სწავლად მათა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფად მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად. 32. და განცხადებულად სიტყუასა ამას ეტყოდა. და გან-რე-იყვანა და იგი პეტრე და იწყო ბრალობად მისა ამის სიტყჳსათჳს. 33. ხოლო თავადი მიექცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი, შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.

 

მიიღო რა თავის მოწაფეთაგან აღიარება, რომ იგი არის ჭეშმარიტი ქრისტე, უფალმა გაუმხილა მათ ჯვრის საიდუმლოც. მაგრამ ჯერ კიდევ მთლიანად არ გაუმხილა იდი, რამეთუ მოციქულებს არ ესმოდათ რას ამბობდა ის და ვერ გულისხმაყოფბდნენ, რას ნიშნავდა აღდგომა, არამედ ფიქრობდნენ, უკეთესია სულაც არ ევნოს. ამიტომაც, პეტრე უწყებს წინააღმდეგობის გაწევას, ეუბნება რა, რომ ტყუილ-უბრალოდ იმეტებს თავს საიკვდილოთ, როცა შეუძლია არც ევნოს. მაგრამ უფალი, უჩვენებს რა, რომ მისი ვნება მათი და მრავალთა გამოხსნისათვის აღესრულება. და მხოლოდ სატანას არ სურს, რომ იგი ევნოს და გამოიხსნას ადამიანები, პეტრეს „სატანას“ უწოდებს, მისი აზრებისთვის, რომელიც სატანისთვის არის დამახასიათებელი, იმისთვის, რომ მას არ სურდა ქრისტეს ვნება, არამედ ეპასუხება მას. სატანა - ნიშნავს მოწინააღმდეგეს (მხდომი ნიშნავს ძვ. ქართულად. რედ.). „წარვედ ჩემგან“ ეუბნება, ანუ მიჰყევი ჩემს ნებას, ნუ ეპასუხები და ნუ ხარ ჩემი მოწინააღმდეგე, არამედ მომყევი მე. პეტრე, უფლის სიტყვებით „კაცთასა ზრახავდა“ ფიქრობდა, ვინაიდან ხორციელად მსჯელობდა, სურდა რომ უფალი მოსვენებით ყოფილიყო, არ გაეწირა თავი ჯვარცმისათვის და გასაჭირში არ ჩავარდნილიყო ქვეყნიერების ხსნისათვის.

 

(თ. 8, მ. 34-37)

34. და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე. 35. რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრიდებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი. 36. რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს? 37. ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?

 

რადგანაც პეტრე ეპასუხებოდა ქრისტეს, რომლსაც სურდა მიეცა თავი თვისი ჯვარცმისათვის, ამიტომ ქრისტე მოუწოდებს ხალხს და სხმამაღლა საუბრობს, მიმართავს რა თავის საუბარს ძირითადად პეტრეს წინააღმდეგ: შენ არ ამართლებ იმას, რომ მე ვიღებ ჯვარს, მე კი გეუბნები შენ, რომ არც შენ და არც ვინმე სხვა არ ცხონდება, თუკი არ მოკვდება სათნოებისა და ჭეშმარიტებისათვის. დააკვირდი, უფალს არ უთქვამს: მოკვდეს ისიც, ვისაც არ სურს სიკვიდილი, არამედ „რომელსა უნდება“. მე, ამბობს ის, არავის ვაიძულებ, მოგიწოდებთ არა ბოროტების, არამედ სიკეთისათვის, ამიტომაც ვისაც არ უნდა, არც არის ღირსი მისი. რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა? ამას ჩვენ გავიგებთ, როდესაც გვეცოდინება, რას ნიშნავს უარყო ვინმე სხვა, ვინც უარს ამბობს ვინმე სხვაზე: მაამზე, ძმაზე ანდა ვინმე შინაურზე, ის რომ უყურებდეს, უ როგორ სცემენ ანდა კლავენ მას, აღარ აქცევს ყუადღებას და არ თანაუგრძნობს, ხდება რა უცხო მისთვის. ასევე ჩვენც გვიბრძანებს უფალი, რომ მისი გულისთვის მოვიძულოთ საკუთარი სხეული და არ დავინდოთ იგი, თუნდაც გვცემდნენ ან გვკიცახვდნენ ჩვენ. „აღიღენ ჯვარი თვისი“ ნათქვამია, ანუ სამარცხვინო სიკვიდილი, რამეთუ ჯვარი ითვლებოდა სამარცხვინო სიკვდილის იარაღად. მაგრამ რამდენადაც ჯვარს მრავალ ავაზაკსაც აცვამდნენ ხოლმე, ამატებს, რომ ჯვარცამსთან ერთად სხვა სათნოებებიც უნდა გაგაჩვნდეს, რამეთუ ამას ნიშანვს სიტყვები: „შემომიდეგი მე“. რამდენადაც ბრძანება, გაგვემეტებინა თავი სასიკვდილოდ, შესაძლოა მძიმედ და სასტიკად მოგვჩვენებოდა, უფალი ამბობს, რომ იგი, პირიქით, ფრიად ლმობიერია; ვინაიდან ვინც წარიწყმენდ სულს, მაგრამ ჩემთვის და არა როგორც ავაზაკი, რომელსაც სიკვდილით სჯიან, ანდა თვითმკვლელი (ამ შემთხვევაში ეს არ ინება სიკვდილი ჩემს გამო), ის, ამბობს ისი, შეიძლენს თავისი სულს; მაშინ როდესაც, ვინც ფიქრობს სულის შეძენას, წარიწყმედს მას, თუკი წამებას ვერ გაუძლებს. ნუ მეტყვი მე, რომ ეს უკანასკნელი გადაარჩენს თავის სიცოცხლეს, რადგან მთელი ქვეყნიერებაც რომ შეიძინოს, ყველაფერი უსარგებლოა. ცხონების ყიდვა არ შეიძლება არანაირი სიმდიდრით. სხვაგვარად მთელი ქვეყნიერების შემძენი, მაგრამ სულის დამღუპველი, ყველაფერს მისცემდა, როდესაც ცეცხლში დაიწვებოდა და ამგვარად გამოისყიდიდა თავს. მაგრამ ასეთი გამოსასყიდი იქ შეუძლებელია. აქ დუმდებიან მათი ბაგენის, ვინც ორიგენეს მსგავსად ამბობენ, რომ სულების მდგომარეობა უკეთესისკენ შეიცველბა მას შემდეგ, რაც დაისჯებიან თავიანთი ცოდვებისდა შესაბამისად. დაე, გაიგონ მათ, რომ იქ შეუძლებელია გამოსასყიდის მიცემა სულისათვის და ტანჯვა მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც თითქოსდა საჭიროა საკუთარი ცოდვების გამოსასყიდად.

 

(თ. 8, მ. 38)

38. რამეთუ რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა.

 

არ არის საკმარისი მხოლოდ შინაგან რწმენა, საჭიროა აღიარება ბაგითაც. რამდენადაც ადამიანს აქვს ორი მხარე, ორმხრივი უნდა იყოს განწმენდაც, ანუ განწმენდა სულისა აღმსარებლობის მეშვეობით. ამრიგად, ვისაც „შერცხვება“ აღიაროს ჯვარცმული თავის ღმერთად, მასაც „შერცხვება“ მისი, თავის უღირს მონად აღიარებს მას, როდესაც „მოვა“, უკვე არა დამდაბლებული, არა დამცირებული სახით, როგორითაც ის მანამდე მოგვევლინა და რის გამოც ზოგიერთებს რცვენიათ მისი, არამედ „დიდებით“ და ანგელოზთა მხედრობასთან ერთად.

 

თავი მეცხრე

(თ. 9, მ. 1)

1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.

 

ესაუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“, ანუ პეტრე იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერისცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისაა. რამეთუ ფერისცვალება სხვა არაფერია, თუ არა წინასწარი უწყება მეორედ მოსვლისა. ასე გაბრწყინდება მაშინ თავად და ასე გაბრწყინდებიან მართლებიც.

 

(თ. 9, მ. 2-3)

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. 3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.

 

ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეს იყო რვა დღის შემდეგ. თუმცაღა ის არ ეწინააღმდეგება მარკოზს, არამედ სავსებით ეთანხმება მას. მისი ნაამბობი მოიცავს იმ დღესაც, როდესაც უფალმა აუწყა თავისი მოსალოდნელი ფერიცვალების შესახებ და იმასაც, როცა აღიყვანა (მოწაფეები მთაზე), მაშინ როდესაც მარკოზი საუბრობს მხოლოდ შუალედურ დღეებზე. უფალს მიჰყავს და აჰყავს მაღალ მთაზე მხოლოდ სამი რჩეული მოციქული - პეტრე, როგორც მისი აღმსარებელი და შემყვარებელი, იაონე, როგორც მის მიერ შეყვარებული და იაკობი, როგორც დიდი მქადაგებელი და ღმრთისმეტყველი, რომელიც იმდენად სამძიმო იყო იუდეველთათვის, რომ ჰეროდემ, რომელსაც სურდა მოეგო იუდეველთა გული, მოკლა იგი. ისინი აჰყავს მაღალ მთაზე, რათა სასწული მით უფრო დიდებული იყოს, ხოლო „მარტონი“ (განმარტოებით) აჰყავს იმიტომ, რომ სურს საიდუმლო განუცხადოს. თავად ფერიცვალების ქვეშ იგულისხმება არა ასრებითი ცვლილება ქრისტეს იერსახისა, არამედ მისი გაბრწყინება გამოუთქმელი ნათლით, ამასთან ბუნებრივი იერსახე მისი იგივე რჩებოდა, რაც ადრე იყო.

 

(თ. 9, მ. 4-8)

4. და ეჩუენა მათ მოსე ელიაჲს თანა, და იყვნეს იესუჲს თანა და ზრახვიდეს. 5. და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს. 6. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ. 7. და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ. 8. და მეყსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მათ თანა.

 

ელია და მოსე ბევრი მიზეზის გამო გვევლინებიან ქრისტესთან მოსაუბრედ მაგრამ ორი მათგანის ხსენებაც საკმარისია. რამდენადაც მოწაფეებს უხაროდათ, რომ ხალხში ზოგს იგი ელიად მიაჩნდა, - სხვანი კი - წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთად აღიარებდნენ, იგი მოუვლენს მათ უდიდეს წინასწარმეტყველებს, რათა მოწაფეებმა, ყოველ შემთხვევაში ამ გზით მაინც შეიცნონ განსხვავება მონასა და მეუფეს შორის. აი პირველი მიზეზი, მეორე: რამდენადაც მრავალნი თვლიდნენ ქრისტეს ღმრთის წინააღმდგომად, თითქოსდა საბათის დამსხნელად და სჯულის დამარღვეველად, ის უჩვენებს მათზე ისეთ წინასწარმერტყველებს, რომელთაგან ერთი იყო სჯულის მდებელი, ხოლო მეორე - მოშურნე; ასეთი წინასწარმეტყველები კი არ დაიწყებდნენ მასთან საუბარს, იგი რომ სჯულის დამრღვევი ყოფილიყო და არ შეესრულებინა ის, რაც იქადაგეს. პეტრეს კი ეშინოდა მთიდან ჩამოსვლა (ვინაიდან შიში ჰქონდა უფლის ჯვარცმისა) და ამიტომ თქვა: „კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფაი“ და ნუ ჩავალთ კვალად უფლის გარემოცვაში; რადგან შენი მტრები აქ რომც მოვიდნენ. ჩვენ გვყავს მოსე, ეგვიპტელთა დამმარცხებელი, გვყავს ელია ზეციდან ცეცლის გარდამომვლენელი და ორმოცდაათმეთაურთა მომსვრელი. რაზე საუბრობდნენ მასთან წინასწარმეტყველნი? ისინი საუბრობდნენ მის ჯვარცმასა და სიკვიდლზე. ხოლო პეტრე რას ამბობდა თავადაც არ იცოდა, იმიტომ, რომ ყველა ისინი (მოწაფეები) შეშინებული იყვნენქრისტეს ხელთუქმნელი ნათლითა და დიდებით. მას არ სურდა, რომ იესო ჩამოსულიყო მთიდან, რათა ჯვარცმულიყო ჩვენი გამოხსნისათვის, არამედ სურდა მუდამ მთაზე დარჩენა. მაგრამ მივმართოთ ჩვენი გონება (იდუმალი) ჭვრეტისაკენ. ამ ქვეყნის აღსასრულის შემდგომ, რომელიც ექვს დღეში შეიქმნა, აღგვიყვანს ჩვენ იესო, უკეთუ თუკი (ჭეშმარიტი) მოწაფეები ვართ, „მაღალ მთაზე“ ანუ ზეცად და გამოგვეცხადება უბრწყინვალესი სახით. ახლა იგი დამდაბლებული სახით მოგვევლინა, როგორც ჯვარცმული და დურგლის შვილი, ხოლო მაშინ ვიხილავთ მის დიდებას, როგორც მხოლოდშობილისა; ვიხილავთ აგრეთვე სჯულს და წინასწარმეტყველბსაც მასთან მოსაუბრეს, ანუ მასზე მოსესა და წინასწარმეტყველთა მიერ თქმულს, მაშინ გულისხმავყოფთ და ვპოვებთ მათი წინასწარმეტყველების სრულ განხორცილებას. მაშინ გავიგონებთ მამის ხმასაც, რადგან მამა განგვიცხადებს ძეს და გვაუწყებს: „ესე არს ძე ჩემი“. როგორ გვაუწყებს ამას? ღრუბელი, ანუ სული წმიდა დაგვრჩდილავს, ვინაიდან იგია წყარო ცხოვრებისა.

 

(თ. 9, მ. 9-10)

9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. 10. და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს?

 

და გარდამო-რაი-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაითა არავის უთხრან, რაი-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაციასაი მკუდრეთით აღდგეს. და სიტყუაი იგი დაიმარხეს თავისა თვისისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ, რაი არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს? რატომ ამცნებს იესო მოწაფეენს არავის უთხრან ფერიცვალების შესახებ? იმიტომ, რომ ხალხი გაიგებს რა, ქრისტეს ამგვარი დიდების შესახებ, შემდგომში არ დაბრკოლდეს, როდესაც ჯვარცმულს იხილავს. მკვდრეთით აღდგომის შემდგომ მოსახერხებელი იქნება განცხადება ამ მეტად დიდებული მოვლენის შესახებ, რომელიც ქრისტეს ჯვარცმამდე მოხდა. ამრიგად, მოციქულებმა „ეს სიტყვა ტავისთან დაიმარხეს (საიდუმლო ინახავდნენ რა ამ მოვლენას) და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავს „მკვდრეთით აღდგეს“, რამეთუ იგი ჯერ კიდევ ვერ გულისხმაყოფდნენ მის სიტყვებს, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.

 

(თ. 9, მ. 11-13)

11. და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? 12. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათჳს, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს. 13. არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.

 

იუდეველტა შორის დადიოდა ხმა, რომ ქრისტეს მოსვლის წინ მოვიდოდა ელია. თუმცა ფარისევლები ისე არ განმარტავდნენ, როგორც საჭირო იყო, ელიას შესახებ დაწერილს, არამედ ბოროტრი განზრახვით ამახინჯებდნენ (წერილის აზრს), მალავდნენ რა ჭეშმარიტებას. რამეთუ ქსრისტეს მოსვლა ორია: ერთი - პირველი (რომელიც უკვე იყო), ხოლო მეორე ჯერ კიდევ წინაა. პირველის წინამორბედი იყო იოანე, მეორეს წინამორბედი კი იქნება ელია. მაგრამ ქრისტე ელიას უწოდებს იოანეს, როგორც მახარებელს, მოშურნესა და მეუდაბნოეს. ამრიგად უფალი უარყოფს ფარისეველთა შეხედულებას, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ქრისტეს პირველად მოსვლის წინამორბედი ელია უნდა ყოფილიყო. როგორ უარყოფს? იგი ამბობს: „ელია მოვიდეს და კვალად ააგოს ყოველნი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათვის, რაითა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს“ ეს ნიშნავს აი რას: როდესაც მოვა ელია თეზბიტელი, იგი დააოკებს ურჩ იუდეველბს, მოაქცევს მათ რწმენაზე და ამრიგად, ქრისტეს მეორედ მოსვლის წინამორბედი გახდება, მაგრამ თუ თეზბიტელი, რომელმაც უნდა აღადგინოს ყოველივე, პირველი მოსვლის წინამორბედი იყო, მაშინ როგორღაა დაწერილი, რომ ძე კაცისაი უნდა იტანჯოს? ამრიგად,ორიდან ერთია, ან ელია არ უნდა იყოს პირველი მოსვლის წინამორბედი, თუკი წერილი ჭეშმარიტებას ღაღადებს, რომ ქრისტე უნდა იტანჯებოს, ანდა ფარისეველთა სიტყვებს უნდა დავუჯეროთ, რომ პირველი მოსვლის წინამორბედი თეზბიტელია და მაშინ არარ იქნება ჭეშმარიტება წერილში, რომელიც ღაღადებს, რომ ქრისტე დაიტანჯება. რამეთუ ელიამ უნდა აღადგინოს ყოველივე, და მაშინ აღარ იქნება არც ერთი ურწმუნო ებრაელი, არამედ ყველა ირწმუნებს ქადაგებას, ვინც კი მას ელიასაგან გაიგონებს. უკუაგდეს რა, ამრიგად, ფარისეველთა დამახინჯებულ შეხედულებას, უფალი ამბობს, რომ „ელია (ანუ იოანე) მოვიდა და უყვეს მას რაოდენი უნდა“, რამდენადც არ დაუჯერეს მას და მან მიიღო აღასასრული თავის მოკვეთით, გახდა რა გართობის მსხვერპლი (ჰეროდესი).

 

(თ. 9, მ. 14-18)

14. და მოვიდა მოწაფეთა მისთა თანა, იხილა ერი გარემო მათსა, და მწიგნობარნი გამოეძიებდეს მათ თანა. 15. და მეყსეულად ყოველმან ერმან იხილა იგი და დაუკჳრდა და მორბიოდეს და მოიკითხეს იგი. 16. და ჰკითხა მწიგნობართა მათ და ჰრქუა: რასა გამოეძიებთ ურთიერთას? 17. და მი-ვინმე-უგო მას ერთმან მის ერისაგანმან და ჰრქუა: მოძღუარ, მოვიყვანე ძე ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყუებისაჲ. 18. და სადაცა დააპყრის იგი, დააკუეთის, და პეროინ და იღრჭენნ კბილთა და განჴმებინ. და უთხარ მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განკურნეს, და ვერ შეუძლეს.

 

იესო, მივიდა რა მოწაფეებთან, იმ ცხრასთან, რომლებიც მასთან ერთად არ ასულან მთაზე, ნახა ისინი ფარისევლებთან მოპაექრენი. ვინაიდან, იესოს არყოფნისას ფარისევლები, მიადგნენ მის მოწაფეებს და თავს ესხმოდნენ, რათა გადაებირებინათ ისინი თავის მხარეს. ამასთანავე, ხალხმა დაინახა თუ არა ის, მაშინვე მიესალმა. ხალხი უყურებდა მას და ესალმებოდა, როგორც შორიდან დაბრუნებულს. ზოგიერთთა აზრით კი, თვითონ იერიც მისი, ფერიცვალების მადლისაგან, გახდა რა კიდევ უფრო მშვენიერი, იზიდავდა ხალხს მისასალმებლად „მი-ვინმე-უგო მას ერთმან მის ერისაგანმან“... ამ ადამიანს სუსტი რწმენა გააჩნდა, როგორც უფალიც მოწმობს, ამბობს რა: „ჰოი, ნათესავი ურწმუნოი“ და კიდევ ამბობს: „შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“. იგი მოწაფეებსაც (იესოსი) აბრალებს, თიტქოს ყველა ისინი ურწმუნონი იყვნენ. მას კი მართებდა ყველას თვალწინ კი არ დაედო ბრალი, არამედ ცალკე, განმარტოებით. ამრიგად, ის ადამიანი, მივიდა რა იესოსთან, ბრალს სდებდა მოწაფეებს, რომ მათ ვერ შეძლეს მისი ძის განკურნება. მაგრამ ქრისტე თავად მის წინაარმდეგ აყენებს ბრალდებას და თითქოსდა ეუბნება: შენ არა გაქვს რწმენა და ამიტომ, თავად შენ ხარ დამნაშავე იმაში, რომ შენი შვილი არ განიკურნა. თუმცა, იესოს სიტყვები მხოლოდ ამ ადამიანს არ ეხება, არამედ ამას იგი საერთოდ ყველა იუდეველზე ამბობს, საყვედურობს რა მათ ურწმუნოებისდა გამო. ვინაიდან მრავალნი იქ მდგომარენნი შეიძლება დაბრკოლებულიყვნენ ამ შემთხვევით.

 

(თ. 9, მ. 19-27)

19. მიუგო იესუ და ჰრქუა: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! 20. და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაჲ იგი, მეყსეულად სულმან არაწმიდამან დააკუეთა იგი; და და-რაჲ-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა. 21. და ჰკითხა იესუ მამასა მისსა: რაოდენი ჟამი აქუს, ვინაჲთგან შეემთხჳა ესე? ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან. 22. და მრავალ-გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე, არამედ რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენთჳს. 23. ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. 24. და მეყსეულად ჴმა-ყო მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. 25. და ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ შეკრბებოდა ერი მის ზედა, შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა! 26. და ღაღატ-ყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან; და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკუდა. 27. ხოლო იესუ უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი, და აღდგა.

 

ხოლო როდესაც ამბობს იესო: „ვიდრემდე ვიყო თქუენდა“, ამით გამოხატავს, რომ მისთვის სასურველია სიკვდილი, ანუ თიტქოსდა ამბობს: სამძიმოა ჩემთვის ცხოვრება თქვენთან, ურწმუნოებთან. თუმცა ის არ კმაყოფილდება მხოლოდ საყვედურებით, არამედ კურნებას ანიჭებს, აღმოაჩენს რა ყრმის კურნებაში არა მაღალ გონიერებას, არამედ უფრო მეტად - სიმდაბლეს. ვინაიდან დააკვირდი არა თავის ზალას, არამედ იმ ადამიანის რწმენას მიაწერს კურნების აღსრულებას, ამბობს რა: „ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. ამასთან შერისხა არაწმიდა სულს, როდესაც დაინახა, რომ მასთან ხალხი იკრიბებოდა; კვლავ და კვალ იმიტომ, რომ არ სურდა განეკურნა დიდძალი ხალხის წინაშე, რათა ეჩვენებინა თავისი ძალა და მოეხვეჭა დიდება, ხოლო აკრძალვით და სიტყვებით: „განვედ მაგისგან და ნურარა შეხვალ მაგისას“ გვაუწყებს, რომ ამ ადამიანის ურწმუნოებისდა გამო ეშმაკს კვლავ შეეძლო მასში შესვლა, თუკი შერისხული არ იქნებოდა მისი აკრძალვით. მაგრამ მან მიუშვა ეშმაკი დაეკვეთებინა ყრმა, რათა ყველანი მიმხვდარიყვნენ ეშმაკის ცდუნებას და იმას, რომ ეშმაკს შეეძლო მოეკლა ადამიანი, ღმრთის ხელი რომ არ იფარავდეს მას. გადატანითი მნშჲვნელობით რომ ვთქვათ, ეშმაკი აგდებს ადამიანებს მრისხანებისა და ავხორცობის ცეცხლში და ყოფით საქმეთა მშფოთვარე ტალღებში. ეს ეშმაკი მუნჯია და ყრუ, - ყრუა, როგორც ის, ვისაც არ სურს ისმინოს ღმართაებრივი სიტყვები; მუნჯუ, როგორც ის, ვისაც არ ძალუძს სხვასაც ასწავლოს რაიმე სულისთვის სარგო. მაგრამ როდესაც იესო, ანუ სახარებისეული სიტყვა, უპყრობს ხელს ადამიანს, ანუ წარმართავს მის ქმედით ძალებს, მაშინ ის ტავისუფლდება ეშმაკისაგან. დააკვირდი აგრეთვე, რომ ღმერთი მზად არის დაგვეხმაროს, მაგრამ ჩვენ თავად ვამბობთ უარს ვაკეთოთ კეთილი საქმეები. ვინაიდან ნათქვამია: „წამოაყენა“ იგი იესომ, - აი ღმრთის შეწევნა, „და ისიც წამოდგა“. ანუ თავად ადამიანში აღიძრა გულმოდგინება კეთილი საქმისადმი.

 

(თ. 9, მ. 28-29)

28. და ვითარცა შევიდა იესუ სახიდ, მოწაფეთა მისთა თჳსაგან ჰკითხეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას? 29. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

 

მოწაფეებს ეშინოდათ, ხომ არ დაკარგეს მადლი, რომელიც ღმრთისაგან ჰქონდათ მინიჭებული, და ამიტომ ხომ არ იყო, რომ ვერ შეძლეს ეშმაკის განგდება. დააკვირდი მათ კრძალულებას იმაშიც, რომ იესოსთან ისინი განმარტოებისას მიდიან - „ესე ნათესავი“ რომელია? ნათესავი, რომელიც ესმაკეული ხდებოდა ყოველი ახალი მთვარის დროს, თუ საერთოდ ეშმაკთა მთელი მოდგმა, რომელიც სხვაგვარად არ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით. უნდა იმარხულოს მაინც, ვისაც სურს განიკურნოს; ერთსაც და მეორესაც ეს სჭირდება, განსაკუთრებით კი მოეთხოვება ეს თავად დამაშვრალს; მხოლოდ კი არ უნდა ვიმარხულოთ, არამედ ვილოცოთ კიდეც. და არა მხოლოდ ვილოცოთ, არამედ ვიმარხულოთ კიდეც. რამეთუ ჭეშმარიტი ლოცვა მაშინ აღესრულება, როდესაც მარხვასთანაა შეერთებული; როდესაც მლოცველი საკვებით არ არის დამძიმებული, ლოცულობს ადვილად და საძნელის გარეშე.

 

(თ. 9, მ. 30-31)

30. და მიერ განვიდეს და წარმოჰვლიდეს გალილეასა; და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ. 31. რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და, მო-რაჲ-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს.

 

ყველგან, სიტყვას თავის ვნებაზე, იესო აერთებდა სასწულებთან, რათა არ ეფიქრათ, რომ იგი უძულურებისდა გამო ევნო. და ახლა ეუბნება რა სამწუხარო სიტყვას, რომ „მოკლავენ“ მას, აყოლებს სასიხარულოსაც - რომ „მესამე დღესა აღდგეს“, რათა ვიცოდეთ, რომ მწუხარებას ყოველთვის სიხარული მოჰყვება, და ამიტომ არ დავეცეთ სულით, ტყულუბრალოდ, მწუხარებისას, არამედ რაიმე სასიხარულოსაც მოველოდეთ.

 

(თ. 9, მ. 32-37)

32. ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა. 33. და მოვიდა კაპერნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, და ჰკითხვიდა მათ, რასა-იგი იცილობდეს ურთიერთას გზასა ზედა. 34. ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი ვინ-მე უდიდეს იყოს? 35. და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა მათ და ჰრქუა: ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ. 36. და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი შორის მათსა და მკლავთა მიიქუა იგი და ჰრქუა მათ: 37. რომელმან ერთი ამათგანი ყრმაჲ შეიწყნაროს სახელისა ჩემისათჳს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი.

 

მოწაფეები, სჯიდნენ რა ჯერ კიდევ კაცობრივად, კამათობდნენ თუ ვინ უფრო უმეტესი და პატივდებული იყო ქრისტეს წინაშე. მაგრამ უფალი, თუმცა არ ძრახავს ჩვენს მისწრაფებას, უმეტესი პატივისკენ (რამეთუ გვიბრძანებს გვსურდეს უმაღლესი), მაგრამ არ გვრთავს ნებას სხვას წავართვათ პირველობა; პირიქით, სურს, რომ სიმდაბლით მივაღწიოთ ამაღლებას. ამრიგად, მან მოწაფეთა შორის ბავშვი ჩააყენა და გვასწავლის მას მივემსგავსოთ. ბავშვი ჩააყენა და გვასწავლის მას მივემსგავსოთ. ბავშვი არც დიდებას ესწრაფვის, არც შურს, არც ბოროტი ახსოვს. და არა მხოლოდ მაშინ მიიღებთ, ამბობს იესო, უდიდეს ჯილდოს, როცა თავად იქნებით ისეთები, როგორი ბავშვია, არამედ თუკი სხვა თქვენს მსგავსთაც შეიწყნარებთ ჩემი გულისთვის. და ამისთვის მიიღებთ ცათა სასუფეველს, რამეთუ მე შემიწყნარებთ; ხოლო თუკი მე მიმიღებთ, ჩემს მომავლინებელსაც მიიღებთ, ხედავ რა ძალა აქვს სიმდაბლეს და ზნეს უბრალოდა და უეშმაკოს? ეს ჩვენში ჩაასახლებს ძესა და მამის და მაშასადამე სული წმიდასაც.

 

(თ. 9, მ. 38-40)

38. მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს ჩუენ. 39. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა. 40. რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს.

 

არც რაიმე შეჯიბრის და არც შურის გამო, ძე ქუხილისა არ უკრძალავს იმ ადამიანს, განასხას ეშმაკები. არამედ სურს, რომ ყველა, ვინც ქრისტეს სახელს მოუწოდებს ქრისტეს, გაყვეს და რომ ყველა მოწაფე ერთ სხეულს შეადგენდეს. სახარების ქადაგების დასაწყისში ხდებოდა ესეც, რომ ზოგიერთებს, დიდებისმოყვარების ვნებით აღძრულთ, სურდათ სასწაულები მოემოქმედებინათ, მაგრამ ხედავდნენ რა, თუ როგორი ძალა ჰქონდა იესოს სახელს, ისინი მოუწოდებდნენ მას და ამგვარად იქმოდნენ სასწაულებს, თუმცაღა უცხონი და უღირსნი იყვნენ უფლის ღამრთაებრივი მადლისა, ვინაიდან უფალს სურდა, რათა მოძღვება გავრცელებულიყო უღირსთა მიერაც. რა ქნა მაცხოვარმა? მან არ დართო ნება იოანეს აეკრძალა სასწაულთა მოქმედებისთვის: „ნუ აყენებთ მას, - ეუბნება, - რამეთუ არავინ არს, რომელმან ქნეს ძალი სახელითა ჩემითა და ხელ-ეწიფოს ბოროტის - სიტყუად ჩემდა“. ანუ როგორ გამლანძრავს ის, ვინც ჩემი სახელით დიდებას იხვეჭს და ჩემი მოწოდებით სასწაულებს იქმს. ისე ჩანს, თითქოს უფალი თავის თავს ეწინააღმდეგება, რამეთუ სხვა ადგილას ამბობს: “ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემ წინააღმდეგაა“. მაგრამ ეს სიტყვები ნათქვამია ეშმაკებზე, რომლებიც ცდილობენ განოშორონ არსნი უფლისაგან და განაბნევენ ღმრთის საკუთრებას, აქ კი საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სხვათა, სასწაულმოქმედთა, მეშვეობით უფალთან მიიყვანებიან.

 

(თ. 9, მ. 41-42)

41. რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი. 42. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლის ქვაჲ ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა.

 

მეო, ამბობს, არა მხოლოდ არ ვუკრძალავ მას, ვინც ჩემი სახელით სასწაულებს იქმს, არამედ თუკი ვინმე რაიმეს მოგცემთ, თუნდაც მცირედს ჩემი სახელისთვი და არა საერთო კაცთა გულისათვის, ისიც კი არ დაკარგავს თავის სასყიდელს, ხოლო სასმისით წყალზე თქვა, მხედველობაში ჰყავდა რა ადამიანები, რომლებიც სიღარიბეს იმიზეზებენ. თუკი, ამბობს, სასმისით წყალს მაინც მისცემ, - ამაზე ნაკლები კი უკვე არაფერი შეიძლება იყოს, - ესეც კი არ დაგეკარგება, ხოლო თუკი პატივს მიაგებ ერთს ამ მცირედთაგანს, ამით ღმრთის გულს მოიგებ; თუუკი აცდუნე ერთი მცირედთაგანი, სცოდე: უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე შენთვის. ამით გამოხატავს, რომ ჩვენ, ამ შემთხვევაში, უმძიმეს სასჯელს დავექვემდებარებით. უფალმა მიუთითა გრძნობად ტანჯვაზე იმიტომ, რომ დავეშინებინეთ ამ ხილული მაგალითით.

 

(თ. 9, მ. 43-50)

43. და უკუეთუ დაგაბრკოლებდეს ჴელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა უჴელოჲსაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ჴელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა. 44. სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების. 45. და უკუეთუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა მკელობელისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორითა ფერჴითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა, 46. სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების. 47. და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი: უმჯობეს არს შენდა ერთითა თუალითა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორითა თუალითა შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისა უშრეტისასა. 48. სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების. 49. რამეთუ ყოველივე ცეცხლითა დაიმარილოს, და ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს. 50. კეთილ არს მარილი; ხოლო უკუეთუ მარილი უმარილო იქმნეს, რაჲთაღა შეინელოს იგი? გაქუს თავისა თქუენისა მარილი და მშჳდობით იყვენით ურთიერთას.

 

გამოთქვამს რა ამგვარ მუქარას მაცდუნებელთა წინააღმდეგ, რომ უმჯობესია მათთვის ზღვაში იქმნან შტაგდებულნი, უფალი მოძღვრავს ახლა მათ ვინც ცდუნდება, მოერიდონ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან აცდუნონ და გადაიყვანონ ისინი ჭეშმარიტი გზიდან. უკუეთუ მაცდუნებელი და შენი ცხონების გზაზე დამაბრკოლებელი შენი შინაურთაგანი, ან ხორციელ ახლობელთაგანი იქნება - მოიკვეთე იგი, ანუ უარყავი მისადმი სიყვარული და მეგობრობა. ხოლო მატლი და ცეცხლი ცოდვილებს, რომ სტანჯავს, თითოეულის სინდისის და ცხოვრებაში ცადენილ ბილწ საქმეათა გახსენებაა. იგი ღრღნის, როგორც მატლი და წვავს, როგორც ცეცხლი. ყოველივე, - ამბობს, - ცეცხლითა დაიმარილოს, ანუ გამოიცადოს, როგორც პავლე ამბობს, რომ ყოველივე ცეცხლმან გამოცადოს. (1, კორ. 3, 13) „და ყოველი შესაწირავი მარილით დაიმარილოს“ - ეს სიტყვები იესუმ ლევიტელთა წიგნიდან მოიყვანა (2, 13). ამრიგად, ჩვენი შესაწირავი ღვთაებრივი მარილით უნდა დავამარილოთ, ანუ შევწიროთ შესაწირავი არა მჭკნარი და სუსტი, არამედ მაგარი და ჯანმრთელი. მარილს, უფალი უწოდებს მოციქულებს და ყველა იმათ, ვისაც აქვთ მფარველი და შემაკავებელი ძალა. ვინაიდან, როგორც მარილი იცავს ხორცს და არ უშვებს, რომ მასში მატლებმა დაისადგურონ, ასევე მოძღვრის სიტყვა , თუკი იგი მტკიცე და შემადუღებელია, აკავებს რა ადამიანებს ხორციელ ვნებათაგან, არ ტოვებს მათში ადგილს დაუძინებელი მატლისათვის. თუკი თავად მოძღვარი იქნება უმარილო და არ ატარებს თავისში აღმძვრელ და შემაკავშირებელ ძალებს, მაშინ „რაითაღა დაიმარილოს“, ანუ რითიღა გამოვსწორდეთ? ამრიგად, გქნოდეთ თქვენში მარილი, ანუ განმამტკიცებელი და შემაკავშირებელი მადლი სულისა, რათა მშვიდობით იცხოვროთ ერთმანეთთან, დაუკავშირებთ, რა მოყვასს სიყვარულის კავშირით აი, რას ნისანვს გქნოდეს მარილი და აი რისთვისაა ნატქვამი სიტყვები: მშვიდბით იყვენით მოყვასთა მიმართ. ამგვარ ხალხზე სოლომონმა თქვა.

 

თავი მეათე

(თ. 10, მ. 1-9)

1. და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ. 2. ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა თჳსისა განტევებაჲ? და გამოსცდიდეს მას. 3. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე? 4. ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშორებისაჲ მიცემად და განტევებად. 5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათჳს დაწერა მოსე მცნებაჲ ეგე. 6. ხოლო დასაბამითგან დაბადებისაჲთ მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა: 7. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, 8. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. 9. რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ.


უფალი ხშირად ტოვებდა იუდეას ფარისეველთა სიძულვილის გამო მისდამი. მაგრამ ახლა ისევ მიდის იუდეაში, რამეთუ ახლოვდებოდა ჟამი მისი ვნებისა. თუმცა, იგი პირდაპირ იერუსალიმში კი არ მიდის, არამედ თავიდან „საზღვართა ჰურისტანისათა“, რათა სარგებელი მისცეს უბოროტო ხალხს; მაშინ როდესაც იერუსალიმი, იუდეველთა ვერაგობის გამო იყო შუაგული ყოველნაირი ღვარძლისა. და შეხედე, თავიანთი ღვარძლის გამო როგორ სცდიან უფალს, რადგან არ შეიძლიათ იმის ატანა, რომ ხალხმა ირწმუნოს მისი, არამედ ყოველთვის იმ განზრახვით მიდიან მასთან, რომ გასაჭირში ჩააგდონ და მიიმწყვდიონ იგი თავიანთი კითხვით. ისინი სთავაზობენ ისეთ კითხვას, რომელიც ორ ცეცხლს შუა ჩააგდებს მას; ნებართული თუა, ეკითხებიან, კაცმა თავისი ცოლი გაუშვას? ვინაიდან იტყოდა იგი, რომ ეს ნებადართულია, თუ იყოდა, რომ არ არის ნებადართული, ნებისმიერ შემთხვევაში დაადანაშაულებდნენ მოსეს სჯულის წინააღმდეგობაში. მაგრამ ქრისტე, ყოვლადბრძენი თვითარსი, პასუხობს მათ ისე, რომ იცილებს მათ მახეს. იგი ეკითხება, თუ რა ამცნო მათ მოსემ, ხოლო როდესაც პასუხობენ, რომ მოსემ ამცნო ცილის გაშვება, ქრისტე უხსნის მათ თავად სჯულს. მოსე, ამბობს იგი, არ იყო ისე უმოწყალო, რომ ასეთი მცნება მოეცა, მაგრამ მან დაწერა ეს თქვენი გულქვაობის გამო. იცოდა რა ებრაელთა არაადამიანურობა, იმგვარი, რომ მოკლავდნენ მას, მოსემ ნება დართო, რომ ქმარს გაეშვა ცოლი, რომელიც არ უყვარდა. მაგრამ დასაბამიდან ესე არ იყო:ღმერთი ორ პირს აერთიანებ ცოლ-ქმრული კავშირით, ისე რომ ისინი ერთს შეადგენდნე. ტოვებენ რა თავიანთ მშობლებსაც კი. დააკვირდი, რას ამბობს უფალი: უფალი არ რთავს მრავალჯერ ქორწინების ნებას ისე, რომ ერთი ცოლის გაშვება შეიძლებოდეს და მეორის შერთვა, ხოლო შემდეგ ისევ დატოვო ეს და სხვა შეირთო. ღმერთს, ეს რომ სდომოდა, იგი ქმარს ერთს შექმნიდა, ხოლო ცოლებს მრავალს; მაგრამ ასე არ მოხდა, არამედ „შექმნა ღმერთმა მამაკაცი და დედაკაცი, რათა ქმარი ერთ ცოლს შეერთოს. გადატანითი მნიშვნელობით ეს შეიძლება ასე გავიგოთ: სიტყვას მოძღვრებისა, აგდებს რა კეთილ თესლებს მორწმუნე ადამიანის გულში, ქმრის მნიშვნელობა აქვს მისი მიმღები სულისათვის, ხოლო დაუტევებს (სიტყვა მოძღვრებისა), „მამას თვისას“, - მაღალფარდოვან გონებას და „დედას თვისას“, - კაზმულ მეტყველებას. და შეერთვის „ცოლსა თვისას“, ანუ სარგებელს სულისა, მოერგება მას და ხშირად არჩევს არამაღლფარდოვან აზრებსა და უბრალო მეტყველებას. და მაშინ ორივენი ერთ ხორც შეიქმნებიან, ანუ სულს სწამს, რომ სიტყვამ (ღმრთისა) ხორცი შეიმოსა“, და უკვე არანაირ ადამიანურ გულისთმას არ შეუძლია განაშოროს სული ამგვარ რწმენას.

 

(თ. 10, მ. 10-12)

10. და მერმე სახლსა რაჲ შინა იყო, კუალად მისვე სიტყჳსათჳს ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: 11. უკუეთუ განუტეოს ქმარმან ცოლი თჳსი და შეირთოს სხუაჲ, მან იმრუშა. 12. და ცოლი თუ განვიდეს ქმრისაგან და შეერთოს სხუასა, მანცა იმრუშა.

 

რამდენადაც მოწაფენიც ცდუნდებოდნენ (ქმრისა და ცოლის გაყრის თაობაზე), ამდენად ისინიც მიდიან მასთან და იმავეს ეკითხებიან.მათი აზრთა წყობა ჯერ კიდევ მთლად ჯანსაღი არ იყო. უფალი პასუხობს მათ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავ, იგი მღუშობს ამ მეორე ცოლთან; ასევე ცოლიც, დატოვებეს რა ქმარს და სხვაზე გათხოვდება, მრუში ხდება.

 

(თ. 10, მ. 13-16)

13. და მოჰგურიდეს მას ყრმებსა, რაჲთა ჴელი დასდვას მათ; ხოლო მოწაფენი აყენებდეს მათ, რომელნი-იგი მოჰგურიდეს. 14. ვითარცა იხილა იესუ, შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ. 15. ამენ გეტყჳ თქუენ: რამეთუ რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას. 16. და შეიტკბობდა მათ და დაასხმიდა მათ ზედა ჴელთა და აკურთხევდა მათ.


დიდი იყო რწმენა ხალხში, როდესაც ქრისტეს მიერ მხოლოდ ხელდასხმასაც კი იღებდნენ, როგორც კურთხევას მასთან მოყვანილი ბავშვებისათვის. მოწაფეები კი არ უშვებდნენ მასთან მომყვანებს, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ ეს არ შეეფერებოდა მას. ქრისტე რაღას იქმს? ასწავლის რა მოწაფეებს სიმდაბლესა და ამსოფლიური ქედმაღლობის უარყოფას, იგი შეიწყნარებს და ეხვევა ბავშვებს. ამით იგი უჩვენებს, რომ შეიწყნარებს უბოროტოებს. ამიტომაც ამბობს: „ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი“. დააკვირდი, არ უთქვამს: ამ ბავშვებისაა „სასუფეველი ცათაი“, არამედ „ეგევითართა არს“, ანუ მათი ვინც ისეთსავე უვნებობას მოუხვეჭს, როგორიც ბავშვებს აქვთ ბუნებით. რამეთუ ბავშვეს არ შურს, არ ახსოვს ბოროტება. და ისჯება რა დედის მიერ, არ გარბის მისგან, არამედ ჯვალოს ტანსაცმელიც რომ ეცვას, დედოფალს ურჩევნია. ასევე, მართლათ მცხოვრებს ურჩევნია თავისი დედა ყველაფერს - ვგულისხმობ ეკლესიას - და არ იზიდავს ცხოვრებისეული საიმენი. სამაგიეროდ, უფალი ეხვავა ასეთებს, სიტყვებით: „მოვედით ჩემდა, ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი“ და აკურთხებს მათ, აუბნება რა: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო“. ცათა სასუფეველს უწოდებს აქ სახარების ქადაგებას და მომავალ სიკეთეთა აღთქმას. ამრიგად, ვინც მიიღებს ღმთაებრივ ქადაგებას, როგორც ბავშვი, ანუ სრულიად დაუფიქრებლად და არ დაუშვებს საკუთარ თავში ურწმუნოებას, იგი შევა ცათა სასუფეველში და მიიღებს მემკვიდრეობით იმ სიკეთეებს, რომლებიც უკვე შეიძინა რწმენით.

 

(თ. 10, მ. 17-22)

17. და ვითარცა გამოვიდა იგი გზასა, ესერა მდიდარი ვინმე მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე, ევედრებოდა მას და ეტყოდა: მოძღუარო სახიერო, რომელი საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო? 18. ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა ღმერთი მხოლოჲ. 19. მცნებანი იცნი: ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, ნუ დააკლებ კეთილის ყოფად, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა. 20. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: ესე ყოველი ვყავ სიჭაბუკით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე? 21. ხოლო იესუ მიჰხედა და შეუყუარდა იგი და ჰრქუა მას: უკუეთუ გნებავს სრულ ყოფაჲ, ერთიღა გაკლს შენ: წარვედ და, რაოდენი გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, აღიღე ჯუარი, მოვედ და შემომიდეგ მე. 22. ხოლო იგი შეწუხნა ამის სიტყჳსათჳს და წარვიდა მწუხარე, რამეთუ აქუნდა მონაგები ფრიად.

 

ზოგიერთები მცადარად წარმოადგენენ ამ ახალგაზრდას, როგორც ვერგსა და ცბიერ გამომცდელს. ეს ასე არ არის, იგი მხოლოდ ვერცხლის მოყვარე ადამიანი იყო და არა მომცდელი. ვინაიდან უსმინე, რას შენიშნავს მახარებელი: „იესუ მიჰხედა და შეუყვარდა იგი“. მაგრამ რატომ პასუხობდა ქრისტე ასე: „არავინ არს სახიერ?“ იმიტომ რომ იგი მივიდა ქრისტესთან, როგორც უბრალო ადამიანთან, როგორც ერთთან მრავალ მოძღვართაგან. ქრისტე თითქოსდა ასე ამბობს, თუკი შენ მომაგებ პატივს, როგორც უბრალო მასწავლებელს, ღმერთთან შედარებით არცერთი ადამიანი არ არის სახიერი. თუკი მაღიარებ მე ღმერთივით სახიერად, მაშინ რაღატომ მიწოდებ მხოლოდ მასწავლებელს. ასეთი სიტყვებით ქრისტეს სურს მიაწოდოს უმაღლესი აზრი საკუთარი თავის შესახებ, რათა მან შეიცნოს იგი, როგორც ღმერთი. გარდა ამისა ახალგაზრდის გამოსწორებისათვის, უფალი მას სხვა გაკვეთილსაც აძლევს: თუკი მას ვინმესთან საუბარი სურს, უნდა ისაუბროს მლიქვნელობის გარეშე, ხოლო საფუძველი და წყარო სათნოებისა ერთის ცოდნაა - ღმღტისა და მას უნდა მიაგებდეთ შესაფერის პატივს. თუმცა, მე მაოცებს ეს ახალგაზრდა იმით, რომ როდესაც ყველა სხვა ქრისტესთან სნეულებათაგან განსაკურნებლად მოდიოდა, იგი თავად სთხოვს საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებას - შეპყრობილი რომ არ იყოს იგი კიდევ უფრო ძლიერი ვნებით ვერცხლისმოყვარეობისა. ამ ვნების გამო, გაიგონა რა უფლის სიტყვები: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და მიეცი ღარიბებს, იგი „წარვიდა მწუხარე“. დააკვირდი, ამასთან რომ უფალს არ უთქვამს: გაყიდე ნაწილ-ნაწილ და დაარიგე, არამედ გაყიდე ერთბაშად და დაურიგე, ოღონდ გლახაკებსა და არა პირმოთნეებს და გარყვნილებს; შემდეგ „შემომიდეგ“, ანუ შეითვისე ყველა სხვა სათნოებაც. ვინაიდან, ბევრია ისეთი, ვისაც სურს და არ არის მომხვეჭელი, მაგრამ არა მდაბალი, ანდა მდაბალია, მაგრამ არაა მღვიძარე, ანდა აქვს სხვა რაიმე მანკიერება. ამიტომაც უფალი არ ამბობს მხოლოდე „განყიდე და მიეც გლახაკთა“, არამედ „აღიღე ჯუარი, და მოვედ, და შემომიდეგი“, რაც ნიშნავს მზად იყოს სიკვიდლისათვის მის გამო. „ხოლო იგი შეწუხნა ამის სიტყვისათვის და წარვიდა მწუხარე, რამეთუ აქუნდა მონაგები ფრიად“.ტულად არ არის დამატებული, რომ „აქუნდა მონაგები ფრიად“: ვინაიდან ციტას ქონაც კი ცუდია და სახიფათო, ხოლო მრავალი მონაგების, საკრველთაგან განთავისუფლება, სულაც შეუძლებელი. მაგრამ ის ვინც, ყმაწვილია სულიერად, თავქარიანი, უყურადღებო აზრებით, არ იმართება გონების მიერ, დაე ასევე გაყიდოს თავისი მონაგები: როგორიცაა: მრისხანება და ავხოცრობა, ყველაფერი იმით, რაც მისგან წარმოსდგება და მისცეს, გადაუგდოს ეშმაკებს, რომლებიც არსებითად გლახაკები არიან, მოკლებული ყოველგვარ სიკეთესა და სიმდიდრეს, ვინაიდან მოაკლდნენ ღმრთის მადლს. და შემდეგ გაჰყვეს ქრისტეს. ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია გაჰყვეს ქრისტეს, ვინც უარყოფს ცოდვათა სიმდიდრეს, რაც ეშმაკთა კუთვნილებაა. „განეშორე, ნათქვამია, ბოროტს“: ეს ნიშნავს, გადაუგდო ცოდვიანი სიმდიდრე გლახაკებს, ანუ სატანურ ძალებს: „და ჰქმენ კეთილი“, - რაც ნიშნავს, გაჰყვე ქრისტეს და აიღო მისი ჯვარი.

 

(თ. 10, მ. 23-27)

23. და მიმოიხილა იესუ და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუს საფასე. 24. ხოლო მოწაფეთა დაუკჳრდებოდა სიტყუასა ამას ზედა, ხოლო იესუ კუალად მიუგო და ჰრქუა მათ: რაოდენ ძნელ არს, რომელნი საფასეთა ესვენ, შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა! 25. უადვილეს არს აქლემი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. 26. ხოლო მათ უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს ურთიერთას: და ვის ძალ-უც ცხორებად? 27. მიჰხედა მათ იესუ და ჰრქუა: კაცთა მიერ შეუძლებელ არს, არამედ არა ღმრთისაგანცა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.

 

სიმდიდრე კი არაა, თავისთავად ბოროტება, არამედ ვინც მას უფღტხილდება, იგია ბოროტი და გაკიცხვის ღირსი. ვინაიდან კი არ უნდა გქონდეს იგი, ანუ ინახავდე, არამედ ისარგებლო მისით. იგი იმიტომაც იწოდება სიმდიდრედ, რომ განკუთვნილია სასარგებლოდ გამოყენებისთვის და არა შესანახად. ამიტომაც მისთვის, ვინც მას უფრთხილდება და კეტავს, ძნელია ღმერთის სასუფეველში შესვლა. ხოლო სიტყვა „ძნელია“, აქ იგივეა, რაც შეუძლებელია. მდიდარი ადამიანისთვის მართლაც ძნელია ხსნა. ეს ჩანს იმ მაგალითით, რომელსაც უფალი მოაყოლებს, ამბობს რა: „უადვილეს არ აქლემი ხურელსა ნემსისას განსვლად, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა, ღმრთისასა“. აქლემის ქვეშ იგულისხმება ან თავად ცხოველი, ან მსხვილი თოკი (ბაგირი), რომელსაც დიდ გემებზე იყენებდნენ. ამრიგად, ადამიანისთვის, სანამ იგი მდიდარია, შეუძლებელია გადარჩენა. მაგრამ ღმერთის მიერ ეს შესაძლებელია. ქრისტემ თქვა: „იხსენით თავისა თქვენისა მეგობარნი მამონაისა მისგან სიცრუვისა“. ხედავ, როგორ ხდება ყველაფერი შესაძლებელი, როდესაც ღმღტის სიტყვა გვესმის! „კაცთა მიერ შესაძლებელ არს“, ანუ შეუძლებელია მაშინ, როდესაც ადამიანურად ვსჯით. მაგრამ რატომ გაიკვირვეს მოწაფეებმა ამ სიტყვებზე? თავად ხომ არასოდეს ყოფილან მდიდრები? ვიფქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ყველა ადამიანზე ზრუნავდნენ, ვინაიდან უკვე ნელ-ნელა კაცთმოყვარენი ხდებოდნენ. ზოგიერთნი საგონებელში არიან ჩავარდნილნი, თუ როგორ თქვა ქრისტემ, რომ „ყოველი შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“. ნუთუ მას შეუძლია შესცოდოს კიდეც? ამაზე ჩვენ ვპასუხობთ, რომ როდესაც ქრისტე ამბობს: „ყოველივე“, გულისხმობს ყოველივე არსებითს, მაგრამ ცოდვა არ არის რაიმე არსების მქონე: ცოდვა არის რაღაც არაარსებითი, არაქმედითი, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცოდვა არის არა ძალის, არამედ უძლურების კუთვნილება, როგორც მოციქულიც ამბობს: „ქრისტე, ვიდრე იგი ჩვენ უძლურღა ვიყვენით... მოკუდა“ (რომ. 5. 6), და დავითიც ამბობს: „და გამრავლდეს უძლურებანი მათნი“ (ფსალ. 15, 4). მაშასადამე, ცოდვა, როგოც უძულურება, შეუძლებელია ღმრთისათვის. მაგრამ შეუძლია ღმერთს, ამბობენ, რომ არსებული გახადოს თითქოსდა არ არსებულად, სიცრუეა. მაშ როგორღა იქმს ჭეშმარიტება სიცრუეს? ამისთვის მას ჯერ საკუთარი არსება უნდა შეეცვალა. ამგვარად, საუბარი ნიშნავს იმასვე, რომ ღმერთს შეუძლია არ იყოს ღმერთი.

(თ. 10, მ. 28-31)

28. იწყო პეტრე სიტყუად მისა და ჰრქუა: აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველივე და შეგიდეგით შენ. 29. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, გინა დანი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ცოლი, გინა შვილნი, გინა აგარაკნი ჩემთჳს და სახარებისა ამისთჳს, 30. უკუეთუ არა მოიღოს ასი წილი აწ ჟამსა ამას სახლი და ძმანი და დანი, მამაჲ და დედაჲ და შვილნი და აგარაკნი შემდგომად დევნისა და საუკუნესა მას მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ. 31. ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანაჲსკნელ, და უკუანაჲსკნელნი პირველ.


თუმცა პეტრემ მცირედი დატოვა ქრისტეს გულისათვის, მაგრამ ამ მცირედსაც „ყოველივეს“ ეძახის. როგორც ჩანს, მცირედსაც შეიძლება მიეჯაჭვო; ამიტომაც ნეტარების ღირსია ისიც, ვინც მცირედს ტოვებს. მხოლოდ პეტრე ეკითხებოდა ქრისტეს, მაგრამ უფალი ყველასთვის საერთო პასუხს აძლევს: ყველა, ვინც დატოვებს ცოლს ან დედას, ამას იმიტომ კი არ ამბობს, რომ უმწეო მშობლეი დავტოვოთ, ანდა გავშორდეთ ცოლებს, არამედ გვასწავლის ღმღტის სათნოყოფა ვარჩიოთ ყოველივე ხორცილეს, ვინაიდან სახარების ქადაგებას უნდა მოჰყოლოდა ადამიანებს შორის უთანხმოების გაჩაღება, ისე რომ შვილებს უარი უნდა ეთქვათ მამებზე, ამიტომაც უფალი ამბობს: ვინც სახარების გულისთვის დატოვებს ხორციელ ნათესაობას და ყოველივე ხორციელს, ის ამ სოფელშიც მიიღებს ყველაფერს ასჯერ უფრო მეტს და მომავალშიც - საუკუნო ცხოვრებას. ამიტომ ცოლებსაც ასჯერ მეტს ხომ არ მიიღებს? და თუმცა, წყეული იულიანეც იცინოდა ამაზე, მითხარი, მაინც რას აკთებს სასარგებლოს ცოლი ქმრის მეურნეობაში? საერთოდ იგი ზრუნავს საკვებზე და ტანსაცმელზე ქმრისათვის და ამ მხრივ, ქმარს სავსებით უზრუნველყოფს. შეხედე, როგორ ხდება ეს მოციქულებთან. რამდენი ცოლი ზრუნავდა მათთვის ტანსაცმლისა და საკვებისა მისატანად და ემსახურებოდა მათ, ისე რომ თავად ისინი არაფერზე ზრუნავდნენ, გარდა სიტყვისა და სწავლებისა! ამის მსგავსად მოციქულებს მრავალი მამა და დედა ჰყავდათ, როგორებიც იყვნენ მათთვის ყველა მათი მოყვარული და მათზე გულითადად მზრუნველი. პეტრემ დატოვა ერთი სახლი, ხოლო შემდგომში ჰქონდა, (როგორც თავისი) ყველა სახლი თავისი მოწაფეებისა. მას ახლაც აქვს მთელს დედამიწაზე ნათელი სახლები - მისი სახელობის ტაძრები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ წმინდანებმა ყველაფერი ეს მემკვიდრეობით მიიღეს დევნილებაში, ანუ იყვნენ რა დევნილნი ქრისტეს რწმენისათვის და სასტიკ ტანჯვაში, მაგრამ მათი ტანჯვა არ იყო დამცირებული მათთვის. ვინაიდან ისინი, ჩანდნენ რა ამ სოფელში უკანასკნელნი, მათ მიერ გადატანილ მწუხარებათა და დევნილებათა მიზეზით, მომავალ ცხოვრებაში პირველი იქნებიან თავიანთი მტკიცე სასოების გამო ღმრთისადმი. ფარისევლები, იყვნენ რა პირველნი, გახდნენ უკანასკნელნი, ხოლო ისინი, ვინც ყველაფერი დატოვა და ქრისტეს გაჰყვა, პირველები გახდნენ.

 

(თ 10. მ. 32-34)

32. და იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინა-უძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად იყო მისა, 33. ვითარმედ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა; 34. და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.

 

რატომ უწინასწარმეტყეველბს ქრისტე მოწაფეებს თუ რა მოელის მათ სულიერი განმტკიცებისათვის, რათა წინასწარ გაიგებდნენ რა ამის შესახებ, მამაცურად გადაეტანათ, როდესაც ეს აღსრულდებოდა და არ შეძრწუნებულიყვნენ მოულოდნელობისაგან; ამასთან, მათ უნდა სცოდნოდათ, რომ იგი საკუთარი ნებით ევნება, ვინაიდან ვინც წინასწარ განჭვრიტა ვნებანი, მას შეეძლო აეცილებინა კიდეც ისინი, ხოლო რამდენადაც არ გაექცა, ცხადია, რომ საკუთარი ნებით სწირავს თავს ტანჯვისათვის. რამდენადაც საკუთარ ვნებათა შესახებ, მხოლოდ უახლოეს მოწაფეებისთვის უნდა გაემხილა, ამიტომაც ის წინ უსწრებს ყველას გზაზე, სურს რა გამოაცალკევოს მოწაფეები ხალხისაგან. ასევე, თავისი წინსწრებით ყველასთვის და სიჩქარით გზაზე, უფალი გვიჩვენებს იმასაც, რომ იგი ესწრაფვის ტანჯვას და არ გაურბის სიკვდილს ჩვენ ხსნისათვის. ყოველივე, რასაც წარმოსათქვამს იგი ამ შემთხვევაში, თუმცა სამწუხაროა, მაგრამ ამ ყველფრის გამო იმით გვამშვიდებს, რომ „მესამესა დღესა აღდგეს“.

 

(თ. 10, მ. 35-38)

35. და მოვიდეს მისა იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა რომელი გთხოოთ, მიყო ჩუენ. 36. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან, რაჲთა გიყო თქუენ? 37. ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა. 38. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად?


სხვა მახარებელი (მათე 20, 20) ამბობს, რომ მათი დედა (იაკობისა და იოანესი) მიუხედავად იესოს, მაგრამ როგორც ჩანს, ერთიც იყო და მეორეც: ამ ორმა მოციქულმა, რცხვენოდათ რა სხვების, წინ დედა გაგზავნეს, ხოლო შემდეგ თავადაც მიეახლნენ გამორჩეულად, როგორც ამას აღნიშნავს მახარებელი, ამბობ რა, „და მოვიდეს მისა“. ანი სხვებისგან განცალკვებით. რას ითხოვდნენ ისინი? ქრისტეს იერუსალიმში შესვლა, რომლის შესახებაც იგი მოწაფეებს ესაუბრებოდა, მათ ასე გაიგეს, რომ იგი მიდის ხორციელი მეფობის მისაღებად და უკვე გამეფების შემდგონ დაითმენს იმ ვნებებს, რომლებზეც წინასწარმეტყველებდა. ფიქრობდნენ რა ასე, ისინი ითხოვდნენ ქრისტეს მარჯვენით და მარცხენით დაჯდომას. ამიტომაც უფალი საყვედურობ მათ, როგორც ვერ გულისხმისყოფელთ, თუ რას ითხოვენ „არ იცით, - ამბობს, - რასა ითხოვთ“. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემი მეფობა ხორციელი იქნება, ამიტომაც ხორციელად დაჯდომას ითხოვთ; არა, ეს ესე არაა: ეს ადამიანურ გაგებაზე მაღლა დგას და ჩემს მარჯვენით დაჯდომა ყველაზე უფრო დიადი რამაა, რომელიც აღემატება ანგელოზთა რიგსაც კი. ამასთან ტქვენ ოცნებობთ დიდებაზე, მე კი სიკვდილზე წასასველად მოგიწოდებთ. სასმისსა და ნათლობას იგი ჯვარს უწოდებს: სასმისს, იმირომ, რომ ჯვარს, როგორც ღვინით სავსე სასმისს, მალევე უნდა მიეყვანა იგი სასიკვდილო ძილამდე და იგი მზად იყო სასმისი ტანჯვისა მიეღო, როგორც მისთვის ტკბილი სასმელი; ნათლობას კი - იმიტომ, რომ ჯვარის მეშვეობით მან მოახდინა ჩვენი ცოდვების განწმენდა. მაგრამ მოწაფეები, რომლებიც ვერ გულისხმაყოფენ უფლის სიტყვებს, თავის მხრივ, იძლევიან დაპირებას, ფიქრობენ რა, რომ იგი გრძნობად სასმისზე ლაპარაკობს და იმ ნათლობაზე, იუდეველბს რომ ჰქონდათ, რომლებიც საზრდელის მიღების წინ იბანებოდნენ.

 

(თ. 10, მ. 39-40)

39. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალ-გჳც. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, სუათ, და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ. 40. ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს.

 

თქვენო, ეუბნება, მოწამეობის ღვაწლში შეხვალთ და მოკვდებით ჭეშმარიტებისათვის, „ხოლო დაჯდომაი მარჯვენით ჩემსა და მარცხენით ჩემსა არა არს ჩემი მიცემად“, მაგრამ აქ წარმოიშობა ორი გაუგებრობა. პირველი: განმზადებულია თუ არა ვინმესთვის ეს დასჯდომელი? ვპასუხობთ: არავინ არ იჯდება არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ხოლო თუკი გესმის კიდეც, რომ წმიდა წერილში მრავალგზისაა საუბარი ამგვარ დასაჯდომელზე, იგულისხმება არა დასაჯდომელი (საკუთრივ), არამედ უმაღელის პატივი. ხოლო სიტყვებს: „არა არს ჩემდა მიცემად“ შემდეგი მნიშვნელობა აქვს: მე, სამართლიან მსაჯულს, არ მჩვევია მოგაგოთ თქვენ ამგვარი პატივი მხოლოდ თქვენდამი სიყვარულის გამო; სხვაგვარად არ ვიქნებოდი სამართლიანი, არამედ ამგვარი პატივი გამზადებულია მხოლოდ ღვაწლში მყოფთათვის. ეს იმის მსგავსია, რომ სამართლიანი მეფეს სხვებზე მაღლა დაესვა რომელიმე მოღვაწე, ხოლო მისი რჩეულნი მოსულიყვნენ და ეთქვათ მისთვის: „მოგვეცი ჩვენ გვირგვინები“, მაშინ მეფე, რაღა თქმა უნდა, უპასუხებდა „ჩემზე არ არის დამოკიდებული“, არამედ ვინც იღვაწებს და გაიმარჯვებს, გვირგვინიც მისთვისაა გამზადებული. ამრიგად, თქვენ, ზებედეს ძენო, შეგიძლიათ და ეწამებით კიდეც ჩემთვის; მაგრამ თუკი სხვა მოწამეობრივ ღვაწლთან ერთად, ყველა სხვა სათნოებაც ექნება ტქვენზე მეტი, მას უპირატესობა ექნება თქვენს წინაშე.

 

(თ. 10, მ. 41-45)

41. და ესმა რაჲ ესე ათთა მათ, იწყეს რისხვად იაკობისა და იოვანესა. 42. ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა? 43. ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის. არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ; 44. და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა. 45. და რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა.

 

მოწაფენი, სჯიდნენ რა კვალაც ადამიანურად, შურით აღივსნენ, ამიტომაც გული მოსდით ამ ორ მოციქულზე. მაგრამ, როდის? როდესაც დაინახეს, რომ ამ უკანსაკნელთა თხოვნა არ შეიწყნარა უფალმა, არამედ უარი უთხრა, მაშინ აღშფოთდნენ. სანამ უფალი თავად ანიჭებდა უპირატესობას იაკობსა და იოანეს, სხვა მოწაფეები, ხედავდნე რა ამას, ითმენდნე; მაგრამ, როდესაც ამ ორმა მოწაფემ თავად დაიწყო თავისთვის პატივის თხოვნა, სხვებმა უკვე ვეღარ მოითმინეს. ისინი ამ დროს ჯერ კიდევ არ იყვნენ სრულყოფილნი! მაგრამ შემდგომში დავინახავთ, როგორ უთმობდა თითოეული მათგანი სხვას პირველობას. ახლა კი ქრისტე მკურნალობს მათ თავისთან, რაც აღინიშნება კიდეც სიტყვით „მოიხმო“. შემდეგ უჩვენებს, რომ სხვებისთვის პატივის წართმევა და პირველობისაკენ სწრაფვა, წარმართთა საქმეა. ვინაიდან წარმართი მმართველნი ძალით უმორჩილებენ სხვებს თავიანთ ძალაუფლებას. ჩემი მოწაფეები კი, ამბობს, ასე არ არიან: არამედ ვისაც სურს მათგან იყოს დიდი, დაე ყველას ემსახუროს, იმიტომ, რომ ესეც დიადი სულის ნიშანია - ყველასაგან დაითმინო და ყველას ემსახურო. ამისი მაგალითი კი იქვეა: „რამეთუ ძე კაცია არა მოვიდა, ვითარცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთა“, ეს კი უფრო მეტია, ვიდრე მსახურება. მართლაც, არა მხოლოდ ემსახურო, არამედ მოკვდე კიდეც იმისთვის, ვისაც ემსახურები, - რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ამაღლებული და შესანიშნავი? მაგრამ ამგვარი მსახურება და სიმდაბლე უფლისა იყო სიმაღლე და დიდება როგორც თავად მისთვის, ასევე ყველასთვის, ვინაიდან განკაცებამდე იგი ცნობილი იყო მხოლოდ ანგელოზთათვის, ხოლო განკაცებისა და ჯვარცმის შემდგომ, არა მხოლოდ აქვს ის დიდება (ზეციური), არამედ მიიღო სხვაც: და მთელს სამყაროზე მეფობს.

 

(თ. 10, მ. 46-52)

46. და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარცა გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი იერიქჲთ და ერი მრავალი მათ თანა, ძე ტიმესი ბარტიმეოს, ბრმაჲ, ჯდა გზასა თანა მთხოვლად. 47. და ესმა რაჲ, რამეთუ იესუ ნაზარეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყუად: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე! 48. და ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რაჲთა დადუმნეს; ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა: ძეო დავითისო, შემიწყალე მე! 49. დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი და მოუწოდეს ბრმასა მას და ეტყოდეს: ნუ გეშინინ, აღდეგ, გიწესს შენ. 50. ხოლო მან დააბნია სამოსელი თჳსი და აღდგა და მოვიდა მისა. 51. მიუგო და ჰრქუა მას იესუ: რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო ბრმამან მან ჰრქუა მას: რაბი, რაჲთა აღვიხილნე თუალნი ჩემნი. 52. ხოლო იესუ ჰრქუა მას: გუალე, ვიდოდე, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას გზასა ზედა.

 

მათე საუბრობს ორ ბრმაზე: და შესაძლოა, ორი იქნა განკურნებული; მაგრამ, როგორც ჩანს, ერთმა მათგანმა უფრო მეტად მიიქცია ყუადღება, იმან ვისაც ახლა მარკოზი იხსენიებს. მაგრამ შეხედე, როგორ სცემს თაყვანას ხალხი იესოს: უკრძალავს კიდეც ბრმას ყვირილს, თითქოსდა იქ რომელიმე მეფეს გაევლო. ხოლო ეკითხება იესო ბრმას იმიტომ, რომ არა თქვან, თითქოს ის იმას არ აძლევს, რაც ბრმას სურდა. და კეთილადგანმსჯელი იყო სული ბრმისა, ვინაიდან განკურნების შემდგომ მან არ დატოვა იესო, არამედ გაჰყვა მას. ხოლო (სხვაგვარად) შეიძლება ვიგულისხმოთ ასეც: ბრმა, რომელიც აქ ზის, არის სახე ადამიანური ბუნებისა, რომელიც ოდესღაც იშვილა უფალმა, ყოველგვარი მიწიერ პატივზე აღმატებული; სწორედ იგი უხმობდა ქრისტეს, რომელმაც იერიქონი, ანუ ეს სოფელი გაიარა. ხოლო ქრისტემ შეიყწალა იგი და აცხოვნა სარწმუნოებისდა შესაბამისად, როდესაც მან შემოიძარცვა ცოდვის ძველი სამოსელი. ცხონების მიღებასთან ერთად, იგი გაჰყვა მას (ქრისტეს), ასრულებდა რა მცნებებს თავის გზაზე, ანუ ამ ცხოვრებაში. ვინაიდან მხოლოდ ამ ცხოვრებაში შეიძლება გაჰყვე ქრისტეს, ხოლო მის შემდეგ უკვე იხურება კარები (ცხონებისა) და უკვე აღარ იქნება დრო ღმრთის მცნებათა აღსრულებისა.

 

თავი მეთერთმეტე

(თ. 11, მ. 1-6)

1. და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი 2. და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ. 3. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა. 4. ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი. 5. ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას? 6. ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ.

 

იესო ხშირად შედიოდა იერუსალიმში სხვა დროსაც, მაგრამ არასოდეს შესულა ასეთი დიდებით, როგორიც ახლა. ადრე, იუდეველთა შურის გამო, იგი იმალებოდა, ხოლო ამჟამად, რამდენადაც დადგა თავად მის მიერვე განსაზღვრული დრო ტანჯვისა, მოდის ღიად, რათა მათ, თუკი მოისურვებენ, - გულისხმაჰყონ მისი დიდება და მასზე აღსრულებული წინასწამერტყველების წყალობით შეიცნონ ჭეშმარიტება. ხოლო თუკი არ მოისურვებენ გულსხმიყოფას, რათა ეს გარემოება მათი უმეტესი განსჯის მიზეზი გახდეს, როგორც იმათი, ვინც არ ირწმუნა ამდენი შესანიშნავი სასწაულის შემდეგაც. ვინაიდან იხილე, რამდენი ნიშანია აქ! უფალმა უთხრა მოწაფეებს, რომ ჰპოვებენ: „კიცვსა კარაულისასა“; უთხრა, რომ მათ აუკრძალავენ, ხოლო შემდეგ როდესაც მოწქაფეები ეტყვიან, რომ უფალს სჭირდება, დართავენ ნებას (წაყვანისა). ვინაიდან უმნიშვნელოა არაა ისიც, რომ მოციქულებს დართეს ნება წაეყვანათ კიცვი; ეს არ მოხდებოდა მათ მფლობელებზე ღმრთის ძალას, რომ არ ემოქმედა, რომელიც ვირის კიცვის გასაშვებად აღძრავდა. ისინი ღარიბი და მშრომელი ადამიანები იყვნენ და უნდა ვიცოდეთ, რომ უფალს ეს ყუილუბრალოდ არ გაუკეთებია, ვინაიდან მანამდე იგი არ ითხოვდა ვირის კიცვს, მაგრამ ფეხით მრავალგზის შემოივლიდა ხოლმე გალილეიასა და იუდეას, არამედ ამით მან აჩვენა, რომ წარმართ ხალხებსაც დაიმორჩილებს, ვირის კიცვივით ურჩებსა და უმეცრებს: ისინი დაბმულნი იყვნენ თავიანთი ცოვდებით „გარეშე შესავალთა“, ანუ ამ ცხოვრებაში „კართათანა“ ანუ ეკლესიის გარეთ. მაგრამ მოწაფეებმა ახსენეს ისინი ნათლობისა სარწმუნოების მეშვეობით და მათ ასწიეს თავიანთი მხრებით უფალი, ხოლო მოციქულებმა დააფინებს მათზე თავიანთი შესამოსელი, ანუ ყველა ჭეშმარიტი კანონი სათნოებისა. წინათ წარმართები იყვნენ რა შიშველნი, იყვნენ უმსგავსნი და უკანონო საქმეებს სჩადიოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიყვანილნი იქნენ (ქრისტესთან) მოციქულთა მიერ, მათ ისწავლეს კეთილკრძალული სვლა, ამიტომაც შეძლეს ქრისტეს აწევა. ვინ იყვნენ ჩოჩორის მფლობელები, რომლებმაც აუკრძალეს მოციქულებს მისი წაყვანა? ეჭვგარეშეა, რომ ეშმაკები. თუმცა მოციქულები მათზე ძლიერები იყვნენ.

 

(თ. 11, მ. 7-10)

7. და მოიყვანეს კიცჳ იგი იესუჲსა. და დაასხეს მას ზედა სამოსელი მათი, და დაჯდა მას ზედა. 8. და მრავალნი სამოსელსა მათსა დაუფენდეს გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. 9. და რომელნი წინა-უძღოდეს და რომელნი უკუანა შეუდგეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა მაღალთა შინა! კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! 10. კურთხეულ არს მოსლვაჲ მეუფისა დავითის, მამისა ჩუენისაჲ! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!

 

სანამ უბრალო ხალხი გარყვნილა, იგი შეიმეცნებს სასარგებლოს. აი, რატომ მიაგებს ახლა პატივს იესოს, თითოეული თავისი ზალისამებრ. მაგრამ რას ამბობდნენ ისინი, განადიდებდნენ რა მას? ხსენებული საგალობელი მათ დავითისგან ისესხეს. სიტყვა „ოსანა“, პირველთა აზრით, ცხონებას ნიშნავს, ხოლო მეორეთა აზრით - „გალობას“, მაგრამ პირველი აზრი უფრო უკეთესია, ვინაიდან 117-ე ფსალმუნში ნათქვამია „ჰოი უფალო“, მაცხოვნე მე“. ხოლო ებრაულად წერია „ოსანა“. დავითის მეუფებას ისინი უწოდებდნენ ქრისტეს მეუფებას, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ქრისტე წარმოსდგებოდა დავითის თესლისაგან, მეორეც იმიტომ, რომ დავითი ნიშნავს ძლიერს ხელით. ხოლო ვინაა მეორე ისეთი ძლიერი ხელის, როგორიც უფალი, რომლის ხელებმაც ასეთი საკვირველი საქეენი მოიმოქმედეს? არამედ დავუფინოთ ჩვენც ჩვენი შესამოსელი, ანუ ჩვენი ხორცი, ვინაიდან ხორცი არის სამოსელი სულისა, დავუმორჩილოთ იგი უფალს. განუვმზადოთ ჩვენც ჩვენი ცხოვრების გზა, მოვჭრით რა ხეთაგან რტოებს, ანუ მივბაძავთ რა წმინდათა ცხოვრებას. ვინაიდან წმინდანნი ხეებს ჩამოჰგვანან, რომლისგანაც რტოებს ჭრის მათი სათნოებების მიმბაძველი. არამედ ჩვენი საქმეები, როგორც წინამორბედნი, ისე შემდგომნი, დაე ღმრთის სადიდებლად იყოს. ვინაიდან მავანთა წინამორბედ ცხოვრებაში კეთილი საქმე აჩვენეს; თუმცაღა პირიქით, მათი შემდგომი ცხოვრება ასეთი არ იყო და ღმრთის დიდებას არ ემსახურებოდა.

 

(თ. 11, მ. 11-14)

11. და შევიდა იესუ იერუსალჱმდ და ტაძარსა მას და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი. და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა. 12. და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდეს იგინი ბეთანიაჲთ, შეემშია. 13. და იხილა ლეღჳ ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაჲმე პოვა მას შინა. და მოვიდა რაჲ მისა, არარაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳისაჲ. 14. და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა.

 

იესო შევიდა ტაძარში და მალე უკანვე გამოვიდა, გვიჩვენა რა ამით, რომ უკვე ტოვებს მას გასაპარტახებლად და განსაძარცვად. იგი მიდი ბეთანიაში, რაც ნიშნავს მორჩილებს სახლს, რადგან დატოვებს რა ურჩ და გულქვა ადამიანებს, ახლა მოწაფეებთან ერთად მის მორჩილებთან მიემართება. მაგრამ განვიხილოთ ლეღვის ამბავიც, რადგან აქ, როგორც ჩანს, ვლინდება რაღაც უცნაური და სასტიკი. ჯერ ერთი, იესოს ადრე მოშივდა; მეორეც, იგი ითხოვს ნაყოფს, როცა ჯერ კიდევ არ დამდგარა დრო ლეღვობისა და კიდევ ის რომ სჯის უგრძნობ ხეს. რადგან იმაში, რასაც იგი აქ ამბობს და აკთებს, განსაკუთრებული წინასწარგანზრახულებაა. აქამდე ხშირად იქმოდა იესო სასწაულებს, მაგრამ მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ. თუმცა მოწაფეებს ჯერ არ უნახავთ მას ვინმესთვის ბოროტება გაეკეთებინოს. ახლა, რათა უჩვენოს მოწაფეებს, რომ მას დასჯაც შეუძლია და თუკი მოისურვებს, შეუძლია ერთ საათსი დაღუპოს მისი ჯვარცმის მსურველნი, იგი თავის ძალას უგრძნობ ხეზე გვიჩვენებს. და სასწაული იყო მართლაც დიდი იმით, რომ ასეთი წვნიანი ხე მყისიერად გახმა. რადგანაც ლეღვი თითქმის ყველა ხეზე უფრო წვნიანია. ხოლო ის, რომ მას დილით ადრე მოშივდა, ეს მან თავისი სხეული განსაკუთრებული წინასწარგანზრახულებით მიუშვა და ნაყოფს დროზე ადრე ეძიაბეს იმ მიზნით, რათა, როგორც ზემოთ ვთქვი, უჩვენოს მოწაფეებს, რომ მას დასჯაც შეუძლია. ეს ლეღვის ხე კი, ამსთან ერთად, იყო სახე იუდეველთა სინაგოგისა, რომელსაც მხოლოდ ფოთლები ჰქონდა, ანუ სჯული, რომელიც მარტო ჩრდილს იძლეოდა, ხოლო ნაყოფი მათ სულაც არ ჰქონდათ. მაგრამ, იესოს მათი ცხონება მოშივდა. იგი ამბობს: „ჩემი წამადი არს, რათა ვყო ნებაი მომავლინებელისაი ჩემისაი“, ხოლო ეს ღმნრთის ნება იმაში მდგომარეობს, რომ მოაქციოს ცოდვილნი. რამდენადაც სინაგოგას არ ჰქონდა ნაყოფი, იგი დაწყველილ იქნა და განხმა, აღარც წარმოუშვია რა (ამის შემდეგ თავის წიაღში) აღარც წინასწარმეტყველნი და აღარც მოძღვარნი.

 

(თ. 11, მ. 15-18)

15. და მოვიდეს იერუსალჱმდ, და შევიდა იესუ ტაძარსა მას და იწყო გამოსხმად განმსყიდელთა მათ და მომსყიდელთა მიერ ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ და დასასხდომელები იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ დაუმჴუა. 16. და არა უტევებდა, რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით. 17. და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა. 18. და ესმა ესე მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკჳრვებულ იყო მოძღურებასა მას მისსა.

 

იესოს მიერ მეკერპეთა გამოდევნის შესახებ ვიამბობს იოანეც, მაგრამ ის ამბობს ამის შესახებ სახარების დასაწყისში: ამის საწინაარმდეგოდ, მარკოზი - ბოლოსკენ. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს (უაკანსკნელი) გამოდევნა იყო მეორე, რაც იმას ემსახურებოდა, რომ იუდეველნი უმეტესად განსჯილიყვნენ. რამდენადაც ისინი არ მოექცნენ, მიუხედავადა იმისა, რომ უფალი არაერთგზის ექცეოდა მათ ასე. ტაძარს იგი „ქუაბ ავაზაკთა“-ს უწოდებს მეკერპეთა ანგარებისდა გამო. რადგანაც ავაზაკთა მოდგმას ზარცვა სჩვევია. და რადგან გამყიდველები ტაძარში შესაწირი ცხოველებით ვაჭრობდნენ, ანგარების მიზეზით, მეკერმენი ფულის გადაცვლით იყვნენ დაკავებულნი. მათ მამხილებლად უფალი წინასწარმეტყველ ესაიასაც წარმოგვიდგენს, რმელიც ამბობს: „სახლსა ჩემსა, სახლ სალოცავ ეწოდოს“ (ესაია. 56, 7) ვილოცოთ, რომ ჩვენც არ გაგვაძევონ ეკლესიიდან! რადგან მრავალნი დადიან ჩვენს დროშიც ეკლესიაში იმისთვის, რომ გაყიდონ კეთილი და იყიდონ მდარე. არიან ისეთებიც, რომლებიც აწყობენ და მართავენ რა საეკლესიო საქმეებს, აქვთ მაგიდები, ფულით სავსე: ისინი ყველაფერს ანგარების გამო აკეთებენ. ემხობა აგრეთვე მტრედებთა გამყიდველი დასაჯდომლები, ანუ მთავარეპისკოპოსთა ტახტები, რომლებიც სულიერი შესაწირავით ვაჭრობენ, ვინაიდან მტრედი არის სახე სულიწმიდისა. დაე, განაგდოს უფალმა ამგვარი ეპისკოპოსი ეპისკოპოსობისაგან, რადგან წყეულია ის, ვინც ხელს დაასხამს ფულის გამო.ამის მსგავსად ყიდის მტრედს ისიც, ვინც მიჰყიდის ეშმაკს მადლსა და სიწმინდეს, რომელიც ნათლისღებით მიიღო. ამიტომაც განიგდება იგი ეკლესიიდან.

 

(თ. 11, მ. 19-23)

19. და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდა გარეშე ქალაქსა. 20. და ვითარცა თანა-წარჰვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითაგან. 21. და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: რაბი, აჰა ლეღჳ იგი, რომელსა სწყევე, განჴმა. 22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: 23. გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრე.

 

მართალია მათე ამბობს, რომ ლეღვის ხე მყისიერად გახმა და რომ მოწაფეებმა, როდესაც ეს იხილეს გაუკვირდათ, მაგრამ შენ ნუ შეცბუნდები, გემის რა ახლა მარკოზისგან, რომ მათ იხილეს გამხმარი ლეღვის ხე უკვე მეორე დღეს. მათეს მიერ თქმული უნდა გავიგოთ ასე: „და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად“ - აქ შეჩერდი, შემდეგ კი წაიკითხე: „ვითარცა იხილეს მოწაფეთა, დაუკვირდა“. როდის იხილეს? არა მაშინათვე, არამედ მეორე დღეს, ვისაც ასე ესმის, მას არანაირი გაუგებრობა არ შეეხვდება. დააკვირდი, როგორ გვევლინება აქ ქრისტე ღმერთად. რამეთუ წინასწარმეტყველთა პირით უფალი ამბობს: (წინასწარმეტყველება ეზეკიელისა 17, 24):

მაგრამ განკვირდი ღრმთის კაცთმოყვარობით იმაში, რომ ჩვენც, ღმრთისადმი მისგავსებულთ, რწმენის მეშვეობით გვაძლევს სასწაულთმოქმედ ძალას, რომელიც თავად მას ეკუთვნის ბუნებით. ისე, რომ ჩვენ შეგვიზლია მთებიც კი გადავდგათ. მთა, სულიერი აზრით არის ამპარტავანი გონება, რომელი ჰმაღლოის და ჯიუტობს. ამიტომაც, ვინც ხედავს თავს ამპარტავნის ვნებით ძლეულს, იგი ცდილობს რა განაგდოს იგი თავისაგან, ღმერთის თანამყოფობა და შეწევნა უნდა ეძიოს. ვინაიდან, ისაა ამპარტავანი, ვინც ამბობს, რომ ყველაფერს თავად აკეთებს და არა ღმრთის შეწევნით. ასეთმა ადამიანმა უნდა აუკრძალოს ამ მთას, ანუ ამპარტავნებას და უთხრას: „აღიფხვერ ამიერ და შტავარდი ზღუასა“, ანუ საერო ადამიანებში, ამა სოფლის ზღვაში რომ მყოფობენ და ურწმუნონი არიან თავად კი დაე, „არა შეორგულდეს“, ანუ ნუ უარყოფს ღმერთს, ვინაიდან: ამპრატავანი ღმერთს უარყოფს, ამბობს რა: მე არაფრით ვარ დავალებული ღმრთისაგან და არა ვსა-ჭიროებ მის შეწევნას.

 

(თ. 11, მ. 24-26)

24. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ. 25. და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. 26. ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.

 

ვისაც მტკიცედ სწამს, იგი თავის გულს ღმრთისაკენ მიაქცევს და დავითის სიტყვებით ვიტყვი, განჰფენს თავის სულს ღმრთის წინაშე; ხოლო ის ვინ სულით ღმრთისკენ მიიქცევა, მას შეურთდება და მისი გული, განხურვებულია რა (მადლით), რწმუნდება, რომ მიიღებს იმას, რასაც ითხოვს. ვისაც ეს განუცდია, ის მიხვდება. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ყველას განუცდია, ვინც ცოტათი მაინც ყუადრჱბიანია. ამიტომაც ამბობს უფალი, რომ ყველაფერს მიიღებთ, რასაც რწმენით ითხოვთ. მორწმუნეს ყველაფერს აძლევს ღმერთი, როდესაც იგი ცრემლით წარმოსთვქამს ღმრთის წინაშე ყველა სურვილს ლოცვისას და თითქოსდა ფეხებში ჩავარდნია მეუფეს. გსურს სხვა გზითაც მიიღო ის, რასაც ითხოვ? შეუნდე შენს ძმას, თუკი მან შესცოდა რაიმეში შენს წინაშე. ხედავ რა ადვილია მიიღო უფლის წაყლობა.

 

(თ. 11, მ. 27-33)

27. და მოვიდეს კუალად იერუსალჱმდ. და ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას შინა, მოვიდეს მისა მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი. 28. და ეტყოდეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ამას იქმოდი? 29. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას: 30. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? მითხართ მე. 31. ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი? 32. და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთა იცოდეს იოვანე, ვითარმედ ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი იყო. 33. და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესუს: არა ვიცით. და მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

 

განრისხებულნი იმის გამო, რომ ქრისტემ ტაძრიდან განდევნა მეკერმენი, ისინი მოდიან მასთან კითხვით: „რომელთა ხელმწიფებითა იქმ ამას?“ თითქოსდა დაცინვით ეუბნებიან: „ვინ ხარ, რომ ამას აკეთებ? განა შენ ხარ დადგინებულ მოძღვრად? განა მღვდელმტავრად ხარ ხელდასხმული?“ ეუბნებიან რა ამას, ცდილობენ გაჭირვებაში ჩააგდონ, რათა დაიჭირონ იგი სიტყვაში. მას რომ ეთქვა: „მე ამას ჩემი ხელმწიფებით ვიქმ“, ისინი ქვებით ჩაქოლავდნენ, როგორც ღმრთის წინააღმდგომს, ხოლო რომ ეთქვა: „ვიქმ ამას ღმრთის ძალით“, ასეთ შემთხვევაში მათ შეეძლოთ ხალხი ჩამოეცილებინათ მისგან, რამდენადაც იგი თავს ღმერთად აღიარებდა. მაგრამ უფალი უმიზეზოდ არ სთავაზობს მათ კითხვას იოანეზე და ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე. არამედ, რადგან იოანე მოწმობდა მასზე, ის ეკითხება კიდეც ბოროტ იუდეველბს იოანეზე. ვინაიდან თუკი ისინი აღიარებდნენ იოანეს ღმრთის მიერ წარმოგზავნილად, მაშინ იძულებულნი იქნებოდნენ მიეღოთ იოანეს მოწმობაც ქრისტეზე. ხოლო რამდენადაც მათ არ შეეძლოს რაიმე ეპასუხათ, იგი კიდევ უფრო მეტად რომ დაამდაბლოს ისინი, ეუბნება: „არცა მე გითხრათ თქუენ“, არ უთქვამს: „მე არ ვიცი რა გიპასუხოთ თქვენ“, არამედ „არც მე გითხრათ თქუენ, ანუ: რამდენადაც თქვენ ღვარძლიანობთ, არც მე გხდით პასუხის ღირსად.

 

თავი მეთორმეტე

(თ. 12, მ. 1-9)

1. და იწყო იგავით მათა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის-მოქმედთა და წარვიდა. 2. და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის. 3. ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი. 4. მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული. 5. და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს. 6. უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს. 7. ხოლო ქუეყანის-მოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე. 8. და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით. 9. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა.

 

ვენახი აღნიშნავს იუდეველ ხალხს, რომელიც დაასხა უფალმა: „დაამტკიცე ისე, რომელ დაასხა მარჯვენამ შენმან“, (ფსალმუნი 79, 15); და მოსეც ამბობს „შეიყვანენ და დანერგე იგინი მთასა მკვიდრობისა შენისასა“ (გამოსვლა 15, 17), ზღუდის ქვეშ იგულისმება სჯული, რომელიც უკრძალავდა იუდეველ ხალხს სხვა ხალხთან შერევას. გოდოლი არის ტაძარი, რომელიც შესანიშნავი იყო. საწნახელად იწოდება საკურთხეველი, რომელზეც მსხვერპლშეწირვის სისხლი იღვრებოდა. ღმერთმა მისცა თავისი ხალხი „მევენახეებს“, ანუ იუდეველ მოძღვრებსა და მმართველებს, ყველას თავის დროზე. მა თავიდან ერთი მონა გამოგვიგზავნა, ანუ როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, წინასწარმეტყველნი, დაახლოებით ელიას დროისა, მაგალითად მიქია, რომელიც სცემა ცრუწინასწარმეტყველმა ცედეკიამ (3, მეფეთა 22, 24); გამოგზავნა სხვა, რომელსაც ქვებით გაუტეხეს თავი და ამრიგად სრულიად შეგინებულ ჰყვეს - ეს შეიძლება მივაკუთვნოთ ოსესა და ისაიას დროს; გამოგზავნა მესამე მონაც, ვისშიც შეიძლება ვიგულისხმოთ იუდეველთა ტყვეობის დროინდელი წინასწარმეტყველნი, მაგალითად დანიელი და იეზეკიელი. და ბოლოს, უფალმა თავისი ძე გამოგზავნა (რომელიც ადამიანად კაცთმოყვარეწობის გამო იწოდება), ამბობდა რა: „შეიკდემონ ძისა ჩემისათვის“. თქვა ეს რა იმის გამო, რომ იცოდა, თუ რას უზამდნენ მის ძეს, არამედ გამოხატა ის, თუ (მისი განზრახვით) რა უნდა ყოფილიყო და რა იყო შესაძლებელი. მაგრამ, ბოროტმა ქუეყანის-მოქმედებმა, იცოდნენ რა რომ ეს მემკვიდრეა ვენახისა, გაიყვანეს იგი ვენახის გარეთ, ანუ იერუსალიმის გარეთ და მოკლეს. ქრისტე მართლაც ქალაქის გარეთ იქნა ჯვარცმული. სამაგიეროდ ვენახის პატრონი, მამა მოკლული ძისა, ანუ უფრო უკეთ, თავად მოკლული ძე დაღუპავს ქუეყნის-მოქმედთ. მისცეს რა მათ რომაელებს, ხოლო თავის ვენახს სხვა ქუეყანის-მოქმედთ გადასცემს, ანუ მოციქულებს. გინდა იცოდე, მოციქულებმა როგორ დაამუშავეს ეს ვენახი? წაიკითხე საქმე მოციქულთა და ნახავ, თუ როგორ ირწმუნა სამმა ატასმა (საქმ. მოციქ. 2, 41) და ხუთმა ათასმა სულმა ერთბაშად (საქმე მოციქ. 4, 4) და დაიწყეს ნაყოფის მოტანა ღმრთისათვის.

(თ. 12, მ. 10-12)

10. არცაღა ესე წიგნი აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა? 11. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. 12. და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ცნეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი იგი. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.

 

ყოველივე ამით უფალი გვიჩვენებს, რომ იუდეველები უარყოფილნი არიან, ხოლო წარმართნი შეწყალებულნი. „ლოდი“ თავად უფალია, ხოლო „მაშენებელნი“ არსებითად ხალხის მოძღვარნი. ამრიგად, ის ვინც შეურაცხყვეს ამ მოძღვრებმა, ის „იქმნა თავად კიდეთა“, გახდა რა ეკლესიის თავი: რადგან კიდე აღნიშნავს ეკლესიას, რომელიც თავს უყრის და აერთიანებს ყველას - იუდეველბსაც და წარმართებსაც, ისევე როგორც კიდე აერთებს ორ კედელს, ხვდებიან რა ისინი ერთმანეთს მასში. კიდე, ანუ ეკლესია „უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა“, ერთგულთა მაშინ, როდესაც ურწმუნოებს თავად სასწულების კი სიცრუედ ეჩვენებოდათ. ამრიგად, ეკლესია საკვირველია, იმიტომ, რომ იგი სასწაულებზეა დაფუძვნებული მოციქულთათვის „უფლის შეწევნითა“ და სიტყვისა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი - იგი შეუდგეს მას სასწაულნი“ (მარკოზი, 16, 20)

 

(თ. 12, მ. 13-17)

13. და მი-ვინმე-ავლინნეს მისა ფარისეველნი და ჰეროდიანნი, რაჲთა მოინადირონ იგი სიტყჳთა. 14. ხოლო იგინი მოვიდეს და ჰკითხვიდეს მას: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს ვისთჳსმე, რამეთუ არა ხედავ პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. ჯერ-არსა ხარკი მიცემად კეისრისა ანუ არა? მივსცეთ ანუ არა მივსცეთ? 15. ხოლო თავადმან იცოდა ორგულებაჲ მათი და ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე? მომართჳთ მე დრაჰკანი, რაჲთა ვიხილო. 16. ხოლო მათ მოართუეს. და ჰრქუა მათ: ვისი არს ხატი ესე და ზედაწერილი? ხოლო მათ ჰრქუეს: კეისრისაჲ. 17. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და დაუკჳრდა ამას ზედა და წარვიდეს.

 

ჰეროდიანებზე ვთქვით ჩვენ სხვა ადგილას, რომ ეს იყო რაღაც ახლადწარმოქმნილი სექტა ადამიანებისა, რომლებიც ჰეროდეს ქრისტეს უწოდებდნენ იმ მიზეზით, რომ მის დრო დამთავრდა იუდეველ მეფეთა მემკვიდრეობითობა. სხვები კი ამბობდნენ, რომ ჰეროდიანელებად იწოდებიან აქ ჰეროდეს მეომრები, რომლებიც ფარისევლებმა წაიყვანეს, რათა ისინი მოწმენი ყოფილიყვნენ იმისა, თუ რას იტყოდა ქრისტე, ხოლო შემდეგ შეძლებოდათ შეეპყროთ იგი და სასამართლოსთვის წარედგინათ. მაგრამ შეხედე მათ ავზნეობას, თუ როგორი პირმოთნეობით ესხმიან თავს საცდუნებლად უფალს! ვიცით, ეუბნებიან, რომ შენ არ უყურებ არავის სახეზე, ამიტომ თავად კეისრისაც არ შეგეშინდება. და მაინც, ეს მხოლოდ ეშმაკობა იყო, რომ ყველა შემთხვევაში დაეჭირათ იგი სიტყვაში. ვინაიდან, თუკი იგი იტყოდა, რომ კეისრისთვის ხარკი უნდა გადაეხადათ, ისინი დაადანაშაულებდნენ მას ხალხის წინაშე იმაში, რომ იგი სხვის უღელს უმონებს ხალხს, ხოლო თუკი იტყოდა, რომ არ უნდა გადაეხადათ, მაშინ ისინი შეძლებდნენ კეისრის წინააღმდეგ ხალხის აჯანყებაში მის დადანაშაულებას. მაგრამ წყარო ყოველგვარი სიბრძნისა იცილებს მათ ხრიკებს. მაჩვენეთ მე, ამბობს, დინარი და იხილა რა მასზე კეისრის გამოსახულება, თქვა: ის რაზეც ამგვარი გამოსახულებაა მიეცით მასზე გამოსახულ პირს, ანუ კეისარს, ხოლო „ღმრთისა ღმერთს“. ანუ ვალდებულება კეისრისთვის ხარკის გადასახადისა, ოდნავადაც არ გიშლით ხელს ღმრთის თაყვანისცემის საქმეში, რადგანაც შეგიძლიათ ღმერთსაც შესაფერისი პატივი მიაგოთ. მაგრამ თითოეულ ჩვენგანს გვყავს ერთგვარი კეისარი: ეს აუცილებელი სხეულებრივი მოთხოვნილებანია. ამგვარად, უფალი გვამცნებს სხეულსაც მივცეთ ჩვეული საკვები და საჭირო სამოსელი და „ღმრთისაც ღმერთს“, ანუ მღვიძარება, ლოცვა და ასე შემდეგ. ჩვენი ძალისამებრ, მაგრამ ეშმაკსაც და ამ კეისარსაც გადაუგდე ის, რაც მისგან მოგეცა, როგორიცაა: მრისხანება, ბოროტი ვნება; ხოლო ღმერთს მიეცი ღმრთისა - სიმდაბლე, თავის შეკავება ყოველივეში და ასე შემდეგ.

(თ. 12, მ. 18-27)

18. და მოვიდეს მისა სადუკეველნი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: 19. მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე მოუკუდეს ძმაჲ და ესუას მას ცოლი, და შვილი არა დაშთეს, რაჲთა შეირთოს ძმამან მისმან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა. 20. აწ შჳდნი ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან შეირთო ცოლი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი; 21. და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი. და მესამემან ეგრეთვე, 22. ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაუშთა შვილი; უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. 23. აწ უკუე აღდგომასა მას, ოდეს აღდგენ, ვისა მათგანისა იყოს იგი ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად? 24. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ამისთჳს სცთებითა, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ? 25. რამეთუ რაჟამს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა. 26. ხოლო ამისთჳს, რამეთუ აღდგენ მკუდარნი, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მოსესსა, მაყულოვანსა ზედა ვითარ-იგი ღმერთი ეტყოდა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? 27. არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ. ხოლო თქუენ ფრიად სცთებით.

 

სადუკეველები უდეველებს შორის ისეთი ერეტიკოსები იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ არის არც აღდგომა, არც ანგელოზი, არც სული. როგორც ვერაგი ადამიანები, ისინი იგონებდნენ ამგვარ ამბავს, რათა გარდააქციონ აღდგომის ჭეშმარიტება მისით. ისინი სვამენ კითხვას იმაზე, რაც არასოდეს ყოფილა და არც შეიძლება იყოს. ის, რომ შვიდ ქმარს (ერთი მეორის მიყოლებით) ერთი და იგივე ქალი მოჰყავთ ცოლად, ეს მათ იმისთვის გამოიგონეს, რათა უფრო მეტად დაეცინათ აღდგომისთვის. უფალი რაღას ამბობს? რამდენადაც ისინი თავისი კითხვის საფუძვლად მოსეს სჯულს წარმოადგენდნე, იგი ამხელს მათ წერილის არცოდნაში. თქვენ, ეუბნება ვერ გულისხმაყოფთ, რომ აღდგომაზეა წერილში საუბარი; თქვენ ფიქრობთ, რომ აღდგომისას ადამიანები ისეთივე მდგომარეობაში იქნებიან (ხორცითა და სულით) როგორც ახლა არიან; არა, ასე არ არის. თქვენ არ გესმით წერილის აზრი და ღმრთის ძალასაც ვერ სწვდებით. თქვენ, როგორც სჩანს, ყუადღებას აქცევთ მხოლოდ საქმის სირთულეს და ამიტომ, საგონებელში ხართ ჩავარდნილი, თუ როგორ შეუძლიათ დაშლილ სხეულებს კვლავ სულებთან შეერთება. მაგრამ ღმრთის ზალისთვის ეს არაფერს ნიშნავს. აღდგომის შემდგომ აღმდგართა მდგომარეობა გრძნობადი კი არ იქნება, არამედ ღმრთის მიმსგავსებული, ხოლო ცხორების წესი ანგელოზებრივი. რადგანაც ჩვენ უკვე აღარ დავექვემდებარებით ხრწნას, არამედ საუკუნოდ ვიცხოვრებთ, ხოლო ამ მიზეზით ქორწინებაც მოისპობა. ახლა ქორწინება არსებობს მოკვდავობის მიზეზით, რათა ვაგრძელებთ რა გვარს, არ ამოვწყდეთ. მაგრამ მაშინ, ანგელოზთა მსგავსად, ადამიანები იარსებებნ ქორწინების გარეშეც, არასოდეს შემცირდებიან რაოდენობრივად და ყოველთვის მოუკლებლად იქნებიან. კიდევ სხვა მხრივ, აღმოჩნდენ სადუკეველები უმეცარნი წერილთან მიმართებაში. მათ რომ ის ესმოდეთ, მიხვდებოდნენ, რატომაა ნათქვამი: „მე ვარ ღმერთი, აბრაჰამისა და ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა“ - რაც მიუთითებს ცოცხლებზე, ვინაიდან უფალს არ უთქვამს: „მე ვიყავი“, არამედ „მე ვარ“ ღმერთი მათი, როგორც ცოცხლებისა და არა მკვდრებისა. მაგრამ იქნებ, იტყვის ვინმე, უფალმა ეს მხოლოდ მამამთავრების სულებზე თქვა და არა, მასთან ერთად, სხეულებზეც და რომ აქედან არ შეიძლება დავასკვნათ სხეულთა აღდგომაზე. ამაზე გეტყვით, რომ აბრაამად იწოდება არა მხოლოდ სული, არამედ ერთიანობაში სული და სხეული, რამდენადაც ღმერთი არის ღმერთი სხეულიც, ისეა ცოცხალია ღმრთის წინაშე და არარაში არ დანთქმულა. შემდგომში, რამდენადაც სადუკეველებს მხოლოდ სხეულთა აღდგომა, არ სწამდათ უფალიც ეუბნება მათ სხეულებზე, რომ იგინი ღმრთის წინაშე ცოცხალნი არიან და არა სულებზე; ამ უკანასკნელს სცნობდნენ სადუკეველებიც. შემდეგ დააკვირდით ამასაც: აღდგომა არის დაცემულის აღდგინება: მიწიდან, ნაცრიდან, მაგრამ დაეცა არა სული (იგი უკვდავია), არამედ სხეული. მაშასადამე, იგი აღდგება კიდეც, კვლავ შეუერთდება რა მოკავშირე სულს.

 

(თ. 12, მ. 28-34)

28. და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ? 29. ხოლო იესუ ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაჲ ესე არს: ისმინე, ისრაჱლ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს; 30. და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ. 31. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს. 32. ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე; 33. და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა. 34. და იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა. და არღარავინ იკადრა კითხვად მისა.

 

მათე ამბობს, რომ მწიგნობარი მივიდა (ქრისტესთან) „გამოსაცდელას“, ხოლო მარკოზი შენიშნავს მის შესახებ, რომ მან „გონიერად მიუგა“. ხომ არ ეწინააღმდეგებიან მახარებელნი ერთმანეთს? არა; თავიდან, როგორც ჩანს, იგი ეკითხებოდა, როგორც ადამიანი, რომელიც სცდის, ხოლო შემდეგ გონს მოეგო ქრისტეს პასუხით და გონიერად მიუგა და ამგვარად, შექება დაიმსახურა. თუმცა, დააკვირდი, რომ შექებაც მოწმობს მასზე, როგორც ჯერ კიდევ არასრულყოფილზე, ვინაიდან ქრისტეს არ უთქვამს: „შენ ღმრთის სასუფეველში იმყოფები“, არამედ მხოლოდ „არა შორს ხარ“. რატომ სთავაზობს სჯულის მოძღვარი ასე თამამად ქრისტეს თავის კითხვას? იგი ფიქრობდა ეჩვენებინა თავი სრულყოფილად სჯულის კანონში და ამიტომ მიმართავს მას ამგვარი სიტყვით, თითქოსდა მხოლოდ სჯულს ეხება. მაგრამ, უფალს სურს რა უჩვენოს, რომ სიყვარულის გარეშე, მოყვასის სიძულვილის შემთხვევაში, არ აღესრულება სჯული, პასუხობს სჯულის მოძღვარს, რომ პირველი და დიდი მცნება არის ღმრთის სიყვარული, ხოლო მეორე , მსგავსი ამისა - მოყვასის სიყვარული. რატომ მსგავსი? იმიტომ, რომ ისინი ორივე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან. რადგან ღმერთის მოყვარულს მისი ქმნილებაც უყვარს, ხოლო ღმერთთან ყველაზე უფრო ახლო მდგომი ქმნილება ადამიანია; მაშასადამე, ღმერთის მოყვარული ყველა ადამიანსაც შეიყვარებს. და პირუკუ, ვისაც უყვარს მოყვასი, მას მითუმეტეს უყვარს ღმერთი; ვინაიდან, თუკის მას უყვარს ადამიანები, რომლებიც ხშირად საცდურთა და სიძულვილის მიზეზნი არიან, მით უფრო უყვარს ღმერთი, ყოველთვის კეტილისმყოფელი. ისმინე ღმრთის სიტყვაც: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არც, რომელსა უყუარ მე“ (იაოანე, 14, 21). ხედავ, რომ ღმრთის სიყვარულზეა დამოკიდებული მისი მცნებაბების აღსრულება, ხოლო მისი ყველა მცნება ერთ რამეში იყრის თავს - ურთიერთსიყვარულში. და სხვა ადგილას (უფალი ამბობს): „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდეთ ურთიერთსა“ (იოანე 13, 35). ხედავ, რომ ურთიერთსიყვარულზე დგას ქრისტესადმი სიყვარულიც და მისი ჭეშმარიტი მოწაფეები და მეგობრები ამით შეიცნობიან. ყურადღება მიაქციე იმასაც, თუ პასუხში სჯულის მოძღვრის მიმართ, როგორ ჩამოთვალა მან ყველა ძალა სულისა. სულში არის ძალა ცხოველური; მასზე მიუთითებს სიტყვებით: „ყოვლითა სულითა“, რამეთუ ქრისტე გვიბრძანებს, რომ გაღიზიანებისა და გულისთქმის ძალა სავსებით დავუმორჩილოთ ღმრთისადმი სიყვარულს. არის მეორე ძალაც სულისა, რომელიც იწოდება მშვინვიერად, სხვაგვარად მას მკვებავი და მასაზრდოებელი ძალა ეწოდება. და ეს ძალაც მთლიადა ღმერთს უნდა მივუძღვნათ. დაბოლოს, არის სულსი გონიერი ძალაც, რომელსაც სჯული „აზრს“ უწოდებს. ამრიგად, ყველა ძალა სულისა სიყვარულისადმი უნდა იქნეს მიმართული.

 

(თ. 12, მ. 35-40)

35. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ და ასწავებდა ტაძარსა მას შინა: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ქრისტე ძე არს დავითისი? 36. რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. 37. თჳთ იგი დავით ჰხადის მას უფლით, და ვითარ ძჱ მისი არს? და მრავალი ერი ისმენდა მისსა ტკბილად. 38. და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით მწიგნობართა მათგან, რომელთა ჰნებავს სამკაულითა სლვაჲ და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, 39. და ზემოჯდომაჲ კრებულსა შორის და პირველ ანაჴით-ჯდომაჲ სერსა ზედა, 40. რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით მყოვარ ჟამ ილოცვენ, რომელთა მიიღონ უმეტესი სასჯელი.

 

რამდენადაც უფალი უნდა ვნებულიყო, იგი ასწორებს მწიგნობართა მცდარ წარმოდეგნას იმის შესახებ, რომ ქრისტე არის (მხოლოდ) დავითის ძე და არა ღმრთისა, ამიტომ იგი ტავად დავითის სიტყვებიდან უჩვენებს, რომ იგი (ქრისტე) - ღმერთია, და არა უბრალოდ, არამედ შესაშინებლად ამბობს: „ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენი ქუეშე ფერხთა შენთა“. ხოლო ისინი (მწიგნობარნი და ფარისეველნი) იყვნენ კიდეც ის მტრები, რომლებიც მამა ღმერთმა ქრისტეს ფერხთით დახსნა. დააკვირდი იმასაც, თუ როგორ ეკითხება რათა არ დააბრკოლოს ისინი, მას არ უთქვამს: რას ფიქრობთ ჩემზე, არამედ - ქრისტეზე. მაგრამ თქვენ ვერ იტყვით, რომ დავითმა ეს სულიწმიდის ჩაგონებით არ წარმოსთქვა. არა, მან სულით უწოდა მას (ქრისტეს) უფალი, სნუ სულიწმიდის მადლით აღძრულმა. როგორღა ვიფიქროთ, რომ ქრისტე მხოლოდ დავითის ძეა და არა ამასთანავე, უფალი მისი და ღმერთი? უბრალო ხალხი, ნათქვამია, „ისმენდა მისსა ტკბილად“ და მან დაუწყო ლაპარაკი ერს: ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებიც დიდებულ სამოსს ატარებენ და ამის გამო მოითხოვენ თავისთვის პატივს; რომელთაც უყვარს მოკითხვისა და ქების მიღება მოედნებზე და ყველა სხვა ნიშანი დიდებისა; რომლებიც გადასჭამენ ქვრივთა სახლებს, შეიპარებიან რა ამ დაუცველ ქალებთან მათი დამცველების სახით; რომელნიც მოჩვენებითი განგრძნობილი ლოცვით, გარეგნული ღმრისმოსაობითა და პირმოთნეობით აცდუნებენ რა გამოუცდელთ, გადასჭამენ მდიდართა სახლებს. სამაგიეროდ, ისინი უფრო უმძჲმეს სასჯელს მიიღებენ, ვიდრე სხვა იუდეველები, რომლებიც სცოდავენ: (სიბრძნე სოლომ. 6, 6) „მძლავრნი კი მძლავრობით ეწამებიან“ (სიბრძნე სოლომ. 6, 6) ესაუბრება რა ამგვარად ხალხს, უფალი ამასთან მოციქულებსაც ასწავლის, რათა მათ არ მიბაძონ მწიგნობართა მაგალითს, არამედ თავად მას ბაძავდნენ. რამდენადაც იგი ეკლესიის მოძღვრებად ადგენდა მათ, სამართლიანობის მიხედვით ცხოვრების წესებსაც ჩამოუთვლის.

 

(თ. 12, მ. 41-44)

41. და დაჯდა იესუ წინაშე ფასის-საცავსა მას და ხედვიდა ვითარ-იგი ერი დასდებდა რვალსა ფასის-საცავსა მას. და მრავალთა მდიდართა დადვეს ფრიად. 42. და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი მწულილნი, რომელ არს კოდრანტე. 43. და მოუწოდა იესუ მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უფროჲს ყოველთასა დადვა ფასის-საცავსა ამას; 44. რამეთუ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა, დადვა საცხორებელი თჳსი.

 

იუდეველბმა შემოინახეს განსაკუთრებული ჩვეულება, ის, რომ ვისაც ჰქონდა და სურდა სწირავდა საეკლესიო საგანძურში, რომელსაც „გაზოფილაკიონი“ ეწოდებოდა, რომლიდანაც იღებდნენ გარკვეულ ქონებას მღვდლები, გლახაკები და ქვრივები. მრავალთა შორის, რომელიც ამას ჰყოფდა, მივიდა ქვრივიც და მდიდრებზე უფრო მეტი გულმოდგინება უჩვენა. დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომ შენ მცირედსაც დიდზე უფრო მეტად შეიწირავ! ჰოი, ჩემი სულიც რომ ამ ქვრივს მიმსგავსებოდა, სატანის უარმყოფელი, რომელსაც უმსგავსი საქმეებით შეერთო, და საეკლეიო საგანძურში „ორი მწვლილის“ შეწირვა გადაეწყვიტა - სხეულის და გონების, სრულმყოფელის სხეულისა თავშეკავებით, ხოლო გონებისა სიმდაბლით, რათა მეც გამეგონა, რომ მთელი ჩემი სიცოცხლე ღმერთს მივუძღვენი, ამსოფლიურ ზრახვითა და ხორციელ წადილთაგან თავისუფალმა.

 

თავი მეცამეტე

(თ. 13, მ. 1-4)

1. და გამო-რაჲ-ვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: მოძღუარ, იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაჲ! 2. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ხედავა ამათ დიდ-დიდთა შენებულთა? არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. 3. და დაჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა წინაშე ტაძარსა მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა: 4. მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ იყვნენ სასწაულნი, ოდეს ესე ყოველნი აღესრულნენ?

 

რამდენადაც უფალი ბევრს საუბრობდა, იერუსალიმის მოოხრებაზე, მაგალითად: „აჰა ესერა დეტეოს თქვენგან სახელი თქუენი ოხრად“, მოწაფეებს უკვირდათ, რომ ასეთი დიდებული და მშვენიერი შენობები უნდა დარღვეულიყო და ამიტომ, უჩვენებდნენ მას გასაოგნებელ კეთილსახიერებას ტაძრისა. მაგრამ ის უწინასწარმეტყველებს, რომ მოიუხედავად ამისა, ყველაფერი ამისგან ქვა-ქავზე არ დარჩება. ამის საწინაარმდეგოდ, ზოგიერთნი ამბობენ, თიტქოს იერუსალიმის ძველი ქალაქიდან ბევრი რამ გადარჩა და ამრიგად ცდილობენ ქრისტე მატყუარად გამოიყვანონ. მაგრამ სულ ტუილად, რადგან თუ გადარჩა კიდეც ზოგიერთი რამ (რაც სხვათაშორის უსამართლობაა), ქვეყნის საყოველთაო აღსასრულამდე ქვა-ქვაზე არ დარჩება, თუმცა როგორც ისტორია მოწმობს, ელი ადრიანმა გათხარა ქალაქისა და ტაძრის უღრმესი საფუძვლები, ასე რომ, მის მიერ აღესრულა წინასწარმეტყველება იმაზეც, რომ ქვა ქვაზე არ დარჩებოდა. როდესაც უფალი ზეთისხილის მთაზე იჯდა, მასთან მივიდნენ მოწაფენი და ეკითხებოდნენ, „როდის იქნება ეს?“ ანუ როდის ასრულდება წინასწარმეტყველება იერუსალიმზე? ის კი სანამ მათ კითხვაზე უპასუხებდეს, განამტკიცებს გონებას მათსას, რათა არ ცდუნდნე, რამეთუ სალმობათა დასაბამისას გამოჩნდა ხალხი, რომლებიც თავის თავს მასწავლებლებს უწოდებდა; ამიტომაც აუბნება უფალი: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ“.

„ოდეს ყოფად არს ესე?“ ანუ როდის როდის ასრულდება წინასწარმეტყველება იერუსალიმზე? ის კი მანამ, სანამ მათ კითხვას უპასუხებდეს, განამტკიცებს გონებას მათსას, საცთურში რომ არ ჩაცვივდნენ. რადგანაც სალმობათა დაწყებასთან ერთად იუდეაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თავის ტავს მოძღვრებს უწოდებდნენ. ამიტომაც ეუბნება უფალი: „ეკრძალენით ნუ უკვე ვინმე გაცთუნნეს თქუენ“.

 

(თ. 13, მ. 5-10)

5. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე გაცთუნნეს თქუენ. 6. რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ, და მრავალთა აცთუნებდენ. 7. რაჟამს გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. 8. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ ძრვანი ადგილ-ადგილ, და იყვნენ სიყმილნი და შფოთნი. ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს. 9. ხოლო ეკრძალენით თქუენ თავთა თქუენთა, რამეთუ მიგცემდენ თქუენ შესაკრებელთა და კრებულთა შორის გტანჯვიდენ თქუენ, და წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთჳს საწამებელად მათა და ყოველთა წარმართთა. 10. ხოლო პირველად ჯერ-არს ქადაგებად სახარებაჲ ესე.

 

„რამეთუ მრავალი მოვიდოდიან“, ასეთები იყვნენ, მაგალითად იუდა (გალილეველი) დათევდა, რომლებიც თავს ღმრთის ცხებულად ასაღებდნენ. :გისმოდიან, - ამბობს, - ბრძოლანი,“ ეს ის ომებია, რომლის შესახებაც იოსებ ფლავიუსიც გადმოგვცემს და რომლებიც წინ უძღოდა იერუსალიმის დანგრევას. იუდეველები მაშინ აჯანყდნენ და სეწყვიტეს რომაელებისთვის ხარკის მიცემა, ხოლო განრისხებული რომაელები მათ დასალაშქრად წავიდნენ და მუდმოვად აწყობდნენ თავდასხმებს „არამედ არღარა არს აღსასრული“ იერუსალიმისა, ვინაიდან რომაელები ჯერ კიდევ იჩენდნენ კაცთმოყვარეობას. და მხოლოდ ომები არ იყო, არამედ ღმრთის მიერ გამოგზავნილი სხვა სასჯელებიც - შიმშილი და მიწისძვრები, რომლებიც ნათლად უჩვენებდნენ იუდევლებს, რომ თავად უფალი აწარმოებს მათტან ბრძოლას, და მაინც, ეს მხოლოდ „დასაბამია სალმობათა“, ანუ მოსალოდნელი უბედურებებისა. თქვენ კი, - ამბობს - გაფრტხილდით, ვინაიდან სამსჯავროზე გადასცემენ, დროულად გადააქცევს საუბარი მათეზე, რომ მათ სამსჯავროზე გადასცემენ, ეს იმიტომ, რომ საერთო მწუხარებისას მათ გარკვეული შვება ჰპოვონ საკუთარ მწუხარებაში. მაგრამ როდესაც უფალმა უთხრა: „წინაშე მეფეთა და მთავართა წარსგეთ ჩემთვის“.

ამ სიტყვებითაც არანაკლები ნუგეში მიანიჭა მოწაფეებს, კერძოდ იმაში, რომ ისინი ეწამებიან მის გამო. „სწავებელთა მათთა“, ანუ რათა პასუხი არ ჰქონოდათ და იხილონ ტავიანთი განკითხვა უკვე იმაში, რომ თქვენი წამებით ვერ შეძლებენ ჭეშმარიტების დამარცხებას, ხოლო მოწაფეებმა რომ არ იფიქრონ, თითქოსდა სალმობანი და მწუხარებანი შეუშლიან ხელს სახარების ქადაგებას უფალი ამბობს, რომ „პირველად ჯერ არს ქადაგებად სახარებაი ესე“. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა მოსაოხრებლად იერუსალიმი. იმის შესახებ, რომ სახარება მართლაც ყველგან იქნება ნაქადაგები ჯერ კიდევ იერუსალიმის დანგრევამდე, მოუსმინე პავლეს: „მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა და მსოფლიოს კიდეებს - მათი სიტყვები“ (რომ. 10, 18) და ეს გარემოება იუდეველთა უმეტესი სასჯელის მიზეზი გახდა, ანუ ის რომ მოძღვრება გავრცელდა ყველგან ჯერ კიდევ იერუსალიმის დანგრევამდე. რამეთუ ხედავდნენ რა, რომ ეს მოძღვრება მოკლე დროში გავრცელდა მთელს მსოფლიოში, მათ უნდა შეეცნოთ ამაში ღმრთის ძალა, შეენანებინათ და ამრიგად განთავისუფლებულიყვნენ მწუხარებათაგან. მაგრამ მათ ვერ გულისხმაყვეს; ამიტომაც მით უფრო მეტ სასჯელს დაექვემდებარებიან.

 

(თ. 13, მ. 11-13)

11. და რაჟამს მიგიყვანნენ თქუენ მიცემად მათა, ნუ წინაჲსწარ ჰზრუნავთ, ნუცა იწურთით, რასა იტყოდით; არამედ რაჲ-იგი მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, მას იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ ხართ მეტყუელნი, არამედ სული წმიდაჲ. 12. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილად და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. 13. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს; ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს.

 

მართლაც, მანამ, სანამ დაიწყებოდა გადამწყვეტი ბრძოლა რომაელებისა იუდეველებთან, რა აღარ მოითმინეს მათგან მოციქულებმა, გადასცემდნენ რა მათ სამსჯავროზე და აგზავნიდნენ მეფეთა: ჰეროდეს, აგრიპასა და ნერონის წინაშე, მაგრამ თქვენ, - ეუბნება „ნუ წინასწარ ზრუნავთ“, რა უპასუხოთ: იმ დროს სულიწმიდისაგან მოგეცემათ, თუ რა უნდა ილაპარაკოთ. ამასთან უწინასწამერტყველებს მათ იმასაც, რაც ყველაზე უარესია: კეროძოდ, რომ დევნილნი იქნებიან თავიანთი შინაურების მხრიდანაც. ამას იმიტომ ეუბნება, რომ ისინი, ამის მსმენელნი, წინასწარ მოემზადონ განსაცდელთათვის და შემდგომში ადვილად შეძლონ მათი გადატანა. ამის შემდეგ ნუგეშისცემა მოჰყვება: ჩემი სახელის გამო იქნებოდითი მოძულებულნი, ეუბნება. ეს ყველაზე დიდი შვებაა უბედურებაში. უდიდესი ნუგეში მდგომარეობის იმაშიც, რომ ვინც სრულად ითმენ, ის ცხონდება.

 

(თ. 13, მ. 14-17)

14. ხოლო ოდეს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისაჲ, მდგომარე, სადა-იგი არა ჯერ-არს, – რომელი-იგი აღმოიკითხვიდეს, სცნობდინ, – მაშინ რომელნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად. 15. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ სახიდ და ნუცა შევალნ აღებად რაჲსამე სახლისაგან თჳსისა. 16. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. 17. ხოლო ვაჲ მუცელ-ქუმულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა!

 

„საძაგელი იგი მოოხრებისა“-ში იგულისხმება იმისი ქადაგება, ვინც იერუსალიმის მოოხრებას დაუქვემდებარა, ვინაიდან „საძაგლად“ იწოდება ყველა კერპი: „საძაგელი იგი მოოხრებისა“ ეწოდება იმიტომ, რომ იგი დადგეს ტაძრის საკურთხევლის შიგნით, როდესაც იერუსალიმი აიღეს და ამის გამო დაექვემდებარა ის მოოხრებას. თუმცა, ჯერ კიდევ პილატემ, შეიატანა ღამით კეისრის გამოსახულება ტაძარში, რითიც ხალხში დიდი შფოთი გამოიწვია. ამ დროიდან დაიწყო ომებიც და იერუსალიმის მოოხრებაც. „მაშინ, რომელი იყვნენ ჰურისტანს, ივლტოდედ მთად“. კარგადაა ნათქვამი: „რომელი იყვნენ ჰურიასტანს“ (ყველანი ზოგადად და არა მოციქულები), ვინაიდან მოციქულები მაშინ არ იყვნენ იუდეაში, არამედ, როგორც ვთქვით, ისინი ომამდე იქნენ განდევნილნი იერუსალიმიდან, ან უფრო უკეთ, თავად წავიდნენ იქიდან, სულიწმიდით აღძრულნი. ამრიგად, დაე გაიქცნენ იუდეაში დარჩენილნი. ხოლო ვინც ერდოზე იქნება, ნურაფრისთვის ნუ დაბრუნდება საკუთარ სახლში: მოხარული უნდა იყოს იმისაც, თუ თუნდაც შიშველი გადარჩება. მაგრამ უბედურება დაატყდებათ ჩვილების პატრონ ქალებსა და ორსულებს იმ დღეებში. რატომ? იმიტომ, რომ პირველებს ბავშვები ჰყავთ და აკავებთ რა მათდამი სიყვარული, არ ძალუძთ გაქცევა; მუცელქუმულთათვის მოუხერხებელი იქნება გაქცევა ორსულობის სიმძიმის გამო. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ აქ არ არის მითითებული ბავშთა მჭამელებზე, რადგან ალყაშემორტყმული იუდეველები შიმშილობის დროს თავიანთ შვილებზეც კი სწევდნენ ხელს.

(თ. 13, მ. 18-20)

18. არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა. 19. რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არასადა იქმნა ესევითარი დასაბამითგან, რომელ დაჰბადა ღმერთმან, ვიდრე აქამომდე და არცაღა იყოს. 20. და არა თუმცა ღმერთმან შეამოკლნა დღენი იგი, არამცა ცხოვნდა ყოველი ჴორციელი; არამედ რჩეულთა მათთჳს, რომელნი გამოირჩინა, შეამოკლნა დღენი იგი.

 

ეს გაქცევა ზამთარში რომ მომხდარიყო, დროის თანამდევი სიძნელეები დააბრკოლებდა გაქცევის მსურველთ. და საერთოდ, ჭირი იქნებოდა უმძიმესი, რომელიც კი ოდესმე ყოფილა და იქნება. „და არა თუმცა ღმერთმან შემოიკლნა დღენი იგი“, ანუ სწრაფად რომ არ დაემთავრებინა რომალეთა ომები „არამცა ცხონდა ყოველი ხორციელი“, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი იუდეველი. მაგრამ „რჩეულთათვის“, ანუ იმ ებრაელთა გამო, ირქმუნეს და შემდეგში უნდა ერწმუნათ, ომი სწრაფადვე დამთავრდა. რადგან ღმერთმა განჭვრიტა რა, რომ ტყვეობაში ჩავარდნილ ებრაელთაგან მრავალი ირწმუნებდა, ამის გამო არ დაუშვა, იუდეველი ხალხის ბოლომდე დაღუპვა. მაგრამ შეიძლება გულისხმავყოთ ეს ზნეობრივი მიმართებიც. „საძაგელი იგი მოოხრებისა“ არის ყოველგვარი სატანური გულისთქმა, რომელიც „წმიდა ადგილას“ დგას - ჩვენს გონებაში. ამ შემთხვევაში „რომელი იყვნენ ჰურიასტანს ივოდედ“, ანუ იტყვიან რა აღსარებას, დაე სათნოებათა მთაზე ავიდნენ (იუდეა - ნიშნავს „აღსარებას“ „ქადგებას“). ხოლო ვინც უკვე დგას სიმაღლეზე, დაე ნუ ჩამოვა. ვინაიდან, როდესაც რომელიმე ვნებიანი გულისთქმა დადგება ჩვენში, მაშინ აღსარების მეშვეობით სათნოების სიმაღლეზე ასვლა და ამ სიმაღლიდან არ ჩამოსვლა გვმართებს. და კეთილის ქმნელი, დაე, ნუ ძველი სინდისის ასაღებად - ძველი სამოსისა, რომლისგანაც განიძარცვა, ვაი მას, ვინც ზამთარში ილტვის: რამეთუ უნდა ვილტოდეთ ცოდვისაგან მხურვალედ, ანუ სინანულით, და არა სიცივით, გაუნძრევლად, - რაც ნიშნავს კიდეც ზამთარში სილტოლვას.

(თ. 13, მ. 21-26)

21. მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ. 22. რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა და ნიშებსა, რაჲთა აცთუნნენ, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა. 23. ხოლო თქუენ იხილეთ და ეკრძალენით, აჰა ესერა წინაჲსწარ გითხარ თქუენ ყოველი. 24. არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირისა მის მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი; 25. და ვარსკულავნი ზეცით გარდამოცჳვენ, და ძალნი, რომელნი იყვნენ ცათა შინა, შეიძრნენ. 26. და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ზედა ძალითა და დიდებითა მრავლითა.

 

უფალმა დაამთავრა საუბარი იერუსალიმზე: შემდეგ უკვე იწყებს საუბარს ანტიქრისტეს მოსვლაზე. სიტყვა „მაშინ“ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ როდესაც დაიწყება იერუსალიმზე თქმულის აღსრულება, მაშინ ნუ ერწმუნებით, თუკი ვინმე გეტყვით: „აჰა, აქა არ ქრისტე“. არამედ იცოდე, რომ ეს წმიდა წერილის განსაკუთრებული თვისებაა. ასე, მათე მახარებელი, მოგვითხრობს რა ქრისტეს შობაზე, ამბობს“ „მათ დღეშა შინა მოვიდა იოვანე“. რომელ დღეებში? იმ დღეებში ხომ არა რომლებიც უშუალოდ მოჰყვა ქრისტეს შობას, არამედ გაურკვეველია. აქაც, ქრისტეს ამბობს: მაშინ ნუ ცდუნდები, ანუ არა იმ დროს, როდესაც იერუსალიმი მოოხრდება, არამედ ანტიქრისტეს მოსვლისას. ნუ შეცდებით, ეუბნება, რადგან მრავალი მოვლენ ქრისტეს სახელით, რათა რჩეულნიც შეაცდინონ. ანტიქრისტეს მოსვლის შემდეგ ყოველი ქმნული შეიცვლება: ქრისტეს გარდამეტებული ნათლისაგანა ვარსკვლავნი ჩაქრებიან და ანგელოზთა ძალნი „შეიძვრებიან“, ანუ შეძრწუნდებიან, ნახავენ რა სამყაროს ამგვარ გარდაქმნას, ნახავენ რა თავიანთ მსგავს მონებს განსჯილთ. მაშინ კი - იხილავენ უფალს, როგორც ძე კაცისას, ანუ ხორციელად, ვინაიდან ხილული მასში არის მისი სხეული. და თუმცა ის მოვა ხორციელად და როგორც ძე კაცისა, მაგრამ „დიადი ძალითა და დიდებით“.

 

(თ. 13, მ. 27-31)

27. და მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი მისნი და შეკრიბნეს რჩეულნი თჳსნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ქუეყანისაჲთ, ვიდრე კიდედმდე ცისა. 28. ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. 29. ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. 30. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნას. 31. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ.

 

ხედავ, რომ ძეც ისევე წარგზავნის ანგელოზებს, როგორც მამა? სად არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ იგი არ არის თანასწორი ღმრთისა და მამისა? ანგელოზები მოვლენ მაშინ იმისთვის, რომ შეკრიბონ რჩეულნი, რომლებიც აღტაცებულნი იქნებიან რა ღრუბლებზე, ამგვარად უნდა შეხვდნენ უფალს, ხოლო ის, რასაც მე ვამბობ, აგრძელებს უფალი, ლეღვის მაგალითით შეგიძლიათ გულისხმაყოთ. როგორც ლეღვი, ფოთლებით დაფარული, გვიჩვენებს, რომ ახლოა ჟამი მკისა, ასევე ანტიქრისტეს სამწუხარო დროს, უშუალოდ მოჰყვება ქრისტეს მოერდ მოსვლა, რომელიც მართლათათვის ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც მკა ზამთრის შემდგომ, ხოლო ცოდვილთათვის როგორიც მკა ზამთრის შემდეგ. „ამენ გეტყვით თქვენ: არა წარხდეს ნათესავი ესე“, ანუ ნათესავი მართალთა, ანუ ქრისტიანებისა „ვიდრემდე ესე ყოველი იქმნას“, - ყველაფერი რაც ითქვა იერუსალიმზე და ანტიქრისტეს მოსვლაზე. უფალი არ საუბრობს აქ მოციქულთა „ნათესავზე“, რადგანაც მოციქულები არ იცხოვრებენ სამყაროს აღსასრულამდე. მრავალმა მათგანმა იერუსალიმის დანგრევამდეც ვერ იცოცხლა. მაშასადამე, ამ „ნათესავში“ ქრისტიანთა ნათესავს გულისხმობ, ანუგეშებს რა ამგვარად მოციქულებს, რათა მათ არ იფიქრონ, რომ ასეთი მძიმე განსაცდელის შემდგომ რწმენა, შესაძლოა სრულიად შემცირდეს. უფალი ამბობს: კადნიერნი იყავით, არ გადაივლის მართალთა მოდგმა და არ შემცირდება. უწინ ცა და დედამიწა გადაივლიან, ეს, ერთი შეხედვით, შეურყეველი სტიქიაები, ვიდრე ჩემი სიტყვები რაიმეში მაინც არ გამართლდება, რადგან ყველაფერი, რაც მე ვთქვი, იქნება.

 

(თ. 13, მ. 32-37)

32. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან. 33. არამედ იხილეთ და მღჳძარე იყვენით, და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი. 34. ვითარცა-იგი კაცმან გზად წარმავალმან დაუტევის სახლი თჳსი და მისცის მონათა თჳსთა ჴელმწიფებაჲ და კაცად-კაცადსა საქმე თჳსი და მეკარესა ამცნის, რაჲთა მღჳძარე იყოს. 35. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცის, ოდეს-იგი უფალი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი ანუ შუვა-ღამეს, ანუ ქათმისა ჴმობასა, ანუ განთიად; 36. ნუუკუე მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქუენ მძინარენი. 37. ხოლო რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ: მღჳძარე იყვენით.

 

სურს რა მოთოკოს მოწაფეთა ცნობისმოყვარეობა უკანასკნელ დღესა და საათზე, უფალი ეუბნება, რომ არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ არ იციან ამის შესახებ. მას რომ ეთქვა, მე ვიცი, მაგრამ არ მსურს გაგიმხილოთ, ასეთ შემთხვევაში დაანაღვლიანებდა მათ. ახლა კი, როცა ამბობს, რომ არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც მე არ ვიცით, - იგი ფრიად ბრძნულად იქცევა და მთლიანად თოკავს მათ სურვილისგან გაიგონ და თავი მოაბეზრონ მას. ამის გაგებას მაგალითი შეძლებ. პატარა ბავშვები, როდესაც დაინახავენ რაიმეს მამის ხელში, ხშირად სთხოვენ მას და თუკი მამებს არ სურთ მიცემა, ისინი ვერ იღებენ რა რაც ითხოვეს, იწყებენ ტირილს. ასეთ შემთხვევაში მამები მალავენ საგანს, რომელიც ხელში ეჭირათ და უჩვენებენ ბავშვებს ცარიელ ხელებს, რათა შეაკავონ მათი ცრემლები. ასევე უაფლმა, ექცევა რა მოციქულებს როგორც ბავშვებს, დაფარა მათგან უკანასკნელი დღე. სხვაგვარად, რომ ვთქვა, მე ვიცი, მაგრამ არ გეტყვით, - ისინი დამწუხრდებოდნენ, რადგან მას სურდა მათთვის თქმა. ხოლო ის, რომ უფალმა იცის უკანასკნელ დღესა და საათზე, ეს ნათელია, რადგანაც თავად შექმნა საუკუნენი. მაშ, როგორღა არ იცის ის, რაც თავადვე შექმნა? ამისთვის, ჩვენი სარგებლისათვის ღმერთმა დაფარა როგორც საყოველთაო აღსასრული ცხოვრებისა, ისე თითოეული ჩვენგანისა, კერძოდ, რათა ჩვენ, ამ აღსასრულის არცოდნის პირობებში, განუწყვეტლივ ვიღვწოდეთ, ველით და გვეშინია რა, რომ მოუმზადებლებს არ მოგვისწროს. მაგრამ თქმული სხვა მხრივადაც განვიხილოთ. საღამოს დგება აღსასრული, როდესაც ვინმე მოხუცებულობაში კვდება; შუაღამისას - როდესაც შუახანს მიაღწევს, მამლის ყივილისას - როდესაც ჩვენში განსჯა იღვიძებს არაცნობიერის ძილისაგან იწყებს მოქმედებას და გაგებას, მასში თითქოსდა მამალი იწყებს ხმობას. დაბოლოს, დილა სულ მთლად ბავშურ ასაკს აღნიშნავს. ამრიგად, ყველას მართებს სიცოცხლის დასასრულზე ფიქრი. ჩვილი რომ ჩვილია - მასზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ მოუნათლავი არ მოკვდეს. ამას ამცნებს უფალი ზოგადად ყველას - საერთო ხალხსაც და განდეგილებსაც. ასე რომ ჩვენ მღვიძარებაში უნდა ვიყოთ და ვილოცოთ, აღვასრულოთ ერთიცა და მეორეც, რადგან მრავალნი, თუმცა კი მღვიძარენი არიან, მაგრამ ღამეებს ლოცვაში კი არ ატარებენ. არამედ ცუდ საქმეებში. დააკვირდი იმასაც, რომ ახლა ქრისტეს არ უთქვამს: მე არ ვიცი, როდის დადგება აღსასრულის ჟამი, არამედ „არ იცით“, რადგანაც ჩვენი სარგებლობისთვის დაფარა ეს ჟამი. თუკი ჩვენ არ ვიცით რა აღსასრულის ჟამი, მტრობა გვაქვს ერთმანეთს შორის, რას აღარ ჩავიდენდით აღსასრულის ჟამი რომ არ ვიცოდეთ? მაშინ სიცოცხლის მთელ დროს, სიკვდილამდე, უკიდურესად ცუდ საქმეებში გავატარებდით. ხოლო უკანასკნელ დღეს, გამოვხატავდით რა სინანულს, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავვარდებოდით.

 

თავი მეთოთხმეტე

(თ. 14, მ. 1-5)

1. ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს. 2. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს ერისაჲ. 3. და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა. 4. იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის? 5. რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას.

 

საბჭო ქრისტეს წინააღმდეგ ოთხშაბათს შეიკრიბა. აი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვმარხულობთ ოთხშაბათს. მტრებს სურდათ მოეცადათ, ვიდრე დღესასწაულის ჟამი გაივლიდა, მაგრამ ეს არ იქნეა დაშვებული. უფალმა თავად განსაზღვრა რა თავის ვნება, კეთილ ინება სწორედ პასექის დროს მიეცა თავი ჯვარცმისთვის, რადგანაც თავად იყო ჭეშმარიტი პასექი. აქ უნდა გაგვაკვირვოს უფლის ძლიერებამ. ვინაიდან, როდესაც მტრებს სურდათ შეეპყროთ იგი, მაშინ არ შეეძლოთ, ხოლო როდესაც არ სურდათ, დღესასწაულის მიზეზით, მან თავად მისცა მათ საკუთარი თავი. „და ვითარცა იყო იესუ ბეთიანიას“, სახლსა სიმონ კეთროვანისასა და ინახით-იჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი“ ნელსაცხებელს ახსენებს ოთხივე მახარებელი და ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ ყველა ისინი ერთსა და იმავე დედაკაცს გულისხმობენ. მაგრამ ეს არ არის სამართლიანი: ეს ორი სხვადასხვა დედაკაცია, რომელთაგან ერთს მოიხსენიებს იოანე (12, 3), ეს იგივე ლაზარეს დაა, მეორეს კი დანარჩენი სამი მახარებელი, ხოლო თუ ჩაუკვირდები, აღმოაჩენ, რომ ისინი სამნი იყვნენ. ერთს მოიხსენიებს იოანე, მეორეს - ლუკა (7, 37-38), ხოლო დანარჩენი ორი მახარებელი - მესამეს“.ლუკასთან მოხსენიებული მეძავი იყო და სცხო უფალს მისი ქადაგების დროს, ხოლო მათესთან მოხსენიებულმა იგივე ჰყო, როდესაც მოახლოებული იყო უფლის ვნების ჟამი, ამასთან იგი არ იყო აშკარა მეძავი. უფალი შეიწირავს მის გულმოდგინებას, როგორც ნელსაცხებლებისთვის ასე ბევრის გამღებისა. „იყვნეს ვინმე, რომელნი დრტვინვიდეს“, - შენიშნავს მახარებელი, იოანე ამბობს, რომ დრტვინავდა იუდა (იოანე, 12, 3-5). შეიძება ვიფიქროთ, რომ სხვა მოციქულებიც საყვედურობდნენ დედაკაცს, რამდენადაც ისინი მუდმივად ისმენდნენ ქრისტესგან სწავლებას მოწყალებაზე. მაგრამ იუდა დრტვინავდა დედაკაცზე არა იმ ფიქრით, რითაც დანარჩენები, არამედ ვერცხლისმოყვარეობის გამო, ბილწი ანგარებისდა გამო. ამ მიზეზით, იოანე მხოლოდ მას მოიხსენიებს, როგორც დედაკაცის განმკითხველს ბოროტი განზრახვით. „და გრისხვიდეს მას“, ანუ ბრაზდებოდნენ, საყვედურობდნენ, ლანძღავდნენ.

 

(თ. 14, მ. 6-9)

6. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ მაგას, რაჲსა შრომასა შეამთხუევთ? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემ თანა. 7. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან. უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც კეთილის-ყოფად მათა, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. 8. რომელი აქუნდა, ყო, უსწრო ნელსაცხებელითა ცხებად ჴორცთა ჩემთა დასაფლველად ჩემდა. 9. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და რომელიცა-ესე ქმნა, ითქუმოდის საჴსენებელად მაგისა.

 

უფალი საყვედურობს მოციქულებს იმის გამო, რომ ისინი უდროოს აბრკოლებენ დედაკაცის გულმოდგინებას. „რაისა შრომასა შეამთხვივო?“, - ეუბნება იგი, ხელს კრავთ რა მას შემდეგ, რაც მან უკვე შესწირა ძღვენი? ამასთან ამხელს იუდასაც და ამბობს, მან ეს გააკეთა რათა შევემზადებინე დასაფვლელად და ცხადყოფს მის უსინდისობას, რადგან თითქოს ამით ეუბნება: შენ, სასიკვდილოდ მიმცემელი არ საყვედურობ საკუთარ თავს, ხოლო განა ის იმსახურებს შენგან საყვედურს იმისათვის, რომ ნელსაცხებელი მოიტანა, რათა განვემზადებინე დასაფვლელად და ამასთან, თითქოსდა ღმრთის განსაკუთრებული შთაგონებით? აქ უფალი წარმოსთქვამს ორ წინასწარმეტყველბას: პირველი - რომ სახარება ნაქადაგები იქნება მთელ მსოფლიოში; მეორე - რომ ნაქადაგები იქნება დედაკაცის საქციელზეც. დაე, შერცხვეთ მათ, ვინც ქრისტეს გლახაკებს ამჯობინებს. რადგანაც მე მსმენია ოქროს ოსტატთაგან, რომელნიც ამბობენ, რომ თუკი დავინაწევრებთ საეკლესიო ჭურჭელს და დავურიგებთ გლახაკებს - ცოდვა არ იქნება. დაე ისმინონ, როგორ აფაესებს ქრისტე მისდამი მსახურებას უფრო მეტად, ვიდრე გლახაკთა მსახურებას. სწორედ ოქროს ფეხშუმზე იმყოფება ხოლმე ჭეშმარიტი ხორცი ქრისტესი, ხოლო ბარძიმში - სისხლი ქრისტესი. ამიტომ, როდესაც ვინმეს მიაქვს ეკლესიიდან ძვირფასი ფეხშუმი და აიძულებს ქრისტეს ხორცის დაბრძანებას ცუდ ფეხშუმზე, იმოწმებს რა გლახაებს, დაე იცოდეს, რისი თანამონაწილე ხდება.

 

(თ. 14, მ. 10-11)

10. და იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წარვიდა მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ, რაჲთა მისცეს იგი მათ. 11. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მისგან, განიხარეს და აღუთქუეს მას მიცემად ვეცხლი. და ეძიებდა, ვითარმცა ჟამსა მარჯუესა მისცა იგი მათ.

 

მაშინ, როდესაც დედაკაცმა შესაფერისი პატივი მიაგო ქრისტეს, მოწაფე მტრობს მას და ამასთან ერთი თორმეტთაგანი, ვინაიდან ტყუილად არ არის ნათქვამი: „ერთი ათორმეტთაგანი“, არამედ იმის საჩვენებლად, რომ ისიც ყველაზე უფრო რჩეული მოწაფეთა შორის იყო. რას ნიშნავს გამოთქმა „რაითა მისცეს იგი?“ იმას ნიშნავს, რომ ეცნობებინა მათთვის, როდესაც ქრისტე მარტო იქნებოდა. მას რომ სწავლების დროს დასხმოდნენ თავს - ეშინოდათ, ხალხსი მხრიდან უბედურებას არ სწეოდნენ, ამიტომ იუდამ აღუთქვა მიეცა იგი მათტვის, როდესაც იგი ყველასგან განმარტოვდებოდა.

 

(თ. 14, მ. 12-15)

12. და პირველსა მას დღესა უცომოებისასა, ოდეს პასექსა მას დაჰკლვიდეს, ჰრქუეს იესუს მოწაფეთა მისთა: სადა გნებავს, წარვიდეთ და მოგიმზადოთ შენ, რაჲთა სჭამო ვნებაჲ ესე? 13. და წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად, და შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნითა წყალი ზე ედგას, და შეუდეგით მას, ვიდრეცა შევიდეს. 14. და არქუთ სახლისა უფალსა მას, ვითარმედ: მოძღუარი იტყჳს: სადა არს სავანე, სადა-იგი პასექი მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო? 15. და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დიდი დაგებული და მომზადებული; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ.

 

უცომოების პირველ დღეს მახარებელი ხუთსაბათს უწოდებს, რომელიც უშუალოდ უსწრებდა წინ პასექის დღესასწაულს, რადგანა პასექის ჭამას იუდეველები იწყებდნენ პარასკევს. მოწაფეები მიდიან და ეკითხებიან: სად წამონ პასექი? აქედან ჩანს, რომ არც ქრისტეს ჰქონია საკუთარი საცხოვრებელი, არც მოწაფეებს ჰქონდათ საკუთარი სახლები; რომ ჰქონოდათ, თავისთან მიიღებდნენ. თავის ორ მოწაფეს, - პეტრეს და იოანეს, როგორც ლუკა ამბობს, იგი უცნობ ადამიანთან აგზავნის, უჩვენებს რა ამით, რომ მას შეეძლო არც ვნებულიყო, თუკი მოინდომებდა. ვინაიდან ის, ვინც უცნობი ადამიანი განაწყო მიეღო იგი, რას აღარ მოახენდა სხვებში? ამასთან, აძლევს მოწაფეებს ნიშანს, თუ როგორ იპოვონ საძიებელი სახლი, კერძოდ: „უბრძანებს გაჰყვნენ ადამიანს, რომელსაც ლაგვნით წყალი მოაქვს. მაგრამ შეიძლება ავხსნათ ეს გადატანითი მნშჲვნელობითაც. „აგვნით წყალი“ მიაქვს მონათლულს. იგი მიდის „სახლში“, რომელიც შეეფერება მის გონით (სულიერ) მდგომარეობას. რამეთუ ნათლობის მატარებელი მიდის სიმშვიდეში ცხოვრების სიტყვით და მშვიდდება ამ მდგომარეობაში, როგორც სახლში. სახლის უფალი არის გონება, რომელიც უჩვენებს „ქორს დიდს“ - ანუ ამაღლებულობას საკუთარი ზრახვებისა. მაგრამ, ეს ქორი „დაგებულია“, ანუ მართალია ამაღლებულია, მაგრამ არა სასტიკი და ამპარტავანი, პირიქით, დაგებულია და მომზადებული სიმდაბლით. სწორედ აქ, ვამბობ, ამგვარ გონებაში, მზადდება პასექი ქრისტესათვის ორი მოწაფის პეტრესა და იოანეს, ანუ ქმედებისა და ჭვრეტის მიერ, რამეთუ პეტრე ფიცხი და ქმედითი იყო, იოანე კი, როგორც ღმრთისმეტყველი - მჭვრეტელი.

 

(თ. 14, მ. 16-21)

16. და გამოვიდეს მოწაფენი მისნი და მოვიდეს ქალაქად და პოვეს ეგრეთ, ვითარცა ჰრქუა მათ იესუ, და მოჰმზადეს ვნებაჲ იგი. 17. და ვითარცა მწუხრი იყო, მოვიდა ათორმეტთა მათ თანა. 18. და ვითარ ინაჴით-სხდეს და ჭამდეს, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელი ჭამს ჩემ თანა. 19. ხოლო მათ იწყეს მწუხარებად და სიტყუად მისა თითოეულმან: ნუუკუე მე ვარ? და სხუამან თქჳს: ნუუკუე მე ვარ? 20. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ერთმან ათორმეტთაგანმან, რომელმან შთამოყოს პინაკსა ამას ჴელი ჩემ თანა, იგი მიმცემს მე. 21. ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ არს მის კაცისა, რომლისაგან ძე კაცისაჲ მიეცემის; უკეთეს იყო მისა, უკუეთუმცა არა შობილ იყო კაცი იგი.

 

როგორღა იყვნენ ისინი მსხდომარენი, როდესაც სჯული ბრზანებდა ფეხზე დგომელას ეჭამათ პასექი? უნდა ვიფიქროთ, რომ უფალმა ჯერ სჯულით დადგენილი პასექი აღასრულა, ხოლო შემდეგ დაჯდა, რათა თავისი საკუთარი პასექი მიერთმია.მოწაფეები მწუხარენი იქმნენ, როდესაც უფალმა თქვა: „ერთმან თქვენგანმან მიმცემს მე“. მართალია, მათთვის უცხო იყო ეს ცოდვა. მაგრამ შეცბნენ, ვინაიდან უფრო მეტად სჯეროდათ ღმერთისა, მათი გულთა მხილველისა, ვიდრე საკუთარი თავისა. დააკვირდი სიტყვას „წარვალს“, რადგანაც ქრისტეს სიკვდილი მხოლოდ წასვლა იყო და არა სიკვიდილი. „უკეთეს იყო მისა, უკუეთუმცა არა შობის იყო კაცი იგი“. ის ნათქვამია იმ სასჯელზე, რომელსაც გამცემი დაექვემდებარება. რადგან უკეთესია სულაც არ დაიბადო, ვიდრე დაიბადო ტანჯვისათვის. ამრიგად, ამ უკანასკნელის ბედთან მიმართებაში, უკეთესი იქნებოდა, თუკი იუდა სულაც არ იარსებებდა. ვინაიდან უფალმა კეთილი საქმეებისთვის შექმნა იგი, ხოლო რამდენადაც იგი თავად ჩავარდა ასეთ საშინელ ბოროტმოქმედებაში, მართლაც უკეთესი იქნებოდა, თუკი სულაც არ იშვებოდა.

 

(თ. 14, მ. 22-25)

22. და ჭამდეს რაჲ იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და ჰრქუა: მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ჴორცი ჩემი. 23. და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს მისგან ყოველთა. 24. და ჰრქუა მათ: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა შჯულისაჲ, მრავალთათჳს დათხეული. 25. ხოლო ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არღარა ვსუა ნაყოფისა ამისგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი სასუფეველსა ღმრთისასა.

 

ზოგიერთნი ამბობენ, რომ იუდა არ ეზიარა წმიდა საიდუმლოებებს, ვინაიდან იგი გამოვიდა მანამ, სანამ უფალი მიართმევდა მათ ამ საიდუმლოებათ. სხვები ამბობენ, რომ პირიქით, უფალმა ეს უმადურიც აზიარა თავის სიწმინდეს. აკურთხა რა, ანუ მადლობდა რა, უფალმა განტეხა პური. ასევე ვიქმთ ჩვენც, როდესაც ლოცვებს წარმოვთქვამთ. „ეს - ეუბნება, - რასაც ახლა თქვენ მიიღებთ ჩემი ხორცია“, რადგანაც პური სახე კი არაა უფლის ხორცისა, არამედ თავად ქრისტეს ხორცი, რადაც პური გარდაიქმნება. და უფალი ამბობს: „პური, რომელი მე მივსცე, ხორცი ჩემი არს“ (ინ. 6,51); არ უთქვამს: სახეა ჩემი ხორცისა, არამედ „ხორცი ჩემი არს“ და კიდევ „უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაჲ...“ (იქვე, 55 მ.). მაგრამ როგორ? შესაძლოა თქვას ვინმემ: ხორცი ხომ არა ჩანს? ეს ჩვენი უძლურებისდა გამოა ადამიანო! რამდენადაც პური და ღვინო არსებითად ჩვეულებრივი ნივთებაა ჩვენთვის, ხოლო რამდენადაც შემოთავაზებული ხორცისა და სისხლის დანახვა აუტანელი იქნებოდა და პირს ვიბრუნებდით მისგან, ამდენად კაცთმოყვარე ღმერთი, ჩვენდამი გულმოწყალების გამო, უნარჩუნებს პურისა და ღვინის სახეს, მაგრამ ისინი გარდაიქმნებიან ხორცისა და სისხლის ძალით. თავის სისხლს ახალი აღთქმის სისხლი უწოდა, ძველი აღთქმისაგან განსხვავებით, ვინაიდან ძველ აღთქმაშიც იყო სისხლი, რომლითაც იპკურებოდა ხოლმე ხალხიცა და სჯულის წიგნებიც. „არღარა ვსუა, - ამბობს ის შემდეგ, - ნაყოფისა ამისგან ამის ვენახისა“ აღდგომამდე (სასუფეველს აქ უწოდებს აღდგომას, რადგანაც მკვდრეთით აღმდგარი, იგი გამეფდა სიკვდილზე). აღდგომის შემდეგ იგი კვლავ ჭამდა და სვამდა თავის მოწაფეებთან ერთად, არწმუნებდა რა ამგვარად, რომ სწორედ ისაა, ვინც ევნო. მაგრამ სვამდა ახალ ღვინოს, ანუ სვამდა ახალი და უჩვეულო წესით, რადგანაც უკვე ჰქონდა არა ვნებული სხეული, რომელსაც საკვები სჭირდებოდა, არამედ უხრწნელი და უკვდავი. შეიძლება ეს ასეც გავიგოთ: ვენახი თავად უფალია, ნაყოფი ვენახისა საიდუმლოების არსი და დაფარული ცოდნაა, რომელსაც თავად შობს, განაბრძნობს რა ადამიანს. ამრიგად „ღმრთის სასუფეველში“ ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად საიდუმლოებებსა და სიბრძნეს დალევს, გვასწავლის რა ახალ ჭეშმარიტებებს და განგვიცხადებს რა იმას, რაც ახლა დაფარულია.

 

(თ. 14, მ. 26-31)

26. და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა. 27. და ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ღამესა ამას, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი. 28. არამედ შემდგომად აღდგომისა ჩემისა წარგიძღუე თქუენ გალილეად. 29. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდენ, არამედ მე არასადა დავბრკოლდე. 30. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, ვითარმედ: შენ დღეს ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა მეორედ ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე. 31. ხოლო პეტრე უმეტესღა უფროჲს იტყოდა: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი იტყოდეს.

 

მადლობდნენ დალევის წინაც, მადლობდნენ დალევის შემდეგაც, რათა ჩვენ გვცოდნოდა, რომ უნდა ვმადლობდეთ და ვუგალობდეთ საკვების მიღების წინაც და საკვების მიღების შემდეგაც. ამით უფალი გვიჩვენებს იმასაც, რომ ჩვენი გულისთვის სიკვდილისა მას არ ეშინია, ასე რომ იგი ადიდებს უფალს მაშინაც, როდესაც სასიკვდილოდ მიდის. ამით, უეჭველია, ჩვენც გვასწავლის არ გავიტეხოთ გული, მწუხარებაში ცავარდნილებმა მრავალთა გადასარჩენად, არამედ ვმადლობდეთ უფალს, რომელიც ჩვენი მწუხარებით ხელს უწყობს მრავალთა გადარჩენას. უფალი მიდის ზეთისხილის მთაზე, რათა იუდეველებს ჰპოვებდნენ და აიყვანდენ რა მას განმარტოებაში მყოფს, შფოთი არ მოეხდინათ ხალხში. ვინაიდან ისინი რომ თავს დასხმოდნენ მას ქალაქში, შესაძლოა ხალხი აღშფოთებულიყო მის გამო. ამ შემთხვევაში კი მტრები, ამ გარეგნულად საპატიო საბაბით, იფიქრებდნენ, თითქოს იგი სამართლიანად მოკლეს, როგორც შფოთის თავი. ქრისტე უწანასწარმეტყველებს მოწაფეებს, რომ ისინიც ცდუნდებიან. ხოლო რათა არ ჩათვალონ ეს აშკარა საყვედურად, ყველას მიმართ, მოჰყავს წინასწარმეტყველ ზაქარიას სიტყვები, რომ ისინი „განიბნევიან“ (ზაქ. 13, 7). დაბოლოს, ნუგეშსაც სცემს მათ: „წარგიძღვებით, - ეუბნება, ანუ შეგხვდებით, - თქვენ გალილეაში“. მაგრამ პეტრე ეპასუხება; რის გამოც ესმის შემდეგი: „ვიდრე ქათმისა მეორედ ხმობადმე, სამ-გზი უვარ მყო-მე“. ასეც მოხდა: მას შემდეგ, რაც პეტრემ უარყო, პირველად იყივლა მამალმა; სემდეგ როდესაც პეტრემ უარყო მეორედ და მესამედ, მამალმა კვლავ იყივლა. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები: „ვიდრე ქათმისა მეორედ ხმობადმე, სამ-გზი უვარ მყო მე“ გამოხატავდა რა მხურვალე გულმოდგინებას, ყველა სხვა მოწაფეც, პეტრეს მსგავსად, აძლევდა დაპირებას, რომ არ დატოვებდნენ უფალს, რითაც თითქოსდა სიცრუეთ აქცევდნენ თვითარსება ჭეშმარიტების სიტყვას. ამიტომ უფალიც უშვებს და ადამიანური ბუნებაც აღმოაჩენს საკუთარ უძლურებას. რადგანაც უეჭველია, რომ უფალს შეეძლო დაეცვა ისინი, განსაკუთრებით კი პეტრე: მაგრამ დაუშვა, რომ როგორც ისინი, ასევე ჩვენც არ ვყოფილიყავით საკუთარ თავში ასე დარწმუნებულები. „დავსცე მწყემსი“, - ამას ამბობს მამა ღმერთი. რამდენადაც მან დაუშვა ძე ძლეულიყო, ამიტომ ნათვქამია, რომ მისგან იძლია ძლეული მისივე დაშვებით. ხოლო ცხვრები უქოდა მოციქულებს, როგორც უბოროტო ადამიანებს.

 

(თ. 14, მ. 32-42)

32. და მოვიდეს დაბასა, რომლისაჲ სახელი გეთსამანიაჲ. და ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხედით აქა, ვიდრემდე ვილოცო. 33. და წარიყვანნა პეტრე და იაკობ და იოვანე მის თანა, იწყო დასულებად და ურვად. 34. და ჰრქუა მათ: მწუხარე არს სული ჩემი, ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით. 35. და წარვიდა მცირედ და დავარდა ქუეყანასა და ილოცვიდა: უკუეთუ შესაძლებელ არს, რაჲთა თანა-წარჰჴდეს ჟამი იგი მისგან. 36. და იტყოდა: აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელ არს შენ მიერ თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ რაჲცა შენ გნებავს. 37. და მოვიდა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: სიმონ, გძინავსა? და ვერ უძლე ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა? 38. იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა. სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ. 39. და კუალად წარვიდა და ილოცვიდა და იგივე სიტყუაჲ თქუა. 40. და მოიქცა კუალად და პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ, და არარაჲ იცოდეს, რაჲმცა მიუგეს მას. 41. და მოვიდა მესამედ და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. მოიწია დასასრული, და მოვიდა ჟამი. აჰა ესერა მიეცემის ძე კაცისაჲ ჴელთა ცოდვილთასა. 42. აღდეგით და წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მიმცემელი ჩემი მოახლებულ არს.

 

ქრისტეს ყოველთვის ჰქონდა ჩვეულება ელოცა განმარტოებით, მოგვცა რა მაგალითი იმისა, რომ ჩვენც ლოცვისას, განმარტოება ვეძიოთ. მას თან მხოლოდ ის სამი მოწაფე მიჰყავს, რომლებიც მისი დიდების მოწმენი იყვნენ თაბორზე, რათა მათ იხილეს რა იგი დიდებაში მყოფი, მწუხარებაში მყოფიც იხილონ და ამრიგად, მიხვდნენ, რომ იგი ჭეშმარიტი კაცია და ჩვენს მსგავსად იგლოვს და მწუხარებს, ვინაიდან მან სრულად მიიღო ადამიანი მისი ბუნებრივი თვისებებით, იგლოვს და მჭმუნვარებს, უეჭველია ადამიანური ბუნებით; ჩვენ ადამიანები, ხომ ბუნებით გარემივიქცევით სიკვდილისაგან. ამრიგად, როდესაც ის ამბობს: „ყოველივე შესაძლებელი არს შენ მიერ თანაწარსვლად სასუმელი ესე ჩემგან“, იგი აღმოაჩენს თავისში ადამიანურ თვისებას; მაგრამ შემდეგ დასძენს: „მაგრამ არა რაი-იგი მე მნებავს, არამედ რაიცა შენ გნებავს“, - რითაც გვასწავლის, რომ მიუხედავად ბუნებრივი მოტხოვნილებებისა, ვითხოვოთ ის, რაც ღმერთს სურს. ლოცვის შემდეგ, მიდის რა მოწაფეებთან, იგი იმ სამ მოწაფეს მძინარეს პოულობს; მაგრამ მხოლოდ პეტრეს საყვედურობს, რითაც თითქოსდა ეუბნება: განა შენ არ შემპირდი მომკვდარიყავი ჩემთან ერთად, მაგრამ ერთ საათსაც ვერ შეძელი გეფხიზლა. და განა შენ შეგიძლია არად ჩააგდო სიკვდილი? არამედ მღვიძარენი იყავით და იფხიზლეთ, რათა არ ჩაცვივდეთ განსაცდელში და არ უარმყოთ მე. მართალია, თქვენი სული მზდაა არ უარმყოს, როგორც დამპირდი კიდეც, მაგრამ ხორცი უძლურია, ამიტომ თუკი ღმერთი თქვენი ლოცვის წილ არ მისცემს თქვენს სხეულს ძალას - თქვენ უბედურება გეწევათ. და ისევ, ცოტა მოსცილდა რა მათ, დაიწყო ლოცვა, და იმავე სიტყვებს წარმოსთქვამდა, რასაც ადრე, რათა მეორედ ლოცვისად დაედასტურებინა, რომ არსებითად და ჭეშმარიტად კაცია და ჩნეთვისაც ესწავლებინა ხშირი ლოცვა და არა ისე, რომ ერთხელ ჩავილაპარაკებთ რა ლოცვისას რარაცას, მაშინვე დავუტევოთ იგი; საჭიროა გულმოდგინეთ ვიმეოროთ ლოცვა. იხილა რა მოწაფეები ისევ მძინარენი, უკვე აღარ საყვედურობს მათ, რადგანაც ისინი დამძიმებულნი იყვნენ ძილით. აქედან შეიცანი ადამიანური თავქარიანობა და უძულურება! ჩვენ კი ჩვენთვის შეუძლებელ დაპირებებს ვიძლევთ! მესამედ ქრისტე იმავე მიზეზებით ლოცულობს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. და კვლავაც მიდის მოწაფეებთან, მაგრამ უკვე აღარ ამხელს მათ, თუმცაღა კი ვერ განმტკიცდნენ, არამედ ძილს მისცეს თავი. მაშ - ეუბნება იგი, - „დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ“. ამას შესარცხვენად ეუბნება. რამდენადაც ხედავდა, რომ გამცემი უკვე მოდის, უთხრა კიდეც მათ ასე: დაიძინეთ ამიერითგან და განისვენეთ, აი მტერი უკვე მოდის. ამას ეუბნება (უმეორებს), არცხვენს რა მათ ძილის გამო. ხოლო რომ მართლაც საყვედურის სახით უთხრა ეს, უსმინე რას ამბობს ქვევით: „აღდექით, წარვიდეთ“, ასე იმიტომ კი არ ეუბნება, რომ გაიქცეს, არამედ იმიტომ, რომ შეხვდეს მტრებს. გამოთქმა: „მწუხარე არს სული ჩემი, ვიდრე სიკვდილამდე“. ზოგიერთს ასე ესმის: მე ვმწუხარებ არა იმაზე, რომ უნდა მოვკვდე, არამედ იმაზე, რომ მე ჯვარს მაცვამენ ისრაელიტელნი, ჩემი მოყვასნი, რისთვისაც გაძევებულნი იქნებიან სასუფევლიდან ღმრთისა.

(თ. 14, მ. 43-49)

43. და მეყსეულად, ვიდრე იგი იტყოდაღა, მოვიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა. 44. ხოლო მიეცა მათა სასწაული მიმცემელსა მას მისსა და ჰრქუა მათ: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი და წარიყვანეთ კრძალულად. 45. და მეყსეულად მოვიდა და მოუჴდა მას და ჰრქუა: რაბი! რაბი! და ამბორს-უყო მას. 46. ხოლო მათ დაასხნეს მას ზედა ჴელნი და შეიპყრეს იგი. 47. და ერთმან ვინმე წინაშე მდგომელმან იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა მას ყური მისი. 48. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით თქუენ მახჳლებითა და წათებითა შეპყრობად ჩემთა. 49. დღითი-დღე თქუენ თანა ვიყავ ტაძარსა შინა, გასწავებდ, და არა შემიპყართ მე; არამედ რაჲთა აღესრულნენ წიგნნი.

 

ტყუილად არ არის დამატებული: „ერთი ათორმეტთაგანი, არამედ განსასჯელად გამცემისა იმისთვის, რომ იგი, იყო რა ერთი იმ უპირველეს მოციქულთა დასიდან, ბოროტს ზრახავდა თავისი მეუფის წინააღმდეგ. მაგრამ შეხედე მის უგუნურობას, როგორ ფიქრობდა იგი ამბორით დაეფარა თავი უფლისაგან, იმედოვნებდა რა, რომ მეგობრად მიიღებდნენ. თუკი შენ მართლაც მეგობარი ხარ, შენ მტრებთან ერთად რაღატომ მოხვედი? ჭეშმარიტად უაზრო ცბიერებაა! „და ერთმან ვინმემ წინაშე მდგომელმან“ - ეს პეტრე იყო. მარკოზი გაჩუმდა მის სახელზე, რათა არ ეფიქრათ, რომ იგი აქებს პეტრეს, თავის მასწავლებელს, მისი მოშურნეობის გამო ქრისტეს მიმართ. მაგრამ პეტრემ, სხვათაშორის ყური მოაჭრა, მღვდელმთავრის მონას: ამით ხდება მინიშნება იმაზე, რომ იუდეველები ურჩი, დაუმორჩილებელი და უყურადღებო ხალხი იყო წმიდა წერილის მიმართ. სხვაგვარად, მათ რომ ჰქონოდათ ყური მიპყრობილი წერილისადმი, ისინი ჯვარს არ აცვამდნენ უფალს დიდებისა. და ვინმე სხვა მონა კი არ დაჭრა პეტრემ, არამედ მღვდელმთავრისა, რადგანაც მღვდელმთავარნი პირველნი, არ უსმენდა წერილს, იქცნენ რა შურისა და თავისმოყვარეობის მონად. ქრისტე ბრბოს ეუბნება: „ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით თქვენ მახვილითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა!“ მაგრამ ეს მის ღმრთაებრიობაზე მოწმობს. ვინაიდან, როდესაც იგი ასწავლიდა ტაძარში, მათ ვერ შეძლე მისი შეპყრობა, თუმცა მათ ხელში იყო, რამდენადაც ჯერ არ იყო მოწევნული ჟამი მისი ტანჯვისა. როდესაც თავად ისურვა მაშინაც მისცა თავი, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება წერილისა; რომ „კრავივით დასაკლავად მიიყვანეს“ (ისაია, 51, 7). ყოველგვარი კამათის, ყობელგვარი დრტვინვის გარეშე, ნებაყოფლობით გაჰყვა მის წასაყვანად მოსულებს.

 

(თ. 14, მ. 50-54)

50. მაშინ მოწაფეთა მისთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს. 51. და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა არდაგი შიშულივ. ხოლო სხუათა მათ ჭაბუკთა შეიპყრეს იგი. 52. და მან დაუტევა არდაგი და ივლტოდა მათგან შიშუელი. 53. და მიიყვანეს იესუ კაიაფაჲს მღდელთ-მოძღურისა. და შეკრბეს ყოველნი მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი. 54. ხოლო პეტრე შორით მისდევდა მას, ვიდრე შინა ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და დაჯდა იგი მსახურთა თანა და ტფებოდა წინაშე ნათელსა ცეცხლისასა.

 

მოწაფენი განიბნინენ, რადგან შეუძლებელი იყო თვითარსება ჭეშმარიტებასა და წინასწარმეტყველებას ეცრუათ. მხოლოდ ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას, როგორც ჩანს, იმ სახლიდან იყო, სადაც პასექი ჭამეს. ზოგიერთები, სხვათაშორის, ფიქრობენ, რომ ეს იაკობი იყო, უფლის ძმა, მართლად წოდებული, ვინაიდან იგი მთელი თავისი სიცოცხლე მანტიით დადიოდა, უფლის ამაღლების შემდეგ მან მიიღო მოციქულთაგან ეპისკოპოსის ტახტი იერუსალიმში. მანო, ამბობენ, დატოვა რა ზემოთა საფარველი, გაიქცა. არაფერია გასაოცარი იმაში, რომ როდესაც რჩეული მოციქულები გაიქცნენ, მანაც დატოვა უფალი. თუმცა, პეტრე, გამოხატა რა მუხრვალე სიყვარული მასწავლების მიმართ, გაჰყვა ქრისტეს. სჯული ბრძანებდა, რომ იუდეველებს ერთი მღვდელმთავარი ჰყოლოდათ მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მაშინ მათ მრავალი მღვდელმთავარი ჰყავდათ, რომლებიც ერთი-მეორის მიყოლებით ყიდულობდნენ ძალაუფლებას რომაელთაგან. ამრიგად, მღვდელმთავრებს მახარებელი უწოდებს მათ, ვინც დაჰყვეს რა რაღაც დრო მღვდელმტავრადმ დატოვეს იგი.

 

(თ. 14, მ. 55-61)

55. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს იესუჲსთჳს მოწამეთა, რაჲთა მოკლან იგი, და არა ჰპოებდეს. 56. რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს მისთჳს, და სწორ არა იყვნეს წამებანი მათნი. 57. და სხუანი ვინმე აღდგეს და ცრუსა წამებდეს მისთჳს და იტყოდეს, 58. ვითარმედ: ჩუენ გუესმა მაგისგან სიტყუაჲ, ვითარმედ: მე დავარღჳო ტაძარი ესე ჴელით-ქმნული და მესამესა დღესა აღვაშენო სხუაჲ, ჴელით-უქმნელი. 59. და არცა ესრეთ ერთ იყვნეს წამებანი მათნი. 60. და აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი შორის და ჰკითხა იესუს და ჰრქუა: არარას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ? 61. ხოლო იესუ დუმნა და არარაჲ მიუგო მათ. და მერმე ჰკითხვიდა მას მეორედ მღდელთ-მოძღუარი იგი და ეტყოდა: შენ ხარა ქრისტე, ძე კურთხეულისაჲ?

 

ადამიანები, რომლებიც თავად არიან განსჯის ღირსნი, არა იმისათვის, რომ შეიცნობს რა ჭეშმარიტებას, ირწმუნოს იგი, არამედ იმისათვის, რომ ჰქონდეს რაიმე საბაბი მის განსასჯელად. სიტყვებს „შენ ხარ ქრისტე“ (ცხებული) - იგი უმატებს „ძე კურთხეულისა“. რადგან მარავლნი იყვნენ ცხებულნი, რამდენადაც ამ სახელით იწოდებიან მეფეებიც, მღვდელმთავრებიც, მაგრამ არცერთი მათგან არ იყო ძე ღმრთისა, მარადის კურთხეულისა და დიდებულისა. იესუმ მიუგო, „მე ვარ“ თუმცა იცოდა, რომ ისინი არ ირწმუნებდნენ, იძულებული იყო ეპასუხა, რათა შემდეგ არ შეძლებოდათ თქმა, მისგან პირდაპირი მოწმობა არ მოგვისმენია თავის თავზე, ვირწმუნებდითო. ამიტომაც, სასჯელით მით უფრო დიდი იქნება, რომ მათ მოისმინეს რა ეს მოწმობა, მაინც არ ირწმუნეს. „ამიერითგან იხილოთ, - ამბობს ის, - ძე კაცისაი მარჯვენით მჯდომარე ძლიერებითა“, ანუ მამისა („ძლიერებას“ აქ უწპდებს მამას). ვინაიდან იგი კვლავ მოვა არა უსხეულოდ, არამედ იმგვარად, რომ მისმა ჯვარცმელებმა, მისი ხილვა და ცნობა შეძლონ. ამასთან, მღვდელმთავარმა შეასრულა ჩვეულება (დაი პო სამოსელი), რადგან როდესაც იუდეველბს რაიმე უბედურება ან მწუხარება შეხვდებოდათ, ისინი სამოსელს დაიპობდნენ ხოლმე. ამ შემთხვევაში მღვდელმთავარმა დაიპო სამოსელი იმის ნიშნად, რომ იესომ თითქოსდა ღმრთის გმობა წარმოსთქვა და ამრიგად, დიდი ბოროტება აღესრულა. საკმარისია ამასთან ავითთან ერთად ვთქვათ: „განირყვნეს და არა შეინანეს“ (ფს. 34, 15). მაგრაგ ეს დაპობა, იყო აგრეთვე სახე იუდაური მღვდელმთავრობის დაპობისა და გაუქმებისა, თუმცაღა მღვდელმთავარი ვერ აცნობიერებდა ამას. ამგვარად, როდესაც მღვდელმთავრებმა შესაბამისი სასჯელი გამოუტანეს მას (ქრისტეს), მაშინ მსახურები, სახე დაუფარეს რა, სცემდნენ მას და ეუბნებოდნენ „გვიწინასწარმეტყუელბდა ჩუენ“, ვინ დაგარტყა შენ? და თუკი უფალმა ამდენი დაითმინა ჩვენთვის, მაშინ, ჩვენ რამდენის დათმენაღა გვმართებს მისი გულისთვის, რათა შესაფერისად მიუძღოთ მეუფეს? ო, ეს შემაძრწუნებელია!

 

(თ. 14, მ. 62-65)

62. ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარმედ: მე ვარ. და ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა. 63. ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? 64. გესმა ყოველთა გმობაჲ მაგისგან. ვითარ გნებავს თქუენ? მაშინ ყოველთა დასაჯეს იგი თანა-მდებად სიკუდილისა. 65. და იწყეს ვიეთმე ნერწყუვად მისა და დაბურვად პირსა მისსა და ჴურთითა ცემად მისა და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? და მსახურთა მათ მოიყვანეს იგი ყურიმლის ცემად.

 

მღვდელმთავარი ისევე ეკითხება იესოს, არა იმისათვის, რომ შეიცნობს რა ჭეშმარიტებას, ირწმუნოს იგი, არამედ იმისათვის, რომ ჰქონდეს რაიმე საბაბი მის განსასჯელად. სიტყვებს „შენ ხარ ქრისტე“ (ცხებული) - იგი უმატებს „ძე კურთხეულისა“. რადგან მრავალნი იყვნენ ცხებულნი, რამდენადაც ამ სახელით იწოდებოდნენ მეფეებიც, მღვდელმთავრებიც, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო ძე ღმრთისა, მარადის კურთხეულისა და დიდებულისა. იესომ მიუგო, „მე ვარ“ თუმცა იცოდა, რომ ისინი არ ირწმუნებდნენ, იძულებული იყო ეპასუხა, რათა შემდეგ არ შესძლებოდათ თქმა, მისგან პირდაპირი მოწმობა რომ მოგვესმინა თავის თავზე, ვირწმუნებდითო. ამიტომაც სასჯელიც მით უფრო დიდი იქნება, რომ მათ მოისმინეს რა ეს მოწმობა, მაინც არ ირწმუნეს. „ამიერითგან იხილოთ, - ამბობს ის, - ძე კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებათა“, ანუ მამისა („ძლიერებას“ აქ უწოდებს მამას). ვინაიდან იგი კვლავ მოვა არა უსხეულოდ, არამედ იმგვარად, რომ მისმა ჯვარმცმელებმა, მისი ხილვა და ცნობა შეძლონ. ამასთან, მღვდელმთავარმა შეასრულა ჩვეულება (დაიპო სამოსელი), რადგან როდესაც იუდეველებს რაიმე უბედურება ან მწუხარება შეხვდებოდათ, ისინი სამოსელს დაიპობდნენ ხოლმე. ამ შემთხვევაში მღვდელმთავარმა დაიპო სამოსელი იმის ნიშნად, რომ იესომ თითქოსდა ღმრთის გმობა წარმოსთქვა და ამრიგად, დიდი ბოროტება აღესრულა. საკმარისია ამაზე დავითთან ერთად ვთქვათ: „განირყვნეს და არა შეინანეს“ (ფს. 34, 15). მაგრამ ეს დაპობა, იყო აგრეთვე სახე იუდაური მღვდელმთავრობის დაპობისა და გაუქმებისა, თუმცაღა მღვდელმთავარი ვერ აცნობიერებდა ამას. ამგვარად, როდესაც მღვდელმთავრებმა შესაბამისი სასჯელი გამოუტანეს მას (ქრისტეს), მაშინ მსახურები, სახე დაუფარეს რა, სცემდნენ მას და ეუბნებოდნენ „გჳწინასწარმეტყუელებდ ჩუენ“, ვინ დაგარტყა შენ? და თუკი უფალმა ამდენი დაითმინა ჩვენთვის, მაშინ, ჩვენ რამდენის დათმენაღა გვმართებს მისი გულისთვის, რათა შესაფერისად მიუზღოთ მეუფეს? ო ეს შემაძრწუნებელია!

 

(თ. 14, მ. 66-72)

66. და იყო რაჲ პეტრე ეზოსა მას შინა, მოვიდა ერთი მჴევალთაგანი მღდელთ-მოძღურისათაჲ. 67. და ვითარცა იხილა იგი, ტფებოდა რაჲ, მიჰხედა მას და ჰრქუა: შენცა იყავ იესუჲს თანა ნაზარეველისა. 68. ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე იტყჳ შენ. და გამოვიდა პეტრე გარეშესა მას ეზოსა, და ქათამმან ჴმა-ყო. 69. და კუალად იხილა იგი მჴევალმან მან და იწყო სიტყუად წინაშე მდგომარეთა მათ, ვითარმედ: ესეცა მათგანივე არს. 70. ხოლო მან კუალად უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა წინაშე მდგომელნი იგი ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ და რამეთუ გალილეველ ხარ, სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს. 71. ხოლო პეტრე იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი ესე, რომელსა იტყჳთ. 72. და მეყსეულად მეორედ ქათამმან იყივლა, და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: პირველ ქათმისა ჴმობადმდე მეორედ სამ-გზის უვარ-მყო მე. და იწყო ტირილად.

 

და თუმცა პეტრე ყველაზე უფრო მხურვალე იყო, მაინც უძლური აღმოჩნდა და უარყო უფალი, შიშით შეპყრობილმა, ხოლო ამგვარი შიში მას მოახლემ მოჰგვარა! ღმერთმა კი, განსაკუთრებული წინასწარგანზრახულების გამო დაუშვა მასზე, რომ დაეთმინა ეს, რათა თავი არ აემაღლებინა და თანაგრძნობ, ით მოჰკიდებოდა მათ, ვინც დაეცნენ, იწვენვდა რა საკუთარ თავზე სიღრმეს ადამიანური უძულურებისა. რაც შეეხება იმას, ერთი მონა იყო, რომელმაც პეტრე ამხილა, თუ იყო სხვაც, მათე ამბობს, რომ სხვაც იყო, ხოლო მარკოზი - რომ პეტრე ორივე შემთხვევაში, ერთი და იმავე მონამ ამხილა. მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ჩვენი დამაბრკოლებელი სახარების ჭეშმარიტებასთან მიმართებაში. ვინაიდან აქ წინააღმედეგობა მახარებელთა შორის, არ შეეხება რაიმე მთავარსა და ჩვენი სხნისთვის აუცილებელს. ხომ არ უთქვამს ერთს, რომ უფალი ჯვარს აცვეს, ხოლო მეორეს, რომ იგი არ აცვეს ჯვარს. ამრიგად, პეტრემ, შეიპყრა რა შიშმა და დაივიწყა უფლის სიტყვები - „რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა“ (მათე თ. 10, მ. 33), - უარყო ქრისტე, მაგრამ, სინანულმა და ცრემლებმა, კვლავაც დაუბრუნეს იგი ქრისტეს. რადგან ნატქვამია: „და იწყო ტირილად“. ანუ აიფარა რა სახეზე ხელები, მწარედ იწყო ტირილი. მათემ (საუბრობდა რა პეტრეს მიერ უარყოფაზე) გაურკვევლად თქვა: „ვიდრე ქათმისა ხმობადმდე“. მარკოზმა ეს ახსნა: „ვიდრე ქათმის მეორედ ხმობადმე“. მამლები ჩვეულებრივ პირველად აკეთებენ რამოდენიმე შეძახილს, შემდეგ იძინებენ, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ისევ იწყებენ ყივილს. ამიტომ, მათეს მიერ ნათქვამის აზრი ასეთია: „ვიდრე ქათმისა ხმობადმე“, ანუ სანამ მოასწრებდეს პირველად თავისი ყივილის დამთავრებას, „სამ-გზის უვარ-მყო მე“. დაე, შერცხვეთ ნოვატიანელებს, რომლებიც არ იღებენ ნათლობის სინანულს და წმიდა საიდუმლოებებთან ზიარების შემდეგ შემცოდეთ. აი პეტრე, რომელმაც უკვე წმიდა ხორცთან და სისხლთან ზიარების შემდეგ უარყო, კვლავ იქმნა მიღებული მოციქულთა შორის. ამიწნდანთა დაცემა იმიტომაც არის აღწერილი, რომ როდესაც ჩვენ ჩვენი უყურადღებობის გამო ვეცემით, მათ მაგალითს მივხედოთ და სინანულით ვეცადოთ გამოსწორებას.

 

თავი მეთხუთმეტე

(თ. 15, მ. 1-15)

1. და მეყსეულად განთიად ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ მოხუცებულთა თანა და მწიგნობართა და ყოველმან კრებულმან. და შეკრეს იესუ და წარიყვანეს და მისცეს იგი პილატეს. 2. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 3. და შეასმენდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი ფრიად. 4. ხოლო პილატე კუალად ჰკითხა მას და ჰრქუა: არარას მიუგება? აჰა რაოდენსა შეგწამებენ შენ! 5. ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, ვიდრემდის უკჳრდაცა პილატეს. 6. და რაჲ დღესასწაულ მიუტევის მათ ერთი პყრობილი, რომელიცა გამოითხოიან. 7. ხოლო იყო ვინმე ბარაბა მეშფოთეთა თანა კრული, რომელსა შფოთსა შინა კაცი ეკლა. 8. და ღაღატ-ყო ერმან მან გამოთხოვად მისა, ვითარცა-იგი მიჰმადლის მათ მარადის. 9. ხოლო პილატე მიუგო და ჰრქუა მათ: გნებავსა, რაჲთა მიგიტეო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ? 10. რამეთუ იცოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი მღდელთა-მოძღუართა მათ. 11. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ აღძრეს ერი იგი, რაჲთა ბარაბა მიუტეოს მათ. 12. ხოლო პილატე მერმეცა მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲ უკუე გნებავს ყოფად, რომელსა-ესე იტყჳთ მეუფედ ჰურიათად? 13. ხოლო მათ კუალად ღაღატ-ყვეს და ჰრქუეს: ჯუარს-აცუ ეგე. 14. ხოლო პილატე ეტყოდა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს? და იგინი უმეტესად ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ ეგე. 15. ხოლო პილატეს უნდა ერისა მის მომადლებაჲ, მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს სცა შოლტითა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან.

 

იუდეველებმა უფალი რომაელებს მისცეს; რისთვისაც ტავად რომაელთა ხელში იქნენ ჩაგდებულნი უფლის მიერ. და აღსრულდა წმიდა წერილის სიტყვები: „ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს (ესაია, 3, 11).

და კიდევ: „მიეც მათ უფალო საქმეთა მათთაებრ“ (სფ. 27, 4);

და კიდევ: „ვითარსახედ უყავ, ეგრეთ იყოს შენდა“ (აბდია 1, 15).

პილატეს კითხვაზე: „შენ ხარა მეუფე ჰურიათაი?“ უფალი ორაზროვან პასუხს აძლევს. რადგან სიტყვები „შენ იტყვი“ შეიძლება გავიგოთ ასეც: მე არ ვამბობ ამას, არამედ შენ ამბობ. მაგრამ ჰკითხა რა მეორედ, ქრისტემ აღარაფერი არ უპასუხა და ამით გააკვირვა პილატე. რადგანაც პილატეს უკვირდა, რომ იგი, იყო რა გათვითცნობიერებული სჯულში და მჭერმეტყველი და შეეძლო ერთი პასუხით გაექარწყლებინა მის შესახებ მოგონილი ცილისწამება, არაფერს ამბობდა, არამედ პირიქით, მორჩილით იტანდა ბრალდებებს. დააკვირდი იუდეველთა სისხლის მოყვარეობას და პილატეს გაწონასწორებულობას (თუმცაღა ისიც ღირსია გაკიცხვისა, ვინაიდან მტკიცედ არ დადგა მართლისათვის). რამეთუ ისინი ყვიროდნენ: „ჯუარს აცუ ეგე“, ის კი თუმცაღა სუსტად, მაგრამ მაინც ცდილობდა გაეთავისუფლებინა იესო გასამართლებისაგან, ამიტომ კვლავ ეკითხება: რაღა ვუყო იესოს? - ცდილობს რა მისცეს მათ შესაძლებლობა გაუშვან უფალი, როგორც უდანაშაულო, რის გამოც აჭიანურებდა და ცდილობდა გადადებას. ბოლოს, დაემორჩილა რა მათ მოთხოვნას, დაუწყო უფალს ცემა, ანუ დარტყმა თასმებიანი შოლტით, რათა ცხადი ყოფილუყო, რომ მათ მიიღეს იგი, როგორც განსასჯელი გასასამართლებლად და „მისცა მათ, რაითა ჯუარს-აცუან“. რადგან მას უნდოდა გაეკეთებინა ის, რაც სათნოეყოფოდა, რაც ესიამოვნებოდა ხალხს და არა იმის, რაც სათნოეყოფოდა ღმერთს.

 

(თ. 15, მ. 16-21)

16. ხოლო სტრატიოტთა მათ შეიყვანეს იგი შინაგან ეზოსა მას, რომელ არს ტაძარი, და შეკრიბეს ყოველივე იგი თესლები. 17. და შეჰმოსეს მას ძოწეული და დაადგეს შეთხზული ეკალვაგან გჳრგჳნი. 18. და იწყეს მოკითხვად მისა და იტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! 19. და სცემდეს მას თავსა ლერწმითა და ჰნერწყუვიდეს მას და დაიდგნიან მუჴლნი და თაყუანის-სცემედ მას. 20. და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ძოწეული იგი და შეჰმოსეს თჳსივე სამოსელი და განიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან. 21. და პაჰრაკად წარიყვანეს თანა-წარმავალი სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, მამაჲ ალექსანდრესი და როფესი, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი.

 

სამხედრო ფენამ, რომელიც ყოველთვის ერთობოდა თავაწყვეტილი საქციელითა და შეურაცხყოფით, ახლაც თავისი ჩვეული თვისება გამოავლინა. ვინაიდან, თუკი იუდეველები, რომლებმაც ქრისტესგან ამდენი დამოძღვრა მოისმინეს და მისგან ასე ხშირად და ასე ბევრჯერ იღებდნენ წყალობას, ასე ლანძღვადნენ მას, რაღა უნდა ვთქვათ წარმართებზე? ამრიგად, მათ მთელი რაზმი შეკრიბეს, შემოსეს იგი ძოწეულით, როგორც მეფე, რათა დაეცინათ და დაუწყეს ცემა; დიადემის ნაცვლად აიღეს ეკლის გვირგვინი, კვერთხის ნაცვლად კი - ხელჯოხი. ეს ეშმაკის მსახურები აიძულებდნენ, როგორც ნათქვამია, ვინმე გამვლელს, ატაროს მისი ჯვარი. ამასთან, მეორე მახარებელი ამბობს, რომ იესოს თავად მიჰქონდა ჯვარი (იოანე 19, 17). მაგრამ ერთიც იყო და მეორეც. თავიდან რაღაც დრო თავად მიჰქონდა თავის ჯვარი, ხოლო როდესაც მონახეს სხვა, ვისაც შეეძლო წაღება, აიძულეს ეს უკანსკნელი და ჯვარი მან წაიღო. მაგრამ რისთვისაა ნათვქამი ისიც, თუ ვისი მამა იყო ეს ადმიანი? მეტი დამაჯერებლობისთვის. რადგან ის კაცი, ალბათ, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და შეეძლო მოეყოლა ყველაფერი ჯვართან დაკავშირებით. მაშ, შევიმოსოთ ჩვენც ძოწეული, სამეფო სამოსი. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც უნდა ვიდოდეთ მეფეთა მსგავსად, დავსთრგუნავთ რა გველსა და ღრიანკალს და დავამარცხებთ ცოდვას. ჩვენ ქრისტეანები გვქვია, ანუ ცხებულნი, ისე როგორც მეფეები იწოდებოდნენ ოდესღაც ქრისტიანებად. ამიტომაც, დაე ჩვენი ცხოვრება იყოს არა მონური და მდაბალი, არამედ მეფური და თავისუფალი. ვატაროთ ეკლის გვირგვინი, ანუ ვისწრაფოდ დავიდგათ გვირგვინი მკაცრი, თავშეკავებული, ხორციელი სიამოვნებებისგან თავისუფალი ცხოვრებითა და არა განცრომაში, განებივრებულთა და გრძნობად სიამოვნებებს დაქვემდებარებულით. დაე გავხდეთ „სვიმონი“, რაც მორჩილებას ნიშნავს, და ავიღოთ იესოს ჯვარი, „მაშ მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი“ (კოლ. 3, 5).

(თ. 15, მ. 22-28)

22. და მოიყვანეს იგი გოლგოთას, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით: თხემისა ადგილი. 23. და მისცემდეს მას სუმად შემურვილსა ღჳნოსა, ხოლო მან არა მიიღო. 24. და ჯუარს-აცუეს იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა წილსა, ვინ-ძი რაჲ აღიღოს. 25. ხოლო იყო ჟამი მესამე, და ჯუარს-აცუეს იგი. 26. და იყო ზედაწერილი ბრალისა მისისაჲ ესრეთ დაწერილი: ესე არს მეუფჱ ჰურიათაჲ. 27. და მის თანა ჯუარს-აცუნეს ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით მისა. 28. და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა.

 

არსებობს ჩვემადე წმიდა მამებისგან მოღწეული გადმოცემა, რომ გოლგოთაზე დასაფლავებული იყო ადამი. უფალი აქ ეცმის ჯვარს, ადამის დაცემისა და სიკვიდლისაგან კურნების მომნიჭებელი, რათა იქვე აღესრულოს სიკვდილის რღვევა, სადა იყო საწყისი სიკვიდლისა. „და მისცემდა მას სუმად შემურვილსა ღვინოსა“. მაგრამ გუნდრუკუ ყველაზე უფრო მწარე სითხეა; მასასადამე ეს უფალს დაცინვის მიზნით მისცეს. მეორე მახარებელი ამბობს, რომ უფალს მისცეს ძმარი ნაღველთან შეზავებული (მათე; 27, 34), ხოლო მესამე - რომ მას კიდევ რაღაც მიუტანეს. მაგრამ ამაში არ არის წინააღმდეგობა; მაშინდელი განუკითხაობის პიპობებში ერთს ეს მოჰქონდა, სხვებს - სხვა რამ: ერთს ძმარი ნაღველში აღზავებული, მეორეს - ღვინო გუნდრუკით. შეიძლება ისიც ყოფილიყო, რომ ღვინო ამჟავებული იყო, ხოლო გუნდრუკი დამწარებული, და მაშასადამე, მახარებელები თანხმდებიან ერთმანეთს შორის, როდესაც ერთი მათგანი საუბრობს ღვინოზე გუნდრუკით, ხოლო მეორე - ნაღველთან შეზავებულ ძმარზე. რამეთუ ღვინოსთვის ძმარი ეწოდებინათ, ხოლო გუნდრუკისთვის ნაღველი, პირველი - თავისი სიმჟავის გამო, მეორე - სიმწარის. ამის მსგავსად, როდესაც ერთი ამბობს, რომ „მისცემდეს მას სუმად შემურვილსა ღვინოსა, ხოლო მან არ მიიღო“, არ ეწინაარმდეგება მეორეს, რომელიც ამბობს: „გემოი რაი იხილა არა უნდა სუმის“. ვინაიდან როდესაც ნათქვამია, რომ „არ მიიღო“, ამით ნათლად არის ნაჩვენები, რომ არ დაულევია. და წილს იყრიდნენ მის სამოსზე აგრეთვე დაცინვის მიზნით, ანუ იყოფდნენ რა ერთმანეთს შორის ვითომდა მეფობის სამოსს, მაშინ როდესაც იგი ღარიბული იყო. დაწერეს მისი ბრალდებაც, რისთვისაც ჯვარს აცვეს უფალი: „მეუფე ჰურიათაი“, რათა დაემცირებინათ მისი დიდება, როგორც აღმაშფოთებელი ადამიანისა და საკუთარი თავის მეფედ გამომცხადებლისა, რათა ყველა გამვლელს, არათუ არ შესცოდებოდა იგი, არამედ პირიქით, ემტრო მისთვის, როგორც მეფის ძალაუფლების მიმითვისებლობისთვის. მაგრამ როგორ ამბობს მარკოზი, რომ ქრისტე მესამე სააათს აცვეს ჯვარს, ხოლო მათე - რომ ბნელი - დადგა მეექვსე საათიდან? შეიძლება ითვას, რომ მესამე სააათს ჯვარს აცვეს, ხოლო მეექვსე საათიდან სიბნელე დადგა და გრძელდებოდა ცხრა საატამდე. ავაზაკებთან ერთადაც იმიტომ აცვეს ჯვარს, რომ ხალხს ცუდი წარმოდგენა ჰქონოდა მასზე, თითქოს ისიც ბოროტმოქმედი იყო. მაგრამ, ეს ღმრთის წინასწარგანზრახულობით მოხდა. რადგანაც, ერთი მხრივ, არსრულდა წინასწარმეტყველება: „უსჯულოთა თანა შეირაცხა“ (ისაია 53, 12), მეორე მხრივ, ორი ავაზალი იყო სახე ორი ხალხისა: - იუდეველბისა და წარმართებისა. ორივე ეს ხალხი იყო სჯულის დამარღვეველი: წარმართები - როგორც ბუნებრივი სჯულის გარდამავალნი, ხოლო იუდეველები - გარდამავალნი როგორც ამ სჯულისა, ისე დაწერილისა, რომელიც მათ ღმერთმა მისცა. მაგრამ წარმართი ხალხი კეთილგონიერი ავაზაკი აღმოჩნდა. ამ ორ ხალხს შორის ჯვარს ეცმის უფალი, რამდენადაც იგი არის ლოდი, რომელიც თავისში გვაერთიანებს.

 

(თ. 15, მ. 29-32)

29. და თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას და ყრიდეს თავთა და იტყოდეს: ეჰა, რომელი დაარღუევდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშჱნებდ, 30. იჴსენ თავი თჳსი და გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით. 31. ეგრეთვე მღდელთ-მოძღუარნი იგი იმღერდეს მწიგნობართა თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად ქრისტესა, მეუფესა ისრაჱლისასა! 32. გარდამოჴედინ აწ ჯუარით, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს. და მის თანა ჯუარ-ცმულნიცა იგი ეგრეთვე აყუედრებდეს მას.

 

„თანა-წარმავალნი“, ანუ იმ გზით გამვლელები, სადაც უფალი აქცევს ჯვარს, ისინიც, ამბობს მახარებელი, გმობდნენ უფალს, საყვედურობდნენ რა მას, როგორც მატყუარას. რამდენადაც უფალი სასწაულმოქმედებით, მრავალთა მხსნელი იყო, გამვლელთა მსგავსად მღვდელმთავრებიც ამბობდნენ: სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია? ამას ამბობდნენ, რადგან დასცინოდნენ მის სასწაულებს და თვლიდნენ მათ მოჩვენებით მოვლენებად. მაგრამ იმისთვის, რომ ეთქვათ „გარდამოხედი აწ ჯუარით“, ეშმაკი აღძრავს მათ. რამდენადაც ბოროტების მეუფემ იცოდა, რომ ჯვრით მოხდება გამოხსნა, კვლავ აცუდენბდა უფალს, რათა მისი ჯვრიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, დარწმუნებულიყო, რომ ის არაა ძე ღმრთისა და რომ ამგვარად დარღვეულიყო ადამიანთა ჯვრით გამოხსნა. მაგრამ ჭეშმარიტად ძე ღმრთისა იყო იგი და სწორედ ამიტომ, არ ჩამოვიდა ჯვრიდან. პირიქით, რამდენადაც იცოდა, რომ ეს ადამიანთა გამოხსნისათვის ხდებოდა, მან გადაწყვიტა კიდეც ჯვარცმულიყო, თავიდან ორივენი აყვედრებდნენ მას. შემდეგ, ერთმა მათგანმა აღიარა მისი უდანაშაულობა და მეორესაც კი შეაგონებდა, როდესაც იგი გმობდა.

 

(თ. 15, მ. 33-37)

33. და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. 34. და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე? 35. და რომელთამე წინაშე მდგომელთა ესმა და იტყოდეს: აჰა ელიას ხადის. 36. და მირბიოდა ერთი და აღავსო ღრუბელი ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა და იტყოდა: უტევეთ, ვიხილოთ, უკუეთუ მოვიდეს ელია გარდამოჴსნად მაგისა. 37. ხოლო იესუ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული.

 

სიბნელე იყო არა ერ ადგილას, არამედ მთელს დედამიწაზე. ეს (მთვარის) მოკლების დრო რომ ყოფილიყო, კიდევ შეიძებოდა ეთქვა ვინმეს, ეს ბუნებრივი დაბნელებააო.მაგრამ ახლა თვის მეთოთხმეტე დღე იდგა, როცა ბუნებრივი დაბენელება შეუძლებელია. წინასწარმეტყველურ წამოძახილს უფალი ებრაულად წარმოსთქვამს, უჩვენებს რა ამით, რომ იგი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე პატივს მიაგებს ებრაულს. „რაისათვის დამიტოებ მე?“ - წარმოსთქვამს ის ადამიანური ბუნების სახელით თიტქოსდა ამბობს: უფალო, რატომ დამიტევე მე ადამიანი, რათა ჩემთვის უფლის ჯვარცმა გამხდარიყო საჭირო? რადგანაც დატოვებულნი ვიყავით ჩვენ, ადამიანები, ხოლო იგი არასოდეს ყოფილა დატოვებული მამისა მიერ. ისმინე, რას ამბობს თავად: „არა ვარ მე მარტოი, არამედ მამაი ჩემი ჩემთან არს“ (იოანე 16, 32). ანდა, ამბობს ებრაელთა მაგივრადაც, რამდენადაც ხორციელად თავადაც ებრაელი იყო“ „რაისათვის დამიტიობ მე“, ანუ ებრაელ ხალხს, რათა მან ჯვარს აცვას შენი ძე? როგორც ჩვეულებრივ ვამბობთ ხოლმე: ღმერთი შეიმოსა ჩემით , ნაცვლად - ადამიანური ბუნებისა, ასევე აქაც, გამოთქმაში, „დამიტეობ მე“, უნდა ვიგულისხმოთ - ჩემი ადამიანური ბუნება, ან ჩემი იუდეველი ხალხი. „და მირბიოდა ერთი და აღავსო ღრუბელი ძმრითა და დაადგა ლერწამსა ასუმდა“, რათა ძმრის სიმწარეს მალე მოეკლა იგი. იესომ განუტევა სული, შესძახა რა ხმამაღლა, თითქოსდას მოუწოდებდა სიკვიდილს, როგორც მეუფემ და თავისივე ძალაუფლებით აღსრულებულმა. ხოლო როგორი იყო ეს შეძახილი, აღნიშნა ლუკამ: „მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“. (ლუკა 23, 46). ამით უფალმა ჰყო ისიც ჩვენთვის, რომ წმინდანთა სულები ღმრთის ხელში გადაეცემიან. რამდენადაც მანამდე, ყველას სული ჯოჯოხეთში იმყოფებოდა, სანამ არ მოვიდოდა მქადაგებელი ტყვექმნილთა განტევებისა.

 

(თ. 15, მ. 38-41)

38. და კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად, ზეითგან ვიდრე ქუედმდე. 39. და ვითარცა იხილა ასისთავმან მან, რომელი დგა წინაშე მისსა, რამეთუ ესრეთ ღაღატ-ყო და განუტევა სული, თქუა: ჭეშმარიტად კაცი ესე ძე ღმრთისაჲ იყო. 40. ხოლო იყვნეს დედანიცა, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალენელი და მარიამ იაკობისი მცირისაჲ და იოსეს დედაჲ და სალომე, 41. რომელნი, ოდეს იყო გალილეას, შეუდგეს მას და ჰმსახურებდეს, და სხუანი მრავალნი, რომელნი მის თანა აღსრულ იყვნეს იერუსალჱმდ.

 

კრეტსაბმელი ორად განიპო იმის ნიშანად, რომ სულიწმიდის მადლმა დატოვა ტაძარი, რომ „წმიდათა წმიდა“ გახდება ხილული და ყველასთვის ხელმისაწვდომი, როგორც ეს აღსრულდა კიდეც, როდესაც რომაელები შემოვიდნენ და რომ თავად ტაძარიც მწუხარებს. როგორც ჩვეულებრივი იუდეველები იქცეოდნენ მწუხარებისას და დაიპობდნენ ხოლმე თავიანთ სამოსელს, ასევე ტაძარმაც, ვითარცა სულიერმა, იგივე უჩვენო შემოქმედის ვნების ჟამს, დაიპო რა თავისი სამოსელი. მაგრამ ეს სხვა რამესაც აღნიშნავს. ჩვენი ხორცი არის კრეტსაბმელი ჩვენი ტაძრისა, ანუ გონებისა, რომელიც ხორცს ჰქონდა სულზე, განიპო ქრისტეს ვნებებით „ზეითგან, ვიდრე ქუემდე“, ანუ ადამიდან მოყოლებული, უკანასკნელ ადამიანამდე. ვინაიდან ადამიც განათლდა ქრისტეს ვნებებით და მისი სხეული უკვე აღარ ექვემდებარება წყევლასა და ხრწნას; პირიქით, ყველანი ჩვენ პატივდებულნი ვართ უხრწნელებით. „ასისთავმა“ ანუ ასისთავის მეტაურმა, იხილა რა, რომ იგი ასე ძალმოსილად აღესრულა, გაუკვირდა და აღიარა. დააკვირდი, როგორ შეიცვალა წესრიგი. იუდელები კლავენ, წარმართი აღიარებს; მოწაფეები განიბნევიან, დედაკაცები რჩებიან. „იყვნეს, - ამბობს მახარებელი, - დედანიცა...“რომელთა თან იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი მცირისაი და იოსეს დედაი“, ანუ ღმრთისმშობელი, რომელიც მათთვის დედა იყო. რამდენადაც იგი იოსებზე იყო დაწინდული, ხოლო იაკობი და იოსე, იოსების შვილები იყვნენ, იგი მათ დედად იწოდება, როგორც დედინაცვალი, ისევე როგორც იოსების ცოლად იწოდებდა საცოლიდ სახით. აქვე იყო სალომე, ზებედეს ძეთა დედა და მრავალი სხვა. მახარებელმა მხოლოდ უმთავრესნი ახსენა.

 

(თ. 15, მ. 42-47)

42. და ვითარცა შემწუხრდებოდა, – რამეთუ პარასკევი იყო, რომელ არს უწინარეს შაბათისა, – 43. მოვიდა იოსებ არიმათიელი, შუენიერი მზრახველი, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა, იკადრა და შევიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იესუჲსი. 44. ხოლო პილატეს დაუკჳრდა, უკუეთუ აწვე მოკუდა, და მოუწოდა ასისთავსა მას და ჰკითხა, უკუეთუ ადრევე მოკუდა. 45. და ისწავა ასისთავისა მისგან ესე და მიჰმადლა გუამი მისი იოსებს. 46. და მან იყიდა არდაგი და გარდამოჰჴსნა იგი ჯუარისა მისგან და წარგრაგნა იგი არდაგითა მით და დადვა იგი საფლავსა, რომელი იყო გამოკუეთილ კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი კარსა ზედა მის საფლავისასა. 47. იყო მუნ მარიამ მაგდალენელი და მარიამ იოსესი და ხედვიდეს, სადა-იგი დასდებდეს მას.

 

ნეტარმა იოსებმა, ჯერ კიდევ ემსახურებოდა რა სჯულს, აღიარა ქრისტე ღმერთად, რის გამოც საქებარი ღვაწლი იტვირთა. მას არ დაუწყია ფიქრი: აი, მე მდიდარი ვარ და შეიძლება დავკარგო სიმდიდრე, თუკი მოვითხოვ გვამს იმისას, ვინც მეფის ძალაუფლების მითვისებისთვის არის გასამართლებული და იუდეველთათვის საძულველი შევიქმნები - არაფერ მსგავს არ ფიქრობდა, რაღა თქმა უნდა, არამედ დაუტევა რა ყოველივე, როგორც ნაკლებ მნჲშვნელოვანი, მხოლოდ ერთს ითხოვდა - დაეკრძალათ მსჯავრდებულის გვამი. „პილატეს დაუკვირდა, უკუეთუ აწვე მოკუდა“, ვინაიდან ფიქრობდა, რომ ქრისტე დიდხანს დაიტანჯებოდა, ისევე როგორც ავაზაკები, რის გამოც ჰკითხა ასისთავს: „უკუეთუ ადრევე მოკუდა?“ ანუ ნუთუ დროზე ადრე მოკვდა? გვამის მიღების შემდეგ იოსებმა იყიდა ტილო და გარდამოხსნა რა გვამი, გაახვია მასში, პატიოსნის პატიოსნად დამკრძალავმა. რადგან თავადც ქრისტეს მოწაფე იყო და იცოდა როგორი პატივი უნდა მიეგო მეუფისათვის. იგი „ჩინებული“ იყო, ანუ ადამიანი პატივსაცემი, კეთილზნეობრივი, უმწიკვლო. რაც შეეხება მრჩევლის წოდებას, ეს გარკვეული ღირსება იყო, ან უკეთ რომ ვთქვათ, მსახურება და თანამდებობა სამოქალაქო, რომლის მქონებლებსაც სასამართლო საქმეები უნდა წარემართათ და აქ ხშირად ექვემდებარებოდნენ იმ საფრთხეებს მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა, რაც ამ ადგილისთვის არის დამახასიათებელი. დაე, ისმინონ მდიდრებმა და მათ, ვინც საზოგადოებრივი საქმეებით არის დაკავებული, რომ მრჩევლის პატივი სრულიად არ უშლიდა ხელს იოსების სათნოებას. სახელი „იოსები“ ნიშნავს „შესაწირავს“ , ხოლო არიმათიელი - „აიღე იგი“. ჩვენც მივსდიოთ მის მაგალითს, გამოვიჩინოთ გულმოდგინება სათნოებათა მიმართ და ავიღოთ იგი, ანუ ჭეშმარიტი სიკეთე. გავხდეთ ღირსნი იესოს ხორცის მიღებისა ზიარების გზით და ჩავაბრძანოთ იგი კლდისაგან ნათელ კუბოში, ანუ სულში, რომელსაც მტკიცედ ახსოვს და არ ივიწყებს ღმერთს. დაე, ჩვენი სული იყოს კიდეც ნათალი კლდისაგან, ანუ დაემტკიცოს ქრისტეში, რომელიც არის კლდე და გავახვიოთ მისი გვამი ტოლოში, ანუ მივიღოთ იგი განწმენდილ სხეულში, რადგანაც სხეული ერთგვარი ტილოა სულისთვის. ღმრთაებრივი ხორცი, მხოლოდ სუფთა სულში კი არ უნდა მივიღოთ, არამედ სუფთა სხეულშიც. იგი ხომ უნდა შემოეხვიოს მას, ანუ დაფაროს და არა სააშკარაოზე გამოიტანოს, ვინაიდან საიდუმლოება დაფარული უნდა იყოს, იდუმალი და არა გაცხადებული.

 

თავი მეთექვსმეტე

(თ. 16, მ. 1-8)

1. და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას. 2. და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა. 3. და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა? 4. და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. 5. და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს. 6. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი. 7. არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ. 8. და იმათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.

 

არაფერ დიდებულსა და იესოს ღმრთაებრიობის შესაფერისს არ ზრახავენ ქალები, როდესაც სხედან სამარხთან და ყიდულობენ ნელსაცხებელს იმისთვის, რომ იუდაური ჩვეულების მიხედვით, სცხონ, რამეთუ იგი კეთილსურნელოვანი იყოს და არ გამოსცემდეს უსიამოვნო სუნს ხრწნისაგან, არამედ ნელსაცხებელის ძალით, რომელიც აშრობდა და ისრუტავდა სხეულის სინოტოვეს, უვნებლად შეინახოს. აი რას განიზრახავდნენ ქალები. ადგნენ რა „კვირის პირველ დღეს ძალიან ადრე“ სამარხთან მისულები ფიქრობდნენ: ვინ გადაგვიგორებს ლოდს? თუმცა ქალებს ეს არ შეუნიშნავთ. ასევე მათეც ამბობს, რომ ანგელოზმა გადააგორა ლოდი მას შემდეგ, რაც ქალები მივიდნენ. მაგრამ მარკოზი გაჩუმდა ამის შესახებ, რადგანაც მათემ უკვე თქვა, ვინ გადააგორა ლოდი. თუკი მათე ამბობს, რომ ანგელოზი ლოდზე იჯდა, ხოლო მარკოზი, რომ ქალებმა სამარხში შესვლის შემდეგ იხილეს იგი შიგნით მჯდომარე, ამან არ უნდა შეგვაცბუნოს. ვინაიდან მათ შეეძლოთ ეხილათ ანგელოზი გარეთაც, ლოდზე მჯდომარე, როგორც მათესთანაა ნათქვამი, შეეძლოთ ეხილათ იგი აგრეთვე სამარხის შეიგნითაც, როგორც მათზე უწინ შესული იქ. თუმცა, ზოგიერთები ამბობენ, რომ მათესთან ერთნი, ხოლო მარკოსზთან მეორე ქალები არიან მოხსნებულნი, მაგდელინელი კი ყველას თანამგზავრი იყო, როგორც ყველაზე უფრო გულმოდგინე და მოშურნე. ანგელოზმა, რომელიც ქალებს გამოეცხადა, უთხრა: „ნუ განა კრთებით“. დასაწყისში ის თაქვაისუფელბს მათ შიშისაგან, ხოლო შემდეგ ახარებს აღდგომას. იგი უწოდებს იესო ქრისტეს „ჯვარცმულს“, რადგანაც არ რცვენია ჯვრისა, რომელიც არის კაცობრიობის ხსნა და ყოველგვარ სათნოებათ საფუძველი. იგი „აღდგა“. საიდან ჩანს ეს? იქიდან, რომ იგი „არა არს აქა“ და გსურთ დარწმუნდეთ? „აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი“. იმიტომაც გადააგორა ლოდი, რომ ეჩვენებინა ეს ადგილი. „არამედ წარვედით და უთხარით მოწაფეთა მისთა და პეტრეს“. პეტრეს გამოყოფს მოწაფეებისგან ან როგორც უპირატესს, მოიხსენებს რა მას მათგან გამორჩეულად, ან აი რატომ: რამდენადაც პეტრემ უარყო, ქალებს რომ ეთქვათ, ნაბრძანები ჰქონდათ ეცნობებინათ მხოლოდ მოწაფეებისთვის, იგი იტყოდა: მე უარვყავი, შესაბამისად აღარც მისი მოწაფე ვარ, ამიტომაც უფალმა უარმყო მე და განმირისხდა. ამიტომაც დაუმატა ანგელოზმა: „და პეტრეს“, რათა გაურკვევლობას არ მოეცვა პეტრე იმის გამო, რომ იგი სიტყვის ღირსიც კი არაა, როგორც უარმყოფელი და ამიტომ უკვე არც იმის ღირსია, რომ მოწაფეთა რიცხვში ერიოს. ხოლო აგზავნის „გალილეაში“, რათა განაშოროს ღელვასა და იმ დიდ შიშს, რომლსაც იუდეველთა მიმართ განიცდიდნენ. მაშინ დედები „შეძრწუნებულ იყვნეს და დაკვირვებულ“, ანუ ისინი შეძრულნი იყვნენ როგორც ანგელოსის ხილვით, ისე აღდგომის შიშით და „არარაი ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა“. მათ ან იუდეველბის ეშინოდათ, ან ხილვისგან იმდენად იყვნენ შეპყრობილნი შიშით, რომ თიტქოსდა გონება დაკარგეს. ამიტომაც არავის არაფერი უთხრეს, დაივიწყეს რა ყველაფერი, რაც გაიგონეს.

 

(თ. 16, მ. 9-14)

9. ხოლო აღ-რაჲ-დგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი. 10. იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს. 11. და მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა. 12. ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳთა ხატითა, მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა. 13. და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა. 14. უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულ-ფიცხელობაჲ, რამეთუ რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა.

 

„ხოლო აღ-რაი დგა“ - აქ გაჩერდი, სემდეგ წაიკითხე: „განთიად, პირველსა მას საბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალინელსა“. ვინაიდან განთიადისას კი არ აღდგა )ვინ ნახა როდის აღდგა ის? - არამედ განთიადისას ეჩვენა, კვირა დღეს (რამეთუ ეს არის პირველი დღე შაბათისა, ანუ შვიდეულისა). მარიამ მაგდალინელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შვი-დნი ეშმაკნი“, ანუ მრავალნი (რამეთუ წმიდა წერილი იყენებს ზოგჯერ რიცხვს „შვიდს“ სიმრავლის აზრით), ანდა შვიდი ეშმაკი, რომელსაც შიშის არმქონე, ანუ სული არაღმრთისმოშიშებისა, სული უგუნურებისა, სული უმეცრებისა, სული სიცრუისა და სხვა;რომელიც სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს სვლისას, როცა სოფელში მიდიოდნენ“. ამ ორზე ლუკაც საუბრობს (24; 13-35). და ისინი მოვიდნენ და სხვებს შეატყობინეს, მაგრამ არც იმათ დაუჯერეს“. მაშ როგორღა ამბობს ლუკა, რომ ისინი „დაბრუნდნე იერუსალიმს, მონახეს შეკრებულნი თერთმეტნი და მათთან მყოფნი, რომელნიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა“ (ლუკა 24), მაშინ, როდესაც მარკოზის მოწმობით, არც იმათ დაუკერეს, ვინც სოფლიდან მოვიდნენ. ვპასუხობთ: „როდესაც მახარებელი ამბობს, რომ „სხვებს შეატყობინეს“, გულისხმობს არა თერთმეტ მოციქულს, არამედ ზოგიერთ სხვას. სწორედ მათ უწოდა მან „სხვები“, რამდენადაც თერთმეტმა იხილა იგი (ქრისტე) იმავე დღეს, როცა სოფლიდან დაბრუნებულებმა ნახეს ისინი მოსაუბრენი იმის შესახებ, რომ „უფალი ჭეშმარიტად აღდგა“.

 

(თ. 16, მ. 15-20)

15. და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. 16. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. 17. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, 18. გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან. 19. ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა. 20. ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი.

 

დააკვირდი უფლის მცნებას: „ყოველ ქმნილებას უქადაგეთ“. არ უთქვამს უქადაგეთ მხოლოდ მათ ვინც შეისმენს, არამედ ყოველ ქმნილებას - შეისმენე თუ არა. „ვინც ირწმუნებს“ და ეს არ არის საკმარისი, არამედ „მოინათლება“ კიდეც; რამეთუ ვინც ირწმუნა, მაგრამ არ მონათლულა, არამედ რჩება კათაკმეველად, ის ჯერ კიდევ ვერ გადარჩება. მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები: ეშმაკებს განასხამენ, ახალი ენებით ილაპარაკებენ, გველებს აიყვანენ, ანუ დასთრგუნავენ გველებს, როგორც გრძნობადს, ისე აზრობრივს, როგორც სხვა ადგილას არის ნათქვამი: „აი, გაძლევთ თქვენ ძალაუფლებას გველებისა და მორიელების დასათრგუნავად. (ლუკა. თ. 10. მ. 19). თუმცა, გამოთქმა „გველებს აიყვანენ“, შეიძება გავიგოთ სიტყვასიტყვითაც, რამდენადაც პავლემ, მაგალითად, აიყვანა ხელში გველი საკუთარი თავისთვის ყოველგვარი ზიანის გარეშე (საქმე მოც. 28, 35). „და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ“. ეს ბევრჯერ მომხდარა, როგორც გადმოცემებიდან ვიგებთ, რამეთუ მრავალნი, შხამის მიღებისას, ჯვრის გარდასახვის ძალით უვნებალნი რჩებოდნენ. „ამრიგად, მათთან საუბრის შემდეგ უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. ისინი კი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან: „უფალი ეწეოდა მათ და ამტკიცებდა სიტყვას მომდევნო ნიშნებით“ (ცუდი თარგმანი) ხედავ? ყველგან თავდაპირველად ჩვენი ქმედებაა, ხოლო როდესაც უმოქმედონი ვართ, ის არ თანამოქმედებს. დააკვირდი იმასაც, რომ სიტყვას საქმე მოჰყვვება და სიტყვა საქმეებით დაემტკიცება, ისევე როგორც მაშინ, მოციქულებთან სიტყვა დაემტკიცებოდა მისი შემდეგი საქმეებითა და ნიშნებით. ჰოი, ქრისტევ სიტყვაო, ჩვენი სიტყვებიც, რომელსაც ჩვენ სათნოებათა შესახებ წარმოვსთქვამთ, საქმეებითა და საქციელებით, რომ დაემტკიცებოდეს, რათა ჩვენ სრულქმნილნი წარმოვმდგარიყავით შენი, ჩვენი ყველა სიტყვასა და საქმეში, თანამოქმედის წინაშე! რამეთუ შენდა შვენის დიდება, როგორც სიტყვითა, ისე საქმეთა შინა ჩვენთა, ამინ.

 

თარგმნა: მელანია შანშავა-ვეფხვაძემ
AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 03 NOVEMBER 2017 16:56)