Georgian (Georgia)English (United Kingdom)

მემყუდროეთა[2] შესახებ


(იმათ წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი გამოუცდელობისა და წმინდანებისადმი ურჩობის გამო უგულებელყოფენ  სულიწმინდის  საიდუმლო მოქმედებებს, გამოუთქმელად რომ იმოქმედებიან სულით მცხოვრებთა შორის და საქმეთაგან რომ ცხადდებიან, თუმცა კი სიტყვებით ვერ წარმოვაჩენთ მათ)


ამჟამად გავრცელებული, საზოგადოდ ყველასათვის ცნობილი და თავისუფლად ქადაგებული დოგმატები საიდუმლონი იყო მოსეს რჯულისა, სულიწმინდით წინასწარგანცხადებულნი მარტოოდენ წიასწარმეტყველთათვის. ის სიკეთენი, წმინდანებისადმი რომ არის აღთქმულნი სამერმისო საუკუნეში, - საიდუმლონია სახარებისებრ მოღვაწეობისა, რაც გადაეცათ და წინასწარ გაეცხადათ მათ, რომლებიც ღირსნი გახდნენ სულისმიერი მჭვრეტელობისა, თუმცა კი მათაც ზომიერად, თითქოს წინდის სახით.

ისევე, როგორც ვინმე იმჟამინდელი იუდეველთაგანი, თუკი უმადლოდ მოისმენდა იგი წინასწარმეტყველთა ნათქვამს, - რომ სიტყვა და სული თანამარადიულია და საუკუნეთა უწინარესი, - ალბათ, ყურებსაც კი დაიხშობდა, რადგან ჩათვლიდა, რომ ისმენდა იგი კეთილმსხურების მიერ აკრძალულ და კეთილმსახურთაგან აღიარებული სწავლების საწინააღმდეგო გამონათქვამებს, საწინააღმდეგოს, კერძოდ, ამ სწავლებისა: ,,უფალი, ღმერთი შენი, უფალი ერთი არს’’ (მარკ. XII 19), - ჩანს, ამჯერადაც იგივე შეემთხვევა მას, ვინც უკრძალველად ისმენს სულიწმინდის საიდუმლოებებს, შეცნობილთ მარტოოდენ სათნოების გზით განწმენდილთათვის. თუმცა, როგორც მაშინდელ წინასწარმეტყველებათა ახდომამ ცხადთან თანახმიერად წარმოაჩინა იმჟამინდელი საიდუმლონი და აწ გვწამს მამა, ძე და წმინდა სული, ღმრთეება სამგვამოვანი, ერთი მარტივი ბუნება, შეუდგენელი, შეუქმნელი, უხილავი, მოუაზრებელი, - მსგავსადვე, რაჟამს თავის დროზე გამოცხადდება სამერმისო საუკუნე, - გამოუთქმელი ცხადჩენისებრ ერთი ღმერთისა სამ სრულ გვამოვნებაში - ყველასათვის ნათელი გახდება, რომ  თანახმიერია ცხად [საქმეებთან][3] ამჟამინდელი საიდუმლონიც.

გვმართებს განვჭვრიტოთ ისიც, რომ თუმცა ღმრთეების სამგვამოვნება მოგვიანებით გაცხადდა ქვეყნის კიდემდე, არანაირად არ დაუზიანებია იგი ერთმთავრობის შესახებ სწავლებას; პირიქით, ზედმიწევნითაც შეიცნობოდა, თვით საქმეთა ახდომამდე, იმჟამინდელ წინასწარმეტყველთაგან, და კეთილშეწყნარებულიც იყო იმ პირთა მიერ, წინასწარმეტყველთ რომ მაშინ ყური უგდეს.

სწორედ ასევე, არც ამჟამად ვართ უმეცარნი აღსარების სიტყვებისა იმ [საქმეთა] შესახებ, რაც ცხადსიტყვიერადაც[4] ქადაგებულა და წინასწარაც სულის მიერ საიდუმლოდ გაცხადებულა ღირსეულთათვის.

ერთნი, რომლებიც თვით გამოცდილებით არიან იდუმალგანსწავლულები,[5] - ისინი, ვინც განუდგნენ ქონების ხვეჭას, კაცთა დიდებას, სხეულთა უკეთურ გულისთქმებს და ამასთან, განამტკიცეს ეს განდეგილობა, დაემორჩილნენ რა ქრისტესეულ ასაკამდე მიღწეულთ, რადგან მყუდროებაში განუბნევლად მიაყურადეს თავის თავსა და ღმერთს, აუმღვრეველი ლოცვით კი თავისი თავის ზემოთ იქმნენ და იქმნენ ღმერთში, - ესენი მისდამი (ღვთისადმი, ე.ჭ.) ზეგონებრივი საიდუმლო ერთობის გზით ზეგონებრივთა შესახებ იდუმალგანისწავლნენ; ხოლო მეორენი [იდუმალგანისწავლნენ] ამგვარ კაცთა მიმართ კრძალვით, რწმენით და სიყვარულით.

ასევე [განვისწავლებით] ჩვენც, ვისმენთ რა დიდი დიონისეს მიერ გაიოსისადმი მეორე ეპისტოლეში თქმულს, რომ ,,ღვთის ღმერთმყოფელი საბოძვარია ღმეთობა, ღმერთმთავრობა, კეთილმთავრობა, და გვჯერა, რომ ამ მადლის მბოძებელი ღმერთი ამ ღმერთობაზე უზემოესია. რამეთუ ღმერთი არ განიცდის მრავალგვარობას (πολυπλασιασμον) არცთუ ორად იტყვის  ვინმე ამ წესით ღმრთეებას’’.

საღვთო მაქსიმე, წერს რა მელქისედეკის შესახებ, ასაბუთებს, რომ უქმნელია ეს ღმერთმყოფელი მადლი ღვთისა და რომ მარადმყოფია იგი მარადმყოფი ღვთისაგან. სხვაგანაც ხშირად [უწოდებს] მას უშობელ და გვამოვან სინათლეს, ღირსეულთათვის ჩენილს (როდესაც კი ისინი ღირსნი ხდებიან), არათუ მაშინ შექმნილს. თვით ამ სინათლეს იგი სახელდებს ,,ზეგამოუთქმელი დიდების სინათლედ’’ და ,,ანგელოზთა სიწმინდედ’’.

დიდი მაკარი კი უწოდებს მას ,,უსხეულოთა საზრდოს’’, ,,საღთო ბუნების დიდებას’’, ,,სამერმისო საუკუნის მშვენებას’’, ,,საღვთო და ზეციურ ცეცხლს’’, ,,გამოუთქმელ და გონისმიერ სინათლეს’’, ,,სულიწმინდის წინდს’’, ,,სიხარულის წმინდამყოფელ ზეთს’’.

ამიტომ, ვინც მესალიანელებად შერაცხავს და ორღმერთიანებად უწოდებს მათ, რომლებიც ღვთის ამ ღმერთმყოფელ მადლს შეუქმნელად, უშობელად და გვამოვნად ამბობენ, ასეთმა ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს, იცოდეს, რომ ღვთის წმინდანთა მოწინააღმდეგეა იგი და თუ არ მოინანიებს, თავის თავს განაგდებს ცხონებულთა სამემკვიდრეოსაგან, განეშორება რა .წმინდანთა ერთ და მხოლო ბუნებით ღმერთს.

ხოლო ვისაც სწამს, იჯერებს და თანახმიერია წმინდანებისა, ვინც არ იმიზეზებს ცოდვათამიერ მიზეზებს და არ უკუაგდებს ცხადად თქმულს, ასეთი ვინმე, როგორც უმეცარი (რადგან არ იცის მან საიდუმლოს გვარი), ნუ იუკადრისებს ძიებასა და მცოდნეთაგან სწავლებას, რადგან გაიგებს იგი, რომ არათუ არაფერი აქვს შეუსაბამო საღვთო სიტყვებსა და საქმეებს, არამედ უაღრესი საჭიროებისანიც არიან ისინი, რომელთა გარეშე არანაირად არ ექნება მდგრადობა არაფერს, არცთუ საერთოდ ღმრთისმშვენი იქნება საიდუმლო.

ვინც განაჩინებს, რომ მხოლოდ ბაძვითა და მოთვისეობით[6], სულიწმინდის ღმერთმყოფელი მადლის გარეშე, აღესრულება ღვთისადმი სრული ერთობა (იმათ მსგავსად, რომლებსაც ერთნაირი ჩვევები და ურთიერთის სიყვარული აქვთ) ანუ ვისთვისაც ღვთის ღმერთმყოფელი მადლი მარტოოდენ ბაძვით შეთვისებული ნათვისობაა[7] გონების მქონე ბუნებისა და არა ზებუნებისეული და გამოუთქმელი გაბრწყინება, არა საღვთო მოქმედება, უხილავად ხილული და მოუაზრებლად შემეცნებული ღირსეულთა მიერ, იცოდეს ასეთმა ვინმემ, რომ ჩავარდნილია იგი (არც კი იცის, ისე) მესალიანელთა ცდომილებაში, რადგან თუკი განღმრთობა ბუნებისეული ძალის მიხედვით იქნება და თუ იგი (განღმრთობა ე.ჭ.), ჩვეულებრივ, ბუნების საზღვრებში თავსდება, მაშინ ყოვლად აუცილებლად ბუნებით ღმერთი გახდება განღმრთობილი.

ამიტომ, ნუ შეეცდება ასეთი ვინმე, საკუთარი ცდომილება თავს მოახვიოს მათ, რომლებიც მყარად დგანან, და ამით ბიწიერჰყოს უბიწონი სარწმუნოებით, არამედ დაიმდაბლოს მან აზრმაღლობა და ისწავლოს გამოცდილთაგან ანთუ გამოცდილთა მიერ განსწავლულთაგან, რომ ყოვლითურთ შეუცავია ღმრთეების მადლი. არ არის ძალა ბუნებაში მისი დამტევი, რადგან მაშინ იგი უკვე მადლი კი აღარ იქნებოდა, არამედ ბუნებისეული ძალის მოქმედების გაცხადება. და თუ განღმრთობის დატევნითი ძალისებრ მოხდებოდა განღმრთობა, აღარც საკვირველი იქნებოდა ეს მოვლენა. შესაბამისად, სამართლიანად ჩაითვლებოდა განღმრთობა ბუნების საქმედ და არა ღვთის საბოძვარად, რის გამოც ამგვარი ვინმე (განღმრთობილი ე.ჭ.) ბუნებით ღმერთად ყოფნას შეძლებდა და საკუთრივ ასეც იქნებოდა წოდებული, რამეთუ არათუ სხვა რამ არის თითოეული არსთაგანის ბუნებითი ძალა, არამედ მოქმედებისაკენ ბუნების ურღვევი მოძრაობა. შესაბამისად, როგორღა გამიჯნავდა თავისი თავისაგან განღმრთობა განღმრთობილს? თუკი ბუნების საზღვრებში შეიცვება იგი (განღმრთობა ე.ჭ.), მაშინ აღარ ვიცი, როგორ გავიაზრო [ეს გამიჯვნა].

ამიტომ, ღვთის მადლი უზემოესია ბუნებაზეც, სათნოებაზეც, ცოდნაზეც და ეს ყველაფერი, წმინდა მაქსიმეს თანახმად, უსასრულოდაა მისგან განშორებული, რამეთუ ყველა სათნოება და ჩვენთვის შესაძლებელი მიმბაძველობა ღვთისადმი ღმერთთან ერთობისათვის შეამზადებს მათ მფლობელს, ხოლო თვით გამოუთქმელ შეერთებას მადლი სრულმოქმედებს, რადგან ღვთის მადლის მიერ ღმერთი გადადის[8] ღირსეულებში, მთლიანი-მთლიანებში, ხოლო ღვთის წმინდანები გადადიან ღმერთში, მთლიანნი მთლიანად მთლიანში, იწყნარებენ რა ღმერთს, მთლიანს, ნაცვლად საკუთარი თავისა, და მოიპოვებენ თავად ღმერთს, მხოლოს, როგორც მისკენ ზეაღსვლის რამ ჯილდოს, - ღმერთს, რომელიც შემოეზრდება მათ, როგორც საკუთარ ნაწილებს, ვით სული სხეულს და ღირსჰყოფს მათ, რომ მყოფობდნენ მასში.

ვინც ამტკიცებს, რომ მესალიანელები არიან, რომლებიც გონებას გულში ან ტვინში უჩენენ ადგილს, იცოდეს ასეთმა ვინმემ, რომ ბოროტად ესხმის თავს წმინდანებს, რადგან დიდი ათანასე სულის მოაზროვნეობას (το λογικον)  ტვინის შიგნით  მყოფად ამბობს, ხოლო მაკარი, სიდიადით ნაკლები როდია, გონების მოქმედებას გულში [ათავსებს]. მათთან თანხმიერია თითქმის ყველა წმინდანი. საღვთო გრიგოლ ნოსელი, რომელიც ამბობს, რომ გონება, როგორც უსხეულო, არც სხეულის შიგნითაა, არც სხეულის გარეთ, არ უპირისპირდება ზემორე წმინდანებს, რადგან ისინი სხეულის შიგნით მყოფად ამბობენ გონებას, როგორც მასთან შეკავშირებულს. ასე რომ, სხვაგვარად ამბობენ რა ამას, არანაირად არ არიან მასთან უთანხმოებაში, რადგან არც იმას, ვინც ამბობს, რომ ღმერთს არა აქვს ადგილი ანდა რომ უსხეულოა იგი, არ ეწინააღმდეგება ის, ვინც ამბობს, რომ გარკვეულ დროს ღვთის სიტყვა ქალწურებრივი და ყოვლად უბიწო საშოს შიგნით იმყოფებოდა, როგორც იქ ჩვენს თბესთან გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ზებუნებრივად შეკავშირებული.

ვინც ამბობს, რომ თაბორზე მოწაფეებისადმი გამოელვებული სინათლე იმგვარი ჩვენება და სიმბოლოა, რაც ჩნდება და უჩინარდება, და რომ არათუ საკუთრივად ჰგიეს იგი და ყოველგვარ შემეცნებაზე უზემოესად, არამედ - როგორც უფრო დაბალი შემეცნების მოქმედება, ასეთი ვინმე აშკარად წმინდანთა აზრების საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რადგან ესენი ქების სიტყვებშიც და ნაშრომებშიც უწოდებენ მას გამოუთქმელს, შეუქმნელს, მარადიულს, უდროოს, მიუახლებელს, უსაზომოს, განუზომელს, შემოუსაზღვრელს, უხილავს (ანგელოზებისათვისაც და ადამიანებისთვისაც), პირველსახოვან მშვენიერებას, უცვლელს, დიდებას ღვთისას, ქრისტეს დიდებას, სულიწმინდის დიდებას, ღმრთეების სხივს და სხვა ამგვარს, რამეთუ ამბობენ, რომ იდიდება ხორცი შეერთებისთანავე და და სხეულის დიდებად ხდება ღმრთეების დიდება. მაგრამ ხილულ სხეულში მყოფი დიდება დაუნახავი იყო მათთვის, რომლებიც ვერ დაიტევდნენ მას, რაც ანგელოზთათვისაც უხილავია.

ამრიგად ფერს იცვლის იგი. არათუ იმას იღებს, რაც არ იყო, არამცთუ იმად გარდაიქმნება, რაც არ იყო, არამედ რაც იყო, იმით გამოუჩნდება თავის მოწაფეებს, თვალებს უხსნის რა მათ და ქმნის რა ბრმათაგან მხედველთ. და თუმცა თვით ჰგიეს იგივეობაში, აწ ხილულად გამოუჩნდა მოწაფეებს, ადრე ჩენილისაგან განსხვავებულად, რადგან თავად არის ჭეშმარიტი ,,მშვენიერება დიდებისა’’.

და გაბრწყინდა იგი, როგორც მზე, თუმცა მკრთალია ეს შედარება, რადგან შეძლებელია დაუკლებლად გამოიხატოს ქმნილებაში ის, რაც უქმნელია.

ვინც ამბობს, რომ შეუქმნელია მხოლოდ არსება ღვთისა და არა მისი მარადიული მოქმედებანი (რომელთა მიერ აღემატება კიდეც იგი ყველას, ისე როგორც ყოველგვარ ნამოქმედარს - მისი მოქმედი),  - ისმინოს ასეთმა ვინმემ წმინდა მაქსიმეს თქმული:

,,ყველა უკვდავი და თვით უკვდავება, ყველა ცოცხალი და თვით სიცოცლე, ყველა წმინდა და თვით სიწმინდე, ყველა სათნო და თვით სათნოება, ყველა კეთილი და თვით სიკეთე, ყველა არსებული და თვით ყოფიერება, - ყოველივე ეს, ცხადია, საქმეა ღვთისა, თუმცა პირველთა არსებობა დროშია დაწყებული, რადგან იყო ოდესღაც დრო, როდესაც არ იყვნენ, ხოლო მეორეთა არსებობა დროში არ დაწყებულა, რადგან არ ყოფილა ოდესმე დრო, როდესაც არ იყო სათნოება, სიკეთე, სიწმინდე, უკვდავება’’.

კიდევ:

,,სიკეთე და ყველაფერი, რაც კი რამ სიკეთის ცნებაში თავსდება, და მარტივად, ყოველი ცხოვრება, უკვდავება, სიმარტივე უცვლელობა, უსაზღვროება, - საერთოდ, რაც ღვთის შესახებ არსობრივად განიჭვრიტება, - საქმეა ღვთისა, დროში არ დაწყებული, რადგან არსებობა უხუცესი როდია სათნოებაზე ანუ სხვა რამ ზემოთქმულზე, თუმცა კი მათთან წილმქონეთა[9] არსებობა, თავის მხრივ, დროშია დაწყებული’’.

დაუსაბამოა ყველა სათნოება, არა აქვს რა მას ჟამი თავის თავზე უხუცესი, რადგან მხოლოდდამხოლოდ ღმერთი ჰყავს საკუთარი არსებობის მარადიულ მშობლად, რომელიც განუზომელი განუზომლობით[10] ზეგანეშორება ყველა არსებულს, წილმქონესაც და წილქონებულსაც.

ამათგან ისწავლონ, რომ ყველაფერი ღვთივ დაარსებული ჟამიერი როდია, არამედ დაუსაბამოა ზოგი მათგანი. ამ სწავლებას არანაირად არ არღვევს მოძღვრება იმის შესახებ, რომ ერთადერთია ბუნებით დაუსაბამო, - სამობითი მხოლოობა და თავისთავადი ზებუნებისეული სიმარტივე. ასევე გონებაც, თუკი იმ ზებუნებისეული განუყოფლობისათვის მკრთალ შედარებას მოვიტანთ, არანაირად არ არის შედგენილი მასში შთანერგილი აზრების გამო.

ვინც არ ეთანხმება იმას, რომ სულიწმინდისეულ ნიჭთა მიერ, რაც საღვთოდ წარმატებულთა სულშია, სხეულში სულისმიერი მიდრეკილებანი შთაიბეჭდება, ამასთან, ვინც უვნებლობად (განცდებისაგან განთავისუფლებად, ე.ჭ.) ამბობს ვნებადობის (განცდისმიერობის, ე.ჭ.) თვისობრივ სიკვდილს და არა მის თვისობრივ მოქმედებას უმჯობესისაკენ, როდესაც იგი (ვნებადობის ანუ განცდის უნარი, ე.ჭ.) მთლიანად უკუიქცევა უკეთურთაგან და მიიქცევა კეთილისაკენ,, განიშორებს რა უკეთურ ნათვისობებს და გამდიდრდება რა კეთილთაგან, - ასეთი ვინმე, თავისი მოსაზრების შესაბამისად, უარყოფს იმასაც, რომ არსთა უხრწნელ საუკუნეში სხეულითურთ იქნება მყოფობა.

ამგვარად, თუკი მაშინ (სამერმისოდ, ე.ჭ.) სულთან ერთად სხეულიც იქნება წილმქონე გამოუთქმელი სიკეთეებისა, ცხადია, რომ იგი (სხეული, ე.ჭ.), დატევნისებრ, ახლაც თანაწილმქონეა იმ მადლისა, რაც ღვთის მიერ საიდუმლოდ და გამოუთქმელად ეწყალობება განწმენდილ გონებას, და ისიც (სხეულიც, ე.ჭ.) განიცდის საღვთო საქმეებს მისთვის შესაფერისად, როდესაც სულის ვნებადობა (განცდისმიერობა, ე.ჭ.) არათუ თვისობრივად კვდება, არამედ გარდაიქმნება და განიწმინდება და არის რა იგი საზიარო სხეულისა და სულისა, თავისი თავის მიერ განწმენდს სხეულის მიდრეკილებებსა და მოქმედებებს. რამეთუ, წმინდა დიადოქოსის თანახმად, იმათი გონება, რომლებიც სამერმისო სიკეთეთა სასოებით განეშორნენ ცხოვრების სიამტკბილობებს, უზრუნველობის გამო მძლავრად მოძრაობს და თვით შეიგრძნობს რა საღვთო და გამოუთქმელ სიტკბოებას, საკუთარი წარმატების შესაბამისად სხეულსაც მიუბოძებს სიტკბოების ნაწილს, ხოლო ასეთ დროს სულში და სხეულში შთანერგილი სიხარული უცთომელი მოგონებაა[11] უხრწნელი ცხოვრებისა.

სხვა სინათლის აღქმა სჩვევია გონებას, სხვა სინათლისა - გრძნობას. ეს უკანასკნელი [ითვისებს] გრძნობად [სინათლეს], რითაც გრძნობადნი, როგორც გრძნობადნი წარმოჩნდებიან, ხოლო სინათლე გონებისა არის აზრებში მდებარე ცოდნა.

ამრიგად, არათუ ერთი და იმავე სინათლის აღქმა სჩვევია მხედველობას და გონებას, არამედ შესაბამისად თავისი ბუნებისა და ბუნებისეულთა შორის მოქმედებს თითოეული მათგანი.

როდესაც ღირსეულნი მათი გრძნობითა და გონებით კეთილმონაწილენი ხდებიან სულიერი და ზებუნებისეული მადლისა და ძალისა, ისინი, დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველისებრ რომ ვთქვათ, ყოველგვარ გრძნობასა და ყოველგვარ გონებაზე უზემოესთ უჭვრეტენ, როგორც ეს უწყის მარტოოდენ ღმერთმა და აგრეთვე, მათ, რომლებიც ამგვართა მოქმედების ქვეშ არიან.

ეს გვისწავლია წერილისაგან, ეს მიგვიღია ჩვენი მამებისაგან, ეს შეგვიცვნია მცირე გამოცდილებით, ეს არის ის, რაც მღვდელმონაზონთა შორის უპატიოსნესმა ძმამ ჩვენმა, უფალმა გრიგოლმა დაწერა სამღვდელოდ მემყუდროეთათვის, და რასაც, როგორც წმინდანთა გადმოცემებისადმი ზედმიწევნით მიდევნებულს, წამკითხველთა დასარწმუნებლად ხელს ვაწერთ:

პროტოსი წმინდა მთის ღირს მონასტერთა მღვდელმონაზონი ისააკი.

წინამძღვარი ღირსეული სამეფო და წმინდა ლავრისა, თეოდოსი მღვდელმონაზონი.

ხოლო ჰქონდა ხელმოწერა იბერთა მონასტრის წინამძღვრისა თავის ენაზე.

წინამძღვარი ბატოპედის ღირსეული და სამეფო მონასტრისა, მღვდელმონაზონი იოანიკიოსი.

ხოლო წქონდა ხელმოწერა სერბთა მონასტრის წინამძღვრისა თავის ენაზე.

უნარჩევესმა მღვდელმონაზონმა ფილოთეოსმა, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.

მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესი და სულიერი [მოძღვარი] ესფიგმენის ღირსეული მონასტრისა, აფილოქე.

მღველმონაზონთა შორის უუნდოესმა გერასიმემ, ვნახე რა და წავიკითხე ღვთისმოყვარეობით დაწერილნი და მივიღე რა, ხელი მოვაწერე.

უუნდოესმა ბერმა და მონაზონთა შორის უნარჩევესმა მოსემ, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.

მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესი და სულიერი [მოძღვარი] ბატოპედიისა თეოდოსიოსი.

წინამძღვარი კუტლუმუსის წმინდა მონასტრისა თეოსტერიქტოს მღვდელმონაზონი.

ცოდვილმა გერონტი მარულელმა, ღირსეული ლავრის ბერთა შორის შერაცხილმა, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.

მონაზონთა შორის უნარჩევესი კალისტე მუძალონი.

მონაზონთა შორის უნარჩევესმა და უნდომ, გრიგოლ სტრაბოლანკადიტელმა, თითქოსდა მემყუდროემ, ვცნობ და ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.

მაგულას სკიტის ბერთაგანმა და მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესმა ესაიამ, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.

მონაზონთა შორის უნარჩევესი მარკოზ სინელი.

მაგულას სკიტის [ბერი] და მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესი კალისტე.

ჰქონდა, აგრეთვე, სირიელი მემყუდროე ბერის ხელმოწერა თავის ენაზე.

მონაზონთა შორის უნარჩევსი სოფრონი.

მონაზონთა შორის უნარჩევესი იოასაფი.

იერისის და წმინდა მთის მდაბალმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ვარ რა ნასაზრდოები წმინდა მთის და მამათა გადმოცემებით და ვადასტურებ რა, რომ აქ ხელისმომწერ რჩეულთა მიერ მთელი წმინდა მთა ეთანხმება [ზემოთქმულს] და ხელს აწერს, მეც დავეთანხმე და დავბეჭდე რა, ხელი მოვაწერე. და ამასაც, ყველასთან ერთად, მივაწერ, რომ ვინც არ ეთანხმება წმინდანებს, როგორც [ვეთანხმებით]  ჩვენ და ჩვენზე მცირედით უწინარესი მამები, ჩვენ მის ზიარებას არ შევიწყნარებთ.

 

-----------------------------------------------------------------------------------------------

 

შენიშვნები

 

[1] - ბერძნ. Tομος (ლათ. Tomus) ნიშნავს "(წიგნის) ნაკვეთს" და იგი ძველ ქართულად ითარგმნებოდა, როგორც "ტომარი", "გრაგნილი".

[2]
- ბერძნულად ησυχὶα (ლათ. quies) ძველ ქართულად ითარგმნებოდა, როგორც "დაყუდებაჲ", "მყუდროებაჲ". ეს უკანასკნელი დადასტურებულია "პავლეთა" უადრეს რედაქციებში ("მყუდროებით" იქმოდიან", II თეს. 3,12). XI ს-ის მიწურულიდან ეს ტერმინი თანდათან ერთადერთი ხდება. შესაბამისად ბერძნული სიტყვის "ჰესიქასტის" (ησυχαστης) შესატყვისად ბატონდება "მემყუდროე" (ნაცვლად ადრინდელი "დაყუდებულისა"). ამის ნიმუშები აურაცხელია. მაგალითად: "არა უწყის "მემყუდროემან..." (წმ. იოანე სინელი, კლემაქსი, A-39,41 v): "...თხრობათა ზედა "მემყუდროეთა" (იქვე, 43 v); ჰესიქასტების სამოღვაწეო ადგილი "ჰესიქასტერიონი" ითარგმნებოდა, როგორც "სამყუდროო" (იხ. იქვე 15 v).

[3] - კავებში ჩასმულია აუცილებლობის გამო თარგმანში შემატებული სიტყვები. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როცა ნაცვლასახელი სათანადო არსებითითაა შეცვლილი ან აღდგენილია ბერძნულისათვის ბუნებრივად გამოტოვებული და ნაგულისხმევი სიტყვა, ეს შემთხვევები კავებით არ აღინიშნება.

[4] - "ცხადსიტყვიერება" - ბერძნ. παρρησὶα (სიტყვ. "თავისუფლად, ნათლად, უშიშრად ყველაფრის თქმა, ცხადყოფა"). ძველად იგი ითარგმნებოდა, როგორც "ცხადებაჲ", "კადნიერებაჲ" და სხვა.

[5] - ბერძნ. μεμυημενοι მომდინარეობს μνεω ზმნის ვნებითი გვარის ფორმიდან μεμυησθαι, რაც ანტიკურ ეპოქაში ნიშნავდა მისტერიებში ზიარებას, განდობას, ინიციაციას, ხოლო ეკლესიის მამები ამავე ტერმინით აღნიშნავენ საღვთო საიდუმლოში წვდომას, საიდუმლო ანუ უღრმესი მჭვრეტელობის მოპოვებას. აღნიშნული სიტყვის მიმღეობები ძირითადად ითარგმნებოდა სამი შესატყვისით: "მესაიდუმლოე" ("მესაიდუმლოე იქმნებოდიან", დიონისე არეოპაგელი, ეფრემ მცირის თარგ., ს. ენუქიშვილის გამოც., გვ. 114.25; "ჴელოვნებით განსწავლასა მესაიდუმლოეთა", იქვე 194.36); "განსწავლული" (:ყრმასა მას კეთილად განსწავლულსა ვისმე", იქვე 219.13); "უწყებული" ("მათდა უწყებულთა მათ მადლთაჲ", იქვე 183.36). შესატყვისებად გვხვდება, აგრეთვე, "მოსწავლე" ("ასწავნეს... კეთილად მოსწავლეთა", იქვე 196.3), "მოსაიდუმლოებული" ("იცი მოსაიდუმლოებულმან უარისყოფაჲ უღმრთოებისა", წმ. მაქსიმე, გელ. 14, ფოტო 438.2, ბერძნ. col. 548 c-d); ტერმინი μυστης შეიძლება თარგმნილი იყოს, როგორც "მესაიდუმლე" (იქვე 272.2), აგრეთვე "მოსაიდუმლოებული" (იქვე 87.1).

[6] - ბერძნ. σχεσις ნიშნავს "თვისობრივ მიმართებას" (ლათ. relatio), "თვისობრივ კავშირს", "სიყვარულისმიერ მიდრეკილებას" (affectio). აღნიშნულ შინაარსს, ვფიქრობთ, კარგად იტევს ტერმინი "მოთვისეობა", რაც ნიშნავს მიმართების ობიექტისადმი თვისობრივ დამოყვსებას, მისდამი მთვისებლობას. ხსენებული ბერძნული ტერმინი მრავალგვარად ითარგმნებოდა. ეფრემის წინარე ეპოქაში შესატყვისებად შეიძლება შეგვხვდეს "სიყვარული", "თჳსებაჲ" (იხ. "სიყვარულისა მისისა და ... თჳსებისა", წმ. გრიგოლ ნოსელი, დაბადებისათჳს კაცისა, მთარგმნ. წმ. გიორგი მთაწმინდელი, A. 73, 150; Pg. 44, 164 A; შდრ. იქვე: "სიყვარული", 192-225B; 196v- 232D; იხ. აგრეთვე, თალასი მონაზონის შრომა, საქ. ეკლ. კალენდ., თბ. 1989, მეორე ასეული, მუხლი 41;51;55; მეოთხე ასეული, მუხლი 2); ეფრემთან მარავლი შესატყვისია (ჩვეულებაჲ, შეზავებაჲ, იგივეობაჲ, პყრობაჲ და სხვა), მაგრამ ძირითადია "თჳსებაჲ". არსენი იყენებს ამ ტერმინს, მაგრამ შემოაქვს ახალი ორსიტყვედი შესატყვისი "განუჭრელი თჳსებაჲ". გელათურ სკოლას უთარგმნელად გადმოაქვს ბერძნული ტერმინი, როგორც "სქესი". იოანე პეტრიწთან გვხვდება "სქესი", აგრეთვე, "მინაქუსვაჲ", "მინაქუსი", "დანახეთქი", "თანდართვა".

[7] - ბერძნ. εξις - ნიშნავს მყარად მიღებულ თვისებას ანუ ნათვისობას (იხ. ამ ტერმინის და მისი ქართული შესატყვისების შესახებ "გზა სამეუფო". 1995 წ. N 1, გვ. 13).

[8] - ბერძნ. περιχωρεω პრეფიქსული ფორმაა ზმნისა χωρεω, რაც ნიშნავს ან "დატევნას", ან "სვლას, წინ მოძრაობას". შესაბამისად περιχωρεω შეიძლება გადმოიცეს, როგორც "გარეშემოცვა" ან "გადასვლა". ხსენებული ტერმინი დამოწმებულია წმ. მაკარი ეგვიპტელთან (IV ს.) "გარშემოწერის", "შემოცვის" შინაარსით. შემდეგ იგი სამგზის გვხვდება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველთან (IV ს.) და აღნიშნავს "ურთიერთმონაცვლეობას". ლეონტი ბიზანტიელის (VI ს.) ტექსტში ჩართული ერთი გლოსა შეიცავს ზმნას αντιπεριχωρεω, რაც (ისევე, როგორც περιχωρεω ერთგზის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის 101-ე ეპისტოლეში, 87 e) მიემართება მაცხოვრის ორ ბუნებას. ზმნა περιχωρεω მაცხვრის ორი ბუნებისადმი დამოწმებულია წმ. მაქსიმესთან (Pg. 91,112 D). მიიჩნევა, რომ მაქსიმე პირველია, ვინც საეკლესიო მწერლობაში შემოიტანა არსებითი სახელი περιχωρησις კვლავ მაცხოვრის ორი ბუნებისადმი. იმავე ტერმინს წმ. იოანე დამასკელი მოუხმობს სამი ჰიპოსტასის მიმართ და ამბობს: "შეურევნელად მქონებელნი ურთიერთასისა დატევნისანი (εν αλληλαις περιχωρησιν)" (წმ. არსენ იყალთოელის თარგ. S-1463, 62.1; Pg. 94,860 B). ავღნიშნავთ, რომ περιχωρησις ასევე "დატევნად" არის თარგმნილი გელათურ სკოლაში (იხ. გელ. 14, 110v1; Pg. 90, 608 D). περιχωρησις-ის შესახებ იხ. G. L. prestige, God in Patristic Thought, London, 1956, p. 291-299).

[9] - "წილმქონე" - ბერძნ. μετεχον (ზმნიდან μετεχω - თანაზიარება, მონაწილეობა, წიმქონეობა). აღნიშნული ტერმინთშესაყვისობის შესახებ იხ. "გზა სამეუფო" 1995 წ. 1, გვ. 11. შენ. 4.)

[10] - "განუზომელი განუზომლობით" - ბერძნ. απειρακις απειρως. ტერმინი απειρος ძველ ქართულად ითარგმნებოდა, როგორც "განუზომელი, მიუწვდომელი, უზომოჲ, წიაღუვლელი, განუცდელი" (ეს შესატყვისობანი გვხვდება მაგ. წმ. მაქსიმეს "ორასეულსა და ოთხასეულში", რომლებიც ეფრემ მცირის ტარგმანი უნდა იყოს; იხ. ხელნ. A-39; ბერძნ. ტექსტი, Pg. 91; იხ. ორასეულის" შემდეგი მუხლები: 1.2; 2.88; 1.100; 2.36; 1.69; "ოთხასეული": 1.10; 2.6; 4.3; 4.9; 3.23; 3.100; 3.28 და სხვა), "დაუტევნელი" (გარდამოცემა, A-24 ეფრემის ტარგ. 36v 1-792 c); "დაულევნელი" (იქვე 38v1-797c), "უსაზომოჲ" (გარდამოცემა, არსენის თარგ., S-1463, 56v1-808c); "აღურიცხუველი" (იქვე 63v), "უზომოდ ვრცელი" (წმ. იოანე ოქროპირი, თარგმანება დაბადებისა, თეოფილე ხუცესმონაზონის თარგ., Ath. 29, ფოტო 32, Pg. 50, 36), "ურიცხუ" (დიონისე არეოპაგელი, ეფრემის თარგ., ენუქიშვილის გამოც., გვ. 183.33). გელათურ სკოლაში გვხვდება, აგრეთვე, შემდეგი შესატყვისები: "უკიდოჲ", "უბოლოოჲ" (იხ. გელ. 14, 301v1-425B) "უსაზღვროჲ" (იქვე, ფოტო 154.2-505B), "უაღრესობა", "უჰამრავობა" (ამონიოსი, მ. რაფავას გამოც. 9.17-7.30; ბოლო ორი შესატყვისი απειρια-ს შინაარსს შეიცავს). ამავე გელათურ ტექსტებში ხშირია "ურიცხუ", "მიუწდომელი". პეტრიწთან გვხვდება "დაუსრულებელი" (იხ. ნემესიოსი, ს. გორგაძის გამოც. 150.23-760B), "უზომოობა" (იქვე 70.4-629A), საკმაო რაოდენობით "ურიცხუ", მაგრამ განსაკუთრებით ხშირად "უსაზღვროჲ", რაც აბსოლუტიზებული ჩანს პროკლეს მისეულ თარგმანში (იხ. ს. ყაუხჩიშვიის გამოც., ტერმ. ლექსიკონი).

[11] - ბერძნ. υπομνησις. ლათინურ ენაზე მთარგმნელს, როგორც ჩანს, ხელთ ჰქონია ისეთი ბერძ.ული ხელნაწერი, რომელშიც ნაცვლად ზემორე სიტყვისა ყოფილა υμνησις, რის გამოც ლათინურ თარგმანში გვაქვს hymnus.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ

ჟურნალი "გზა სამეუფო", N 1(4). 1996 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 23:43)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96