Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ნეოკესარიაში შეკრებილ წმინდა მამათა კანონები, რომლებიც ამ კრებულში შეტანილნი არიან ანკვირიის კრების კანონების შემდეგ, თუმცა ისინიც ნიკეის კანონებზე ადრეა დადგენილი, მაგრამ ნიკეის კრების კანონები მათზე წინაც არის შეტანილი მსოფლიო კრების უპირატესობის გამო

კანონი 1


თუ მღვდელი იქორწინებს, ის კარგავს სამღვდელო დასის წევრობის უფლებას, ხოლო თუ ისიძვებს ან იმრუშებს, იგი დაისჯება სრული განდევნით და ჩაყენებულ იქნება მონანულთა როგში.

კანონი 2


თუ დედაკაცი ორ ძმას შეირთავს, ის უნდა ჩამოშორდეს [საეკლესიო ზიარებას] სიკვდილამდე. ხოლო სიკვდილის დროს თუ იტყვის, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში დაარღვევს ამ ქორწინებას, კაცთმოყვარეობის გამო უნდა მიეცეს მას სინანულის უფლება. თუ დედაკაცი მოკვდება ამ ქორწინებაში, ქმარი უნდა დადგეს მძიმე სინანულში.

კანონი 3


ვინც ბევრჯერ იქორწინებს, მათთვის განსაზღვრული სინანულის ვადა ცნობილია, ხოლო მათი მოქცევა და რწმენა ამოკლებს ამ ვადას.

კანონი 4


თუ ვინმე ჟინით მოისურვებს დედაკაცს და მის საწოლში დაწვება, მაგრამ თავის [ჟინს] საქმით ვერ აასრულებს, ცნობილი უნდა იყოს, რომ მადლის მიერ გამოხსნილია.

კანონი 5


თუ ეკლესიაში შემსვლელი კათაკმეველი კათაკმეველთა რიგში დგას და აღმოჩნდება, რომ სცოდავს, [შემდეგ] მუხლთმოდრეკილთა შორის გადაყვანილიც არ შეისმენს, რომ არ უნდა სცოდოს და მსმენელობის დროსაც შეცოდავს, განდევნილ უნდა იქნეს ეკლესიიდან.

კანონი 6


ფეხმძიმე უნდა მოინათლოს, როდესაც მოისურვებს. ამ დროს მშობელი არ ეზიარება თავის შობილს, [ინათება მხლოდ დედა და არა მისი ნაყოფი მისი მეშვეობით], ვინაიდგან [ქრისტესთან შეერთების] აღსარებაში თითოეულმა [მოსანათლავმა] აუცილებლად თავისი ნება უნდა გამოამჟღავნოს.

კანონი 7


მღვდელს არა აქვს მეორედ ქორწინებულის საქორწინოს სუფრასთან ჯდომის უფლება, ვინაიდან მეორე ქორწინებული საჭიროებს სინანულს. რად სჭირდება მღვდელს ასეთ სუფრაზე დასწრებით ამ ქორწინების მხარდაჭერა?

კანონი 8


თუ ერისკაცის ცოლი იმრუშებს და ამაში აშკარად იქნება მხილებული, ასეთ კაცს არა აქვს უფლება, სამღვდელო პირი გახდეს. ხოლო თუ ქმრის ხელთდასხმის შემდეგ იმრუშებს იგი, ქმარი უნდა გაშორდეს მას. თუ მასთან იცხოვრებს [ისევ], არა აქვს უფლება, შეასრულოს მისთვის დავალებული მსახურება.

კანონი 9


მღვდელი თუ ხორციელად შეცოდავს [კურთხევამდე], შემდეგ მღვდლად ეკურთხება და აღიარებს, რომ შეცოდა ხელთდასხმამდე, იგი კარგავს მხოლოდ მღვდელმსახურების უფლებას (ე.ი. არა აქვს ნება, მიიტანოს შესაწირავი, მაგრამ მას რჩება სხვა უპირატესობანი: მღვდლობის პატივი, საჯდომელი და საკურთხეველში წმინდა საიდუმლოთა ზიარების უფლება). სხვა ცოდვების შესახებ ბევრნი ამბობენ, რომ ხელთდასხმით ისინი მიტევებულ იქნებიან. ხოლო თუ მღვდელი არ აღიარებს და მის ცხადად მხილებას ვერავინ შეძლებს, მის უფლებებში იქნება ამიერიდან, [შეასრულებს თუ არა იგი მღვდელმსახურებას].

კანონი 10


ასევე დიაკონი, თუ იმავე ცოდვას ჩაიდენს, ჩამოქვეითებულ უნდა იქნეს [ეკლესიის] მსახურის ადგილზე.

კანონი 11


მღვდელი ოცდაათ წლამდე არ შეიძლება ხელთდასხმულ იქნეს, თუნდაც ყოველმხრივ ღირსი კაცი იყოს იგი, არამედ უნდა მოიცადოს და დაინახოს, რომ უფალი იესო ქრისტე ოცდაათი წლისა მოინათლა და დაიწყო დამოძღვრა.

კანონი 12


თუ ვინმე მოინათლება სნეულების დროს, მისი მღვდლად კურთხევა შეუძლებელია, რადგანაც მისი რწმენა მოდის არა ნებსითი არჩევიდან, არამედ გაჭირვებიდან. ოღონდ თუ მონათვის შემდგომ გამოიჩენს რწმენას და სათნოებას, და გაძნელდება სამღვდელო კაცის პოვნა, [ასეთ შემთხვევაში] იყოს ასე, [ე.ი. იკურთხოს იგი მღვდლად].

კანონი 13


სოფლის მღვდლებს არა აქვთ უფლება მსხვერპლის შეწირვისა ქალაქის ეკლესიაში ეპისკოპოსის ან ქალაქის მღვდლების იქ ყოფნის დროს, არც პურისა ან სასმელის მიცემისა ლოცვის დროს. ხოლო თუ ისინი (ეპისკოპოსები და ქალაქის მღვდლები) იქ არ იმყოფებიან და სოფლის მღვდელი მარტო იქნება მიწვეული ლოცვისათვის, მანვე უნდა მისცეს [წმინდა საიდუმლოთა] ზიარება.

კანონი 14


ქორეპისკოპოსებს უჭრავთ სამოცდაათი მოციქულის ადგილი და ამიტომ, როგორც ეპისკოპოსის თანამღვდლებს, აქვთ შეწირვის უფლება, რათა ამით ჰქონდეთ გლახაკებზე ზრუნვის პატივი.

კანონი 15


კანონების მიხედვით სათანადოა შვიდი დიაკვნის ყოფნა, თუ ძალიან დიდია ქალაქი. ამას ირწმუნებ წიგნიდან "საქმე მოციქულთა" (6, 3-5).

 

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:12)