Georgian (Georgia)English (United Kingdom)

მღვდელი დიონისე თანამღვდელ ტიმოთეს

ციური იერარქიის შესახებ

I


1. “ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი სრულყოფილი ძღვენი გადმოდის ზემოდან, ნათელთა მამისგან” (იაკ. 1,17). მამა აღძრავს და აჩენს ნათელს, რომელიც კეთილი საბოძვარის სახით გვენიჭება. ნათლის ყოველი გამოსვლა, როგორც შემაერთებელი, ზეამზიდველი ძალა, აგვალივლივებს და მიგვაქცევს შემომკრებელი მამის ერთობისაკენ, ღმერთმყოფელი სიმარტივისაკენ, რადგანაც, თანახმად წმიდა სიტყვისა, “მისგან და მისთვის არის ყოველივე” (რომ. XI, 36).

2. მოვუხმობ იესუს, - მამისეულ ნათელს. იესუ არის “ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც ანათლებს ამქვეყნად მომავალ ყოველ კაცს” (იოან. I, 9), მის მიერ ვმაღლდებით მამისაკენ, თავდაპრველი ნათლისაკენ. იესუს ხსენებით, შეძლებისდაგვარად, მზერა მივაპყროთ მამათაგან გადმოცემულ უსამღვდელოეს სიტყვათა ზეამზიდველ ელვარებას, სადაც სახისმეტყველებით ვლინდება ციურ გონებათა იერარქია. როგორც ძალგვიძს, განვჭვრიტოთ იგი და არამიწიერი, შეუმკრთალი გონების თვალით შევიწყნაროთ მამისეული ღმერთმთავრობის ნათლისცემა, - თვით დასაბამი ნათლისა და ზედასაბამი, რომელიც იგავურად და სახეობრივად გვიცხადებს ანგელოზთა უნეტარეს იერარქიას და ამ გზით მამის მარტივი ბრწყინვალებისაკენ ზეაგვასწრაფებს. თვით ბრწყინვალების ერთიან წიაღს არასოდეს არაფერი აკლდება. სიკეთის ღირსებისამებრ, იგი მრავლდება, წინ მიიწევს და ვისთვისაც წინდაწინ ზრუნავს, მათ ეზავება, რომ შეიერთოს ისინი და აამაღლოს. ასეთ დროსაც ნათლის წიაღი მტკიცდება და ურყევად მკვიდრობს თავის შეუძრავ იგივეობაში, თანაც ყოველ ზემჭვრეტელს, ძალისაებრ, ზეაიზიდავს და სიმარტივის მიმნიჭებელი ერთობით შეაერთებს. შეუძლებელია, სხვაგვარად გამოგვიბრწყინდეს ღმერთმთავრობის ზეამზიდველი შარავანდედი, თუ არა წმიდა ფარდების ფერადოვნებაში დაფარული, სადაც, მამისეული წინაგანგებით, ჩვენი ბუნების შესაფერისად გარდაიქმნება იგი.

3. საიდუმლოთდასაბამმა რჯულდებამ ციურ იერარქიათა ზეკოსმოსური მსგავსების ღირსად გამოაჩინა ჩვენი წმიდათაწმიდა მღვდელმთავრობა, ამასთან, ხსენებული არამიწიერი იერარქიები ნივთიერი სახეებითა და ხატოვანი შეზავებებით გაამრავალფეროვნა და ასე გადმოგვცა ჩვენ. ამ უწმიდესი გამოსახულებების გზით, შეძლებისდაგვარად ზეავიზიდებით მარტივ და უსახო მსგავსებათა და ამაღლებათა წიაღ, რადგანაც ჩვენს გონებას არ შესწევს ძალა მიემსგავსოს არამიწიერ ციურ იერარქიებს და განჭვრიტოს ისინი, თუკი იგი არ ისარგებლებს მისთვის ჩვეული ნივთიერი სახეებით. ხილული სილამაზე უნდა აღვიქვათ, როგორც უხილავი მშვენიერის გამოხატულება. ასევე, გრძნობადი სურნელება სახეა გონისეული მიმოკმევისა. არამიწიერი ნათლისცემის ხატად ნივთიერი ნათელი გვევლინება; გონებისეულ მჭვრეტელობით სისავსეს განმარტებითი სამღვდელო სწავლანი გამოსახავს, ღვთივჰარმონიულ და შეწყობილ წესრიგს – აქაურ განწესებათა სიმწყობრე, იესუსთან ზიარებას – უსაზღვთოესი ევქარისტიის მიღება. კიდევ სხვაც არის ამგვარი, რაც ციურ არსებებს ზეკოსმიური სახით, ჩვენ კი სიმბოლურად გადმოგვეცემა. ამიტომ, ჩვენ შეძლებისდაგვარი გაღმრთოების მიზნით, კაცთმოყვარე საიდუმლოთ დასაბამობამ ციური იერარქიებიც გამოგვიჩინა, ხოლო მათ თანამსახურად სრული ჩვენეული მღვდელმთავრობა, რომელიც ღვთისსახოვან სიწმიდეებს მიემსგავსება, რამდენადაც ეს მას შეეძლო, და გრძნობადი ხატებით ანუ წმიდამწერლობის თხზულსიტყვაობით ზეციური გონებანი გამოგვისახა. ამ გზით ვმაღლდებით გრძნობადიდან გონიერისაკენ, წმიდადშეძერწილი სიმბოლოებიდან ციურ იერარქიათა მარტივი მწვერვალებისაკენ.



II

1. ვფიქრობ, უპირველესად იმის გადმოცემაა საჭირო, თუ რა მიგვაჩნია ყოველი იერარქიის მიზანდ, აგრეთვე, რა საგებლობა მოაქვს თითოეულ იერარქიას მასთან ზიარებულთათვის, შემდეგ იმგვარად ვუგალობოთ ციურ იერარქიებს, როგორც ისინი საღვთო სიტყვებში გვეცხადებიან. საბოლოოდ, იმის შესახებ ვისაუბროთ, თუ როგორი წმიდა ხატებით გამოგვისახავს სიტყვათა წმიდამწერლობა* ზეციურ წესრიგს, აგრეთვე, რა არის ის სიმარტივე, რომლისკენაც სიმბოლოების მიერ უნდა ავმაღლდეთ. ნუ ფიქრობთ, ბევრი უწმიდურის მსგავსად, თითქოს ციურ და ღვთისსახოვან გონიერ არსებებს მრავალი ფეხი აქვთ, ანდა მრავალი პირი, თითქოს ხართა პირუტყვული თვისება და ლომთა მხეცური ბუნება მათ შორის იჩენს თავს, თითქოს მოკაუჭებულ ნისკარტიანი არწივების სახისა არიან ისინი და ფრინველთა ხშირი ბუმბული ფარავთ. ნუ წარმოვიდგენთ ცის ზემოთ ცეცლმოდებულ ბორბლებს, ან ხის საკარცხულებს, რომლებზეც თითქოს ღმერთმთავრობა განისვენებს, ან კიდევ, მრავალფერ ცხენებს, შუბოსან მხედართმთავრებს და სხვა რაიმე ამგვარს, რაც საღვთო წერილის მიერ გადმოგვეცა, როგორც სიმბოლური მინიშნებათა ნაირგვარი წმიდანაძერწობა; ღვთისმეტყველებამ მხოლოდ წრფელი განზრახვით მიუსადაგა ის წმიდადშეძერწილი ხატები გამოუსახველ სულიერ არსებებს, რადგანაც კარგად განჭვრიტა ჩვენი გონების შესაძლებლობა; წინდაწინ მოიფიქრა ჩვენთვის შესაფერისი, ბუნებრივი გზა ამაღლებისა და შეგვითხზა კიდეც ზეამზიდველი წმიდამწერლობა.

2. თუკი საღვთო თხზულებები იმიტომ მოგვემადლა, რომ ზეციური სიმარტივე თავისთავად შეუცნობადია და ჩვენგან განუჭვრეტელი, მაშინ წმიდა გონებათა სიტყვიერი ხატწერა და ანგელოზთა სახელების, ასე ვთქვათ, ერთბაშად სცენაზე გამოტანა შეუფერებელი ჩანს, შეიძლება თქვას ვინმემ, რომ ღვთისმეტყველები, რომლებსაც განზრაული ჰქონდათ უსხეულოთა სხეულებრივი გამოხატვა, მოვალენი იყვნენ თვისობრივი და შეძლებისდაგვარად მონათესავე სახეებით გამოეძერწათ და გაეცხადებინათ ისინი. მოსალოდნელი იყო, ღვთისმეტყველებს, ერთი მხრივ, ესარგებლათ ჩვენს შორის ყველაზე უფრო ღირსეული ქმნილებებით, რომლებიც უმეტესად ზეაღმატებულები არიან, გარკვეულწილად, არამიწიერებიც, მეორე მხრივ კი მათ ციური და ღვთისსახოვანი სიმარტივე თითქოს არ უნდა შეემოსათ ამქვეყნიური უმდარესი მრავალფეროვნებით. პირველი გზა ჩვენც გაცილებით უფრო აგვამაღლებდა და, ცხადია, აღარც ზეკოსმიური გამოცხადება დაეშვებოდა შეუფერებელ უმსგავსოებამდე, მაშინ როცა, მეორე გზა თითქოს უწესოდ შეურაცხყოფს ღვთიურ ძალებს, თანაც საცთურია ჩვენი გონებისა, რადგან უწმინდური სახეები წიაღში ამკვიდრებს მას. ამიტომ, ვინ იცის, ზოგმა იქნებ ისიც წარმოიდგინოს, რომ ზეცა აღსავსეა ლომებისა და ცხენების ჯოგით, რომლებიც ღმუილითა და ხვიხვინით აღავლენენ გალობას, ფრინველთა გუნდით, ან სხვა რამ ცხოველთა თუ ყოვლადუღირსი ნივთით, რაც კი უგუნურებასთან, სიცრუესთან და ვნებებთან წილნაყარია.

მართლაც, ხსენებულ სახეთა აღწერილობა არაფრით ემსგავსება გამოცხადებისეულ სიტყვებს; მაგრამ, ვფიქრობ, ჭეშმარიტების ძიება ნათელყოფს საღვთო წერილის უწმიდეს სიბრძნეს, რომელმაც ციურ გონებათა** სახეობრივი წარმოჩენა წინდაწინ ისე გულდასმით მოიაზრა, რომ იგი არც ღვთიურ ძალთა წინაშე გალაღებად უნდა მოეჩვენოს ვინმეს და, ამასთან, არც ჩვენ უნდა მიგვიზიდოს მიწიერი და ვნებადი ხატების სიმდაბლისაკენ.

უსახოთა და უმსგავსოთა გამოსახვა და გამოხატვა გამართლებული არის არა იმიტომ, რომ, როგორც ითქვა, ჩვენი გონება უძლურია უშუალოდ მიეცეს გონისმიერ ჭვრეტას და იგი საჭიროებს საკუთარი ბუნების შესატყვის, თვსობრივად შესაფერის ამაღლებას, ანუ უსახო და ზებუნებრივი ხილვების მისთვის მისაწვდომ სახეებში გამოცხადებას, არამედ, იმიტომაც, რომ საღვთო წერილის საიდუმლოებას ყველაზე უფრო შეშვენის, იდუმალი და წმიდა იგავებით დაფაროს ზეკოსმიურ გონებათა უწმიდესი და უხილავი ჭეშმარიტება და მრავალთაგან შეუღწეველი გახადოს იგი, რადგანაც ყველა კაცი წმიდა არ არის და, თანახმად წერილისა, “არც ყველა მათგანს აქვს ცოდნა” (I კორ. VIII, 7). თუკი ვინმე სწორედ უმსგავს ხატწერას მოიმიზეზებს იმის სათქმელად, რომ სასირცხვილოა ბილწი სახეები მივუსადაგოდ წმიდათაწმიდა ღვთიურ მწკრივებს, პასუხად მივუგებთ: ზეციური გამოცხადება ორ გზას გულისხმობს.

3. ერთი – როდესაც იგი, ჩვეულებისამებრ, მისი ბუნებისადმი მიმსგავსებულ წმიდასახოვან ხატებში ვლინდება, და მეორე – როდესაც უმსგავს სახექმნადობათა მიერ ყოვლად უჩვეულოდ და უშვერად შეიძერწება.

მისტიკური გადმოცემების გამოცხადებისეული სიტყვები ზეარსი ღმერთმთავრობის სათაყვანებელ ნეტარებას “სიტყვად”, “გონებად” და “არსებად” უგალობს, რაც, ერთი მხრივ, ღვთის გონიერებას და სიბრძნეს, მეორე მხრივ კი ჭეშმარიტად არსებულ არსებობასა და არსებათა არსებობის ნამდვილ მიზეზს ასაჩინოებს. “სინათლედაც” გამოისახება ღმერთმთავრობა და “ცხოვრებადაც” იწოდება. ამგვარი წმიდა გამოსახულებები ყველაზე უფრო დიდი ღირსებისა არიან და ალბათ, გარკვეულწილად, ზეაღემატებიან ნივთიერ ხატებს, თუმცა არც მათ ძალუძთ ჭეშმარიტად მიემსგავსონ ღმერთმთარობას, რომელიც უზესთაესია ყოველი “არსებისა” და “ცხოვრებისა”; ვერავითარი ნათელი ვერ აირეკლავს მას, ნებისმიერი სიტვა და გონება შეუდარებლად შორს დგას მისი მსგავსებისაგან.

იგივე საღვთო წერილი, ზეკოსმიური წესით, ზოგჯერ უმსგავსო სახეებითაც უგალობს ღმერთმთავრობას და უწოდებს მას “უხილავს”, “უსასრულოს”, “შემოუსაზღვრელს”, რითაც მოესწავება არა ის, თუ რა არის იგი, არამედ რა არ არის. ვფიქრობ, ამგვარი რამ უფრო ჭეშმარიტია მის შესახებ. თვით დაფარული და სამღვდელო გადმოცემის მიხედვით, მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ღმერთმთავრობა არსებულთაგან არაფერს ემსგავსება; ჩვენც არაფერი ვიცით მისი ზეარსი, შეუცნობადი, გამოუთქმელი უსაზღვროების შესახებ.

ამგვარად, თუკი ღვთიურთა მიმართ სწორედ უკუთქმაა ჭეშმარიტი, ხოლო მტკიცებანი დაფარულთა იდუმალებას არ შეეფერება, მაშინ უმსგავსო ხატებით უხილავთა გამოსახვა გაცილებით მიზანშეწონილი ჩანს. სიტყვათა წმიდათმწერლობა არათუ შეურაცხყოფს ზეციურ დასებს, როდესაც უმსგავსო სახექმნადობათა მირ ასაჩინოებს მათ, არამედ პირიქით, პატივსაც მიაგებს, რადგან ამ გზით კიდევ უფრო მეტად ცხადყოფს ხსენებულ დასთა უნივთო და ზეკოსმიურ მიღმიერებას. ვფიქრობ, ჭკვიანთაგან არავინ შემეპასუხება, თუკი ვიტყვი, რომ უმსგავსო ხატები მსგავსხატოვნებაზე მეტად ამაღლებს ჩვენს გონებას. უფრო ღირსეულ წმიდანაძერწობას ცთუნებაც ახლავს, რადგანაც შეიძლება ისეთი წარმოდგენაც შექმნას მან, თითქოს ციური არსებები ოქროსფრად და ნათლისფრად მოელვარე კაცები იყვნენ, რომლებსაც ამშვენებთ მბრწყინავი სამოსი და უვნებელ ცეცხლს გამოსცემენ. ამგვარი მიმზიდველი მსგავსხატოვნება კიდევ სხვაც არის, რითაც ღვთისმეტყელება ცის გონიერ არსებებს გამოგვისახავს.

იმისათვის, რომ რაიმე ზიანი არ შეემთხვეთ მათ, რომლებსაც ხილულ მშვენიერებაზე უფრო აღმატებული ვერაფერი წარმოუდგენიათ, წმიდა ღვთისმეტყველთა ზეამზიდველი სიბრძნე ღირსეულად მდაბლდება უშვერ უმსგავსობამდე და თუ ამ გზით, ერთი მხრივ, გზას უღობავს ჩვენს მიწიერ ბუნებას, მშვიდად დაივანოს შეურაცხ სახეებში, მეორე მხრივ, სულის ზემსწრაფველობას აღგვიღორძინებს და უსახური სიმბოლოების მიერ კიდევ უფრო წინ გვაქეზებს, რადგანაც მათთვისაც კი, რომლებიც ყველაზე მეტად მიწიერები არიან, შეუძლებელი და დაუჯერებელი ჩანს, რომ ზეციური და ღვთიური ხილვები მართლაც მსგავსი იყოს ასეთი უშვერი სახეებისა. ამასთან, საჭიროა ვიცოდეთ, რომ არ არსებობს არც ერთი არსება, რომელიც მთლიანად მოკლებულია მშვენიერებასთან ზიარებას. წმინდა წერილის ჭეშმარიტებაც იმავეს ამბობს: “ფრიად მშვენიერია ყველაფერი” (დაბ. I, 31).

4. ამგვარად, მშვენიერი ხილვები ყველაფერში განიჭვრიტება. სწორედ ამიტომაა შესაძლებელი ხსენებული უმსგავსო მსგავსებათა მიერ გონისეული და გონისმიერი ძალების ნივთიერად გამოსახვა, თუმცა გონისმიერი არსებები სხვა სახით ფლობენ იმ თვისებებს, რომლებიც, თავის მხრივ, გრძნობად არსებაში სხვაგვარად ნაწილდება. მაგალითად, პირუტყვთა “რისხვას” ვნებისაკენ მიდრეკილება შობს და მათი რისხვით მოძრაობა აღსავსეა ყოველგვარი უგუნურებით. გონისმიერთა “მრისხანება” სხვაგვარად გაიაზრება. ვფიქრობ, იგი მოასწავებს მათ მამაკაცებრ გონიერებას, აგრეთვე, ღვთისსახოვან და უცვლელ დაფუძნებათა შორის ამ არსებათა შეურყევლობის წესს.

ასევე, პირუტყვთა “გულისთქმას” ვუწოდებთ გაუაზრებელ ხორციელ სწრაფვას, რომელიც შთანერგილი ძალისა თუ ჩვეულების გამო ცვალებად ქმნილებებს შორის “დაუოკებლად” იჩენს თავს. აქ იგულისხმება, აგრეთვე, პირუტყვული და ხორციელი ჟინის ისეთი მომძლავრება, როდესაც ცხოველი არსება მთლიანად ეძლევა გრძნობად წადილს. მეორე მხრივ, როცა გონიერთა სამყაროს უმსგავსო მსგავსებებით შევმოსავთ, “გულისთქმითაც” შემოვძერწავთ მათ, თუმცა ამჯერად, ეს სიტყვა გამოხატავს გამოუთქმელ და ზეგონიერი უნივთოების მიმართ ღვთიურ ტრფობას ანუ გაუმრუდებელ და დაუცხრომელ სწრაფვას ზებუნებრივად წმინდა და აღუშფოთველი მჭვრეტელობისაკენ, უზენაეს და უსპეტაკეს გამჭვირალებასთან, მშვენიერების მშობელ უჩინო სილამაზესთან ჭეშმარიტად საუკუნო და გონისმიერ მზიარებლობას. რაც შეეხება “დაუოკებლობას”, იგი გულისხმობს სიმძაფრესა და უდრეკობას, ღვთიური მშვენიერების მიმართ შეურყვნელი, წარუვალი ტრფობის სრულ დაუბრკოლებლობას, მთელი არსებით მიქცევას ჭეშმარიტად სასურველისაკენ.

პირუტყვთა “უსიტყველობასა” და უსულო საგანთა “უგრძნობლობას”, შესაბამისად, სიტყვისა და გრძნობის ნაკლებობას ვუწოდებთ, მაგრამ როდესაც უნივთოთა და გონიერთა მიმართ ვამბობთ იმავეს, ცხადვყოფთ, რომ ეს არსებები, რამდენადაც ისინი ზეკოსმიურები არიან, სიწმინდის ღირსებისამებრ, ზეაღემატებიან, ერთი მხრივ, ჩვენს ცვალებადსა და ხორციელ მეტყველებას, ხოლო მეორე მხრივ, მათთვის უცხო მიწიერ გრძნობადობას.

როგორც ვხედავთ, ციური ძალები სიმბოლურად შეიძლება გამოისახოს ნითიერებების თუნდაც ყველაზე უღირსი ნაწილებით. თვით ამ ნივთიერებასაც ხომ ჭეშმარიტად მშვენიერმა მიანიჭა არსებობა! ამქვეყნიურ ნივთთა მთელი წესრიგიც, გარკვეულწილად, სწორედ გონისმიერი სიმშვენიერის გამოძახილი. ამიტომაც ძალგვიძს მათი გზით ავმაღლდეთ უნივთო პირვესახეებამდე, თუმცა, როგორც ითქვა, ასეთ დროს მსგავსებანი უმსგავსოდ უნდა აღვიქვათ და ამასთან, იგივეობა კი არ უნდა მივანიჭოთ მათ, არამედ გავმიჯნოთ ისინი გონიერი და გრძნობადი ბუნების შესაბამისად.

5. მისტიკოსი ღვთის მეტყველები ამავე გზით წმიდად გამოგვისახავენ არა მხოლოდ ციურ მწყობრთა გამოვლინებებს, არამედ ზოგჯერ თვით ღმერთმთავრულ გამოცხადებებსაც. ამიტომ არის, რომ უზენაესს ხან ხილულთ შორის უმეტესად ღირსეული სახეებით უგალობენ, როგორც “სიმართლის მზეს” (მალაქ. III, 20; სიბრძ. V, 6), “განთიადის ვარსკვლავს” (გამოცხ. XXII, 16), რომელიც წმიდად ამოდის გონებისათვის; “ნათელს” (იოანე 1-9), რომელიც დაუფარავად და გონისეულად ბრწყინავს; ხან საშუალო ღირსების სახეებით ამკობენ მას, როგორც “უვნებად მანათობელ ცეცხლს” (გამოს. III, 2); “წყალს”, რომელიც ცხოველ სისავსეს გვანიჭებს და, სომბოლურად რომ ვთქვათ, მუცელში გვეღვრება, სადაც დაუცხრომლად ამოჩქებს და მდინარედ გადმოდინდება (გამ. XVII, 1-7, შდრ. რიცხ. XX, 8; ეს. XVIII, 21; ფს. V, 41); ხან უმდარესი ხატებით აღწერენ, როგორც “სურნელოვან ნელსაცხებელს” (ქება I, 3), ანდა “ქვაკუთხედს” (ეს. XXVIII, 16), ზოგჯერ კი მხეცთა სახეებითაც მოსავენ და ლომისა და პანთერიას თვისებებს აკუთვნებენ მას. ამბობენ, რომ ლეოპარდიც არის იგი და გავეშებული დათვიც (ოს. XIII, 7-8). დავძენ იმასაც, რომ ღვთივსწავლულთა გადმოცემით, ყველაზე უფრო უღირსად და უშვერად თითქოს მაშინ წარმოგვიდგება ღმერთმთავრობა, როდესაც თვით თავის თავს მატლის მსგავსად გამოგვისახავს (ფს. XXVII, 7).

ამ გზით ყველა თეოსოფოსი და ფარული მობერვის გამომეტყველი*** შეურყვნელად მიჯნავს “წმინდათა წმინდას” უზიარებელი და არასამღვდელო პირებისაგან. ამიტომ ამჯობინებენ ისინი უმსგავსო წმინდანაძერწობას, რადგანაც ამგვარ საფარველში, ერთი მხრივ, ვერც უწმინდურები მოიხელთებენ საღვთო საიდუმლოს, მეორე მხრივ კი, ვერც ღვთიურ შემკულებათა ხილვის მოყვარულები შეძლებენ ჭეშმარიტებად აღიქვან ხსენებული სიმბოლოები და მთლიანად შეემსჭვალონ მათ.

ღვთიურ სამყაროს პატივი უნდა მივაგოთ როგორც ჭეშმარიტ უკუთქმათა მიერ, ასევე იმ “განსხვავებული მსგავსებებით”, რომლებიც უზენაესი გამოძახილის უმდაბლეს საფეხურს მოიცავს.

ხსენებულ მიზეზთა შემდეგ შეუსაბამოდ აღარ მოგვეჩვენება ციური არსებობის უშვერ და უმსგავსო მსგავსებათა მიერ გამოსახვა. როგორც ჩანს, ალბათ, არც ჩვენ შევუდგებოდით სირთულისაგან გამოსავალის ძიებასა და სიწმინდეთა დაწვრილებითი გამოკვლევის გზით ზეაღსვლას, რომ არ შევეშფოთებინეთ ანგელოზების გამოცხადებულ სახეთა უშვერობას, რომელიც ჩვენს გონებას არათუ საშუალებას აძლევს მშვიდად დაივანოს შეუფერებელ სახეთქმნადობაში, არამედ, პირიქით, ნივთიერ მიდრეკილებათა უარყოფისაკენ აქეზებს მას და ამავე დროს ხილულიდან ზეკოსმიურ ამაღლებათა მიმართ წმინდად ზეაზიდვის ჩვევას უნერგავს.

ზემოთქმული ეხებოდა ანგელოზთა გამომსახველი წმინდა სიტყვების ნივთიერ და უმსგავსო ხატწერას. ამჯერად იმის განსაზღვრაა საჭირო, თუ რას წარმოადგენს თვით იერარქია და რას სარგებლობენ მისგან ცალკეული წევრები. დაე, ამ სიტყვებს წინ წარუძღვეს ჩემი ქრისტე, თუ კი მაქვს უფლება ასე ვუწოდო მას, რომელიც თვით არის მობერვა ყოველი იერარქიული გამოცხადებისა. ხოლო შენ, ბავშვო, ჩვენი სამღვდელმთავრო გადმოცემის საკრალური რჯულდების თანახმად, სიწმინდის ღირსებისამებრ შეისმინე წმინდად ნათქვამი და ღვთიურთან მესაიდუმლეობის გზით გაღვთიურდი, შემდეგ კი გონების საფარველით შეუბერე და არასამღვდელო სიმრავლისაგან დაიცავი ერთსახოვანი სიწმინდეები, რადგანაც, საღვთო წერილის მიხედვით, არ შეიძლება ღორებს მივუყაროთ სულიერ მარგალიტთა შეუსვრელი, ნათლისახოვანი და დამამშვენებლი შემკულობა (მათ. VII, 6).


--------------------------------------------


* “სიტყვათა წმიდამწერლობაში” წმ. დიონისესთან ყოველთვის იგულისხმება საღვთო წერილი, ბიბლია (მთარ.).

** ციური გონებები – ზეციური ძალები.

*** გამომეტყველი – გამაცხადებელი, ე.ი. განმარტებელი.

 

III


1. ჩემი აზრით, იერარქია არის წმინდა მწყობრი, შეძლებისდაგვარად ღვთისსახოვნებას მისმსგავსებული მეცნიერება და მოქმედება, რომელიც მასზე გადმოსული უზენაესი ბრწყინვალების ძალით, ღვთის მსგავსებამდე მაღლდება საკუთარი ბუნების შესაბამისად.

თუმცა ღვთისღირსეული მშვენიერება, როგორც მარტივი და კეთილი, როგორც ზიარებათა დასაბამი, ყოველგვარი უმსგავსოებისაგან სრულიად შეუზავებლად მკვიდრობს, მაგრამ, ამავე დროს, თვითვე ყოველ არსებას ღირსებისდამიხედვით აზიარებს თავის ნათელთან, უსაღვთოესი ხელდასხმით სრულყოფს მათ და ზიარებულებს მისსავე მარადიულ ხატოვნებად შეატკბობს.

2. იერარქიის მიზანია, ძალისამებრ, ღვთისადმი მიმსგავსება და ერთობა მასთან, როგორც ყოველი წმინდა მეცნიერებისა და მოქმედების წინამძღვართან, აგრეთვე თვალმოუწყვეტად ჭვრეტა უსაღვთოესი მშვენიერებისა და შეძლებისდაგვარად აღბეჭდვა მისი; ამ გზით იერარქია თავის თითოეულ წევრს ღვთიურ საკმაულად სრულყოფს და გარდაქმნის კიდეც მათ “უბიწო” და უგამჭვირვალეს “სარკეებად” (სოლ. სიბრძ. VII, 26; შდრ. II კორ. III, 18), რომლებიც ნათლისმშობელი ღმერთმთავრობის სხივებს იღებენ და მინიჭებული გამოშუქებით, უწმიდესად აღივსებიან, შემდეგ კი ღმერთმთავრული წესის თანახმად, უქვემოეს არსებებსაც უშურველად განაბრწყინვებენ.

ხელდამსხმელებსაც და ხელდასხმულებსაც სრულიად ეკრძალებათ, რაიმე იმოქმედონ მათი საიდუმლოთდასაბამობის წმინდა განჩინებათა წინააღმდეგ, ანდა სხვაგვარად იარსებონ*, თუკი ისინი მართლაც ისწრაფვიან ღმერთმყოფელი ელვარებისაკენ და სიწმინდის ღირსებისამებრ ჭვრეტენ მას, რომელსაც თითოეული წმინდა გონება საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით აღიბეჭდავს.

ვინც იერარქიაზე მსჯელობს, მასში გულისხმობს, ზოგადად, წმინდა წესრიგს, ღმერთმთავრული სიმშვენიერის ხატს, რომელიც იერარქიულ წესთა და მეცნიერებათა მიერ წმიდად აღასრულებს თვითგაბრწყინების საიდუმლოებებს და თავის დასაბამს, ძალისამებრ, ემსგავსება. იერარქიის თითოეული წევრისათვის “სრულყოფა” ნიშნავს საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად ღვთისმსგავსებამდე ამაღლებას და, რაც ყველაზე უსაღვთოესია, “ღვთის თანაშემწედ” გახდომას, როგორც ამბობს წმინდა წერილი (I კორ. III, 9; III იოან. 8). ეს გულისხმობს ღვთიური ენერგიის გაცხადებას, რომელიც შეწყნარებისამებრ ვლინდება მათში.

იერარქიის წესი ისაა, რომ ზოგი უნდა განიწმინდოს და ზოგმა განწმინდოს, ზოგი განათლდეს, ზოგმა გაანათლოს, ზოგი სრულყოფილი გხდეს, ზოგმა სრულყოფა მისცეს. ხსენებულთაგან თითოეულს თავისებურად შეჰფერის ღვთისადმი ბაძვა.

ღვთიური ნეტარება, ადამიანური ენით რომ ვთქვათ, შეურეველია ყოველგვარი უმსგავსობისაგან და სავსეა მარადიული ნათლით, სრულყოფილია იგი და არ საჭიროებს არავითარ სრულყოფას; განწმენდს, ანათლებს, სრულყოფს, უფრო კი თვით არის განწმენდა, ნათელყოფა და სისრულე, უზემოესი განწმენდისა და ნათელყოფისა; თვითვეა პირველსრული საიდუმლოთდასაბამი და ყოველგვარი იერარქიის მიზეზი, რომელიც ზეაღმატებით მიღმიერია ყოველი სიწმინდისაგან.

3. ვფიქრობ, ვინც განწმენდას ესწრაფვის, შეზავებას თავი უნდა დააღწიოს და გათავისუფლდეს ყოველგვარი უმსგავსო მინარევისაგან. განათლების მსურველი ღვთიური ნათლით უნდა აღივსოს, რომ ყოვლადწინდა გონების თვალით მიწვდეს მჭვრეტელობით გვარსა და ძალას. ვისაც სრულყოფა განუზრახავს, არასრულს უნდა გაემიჯნოს და ეზიაროს მჭვრეტელობით სიწმინდეთა სრულმყოფელ მეცნიერებას. მეორე მხრივ, ის, ვინც თვით განწმენდს, სიუხვის გამო სხვებსაც უნდა ანიჭებდეს საკუთარ სიწმინდეს; მას ვინც ნათელს გვცემს, როგორც უმეტესად გამჭვირვალე გონებას, ბუნებით ძალუძს ნათელთან ზიარებაცა და მისი გაცაემაც. ამიტომ, როდესაც იგი ყოვლად ბედნიერი სახით წმინდა გამობრწყინების მიერ აივსება, მაშინ ყოველმხრივ ზეგადმოდენილი ნათელი თვითვე უნდა წარმართოს მათკენ, რომლებიც ნათლის ღირსნი არიან. სრულყოფის მიმნიჭებლებმა, რომლებმაც ზედმიწევნით უწყიან ზიარების ტრადიცია, ყოვლადწმინდა განდობით უნდა აზიარონ ხელდასხმულები მჭვრეტელობით სიწმინდეთა მეცნიერებას. ამ გზით იერარქიული წესრიგის თითოეული მწყობრი საკუთარი ბუნების შესაბამისად მაღლდება “ღვთის თანაშემწეობამდე”; მადლითა და ღვთივბოძებული ძალით აღასრულებს იგი საქმეებს, რომლებსაც ღმერთმავრობა ბუნებრივად და ზებუნებრივად შეიცავს, ზეასრულად განაგებს და იერარქიულად გამოუვლინებს ღვთისმოყვარე გონიერ არსებებს, როგორც მათი შეძლებისდაგვარი მიბაძვის საგანს.

--------------------------------------------


* იგულისხმება ქრისტიანობისათვის ცხოვრების უცხო წესი, წარმართული ჩვეულებები (მთარგ.).

 

IV


1. ვფიქრობ, ჯეროვნად განისაზღვრა, თუ რა არის იერარქია. ამჯერად, ანგელოზთა იერარქიას ვუგალობოთ და ზეკოსმიური თვალით განვჭვრიტოთ საღვთო წერილში გაცხადებული მათი წმინდა სახეები, რომ მისტიკური სიმბოლიზმის გზით ამ სახეთა ყველაზე უფრო ღვთისსახოვან სიმარტივემდე ავმაღლდეთ და ყოველი იერარქიული მეცნიერების სათავეს ღვთისღირსეული თაყანისცემითა და საიდუმლოთდასაბამობის შესაფრისი სამადლობელით ხოტბა შევასხათ.

უპირველესად, მართებული იქნება თქმა იმისა, რომ ზეარსმა ღმერთმთავრობამ ყოველივე არსებულის ბუნება სიკეთის გზით შექმნა და შეამტკიცა. ყველაფრის მიზეზსა და ყოველგვარ სიკეთეზე ზეაღმატებულს ის თვისება აქვს, რომ ნებისმიერ არსებას, შესაძლებლობის შესაბამისად, მასთან ზიარებისაკენ მოუხმობს. თითოეული მათგანი მონაწილეა წინაგანგებისა, რომელიც ზეარსი და ყველაფრის დასაბამი ღვთაებიდან გამოჩქებს. ისინი არც იქნებოდნენ, რომ არ ზიარებოდნენ არსებათა არსსა და სათავეს. ცალკეული უსულო საგანიც თავისი არსებობით მას ეზიარება, რადგანაც ყოველივეს არსებობა ზეარსი ღვთაებაა. ასევე, ცოცხალი ქმნილებებიც მის ცხოველმყოფელ და სიცოცხლეზე აღმატებულ ძალას უერთდებიან, ხოლო მოაზროვნეები და გონიერები ყოველგვარი აზროვნებისა და გონებისაგან ზეამაღლებულ თვითსრულ და პირველსრულ სიბრძნეს ინაწილებენ. აქედან ცხადია, რომ ღმერთმთავრობის გარშემო ის არსებები მკვიდრობენ, რომლებიც გაცილებით მეტს იძენენ მისგან.

2. ამის გამო, ციურ არსებათა წმიდა რიგები უფრო მეტად ეზიარებიან ღმერთმთავრობის საბოძვარს, ვიდრე უბრალოდ არსებული ნივთები, ანდა უგუნური პირუტყვები, ან კიდევ, ჩვენ, ცნობიერები. ისინი გონისეულად დაუსახავენ თავიანთ თავს ღვთისმბაძველობას, ანუ ზეკოსმიურად მიისწრაფიან ღმერთმთავრობისადმი მსგავსებისაკენ და მათივე გონისმიერი ნიმუშის გამოხატვა სურთ. ბუნებრივია, რომ უშურველად ეზიარებიან ღმერთმთავრობას და ამიტომაც მის ახლოს მკვიდრობენ; დაუცხრომელი ღვთიური ტრფობის სიმძაფრით ისინი მარადიულად ზევით და ზევით მაღლდებიან რამდენადაც კი ძალუძთ, უნივთოდ და შეუზავებლად ითვისებენ დასაბამიერ გამობრწყინებებს, მათკენვე განლაგდებიან და მთელ ცხოვრებას გონისმიერად წარმართავენ. უპირველესად და უმეტესწილად სწორედ ისინი ეზიარებიან ღმერთს, უპირველესად და უმეტესწილად სწორედ ისინი აცხადებენ ღმერთმთავრულ იდუმალებას. ამიტომ, ყველასაგან გამორჩევით, ღირსნი არიან ანგელოზებად სახელდებისა, რადგანაც ღმერთმთავრული გამობრწყინება ჯერ მათ ჩაენერგებათ, შემდეგ კი ზეაღმატებული გამოცხადებები მათი გზით ჩვენ გადმოგვეცემა.

ამიტომ, როგორც ღვთისმეტყველება ამბობს, ანგელოზებისაგან მოგვენიჭება რჯული (გალატ. III, 19). ჩვენს სახელგანთქმულ მამებსაც, რჯულდებამდე იყვნენ ისინი თუ რჯულდების შემდეგ, ანგელოზები მიუძღვვებოდნენ ღვთიურისაკენ. ისინი მოძღვრავდნენ ამქვეყნიური მოღვაწეობის შესახებ, საცთურისა და უწმინდური ცხოვრებისაგან სიმართლისა და ჭეშმარიტების გზისაკენ მოაქცევდნენ; წმიდა წესებს თუ ზეკოსმიურ საიდუმლოთა ფარულ ხილვებს, ან კიდევ რაიმე საღვთო წინასწარმეტყველებას სწორედ ანგელოზები განუმარტავდნენ და გაუცხადებდნენ მათ.

3. თუკი ვინმე იტყვის, რომ ზოგ წმინდანს უშუალოდ გამოეცხადა თვით ღმერთი, კარგად უნდა იცოდეს მან, რომ უწმინდეს სიტყვათა თანახმად, ის, რაც არის საიდუმლოა ღვთისა, “არავის უხილავს” (გამოს. XXXIII, 20; იოანე I, 18; იოანე IV, 12; I ტიმ. VI, 16) და ვერც ვერავინ იხილავს. თეოფანიები, ღვთის შესაფერის გამოცხადებათა სახით, წმიდა ხილვებში მიემადლათ წმინდანებს მათი მჭვრეტელობითი უნარის შესაბამისად. ამგვარმა ხილვამ სახეობრივად შემოსაზღვა უსახოთა საღვთო მსგავსება და მხოლოდ ასე გამოაჩინა იგი, რომ ამ გზით ღვთიურისაკენ აემაღლებინა მჭვრეტელები. სწორედ ამიტომ, ყოვლადბრძენი ღვთისმეტყველება ხილვას “თეფანიას” ანუ “ღვთის გამოჩინებას” უწოდებს, რადგანაც “ხილვა” საღვთო გამობრწყინებით აღავსებს მჭვრეტელებს და ღვთიურის რაღაც ნაწილთან წმიდად აზიარებს მათ.

ჩვენი სახელგანთქმული მამები ციურ ძალთა შუამავლობით მესაიდუმლეობდნენ საღვთო ხილვებში. თუმცა წერილის გადმოცემა გვაუწყებს, რომ წმინდა კანონის რჯულდება თვით ღმერთისაგან მიენიჭა მოსეს, მაგრამ სინამდვილეში ამით მხოლოდ ის მოესწავება, რომ ხსენებული რჯულდება ანაბეჭდია ღვთიურისა და საკრალულისა. ღვთისმეტყველება გარკვევით გვასწავლის, რომ ანგელოზებისაგან გადმოგვეცა რჯული, რადგანაც, დადგენილი ღვთივკანონიერი წესის თანახმად, ვინც პირველია, ღვთიურისაკენ უნდა წაუძღვეს მის შემდგომს. ყველაფრისაგან ზეაღმატებული წესდასაბამობა ამავე კანონს განუჩენს არა მხოლოდ უზემოეს და უქვემოეს გონიერ არსებებს, არამედ ერთიდაიგივე მწყობრის წევრებსაც; ხსენებული კანონის მიხედვით, თითოეული იერარქია მოიცავს პირველ, საშუალო და უკანასკნელ მწკრივებს ანუ ძალებს, სადაც უსაღვთოესი არსებები, როგორც უმდარესთა ხელდამსხმელები და წინამძღვრები, ღვთიურ გამობრწყინებასთან მიაახლებენ და აზიარებენ უქვემოესებს.

4. იმასაც ვხედავთ, რომ იესუს კაცთმოყვარეობის ღვთიური საიდუმლო პირველად ანგელოზებს გაენდოთ, შემდეგ კი მათ მიერ ჩვენზე გადმოვიდა ცოდნის მადლი. სწორედ უსაღვთოესი გაბრიელი გაესაიდუმლა მღვდელმთავარ ზაქარიას, რომ უიმედობის ჟამს ღვთიური მადლით შეეძინებოდა ბავშვი, რომელიც იწინასწამეტყველებდა ამქვეყნად იესუს მამაკაცებრივი თეურგიის კეთილსახოვან და მაცხოვნებელ გამოვლინებას (ლუკა 1, 5-21). მანვე აუწყა მარიამს, თუ როგორ განხორციელდებოდა მის წიაღში გამოუთქმელი ღმერთგამოსახვის ღვთივმთავრული საიდუმლო (ლუკა I, 26-28). სხვა ანგელოზმა იოსებს შეატყობინა, რომ ჭეშმარიტად აღსრულდებოდა მისი წინაპრის დავითისადმი მიცემული ღვთიური დაპირებები (მათე I, 20-21). კიდევ სხვამ ამის შესახებ მწყემსებს ახარა, რომლებიც განდეგილობაში და სიჩუმეში იყვნენ განწმენდილები; მახარებელ ანგელოზთან ერთად “ციურ მხედრობათა სიმრავლემ” მრავალსაგალობელი დიდებისმეტყველება გამოუვლინა მიწაზე მცხოვრებთ (ლუკა 2, 8-14).

ამჯერად, მზერას მივაპყრობთ საღვთო წერილის უზენაეს ნათელჩენას. ვხედავ, რომ თვით იესუ, - ზეარსი მიზეზი ზეციური არსებებისა, რომელიც შეუცვლელად მოვიდა ჩვენთან, - არ არიდებს თავს კაცთათვის მის მიერვე დადგენილ და ჯეროვნად შერჩეულ წესებს, არამედ ანგელოზთა შუამავლობით უდრტვინველად ემორჩილება მამისა და ღვთის განგებას. სწორედ ანგელოზებმა აუწყეს იოსებს მამისეული განზრახვა იმის შესახებ, რომ ძესთან ერთად ეგვიპტისათვის შეეფარებინა თავი, შემდეგ კი ეგვიპტიდან კვლავ იუდეაში მიბრუნებულიყო (მათე II, 13-15 და 19-21).

როგორც ვხედავთ, მამის რჯულდებას იესუ ანგელოზთა მიერ ემორჩილება. რადგანაც შენთვის ცნობილია სამღვდელო ტრადიციის გადმოცემები, ამდენად არაფერს ვიტყვი იმის შესახებ, თუ როგორ განამტკიცებდა იესუს ანგელოზი (ლუკ. XXII, 43), ანდა როგორ ეწოდა თავად იესუს “დიადი” განზრახვის ანგელოზი იმის გამო, რომ მისი მაცხოვნებელი ქველმოქმედებაც სწორედ გამოცხადებითი წესით წარიმართა (ეს. IX, 6); თვითვე ამბობს, ანგელოზის ანუ “მაცნეს” მსგავსად, რომ რაც კი ესმა მას მამისაგან, ჩვენ გაგვიცხადა (იოანე XV, 15).



V


ვფიქრობთ, ასე აიხსნება წმიდა წერილის ანგელოზური ეპონომია. აქვე იმის გარკვევააა საჭირო, თუ რა მიზეზით უწოდებენ ღვთისმეტყველები, ერთი მხრივ, განურჩევლად ყველა ციურ არსებას “ანგელოზს”, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც მათი ზეკოსმიური წესრიგის გაცხადებას განიზრახავენ, ანგელოზურად რატომ სახელდებენ საკუთრივ იმ მწყობრს, რომელიც საღვთო და ციური მწკრივების სისავსეს აბოლოებს. ამ მწყობრის ზევით ისინი ათავსებენ მთავარანგელოზთა მწკრივს, მთავრობათა, ხელმწიფებათა, ძალთა და კიდევ სხვა ზეაღმატებულ არსებათა დასებს, რაც კი წმიდა წერილის გამოცხადებითი გადმოცემით არის ცნობილი. ვიტყვით იმასაც, რომ ყოველ წმიდა იერარქიაში ზეაღმატებული მწკრივები უქვემოესთა ბრწყინვალებასა და ძალასაც ფლობენ, მაშინ, როცა უკანასკნელი დასები, თავის მხრივ, ვერ ეზიარებიან უზემოესებს. ზეაღმატებულ არსებათა უწმიდეს მწკრივებსაც ღვთისმეტყველები “ანგელოზებად” სახელდებენ სწორედ იმიტომ, რომ ისინიც ღმერთმთავრულ ბრწყინვალებას “გვიცხადებენ”. მეორე მხრივ, უმართებულო იქნებოდა ციურ გონებათა უკანასკნელი მწკრივისათვის “მთავრობათა”, “საყდართა” ან “სერაფიმთა” სახელის დარქმევა, რადგანაც ამ მწკრივს არ ძალუძს უზემოეს ძალებთან ზიარება; თუმცა ისევე, როგორც იგი მიაახლოებს ჩვენს საღვთო მღვდელმთავრებს მის მიერვე შეცნობილ ღმერთმთავრულ ელვარებასთან, მსგავსადვე, თავის მხრივ, უფრო ზეაღმატებულ არსებათა ყოვლად წმიდა ძალები ღვთიურისაკენ წარუძღვებიან ანგელოზური იერარქიის სხენებულ დამაბოლოებელ მწკრივს. შეიძლებოდა ასევ გვეთქვა: ციურ ძალებს, ზოგადად, “ანგელოზებად” სახელდებენ იმიტომ. რომ ყველა ისინი მეტნაკლებად ეზიარებიან ღვთისსახოვანებასა და საღვთო ნათლისცემას.

იმ მიზნით, რომ ცხადი გავხადოთ ჩვენი მსჯელობა,  საჭიროა წმიდა სახით განვიხილოთ თითოეული ციური მწყობრის საკრალური ნიშანი, რომლებიც საღვთო წერილშია გადმოცემული.

 

VI


1. ჯერ იმას ვიტყვი, რომ ზეციურ არსებათა მწკრივების რაოდენობა და რაგვარობა, აგრეთვე მათი იერარქიული სრულყოფის გზა ზედმიწევნით უწყის მხოლოდ ღმერთმყოფელმა საიდუმლოთ^დასაბამობამ. თავის მხრივ, ხსენებულ მწკრივებს შეცნობილი აქვთ, როგორც საკუთარი ძალა და ბრწყინვალება, ასევე მათი წმიდა და ზეკოსმიური წესრიგი. შეუძლებელია, რაიმე ვიცოდეთ ზეცის გონიერი არსებების საიდუმლოთა და უწმიდეს სისრულეთა შესახებ, თუკი უარვყოფთ, რომ ღმერთმთავრობა იდუმალგვაზიარებს სწორედ მათი გზით, რომლებმაც თავად კარგად იციან საკუთარი ბუნება. ასე რომ, ჩვენ თვითნებურად კი არ ვამბობთ რაიმეს, არამედ, შეძლებისდაგვარად, მხოლოდ იმ ანგელოზურ სხივებს განვმარტავთ, რომლებიც წმიდა ღვთისმეტყველებმა განჭვრიტეს და რომელსაც მათგან ვმესაიდუმლეობთ.

2. ღვთისმეტყველებამ ცხრა გამოცხადებითი სახელი განუჩინა ყველა ციურ არსებას, რომლებსაც ჩვენ ღვთაებრივი წმიდადმაზიარებელი* სამ სამობით მწყობრად ყოფს. მისი თქმით, პირველია ის მწყობრი, რომელიც მარადიულად ღვთის გარშემო მკვიდრობს, ახლოს დგას ღმერთთან და, გადმოცემის თანახმად, სხვებზე უწინარეს უშუამავლოდ უერთდება მას. ამასთან, ამბობენ იმასაც, რომ წმიდა წერილის გამოცხადებითი გადმოცემით, უწმიდესი “საყდარნი”, აგრეთვე მრავალთვალა და მრავალფრთოვანი მწკრივები, რომელსაც ებრაულად “ქერუბიმი” და “სერაფიმი” ეწოდებათ, ყველაზე უფრო აღმატებული სიახლოვის გამო უშუალოდ ღვთის ირგვლივ არიან დაფუძნებულნი. ჩვენი სახლგანთქმული წინამძღვრის თქმით, ეს სამობითი მწყობრი, რომელიც, ამავე დროს, არის ერთი ანუ ერთმწკრივი, წარმოადგენს ჭეშმარიტად პირველ იერარქიას, რადგანაც არ არსებობს სხვა მწყობრი, უფრო ღვთისსახოვანი და ღმერთმთავრობის უპირველეს გამობრწყინებებთან უფრო უშუალოდ მიახლებული. მეორე მწყობრს, როგორც თვით ამბობს, “ხელმწიფებანი”, “უფლებანი” და “ძალნი” აღავსებენ, ხოლო მესამეს (უკანასკნელს ციურ იერარქიათა შორის) – “ანგელოზნი”, “მთავარანგელოზნი” და “მთავრობანი”.

------------------------------------------


* იგულისხმება წმ. დიონისე არეოპაგელის მოძღვარი წმ. იეროთეოსი

 

VII


1. ჩვენ ვიწყნარებთ წმიდა იერარქიების ამგვარ განლაგებას. დავძენთ, რომ ციურ გონებათა ყოველი სახელი ასაჩინოებს თითოეული მწყობრის ღვთისსახოვან თვისებას. ებრაულის მცოდნენი ამბობენ, რომ “სერაფიმის” წმიდა წოდება გულისხმობს ან “დამწველს” ან “გამაცხელებელს”, ხოლო “ქერუბიმისა” “ცოდნის სიუხვეს” ანდა “სიბრძნის გადმოღვრას”. ბუნებრივია, რომ პირველი ციური იერარქია უზენაესი არსებების მიერ მემსხვერპლეობს*, რადგანაც ამ იერარქიას უაღმატებულესი მწყობრი უშუალოდ ღმერთთან მკვიდრობს და უდასაბამიერესად სწორედ მასზე, როგორც უახლოესზე, გადადის უპირატესი მოქმედების მქონე თეოფანია და სისრულე.

ამგვარად, ამ მწყობრის წევრებს, მათეულ ღვთისსახოვან გვართა შესაბამისი გამოცხადებითი სახელების მიხედვით, ეწოდებათ: “გამაცხელებელნი”, “საყდარნი”, და “გადმოღვრა სიბრძნისა”.

“სერაფიმთა” გამოცხადებითი წოდება გამოაჩენს ღვთის გარშემო მარადიულ და დაუცხრომელ მოძრაობას, აგრეთვე, მიახლებადი, შეუსუსტებელი, გაუმრუდებელი და მარადიული მოძრაობის მხურვალებას, სიმძაფრესა და ზემდუღარებას, რითაც სერაფიმები უქვემოეს არსებებს აამაღლებენ და ძალუმად მიიმსგავსებენ, რომ ისინიც აამდუღარონ და აღატკბონ მსგავსად მათი მხურვალებისა. იგივე წოდება ასაჩინოებს ელვისებრ და სრულადდამწველ გამწმედელობას, ნათლისსახოვანი და გამაბრწყინებელი ბუნების შეუბურველობასა და მარადიულ უშრეტობას, რითაც იდევნება და უჩინარდება ყოველგვარი უნათლო წყვდიადქმნადობა.

“ქერუბიმთა” სახელი ცხადყოფს მცოდნეობასა და ღვთისმხილველობას უზენაესი ნათლისცემის შემწყნარებლობასა და ღმერთმთავრული მშვენიერების განმჭვრეტელობას თავის პირველმოქმედ ძლიერებაში, აგრეთვე, სიბრძნისმშობელი მადლით ავსებასა და მომნიჭებელი სიბრძნის უქვემოეს არსებებზე გადაღვრას, მათთვის უშურველად გაზიარებას.

უმაღლეს და უზენაეს “საყდართა” სახელი გულისხმობს ყოველგვარი ქვენა სურვილისაგან წმიდად განშორებას, აღმართისაკენ ზეკოსმიურ ატაცებას, ყოველნაირი სიმდაბლისაგან წინსწრაფულად ზეასახლებას ურყევი და მტკიცე ძალისხმევით დაფუძნებას ჭეშმარიტად მადლის სიახლოვეს, ღმერთმთავრული მოვლენების აღუშფოთველად და სულიერად აღქმას, ღვთისმოსილებასა და ღვთიურ სტუმრობათა მორჩილად შეწყნარებას.

2. ასეთია ზემოაღნიშნული სახელების ჩვენეული განმარტება. ამჯერად კი გაუწყებთ, თუ როგორ წარმოგვიდგენია მათი იერარქია. ვფიქრობთ, უკვე საკმარისად ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ყოველი იერარქიის მიზანია ღმერთს მიმსგავსებულ ღვთისსახოვნებასთან წინსწრაფულად შეერთება. განიმარტა, აგრეთვე, რომ ყოველი იერარქიული მოღვაწეობა გულისხმობს, ერთი მხრივ, წმიდა ზიარებას, ხოლო, მეორე მხრივ, შეურეველი სიწმიდის, ღვთიური ნათლისა და სრულმყოფელი მეცნიერების გადაცემას. ამჟამად იმისათვის აღვავლენ ლოცვას, რომ ჯეროვნად წარმოვთქვა, თუ რა სახით გვეცხადება საღვთო წერილში უზენაეს გონებათა იერარქია.

პირველი არსებები მათი არსმყოფელი ღმერთმთავრობის შემდეგ მკვიდრობენ და როგორც წინკარში, ისე არიან განლაგებულნი. ისინი ზეაღემატებიან უხილავი და ხილული შესაქმის ყველა ძალას და ყოველმხრივ ერთსახოვან იერარქიად შეთვისდებიან. განწმენდილებად ვსახავთ მათ არა იმიტომ, რომ განეშორებიან უწმიდურ ლაქებსა და ჭუჭყს, ანდა ნივთიერ წარმოდგენებს უკუაგდებენ, არამედ იმის გამო, რომ შეურევლად ზეაღემატებიან ყოველგვარ უძლურებასა და უმდარეს სიწმიდეებს. უზენაესი სისპეტაკის გამო ისინი ყველაზე უფრო ღვთისსახოვანი ძალების ზევით არიან დაფუძნებულნი და წინსწარფულად შემტკიცდებიან მათ მშობლიურ მწყობრში, რომელიც ურყევი ღვთისმოყვარეობით მარადიულად იმეორებს ერთსა და იმავე მოძრაობას. ეს არსებები არასოდეს დაბლდებიან უმდარესამდე, არასოდეს ეცემიან; პირიქით, მარადის უცვლელად და უძრავად ფლობენ მათთვის ნიშნული ღვთისსახოვანი ბუნების ყველაფრისაგან შეურეველ სიმყარეს. ამასთან, მჭვრეტელებიც არიან ისინი, მაგრამ არათუ გრძნობადი ან გონისმიერი სიმბოლოებით ჭვრეტენ რასმე, არათუ წმიდამწერლობის მრავალფერ სახეთა ჭვრეტით მაღლდებიან ღვთიურისაკენ, არამედ ყოველგვარ არამიწიერ ცოდნაზე აღმატებული ნათლით ივსებიან და შეძლებისდაგვარის სისავსით იძენენ სიმშვენეირეთა შემოქმედის ანუ დასაბამიერი, ზეარსი და სამსახოვანი მშვენიერების ჭვრეტის უნარს; ამიტომ, როგორც ღირსეულები, იესუს ეზიარებიან; ამასთან, არათუ ხატების წმიდანაძერწობაში გამოსახავენ სიმბოლურად თეურგიულ** მსგავსებას, არამედ ჭეშმარიტად მიეახლებიან მას და პირველი შეითვისებენ ღვთის თეურგიულ ნათელთა ცოდნას. უზენაესი წესით მიეცემათ მათ ღვთის ბაძვის ნიჭი და ისინიც შეძლებისამებრ ეზიარებიან მისი თეურგიული და კაცთმოყვარული სათნოების პირველმოქმედ ძალას. სრულზიარებულნი არიან ეს არსებები, თუმცა არათუ განსჯით მეცნეირებას გააცხადებენ წმიდა და მრავალფეროვან სიმბოლოებში, არამედ თეურგიის უზენაესი და ანგელოზთათვის მისაწვდომი მეცნიერებით ანუ უპირატესად ზეაღმატებული გაღვთობით აივსებიან. თავად ღმერთმთავრობა და არა რომელიმე სხვა წმიდა არსება ანიჭებს მათ იერარქიულ ზიარებას, რადგანაც, ისინი, ყოვლად ჭარბი ძლიერებით შეწყობილები, უშუამავლოდ აიზიდებიან მისკენ და წინსწრაფულად ეფუძნებიან უზენაესი სიწმიდის ირგვლივ. ამავე დროს, როგორც პირველები ღვთის სიახლოვეს.

ისინი შეძლებისდაგვარად ჭვრეტენ უნივთო და გონისეულ სიმშვენიერეს, თეურგიის მეცნეირებათა წესებს მესაიდუმლოებენ და თვით საიდუმლოთდასაბამობის მიერ უზენაესი სახით მიიღებენ იერარქიულ ზიარებას.

3. ღვთისმეტყველები ცხადყოფენ, რომ, ერთი მხრივ, ციურ არსებათა უქვემოესი მწკრივები უზემოესთა მიერ მწყობრად განისწავლებიან თეურგიულ მეცნეირებებში, ხოლო, მეორე მხრივ, ყველაზე უფრო ამაღლებული დასები, შეძლებისდაგვარად, თავად ღმერთმთავრობისეული მესაიდუმლეობით ნათლდებიან. ზოგი მათგანი, როგორც გვასწავლიან, უწინარესის მიერ წმიდად მესაიდუმლეობენ იმის შესახებ, რომ სწორედ “ციურ ძალთა უფალი” იყო “მეუეფ დიდებისა” (ფს. XXIII, 10), ვინც ადამიანის მსგავსებით ამაღლდა ზეცად; ხოლო ის არსებები, რომლებმაც არაფერი იციან თავად იესუს შესახებ, ჩვენთვის აღსრულებულ უზენაეს თეურგიას შეიმეცნებენ და იესუს მიერვე უშუამავლოდ იმესაიდუმლებენ, რომელიც უპირველესი საბოძვარის სახით გაუცხადებს მათ თავის კაცთმოყვარულ ქველმოქმედებას. თვითვე ამბობს: “მე გესიტყვებით სამართლიანობისა და მაცხოვნებელი განსჯის შესახებ” (ეს. I. XIII, 1).

მიკვირს, რომ თვით ზეციურ ძალთა შორის უპირველესი, რომლებიც ამ ზომამდე ზეაღემატებიან ყოველივეს, საშუალმფრენი არსებების მსგავსად, სიფრთხილით ეგებებიან ღმერთმთავრულ გამობრწყინებებს. ამიტომაც, მათი შეკითხვა – “რატომ არის მეწამული შენი სამოსელი?” (ეს. I. XIII, 2), - თვითნებური როდია, არამედ ისინი ჯერ ურთიერთშორის გაიკითხავენ და ამით ცხადყოფენ, რომ თუმცა თეურგიულ ცოდნაში განსწავლას ესწრაფვიან, მაინც ვერ ბედავენ წინ მიეგებონ იმ ბრწყინვალებას, რასაც ღვთიური გამოვლინება გამოსცემს.

ციურ გონებათა პირველი იერარქია თავად საიდუმლოთდასაბამობის მიერ იღებს იერარქიულ ზიარებას, მისკენვე უშუამავლოდ ზეაიზიდება და ძალისამებრ აღივსება პირველსრული სრულმყოფელობის განუზომელი ნათლითა და ყოვლადუბიწო განწმენდით, რითაც ხსენებული იერარქია იწმინდება, ნათლდება და სრულზიარებული ხდება. იგი შეურვილია ყოველგვარი უძლურებისაგან, აღსავსეა თავდაპირველი ნათლით და სრულქმნილია პირველბოძებულ ცოდნასა და მეცნიერებასთან ზიარებით. არ უნდა იყოს უადგილო შეჯამებულად თქმა იმისა, რომ განწმენდაც, განათლებაც და სრულზიარებაც სწორედ ღმერთმთავრულ მეცნიერებასთან წილნაყარია. ამგვარი წილნაყარობა, ერთი მხრივ, გარკვეულწილად, უმეცრებისაგან განწმენდს ხსენებულ იერარქიას, რადგანაც ღირსებისამებრ ანიჭებს მას ცოდნას უფრო სრულ მესაიდუმლეობათა შესახებ, მეორე ხრივ კი, ამავე დროს, ანათლებს კიდეც, თანაც აქამდე განუჭვრეტელ უზენაეს გამობრწყინებას გამოუვლენს და გამობრწყინებული ნათლის გზით უსაჩინოეს მესაიდუმლეობათა გვარობით მეცნიერებასთან სრულად აზიარებს მას.***

4. ასე წარმოგვიდგება ჩვენ ციური არსებების პირველი მწყობრი, რომელიც უშუალოდ ღვთის გარშემო წრიულად არის დაწესებული. უზენაეს მარადმოძრავ დაფუძნებაში ეს მწყობრი, ანგელოზთა ძალისამებრ, მარტივი და დაუცხრომელი როკვით გარეუვლის ღვთის საუკუნო ცოდნას, წმიდად ჭვრეტს ნეტარი ხილვების სიმრავლეს, მარტივ და უშუამავლო ბრწყინვათა მიერ, ნათლდება და ივსება ღვთიური საზრდოთი, რომელიც მრავალიც არის პირველბოძებული გადმოღვრის შედეგად, და ერთადერთიც, ღმერთმთავრული ნადიმის ერთსახოვანი და ერთმყოფელი ერთობის გამო. ხსენებული მწყობრი ღმერთთან ზიარებისა და თანამოქმედების ღირსად გამოჩნდა, რადგანაც თავისი გვარკეთილობითა და მოქმედებით შეძლებისდაგვარად მიემსგავსება მას, ამასთან, ღვთიურთა შესახებ ზეაღმატებულად შეიცნო მრავალი რამ და ძალისამებრ ეზიარა ღმერთმთავრულ მეცნიერებასა და ცოდნას. ამიტომ, ღვთისმეტყველებამ მიწის მკვიდრებსაც მიუბოძა უპირველესი იერარქიის მიერ აღვლენილი საგალობლები, რომლებშიც წმიდად ირეკლება ამ იერარქიის უზემოესი ბრწყინვალების ზენაარსება. ზოგი მისი წევრი, გრძნობადად რომ ვთქვათ, “ახმაურებულ წყალთა” (გამოცს. XIX) მსგავსად ღაღადებს: “აკურთხა დიდება უფლისა ადგილმა მისმა” (ეზ. III, 12), სხვები კი მრავალსაგალობელ და ყველაზე უფრო სათაყვანო ღვთისმეტყველებას აღმოიტყვიან: “წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსეა მთელი მისი დიდება” (ეს. VI, 3).

ზეციურ გონებათა უზენაესი ჰიმნოლოგია შეძლებისდაგვარად მაშინ განვმარტეთ, როცა “საღვთო გალობათა” შესახებ ვსაუბრობდით. მათთვის უკვე საკმაოდ გვითქვამს. ამიტომაც, ამჟამად მხოლოდ იმას გავიხსენებთ, რომ საღვთისმეტყველო მეცნიერება ღმერთმთავრული სიკეთის გზით გამოუბრწყინდა პირველ მწყობრს. თავის მხრივ, პირველმა მწყობრმა, როგორც კეთილსახოვანმა, უქვემოეს მწკრივებსაც უწინამძღვრა და გაუზიარა უზენაესი მეცნიერება, რომელიც ასე შეჯამდება: ნებადართულიც არის და გონივრულიც, რომ ღმერთშემოსილმა გონიერმა არსებებმა ძალისამებრ შეიცნონ და ქება შეასხან სათაყვანებელ, ყოველგვარ ქებაზე აღმატებულ და ყოვლადსაქებ ღმერთმთავრობას (ამ არსებებს, მათი ღვთისსახოვნების გამო, ღმერთმთავრობის მოსასვენებელ “საღვთო ადგილებად” სახელდებს წმიდა წერილი (ფს. LXXX, 2: შდრ. ეს. LXVI, 1; იოანე XIV, 23), რომ ღმერთმთავრობა ჭეშმარიტად ერთადერთია, ერთია და, ამავე დროს, სამგვამოვანი; მისი უაღრესად კეთილი წინაგანგება ზეციური ძალებიდან უქვემოეს მიწიერ ქმნილებებამდე ყველა არსებას მიეფინება, რადგანაც თვითვეა ყველა არსების ზედასაბამიერი დასაბამიც, მიზეზიც და დაუცხრომელი შემოკრებით ყოველივეს ზეარსულად გარემომცველი.

---------------------------------------------------


* “მემსხვერპლეობა” – წმ . დიონისესთან უკავშირდება არა ნივთიერ მსხვერპლშეწირვას, არამედ, მისტიკურ ანუ კოსმიურ ლიტურგიას, სულიერი მსხვერპლის ღვთისადმი წირვას, უზენაეს და უწმინდეს ღვთისმსახურებას (მთარგ.).

** თეურგია - უპირატესი ზემოქმედების მქონე ღვთიური ქმედება. რადგან ეს ტერმინი სპეციფიკურია მისთვის უთარგმნელად დავტოვეთ (მთარგ.).

*** იგულისხმება, რომ არსებობს სხვადასხვა გვარის საიდუმლოთმცოდნეობა ამა თუ იმ მოვლენის თუ საგანისათვის ნიშანდობლივი, მისთვის ძირეული, მისი არსების განსაზღვრული მეცნეირება (მთარგ.).

 

VIII


1. ახლა გადავინაცვლოთ ციურ გონებათა  საშუალო მწყობრზე და ზეკოსმიური თვალით, შეძლებისდაგვარად განვჭვრიტოთ ზემოხენებული “უფლებანი”, აგრეთვე, ღვთიურ “ხელმწიფებათა” და “ძალთა” ჭეშმარიტად ძალმოსილი სახილველი. ჩვენზე აღმატებული თითოეული არსების სახელდება ცხადყოფს მის ღვთისსახოვან თვისებასა და ღვთისმბაძველობას. ვფიქრობ, წმიდა “უფლებათა” გამოცხადებითი წოდება ასაჩინოებს მათ დაუმონებლობასა და ყოველი დამთრგუნველი უძლურებისაგან თავისუფალ ზეაღსვლას, რომელიც ოდნავადაც არ მიდრკება არანაირი სახის მძლავრებითი უმსგავსოებისაკენ; პირუთვნელი უფლებამოსილებითა და თავისუფლებისმოყვარეობით ეს დასი ყოველგვარ დამამცირებელ მონობაზე აღმაღლებულია, უდრეკია ნებისმიერი უძლურების მიმართ და შორს დგას ყველანაირი უმსგავსოებისაგან. იგი დაუცხრომლად ისწრაფვის ჭეშმარიტი უფლებისა და უფლებადასაბამისობისაკენ. ამასთან, რამდენადაც ეს მას ძალუძს, საკუთარ თავსაც და უქვემოეს მწკრივებსაც კეთილსახოვნად დაუსახავს უზენაესის საუფლო ხატებას, შემთხვევით ზმანებათა წილ ჭეშმარიტად არსებულისაკენ ეშურება მთელი სისავსით და უფლებადასაბამობის მარადიულ კეთილსახოვნებას ძალისამებრ ეზიარება.

წმინდა “ძალთა” სახელი გვიცხადებს მათ მამაკაცურ და შეურყეველ მხნეობას, რაც ვლინდება ამ არსებათა ყოველ ღვთისსახოვან მოქმედებაში. ისინი არასოდეს მოუძლურდებიან, არასოდეს იღლებიან ღმერთმთავრობის მიერ მინიჭებული გამობრწყინებების შეთვისებით და ძლევამოსილად მაღლდებიან ღვთის მსგავსებამდე. ამიტომაც, არათუ საკუთარი უძლურებით ასუსტებენ ღვთისსახოვან მოძრაობას, არამედ, პირიქით, თვალმოუწყეტლად ჭვრეტენ ზეაღმატებულ და ძალთა შემოქმედ ძლიერებას, შეძლებისამებრ მის ძალმოსილ ხატად გარდაიქმნებიან და მისკენვე, როგორც მთავარძალისაკენ, მოუღლელად მიისწრაფიან, თანაც უქვემოეს მწკრივებს ღვთისსახოვნად ევლინებიან და ძალას მიუბოძებენ.

ღვთიურ “უფლებათა” და “ძალთა” თანამოდასეა წმიდა “ხელმწიფებათა” მწკრივი. ეს სახელი ცხადყოფს საღვთო შეწყნარებათა შეწყობილ და შეუმღვრეველ წესრიგს, აგრეთვე, ზეკოსმიური და გონისმიერი გამგებლობის სიმწყობრეს. ხსენებული მწკრივი თავისი ხელმწიფური ძალით არათუ უმდარესებს თრგუნავს, არამედ, პირიქით, დაუოკებელი სწრაფვით მწყობრად მაღლდება ღვთიურისაკენ და უქვემოეს მწკრივებსაც კეთილსახვნად ზეაიზიდავს. შეძლებისდაგვარად ემსგავსება იგი ხელმწიფობათა შემოქმედ მთავარხელმწიფობას და თავისი ხელმწიფური ძალების შეწყობილ მწკრივებში ანგელოზთა ძალისამებრ გამოაბრწყინებს მას.

ასეთი ღვთისსახოვანი ნიშანთვისებები აქვს ციურ გონებათა საშუალო მწყობრს, რომელსაც პირველი იერარქიული რიგის გავლით მეორედ ენიჭება ღმერთმთავრობითი ელვარება. ეს მეორედჩენილი ელვარებაა, რომელიც უზენაესი მწკრივის შუამავლობით ვლინდება, ზემოთქმული წესით განწმენდს, ანათლებს და სრულად აზიარებს საშუალო მწყობრს.

2. ვფიქრობთ, ერთი ანგელოზის ნათქვამის მეორე ანგელოზის ყურამდე მისვლა სიმბოლურად გამოხატავს თავდაპირველი სრულყოფილი ზიარების დამცირებას მეორე მწყობრზე მისი გადასვლის დროს. როგორც ჩვენ წმიდა მესაიდუმლეობაში განსწავლული პირები ამბობენ, საღვთო სისავსის თავისთავადი გამოვლინება უფრო სრულყოფილია, ვიდრე სხვათა გზით ღვთიური ხილვების განცდა. ვფიქრობ, ასევე, ღვთისაკენ უპირველსად მიმსწრაფი ანგელოზური მწკრივების უშუამავლო ზიარება უფრო საჩინო უნდა იყოს, ვიდრე სხვათა შუამდგომლობით მიღებული სრულყოფა. ამიტომ, ჩვენი სამღვდელო ტრადიცია უპირველეს გონიერ არსებებს სრულმაზიარებელ, განმანათლებელ და განმწმედელ ძალებად სახელდებს, რადგანაც მათი შუამავლობით უქვემოესი არსებები ყველაფრის ზეარსი დასაბამისაკენ მაღლდებიან და შეძლებისდაგვარად ეზიარებიან საიდუმლოთდასაბამობის განმწმედელობას, ნათელმყოფელობასა და სრულმზიარებლობას. საღვთო წესდასაბამობის საყოველთაო და ღვთივღირსეული რჯულდების თანახმად, მეორენი პირველთა მიერ ინაწილებენ ღმერთმთავრობისეულ გამობრწყინებებს. ამგვარ აზრს მრავალგან იპოვი ღვთისმეტყველთა სიტყვებში.

როდესაც ღვთიურმა და მამობრივმა კაცთმოყვარეობამ ისრაელის მოქცევა გადაწყვიტა, წმიდა ხსნის შესახებ აუწყა მას, თანაც რჩეული ერის განწმედისა და მთლიანად უკეთესისაკენ წარმართვის მიზნით, მოშურნე და ველურ ტომებს დაუმორჩილა იგი, შემდეგ კი ტყვეობიდანაც გამოიხსნა და თავდაპირველი კეთილდღეობაც მოწყალედ მიუბოძა. ასეთ დროს ღვთისმეტყველმა ზაქარიამ იხილა ერთ-ერთი უპირველესი და, ჩემი აზრით, ღვთის სიახლოვეს მყოფი ანგელოზი (როგორც ითქვა, მათ ყველას ზოგადად “ანგელოზი” ეწოდებათ), რომელიც უფლისაგან სწავლობდა ისრაელის “მანუგეშებელ” სიტყვებს” (ზაქ. 1, 13-16). უქვემოესი მწყობრის სხვა ანგელოზი უპირველესის შესახვედრად დაწინაურდა, ისტუმრა და გაინაწილა ზენა ბრწყინვალება, შემდეგ კი უზემოესისაგან, როგორც მღვდელმთავრისაგან, ღვთიური განზრახვა შეიმეცნა და, ბრძანებისამებრ, ღვთისმეტყველსაც გაანდო იგი: “კაცთა სიმრავლით მჭიდროდ დასახლდება იერუსალიმი” (ზაქ. 2, 8). სხვა ღვთისმეტყველი, კერძოდ ეზეკიელი ამბობს, რომ ამგვარ რჯულდებას ყოვლადწმიდა სახით აკანონებს ქერუბიმებზე ზეაღმატებული და ზედიდებული ღვთაება.

როდესაც უზენაესი მამობრივი კაცთმოყვარეობით დამოძღვრა და უკეთესისაკენ უწინამძღვრა ისრაელს, ღვთივღირსეული სამართლიანობით განაწესა კიდეც უცოდველობის ცოდვილებისაგან გამორჩევა და ქერუბიმთა შორის პირველად მას გაენდო, რომელსაც წელზე საფირონი ერტყა, ხოლო იერარქიული ხარისხის ნიშნად პოდირი შეემოსა. განდობილი, თავის მხრივ, საღვთო წესდასაბამობის ბრძანებით, სხვა ჩუგლუგოსან ანგელოზებს გაესაიდუმლა ღვთივგამორჩევის შესახებ. ამავე დროს, უპირველეს ანგელოზს უფლისაგან ებრძანა, რომ იერუსალიმის შიგნით გაევლო და უცოდველთა შუბლზე ნიშანი დაესვა, სხვებს კი ეუწყათ: “შედით ქალაქში მის შემდეგ, დაჩეხეთ და მოწყალე თვალით არავის შეხედოთ... ხოლო ვისაც ნიშანი ექნება ნუ შეეხებით” (ეზეკ. IX, 4).

რაღა შეიძლება ითქვას იმ ანგელოზის შესახებ, რომელმაც დანიელს განუცხადა: “გამოვიდა სიტყვა” (დან. IX, 23), ანდა რომელმაც ქერუბიმთა წიაღიდან ცეცხლი გამოიტანა (ეზ. X, 2)? იმის შესახებ რაღას ვიტყვით, ვისაც წმიდა მოსასხამი ემოსა და ქერუბიმთა ხელებში ცეცხლი ჩაუდეს (ამით ბევრად უკეთ გაცხადდა ანგელოზური წესრიგი), ან კიდევ, ვინც უსაღვთოეს გაბრიელს მოუწოდა და უთხრა: “განუმარტე მას ხილვა” (დან. VIII, 16)?

წმიდა ღვთისმეტყველთ მრავალი რამ უთქვამთ ამგვარი ციური იერარქიების ღვთისსახოვანი წესრიგის შესახებ; შეძლებისამებრ, სწორედ ამ წესრიგს ემსგავსება ჩვენეული მღვდელმთავრობის სიმწყობრეც, რომელიც ხატის გვარად აღიბეჭდავს ანგელოზურ მშვენიერებას და ამ გზით ყოველგვარი იერარქიის ზეარსი წესდასაბამობის მიმართ აიზიდება.

 

IX


1. საბოლოოდ, წმიდად განვჭვრიტოთ ანგელოზური იერარქიების უკანასკნელი მწყობრი, რომელსაც ამკობენ ღვთისსახოვანი “მთავრობანი”, “მთავარანგელოზნი” და “ანგელოზნი”. ვფიქრობ, უპირველესად, საჭიროა შეძლებისამებრ განიმარტოს ხსენებული წმიდა არსებების გამოცხადებითი სახელები. ციურ “მთავრობათა” წოდება ასაჩინოებს მათ ღვთისსახოვან მოთავეობას და წინამძღოლობას, რაც წმიდა წესების მიხედვით და მთავრობითი ძალმოსილების შესაფერისად წარიმართება. ისინი მთელი არსებით მიიქცევიან ზემთავარი მთავრობისაკენ და სხვებსაც მოთავედ წინ მიუძღვიან, ამასთან, მთავარმყოფელ სათავესაც აღიბეჭდავენ და მათეული მთავრობითი ძალების სიმწყობრეში უზენაესის ზეაღმატებულ წესდასამობას გააცხადებენ.

2. წმიდა “მთავარანგელოზები” ციურ “მთავრობათა” თანამოდასაეებად წარმოგვიდგებიან. როგორც ითქვა, მათივე იერარქისა და მწყობრისა არიან “ანგელოზებიც”. რადგანაც არ არსებობს ისეთი იერარქია, რომელიც არ შეიცავდეს პირველ, საშუალო და უკანასკნელ ძალებს, ამიტომ “მთავარანგელოზთა” წმიდა მწკრივი, იერარქიული შუამდგომლობის გამო, ზიარად ეთვისება ორივე უკიდურესობას. იგი წილნაყარია როგორც უწმიდეს “მთავრობათა” დასთან, ისე წმიდა “ანგელოზების” მწყობრთანაც: უზემოეს არსებებს იმით ეზიარება, რომ მთავრულად მიისწრაფვის ზეარსი მთავრობისაკენ და შეძლებისამებრ აღბეჭდავს მას; მეორე მხრივ, თავისი შეწყობილი, შებრძვინებული და უხილავი წინამძღოლობით “ანგელოზებსაც” აერთიანებს და განმარტებითი წესით კეთილსახოვნად უცხადებს მათ უპირველესი ძალებისაგან იერარქიულად მონიჭებულ ღმერთმთავრულ გამობრწყინებებს, თანაც “ანგლოზთა” მწკრივის გზით ჩვენც გვეშუქება, - თითოეულს ღმრთეებრ გაბრწყინებადი წმიდა ნიჭის შესაბამისად.

როგორც უკვე ითქვა, “ანგელოზები” სავსებით აბოლოებენ ციურ გონებათა ყველა მწყობრს. ცის არსებათა შორის ისინი უკანასკნელნი არიან, რომლებიც ანგელოზურ ანუ “მაუწყებლურ” ბუნებას ფლობენ და უფრო ახლოსაც დგანან ჩვენთან. ამასთან, ამ არსებებს უპირველეს დასებზე მეტად შეეფერებათ “ანგელოზთა” სახელი, რადგანაც მათი იერარქია ყველაზე უფრო ამქვეყნიურია და სიცხადესთან* უმეტესად თანაზიარი.

უზემოესი მწყობრი, რომელიც პირვლმოდასეობის გამო იდუმალთან მიახლოებულია, ფარული სახით ანიჭებს მის შემდგომს იერარქიულ ზიარებას. მომდევნო მწყობრი, რომელსაც ავსებენ წმიდა “უფლებანი”, “ძალნი” და “ხელმწიფებანი”, “მთავრობათა”, “მთავარანგელოზთა” და “ანგელოზთა” მწკრივს უწინამძღვრებს; იგი პირველ იერარქიაზე უფრო ხილვადია და უქვემოესზე უფრო ფარულსახოვანი. “მთავრობათა”, “მთავარანგელოზთა” და “ანგელოზთა” გამომცხადებლობითი დასი თავის მხრივ, შინაგანი ურთიერთმონაცვლეობით ზედამხედველობს ადამიანთა იერარქიას, რათა შეწყობილ იყოს ღვთისაკენ ამაღლება და მიქცევა, მასთან ზიარება და ერთობა. ასეთ დროს, ყველა იერარქიას კეთილსახოვნად ენიჭება და, უწმიდესი წესრიგის დაცვით, ზიარად ევლინება ღვთის გარდამოსვლა. ამიტომ, ღვთისმეტყველებამ ჩვენეული იერარქია ანგელოზებს გაუნაწილა. იუდეველთა ერის მთავრად მიქაელს სახელდებს იგი, სხვა ხალხებისათვის – სხვებს, რადგანაც “ტომთა საზღვრები ღვთის ანგელოზთა რიცხვის მიხედვით დააწესა” მაღალმა (II სჯ. XXXII, 8).

3. შეიძლება ვინმემ იკითხოს: როგორ მოხდა, რომ მხოლოდ ებრაელთა ერი ამაღლდა ღმერთმთავრობისეულ გამობრწყინებამდე? პასუხად მივუგებთ: თუკი სხვა ხალხები ყალბი ღმერთებისაკენ გადაცდნენ, ამაში ბრალი მიუძღვით არა ანგელოზებს, რომლებიც სწორი გზით უწინამძღვრებდნენ მათ, არამედ თვით ამ ხალხებს, რადგანაც თავმოყვარეობის, თვითდაჯერებისა და მოჩვენებითი ღვთივღირსეულობათა თაყვანისცემის გამო უზენაესისაკენ აღმავალი პირდაპირი გზა გაიმრუდეს და დამდაბლდნენ. ამასთან, როგორც გვიდასტურებს საღვთო წერილი, დაეცა თვით ებრაელი ერიც: “შენ უარყავი ღვთის შემეცნება” და “საკუთარ გულს მიჰყევი” (ოს. IV, 6; იერ. VII, 24). აქედან ცხადია, რომ ჩვენი ცხოვრება არ არის იძულებითი, არც წინასწარგანზრახვით მონიჭებულ თავისუფალ ნებას შესწევს ძალა, გააფერმკრთალოს განგებისაგან გამობრწყინებული ღვთიური სხივები, თუმცა თვით გონისმიერ მხედველობათა უმსგავსოება, ან თავისი გაუმტარობის მიზეზით, სრულად შეუთვისებელსა და უზიარებელს ხდის მამისეული სიკეთის ზესავსე ნათლისცემას, ან კიდევ სხვადასხვა სახით, - შემცირებულად თუ მომეტებულად, ბუნდოვნად თუ ცხადად, - ზიარებულყოფს ერთი მარტივი და ზესავსე გამოსხივების წყაროსთვალს, რომელიც უცვლელია მარადიულად.

სხვა ხალხების წიაღში აგვეხილა ჩვენც თვალი ღმერთმთავრობისეული სინათლის უსასრულო და უშურველი ზღვის მიმართ, რომელიც დაუბრკოლებლად უნაწილდება და წინ ეხსნება ყველას. უცხო ღმერთების ნაცვლად ამ ხალხებსაც ის ერთი საყოველთაო დასაბამი უწინამძღვრებს, რომლისკენაც აჰყავთ ანგელოზებს მათი მიმდევრები, - თითოეულს თავისი სამღვდელმთავრო ერიდან.

როგორც მიიჩნევენ, მელქისედეკი იყო ყველაზე უფრო ღვთისმოყვარე მღვდელმთავარი, მაგრამ მღვდელმთავარი არა უარსებო ნივთებისა, არამედ ჭეშმარიტად არსებული უზენაესი ღვთისა. ამიტომ, თეოსოფოსები უბრალო ღვთისმოყვარედ კი არ სახელდებენ მას, არამედ მღვდლადაც უხმობენ და ამით ცხადად აუწყებენ გონიერ ხალხს, რომ მელქისედეკი მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილარსებული ღვთის მიმართ როდი იყო მიქცეული; იგი, როგორც მღვდელმთავარი, სხვებსაც უწინამძღვრებდა და ამაღლებდა ჭეშმარიტი და ერთადერთი ღმერთმთავრობისაკენ.

4. შენ, რომელიც ფლობ იერარქიულ ცოდნას, შეგახსენებ, რომ უზენაესი განგებისა და უფლების საწუხარი, აგრეთვე მისი ძალმოსილება ეგვიპტელთა და ბაბილონელთა ზედამხედველმა ანგელოზებმა ხილვების სახით გადასცეს, ერთი მხრივ, ფარაონს (დაბ. XII, 1-24), მეორე მხრივ, ბაბილონელ მთავარს (დან. II, 1, IV, 1-2). ამიტომ ამ ერების გამგებლად ჭეშმარიტი და უსხეულოთა სიწმიდეს მიმსგავსებული ღვთისმსახურები დაინიშნენ, - დანიელი და იოსები, რომლებსაც ღმერთი სწორედ ანგელოზების მიერ გაუცხადებდა ანგელოზებისგანვე ჩაგონებული ხილვების განმარტებას.

ასე რომ, ერთია ყველაფრის დასაბამი და წინაგანგება. ამიტომ, ნუ ვიფიქრებთ, რომ ღმერთმთავრობამ მხოლოდ იუდეველები იწილხვედრა საწინამძღვროდ, სხვა ხალხებს კი ცალკეულ გამგებლებად თანაბარი თუ მეტნაკლები ღირსების ანგელოზები, ანდა რაღაც უცხო ღმერთები განუწესა. საღვთო წერილის წმიდა აზრი ასე განიმარტება: უზენაესს არც სხვა ღმერთებისათვის, არც ანგელოზებისათვის არ განუყვია ჩვენი გამგებლობა, არც ისრაელი შეურჩევია მას ტომთა მთავრად და წინამძღოლად.

როდესაც ყოვლად ზეაღმატებულმა საერთო წინაგანგებამ, გამოხსნის მიზნით, ადამიანები ანგელოზთა ზეამზიდველ წინამძღვრობას განუკუთვნა, ასეთ დროს, ყველა ერს შორის ისრაელი გამოჩნდა თითქმის ერთადერთი, რომელიც ჭეშმარიტი უფლის ნათლისცემისა და შემეცნებისაკენ მიიქცა. ღვთისმეტყველება გვიჩვენებს, რომ ისრაელმა თვით იწილხვედრა ჭეშმარიტი ღვთისმსახურება. ამიტომაც თქმულია: “გახდა იგი უფლის ნაწილი” (II სჯ. 32, 9). აქედან ცხადია, რომ ეს ერიც სხვათა მსგავსად განკუთვნილი იყო ერთადერთი წმიდა ანგელოზისათვის, რომლის შემწეობითაც ყველაფრის საერთო წყარო უნდა შეეცნო მას. საღვთო წერილი ისრაელის წინამძღვრად მიქაელს სახელდებს და ამით ცხადად გვასწავლის, რომ ყველაფერს ერთი განგება მართავს, რომელიც ზეარსულად არის დაფუძნებული უხილავი და ხილული ძალების ზევით; ამავე დროს, თითოეულ ერს უწინამძღვრებენ ანგელოზები, რომლებიც, შეძლებისამებრ, მათ ნებაყოფლობით მიმდევრებს საყოველთაო წყაროსაკენ ზეაიზიდავენ.


--------------------------------------------


* “სიცხადე” ამ შემთხვევაში გულისხმობს ამქვეყნიურ ყოფას, სინამდვილეს (მთარგ.).



X


1. როგორც უკვე შევაჯამეთ, უმეტესად ღირსეულ გონებათა ღვთის გარშემო დაფუძნებულ მწყობრს თვით საიდუმლოთდასაბამი გამობრწყინება ანიჭებს იერაქიულ ზიარებას. ეს მწყობრი უშუამავლოდ მაღლდება ღმერთმთავრობისაკენ, რომლის უსაიდუმლოესი და უცხადესი ნათლისცემა განწმენდს, ანათლებს და სრულად აზიარებს მას; უსაიდუმლოესია იგი როგორ ყველაზე უფრო გონისეული, როგორც სიმარტივისა და ერთობის უპირატესად მომნიჭებელი, ხოლო უცხადესია, როგორც პირველბოძებული და პირველჩენილი, უმთლიანესი და ხსენებულ მწყობრზე, როგორც გამჭვირვალეზე, უმეტესად გადმოღვრილი.

თანაშეწყობილი წესდასაბამობის რჯულდებით, პირველი მწყობრი შეძლებისდაგვარად უწინამძღვრებს მეორეს, მეორე მწყობრი – მესამეს, ეს უკანასკნელი კი – ჩვენეულ მღვდელმთავრობას და ასე, ყოველი მათგანი იერარქიული გზით, ძალისამებრ, ღვთივჰარმონიულად მაღლდება სიმწყობრეთა ზედასაბამიერი დასაბამისა და დასასრულისაკენ.

2. ყველა ეს არსებები “ანგელოზები” ანუ “გამაცხდებლები” არიან მათი ზემდგომისა: უპირატესად ღირსეულები – მამოძრავებელი ღვთისა, სხვები კი, ძალისამებრ – ღვთივმოძრავი ძალებისა.

ყოვლად ზეარსმა ჰარმონიამ წინასწარ ისე გულდასმით მოიაზრა ცნობიერთა და გონისმიერთა ცალკეული წმიდა მწყობრი, აგრეთვე, მათი შეწყობილი ზეაღსვლა, რომ თითოეულ იერარქიას თავისი საკრალური წესებიც დაუდგინა. ვხედავთ, რომ ყოველი იერარქია იყოფა პირველ, საშუალო და უკანასკნელ ძალებად, მაგრამ კერძოდ თუ ვიტყვით, ერთეული მწკრივი კვლავ ნაწილდება ღვთივმინიჭებულ სიმწყობრეთა მიხედვით. ამიტომ, ღვთისმეტყველები თვით უსაღვთოესი სერაფიმების შესახებაც კი ამბობენ: “სხვა სხვისაკენ ხმობდა” (ეს. VI, 3) და ამით, ვფიქრობთ, აშკარად გვიცხადებენ, რომ პირველები მეორეებს უნაწილებენ ღვთისმეტყველურ ცოდნას.

3. შეუფერებელი არ იქნება, თუ დავძენთ, რომ ყოველი ციური და ადამიანური გონება თვითვე შეიცავს პირველ, საშუალო და უკანასკნელ მწკრივებს ანუ ძალებს, რომლებიც თვისობრივად შესაფერისი ამაღლებით შეძლებისდაგვარად გამოუჩნდებიან ზემოხსენებულ იერარქიულ გამობრწყინებებს და მათ კვალდაკვალ უფლისამებრ წვდომის უნარის შესაბამისად ეზიარებიან უმეტესად ზესპეტაკ სიწმინდეს, ზესავსე ნათელსა და პირვესრულ სისრულეს, რადგანაც არავინ არის თავისთავად სრული და დაუკლებელი ყოველგვარი სრულზიარებისაგან, თუ არა იგი, ვინც ჭეშმარიტად თვითსრულია და პირველსრული.



XI


1. ზემორე განსაზღვრებების შემდეგ იმის გარკვევაც გვმართებს, თუ რატომ გვჩვევია ერთობლივად ყველა ანგელოზური არსების “ციურ ძალად” სახელდება. ამჯერად უკვე ვეღარ ვიტყვით, რომ “ანგელოზების” მსგავსად წმინდა “ძალთა” მწყობრიც ყველაზე უკანასკნელია*, ხოლო რამდენადაც უზემოეს არსებათა მწკრივებს ხელეწიფებათ გაინაწილონ უქვემოესთა გამობრწყინებები, უქვემოესები კი უზემოესებს ვერ ეზიარებიან, ამდენად, “ციურნი ძალნი” თითქოსდა სწორედ ამის გამო უნდა წოდებოდა ყველა ღვთიურ გონებას, “სერაფიმნი” ან “საყდარნი” ანდა “უფლებანი” კი არა (როგორც ვთქვით, მომდევნოები უწინარესთა ყველა თვისებას ვერ ეზიარებიან). “ანგელოზთა”, “მთავარანგელოზთა”, “მთავრობათა” და “ხელმწიფებათა” მწკრივებს, რომლებიც “ძალთა” მწყობრის შემდეგ განაწესა ღვთისმეტყველებამ, ცის სხვა წმინდა არსებებთან ერთად, საზოგადოდ, ხშირად ვუწოდებთ “ციურ ძალებს”.

2. ჩვენ იმას ვამბობთ, რომ “ციურ ძალთა” სახელის ყველასადმი მიკუთვნება არ უნდა იწვევდეს აღრევას ცალკეულ მწკრივთა თვისებებს შორის. ზეკოსმიური სიტყვა ღვთიურ და გონიერ ქმნილებებს სამად ყოფს. ესენია: არსება, ძალა და მოქმედება. როდესაც ხსენებულ ქმნილებებს ერთობლივად, ანდა ცალცალკე განურჩევლად სახელვდებთ, როგორც “ციური არსებები”, ანდა “ციური ძალები”, ვფიქრობთ, ამით არაპირდაპირ ის წარმოჩნდება, რომ ზემოგანხილული მწკრივები თავისთავად “არსებასაც” ფლობენ და “ძალასაც”. ისე ნუ გავიგებთ, რომ წმიდა ძალთა ზეაღმატებულ თვისებას, რომლის შესახებაც უკვე საკმაოდ ვიმსჯელეთ, თითქოს მთლიანად ვაკუთვნებდეთ უქვემოეს მწკრივებსაც და არევდარევა შეგვქონდეს ანგელოზურ მწყობრთა შეურეველ წესდასაბამობაში. როგორც მრავალგზის მართებულად გაუწყეთ, უზემოესი მწკრივები ჭარბად შეიცავენ უქვემოესთა წმიდა თვისებებსაც, თუმცა უმდაბლესი დასები, თავის მხრივ, უფრო ღირსეულთა ზეაღმატებულ მთლიანობას ვერ იტევენ და ამიტომ ისინი უპირველსთა მიერ, ძალისამებრ, მხოლოდ ნაწილობრივ ეზიარებიან პირველჩენილ გამობრწყინებებს.



----------------------------------------------------------


* წმ. დიონისე მიგვანიშნებს ზემოთქმულზე: ზეციურ ძალებს ზოგადად “ანგელოზები” ანუ უქვემოესი მწყობრის სახელი ეწოდებათ სწორედ იმიტომ, რომ “ანგელოზთა” მწყობრის თვისებებს ყველა ზემდგომი მწყობრიც შეიცავს.



XII


1. გონისეულ სიტყვათა ჭვრეტისმოყვარეებს მართებთ ისიც გამოიკვლიონ, რომ თუკი უქვემოესები უზემოესთა მთლიანობას ვერ ითვისებენ, მაშინ რა მიზეზით უწოდებს საღვთო წერილი ჩვენს მღვდელმთავარს “ყოვლისმპყრობელი უფლის ანგელოზს” (მალ. II, 7).

2. ვფიქრობთ, ეს სიტყვები არ ეწინააღმდეგება ზემოწარმოდგენილ განსაზღვრებას. ჩვენ იმას ვამბობთ, რომ უკანასკნელი მწკრივები თუმცა მოკლებულნი არიან უფრო ღირსებულ მწყობრთა მთლიან და ზეაღმატებულ ძალას, მაგრამ, შეძლებისამებრ, ნაწილობრივ მაინც იძენენ მას, თანახმად ყველასათვის საერთო შეწყობილი და შემაერთებელი ზიარებისა. უმაღლეს სიბრძნეს და ცოდნას, რასაც წმიდა ქერუბიმების მწკრივი ფლობს, მომდევნო არსებათა მწკრივებიც ინაწილებენ, თუმცა, ცხადია, შეზღუდულად და შესუსტებულად. ყველა ღვთისსახოვანი და გონისმიეირი არსება ერთობლივად ეზიარება სიბრძნესა და ცოდნას, მაგრამ ზოგი მათგანი უფრო ახლოსაა უზენაესთან და პირველია, ზოგი კი მომდევნოა და უქვემოესია. ამიტომ ისინი თითოეულად იმიჯნებიან საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით.

შეცდომა არ იქნება, თუკი ამგვარადვე განვსაზღვრავთ ყველა ღვთიურ გონებას. როგორც უპირველესები ფლობენ უქვემოესთა წმიდასახოვან ნიშნებს, ასევე ფლობენ უმდაბლესები უმაღლესთა თვისებებს, თუმცა ისინი ჭარბად, ესენი კი – შემცირებულად; ამის გამო შეუფერებელი არ უნდა იყოს, თუკი ღვთისმეტყველება ჩვენს მღვდელმთავარსაც “ანგელოზად” უწოდებს, რადგანაც მღვდელმთავარი შეძლებისამებრ ეზიარება ანგელოზთა “მაუწყებლობით” თვისებას და წვდომის უნარის შესაბამისად ბაძავს მათ “გამომცხადებლობით” მოღვაწეობას.

3. შენ კი იმასაც აღმოაჩენ, რომ ღვთისმეტყველება “ღმერთებად” სახელდებს არა მარტო ციურ და ზეაღმატებულ არსებებს, არამედ, აგრეთვე, ჩვენს უწმიდეს და უმეტესად ღვთისმოყვარე კაცებს, თუმცა ღმერთმთავრობისეული იდუმალება ყველაფრისაგან ზეარსულად განკერძოებულია, ზედაფუძნებულია და სინამდვილეში სრულიად შეუძლებელი ჩანს, არსებულთაგან ვინმეს მისი “მსგავსი” ეწოდოს. მიუხედავად ამისა, რაც კი რამ გონისმიერია და ცნობიერი, ძალისამებრ, მთელი არსებით ესწრაფის მასთან ერთობას, წვდომის უნარის შესაბამისად, ღვთიური გამობრწყინებებისაკენ დაუცხრომლად ზეაიზიდება და, თუ შეიძლება ითქვას, ღირსი ხდება ღვთის მსგავსებისა და “ღმერთად” სახელდებისა.

 

XIII

 

1. ახლა კი ძალისამებრ, განვჭვრიტოთ, თუ რა მიზეზით მოევლინა ერთ-ერთ ღვთისმეტყველს სერაფიმი. ამის გამო შეიძლება საგონებელშიც ჩავარდეს ვინმე, რადგანაც არა რომელიმე უქვემოესმა ანგელოზმა, არამედ თვით მან, რომელიც შერაცხილია ყველაზე უფრო ღირსეულ არსებათა შორის, გაწმნიდა ქადაგი.

2. ზოგიერთები ამბობენ, რომ ზიარების წესის თანახმად, რომელიც წინდაწინვე ჩანერგილია ყველა გონებაში, საღვთო წერილი უზენაესთან უმეტესად მიახლოებულ ანგელოზს ღვთისმეტყველის წმინდამყოფელად ვერ სახელდებდა. ფიქრობენ, რომ აქ იგულისხმება ერთ-ერთი ჩვენი ზედამხედველი ანგელოზი, რომელმაც, წმიდამსახურის მსგავსად, გაწმინდა ქადაგი. მას სერაფიმი ეწოდა, რადგანაც “დამწველი” ძალით განაქარვა ზემოხსენებული ცოდვები*, წინასწარმეტყველი კი “ცეცხლებრ აღაგზნო” და ღმერთს დაუმორჩილა. ასე რომ, ამ შემთხვევაში წერილი მართლაც “სერაფიმს” ან ღვთის ახლოს დაფუძნებულ ანგელოზს კი არ წარმოგვიჩენს, არამედ უბრალოდ ერთ-ერთ ჩვენს ზედამხედველ და განმწმედელ ძალას.

3. სხვა ვინმემ არცთუ მთლად შეუფერებელი განმარტება მოგვაწოდა საცილობელ საკითხზე. მისი თქმით, დიადმა ძალამ (ვინც არ უნდა იყოს ის ანგელოზი, რომელმაც ხილვა გამოუსახა ღვთისმეტყველს და ღვთიურთან გაამესაიდუმლა იგი) თავისი განმწმედელი მემსხვერპლეობა ღმერთამდე და ღვთის პირველმსახურ იერარქიამდე აამაღლა.

მართლაც ნუთუ არ არის ჭეშმარიტი ამგვარი ახსნა?

მან კი ესეც თქვა: ღმერთმთავრობისეული ძალა, რომელიც ყველაფრისაკენ მიისწრაფვის და ყველას ეწევა, დაუსრულებლად განივრცობა კიდეც მათ შორის და თანაც უხილავი რჩება, რადგანაც ხსენებული ძალა ზეარსულად განკერძოებულია და მისეული წინაგანგებაც მხოლოდ ფარულად ზემოქემდებს თითოეულ ქმნილებაზე. იგი, შეძლებისდამიხედვით, ეშუქება ყველა გონისმიერ არსებას და უმეტესად ღირსეულებს თავისსავე ნათლისცემას მიუბოძებს, შემდეგ კი უპირველესთა გზით უქვემოესებსაც თანაშეწყობილად უნაწილებს მას, - ყოველ მწყობრს საკუთარი ღვთისმხილველობითი საზომის შესაბამისად.

ზემოთქმული ჩვენთვის უფრო საჩინო და ცხადი გახდება, თუკი შესაფერისი სახეებითაც ვისარგებლებთ, თუმცა ეს სახეები ყველაფრისაგან ზეაღმატებულ ღმერთს ვერ ეთანასწორებიან.

როდესაც მზის სხივი პირველ და უმეტესად გამჭირვალე ნივთიერებამდე მიაღწევს, ადვილად განივრცობა მასში, განიხილება და უცხადესად გამოაბრწყინებს თავის ელვარებას, მაგრამ როდესაც უფრო და უფრო სქელ ნივთიერებას მიეფინება იგი, მაშინ ნათლით გასხივოსნებული საგნები, რომლებიც ბუნებით ვერ ახერხებენ მონიჭებული ბრწყინვალების გადაცემას, თანდათან თითქმის სრულ გაუმტარობამდე შეასუსტებენ მას.

ასევე, ცეცხლის სიმხურვალე უკეთესად გადაეცემა იმ ნივთიერებას, რომელიც სხვებზე უფრო ითვისებს სითბოს, თანაც ადვილად ემსგავსება და ემორჩილება მას; საწინააღმდეგო და გაუმტარი ბუნების საგნები ან მხოლოდ შესუსტებულად ანდა საერთოდ არ ავლენენ გამაცხელებელი ენერგიის კვალს. ამგვარი რამ უფრო მეტად შესამჩნევია არამონათესავე ნივთიერებებში, რომლებსაც სითბოს მიმღები საგნების გზით გადაეცემათ მხურვალება. ცეცხლი ჯერ ადვილად აალებად სხეულებს აღაგზნებს, შემდეგ კი მათ მიერ, შეძლებისდამიხედვით, აცხელებს წყალს ან სხვა რაიმე ძნელად გასათბობ ნივთიერებას.

ბუნებაში არსებული კანონზომიერების მსგავსად, ყოველგვარი ხილული და უხილავი წესრიგის ზებუნებრივი წესდასაბამობა თავის ნათლისცემის ელვარებას ყოვლადბედნიერი გადმოღვრის სახით უპირველესად გამოაშუქებს და გამოუბრწყინებს უზემოეს არსებებს, რომლებიც უქვემოეს მწკრივებსაც აზიარებენ ღვთიურ სხივებს. ეს არსებები სხვებზე უწინარეს ზეაღმატებულად ესწრაფვიან, ღვთისა და საღვთო სათნოების შეცნობას, წვდომის უნარის შესაბამისად ღირსეულად პირველმსახურებენ ღვთისმსგავს ძლიერებასა და მოქმედებას, თანაც მათზე უქვემოესებს, შეძლებისდამიხედვით, კეთილსახოვნად ზეაიზიდავენ საასპარეზოდ და უშურველად მიუბოძებენ ზეგადმოსულ ბრწყინვალებას; უქვემოესები, თავის მხრივ კიდევ უფრო ქვემო არსებებს გაენდობიან. ასე გადაეცემა საბოძვარი პირველიდან მეორეს. ამიტომ, ღვთიური ნათელი, წინაგანგების მიხედვით, სათითაოდ ევლინება ყველას.

ნათელმოსილ არსებებს ასხივოსნებს საერთო წყარო – ღმერთი. იგი, როგორც არსებობისა და ხედვის მიზეზი, ბუნებით და უფლებით ჭეშმარიტად არის არსი ნათლისა, თუმცა მდებარეობის მიხედვით ამა თუ იმ მწკრივს ღვთის მსგავსად ანათლებს უშუალოდ მისი ზემდგომი, რადგანაც ღვთიური გამობრწყინება სწორედ უზემოესი გზით გადაეცემა უქვემოესს.

ციური გონებათა პირველ მწყობრს სხვა ანგელოზები სამართლიანად აღიარებენ ღვთის შემდეგ ყოველი წმიდა თეოგნოზიისა** და ღვთისმობაძაობის სათავედ; ანგელოზებსაც და ჩვენც ღმერთმთავრული ბრწყინვალება სწორედ ხსენებული მწყობრის გზით გვენიჭება.

უქვემოესი მწკრივები ყოველ წმინდა და ღვთის მსგავს ქმედებას უპირველესად განუკუთვნებენ ღმერთს, როგორც ღვთიურთა პირვემსახურებასა და სხვათა წინამძღვრებს.

წმინდა ანგელოზების პირველი მწყობრი ყველაზე მეტად ფლობს ცეცხლოვან ბუნებასა და ღმერთმთავრობისაგან “გადმოღვრილ სიბრძნის” ნაწილს, აგრეთვე “ცოდნას” ღვთიური გამობრწყინებების უზენაესი მეცნიერების შესახებ და “მოსაყდრეობის” ანუ დაუხშობელი ღვთის შეწყნარების ნიჭს. მომდევნო მწკრივები უზემოესთა ჭვრეტის გზით უფრო შემცირებულად ეზიარებიან ცეცხლოვან, ბრძენ, მცოდნე და ღვთისშემწყნარებელ ძალას, თანაც უპირატესად ღვთის მბაძავი არსებების მიერ ძალისამებრ მაღლდებიან ღვთისსახოვნებამდე.

სწორედ ამიტომ, უქვემოესი დასები უფლის შემდეგ პირველ მწკრივს, როგორც იერარქიის სათავეს, მისივე შუამავლობით ბოძებული ზემოხსენებული წმინდა თვისებების წყაროდ სახავენ.

4. ვინც ეს გვაუწყა, დასძინა, აგრეთვე, შემდეგი: ჩვენი ზედამხედველი ანგელოზებიდან ერთ-ერთმა წმინდა და ნეტარმა არსებამ ხილვა მოუვლინა ღვთისმეტყველს და ნათელმყოფელი ძალით წმინდა  მჭვრეტელობამდე აამაღლა იგი, ხოლო მან ჯერ ის უზემოესი არსებები იხილა, რომლებიც სიმბოლურად თუ ვიტყვით, ღვთის ქვეშ, ღვთის გვერდით და ღვთის ირგვლივ მკვიდრობენ, შემდეგ კი თვით ამ არსებებისაგან და საერთოდ ყველაფრისაგან ზეგამოუთქმელად განშორებული, ზეაღმატებულ ძალათა შორის ზედაფუძნებული, ზდასაბამიერი მწვერვალი განჭვრიტა.

ამ ხილვებით შეიცნო ღვთისმეტყველმა, რომ ღვთიურობა, სრული ზეარსი ზეაღმატების შესაბამისად, ხილული და უხილავი ძალებისაგან შეუდარებლად ზედაფუძნებულია, განშორებულია ყველაფერს და უპირვეეს ანგელოზებსაც კი არანაირად არ ემსგავსება; თვითვეა დასაბამი, არსმყოფელი მიზეზი, უცვლელი ფუძე არსებათა დაურღვეველი სიმტკიცისა; უზემოეს ძალებსაც მისგანვე ენიჭებათ არსებობა და კეთილდღეობა.

შემდეგ თვით იმ უწმინდესი “სერაფიმების” ღვთისსახოვან ძალებს გაესაიდუმლა ღვთისმეტყველი, რომელთა საკრალური სახელიც “ცეცხლოვანებას” აღნიშნავს (ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვიმსჯელოთ, როდესაც შეძლებისდაგვარად წარმოვაჩენთ, თუ როგორ მაღლდება ღვთისსახოვნებამდე ცეცხლოვანი ძალა). რაც შეეხება სერაფიმთა “ექვსჯერადი ფრთების” წმინდა გამოსახულებას, იგი გულისხმბს პირველ, საშუალო და უკანასკნელ გონებათა გზით ღვთიურისაკენ თავისუფალ და უპირატეს ზესწრაფვას.

ღვთისმეტყველმა სერაფიმები იხილა, როგორც მრავალფეხა და მრავალსახოვანი არსებები, რომლებიც ფრთებით აბრკოლებდნენ ფეხებისა და სახეების ქვეშ შეჭვრეტას, ხოლო შუა ფრთებით მარადიულად მოძრაობდნენ. ხილვითა გონისეულ ცოდნამდეც ამაღლდა ღვთისმეტყველი; ცხადად გამოუჩნდა მას უზემოეს გონებათა მრავალგზოვანი და მრავლისმხილველი ძალები, რომლებიც წმინდა სახით ზეკოსმიურად ეკრძალვიან უღრმესისა და უმაღლესის თვითნებურ, კადნიერ და მიუწვდომელ ძიებას, თანაც, ღვთისმობაძავი მოქმედებების შესაბამისად, დაუცხრომელი ფრენით მარადიულად მოძრაობენ სიმაღლისაკენ.
შემდეგ თვით ღმერთმთავრულსა და უმეტესად ღირსეულ ჰიმნოდიას გაესაიდუმლა იგი, რადგანაც ანგელოზმა, რომელმაც ხილვა მოუვლინა ღვთისმეტყველს, ძალისამებრ, საკუთარი სიწმიდეთმცოდნეობაც მიმადლა მას და აუწყა, რომ ყოველი წმინდა არსება შეძლებისდაგვარად განსპეტაკდება ღვთიური გამჭვირვალობის უბიწოებასთან ზიარებით. უზენაეს მიზეზთა გამო, ამგვარ განწმენდას ზეარსული იდუმალებით აღასრულებს ღმერთმთავრობა ყოველი წმინდა გონების მიმართ. იგი უმეტესი სიცხადით ევლინება და უნაწილდება მის გარშემო დამკვიდრებულ ზეაღმატებულ ძალებს, ხოლო მომდევნო მწკრივებში, უკანასკნელ მწყობრში, შემდეგ კი ჩვენს გონისმიერ ძალებში, რომლებიც, ღვთისსახოვნების მიხედვით, სულ უფრო და უფრო ემიჯნებიან უზენაესს, უცხადესი გამობრწყინებაც იზღუდება, ვიდრე ეს გამობრწყინება კვლავ ერთიანად არ გაუცნაურდება საღვთო იდუმალებაში.

ყოველ მომდევნო არსებას უწინარესის შუამავლობით ეშუქება ღმერთმთავრობა, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, უპირველესი ძალების მიერ ღმერთმთავრობა ფარულიდან ცხადისაკენ მიემართება.

ნათლისმცემელმა ანგელოზმა ის აუწყა ღვთისმეტყველს, რომ განწმენდა და საერთოდ, ყოველგვარი ღერთმთავრობისეული მოქმედება სწორედ პირველი მწკრივის გზით გამოუბრწყინდებათ და უნაწილდებათ დანარჩენ არსებებს, - თითოეულს საკუთარი თეურგიული ზიარების შესაბამისად.

ამიტომ, ღვთის შემდეგ სერაფიმებს სამართლიანად აკუთვნებენ “ცეცხლებრ” განმწმენდელ თვისებას; აქედან შეუფერებელი აღარ უნდა იყოს თქმა იმისა, რომ სწორედ სერაფიმია ღვთისმეტყველის წმინდამყოფელი, ისევე როგორც ღმერთი, რომელიც ყველას განწმენდს, თვითვეა მიზეზი ყოველგვარი განწმენდისა.

მოვუხმოთ უფრო ახლობელ სახისმეტყველებას.

ჩვენი მღვდელმთავარი მსახურთა ანუ მღვდელთა გზით განწმენდს და ანათლებს ყველას, სწორედ იგი ითვლება წმინდამყოფელად და განმანათლებად, რადგანაც მღვდელმთავრის მიერ ხელდასხმული ყოველი დასი მასვე განუკუთვნებს თავის წმინდა მოღვაწეობას.

ასევე, იმ ანგელოზმა, რომელმაც სიწმინდეს აზიარა ღვთისმეტყველი, საკუთარი განწმენდილობით მეცნიერება და ძალა ანგელოზური კრძალვით განუკუთვნა ჯერ ღმერთს, როგორც მიზეზს, შემდეგ კი – სერაფიმს, როგორც იერარქიის დასაბამსა და პირველმსახურს; ამით კი ეს ასწავლა მისგან წმინდაქმნილ ღვთისმეტყველს. თუმცა განწმენდას მე გაზიარე, მაგრამ ყოველივე ამის მიღმიერი სათავე და არსება, შემოქმედი და მიზეზი ისაა, რომელმაც თვით უპირველეს ქმნილებებსაც კი არსებობა მიანიჭა, ირგვლივ შემოიკრიბა ისინი, შემოიმკვიდრა და დაიცვა დამდაბლებისა და ცვალებადობისაგან. თავად აქეზებს მათ, რომ პირველები ეზიარონ უზენაესი წინაგანგების ყოველ ქმედებას (ჩემი მოძღვრის თქმით, სწორედ ამას ცხადყოფს სერაფიმის მოციქულობა). უპირველეს არსებათა მწყობრმა, როგორც იერარქიის დასაბამმა და ღვთის შემდეგ, ჩვენმა წინამძღვარმა მეც ღვთისახოვნად მაზიარა განწმენდილობის ნიჭს. ჩემს მიერ სწორედ იგი წმინდაგყოფს შენ, ხოლო რომელიც თვით არის მიზეზი და შემოქმედი ყოველგვარი განწმენდისა, ხსენებული მწყობრის შუამავლობით იდუმალებიდან ჩვენამდე მოავლენს მისეული წინაგანგების მოქმედებას.

აი, ეს ვისწავლე ჩემი მოძღვრისაგან, ახლა კი შენ გადმოგეცი. ზემოგანხილული მიზეზებიდან თვით შენმა გონისმიერმა მეცნეირებამ გამოარჩიოს ერთ-ერთი, რომელიც მეორეზე უკეთ ხსნის სირთულეს, მეტი პატივიც მიაგოს მას, როგორც უფრო შესაფერისს, უფრო მართებულს და, ალბათ, ჭეშმარიტსაც; არა და შენვე გამოიკვლიე ან სხვისაგან ისწავლე ისეთი მიზეზი, რომელიც მართლაც უფრო ახლოს იქნება ჭეშმარიტებასთან, რადგანაც ცხადია, რომ ღვთისაგან მოდის მეტყველება, რომელსაც უმასპინძლებენ ანგელოზები, შემდეგ კი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჩვენ, მათ მეგობრებს, უმეტესად გამჭვირვალესა და ჩვენთვის ყველაზე უფრო სასურველ მჭვრეტელობას გაგვიცხადებენ.


------------------------------------------------------


* იგულისხმება საღვთო წერილში მოხსენიებული ცოდვები (მთარგ.).

** თეოგნოზია – “ღვთისმცოდნეობა ძველად ითარგმნებოდა, როგორც “ღმრთეების ცნობაი” ანდა “ღმრთისმეცნიერებაი”.



XIV


ვფიქრობთ, გონივრულ დაკვირვებას მოითხოვს ისიც, რომ ანგელოზები, წერილის გადმოცემის მიხედვით, “ათასჯერ ათასები” და “ათიათასჯერ ათიათასები” არიან.

ჩვენთვის უმწვერვალესი რიცხვების უკუმოქცევა და გადამრავლება ცხადად წარმოგვიჩენს ციურ გონებათა აურაცხელ მწკრივებს. ზეკოსმიური არსებების ნეტარ მხედრობათა სიმრავლე ზეაღემატება ნივთიერი რიცხვების უძლურსა და შეზღუდულ სიმეტრიას. მისი ცნობიერად განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ ზეკოსმიური, ციური შემეცნებისა და მეცნიერების მიერ, რაც ციურ დასებს ყოვლადბედნიერი სახით მიანიჭა უსასრულოდ შეცნობადმა ღმერთმთავრულმა სიბრძნისმშობელობამ, - ერთობლივად ყოველი არსების ზეარსმა სათავემ, არსმყოფელმა მიზეზმა, შემამტკიცებელმა ძალმა და გარემომცველმა შემომსაზღვრელობამ.

 

XV


1. ახლა კი, თუ ამჯობინებ, ჩვენი გონისმიერი მზერა მოვასვენოთ ერთობითი და ამაღლებული მჭვრეტელობისაგან, რაც ანგელოზების ძალისხმევას მოითხოვს და ჩამოვინაცვლოთ ნაირგვარ ანგელოზურ სახექმნადობათა დონემდე, სადაც დაყოფა და მრავალდანაწევრება არსებობს, შემდეგ კი, ახსნა-განმარტებების გზით, ხატებისაგან ხელმეორედ გავთავისუფლდეთ და ციურ გონებათა სიმარტივისაკენ წარვმართოთ.

წინდაწინვე უწყოდე, რომ წმიდასახოვან ხატთა განმარტებებში ციურ არსებათა მწკრივები იერარქიულად ხან ზემდგომებად წარმოჩნდება, ხან ქვემდგომებად. ერთი მხრივ, უკანასკნელებიც კი ზემდგომები არიან, ხოლო მეორე მხრივ, პირველებიც იერარქიულ გამგებლობას ემორჩილებიან. უკვე ითქვა, რომ ცალკეული მათგანი თვითვე შეიცავს პირველ, საშუალო და უკანასკნელ ძალებს.

განმარტების ამგვარი წესი მთლიანად შეესაბამება გონიერებას. ამასთან, თუკი ვიტყვით, რომ ესა თუ ის მწკრივი, რომელიც უპირველეს დასებს ექვემდებარება თავად ანიჭებს ზემდგომებს იერარქიულ ზიარებას, ან კიდევ, უპირველესი დასები, რომლებიც უქვემოესებს უწინამძღვრებენ, ამავე დროს, იერარქიულად ემორჩილებიან მათ მიერვე ხელდასხმულ მწკრივებს, ამ სახის მსჯელობა უთუოდ შეუსაბამოსა და სრულ არევდარევას მოიტანს. ვამბობ, რომ ესა თუ ის მწკრივი თვითვეა ზემდგომიცა და ქვემდგომიც, მაგრამ არა საკუთარი თავის მიმართ, არამედ იგი იერარქიულად მხოლოდ უპირველესებს ემორჩილება და ამასთანავე, თვითვე გამგებლობს მომდევნო დასებს. ამიტომ, არ უნდა იყოს შეუფერებელი თქმა იმისა, რომ საღვთო წერილის წმიდადშეძერწილი ხატები ჯეროვნად და ჭეშმარიტად ეთვისებიან როგორც პირველ, ასევე საშუალო და უკანასკნელ ძალებს.

აღმართისაკენ მიბრუნება და ზეაზიდვა, საკუთარი თავის გარშემო წინსწრაფულად მოძრაობა, შინაგანი ძალების ფხიზლად დაცვა და ზიარება წინაგანგებისეულ ძალთან, რომელიც თვითვე გადმოდის და უნაწილდება მომდევნო მწკრივებს, - ჭეშმარიტად შეჰფერის თითოეულ ციურ არსებას, თუმცა, როგორც მრავალგზის გვითქვამს, ზოგს ზეაღმატებულად და უმთლიანესად, ზოგს კი – უმდარესად და ნაწილობრივად.

2. სახეთა თავდაპირველი განმარტება უთუოდ იმის განხილვასა და გამოკვლევასაც გულისხმობს, თუ რა მიზეზით ხდება, რომ ღვთისმეტყველება თითქმის ყველაზე მეტად “ცეცხლოვან”* წმიდამწერლობას მიაგებს პატივს.

თვითვე აღმოაჩენ, რომ იგი არა მხოლოდ ცეცხლის მსგავს ბორბლებს წარმოგვისახავს (დან. VII, 9), არამედ, აგრეთვე, მოგიზგიზე ცხოველებსა (ეზეკ. I, 14) და ცეცხლისმფრქვეველ კაცებს (ფს. XVII, 9; მატე, XXVIII, 3), თანაც ამგვარი ციური არსებების ახლოს ანთებული ნაკვერჩხლების გროვასაც გამოაფენს (ეზეკ. I, 13; X, 2,7; ფს. XVII, 9), სადაც გაუსაძლისი ხმაურით ცეცხლს გამოსცემენ მდინარეები (დან. VII, 10). “საყდართა” მწყობრსაც კი “ცეცხლოვნად” სახავს ღვთისმეტყველება და თვით უზენაეს “სერაფიმებსაც”, მათივე სახელდების შესაბამისად, “დამწველებად” წარმოგვიჩენს, რომლებსაც ცეცხლის თვისებასა და ძალას განუკუთვნებს იგი.

საზოგადოდ, ზევითაც და ქვევითაც, ღვთისმეტყველება ყველაზე მეტად “ცეცხლისებრ” სახეთნაძერწობას მიაგებს პატივს. ვფიქრობ, რომ “ცეცხლისსახოვნება” ციურ გონებათა “უმეტეს ღვთისსახოვნებას” ასაჩინოებს. წმიდა ღვთისმეტყველები ზეარსსა და უსახო არსებას ხშირად აღწერენ ცეცხლის მსგავსად, რადგანაც ხილულთა შორის ცეცხლი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ღმერთმთავრობისეული თვისების მრავალ ხატს შეიცავს.

გრძნობადი ცეცხლი, როგორც იტყვიან, ყველგან მკვიდრობს. იგი შეურევლად ვლინდება ყველაფერში და ამავე დრს ყველაფრისაგან განცალკევებულია; ყოვლად კაშკაშაც არის და დაფარულიც; თავისთავად შეუცნობადია და თუკი არ ფლობს რაიმე ნივთს, რომელშიც მისი ძალა უნდა გაცხადდეს, მაშინ მოუხელთებელიც არის იგი და უხილავიც; თვითმპყრობელია ყველაფრისა და რასაც კი ჩაენერგება, გარდაქმნის კიდეც საკუთარი მოქმედების შესაბამისად; უნაწილდება ყველას, ვინც კი რაიმე სახით უახლოვდება მას; ცხოველმყოფელი სიმხურვალით განაახლებს ყოველივეს, გაასხივოსნებს შეუბურველი გამობრწყინებით. მოუხელთებელი არის იგი, შეურეველი, გამყოფელი, უცვლელი, ზეაღმავალი, სწრაფმოქმედი, ამაღლებული, უარმყოფელი ქვემეთრევეთა უძულურებისა, მარადმოძრავი, თვითმოძრავი, სხვათა მამოძრავებელი, გარემომცველი, გარეშეუწერელი; თვით სხვას არავის საჭიროებს, ფარულად აღორძინებს თავის თავს და რომელ ნივთშიც დაივანებს, იქ გამოავლენს საკუთარ სიდიადეს; მოქმედია იგი, ძლიერი და ყველაფერში შეუმჩნევლად დამკვიდრებული; დაუკვირვებელ თვალს არარსებულად მოეჩვენება, მაგრამ თუ გამოვძებნით ისეთ საშუალებას, როგორიცაა, ვთქვათ, ხახუნი, მაშინ ცეცხლიც დაუყონებლივ გამოგვიჩნდება მისი ბუნებისა და თვისების შეფერისად, შემდეგ კი კვლავ მოუხელთებლად გაგვიფრინდება და თუმცა ყოვლადბედნიერი სახით გასცემს თავის თავს, მაინც არასოდეს აკლდება რამე.

მსგავსი ნიშნები ცეცხლს შეიძლება აღმოაჩნდეს კიდევ სხვა ბევრი, რაც ეთვისება და გრძნობადი სახით გამოგვიხატავს ღმერთმთავრობისეულ მოქმედებას, ამასვე ჭვრეტდნენ თეოსოფოსები; ამიტომაც, ციურ არსებებს ცეხლის მიერ დაგვისახავდნენ, რითაც ცხადყოფდნენ ამ არსებების ღვთისსახოვნებასა და, შეძლებისამებრ, ღვთისადმი ბაძვას.

3. ადამიანის ნიშნებითაც აღწერენ მათ. ასეთებია: შემცნობლობა, ზემხედველობა, გამართული და სწორი აღნაგობა, გამგებლობისა და წინამძღვრობის ბუნებრივი ნიჭი, გრძნობადობისა და სხვადასხვა პირუტყვული თვისების უკიდურესი სიმცირე, ზეაღმატებული გონებრივი ძალისა და ლოგიკური მეცნიერების გზით ყოველივეს დამორჩილების უნარი, სულიერი ქედუხრელობა და დაუმონებლობა.

ვფიქრობ, რომ ჩვენი სხეულის ნაწილებიც ციურ ძალთა შესატყვის ხატებს წარმოადგენენ;

მხედველობითი უნარი (შდრ. ეზეკ. X, 12; გამოცხ. IV, 6-8) მოასწავებს ღვთიური ნათლისაკენ უგამჭვირვალეს ზეახილვას, ღმერთმთავრობისეული გამობრწყინებების სათუთად, ფაქიზად, დაუბრკოლებლად, მკვირცხლად, წმიდად, ხსნილად და აღუშფოთებლად შეწყნარებას.

სხვადასხვა სუნის გარჩევის ნიჭი ასახიერებს გონებაზე აღმატებული კეთილსურნელოვანი მიმოკმევის შეძლებისდაგვარ შემთვისებლობას, ამ მიმოკმევის მეცნიერულად გამომრჩევლობას ყველა დანარჩენი სუნისაგან და სხვათაგან მთლიანად თავის დაღწევას.

სმენის ნიჭი (ფს. 102, 20) გულისხმობს ღმერთმთავრობისეული მობერვის მიმღებლობასა და მის ცნობიერად შემწყნარებლობას.

გემოს გასინჯვის უნარი (დაბ. XVIII, 5-8; XIX, 1-3) – გონისეული საზრდოთი ავსებასა და ღვთიური და მასაზრდოებელი ნაკადულებით დარწყულებას.

შეხების უნარი (მსაჯ. VI, 21) – სასარგებლოს მავნებლისაგან მეცნიერულად გამრჩეველობას.

ქუთუთოები და წარბები – ღვთისმხილველობითი ცნობიერების დამცველობას.

მოზარდი და ახალგაზრდული ასაკი – მაცოცხლებელი ძალის მარადიულ აღორძინებას;

კბილები – შთანერგილი მასაზრდოებელი სისავსის დამნაწილებლობას (ყოველი გონისმიერი არსება უფრო ღვთიური არსებისაგან მონიჭებულ ერთსახოვან აზროვნებას წინაგანგებისეული ძალის მიერ უნაწილებს და უმრავლებს მასზე უქვემოესებს, ამ უკანასკნელთა ზეაღსვლითი ნიჭის შესაბამისად).

მხრები, მკლავები და ხელები (მსაჯ. VI, 21; ფს. 90, 12; ეზეკ. X, 8,21; დან. XII, 7; გამოცხ. X, 5) ქმნის, ქმედებისა და კეთების ძალას.

გული – სიმბოლოა ღვთისმმოსავი ცხოვრებისა, რაც გულიხმობს საკუთარი ცხოველმყოფელი ძალის კეთილსახოვნად მიმოფანტვას წინაგანგებულთა** შორის.

მკერდი – ცხადყოფს ქედუხრელობას, ამასთან, დამცველობასაც, რადგანაც იგი ზემოდან ფარავს სიცოცხლის მომნიჭებელ გულს.

ზურგი – (ეზეკ. 1, 18) მოასწავებს ყველა ცხოველმყოფელი ძალის შემამტკიცებლობას.

ფეხები – (ეზეკ. I, 7; ეს. VI, 2; გამოცხ. X, 2) – ღვთიურისაკენ მიმართული მარადმოძრაობის დაუდგრომელობას, სისწრაფესა და სიმკვირცხლეს. სწორედ ამიტომ, ღვთისმეტყველებამ წმიდა გონებათა ფეხები ფრთებითურთ გამოგვისახა. ფრთა ასაჩინოებს ზეაღმსვლელობით სისწრაფეს, ზეციურობას, აღმართისაკენ გზის გამკვლევობას, ყოველგვარი სიმდაბლისაგან განშორებასა და ზეატაცებას.

ფრთების სიმსუბუქე – ნიშნავს დაუმძიმებელ დამიწიერებისაგან სრულიად შეურეველ ზეაღსვლას სიმაღლისაკენ შეუმოსველობა და ფეხშიშველობა (დაბ. XVIII, 2; XIX, 4) გულისხმობს თავისუფლებას, თავდახსნილობას, დაუოკებლობას, გარეშე შენარევებისაგან განწმენდასა და ღვთიური სიმარტივისადმი, შეძლებისამებრ, მიმსგავსებას.

4. რადგანაც მარტივი და “მრავალსახოვანი სიბრძნე” (ეფეს. III, 10) თვითვე ანიჭებს შეუმოსველ არსებებს სამოსელსა და თავდაცვით აღჭურვილობას, ამიტომ, ძალისამებრ, ციურ გონებათა წმიდა შესამოსელისა და მათი აღჭურვილობების განმარტებაც ვცადოთ:

ელვარე და ცეცხლისფერი სამოსი – (ლუკა, XXIV, 4), ჩემი აზრით, მოასწავებს ღვთისსახოვნებას (რისი ხატიც არის ცეცხლი) და ნათლისცემის ნიჭს. ეს ნიჭი შესაბამისია თითოეული არსების ზეციური წილხვდომილებისა, სადაც ნათელი ან ყოვლად გონისეულად განაბრწყინებს სხვებს ანდა თავად გაბრწყინდება გონისმეირად.

სამღვდელო სამოსი – (დან. X, 5-6) ასაჩინოებს მიახლებას ღვთიურ და საიდუმლო ხილვებთან და მთელი ცხოვრების მათდამი მიძღვნას.

სარტყლები – (ეზეკ. IX, 2; გამოცხ. XV, 6; ეს. XI, 5) ნიშანია ზეცის მკვიდრთა ცხოველმყოფელი ძალების დაცულობისა, ამასთან, ცხადყოფს ამ არსებათა შემომკრებელი გვარის ერთმყოფელ ბრუნვას საკუთარი თავის გარშემო და მარადიულ იგივეობაში მათი წრიულსა და თანაშეწყობილ მიმოქცევას.

კვერთხები – (მსაჯ. VI, 21) გამოსახავს მეუფებისა და წინამძღვრობის ძალას, ყოველივეს სამართლიანად აღმსრულებლობას.

შუბები – (II მაკ. V, 1-3) და ცულები (ეს. X, 15) – უმსგავსოთა განმკვეთელობას, აგრეთვე, გამომრჩევლობითი ძალების სიმახვილეს, სიმტკიცეს და ძლიერმოქმედებას.

გეომეტრიული და სამშენებლო აღჭურვილობა – (ზაქ. II, 5; ეზეკ. XI, 3; გამოც. XXI, 15) – დამფუძნებლობას, აღმშენებლბას, სრულმყოფელობას, და სხვა რაიმე ამგვარს, რითაც წინაგანგება უქვემოესებს მოაქცევს და ზეაიზიდავს.

წმიდა ანგელოზების აღჭურვილობანი სიმბოლურად გვაუწყებენ ჩვენთვის განწესებულ ღვთიურ განგებათა შესახებ. ისინი ზოგჯერ გამწვრთნელ სწავლებასა თუ სამართლიან შურისგებას მოასწავებენ (ამოს. VII, 7-9), ზოგჯერ კი – განსაცდელისაგან თავისდაღწევას, ანდა სწავლების დასრულებასა თუ თავდაპირველი შვების მოპოვებას, ან კიდევ ახალ-ახალი მადლის, - მცირისა თუ დიდის, გრძნობადისა თუ გონისეულის – შეძენას.
მოკლედ, მჭვრეტელი გონება არ დაბრკოლდება, ხილული ნიშნები უხილავს ბუნებრივად მიუსადაგოს.

6. ციურ არსებებს “ქარებსაც” უწოდებენ (ფს. 103, 3; გამოცხ. VI, 1), რადგან ისინი უსწრაფესი ფრენით თითქმის უდროოდ ეფინებიან ყოველივეს. ეს წოდება ასაჩინოებს, აგრეთვე, მათ წიაღსვლასა და მოძრაობას ზემოდან ქვემოთ, შემდეგ კი – ქვემოდან ზემოთ, როდესაც ისინი უქვემოესებს ზეაღმატებული სიმაღლისაკენ ზეაიზიდავენ, ხოლო უპირველესებს აქეზებენ, რომ უქვემოესებიც აზიარონ წინაგანგებისეულ გარდამოსვლას.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ჰაეროვანი სულის “ქარად” წოდება ციურ გონებათა ღვთისსახოვნებასაც ცხადყოფს, რადგანაც ქარიც შეიცავს ღმერთმთავრული მოქმედების ხატსა და სახეს (ამის შესახებ ვრცლად გაუწყეთ “სიმბოლურ თეოლოგიაში”***, როდესაც ოთხი ელემენტის საკითხს ვარკვევდით). ეს გულისხმობს ქარის მამოძრავებელსა და ცხოველმყოფელ ბუნებას, უსწრაფესსა და დაუბრკოლებელ სვლას, აგრეთვე, მისი მოძრაობის დასაბამთა და დასასრულთა იდუმალებას, რაც შეუცნობელიცაა ჩვენთვის და უხილავიც. წერილი ამბობს: “არ იცი, საიდან მოდის იგი, ანდა საითკენ მიდის” (იოანე 3, 8).

ღვთისმეტყველება “ღრუბლის” სახითაც (გამოცხ. X, 1) შეძერწავს მათ. ეს სიმბოლო იმას მოასწავებს, რომ უწმიდესი გონებანი ჯერ ზეკოსმიურად აღივსებიან იდუმალი შუქით და პირველჩენილ ნათელფენას კრძალვით შეიწყნარებენ, შემდეგ კი იმავე ნათელს, როგორც მეორედჩენილს, ნიჭისდამიხედვით უშურველად გადასცემენ უქვემოესებს.

იგივე სიმბოლო ცხადყოფს, რომ ამ არსებაში ჩანერგილია შობის, გაცხოველების, აღორძინებისა და სრულზიარების ძალა, რასაც ავლენს მათგანვე შობილი გონისეული წვიმა, რომელიც შემწყნარებელ წიაღს გამანოყიერებელ ნაკადულთა მიერ მაცოცხლებელი შობეირებისაკენ უხმობს.

7. ღვთისმეტყველება ციურ არსებებს სპილენძის (ეზეკ. XI, 3; VIII, 2), ელექტრონის *** (ეზეკ. I, 4) და მრავალფერი ქვების (ეზეკ. I, 2) სახესაც აკუთვნებს. ელექტრონი, რომელიც ერთდროულად ოქროსაც ემსგავსება და ვერცხლსაც, მოასწავებს, ერთი მხრივ, ოქროსებრ ულპობელ, დაუკლებელ, შეუსუსტებელ და შეურყვნელ ელვარებას, ხოლო, მეორე მხრივ, ვერცხლისებრ კაშკაშა, ნათელსახოვან და ციურ ციაგს.

“სპილენძი”, როგორც უკვე ვთქვით, გულისხმობს “ცეცხლოვნებას”, ანდა “ოქროსფერობას”.

ქვათა მრავალფერადი სახეებიდან “სითეთრე” უნდა მოასწავებდეს “ნათელისსახოვნებას”, “სიწითლე” – ცეცხლოვანებას”, “სიყვითლე” – “ოქროსფერობას”, “სიმწვანე” – “სიჭაბუკეს” ანუ გაფურჩქვნას, და ასე – სხვა ფერებიც; მათგან თითოეულს თვითვე მოუძებნი შესაფერის განმარტებას, რაც სიმბოლური ხატებისაკენ ზეაგიზიდავს.

ვფიქრობს, რომ, ძალისამებრ, ყველაფერი საკმარისად წარმოვაჩინეთ, ამიტომ ამჯერად ციურ გონებათა წმიდასახოვანი მხეცხატოვნების წმიდად განხილვას შევუდგებით.

8. ლომის სახება (ეზეკ. I, 10), საფიქრალია, იყოს ნიშანი წინამძღვრობისა, ძლიერებისა და უდრეკობისა, აგრეთვე, გამოუთქმელი ღმერთმთავრბისეული იდუმალებისადმი ძალისამებრ მიმსგავსებისა, როდესაც გონისმიერი კვალი იფარება და საღვთო გამობრწყინების გზით უზენაესისაკენ ზეაზიდვა და აღმასვლა საიდუმლოდ და კრძალვით შეიბურება.

ხარი (ეზეკ. I, 7) მოასწავებს შემძლეობას, აგრეთვე, გაფურჩქვნას, როდესაც გონისმიერი ხნულები გადახსნილია ციური და ცხოველმყოფელი წვიმების შესაწყნარებლად.

რქები (გამოც. V, 6) გულისხმობს დამცველობასა და უძლეველობას.

არწივი (ეზეკ. I, 10) სახეა მეუფებისა, ზესწრაფვისა და სწრაფად ფრენისა, აგრეთვე, ძალისმომცემი საზრდოს მიმართ მკვირცხლად, ფხიზლად, მარდად და მარჯვედ სრბოლისა. იგი მოასწავებს ღმერთმთავრობისეული მზესხივოსნების უშურველ მრავალნათელ, გამონაშუქთა დაუბრკოლებელ, პირდაპირ და გაუმრუდებელ მჭვრეტელობას ღრმად გამჭოლი მხედველობითი ძალების მეირ.

ცხენთა (ზაქ. I, 8-10) სიმბოლო ასაჩინოებს მორჩილებასა და უდრტვინველობას. თეთრი ცხენი გამოხატავს ბრწყინვალებას, რადგანაც ეს ფერი ყველაზე მეტად ეთვისება ღვთიურ ნათელს. მუქი ლურჯი მოასწავებს იდუმალებას, წითელი – ცეცხლისფერობასა და ძლიერქმედებას, თეთრისა და შავის ნაზავი – ციურ არსებათა შუამდგომლობის უნარს, როდესაც ისინი ერთმანეთთან აერთებენ უკიდურეს წერტილებს და პირველებს მეორეთა მიმართ, ხოლო მეორეებს პირველთა მიმართ მიაქეცევენ და წინაგანგებისეული ძალით შეამტკიცებენ.

მსჯელობის ზომიერებას რომ არ ვესწრაფოდეთ, მაშინ უმსგავსო მსგავსებათა კვალობაზე, იმის ჯეროვნად ჩვენებასაც შევძლებდით, რომ ზემოაღნიშნულ ცხოველთა ცალკეული თვისებები და მთელი მათი ხორციელი აგებულება სათანადო შესატყვისს პოულობს ციურ ძალებს შორის (ითქვა, რომ პირუტყვული “სიფიცხე”, რომლის უკიდურესი გამოძახილია “რისხვა”, მოასწავებს გონისმიერ მხნეობას, ხოლო “გულისთქმა” სიმბოლოა საღვთო ტრფობისა). ერთი სიტყვით, უგუნურ ცხოველთა ყოველი შეგრძნება თუ სხეულის ნაწილი ჩვენ აგვყავს ციურ არსთა უნივთო ცნობიერებამდე და მათ ერთსახოვან ძალებამდე.
გონიერთათვის მხოლოდ ზემოთქმული არ იკმარებს, ამიტომ, მონათესავე მსგავსხატოვნებათა გაცხადების მიზნით, შევეხებით კიდევ ერთ უმსგავსო სახეს:

9. განსახილველია, თუ რა აზრით უკავშირდება მდინარეები, ბორბლები და ეტლები ციურ არსებებს.
“ცეცხლოვანი მდინარეები” (დან. VII, 19) მოასწავებს ღმერთმთავრობისეულ სადინარებს, რომლებიც ამ არსებებისაკენ უშურველად და დაულევლად წარმართავენ ზემჩქეფარებას და ცხოველმყოფელი ნაყოფიერებით ასაზრდოებენ მათ.

“ეტლები” (II მეფ. II, 11; VI, 17; ზაქ. VI, 1-7; ფს. 103, 3) განასახიერებს თანამოდასეთა შემაუღლებელ ზიარებას.

“ბორბლები” (ეზეკ. I, 16), რომლებსაც ფრთები აქვთ და თანაც უკუმოუბრუნებლად და გაუმრუდებლად წინ მიიწევენ, ასაჩინოებს ციურ არსებათა წინმსვლელობითი მოქმედებისა და ძალის სწორსა და პირდაპირ გზას, რადგანაც იმავე გაუმრუდებელსა და სწორგაჭრილ ბილიკზე ზეკოსმიური წესით წინ ეშურება მათი ყოველი გონისმიერ ბორბალთტრიალი.

გონისმიერი ბორბლების ხატწერა სხვა ზეამზიდველ განმარტებასაც მოითხოვს. ღვთისმეტყველის თქმით, მათ ეწოდათ “გელგელ” (ეზეკ. X, 13), რაც ებრაულად ნიშნავს “ბრუნვასა” და გამოცხადებას”. მართლაც, ცეცხლოვანი და ღვთისსახოვანი ბორბლები მარადმოძრავი ძრვით “ბრუნავენ” ერთიდაიმავე კეთილის ირგვლივ და “გამოცხადებასაც” ფლობენ, რადგანაც დაფარულს ასაჩინოებენ, ქვემეთრევებს ზეაიზიდავენ და უზენაეს გამობრწყინებებს წიაღსვლით ჩაუძღვებიან უმდაბლესთა მიმართ.

გასაცხადებელი დაგვრჩა, თუ რით ხარობენ ციური მწკრივები (შდრ. ლუკა, XV, 10); მათთვის ხომ სრულიად უცხოა ჩვენი ვნებადი სიამოვნება. ამბობენ, რომ ისინი ღვთისსახოვანი შვებით ღმერთთან ერთად განიხარებენ, როდესაც წარწყმედილებს მოიძიებენ და წინაგანგებისეული გამოხსნის ძალით ღვთისაკენ მიაქცევენ მათ. უშურველია კეთილსახოვანი ამ არსებათა მხიარულება, გამოუთქმელია მათი კეთილდღეობა, რასაც საღვთო გამობრწყინებების თეურგიულ გამოვლინებათა გზით, არა იშვიათად, სპეტაკი კაცებიც ეზიარებიან.

აი, ყველაფერი ის, რაც უნდა მეთქვა წმინდა გამოსახულებათა შესახებ. თუმცა ყველაფერი ბოლომდე ვერ გავაცხადეთ, მაინც, ზემოთქმული ვფიქრობ, სარგებლობას მოიტანს, რადგანაც იგი გვაიძულებს აღარ დავივანოთ სახეობრივი ფანტაზიების სიმდაბლეში.

თუკი გვკითხავნ, რატომ არ შევეხეთ თანამიმდევრულად წერილის ყველა ანგელოზურ ძალას, მოქმედებას ან ხატს, წრფელად გიპასუხებთ, რომ უმეცარნი ვართ მათი ზეკოსმიური მეცნეირებისა და მათ შესახებ ჩვენვე გვჭირდება ნათლისმოძღვარი. რაც შეეხება ისეთ სიმბოლოებს, რომლებიც ზემოგანხილულებს თანხვდებიან, გვერდი ავუარეთ მათ, რადგანაც წინდაწინვე განვიზრახეთ, რომ თანაზომიერი ყოფილიყო ჩვენი მსჯელობა და ზეაღმატებული იდუმალებისათვის დუმილითვე გვეცა თაყვანი, ამინ.

----------------------------------------------------


* იგულისხმება – რომ საღვთო წერილში ზეციური სამყარო ყველაზე ხშირად ცეცხლთან დაკავშირებულ სახეებშია სიმბოლიზებული (მთარგ.).

** “წინაგანგებულთა” გულისხმობს მათ, რომლებიც სხვისი ზრუნვის საგანს წარმოადგენენ, რომლებსაც მოძღვარი სჭირდებათ (მთარგ.).

*** აღნიშნულ შრომას ჩვენამდე არ მოუღწევია, ანდა ჯერ გამოვლენილი არ არის (მთარგ.).

**** ელექტრონი – ძვირფასი მეტალი, ოქროსა და ვერცხლის შენადნობი (ეფრემი: “ილექტროი”). (მთარგ.).

 

ძველი ბერძნულიად თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 23:43)