Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ამ წიგნს ეწოდება ჟამთაღწერა, თქმული მეორედ მოსვლისათვის


1. როცა მოახლოვდება ბოლო ჟამი და იმ უკანასკნელი დღეების აღსასრული, გამოჩნდებიან ბარბაროსები, ანუ თურქი მთავრები და ისმაილ-აგარიანთა მოდგმა დაიპყრობს მთელ სამყაროს.

2. პირველად ააოხრებენ სპარსეთს და წაართმევენ მათ დიდებას და მეფობას და იქიდან დაიპყრობენ ისმაილ-აგარიანები მთელ სამყაროს, ის დანიელის წიგნმა ჩრდილოეთად მოიხსენია (დან. 11,7), და შეებრძოლებიან ბერძენთა ქვეყანას შვიდი შვიდეულის წლის რიცხვში იმიტომ, რომ მოახლოებული იქნება ჟამთა აღსასრული და უკანასკნელი ათასეული და ამიტომ სრულიად აღმოიფხრება სპარსეთის მეფობა.

3. გამოვა იქ ისმაილის მოდგმა ეთრიოს უდაბნოდან და თავიანთი გამოსვლისას შეიკრიბებიან გაბაონში დიდ ველზე და იქ აღესრულება ეზეკიელის წინასწარმეტყველება: “კაცის ძეო, მოუწოდე ველის ნადირთ და ცის ფრინველებს და უთხარი მათ: მოგროვდით და მოდით, რადგანაც დიდ საკლავს დაგიკლავ თქვენ, რათა ჭამოთ ძლიერთა ხორცი და დალიოთ გმირთა სისხლი” (ეზეკ. 39,17-20). რადგანაც გაბაონში ურიცხვი სული დაიღუპება მახვილით ისმაილის ძეთა მიერ, რომელსაც კანჯარი ეწოდა.

4. და როგორც ეზეკიელ წინასწარმეტყველი ამბობს: “თუ სასტიკ მხეცებს მივუშვებდი ქვეყანაზე და გაატიალებდნენ...” (ეზეკ. 14,15), ასეთივე დიდი რისხვით მოეფინებიან ისინი მთელ ქვეყანას – ადამიანს და პირუტყვს, მიწას და ზღვას, ნადირს და მხეცებს, ნერგებს და ხეებს, გააფუჭებენ ყველა სხვა ნაშრომს. და ამიტომ მათ წინ იქნება ეს ოთხი სატკივარი: მოსპობა, დაღუპვა, გახრწნა და დაქცევა.

5. რადგანაც ეუბნება ისრაელის ღმერთი მოსეს პირით: “განა შენ მართალი იყავი ღვთის წინაშე და ამისთვის შეხვედი აღთქმის ქვეყნაში?! არამედ მასში მცხოვრებთა ცოდვის სიმრავლის გამო მოგეცი დასამკვიდრებლად მათი ქვეყანა.”

6. ასე მიეცემათ ისმაილის შვილებს ქრისტიანთა ქვეყანა დასაპყრობად და ასაოხრებლად, არა იმისთვის, რომ უყვარს ისინი ღმერთს, არამედ მრავალი ცოდვისა და უკეთურების გამო მისცემს მათ ღმერთი განსაცდელს, რომლის მსგავსი არ ყოფილა კაცთა მოდგმისაგან და აღარც იქნება ამგვარი გასაჭირი და ტყვეობა.

7. რადგანაც ყველა უკეთურებას შემოიღებენ და მიიღებენ იმ დროის ადამიანები, კაცები ქალების მსგავსად ჩაიცვამენ მოედნებზე გამოსაჩენად, შემოიღებენ ყოველგვარ უწესო ჩვეულებებს, მიიღებენ ყოველივე არაწმინდა მსგავსებას. როგორც ნეტარი მოციქული პავლე ვრცლად ამბობს ბოლო ჟამისა და ადამიანთა სიავისათვის. ამიტომ ღმერთი მათ მტრის ხელს, ბარბაროზებს მისცემს და რადგანაც ეყვარებათ სიბილწე, სრულიად შეიბილწებიან ისინი. და განსაკუთრებით მათი ქალები გაირყვნებიან უსჯულოებით.

8. ადგებიან მაშინ ისმაიტელები და გაინაწილებენ ქვეყანას თავიანთ საცხოვრებლად. სპარსეთი დაეცემა და დაიღუპება და მის მცხოვრებს მახვილი და ტყვეობა წაახდენს; სომხეთი გაიწირება, დაეცემა და აოხრდება და მის მცხოვრებთ მახვილი და ტყვეობა შთანთქავს; აღმოსავლეთის ქვეყანა აოხრდება და მის მცხოვრებთ მახვილი და ტყვეობა შთანთქავს; საბერძნეთი დაეცემა და ვინც გადარჩება, გადაიხვეწება;

9. ზღვის კუნძულები და ჭალები მოოხრდება და ვინც მასში მცხოვრები იქნება, მახვილითა და ტყვეობით მოისპობა; ეგვიპტე, აღმოსავლეთი და ასურეთი დიდი გასაჭირის და მძიმე უღლის ქვეშ მოექცევიან, რომლის ოქროსა და ვერცხლის გადახდას ვერ შეძლებენ. ეგვიპტისა და ასურეთის მცხოვრებთ შვიდჯერ მეტი ტყვეობა, სასტიკი გაჭირვება და განსაცდელი მოიცავს. აღთქმის ქვეყანა წარმართთა სიმრავლით აივსება ოთხთავ ქართაგან.

10. სიმრავლით კალიების მსგავსი იქნებიან და იქნება მაშინ შიმშილი, სიკვდილი, მწუხარება და დიდი შეჭირვება. გადიდგულდებიან მათი ტყვედ წამყვანნი და მათ (ქრისტიანთა) სრულ ამოწყვეტას განიზრახავენ. სანამ დასრულდება მათი (ისმაიტელთა) ბატონობის დრო, დაიპყრობენ ქვეყანას მზის აღმოსავლეთიდან მის დასავლეთამდე.

11. ზღვა და მიწა მათ უღელქვეშ იქნება. გაბატონდებიან ადამიანებსა და პირუტყვზე და მოაოხრებენ მათ ქვეყანას. და გორაკებს, აშენებულსა და აუშენებელს, მიისაკუთრებენ. და შეჭამენ მთელ მიწის პირს, როგორც კალიები. და მიიტაცებენ სრულიად ოქროსა და ვერცხლს, სპილენძსა თუ რკინას სიწმინდეთათვის შეწირულს და ასევე – სიწმინდეთათვის განკუთვნილ შესასმოსლებს. ყველაფერი მათი იქნება.

12. ისე გადიდგულდებიან, რომ მკვდრებსაც კი დააკისრებენ ხარკს. არ შეიწყალებენ არც მდიდარს, არც ღარიბს და იქნება მათი გზა მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთის ზღვამდე და ჩრდილოეთიდან ეთრიოს უდაბნომდე, რომელიც თურქეთშია. და დაერქმევა მათ გზას შეჭირვების და ტყვეობის გზა და ივლიან ამ ტყვეობის გზაზე მათი მოხუცები და ახალგაზრდები, ქალები და კაცები, მდიდრები და ღარიბები, მშივრები და მწყურვალები და შეკრულები და შენატრებენ გარდაცვლილებს.

13. რადგან მაშინ აღსრულდება  მოციქულის ნათქვამი, რომ: “არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ის უსჯულოების კაცი, წარწყმედის ძე” (II თეს. 2,3). რადგანაც “განდგომას” იმ დროს უწოდებს, როდესაც (ანტიქრისტე) უსჯულო ხელით იმოქმედებს. მთელი მიწის პირი და კაცობრიობა, ერები და ენები უპატიო იქნება და დაიწყება ადამიანთა მოსპობა და გამწარება. და გაიკაფება ტყის ყველა ხე და მოირღვევა მთების სილამაზე.

14. სამეფო ქალაქი აოხრდება და ქვეყნები ფეხდაუდგამი იქნება ადამიანთა შემცრების გამო. და შეიბილწება მიწა უცხო ერის სიარულით და აღარ გამოიღებს თავის ნაყოფს. თავიანთი გამოსვლისას (ისმაიტელები) გამოიჩენენ დიდ სისასტიკეს – ორსულ ქალებს ტვირთს აჰკიდებენ და წაბილწავენ ეკლესიებსა და წმინდა საკურთხევლებს. თავიანთ ცხენებს დააბამენ ეკლესიებში და მღვდლების ცოლებს წაბილწავენ მათში და ისინი (ისმაიტელები) დახოცავენ მათ.

15. საკურთხევლისათვის მოსახმარს თავიანთ მეძავებს შემოსავენ. მღვდლების შესამოსელს თავიანთ ცხენებს დააფარებენ. სახედარს გამოაბამენ წმინდა სამარხებს და მათთვის შეწირულ ოქრო-ვერცხლს მეძავებს დაკიდებენ და თავიანთ ცხენებს მოჭედავენ. და აწამებენ ქრისტიანებს დიდი წამებით იმიტომ, რომ ამბობს წმინდა მოციქული: “როგორც ყველა, ვისაც ისრაიტელი ეწოდება, არ არის ისრაიტელი” (რომ. 9,6), ასევე ყველას, ვისაც ქრისტიანი ეწოდება, არ არის ქრისტიანი.

16. რადგანაც წინასწარმეტყველი ამბობს: “შვიდი ათასი სული აღმოჩნდა ისრაელის შვილებში, რომელბმაც ბაალს არ მოუდრიკეს მუხლი და მთელი ისრაელის ერი მათ გამო გადარჩა” (III მეფ. 19,18). ქრისტიანთა შორის ცოტანი დარჩებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები. როგორც თვითონ მაცხოვარიც ბრძანებს წმინდა სახარებაში: “როცა კაცის ძე მოვა, იპოვის კი ქვეყანაზე სარწმუნოებას?” (ლუკ. 18,8).

17. ძალიან შეცოტავდებიან ადმაიანები იმ დროს და ბევრი უარყოფს მართალ სარწმუნოებას და ცხოველმყოფელ ჯვარს – წმინდა საიდუმლოს და მრავალნი გაჭირვებისა და დაძალების გარეშე თავისი ნებით უარყოფენ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს. გაჰყვებიან მაცდუნებლის საფრთხეს. ყოველივე ამის შესახებ წინასწარ თქვა პავლე მოციქულმა, რომ: “უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან და გაყვებიან ეშმაკთა მოძღვრებებს, ცრუ სწავლებებით გონება წახდენილი და წართმეული ექნებათ” (I ტიმ. 4,1-2).

18. და კიდევ ამბობს (მოციქული) უკანასკნელ დღეებზე: “დადგება მძიმე და საზარელი დრო, აირჩევენ ადამიანები საძაგელ უკეთურებას და იქნებიან თავმომწონენი და გემოთმოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უღირსნი, უმადლონი, შეუბრალებელნი, უყვარულნი, შეურიგებელნი, ეშმაკეულნი, მოუთმენელნი, სასტიკნი, სიკეთის მოძულენი, გამცემნი, მზაკვარნი, ამაყნი, უფრო გემოთმოყვარენი ვიდრე ღვთისა, რომლებსაც ღვთისმსახურების სახე ექნებათ მის ძალას კი უარყოფენ” (II ტიმ. 3,1-5).

19. ასეთები და ამათი მსგავსი გაბატონდებიან იმ დროს და ყველაფერს რასაც განიზრახავენ, იოლად გააკეთებენ, ხოლო ღირსეულს და ღვთისმოშიშ ადმაიანებს არარაობად შერაცხავენ. იმდენად უპატიონი იქნებიან (მორწმუნეები) მათთვის, რომ როგორც ჭუჭყიან ტილოს ისე გათელავენ მათ. ისმაიტელთა გაბატონებისა და ქრისტიანთა გვემის დროს ჩავარდებიან ადამიანები ისეთ სასტიკ გაჭირვებაში, რომ სიცოცხლის იმედს დაკარგავენ.

20. წაერთმევათ პატივი მღვდლებს და შებილწული იქნება მათი მსახურება. და შეწყდება ეკლესიებში ყველა მსხვერპლშეწირვა ღვთისადმი და იქნებიან მღვდლები როგორც ერის ადამიანები და ერი. და იმ დროს, მეშვიდე შვიდეულში, როცა მთელი მიწის პირს დაიპყრობენ, უფრო მეტად გამრავლდება სასტიკი, გაუსაძლისი გაჭირვება, უზომო შიმშილი; მალე-მალე დასნეულდებიან ადამიანები და საქონელი (და) დაცვივდებიან მიწაზე.

21. იმ დროს ზღვის ქვიშასავით დაედება ადამიანებს წყლულები, რადგანაც აღარავინ იქნება მათი გვამების დამმარხავი. ხარკის სიდიდის გამო გათავდება ოქრო და ვერცხლი. ადამიანები გაყიდიან სახლის ყველა ნივთს იქამდე, რომ რკინის ჭურჭელს და საკუთარ მოსახევსაც* აღარ დაიტოვებენ.

22. და მეშვიდე შვიდეულში, რომელიც არის ის შვიდი შვიდეული, ბოლო წელიწადში, დამშვიდდებიან იმ ადამიანთა შვილები, რომელნიც დარჩენილნი იქნებიან.

23. რატომ მოაწევს ღმერთი ასეთ განსაცდელს ქრისტიანებზე, რომელთაც სწამთ მისი (უფლის) სახელი? იმიტომ, რომ გამოჩნდნენ მორწმუნეები და ურწმუნოები და გაირჩეს ღვარძლი ხორბილსაგან.

24. რადგანაც მაშინდელი დრო განსაწმენდელი ცეცხლი იქნება და ადროვებს ღმერთი მართალთა შეჭირვებას, რომ გამოჩნდენ ღვთის რჩეულნი. როგორც ამბობს (მაცხოვარი): “ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყველანაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემ გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში” (მათ. 5,11-12).

25. ისმაიტელების შეჭირვების შემდეგ აღარ ექნებათ (ცოცხლად) დარჩენილებს ისმაიტელთაგან ხსნის და გადარჩენის იმედი. იქნებიან ისინი ცოცხალ-მკვდარნი, დევნილნი, შეჭირვებულნი და აუარებელი ბოროტი და განსაცდელი შეემთხევათ მათგან. და მათი (ისმაიტეთა) სიბოროტისაგან დაიღუპებიან ქრისტიანები სპარსეთსა და საბერძნეთში, კილიკიაში, ასურეთში, კაბადოკიაში, სევერიაში, აფრიკაში, სიკილიასა და რომის შემოგარენში. ხოლო ზღვის კუნძულები და ჭალები როგორც პატარძალი ჩაიცვამს შესამოსელს, ასე შეიმოსებიან მათ (ისმაიტელთა) მიერ.

26. და ყოველივე ამის შემდეგ, მათი (ისმაიტელთა) განდიდებისა და ძლიერებისას, დაიწყებენ გმობას და იტყვიან: ვერავინ იხსნის ქრისტიანებს ჩვენი ხელიდან!

-----------------------------------


* ძველ ქართულშია: “საგრაგნელი სამკვიდროცა თვისი”. “საგრაგნელი” – ნიშნავს შესახვევს. იგულისხმება, რომ გაჭირვების გამო იმ დროს ადამიანები ტანზე მოსასხამსაც აღარ დაიტოვებენ.

 

ამის შემდეგ ბერძენთა გამარჯვება


1. მაშინ სასწრაფოდ აღდგება ელინთა (ანუ ბერძენთა) მეფე მათ (ისმაიტელთა) წინააღმდეგ დიდი რისხვითა და გულისწყრომით და გაიღვიძებს როგორც კაცი, რომელსაც ღვინო ესვა და ეძინა, რომელიც ადამიანებს მკვდრად მიაჩნდათ, რომლისაგანაც არასოდეს მიუღიათ სარგებელი.

2. გამოვა თარშის ზღვიდან, აღმართავს მახვილს და მოსრავს მათ და განდევნის ეთრიოს უდაბნოდან, სადაც თურქეთია. და წამოიყვანს მათ ცოლ-შვილს ტყვედ. ხოლო მათთან, ვისაც აღთქმის ქვეყანა ექნებათ დაპყრობილი, მეფე თავის ძეებს გაგზავნის და ისინი ამოწყვეტენ ქვეყნის მცხოვრებთ მახვილით. და დაეცემათ მათ (ისმაიტელებს) შიში ყოველ მხრივ, (შიში) რომელიც პირველად ქრისტიანებს ჰქონდათ.

3. ხოლო ტყვეები, ნადავლი და სიმდიდრე, მათი ცოლები და შვილები, ყველაფერი ბერძენთა მეფეს დარჩება. და მიეცემიან ისმაიტელები მახვილსა და ტყვეობას, სიკვდილსა და აოხრებას და იქნება მათზე ბერძენთა მძიმე უღელი შვიდი წელი – როგორც მათი უღელი იყო პირველად (ქრისტიანებზე). მიადგებიან ისინი (ბერძნები) და ამოწყვეტენ დიდი შეჭირვებით, შიმშილით და წყურვილით და დიდი ჩაგვრით დაიმონებენ მათ და მათ ცოლებს, რომლებსაც პირველად თვითონ (ბერძნები) ემონებიან. და იქნება მათი მონობა უფრო მძიმე და მტკივნეული, ვიდრე პირველად მათ მიერ იყო.

4. ათი წელი დამშვიდდება მოოხრებული ქვეყანა და წავა ყველა თავის ქვეყანაში, წინაპართა სამშობლოში.

 

ნახე ესეც


1. სომხეთი, კილიკია, ისავრია, აფრიკა, ელადეთი, სიკილია და ყველა, ვინც ტყვეობიდან გადარჩენილი იქნება, წავა თავის ქვეყანაში და თავის მამულში. და დიდად გამრავლდებიან ადამიანები აოხრებულ ქვეყანაზე, როგორც ეგვიპტის კალია. არაბეთი ცეცხლით დაიწვება, ეგვიპტე დაიწვება ცეცხლით და აოხრდება. ხოლო ზღვის სანაპიროები დამშვიდდებიან.

2. და ბერძენთა მეფის მთელი რისხვა ქრისტეს უარმყოფელთა მიმართ იქება – მოსპობს და ამოწყვეტს და ცეცხლში დაწვავს მათ ქვეყანას. დამშვიდდება მაშინ დედამიწა დიდი მშვიდობით და იქნება მთელ ქვეყანაზე მიუწვდომელი მშვიდობა, რომელიც არ ყოფილა არასოდეს და აღარც იქნება. იმიტომ, რომ უკანასკნელი დრო და ჟამთა აღსასრული იქნება.

3. და იქნება მთელ ქვეყანაზე სიხარული და მხიარულება, რომელიც არ ყოფილა დაბადებიდან. და იცხოვრებენ ადამიანები დიდი სიხარულით და იქნება ენით უთქმელი მშვიდობა. და განახლდება ქალაქები და განთავისუფლდებიან მღვდლები თავიანთი შემაჭირვებლებისაგან.

4. ეს იქნება ის მშვიდობა, რომელზეც მოციქულმა თქვა: “როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი” (თეს. 5,3). ასევე მაცხოვარი ბრძანებს წმინდა სახარებაში: “როგორც ნოეს დღეებში...” (ლუკ. 17,26) და შემდგომი.

5. ამ მშვიდობისას დასხდებიან ადამიანები და დაემკვიდრებიან დიდი სიხარულით. შეჭამენ და დალევენ, ცოლს შეირთავენ და გათხოვდებიან, მოილხენენ და იმხიარულებენ და ააშენებენ ძვირფას და დიდებულ შენობებს. და არ იქნება მათ გულებში შიში, შფოთი და მწუხარება.

6. მაშინ გაიხსნება ჩრდილოეთის კარი, რომელიც ოსეთშია და რომელიც ალექსანდრე მეფემ დაკეტა* და გამოვა იქიდან წარმართთა სიმრავლე და ძლიერება, რომელნიც მაყვლოვანში იყვნენ შემწყვდეულნი და შეიძვრება მათგან დედამიწა და დიდად შეშფოთდებიან ადამიანები და გაექცევიან მათ და დაიმალებიან მთებში, გამოქვაბულებსა და მკვდართა  სამარხებში. და მრავალი დაიღუპება მათი მოსვლისას და არავინ მოიძებნება მათი დამმარხავი.

7. ჩრდილოეთიდან და მთის მხრიდან გამოსული ადამიანთა მოდგმა ადამიანთა ხორცის მჭამელნი და სისხლის, როგორც წყლის მსმელები იქნებიან, მჭამელნი ყოველგვარი უწმინდურობის – გველისა და მორიელის და ყოველგვარი სისაძაგლის, ქვეწარმავლის და მძორის. იმდენად ბოროტნი და შემზარავნი იქნებიან, რომ ჩვილ ბავშვებს შეწვავენ და მათ მშობლებს აჭმეენ. და შებილწავენ ქვეყანას, აიკლებენ და არავინ იქნება ისეთი, ვისაც ექნება ძალა, წინ აღუდგეს მათ.

8. და შვიდეულის წელიწადის შემდეგ შეიკრიბებიან და მივლენ ქალაქ იოპეში და უბრძანებს უფალი ღმერთი ძალთა ერისმთავარ მიქაელს, მოვა და ამოწყვეტს მათ ერთი თვალის დახამხამებაში. და არ გადარჩება არავინ. ამის შემდეგ ბერძენთა მეფე აღდგება და წავა ისრაელში და იქ იცხოვრებს შვიდწელიწად-ნახევარი. ხოლო როცა აღესრულება ათწელიწად-ნახევრის ათი რიცხვი, მაშინ გამოჩნდება წარწყმედის ძე, უსჯულოების ნაშობი ანტიქრისტე.

9. დაიბადება ქორაზინში და გაიზრდება ბეთსაიდაში და გამეფდება კაპერნაუმში. გაიხარებს ქორაზინი, რდგანაც იქ დაიბადება და ბეთსაიდა, რადგანაც მასში აღიზრდება და აღესრულება უფლის სიტყვები: “შენ კი, კაპერნაომ, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები” (მათ. 11,23). და როცა მოვა წარწყმედის ძე, ავა ბერძენთა მეფე წმინდა გოლგოთაზე, სადაც ცხოვრების ძელი, მხსნელის ჯვარი დაენერგა, რომელზეც ჩვენი უფალი იესო ქრისტე გაეკრა და სიკვდილი ნებით დაითმინა.

10. აიღებს ბერძენთა მეფე ცხვრების ძელს და იქ (გოლგოთაზე) დაასვენებს და სამეფო გვირგვინს დაადებს ზემოდან ცხოვრების ძელს. და აღაპყრობს ხელს და შეავედრებს ქვეყნების მეფობას ღმერთს და მამას და თვითონ მაშინათვე გარდაიცვლება. და ამაღლდება ცხოვრების ძელი ზეცაში და მისცემს გზას ნეტარი მეფის სულს. ასევე (ამაღლდება) სამეფო გვირგვინიც. ვინაიდან მეუფის დიდებითG მოსვლისას პირველად პატიოსანი ჯვარი, ცხოვრების ძელი უნდა გამოჩნდეს ცაში – მორწმუნეთა გასახარად და უსჯულოთა სამხილებლად.

11. მაშინ გამოჩნდება და გამოცხადდება წარწყმედის ძე – ანტიქრისტე დანის მოდგმიდან მამამთავარ იაკობის წინასწარმეტყველებისამებრ რომელიც ამბობს: “გველი იქნება დახვეული გზაზე; დამგესლავი ცხენის ქუსლისა; გადაექანება უკნ მხედარი. შენგან მოველი ხსნას უფალო!” (დაბ. 49,17-18). “მხედარი” არის ჭეშმარიტება და მართალი ღვთისმსახურება, “ქუსლი” არის უკანასკნელი დღე – ასეთები არიან წმინდანები. მაშინ ვინც სარწმუნოების ეტლში იჯდება, დაიგესლება ბოროტი გველის მიერ, ცხადია, - წარწყმედის ძის მეირ.

12. ხოლო ქუსლზე კბენა ნიშნავს უკანასკნელ დღეებში ცრუ ნიშნებით და სასწაულებით მოტყუებას. რადგანაც იქნება ნიშნები და სასწაულები ქვეყანაზე, მაგრამ არა ჭეშმარიტი, არამედ ყველაფერი მისაკუთრებული. რადგანაც ბრმებს თვალს აუხელს, კოჭლებს გაატარებს, ყრუებს სმენას აღუდგენს, ეშმაკეულებს განკურნავს, მზეს დააბნელებს და მთვარეს სისხლად გადააქცევს და ამ სასწაულთა საოცრებით მცირედ რჩეულებსაც აცდუნებს. როგორც თვითონ უფალმაც თავიდანვე გამოგვიცხადა, რომ: “რჩეულნიც შეაცდინოს, თუ კი შეძლებს” (მათ. 24,24).

13. მაშინ შევა იერუსალიმში წარწყმედის ძე და  დაჯდება ღვთის ტაძარში ყველასაგან პატივცემული და განდიდებული როგორც ღმერთი, რადგანაც კაცი იქნება ის უკეთური და მოჩვენებით გააკეთებს ყველაფერს.

14. მამაკაცის თესლისა და დედაკაცის მუცლისაგან დაიბადება [.........]**, რადგანაც დაიბადება საცდუნებლად, თითქოს ქალწულისაგან, ვიღაც არაწმინდა მარიამის საშოდან, რომელიც დანის ტომიდან იქნება, როგორც იუდა ისკარიოტელი იყო დანის ტომიდან, რომელმაც გასცა უფალი.

15. გამრავლდება ამ საცდურის დღეებში განსაცდელი, მაგრამ არ დაუშვებს უფალი კაცთა მოდგმის დაღუპვას და მაშინათვე მოავლენს თავისი ნების აღმასრულებელ ენუქს და ელიას, მოწინააღმდეგეთა სამხელად და ყველა მორწმუნის დასახმარებლად. როცა უეჭველად გამოჩნდებიან ისინი (ენუქი და ელია), მაშინ ყველას წინაშე ამხელენ  მაცდურის სიყალბესა და ტყუილს, რომ ტყუილად ირჯება და ამაოდ აცდუნებს ხალხს.

16. როცა დაინახავს ხალხი, რომ წმინდანთა მიერ გამოაშკარავდა სიცრუე და ტყუილი, მაშინვე მიატოვებენ (მაცდუნებელს) და გაჰყვებიან ღვთის ნების აღმასრულებელ ენუქს და ელიას და უსჯულოსაგან განშორებულნი მათთან იქნებიან. როცა დაინახავს წარწყმედის ძე, რომ ყველასთვის განცხადდა მისი უღმრთოება და უსჯულოება, სასტიკად განრისხდება და მახვილით დახოცავს წმინდანებს და ისინიც (ენუქი და ელია) აღაარულებენ თავიანთ დამოწმებას და მოიხდიან ვალს ბუნების წინაშე.***

------------------------------------------


* იგულისხმება ალექსანდრე მაკედონელი.
** ამ ადგილას ტექსტი გაუმართავია სამივე ხელნაწერში და შინაარსის გაგება შეუძლებელია, ამიტომ თარგმნა ვერ მოხერხდა. ნუსხაში ვკითხულობთ: “იშვეს ესე საცდურებით, რამეთუ ვერ შეიმოსნეს ზრქელნი ხორცნი, რამეთუ ვითარ რომელნი-იგი არა შექმნა არამედ დღითი-დღე ებრძოდის შემოსად, რამეთუ სხვად და სხვად ეჩვენებოდის იგი კაცთა”.
*** რადგანაც ენუქი და ელია ცოცხლად არიან ატაცებულნი ზეცაში და ხორციელი სიკვდილი არ განუცდიათ, იგულისხმება, რომ გარდაცვალებით ვალს მოიხდიან ბუნების კანონზომიერების წინაშე.



ანტიქრისტეზე ნათქვამი სხვა განმარტება


1. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ანტიქრისტე უნდა მოვიდეს, რადგანაც ის, ვინც არ აღიარებს ღვთის ძეს და ღმერთს ხორციელად მოსულს ღმერთად და კაცად, ის უკვე ანტიქრისტეა (II იოანე 1,7), რაც ქრისტეს მოწინააღმდეგეს ნიშნავს, რადგანაც ასე ითარგმნება სახელი ანტი. და ამგვარადაც მართებულია, რომ საკუთრივი თვისებით ჟამთა აღსასრულისას იმ მოსვლას ეწოდება ანტი.

2. ჯერ უნდა ექადაგოს სახარება ყველა წარმართს, როგორც თქვა უფალმა, და მაშინ გამოჩნდება ანტიქრისტე, უგუნური ებრაელების სამხილებლად, რომლებსაც უთხრა უფალმა: “მე მოვედი ჩემი მამის სახელით და არ მიმიღეთ, სხვა მოვა თავისი სახელით და მას მიიღებთ” (იოანე 5,43). და მოციქული ამბობს: “რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ ირწმუნა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო” (II თეს. 2,10-12).

3. ამრიგად, რადგან ებრაელებმა არ მიიღეს ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ამიტომ იმ მაცდურს მიიღებენ, რადგანაც თავის თავს ღმერთს უწოდებს. ხოლო ის, რომ ღმერთს უწოდებს თავის თავს, ანგელოზისაგან ეუწყა დანიელს, როცა უთხრა (ანგელოზმა), რომ: “არ მოუსმენს თავისი მამა-პაპის ღმერთს” (დან. 11,37).

4. ასევე მოციქული ამბოს: “ნურავინ გაცდუნებთ თქვენ, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ განცხადდება ცოდვის კაცი, წინააღმდგომი და იმის მსურველი, რომ თავზე მოექცეს ყველაფერს, რაც სახელდებულია ღმერთად თუ ღვთაებად, ასე რომ, ღმერთის ტაძარში დაჯდება იგი როგორც ღმერთი” (II თეს. 2,3-4). ხოლო “ღმერთის ტაძარში იგულისხმება არა ჩვენი ტაძარი, არამედ ძველი ებრაელების. რადგანაც ჩვენთვის კი არ მოვა,* არამედ ქრისტესა და ქრისტიანების წინააღმდეგ. ამიტომ ანტიქრისტე ეწოდება.

5. ჯერ უნდა ექადაგოას სახარება სასუფევლისათვის ყველა წამართს და ამის შემდეგ გამოჩნდება ის უსჯულო, რომლის მოსვლა ეშმაკის ძალით იქნება, ცრუ სასწაულებით და ყოველგვარი უსამართლობით და ცდუნებით. რომელსაც უფალი მოაკვდინებს თავისი პირის სიტყვით და მოსპობს მისი (ქრისტეს) გამოჩენით. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არა თუ ეშმაკი შეისხამს ხორცს, როგორც უფალი განკაცდა, ნუ მოხდება ასე, არამედ სიძვით ნაშობი იქნება ის უკეთური კაცი და თავის თავში მიიღებს სატანის ყოველგვარ ქმედებას. და რადგანაც უფალმა წინასწარ იცის მისი გონების სიბოროტე, ამიტომ დაუშვებს რომ შევიდეს მასში ეშმაკი.

6. სიძვით დაიბადება როგორც უკვე ითქვა და ფარულად აღიზრდება და უმალ გამოჩნდება. აჯანყდება და მეფე გახდება. მეფობის დასაწყისში, განსაკუთრებით კი მისი გაძლიერებისას, კეთილად წარმოაჩენს თავს და როცა გაბატონდება ქვეყანაზე, მაშინ დაიწყებს ღვთის ეკლესიის დევნას და გაამჟღავნებს თავის ყოველგვარ უკეთურებას.

7. მოვა ცრუ და არაჭეშმარიტად აღსრულებული სასწაულებით და შეაცდენს და განაყენებს ღმერთს მათ, ვინც სუსტი იქნება სარწმუნოებით. და ექნება ძალა, თუკი შესძლებს, რჩეულნიც შეაცდინოს. ამის შემდეგ გამოჩნდებიან ენუქი და ელია თესბიტელი და მოაქცევენ მამების გულს შვილების მიმართ, ეს ნიშნავს – ებრაელთა შესაკრებელს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ და მოციქულთა ქადაგების მიმართ და თვითონ მოიკვლებიან ანტის მიერ.

8. და ამის შემდეგ მოვა უფალი ზეციდან, როგორც წმინდა მოციქულებმა იხილეს იგი ზეცად აღმავალი – სრული ღმერთი და სრული კაცი, ძალით და დიდებით. და მოსპობს იმ უსჯულო კაცს, წარწყმედის ძეს თავისი პირის სულით. ნურავინ ელის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლას დედამიწიდან, არამედ ზეციდან, როგორც თვითონვე გაგვაფრთხილა ჩვენ.

-----------------------------------------


* იგულისხმება, რომ ჩვენ შემწედ კი არ მოვა ანტიქრისტე, არამედ – ქრისტიანთა წინააღმდეგ.

 

კვლავ მაცხოვრის მეორედ მოსვლა დიდებით


1. იმ დროს გამოჩნდება კაცის ძის მოსვლის ნიშანი*, რადგანაც ცის ღრუბლებზე მოვა მრავალი ძალით და დიდებით და მოკლავს მას (ანტიქრისტეს) უფალი თავისი პირის სულით მოციქულის სიტყვისამებრ.

2. მაშინ გამობრწყინდებიან მართლები მზეზე მეტად და გამოჩნდებიან ქვეყანაზე როგორც მნათობები.

3. უკეთურებს ემხილებათ და შერცხვებათ და მიეცემიან ჯოჯოხეთს საუკუნოდ სატანჯველად. და იმეფებს უფალი უკუნისამდე ღმერთი შენი, სიონ, თაობიდან თაობამდე.

4. და არ იქნება მისი სუფევის დასასრული, რადგანაც მას შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასთან ერთად დაუსაბამო და ცხოველმყოფელი სულით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


------------------------------------------


* იგულისხმება ჯვარი.

 

 

ხელნაწერი გამოსაცემად მოამზადა, ძველიდან თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოიღო,

წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო დავით ჩანადირმა

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 17 October 2011 00:25)