Georgian (Georgia)English (United Kingdom)

უანოტის საწინდარიდან, თუ მართლაც უსამართლობა არ იქნება ჩემი მხრივ აქაური წესით ამ ადგილის მოხსენიება, აი, ასეთი წერილი მოგწერე: უმართებულოდ მიმაჩნია, რომ არა აქვს მოხდენილი ზედწოდება ალაგს, რომლის მშვენებას და მადლს არ ასახავს სახელწოდება “გალაქტიკოსი”. ეს სილამაზე თვალსაჩინოდ უნდა განიმარტოს. მრავლისმხილველი ვარ მრავალი დროის განმავლობაში და ბევრიც გამიგია წინაპართა მონათხრობი წერილობითი ძეგლების მეშვეობით.

გადაჭარბებულ ლაყბობად მივიჩნევ ყველაფერს, რაც მინახავს და რაც მსმენია, აქაურ მშვენიერებასთან შედარებით: არაფერია ის ჰელიკონი, მონაგონია ნეტართა კუნძულები, ნაკლებად სახსენებელია სიკიონიის დაბლობი, გარდა ამისა, ფუჭია რაღაც სახოტბო მოთხრობები პენეიოსის შესახებ, რომლის წყალუხვი დინებაც, გადმოცემით, მაღლობებიდან მედინ წყლებს იერთებს და მრავალგზის ნაქებ თესალიელთა დაბლობს განამშვენებს. ნეტავ ყველა მონათხრობიდან რომელი არის, სადაც უანოტა განსაკუთრებული მშვენებით წარმოგვიდგება? ან ნეტავ ვინმეს მოეძიებინა ბუნებრივი მადლი ადგილისა, [ვინაიდან იგი] გამოუსადეგარი დარჩენილა ხელოვნების სიკეთეთათვის; ან ნეტავ ვინ ნახა [ბუნებრივთან] შერწყმული გამონაგონი; ასე და ამრიგად ხდება, რომ ბუნების შესაძლებლობა დაჯაბნილია უიღბლობით. სწორედ ქვეყნის მომრთველი ბუნება შეულამაზებლად ჰფენს მადლს ამ ადგილს; ამგვარად, ზემოდან მდინარე ჰალისი ამშვენებს მაღლობს; როგორც რაიმე ოქროს ზოლი გამობრწყინდება მეწამული ტანსაცმლის ქსოვილიდან, [ისე] წითლდება შლამში კალაპოტი. ქვემო მხრიდან ვრცელი ქედი დიდ კლდოვან ნაპირზე ხშირ, უვალ მუხნარად გაშლილა, ღირსი ვინმე მაქებლის ჰომეროსის მიმთხვევისა*, უფრო მეტად, ვიდრე ის ნერიტონი ითაკიური, რომელზეც პოეტი ამბობს, რომ არის შესანიშნავი და ხშირტყიანი. ქვემოთ ჩაყოლებული ბუნებრივი ტყე სახნავიდან ქვემოქედს უერთდება. ვაზები მწკრივებად განფენილა დამრეც და ვრცელ ქვემოქედზე, როგორც მოყვითაოლო-მომწვანო ფერის ქსოვილი; ყველაფერი ეს კი გარს ერტყმის ქვევით განფენილ ადგილს. დრო მიდიოდა და ჟამი დადგა, რომელმაც აჩვენა ყურძნის მტევანთა რაღაც საკვირველი საჭიროება, რომელსაც უფრო მეტი გაოცება მოჰყვა, რადგანაც მეზობელი ქვეყნის ნაყოფი მჟავე აღმოჩნდა. მაშინ შესაძლებელი გახდა ყურძნით ტკბობა და უნებურად დროის ბოროტად გამოყენება. შემდეგ ჩვენგან მოშორებით, როგორც სანიშნე ჩირაღდნებიდან ცეცხლმა, ისე გამოანათა ნაგებობების სილამაზემ, მარცხნივ აიზიდა მოწამეთაგან განმზადებული სამლოცველო, რომელიც დამთავრებული ჯერ არ იყო, სახურავი აკლდა. თუმცა მაინც გამოირჩეოდა. ჭეშმარიტად განსაკუთრებულად ლამაზი იყო გზა; ერთიმეორის მონაცვლეობით მოგონებათაგან სიტკბოება გამოიყოფა: კოშკების შვერილები და ლხინისათვის სამზადისი სახლები, ჭიშკართა წინ, შესასვლელთან, გარშემორტყმულ ჭადართა ვრცელ და მაღალ მწკრივებში, შემდეგ სახლების ირგვლივ – ფეაკური ბაღები. მეტად არა გამედიდურდეს [ამ ბაღთა მეხოტბე], როდესაც მათ შეერწყმის უანოტის სილამაზე; ჰომეროსს აქ არ უნახავს მწიფე ვაშლებით დახუნძლული ხეები, ასევე ყვავილების უცნაური ფერი, რომელსაც იღებენ ყვავილობის განახლების ჟამს, არ უნახავს მსხლები, უფრო თეთრი, ვიდრე ახლად თლილი სპილოსძვალი. რისთვის შეაქებდა სპარსულ შემოდგომას, ჭრელსა და მრავაფეროვანს და მრავალგვარად აღრეულსა და შერწყმულს? როგორც, მაგალითად, ჯიხვების და ჰიპოკენტავრების და სხვა ამგვართა სახეობების შერწყმულ ბუნებას აღწერენ ისინი, რომლებიც მეტ სიბრძნეს დაიჩემებენ; შემოდგომაზე ნუშის კაკლისა, ასევე ატმის სახელისა და გემოს შერწყმის მიხედვით მბრძანებლად ქცეულმა ბუნებამ ხელოვნების დარად შექმნა [ყველაფერი]. ამას გარდა, თითოეულს სიმრავლე [საკუთარ] სილამაზეზე აღმატებულად წარმოაჩნდა. თუმცა არ ვგულისხმობ, რომ შესაძლებელია სიტყვით გადმოცემა ნარგავთა განლაგებისა და იმ მშვენივრად მედინი ფერწერისა (ჭეშმარიტად უფრო ფერმწერის, ვიდრე მიწადმოქმედის სასწაულია), ასე რომ ამათ განმწყობელთა წადილით ბუნებრივი დაუბრკოებლივ იზღუდება. ყურძნის ხეივანების ქვეშ გზა არის და მტევანთა ის სასიამოვნო ჩრდილი და გვერდებზე აღმართული საოცარი კედლები, ვარდის ყლორტები და ვაზების ლერწები ერთმანეთში გადახლართულან და კედლების აყოლებაზე შესასვლელის ზღუდემდე გადაჭიმულან. ამ სასეირნო ადგილის თავში აუზია წყლისა და მასში მობინადრე თევზები. ნეტავ გამოხატავს ვინმე შესაფერისი  სიტყვით [ამას]? ყოველივე ამით თავისუფლებისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების [გაცხადების] შემდეგ სახლის ზედამხედველნი შენი კეთილშობილების შესახებ გულმოდგინედ მოგვითხრობდნენ, შენთვის ქმნილს ყოველსავე გვაჩვენებდნენ, თითქოს თავად შენ გამო ჩვენგან გახარებულნი. აქაც ვინმე ყრმათაგან ზუსტად ისე, როგორც ვინმე სასწაულმოქმედი, გვიჩვენებს ჩვენ ღირსშესანიშანაობას, არც ისე ხშირად არსებულს ბუნებაში; სიღრმეში ჩასული თავისუფლად ღებულობს თევზებისაგან ცოდნას; ისინი შეხების შედეგად არ მოთვინიერდებიან მეთევზისაგან, როგორც რაღაც გაწვრთნილი ძაღლები, რომლებიც მოშინაურებლნი არიან მომთვინიერებლის ხელით და დამორჩილებულნი. შემდეგ მე მიმიყვანეს რაღა სახლში, სწორედ რომ განცხრომისათვის; სახლს ჩვენ წარმოგვიდგენს შესასვლელი, ხოლო კარს იქით რომ აღმოვჩნდით, სახლი კი არა, სტოვა** წარმოგვიდგა. მაღლა აზიდული სტოვა იყო ღრმა ტბაზე მრავალი სიმაღლიდან დაკიდებული. ამას გარდა სამკუთხა მოხაზულობის საფუძველი, რასაც სტოვა ეკავა, ერთბაშად ეშვებოდა წყალზე, ისე, როგორც შინაგანი ფუფუნების შესავალი. სწორი გზის გაყოლებით ლელიანს ენაცვლება რაღაც მაღალი სახლი სამკუთხა პონტონით***. ყოველი მხრიდან მზის სხივებით განათებული ჭრელი გამოსახულება ჭრელი ყვავილებით მორთული ნახატია.

ჩვენ გვმართებდა ამ ადგილის მცირედ მაინც დავიწყებისაგან გამოტაცება: სახლი თავისკენ გვიზიდავდა, არაჩვეულებრივი სანახავი იყო ტბასთან გაშენებული სტოვა, ხოლო ულამაზესი თევზები თითქოს განზრახ სიღრმისკენ გვიტაცებდნენ სათამაშოდ. სიღრმეებიდან ზედაპირზე ამოცურებულნი, როგორც რაღაც ფრთოსანნი, ჰაერიდან ჩამოსხლტებიან, ნახევრად ჩნდებიან; ჰაერში კუბის ფორმას შემოწერენ და ხელახლა წყლის სიღრმეში იძირებიან; სხვები, ჯგუფებად ერთმანეთს მიდევნებულნი, შეუჩვეველთათვის სანახაობას ქმნიან, მეორე მხრიდან თევზების სხვა ჯგუფი გამხმარი პურის ნატეხებით ყრძენს წარმოსახავდა, სხვა და სხვანი სხლტებოდნენ და სხვა კიდევ ყვინთავდა. სხვები კი ამათგან უჩინარდებოდნენ ტოტებში და ჩვენთვის მოჰქონდათ კალათებით ყურძენი და შემოდგომის ჭრელი დოვლათი... საუკეთესო სამზადისი და თევზის კერძები, რჩეული სადილები და ნამცხვრები, სადღეგრძელოები და სასმისები.

შემდეგ კი, მართლაც უკვე მოყირჭებულობის შემდეგ, ძილის მოგვრის საპირისპიროდ, წერისათვის განწყობილმა, შენ ეს მჭერმეტყველებით სწორედ სიზმრის მსგავსი წერილი მოგწერე. გევედრები, არა ქაღალდითა და მელნით, არამედ ჩემივე ხმითა და ენით (შენივე სიკეთე იყოს შენთან) შენს მოყვასთ ყველაფერი მოუყევი.

 

-------------------------------------

* შდრ. ალექსანდრე მაკედონელის განთქმული სიტყვა ქართული მატიანიდან: “არა დიდ იყავ აქილევი, არამედ დიდსა მიემთხვიე მაქებელსა უმიროსს”.
** სტო[ვ]ა – ეზო, აივანი, გალერეა.
*** ”პონტონი” განიმარტება ჩაკიდულ ხიდად.

 


ძველი ბერძნულიდან თარგმნეს
დალი ნადიბაიძემ და მაია ნახუცრიშვილმა
“ბიზანტიური მწერლობის ქრესტომათია”, ტ. I




AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 17 October 2011 00:26)