Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ძმას, მონას ღმრთისას, პეტრეს სებასტიის
ეპისკოპოსს, გრიგოლი ეპისკოპოსი ნისიისა


სათნოებით გამორჩეულნი ფასიანი მონაგებით რომ ჯილდოვდებოდნენ, როგორც სოლომონი ამბობს, ნივთთა მთელი სამყარო მცირე აღმოჩნდებოდა იმისთვის, რომ შენს სათნოებას შესწორებოდა, რადგან სამადლობელი, ღირსი შენისა პატიოსნებისა საფასეთა ღირებულებას აღემატება. მაგრამ წმინდა პასექი ჩვეულებისამებრ ძღვენს ითხოვს, რომელსაც ვუძღვნით ამაღლებულ სულს შენსას, კაცო ღმრთისაო, თუმცაღა ძღვენი კნინია იმისათვის, რომ შენთვის მორთმევის ღირსი იყოს, მაგრამ არა უდარესი ძალისა ჩვენისა.

ძღვენი ესე არის სიტყვა, მსგავსი რაღაც შეურაცხისა სამოსელისა, რომელიც მწირისა გონებისაგან ჩვენისა არა უშრომლად მოიქსოვა. შეიძლება შინაარსი სიტყვისა ბევრს კადნიერებადაც ეჩვენოს, მაგრამ შეუფერებლად მაინც არ ჩაითვლება, რადგანაც ქმნილება ღმრთისა ღირსეულად მხოლოდ ბასილიმ, ვინც ჭეშმარიტად ხატად ღმრთისად დაიბადა და ვინც სული თვისი ხატებითა დამბადებელისათა განამშვენა, ჩვენმა საერთო მამამ და მასწავლებელმა, მოიაზრა. მან მაღალი წესრიგი სამყაროსი თავისი გამოკვლევით ადვილად მისაწვდომი გახადა მრავალთათვის და სოფელი, რომელიც ღმრთისაგან ჭეშმარიტი სიბრძნით შეიქმნა, შესამეცნებლად აქცია მათთვის, ვინც ჭვრეტას მისი სიბრძნით მიეახლა.

ხოლო ჩვენ, რომელნიც იმისთვისაც კი უძლურნი ვართ, რომ მისით ღირსეულად განვცვიფრდეთ, მაინც განვიზრახეთ დამატება იმისი, რაც დიდ მოაზროვნეს გამოუკვლეველი დარჩა, არა იმისათვის, რომ შრომა მისი ნაყალბევით წაგვეხდინა, რადგან ამ მაღალ ბაგეთა შეურაცხყოფა ჩვენი სიტყვების მიწერით უსამართლობა იქნებოდა, არამედ, რათა არ ეფიქრათ, რომ დიდებას მასწავლებლისა მის მოწაფეთა შორის რაღაც მოაკლდა. რამდენადაც თხზულებას “ექვსთა დღეთათვის” აკლია მსჯელობა შესახებ კაცისა, ამ ნაკლის შესავსებად გულმოდგინება მის მოწაფეთაგან არცერთს რომ არ გამოეჩინა, ეს მისი დიდების საწინააღმდეგოდ საყვედურის გამოთქმის მიზეზად სამართლიანად იქცეოდა, თითქოსდა მას მსმენელებში რაღაც გულისხმისყოფის უნარის ამოქმედება არ სურდა.

ახლა, როცა ჩვენ გავკადნიერდით, ძალისაებრ ჩვენისა გადმოგვეცა ის, რაც გადმოუცემელი დარჩა, უკეთუ ჩვენს შრომაში რაიმე, მისი სწავლებისათვის არაუღირსი, აღმოჩნდება, იგი მთლიანად მასწავლებელზე იქნება გადატანილი, ხოლო უკეთუ სიტყვა ჩვენი ვერ მიაღწევს სიმაღლეს მისი მოძღვრებისა, ბრალდებაც აცილდება და საყვედურსაც გაექცევა, რომ თითქოსდა არ სურდა მოწაფეთა შორის რაიმე გონივრული მიხვედრის უნარი წარმოშობილიყო. ჩვენ კი, წინაშე საყვედურის მიზეზის მაძიებელთა, სამართლიანად წარმოვჩნდებით ვითარცა ბრალეულნი, რადგან სივიწროვისა გამო ჩვენი გულისა, სიბრძნე მასწავლებლისა ვერ დავიტიეთ.

პატარა როდია მიზანი, რომელიც ჩვენ განსახილველად დავისახეთ, სამყაროს საკვირველებათაგან არცერთს არ ჩამორჩება იგი, პირიქით, ყველაზე მეტია იმათგან, რაც შევიცანით, რადგან არსებულთაგან ღმერთს, გარდა ამ ქმნილების – ადამიანისა, სხვა არავინ ემსგავსება. ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა სიტყვა ღირსებაზე ბევრად დაბლა დაეშვება, კეთილგონიერ მსმენელთა შორის შენდობა ჩვენ მიერ თქმულისათვის უკვე გამზადებული იქნება. ვსაუბრობთ რა ადამიანზე, ვფიქრობ, იმათგან, რაც მას უკავშირდება, გამოუკვლეველი არცერთი არ უნდა დაგვრჩეს; არც ის, როგორც ეს გვჯერა, მას უკვე გარდახდა, არც ის, როგორც ამის მოლოდინი გვაქვს, მომავალში გარდახდება და არც ის, რასაც მასში ახლა ვჭვრეტთ.

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დაპირებულის დაკლებულად აღსრულებაში ვიმხილებით, თუკი წინამდებარე განხილვაში გვერდს ავუვლით რაიმეს, რაც კი განხილვის საგანს უკავშირდება. ისიც კი, რაც ადამიანში მასთან მიმართებით წინააღმდეგობრივი ჩანს, რადგან პირველდაბადებულთა შორის არ იხილვებოდა, ხოლო ახლა რაღაც უცილობელი მიმდევრობის გამო, ბუნებრივად იხილვება, წმინდა წერილის სწავლებითა და განსჯისგან მოპოვებული დასკვნებით, ერთმანეთს უნდა შევუთანხმოთ, რათა ყოველივე, რასაც გადმოვცემთ, ერთმანეთზე გადაწნული და მოწესრიგებული იყოს და წარმოაჩინოს, რომ ისიც, რაც წინააღმდეგობრივი ჩანს, ერთი მიზნისკენაა მიმართული, რადგან ღმრთეებრივი ძალა სასოებას უსასოსათვის და გამოსავალს შეუძლებელისათვის ამგვარად პოულობს.


სიცხადისათვის უმჯობესად მივიჩნიე შენთვის შემოთავაზებული სიტყვა თავებად დამეყო, რათა მთელი ნაწარმოების შინაარსის დანახვა მოკლედ, ცალკეული თავების სათაურებიდანვე შეიძლებოდეს.

 

თავი I


რომელშიც ნაწილობრივ მოცემულია ბუნებისმეტყველება სამყაროსი და რამდენადმე უფრო დაწვრილებით თხრობა იმათ შესახებ, რომელნიც უწინარეს კაცისა დაიბადნენ


“ესე არს წიგნი შესაქმისა ცისა და ქუეყანისა” (დაბ. II, 4), - ამბობს საღმრთო წერილი მას შემდეგ, რაჟამს სრულიქმნა ყოველი ხილული, დაბადებულთაგან ყოველმა საკუთარი მდგომარეობა დაიკავა და სხვებს გამოეყო, რაჟამს ზეციურმა სხეულმა ყოველივე გარემოიცვა, ხოლო მძიმე და დაღმა მსწრაფმა სხეულებმა – მიწამ და წყალმა, რომელნიც ერთმანეთს განამტკიცებენ, ადგილი ყოველივეს შუაში მოიპოვეს. ურთიერთკავშირი და სიმტკიცე დაბადებისა არსთა ბუნებას ღმრთეებრივი ხელოვნებისა და ძალისაგან მიეცა, რომელიც ყოველივეს ორკეცი ქმედებით მართავს, რადგან არაარსთა არსად მოყვანება და არსებულთა ყოფიერება უძრაობითა და მოძრაობით განაგო.


ცა უსწრაფესი მოძრაობით გარშემო იმისა, რაც უძრავ ბუნებაში მძიმე და უცვლელია, ვითარცა ირგვლივ რაღაც მტკიცე ღერძისა, მსგავსად ბორბლისა ტრიალებს და ამგვარად ორივეს – უძრაობასაც და მოძრაობასაც დაურღვევლად იცავს. წრიულად მბრუნავი ბუნება, სწრაფი მოძრაობის წყალობით, მიწის სიმკვრივეს წრიულად კუმშავს, ხოლო მყარი და დაუმორჩილებელი თავისი შეუძვრელი სიმტკიცით მის გარშემო წრიულად მოძრავთა ბრუნვას მოუკლებელად აძლიერებს. ამასთან, მოქმედებით დაშორებულ არსთა – უძრავი ბუნებისა და დაუდგრომელი ბრუნვის მიერ, ერთშიც და მეორეშიც თანაბარი გარდამეტებულობა იქმნება, რადგან თავისი საფუძვლიდან არც დედამიწა იძვრის და მოძრაობის ძალას არც ზეცა ამდოვრებს და ასუსტებს. და ეს პირველნი, ვითარცა რაღაც საწყისნი არსთა ყოველი მოწყობისა, შემოქმედის სიბრძნით, დაბადებულთაგან ყველაზე ადრე იქნენ განმზადებულნი. ვფიქრობ, დიდი მოსე ცისა და მიწის პირველად დაბადებას იმისთვის წარმოაჩენს, რომ ღმრთეებრივი ნებით ყოფიერებაში მოსულ ქმნილებაში ყოველი მოვლენა მოძრაობისა და უძრაობისაგან წარმოიშობა.


რამდენადაც საწინააღმდეგო ქმედებათა გამო ცა და დედამიწა ერთმანეთს სრულიად უპირისპირდება, ქმნილება, რომელიც დაპირისპირებულთა შორისაა და ნაწილობრივად მეზობლებთანაცაა ნაზიარები, უკიდურესთა შორის შუამავლობას სწევს; ასე რომ, ამ შუალედურის მიერ კავშირი დაპირისპირებულთა შორის ნათელი ხდება. თუმცაღა ჰაერი ბუნების სიმსუბუქითა და მოძრაობის უნარით რამდენადმე ცეცხლის ბუნების მარადიულ მოძრაობასა და სიწვრილეს ემსგავსება, მაგრამ არც იმგვარია, რომ მყართან ნათესაობა საერთოდ არ ჰქონდეს. ამიტომაც იგი არც მარადის უძრავად რჩება და არც მუდმივად მდინარებს და განიბნევა, არამედ აქვს რა საერთო თვისებები ორივესთან, ვითარცა ერთგვარი ზღვარი დაპირისპირებულთა ენერგიებს შორის, ბუნებით დაშორებულებს თავისთავში ერთდროულად კიდევაც აერთებს და კიდევაც ყოფს. აგრეთვე, ნოტიო ბუნებაც თავისი ორგვარი თვისებებით დაპირისპირებულთაგან ორივესთან შეწყობილია: სიმძიმითა და დაღმა სწრაფვით დიდი ნათესაობა აქვს მიწასთან, ხოლო დინებისა და გადაადგილების ენერგიებთან ზიარების გამო, არც მიწიერი ბუნებისგანაა სავსებით გაუცხოებული, არამედ ერთგვარი ნაზავი და ნაერთია დაპირისპირებულთა – სიმძიმისა, რომელიც ამოძრავდა და მოძრაობისა, რომელიც სიმძიმით არაა შეფერხებული. ასე ხვდებიან ერთმანეთს ბუნებით დაშორებული უკიდურესობანი, შუამავლის მიერ შეერთებულნი.


უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დაპირისპირებულთა ბუნება, საკუთარი თვისებების საშუალებით, სრულიადაც არაა უზიარებელი სხვა ბუნებასთან; ასე რომ, ვფიქრობ, სამყაროს ყველა მოვლენა ერთმანეთისკენაა მიდრეკილი და ქმნილება, რომელშიც საპირისპირო თვისებებს ვხედავთ, თავისთავთან ერთი ცხოვრებით ცხოვრობს. მოძრაობად არა მხოლოდ გადაადგილება მოიაზრება, არამედ იგი ცვალებადობასა და გადაქცევაშიც იხილვება; და კვლავ, რადგანაც უცვალებელი ბუნება არ უშვებს ცვალებით მოძრაობას, ღმრთის სიბრძნემ, თვისებანი შეცვალა, შექმნა რა მარადის მოძრავი უცვალებლად, უძრავი კი – ცვალებადად, ხოლო ეს განსაკუთრებული განზრახვით განაგო, რათა არავის, რომელიც რომელიმე ქმნილებაში ბუნების ისეთ თვისებას იხილავდა, როგორიც გარდაუქცევლობა და უძრაობაა, ქმნილება ღმერთად არ მიეჩნია, რადგან ღმრთეებრიობის ვარაუდი იქ, სადაც მოძრაობა და ცვალებადობაა, არ შეიძლება. ამიტომაც დედამიწა თუმცა უძრავია, მაგრამ არა უცვლელი; ზეცას კი, პირიქით, ცვალებადობა არა აქვს, მაგრამ არც უძრავია, რადგანაც ღმრთეებრივმა ძალამ უძრავ ბუნებასთან ცვალებადობა შეაერთა, ხოლო ცვალებადთან – უძრაობა. ამგვარად, თვისებათა გაცვლით ორივე ბუნება ერთმანეთთან დაანათესავა, რითაც აზრი მათი ღმრთეებრიობის შესახებ უცხო გახდა, რადგან, როგორც ეს უკვე ითქვა, არცერთი ამათგანის ღმრთეებრივ ბუნებად მიჩნევა არ შეიძლება, არცა არამყარისა და არცა ცვალებადისა.


ამრიგად, ყოველივემ საკუთარ სისრულეს მიაღწია, ანუ, როგორც მოსე ამბობს: “სრულ იქმნეს ცაი და ქუეყანა” (დაბ. II, 1) და ყოველივე მათ შორის და თითოეული მათგანი მისთვის შესაფერისი მშვენებით შეიმკო: ზეცა – მნათობთა ნათელით, ზღვა და ჰაერი – მცურავი და მფრინავი ქმნილებებით, დედამიწა – ყოველგვარი მცენარეულითა და სხვადასხვა ოთხფეხით, რომელიც მან, ღმრთეებრივი ნებით გაძლიერებულმა, მეყსეულად შობა. აღივსო დედამიწა მშვენებით, ყვავილთა თანა ნაყოფნიც გამოიღო; მდელოებიც აღივსნენ იმათგან, რომელნიც მდელოებს შეეფერება, ზღვის ციცაბო ნაპირები, მწვერვალები, ყოველი ფერდობი, ვაკე თუ ხეობები გვირგვინოსან იქმნენ ხასხასა ბალახითა და ხეთა მრავალფეროვანი მშვენიერებით, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ მიწიდან ის-ის იყო აღმოცენდნენ, მყისვე სრულქმნილ სილამაზეს მიაღწიეს. ალბათ, ღმრთის ბრძანებით ყოფიერებაში მოყვანილი ყველა ცხოველი, დაბურულ ტყეებში ჯოგებად და სახეობებად დაფანტული, ხარობდა და ხალისით ხლტოდა. ფრინველთა გალობამ ყოველივე აახმიანა, თვით ყველაზე მივარდნილი და უღრანი ადგილებიც კი. მაგრამ სანახაობა ზღვისა, რა თქმა უნდა, რამდენადმე მაინც სხვაგვარი იყო: უბეებში შეკრებილი, იგი მშვიდად და წყნარად იდგა, ღმრთეებრივი ნებით თვითონვე ჩაღრმავდნენ რა სანაპირო ადგილებში, ნავმისადგომები და ყურეები ზღვას ხმელეთს აჩვევდნენ და ნელი მოძრაობით ტალღებისა სილამაზეში მდელოებს ეცილებოდნენ, ხოლო მსუბუქნი და უვნებელნი ნიავნი მხოლოდ წყლის ზედაპირს აქოჩრებდნენ მოხდენილად. ქმნილებათა მთელი სიმდიდრე ხმელეთსა და ზღვაზე უკვე გამზადებული იყო, მაგრამ მფლობელი მისი ჯერ კიდევ არ არსებობდა.

 

თავი II


რატომ დაიბადა კაცი ქმნილებათაგან ყველაზე ბოლოს


ამრიგად, არსთა სამყაროში კაცი – ეს დიდი და პატივდებული ქმნილება – ჯერ კიდევ არ მკვიდრობდა, რადგანაც არა ჯერ იყო ქვეშევრდომთა უწინარესად მმართველის გამოჩენა, არამედ შემოსვლამდე მეფისა, სამეფო უნდა გამზადებულიყო.


ამიტომ ყოველთა შემოქმედმა მომავალ მეფეს ერთგვარი სამეფო სასახლე წინასწარ განუმზადა: ეს იყო დედამიწა და კუნძულები, ზღვა და ზეცა, რომელიც ამათ ყოველთა ზედა კამარისებრ ჭერად მოდრიკა, და ამ სამეფო სასახლეში მრავალფეროვანი სიმდიდრე დააუნჯა. ხოლო სიმდიდრეს მე ვუწოდებ ყველა ქმნილებას, ყველა მცენარესა და ამონაყარს, ყველას, რასაც შეგრძნება აქვს, ყველას, რაც სუნთქავს და ვისაც სული აქვს. თუ სიმდიდრეს ის ნივთიერებანიც უნდა მივათვალოთ, რომელნიც ფერადოვნებისა გამო, კაცთა თვალში ძვირფასად მიიჩნევიან, როგორც, მაგალითად, ოქრო და ვერცხლი, ქვებიდან კი ისინი, რომელნიც ადამიანებს უყვართ, სიუხვე მათი, ვითარცა ერთგვარი სამეფო საუნჯე, მიწის წიაღსა შინა დაფარა, რის შემდეგაც სამყაროში კაცი წარმოაჩინა, რათა იგი მისთა საკვირველებათაგან ზოგის მაყურებელი ყოფილიყო, ზოლო ზოგისაც – უფალი. ტკბობით მას მომცემელის გულისხმისყოფა უნდა შეეძინა, ხოლო დაბადებულთა მშვენიერებისა და სიდიდის მიერ შემოქმედის გამოუთქმელი და გამოუკვლეველი ძლიერება გამოეკვლია.


ამიტომ იქნა შემოყვანილი კაცი ქმნილებათაგან ყველაზე ბოლოს, არა როგორც ვინმე შეურაცხი და ბოლოში მიგდებული, არამედ ვითარცა მეფე ქვეშევრდომთა, რომელსაც მათ ზედა მეუფება დაბადებისთანავე შეეფერებოდა.


მსგავსად კეთილი მასპინძლისა, რომელიც სტუმრებს, ვიდრე გამზადებამდე კერძებისა, შინ არ მიიწევს, არამედ ჯერ განამზადებს რა ყოველივეს, როგორც საჭიროა: სახლსაც დაასუფთავებს და სანადიმო დარბაზსაც და ტაბლასაც შესაფერისად განამშვენებს, კერძებისათვის სანოვაგესაც მოიმზადებს და თანამეინახეს შემდგომად ამისა მიიღებს, ასევე მდიდარმა და გულუხვმა მასპინძელმა ჩვენისა ბუნებისა, ჯერ ეს სახლი ყოველგვარი სილამაზით შეამკო, დიდი და მრავალფეროვანი ნადიმი განამზადა, ხოლო კაცი შემდეგ შემოიყვანა და საქმედ განუწესა არა მოპოვება იმისა, რაც არ ჰქონდა, არამედ ტკბობა იმით, რაც ებოძა. მის აგებულებას საფუძველიც ცხოვრებისა ორმაგი დაუდო, შეაზავა რა ერთმანეთს მიწიერი და ღმრთეებრივი, რათა ტკბობა, რომელიც თითოეულს ენათესავება და ახასიათებს, ორივეს მიერ ჰქონოდა; ღმრთეებრივი ბუნებით ღმერთითაც დამტკბარიყო და მათთან ერთგვაროვანი მგრძნობელობით – მიწიერი სიკეთეებითაც.

 

თავი III


იმის თაობაზე, რომ ბუნება კაცისა ყველა ხილულ ქმნილებაზე უპირატესია


არა გვერდის ავლის, არამედ ჩვენი განხილვის ღირსია ისიც, რომ შესაქმე ესოდენ ვრცელი სამყაროსი და მისი შემადგენელი ნაწილებისა, რომელნიც, ვითარცა სტიქიები (ელემენტები) ყოველთა აგებულების საფუძვლად იქნენ დაბადებულნი, ღმრთეებრივი ძალით მსწრაფლ აღსრულდა და იმავდეროულად განმტკიცდა კიდეც მისი ბრძანებით; ხოლო შესაქმეს კაცისა წინ უძღოდა ბჭობა: ხელოვნის მიერ სიტყვით წინასწარ გამოისახა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მომავალი ქმნილება, რომელი პირველსახის მსგავსება უნდა ეტარებინა, რისთვის უნდა შექმნილიყო, რა უნდა ეკეთებინა შემდგომად შესაქმისა და ვისზე უნდა ემთავრა. სიტყვამ ყოველივე ეს გაითვალისწინა, რათა ადამიანს მიეღო უფროსობა, ღირსი მისი დაბადებისა, რადგან ძალაუფლება დაბადებულთა ზედა უკვე მანამდე ჰქონდა, ვიდრე ყოფაში თავად მოვიდოდა; ნათქვამია ხომ: “თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა” (დაბ. I, 26).


ჰოი საკვირველება! მზე შეიქმნა და წინ არავითარი ბჭობა არ წასძღომია. ასევე ზეცაც, - რომელსაც დაბადებულთა შორის ბადალი არ ჰყავს, ეს საოცრებაც მხოლოდ სიტყვით აღიმართა, ხოლო შესახებ იმისა, თუ საიდან, ან როგორ, ან სხვა რაიმე ამგვარზე, სიტყვა არაფერს შენიშნავს. ასევე, სხვაც ყველა: ეთერი, ვარსკვლავები, ჰაერი, მათ შორის განფენილი, ზღვა, დედამიწა, ცხოველები თუ მცენარენი – ყოველივე სიტყვით დაიბადა. ყოველთა შემოქმედი წინდახედულობით, ისე რომ, მისი აგებულებისათვის მასალაც მოემზადებინა, ფორმითაც პირველსახის მშვენეირებისათვის დაემსგავსებინა, მიზანიც დაესახა, რისთვისაც უნდა დაბადებულიყო და მისი შესატყვისი ბუნებაც შეექმნა, თავისი ქმედებებით ამ მიზნისათვის გამოსადეგი, მხოლოდ კაცის შესაქმეს მოეკიდა.

 

თავი IV


იმის შესახებ, რომ აგებულება ადამიანისა მის სამთავრობო ძალაუფლებაზე ყოველმხრივ მიანიშნებს


ვითარცა ამა ცხოვრებასა შინა ხელოვანნი იარაღს ფორმას საჭიროებისდა მიხედვით აძლევენ, ასევე აღმატებულმა ხელოვანმა ბუნება ჩვენი ერთგვარ ჭურჭელად შექმნა, გამოსადეგად სამეუფო ქმედებისა და როგორც სულიერი უპირატესობით, ასევე სხეულის აგებულებითაც ისე განამზადა, რომ მეუფობისათვის შესაფერისი ყოფილიყო, რადგან სული პირდაპირ წარმოაჩენს მეფურობას, უბირი მდაბიურობისაგან სრულიად განშორებულს იმით, რომ უბატონო და თვითმფლობელია და თავს საკუთარი ნებით, თვითმპყრობელურად განაგებს. და სხვა ვინ შეიძლება იყოს ასეთი, გარდა მეფისა?


ესეც რომ არ იყოს, დაბადება ხატად ყოველთა მპყრობელის ბუნებისა, სხვა რა არის, თუ არა ის, რომ იგი იმთავითვე სამეუფო ბუნებად იქმნა. მსგავსად ადამიანთა ჩვევისა, რომლის მიხედვითაც დამამზადებელნი ხელმწიფეთა სურათებისა, გარეგნულ შესახედაობასაც ასახავენ და ძოწეული სამოსით მათ მეფურ ღირსებასაც აღნიშნავენ, რის შედეგადაც გამოსახულება, ჩვეულებისამებრ, “მეფედ” იწოდება.


ასევე კაცობრივი ბუნებაც, ყოველთა მეუფესთან მსგავსების გამო, განმზადდა რა სხვათა ზედა მთავრობისათვის, ვითარცა ერთგვარი სულიერი ხატი, ღირსებითაც და სახელითაც პირველსახესთან ნაზიარები, ისე აიგო: იგი არც ძოწეულითაა შემოსილი და ღირსებას არც კვერთხითა და დიადემით წარმოაჩენს, რადგან ესენი არც პირველსახეს აქვს, არამედ ძოწეულის წილ, შესამოსელთაგან ყველაზე მეფურით – სათნოებითაა შემოსილი, ნაცვლად კვერთხისა, უკვდავების ნეტარებას ეყრდნობა, ხოლო დიადემის წილ სიმართლის გვირგვინი ამკობს; ასე რომ, პირველსახის სილამაზესთან ზუსტი მსგავსებით თავის მეფურ ღირსებას ყველაფრით ცხადყოფს.

 

თავი V


იმის შესახებ, რომ კაცი მსგავსია ღმრთეებრივი მეუფებისა


ღმრთეებრივი სილამაზე არა რაღაც გარეგნულ შესახედაობასა და სახის სასიამოვნო ნაკვთებში ბრწყინავს ფერებით, არამედ სათნოებათა გამოუთქმელი ნეტარებით იხილვება. ამიტომ მსგავსად მხატვართა, რომელთაც კაცობრივი გარეგნობა დაფებზე რაღაც ფერებით გადააქვთ და საღებავებს ერთმანეთში მისაბაძის შესაფერისად აზავებენ, რათა პირველსახის სილამაზე ნახატზე ზუსტად გადაიტანონ, მოიაზრე შენც დამბადებელი ჩვენი, ვინც სათნოებათა მიერ, ვითარცა ერთგვარი საღებავებით, მსგავსად საკუთარი მშვენიერებისა აღაყვავა ხატი, რათა ჩვენში მთავრობა თვისი წარმოეჩინა.


მრავალი სახისანი და მრავალფეროვანნი არიან საღებავები ხატისა, რომელთა მიერ ჭეშმარიტი პირველსახეა გამოხატული. ეს არც მეწამული და თეთრი, არც მათი ნაერთი, არც შავი, რომლითაც წარბნი და თვალნი გამოისახებიან და არც რაღაც სხვა ნაზავია ფერებისა, რომლითაც ჩავარდნილი ნაკვთები იჩრდილება და საერთოდაც, არაფერია იმათგან, რაც მხატვართა ხელითაა შექმნილი; არამედ ყოველთა ამათ წილ – სიწმინდე, უვნებლობა, ნეტარება, ყოველგვარი ბოროტებისაგან უცხოყოფა და სხვა ამდაგვარი სათნოებანია, რომელთა მიერ კაცთა შორის მსგავსება ღმრთისა ისახება. შემოქმედმა თავისი ხატის ამგვარი ყვავილებით გამოსახა ბუნება ჩვენი.


უკეთუ შენ სხვა თვისებასაც გამოიძიებ, რომლითაც საღმრთო მშვენიერება ხასიათდება, ჩვენს ხატში ზუსტად დაცულ მსგავსებას მასთანაც იპოვი. გონება და სიტყვაც ხომ ღმრთეებაა, რადგან ნათქვამია: “პირველითგან იყო სიტყუა” (იოანე 1,1); პავლეს მიხედვით, წინასწარმეტყველებს ქრისტეს გონება აქვთ, რომელიც მათში მეტყველებს (I კორ. 2, 16). ამათგან შორს არც კაცებაა, რადგან საკუთარი თავში ხედავს სიტყვასაც და გონებასაც – მსგავსს ჭეშმარიტი გონებისა და სიტყვისა; კიდევ: ღმერთი სიყვარულია, წყარო სიყვარულისა; ვითარცა იტყვის დიდი იოვანე, სიყვარული ღმრთისაგანაა და ღმერთი სიყვარული არს (I იოანე 4,8; 4,16). დამბადებელმა ბუნებისა ჩვენს განმასხვავებელ თვისებადაც სიყვარული აქცია, რადგან ამბობს: “ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას” (იოანე 13,35). ასე რომ, სადაც სიყვარული არ არის, ხატის ყველა თვისება შერყვნილია. ღმრთეება ყოველივეს ზედამხედველობს, ყოველივეს ისმენს და ყოველივეს გამოეძიებს, ასევე შენც ქმნილებებს სახილველითა და სასმენელით გულისხმაჰყოფ და გაქვს გონება – არსებულთა გამომეძიებელი და გამომკვლეველი.

 

თავი VI


გამოძიება ბუნებასთან გონების ნათესაობისა, რომელშიც გაკვრით ანომოიელთა* სწავლებაცაა მხილებული


ნურავინ იფიქრებს, თითქოს იმას ვამბობდე, რომ ღმრთეება დაბადებულებს, მსგავსად კაცობრივ ქმედებათა, თავისი მრავალფეროვანი ძალით სწვდება, რადგან ღმრთეების სიმარტივეში შემმეცნებელი მოქმედების მრავალფეროვნებისა და მრავალი სახის მოაზრება შეუძლებელია. საგანთა მრავალრიცხოვანი შემმეცნებელი ძალა არც ჩვენ გვაქვს, თუმცაღა მრავალფეროვან შეგრძნებათა მიერ ვწვდებით მათ, რომელნიც ცოცხლობენ; არამედ ერთია ძალა, ჩვენ შორის დანერგილი – გონება, რომელიც, ვლინდება რა ყოველ შეგრძნებაში, არსებულებს სწვდება. იგი მოვლენას თვალებით ჭვრეტს, სასმენელით იაზრებს ნათქვამს, სასიამოვნო უყვარს და უსიამოვნოს თავს არიდებს, იქმს ხელითა, რაიცა ნებავს, მისით იღებს ან პირიქით, მოიცილებს, იმისდა მიხედვით, უმჯობესად რა მიაჩნია, სარგებლობს რა ამისათვის ამ ორგანოს თანამოქმედებით.


ამიტომაც, თუმცა ადამიანს სხვადასხვა ორგანო აქვს, ბუნებისაგან შეგრძნებებისათვის მოწყობილი, მაგრამ ის, რაც ყოველი მათგანით მოქმედებს, მოძრაობს და დასახული მიზნის შესაბამისად, მათით სარგებლობს, ერთი და იგივეა, რომელიც, მიუხედავად მოქმედებათა სხვადასხვაობისა, ბუნებას არ იცვლის, როგორ შეიძლება ვინმემ ღმერთში მრავალფეროვან ძალთა გამო ბუნებაც მრავალნაწილიანი დაინახოს? როცა წინასწარმეტყველი ამბობს: “რომელმან შექმნა თუალნი” და “რომელმან დაჰნერგა ყური” (ფს. 93,9), ძალნი ესე, ვითარცა რამდენადმე განსაკუთრებული შემმეცნებელი თვისებანი, ადამიანთა ბუნებაში ნიმუშებად აღბეჭდა იმისა, რაც თავად მასშია, რადგან ამბობს: “ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა” (დაბ. 1,26).


მაგრამ სადა გვაქვს აქ ჩვენ მწვალებლობა ანომოიელთა? რას იტყვიან ამ გამონათქვამის მიმართ? ამ სიტყვების შემდეგ როგორღა გადაარჩენენ სიცარიელეს თავიანთი სწავლებისა? თუ იმას იტყვიან, რომ ერთი ხატი შეიძლება მსგავსი იყოს სხვადასხვა სახისა? უკეთუ ძე ბუნებით არაა მსგავსი მამისა, სხვადასხვა ბუნებისათვის ერთი ხატი როგორღა განამზადა? რამეთუ თქვა რა, რომ: ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა და წმინდა სამება მრავლობითი რიცხვის ნიშნით წარმოაჩინა, ხატს მხოლობითად არ მოიხსენიებდა, პირმშოსახენი ერთმანეთის მსგავსნი რომ არ ყოფილიყვნენ. შეუძლებელია ხომ, რომ ისინი, რომელნიც ერთმანეთის მსგავსნი არ არიან, ერთ მსგავსებაში წარმოჩნდნენ. არამედ ბუნებანი რომ განსხვავებული ყოფილიყო, ხატებსაც უეჭველად განსხვავებულებს, ყოველი მათგანის შესაბამისად შექმნილს, დაბადებდა.


რამდენადაც ხატი ერთია, ხოლო პირველსახე ხატისა ერთი არ არის, ვინ იქნება იმდენად უგუნური და უმეცარი, ვერ გაიგოს, რომ მსგავსნი ერთისა უეჭველად ერთმანეთის მსგავსნიც იქნებიან? მოკვეთა რა ეს ბოროტი აზრი კაცობრივი ცხოვრების განმზადებისთანავე, შეიძლება, ამიტომაც თქვა სიტყვამ: “ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა” (დაბ. 1,26).


- - - - - - - - - - - - - - - - - - -


* ამ ფორმით გადმოვიტანეთ ქართულად Aνὁμοιος, რომელიც ეწოდებოდა არიოზის ერესის უკიდრესი მიმდინარეობის წარმომადგენლებს, კერძოდ ევნომიოსსა და მის მხარდამჭერებს.

თავი VII


რატომ არის კაცი შიშველი, ბუნებრივ საფარველსა და საჭურველს მოკლებული


მაგრამ რას ნიშნავს აღმართული აღნაგობა? რატომ არ იშვა სხეულთან ერთად ძალებიც დასაცავად მისი სიცოცხლისა? იგი ხომ ბუნებრივ საფარველთაგან შიშველია და უსაჭურვლო, ღატაკია ადამიანი და მოკლებული ყოველივე იმას, რაც სოცოცხლის დასაცავად სჭირდება. იგი უფრო თანალმობის ღირსად მოჩანს, ვიდრე ნეტარებისა. არცა რქები აქვს, არც ბრჭყალნი ალესილნი, არცა ჩლიქნი, არც კბილები და არც ნესტარი, ბუნებისაგან სასიკვდილო შხამით აღვსილი, რომელთაც მრავალი ცხოველი იყენებს შემაწუხებელთაგან თავის დასაცავად. არც სხეული აქვს დაფარული ბეწვის საფარველით, თუმცაღა სხვათა უფროსად დადგინებულს ბუნებისაგან საკუთარი საჭურველით შემოზღუდვა შეეფერებოდა, უსაფრთხოებისათვის სხვათა დახმარება რომ არ დასჭირვებოდა.


ახლა კი, ლომს, ტახს, ვეფხვს, ჯიქსა თუ სხვა მათ მსგავსთ, ბუნებისაგან საკმარისად აქვთ ძალა თავდასაცავად: ხარს – რქანი, კურდღელს – სიმალე, ქურციკს – ხლტომა და მახვილი მზერა, ერთ რომელიმე ცხოველს – სიდიდე, სხვას კიდევ – ხორთუმი, ფრინველებს – ფრთენი, ფუტკარს – ნესტარი, და ყველას უცილობლად აქვს ბუნებით თანდაყოლილი რაიმე თავდასაცავად. ყოველთა შორის მხოლოდ ადამიანია: ყველა ფეხმარდზე ნელი, მაღლებზე – დაბალი, იმათთან შედარებით, რომელნიც თანდაყოლილ საჭურველთაგან არიან დაცულნი – ადვილად შესაპყრობი. და როგორღა უნდა თქვას ვინმემ, რომ ამგვარი არსება სხვათა ზედა მთავრობისთვისაა განწესებული? მაგრამ, ვფიქრობ, ძნელი არაა წარმოსაჩენად, რომ სწორედ ხილული ნაკლულოვანებანი ჩვენი ბუნებისა არის მიზეზი ქვეშევრდომთა ყოლისა.


ადამიანს რომ ისეთი ძალა ჰქონოდა, სისწრაფით ცხენისათვის გაესწრო და ჩლიქებსა და ფლოქვებზე დამტკიცებულნი ფერხნი არ გაცვეთოდა, სხეულისათვის თანდაყოლილი რქები, ნესტარი და ბრჭყალები ეტარებინა, ჯერ ერთი, მხეცისმაგვარი და საზარელი იქნებოდა, და მეორეც, სხვათა ზედა მთავრობას არად ჩააგდებდა, რადგან ქვეშევრდომთაგან შემწეობა არ დასჭირდებოდა. ახლა კი, ცხოვრებისეული საჭიროებანი ყოველ ხელქვეითზეა გადანაწილებული, რათა მათზე უფროსობა ჩვენთვის აუცილებლობად იქცეს.

სხეულის სინელემ და მძიმედ მოძრაობამ ცხენის გამოყენება და მისი გახედნვა მოითხოვა, სხეულის სიშიშვლემ კი, მზრუნველობა ცხვრებზე, რომელნიც ყოველწლიურად მატყლის მოცემით ჩვენი ბუნების ნაკლოვანებას ავსებენ. ცხოვრებისათვის საჭირო მარაგის სხვა ქვეყნებიდან შემოტანა ამგვარი სამსახურის გაწევისათვის ტვირთვის გადამზიდავი ცხოველების უღელში შებმის მიზეზი გახდა. შეუძლებლობამ იმისა, რომ სხვა ცხოველთა მსგავსად ბალახით გვესაზრდოვა, ხარი დაგვიმორჩილა, რომელიც ცხოვრებას გვიმსუბუქებს.

რადგანაც საბრძოლველად სხვა ცხოველებთან, რომელნიც ვნებას კბილებით გვაყენებენ, საკბენად ჩვენც კბილები გვჭირდებოდა, ძაღლმა ამ საჭიროებისათვის სისწრაფესთან ერთად თავისი ყბა წარმოგვიდგინა და ადამიანისათვის თითქოსდა გაცოცხლებულ მახვილად იქცა. კაცმა წინ წამოწეულ რქებსა და ალესილ ბრჭყალებზე უფრო ძლიერი და ბასრი რამ მოიგონა – რკინა, რომელიც ყოველთვის ჩვენთან არაა, როგორც მხეცებთან რქები და ბრჭყალები, არამედ გვიწევს რა ბრძოლაში მოკავშირეობას, შემდეგ ისევ თავისთვის რჩება.


ნაცვლად ნიანგის რქოვანი კანისა, ადამიანი ზოგჯერ საჭურველს ტყავისაგან ამზადებს და დროებით მისით იმოსება. უკეთუ იგი არ არის, ხელოვნების წყალობით, მის სახეს რკინა იღებს, რომელიც გაუწევს რა ომში სამსახურს, მშვიდობის ჟამს მეომარს ტვირთისაგან განთავისუფლებულს ტოვებს.


სამსახურს გვიწევენ ცხოვრებაში ფრინველთა ფრთებიც, ასე რომ, გამომგონებლობის წყალობით სისწრაფეში არც ფრთოსნებს ჩამოვრჩით. მათგან ნაწილნი მოშინაურდნენ და მონადირეებს ეხმარებიან; ნაწილიც ჩვენს საჭიროებათათვის განზრახვით მოვიტყუეთ; ხოლო ხელოვნებამ გერგილიანობით ისარნიც ფრთოსნებად აქცია, რომელნიც მშვილდის საშუალებით ჩვენს საჭიროებათათვის ფრთების სისწრაფეს გვანიჭებენ. რადგან სიარულისას ჩვენი მგრძნობიარე ტერფები ადვილად იცვეთება, აუცილებელი გახდა შემწეობა ქვეშევრდომთაგან, მათგან გვაქვს ხომ მოხერხებული ხამლნი ფერხთათვის.

 

თავი VIII


რატომ არის აღნაგობა კაცისა აღმართული და, აგრეთვე შესახებ იმისა, რომ ხელები – მეტყველებისთვის არიან და აქვე რამდენადმე ფილოსოფიაც სულთა შორის სხვაობათა შესახებ


ტანი კაცისა აღმართულია, ზეცისაკენ აზიდული და ზეამხედველი, რითაც მისი უფროსობა და მეფური ღირსებაა გამოცხადებული. ის, რომ არსთა შორის ამგვარი მხოლოდ ადამიანია, ხოლო სხვას ყველას ქვედადრეკილი სხეულები აქვთ, ღირსებათა სხვაობას მბრძანებლობის წინაშე ქედდადრეკილთა და ძალაუფლებით მათზე ამაღლებულთა შორის ნათლად წარმოაჩენს.

რღამდენადაც ის, რაც დადრეკილია, უეჭველად საყრდენს ითხოვს, ყველა დანარჩენის სხეულთა წინა კიდურები ფეხებია; ხოლო რამდენადაც აღმართული ტანისათვის ერთი ნაბიჯიც საკმარისია და დგომისას ორ ფეხზეც მტკიცდება დაყრდნობილი, კაცის აგებულებაში წინა კიდურები ხელებია.

გარდა ამისა, ხელები, ვითარცა თანაშემწენი, სიტყვის მოთხოვნილებასაც ემსახრება და უკეთუ ვინმე მსახურებას ხელებისა მეტყველი ბუნების თავისებურებას უწოდებს, არ შეცდება. ნუ გაგექცევა გონება საერთოსა და ყველასათვის ცნობილისაკენ, ანუ იმისკენ, რომ ხელების ბუნუბრივი უნარის წყალობით სიტყვას ასოებით აღვნიშნავთ. უცხო არაა ხომ ჩვენთვის, ვისაც მეტყველება მოგვემადლა, ასოთა მოხაზულობით შენახვა ხმებისა, რომელთაც ბგერებით წარმოვთქვამთ და საუბრისას რამდენადმე ხელებითაც გამოვხატავთ. არამედ, მაქვს რა მხედველობაში სხვა რამ, ვამბობ, რომ ხელები სიტყვის წარმოთქმას შეეწევიან; მაგრამ ვიდრე ამას გამოვიძიებდეთ, უმჯობესი იქნება გამოძიება ზემოთქმული სიტყვისა, რადგან ლამის დაგვავიწყდა ის თანმიმდევრობა დაბადებულთა, რომლის მიხედვითაც ყველას დედამიწიდან მცენარეთა აღმოცენებამ დაასწრო, მას მოჰყვა დაბადება უტყვი ცხოველებისა, ხოლო შემდეგ – შექმნა კაცისა.

ამისგან მხოლოდ იმას კი არ ვსწავლობთ, რაც მაშინვე წარმოგვიდგება, ანუ იმას, რომ რამდენადაც დამბადებელმა ცხოველათვის საჭიროდ ბალახი მიიჩნია, ხოლო კათათვის – ცხოველები, ამიტომაც ბალახისმძოვართა უწინარესად მათი საზრდელი შეიქმნა, ხოლო უწინარეს კაცისა, ისინი, რომელთაც კაცობრივი ცხოვრებისათვის სამსახური უნდა გაეწიათ, არამედ, ვფიქრობ, რომ მოსე ამ საქმეთა მიერ დაფარულ სწავლებას წარმოაჩენს და სულის შესახებ ფილოსოფიას შეფარვით გადმოსცემს, რაზეც გარეშე სწავლებაც* ოცნებობდა, მაგრამ ნათლად ვერ გაიაზრა. ჩვენ ხომ სიტყვა ამით იმას გვასწავლის, რომ სასიცოცხლო და სულიერი ძალები სამ სხვაობაში განიჭვრიტება. არსებობს მხოლოდ რაღაც მზრდელი და მასაზრდოებელი ძალა, მიმწოდებელი გასაზრდელისათვის იმისა, რაც მისი ზრდისათვისაა საჭირო; მას ბუნებრივი ეწოდება და მცენარეთა შორის იხილვება, რადგან რაღაც სასიცოცხლო ძალა, თუმცა მგრძნობელობას მოკლებული, მცენარეთა შორისაც შეინიშნება.

გარდა ამისა, არსებობს სხვა სახეც სიცოცხლისა, როცა ამას ზედ ერთვის უნარი გრძნობების მიხედვით თავისი თავის მართვისა და იგი უტყვ არსებათა ბუნებაშია. ისინი არა მხოლოდ იკვებებიან და იზრდებიან, არამედ გრძნობადი მოქმედება და აღქმაც აქვთ. სრულყოფილი ცხოვრება სხეულისა კი მეტყველ ანუ კაცობრივ ბუნებაში ჩანს: იგი იკვებება კიდეც, შეგრძნებებიც აქვს, სიტყვასთანაც ნაზიარებია და გონებითაც იმართება.

დაე, ჩვენს სიტყვაში ასეთი დაყოფა იქნას მიღებული: არსებულთაგან ერთნი გონიერნი არიან, ხოლო მეორენი – სხეულოვანნი. ამჟამად დაყოფა თავად გონიერთა შორის გვერდზე გადავდოთ, რადგან ჩვენი სიტყვა მას არ ეხება. სხეულოვანთაგან ზოგი საერთოდ მოკლებულია სიცოცხლეს, ზოგიც კიდევ სასიცოცხლო ენერგიასთანაა ნაზიარები. და კიდევ: ცოცხალ სხეულთაგან ერთნი გრძნობებით ცხოვრობენ, მეორენი მგრძნობელობას მოკლებულნი არიან; შემდეგ: შეგრძნებათა მქონენი თავის მხრივ მეტყველებად და უტყვებად იყოფიან. ამიტომაც ამბობს სჯულმდებელი, რომ შემდგომად უსულო ნივთთა, ვითარცა საძირკველი რაიმე სულიერ არსთა, პირველად ეს ბუნებრივი ცხოვრება წარმოიშვა, მცენარეთა აღმოცენებით განხორციელებული. ყოფიერებაში ამის შემდეგ შემოიყვანა ქმნილებანი, რომელნიც გრძნობებით იმართებიან.

რადგანაც ამ თანმიმდევრობის მიხედვით, იმათგან, რომელთაც ხორციელი ცხოვრება მიიღეს, მგრძნობელობის მქონეთ ცხოვრება, თვინიერ გონიერი ბუნებისა, თვითონაც შეუძლიათ, ხოლო მეტყველთ სხეულში ყოფნა სხვაგვარად, თუ არა შეზავებულად მგრძნობელობასთან, არ ძალუძთ, ამიტომაც დაიბადა სულ ბოლოს, შემდგომად მცენარეთა და ცხოველთა, კაცი. ამგვარად, ბუნება თანმიმდევრულად  ერთგვარი გზით სისრულემდე აღიწია; ადამიანი – ეს მეტყველი ცხოველი ხომ სულიერების ყოველგვარ სახესთანაა ნაზიარები. თანახმად სულის ბუნებრივი სახისა, იგი საზრდოობს და ზრდის ძალასთან ერთად მგრძნობელობაც თანდაყოლილი აქვს. ხოლო საკუთარი ბუნების მიხედვით, მას ადგილი გონებით წარმოსადგენსა (უხილავსა) და ნივთიერ არსთა შორის უკავია და იმდენად უხეშია პირველთან მიმართებაში, რამდენადაც წმინდაა მეორესთან შედარებით. შემდეგ: იმასთან, რაც მგრძნობიარე ბუნებაში წმინდა და ნათელია, ხდება რამდენადმე შეთავსება გონიერი არსისა და შერევა, რათა კაცი ამ სამისაგან ყოფილიყო აგებული.

იგივე ვისწავლეთ ჩვენ მოციქულისაგან, რომელიც ეფესელთათვის გაგზავნილ ეპისტოლეში ევედრება მათ, ვიდრე მოსვლამდე უფლისა, სავსებით დაიცვან მადლი სხეულისა, სამშვინველისა და სულისა (I თეს. 5,23),** აღნიშნავს რა სხეულით იმ ნაწილს, რომელიც იკვებება და იზრდება, სამშვინველით – გრძნობადს, ხოლო სულით – გონიერს. ასევე ასწავლის უფალიც სახარებაში მწიგნობარს, რომ ყველა მცნებაზე წინ სიყვარული ღმრთისა დააყენოს, აღსრულებული ყოვლითა გულითა, სულითა და გონებითა.

მეჩვენება, რომ აქ წმინდა წერილი ამავე სხვაობას განმარტავს, უწოდებს რა სხეულებრივ მდგომარეობას გულს, შუალედურს – სამშვინველს, ხოლო უმაღლეს ბუნებას, - მოაზროვნესა და შემოქმედებით ძალას, - გონებას. აქედანვე იცის მოციქულმაც სამი განსხვავებული ნებელობის შესახებ; მათგან ხორციელად სახელდებს მას, რომელიც მუცლისა და მისი ტკბობისათვის ზრუნავს, მშვინვიერად – რომელიც სათნოებასა და ბიწიერებას შორისაა, ხოლო სულიერად – რომელიც საღმრთო მოქალაქეობის სისრულეს ჭვრეტს. ამიტომაც, საყვედურობს რა მათ საშვებელთა და ტკბობათა სიყვარულის გამო, ეუბნება კორინთელებს, ხორციელნი ხართო და სრულყოფილ სწავლებას ვერ იტევთო (I კორ. 3,3); სხვაგან კიდევ, როცა შუალედურ ბუნებას სრულთან ადარებს, ამბობს: ”მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას... ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის” (I კორ. 2, 14-15). ამიტომ, რამდენადაც მშვინვიერი აღემატება ხორციელს, იმდენად სულიერი – მშვინვიერს.

ამგვარად, როცა წმინდა წერილი გვეუბნება, რომ სულიერთა შორის ყველაზე ბოლოს კაცი დაიბადა, ეს სხვას არაფერს მოასწავებს, თუ არა იმას, რომ სჯულისმდებელი ჩვენი სულის შესახებ სიბრძნისმეტყველებს და რიგის რამდენადმე უცილობელი მიმდევრულობით, სრულყოფილს ბოლოში ხედავს. ვინაიდან სიტყვიერება დანარჩენსაც მოიცავს, ხოლო გრძნობადს უეჭველად ნივთიერი სახე აქვს, იგი მხოლოდ ნივთიერში იხილვება. ამგვარად, ბუნება, ვითარცა საფეხურებზე, ცხოვრების განმასხვავებელ თვისებებს ვგულისხმობ, აღმასვლას უმდაბლესიდან სრულყოფილებამდე ბუნებრივი სახით აღასრულებს.

რამდენადაც ადამიანი მეტყველი ცხოველია, საჭირო იყო სხეულში მეტყველების შესაბამისი ორგანოს შემზადება, როგორც ჩვენ ამას მუსიკოსებთან ვხედავთ, რომელნიც ინსტრუმენტის სახეობის შესაბამის მუსიკას ქმნიან; ბარბითით*** არ უსტვენენ და სალამურებით სიმების ჟღერადობას არ გამოსცემენ. მსგავსად ამისა, სიტყვის შესაფერისი ორგანოც უნდა აგებულიყო, რათა იგი, მეტყველების საჭიროებისდა მიხედვით, დანაწევრებული ხმებით ჩამოყალიბებული, სწორად გადმოცემულიყო. ამიტომაც მიეცა სხეულს ხელები. თუმცა, შესაძლებელია, მრავლად აღირიცხოს ცხოვრებისეული მოთხოვნილებანი, რომელთათვისაც ეს მარჯვე და ბევრი რამისთვის გამოსადეგი ორგანო – ხელები – გამოიყენება, ყოველგვარი ხელოვნებისა და ყოველგვარი საქმიანობისათვის, წარმატებული მსახური ბრძოლისა და მშვიდობის დროსაც; მაგრამ უწინარესად სხეულს ისინი ბუნებამ სიტყვისათვის შესძინა.

კაცი რომ ხელებს მოკლებული ყოფილიყო, ოთხფეხათა მსგავსად, სახის ნაკვთები უეჭველად ჭამის მოთხოვნილების შესაბამისად ექნებოდა აგებული: სახე მოგრძო, ნესტოებთან წაწვრილებული, ტუჩები პირიდან წინწამოწეული, დაკორძებული, სქელი და მაგარი, როგორც ეს ბალახის ძოვისთვისაა საჭირო; კბილებს შორის იდებოდა ენა, სხვაგვარი ვიდრე ახლა გვაქვს, სქელი, უხეში და ხორკლებიანი, კბილებთან ერთად გადამამუშავებელი იმისა, რაც მათ შუა მოხვდებდა, ან კიდევ, ნოტიო და კიდეებში რბილი, ვითარცა ძაღლებს და დანარჩენ ხორცისმჭამელებს აქვთ, მჭრელ კბილთა მწკრივებს შორის გამოყოფილი.

ამგვარად, უხელებო სხეული ვერ წარმოქმნიდა დანაწევრებულ ხმას, რადგან აგებულება პირისა ხმის გამოცემის საჭიროებისათვის შეუფერებელი ექნებოდა. და მაშინ ადამიანს ან უნდა ეღრიალა, ან ეკნავლა, ან ეყეფა, ან ეჭიხვინა, ან ებღავლა მსგავსად ხარებისა და ვირებისა, ან რაღაც სხვა, მხეცური ღმუილის ხმა გამოეცა. მაგრამ ახლა, როცა სხეულს ხელები აქვს, პირი სიტყვის მსახურებისათვისაა მოცლილი. ასე რომ, ხელები მეტყველი ბუნების საკუთრებაა და დამბადებელმა მათი შექმნა სიტყვის წარმოთქმის გასაადვილებლად მოიფიქრა.

-------------------------------------------
* გარეშე სწავლებაში წარმართული ფილოსოფია იგულისხმება (მთგ.).

** შეცდომა, რომელიც ამ ადგილას ტექსტშია დაშვებული (გრიგოლ ნოსელი ასახელებს პავლე მოციქულის ეპისტოლეს ეფესელთა მიმართ, ხოლო ციტატა მოყავს თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლიდან: 5,23), შეიძლება არა თვით ავტორს, არამედ რომელიმე გადამწერს მოუვიდა (მთგ.).

*** მრავალსიმიანი მუსიკალური საკრავი (მთგ.).

 

თავი IX

იმის შესახებ, რომ ორგანული აგებულება კაცისა
სიტყვის საჭიროებას შეესაბამება


რამდენადაც ჩვენს არსებას შემოქმედმა რამდენიმე ღმრთივმშვენიერი მადლი მიჰმადლა და თავის ხატში საკუთარ სიკეთეთა მსგავსება გამოსახა, სხვა სიკეთენი კაცობრივ ბუნებას გულუხვობისა გამო მიანიჭა; გონიერებასა და სიბრძნეზე უფრო სწორი იქნება ითქვას, რომ კი არ მიანიჭა, არამედ გაუზიარა, და ხატი თვისი საკუთარი ბუნების მშვენებით შემოსა. ხოლო რამდენადაც გონება წარმოსადგენი და უსხეულო სიმდიდრეა, ეს საჩუქარი გაუზიარებელი და შეურევნელი იქნებოდა, მისი მოძრაობა საზრიანობით რომ არ მჟღავნდებდეს. ამისთვის კი იმგვარი ორგანული მოწყობილობა გახდა საჭირო, რომ გონებას, ვითარცა ხემს, დანაწევრებულ ხმებთან შეხებისას, ნებისმიერი ბგერის გამოცემით შინაგანი მოძრაობა განემარტა.

მსგავსად ვინმე დახელოვნებული მუსიკოსისა, რომელსაც სნეულებისა გამო საკუთარი ხმა აღარ აქვს, მაგრამ სურს რა გაცხადება თავისი ცოდნისა, სხვათა ხმებით სარგებლობს და თავის ოსტატობას სალამურის ან ლირის საშუალებით წარმოაჩენს, ასევე ყოველგვარი აზრის მომპოვნებელი კაცობრივი გონებაც, არ შეუძლია რა ჩვენება გონივრულ მისწრაფებათა, სხეულებრივი შეგრძნებებით აღმქმელი სულის მეშვეობით, ვითარცა დახელოვნებული მმართველი, სულიერ ორგანოებთან შეხებისას, მათგან გამომავალი ხმებით დაფარულ აზრებს საცნაურყოფს.

კაცობრივ ორგანოში ერთგვარად ერთმანეთთანაა შერეული მუსიკა სალამურისა და ლირისა, რომელნიც მწყობრ ხმებს თითქოსდა ერთდროულად გამოსცემენ. სუნთქვა ძარღვთაგან (ჰაერის შემცველ ჭურჭელთაგან) არტერიით ზემოთ ამოსული, რაჟამს ნება მეტყველისა ბგერის გამოსაცემად სახმო ორგანოს დაძაბავს და იგი შიგნიდან კვეთებებით, რომელნიც ამ სალამურის მსგავს გასასვლელს გარემოიცავენ, შეიძვრება, მის აპკისებურ გამონაშვერთა შორის დატრიალდება და რამდენადმე სალამურის ხმის მსგავს ხმას გამოსცემს. სასა სიღრმიდან აღმომხდარ ხმას ორი ერთნაირი გასასვლელით ნესტოებამდე მიდევნის და დაანაწევრებს რა მას ცხვირთან მდებარე ხრტილებით, ვითარცა რაღაც გამონაზნექებით, გააძლიერებს. ღაწვები, ენა და აგებულება ხორხისა, რომელიც იქვეა, სადაც ნიკაპი თავის ქვემოთ ჩაღრმავებას ქმნის და შემდეგ მკვეთრად იჭიმება, - ყოველივე ეს სხვადასხვაგვარად და მრავალი სახით წარმოადგენს სიმებზე მოძრაობას ხემისა, რომელიც ტონებს საჭიროებისამებრ დიდი სისწრაფით აწყობს. ხოლო ბაგეთა გახსნა და დახშობა იმავეს ქმნიან, რასაც თითები, რომელნიც სალამურის ნახვრეტებს ჰაერისათვის კეტავენ, ანუ ჰარმონიას მელოდიისა.



თავი X

იმის თაობაზე, რომ გონება გრძნობათა მიერ მოქმედებს


ამგვარად, რადგანაც გონება ჩვენში სიტყვას ამ ორგანული აღჭურვილობით ამუსიკებს, ჩვენ მეტყველებად დავიბადეთ; მაგრამ, ვფიქრობ, მადლი სიტყვისა არ გვექნებოდა, ჩვენს ბაგეებს რომ სხეულის მოთხოვნილებისათვს ჭამის მსახურების სიმძიმე და ჯაფა ჰქონოდათ დაწესებული. ეხლა კი, ამ სამსახურის გაწევა თავისთავზე ხელებმა აიღეს, რითაც პირი მსახურებისათვის სიტყვისა თავისუფალი დატოვეს.

მოქმედება ამ ორგანოსი ორგვარია: ერთი – ხმის გამოცემა და მეორე – აღქმა გარეშე წარმოდგენებისა. ისინი ერთმანეთში არ აღირევიან, იმ საქმიანობაზე რჩებიან, რომელიც ბუნებისაგან დაეწესათ და მეზობელს არ აწუხებენ: არც სმენა მეტყველებს და არც მეტყველება ისმენს. რამდენადაც ერთი მათგანი განუწყვეტლივ რაღაცას გამოსცემს, ხოლო მეორე მუდმივად ისმენს, მაგრამ როგორც ამას სოლომონიც ამბობს (ეკლეს. 1,8), მაინც ვერ აღივსება, მეჩვენება, რომ ჩვენში განსაკუთრებით დიდი გაკვირვების ღირსი სწორედ ესაა. როგორია სივრცე ამ შინაგანი სათავსისა, რომელშიც ყოველივე ჩაედინება, რაც კი სასმენელიდან იღვრება? ვინ არიან მემატიანენი მასში ჩადინებული სიტყვებისა? როგორია მიმღები საუნჯენი სასმენელიდან შესული წარმოდგენებისა (აზრებისა, ცნებებისა)? და მიუხედავად მათი სიმრავლისა და მრავალფეროვნებისა, რატომ არ ხდება ერთმანეთში აღრევა და ზედიზედ ჩალაგებულთა ცდომილება ადგილმდებარეობის თვალსაზრისით?

თანაბრად საკვირველია მოქმედება მხედველობისა, რადგან გონება ამ შემთხვევაშიც იპყრობს რა მის მიერ მათ, რაც სხეულის გარეთაა, ხილულთა სახეებს, თავისკენ იზიდავს და მხედველობით აღქმულთა თვისებებს თავისთავში იწერს. მსგავსად რომელიმე ვრცელი ქალაქისა, რომელიც მგზავრებს (ერთდროულად მისულებს) სხვადასხვა შესასვლელით იღებს, რომელთაგან ყველა ერთ ადგილას კი არ იკრიბება, არამედ თითოეული საკუთარი ნების მიხედვით – ერთნი ბაზარში, მეორენი სახლებში, სხვანი კიდევ ტაძრებში, ქუჩებში, შუკებსა თუ თეატრებში განლაგდება, ვხედავ მე ჩვენში დაშენებულ ქალაქს გონებისა, რომელიც შეგრძნებათა სხვადასხვა შესასვლელისაგან აღივსება. შესულთაგან თითოეულს გონება გამოიძიებს, განსჯის და, მათთვის შესაფერის ადგილებში ცოდნისა, განალაგებს.

ქალაქში, რომელიც მაგალითად მოვიყვანეთ, ხშირად ისე ხდება, რომ ერთი მოდგმისანი და ნათესავნი შიგნით არა ერთი და იმავე კარიბჭით, არამედ, როგორც მოუხდებათ, ერთნი ერთით, ხოლო სხვანი სხვა შესასვლელით შედიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, გალავნის კედლებს შიგნით აღმოჩენილნი, არიან რა ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ერთად იკრიბებიან. და ხდება პირიქითაც: ერთმანეთისთვის უცხონი და უცნობნი ხშირად ქალაქის ერთი შესასვლელით სარგებლობენ, მაგრამ შესასვლელის საერთოობა ერთმანეთთან ვერ აკავშირებთ, რადგან შიგნით შესულები განიყოფიან და თავისიანებთან მიდიან.

მსგავს რამეს ვხედავ გონების ფართო სივრეშიც: რამდენადაც ერთი და იგივე საგანი გრძნობათა მიხედვით მრავალ ნაწილად განიყოფა, გრძნობის სხვადასხვა ორგანოდან ერთი ცოდნა შეიკრიბება; და კვლავ: საპირისპირო აქაც ხდება: ერთი რომელიმე გრძნობით მრავალსა და სხვადასხვაგვარს ვსწავლობთ, რომელნიც ერთმანეთისაგან ბუნებით განსხვავდებიან. მაგალითად (უმჯობესია ხომ აზრი მაგალითით ცხადვყოთ), გამოვიძიოთ თვისება გემოსი – რა არის ტკბილი შეგრძნებისათვის და რა საძაგელი მათთვის, ვინც მას იხილავს. გამოცდილებით აღმოჩნდა სიმწარე ნაღველისა და სასიამოვნო თვისება თაფლისა. მიუხედავად მათი სხვადასხვაობისა, ერთსა და იმავე საქმეს ერთი ცოდნა მოაქვს, გონებაში მრავალი გზით დამკვიდრებული – გემოთი, ან ყნოსვით, ან სმენით, ხოლო ხშირად – შეხებითაც და მხედველობითაც, რადგან ვინმე თუ თაფლს ხედავს, ან მის სახელს ისმენს, ან გემოს უსინჯავს, ან მის სუნს ყნოსვით შეიცნობს, ან კიდევ შეხებით იგრძნობს, გრძნობის ორგანოთაგან თითოეულით ცოდნას ერთსა და იმავე საგანზე იძენს.

მაგრამ მრავალფეროვანი და მრავალსახოვანია ის, რასაც ერთი გრძნობით ვსწავლობთ: სმენით ყოველგვარ ხმებს ვიღებთ, მხედველობის ძალაც სხვადასხვა საგნის ჭვრეტისას განურჩევლად მოქმედებს, რადგან თეთრსა და შავს, და საერთოდ, ყოველივეს, რაც ფერებით ურთიერთსაწინააღმდეგო და განყოფილია, ერთნაირად წვდება. ასევეა გემოც, ყნოსვაც და შეხებით შეცნობაც, თითოეული ცოდნას ყოველგვარ საგანზე საკუთარი აღქმის ძალით მოიპოვებს და წარმოადგენს.

 

თავი XI

იმის შესახებ, რომ ბუნება კაცისა უხილავია


და მაინც, რა არის თავისი ბუნებით გონება, რომელიც თავისთავს შეგრძნებათა ძალებში ანაწილებს და, შესაბამისად თითოეულისა, არსებათა შესახებ ცოდნას იძენს? რომ რაღაც სხვა არის, ვიდრე გრძნობები, ვფიქრობ, ამაზე გონებით შემოსილთაგან არავინ დაობს, რადგანაც გრძნობის იგივეობრივი რომ ყოფილიყო, რამდენადაც თავად მარტივია, ხოლო მარტივში მრავალფეროვნება არ იხილვება, უცილობელად ერთი იმათთაგანის საკუთრება იქნებოდა, რომელიც გრძნობით მოქმედებს.

ახლა კი, გრძნობათა ერთობლიობაში სხვა არის შეხება, სხვა ყნოსვა, ასევე არიან სხვებიც, - განყოფილნი და ერთმანეთთან შეურევნელნი, მაშინ, როცა გონება თანაბრად არის თითოეულთან, ყოველი მათგანის შესაბამისად. ამიტომ მისთვის აუცილებლად გრძნობისაგან განსხვავებული ბუნება უნდა ვივარაუდოთ, რათა გონიერს რაღაც მრავალფეროვნება არ შეუზავოს. “ვინ ცნა გონებაი უფლისაი?” – ამბობს მოციქული (რომ. 11,34), ხოლო მე დავუმატებ: და საკუთარი გონება ვინ შეიცნო?

თქვან მათ, რომელნიც საღმრთო ბუნების თავიანთი აღქმის საზღვრებს შიგნით მოქცევას ცდილობენ, თავიანთი თავი შეიმეცნეს? ბუნება საკუთარი გონებისა შეიცნეს? არის ის რაღაც მრავალნაწილიანი და რთული და ამიტომ შენაწევრებით (სირთულით) გონით საწვდომი? შედგენილში გონიერება როგორღა იქნება? თუ გონება რაღაც საშუალებაა სხვადასხვაგვართა შეზავებისა? მაგრამ იგი მარტივია და შეუდგენელი; მაშინ მრავლად დანაწევრებულ გრძნობათა შინა როგორღა განითესება? როგორაა მრავალფეროვნება ერთში და ერთი მრავალფეროვნებაში? მაგრამ ვიპოვე ახსნა აუხსნელთა, რაჟამს ღმრთის სიტყვამდე აღვიწიე: “ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა” (დაბ. 1,26).

ხატი ხომ ჭეშმარიტად ხატი მანამდეა, ვიდრე იმათგან, რაც პირმშო ხატს აქვს, არაფერი მოაკლდება, ხოლო უკეთუ პირველსახის მსგავსებისაგან რამე დაკარგა, ამ ნაწილით იგი უკვე ხატი აღარ იქნება. ამიტომ, რადგანაც ღმრთეებრივი ბუნების მჭვრეტელნი მის ერთ თვისებად არსის მიუწვდომლობას ვხედავთ, ყოვლად აუცილებელია, რომ ხატი პირველსახეს ამითაც ემსგავსებოდეს. ბუნება ხატისა რომ მისაწვდომი ყოფილიყო, ხოლო პირმშო ხატისა – მისაწვდომზე ამაღლებული, განჭვრეტილ თვისებათა წინააღმდეგობრიობა ხატის სიმცდარეს ამხელდა. მაგრამ რამდენადაც ბუნება ჩვენი გონებისა, რომელიც დამბადებელის ხატია, შეცნობას უსხლტება, ამიტომ მას აღმატებულთან ზუსტი მსგავსება აქვს და თავისი შეუცნობელობით მიუწვდომელ ბუნებას გამოსახავს.

 

თავი XII

გამოძიება იმისა, რომელ ასოში უნდა ვიგულისხმოთ წარმმართველი სულისა (გონებისა), აგრეთვე ბუნებისმეტყველება ცრემლებსა და სიცილზე, და რამდენადმე ბუნებრივი სწავლება მატერიის, ბუნებისა და გონების თანაზიარობის შესახებ


დაე, დაცხრეს ყოველი საეგებისო ცუდმეტყველება მათი, რომელნიც გონების ძალას სხეულის რომელიმე ასოში ამწყვდევენ; მათგან ერთნი ფიქრობენ, რომ მისი სამფლობელო გულია, მეორენი კი ამბობენ, რომ გონება ტვინში მყოფობს და ამგვარ შეხედულებებს რაღაც ზერელე ვარაუდებით ამტკიცებენ.

მათ, რომელნიც სამფლობელოდ გულს ვარაუდობენ, მტკიცებულებად, თავიანთი აზრისა, მისი ადგილმდებარეობა მოაქვთ, რადგან, როგორც ჩანს, გულს მთელ სხეულში შუა ადგილი უჭირავს, რათა მოძრაობა ნებისა მთელ სხეულს შუა ადგილიდან დაუბრკოლებლად გაუნაწილდეს და იგი მოქმედებისთვის წარმართოს. თავიანთი სწავლების დასამოწმებლად ისინი ადამიანის მწუხარებასა და რისხვას იყენებენ, რადგან ცხადია, რომ ეს ვნებანი ამ ორგანოს თანალმობისთვის აღძრავენ.

ხოლო რომელნიც გონებას თავის ტვინს მიაკუთვნებენ, ამბობენ, რომ თავი მთელი სხეულისათვის ბუნების მიერ აგებული ციხე-სიმაგრეა და მასში, მსგავსად მეფისა, გრძნობის ორგანოებით ვითარცა მცველებით – მაცნეთა და აბჯროსანთა მიერ გარშემორტყმული – გონება მკვიდრობს. ამგვარი შეხედულების დასამტკიცებლად მათ მოჰყავთ ის, რომ ვისაც ტვინის გარსი უზიანდება, გონებაც ერევა, ხოლო რაჟამს თავი სიმთვრალით მძიმდება, რიგიანი საქციელის უმეცარი ხდება. ამგვარ შეხედულებათა მხარდამჭერთაგან ყოველს, გონებაზე თავისი ვარაუდის სხვა, უფრო ბუნებრივი მიზეზებიც მოაქვს. ერთი მათგანი ამტკიცებს, რომ, რამდენადაც ცეცხლიცა და გონებაც მარად მოძრავნი არიან, გონება ცეცხლს ენათესავება. რადგანაც საერთოდ აღიარებულია, რომ სითბო გულიდან მოედინება, ამიტომაც, ამბობს იგი, მოძრაობა სითბოსი გონების მოძრაობასთან განზავდება და ამტკიცებს, რომ გონიერი ბუნების საუნჯე გულია, რომელშიც სითბოა მოთავსებული. მეორე ამბობს, რომ საფუძველი და ძირი ყველა ორგანოსი ტვინის გარსია (ასე უწოდებენ ტვინის გარემომცველ აპკს) და საკუთარ სიტყვას იმით სარწმუნოყოფს, რომ ძალა გონებისა სხვაგან არსად არ არის დანერგული, თუ არა იმ ნაწილში, რომელთანაც შეერთებული ყური მასში შემავალ ხმებს შეიწყნარებს. ასევე მხედველობაც, თვალების ბუდის ფსკერთან შეზრდილი, გუგებში მოხვედრილ სახეთა ანაბეჭდებს შიგნით წარმოქმნის. ყნოსვის ორგანოებით აღქმულნი სურნელებათა რაგვარობანიც მასშივე განირჩევიან და გემოს შეგრძნებაც ტვინის გარსის გადაწყვეტილებით განიცდება, რადგან მისგან წამოზრდილ ნერვებს თავიანთი შეგრძნებანი კისრის მალების საწურისებური გასასვლელით იქ მდებარე კუნთებში მიაქვთ.

ხოლო მე ჭეშმარიტებად ვაღიარებ იმას, რომ გონიერი ძალა სულისა ტანჯვათა გაძლიერებისას ხშირად ირევა და რაღაც ხორციელი მდგომარეობის გამო გონების ბუნებრივი მოქმედება სუსტდება; ასევე გულიც, აღძრული ფიცხი მისწრაფებებით, რამდენადმე წყაროა ხორციელი მხურვალებისა. გარდა ამისა, მოვისმინე რა ანატომიის თეორიების მცოდნეთაგან, რომ გრძნობის ორგანოებს საფუძვლად ტვინის გარსი უდევს, რომელიც ბუნებისმეტყველთა სწავლებით თავის ტვინს ფარავს და იქიდან წამოსული ორთქლით განიპოხება, მათ ნათქვამს არ უარვყოფ. მაგრამ აქედან არ გამომყავს ის მტკიცებულება, რომ თითქოს უსხეულო ბუნება რაღაც შემოსაზღვრული ადგილით იყოს გარეშემოწერილი.

ჩვენ ხომ შევიცანით, რომ გონების არევა არა მხოლოდ სიმთვრალით თავის დამძიმებისაგან ხდება, არამედ აზროვნება პლევრის დასნეულების შედეგადაც უძლურდება, რომელნიც ნეკნებს შიგნიდან ეკვრიან. ასე განსაზღვრავენ მედიცინის მცოდნენი ამ სნეულებას და მას, რადგანაც ამ აპკებს სახელი შუასაძგიდეებია (φρένες), გონებრივ აშლილობას (φρενὶτιν-ს) უწოდებენ. წუხილის შეგრძნებას შეცდომით გულში მოიაზრებენ, მაგრამ სინამდვილეში მწვავე ჩხვლეტებს ადგილი არა გულში, არამედ კუჭის შესასვლელში აქვთ და ტკივილს, გამოუცდელობის გამო, გულს მიაკუთვნებენ. ამას ამბობენ ისინი, რომელთაც სნეულებანი ზუსტად შეისწავლეს, სახელდობრ, რომ ავადმყოფური მდგომარეობისას მთელ სხეულში ბუნებრივად ხდება შევიწროვება სადინარებისა და კუნთებისა და ყოველივე, რისი ამოსუნთქვაც დაბრკოლებულია, მუცლის ღრუს სიღრმეში გროვდება.

ამიტომაც, როცა შინაგანი სასუნთქი ორგანოები გარემომცველთაგან შეკუმშულნი არიან, ხშირად ჩასუნთქვა ძალდატანებით ხდება, რადგან შევიწროვებულს თვითონ ბუნება ასწორებს, რათა შეკუმშული [ნაწილები სხეულისა] გაშალოს. ამგვარ მძიმე სუნთქვას (ქოშინს), სახელვდებთ რა მას კვნესად და ოხვრად, ტანჯვის სიმპტომად მივიჩნევთ. ასევე ის შევიწროვებაც, რომელსაც, როგორც გვგონია, გული განიცდის, სინამდვილეში არა გულის, არამედ კუჭის შესასვლელის უსიამოვნო მტანჯველი განცდაა და ისიც იმავე მიზეზით, ანუ სადინართა შეკუმშვისაგან ხდება, როცა ნაღველის ჭურჭლიდან, მისი შეკუმშვის გამო, მწარე და მავნებელი სითხე კუჭის შესასვლელში იღვრება. ამას ამტკიცებს ის, რომ მწუხარენი ფერმკრთალნი არიან და ყვითლდებიან ნაღველის ჭარბი დაგროვების გამო, რომელიც თავის სითხეს ძარღვებში განთესს. კიდევ უფრო ამტკიცებს ჩემს სიტყვებს ის განცდა, რომელსაც საპირისპირო მიზეზი იწვევს, სიხარულსა და სიცილზე ვამბობ, რადგან ის, ვინც რაღაც სასიამოვნოს ისმენს, ტკბობისაგან სხეულის სადინარები რამდენადმე ეხსნება და უფართოვდება.

როგორც იქ, ამ შემთხვევაშიც აქაც სადინართა წვრილი და უჩინარი სასულენი იკეტებიან, შინაგან ნაწლავთა აგებულებას ავიწროვებენ და თავისა და ტვინის გარსისაკენ ნოტიო ორთქლს აღუტევებენ. ტვინის ფოსოებში დიდი ოდენობით შესული ორთქლი, სადინარებით, რომლებიც ტვინის საფუძველთან მდებარეობენ, თვალებისაკენ იდევნება, საიდანაც წარბების შეჭმუხვნის შედეგად ტენი წვეთებად გადმოდინდება (ეს წვეთები ცრემლებად იწოდება); ასევე წარმოიდგინე, რომ საპირისპირო განწყობისაგან სადინარები ჩვეულებრივზე მეტად ფართოვდება და გარკვეული რაოდენობის ჰაერს სიღრმისკენ შეიტაცებს, საიდანაც იგი, ბუნებრივად, გასასვლელით, რომელიც პირისკენ მიდის, კვლავ გამოიდევნება.

ამ ჰაერს ერთობლივად მთელი შიგნეულობა, ყველაზე მეტად კი ღვიძლი, როგორც ამბობენ, მძაფრი და დუღილისებრი მოძრაობით დევნის; ამიტომ ბუნება, ჰაერს რომ დაუბრკოლებელი გასასვლელი მოუწყოს, ამოსუნთქვისას პირს ღაწვთა იქით-აქეთ გაწევით, აფართოვებს. სახელი იმისა, რაც ამ დროს ხდება, სიცილია. ამიტომ გონების (სულის) სამეფო არც ღვიძლია და არც გულისწყრომისას გულის არეში სისხლის დუღილმა უნდა გვაფიქრებინოს, რომ გონების ადგილ-სამყოფელი გულშია. არამედ ყოველივე ეს, რაც ითქვა, სხეულის აგებულების რაგვარობას უნდა განეკუთვნოს.

გონების შესახებ უნდა მივიჩნიოთ, რომ იგი შეზავების გამოუთქმელი კანონით სხეულის ყველა ნაწილთან თანაბრადაა შეზავებული. უკეთუ ზოგიერთები საწინააღმდეგოდ წმინდა წერილს მოიყვანენ, რომელიც ამოწმებს, რომ გონება გულშია, სიტყვას გამოუძიებლად მაინც არ შევიწყნარებთ, რადგან მომხსენებელმა გულისა თირკმელნიც მოიხსენია, როცა თქვა: “რომელი განიკითხავ გულსა და თირკუმელთა, ღმერთო” (ფს. 7,9) და ამგვარად გვაჩვენა, რომ გონიერება ან ორივეში, ან არცერთში არაა ჩაკეტილი.

შევიცანი რა, რომ გონებრივი ენერგიები სუსტდება, ან სრულიად უმოქმედო ხდება სხეულის მდგომარეობის მიხედვით, არ მიმაჩნია ეს საკმარის ნიშნად იმისა, რომ ძალა გონებისა ერთი რომელიღაცა ადგილით შემოისაზღვროს ისე, რომ [სხეულის] ნაწილებში ანთების გაჩენისას თავისი სივრცე მოაკლდეს. რადგან ის შეხედულება, რომ უკეთუ ჭურჭელი რაღაც შიგთავსითაა დაკავებული, სხვა რამეს მასში ადგილის პოვნა არ შეუძლია, ხორციელია. გონიერ ბუნებას ხომ არც სხეულის ცარიელ ადგილთა დაკავება უყვარს და არც ხორციდან სიჭარბის გამო განიდევნება. არამედ, რამდენადაც მთელი სხეული აგებულია მსგავსად მუსიკალური ინსტრუმენტისა, ამდენად, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რომ ხელოვანი მუსიკოსები ინსტრუმენტთა უვარგისობის გამო, რომელნიც მათ ხელოვნებას ვერ იწყნარებენ, თავიანთი ოსტატობის წარმოსაჩენად უძლურნი არიან (დრო-ჟამით დაზიანებული, დაცემისას გატეხილი, ან ჟანგისა და ობისაგან უვარგისქმნილი სალამურიც ხომ უხმოდ და უმოქმედოდ რჩება, რადგან საუკეთესოდ აღიარებულმა დამკვრელმა არ შთაბეროს), ასევე გონებაც, მსჭვალავს რა მთელ ორგანიზმს და შესაბამისად გონიერი ძალებისა, მის ყოველ ნაწილს ბუნებრივად ეზიარება, მათგან იმათში, რომელნიც ბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფებიან, ჩვეულებისამებრ მოქმედებს, ხოლო იმათში, რომელნიც დაუძლურებულნი არიან და მის დახელოვნებულ მოძრაობას ვერ იწყნარებენ, უქმად და უმოქმედოდ რჩება. გონება ხომ ბუნებრივად შეესაკუთრება მას, რომელიც ბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო იმისგან, რომელიც ამგვარი მდგომარეობისაგან გამოსულია, უცხოვდება.

გონებითი ჭვრეტა ამ ნაწილში უფრო ბუნებრივად მეჩვენება, რადგან მის მიერ უფრო მაღალი მოძღვრება შეიცნობა. რადგანაც ყოველთა შორის უმშვენიერესი და უაღმატებულესი სიკეთე თავად ღმრთეებრიობაა, რომლისკენაც ყოველივე მიისწრაფვის, ვისაც კი მშვენიერება სწადია. ამიტომაც ვამბობთ, რომ უმშვენიერესის ხატად შექმნილი გონებაც, რამდენადაც შეუძლია, როცა მსგავსებას პირველსახისას ეზიარება, თვითონაც მშვენიერსა შინა მყოფობს, ხოლო უკეთუ გარეშე მსგავსებისა დარჩა, მშვენიერებისაგან, რომელშიც მყოფობდა, განიძარცვება.

რადგანაც, როგორც ვთქვით, გონება, ვითარცა სარკე, რომელიც იმის თვისებებს ასახავს, რაც მასში ჩანს, პირველსახის სილამაზესთან მსგავსებითაა შემკული, ანალოგიურად ვასკვნით, რომ გონების მიერ მართული და მასთან დაკავშირებული ბუნება თვითონაც მისი სილამაზით იმკობა და ერთგვარად სარკე სარკისა ხდება. იგი იპყრობს და ინარჩუნებს ნივთიერს ჰიპოსტასისა (გვამისა), რომელსა შინა ბუნება განიჭვრიტება, ამიტომ ვიდრე ერთი მეორეს ფლობს, ჭეშმარიტ სილამაზეს ყოველივე თანაზომიერად ეზიარება და მომდევნო უმაღლესისაგან განმშვენდება. ხოლო უკეთუ ამ კეთილი შეერთების გაწყვეტა მოხდა, ან კდიევ, პირიქით, უმაღლესი უმდაბლესის მომდევნოდ იქცა, მაშინ ნივთიერება ბუნებისაგან განმხოლოებული, თავის უსახურობას თვითონვე ცხადყოფს (ნივთიერება (მატერია) თავისთავად ხომ უსახურია და განუმზადებელი), და მისი უსახურობით თანაგანიხრწნება მშვენიერებაც ბუნებისა, რომელიც გონებით იმკობა. ამგვარად ხდება გადაცემა ბუნების მიერ ნივთიერების ხრწნილებისა თავად გონებისადმი, ისე, რომ ქმნილების თვისებებში ხატი ღმრთისა უკვე აღარ იხილვება.

როცა გონება, მსგავსად სარკისა, რომელშიც საგნები ზურგიდანაა არეკლილი, კეთილთა სახეს ქმნის და წარმოაჩენს კეთილის ბრწყინვალებისა განიშორებს, თავისთავში მატერიის უსახურობას ასახავს. ამ გზით ხდება დაბადება ბოროტისა, მშვენიერების მოკლებით წარმოდგენილი. მშვენიერია ყოველივე, რაც პირველი სიკეთის მონათესავეა, ხოლო ის, რაც მას არ ემსგავსება, საერთოდ არაა წილნაყარი მშვენიერებასთან. უკეთუ, განხილულის მიხედვით, ჭეშმარიტი სიკეთე ერთია და გონებას, იმის გამო, რომ ხატად მშვენიერისა შეიქმნა, თვითონაც შეუძლია მშვენიერი იყოს, ხოლო ბუნება, რომელსაც გონება შეიცავს, ხატია ხატისა, ამით მტკიცდება, რომ ჩვენში მატერიალური გამართულია და დამორჩილებული, როცა ბუნებისაგან იმართება, ხოლო რაჟამს მძლეველსა და მპყრობელს შორდება და მშვენიერთან ერთობა ირღვევა, ხელახლა იშლება და ეცემა. ამგვარი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ბუნება საწინააღმდეგოსაკენ მიიქცევა და მისი მისწრაფება არა მშვენიერისაკენ, არამედ იმისკენაა მიმართული, რაც გამშვენებას თვითონვე საჭიროებს. უცილობელია ხომ, რომ მატერიის სიღატაკის გამო, რაც მას საკუთარი ფორმით ემსგავსება, თვითონაც სიმახინჯედ და უმსგავსობად გარდაიქმნება. მაგრამ ყოველივე ეს, როგორც ერთ-ერთი საგანი ჩვენი განხილვისა, გარკვეულწილად თანმიმდევრულად გამოვიძიეთ, რადგან უნდა გამოგვეკვლია, გონიერი ძალა ჩვენს ერთ რომელიმე ნაწილშია დამკვიდრებული, თუ ყოველს თანაბრად სწვდება.

ისინი, რომელნიც გონებას ადგილით შემოსაზღვრავენ, ამ თავიანთ ვარაუდს იმით ამტკიცებენ, რომ გონება მათი, რომელთაც ტვინის აპკი არაბუნებრივ მდგომარეობაში აქვთ, კეთილი გზით ვერ წარიმართება. ჩვენმა სიტყვამ კი აჩვენა, რომ კაცობრივი აგებულების ყოველ ნაწილში, რომლითაც თითოეული მოქმედებს, ძალა სულისა უმოქმედო რჩება, თუკი ეს ნაწილი არაბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება.

აქედან თანმიმდევრულად გამომდინარეობს ჩვენს სიტყვაში შემოთავაზებული თეორია, რომლისგანაც ვიგებთ, რომ კაცობრივ აგებულებაში გონება ღმრთის მიერ იმართება, გონებისგან კი – მატერიალური სიცოცხლე, როცა იგი ბუნებრივ მდგომარეობაშია, ხოლო უკეთუ ბუნებისგან მიდრკება, გონების ძალისთვისაც უცხოვდება. მაგრამ დავუბრუნდეთ კვლავ იმას, საიდანაც დავიწყეთ, კერძოდ იმას, რომ მასში, რაც, რაღაც სნეულების გამო, ბუნებრივი მდგომარეობიდან არ მიდრეკილა, გონება თავისი ძალით მოქმედებს და მტკიცდება, ხოლო მასში, რომელიც მის მოქმედებას (ენერგიას) ვერ იტევს, კვლავ უძლურდება. ამ სწავლების რწმუნება სხვაგვარადაც შეიძლება და უკეთუ მათთვის, ვინც სიტყვის მოსმენით უკვე დაშვრა, მძიმე არ იქნება, რამდენადაც ძალგვიძს, მოკლედ მასაც განვიხილავთ.

 

თავი XIII

ძილის, მთქნარებისა და სიზმრების მიზეზთა შესახებ


სხეულთა ეს ნივთიერი და წარმავალი ცხოვრება წინ მუდამ მოძრაობით წარიმართება და არსებობის ძალაც იმაში აქვს, რომ მოძრაობას არასოდეს აჩერებს. ვითარცა კალაპოტი მდინარისა, რომელიც თავისი მიმართულებით მიედინება, თუმცაღა ყოველთვის სავსე ჩანს, მაგრამ მასში ერთი და იგივე წყალი მუდამ ერთსა და იმავე ადგილას არ იხილვება, არამედ ერთი უკვე ჩავლილია, ხოლო მეორე ახლა მოდის, ასევე იცვლება მოძრაობისას და დინებისას დაპირისპირებულთა განუწყვეტელი მონაცვლეობით ნივთიერებაც აქაური ცხოვრებისა.

ამგვარად, არასოდეს შეუძლია რა დადგეს ცვლილებისაგან, იგი შესაძლებლობას მუდმივად სიმშვიდეში ყოფნისა მოძრაობაზე ცვლის. უკეთუ ოდესმე მოძრავი მოძრაობას შეწყვეტს, მისი არსებობაც აუცილებლად შეწყდება. მაგალითად, სიცარიელემ სავსება შეცვალა, მაგრამ სავსება ისევ მოდის შესაცვლელად სიცარიელისა; ძილმა დაძაბულობა სიფხიზლისა შეასუსტა, მაგრამ სიფხიზლე იმას, რაც მოეშვა, ისევ ძაბავს. მუდმივად ერთმანეთთან არცერთი მათგანი არ თანამყოფობს, არამედ ერთის გამოჩენისას მეორე მიდის და მას ადგილს უთმობს. ამ მონაცვლეობათა შედეგად ბუნება თავისთავს განაახლებს, რადგან არის რა ყოველთვის თანამონაწილე დაპირისპირებულთაგან ერთ-ერთისა, ერთიდან მეორეში გადადის. ცოცხალი არსება ენერგიით მუდმივად დაძაბული რომ იყოს, დაძაბულ ნაწილთა განხეთქა და დაყოფა მოხდებოდა, ხოლო მუდმივი უძრაობა სხეულისა მისი შედგენილობის დაცემასა და დაშლას გამოიწვევდა. ამიტომ სწორედ ორივე მდგომარეობაში თავის დროზე და ზომიერად ყოფნა აძლევს ბუნებას ძალას სიმტკიცისათვის, განუწყვეტელი გადასვლით საპირისპიროდან საპირისპიროში თითოეული მეორისაგან ისვენებს.

ამგვარად, სიფხიზლისას დაძაბული სხეული ძილის მეშვეობით დაძაბულობისაგან მოეშვება და შეგრძნების ძალებს დროებით ასვენებს მოქმედებათაგან, მსგავსად ცხენებისა, რომელთაც შეჯიბრის შემდეგ ეტლებიდან გამოხსნიან. სხეულის აგებულებისათვის აუცილებელია ჟამიერი დასვენება, რათა საზრდელი სადინარებით, მთელ სხეულში დაუბრკოლებლად მიედინებოდეს ყოველგვარი დაძაბულობისაგან ხელის შეუშლელად. რადგან, ვითარცა სიღრმიდან ნოტიო მიწისა, რაჟამს მას მზის თბილი სხივები გაანათებს, არმურივით ორთქლი აღმოდინდება, ასევე ხდება ჩვენს მიწაზეც* - საზრდელი შიგნით ბუნებრივი მხურვალებით დუღდება. ჰაერის მსგავსი ორთქლი, რომელიც ბუნებრივად მაღლა მიისწრაფვის, კიდევ უფრო ზევით აღიწევა და თავის არეში გროვდება ვითარცა კვამლი, რომელიც კედლის ნაპრალებიდან გასვლას ცდილობს; შემდეგ იგი იქიდან შეგრძნებათა სადინარებით [მთელ სხეულში] განიყოფება, რის გამოც შეგრძნება, აძლევს რა ამ ორთქლს გასასვლელს, უცილობლად უმოქმედო ხდება, მზერა იზღუდება წამწამებით, მსგავსად რაღაც ტყვიის მოწყობილობისა, იმდენად მძიმეა ისინი, რაჟამს თვალებზე ეშვება.

ამავე ორთქლით სუსტდება, აგრეთვე, სმენაც, რადგან იგი, ვითარცა კარი, ბუნებრივ მოქმედებათაგან მოსვენებულ სმენის ორგანოებს კეტავს. ამგვარი ვნება არის ძილი, რომელიც სხეულში გრძნობას უმოძრაოს და ყოველგვარ ბუნებრივ მოძრაობას უმოქმედოს ხდის, რათა გადაცემა საკვებისა, რომელიც ორთქლის სახით თითოეული სადინარით მიედინება, მარჯვედ აღესრულოს.

ამავე მიზეზით, უკეთუ გრძნობის ორგანოები შინაგანი აორთქლების გამო ვიწროვდება, და ძილსაც რაღაც მოთხოვნილება აბრკოლებს, ორთქლით ავსებული ძარღვები თავისთავად ბუნებრივად იჭიმება, და დაჭიმულობის გამო ორთქლისაგან გასქელებული ორგანო წვრილდება. რამდენადმე მსგავსად იქცევიან ისინი, რომელნიც ტანსაცმელთაგან წყლის გამოსაწურად მათ ძლიერად გრეხენ. რამდენადაც ხორხის არეში ორგანოებს მრგვალი ფორმა აქვთ და მათ შორის უმეტესობა ძარღვისებურია, რაჟამს მათგან სქელი ორთქლის განდევნა ხდება საჭირო (ხოლო მრგვალი ორგანოს სწორად დაჭიმვა შეუძლებელია, თუ არა გასწვრივი დაჭიმვით მისი სფეროსებური ფორმისა), ამიტომ მთქნარებისას ფერხდება რა ჰაერი (რადგანაც ამ დროს სასა ენისებური დაბოლოებით ენის უკანა ჩაღრმავებას ქმნის), ხოლო შიგნით ყოველივე სფეროსებურად იჭიმება – ამ ორგანოებით შემწყვდეული ეს სქელი ბურუსისებური ორთქლი ჰაერთან ერთად ამოისუნთქება.

ცნობილია, რომ მსგავსი რამ ხშირად ხდება ძილის შემდეგაც, როცა რაღაც რაოდენობა ამ ორთქლისა შემწყვდეული რჩება იმ ადგილებში, რომელთაც გამოსავლელი და ამოსასუნთქი არა აქვთ. ამრიგად, ამით კაცობრივი გონება ნათლად წარმოაჩენს, რომ ისე იქცევა, როგორც ეს ბუნებას შეეფერება; როცა იგი მოწესრიგებულია (გამართული) და ფხიზლობს, თვითონაც მოქმედებს და მოძრაობს, ხოლო როცა ძილისაგან მოშვებულია, თუკი ვინმე სიზმრისეულ ოცნებებს გონების მოძრაობად არ მიიღებს, უძრავად რჩება. ჩვენ კი ვამბობთ, რომ გონებას მხოლოდ გონივრული და მოწესრიგებული მოქმედება უნდა მივაკუთვნოთ, ხოლო ძილსა შინა ზმანებანი, ვფიქრობთ, გონების მოქმედების რაღაც უაზრო აჩრდილებად სულის უგუნური მხარის მიერ შემთხვევით იქმნება, რადგან, რაჟამს სული ძილის წყალობით გრძნობათაგან თავისუფლება, გონების მოქმდებათაგანაც უცილობლად შორს დგას; ადამიანთან გონების შეზავება ხომ მათ მიერ ხდება და როგორც კი შეგრძნებანი მოქმედებას წყვეტენ, უცილობლად აღარ მოქმედებს აღარც გონება. ნიშანი ამისა არის ის, რომ მეოცნებეს ძილის დროს ხშირად უადგილო და შეუძლებელი რამ წარმოუდგება, რაც არ მოხდებოდა, სული ამ დროსაც რომ გონებითა და აზროვნებით ყოფილიყო მართული.

ვფიქრობ, ძილში სულის უკეთესი ძალები ისვენებენ (გონებითსა და გრძნობით ენერგიებს ვგულისხმობ) და მისი მხოლოდ ის ნაწილი მოქმედებს, რომლითაც საზრდოობს. მასში სულის იმ ნაწილის მიერ, რომელსაც მეხსიერების უნარი აქვს, ანარეკლნი იმისა, რაც ცხადში მოხდა და გამოძახილნი გრძნობისა და გონების ნამოქმედარისა აღიბეჭდება; ხოლო ესენი, თუკი მათგან სულის ზემოხსენებულ მეხსიერების უნარის მქონე სახესთან რაღაც გამოძახილები დარჩა, როგორც მოხვდებათ, ისე აისახებიან.

ამგვარად, ამათზე ოცნებობს კაცი ხილულთან სასაუბროდ არა რაღაც ურღვევი კავშირით მიყვანილი, არამედ რაღაც აღრეულ და არათანმიმდევრულ ცრუ წარმოდგენათაგან ცდუნებული. მაგრამ, რადგანაც სხეულებრივ საქმეთა შინა, როცა ყოველი ასო მასში ჩადებული საკუთარი ბუნებრივი ძალის მიხედვით მოქმედებს, მოძრაობას რამდენადმე მოსვენებული ნაწილებიც ეზიარებიან; მსგავსად ამისა, სულშიც, უკეთუ მისი ერთი ნაწილი ისვენებს, ხოლო მეორე მოძრაობს, მასში ნაწილთან ერთად მთელიც მონაწილეობს; ბუნებითი ერთობის დარღვევა ხომ მაშინაც შეუძლებელია, რაჟამს ბუნებით ძალთაგან რომელიმე თავისი ქმედებით [სხვებზე] მძლავრობს.

როგორც ფხიზელთა და გულმოდგინეთა ზედა გონება ბატონობს, ხოლო გრძნობა მას ემსახურება, მაგრამ მათ არც სხეულის მიერ მართული ძალა ტოვებს (რადგან გონება მოთხოვნილებისამებრ აწოდებს საზრდელს, გრძნობა მოწოდებულს იღებს, სხეულის მასაზრდოვებელი ძალა კი მას, რაც მიეცა, ითვისებს), ასევე ძილსა შინა რაღაცნაირად ამ ძალთა მბრძანებლობის ადგილგადანაცვლება ხდება და უტყვის განმგებლობისას მოქმედება სხვებისა ჩერდება, თუმცა სრულიად მაინც არ ქრება.

მაშინაც კი, როცა მასაზრდოებელი ძალა ძილის დროს საჭმლის მონელებისთვისაა აღძრული და თავისი თავის გამო მთელ ბუნებას საქმით აკავებს, მას სრულიად არც შეგრძნების ძალა შორდება (რადგან გაყოფა იმისა, რაც ერთხელ ბუნებით შეერთდა, შეუძლებელია), თუმცა არც ძალისა თვისისა განბრწყინვება შეუძლია, რადგან ძილის დროს გრძნობათა ორგანოების უმოქმედობითაა შეკრული. რამდენადაც ამავე კანონით გონებაც სულის მგრძნობიარე ნაწილთან არის შეერთებული, უნდა ითქვას, რომ ამ ნაწილის მოძრაობისას ისიც მასთან ერთად მოძრაობს, ხოლო მშვიდად ყოფნისას მასთან ერთად თვითონაც ჩერდება. ჩვეულებისამებრ რაღაც მსგავსი ემართება ცეცხლს, რაჟამს იგი ყოველი მხრიდან ნამჯით ისეა დაფარული, რომ მონაბერით ვერსაიდან აღიგზნება; ვერც იმას ნთქავს, რაც მასთან ახლოსაა და არც სრულიად ქრება, არამედ ნამჯიდან ჰაერში ნაცვლად ალისა რაღაც ორთქლი ამოდის, მაგრამ თუ საიდანმე დაუბერავს, კვამლი ალად გადაიქცევა.

მსგავსად ამისა, გონებასაც, რომელიც ძილის დროს შეგრძნებათა უმოქმედობითაა დაფარული, მათ გამო არც ანთება შეუძლია და არც სრულიად ქრება; არამედ მოძრაობს რა კვამლის სახით, ნაწილობრივ მოქმედებს, ხოლო ნაწილობრივ ამის ძალა არა აქვს. ვითარცა ვინმე მუსიკოსი, რომელიც ლირის მოშვებულ სიმებზე ხემის დარტყმით შეუწყობელ მელოდიას გამოსცემს, რადგანაც დაუჭიმავ სიმებს ხმის გამოღება არ შეუძლია და თუმცა ხელი ხელოვანისა ხშირად და ოსტატურად მოძრაობს, მოჰყავს რა ხემით სხვადასხვა მდგომარეობაში შესაფერისად ტონალობისა, მაგრამ ჟღერადობა არ არის და სიმების მოძრაობით მხოლოდ რაღაც ყრუ და შეუწყობელი ზუზუნი გამოიცემა, ასევე მოშვებულია ძილისაგან აგებულება გრძნობათა ორგანოებისა და ხელოვანი** ან საერთოდ ისვენებს და მაშინ რაღაც სისავსისა და სიმძიმისაგან სრულ მოშვებულობას განიცდის, ან კიდევ უძლურად და სუსტად მოქმედებს, რადგან გრძნობის ორგანო სიზუსტის ხელოვნებას არ იწყნარებს. ამიტომ მეხსიერება ირევა, ხოლო ერთგვარი საფარველის ქვეშ მოქცეული მთვლემარე წინასწარხედვა იმათ აჩრდილებს წარმოიდგენს, რომლებზეც ცხადში ზრუნავდა და ხშირად აუწყებს რამეს მოსახდენთაგან, რადგანაც სიწმინდეს ბუნებისა აქვს რაღაც მეტი, ვიდრე სხეულებრივი სიზრქეა, ამიტომ არსებულთაგან რაიმეს ხილვა შეუძლია. თუმცა არა პირდაპირი და ცხადი მეტყველებით, ისე, რომ მომავლის შესახებ მისი სწავლება ნათელი და თვალსაჩინო იყოს, მაგრამ მომავალზე ირიბად და ორაზროვნად მაინც ამოწმებს, რასაც ისინი, ვინც ამ საგანთა შესახებ მსჯელობენ, იგავს უწოდებენ.

მსგავსად ამისა, ღვინის მწდე ფარაონის თასში მტევანს წურავდა; ასევე მეპურე წარმოიდგენდა, რომ კალათები დაჰქონდა (დაბ. 40,1). რა საქმიანობასაც თითოეული მათგანი ცხადში ეწეოდა, სიზმარშიც თავს იმავე საქმით დაკავებულად ხედავდა. მათი ჩვეულებრივი საქმიანობის სულის წინასწარმცნობელობასა შინა აღბეჭდილი სახეები ამგვარი წინასწარმეტყველების საშუალებით გონებას შემთხვევას აძლევდა, წინასწარ გამოეცნო, რაც დროთა განმავლობაში მოხდებოდა.

უკეთუ დანიელი, იოსები და მსგავსნი მათნი, რადგან მათ გრძნობას არაფერი ამღვრევდა, საღმრთოითა ძალითა მომავლის საქმეთა წინასწარ შეცნობაში თავიდანვე განისწავლნენ, - ამას წინამდებარე გამოძიებასთან საერთო არაფერი აქვს. ნურავინ ჩათვლის, რომ ეს სიზმართა ძალით მოხდა, რადგან სხვაგვარად, იმსჯელებს რა თანმიმდევრულად, ღმერთის გამოცხადებას ცხადშიც არა ჩვენებად, არამედ თავისთავად მომხდარ ბუნების ჩვეულებრივ საქმედ მიიჩნევს. ამიტომ, ისევე როგორც ყოველთა კაცთაგან, ცოტანი არიან ისეთნი, ვინც ღირსნი იქმნა ღმერთთან ცხადი საუბრისა, ასევე, თუმცა ბუნების მიხედვით ძილში ოცნება ყველასათვის საერთოა და ყველას თანაბრად ემართება, მათგან სიზმარში ღმრთეებრივ გამოცხადებას არა ყველა, არამედ მხოლოდ ზოგიერთი ეზიარება; ხოლო სხვებთან, თუკი მათ სიზმრებში წინასწარხედვა ეძლევა, ეს ზემოთ თქმული სახით ხდება.

ისე რომ ეგვიპტელსა და ასირიელ მბრძანებლებს მომავლის შეცნობის გზაზე ღმერთი წინამძღვრობდა, ეს განსაკუთრებული განგებულება იყო, რადგან უნდა განცხადებულიყო წმინდანთა დაფარული სიბრძნე, რათა ცხოვრებაში მისი დინება საერთო სარგებლობის გარეშე არ აღსრულებულიყო. როგორ იქნებოდა შეცნობილი, დანიელი რომ ასეთია, თუკი ჯადოქრები და მოგვები სიზმრისეული ხილვის ასახსნელად უძლურნი არ გამოდგებოდნენ? ან, როგორ გადარჩებოდა ეგვიპტელი ხალხი, რომ სიზმრის ასახსნელად საპყრობილესა შინა ჩამწყვდეული იოსები არ გამოჩენილიყო? ასე რომ, ეს რაღაც სხვა არის და მის შესახებ ჩვეულებრივ სიზმართა მიხედვით არ უნდა დავასკვნათ.

ჩვეულებრივი ხილვა თვითონ სიზმართა ყველასათვის საერთოა და მრავალგვარი და მრავალი სახის წარმოდგენით ხდება, როცა, როგორც ითქვა, სულის მეხსიერებაში ან ყოველდღიური საქმენი და გამოძახილები რჩება, ან სიზმრისეულ ვითარებაში სხეულის მოთხოვნილებაა ასახული. ასე მაგალითად, მწყურვალს ეჩვენება, რომ წყაროებთანაა, ვისაც საკვები სჭირდება – რომ ნადიმზეა, ახალგაზრდას კი, თავისი აყვავების ხანაში მისთა ვნებათა შესაფერისად ეოცნებება. მაგრამ მე შევიცანი სხვა მიზეზიც იმისა, რაც ძილში ხდება, ვმკურნალობდი რა ჩემს ახლობელთაგან ერთ-ერთს, რომელიც გონებიდან გადაცდა, ერთხელ იმაზე მეტი საკვებით დამძიმებული, ვიდრე მიღება შეეძლო, აყვირდა და გარშემო მდგომარეთ საყვედურობდა, რომ შიგნეული სკორეთი აუვსეს. როცა მისი სხეული უკვე ოფლის გადმოდინებისათვის დაიძაბა, იქ მყოფთ აბრალებდა, რომ წყალი ჰქონდათ მომზადებული, რათა მწოლარესათვის ეპკურებინათ და ყვირილი მანმადე არ შეწყვიტა, ვიდრე ამ საყვედურთა მიზეზები საქმის დასასრულმა არ განმარტა. მეყსეულად სხეულიდან ოფლი უხვად გადმოდინდა და გახსნილმა მუცელმა წარმოაჩინა რა სიმძიმეც იყო შიგნეულში. ამგვარად, ამ შემთხვევაში, როცა სიფხიზლე მობლაგვებულია სნეულების გამო, არ არის რა უგრძნობი შემაწუხებელისადმი, ვითარცა თანამონაწილეს სხეულის სენისა, ბუნებასაც ელმის, მაგრამ სნეულებისკენ მიდრეკილს, ძალა იმისა, ზუსტად გაარკვიოს რა აწუხებს, არა აქვს.

იგივე უნდა ხდებოდეს მაშინაც, როცა სულის მოაზროვნე ძალას არა უძლურების მიზეზით, არამედ ბუნებრივი ძილით სძინავს. ამგვარ მდგომარეობაში მყოფმა შეიძლება იხილოს სიზმარი, რომელშიც ოფლის გადმოდინება წყლით იქნება ასახული, ხოლო საკვებით გადატვირთვა – შიგნეულის დამძიმებით. მრავალნი, მედიცინაში განსწავლულნიც, ფიქრობენ, რომ სნეულთა სიზმრისეული ხილვანი სნეულებათა სხვადასხვაობის გამო სხვადასხვაა: სხვაა იმათი, რომელთაც მუცლის სალმობა აქვთ, სხვა – ტვინის აპკის დაზიანების მქონეთა, სხვა კიდევ – ცხელებით შეპყრობილთა; ერთი და იგივე სიზმარი არ ექნებათ მათ, რომელთაც ნაღველი აწუხებს და მათ, რომელნიც ლორწოვანი გამონადენით იტანჯებიან; სხვადასხვაა, აგრეთვე, სიზმრები სისხლსავსეთა და ღონემიხდილთა.

აქედან შეიძლება დავინახოთ, რომ მასაზრდოებელსა და მზრდელ ძალას სულისა აქვს რაღაც შეზავების შედეგად გონიერისაგან ჩათესილი, რითაც სხეულის ამა თუ იმ მდგომარეობას ემსგავსება და გაბატონებული ვნება ფანტაზიებად გარდაისახება. მრავალთა სიზმარი მსგავსია, აგრეთვე, მათი ხასიათების აგებულებისა; მაგალითად, სხვაა ოცნებანი მამაცისა და სხვაა – ჯაბანისა; სხვაგვარია სიზმრები თავაშვებულთა და სხვა – უბიწოთა. სხვაზე ოცნებობს გულუხვი და სხვაზე – ხარბი; და ამდაგვარი ოცნებანი სულში არა გონიერების, არამედ უგუნურ მდგომარეობას აღბეჭდავენ; რაზეც ზრუნვა სულს ცხადში ჩვევად ჰქონდა, სიზმრებშიც მის სახეებს ქმნის.

 

-----------------------------------------

* გულისხმობს სხეულს, რომელიც მიწისაგან შეიქმნა და მიწადვე მიიქცევა (მთგ.).

** წმ. გრიგოლ ნოსელი აქ ხელოვანში გონებას გულისხმობს (მთგ.).

 

თავი XIV


იმის შესახებ, რომ გონება არ მყოფობს სხეულის
რომელსამე ასოსა შინა და აქვე, განყოფისათვის
სხეულებრივსა და სულიერი მოძრაობებისა

მაგრამ თემიდან ფრიად გადავუხვიეთ; ჩვენი სიტყვის მიზანი ხომ იმის ჩვენება იყო, რომ გონება სხეულის რომელიმე ასოსთან კი არ არის შეკრული, არამედ ყოველ მათგანს თანაბრად ეზიარება და შესაბამისად ბუნებისა, მისდამი დაქვემდებარებულ ნაწილში მოძრაობას ქმნის. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გონება ბუნებრივ სურვილებს მისდევს და თითქოსდა მათი მსახური ხდება. ხშირად ხომ იგი ხორციელი ბუნებისაგან იმართება, რომელიც მასში გრძნობას მწუხარებისას თუ გულისთქმას მხიარულთა აქსოვს. ამ დროს იგი აწოდებს მას პირველ საწყისებს – აღძრავს რა სურვილს ჭამისა, ან სწრაფვას საერთოდ რაომელიმე ტკბობისაკენ, ხოლო გონება, რომელიც ამგვარ სურვილებს იწყნარებს, თავისი საზრიანობით საშუალებებს იგონებს იმისათვის, რომ სხეულმა, რაც მძაფრად სურს, ის მიიღოს.

მაგრამ ამგვარი რამ ყველას როდი ემართება, არამედ მხოლოდ შედარებით მონურ მდგომარეობაში მყოფთ, რომელნიც გონებას ბუნების სურვილებს უმორჩილებენ, თანაშეწევნით გონებისა გრძნობებს იტკბობენ და მათ მაამებლურად ემლიქვნელებიან. უფრო სრულყოფილებთან ასე არ ხდება; მათ გონება წინამძღვრობს და სასარგებლოს გონებისათვის ირჩევს და არა ვნებისათვის, ხოლო ბუნება წინამძღოლს კვალდაკვალ მისდევს.

თუმცა ჩვენმა სიტყვამ სასიცოცხლო ძალის მიხედვით სამი სხვაობა აღმოაჩინა: მასაზრდოებელი, გარეშე გრძნობისა, მასაზრდოებელი და მზრდელი (აღმაღორძინებელი), რომელიც მეტყველებას მოკლებულია, და მეტყველი და სრული, რომელიც ყველა ძალამდეა მიწევნული, ისე რომ, მათშიც მყოფობს და გონიერების უპირატესობაც აქვს. მაგრამ აქედან არავინ ვარაუდობს, რომ ადამიანის აგებულება სამ სულს შეიცავს, რომელთაგან თითოეული საკუთარი გარეშემოწერილობით იხილვება, და რომ კაცობრივი ბუნება მრავალი სულისაგანაა შედგენილი. ჭეშმარიტი, სრულყოფილი სული ბუნებით ერთია – გონიერი და არანივთიერი, ნივთიერ ბუნებასთან გრძნობათა მეშვეობით შეყოფილი. რამდენადაც ყოველი ნივთიერი მოქცევასა და ცვალებადობას ექვემდებარება, რაჟამს განმასულიერებელ ძალას ეზიარება, მოძრაობას იწყებს ზრდით, ხოლო რაჟამს სასიცოცხლო ენერგიას განეშორება, მოძრაობას ხრწნით ასრულებს. ამიტომაც, არც გრძნობაა ნივთიერი არსის გარეშე და არც გონიერი ძალა მოქმედებს გარეშე გრძნობისა.

თავი XVI

განხილვა ღმრთის სიტყვისა, რომელიც თქვა: “ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა და მსგავსად” (დაბ. 1,26). აქვე გამოძიება ხატის შინაარსისა და იმისა, ემსგავსება თუ არა ნეტარსა და უვნებელს ვნებული და წარმავალი, და რატომ იხილვება ხატში მამრობითი და მდედრობითი, მაშინ, როცა პროტოტიპში არ არის

მაგრამ კვლავ ღმრთეებრივ სიტყვას დავუბრუნდეთ: “ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა” (დაბ. 1,26). როგორც მცირედ და უღირსად წარმოედგინათ ბუნებითი დიდებულება კაცისა გარეშეთაგან* ზოგიერთებს, განადიდებდნენ რა მას, როგორც თვითონვე ფიქრობდნენ, ამ სოფელთან შესწორებით და ამბოდნენ, რომ ადამიანი მცირე სამყაროა და იმავე სტიქიათაგან შედგება, რომელთაგანაც ყოველივეა შედგენილი. ასხამდნენ რა კაცობრივ ბუნებას ამ საქებარი სახელით სასურველ ხოტბას, თვითონვე ვერ ამჩნევდნენ, რომ ადამიანს პატივს კოღოსა და თაგვის თვისებებისთვის მიაგებდნენ; ისინიც ხომ ამავე ოთხი სტიქიის ნაზავს წარმოადგენენ, რადგან არსებულთაგან ყოველის რაღაც ნაწილი მეტ-ნაკლებად ყოველთვის იხილვება სულიერში, რომელთა გარეშეც გრძნობებთან ზიარებით შედგენილთაგან წარმოშობა არცერთს არ ძალუძს.

რა არის იმაში დიადი, რომ ადამიანი სამყაროს სახედ და მსგავსებად იქნეს მიჩნეული, მაშინ, როცა ცაც წარხდება, მიწაც შეიცვლება და ყოველივეც, რასაც ისინი მოიცავენ, მათთან ერთად წარხდება? მაგრამ რაში მდგომარეობს ეკლესიის სწავლების მიხედვით სიდიადე ადამიანისა? არა შექმნილი სამყაროს მსგავსებაში, არამედ იმაში, რომ ხატად შემოქმედის ბუნებისა დაიბადა. და რას ნიშნავს “ხატი”? შეიძლება იკითხო: როგორ ემსგავსება სხეულებრივს უსხეულო? მარადიულს – წარმავალი? უცვალებელს – ცვალებადი? უვნებელსა და უხრწნელს – ვნებადი და განხრწნადი? უზიარებელს ყოველგვარ ბოროტებასთან – ყოველსავე ბოროტებასა შინა მყოფი და მასთანვე თანაშეზრდილი?

დიდადაა ხომ დაშორებული ის, რაც პირველსახის შესახებ მოიაზრება, იმისაგან, რაც ხატად დაიბადა.  რადგან ხატად, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით, ის იწოდება, რაც პირველსახეს ემსგავსება. უკეთუ ბაძვა საგანს ბაძვისა დაშორებულია, მაშინ იგი სხვა რამეა და არა ხატი მისი. მაშინ როგორღა არის ადამიანი, რომელიც მოკვდება, ვნებადი და სწრაფწარმავალია, ხატი შეურევნელისა, წმინდისა და მარადის არსებულისა ბუნებისა? მაგრამ ჭეშმარიტი სწავლება ამის შესახებ ნათლად და გარკვეულად მხოლოდ თავად ჭეშმარიტებამ უწყის. ჩვენ კი, რამდენადაც ამის დატევება შეგვიძლია, ვიძიებთ რა ჭეშმარიტებას მიხვედრილობითა და ვარაუდებით, გამოსაძიებელის შესახებ ასე ვფიქრობთ: არც ღმრთეებრივი სიტყვა ტყუის, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი ხატად ღმრთისა დაიბადა და არც უბადრუკობა საწყალობელი კაცობრივი ბუნებისა არაა მსგავსი ნეტარებით უვნებელი ცხოვრებისა.

ამიტომ, უკეთუ ვინმე ღმერთთან ჩვენს გათანასწორებას ცდილობს, ორიდან ერთ-ერთი უცილობლად უნდა აღიაროს: ან ღმრთეება წარმოადგინოს ვნებულად, ან კაცება – უვნებელად, რათა ცნება მსგავსებისა ორივეს თანაბრად შეესაბამებოდეს. ხოლო უკეთუ არც ღმრთეებაა ვნებული და არცა კაცებაა გარეშე ვნებისა, მაშინ რჩება, რაღაც სხვა გაგება, რომლითაც ვამტკიცებთ ჭეშმარიტებას ღმრთეებრივი ხმისა, რომელმაც თქვა, რომ კაცი ხატად ღმრთისა დაიბადა. ასე რომ, ჩვენ ისევ წმინდა წერილს უნდა მივუბრუნდეთ და ვნახოთ, ხომ არ არის მასში, რაც იქ წერია, რაიმე ისეთი, რომელიც საძიებელი საკითხის გადაწყვეტაში გვიხელმძღვანელებს. თქვა რა “ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად” და ისიც, თუ რაისათვის “ვქმნეთ”, ნათქვამს დაუმატა: “და შექმნა ღმერთმან კაცი და ხატად ღმრთისა შექმნა იგი. მამაკაცად და დეკაცად ქმნა იგინი” (დაბ. 1,27).

ზემოთ უკვე ითქვა**, რომ ეს სიტყვები მწვალებელთა უსჯულოების დასამხობად წინასწარ წარმოითქვა, რათა ვისწავლოთ, რომ კაცი მხოლოდშობილმა ღმერთმა ხატად ღმრთისა შექმნა და ღმრთეება მამისა და ძისა ერთმანეთისაგან არცერთი ნიშნით არ გავყოთ, რადგან წმინდა წერილი ორივეს თანაბრად უწოდებს ღმერთს: მასაც, ვინც ადამიანი შექმნა და მასაც, ვის ხატადაც შეიქმნა. მაგრამ, დაე, სიტყვა ამის თაობაზე აქ შეწყდეს და ისევ საძიებელ საკითხს მივუბრუნდეთ: რატომ იწოდება კაცი წმინდა წერილის მიერ მსგავსად ღმრთისა, როცა ღმრთეება ნეტარია, ხოლო კაცება – საწყალობელი. ამისთვის რაც ითქვა, იმის გამოწვლილვით გამოძიებაა საჭირო, და ვნახავთ, რომ სხვაა ის, რაც ხატად დაიბადა და სხვა, რომელიც ახლა უბადრუკებად ჩანს. “შექმნა ღმერთმან, - ამბობს, - კაცი, ხატად ღმრთისა შექმნა იგი”. შესაქმე ხატად დაბადებულისა დასრულდა, მაგრამ შემდეგ აგებულების საკითხს ისევ უბრუნდება და ამბობს: “მამაკაცად და დედაკაცად ქმნნა იგინი”.

ვფიქრობ ყველასათვის გასაგებია, რომ ეს პირველსახის გარეთ უნდა იქნეს მოაზრებული, რადგან ქრისტეს მიერ, როგორც მოციქული ამბობს, არც მამაკაცობაა და არცა დედაკაცობა (შდრ. გალატ. 3,28). მაგრამ ამის მიხედვით, როგორც სიტყვა გვეუბნება, ადამიანი იყოფა; ასე რომ, აგებულება ჩვენი ბუნებისა რამდენადმე ორმაგია: ერთი მსგავსია ღმრთეებისა და მეორე – ამ სხვაობით – მამაკაცობითა და დედაკაცობით განყოფილი. რაღაც ამდაგვარზე მიგვანიშნებს ხომ დაწერილის თანმიმდევრულობით სიტყვაც, რადგან ჯერ თქვა: “შექმნა ღმერთმან კაცი, ხატად ღმრთისა შექმნა იგი”, ხოლო შემდეგ ნათქვამს დაუმატა: “მამაკაცად და დეკაცად ქმნა იგინი”, რაც უცხოა იმისათვის, რასაც ღმრთის შესახებ მოვიაზრებთ.

მე ვფიქრობ, საღმრთო წერილის მიერ ამ ნათქვამით დიდი და მაღალი მოძღვრებაა გადმოცემული და ეს მოძღვრება ასეთია: კაცობრივი ბუნება ორ, ერთმანეთისაგან დაშორებულ უკიდურესობას – ღმრთეებრივსა და უსხეულო ბუნებასა და პირუტყვულსა და ცხოველურ ცხოვრებას შორის, - შუალედურია. აგებულებაში კაცისა ხომ დასახელებულ ბუნებათაგან ნაწილობრივ ორივეს ხილვაა შესაძლებელია: ღმრთეებრივისაგან – მეტყველისა და გონიერისა, რომელიც დაყოფას მამაკაცად და დედაკაცად არ უშვებს, ხოლო პირუტყვულისაგან – ხორციელი აგებულებისა და განწყობილებისა, რომელიც მამაკაცებად და დედაკაცებადაა განყოფილი. თითოეული ამათგანი (ამ ბუნებათაგანი) კაცობრივ ცხოვრებას ყოველმხრივ არის ნაზიარები, მაგრამ, როგორც ეს ჩვენ ადამიანის შესაქმის შესახებ თანმიმდევრული თხრობიდან შევიცანით, მათგან პირველი გონიერია, ხოლო ზიარება და ნათესაობა ადამიანისა პირუტყვულთან – მომდევნო, რადგან ჯერ თქვა: “შექმნა კაცი ღმერთმან ხატად ღმრთისა”, და ამ სიტყვებით გვაჩვენა, რომ, როგორც მოციქული ამბობს, მასში მამაკაცება და დედაკაცება არ იყო, ხოლო თავისებურებანი კაცობრივ ბუნებას შემდეგ შესძინა, როცა “მამაკაცად და დედაკაცად” შექმნა იგინი. და რას ვსწავლობთ აქდან?

დაე, ნურავინ აღშფოთდება ჩემზე იმის გამო, რომ წინამდებარე აზრის განსამარტავად სიტყვას შორიდან ვიწყებ. ღმერთი თავისი ბუნებით ყველა ის სიკეთეა, რომლის წვდომაც კი აზრით შეიძლება. უკეთ რომ ვთქვათ, გონებით მოაზრებულსა და მისაწვდომ სიკეთეზე ამაღლებული, კაცობრივ ცხოვრებას არა სხვა რამის, არამედ იმის გამო ქმნის, რომ სახიერია. და რადგან ამგვარია და კაცობრივი ბუნების შექმნაც ამიტომ მოისურვა, ძალა თავისი სახიერებისა ნახევრად კი არ წარმოაჩინა, ისე რომ, იქიდან, რაც აქვს, რაღაც მიეცა და რაღაცას გაზიარება დანანებოდა, არამედ სახე სრულისა სახიერებისა სწორედ ისაა, რომ ადამიანი უმყოფობიდან ყოფიერებაში (არარსებისგან არსად) მოიყვანა და ყოველგვარ სიკეთეგანაც უნაკლულო ჰყო. რამდენადაც ჩამონათვალი სიკეთეთა დიდია და ამდენად აღრიცხვა მათი ძნელი, ამიტომ სიტყვამ ყოვლისმომცველი ხმით ყოველივე ერთობლივად აღნიშნა, თქვა რა, რომ ხატად ღმრთისა დაიბადა კაცი. ეს ხომ იგივეობრივია ნათქვამისა: კაცებრივი ბუნება ყოველგვარ სიკეთეს აზიარა, რადგან, უკეთუ ღმრთეება სახიერებათა სავსებაა და ეს (კაცი) მისი ხატია, ხატი პირველსახეს სწორედ იმით დაემსგავსება, რომ ყოველგვარი სახიერებით იქნება სავსე.

ამრიგად, ჩვენში არის იდეა ყოველგვარი მშვენიერებისა, ყოველი სათნოება და სიბრძნე და საერთოდ, ყოველივე, რაც კი საუკეთესოდ მოაიაზრება. ყოველთა მათ სიკეთეთაგან ერთ-ერთია, იყო თავისუფალი იძულებისაგან და დაუმორჩილებელი რომელიმე ბუნებითი მძლავრებისა, და თვითმფლობელური ნება გქონდეს***, რადგან თავისუფლება ძალაუფლების ქვეშ არ მყოფი (დამოუკიდებელი) და ნებსითი სიკეთეა, ხოლო ის, რაც იძულებითი და ძალდატანებითია, არ შეიძლება სათნოება იყოს.

ამგვარად, რამდენადაც ხატი პირველსახის სილამაზის ყველა თვისებას ატარებს, მასთან რაიმე სხვაობა რომ არ ჰქონდეს, რა თქმა უნდა, იგი მსგავსება კი არ იქნებოდა, არამედ ყოვლითურთ პირველსახის იგივეობრივად წარმოჩნდებოდა, მისგან არაფრით განსხვავებული. ამიტომ თავად ღმრთეებისა და მას შორის, რაც ღმრთეებას ემსგავსება, რა სხვაობას ვჭვრეტთ? იმას, რომ ერთი შეუქმნელია, ხოლო მეორემ არსებობა შესაქმით მიიღო. ამგვარმა თვისებრივმა სხვაობამ შედეგად სხვა თვისებათა სხვაობანიც წარმოშვა. ყველას მიერ უცილობლადაა აღიარებული, რომ შეუქმნელი ბუნება უქცეველი და მარადის იგივეა, ხოლო შექმნილის ცვლილების გარეშე არსებობა არ შეუძლია, რადგან თვითონ გადასვლა უმყოფობიდან ყოფიერებაში, არარსებობის არსებობით შეცვლა, უკვე ერთგვარად მოძრაობაა, რომელიც ღმრთეებრივი ნებით ხდება.

ვითარცა სახარება გამოსახულებას დრაჰკანზე კეისრის ხატს უწოდებს, საიდანაც ვსწავლობთ, რომ თუმცაღა გარეგნული ნაკვთებით გამოსახულება მსგავსი იყო კეისრისა, მაგრამ სინამდვილეში მისგან განსხვავდებოდა, ასევე აწ თქმული სიტყვის მიხედვითაც, ნაცვლად ნაკვთებისა მოვიაზრებთ რა მას, რაშიც მსგავსება ღმრთეებრივსა და კაცობრივ ბუნებათა შორის განიჭვრიტება, სინამდვილეში ვპოულობთ სხვაობას, რომელიც შეუქმნელსა და შექმნილ ბუნებას შორის იხლვება. რამდენადაც ერთი ყოველთვის თავისი თავის იგივეობრივი და მარადიულია, ხოლო მეორე – შესაქმით დაბადებული – არსებობას ცვლილებისაგან იწყებს და ნათესაობაც ყოფიერების ამ სახესთან აქვს.

მან, რომელმაც ყოველნი მანამდე იცოდა, ვიდრე ისინი შეიქმნებოდნენ, ამისდა შესაფერისად, როგორც წინასწარმეტყველება ამბობს, ან, უფრო სწორად, წინასწარმცნობელი ძალით, წინასწარ გაიაზრა რა, საით მიდრკებოდა მოძრაობა კაცობრივი თვითმფლობელი და თავისუფალი ნებისა, ე.ი. იცოდა რა მომავალი, ხატში სხვაობის შეტანა მამაკაცობითა და დედაკაცობით მოიფიქრა, რაც ღმრთეებრივ პირველსახეში არ იხილვება, ანუ როგორც ითქვა, პირუტყვულ ბუნებას განეკუთვნება.

მიზეზი ამგვარი ჩანაფიქრისა მხოლოდ ჭეშმარიტების თვითმხილველთა და სიტვის მსახურთა იციან;**** ხოლო ჩვენ, რამდენადაც ძალგვიძს, ჭეშმარიტებას ვარაუდებითა და სახეებით წარმოვადგენთ. გონებაში მოსულს დამტკიცებულად კი არ გადავცემთ, არამედ კეთილგანწყობილ მსმენელებს საწვრთნელად შევთავაზებთ. და რა არის ის, რაც ჩვენ ამის შესახებ მოვიაზრეთ? თქვა რა სიტყვამ, რომ შექმნა კაცი ღმერთმან, მნიშვნელობის განუსაზღვრელობით მთელ კაცობრივ ბუნებაზე მიუთითა, რადგან აქ ქმნილება “ადამად” არ იწოდება, როგორც ეს შემდეგ თხრობაშია, არამედ სახელი დაბადებადი ადამიანისა არა მხოლოდ კონკრეტულად ვინმესია, არამედ საყოველთაო.***** ამიტომ, ბუნების სახელწოდებიდან გამომდინარე, ჩვენ იმგვარ ვარაუდამდე მივდივართ, რომ ღმრთეებრივი წინასწარმცნობელობითა და ძალით მთელი კაცობრივი ბუნება პირველსავე დაბადებასა შინა იქნა შემოსაზღვრული, რადგან უნდა მივიჩნიოთ, რომ ღმრთისათვის მის მიერ შექმნილთა შორის არაფერია განუსაზღვრელი და ყოველს აქვს რაღაც ზღვარი და საზომი შემოქმედის სიბრძნით მიზომილი.

ვითარცა ერთი კაცის სხეულია შემოსაზღვრული სიდიდით და ამდენად ოდენობა არის საზომი მისი გვამისა, რომელიც სხეულის ზედაპირითაა დასრულებული, ვფიქრობ, მთელი სისრულე კაცობრივი ბუნებისა, ყოველთა ღმერთის წინასწარმცნობელი ძალით ასევე თითქოსდა ერთი სხეულითაა მოცული და ამას გვასწავლის სიტყვაც, რომელი ამბობს: “შექმნა ღმერთმან კაცი და ხატად ღმრთისა შექმნა იგი”.

ამგვარად, არც ხატია ბუნების რომელსამე ნაწილსა შინა და არც მადლია იმათგან, რომელნიც ცალ-ცალკე იხილვებიან, ერთ რომელიმეში ჩაკეტილი, არამედ მისი ეს ძალა მთელს მოდგმაზე ერთნაირად ვრცელდება. ამის ნიშანი კი ისაა, რომ გონება ყოველს თანაბრად მიეცა, ყველას აქვს ძალა აზროვნებისა, წინასწარ განზრახვისა და სხვა დანარჩენიც, რომელთა მიერაც ღმრთეებრივი ბუნება მის მსგავსად დაბადებულთა შორის გამოისახება. ერთნაირად აქვს ეს როგორც სამყაროს პირველად მოწყობისას დაბადებულ ადამიანს, ასევე იმასაც, რომელიც აღსასრულის ჟამს დაიბადება. ღმრთეებრივ ხატს თავიანთ თავში ისინი თანაბრად (ერთნაირად) ატარებენ. ამიტომაც ეწოდა ყოველს სახელი ერთი ადამიანისა, რადგან ძლიერებისათვის ღმრთისა არც წარსულია და არც მომავალი, არამედ მოსალოდნელიც თანაბრად ახლანდელისა ყოველივეს მომცველი ენერგიითაა გარემოცული. ამგვარად, მთელი ბუნება დაუბადებელის ერთი ხატია, პირველიდან უკანასკნელამდე განფენილი. ხოლო მამრობითი და მდედრობით სქესად დაყოფა ქმნილებას, როგორც ვფიქრობ, ბოლოს შეეძინა შემდეგი მიზეზით.


-----------------------------------------------------------

* იგულისხმება წარმართი ფილოსოფოსები (მთგ.).

** იხ. თავი VI.

*** აქ ვამჯობინეთ “γνῴμη” “ნებად” გვეთარგმნა და არა “გადაწყვეტილად”, რადგან ეს კონტექსტმა გვიკარნახა. გადაწყვეტილება მაინც შედარებით ვიწრო ცნებაა და მისი მიღება ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება. აქ კი, კონტექსტის მიხედვით, წმ. გრიგოლ ნოსელი საერთოდ ადამიანის თავისუფალ ნებაზე საუბრბს (მთგ.).

**** შდრ. ლუკა 1,2. “ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თვით-მხილველ და მსახურ ყოფილ იყუნეს სიტყვისა მის”.

***** რამდენადაც ებრაულად “ადამი” ადამიანს ნიშნავს, პირველმა ადამიანმა სახელად ჩვენი ბუნების საერთო სადხელწოდება მიიღო. დაბადებადში აქ იგულისხმება ადამიანი, რომლიც უნდა შეიქმნას (მთგ.).

 

თავი XVII


რა უნდა ვუპასუხოთ საგონებელში ჩავარდნილებს იმის გამო, რომ უკეთუ შვილიერება შემდგომად ცოდვისა შემოვიდა, როგორ დაიბადნენ (ჩემის აზრით აქ უნდა იყოს დაიბადებოდნენ) სულები, როცა თავდაპირველად ადამიანები უცოდველნი იყვნენ



ვიდრე წინამდებარე საგანს გამოვეძიებდეთ, შესაძლებელია, უმჯობესი მოწინააღმდეგეთა მიერ ჩვენთვის შემოთავაზებული საძიებელი საკითხის განმარტება იყოს. ისინი ამბობენ, რომ ცოდვამდე არაფერია მოთხრობილი არც შობაზე, არც მშობიარობის ტკივილებსა და არც შვილიერებისაკენ სწრაფვაზე. ხოლო, როცა შემდგომად ცოდვისა, სამოთხიდან გამოდევნილ იქნენ და დედაკაცს სასჯელად მშობიარობის ტკივილები მიესაჯა, მაშინ მიუდგა ადამი მეუღლეს, ქორწინებით შეიცნო იგი და შვილიერებასაც დასაბამი მაშინ დაედო. ამიტომ, რადგანაც სამოთხესა შინა არც ქორწინება იყო, არც ტკივილი და არც შობა, აქედან, - ამბობენ ისინი, - უცილობლად უნდა დავასკვნათ, რომ არც ადამიანთა სულების სიმრავლე იქნებოდა, მადლი უკვდავებისა მოკვდავობით რომ არ შეცვლილიყო და ბუნება ქორწინებას არ შეენახა ახლადდაბადებულთა მიერ, რომელნიც ნაცვლად გარდასულთა, ვისგანაც შობილნი იყვნენ, შემოჰყავდა; ასე რომ, ცოდვა, რომელიც კაცთა ცხოვრებაში შემოვიდა, ერთგვარად სასარგებლოც გამოდგა. კაცთა მოდგმა პირველქმნილ წყვილად დარჩებოდა, სიკვდილის შიშს რომ ბუნება მემკვიდრეობისათვის არ აღეძრა.

მაგრამ ჭეშმარიტი სწავლება ამის თაობაზეც ისევ და ისევ მხოლოდ მათთვის შეიძლება იყოს ნათელი, რომელნიც პავლეს მსგავსად (II კორ. 12,4) სამოთხის გამოუთქმელთა საიდუმლოთა ეზიარნენ; ხოლო ჩვენი აზრი ასეთია: ეკამათებოდნენ რა სადუკეველნი მოძღვრებას აღდგომის შესახებ, თავიანთი სწავლების დასამტკიცებლად მაგალითად მრავალგზის დაქორწინებული დედაკაცი მოიყვანეს, რომელმაც სათითაოდ შვიდ ძმაზე იქორწინა და იკითხეს, შემდგომად აღდგომისა, რომელი მათგანის ცოლი იქნებოდა იგი (მათ. 22,28), უფალმა კითხვას პასუხი გასცა, რომლითაც არა მხოლოდ სადუკეველთ ასწავლა, არამედ საიდუმლო აღდგომის შემდგომი ცხოვრებისა ყველასათვის გააცხადა: "რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან და არცა განჰქორწინებდენ" (მათ. 22,30); "არცაღა მერმე სიკუდილად ხელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და ძენი აღდგომისანი არიან" (ლუკა. 20,36).

და მადლი აღდგომისა სხვას არაფერს გვახარებს ჩვენ, თუ არა დაცემულთა პირვანდელი სახით აღდგენას, რადგანაც ეს მადლი, რომელიც მოგველის, გარკვეულწილად თავდაპირველ ცხოვრებაში დაბრუნებაა, რადგანაც მას სამოთხიდან გამოძევებული ისევ სამოთხეში შეჰყავს. უკეთუ აღდგენილთა ცხოვრება ანგელოზთა ცხოვრებას დაემსგავსება, მაშინ, ცხადია, ცხოვრება მცნების დარღვევამდე ანგელოზური იყო. ამიტომ, ჩვენი თავდაპირველ ცხოვრებაში დაბრუნებაც ანგელოზთა მსგავსი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ნათქვამია, მათ შორის ქორწინება არ არსებობს, ანგელოზთა მხედრობა მაინც აღურაცხელად მრავალია.

ამრიგად, ჩვენ რომ არცერთი ის ცვლილება არ განგვეცადა, რომელიც ცოდვის გამო შეგვემთხვა და ამის გამო არც ანგელოზთა სწორ პატივს ჩამოვშორებოდით, ქორწინება გამრავლებისათვის არც ჩვენთვის იქნებოდა საჭირო. ხოლო ის, თუ ანგელოზთა ბუნებაში რა საშუალება არსებობს მათი გამრავლებისა, - გამოუთქმელი და მიუწვდომელია კაცობრივი ვარაუდებისათვის, გარდა ერთისა, - რომ იგი უცილობლად არსებობს. შეიძლებოდა იმავე საშუალებას ემოქმედა ადამიანთა შორისაც, რომელნიც "მცირედ რაიმე ანგელოზთა" (ფს. 8,5) დაკლებულ არიან და კაცთა მოდგმა შემოქმედის ნებით დადგენილ ზღვრამდე გაემრავლებინა.

ამიტომ, უკეთუ ვინმეს გამოძიება ადამიანთა წარმოშობის ისეთი საშუალებისა, რომ კაცს ამისთვის ქორწინების შემწეობა აღარ სჭირდებოდეს, გაუჭირდება, ჩვენი მხრიდან ჩვენც უნდა ვკითხოთ, ანგელოზური არსებობის (ὺποστἀσις) საშუალებაზე, სახელდობრ, რატომ არიან ისინი აღურაცხელად მრავალნი და მაშინ, როცა ერთი არსი აქვთ, სიმრავლით როგორ აღირაცხებიან? აქედან გამომდინარე, შემკითხველს: როგორ იქნებოდა ადამიანი გარეშე ქორწინებისა, შესაფერის პასუხს გავცემთ და ვეტყვით, რომ ისევე იქნებოდა, როგორც ანგელოზნი არიან ქორწინების გარეშე, რადგან მცნების დარღვევამდე ადამიანიც მათი მსგავსი იყო, რასაც მისი კვლავ იმავე მსგავსებით აღდგენაც ამტკიცებს.

რაკიღა ამაზე უკვე ვიმსჯელეთ, ისევ პირველსავე სიტყვას მივუბრუნდეთ. რატომ მოიფიქრა ღმერთმა შემდგომად ხატის შემზადებისა მისი დაყოფა მამაკაცად და დედაკაცად? ვგონებ, ამისთვის ზემოთ გადმოცემული თეორია გამოდგება.

მოიყვანა რა მან ყოველივე ყოფიერებაში და შექმნა რა საკუთარი ნებით კაცი ყოვლითურთ ღმრთეებრივ ხატად, არ დაელოდა ხილვას, როგორ მიაღწევდა ახალშობილთა მცირედ-მცირედ შემატებით რიცხვი სულებისა თავის სავსებას, არამედ მყის გაიაზრა რა წინასწარმცნობელითა ძალითა თვისითა მთელი კაცობრივი ბუნება მისი სისავსით და მიაგო რა მას პატივი მაღალი ანგელოზებრივი ხვედრის მინიჭებით, მჭვრეტელობითი ძალით წინასწარ იხილა, რომ ნება კაცისა მშვინიერებისაკენ წრფელი გზით არ წარემართებოდა და ამის გამო, ანგელოზებრივი ცხოვრებისაგან განშორებული, დაკარგავდა იმ საშუალებას, რომლითაც ანგელოზთა რიცხვი გაიზარდა. ამიტომ, კაცობრივ სულთა სიმრავლის გაზრდა რომ არ შეწყვეტილიყო, შესაფერისად ცოდვით დაცემულისათვის, მოიფიქრა და ბუნებაში განამზადა საშუალება გამრავლებისა: ნაცვლად ანგელოზისებური დიდებული შობისა, კაცებასა შინა შთამომავლობის გასაგრძელებლად ცხოველური და პირუტყვული შობა დანერგა.

ვფიქრობ, ამიტომაც დასტირის ადამიანის უბედურებით შეწუხებული დიდი დავითი მის ბუნებას: "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაყო", გულისხმობს რა პატივში ანგელოზთა სწორ პატივს და ამბობს: "ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა და მიემსგავსა მათ" (48,20), რამეთუ მართლაც პირუტყვული გახდა ის, ვინც ნივთიერებისაკენ მიდრეკის გამო ეს ხრწნადი შობა ბუნებით შეიწყნარა.


თავი XVIII

იმის თაობაზე, რომ მიზეზი ჩვენში პირუტყვული ვნებებისა პირუტყვულ ბუნებასთან ნათესაობაა


ვფიქრობ, ყოველი ვნება ამ საწყისიდან, ვითარცა წყაროსაგან გამოედინება და კაცობრივ ცხოვრებას ავსებს. ნათქვამის დასტურია ვნებათა ნათესაობა, რომელიც ჩვენშიც და პირუტყვთა შორისაც თანაბრად ჩანს. უსამართლობა იქნება, რომ ვნებათა დასაბამი ღმრთეების ხატად შექმნილ კაცობრივ ბუნებას მივაკუთვნოთ; არამედ მაშინ, როცა ამ სოფლად პირუტყვთა ცხოვრება შემოხდა და ზემოხსენებული მიზეზის გამო, ამ ბუნებიდან რაღაც ადამიანმაც მიიღო, შობას ვგულისხმობ, მის მიერ სხვა დანარჩენთაც ეზიარა, რომელიც ამ ბუნებაში იხილვება.

ადამიანს ხომ მსგავსება ღმრთეებასთან არც მრისხანების გამო აქვს და არც აღმატებული ბუნება გამოისახება ტკბობის მიერ. სიმხდალე და სითავხედე, სურვილი უმეტესობისა და სიძულვილი იმისა, რომ ვინმეზე ნაკლები იყოს, და სხვა ამდაგვარნი, ღმრთივმშვენიერ თვისებათაგან შორს არიან. ამიტომაც კაცობრივმა ბუნებამ, ისინი თავისკენ პირუტყვული ნაწილისაგან მიიზიდა; რადგან ის, რითაც პირუტყვული ცხოვრება თავს იცავს და უფრთხილდება, კაცობრივ ცხოვრებაში გადატანისას ვნებებში გადადის; რადგან მრისხანებით ხორცის მჭამელი მხეცები იცავენ თავს, ავხორცობით – მრავლისმშობელნი, სიმხდალით – უძლურნი, შიშით – ძლიერთაგან ადვილად მოსახელთებელნი, გაუმაძღრობით – ხორცმრავალნი. წარუმატებლობა რომელიმე ტკბობის მიღწევაში პირუტყვთა შორის მწუხარების მიზეზი ხდება. ყოველივე ეს, და სხვა მსგავსი ამათი, პირუტყვული (ცხოველური) შობის შედეგად ადამიანის აგებულებაშიც შემოვიდა.

დაე, მომეცეს მე ნება, რომ კაცობრივი ხატი, სახვითი ხელოვნების მიბაძვით, სიტყვით აღვწერო. ისე, როგორც ქანდაკებათა შორის შეიძლება ხილვა ორსახოვან გამოსახულებათა, რომელნიც დახელოვნებულ ოსტატთა მიერ, ამოკვეთენ რა ერთ თავზე ორ სახეს, მნახველთა განსაცვიფრებლად არიან შექმნილნი, ასევე ადამიანიც, ვფიქრობ, დაპირისპირებულთა ორმაგ მსგავსებას ატარებს: საღმრთო გონბით ღმრთეებრივ სილამაზესაც გამოსახავს და ვნებისაგან წარმოშობილი სურვილებით ნათესაობას ცხოველურთანაც ამჟღავნებს. მაგრამ ხშირად გონება, პირუტყვულისაკენ მიდრეკილებისა და მისდამი კეთილგანწყობის გამო, ჩაკლულია და უმჯობესი უდარესითაა დაფარული; რადგან უკეთუ ვინმე გონიერ ძალას აქამდე დაამდაბლებს და გონებას ვნებათა მსახურებას აიძულებს, კეთილი ხატი პირუტყვულ ხატად გარდაიქცევა და სახეს მთელი ბუნება შეიცვლის, ხოლო გონება, ვითარცა მიწათმოქმედი, ვნებათა საწყისებს მოიმუშაკებს და თანდათანობით სიმრავლეში გადაზრდის, რადგან თავისი თანაქმედებით შეეწევა რა ვნებას, უგუნურებათა მრავალრიცხოვანსა და უხვ ნაყოფს შექმნის.

ამგვარად, თუმცაღა ტკბობათა სიყვარულმა დასაბამი პირუტყვულთან მსგავსების გამო მიიღო, მაგრამ კაცობრივ ცდომილებათა მიერ აღორძინდა და ტკბობისმიერ შეცოდებათა იმდენი სახესხვაობანი წარმოშვა, რამდენიც პირუტყვთა შორისაც კი არ იპოვება. ასე რომ, მართალია, აღძვრა მრისხანებისა პირუტყვთა მიდრეკილების მსგავსია, მაგრამ გულის ზრახვათა მოკავშირეობით აღორძინდება.

აქედან არის ხომ სიძულვილი, შური, ტყუილი, ცბიერება, პირმოთნეობა. ყოველივე ესე გონების ბოროტი მუშაკობისაგანაა, რადგან ვნება რომ გულის ზრახვათა მოკავშირეობისაგან გაშიშვლებულიყო, მრისხანება, მსგავსად ბუშტუკისა, რომელიც წყალში გაჩენისთანავე სკდება, სწრაფწარმავალი და უძლური აღმოჩნდებოდა. ასევე მოიტანა გაუმაძღრობამ სიხარბე ღორებისა, ხოლო სიამაყე ცხენისა ქედმაღლობის დასაბამი გახდა.

ამრიგად, ყოველი, ცხოველური უგუნურებისაგან თითოეულად წარმოშობილი, გონების მიერ უკეთური გამოყენებით ბოროტებად იქცა, ისევე როგორც თუკი გონება, პირიქით, ამგვარ აღძვრათა ზედა ძალაუფლებას ისევ აიღებს, ყოველი მათგანი სათნოების სახედ გარდაიქმნება: მრისხანება მხნეობას შექმნის, სიჯაბანე – სიფრთხილეს, შიში – მორჩილებას, სიძულვილი – ბოროტისაგან მოქცევას, ძალა სიყვარულისა – სურვილს ჭეშმარიტად მშვენიერისა, ხოლო სიამაყე ხასიათისა ვნებათა ზედა აამაღლებს და ბოროტებისაგან დაუმონებელ აზროვნებას დაიცავს. ამაღლების ამგვარ სახეს აქებს ხომ დიდი მოციქულიც, როცა ბრძანებს: ზეცისასა ზრახევდით (კოლ. 3,2).

ამრიგად, შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ ყოველი ამგვარი აღძრვა აზროვნების სიმაღლით თანააღიწევა და ღმრთეებრივი ხატის მშვენიერებას თანახატ ექმნება. მაგრამ, რამდენადაც არსებობს რაღაც მძიმე და ქვედამზიდველი მიდრეკილება ცოდვისაკენ, უმეტესწილად სხვაგვარად ხდება: პირუტყვული ბუნების სიმძიმით უფრო გონიერი ნაწილი სულისა ქვე-თანაწარიტაცება, ვიდრე მძიმე და მიწიერი  ამაღლდება აზროვნების სიმაღლით.

ამიტომაც, ჩვენი უბადრუკობის გამო, საღმრთო ნიჭს ხშირად ვერ შევიცნობთ, რადგან მშვენიერებას ხატისა, მსგავსად საძაგელი ნიღბისა, ხორციელი ვნებანი ფარავს. ასე რომ, რამდენადმე შენდობას იმსახურებენ ისინი, რომელნიც, ხედავენ რა ასეთებს, ადვილად არ თანხმდებიან იმაზე, რომ მათში ღმრთის ხატი არსებობს. მაგრამ ადამიანში ღმრთეებრივი ხატის დანახვა იმათი საშუალებით შეიძლება, რომელნიც ცხოვრებას სწორად წარმართავენ; რადგანაც უკეთუ ვნებიანი და ხორციელი რწმენას დაგვიკარგავს იმისა, რომ კაცი საღმრთო მშვენიერებით იქნა შემკული, სათნოებით ამაღებული და ბიწისაგან განწმენდილი ადამიანზე უკეთეს შეხედულებას უცილობლად დაგიმტკიცებს.

მაგალითად, - აზრის მაგალითებით დამტკიცება ხომ უკეთესია, - დაე, ვინმემ ბოროტებით ცნობილმა, მაგალითად, იექონიამ (4 მეფ. 24,9), ან სხვა ვინმემ, ვინც ბოროტი საქმეებით გვახსენდება, სილამაზე ბუნებისა ბოროტების ბიწით დაფაროს, მაგრამ მოსესა და მსგავსთა მისთა შორის ხომ სახე ხატისა  წმინდად იქნა დაცული.

ამგვარად, ისინი, რომელთა შორისაც მშვენიერება არ წაბილწულა, სარწმუნოობას ნათქვამისა, რომ კაცი ხატად ღმრთისა (μίμημα)* დაიბადა, ნათლად ამტკიცებენ. მაგრამ შეიძლება ვინმეს შერცხვეს იმისა, რომ პირუტყვთა მსგავსად სიცოცხლეს ჩვენც ჭამით ვინარჩუნებთ და ამის გამო ადამიანი ღმრთის ხატად შექმნისათვის უღირსად მიიჩნიოს. დაე, მას ჰქონდეს სასოება მისა, რომ ოდესმე, მომავალ ცხოვრებაში ბუნება ამ მსახურებისაგანაც განთავისუფლდება, “რამეთუ არ არს, - ამბობს მოციქული, - სასუფეველი ღმრთისაი საჭმელ და სასუმელ” (რომ. 14,17), ხოლო უფალმა ბრძანა: “არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა” (მათ. 4,4). რამდენადაც საიდუმლო აღდგომისა ჩვენს ცხოვრებას ანგელოზთა სწორად წარმოაჩენს, ხოლო ანგელოზს საჭმელი არ აქვთ, ამდენად ადამიანის ამგვარი მსახურებისაგან განთავისფლების დასამტკიცებლად ისიც საკმარისია, რომ იგი ანგელოზთა მსგავსად იცხოვრებს.


-----------------------------


* აქ ვამჯობინეთ μίμημα, რომელიც სიტყვა-სიტყვით მიბაძვას, მსგავსებას, ბაძვის შედეგს ნიშნავს, ხატად გვეთარგმნა.

 

თავი XIX

მათ მიმართ, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ტკბობა მოსალოდნელ კეთილთაგან ისევ ჭამითა და სმით იქნება, რადგან წერია, რომ დასაბამიდან სამოთხეში კაცი მათით ცხოვრობდა


შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ადმიანი იმავე სახის ცხოვრებაში ვეღარ ავა, რადგანაც პირველად იძულებულნი ვიყავით გვეჭამა, ხოლო შემდგომად ამა ცხოვრებისა ამგვარი მსახურებისაგან განვთავისუფლდებით. ხოლო მე, ვისმენ რა წმინდა წერილს, არა მხოლოდ ხორციელ საზრდელსა და ხორცისმიერ სიხარულს ვგულისხმობ, არამედ რაღაც სხვა საზრდელიც ვიცი, რომელსაც რაღაც მსგავსი აქვს სხეულთან და რომლის გემოს ხილვასაც მხოლოდ სული მიაღწევს.

“ჭამეთ პური ჩემი”, - უბრძანებს სიბრძნე მშიერთ (იგავ. 9,4); უფალიც ნეტარად რაცხს ამგვარი საზრდელისათვის მოშიებულებს (მათ. 5,6) და ამბობს: “უკეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ” (იოანე. 7,37). დიდი ესაიაც, მათ, ვისაც მისი ამაღლებული აზრის წვდომა შეუძლია, უბრძანებს, “სუმიდენ მხიარულებით” (ეს. 25,6). არსებობს ერთი წინასწარმეტყველური მუქარაც სასჯელის ღირსთა მიმართ, რომ ისინი შიმშილით დაისჯებიან, ხოლო მიზეზი შიმშილისა პურისა და წყლის მოკლება კი არ იქნება, არამედ უკმარისობა სიტყვისა: “არა სიყმილი პურისაი, - ამბობს, - არცა წყურვილი წყლისაი, არამედ სიყმილი სმენად სიტყუაი უფლისაი” (ამოს. 8,11).

ამრიგად, ღმრთის ნერგი, ედემსა შინა (ედემი ხომ ტკბობად ითარმნება) მისი ღირსი ნაყოფის მოაზრება შეეფერება, რითაც უეჭველად ადამიანიც საზრდოობდა. სრულიადაც არაა აუცილებელი, რომ ეს განმავალი და განთხევადი საზრდელი სამოთხისეული ცხოვრებისათვის მოვიაზროთ. ითქვა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა შჭამოთ (შესაქ. 2,16). ვინ აძლევს ძლიერ მოშიებულებს ამ ხეს, რომელიც სამოთხეში ყოველსავე კეთილს მოიცავს, რომელსაც სახელად ყოველი ეწოდება და რომელთან ზიარებითაც სიტყვა ადამიანს შვებას ანიჭებს? რამდენადაც ამ გვარეობითსა და მაღალ ცნებასთან ყოველი სახე კეთილისა განუყრელადაა შეერთებული, ამდენად ერთი ყოველიც არის.

მაგრამ ვინ მიმაქცევს მე სხვა, შერეული და ორმაგი ხის გემოისხილვისაგან? რადგან შედარებით შორსმჭვრეტელთათვის უეჭველად ნათელია, რა არის ეს ყოველი, რომლის ნაყოფიც სიცოცხლეა და რა კიდევ – შერეული იგი, რომლის დასასრულიც სიკვდილია. მან, ვინც უშურველად შესთავაზა კაცს ყოველის გემოისხილვა, სჯულითა და განგებულებით, იგი ნაზავთან ზიარებისაგან მტკიცედ განაყენა.

ვფიქრობ, ამ ცნების განმარტებისას მასწავლებლად დიდი დავითი და ბრძენი სოლომონი უნდა ავირჩიოთ, რადგან ორივენი ერთადერთ ნებადართულ ტკბობად თვით ჭეშმარიტად კეთილს, რომელიც არის კიდეც ყოველი სიკეთე, მიიჩნევენ. დავითი ამბობს: იშუებ უფლისა მიმართ (ფს. 36,4), ხოლო სოლომონი იმ სიბრძნეს, რომელიც თავად უფალია, ცხოვრების ხეს უწოდებს (იგავ. 3,18).

ამრიგად, ერთი და იგივეა ხე ცხოვრებისა და ხე ყოველი, რომელსაც სიტყვა ღმრთისა ხატად შექმნილს საზრდელად აძლევს. ამ ხეს უპირისპირდება სხვა ხე, რომლისგანაც საზრდელის მიღება კეთილისა და ბოროტის ცნობაა. იგი დასახელებულ დაპირისპირებულთაგან არა თითოეულისაგან ცალ-ცალკე, არამედ შერეულსა და შერწყმულ ნაყოფს გამოიღებს, საპირისპირო თვისებებით განზავებულს, რომლის ჭამასაც კრძალავს წინამძღვარი ცხოვრებისა, მაგრამ ურჩევს გველი, რათა სიკვდილს შემოსასვლელი განუმზადოს. და მრჩეველი ნდობას მოიპოვებს, რადგან ნაყოფი მშვენივრად და სასიამოვნოდ შეამკო, რათა შესახედავადაც მიმზიდველი ყოფილიყო და გემოს ხილვის სურვილიც აღეძრა.


თავი XX


როგორი იყო ცხოვრება სამოთხესა შინა და რა არის აკრძალული ხე



ამგვარად, რა არის ის, რაც სიკეთისა და ბოროტების ცნობას შეერთებულად ფლობს და გრძნობისმიერ ტკბობათა მიერაა აყვავებული? მაგრამ ჩემი მისწრაფება ჭეშმარიტებას არ დაშორდება, თუ განხილვისათვის ამოსავალ წერტილად სიტყვა "ცნობადის" შინაარსით ვისარგებლებ. ვფიქრობ, აქ წმინდა წერილი ცნობას (γνῷσις) ცოდნად (შემეცნებად, επιστημημν) არ მოიაზრებს, არამედ მის სიტყვათხმარებაში ცოდნასა და გარჩევას შორის რამდენადმე სხვაობას ვპოულობ, რადგან ბოროტისაგან სიკეთის ცოდნით გარჩევა, როგორც მოციქული ამბობს, მხოლოდ სრულყოფილებსა და იმათ ხელეწიფებათ, რომელთაც გაწვრთნილი გრძნობები აქვთ*. ამიტომაც იძლევა ბრძანებას ყოველივეს გამოცდისა** და ამბობს, რომ გარჩევა სულიერთა თვისებაა***. ცნობა (γνῷσις) ყველგან შემეცნებასა და ცოდნას არ აღნიშნავს, არამედ განწყობილებასაც (დამოკიდებულებასაც) სასურველისადმი, როგორც მაგალითად, იცნის უფალმან (ἐγνῳν) რომელნი-იგი არიან მისნი (II ტიმ. 2,19), და მოსეს ეუბნება: გიცი შენ, უფროის ყოველთა (II შჯ. 33,12 თუ 34,11?), ხოლო ბოროტებასა შინა გამოცდილს, რომელმაც ყოველნი უწყის, ეუბნება: არა გიცნი (ἐγνῳν) თქუენ (მთ. 7,23).

ამრიგად, ხე, რომლისგანაც შერეული ცოდნის ნაყოფი გამოიღება, აკრძალულთაგანია, ხოლო ამ ნაყოფს, რომელიც დაპირისპირებულთა ნაზავია, მცველად თვისად გველი ჰყავს, ალბათ, იმ მოსაზრებით, რომ ბოროტება, როგორც ასეთი, შიშველი სახით არ წარმდგარიყო და საკუთარი ბუნება არ წარმოეჩინა. ბოროტება ხომ უმოქმედო აღმოჩნდებოდა, არანაირი სიკეთით რომ არ შემკულიყო, რაც ცდუნებულს ბოროტების ნდომით წარიტაცებს. რაგანაც ბუნება ბოროტისა შერეულია, წარწყმედა, როგორც რაღაც დაფარული ცბიერება, სიღრმეში აქვს, ხოლო მატყუარა გარეგნობით მოჩვენებით სიკეთეს წარმოაჩენს.

ვერცხლისმოყვარეთ ნივთიერების კეთილფეროვნება ეჩვენებათ მშვინვიერებად, მაგრამ ყოველთა ბოროტთა ძირი ვერცხლისმოყვარეობაა****. მყრალსა მწვირესა შინა სიძვისა ვინ ჩაეფლობოდა, ტკბობა რომ სასურველ რამედ არ მიეჩნია, ამ სატყუარათი ვნებისაკენ წარტაცებულს.

ასევე სხვა ცოდვანიც, რომელთაც დაფარული ხრწნილება აქვთ, თავდაპირველად სასურველად ეჩვენებიან მათ, რომელნიც რაღაც ტყუილისაგან ცდუნდებიან, ნაცვლად სიკეთისა, მათკენ მიისწრაფვიან. რადგანაც მრავალნი მშვენიერებად მიიჩნევენ იმას, რაც გრძნობებს ახარებს და ამასთან, ისიც შეიძლება, რომ ჭეშმარიტსა და მოჩვენებით სიკეთეს ერთი სახელი ჰქონდეს (ომონიმია), ამიტომაც სურვილის აღძვრას ბოროტებისაკენ, ვითარცა სიკეთისკენ, წმინდა წერილის მიერ სიკეთისა და ბოროტების ცნობა ეწოდა. გაგებულია რა ცნობა რამდენადმე შეთავსებად და შეზავებად.

ნაყოფი აკრძალული ხისა, რომლის გემოისხილვაც, როგორც ნათქვამია, ვინც შეეხება, სიკვდილისაკენ წაიყვანს, არც აბსოლუტურ ბოროტებად, რადგანაც იგი რაღაც სიკეთითაცაა შემკული და არც წმინდა სიკეთედ, რადგან ბოროტებითაა დაფარული, არამედ ორივესაგან ნაზავად იწოდება. ამით თითქმის ღიად აცხადებს იმ სწავლებას, რომლის მიხედვითაც ჭეშმარიტი სიკეთე ბუნებით მარტივი და ერთსახოვანია და უცხოა ყოველგვარი ორმაგობისა და დაპირისპირებულთა შეუღლებისათვის. ხოლო ბოროტება ჭრელია და შენიღბული, რათა სხვა რამედ ჩათვალონ, მაგრამ გამოცდილებით გაირკვეს, რომ სხვა რამ ყოფილა; მისი ცნობა, ანუ გამოცდილებით შეთვისება სიკვდილისა და ხრწნილების დასაბამი და საფუძველი ხდება.

ამიტომაც მიუთითებს გველი ცოდვის ბოროტ ნაყოფზე, მაგრამ ბოროტებას, რომელიც მას ბუნებით ჰქონდა, არ წარმოაჩენს, რადგან ადამიანი ცხადი ბოროტებით არ ცდუნდებოდა. არამედ, პირიქით, განაბრწყინა რა რამდენადმე გარეგნული მშვენებით და გამოისხილვისას მოხიბლა რა რაღაც გრძნობისმიერი ტკბობით, როგორც ამას წმინდა წერილი ამბობს, დედაკაცს სანდოდ ეჩვენა იგი: და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათვის ხედვად და შუენიერ განცდად (დაბ. 3,6) და მიმღებელმა ნაყოფისა შეჭამა იგი. და საზრდელი ესე კაცთათვის დედა სიკვდილისა გახდა.

ამრიგად, აი, ეს არის შერეული ნაყოფიერება, რომლის მნიშვნელობასაც ნათლად განმარტავს სიტყვა , რომლის მიხედვითაც ხე იგი სიკეთისა და ბოროტების ცნობად იწოდება (შესქ. 2,17). მსგავსად მომაკვდინებელი საწამლავისა, რომელიც თაფლითაა შემზადებული, რამდენადაც გრძნობას ატკბობს, იგი სიკეთედ ჩანს, ხოლო რამდენადაც შემხებელს ღუპავს, ყოვლისა ბოროტისა უბოროტესი ხდება. ამიტომ, როცა ბოროტმა საწამლავმა ადამიანის სიცოცხლეზე იმოქმედა, მაშინ ადამიანი - დიდი იგი საქმე და სახელი, ხატი ღმრთეებრივი ბუნებისა, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი, ამაოებასა მიემსგავსა (ფს. 143,4). ასე რომ, რაც კი ჩვენში უკეთესი მოიაზრება, ხატის კუთვნილებაა, ხოლო ყოველი, რაც ცხოვრებაში სამწუხარო და შესაჭირვებელია, ღმრთეების მსგავსებისაგან შორსაა.


----------------------------------------------------


* “ხოლო სრულთაჲ არს მტკიცე იგი საზრდელი, რომელთა წესითა მით გონებანი წურთილნი ჰქონედ განრჩევად კეთილისა და ბოროტისა” (ებრ. 5,14).

** “ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ” (I თეს. 5,21).

*** “ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის” (Iკორ. 2,15). კონტექსტის მიხედვით, აქ განკითხვა სამართლის ქმნის, გარჩევის, განსჯის მნიშვნელობითაა გამოყენებული.

**** “რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყუარებაჲ” (I ტიმ. 6,10).

 

თავი XXI


იმის შესახებ, რომ სასოება აღდგომისა არა იმდენად წიგნთა ქადაგებიდან უნდა გვქონდეს, რამდენადაც თვითონ საქმეთა უცილობელი მიმდევრობისაგან


მაგრამ ბოროტება იმდენად ძლიერი არაა, რომ სიკეთეს ძალას აღემატოს. არც ჩვენი ბუნების უგუნურებაა უკეთესი და უფრო საიმედო ღმრთის სიბრძნეზე, რადგან შეუძლებელია, რომ მოქცევადი და ცვალებადი იმაზე, ვინც მარადის იგივეა და კეთილსა შინა განმტკიცებული, უფრო ძლიერი და მტკიცე იყოს. საღმრთო განზრახვა ყველგან და ყოველთვის უცვალებელია, ხოლო ცვალებადობა ჩვენი ბუნებისა მტკიცე არც ბოროტებასა შინა რჩება; უცილობლად მარადის მოძრავი სიკეთისაკენ მიმავალ გზასაც რომ დაადგეს, რამდენადაც საქმე კეთილსა შინა წარმატებასა ზღვარდაუდებელია, წინ სწრაფვას არასოდეს შეწყვეტს, რადგან ვერ იპოვნის დასასრულს საძიებელისა, რომლის მიღწევითაც შეიძლებოდა ოდესმე მოძრაობისაგან დამდგარიყო. ხოლო უკეთუ იგი (კაცობრივი ბუნება) საწინააღმდეგოსაკენ მიიდრიკა, როცა ბოროტების სარბიელს დაასრულებს და ბოროტების უკიდურეს ზღვარს მიაღწევს, მარადიული მოძრაობა სწრაფვისა, ბუნებიდან გამომდინარე, ვერ იპონის რა ვერანაირ ღონეს დადგომისა და ასპარეზიც ბოროტებისა გარბენილი იქნება, მოძრაობას აუცილებლობით სიკეთისაკენ მიაქცევს. რადგანაც ბოროტების წინსვლა არა უსაზღვროა, არამედ უცილობელი საზღვრებითაა შემოსაზღვრული, შესაბამისად, ბოროტების ამ ზღვარს მემკვიდრედ სიკეთე მოსდევს.

ამრიგად, როგორც ითქვა, მარადიული მოძრაობა ჩვენი ბუნებისა ბოლოს კვლავ სიკეთის გზისკენ მიიქცევა, ოღონდ განცდილ უბედურებათა ხსოვნით განბრძნობილი, ღათა მსგავს ტყვეობასა შინა ისევ არ ჩავარდეს. ასე რომ, ბოროტის ბუნების უცილობელი საზღვრებით შემოზღუდვისა გამო, ჩვენ ისევ გვექნება ასპარეზი სიკეთისა.

ვითარცა ბრძენნი და მაღლადმხდენი ამბობენ, მთელი სამყარო ნათლითაა აღვსილი, ხოლო სიბნელე ჩნდება ჩრდილისაგან, რომელიც იქმნება მაშინ, როდა დედამიწა მის წინ მდებარე სხეულს ეფარება. ამასთან, ამ სხეულის სფეროსებური ფორმისაგან მზის ბრწყინვალების საპირისპირო მხარეს ბნელი კონუსისებურადაა შემოზღუდული, მაგრამ რამდენადაც მზე დედამიწას სიდიდით რამდენიმე გზის აღემატება, მოიცავს რა მის სიმრგვალეს ყოველი მხრიდან თავისი სხივებით, სინათლის სხივებს კონუსის წვერზე აერთებს. ამგვარად, თუ ვივარაუდებთ, რომ ვინმეს ეყოფა ძალა გადალახოს მანძილი, რომელზეც ჩრდილია განფენილი, იგი უცილობლად ბნელისაგან განუკვეთელ ნათელში აღმოჩნდება.

ვფიქრობ, იგივე უნდა მოვიაზროთ ჩვენს შესახებაც; მივაღწევთ რა ბოროტების ზღვარსა და ცოდვის ჩრდილის დასასრულს, კვლავ ნათელსა შინა ვიცხოვრებთ, რადგან სივრცელე სიკეთის ბუნებისა ბოროტების საზომს დიდად აღემატება.

ამგვარად, ისევ სამოთხე, ისევ ხე იგი, რომელიც ცხოვრების ხეა, ისევ მადლი ხატოვნებისა და პატივი მთავრობისა; ოღონდ, ვფიქრობ, არა იმათ ზედა, რომელნიც ცხოვრების საჭიროებისთვის ადამიანს ღმრთის განგებით ახლა ემორჩილებიან*, არამედ არსებობს სასოება რაღაც სხვა სამეფოსი, რომლის შესახებაც სიტყვა გამოუთქმელი რჩება.



-------------------------------------------------------


* იგულისხმება ცხოველები, რომელნიც ადამიანებს ემსახურებიან.

 

თავი XXII


იმათ მიმართ, რომელნიც ამბობენ: უკეთუ
აღდგომა კეთილია, რატომ არ მოხდა
უკვე, არამედ შემდგომად
ჟამთა რამდენიმე მოქცევისა ელოდებიან



მაგრამ მივყვეთ კვლევას, თანმიმდევრულად. შეასხამს რა გონებას ტკბილი იმედის ფრთებს, ის, რომ კეთილი იგი, რომელიც კაცობრივ გრძნობასა და ცოდნაზეც მეტია, მყისვე არ მიიღწევა, შეიძლება ვინმემ მძიმე ტვირთად და სასჯელად მიიჩნიოს და ხანგრძლივობა დროისა, შეიძლება ვინმემ მძიმე ტვირთად და სასჯელად მიიჩნიოს და ხანგრძლივობა დროისა, რომელიც სასურველის ასრულებისაგან აშორებს, მისთვის აუტანელი გახდეს. მაგრამ დაე, ნუ შეშფოთდება მსგავსად ჩვილი ყრმებისა, რომელთაც საწადელი ტკბობის მიღებისას მცირე შეფერხებაც კი წყენას აყენებთ. რამდენადაც ყოველივეს სიტყვა და სიბრძნე განაგებს, არაფერი იმისაგან, რაც ხდება, ამ სიტყვისა და სიბრძნისათვის, რომელიც მასშია, უცხოდ არ უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ შენ შემეკითხები: რა კანონია ეს, რომლის მიხედვითაც ამ მწუხარე ცხოვრებიდან სასურველში გადასვლა მყისვე არ ხდება, არამედ ეს მძიმე და ხორციელი ცხოვრება განსაზღვრული დროის განმავლობაში გრძელდება და ყოველივეს აღსრულების დასასრულს ელოდება, რათა კაცობრივი სიცოცხლე, ვითარცა აღვირისაგან განთავისუფლებული, ისევ დამოუკიდებელი და თავისუფალი, ნეტარსა და უვნებო ცხოვრებას დაუბრუნდეს? მაგრამ უახლოვდება თუ არა ჩვენი სიტყვა საძიებელ ჭეშმარიტებას, ეს ცხადად თავად ჭეშმარიტებამ უწყის, ხოლო რაც ჩვენ აზრად მოგვივიდა, ამგვარია: ისევ პირველ სიტყვას ვუბრუნდები: ვქმნეთ, - ამბობს ღმერთი, - კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა... და შექმნა ღმერთმან კაცი, ხატად ღმრთისა შექმნა იგი (შესქ. I,26-27).

ამგვარად, ღმრთის ხატი, რომელიც მთელ კაცობრივ ბუნებაში იხილვება, გასრულდა, მაგრამ ადამი დაბადებული ჯერ კიდევ არ იყო, ხოლო ადამად, როგორც ებრაული ენის მცოდნენი ამბობენ, ეტიმოლოგიური სახელდებით მიწიერი ქმნილება იწოდება. ამიტომაც მოციქული, რომელსაც ისრაელიანთა მშობლიური ენა განსაკუთრებით კარგად ჰქონდა შესწავლილი, თითქოს სახელს - ადამი - ელინურ ენაზე თარგმნის, როცა ადამიანს მიწისაგანსა და მტვერს უწოდებს*.

ამრიგად, ხატად ღმრთისა დაიბადა კაცი, მთელი მისი ბუნება, ქმნილება - მსგავსი ღმრთისა; დაიბადა ყოვლისშემძლე სიბრძნით არა ნაწილი მთელისა, არამედ მაშინვე მთელი სისავსე ბუნებისა. იცოდა ყოველთა საზღვართა მპყრობელმა, ვის შესახებაც ამბობს წმინდა წერილი: ხელსა შინა მისსა არიან კიდენი ქუეყანისანი (ფს. 94,4), იცოდა მან, ვინც უწყის ყოველნი პირველ ქმნისა მათისა (დან. XIII,42), რა რიცხვს მიაღწევდა კაცთა მოდგმა და რადგანაც ჩვენს არსებაში ბოროტისკენ მიდრეკილებაცა და ისიც გულისხმაყო, რომ იგი, ანგელოზთა სწორ პატივს ნებსით განშორებული, სიმდაბლესთან ზიარებასაც შეითვისებდა, საკუთარ ხატს რაღაც პირუტყვულისაგანაც შეჰრთო. რადგანაც ღმრთეებრივსა და ნეტარ ბუნებაში არ არის სხვაობა მამაკაცისა და დედაკაცისა, არამედ გადაიტანა რა ადამიანზე პირუტყვის აგებულების დამახასიათებელი თვისება, ამ მოდგმა ქმნილების სიმაღლისათვის არაშესაფერისი გამრავლების უნარი მისცა. კაცს ხომ ძალა აღორძინებისა და გამრავლებისა არა მაშინ უბოძა, როცა ხატად შექმნა, არამედ როცა მამაკაცად და დედაკაცად განყო, მაშინ უთხრა: აღორძინდით და გამრავლდით და განავსეთ ქუეყანაი (შესქმ. I,28); რადგან ეს არა საღმრთო ბუნების თვისებაა, არამედ პირუტყვისა, რაზეც ისტორიაც მიგვანიშნებს, როცა თავდაპირველად მოგვითხრობს პირუტყვებზე, რომელთაც ღმერთმა იგივე უთხრა. ღმერთს რომ ამავე ბრძანებით ადამიანისათვის ძალა აღორძინებისა მანამდე მიეცა, ვიდრე მისი ბუნების მამაკაცად და დედაკაცად გაყოფა მოხდებოდა, შობის იმგვარი სახე არ დაგვჭირდებოდა, როგორითაც პირუტყვები იბადებიან.

ამრიგად, წინასწარმცნობელითა ძალითა თვისითა წინასწარ გულისხმაჰყო რა სავსება კაცთა, რომელიც მომავალში ცხოვრებასა შინა ცხოველური შობით შემოვიდა, რამდენადაც ჩვენი ბუნების სიმდაბლისაკენ მიდრეკამ ამგვარი სახე შობისა საერთოდ კაცობრიობისათვის უცილობელი გახდა, რასაც ჯერ კიდევ შობამდე წინასწარ ჭვრეტდა ის, ვინც მომავალს როგორც აწმყოს, ისე ხედავს, ამიტომ ღმერთმა, რომელიც ყოველივეს წესრიგითა და ჰარმონიით განაგებს, შესწორებული ჟამი წინასწარ მოიაზრა, ისე, რომ დროის ხანგრძლივობა განსაზღვრული სულების შემოსვლისათვის საკმარისი ყოფილიყო და მოძრაობა დროის დინებისა მაშინ დამდგარიყო, როცა მასში კაცი აღარ დაიბადებოდა; ხოლო რაჟამს დასრულდება შობა ადამიანთა, მასთან ერთად დასრულდება დროც, ამგვარად მოხდება განახლება ყოველივეს პირველსაფუძვლისა და მთელის შეცვლასთან ერთად შეიცვლება კაცობრივიც - ხრწნადისა და მიწიერისაგან უვნებოდ და მარადიულად.

ვფიქრობ, ამას გულისხმობდა ღმერთეებრივი მოციქული, წინასწარმეტყველებდა რა კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში უეცარ დადგომაზე დროისა და მოძრავთა უკუმიქცევაზე, როცა ამბობს: აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთა უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ მეყსა შინა წამსა თუალისასა უკანაისკნელითა მით საყვირითა (I კორინ. XV, 51-52). რადგან, როგორც ვფიქრობ, როცა სავსება კაცობრივი ბუნებისა წინასწარცნობილი ზომის ზღვარს მიაღწევს და სულთა რიცხვს გასაზრდელად ერთის არ დააკლდება, მეყსეულად მოხდება შეცვლა არსებულთა, როგორც გვასწავლის [მოციქული], უწოდებს რა ამ ზღვრულ დროს, რომელიც არც განიზომება და არც გრძელდება, განუყოფელსა და მეყსა შინა წამსა თუალისასა; იმიტომ, რომ ვერავინ, ვინც დროის უკანასკნელსა და უკიდურეს მწვერვალს მიაღწევს, რომლის შემდეგაც აღარაფერია დარჩენილი, ვერ შეძლებს სიკვდილით მოიპოვოს დროში ცვლილება, ვიდრე არ გაისმება აღდგომის საყვირისა, გამღვიძებელი მკვდართა, და ცხოვრებათა შინა დარჩენილნიც, მსგავსად აღდგომის მიერ განახლებულთა, უხრწნელებად შეიცვლებიან. ასე რომ, სიმძიმე ხორცისა ქვე აღარ დაზიდავს მას. და ვერც ტვირთი დაიჭერს დედამიწაზე, არამედ ჰაერსა ზედა ატაცებული, იფრენს. აღვიტაცნეთ, ამბობს მოციქული, ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერსა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით (I თეს. IV, 17). ასე რომ, დაელოდონ გასვლას დროისა ადამიანის გაზრდამდე; აბრაამსაც და მამამთავრებსაც ხომ ჰქონდათ სურვილი კეთილის ხილვისა, მაგრამ მაძიებელთა ვერ მიაღწიეს ზეციურ სამშობლოს (ებრ. 11, 13-16); მაგრამ, მიუხედავად ამისა, მადლისთვის კიდევ უფრო სასოობდნენ, როგორც მოციქული ამბობს: ღმერთმან ჩუენთვის უმჯობესი წინასწარ განიგულა, პავლეს გამოთქმით, რათა არა თვინიერ ჩუენსა სრულს იქმნენ (ებრ. 13,40).

ამგვარად, უკეთუ (ზოგიერთნი) ამ შეყოვნებას ითმენენ, მხოლოდ რწმენითა და სასოებით, შორით იხილნეს რა კეთილნი იგი და მოიკითხნეს, როგორც ამბობს პავლე მოციქული (ებრ. XI, 13) და უეჭველობას მოსალოდნელი შვებისა იმაზე ამყარებს, რომ აღთქმულს სარწმუნოდ მიიჩნევენ, რა უნდა ქნას მრავალმა ჩვენგანმაც, რომელთაც, თუკი ცხოვრების მიხედვით განვსჯით , შეიძლება სასოებაც კი აღარ ჰქონდეთ უკეთესისა. დაღლილია სურვილისაგან სულიც წინასწარმეტყველისა და ამ ვნებას ღმრთეებრივი სიყვარულის** გალობით აღიარებს, როცა ამბობს, რომ ჰსურის და მოაკლდების სულსა მისსა ეზოთა მიმართ უფლისათა (ფს. 83,2). თუნდაც მივრდომაი (ფს. 83,10) მისი უკანასკნელთა შორის იყოს, რადგან იქ უკანასკნელთა შორის ყოფნა უფრო დიდია და უფრო საპატიო, ვიდრე პირველობა საყოფელთა ცოდვილთასა (ფს. 83,10) ამ ცხოვრებაში. მაგრამ მან დაითმინდა შეყოვნება, თუმცა ნეტარად რაცხდა იქაურ ყოფას და მასთან ხანმოკლე ზიარებას აქაურ ათას წელს ამჯობინებდა. შჯობს, - ამბობს, - დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროის ათასთა მათ (83, 10), სამდურავს არ გამოხატავდა არსებულთა შესახებ უცილობელი განგებულების გამო და ადამიანთა ნეტარებისათვის თუნდაც სასოება კეთილთა მიმართ საკმარისად მიაჩნდა. ამიტომაც ამბობს ამ ფსალმუნის დასასრულს: უფალო, ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ (ფს. 83,12).

ამრიგად, არც ჩვენ გვმართებს წუხილი მოსალოდნელ კეთილთა ხანმოკლე შეყოვნების გამო, არამედ გულმოდგინება უნდა გვქონდეს, რომ მისთვის უღირსნი არ გამოვდგეთ. რადგან, უკეთუ ვინმე გამოუცდელს წინასწარ ეტყვის, რომ მკისას ნაყოფი შეიკრიბება, ბეღლები აივსება და ტაბლაც ამ სიუხვის ჟამს მიწოდებულით დაიხუნძლება, თავქარიანი იქნება ის, ვინც ამ ჟამის დადგომის დაჩქარებას მოისურვებს, მაშინ, როცა ჯერ თესლის დათესვისა და მოსავლის მომზადებისთვის უნდა იზრუნოს. გვსურს თუ არ გვსურს, ეს დრო ხომ მაინც უცილობლად მოვა, როცა მისი ჯერი დადგება, მაგრამ, ერთნაირად ვერ იხილავენ მას, ის ვინც თავისთვის უხვი მოსავალი წინასწარ მოამზადა და ის, ვინც ყოველგვარი მომზადების გარეშე ამ ჟამისათვის ხელცარიელი დარჩა.

ამრიგად, ვფიქრობ, რამდენადაც ღმრთეებრივი ქადაგებიდან ყველასათვის ცხადია, რომ დადგება დრო განახლებისა, საჭიროა არა გამოკვლევა ჟამთა*** (რამეთუ არა ჩვენი არს, როგორც ნათქვამია, ცნობაი ჟამთაი და წელთაი. - საქმ. 1,7) და არც გამოძიება რაღაც დასკვნებისა, რომლითაც ცინმე სულში აღდგომის სასოებას შეასუსტებს, არამედ რწმენით მომედგრება (განმტკიცება) მოსალოდნელის მიმართ და კეთილი მოქალაქეობით მოვაჭრება მომავალი ნეტარებისა.

----------------------------------------------


*    პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწისაი... (I კორ. 15,47).

** τὁ ἐρῳτικόν τοὑτο πἀθος – აქ ἐρῳτικόν ღმრთეებრივ სიყვარულს ნიშნავს. საკითხი ღმრთეებრივი ეროსისა (სიყვარულისა), რომელიც განღმრთობილთა თვისებაა, გრიგოლ ნოსელს უფრო ვრცლად იმ თხზულებაში აქვს, რომელიც მან ძველი აღთქმის წიგნის – “ქება ქების” განმარტებას მიუძღვნა. ამ შემთხვევაში ღმრთეებრივი ეროსი ვნებად იმ მტანჯველი მდგომარეობიდან გამომდინარე სახელდება, რომელსაც ადამიანს ღმრთთან შეერთების წყურვილი განაცდევინებს.

*** იგულისხმება გამოძიება იმისა, თუ როდის მოვა ეს დრო

თავი XXIII


იმის შესახებ, რომ, ვინც სამყაროს შექმნის დასაბამს
აღიარებს, მის დასასრულსაც უცილობლად დაეთანხმება




უკუეთუ ვინმე, ვინც ახლა ხედავს რა სამყაროს მოძრაობას, რომელიც რამდენადმე უწყვეტად აღესრულება და რომლითაც დროის ხანგრძლივობა განიჭვრიტება და არ დაეთანხმება წინასწარ თქმულს იმის თაობაზე, რომ მოძრავთა დადგომა მოხდება, ცხადია, მას არც ის სწამს, რომ დასაბამად ცა და დედამიწა ღმრთის მიერ შეიქმნა. ვინც მოძრაობისთვის დასაბამის მიცემას გულისხმაყოფს , რაღა თქმა უნდა, არც დასასრულზე ეჭვობს; ხოლო ვინც დასასრულს არ შეიწყნარებს, არ შეიწყნარებს დასაბამსაც. ამიტომ ვითარცა გვწამს გვწამს დამტკიცება საუკუნეთა სიტყვითა ღმრთისაითა, როგორც მოციქული ამბობს, არა საჩინოისაგან ხილულად შექმნულად (ებრ. XI,3), ამავე სარწმუნოებით მივუდგეთ ღმრთის სიტყვასაც, რომლითაც არსებულთა დადგომაზე წინასწარ გვაცნობა, რადგან ის, თუ ეს როგორ მოხდება, კვლევა-ძიებას არ ექვემდებარება*. იქაც ხომ გავექეცით გამოძიებას მიუწვდომელთა, რწმენით მივიღეთ რა დამყარება ხილულისა ჯერ კიდევ უჩინართაგან; და ეს მაშინ, როცა გონება ჩვენ ბევრ რამეს საეჭვოდ წარმოგვიდგენდა და ცოტა მიზეზს როდი გვაძლევდა ეჭვის შესატანად იმაში, რაც ვირწმუნეთ. თუმცა იქაც, კამათის მოყვარულთ, შესაძლებელი იყო, მაცდუნებელი სიტყვებით რწმენა ისე დარღვეოდათ, რომ ჭეშმარიტებად აღარ მიეჩნიათ სწავლება ნივთიერთა შექმნაზე, რასაც წმინდა წერილი გვასწავლი, სახელდობრ, რომ ყოველთა არსებულთა წარმოშობა ღმრთისაგანაა.

საპირისპირო სწავლების დამცველნი ცდილობენ მატერია თანადაუსაბამოდ ღმრთისა წარმოადგინონ და ამგვარი სწავლების დამტკიცებისათვის ლოგიკურ დასკვნებს იყენებენ. უკეთუ ღმერთი ბუნებით მარტივი და არამატერიალურია, უთვისებო, სიდიდის არ მქონე, შეუდგენელი და გარეშემოწერილი ფორმისათვის უცხო, ხოლო ყოველი ნივთიერება სივრცობრივი მანძილითაა შემოსაზღვრული და გრძნობისმიერ აღქმას ვერ გაექცევა, რადგან ფერით, ფორმით, მოცულობით, რაოდენობით, სიმტკიცით და მისი სხვა თვისებების ჭვრეტით შეიცნობა, რომელთაგან ღმრთეებრივ ბუნებაში არცერთის მოაზრება არ შეიძლება, არანივთიერისაგან ნივთიერი რა საშუალებით შიქმნა? ხოლო უსივრცოსაგან კი - სივრცის მქონე ბუნება? თუკი ვირწმუნებთ, რომ ესენი ღმრთისაგან წარმოიშვა, ცხადია, რაც მაშში არსებობდა, გამოუთქმელი კანონით ყოფიერებაში ამგვარად მოვიდა. მაგრამ უკეთუ მასში რაღაც ნივთიერი იყო, როგორღა არის უნივთო ის, ვისაც თავისთავში ნივთიერი აქვს? იგივე უნდა ითქვას სხვა დანარჩენზეც, რომელთა მიერაც ნივთიერი ბუნება ხასიათდება. უკეთუ ღმერთში რაოდენობაა, ღმერთი რაოდენობის გარეშე როგორ არის? უკეთუ იგი შედგენილია, მარტივი, უნაწილო და შეუდგენელი როგორ იქნება?

ამრიგად, გონება, აუცილებლობიდან გამომდინარე, გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ ღმერთი ან ნივთიერია, რადგან მისგან ნივთიერი წარმოიშვა, ან კიდევ, ვისაც სურს ამას გაექცეს, უცილობლად უნდა ივარაუდოს, რომ მას სამყაროს მოსაწყობად მატერია გარედან მიეწოდა. მაგრამ უკეთუ იგი** გარეშე ღმრთისა იყო, მაშინ, რაღა თქმა უნდა, გარდა ღმრთისა, სხვა რამეც ყოფილა, რომელიც მარადიულობის გაგებასთან მიმართებაში არსებულთან ერთად დაუბადებლად მოიაზრება. მაშასადამე, გონებით ერთმანეთის გვერდი-გვერდ ორი დაუსაბამო და დაუბადებელი წარმოიდგინება: ერთი - ხელოვნებით მოქმედი და მეორე - შემწყნარებელი ამ ხელოვანი მოქმედებისა.

უკეთუ ვინმე, აუცილებლობით ამისა, ივარაუდებს, რომ ნივთიერება ყოველთა შემოქმედის თანადაუსაბამოა, ეს მანიქველი საკუთარი სწავლების დასაცავად ისეთს რას იპოვის, რომ დაუბადებლობის გამო კეთილ ბუნებას ნივთიერი მიზეზი დაუპირისპიროს? მაგრამ მოვისმინეთ რა ჩვენ რას ამბობს წმინდა წერილი, ვირწმუნეთ, რომ ყოველი ღმრთისაგანაა, ხოლო როგორ იყო ყოველივე ღმერთში, ეს ჩვენს გონებას აღემატება და მისი გამოძიება ამაო გულმოდგინება იქნება, გვწამს რა, რომ ღმრთეებრივი ძალით ყველაფერი შესაძლებელია - არარსებულის ყოფიერებაში მოყვანა და არსებულისთვის თვისებების მინიჭებაც, ვითარცა ინებებს.

გამომდინარე აქედან, ვაღიარებთ რა საკმარისად ძალას ღმრთის ნებისა, როგორც არარსებულთაგან არსებულთა შესაქმნელად, ასევე შექმნილთა განახლებაც იმავე ძალასთან აღგვყავს, არაფერს ვვარაუდობთ გარეშე სარწმუნოებისა, მაგრამ შეიძლება, შესაძლებელი იყოს ვრცლადმეტყველებით რამდენადმე დარწმუნება იმათი, რომელნიც მატერიის შესახებ ცუდად ლაყბობენ; გვერდს არც ამას ავუვლით, რათა არ მოეჩვენოთ, რომ სიტყვა შემოგვაკლდა.

----------------------------------------
* იგულისხმება გამოძიება იმისა, თუ როდის მოვა ეს დრო.

** ე.ი. მატერია (მთგ.).


თავი XXIV


პასუხი მათ, რომელნიც ამბობენ,
რომ მატერია თანადაუსაბამოა ღმრთისა



რაც გონების მიერ თანმიმდევრულად გამოიძიება, იმის საზღვრებსგარეთ მატერიის შესახებ არც ის შეხედულებაც ჩანს, რომლის თანახმადაც იგი გონით საწვდომისა და არანივთიერისაგან წარმოიშვა; რადგან აღმოვაჩენთ, რომ ყოველი მატერია რაღაც თვისებებისაგან შედგება, რომელთაგან თუ განიძარცვა, თავისთავად გონებით მისაწვდომი ვერაფრით იქნება. ყოველი სახე თვისებისა მის ქვეშე მყოფისაგან (υποκειμἐνου) სიტყვითაა გამოყოფილი*. ხოლო სიტყვა გონიერია და არა სხეულებრივად სახილველი. მაგალითად, როცა განსახილველი საგანი ცხოველი, ხე ან სხვა რამეა, რომელსაც ნივთიერი შედგენილობა აქვს, ბევრ რამეს მის შესახებ გონებით ერთმანეთისაგან განყოფილად წარმოვიდგენთ, რომელთაგან თითოეულს ერთობლივად განჭვრეტილთან შეურევნელი თავისი სიტყვა (ცნება) აქვს. სხვაა სიტყვა ფერია და სხვა - სიმძიმისა და კიდევ: სხვა რაოდენობისა და სხვა შეხებით აღსაქმელი თვისებისა; არც სირბილე, არც სიგრძე** და არც დანარჩენი სხვა დასახელებულთაგან, სიტყვის (ცნების) მიხედვით, არც ერთმანეთსა და არც თავად სხეულს არ თანხვდება, რადგან ამ თვისებათაგან თითოეულისათვის, იმის მიხედვით, როგორიცაა, საკუთარი განმარტებითი განსაზღვრება მოიაზრება და მას არაფერი აქვს საერთო სხვა რომელიმე თვისებასთან, რომელიც საგანში იხილვება. ამრიგად, უკეთუ ფერი გონებაჭვრეტითია, გონებაჭვრეტითნი არიან, აგრეთვე, რაოდენობაცა და ამგვარ თვისებათაგან სხვა დანარჩენნიც. ხოლო უკეთუ თითოეული მათგანი საგანთან განშორებასთან ერთად სხეული მთელი გაგებაც (λόγος)  ირღვევა, შესაბამისად, რომელთა მოკლებაც სხეულის რღვევის მიზეზად ვიპოვეთ, იმათი ერთად შეკრება ნივთიერი ბუნების მშობლად უნდა გულისხმავყოთ.

ასე რომ, სხეული არ არის, ის რასაც არა აქვს ფერი, ფორმა, მდგრადობა, მოცულობა, სიმძიმე და სხვა დანარჩენი თვისებები, რომელთაგან თითოეული ცალ-ცალკე არა თუ სხეული არ არის, არამედ თავისთავად რაღაც სხვა რამეა, მისგან განსხვავებული; და პირიქით: სადაც დასახელებული თვისებები შეიკრიბება, იქ სხეულებრივი არსება (ύπὁστασιν) წარმოიქმნება.

მაგრამ უკეთუ გულისხმისყოფა ამ თვისებათა გონებაჭვრეტითია, გონებაჭვრეტითია ღმრთეებრივი ბუნებაც; ამიტომ არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ ეს გონიერი მიზეზები (საწყისები) სხეულთა დაბადებისათვის უსხეულო ბუნებისაგან წარმოიშვნენ. გონებაჭვრეტითი ბუნებისაგან გონებაჭვრეტითი ძალები წარმოდგება, ხოლო მათი ერთმანეთთან შეკრები ყოფიერებაში ნივთიერი ბუნება მოიყვანება. მაგრამ ამას ჩვენი გამოკვლევა, დაე, გაკვრით შეეხოს, ჩვენი სიტყვა კი კვლავ სარწმუნოებას დაუბრუნდეს, რომლისაგან ყოველივეს არარსისგან არსად მოყვანება შევიწყნარეთ და კიდევ: წმინდა წერილისაგან განსწავლულებს ეჭვი არ გვეპარება, რომ ყოველივე რაღაც სხვა მდგომარეობისათვის შეიცვლება.

--------------------------------------


* შდრ. არისტოტელეს სწავლებას მატერიაზე, როგორც თვისებათა სუბსტრატზე.

** დედანში დასახელებულია სიგრძის კონკრეტული ერთეული, სახელდობრ, τὁ δὶπηχυ - ორწყრთა


თავი XXV


როგორ უნდა მივიყვანოთ ვინმე გარეშეთაგან რწმენამდე
წმინდა წერილსა, რომელიც აღდგომის შესახებ ასწავლის



შეიძლება ვინმემ, ვინც დარღვეულს სხეულებს ხედავს და ღმრთეებაზე საკუთარი ძალის მიხედვით მსჯელობს, თქვა, რომ სწავლება აღდგომის შესახებ დაუჯერებელია და იმის მტკიცება დაიწყოს, რომ დადგომა მათი, რომელნიც ახლა უძრავნი არიან, მიუღებელია. მაგრამ, დაე მისთვის აღდგომის ჭეშმარიტების მტკიცებულებად მის შესახებ ქადაგების სარწმუნოობა გახდეს, ხოლო სარწმუნოობა ნათქვამისა, დანარჩენ წინასწარმეტყველებათაგან გამომდინარე, უეჭველია. რამდენადაც საღმრთო წერილი მრავალსა და სხვადასხვაგვარ სიტყვას წარმოგვიდგენს, შესაძლებელია სიცრუე ან ჭეშმარიტება აღდგომაზე სწავლებისა სხვა დანარჩენ ნათქვამთა განხილვით გავიაზროთ. რადგან, უკეთუ დანარჩენი სიტყვები სიცრუეა და როგორც ჭეშმარიტების საწინააღმდეგო, ისე იმხილებიან, რაღა თქმა უნდა, გარეშე ტყუილისა არც ეს სწავლება იქნება; ხოლო თუ გამოცდილება სხვა დანარჩენი სიმართლეს დაამოწმებს, აქედან გამომდინარე, შესაბამისად წინასწარმეტყველებაც აღდგომის შესახებ ჭეშმარიტებად უნდა მივიჩნიოთ.

ამრიგად, წინასწარ უწყებულთაგან ერთი ან ორი გავიხსენოთ და წინასწარმეტყველებს შედეგი შევადაროთ, რათა მათ მიერ შევიცნოთ - ეს სწავლება ჭეშმარიტია თუ არა.

ვინ არ იცის, როგორ ჰყვაოდა ძველად ისრაელი ხალხი და როგორ უპირისპირდებოდა მსოფლიოს ყველა სამეფოს? როგორი სამეფო სასახლენი იყო იერუსალიმში? როგორი ზღუდენი? როგორი გოდოლნი და დიდებული ნაგებობა ტაძრისა? ყოველივე ამას უფლის მოწაფენის გაოცების ღირსად მიიჩნევდნენ და მოისურვეს რა, რომ მათთვის ყურადღება მასაც მიექცია, უთხრეს: რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაი (მრკ. XIII,1). ხოლო უფალი ახლანდელით განცვიფრებულებს ამ ადგილის მომავალ მოოხროებასა და ამ სილამაზის გაქრობას აჩვენებს, როცა ეუბნება, რომ ცოტა ხანში იმისაგან, რაც ჩანს, აღარაფერი დარჩება.

ასევე ჟამსა ვნებისასა უფალს დედაკაცები შეუდგნენ, რომელნიც მის უსამართლო განაჩენს დასტიროდნენ, რადგან ღმრთეებრივ განგებულებას იმისა, რაც ხდებოდა, ჯერ კიდევ ვერ განიცდიდნენ. უფალმა რამდენადაც ის, რაც მის თავს ხდებოდა, ცრემლის ღირსი არ იყო, მათ დადუმება და გოდებისა და ტირილის ჭეშმარიტად საგოდებელი დროისათვის გადადება ურჩია, როცა ქალაქი მტრის ალყაში იქნებოდა და ტანჯვა ისეთი აუტანელი გახდებოდა, რომ ნეტარად ჩაითვლებოდა ის, ვინც არ იშვა. ამასთან, შვილთა შეჭმის დასაწყევლი სიბილწეც წინასწარ აუწყა და თქვა, რომ მათ დღეთა შინა ნეტარი იქნებოდა მუცელნი, რომელთა არა შვნეს (ლკ. XXIII,29).

აწ სადღა არიანს სასახლენი სამეფონი? სადაა ტაძარი? სად - ზღუდენი? სად არის დამცველნი გოდოლნი? სადაა სამეფო ისრაელიანთა? განა თითქმის მთელს მსოფლიოსა შინა არ არიან ისინი განთესულნი, ერთნი - აქ, ხოლო მეორენი სხვა ადგილას? და ამ მოოხრებისაგან განა სამეფო სასახლენიც არ იავარიქმნა?

მე მეჩვენება, ამას და სხვა ამის მსგავსზე უფალმა წინასწარ აუწყა არა თავად მოვლენათა გამო (რას არგებდა მსმენელებს წინასწარმეტყველება, რომელიც უცილობლად ასრულდებოდა, და წინასწარი ცოდნის გარეშეც, გამოცდილებით შეიცნობდნენ, რაც მოხდებოდა), არამედ იმისთვის, რომ შემდეგში მათ მიერ მნიშვნელოვანი რამ ერწმუნათ, რადგან დადასტურება საქმეთაგან ერთისა, დამოწმებაა მეორის ჭეშმარიტებისა.

უკეთუ ვინმე მიწათმოქმედს, რომელიც თესლთა ძალას განმარტავს, ისე მოუხდება, რომ მიწათმოქმედებაში გამოუცდელი მისას არ ირწმუნებს, ჭეშმარიტების დასამტკიცებლად საკმარისი იქნება საწყაულში მდებარე თესლთაგან წარმოჩენა ერთი მარცვლის ძალისა, რათა თავმდებად დანარჩენებსაც დაუდგეს. რადგან ვინც იხილა ძალა სავსე საწყაულისაგან ერთი მარცვალი ხორბლისა, ქერისა ან სხვა რომელიმესი, შემდგომად ხნულში ჩაგდებისა, როგორ იქცა თავთავად, ამ ერთის გამო, აღარც დანარჩენთა ძალის მიმართ დარჩება ურწმუნო. ვფიქრობ, აღდგომის საიდუმლოს დასამოწმებლად ასევე საკმარისია სხვა დანარჩენ ნათქვამთა ყველასაგან აღიარებული ჭეშმარიტება და კიდევ უფრო მეტად - გამოცდილება თვითონ აღდგომისა, რაც იმდენად არა სიტყვით, რამდენადაც საქმეთაგან ვისწავლეთ.

რამდენადაც სასწაული აღდგომისა დიდია და რწმენაზე მაღალი, უფალმა სასწაულმოქმედებანი უმდაბლესიდან დაიწყო და ჩვენი რწმენა უფრო და უფრო დიდ სასწაულებს თანდათანობით შეაჩვია. ვითარცა დედა ჩვილს ჯერ ძუძუს აწოვებს და ვიდრე პირი მისი ნაზია და რბილი, რძეს საწოვარით აძლევს, ხოლო შემდგომად გაზრდისა და კბილების ამოსვლისა, პურს აწვდის, ოღონდ არა ხმელსა და ცუდად გამომცხვარს, რათა საკვების სიმაგრემ ნაზი და შეუჩვეველი ღრძილები არ დაუზიანოს, არამედ ჯერ საკუთარი კბილებით ღეჭავს, რათა იგი მიმღების ძალის თანაზომიერთად და შესაფერისად აქციოს, მერე კი, შესაბამისად ძალების გაზრდისა, რბილ საკვებს შეჩვეულ ჩვილს უფრო და უფრო მაგარი კერძით ასაზრდოებს, ასევე უფალიც კაცობრივ სულმოკლეობას, ვითარცა არასრულყოფილ ჩვილს, სასწაულებით კვებავს და ასაზრდოებს; თავდაპირველად, დასაბამად აღდგომისა ძალა უიმედო სნეულებაზე წარმოაჩინე; თუმცა ედ დიდი საქმე იყო, მაგრამ არა იმგვარი, რომ, რაც მასზე ითქვა, დაუჯერებელი ყოფილიყო. შერისხა რა ძლიერი ცხელება, რომლითაც სიმონის სიდედრი იწვოდა, მძიმე მდგომარეობა სნეულისა ისე შეცვალა, რომ იგი, ვის სიკვდილსაც ელოდნენ, წამოდგა და იქ მყოფთა სამსახურს შეუდგა. შემდეგ უფალმა ეს ძალა მცირედ გაზარდა სამეუფო კაცი ვაჟის მიმართ, ვინც ყველას აღიარებით სასიკვდილო სარეცელზე იწვა (ისტორია მოგვითხრობს, რომ მამამ, რომელიც უკვე მის აღსრულებას ელოდა, უფალს შეჰღაღადა: მოვედ პირველად მოსიკუდილამდე ყრმისა )და აღადგინა იგი, ვის შესახებაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მოკვდებოდა. ეს სასწაული უფრო დიდი ძალით აღასრულა, რადგან ვიდრე სნეულის სამყოფელს მიუახლოვდებოდა, ბრძანების ძალით, სიცოცხლე შორიდან მოუვლინა (ინ. 4,49-50). და ასე, თანდათანობით უფრო და უფრო მაღალ სასწაულებამდე აღვიდა. შესაკრებლის (სინაგოგის) მთავრის ასულისაკენ რომ მიემართებოდა, გზაზე განზრახ შეყოვნდა, რათა წიდოვანი განეკურნა, დაფარული განეცხადებინა და ამასობაში სნეულზე სიკვდილსაც ემძლავრა; ხოლო მაშინ, როცა სული სხეულს განეშორა და თავზარდაცემულნი მოწევნული უბედურებისა გამო, ტირილით გოდებდნენ, ბრძანა ნების სიტყვით, ქალწული, ვითარცა ძილისაგან, სიცოცხლისათვის აღადგინა (მარკ. 5, 22-42). ამ გზით და თანმიმდევრობით კაცობრივი უძლურება უფრო მნიშვნელოვანისაკენ აღიყვანა.

შემდეგ ამ სასწაულზეც ამაღლდა და აღდგომის რწმენისაკენ გზა ადამიანებს უმაღლესი ძალით გაუკვალა. წმინდა წერილი მოგვითხობს იედური ქალაქის ნაინის შესახებ. ერთ იქაურ ქვრივს მხოლოდშობილი ვაჟი ჰყავდა, არა იმ ასაკისა, რომ ყრმა ყოფილიყო, არამედ ყრომიდან სრულ მამაკაცობამდე მიწევნული. სიტყვა მას ჭაბუკს უწოდებს. ისტორია სიტყვაძუნწად მოგვითხრობს მრავალზე, ხოლო მონათხრობი ჭეშმარიტად საგოდებელია. ნათქვამია, რომ დედაი გარდაცვლილისა ქურივი იყო (ლკ. 7,12). ხედავ სიმძიმეს განსაცდელისა? და რა ტრაგიკულია მოკლე მონათხრობი ამ ტანჯვაზე? რადგან, რას ნიშნავს ნათქვამი? რომ ქალს აღარ ჰქონდა სასოება შვილიერებისა, რასაც დანაკარგით გამოწვეული უბედურების განკურნვა შეეძლო; დედაკაცი ხომ ქვრივი იყო და არც სხვა ვინმე ჰყავდა, რომ ნაცვლად დაკარგულისა, მისთვის ემზირა; შვილი მისი მხოლოდშობილი იყო. და თუ რაოდენი სიმწარეა ამაში, ყველასათვის გასაგებია, ვინც ბუნებისაგან გაუცხოებული არაა. მშობიარობის ტკივილებით მან მხოლოდ ის შეიცნო, ძუძუს მხოლოდ მას აწოვებდა, მის ტაბლას მხოლოდ ის განაბრწყინებდა, მხოლოდ ის იყო მიზეზი სახლში სიხარულისა: თამაშით, მეცადინეობით, ვარჯიშით, მხიარულებით - გასეირნებისას, ასპარეზობაზე შერკინებისას თუ ჭაბუკთა თავშეყრისას, ყოველივეთი, რაც დედის თვალებისათვის ასე ტკბილია და ძვირფასი; იგი ერთი იყო, უკვე მიწევნული ასაკამდე ქორწინებისა - ეს ნერგი გვარისა, რტო მემკვიდრეობისა, საყრდენი სიბერისა. ასაკის მოხსენიებაც კიდევ ერთი სხვა მიზეზია ტირილისა, რადგან, უწოდა რა ჭაბუკი, მიანიშნა დამჭკნარ ყვავილზე სილამაზისა. მას მხოლოდ ეწყებოდა ამოწვერა ღინღლისა, წვერი ჯერ კიდევ არ გახშირებოდა და ღაწვები მისი ჯერ ისევ სილამაზით ბრწყინავდა. და როგორი უნდა ყოფილიყო ტანჯვა დედისა? თითქოს ნაწლავნი ცეცხლით ეწვოდნენ, ეხვეოდა რა მის წინაშე მდებარეს, ქვითინს მწარედ აგრძელებდა და გვამის დამარხვა არ ჩქარობდა, პირიქით, ტანჯვით მოცულიმოთქმა-გოდების, რაც შეიძლება, დიდხანს გაგრძელებას ცდილობდა. ამის შესახებ სიტყვა არ დუმს: იხილა რა დედაკაცი იგი იესუ, ნათქვამია, - შეეწყალა და მივიდა ცხედარსა მას და შეახო, ხლო რომელთა აქუნდეს ცხედარი იგი, დადგეს და ჰრქუა მას: ჭაბუკო შენ გეტყვი... აღდეგ... და მისცა იგი დედასა თვისსა ცოცხალი (ლუკ. 7,13-16). ამრიგად, უფალმა უფრო დიდი სასწაული აღასრულა მასზე, ვინც არც თუ ისე მცირე ხნის წინ იყო გარდაცვლილი და ვისაც უკვე თითქმის საფლავად დებდნენ. თუმცა ბრძანება ამჯერადაც იგივე იყო, მაგრამ სასწაულქმედება უფრო მაღლა აყვანილი, ასე რომ, მოვლენა კიდევ უფრო მიუახლოვდა დაუჯერებელ სასწაულს აღდგომისა.

სნეულებამ შეიპყრო უფლის მახლობელთა და მეგობართაგან ერთი, - ლაზარე იყო სახელი სნეულისა. იმყოფებოდა რა ავადმყოფობისაგან შორს, უფალმა მონახულება მეგობრისა დააგვიანა, რათა სიკვდილს, სნეულების მეშვეობით სიცოცხლის მოკლებისას, შესაძლებლობა და ძალა ეპოვნა თავისი საქმის აღსასრულებლად. აუწყა მოწაფეებს უფალმა გალილეაში ლაზარეს ტანჯვის შესახებ და ასევე თავისი განზრახვაც - წამოეყენებინა სნეული, ხოლო მათ, ეშინოდათ რა იუდეველთა სისასტიკისა, კვლავ წასვლა იუდეაში, მკვლელთა შორის, მძIმედ და საშიშად მიიჩნიეს. ამის გამო, გადაჰქონდათ რა წასვლის დრო, აგვიანებდნენ, თUმცა ნელ-ნელა მაინც დაბრუნდნენ გალილეადან, რადგან იმძლავრა ხელმწიფებამ უფლისა და მოწაფენი ბეთანიაში მიიყვანა, რათა დასაბამს საყოველთაო აღდგომისა ზიარებოდნენ. ლაზარეს სიკვდილიდან ოთხი დღე იყო გასული, მიცვალებულსა ზედა ყველა წესი აღსრულებული და სხეულიც საფლავს მიბარებული. უკვე დაწყებული იყო შეშუპება, განსახრწნელად ლპობა მიწაში და გარდაუვალი დაშლა სხეულისა. მოსარიდებელი იყო ბუნებაზე ძალადობით კვლავ დაბრუნება სიცოცხლისათვის ასაყროლებლად დარღვეულისა. და მაშინ უცხადესი სასწაულით დაამტკიცა დაუჯერებელი საქმე საყოველთაო აღდგომისა, რადგან მძიმე სნეულებისაგან კი არ ადგა ვინმე, არც სულთმობრძავი დაუბრუნდა სიცოცხლეს, არც ის-ის იყო გარდაცვლილი ასული გაცოცხლდა და არც ჭაბუკი, რომელსაც საფლავისკენ მიაცილებდნენ, წამოდგა კუბოდან, არამედ მამაკაცი ასაკოვანი, უკვე ლპობადი და ხრწნადი, ისე რომ, დარღვეული სხეულის უსიამოვნო სუნისა გამო, უფლის მიახლოვება საფლავთან თავად დაფლულის მახლობელთაც აუტანლად ეჩვენებოდათ. მაგრამ უფალმა იგი ერთი მოწოდებით გააცოცხლა და ქადაგება აღდგომისა სარწმუნოყო, ანუ რის საყოველთაოობისაც მოველით, ის გარკვეულწილად გამოცდილებით ვისწავლეთ. რადგან, ვითარცა ყოველთა განახლებისას, როგორც მოციქული ამბობს, გარდამოხდება თავად უფალი ბრძანებითა და ხმითა ანგელოზმთავრისაითა და საყვირითა (I თესალ. 4,16), რათა მკვდარნი უხრწნელებით აღადგინოს, ასევე, მაშინაც, საფლავისათვის მიცემულმა ხმითა ბრძანებისათა ჩამოიბერტყა, ვითარცა ძილი, სიკვდილი და განაგდო რა მოწევნული ხრწნილება სიკვდილისა, საფლავიდან მრთელი და უვნებელი გამოვიდა, ისე რომ, გამოსვლისას ვერც იმ სახვევებმა დააბრკოლეს, რომლებითაც ფეხები და ხელები ჰქონდა შეკრული.

და ნუთუ ცოტაა ეს სარწმუნოებისათვის მკვდართა აღდგომისა? და შენ კიდევ სხვა რამეს ეძიებ, რათა აზრი მის შესახებ ირწმუნო? ვფიქრობ, ამაოდ არ თქმულა კაპერნაუმში ის, რაც უფალმა თავისთავზე ადამიანთა პირით თქვა: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი (ლკ. 4,23). რადგან, ვინც ადამიანები აღდგომის სასწაულს სხვათა მაგალითებით შეაჩვია, მას ეს სწავლება, ვითარცა კაცს, თავისი თავითაც უნდა დაემტკიცებინა. იხილე ხომ, შენ, მოქმედებით აღსრულება ქადაგებისა! ასული, ვინც სული ის-ის იყო დალია, ჭაბუკი, რომელიც დასაფლავად მიჰყავდათ, გახრწნილი გვამი - ყოველი მათგანი ერთნაირად, ერთი ბრძანებით დაუბრუნდა სიცოცხლეს. ან შენ იქნებ იმას ეძიებ, სასიცოცხლო ძალის მოუძლურება ხომ არ მოაკლებს მადლს მათ, ვინც ჭრილობათა და სისხლის დანთხევით გარდაიცვალა? შეხედე, სამსჭვალთა მიერ მიმსჭვალულ ხელებს, იხილე გვერდი, ლახვრით განგმირული, დაადე თითნი შენნი სამსჭვალთაგან დატოვებულ კვალს; შეახე ხელი შენი ლახვრისაგან მიყენებულ ჭრილობას და უცილობლად გულისხმაჰყოფ, რამდენად შორს შევიდე იგი, უკეთუ პირი ჭრილობისა ადამიანის ხელს იტევს, განა ეს არ წარმოაჩენს რამდენად ღრმად შესულა შიგნით რკინა? ამიტომ, თუკი იგი აღდგა, ჩვენც თავისუფლად შეგვიძლია წარმოთქმა სამოციქულოს სიტყვებისა: ვითარ იტყვინ ვინმე თქუენ შორის, ვითარმედ აღდგომაი მკუდართაი არა არს? (I კორ. 15,12).

ამგვარად, რამდენადაც უფლის ყველა წინასწარმეტყველების სიმართლეს მოვლენები ამოწმებენ, და ეს არა მხოლოდ სიტყვით ვისწავლეთ, არამედ მათგანაც, რომელნიც აღდგომის მიერ სიცოცხლეს დაუბრუნდნენ და უწყებული მტკიცებულება საქმით მივიღეთ, რომელი მიზეზიღა გვრჩება ურწმუნოებისათვის? უნდა განვშორდეთ მათ, რომელნიც სიბრძნის მოყვარეობითა და ცუდითა საცთურითა (კოლას. 2,8) მოტყუებულნი ბუნებრივ (წრფელ) რწმენას თმობენ და დავიცვათ მარტივი აღმსარებლობა, ვისწავლეთ რა წინასწარმეტყველი რამდენიმე სიტყვიდან სახეზე მადლის მოქმედებისა, როცა ამბობს: მოუღო სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან. გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყნისაი (ფს. 103,29-30) და მაშინ, ამბობს იგი, იხარებს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა (31), როცა მორაი-აკლდეს ცოდვილნი ქუეყნით (35), რადგან, როგორ შეიძლება ვინმეს ცოდვილი ეწოდოს, როცა თავად ცოდვა აღარ იარსებებს?

 

თავი XXVI


იმის შესახებ რომ აღდგომა დაუჯერებელი არ არის



მაგრამ არიან ისეთნიც, რომელნიც, კაცობრივი გონების უძლურებისა გამო, ღმრთეებრივ ძალაზე ჩვენი საზომის მიხედვით მსჯელობენ და რასაც ჩვენ ვერ ვიტევთ, იმას ღმრთისთვისაც შეუძლებელად თვლიან. სახელდობრ, ისინი მიუთითებენ გაქრობაზე ადრე გარდაცვლილთა გვამებისა, ცეცხლში დაფერფლილთა ნეშტზე; ასევე მაგალითად მოჰყავთ ხორცისმჭამელი მხეცები და თევზები, რომელმაც საკუთარ სხეულში მიიღო რა ხორცი ხომალდის დაღუპვის შედეგად დანთქმულისა, ვინც შეჭამა, ვინც შეჭამა მის შედგენილობაში გადავიდა; და სწავლების დარღვევად მრავალი ამგვარი, დიდისა ღმრთისა ძალისა და ხელმწიფებისათვის შეუფერებელი, წვრილმანი მოჰყავთ, თითქოს ღმრთისთვის იმავე გზებით, რომლითაც დაშალა, ადამიანისათვის მისი აგებულების კვლავ მიცემა შეუძლებელი იყოს.


მაგრამ ჩვენ მოკლე სიტყვით მათი ამაო მსჯელობის წრეში ხანგრძლივ ტრიალს ბოლო მოვუღოთ და ვაღიაროთ, რომ სხეული იმად დაირღვევა, რისგანაც შედგება; ასე რომ, ღმრთეებრივი სიტყვის მიხედვით, არა მხოლოდ მიწა დაიშლება მიწად (დაბ. 3,19), არამედ ჰაერიცა და წყალიც თავთავიანთ გვარს შეუერთდებიან და ყოველი იმათგანი, რაც ჩვენშია, თავის მონათესავეში გადავა, თუნდაც სხეული ადამიანისა შეჭმის შედეგად ხორცისჭამია ფრინველებსა და მხეცებთან იყოს შეერთებული, თევზთა კბილებს შორის გავლილი და ცეცხლისაგან კვამლად და ფერფლად ქცეული. სადაც არ უნდა ივარაუდოს გონებამ გადატანა ადამიანისა, იგი უცილობლად მაინც სამყაროში დარჩება, რომელიც, როგორც ამას ღმრთივსულიერი სიტყვა გვასწავლის, ხელთ ღმერთს უპყრია*. და უკეთუ შენც კი არ ხარ უმეცარი იმისა, რაც შენს ხელთაა, ნუთუ ფიქრობ, რომ ღმრთის ცოდნა შენს ძალაზე უფრო სუსტია და არ შეუძლია ზუსტად მოძიება იმისა, რაც მის ღმრთაებრივ მუჭსა შინაა მოქცეული?**

 

-------------------------------

* შდრ. რამეთუ ჴელსა შინა მისსა არიან კიდენი ქუეყანისანი (ფს. 94,4)

** შდრ. არამე ჴელსა შინა მისსა არს სული ყოველთა ცხოველთაჲ და სული ყოვლისა კაცისაჲ? (იობ. 12,10).

 

თავი XXVII


იმის შესახებ, რომ შემდგომად ადამიანის სხეულის სამყაროს
ელემენტებად დაშლისა, ყოველს შეუძლია საერთოსაგან
საკუთარი კვლავ მთლიანად გადაარჩინოს



მაგრამ უყურებ რა სამყაროს შემადგენელ ელემნტებს, შეიძლება იფიქრო, რომ, როცა ჩვენში არსებული ჰაერი მონათესავე სტიქიის მიერ მიიტაცება და ისიც, რაც თბილი, ნოტიო და მიწიერია, ასევე ერთგვაროვნებს შეერევა, მონათესავეს საერთოსაგან საკუთართან დაბრუნება გაუძნელდება. მაგრამ კაცობრივი ყოფის მაგალითებიდან რატომ არ უნდა დავასკვნათ, რომ ღმრთეებრივი ძალის საზღვრებს არც ეს აღემატება? სადმე, კაცთა საცხოვრებელთა ახლოს, უეჭველად გინახავს შენ ჯოგი ცხოველთაგან რომელიმესი, რომელიც საერთოა და მრავალს ეკუთვნის, მაგრამ, რაჟამს იგი მფლობელთა შორის დაიყოფა, ან სახლთან შეჩვევის, ან მათზე დადებული ნიშნების გამო, ყოველს თავისი უბრუნდება. უკეთუ მსგავს რამეს შენი თავის შესახებაც მოიაზრებ, ჭეშმარიტების წინაშე არ შესცოდავ. რამდენადაც სული სხეულის მიმართ, რომელშიც ცხოვრობდა, რაღაც ბუნებრივი კავშირი აქვს და სიყვარულით არის განწყობილი, შედეგად მონათესავესთან განზავებისა, ეს კავშირი და ნაცნობობა თავისიანთან ფარულადაა მასში, თითქოსდა ბუნებისაგან დადებული ნიშნებით, რომელთა მიერ თავისებურებათა შედეგად დაყოფილთა შორის საერთო შეურწყმელი რჩება.

ამრიგად, უკეთუ სული მონათესავესა და საკუთარს ისევ თავისკენ მიიზიდავს, მითხარი მე, რა სიძნელე შეუშლის ღმრთეებრივ ძალას ხელს მონათესავეთა შეერთებისათვის, რომელნიც თავიანთი საკუთრებისკენ ბუნების რაღაც გამოუთქმელი მიზიდულობით მიისწრაფვიან. იმას, რომ სულში, შემდგომად სხეულთან განშორებისა, ჩვენი აგებულების რაღაც ნიშნები რჩება, ჯოჯოხეთსა შინა საუბარი ცხადყოფს, როცა სხეულები საფლავებისთვის იყვნენ მიბარებულნი, მაგრამ სულები სხეულებრიობის რაღაც შესაცნობ ნიშნებს ინარჩუნებდნენ, რომელთა მიერაც გამოცნობილ იქნა ლაზარე და უცნობად არც მდიდარი დარჩა (ლუკ. 16,19).

ამრიგად, არაფერია შეუფერებელი იმაში, რომ საერთოსაგან აღდგომილ სხეულთა კვლავ ცალკეულ ინდივიდებად გამოყოფა ვირწმუნოთ. განსაკუთრებით ამას ის დაინახავს, ვინც ჩვენს ბუნებას გულმოდგინედ იძიებს, რადგანაც ბუნება ჩვენი არა მთლიანად დინებადი და ცვალებადია და სრულიად გაუგებარიც იქნებოდა, რომ ბუნებისაგან უცვლელი არაფერი გვქონდეს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იმათგან, რაც ჩვენშია, ერთი დგას, ხოლო მეორე ცვლილების მიერ წარემატება. სხეული ხომ იცვლება ზრდისა და მოკლების შედეგად, ვითარცა რაღაც სამოსელი, რომელსაც ასაკის მიხედვით ვიცვლით. ყოველგვარი ცვლილებისაგან სრულიად უცვლელი რჩება სახე (τὸ ειδος) თავისთავად, რადგან ბუნებისაგან მასზე ერთგზის და სამარადისოდ აღბეჭდილ ნიშნებს არა თუ კარგავს, არამედ სხეულის ყველა ცვლილებისას საკუთარ გამოსაცნობ ნიშნებს წარმოაჩენს.

ამ კანონიდან ვნებისმიერი ცვლილება უნდა გამოირიცხოს, რომელიც სახეს ეხება და მას, მსგავსად რაღაც უცხო ნიღბისა, ავადმყოფური სიმახინჯით ფარავს, ხოლო, როცა იგი გონებით მოიხსნება, ვნებით დაფარული სახე, როგორც ნემან ასურისა (IV მეფ. 5, 1-14) და სახარებაში მოხსენიებული კეთროვანებისა, შედეგად გამოჯანსაღებისა, კვლავ საკუთარი ნიშნებით წარმოჩნდება.

ამიტომ საღმრთო ხატი სულისა არა იმით იქმნება, რაც ჩვენს აგებულებაში დინებადი, ცვალებადი და წარმავალია, არამედ იმით, რაც მასში უცვლელი და ყოველთვის ერთი და იგივეა. რამდენადაც ნაერთის თვისებრივი სხვაობანი სახეობრივ დაყოფებს აყალიბებენ, ხოლო ნაერთი სხვა არაფერია, თუ არა ელემენტების (სტიქიათა) შეერთება, ელემენტებს (სტიქიებს) კი მათ ვუწოდებთ, რაც სამყაროს მოწყობას უდევს საფუძვლად და რისგანაც კაცობრივი სხეულიც შედგება; რაკი სახე უცილობლად რჩება სულისათვის ვითარცა ანაბეჭდი ბეჭედისა, ასე რომ, ბეჭდით აღბეჭდილი ანაბეჭდი მისთვის უცნობი აღარ იქნება და განახლების ჟამს კვლავ იმავე ნიშნებს მიიღებს, შესაბამისს სახის ანაბეჭდისა, ხოლო შესაბამისი უცილობლად ის იქნება, რომლებიც სახეში თავდაპირველად იყო აღბეჭდილი.

ამრიგად, არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ საერთოსაგან თითოეულმა თავისი ისევ დაიბრუნოს. ვერცხლისწყლისათვის იტყვიან, რომ უკეთუ იგი ჭურჭლიდან რაღაც ვაკესა და მტვრიან ადგილზე გადმოიღვარა, წვრილ-წვრილ ბურთულებად დაიმსხვრევა, მიწაზე განიბნევა და რასაც შეხვდება, იმათგან არაფერს აღერევა. ხოლო უკეთუ ვინმე მრავალ ადგილას გაბნეულს კვლავ ერთად შეკრებს, თავისთავად შეერწყმება ერთგვაროვანს და თანაც უცხოს არაფერს შეირევს. ვფიქრობ, რამდენადმე მსგავსი რამ უნდა მოვიაზროთ კაცობრივი აგებულების შესახებაც. ღმერთის ნიშანს მისცემს თუ არა, შესაბამისი ნაწილები თავისიანებს თავისთავად შეეძერწვიან, ისე რომ, ამისთვის განმაახლებელს ბუნებისა არავითარი სიძნელე არ შეხვდება. მიწისაგან აღმოცენებულთა შორისაც ხომ იმას ვხედავთ, რომ ბუნებას არავითარი ჯაფა არ ადგება იმისათვის, რათა ხორბლის, ფეტვის, სხვა პურეულისა თუ პარკოსანთა თესლები ღეროდ, ფხად და თავთავად იქცეს. საზრდელი ხომ იძულების გარეშე, ყოველი თესლის შესაბამის განსაკუთრებულ თვისებაში თავისთავად გადადის. უკეთუ ყველა მცენარისათვის საერთო ტენიდან თითოეული, რომელიც მისგან საზრდოობს, იმას იღებს, რაც მის გაზრდას უწყობს ხელს, უჩვეულო რა არის აღდგომის შესახებ სწავლებაში, რომლის მიხედვითაც აღდგომილთაგან თითოეული, მსგავსად თესლისა, მიიზიდავს? ამგვარად, ყოველივე ამისაგან შეიძლება, ვისწავლოთ, რომ ქადაგება აღდგომისა არაფერს შეიცავს ისეთს, რაც გამოცდილებით ცნობილი არ არის. თუმცა ჩვენ დუმილით ავუარეთ გვერდი იმას, რაც ჩვენში ყველაზე ცნობილია. მე ვგულისხმობს ჩვენი აგებულების პირველ საწყისს (მიზეზს), რადგან ვინ უწყის საკვირველქმედება ბუნებისა - რას იწყნარებს დედობრივი წიაღი და მისგან რას წარმოშობს? ვერ ხედავ, რომ სხეულის აგებულებას საწყისად საშოსა შინა დათესილი, ღაც მარტივი და მსგავსი ნაწილებისაგან შედგენილია? ხოლო მრავალფეროვნება მისგან აგებული სხეულისა რომელი სიტყვით გამოიხატება?

თუკი ეს საერთოდ ბუნებით არ შეუსწავლია, ვინ აღიარებს შესაძლებლად იმას, რაც ხდება, სახელდობრ, რომ ასე მცირე და თავისთავად უმნიშვნელოს, ესოდენ დიდი საქმის აღსრულების საწყისია? დიდს ვუწოდებ მას არა მხოლოდ იმიტომ, რომ მხედველობაში სხეული შექმნა მაქვს, არამედ იმის გამო, რაც უფრო დიდი გაკვირვების ღირსია, - ვგულისხმობ სულს და მას, რაც მასში განიჭვრიტება.

 

თავი XXVIII


იმათ წინააღმდეგ, რომელნიც ამტკიცებენ, რომ სულები სხეულებზე ადრე არსებობდნენ, ან, პირიქით, უწინარესად სულებისა სხეულები შეიქმნა; ასევე აქვე უარყოფა ზღაპრისა სულთა გადასახლებაზე



შეიძლება ჩვენი წინამდებარე ნაშრომის საზღვრებს გარეთ არც სულისა და სხეულის შესახებ ეკლესიათა შინა არსებული საკამათო საკითხი იყოს. ზოგიერთი, რომელიც ჩვენზე ადრე წერდა, სახელდობრ ის, ვის მიერაც შეიქმნა წიგნი "საწყისებზე", ამტკიცებდა, რომ სულები განსაკუთრებულ სახელმწიფოში, მსგავსად რომელიმე ხალხისა, წინასწარ არსებობენ და იქვე ნიმუშებიც ბიწიერებისა და სათნოებისა. სული, რომელიც სიკეთესა შინა მყოფობს, სხეულთან დაკავშირებისათვი გამოუცდელი რჩება, ხოლო უკეთუ იგი კეთილთან ზიარებისაგან მიდრკება, აქაურ ცხოვრებაში ჩამოვარდნილი, სხეულს შეუერთდება. ხოლო სხვანი, რომელნიც მოსეს მიერ გადმოცემული კაცის შესაქმის რიგს იცავენ, ამბობენ, რომ სული, დროის მიხედვით, სხეულის მომდევნოა და ამდენად მეორეა, რადგან ღმერთმა მტუერისა მიმღებელმა ქუეყანისაგან (დაბ. 2,7) ჯერ ადამიანი შექმნა და იგი მერე გაასულიერა შთაბერვით. ამ სწავლებით ისინი წარმოაჩენენ ხორცის უპირატესობას სულთან შედარებით, რომელიც მასზე ადრე შექმნილს შეუერთდა, რადგანაც ამტკიცებენ, რომ სული სხეულისათვის შეიქმნა, რათა ქმნილება უსულო და უძრავი არ ყოფილიყო; ხოლო ყოველი, რომელიც რაიმესათვის იბადება, უეჭველად უდარესია იმასთან შედარებით, ვისთვისაც შეიქმნა. როგორც სახარება ამბობს, სული უფროის არს საზრდელისა და გუამი სამოსლისა (მთ. 6,25), რადგან ესენი (ე.ი. საზრდელი და სამოსელი) მათთვისაა (ე.ი. სულისა და სხეულისათვის). არც სული დაბადებულა ხომ საზრდელისათვის და არც სხეული - სამოსლისათვის, არამედ, როცა ესენი (ე.ი. სული და სხეული) უკვე არსებობდნენ, ისინი (ე.ი. საზრდელი და სამოსელი) მათი საჭიროებისათვის იქნენ მოპოვებულნი.

ამრიგად, რადმენადაც ორივე ვარაუდის შინაარსი გაკიცხვის ღირსია, როგორც მეზღაპრეთა - თითქოს სულები რაღაც საკუთარ სამყოფელსა შინა ადრევე ცხოვრობდნენ, ასევე იმათიც, რომელნიც თვლიან, რომ ისინი შემდგომად სხეულებისა შეიქმნენ, ამდენად მათ სწავლებებში გადმოცემულთაგან გამოუძიებელი უცილობლად არაფერი არ უნდა დარჩეს. მაგრამ, რადგანაც, ორივე სწავლების გამოკვლევასა და მთელი მათი უაზრობის გამომჟღავნებას დიდი დრო და გრძელი სიტყვა დასჭირდება, ამიტომ, რაც შეიძლება, მოკლედ განვიხილავთ რა მათ ყოველ მტკიცებულებას, კვლავ ჩვენს საგანს დავუბრუნდებით.

ისინი, რომელთაც წინ პირველი სწავლება წამოსწიეს და ამტკიცებენ, რომ სულთა სახელმწიფო ხორცსა შინა ცხოვრებაზე უფროსია, მეჩვნება, რომ არ არიან განწმენდილნი ელინურ მოძღვრებათაგან, რომელნიც სულის სხეულიდან სხეულში გადასახლების შესახებ ზღაპრებს მოგვითხრობენ. უკეთუ ამას ზუსტად გამოვიძიებთ, სრული აუცილებლობით აღმოჩნდება, რომ მათი სწავლება იმისკენ იხრება, რასაც, როგორც ამბობენ, ელინთაგან ერთ-ერთი ბრძენი ამბობდა, სახელდობრ, რომ იგი დაიბადა მამაკაცად, შემდეგ ქალის სხეული შეიმოსა, მერე ფრინველთა თანა აღფრინდა, შემდეგ ბუჩქად აღმოცენდა და წყლის ცხოველთა ცხოვრებასაც ეზიარა. ჩემი განსჯით, ვინც თავისი თავის შესახებ ამას ამბობს, ჭეშმარიტებისაგან შორს არ არის, რადგან ამგვარ სწავლებებს იმის შესახებ, რომ ერთი სული ამდენ სხეულში შევიდა, ბაყაყთა ყიყინი, ჭკების ჭყივილი, თევზების უტყვობა და მუხათა უგულისხმობა, მართლაც რომ ნამდვილად შეეფერება. ამგვარი სისულელის მიზეზი კი ის თვალსაზრისია, რომლითაც სულთა წინარე არსებობაა აღიარებული.

დასაბამი ამგვარი სწავლებისა, გზას უხსნის მსჯელობას უშუალოდ უახლოესისა და მისი მომდევნოსაკენ, ვიდრე თანდათანობით მსგავს სიცოფემდე მიაღწევდეს; რადგან უკეთუ სული მაღალი მოქალაქობიდან რაღაც ბიწიერების გამო ჩამოვარდება და მას შემდეგ, რაც სხეულებრივი ცხოვრების გემოს ერთხელ იხილავს, კვლავ ადამიანი გახდება, მაშინ, რამდენადაც ცხოვრება ხორცსა შინა მარადიულსა და უსხეულოსთან შედარებით უეჭველად უფრო ვნებულია, ამგვარ ცხოვრებაში, რომელშიც უფრო ბევრია მიზეზი შეცოდებისათვის, უცილობლად კიდევ უფრო ბიწიერი და კიდევ უფრო ვნებული იქნება, ვიდრე ადრე იყო. რადგანაც ვნებულობა სულისა პირუტყვთან დამსგავსებას ნიშნავს, სული, რომელიც მას შეითვისებს, ცხოველურ ბუნებაში გადადის და რაკი ბოროტების გზას ერთხელ დაადგება, პირუტყვად ქცეულიც კი, წინსვლას ბოროტების გზაზე არასოდეს შეწყვეტს. რამდენადაც ბოროტებისაგან დადგომა დასაბამია სათნოებისაკენ სწრაფვისა, ხოლო პირუტყვთა შორის სათნოება არ არსებობს, აუცილებლობით მუდამ უარესისაკენ იცვლება, განუწყვეტლივ გადადის რა უფრო და უფრო უპატიო მდგომარეობაში და ყოველთვის ეძიებს ბუნებას, რომელიც იმაზე უფრო მდარეა, რომელშიც იმყოფება. ასე რომ, გონიერად იგი გრძნობადამდე ეშვება, ხოლო გრძნობადიდან უგრძნობლად იქცევა. აქამდის მიდის მათი მსჯელობა, რომელიც თუმცა ჭეშმარიტების გარეთ მიემართება, მაგრამ სისულელიდან სისულელეზე მაინც რაღაც თანმიმდევრულობით გადადის, ხოლო აქედან უკვე, დაუკავშირებლობის გამო, მათი სწავლება ზღაპრული ხდება. ხოლო თანმიმდევრულობა სულის სრულ გახრწნას გვიჩვენებს; მაღალი მოქალაქეობიდან ერთგზის ჩამოვარდნილ სულს ბოროტების არცერთ საზომზე დადგომა არ შეუძლია, ამიტომ, ვნებებთან კავშირის გამო, ჯერ მეტყველიდან პირუტყვში გადადის, მისგან მცენარეთა უგრძნობ მდგომარეობამდე ეშვება; უგრძნობლობასთან რამდენადმე ახლოსაა უსულობა, მას კი არარსებობა მოსდევს და ამგვარად, მათმიერი თანმიმდევრულობით, სრულ უმყოფობაში გადავა. მაშასადამე, აუცილებლობიდან გამომდინარე, სულისათვის კვლავ მიბრუნება უკეთესისკე შეუძლებელი გახდება; მაგრამ მათ სული ბუჩქიდან ადამიანამდე აჰყავთ, რითაც ისინი უსხეულო არსებობაზე ბუჩქში ცხოვრების უპირატესობას წარმოაჩენენ. დამტკიცებულია, რომ უდარესისკენ წინსვლით სული ბუნებრივად დაბლა ეშვება, უგრძნობ ბუნებაზე დაბლა კი უსულობაა, რომლისკენაც მათ სული თავიანთი სწავლების დასაწყისიდანვე თანმიმდევრულად მიჰყავთ. მაგრამ რაკი ეს არ სურთ, სულს ან უგრძნობ ქმნილებაში კეტავენ, ან, თუკი მას იქიდან კაცობრივ ცხოვრებაში დააბრუნებენ, დაამტკიცონ, რომ ცხოვრება ხისა (როგორც ნათქვამია), თავდაპირველ მდგომარეობაზე უპირატესია, რადგან მასში ბოროტებისკენ დაცემა მოხდა, ხოლო ხის ცხოვრებიდან სათნოებასთან დაბრუნება ხდება.

ასე იმხილება უთავბოლობა სწავლებისა იმის შესახებ, რომ სულები, როგორც თავისთავად მცხოვრებნი, უწინარესად ხორცთა შინა ცხოვრებისა შეიქმნენ და სხეულებს ბიწიერების გამო შეუერთდნენ . უაზრობა მათი სწავლებისა, რომელნიც ამტკიცებენ, რომ სული სხეულზე უმცროსია, ქვემოთ იქნება განმარტებული. ასე რომ სწავლება ერთისაც და მეორისაც მიუღებელია. ჩვენი სწავლება, ვფიქრობ ჭეშმარიტებისაკენ ამ ვარაუდთა შორის უნდა წარიმართოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არც ელინური ცდომილების მიხედვით უნდა ვიფიქროთ, - თითქოს სამყაროსთან ერთად მბრუნავმა სულებმა, რაღაც ცოდვით დამძიმებისა გამო, სწრაფად მოძრავი ცის თანასრბოლა ვეღარ შეძლეს და დედამიწაზე ჩამოცვივდნენ და, აგრეთვე, არც ის უნდა ვამტკიცოთ, რომ ადამიანი, მსგავსად თიხის ძეგლისა, სიტყვით წინასწარ შეიქმნა, ხოლო სული მისთვის შემდეგ დაიბადა, რადგან მაშინ გონიერი ბუნება თიხის ქმნილებაზე უდარესად წარმოჩნდება.

 

------------------------------------------------------


* იგულისხმება ის დავა, რომელიც მე-4 საუკუნეში ეკლესიაში ორიგენიზმის შესახებ შესახებ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ღვთისმეტყველების კაპადოკიური სკოლის წარმომადგენლები მხარს ორიგენეს მემკვიდრეობის კრიტიკული მიდგომის მეთოდით შესწავლას უჭერდნენ.

** ე.ი. ორიგენე.

*** აქ გრიგოლ ნოსელი გამოგვცემს ემპედოკლეს (V ს. ძვ. წ.) ჩვენამდე მოღწეული თხზულებიდან ნაწყვეტს, რომელიც დიოგენე ლაერტელმა შემოინახა წიგნში “ცხოვრებანი, სწავლებანი და გამონათქვამები ცნობილი ფილოსოფოსებისა” (VIII, 77).

 

თავი XXIX



წარმოჩენა იმისა, რომ სულისა
და სხეულის არსებობის მიზეზი ერთი და იგივეა



რამდენადაც სულისა და სხეულისაგან შედგენილი ადამიანი ერთია, მისი აგებულებისთვისაც ერთი და საერთო საწყისი უნდა ვივარაუდოთ; ასე რომ, იგი თავის თავზე არც უფროსია და არც უმცროსი, მასში არც სხეული პირველობს და არც სხვაა გვიან მისული; არამედ ჩვენ, ცოტა ზემოთ გადმოცემული სწავლების თანახმად, ვამტკიცებთ, რომ, ღმრთის წინასწარმცნობელი ძალით, კაცობრივი ბუნება ყოფიერებაში მთელი სავსებით მოვიდა. ამას წინასწარმეტყველებაც ამოწმებს, რომელიც ამბობს, უწყნის ღმერთმა ყოველნი პირველ ქმნისა მათისა (დან. 13,42). ნაწილთა შექმნისას ერთმანეთზე ადრე არცერთი წარმოჩენილა, არც სული უწინარეს სხეულისა და არც - პირიქით, რათა ადამიანი შექმნის დროის მიხედვით სხვადასხვა ნაწილად არ დაყოფილიყო და თავისივე თავის წინააღმდეგ არ ამხედრებულიყო. რადგანაც, თანახმად სამოციქულოს სწავლებისა, ჩვენი ბუნება ორმაგად მოიაზრება: კაცისა ხილულისა და დაფარულისა (1 პეტრ. 3,4), მაშინ ერთის ადრე, ხოლო მეორის გვიან დაბადებით შემოქმედის ძალა როგორც არასრულყოფილი და ყოველივეს მეყსეულად შექმნისათვის არასაკმარისი, ისე იმხილებოდა, რადგან მან საქმე ორად გაყო, რათა თითოეული ნახევარი ცალ-ცალკე შეექმნა. მაგრამ როგორც ხორბლისა ან სხვა რომელიმე მარცვლეულის შესახებ ვამბობთ, რომ იგი თავისთავში ყველა სახეს, რაც თავთავს მიემართება, - ჯეჯილს, ღეროს თავისი მუხლთაშორისებით, ნაყოფსა და ფხას ვითარცა შესაძლებლობას, ისე მოიცავს, და ვამტკიცებთ, რომ, ბუნების კანონით, არცერთი ამათგანი თესლის ბუნებაში არც წინასწარ არსებობს და არც ერთმანეთზე ადრე იბადება, არამედ თესლსა შინა ჩადებლ ძალას, სხვა ბუნების შეურევნელად, რაღაც ბუნებრივი რიგით ამჟღავნებს, ამავე კანონის მიხედვით, კაცობრივი თესლოვნებისთვისაც ვვარაუდობთ, რომ პირველ მიზეზად აგებულებისა ბუნების ძალა ითესება; იგი ვითარდება და ცხადდება რაღაც ბუნებრივი თანმიმდევრულობის მიერ და მიიწევს რა სრულყოფისაკენ ისე რომ, ამისთვის გარეშე მიზეზს არ საჭიროებს, სრულყოფილებას თანმიმდევრულად თვითონვე აღწევს.

ამგვარად, ჭეშმარიტება არ იქნება მტკიცება არც სულის სხეულის უწინარესად არსებობისა და არც სხეულისა - თვინიერ სულისა, არამედ ორივეს ერთი საწყისი აქვს, უმაღლესი კანონის მიხედვით, - ღმრთის ნებით პირველსაფუძვლად დადებული და მეორის [კანონის] მიხედვით - დაბადების მიზეზებთან შეერთებული. ისევე როგორც იმაში, რაშიც თესლია მოთავსებული სხეულის ჩასახვისათვის, ცალკეულ ნაწილთა დანახვა, ვიდრე წარმოქმნამდე სხეულისა, შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია მოაზრება მასში სულის თვისებებისა, სანამ ისინი მოქმედებას არ დაიწყებენ.

ამრიგად, ნურავინ დაეჭვდება, რომ ის, რაც დათესილია, არა რაღაც გარედან მოსული, არამედ მასშივე არსებულითა და ბუნებრივად ამოქმედებული ძალით სხვადასხვა ასოსა და შიგნეულობას ქმნის. მსგავსი რამ უნდა მოვიაზროთ სულის შესახებაც. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი საჩინო ქმედებებით არ შეიცნობა, იგი დათესილსა შინა მაინც არის, რადგან სახე ადამიანისა, რომელიც მომავალში უნდა შედგეს, მასში, ვითარცა შესაძლებლობა, ისე არსებობს, თუმცაღა დაფარული, რადგან არ შეუძლია გამოჩინება, ვიდრე უცილობელი თანმიმდევრულობა განვითარებისა არ აღესრულება.

ამგვარად, სული, რომელიც თესლშია, მაგრამ არ ჩანს, მისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ენერგიით გამოჩნდება და სხეულის ზრდასთან ერთად ისიც წარემატება. რამდენადაც ძალა მუცლადღებისა არა მკვდარ სხეულს, არამედ სულიერსა და ცხოველს გამოეყოფა, ამიტომ ვამბობთ, რომ მკვდარ და უსულოდ არ უნდა ჩაითვალოს ის, რაც ცხოველისაგან სიცოცხლის საწყისად გამოდის; რადგან რაც ხორცსა შინა უსულოა, ის უცილობლად მკვდარიცაა, სიკვდილს ხომ სულის მოკლება წარმოშობს. ამასთან, ვერავინ იტყვის, რომ მოკლება ფლობაზე უფროსია, თუ არ დაიწყო მტკიცება იმისა, რომ უსულობა, რომელიც იგივე სიკვდილია, სულზე უწინარესია.

უკეთუ ვინმე დასამტკიცებლად იმისა, რომ ეს ნაწილი - დასაბამი შექმნილი არსების ცხოვრებისა - ცოცხალია, უცხადესი მტკიცებულების გამოძიებას შეუდგება, შეუძლია ეს სხვა ნიშნებისგანაც გულისხმაყოს, რომელთა მიერაც სულიერი მკვდრისაგან გამოირჩევა. მაგალითად, ნიშნად ადამიანის სიცოცხლისა მივიჩნევთ იმას, რომ იგი თბილი, მოქმედი და მოძრავია, ხოლო სიცივე და უძრაობა სხეულისა სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილი. ამრიგად, რადგანაც მას, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, თბილსა და მოქმედს ვხედავთ, ამ ნიშნებისაგან ვრწუმნდებით, რომ იგი უსულო არაა. მაგრამ რამდენადაც [ჩანასახის] სხეულებრივ ნაწილს არც ხორცს, არც ძვლებს, არც თმასა და არც ყოველივე იმას, რაც ადამიანში იხილვება, არ ვუწოდებთ, თუმცა შესაძლებლობით იგი ყოველი ამათგანია, ოღონდ ჯერ ცხადად წარმოუჩენელი, ასევე მისი სულიერი ნაწილის შესახებაც ვამბობთ, რომ მასში არა აქვს ადგილი არც გონიერებას, არც გულისთქმას, არც მრისხანებასა და არც დანარჩენ სხვას, რისი დანახვაც სულში შეიძლება, არამედ, ანალოგიურად სხეულის განმზადებისა და სრულყოფისა, სულის ძალებიც მასთან ერთად იზრდებიან. რადგან, ისევე როგორც ზრდასრულს ადამიანში სულიერი ძალა უფრო მნიშვნელოვან საქმეთა მიერ ვლინდება, ასევე შექმნის დასაწყისში თანამოქმედება სულისა (სინერგია) საჭიროებისდა მიხედვით, თანაზომიერად და შესაფერისად წარმოჩნდება იმით, რომ დათესილი ნივთიერებისაგან სული საკუთარ სავანეს განიმზადებს; რადგან მივიჩნიეთ, რომ სული ისევე ვერ შეეგუება მისთვის უცხო სამყოფელს, როგორც ცვილზე აღბეჭდილი სხვა ნაჭდევისათვის არ გამოდგება.

მსგავსად სხეულისა, რომელიც უმცირესიდან სრულყოფილებამდე ადის, ასევე ძალაც სულისა, დაბადებული მის ქვეშე მყოფთან ერთად, მასთან ერთადვე იმატებს და იზრდება. თავდაპირველ აგებულებაში, ვითარცა მიწით დაფარულ ფესვს, მას მხოლოდ რაღაც ამაღორძინებელი და მასაზრდოებელი ძალა წინაუძღვის, რადგან მიმღების სიმცირეს მასზე უმეტესის დატევა არ შეუძლია შემდეგ, როცა ეს მცენარე* სინათლეში ამოვა და თავის ყლორტს მზეს უჩვენებს, აყვავდება ნიჭი გრძნობისა, ხოლო რაჟამს მომწიფდება და შესაფერის სიმაღლეს მიაღწევს, ძალა მეტყველებისა, მსგავსად რაღაც ნაყოფისა, გაბრწყინვებას იწყებს, თუმცა ყოველივე მეყსეულად არ წარმოჩნდება; არამედ ორგანიზმის ზრდასთან ერთად ისიც მზრუნველობით იზრდება და ყოველთვის იმდენ ნაყოფს გამოიღებს ხოლმე, რამდენის დატევის ძალაც მის ქვეშ მყოფს აქვს.

უკეთუ შენ სხეულს აგებულებაში სულიერ ძალებს ეძიებ, თავი შენი განიცადე (II სჯ. 4,9), ვითარცა იტყვის მოსე, და საღმრთო წერილში სულის საქმეთა ისტორია წაიკითხე, რადგან სხეულისა შინა სულის მრავალფეროვანთა საქმეთა შესახებ როგორც საერთოდ, ასევე ნაწილთა აგებულებით, სიტყვაზე უფრო ნათლად ბუნება მოგითხრობს; მაგრამ, ვფიქრობ, ზედმეტია სიტყვით აღწერა იმისა, რაც თავად ჩვენ გვეხება, ისე, თითქოს საუბარი რაღაც უცხო სასწაულებს ეხებოდეს. რადგან მათგან, ვინც საკუთარ თავს ხედავს, ვინც დასჭირდება სიტყვა საკუთარი ბუნების შესწავლისათვის? ვინც სახე ცხოვრებისა გულისხმაყო და ყოველი სასიცოცხლო ქმედებისადმი სიმარჯვე სხაულისა შეიცნო, ის იმასაც შეიცნობს, რით იყო დაკავებული ბუნებრივი ძალები სულისა ადამიანის შექმნის დასაწყისში. ვინც სრულიად უგულისყურო არაა, მისთვის აქედანაც ნათელია, რომ ბუნების სახელოსნოსა შინა დაბადებული მკვდარი და უსულო არ იქნება, რადგან იგი, ცოცხალი სხეულისაგან მოწყვეტილი, აღმოსაცენებელად ცოცხლისა დაინერგა; ნაყოფთა გულები და ფესვთა მორჩები, რომელთაც მიწაში ვრგავთ, ხომ არც მკვდარნი არიან და არც ის სასიცოცხლო ძალა აკლიათ, რომელიც ბუნებით აქვთ მინიჭებული, არამედ, თუმცა ფარულად, მაგრამ პროტოტიპის თვისებას უცილობლად ცოცხლად ინახავენ. ამგვარ ძალას გარემომცველი მიწა გარედან კი არ დებს მათში, გამოყოფილს თავისი თავისაგან, რადგან მაშინ ხეთა მკვდარი ნაწილებიც ნაყოფს გამოიღებდა. ასაზრდოებს რა ტენით, მიწა მხოლოდ დანერგულის ძალას წარმოაჩენს და წარმოშობით ფესვის, ქერქის, გულისა და რტოებისა, მცენარე სრულყოფილებამდე მიჰყავს. ეს არ მოხდებოდა, თავად თესლში რომ არ ყოფილიყო ჩადებული რაღაც ბუნებრივი ძალა, რომელიც თავის გარშემო მიწიდან მონათესავესა და შესაფერის საზრდელს იზიდავს და ან ბუჩქი, ან ხე, ან თავთავი, ან რომელიმე მცენარეთაგანი ხდება.


----------------------------------------------


* როგორც კონტექსტიდან ჩანს, აქ მცენარეში ადამიანი იგულისხმება

 

თავი XXX



მოკლე, უმეტესად სამედიცინო განხილვა
ჩვენი სხეულის აგებულებისა


ყოველი ჩვენგანი, ჰყავს რა მასწავლებლად საკუთარი ბუნება, დაწვრილებით ჩვენი სხეული აგებულებას თვითონვე სწავლობს იმით, რასაც ხედავს, რითიც ცოცხლობს და გრძნობს; მაგრამ ყოველივეს ზუსტად ის შეისწავლის, ვინც ამ ისტორიასა და სხვა მის მსგავსს ბრძენთა წიგნებიდან შრომისმოყვარეობით ამოკრებს. მათგან ზოგიერთმა სხეულთა განკვეთით ისწავლეს, როგორ არის განლაგებული თითოეული ნაწილი ჩვენში, ხოლო სხვებმა შეიცნეს და განმარტეს, რისთვის დაიბადა ყოველი ნაწილი სხეულისა; ასე რომ, შრომისმოყვარენი კაცობრივი აგებულების შესახებ მათი წიგნებიდან საკმაო ცოდნას იძენენ. ხოლო უკეთუ ვინმე ყოველივე ამის მასწავლებლად ეკლესიას ეძიებს, ისე რომ, არავითარ გარეშე ხმას არ საჭიროებს (რადგან, როგორც უფალი ამბობს, სულიერთა ცხოვართა სჯულად აქვთ, არა ისმინონ ხმაჲ უცხოჲსაჲ. - ინ. 10,5), სწავლებას ამის შესახებ მოკლედ გადმოვცემთ.

სხეულის ბუნებაში ჩვენ სამი [რიგის მიზანი] შევიცანით, რომელთათვისაც ყოველი ჩვენი ნაწილი აიგო: ერთნი - სიცოცხლისათვის, მეორენი - კეთილად ცხოვრებისათვის და სხვაც იმისათვის, რომ მემკვიდრეობითი შთამომავლობის უნარი გვქონოდა. ხოლო ისინი, რომელთა გარეშეც შეუძლებელია კაცობრივი ცხოვრება შედგეს, სამ ნაწილსა შინა გულისხმავყავით - ტვინსა, გულსა და ღვიძლში; სხვანი კი, როგორც ერთგვარი დამატებანი სიკეთეთა და პატივი ბუნებისა, რომელთა მიერაც ადამიანს კეთილად ცხოვრება ენიჭება, გრძნობის ორგანოებია. ისინი, თუმცა სიცოცხლისათვის არსებითნი არ არიან, რადგან ხშირად, მიუხედავად მათი მოკლებისა, ადამიანი მაინც ცოცხლობს, მაგრამ მათი მოქმედების გარეშე ცხოვრებით ვერ დატკბება.

მესამე მიზანი შემდგომითობასა და მემკვიდრეობითობას ითვალისწინებს. ამათთან ერთად სხვანიც არიან, რომელნიც საერთოდ, ყოველივეს განმტკიცებას ემსახურებიან და ერთმანეთისათვის შესაბამის დამატებებს წარმოადგენენ, როგორც, მაგალითად, კუჭი და ფილტვები, რომელთაგან ერთი (ფილტვები) სულნთქვით გულსა შინა ცეცხლს აღაგზნებს, ხოლო მეორე (კუჭი) შიგნეულობისათვის საზრდელს ითვისებს.

ამრიგად, ამგვარი დაყოფით ჩვენი აგებულებისა, შეიძლება ზუსტად გულისხმავყოთ, რომ ძალა ცხოვრებისა ჩვენისა არა ერთსახოვნად და არა ერთი რომელიმე ნაწილის მიერ განიგება, არამედ, გაუნაწილა რა მრავალ ასოს საშუალებანი ჩვენი აგებულებისათვის, ბუნებამ ყოველი მათგანის მიერ მთელისთვის გაღებული წვლილი აუცილებლობად აქცია. ასე რომ, რაც ბუნების მიერ სიცოცხლის განმტკიცებისა და სილამაზისათვის შეიქმნა, მრავალია და ერთმანეთისაგან ბევრი რამით განსხვავდება.

მაგრამ, ვფიქრობ, პირველად საჭიროა მოკლედ გარჩევა იმ პირველი საწყისებისა, რომელნიც ჩვენს აგებულებას სიცოცხლისათვის ქმნიან. ახლა, მატერიის შესახებ, რომელიც ყველა სხეულისათვის საერთოა და მათ ყოველ ნაწილს უდევს საფუძვლად, დავდუმდეთ, რადგან ეს ზოგადი ბუნებისმეტყველება (ფიზიოლოგია) ჩვენს მიზანს, ნაწილთა განხილვისა, არანაირად არ შეესაბამება. რადგანაც თითოეულ ჩვენგანში არის ნაწილი ყველა სტიქიისა, რომელიც სამყაროში იხილვება, ანუ: სითბო და სიცივე და სხვა წყვილიც - სინესტე და სიმხელე, ამდენად, ორგანოებიდან ყოველი ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ.
ჩვენს სამ ძალას ვხედავთ, რომელიც სიცოცხლეს განაგებს; მათგან ერთი ყოველივეს სიმხურვალით განატფობს, მეორე განხურვებულს ტენით ანედლებს და საპირისპირო ძალთა გათანაბრებით ცოცხალი არსებისათვის საშუალო მდგომარეობას იცავს, რაღა გადაჭარბებული სითბოთი არც ტენი დაშრეს და ტენიანობის მძლავრობით არც სითბო ჩაქრეს. მესამე ძალა კი, განყოფილთა სახსართა თავით თვისით თანხმობითა და ჰარმონიით შეამტკიცებს, მათ თავისი იოგებით (მყესებით) შეაუღლებს და ყველას თვითმოძრავსა და თავისუფალ ძალას უგზავნის; ნაწილი, რომელსაც ის მოაკლდება, ცალკევდება და კვდება, რადგან ნებსით სუნთქვაში წილი აღარ ექნება. მაგრამ სხეულის შექმნისას უფრო მეტად ყურადღების ღირსი ჩვენი ბუნების ხელოვნების გააზრებაა.

რამდენადაც მაგარი და მოუდრეკელი გრძნობისმიერ მოქმედებებს არ იწყნარებს, როგორც ამას ჩვენი ძვლებისა და დედამიწის მცენარეთა მაგალითებით ვხედავთ, რომელთა შორისაც ცხოვრების რაღაც სახეს შევიცნობთ, რომლითაც ისინი აღორძინდებიან და საზრდოობენ. გრძნობა კი, პირიქით, მათ უდრეკობას არ იწყნარებს, - ამის გამო გრძნობისმიერი მოქმედებებისათვის რაღაც ცვილის მსგავსი აგებულების მომზადება გახდა საჭირო, რომელზეც შეგრძნებით აღქმულის კვალის აღბეჭვდა იქნებოდა შესაძლებელი; თანაც ეს აგებულება არც ტენის სიჭარბეს უნდა გაელხო, რადგან გალხობილი ანაბეჭდს ვეღარ ნახავს და არც მეტისმეტი სიხმელით უნდა გაეწია წინააღმდეგობა აღბეჭდვისათვის, რადგან ნიშანი ანაბეჭდისა არც მოუდრეკელსა ზედა რჩება; ასე რომ, იგი ულბილესსა და უმტკიცეს შორის უნდა ყოფილიყო, რათა ცოცხალ არსებას ბუნებრივ მოქმედებათაგან ულამაზესი, გრძნობისმიერ მოქმედებას ვგულისხმობ, არ მოკლებოდა.

ამრიგად, რადგანაც ლბილსა და დრეკად იმ მოქმედებათაგან, რომელის მყარებს ახასიათებს, არცერთი არ აქვს, იგი მსგავსად ზღვის მოლუსკისა უცილობლად უძრავი და დაუნაწერებელი იქნებოდა, ბუნებას რომ სხეულისათვის ძვლების სიმყარე არ შეერია. გააერთიანა რა ისინი ერთმანეთთან ბუნებრივი თანაზომიერებით, შეერთებული ძარღვთა მყესებით შეკრა, ხოლო შემდეგ მის ირგვლივ, გრძნობათა აღმქმელი ხორცი აღმოაცენა, ისე რომ ზედაპირზე ზემოქმედების ძნელად განმცდელი და შედარებით უფრო მტკიცე დარჩენილიყო.

ამრიგად, ამ ბუნებით მტკიცე ძვლებს, მსგავსად რაღაც საყრდენი სვეტებისა, სიმძიმე მთელი სხეულისა ატვირთვინა, მაგრამ არა ისე, რომ მთელ აგებულებაში ერთი დაუნაწევრებელი ძვალი დაენერგა; ადამიანს რომ ამგვარი აგებულება ჰქონოდა, ვითარცა ხე, ერთ ადგილას მდგომარე, უძრავი და უმოქმედო დარჩებოდა, რადგან წინ ვერც ნაბიჯითა მონაცვლეობით იმოძრავებდა და ცხოვრებისათვის ვერც ხელების მომსახურებით ისარგებლებდა. ახლა კი ისეთი აგებულება მოიფიქრა და ხელოვნებით ააგო, რომელიც ძარღვებით გამავალი ნებსითი სუნთქვითა და სხეულსა შინა მოძრაობისათვის ჩადებული მისწრაფებითა და ძალით მოარულიცაა და მოქმედიც. აქედანაა ყოველი შთანაფიქრისათვის გამოსადეგი მრავალფეროვანი და მრავალმხრივი შემწეობა ხელებისა. აქედანაა მიმოქცევა კისრისა, მოდრეკა და მიმოხვრა თავისა, მოქმედება ყბისა, განღება და დახურვა წამწამთა (ქუთუთოებისა) და მოძრაობანის დანარჩენი ნაწილებისა, რომელნიც ვითარცა რაღაც მანქანისაგან, ძარღვითა დაძაბვითა და მოშვებით აღესრულებიან. მათ შინა განმავალ ძალას რაღაც თვითმბრძანებლური მისწრაფება აქვს, რომელიც, ბუნების განგებულებით, თითოეულ მათგანში თავისუფალი 9ნებსითი) სუნთქვით მოქმედებს. ყოველივეს ძირი და ძარღვებში მოძრაობათა დასაბამი კი, როგორც ჩანს, თავის ტვინის გარემომცველი ბოჭკოვანი აპკია. რადგანაც ნაჩვენები იქნა, რომ მოძრაობის ძალები მასშია (ე.ი. ტვინის აპკში), ვთვლით რომ საჭირო აღარაა გულმოდგინედ გამოძიება სასიცოცხლო ნაწილებისა და იმისა, თუ როგორები არიან ისინი.

ის, რომ თავის ტვინი სიცოცხლისათვის უმთავრესია, ნათლად ჩანს საწინააღმდეგო შემთხვევისაგან; უკეთუ ტვინის გარემომცველმა აპკმა დარტყმით ან განხეთქვით ვნება განიცადა, ვნებას მყის სიკვდილი მოსდევს, რადგან ამგვარ დაზიანებას ბუნება წამითაც ვერ უძლებს, ისევე როგორც, თუ საფუძველი შეირყა, მთელი ნაგებობაც ამ ნაწილთან ერთად დაირღვევა. ამიტომ ის, რისი დაზიანებაც სრულიად ცხადი ნიშანია მთელი ცოცხალი არსების დაღუპვისა, სიცოცხლის მთავარ მიზეზად უნდა იქნას მიჩნეული. მაგრამ, რამდენადაც ვისაც სიცოცხლე შეუწყდება, მასში ბუნების მიერ ჩადებული სითბოც ქრება და მკვდარი ცივდება, ამიტომ სითბოსაც სიცოცხლის მიზეზად ვთვლით, რადგან რის მოკლებასაც სიკვდილი მოსდევს, სრული აუცილებლობით უნდა ვაღიაროთ, რომ მისი არსებობა ცოცხალ არსებას სიცოცხლეს უნარჩუნებს. ამ ძალის წყაროდ და სათავედ კი, ჩვენ გულს მოვიაზრებთ, რომლისგანაც სალამურის მსგავსი, ერთმანეთისაგან გამომავალი, მრავლად დატოტვილი სადინარებით ცეცხლოვანი და მხურვალე სუნთქვა მთელს სხეულში განიფინება.

რამდენადაც აუცილებელია, რომ სითბოს ბუნებისაგან რაღაც საზრდელიც მიეწოდებოდეს, რადგან ცეცხლი, თუკი რაღაცით არ ისაზრდოვა, თავით თვისით ვერ იარსებებს, ამიტომაც ღვიძლისაგან, ვითარცა ერთგვარი წყაროდან, სისხლის ნაკადნი მხურვალე სუნთქვასთან ერთად გამოდიან და სხეულის ყველა ნაწილში მიედინებიან, რათა მათი* ერთმანეთისაგან განმხოლოებით ვნებული ბუნება არ დაიღუპოს. ისწავლოს აქედან მან, ვინც თანაზომიერებას უგულებელყოფს და ბუნებისაგან გულისხმაყოს, რომ გარდამეტება ზომიერებისა(πλεονεξια) დამღუპველი ვნებაა. მაგრამ, რადგანაც არაფერს მხოლოდ ღმერთი არ საჭიროებს, ხოლო კაცობრივ სიგლახაკეს საკუთარი თავის შესანახად გარეშეც სჭირდება, ამიტომ ამ სამი ძალით, რომელთა მიერაც, როგორც ვთქვით, მთელი სხეული იმართება, [ბუნებას] გარედან შიგნით ჩაღვრილი ნივთიერება სხვადასხვა შესასვლელით, მათი ძალების შესაბამისად, შეჰყავს და აბინავებს.

რამდენადაც წყაროს სისხლისას ანუ ღვიძლს ბუნება საზრდელით ამარაგებს, ის, რაც საზრდელის მიერ განუწყეტლივ მიეწოდება, ღვიძლიდან სისხლის ნაკადებს აწყაროებს, მსგავსად მთებზე დადებული თოვლისა, რომელიც მისთვის დამახასიათებელი სინოტივით მთისძირა წყაროებს ზრდის, რადგან საკუთარ სინოტივეს, ქვემოთა ძარღვებში წურავს.

ჰაერი გულში მეზობელი ორგანოთი შედის, რომელსაც ფილტვები ეწოდება; იგი მიმღებია ჰაერისა, რომელიც მომიჯნავე ძარღვით პირისაკენ მიემართება; ჰაერს კი იგი გარედან ჩასუნთქვით იზიდავს. მათ (ე.ი. ფილტვებს) შორის მოქცეული გული, მიბაძვით მარადის მოძრავი ცეცხლის მოქმედებისა, თავადაც განუწყვეტლივ მოძრაობს და ისევე როგორც სამჭედლოს საბერველნი, მეზობელი ფილტვებისაგან ჰაერს თავისკენ იზიდავს, გაფართოების შედეგად წარმოშობილ ცარიელ სივრცეებს (ფოსოებს) მისით აღავსებს და გააღვივებს რა იმას, რაც ცეცხლოვანია მასში, მახლობელს ძარღვთა შინა ჩაბერავს. და ასე მოქმედებს განუწყვეტლივ, იზიდავს რა გარედან ჰაერს თავის ფოსოებში, მათი გაფართოების გზით, ხოლო მისგან გამომავალს შეკუმშვის შედეგად ძარღვებში უშვებს. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი ჩვენი ავტომატური (თავით თვისით) მოძრავი სუნთქვისა. გონება ხომ ხშირად ან სხვა რამეებითაა დაკავებული, ან განშორდება რა ძილში სხეულს, სრულიად განისვენებს, ჩასუნთქვა ჰაერისა კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ნება არ თანამოქმედებს, მაინც არ წყდება. ვფიქრობ, რომ რამდენადაც გული ფილტვთა შორისაა, მისი ნაწილი მათთანაა შეზრდილი, თავისი გაფართოებითა და შეკუმშვით შინაგანსაც ამოძრავებს და შეტაცება (შესუნთქვა) ჰაერისა და ამოსუნთქვა ფილტვებით ხდება. არის რა რაღაც თხელი და მრავალნასვრეტიანი, ფილტვის ყველა ფოსო ძარღვების საფუძვლებთან გახსნილია. როცა იგი დავიწროებული და შეკუმშულია, ნასვრეტთა შინა ჩარჩენილ ჰაერს, დაწოლის შედეგად უცილობლად გარეთ გამოუშვებს, ხოლო როცა გაფართოებული და გახსნილია, ჰაერს დაჭიმვით წარმოშობილ ნაპრალთა სიცარიელეში იტაცებს. და აი, მიზეზიც უნებლიე სუნთქვისა - შეუძლებლობა იმისა, რომ ცეცხლოვანი ჩვენში უძრავად დარჩეს. რამდენადაც სითბოს მოძრაობის ენერგია ახასიათებს, ხოლო მისი საწყისი ჩვენ გულში მოვიაზრეთ, განუწყვეტელი მოძრაობა ამ ნაწილში მუდმივად ქმნის მისწრაფებას ჰაერის ამოსასუნთქად და ჩასასუნთქად ფილტვების მიერ. ამიტომაც, როცა ცეცხლოვანი არაბუნებრივადაა დაჭიმული, ცხელების მხურვალებით შეპყრობილებს ისედაც მძიმე სუნთქვა უხშირდებათ, ისე, თითქოს გული მასში დაფარული ალის ჩაქრობას ახალი ჰაერის ჩასუნთქვით ჩქარობდეს.

მაგრამ, რამდენადაც ჩვენი ბუნება მწირია და თავის შესანახად ბევრ რამეს საჭიროებს, იმდენად მწირი, რომ საკუთარი არა მხოლოდ ჰაერი, არამედ სუნთქვა კი არ აქვს, რომელიც სითბოს აღაგზნებს და ცოცხალი არსების დასაცავად მუდმივად გარედან მიიზიდება, ასევე საზრდელიც, რომელიც სხეულის აგებულებას განამტკიცებს, მუდმივად მოსაპოვებელი აქვს, ამიტომ იგი საჭიროებისამებრ საჭმელითა და სასმელით აღავსებს სხეულს და რაც აკლია, იმის მისაზიდად და ზედმეტის მოსაშორებლად ძალას აძლევს, ხოლო გულისმიერი ცეცხლი ამ დროს ბუნებას უმნიშვნელო შემწეობას როდი უწევს. რამდენადაც, როგორც ეს ზემოთ გადმოვეცით, სასიცოცხლო ნაწილთა შორის უმთავრესი გულია, რომელიც თბილი სუნთქვით თითოეულ ნაწილში ცხოველმყოფელ ცეცხლს ანათებს, ჩვენმა შემოქმედმა ისე გააკეთა, რომ მოქმედებს რა ყოველი მხრიდან ძლიერი ძალით, მთელის განგებულებისათვის მისი არცერთი ნაწილი უმოქმედო და უსარგებლო არ დარჩენილიყო.

ამიტომაც უკანა მხარე გულისა, რომელიც ფილტვებს ქვემოთაა, განუწყვეტელი მოძრაობის გამო ამ ორგანოს თავისკენ ითრევს და ჰაერის მოსაზიდად ნასვრეტებს აფართოებს, ხოლო მისი კვლავ ზევით აწევით, იმ ჰაერის ამოსუნთქვას უწობს ხელს, რომელიც შიგნითაა. გულის წინა ნაწილი კი კუჭის ზემო სათავსოს ეკვრის, ათბობს მას და საკუთარი მოქმედებისათვის ამოძრავებს, აღძრავს რა არა ჰაერის მისაზიდად, არამედ მისაღებად შესაფერისი საზრდელისა; ერთმანეთთან ახლოს არიან ხომ შესასვლელნი ჰაერისა და საკვებისა. მიემართებიან რა ეს სადინარები ერთმანეთის გასწვრივ პარალელურად, თანაბარი ზომისანი ზევით ერთმანეთს უახლოვდებიან, ერთმანეთ შეეყრებიან და ერთსა პირსა შინა მთავრდებიან; მათგან ერთი საზრდელის, ხოლო მეორე ჰაერის შესასვლელი ხდება. მაგრამ სადინართა ეს წყვილი სიღრმესა შინა ერთმანეთთან მიკრული ყველგან როდი რჩება, რადგან ორივეს საფუძველთა შორის გულია მოთავსებული, რომელიც ერთს სუნთქვის, ხოლო მეორეს საზრდელის მიღების ძალას აძლევს. ვეულებისამებრ ცეცხლი დასაწვავ ნივთიერებას ეძებს, რაც აუცილებლად შეემთხვევა საზრდელის მიმღებს. რადგანაც მეტად ინთება იგი მეზობელი ორგანოს სითბოსაგან, იმდენად მეტად იტაცებს მასაზრდოებელ სითბოს; მის ამგვარ აღძვრას კი აპეტიტს ვუწოდებთ.

უკეთუ საზრდელის სათავსო ნივტიერებას საკმარისად მიიღებს, ენერგია ცეცხლისა მშვიდად ვერ იქნება, არამედ მსგავსად ბრძმედისა, იგი ნივთიერებას დაანდობს, დაშლის რა მას შემადგენელ ნაწილებად, ერთმანეთში აურევს და თითქოს ქურიდან სადინარებში გადაასხამს; შემდეგ გამოარჩევს რა უფრო შესქელებულს წმინდისაგან, წმინდას, ვითარცა რაღაც წყალსადენებით, ღვიძლის ბჭეებთან მიიტანს, ხოლო საკვების სქელ ნარჩენს უფრო ფართო ნაწლავებში შეიტანს, სადაც გარკვეული დროსი განმავლობაში დაატრიალებს რა სხვადასხვა ხვეულში, საკვებს შიგნეულში შეინახავს. ეს სადინარები რომ სრულიად სწორი ყოფილიყო, საზრდელი გარეთ ადვილად გამოვარდებოდა, ცოცხალ არსებას ჭამის სურვილივ სწრაფად აღეძვრებოდა და ადამიანიც, პირუტყვთა მსგავსად, განუწყვეტლად ამ საქმით (ე.ი. ჭამით) იქნებოდა დაკავებული.

რადგანაც ღვიძლს სითხის სისხლად გადაქცევისათვის სითბო უფრო მეტად სჭირდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გულიდან მოშორებით მდებარეობს (ვფიქრობ, იმიტომ რომ, რადგანაც იგი რამდენადმე სასიცოცხლო ძალის საწყისი და საფუძველია, არ შეიძლება სხვა საწყისისაგან იყოს შევიწროებული) - სითბოს მაწარმოებელი არსისაგან დაშორებას მთელი განგებულებისათვის რომ არ ევნო, ძარღვოვანი სადინარი (რომელსაც ამ საგანში განსწავლულთა მიერ არტერია ეწოდა), გულის ცეცხლოვან სუნთქვას თავისთავში იწყნარებს და გადააქვს ღვიძლთან, სადაც სითხეთა შესასვლელ სადინარს დაკეტავს, სითბოთი სითხეს ადუღებს და გადასცემს რა მას რაღაცას ცეცხლის თვისებიდან, სისხლს ცეცხლისფრად შეღებასვ და მეწამულყოფს. შემდეგ იქიდან სათავეს იღებს წყვილი სადინარი მსგავსი მილებისა, რომელთაგან თითოეულს საკუთარი შემცველობა აქვს - სუნთქვა და სისხლი, რათა შეიქმნეს მოსახერხებელი გზა, რომლითაც სითბოს მოძრაობის შედეგად გამთბარი და შემსუბუქებული სითხე მთელ სხეულში მრავალფეროვნად განეფინება და მის ყველა ნაწილში ათას სათავესა და განშტოებაში დაიყოფა.

სასიცოცხლო ძალის ერთმანეთთან შერეული ორი საწყისი - ერთი სითბოსა და მეორე ტენს - მთელს სხეულსა შინა წარავლენენ და ვითარცა რაღაც უცილობელ ხარკს, თავ-თავისი საკუთრებისაგან გაღებულს, სასიცოცხლო განგებულების წარმმართველ ძალას ძღვნად მიართმევენ. ხოლო ამ ძალისაგან, რომელიც თავის ტვინსა და მის აპკსა შინა იხილვება, არის ყველა მოძრაობა სახსართა, ყველა შეკუმშვა კუნთებისა, ნებსითი სუნთქვა და ისიც, რაც მათ მიერ თითოეულ ნაწილს გადაეცემა, რაც ჩვენს მიწიერ ქანდაკებას, ვითარცა რაღაც მანქანისაგან, ამოქმედებულსა და ამოძრავებულს წარმოაჩენს. სითბოსაგან უწმინდესი და ტენისაგან უწვრილესი ორივეს ძალით შეერთებული და რაღაც ნაზავად და ნარევად ქმნილი, ტვინს ორთქლის მიერ ასაზრდოებს და ინახავს. მისგან იგი, კიდევ უფრო განწმენდილი და დაწვრილებული დაგაეცემა აპკს, რომელიც ტვინს გარს ეკვრის; იგი სალამურისებრი სადინარით, რომელიც ტვინს გარს ეკვრის; იგი სალამურისებრი სადინარით, რომელიც მიმდევრობით განლაგებულ მალებში გადის, მასში მოთავსებული ზურგის ტვინითურთ, მაღლიდან ქვევით მიემართება ხერხემლის საფუძველთან მთავრდება. ყველა კავშირს და შენაწევრებას ძვლებისა თუ დასაბამს კუნთებისა, მსგავსად მეეტლისა, თავის ტვინი გადასცემს ბიძგსა და ძალას ყოველი მოძრაობისა თუ გაჩერებისათვის. ვფიქრობ, ამიტომას გახდა იგი ღირსი უმკიცესი დაცვისა: თავში - გასშემოვლებული ძვლების ორმაგი ზღუდით, ხოლო ხერხემალში - წვეტიანი გამონაშვერებითა და გარეგნულად მრავალფეროვანი ხლართებით, რაც მას მსგავსად საიმედო მცველებისა, ყოველგვარი ვნების განცდისაგან იცავს.

მსგავსი რამ შეიძლება დავასკვნათ გულის შესახებაც. ვითარცა სახლი ზღუდემოვლებული, მისი სავანეც ყოველმხრივ დაცულია და განმტკიცებული ძვალთა ზღუდეებით. უკან მას ხერხემალი აქვს, ორივე მხრიდან ბეჭებით გამაგრებული, ასევე ორივე მხრიდან შემოვლებული ნეკნები, მასზე რაც მათ შიგნითაა ზემოქმედებას აძნელებენ, ხოლო წინიდან მკერდი და წყვილი ლავიწი ფარავს, რაღა გარეშე შემაწუხებელთაგან ყოველი მხრიდან საიმედოდ იყოს დაცული.

რაღაც მსგავსის ხილვა მიწათმოქმედებაშიცაა შესაძლებელი, როცა მიწა ან ღრუბელთაგან დაწვიმებითა და ან წყალსადენებით ირწყვება. წარმოვიდგინოთ გონებით ბაღი, რომელშიც ათასი სხვადასხვა, ყოველნაირი ხე იზრდება, მათ შორის მრავალი სხვაობა იხილვება, გარეგნული შესახედაობის, თვისებებისა და ფეროვნების მიხედვით. თუმცა ამდენი მცენარე ერთი ადგილის ტენით საზრდოობს და ძალაც, რომელიც ყოველ მათგანს არწყულებს, ბუნებით ერთია, თავისებურებანი მცენარეებისა, რომელნიც მისით იკვებებიან, ტენს სხვადასხვა თვისებად გადააქცევენ. ერთი და იგივე აბზინდაში მწარდება, სასიკვდილო წვენად იქცევა, სხვაში კიდევ: ზაფრანაში, უკადრისასა და ყაყაჩოში სხვა ხდება. ერთში რომ თბება, მეორეში ცივდება, მესამეში კი რაღაც შუალედური თვისება აქვს. დაფნასა, ლერწამსა და სხვა მათ მსგავსთა შორის კეთილსურნელოვანია, ლეღვსა და მსხალში - ტკბილი, ვაზის ლერწის მიერ მტევნად და ღვინოდ იქცევა; წვენი ვაშლისა, სიწითლე ვარდისა, სისპეტაკე შროშანისა, იისფერობა იისა, მეწამული ფერი სუმბულისა და საერთოდ, ყოველივე, რისი ხილვაც დედამიწაზე შეიძლება, ერთი ტენისაგან არის აღმოცენებული და ერთმანეთისაგან ამდენი სხვაობით - გარეგნული შესახედაობით, გვარითა და თვისებებით განირჩევა.

რამდენადმე მსგავსად სასწაულმოქმედებს ბუნება, უფრო ზუსტად, მეუფე ბუნებისა, ჩვენს სულიერ ყანაშიც; ძვალნი და ხრტილნი, ძარღვნი, სისხლძარღვნი, ბოჭკოები, იოგნი, ხორცნი, კანი, სიპოხე, თმანი, ჯირკვალნი, ფრჩხილნი, თვალნი, ნესტონი, ყურნი და ყველა სხვა ამგვარი და კიდევ ათასი - ერთმანეთისაგან სხვადასხვა თვისებით განყოფილი, თავისი ბუნების შესაბამისად, ერთი სახის საზრდელით იკვებება. ამასთან, საზრდელი მიუახლოვდება რა ყოველ მათგანს, რასაც მიეახლება, იმად იქცევა და ამ ნაწილის თავისებურების დამახასიათებელი და მონათესავე ხდება. თუ თვალებს მიეახლა, მხედველობით ორგანოს შეეზავება და თვალის გარსის სხვადასხვაობის შესაბამისად ყოველში დანაწილდება; უკეთუ სასმენელ ორგანოსთან მიედინა, სმენის ბუნებას შეერევა, თუ ბაგესთან აღმოჩნდა, ბაგე გახდება; ძვალსა შინა მყარდება, ხოლო ზურგის ტვინში ლბილდება, ძარღვებთან ერთად იძაბება, ზედაპირზე (კანზე) გადაიჭიმება, ფრჩხილებშიც გადავა, შესაბამის ორთქლში ისე წვრილდება, რომ თმებს წარმოქმნის. თუ ხვეულ სადინართა შინა გაიარა, თმასაც ხუჭუჭასა და ხვეულს აღმოაცენებს, ხოლო თუ თმის აღმომაცენებელი ორთქლის გზა სწორი გამოდგა, გრძელსა და სწორ თმას წარმოშობს.

მაგრამ ჩვენი სიტყვა საგანს დიდად გადასცდა; ჩავუღრმავდით რა ბუნების საქმეებს, შევეცადეთ აღგვეწერა, როგორ და რისგან შედგა ჩვენში ყოველი, რაც ცხოვრებისთვისაა საჭირო, ისიც, რაც კეთილი ცხოვრებისთვის გვჭირდება, და გარდა ამისა, კიდევ სხვაც, რაც ჩვენი აგებულების თესლობითი მიზეზი და ის, რომ არც სულია უსხეულო და არც სხეული უსულო, არამედ სულიერი და ცოცხალი სხეულისგან, თავიდანვე მოყოლებული, სულიერი და ცოცხალი არსება იბადება. იგი კაცობრივმა ბუნებამ შეიწყნარა და მსგავსად მზრდელისა საკუთარი ძალებით ასაზრდოებს, თვითონ ორივე მხრივ საზრდოობს და შესაბამისად თითოეული ნაწილისა, თვალნათლივ იზრდება. [ბუნების] ამ მარჯვედ და ხელოვნებით შექმნისას, მყისვე მჟღვანდება მასთან შეუღლებული ძალა სულია, რომელიც პირველად შედარებით სუსტი ჩანს, მაგრამ ორგანოს სრულყოფასთან ერთად, ისიც გამობრწყინდება. მსგავსი რამის ხილვა მოქანდაკეებთან შეიძლება. ხელოვანი, რომელმაც გამოსახულება რაღაც ცოცხალი არსებისა ქვაში უნდა წარმოაჩინოს, მიზნად ისახავს რა ამას, პირველად ქვას შეზრდილი ნივთიერებისაგან გაწმენდს, შემდეგ ზედმეტ ნაწილებს მოჰკვეთს და პირველი მონახაზით, რაც განზრახული აქვს, იმის მსგავსება ქმნის, ისე რომ, იმისგან, რაც ჩანს ხელოვანის მიზანს გამოუცდელიც კი გამოიცნობს; მუშაობის გაგრძელებისას იგი სასურველ მსგავსებას კიდევ უფრო უახლოვდება, ხოლო შემდეგ გამოკვეთს რა მატერიისაგან სრულყოფილსა და ზუსტ გამოსახულებას, ქმნილებას გაასრულებს; და ეს, სულ ცოტა ხნის წინ არაფრით გამორჩეული ქვა იქცევა ლომად ან სხვა რამედ, რადაც ხელოვანი შექმნის, არა იმიტომ, რომ მატერია გამოსახულებად შეიცვალა, არამედ იმიტომ, რომ გამოსახულება გატერიით გამოისახა.

უკეთუ მსგავსად სულის შესახებაც გულისხმავყოფთ, ჭეშმარიტების წინააღმდეგ არ შევცოდავთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ქმნის რა ყოველივეს ერთგვაროვანი მატერიისაგან ხელოვნებით, ბუნება თავისთავში იწყნარებს ნაწილს კაცისა და აქანდაკებს. ისევე როგორც ქვის თანდათანობით დამუშავებას თავდაპირველად შედარებით გაურკვეველი, ხოლო საქმის დასრულების შემდეგ უფრო სრულყოფილი გამოსახულება მოჰყვება, ასევე, ორგანოთა გამოქანდაკებისას ანალოგიურად წარმოჩნდება სახეც სულისა: არასრულყოფილი არასრულყოფილში და სრულყოფილი სრულყოფილსა შინა, თუმცა იმთავითვე სრულყოფილი იქნებოდა, ბუნება რომ ბოროტებისაგან არ დაზიანებულიყო. ზიარებამ ვნებასთან და პირუტყვულ შობასთან ის მოიტანა, რომ ქმნილებაში ღმრთეებრივი ხატი მყისვე არ ბრწყინდება, მაგრამ რაღაც გზითა და თანმიმდევრობით ადამიანი სულის მატერიალური და შედარებით ცხოველური თვისებებიდან სრულყოფილებამდე მიჰყავს. ამ სწავლებით გვმოძღვრავს დიდი მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: ოდესმე იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი (I კორ. 13,11). არა იმიტომ, რომ გარდა იმ სულისა, რომელსაც ყრმაში მოვიაზრებთ, მამაკაცში სხვა სულიც შედის, სიყრმისეული აზროვნება დაითმობა და მამაკაცური წარმოიშობა, არამედ იგივე სული, რომელიც ყრმაში იყო, მამაკაცში სრულყოფილად წარმოჩნდება. ვითარცა იმის შესახებ, რაც იბადება და იზრდება, ვამბობთ, რომ ცოცხლობს. ყოველს, რაც სიცოცხლესთან და ბუნებრივ მოძრაობასთანაა ნაზიარები, მართალია, მათ უსულოს ვერავინ უწოდებს, მაგრამ არც იმი მტკიცება შეიძლება, რომ ამგვარი ცხოვრება სრულყოფილ სულთანაა ნაზიარები, რადგან, თუმცა, მცენარეთა შორის რაღაც სულიერი მოქმედება ჩნდება, მაგრამ გრძნობი შესაბამის მოძრაობამდე ვერ მაღლდება. ასევე პირუტყვთა შორისაც, - ზრდისას რაღაც სულიერი ძალა წარმოჩნდება, მაგრამ, რამდენადაც თავისთავში მეტყველებისა და აზროვნების ნიჭს ვერ იტევს, სრულყოფას ვერ აღწევს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ჭეშმარიტი და სრულყოფილი კაცობრივი სულია, რომელიც მრავალგვარი მოქმედებით შეიცნობა. უკეთუ სხვა რამეს, რაც ცხოვრებასთანაა ნაზიარები, სულიერს ვუწოდებთ, იმიტომ, რომ უზუსტობა გამოხატვისას ჩვევად გვაქვს და არა იმიტომ, რომ მათში სრულყოფილი სულია. სულიერი ქმედების რაღაც ნაწილი, რომელიც ადამიანშია, როგორც ამას მოსეს საიდუმლო ანთროპოლოგიიდან ვიგებთ, მის მიერ ვნების შეთვისების შედეგად გაჩნდა. ამიტომ პავლე, მათ, ვისაც მოსმენა სურთ, ურჩევს რა სრულყოფილების მიღწევას, სასურველის მისაღებად საშუალებასაც სთავაზობს, როცა ამბობს, რომ უნდა განიძარცვოთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შევიმოსოთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა (კოლას. 3,9-10). მაგრამ ჩვენ კვლავ დავუბრუნდეთ იმ ღმერთშემოსილ მადლს, რომლითაც ღმერთმა დასაბამიდანვე შექმნა ადამიანი, როცა თქვა: ვქმენ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა (დაბ. 1,26), რომლისა არს დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



----------------------------------------------------


* ე.ი. სისხლისა და სითბოს (მთგ.)

 

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო

გვანცა კოპლატაძემ

საქართველოს ეკლესიის 2010 წლის კალენდარი

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 23:47)