ათენაგორა ათენელი - მკვდართა აღდგომის შესახებ
1
(1) ყველა შეხედულებასა და მოძღვრებასთან ერთად, რომლებიც სინამდვილეში ჭეშმარიტი არიან, რაღაც ტყუილიც აღმოცენდება ; აღმოცენდება არა ბუნებრივად, მათი ქვემდებარე საფუძვლებიდან ან იმ მიზეზიდან, რომელიც ცალკეულ საკითხს განსაზღვრავს, არამედ როგორც იმათი მოღვაწეობის ნაყოფი, ვისაც ჭეშმარიტების მოსაშთობად ბოროტი თესლის თესვა ეამაყება. (2) ეს, უპირველეს ყოვლისა, შესამჩნევია იმათთან, ვინც წარსულში ფიქრი ამ საკითხებს მიუძღვნა, აგრეთვე იმ უთანხმოებაში, რომელიც მათსა და მათ წინამორბედებსა თუ თანამედროვეთა შორის გაჩენილა, და არანაკლებ საკითხის იმ გაურკვევლობაში, რომლის მოწმენი ჩვენც ვართ. ჭეშმარიტებიდან ამ ხალხს ცილისწამების გარეშე არაფერი დაუტოვებია, არც ღვთის არსება, არც მისი ცოდნა და მოქმედება, ან სხვა აქედან გამომდინარე რამ, რაც ჩვენი ღვთისმოსაობის საფუძველია. ზოგს ამ საკითხებში ჭეშმარიტების მიღწევის იმედი სულ დაუკარგავს, სხვა საკუთარ თვალსაზრისს დასჯერებია, ზოგი კი ცხადი რაც არის, იმაში დაეჭვებას ცდილობს.
(3) ამიტომ, ვფიქრობ, იმათთვის, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს ორგვარი მსჯელობაა საჭირო: ჭეშმარიტების დასაცავი და ჭეშმარიტების შესახებ. ჭეშმარიტების დასაცავი იმათთვისაა ვინც ურწმუნოა და ეჭვობს, ჭეშმარიტების შესახებ კი – ვინც კეთილგონიერია და ჭეშმარიტებას ხალისით იღებს. ამიტომ ამ საკითხთა შესწავლის მსურველებმა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში არსებული ვითარება უნდა აწონ-დაწონონ, მსჯელობა ამას შეუფარდონ, გამოსაკვლევ საკითხთა რიგი სათანადოდ გამართონ და ისე არ მოუვიდეთ, რომ ერთი და იმავე პრინციპის მუდამ დაცვის მიზნით გაუთვალისწინებელი დარჩეთ საკითხთა შესაბამისობა და თითოეულისათვის შესაფერისი ადგილი. (4) დასაბუთებისა და ბუნებრივი თანმიმდევრობის თვალსაზრისით ჭეშMარიტების შესახებ მსჯელობა მუდამ წინ უსწრებს ჭეშმარიტების დასაცავ მსჯელობას, ხოლო მეტი სარგებლიანობის თვალსაზრისით კი, პირიქით, ჭეშმარიტების დასაცავი მსჯელობა წინს უსწრებს ჭეშMარიტების შესახებ მსჯელობას. მართლაც და, ვერცერთი მიწათმოქმედი ვერ შეძლებს დათესოს ისე, როგორც საჭიროა, თუ წინდაწინ ველურ ნიადაგს არ დაამუშავებს და სათესლე კულტურისათვის საზიანოს არ ამოძირკვავს. ვერც ექიმი შეიყვანს წამალს დასნეულებულ სხეულში, თუ წინდაწინ არ გაწმენდს ორგანიზმში დაბუდებულ ავადმყოფობას, ან მის გავრცელებას არ შეაჩერებს. ვერც ჭეშმარიტების სწავლების მსურველი დაარწმუნებს ვინმეს ჭეშMარიტების შესახებ მოხსენებით, თუ მსმენელთა გონებას შეცდომაა დაუფლებული, რომელიც მის საბუთებს წინ ეღობება.
(5) ამიტომ ჩვენც, მეტი სარგებლიანობისათვის, ჭეშმარიტების დასაცავი მსჯელობა ზოგჯერ ჭეშმარიტების შესახებ მსჯელობას წინ წარვუმძღვარებთ. ამ გზით სვლა არც ამ შემთხვევაში – აღდგომის განხილვისას არის ურიგო, თუ საჭიროებას გავითვალისწინებთ. რადგან აქაც შევხვდებით ისეთებს, ვინც სრულიად ურწმუნოა ან ეჭვობს, ან კიდევ, თუმცა ამ საკითხებში ამოსავალ დებულებებს ეთანხმება, მაინც დაეჭვებულთა მსგავსად სირთულეების წინაშე დგას. ყველაზე დიდი უაზრობა მათი ეს განცდაა, როცა საქმის ვითარება ურწმუნოების არავითარ საფუძველს არ იძლევა, და ვერც გონივრულ მიზეზს პოულობენ იმის ასახსნელად, თუ რატომ არა სწამთ ან ეჭვობენ.
2
(1) ასე განვსაჯოთ: ყოველგვარი ურწმუნოება, გაჩენილია არა ნაუცბათევად და განუსჯელად, არამედ საფუძვლიანი მიზეზითა და ჭეშმარიტებისთვის შესაფერისი დამაჯერებლობით, თავის მართებულობას მაშინ ინარჩუნებს, როცა თავად საქმე, რომლისაც არა სწამთ, არასარწმუნოდ გამოიყურება. ხოლო იმისი ურწმუნოება, რაც სარწმუნოა, იმ ადამიანებს სჩვევია, ვინც ჭეშმარიტებას არაჯანსაღად განსჯის. (2) ამიტომ, ვისაც აღდგომისა არა სწამს ან ეჭვობს, ნუ გამოთქვამენ განუსჯელად თავის აზრს აღდგომის შესახებ, რაც თავაშვებულთ (გნოსტიკოსები) გაახარებდა; ადამიანთა გაჩენა მათ ან არავითარ მიზეზს არ უნდა დაუკავშირონ, რაც ადვილად უარიყოფა, ან არსებულთა მიზეზის ღვთისადმი მიკუთვნებით ამ მოძღვრების საფუძველი უნდა განიხილონ და ამის შედეგად დაასაბუთონ, რომ აღდგომა სრულიად არასარწმუნოა. (3) მაგრამ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებენ, თუ შეძლებენ დამტკიცებას, რომ ღმერთს არ ძალუძს ან არ ნებავს მკვდარი ან სრულიად დაშლილი სხეულები ისევ შეაერთოს და იმავე ადამიანთა აღნაგობა მიანიჭოს. ხოლო თუ ეს არ შეუძლიათ, მოეშვან უღვთო ურწმუნოებასა და დაუშვებელ ავსიტყვაობას. ხოლო მართალი რომ არ არის, ვინც ამბობს: “არ ძალუძსო”, და არც ის, ვინც: “არ ნებავსო”, შემდგომ ნათქვამში გაცხადდება.
(4) ის, რომ ვინმე გარკვეულ საქმეს ვერ შეასრულებს, სინამდვილეში იმით განისაზღვრება, რომ მან არ იცის, რაც გასაკეთებელია, ან რაც იცის, იმის კარგად გასაკეთებლად საკმარისი ძალა არ შესწევს. მაგრამ ვისაც იმისი არ გაეგება, რაც უნდა შექმნას, ვერ წამოიწყებს და საერთოდაც ვერ განახორციელებს იმას, რაც არ იცის. ხოლო ვინც გასაკეთებელი კარგად იცის, თუ საიდან უნდა გაკეთდეს და როგორ, მაგრამ ძალა ან სულ არა აქვს იმის აღსასრულებლად, რაც იცის, ან არასაკმარისად აქვს, ის საქმეს არ წამოიწყებს, თუ ჭკუა ჰყოფნის და საკუთარ შესაძლებლობებს სწორად განსჯის. რადგან განუსჯელად თუ წამოიწყო, ჩანაფიქრს ვერ აღასრულებს. (5) მაგრამ ღმერთმა შეუძლებელია არ იცოდეს აღსადგენ სხეულთა ბუნება მთლიანობაში, მათი ნაწილებისა და ნაწევართა მიხედვით, ან არ იცოდეს, თუ საით მიდის თითოეული დაშლილი ნაწილი, ან კავშირის რომელმა ნაწილმა მიიღო ის, რაც დაიშალა და მონათესავესკენ წავიდა, თუნდაც ადამიანებს სრულიად განუყოფლად ეჩვენებოდეთ ის, რაც მთელს ხელახლა მჭიდროდ შეუერთდა. რადგან იგი (ღმერთი) ვინც თითოეული სხეულის აგებამდეც იცნობდა იმ შესაქმნელ კავშირთა ბუნებას, რომლებისგანაც ადამიანთა სხეულები შედგება, და ამ კავშირთა ნაწილებსაც, რომელთა გამოყენება მან ადამიანური სხეულის აგებისთვის განიზრახა, მას, ცხადია, შეუძლებელია არ სცოდნოდა, თუ საით წავიდა მთელის დაშლის შემდეგ თითოეული იმ შემადგენელ ნაწილთაგან, რომლებიც მან ცალკეული სხეულის სრულქმნას მოახმარა.
(6) რაც შეეხება ჩვენში ამჟამად არსებულ საგანთა წესსა და სხვა მოვლენათა განსჯას, უფრო რთულია ჯერ არქმნილის წინასწარცოდნა; მაგრამ ღვთის დიდებისა და მისი სიბრძნისათვის ორივე ბუნებრივია და თანაბრად ადვილი: ჯერ არქმნილის წინასწარცოდნა თუ უკვე დაშლილის ცოდნა.
3
(1) ღმერთს რომ სხეულთა აღდგომისთვის საკმარისი ძალა შესწევს, ამას მათივე დაბადება ცხადყოფს. ღმერთმა შექმნა ადამიანთა სხეულები არარადან, მიანიჭა მათ და მათ შემადგენელ საწყისებს პირველი აღნაგობა. ამიტომ გახრწნილსაც – რა გზითაც არ უნდა მოხდეს გახრწნა, ღმერთი ადვილად აღადგენს, მისთვის ხომ ეს თანაბრად შესაძლებელია. (2) ამ საბუთს ვერაფერი დააკლდება იმით, ნივთიერებაში განჭვრეტს ვინმე პირველსაფუძვლებს თუ ადამიანთა სხეულების საწყისად კავშირებს ან თესლებს მიიჩნევს. იმიტომ, რომ ძალა, რომელიც მათ მიერ უფორმოდ მიჩნეულ არსებას ფორმას ანიჭებს, უსახოსა და უწესრიგოს ნაირგვარი სახეებით აწესრიგებს, კავშირთა ნაწილებს თავს უყრის, ერთიანსა და მარტივ თესლს სიმრავლედ შლის, დაუნაწევრებელს ანაწევრებს, არაცოცხალს სიცოცხლეს აძლევს. იგივე ძალა აერთიანებს დაშლილებს, აღადგენს დაცემულს, მკვდარს ხელახლა ცხოველყოფს, ხრწნადს უხრწნელად გადააქცევს.
(3) იმავე ღმერთს, იმავე ძალასა და სიბრძნეს შეუძლია გამოაცალკევოს ის, რაც ნაირგვარ ცხოველთა სიმრავლეში დაქუცმაცებულია, რომლებიც ჩვეულებრივ ამ სხეულებს თავს ესხმიან და ამ გზით მადას იოკებენ, შემდეგ კი ხელახლა შეაერთოს ისინი მათსავე საკუთარ ნაწილებსა და ნაწევრებთან ერთად, იმისდა მიუხედავად, მათი გადასვლა ერთ ცხოველში მოხდა თუ მრავალში, ან ერთი ცხოველიდან მეორეში, იმ შემთხვევაშიც, თუ მათ მშთანმთქმელ ცხოველთან ერთად გახრწნილნი, ბუნებრივი დაშლის გზით კვლავ პირველსაწყისებს დაუბრუნდნენ. ეს ის საკითხებია, რომელიც, ჩანს, ზოგს განსაკუთრებით აბნევს, მათ შორის იმათაც, ვინც სიბრძნით გვაკვირვებს, და ვინც – არ კი ვიცი რატომ – საფუძვლიანად მიიჩნევს იმ ეჭვებს, რომლებსაც მრავალნი გამოთქვამენ.
4
(1) ისინი ამბობენ, რომ მრავალი სხეული, სანაოსნო კატასტროფებსა თუ მდინარებში დამხრჩვალი, თევზების ლუკმად იქცევა, ომში თუ სხვა უფრო სასტიკი მიზეზისა და გარემოებათა გამო დაღუპულებსაც დამარხვცის ნაცვლად მომხვდური ცხოველების გამასპინძლება უწევთ. (2) ასე ნადგურდება სხეულები, ხოლო მათი შემადგენელი ნაწილები და ნაწევრები ცხოველთა სიმრავლეში ქუცმაცდება და საჭმლის სახით საკვებისმიმღებ სხეულებს უერთდება. ამიტომ ჯერ იმას ამბობენ, რომ მათი გამიჯვნა შეუძლებელია, შემდგომ კი უფრო რთულ საბუთსაც უმატებენ:
(3) მართლაცდა კაციჭამია ცხოველების ხორცი, თუ ის ადამიანთა საკვებადაც ვარგა, მათ (ადამიანების) კუჭს გაივლის და მათ მიმღებ სხეულებს შეუერთდება. ე.ი. ადამიანთა ნაწილები, რომლებიც მათი მშთანმთქმელი ცხოველების საკვებადაა ქცეული, უთუოდ სხვა ადამიანთა სხეულებში მოხვდება, როცა მათ შორის “შუამავალი” ცხოველები თავისივე ნაჭამით საკვებს იმ ადამიანებში გადაიტანენ, რომელთა ლუკმად თავად იქცნენ.
(4) ამას კიდევ უფრო დიდ ტრაგედიებს უმატებენ: ესაა შიმშილისას და სიგიჟეში ყრმათმჭამელობა, ან მტრის მზაკვრობით მშობელთა მიერ ბავშვთა შეჭმის შემთხვევები, აგრეთვე ცნობილი მიდიური ტრაპეზი და თიესტეს ტრაგიკული ნადიმი. მათ შეკრიბეს ის უბედურებები, რომლებიც ბერძნებსა და ბარბაროსებში მომხდარა და ამის საფუძველზე, როგორც თავად ჰგონიათ, დაასკვნეს, რომ აღდგომა შეუძლებელია, იმიტომ რომ ერთი და იგივე სხეულის ნაწილები სხვა სხეულებთან ერთად ვერ აღდგება; ასეთ დროს ან პირველი სხეულების აღდგენა იქნებაო შეუძლებელი, რაკი მათი შემადგენელი ნაწილები სხვა სხეულებში გადავიდა, ან, თუ ისინი თავის პირველ მფლობელებს გადაეცნენ, მაშინ მეორენი იქნებიან ნაკლულნი.
5
(1) მე მგონია, რომ ამ ხალხმა, უპირველეს ყოვლისა, არ იცის სამყაროს შემოქმედისა და განმგებლის ძალა და სიბრძნე: მან თითოეულ ცოცხალ არსებას მისი ბუნებისა და გვარისთვის შესაფერისი და საჭირო საკვები შეუხამა და გაუმართლებლად მიიჩნია, რომ ნებისმიერი ბუნება ნებისმიერ სხეულთან გაერთიანებულიყო და შერწყმულიყო. პირიქით, იგი ნებას აძლევს თითოეულ ქმნილების ბუნებას მისთვის შესაფერისი გზით იმოქმედოს ან ზემოქმედება განიცადოს. იგი საპირისპიროს აბრკოლებს და ყველაფერს, რაც სურს, საითაც სურს, იქით წარმართავს ან გეზს უცვლის. გარდა ამისა, არ ითვალისწინებენ იმის შესაძლებლობასა და ბუნებას, ვინც იკვებება და კვებავს. (2) წინააღმდეგ შემთხვევაში მიხვდებოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ცოცხალი არსება შემთხვევითობის ძალით გადაეყრება, მისთვის შესაფერისი საკვები ვერ იქნება; პირიქით ზოგიერთი რამ მუცლის ღრუსთან შეხებისთანავე ისპობა: ის ამოღებინებით, ექსკრემენტების სახით ან რაღაც სხვა გზით გამოედინება, ისე რომ მცირე ხნითაც ვერ გაუძლებს თავდაპირველ ბუნებრივ მონელებას, მითუმეტეს – საკვებისმიმღებ ორგანიზმთან შერწყმას. (3) ასევე ის, რაც მოინელა და რამაც პირველადი გადამუშავება გაიარა, მთლიანად ვერ შეერწყმება საკვების მიმღებ ნაწევრებს, არამედ ზოგი მუცელშივე დაკარგავს კვების უნარს, ზოგი კი მეორადი გადამუშავებისას – ღვიძლში მონელების დროს გამოიყოფა და ისეთ რაღაცად იქცევა, რასაც მკვებავი უნარი დაკარგული აქვს. თავად ღვიძლისმიერი გადამუშავებაც ადამიანთა კვებას მთლიანად კი არა ხმარდება, არამედ ნაწილობრივ ბუნებრივი ნამეტის სახით გამოიყოფა. ხოლო დანარჩენი საკვები საკვებისმიმღებ ნაწილებსა და ნაწევრებში გადამუშავდება და მომატებული და მოჭარბებული ნივთიერების ძალით მასთან შეხებულს გახრწნის ან შეისისხლხორცებს.
6
(1) ცოცხალ არსებათა შორის მრავალგვარი ბუნებრივი სხვადასხვაობაა და ცხოველთა თითოეულ გვარსა და საკვებისმიმღებ სხეულთან ერთად მისთვის ბუნებრივი საკვებიც სხვადასხვაობს. ცხოველთა კვებისას, როცა განწმენდა და გამოყოფა სამგზის ხდება, ყველაფერი, რაც ცხოველის კვებისთვის უცხოა, მთლიანად უნდა მოისპოს და ბუნებრივი გზით გავიდეს, ან სხვა რაღაცად გარდაიქმნას, რამდენადაც ორგანიზმთან შერწყმა არ ძალუძს. ხოლო მკვებავი სხეულის თვისება მთლიანად უნდა თანხვდეს და ბუნებრივად შეუერთდეს საკვებისმიმღებ ცხოველის თვისებებს, და ასე, სათანადო გზათა გავლით, ბუნებრივი განწმენდის მეშვეობით ზედმიწევნით გასუფთავებული, ორგანიზმის არსებისათვის უხინჯო დანამატად იქცეს. (2) საკუთრივ მხოლოდ მას უნდა ვუწოდებდეთ “საკვებს”, თუ საქმის ჭეშმარიტი განსაზღვრება გვსურს, რადგან იგი განაგდებს ყოველივეს, რაც უცხოა და საზიანო საკვებისმიმღები ცხოველის ორგანიზმისთვის, აგრეთვე იმ დიდ ტვირთს, რომელიც მუცლის ასავსებად და მადის დასაკმაყოფილებლად შემოდის.
(3) ვერავინ უარყოფს, რომ ეს ჭეშმარიტი საკვები უერთდება საკვებისმიმღებ სხეულს, შეწნული და შეწებებული მის ყველა ნაწილს და ნაწევართან. მეორეს მხრივ, სხვაგვარი – ე.ი. არაბუნებრივი საკვები სწრაფად იხრწნება, თუ უფრო ძლიერ ძალას შეერია. ხოლო თუ თავად სძლია, იგი ადვილად გახრწნის ძლეულს, გარდაქმნის მას შხამიან წვენად და საწამლავ თვისებებად, რამდენადაც თვითონ საკვებისმიმღებ სხეულს საჭიროსა და საწადელს ვერაფერს მოუტანს. (4) ამის შესანიშნავი საბუთია ის, რომ მრავალი საკვებმიმღებელი ცხოველი ტანჯვას, საფრთხესა და სიკვდილს სწორედ მაშინ განიცდის, როცა ძლიერი შიმშილისას საკვებთან ერთად მასთან შერეულ მომწამლავ და ბუნების საწინააღმდეგო ნივთიერებებსაც შთანთქავს. ეს მთლად დამღუპველია საკვებისმიმღები სხეულისათვის, რახან იგი მართლაც იმით იკვებება, რაც მისი ბუნების შესაფერისია, ხოლო საპირისპიროთი იღუპება.
(5) მართლაც, თუკი ბუნებით განსხვავებული ცხოველთა ნაირგვარობასთან ერთად ბუნების შესაფერისი საკვებიც მრავალგვარია, და არც მთლიანობა საკვებისა, რომელსაც ცხოველი იღებს, არც მისი რომელიმე ნაწილი არ შეერევა საკვებისმიმღებ სხეულს, არამედ ის, რაც სრული მონელების პროცესში განიწმინდა და ამასთანავე, მოცემულ სხეულთან უხინჯო ერთიანობისკენ მიდრეკილება და საკვებისმიმღებ ნაწილებთან შეწყობის უნარი გამოავლინა, - ამიტომ ცხადია, რომ რაც ბუნების საწინააღმდეგოა, ვერასოდეს შეუერთდება იმას, ვისთვისაც ის ბუნებისეული და შესაფერისი საკვები არ არის, არამედ ან მუცლის ღრუს გაივლის, სანამ რაღაც სხვა წვენს წარმოქმნის, მოუნელებადსა და გაფუჭებულს, ან თუ დიდხანს შერჩა, ტკივილსა და მძიმე სენს გამოიწვევს, რომელიც სპობს ბუნების შესაბამის საკვებსა და იმ ხორცსაც, რომელიც საკვებს საჭიროებს. (6) მაგრამ იგი რომც ოდესმე განიდევნოს რაღაც წამლებით, უკეთესი საკვებით ან ბუნებრივი ძალებით ძლეული, დიდი ზიანის გარეშე მაინც არ ჩაივლის, რადგან ორგანიზმისთვის ბუნებრივი წონასწორობის მომტანი არ არის, მის ბუნებასთან შეუთანხმებლობის გამო.
7
(1) თუნდაც ვინმემ დაუშვას, რომ ასე შემოსული საკვები (მაინც ჩვეულებისამებრ “საკვები” ვუწოდოთ მას), არაბუნებრივობის მიუხედავად, მაინც ნაწილდება და იცვლება რაღაცად, რაც ალბობს ან ახმობს, ათბობს ან აგრილებს, ამ ვარაუდიდან ვერაფერ შედეგს მიიღებს; საქმე ისაა, რომ აღდგომილი სხეულები ისევ თავისი ნაწილებისგან შედგებიან, ხსენებულთაგან კი არცერთი არაა მათი ნაწილი და არც ნაწილის მიმართება ან მდებარეობა გააჩნია. ისინი სამუდამოდ ვერ დარჩებიან საკვებისმიმღები ორგანიზმის ნაწილებთან, ვერც აღდგომისას აღდგებიან მათთან ერთად, როცა სასიცოცხლოდ აღარაფერია საჭირო, არც სისხლი, არც ლორწო, არც ნაღველი, არც სუნთქვა. რადგან რაც ოდესღაც საკვებისმიმღებ სხეულებს სჭირდებოდა, ის აღარ დასჭირდებათ, როცა საკვებისმიმღებთა მოთხოვნილებათა მოხსნითა და განადგურებით კვების აუცილებლობა მოიხსნება.
(2) გარდა ამისა, ვინმემ რომც მიიჩნიოს, რომ ასეთი საკვებით რაც არის გამოწვეული, ხორცამდეც აღწევს, მაინც არავითარი აუცილებლობა არ იქნება იმისა, რომ ხორცი, რომელიც ეს წუთია საკვებად იქცა, სხვა ადამიანის ხორცთან ურთიერთობაში მისი შემადგენელი ნაწილი გახდეს. რადგან ხორცი, რომელმაც სხვა ხორცი შთანთქა, სამუდამოდ ვერ შეინახავს შთანთქმულს, და არც ის ხორცი, რომელიც მას შეუერთდა, შეინარჩუნებს სიმდგრადესა და იმის გვერდით ყოფნის უნარს, რასაც შეეძინა. იგი დიდ – ძირითადად ორგვარ – ცვლილებებს განიცდის: ხან ჯაფითა და დარდითაა მორღვეული, ხან ტანჯვით, წვალებითა და ავადმყოფობითაა ქანცგაწყვეტილი, ან კიდევ მეტისმეტად გადახურებითა თუ გაციებითაა დასნეულებული, რადგან ნაწილები, რომლებიც საკვებს ღებულობენ, რჩებიან იმად, რაც არიან, და არ იცვლებიან ხორცსა და ცხიმთან ერთად.
(3) ასეთი ცვლილება თუკი შეემთხვა ხორცს, ცხადია, რომ გაცილებით დიდი იქნება ის ცვლილება, რომელიც ხორცს შეუსაბამო კვებისგან ერგება. ჯერ წონაში მოიმატებს და ჭამით გასუქდება, შემდეგ კი ზედმეტს როგორღაც ამოაფრქვევს და წონაში დაიკლებს, ზემოხსენებული ერთი ან რამდენიმე მიზეზით. ორგანიზმის ნაწილებთან მხოლოდ ის საკვები დარჩება, რომელსაც შეკავშირება, შენახვა და გათბობა შეუძლია. იგი ბუნების მიერაა შერჩეული და ორგანიზმის ნაწილებთან ისეა შეწყობილი, რომ მათთვის ბუნების შესაბამის სიცოცხლესა და სასიცოცხლო დანიშნულებას უზრუნველყოფს.
(4) ვერც ზემოგანხილულის ჯეროვანი განსჯით, ვერც ამის საპირისპიროდ გამოთქმულ დასკვნათა შეწყნარებით მოხერხდება ჩვენი ოპონენტების ნათქვამის ჭეშMარიტების დასაბუთება. ადამიანთა სხეულები ვერასდროს შეერევა სხვა – იმავე ბუნების მქონე სხეულებს, თუნდაც ოდესმე უგუნურებით, სხვისი გავლენით გრძნობისუნარწართმეულებმა ასეთი სხეული იგემონ, ან თვითონვე შიმშილობისას ან სიგიჟისას მათივე გვარის სხეულით თავი წაიბილწონ. თუმცაღა ისიც გვსმენია, რომ არსებობენ ადამიანის სახოვანი მხეცები, ანუ ისინი, ვისაც ადამიანისა და ცხოველის ბუნება აქვს შერეული. მათ ყველაზე თამამი პოეტები წარმოსახავენ.
8
(1) რაღაა სათქმელი იმ სხეულთა შესახებ, რომლებიც საკვებად არცერთ ცხოველს არ ერგო და რომლებსაც წილად მხოლოდ მიწაში დამარხვა ხვდა თავისი ბუნების საპატივსაცემოდ? ეს ნიშნავს, რომ არცერთი ცხოველი არ ყოფილა შემოქმედის მიერ იმავე გვარის ცხოველთა საკვებად განკუთვნილი, მაშინაც კი, როცა იგი სხვა გვარის წარმომადგენელთა ბუნებრივი საკვებია.
(2) თუ ოპონენტები მართლაც შეძლებენ დაასაბუთონ, რომ ადამიანის ხორცი ადამიანისავე საკვებად არის განკუთვნილი, ვეღარაფერი აღუდგება წინ იმას, რომ ურთიერთჭამა ბუნებრივ პროცესად წარმოჩნდეს, ისევე როგორც სხვა, ბუნებრივად შერწყმული რამ. ხოლო ვინც ამის თქმას ბედავს, შეექცეს უძვირფასესი ადამიანების ხორცს, როგორც თავისთვის ყველაზე უფრო შესაფერისს, და თავის ახლობლებსაც ამითვე გაუმასპინძლდეს! (3) მაგრამ თუ ამისი თქმაც კი უცოდველობა არ არის, მაშინ ადამიანის მიერ ადამიანის ხორცის ჭამა დიდი საძაგლობაა და სიბილწე, და ყველა უკანონო და ბუნების საწინააღმდეგო საჭმელსა და საქმეზე მეტად დასაგმობია. ბუნების საწინააღმდეგო ვერასდროს მიაღწევს საკვების სახით ორგანიზმის იმ ნაწილებსა და ნაწევრებში, რომლებიც საკვებს საჭიროებენ. ხოლო საკვებად რაც არ იქცევა, ვერც იმას შეეწყობა, რის კვებასაც ჩვეული არ არის. ადამიანთა სხეულებიც ვერასდროს შეერევა მათსავე მსგავს სხეულებს, რომელთათვის ისინი არაბუნებრივ საკვებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, რომ შემზარავი უბედური შემთხვევის გამო მათ მუცელში ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე.
(4) პირიქით, ეს სხეულები, მკვებავ ძალას მოკლებულნი, კვლავ იმ შემადგენლებად დაიშლებიან, რომელთაგან თავისი პირველი აღნაგობა მიიღეს, და შეუერთდებიან მათ, თითოეული მისთვის განკუთვნილი დროით. ხოლო იქიდან კვლავ გამოიყოფიან იმის სიბრძნითა და ძლიერებით, ვინც ცხოველის მთელი ბუნება შესაფერის ძალთაგან შეამტკიცა, და ბუნებრივად უერთდება თითოეული მათგანი ერთიმეორეს, თუნდაც სხეული ცეცლით იყოს გადამწვარი ან წყლით გადამპალი, ან მხეცთაგან თუ მტაცებელ ცხოველთაგან მთლიანად შემუსრვილი, ან კიდევ, სხეულს მთლიანად მოწყვეტილი ზოგიერთი ნაწილი სხვა ნაწილებზე ადრე ყოფილიყოს გახრწნილი. ხოლო კვლავ ერთმანეთთან შეერთებულნი, ისინი იმავე მდებარეობას დაიკავებენ, რომ აღორძინდეს იმავე სხეულის ჰარმონია და აგებულება, და მკვდარის ან სრულიად გახრწნილის აღდგომა და სიცოცხლე განხორციელდეს. (5) მაგრამ ამის შესახებ სიტყვის გაგრძელების დრო აღარ არის. დასკვნებს ყველა დაეთანხმება, თუ ნახევრადმხეცი არაა.
9
(1) ბევრი რამ არის წინამდებარე გამოკვლევისთვის უფრო საჭირო, ამიტომ გვერდს ავუვლი იმათ, ვინც მტკიცებისათვის ადამიანურ საქმეებსა და ამ საქმეთა მკეთებელ ადამიანებს მიმართავს, რომლებსაც არ ძალუძთ განადგურებული საქმეების განახლება. შემდეგ კი ეს ოპონენტები, მეკეცეებსა და ხელოსნებთან შედარების გზით, ცდილობენ აჩვენონ, რომ ღმერთიც არ ინებებდა, და რომ ენება – ვერ შეძლებდა მკვდარი ან გახრწნილი სხეულის აღდგენას. ვერ ითვალისწინებენ, რომ ამით ღმერთს შეურაცხყოფენ, ყველაზე უფრო უკეთურთა მსგავსად, და სრულიად განსხვავებულთა ძალებს ათანაბრებენ, უფრო ზუსტად კი თავად ბუნებებს, რომლებიც ამ ძალებით სარგებლობენ, და ხელოსნურ ნაწარმს ბუნებრივს უტოლებენ.
(2) ასეთი არგუმენტებისთვის თავის შეწუხება არა ღირს. მართლაცდა, სისულელეა ზედაპირულსა და ამაოსთან შეკამათება. ბევრად უფრო სარწმუნოა და ყველაზე უფრო ჭეშმარიტია იმის თქმა, რომ რაც ადამიანებისთვის შეუძლებელია, ღმერთისთვის შესაძლებელია. თუკი ამ საბუთებით, მათი სარწმუნოების გამო, აგრეთვე ზემოგანხილული ყველა საბუთით მტკიცდება, რომ ეს შესაძლებელია, ამიტომ, ცხადია, შეუძლებელი ვერ იქნება და ღმერთისთვის არასასურველიც არ არის.
10
(1) რაგან მას რაც ნებავს, არ ნებავს როგორც უსამართლო ან როგორც უღირსი საქმე. ხოლო უსამართლობა ანუ ზიანი ან თავად იმასთან მიმართებაში იგულისხმება, ვინც უნდა აღდგეს, ან სხვა ვინმეს მიმართ. მაგრამ სავსებით ნათელია, რომ გარეშეთაგან და იმათგან, ვინც არსებულთა რიცხვს მიეკუთვნება, უსამართლობას არავინ განიცდის. (2) გონისეული არსებანი ვერ განიცდიან უსამართლობას ადამიანთა აღდგომისგან (იგი ხომ მათი არსებობისთVის სრულიად არაა დამაბრკოლებელი; ადამიანთა აღდგომა არც უსამართლობაა მათ მიმართ, არც შეურაცხყოფა). ვერც პირუტყვთა და უსულოთა ბუნება განიცდის უსამართლობას: ისინი ხომ აღდგომის შემდეგ აღარ იარსებებენ. ხოლო რაც არ არის, ის ვერც უსამართლობას განიცდის.
(3) მაგრამ რომც ვინმემ დაუშვას პირუტყვთა მარადმყოფობა, ისინი მაინც ვერ განიცდიან უსამართლობას ადამიანთა სხეულების განახლებისას. რადგან თუ პირუტყვნი ამჟამად ადამიანთა ბუნებასა და – სანამ ადამიანებს ისინი სჭირდებათ – მათ მოთხოვნილებებს ემორჩილებიან, და მაინც, უღლის ქვეშა და სრულ მონობაშიც არავითარ უსამართლობას ზიანს არ განიცდიან, ცხადია, რომ როცა ადამიანები უხრწნელნი გახდებიან, მოთხოვნილებები აღარ ექნებათ და პირუტყვებიც აღარ დასჭირდებათ, მით უფრო მაშინ ყოველგვარი მონობისაგან განთავისუფლებულ პირუტყვთ ვეღარაფერი დააზარალებს.
(4) მათ რომც ენა ამოედგათ, შემოქმედს ვერ დააბრალებდნენ, რომ უსამართლოდ იყვნენ დამდაბლებულნი ადამიანებთან შედარებით, რადგან ისეთივე აღდგომა არ ერგოთ. საქმე ის არის, რომ ვისი ბუნება თანასწორი არ არის, მსაჯული მათ თანასწორ ბოლოს არ განუსაზღვრავს. გარდა ამისა, ვისაც უსამართლობაზე წარმოდგენა არა აქვს, მას ვერც უსამართლობაზე საყვედურის თქმა შეეძლება.
(5) ვერც იმას ვიტყვით, რომ აღდგომილი ადამიანის მიმართ რაღაც უსამართლობა შეინიშნება. იგი ხომ სულისა და სხეულისგან შედგება, მაგრამ არც სულის არც სხეულის თვალსაზრისით არ განიცდის უსამართლობას არ ზარალდება. არცერთი საღად მოაზროვნე არ იტყვის, რომ სული აღდგომით უსამართლობას განიცდის, რადგან ამ შემთხვევაში ძალაუნებურად სულთან ერთად აწმყო ცხოვრების უარყოფაც გამოვა. რადგან თუ ამჟამად, როცა სული ხრწნად და ვნებად სხეულში მკვიდრობს, უსამართლობას არანაირად არ განიცდის, მით უფრო უხრწნელსა და უვნებოსთან თანამცხოვრებს უსამართლობა აღარ შეემთხვევა. მაგრამ არც სხეული განიცდის უსამართლობას; რადგან თუ ამჟამად ხრწნადი, უხრწნელთან თანამყოფი, უსამართლობას არ განიცდის, ცხადია, რომ მომავალში უხრწნელს, უხრწნელთან მყოფს, უსამართლობა მით უფრო არ შეემთხვევა.
(6) მაგრამ ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ ღმერთისთვის უღირსი საქმეა დაშლილი სხეულების აღდგენა და შეერთება. რადგან თუ ის, რაც უარესია, უღირსი არ არის – ე.ი. ხრწნადი და ვნებული სხეულის ქმნა, მით უფრო არ იქნება უღირსი ის, რაც უმჯობესია: უხრწნელი და უვნებელი სხეულის ქმნა.
11
პირველი ნაწილის დასკვნა. მეორე ნაწილის გეგმა
(1) ვინაიდან თითოეული გამოსაკვლევი საკითხი ცხადყოფილია ბუნების შესაბამისი პირველადი დებულებებითა და იმით, რაც ამას მოსდესვს, ამიტომ ცხადია, რომ შემოქმედისთვის შესაძლებელი, სასურველი და ღირსეული საქმეც არის დაშლილი სხეულების აღდგომა. ხოლო ამით მტკიცდება, რომ საპირისპირო აზრი მცდარია და ურწმუნოთა შეხედულება უაზროა.
(2) რაღა საჭიროა ამ დებულებათა ერთმანეთისადმი მიმართებისა და ერთმანეთთან კავშირზე ლაპარაკი (თუ მაინც “კავშირს” ვამბობთ, თითქოს რაღაც განსხვავებულობით იყვნენ გამიჯნული), და არა უბრალოდ იმის თქმა, რომ რაც ღმერთს ძალუძს, ის ნებავს კიდეც, ხოლო რაც ღმერთს ნებავს, იმის აღსრულება ძალუძს, და ეს მნებებელის ღირსებას შეეფერება?
(3) ხოლო ის, რომ სხვაა ჭეშმარიტების შესახებ მსჯელობა და სხვაა ჭეშმარიტების დასაცავი, ზემოთ საკმარისად განიმარტა. აგრეთვე ისიც, თუ რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და სად და ვის მიმართ გამოიყენება თითოეული. მაგრამ არაფერი უშლის ხელს, საერთო სიმტკიცისა და უკვე თქმულის მომავალში სათქმელთან დაკავშირებისათვის, კვლავ მივუბრუნდეთ ამ მსჯელობებესა და იმას, რაც მათ მოსდევს. ერთს ბუნებით პირველობა შეჰფერის, მეორეს კი – პირველის დაცვა, გზის გაკვალვა და წინდაწინვე უკუგდება ყოველივე დამაბრკოლებლისა და შემაფერხებელისა.
(4) ჭეშმარიტების შესახებ მსჯელობა, ყველა ადამიანისათვის სიმტკიცისა და ხსნისათვის აუცილებელი, ბუნებით, რიგითა და სარგებლობით პირველ ადგილზეა. ბუნებით, რადგან საგანთა ცოდნა მოაქვს, რიგით, რადგან იმაში და იმასთან ერთად არსებობს, რისი ცხადმყოფელიც არის; სარგებლობით, რადგან მცოდნეთათვის სიმტკიცესა და ხსნას უზრუნველყოფს. (5) ჭეშმარიტების დასაცავი მსჯელობა კი ბუნებითა და ძალით ქვემდგომია, რადგან ცრუს მხილება ნაკლებია ჭეშმარიტების განმტკიცებაზე. ის რიგითიც მეორეა, რადგან მნიშვნელობას ცრუწარმოდგენების მქონეებთან წინააღმდეგობაში იძენს; ცრუწარმოდგენა კი მეორადი თესვისა და გაფუჭების შედეგია. მაგრამ მიუხედავად საქმის ასეთი ვითარებისა, ჭეშმარიტების დასაცავი მსჯელობა მაინც ხშირად პირველ ადგილს იკავებს და ზოგჯერ უფრო გამოსადეგიც ხდება, რადგან ათავისუფლებს და წინდაწინვე განწმენდს იმ ურწმუნოებისგან, რომელიც ზოგს აშფოთებს, და იმ ეჭვისა და ცრუწარმოდგენებისგან, რომლებიც ახალბედებს სჩვევიათ.
(6) ორივე მსჯელობას ერთი მიზნისკენ მივყავართ, რადგან ღვთისმოსაობისკენ აღამაღლებს სიცრუის მამხილებელიცა და ჭეშმრიტების დამამტკიცებელიც, თუმცა ისინი სულმთლად ერთი და იგივენი არ არიან. ერთი მათგანი, როგორც ვთქვი, ყველა მორწმუნესთვისაა აუცილებელი, აგრეთვე იმათთვის, ვინც ჭეშმარიტებისა და საკუთარი ხსნისათვის იღწვის. მეორე მსჯელობა კი გარკვეულ შემთხვევებში ზოგიერთისთვს და ზოგიერთის წინააღმდეგ უფრო გამოსადეგარია.
(7) ყოველივე ეს შეჯამებულად წინდაწინვე უნდა გვეთქვა უკვე თქმულის მოსაგონებლად. ეხლა კი საგანს მივუბრუნდეთ და ვაჩვენოთ აღდგომის შესახებ მსჯელობის ჭეშმარიტება (ა) იმ მიზეზის საფუძველზე, რომლის თანახმად და რომლის გამოც იშვა პირველი ადამიანი და მისი ჩამომავალნი (თუმცა ისინი ერთნაირი გზით არ გაჩენილან); (ბ) ყველა ადამიანის, როგორც ადამიანის, საერთო ბუნების საფუძველზე; (გ) და ბოლოს, შემოქმედის მიერ ადამიანთა განსჯის საფუძველზე, რომელიც იმას ეხება, თუ რამდენ ხანს იცოცხლა თითოეულმა და რა კანონებით იხელმძღვანელა. ხოლო ეს განსჯა რომ სამართლიანია, ეჭვი არავის შეეპარება.
მეორე ნაწილის დასაწყისი. პოზიტიური დასაბუთება. ა. მიზნობრივი მიზეზი
(1) მიზეზით განპირობებული საბუთი იმის განხილვას გულისხმობს, ადამიანი ტყუილად და არაფრისთვისაა შექმნილი თუ რაღაცის გამო? თუ რაღაცის გამოა, მაშინ რისთვის იშვა: რომ იცოცხლოს და იარსებოს იმ ბუნების თანახმად, რომლითაც იშვა, თუ სხვისი საჭიროების დასაკმაყოფილებლად? თუ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, მაშინ ან თავად შემოქმედს ესაჭიროება რაღაც ან ვინმე სხვა, ვინც ღმერთისთვის ახლობელია და მისგან ადამიანზე უფრო დიდ მზრუნველობას იმსახურებს.
(2) თუ უფრო ზოგადად განვიხილავთ, დავრწმუნდებით, რომ ყველა, ვინც კეთილგონიერია და საქმეს ლოგიკური განსჯით უდგება, წინასწარგანსაზღვრულიდან ტყუილად არაფერს გააკეთებს: იგი ან საკუთარი მოხმარებისთვის ქმნის ან იმ პირის საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ვისთვისაც ზრუნავს, ან თვითონ ნაკეთობის გამო, რაღაც ბუნებრივი მისწრაფებითა და სიყვარულით მის შესაქმნელად აღიძვრის. ვთქვათ (მაგალითს უნდა მივმართოთ, რომ საკითხი ნათელი გახდეს), ადამიანი სახლს აშენებს საკუთარი მოხმარებისთვის, ხოლო ხარებს, აქლემებსა და სხვა მისთვს საჭირო ცხოველებს – ყოველ მათგანს შესაფერის სადგომს უშენებს. ეს უკანასკნელი თითქოს საკუთარი მოხმარებისთვს არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ამისთვისაა, თუმცა ერთი შეხედვით თითქოს იმათთვის არის, ვისთვისაც ადამიანი ზრუნავს. ბავშვებსაც არა საკუთარი ან სხვა თავის ახლობელთა სარგებლობისთვის აჩენს, არამედ იმისთვის, რომ მის მიერ შობილებმა შეძლებისდაგვარად დიდხანს იარსებონ; შვილთა და შვილთაშვილთა მემკვიდრეობით ადამიანი საკუთარ სიკვდილსაც მშვიდად შეხვდება და ამგვარად იფიქრებს, რომ მოკვდავი უკვდავიყოფა. (3) მაგრამ ეს ადამიანს ეხება. ხოლო ღმერთმა არც უმიზნოდ შექმნა ადამიანი (იგი ბრძენია, სიბრძნეს კი უმიზნო საქმე არა სჩვევია), არც საკუთარი სარგებლობისთვის: მას ხომ არაფერი სჭირდება. ხოლო რადგან არაფერი სჭირდება, თავის ქმნილებათაგან საკუთარი სარგებლობისთვის იგი არცერთს არ სრულყოფდა. მაგრამ არც თავის სხვა რომელიმე ქმნილებისთვის შეუქმნია ადამიანი. იმიტომ, რომ არაფერი, რასაც აზროვნებისა და განსჯის უნარი აქვს, უკეთესია ის თუ უარესი, არ შექმნილა და არ იქმნება სხვისი საჭიროების დასაკმაყოფილებლად, არამედ მხოლოდ საკუთრივ ამ ქმნილებათა სიცოცხლისა და მარადმყოფობისათვის. (4) აზრი ვერ დაასკვნის, რომ საჭიროების დაკმაყოფილებაა ადამიანთა შექმნის მიზეზი. იმიტომ, რომ უკვდავთ არაფერი სჭირდებათ და ადამიანთა მხრიდან საარსებოდ არასდროს არავითარ შეწევნას არ საჭიროებენ. პირუტყვნი კი ბუნებით დაქვემდებარებულნი არიან და მათგან თითოეული, რაც შეუძლია, იმ მოთხოვნილებას უკმაყოფილებს ადამიანებს. მაგრამ პირუტყვნი იმისთვის როდი გაჩენილან, რომ თავად ადამიანები მოიხმარონ. იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა და არც შეიძლება, რომ განმგებელი და წინამძღვარი იმდენად ჩამოქვეითდეს, რომ უდარესის სარგებლობაში აღმოჩნდეს, ან გონიერი უგუნურს დაექვემდებაროს, რომელიც მმართველობისთვის განკუთვნილი არ არის.
(5) მართლაცდა, თუ ადამიანი უმიზეზოდ და ამაოდ არ გაჩენილა (იმიტომ, რომ ღვთის მიერ გაჩენილთაგან, შემოქმედის განზრახვის თანახმად, ამაო არაფერია), და არც თავად შემოქმედის ან ღვთის მიერ გაჩენილი რომელიმე სხვა ქმნილების საჭიროების დასაკმაყოფილებლად, მაშინ ცხადია, რომ პირველადი და უფრო ზოგადი საბუთის თანახმად, ღმერთმა ადამიანი თავისთვისა და იმ სიკეთისა და სიბრძნის გამო შექმნა, რომელიც მის მთელს შესაქმეში განიჭვრიტება, ხოლო მეორე, უფრო ქმნილებებთან დაკავშირებული საბუთის თანახმად – თავად ქმნილებათა სიცოცხლისათვის, და არა იმისთვის, რომ სიცოცხლე ხანმოკლედ ანთებულიყო, შემდეგ კი ჩამქრალიყო. (6) ვფიქრობ, ასეთი სიცოცხლე არგუნა ღმერთმა ქვეწარმავლებს, ფრთოსანთ და წყლისცხოველთ, ანუ საზოგადოდ ყველა პირუტყვს. ხოლო ვინც თავის თავში შემოქმედის ხატს ატარებს, გონებას ფლობს და ლოგიკური განსჯა ხვდა წილად – შემოქმედმა მათ სამარადისო არსებობა განუკუთვნა, რათა შეიცნონ თავისი შემოქმედი, მისი ძალა და სიბრძნე, მისდიონ კანონსა და სამართალს და გაუჭირვებლად მარადმყოფობდნენ იმ წესით, რომლითაც წინარე ცხოვრება წარმართავს, თუმცა მაშინ წარმავალსა და მიწიერ სხეულებში იმყოფებოდნენ.
(7) ქმნილება, რომელიც სხვისი გულისთვისაა შექმნილი, წყვეტს თავის არსებობას, როცა აღარ არსებობს ის, რისთვისაც იგი შეიქმნა. იგი ამაოდ ყოფნას აღარ განაგრძობს; ღვთის მეირ შექმნილთა შორის ხომ ამაო არაფერია. ხოლო ვინც ბუნებით თავად არსებობისა და სიცოცხლისთვის იშვა – რამდენადაც მისი არსებობის მიზეზი ბუნებასთანაა შერწყმული და ამ მიზეზის განჭვრეტა მხოლოდ საკუთრივ არსებობაში შეიძლება, - ის ვერასოდეს შეიგუებს მიზეზს, რომელიც მისი არსებობის სრულ შეწყვეტას განაპირობებდა.
(8) თუ ზემოხსენებული მიზეზი არსებობაში მუდამ განიჭვრიტება, ამიტომ ცოცხალი არსება, რაკიღა გაჩნდა, მთლიანად უნდა გადარჩეს, რომ ბუნებრივად მოქმედება შეძლოს და ზემოქმედება განიცადოს. ამაში მის შემადგენელ ორივე ნაწილს, რომლებისგანაც იგი იშვა, თავისი წვლილი შეაქვს: სული მუდმივად არსებობს იმ ბუნებასთან თანხმობაში, რომლითაც გაჩნდა, და თავის მოვალეობას ასრულებს: იგი, ჩვეულებისამებრ, წინ აღუდგება სხეულის ვნებებს და შესაბამისი განსჯითა და საზომით აწონდაწონის მოვლენებს. ხოლო სხეული ბუნებრივად მიდრეკილია იმისკენ, რაც მას სჩვევია და მისთვის დადგენილ გარდასახვებს განიცდის ასაკის, გარეგნობისა და სიდიდის მიხედვით, და ბოლოს აღდგომასაც. (9) აღდგომა კი გარდასახვის უკანასკნელი სახეა, იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხალთა ცვლილებაა უკეთესობისკენ.
13
(1) ჩვენ გვწამს მომავალი აღდგომა არანაკლებ იმისა, რაც უკვე მოხდა, და საკუთარი ბუნების მჭვრეტელთ გვიყვარს სიცოცხლე მისი გაჭირვებითა და წარმავლობით, რადგან სწორედ ასეთი სიცოცხლე შეეფერება ამქვეყნიურ ცხოვრებას, და მტკიცედ გვწამს მომავალში ჩვენი უხრწნელად მარადყოფნა. ეს ადამიანთაგან გაგონილის საფუძველზე ტყუილად როდი შეგვითხზავს, - ცრუ იმედებით კი არ ვსაზრდოობთ, არამედ ვერწმუნეთ უცთომელ წინდს – ჩვენი შემოქმედის განზრახვას, რომლის თანახმად მან ადამიანი უკვდავი სულისა და სხეულისგან შექმნა, შეუმზადა გონება და თანდაყოლილი წესი საცხონებლად და ღვთის მიერ იმ ნიჭთა დასაცავად, რომლებიც ცნობიერ ყოფასა და გონიერ ცხოვრებას შეეფერება. კარგად ვიცით, რომ ასეთ ცხოველს არ შექმნიდა და არ შეამკობდა ყოველივე იმით, რაც მარადყოფისთვისაა განკუთვნილი, რომ არ ენება, რომ ეს ქმნილება მარადარსებულიყო.
(2) მაშასადამე, რაკი ამ ყველაფრის შემოქმედმა ადამიანი კეთილგონიერი სიცოცხლის მოზიარედ შექმნა, რომ შექმნილს ღვთის დიდება და ყველაფერზე განფენილი სიბრძნე ეჭვრიტა და ამ ჭვრეტაში მარადარსებულიყო, ღვთის განზრახვისა და თავისი წილხვედრი ბუნების თანახმად, - ამიტომ შესაქმის მიზეზი მარადმყოფობას სარწმუნოდ ხდის, მარადმყოფობა კი – აღდგომას, რომლის გარეშე ადამიანი მარადმყოფი ვერ იქნება. თქმული ნათელყოფს, რომ შესაქმის მიზეზი და შემოქმედის განზრახვა აღდგომას აშკარად ადასტურებს.
(3) და რადგან ესაა მიზეზი, რომელმაც ადამიანის ამქვეყნად მოსვლა განაპირობა, ჯეროვანი იქნებოდა იმ საბუთის განხილვა, რომელიც ზემოთქმულს ბუნებითა და ლოგიკური თანმიმდევრობით მოსდევს. კვლევისას შესაქმის მიზეზს შექმნილ ადამიანთა ბუნება მოსდევს, შექმნილთა ბუნებას – შემოქმედის მიერ მათი სამართლიანი განსჯა, ხოლო ყოველივე ამას – ცხოვრების დასასრული. რაკი დასაწყისი უკვე გამოვიკვლიეთ, ახლა, შესაბამისად, ადამიანთა ბუნება განვიხილოთ.
14
(1) ჭეშმარიტების დებულების ან საკვლევ საკითხთა დასაბუთება, რაც ნათქვამს უცთომელ დამაჯერებლობას ანიჭებს, სათავეს გარედან კი არ იღებს, ან იქიდან, რაც ვინმეს ჰგონია ან ეგონა, არამედ საზოგადო და ბუნებრივი გაგებიდან, ან საკითხთა ლოგიკური თანმიმდევრობიდან. (2) რადგან საქმე ან მხოლოდ პირველ დებულებას ეხება, და ამდენად, მხოლოდ გახსენებაა საჭირო ბუნებრივი გაგების აღსაძვრელად, ან კიდევ საქმე ეხება იმ დებულებებს, რომლებიც ბუნებრივად პირველთ მოსდევენ, და აგრეთვე ბუნებრივ თანმიმდევრობას; საჭიროა მათი რიგის დაცვა, და როცა წარმოვაჩენთ იმას, რაც ჭეშმარიტად გამომდინარეობს პირველი ან წარმავალი დებულებებიდან, არ მოხდეს თავად ჭეშმარიტების და ჭეშმარიტების სანდოობის უგულებელყოფა, ან კიდევ ბუნებით დაწყობილისა და გარჩეულის ერთმანეთში აღრევა, ანუ ბუნებრივი ჯაჭვის დარღვევა.
(3) აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საჭიროა, რომ ის, ვინც მოცემულ საკითხთა გადაწყვეტას ცდილობს და იმის გონივრულად განსჯა სურს, ხდება თუ არა ადამიანურ სხეულთა აღდგომა, უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა დაუკვირდეს ამის დამტკიცებისათვის საჭირო საბუთების ძალას, თუ რა ადგილი უკავია თითოეულს, რომელია მათ შორის პირველი, რომელი მეორე, მესამე და სულ უკანასკნელი.
(4) ასეთი დალაგებისას პირველ ადგილზე ადამიანთა შექმნის მიზეზი უნდა დავაყენოთ, ე.ი. შემოქმედის განზრახვა, რითაც შეიქმნა ადამიანი. მას, შესაბამისად, შექმნილ ადამიანთა ბუნება უნდა დავუკავშიროთ, მაგრამ არა როგორც რიგით მეორე, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია ერთდროულად ორივეს განსჯა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თანაარსებობენ და მოცემული საკითხისთვის თანაბრად მნიშვნელოვანნი არიან.
(5) სწორედ ამ პირველადი საბუთების საშუალებით, რომლებიც დასაბამს შემოქმედებიდან იღებენ, ნათლად ცხადდება აღდგომა; ხოლო არანაკლებ ამისა, აღდგომას სარწმუნოს ხდის განგების საბუთები, პატივიდან თუ სასჯელი, რომელიც თითოეულ ადამიანს სამართლიანი განკითხვის შედეგად მიერგება და ის დასასრული, რომელიც ადამიანურ ცხოვრებას მოსდევს.
(6) საქმე ისაა, რომ მრავალნი, ვინც აღდგომის მოძღვრებას განიხილავს, აღდგომის მიზეზს მთლიანად მხოლოდ მესამე საბუთზე ამყარებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ აღდგომას განკითხვა განაპირობებს. ეს რომ მცდარია, უცხადესად ჩანს იქიდან, რომ ყველა გარდაცვლილი ადამიანი აღდგება, მაგრამ ყველა აღდგომილი არ განიკითხება. იმიტომ რომ მხოლოდ განკითხვა რომ ყოფილიყო აღდგომის მიზეზი, მაშინ ხომ უცოდველნი და მართალნი არ აღდგებოდნენ, მაგალითად, სრულიად ჩვილი ბავშვები. მაგრამ რადგანაც ისინი აღიარებენ, რომ ყველა აღდგება, და სხვებთან ერთად სულ პატარებიც, ამიტომ აღდგომა, უპირველეს ყოვლისა, არა განკითხვის გამო ხდება, არამედ შემოქმედის განზრახვისა და ქმნილებათა ბუნების გამო.
ბ. ადამიანის ბუნება, როგორც აღდგომის საბუთი
(1) ადამიანთა შექმნის მიზეზის განხილვა თავისთავად საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ აღდგომა, ბუნებრივი მიმდევრობით, სხეულთა დაშლას მოჰყვება. და მაინც მართებული იქნება, ზემოგანხილულიდან არაფერი გამოგვეტოვებინა და უკვე თქმულის შესაბამისად ყოველი მომდევნო საკითხიდან ამოსავალი გვეჩვენებინა მათთვის, ვისაც ეს თვითონ არ ძალუძს. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა განვიხილოთ შექმნილ ადამიანთა ბუნება, რასაც იმავე აზრამდე მივყავართ და აღდგომის შესახებ იმავე რწმენას გვანიჭებს.
(2) ადამიანთა მთელი ბუნება, საზოგადოდ, უკვდავი სულისა და დაბადებითგანვე სულთან შენაწევრებული სხეულისგან შედგება. თავისთავად არც სულის, არც ცალკე სხეულის ბუნებისთვის განუკუთვნებია ღმერთს დაბადება, სიცოცხლე და მთელი არსებობა, არამედ ერთობლივად მათგან შექმნილი ადამიანებისთვის, იმისთვის, რომ რისგანაც შედგებიან დაბადებისას და სიცოცხლეში, იმითვე გალიონ სიცოცხლე ერთი და ზიარი აღსასრულისკენ. ამიტომაა ადამიანი ერთიანი ცოცხალი არსება, ორი საწყისისგან შედგენილი, რომელიც განიცდის ყოველივე იმას, რასაც განიცდის სული და იმასაც, რასაც სხეული, მოიმოქმედებს და აკეთებს იმას, რაც გრძნობად და ლოგიკურ განსჯას საჭიროებს. ეს შენაწევრება ერთი მიზნისკენ აღისწრაფვის, რომ ყველაფერი ყოველმხრივ ერთიან ჰარმონიად და თანხმობად წარმოჩნდეს: ადამიანის დაბადება, ბუნება, სიცოცხლე, საქმენი და განცდები, ცხოვრება და ბუნებრივი აღსასრული.
(3) თუკი ერთიან ცხოველში ერთი მთლიანობა და ერთი თანხმობა არსებობს, როგორც სულისმიერ აღძრვათა, ასევე სხეულებრივ მოქმედებათა შორის, მაშინ მათ ყველას დასასრულიც ერთი უნდა ჰქონდეს, ხოლო ერთი დასასრული, ჭეშმარიტად, მაშინ იქნება, როცა თვით ცხოველი, რომლის ბოლოც არის ეს აღსასრული, საკუთარ აღნაგობას შეინარჩუნებს. ეს წმინდად იგივე ცხოველი იქნება, თუკი იგივეა ყველაფერი ის, რისგანაც, როგორც ნაწილებისგან, იგი შედგება. ნაწილები კი იგივე იქნება იმ ერთიანობის შიგნით, რომელიც საკუთრივ მათ ახასიათებს, რადგან დაშლილნი, კვლავ ამ ცხოველის აღნაგობას შესამტკიცებლად შეერთდებიან.
(4) იგივე ადამიანთა აღნაგობა ნათელყოფს აუცილებლობით გამომდინარე აღდგომას მკვდარი და დაშლილი სხეულებისა, რადგან მის გარეშე ბუნებრივად ვერ შეერთდებოდნენ იგივე ნაწილები და ვერც იმავე ადამიანთა ბუნება შემტკიცდებოდა.
(5) ხოლო თუ ადამიანებს გონება და აზრი იმისთვის მიეცა, რომ გონისეულნი შეიმეცნონ, ე.ი. არა მარტო არსებანი, არამედ მომნიჭებლის სიკეთე, სიბრძნე და სამართლიანობა, ამიტომ აუცილებელია, რომ იმის მარადმყოფობასთან ერთად, რისთვისაც ბოძებულია ლოგიკური განსჯა, თავად ეს ამაზე მიმართული განსჯაც მარადმყოფობდეს. მაგრამ ამ განსჯის მარადმყოფობა შეუძლებელია, თუ არ იარსებებს ბუნება, რომელმაც იგი მიიღო, და ის, რაშიც ეს ბუნება არსებობს.
(6) ხოლო გონება და აზრი მიღებული აქვს არა ცალკე სულს, არამედ ადამიანს. ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანი, რომელიც ამ ორის ერთიანობით არსებობს, მარადმყოფობდეს. მაგრამ მისი მუდამ არსებობა შეუძლებელი იქნება, თუ ის არ აღდგა.
(7) აღდგომის გარეშე არც ადამიანთა, როგორც ადამიანთა, ბუნება შენარჩუნდება. ხოლო თუ ადამიანთა ბუნება არ შენარჩუნდება, მაშინ ამაოდ შესწყობია სული სხეულის მოთხოვნილებებსა და მის სურვილებს, სხეულს ამაოდ დაუოკებია თავისი ვნებები, სულის აღვირით პყრობილსა და მისდამი მორჩილქმნილს. ამაო ყოფილა გონება, ამაო – ჭკუა, სამართლიანობის დაცვა, წვრთნა ყოველგვარ სათნოებაში, კანონთა დადგენა და განწყობა, მოკლედ რაც კი ადამიანთა შორის და ადამიანთათვის არის მშვენიერი, განსაკუთრებით კი თავად ადამიანთა დაბადება და ბუნება. (8) მაგრამ თუ ყველა საღვთო საქმიდან და ღვთის მიერ მოცემულ საჩუქართაგან სრულიად გამორიცხულია ამაოება, მაშინ ყოვლად გარდუვალია ისიც, რომ სულის უკვდავებასთან ერთად მარადიული იყოს სხეულის არსებობაც, ისე როგორც ეს მის ბუნებას შეჰფერის.
16
(1) ნურავის გაუკვირდება, რომ სიკვდილითა და ხრწნით შეწყვეტილ სიცოცხლეს “მარადმყოფობას” ვუწოდებთ. გასათვალისწინებელია, რომ ამ სახელწოდებას ერთი მნიშვნელობა არა აქვს და მარადმყოფობის საზომი ერთი არ არის, რადგან არც მარადმყოფთა ბუნებაა ერთი. (2) ხოლო თუ მარადმყოფთაგან თითოეულს თავისი ბუნების შესაბამისად აქვს მარადმყოფობა, ამიტომ სრულიად უხრწნელებსა და უკვდავებში ვერ ჰპოვებ იმავე სახის მრადმყოფობას, რომელიც ადამიანებს აქვთ, ვინაიდან უმჯობესი არსებანი არ თანაეტოლებიან ქვემდგომთ. არც ადამიანებში იქნებოდა სწორი ამ თანაბარი და უცვლელი მარადმყოფობის ძიება, რადგან უზენაესი არსებანი დასაბამითგან უკვდავებად და მარადმყოფებად იშვნენ და უსასრულოდ არსებობენ მხოლოდ შემოქმედის განზრახვის საფუძველზე, მაშინ როდესაც ადამიანებს სულისმიერ აქვთ დაბადებიდან უცვლელი მარადმყოფობა, სხეულისმიერად კი ისინი ცვალებადობის გზით იძენენ უხრწნელებას.
(3) ამას გულისხმობს აღდგომის შესახებ მოძღვრება. გვსურს აღდგომა და ველოდებით სხეულის დაშლას, როგორც გაჭირვებითა და რღვევით აღსავსე ცხოვრების შედეგს, და მის შემდგომ უხრწნელი მარადმყოფობის იმედი გვაქვს. ჩვენ არ ვუთანაბრებთ პირუტყვთა აღსასრულს ჩვენს აღსასრულს, არც პირუტყვთა მარადმყოფობას – ადამიანთა მარადმყოფობას, რომ შეცდომით არ გავუთანაბროთ ადამიანთა ბუნება და სიცოცხლე იმათ, ვისთანაც მათი შედარება არ შეიძლება.
(4) ნურც ის შეგვაშფოთებს, რომ ადამიანთა მარადმყოფობაში რაღაც წყვეტილი შეინიშნება. ნურც აღდგომას უარვყოფთ იმის გამო, რომ სული სხეულისგან განცალკევდბე, ხოლო ნაწილთა და ნაწევართა რღვევა უწყვეტ სიცოცხლეს განკვეთს. (5) გრძნობადი ცხოვრებაც ხომ თითქოს წყდება, ძილში ბუნებრივად ხდება გრძნობადთა და ფიზიკურ ძალთა დაუძლურება, როცა ადამიანებს თანაზომიერი დროის შუალედებში ჩაეძინებათ, შემდეგ კი ისევ გარკვეული გზით თითქოს გამოცოცხლდებიან. მაგრამ ამ დროს ხომ არ უარვყოფთ, რომ ეს იგივე სიცოცხლეა! ვფიქრობ, ამ მიზეზის გამო ძილს სიკვდილის ძმას უწოდებენ; არა იმიტომ, რომ ერთი და იმავე წინაპართაგან თუ მშობელთაგან დაბადებულად მიიჩნევიან, არამედ იმიტომ, რომ გარდაცვლილებსა და მძინარეთ ურთიერთმსგავსი პასიურობა ეუფლება, უშფოთველობის მიზეზითა და აგრეთვე იმის გამო, რომ საგანთა და მოვლენათაგან ისინი აღარაფერს გრძნობენ, თვით არსებობასა და საკუთარ სიცოცხლესაც კი.
(6) თუ ადამიანთა სიცოცხლეს, დაბადებიდან დაშლამდე ასეთი წყვეტილობით აღსავსეს, და განკვეთილს ყოველივე იმით, რაც ზემოთ ითქვა, მაინც არ ვერიდებით იგივე ცხოვრება ვუწოდოთ, ამიტომ არც რღვევის მიღმა სიცოცხლე უნდა გამოვრიცხოთ (მას ხომ თან აღდგომა ახლავს!), თუნდაც რაღაც ხნით იგი სულის სხეულისგან გამიჯვნით განიკვეთებოდეს.
17
(1) საქმე ის არის, რომ ადამიანთა ბუნებას, რომელსაც შემოქმედის განზრახვით იმთავითვე წყვეტილობა ხვდა წილად, ცხოვრება და მარადიულობაც წყვეტილი აქვს, განკვეთილი ძილითა და სიკვდილით ან ასაკობრივი ცვლილებებით. ამასთანავე თავიდანვე ცხადად როდი იჩენს თავს ის ყველაფერი, რაც მოგვიანებით უნდა აღსრულდეს. (2) ვინ დაიჯერებს, თუ არა გამოცდილებით განსწავლული, რომ ერთგვაროვან და გაუფორმებელ თესლში ამდენი და ასეთი მძლავრი ძალაა დაბუდებული, ან შეერთებისა და შესქელების უნარის მქონე მასის ასეთი ნაირგვარობაა, ვგულისხმობ ძვლებს, ნერვებს, ხრტილებს, აგრეთვე კუნთებს, ხორცს, შიგნეულობასა და სხეულის სხვა ნაწილებს? იმიტომ რომ ეს ყველაფერი შეუმჩნეველია ჯერ კიდევ სველ თესლებში, არც ჩვილებში ჩანს ის, რაც ზრდასრულებს ახასიათებს, არც ზრდასრულებს შეეტყობა ის, რაც მათ ამ ასაკის გადალახვის შემდეგ ექნებათ, და არც ამ უკანასკნელთ – ის, რაც მოხუცებს აქვთ. (3) მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულთაგან ზოგი სულ არ ამჟღავნებს, ზოგი კი ბუნდოვნად ავლენს ბუნებრივ მიმდევრობასა და იმ ცვლილებებს, რომლებიც ადამიანთა ბუნებას შეემთხვევა, მაინც იციან მათ, ვინც უგუნურებითა და დაუდევრობის გამო ამგვარი განსჯის მიმართ ბრმანი არ არიან, რომ ჯერ თესვა უნდა მოხდეს, ხოლო როცა თესლები შეისახსრებიან ცალკეულ ნაწილებად და ნაწევრებად და გაღვივებულნი, დღის სინათლეზე გამოვლენ, მაშინ ხდება პირველი ასაკობრივი ზრდა და ზრდის შედეგად მომწიფება, ხოლო დამწიფებულნი სიბერემდე ბუნებრივ ძალთა შესუსტებას განიცდიან, შემდეგ კი დამაშვრალ სხეულთა რღვევა ხდება.
(4) ამ დროს, როცა თესლს არა აქვს აღბეჭდილი ადამიანთა ზომა თუ ფორმა, არც სიცოცხლის პირველსაწყისებად დაშლა ემჩნევა, ბუნებრივ ხდომილებათა ჯაჭვი სარწმუნოს ხდის იმას, რაც მხოლოდ ხილულ მოვლენათა საფუძველზე სარწმუნო არ იქნებოდა. მით უფრო აზრი, რომელიც ჭეშმარიტებას ბუნებრივი გამომდინარეობის საფუძველზე იკვლევს, სარწმუნოს ხდის აღდგომას, რადგან ჭეშმარიტების სარწმუნოყოფისთვის ლოგიკური განაზრება უფრო სანდოა და ურყევი, ვიდრე გამოცდილება.
გ. განგებისა და განკითხვის საბუთი
(1) ახლახანს ჩვენს მიერ მოტანილი ყველა საბუთი, რომლებიც კვლევას ემსახურება და აღდგომას სარწმუნოს ხდის, ერთგვაროვანია, რადგან ერთი და იმავე საფუძვლიდან მომდინარეობს; მათი საფუძველი შესაქმის შედეგად პირველი ადამიანების დაბადებაა. ზოგიერთი თავად იმ პირველი საფუძვლიდან იძენს სიმტკიცეს, რომლიდანაც აღმოცენდება, სხვები კი, რომლებიც ადამიანთა ბუნებასა და ცხოვრებას ეხება, სარწმუნოებას ღვთის მიერ ჩვენს მიმართ წინაგანგებიდან იძენენ. მიზეზი, რომლითაც და რომლის გამოც გაჩნდნენ ადამიანები, ადამიანთა ბუნებასთან მჭიდრო კავშირში განხილული, თავის საფუძველს შესაქმეში ჰპოვებს, ხოლო სამართლიანობაზე დამყარებული საბუთი, რომლითაც ღმერთი კეთილად თუ ბოროტად მცხოვრებ ადამიანებს განსჯის – მათ ბოლოში; ეს საბუთი ხომ ძირითადად აქედან მომდინარეობენ, თუმცა არსებითად წინაგანგებაზე არიან დამოკიდებულნი.
(2) პირველადი საბუთები შეძლებისდაგვარად მოვიყვანეთ. ახლა სასურველია მოცემული თემა მომდევნო საბუთებით ნათელვყოთ. ვგულისხმობ იმ პატივისა თუ სასჯელის განხილვას, რომელიც ყოველ ადამიანს სამართლიანი განკითხვის საფუძველზე ელის ადამიანის ცხოვრების აღსასრულს. ხოლო მათ შორის ბუნებით უწინარესი წინ უნდა წამოიწიოს და, უპირველეს ყოვლისა, განკითხვის შესახებ საბუთი იქნეს განხილული. წინამდებარე საკითხთა საწყისსა და რიგს თუ გავითვალისწინებთ, უნდა დავუშვათ, რომ ვინც ღმერთს ამ ყოვლიერების შემოქმედად აღიარებს, მისსავე სიბრძნესა და სამართლიანობას უნდა მიაკუთვნოს ყველა ქმნილების დაცვა და წინაგანგება, თუ სურს საკუთარი პრინციპების ერთგული იყოს. ხოლო ვინც ასე განსჯის, აღიარებს, რომ არც მიწაზე და არც ცაში არაფერია წარუმართველი და უგანგებო, არამედ ყველაფერზე – უხილავსა და ხილულზე, მცირესა თუ დიდზე – შემოქმედის მზრუნველობა ვრცელდება; (3) ყველა ქმნილება ხომ შემოქმედის მზრუნველობას საჭიროებს, თითოეული თავისი ბუნებისა და დანიშნულების მიხედვით. არაფრისმომცემი თავმომწონეობა იქნებოდა მათი აქ გვარებად დაყოფა ან იმის ჩამოთვლა, თითოეულს ბუნებით რა შეეფერება.
(4) ხოლო აქ ადამიანის შესახებ არის ლაპარაკი, რომელიც, როგორც შეჭირვებული, საკვებს საჭიროებს, როგორც მოკვდავი – მემკვიდრეს, როგორც გონიერი – სამართალს. თქმულიდან თითოეული ადამიანს ბუნებრივად აქვს: საკვები სიცოცხლისათვის სჭირდება, მემკვიდრე – გვარის მუდმივობის, სამართალი – საკვებისა და მემკვიდრეობის კანონიერი განაწილებისთვის. როგორც საკვები და მემკვიდრეობა ორივეს ეხება, სამართალიც ორივეს უნდა ეხებოდეს. “ორივეში” კი სულისა და სხეულისგან შედგენილ ადამიანს ვგულისხმობ. სწორედ ასეთი ადამიანია პასუხისმგებელი ყველა საქციელისათვის, რომლისთვისაც იგი ჯილდოს ან სასჯელს ღებულობს. (5) ნამოქმედარის სამართლიანი განკითხვით სამართალი ორივეს მიმართ აღსრულდება: არც მხოლოდ სულმა უნდა ზღოს სამაგიერო იმისთვის, რაც სხეულთან ერთად მოიმოქმედა (რადგან თავად სული არ განიცდის მიდრეკილებას იმ შეცდომებისადმი, რომლებიც სხეულისმიერ სიამოვნებას, ჭამასა და მოვლას უკავშირდება), და არც მხოლოდ სხეულმა (რადგან თავად იგი განურჩეველია კანონისა და სამართლის მიმართ), არამედ მათგან შედგენილი ადამიანი განიკითხება მისი ყოველი საქმისათვის. ჩვენი გამოკვლევის თანახმად, ეს არც ამ ცხოვრებაში მოხდება (რადგან ადამიანის ამ ცხოვრებაში ღირსებისამებრ როდი მიეგება: ბევრი უღვთო და ყოველგვარი უკანონობა და ბოროტების ჩამდენი სიკვდილამდე გაუჭირვებლად მიატანს და, პირიქით, ვინც სიცოცხლეში სულ სათნოებას ავლენდა, ტანჯვაში, ცილისწამებაში, დაბეზღებასა და ათასგვარ უბედურებაში ცხოვრობს), არც სიკვდილის შემდეგ (რადგან ორი საწყისისგან შედგენილი ერთობა აღარ არსებობს, როცა სული სხეულს გაემიჯნება და თვითონ სხეულიც იმ ნაწილებად დაიშლება, რომლებიდანაც იქნა შეკრებილი, და როცა არაფერია დარჩენილი უწინდელი იერსახიდან, თვით გარდასულ საქმეთა ხსოვნაც კი). შედეგი ყველასთვის ცხადია: წარმავალმა და ხრწნადმა, მოციქულის თანახმად, უკვდავება უნდა შეიმოსოს, რათა აღდგომით მკვდართა ცხოველყოფისას განცალკევებულთა ან სრულიად დაშლილთა კვლავ გაერთიანებისას, თითოეულმა ადამიანმა სამართლიანად მიიღოს ის, რაც სხეულის მეშვეობით ქმნა, კარგი იყოს ის თუ ცუდი.
19
(1) მათთვის, ვინც ღვთის განგებას აღიარებს და ჩვენს ამოსავალ დებულებებს ეთანხმება, შემდეგ კი – არ ვიცი რატომ – თვითონვე საკუთარ პრინციპებს უარყოფს, ამ საბუთებს უნდა მივმართოთ და კიდევ სხვებსაც, თუ მოკლედ და გაკვრით ნათქვამის განვრცობა გვსურს.
(2) ხოლო მათთვის, ვისაც საფუძველშივე ჩვენგან განსხვავებული აზრი აქვს, უმჯობესია, ჯერ სხვა ამოსავალი დავუშვათ, რათა მათთან ერთად ეჭვი შევიტანოთ იმაში, რაც ამათ აფიქრებთ, და მათთან ერთადვე ასეთი რამ განვიხილოთ: ნუთუ ადამიანთა სიცოცხლე და მთელი არსებობა ღვთის თვალთახედვის გარეშეა დარჩენილი და ისეთი ღრმა წყვდიადს შეუპყრია დედამიწა, რომ თავად ადამიანები და მათი საქმეები უმეცრებითა და მდუმარებით მოუცავს? თუ ბევრად უფრო საიმედოა ვიფიქროთ, რომ შემოქმედი საკუთარ ქმნილებებს ზედამხედველობს, რადგან იგი მცველია ყოველივე არსებულისა და მომავლისა, საქმეთა და განზრახვათა მსაჯულია?
(3) თუ ადამიანებს ნამოქმედარისათვის არაფერი მოეკითხებათ, მაშინ პირუტყვებთან შედარებით არავითარი უპირატესობა არა ჰქონიათ. პირიქით, მათზე საცოდავნიც ყოფილან, რადგან ვნებებს იოკებენ და ღვთისმოსაობის, სამართლიანობისა და სხვა სათნოებებისათვის იღწვიან. მაშ მშვენიერი ყოფილა ველური და მხეცური ცხოვრება, უგუნურება სიქველე ყოფილა, სამართლის მუქარა – მხოლოდ ხუმრობა, ნაირგვარი სიამოვნების მონობა – შესანიშნავი რამ. ხოლო მათ ყველას საერთო წესი და ერთი კანონი აქვთ, თავშეუკავებელთა და ავხორცთათვის მეტად ძვირფასი, “ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალე მოვწყდებით”. ასეთი ცხოვრების ბოლო კი , ზოგს რომ ჰგონია, სიამოვნებაც კი არ არის, არამედ სრული უგრძნობლობაა. (4) ხოლო თუ ადამიანთა შემოქმედი თავისი ქმნილებებისათვის ზრუნავს და არსებობს სამართლიანი განკითხვა იმათი, ვინც კეთილად და ბოროტად იცხოვრა, ან ეს აწმყო ცხოვრებაში უნდა მოხდეს, როცა ჯერ კიდევ ცოცხალია, ვინც კეთილად თუ ბოროტად იცხოვრა, ან სიკვდილის შემდეგ, როცა ადამიანი დაშლასა და რღვევას განიცდის. (5) მაგრამ ვერც ერთსა და ვერც მეორე შემთხვევაში ვერ დავასკვნით, რომ სამართლიანი განკითხვა აღსრულდება. ამ ცხოვრებაში ხომ არც კარგებს მიეზღვება სამაგიერო სიკეთისათვის, არც უკეთურთ – ბოროტებისათვის.
(6) იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ იმ ბუნების შენარჩუნების შემთხვევაში, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით, მოკვდავი ბუნება ვერც გაუძლებდა იმ სასჯელს, რომელიც განსაკუთრებით მრავალრიცხოვან და მძიმე დანაშაულებს შეეფერება. (7) რადგან ყაჩაღი, წარჩინებული თუ ტირანი, რომლებმაც უსამართლოდ ათასობით ადამიანი წარწყმიდეს, ერთი სიკვდილით ვერ მოიხსნიან ამისთვის მოვლენილ სასჯელს. და ვისაც ღვთის შესახებ ჭეშმარიტი წარმოდგენა არა აქვს, ვინც ქედმაღლურად და ავსიტყვაობით იცხოვრა, საღვთო უგულებელყო, დაარღვია კანონები, შეურაცხყო ბავშვები და ქალები, უკანონოდ დაარბია ქალაქები, სახლები გადაწვა მობინადრეებთან ერთად, ააწიოკა ქვეყანა, გაანადგურა მოსახლეობა, ხალხი და მთელი მოდგმა – როგორ დაიტევს მისი მოკვდავი სხეული შესაბამის სასჯელს, თუ სიკვდილმა დამსახურებულ საზღაურს წინ გაუსწრო, ხოლო მოკვდავმა ბუნებამ ამ ადამიანის თუნდაც ერთი ნამოქმედარისთვის პასუხისგებას ვერ გაუძლო? მაშასადამე, დამსახურების მიხედვით განკითხვა არც ამ ცხოვრებაში სრულდება, არც სიკვდილის შემდეგ.
20
(1) სიკვდილი ან სრული ჩაქრობაა სიცოცხლისა, როცა სხეულთან ერთად სულიც იშლება და ისპობა, ან სიკვდილის შემდეგ მხოლოდ სული რჩება დაუშლელი, დაუნაწილებელი, გაუხრწნელი, ხოლო სხეული იხრწნება და იშლება, და აღარც თავისი ნამოქმედარი ახსოვს, არც სულისმიერი განცდები.
(2) თუ ადამიანთა სიცოცხლე მთლიანად ჩაქრა, მაშინ ვეღარ გამოვლინდება ღვთის ზრუნვა არაცოცხალ ადამიანთა მიმართ და განკითხვაც აღარ მოხდება იმათი, ვინც სათნო ან ბოროტი ცხოვრებით იცხოვრა. კვლავ შემობრუნდება უკანონო ცხოვრება და მის თანმხლებ უგუნურებათა წყება, და ამ უკანონობათა თავი – უღმერთობა.
(3) სხეული რომც გაიხრწნას და დაშლილ ნაწილთაგან თითოეული თავის მონათესავესკენ წავიდეს, სული კი უხრწნელი დარჩეს, არც ამ შემთხვევაში – სამართლის თანდასწრების გარეშე – ექნება ადგილი სულის განკითხვას. იმიტომ, რომ შეუძლებელია ღვთისაგან თუ ღვთის მიერ რაიმე განკითხვა მოხდეს, რომელსაც სამართალი არ ახლავს. საქმე ისაა, რომ განკითხვას სამართალი მაშინ არ ახლავს, როცა აღარ არსებობს სამართლიანობისა თუ უკანონიბის ჩამდენი. ხოლო ყველა ცხოვრებისეული საქმის ჩამდენი, რომელთა განკითხვა ხდება, ადამიანი იყო და არა სული თავისთავად. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი დაშვება სამართლის არსებობას ვერ უზრუნველყოფს.
(1) ქველმოქმედებისათვის პატივის მიგებისას სხეული აშკარად დაიჩაგრება; იგი ხომ იმ შრომის მოზიარეა, რომელსაც სული ეწევა, მაგრამ ქველმოქმედებისათვის მიგებულ პატივს იგი ვერ გაიზიარებს. ხშირად სული შენდობას ჰპოვებს იმ ცოდვათა გამო, რომლებიც ხორციელმა მოთხოვნილებებმა და საჭიროებამ განაპირობა, მაშინ როცა თავად სხეული ვერ ეზიარება ჯილდოს იმ კეთილ საქმეთათვის, რომლებისთვისაც სიცოცხლეში შრომა სულთან ერთად გაწია.
(2) მაშინაც, როცა ცოდვათა განკითხვა ხდება, სულის მიმართ სამართლიანობა ვერ იქნება დაცუილი, თუ სული მარტო აგევს პასუხს იმ ცოდვებისთვის, რომლებიც სხეულის ზემოქმედებით ჩაიდინა, როცა სხეული მას საკუთარი ვნებებისკენ და მისწრაფებებისკენ უბიძგებდა, ხან მოხიბლვითა და მაცდურობით, ხან უფრო ძალისმიერი ზეწოლით, ზოგჯერ კი სულის სხეულთან იმ შეთანხმებულობის გამო, რომელიც სულს უბიძგებს, სხეულის სასიკეთოდ და მისი აგებულების შენარჩუნებისთვის იღვაწოს.
(3) ან როგორ არ იქნებოდა უსამართლობა, რომ მხოლოდ სული განსჯილიყო იმისათვის, რისადმი მას, მისი ბუნების თანახმად, არავითარი ლტოლვა, მისწრაფება და სურვილი არ გააჩნია, როგორიცაა, მაგალითად, აღვირახსნილობა, ძალადობა, სიხარბე და სხვა ამასთან დაკავშირებული ცოდვები? (4) ბოროტებათა უმეტესობა ხომ იმიტომ ხდება, რომ ადამიანები მოზღვავებულ ვნებებზე ვერ მძლავრობენ, რომლებიც სხეულის მოთხოვნილებათა და საჭიროებათა გამო მოზვავდნენ, აგრეთვე იმ ნდომისა და მოთხოვნილების გამო, რომელიც ამ დაუოკებლობას თან ახლავს. ამის გამოა ყოველგვარი მფლობელობა და მითუმეტეს მოხმარება, აგრეთვე ქორწინება და ყველა ცხოვრებისეული საქმე, რომლებშიც და რომელთან მიმართებაში ჩანს ის, რაც შეცდომა არის და რაც არ არის. მაშ სადღაა სამართალი, თუ მხოლოდ სული განისჯება იმისთვის, რისადმიც პირველად სხეული განიცდის ვნებას და სულსაც ეზიდება იმ საქმეთა თანავნებისა და ზიარებისკენ, რომლებისკენ თვითონ მიისწრაფვის? ლტოლვანი და სიამოვნებანი, შიშები და ტკივილები, რომელთა მიზეზი მუდამ არაზომიერება არის, სხეულიდან იღებს დასაბამს, და ნუთუ აქედან გამომდინარე ცოდვები და ცოდვებისთვის მოვლენილი სასჯელი მხოლოდ სულს უნდა ერგოს? სულს ხომ თავისთავად ამდაგვარი არაფერი სჭირდება, იგი არც ლტოლვას, არც შიშს, არც ვნებას განიცდის იმის მიმართ, რასაც ჩვეულებრივ ადამიანი განიცდის.
(5) მაგრამ რომცა დავუშვათ, რომ ვნებები მხოლოდ სხეულს კი არ ახასიათებს, არამედ მთელ ადამიანს, რაც თავისთავად სწორია, რადგან მისი ცხოვრება ორი საწყისისგან შედგენილი ერთიანობაა, ჩვენ მაინც ვერ ვიტყვით, რომ ვნებები სულს შეეფერება, როცა საკუთრივ სულის ბუნებას განვიხილავთ. (6) რადგან თუ სულს სრულიად არ სჭირდება საკვები, მას არც ლტოლვა ექნება იმისადმი, რაც საარსებოდ არ სჭირდება, არც მისწრაფებას იმისკენ, რისი მოხმარებაც არა სჩვევია; მეტიც, იგი ვერც კი იდარდებს იმ ფულისა თუ ქონების უქონლობის გამო, რასთანაც საერთო არაფერი აქვს.
(7) ხოლო თუ სული ხრწნაზე ძლიერია, იგი არ შეუშინდება იმას, რასაც მისი გახრწნა შეეძლებოდა. იგი არ შეუდრკება შიმშილს, სნეულებას, სახიჩრობას, შეურაცხყოფას, ცეცხლსა და მახვილს, რადგან მათგან იგი ზიანსა და ტკივილს ვერ განიცდის; მასზე არც სხეულები მოქმედებენ, არც სხეულებრივი ძალები.
(8) ხოლო თუ ვნებათა მიკუთვნება საკუთრივ სულებისთვის უაზრობაა, ამ ვნებათაგან მომდინარე ცოდვებისა და შესაბამისი სასჯელის მხოლოდ სულებისთვის აკიდება მეტისმეტი უსამართლობა და ღვთიური განკითხვისთვის უღირსი საქმე იქნებოდა.
22
(1) გარდა ამისა, უაზრობა არ იქნებოდა, როცა სათნოება და ბოროტება ცალკე სულს არ განეკუთვნებოდა (რადგან სათნოებად ადამიანის სათნოებას მივიჩნევთ, ისევე როგორც მის საპირისპიროდ ბოროტებას სხეულისგან განცალკევებულ მარტომყოფ სულს არ მივაკუთვნებთ), მათთვის მოვლენილი ჯილდო და სასჯელი მხოლოდ სულს რომ ეტვირთა? (2) ან როგორ წარმოიდგენს კაცი მხოლოდ სულში სიმამაცესა და სიმტკიცეს, როცა სულს არ აშინებს არც სიკვდილი, ჭრილობა, დასახიჩრება, სასჯელი თუ ძალადობა, არც მათთან დაკავშირებული ტკივილები ან მათგან გამოწვეული ტანჯვა? (3) როგორ წარმოვიდგნოთ მხოლოდ სულში თავდაჭერილობა და გონივრულობა, როცა სულს არავითარი სურვილი არ უბიძგებს საკვებისკენ, სქესობრივი კავშირისა თუ სხვა სიამოვნებისკენ – არც შიგნიდან აღაგზნებს მას რაიმე ძალა, არც გარედან აქეზებს? (4) მხოლოდ სულში როგორ წარმოვიდგინოთ კეთილგონიერება, როცა მასზე არაა დამოკიდებული რაღაცის გაკეთება ან არგაკეთება, არჩევა ან უარის თქმა, მით უფრო, რომ მას არავითარი მისწრაფება და ბუნებრივი ლტოლვა რაიმე ქმედებისადმი არ ახასიათებს?
(5) საერთოდ, როგორ იქნებოდა სულებისათვის დამახასიათებელი სამართლიანობა ერთმანეთისადმი ან სხვათა – იმავე ან განსხვავებული გვარის წარმომადგენელთა მიმართ, როცა მათ არ გააჩნიათ ის, თუ საიდან, რისი მეშვეობით ან როგორ მიაკუთვნონ თითოეულს კუთვნილი წილი დამსახურების მიხედვით ან ანალოგიით, გარდა ღვთისადმი პატივისცემისა? მათ არა აქვთ არავითარი ლტოლვა და მისწრაფება იმისკენ, რომ მოიხმარონ საკუთარი და უარი თქვან სხისაზე. ბუნებით შესაფერის საგანთა მოხმარება ან ამაზე უარის თქმა ხომ იმას ახასიათებს, ვისაც მოხმარება სჩვევია, სულს კი არაფერი სჭირდება და არც რაღაცით სარგებლობას არის ჩვეული. ამგვარად მოწყობილ სულში კი არ მოიპოვება ის, რასაც სხეულის ნაწილთა ეგოისტური ქმედება ეწოდება.
23
(1) დადგენილი კანონები ადამიანებს ეხებათ. ამიტომ, ყველაზე დიდი უაზრობა იქნება, კანონიერი თუ უკანონო საქმეთათვის საზღაურის გადახდა მხოლოდ სულებს რომ დაეკისროს. (2) რადგან თუ სამართლის თანახმად, კანონის ამღიარებელი უკანონობისათვის ისჯება, ხოლო კანონებს ადამიანი აღიარებს და არა სული თავისთავად, ამიტომ ადამიანმავე უნდა აგოს პასუხი ცოდვებისთვის და არა სულმა თავისთავად. იმიტომ რომ ღმერთს სულებისთვის არ დაუწესებია, თავი შეიკავონ იმისგან, რაც მათ სრულებით არ ეხება, როგორიცაა მაგალითად სიძვა, მკვლელობა, ქურდობა, ძარცვა, მშობლების უპატივცემულობა და, საერთოდ ყოველგვარი სწრაფვა, რომელსაც ახლობელებისთვის უსამართლობა და ზიანი მოაქვს. (3) არც “პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა” შეეფერება მხოლოდ სულებს – მათ ეს მცნებები არ განეკუთვნება, რადგან სულები არა შობენ სულებს და ამ გზით მამის ან დედის სახელს იძენენ, არამედ ადამიანები ადამიანებს. (4) არც “არა იმრუშო” ოდესმე თქმულა ან თუნდაც ნაგულისხმევი ყოფილა სულთა მიმართ, რადგან მათში არ არის მამრისა და მდედრის გარჩევა, არც სქესობრივი კავშირის უნარი ან მისკენ ლტოლვაა. ხოლო ასეთი ლტოლვა როცა არ არის, არც კავშირია შესაძლებელი. ხოლო ვისაც სქესობრივი კავშირი არა აქვს, მას ვერც კანონიერი კავშირი ექნება, როგორიცაა ქორწინება. ხოლო კანონიერი კავშირი სადაც არ არსებობს, იქ ვერც უკანონო კავშირი და სხვა ცოლისკენ ლტოლვა ან მასთან კავშირი იქნება შესაძლებელი. მრუშობა ხომ სწორედ ეს არის. (5) სულებისთვის ქურდობის ან სიხარბის აკრძალვაც არ იქნებოდა სწორი. იმიტომ, რომ მათ არა სჭირდება ის, რაც სხვებს სჭირდება, ვინც ბუნებრივი მოთხოვნილებისა თუ საჭიროების გამო ჩვეულია ქურდობასა და ყაჩაღობას და იტაცებს, მაგალითად ოქროს, ვერცხლს, პირუტყვს ან სხვა რაიმეს, რაც საკვებად, თავშესაფრად ან სახმარად გამოადგება. უკვდავი ბუნებისთვის კი უსარგებლოა ყოველივე ის, რისკენაც არმქონე, როგორც საჭირო ნივთისკენ, მიილტვის.
(6) ამ საკითხთა უფრო სრული გამოკვლევა იმათთვის მიგვინდია, ვისაც თითოეული მათგანის უფრო გულდასმით განხილვა ან მოწინააღმდეგეებთან უფრო თავმომწონე შეკამათება სურს. ჩვენთვის კი ზემოთქმულიც კმარა და ის, რაც მასთან შესაბამისობაში აღდგომის ჭეშმარიტებას სარწმუნოს ხდის. ამავე საკითხებზე უფრო მეტად შეჩერება დროული არ იქნებოდა. ჩვენ მიზნად ის კი არ დაგვისახავს, არაფერი გამოვტოვოთ იქიდან რაც შეიძლება ითქვას, არამედ გვსურს, მოკლედ ვაჩვენოთ შეკრებილთ, თუ როგორ უნდა გვესმოდეს აღდგომა და დამსწრეთა შესაძლებლობებს შევუსაბამოთ თემისთვის განკუთვნილი საბუთები.
24
დ. მიზნობრივი საბუთი
(1) მოცემული თემა მეტნაკლებად გამოვიკვლიეთ და ისღა დაგვრჩა, რომ მიზნობრივი საბუთი განვიხილოთ. ის თქმულით უკვე ნათელყოფილია და მხოლოდ დაკვირვებასა და განვრცობას მოითხოვს, რათა ვინმეს არ ეგონოს, რომ ზემოთ ნათქვამიდან რაღაც დაგვავიწყდა და ამგვარად მხედველობიდან გამოგვრჩა საწყისი დებულება და დასაწყისშივე გაკეთებული კლასიფიკაცია.
(2) ამისა და ამით გამოწვეული შესაძლო კამათის გამო კარგი იქნებოდა თუნდაც იმის აღნიშვნა, რომ ბუნებრივად წარმოქმნილებსა და ხელოვნურად შექმნილებსაც, თითოეულს თავისი საკუთარი დანიშნულება ბოლო უნდა ჰქონდეს. ამას გვასწავლის ყველასთვის საზიარო აზრი და ამასვე ადასტურებს ის, რაც ჩვენს თვალწინ ხდება.
(3) მართლაც, განა ვერ ვხედავთ, რომ მიწადმოქმედებს თავისი დანიშნულება ბოლო აქვთ, ექიმებს – თავისი, ასევე თავისებურია იმისი დანიშნულება ბოლო, რაც მიწიდან აღმოცენდება, და სხვა არის ცხოველთა დანიშნულება ბოლო, რომლებიც მიწის ნაყოფით იკვებებიან და ბუნებრივი ციკლით მრავლდებიან.
(4) თუ ეს ცხადია და ბუნებრივ და ხელოვნურ ძალებსა და მოქმედებებს ბუნების შესაბამისი დასასრული მოსდევს, ამიტომ ისიც სავსებით აუცილებელია, რომ ადამიანთა დასასრულს, რომელთაც განსაკუთრებული ბუნება აქვთ, სხვათა დასასრულთან საერთო არაფერი ჰქონდეს. ამიტომ დაუშვებელია, ერთი და იგივე დასასრული ლოგიკური განსჯის არმქონეთაც მივაკუთვნოთ და იმათაც, ვინც ბუნებრივი კანონითა და განსჯით მოქმედებს, ვინც გონიერ ცხოვრებას ეწევა და სამართალს იცნობს.
(5) არც უმტკივნეულო დასასრული იქნებოდა ამ უკანასკნელთათვის საკუთრივ დამახასიათებელი, რომელიც გრძნობის სრულიად არმქონეთ აქვთ. მაგრამ ეს არც ის სიხარული იქნებოდა, რომელსაც სხეულს კვება და გართობა, ან სიამოვნებათა სიუხვე ანიჭებს: მაშინ ხომ ცხოველური უპირატესობას მოიპოვებდა, ხოლო სათნო ცხოვრება უმიზნო იქნებოდა. მე მგონი, ასეთი დასასრული ცხოველებსა და საქონელს შეეფერება და არა ადამიანებს, რომლებსაც უკვდავი სული და ლოგიკური განსჯის უნარი აქვთ.
25
(1) ადამიანის არსებობის საბოლოო მიზანი არც სხეულისგან განცალკევებული სულის ნეტარებაა, რადგან სიცოცხლე თუ ბოლო ადამიანის ორი შემადგენელი ნაწილიდან ერთერთს კი არ ეკუთვნის, არამედ თავად ადამიანს, რომელიც ორივესგან შედგება. ადამიანს როგორც მთელს, წილად ასეთი ცხოვრება ხვდა და ამ სიცოცხლეს საკუთარი დასრულება უნდა ჰქონდეს.
(2) ხოლო თუ დასრულება ორივე შემადგენელს ერთად ეხება და მისი გამოვლენა ცოცხლებში – ამ ცხოვრების მანძილზე – შეუძლებელია, უკვე მრავალჯერ თქმული მიზეზის გამო, და შეუძლებელია ცალკე მყოფ სულშიც ( იმიტომ, რომ მოცემული ადამიანი, როგორც მთლიანობა, აღარ არსებობს, როცა სხეული იხრწნება ან სრულიად იშლება, თუნდაც სული თავისთავად დარჩეს), ამიტომ გარდაუვალია, რომ ადამიანთა დასასრულის გამოვლენა რაღაც სხვა მდგომარეობაში მოხდეს, რომელიც იმავე ცოცხალ არსებას, ორი საწყისიდან შედგენილს, განეკუთვნება.
(3) ამისი აუცილებლობით გამომდინარეობა განაპირობებს იმას, რომ უეჭველად უნდა მოხდეს გარდაცვლილი და სრულია დაშლილი სხეულების აღდგომა და კვლავ იმავე ადამიანების აღდგენა. იმიტომ, რომ ადამიანებისთვის შესაფერისი დასრულება ბუნების კანონით ნებისმიერი ადამიანისთვის განურჩევლად კი არ დგინდება, არამედ იგი იმავე ადამიანს განეკუთვნება, რომელმაც წინანდელი ცხოვრება განვლო. ხოლო იმავე ადამიანთა აღდგენა შეუძლებელია, თუ იგივე სხეულები იმავე სულებს არ დაუკავშირდნენ. იგივე სხეული კი იმავე სულს ვერ მიიღებს, თუ არა აღდგომით. სწორედ ესაა, რასაც ადამიანთა ბუნების შესაფერისი მოლო მოსდევს.
(4) ხოლო გონიერი სიცოცხლისა და ლოგიკური განსჯის ბოლო, არ შევცდებით თუ ვიტყვით, არის განუშორებელი მარადმყოფობა იმასთან, რასაც ბუნებრივი აზრი განსაკუთრებით კარგად არის ჩვეული: ესაა დაუღალავი სიხარული ღმერთის მომნიჭებლის ჭვრეტით და მისი მოძღვრებით, თუმცა ადამიანთაგან მრავალს, რომლებიც უფრო ძლიერი ვნებით ამქვეყნიური სიამოვნებისკენ რომ ილტვის, ასეთი ბოლო არ ერგება. (5) მაგრამ საერთო ხვედრს ვერ გააბათილებს იმათი მრავალრიცხოვნება, ვისაც მისთვის შესაფერისი ბოლო არა ხვდა. ყველა შესაბამისად განიკითხება და თითოეულს – იმისდა მიხედვით კეთილად იცხოვრა თუ ბოროტად - შესაბამისი ჯილდო ან სასჯელი ერგება.
Last Updated (Friday, 02 April 2010 20:55)





