Georgian (Georgia)English (United Kingdom)

გიორგი მთაწმინდელისეული რედაქცია

 

თავი 1

1. პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, წმიდათა მაგათ, რომელნი ხართ ეფესოს შინა, და სარწმუნოთა ქრისტე იესუჲს მიერ: 2. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.

3. კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ. 4. ვითარცა-იგი გამოგჳრჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ წმიდა და უბიწო წინაშე მისსა სიყუარულით. 5. წინაწარ გჳჩინნა ჩუენ შვილებად იესუ ქრისტეს მიერ მისა მიმართ სათნოებისაებრ ნებისა მისისა, 6. საქებელად დიდებისა მადლისა მისისა, რომლითა მოგუმადლა ჩუენ საყუარელისა მის მიერ, 7. რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა, 8. რომელი-იგი გარდაჰმატა ჩუენდა მომართ ყოვლითა სიბრძნითა და გონიერებითა. 9. გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი ნებისა მისისაჲ სათნოებისაებრ მისისა, რომელი-იგი წინაჲთვე განაჩინა მას შინა 10. განგებულად აღვსებისა მის ჟამთაჲსა, თავ-ყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაჲ-იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა; 11. მისა მიმართ, რომელსა შინაცა განვეწესენით და წინაწარ ვიჩინენით ნებითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი ყოველივე შექმნა ზრახვისაებრ ნებისა მისისა, 12. რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელი-ესე წინაწარ მოსავ ვიყვენით ქრისტესა. 13. რომლისა მიერ და თქუენცა გესმა სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, სახარებაჲ იგი ცხორებისა თქუენისაჲ, რომლითაცა-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა. 14. რომელ-იგი არს წინდი მკჳდრობისა ჩუენისაჲ გამოსაჴსრად შეწევნისა ჩუენისა, საქებელად დიდებისა მისისა.

15. ამისთჳს მეცა მესმა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ უფლისა იესუჲს მიერ და სიყუარული იგი, რომელ გაქუს ყოველთა მიმართ წმიდათა. 16. არა დავსცხრები მადლობითა თქუენთჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა, 17. რაჲთა ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტემან, ღმერთმან დიდებისამან, მოგცეს თქუენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისაჲ მეცნიერებითა მისითა. 18. და განანათლნეს თუალნი გულისა თქუენისანი, რაჲთა იცოდით თქუენ, რაჲ-იგი არს სასოებაჲ ჩინებისა მისისაჲ, და რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა მკჳდრობისა მისისაჲ წმიდათა შორის, 19. და რაჲ-იგი არს გარდამატებული სიმდიდრე ძლიერებისა მისისაჲ ჩუენდა მომართ მორწმუნეთა შეწევნისაებრ სიმტკიცისა ძლიერებისა მისისა, 20. რომელ ქმნა ქრისტეს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და დასუა მარჯუენით მისა ზეცათა შინა, 21. უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოვლისავე სახელისა, რომელ სახელ-დებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა მას. 22. და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა, 23. რომელი-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაჲ იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო.


თავი 2

1. და თქუენცა, რომელნი-ეგე მკუდარ იყვენით ბრალითა და ცოდვითა თქუენითა, 2. რომელთა შინა ოდესმე ხჳდოდეთ მსგავსად ჟამთა მათ ამის სოფლისათა, მთავრისა მისებრ ჴელმწიფებისა აერისა, სულისა, რომელი-იგი აწ იქმს ნაშობთა მათ შორის ურჩებისათა, 3. რომელთა შინა და ჩუენცა ყოველნი ვიქცეოდეთ ოდესმე გულის თქუმათა შინა ჴორცთა ჩუენთასა, ვჰყოფდით ნებასა ჴორცითა და გონებათასა და ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა-იგი სხუანი. 4. ხოლო ღმერთმან, რამეთუ მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა-იგი შემიყუარნა ჩუენ, 5. და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა, - მადლითა ხართ თქუენ გამოჴსნილ, - 6. და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ, 7. რაჲთა აჩუენოს ჟამთა მათ მომავალთა გარდამატებული იგი სიმდიდრე მადლისა მისისაჲ სიტკბოებით ჩუენ ზედა ქრისტე იესუჲს მიერ. 8. რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს: 9. არა საქმეთაგან, რაჲთა არავინ იქადოს. 10. რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესუჲს მიერ საქმეთათჳს კეთილთა, რომელთათჳს წინაწარ განჰმზადა ღმერთმან, რაჲთა მათ შინა ვიდოდით.

11. ამისთჳს მოიჴსენეთ, რამეთუ თქუენ, ოდესმე წარმართნი ეგე ჴორცითა, რომელთა გერქუა წინა-დაუცუეთელ მის გამო, რომელსა-იგი ერქუა წინადაცუეთილება ჴორცითა მით ჴელით ქმნულითა, 12. რამეთუ იყვენით მას ჟამსა შინა თჳნიერად ქრისტესა, უცხო-ქმნულნი მოქალაქეობისა მისგან ისრაჱლისა და უცხო რჩულთა მათგან აღთქუმათაჲსა, სასოებაჲ არა გაქუნდა, და უღმრთო იყვენით სოფელსა შინა. 13. ხოლო აწ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ, რომელნი-ეგე ოდესმე იყვენით შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა მით ქრისტესითა. 14. რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუა-კედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა, 15. მტერობაჲ იგი ჴორცითა მისითა, შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა განაქარვა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა 16. და დააგნეს ორნივე იგი ერთითა მით ჴორცითა ღმერთსა ჯუარისა მიერ, მოკლა მტერობაჲ იგი მას შინა, 17. და მოვიდა და გახარა მშჳდობაჲ თქუენ, შორიელთა და მახლობელთა, 18. რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას ერთითა სულითა მამისა მიმართ. 19. ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა, 20. აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაწარმეტყუელთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ, 21. რომლითა ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ, 22. რომელსა ზედა თქუენცა თანა-აღშენებულ ხართ სამკჳდრებელად ღმრთისა სულითა.


თავი 3

1. ამისთჳს მე, პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, თქუენ წარმართთათჳს. 2. უკუეთუ გასმიეს მოღუაწებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ, რომელ მოცემულ არს ჩემდა თქუენდა მიმართ, 3. რამეთუ გამოცხადებით მაუწყა მე საიდუმლოჲ იგი, ვითარცა-იგი უწინარეს მივწერე თქუენდა მცირედრე, 4. რომლითა შემძლებელ ხართ, აღმოიკითხოთ რაჲ, ცნობად გულისჴმის-ყოფისა მის ჩემისა საიდუმლოჲთა მით ქრისტესითა, 5. რომელი ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა სულითა წმიდითა, 6. რაჲთა იყვნენ წარმართნი თანა-მკჳდრ და თანა-ჴორც და თანა-მყოფ აღთქუმისა მის ღმრთისა იესუ ქრისტეს მიერ სახარებითა მით, 7. რომლისა ვიქმენ მე მსახურ ნიჭისა მისებრ მადლისა ღმერთისა, მოცემულისა ჩემდა შეწევნისაებრ ძალისა მისისა. 8. მე, უმრწემესსა ამას ყოველთა წმიდათასა, მომეცა მადლი ესე წარმართთა შორის ხარებად გამოუკულეველი იგი სიმდიდრე ქრისტესი 9. და განათლებად ყოველთა, რაჲ-იგი არს განგებულებაჲ იგი საიდუმლოჲსაჲ მის დაფარულისაჲ საუკუნითგან ღმრთისა თანა, რომელმან ყოველივე დაჰბადა იესუ ქრისტეს მიერ, 10. რათა ეუწყოს აწ მთავრობათა მათ და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან მრავალფერი იგი სიბრძნე ღმრთისაჲ 11. გულს-მოდგინებისაებრ საუკუნეთაჲსა, რომელ-იგი ქმნა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, 12. რომლითა მაქუს ჩუენ განცხადებულებაჲ და მოსლვაჲ სასოებით სარწმუნოებითა მისითა. 13. ამისთჳს ვითხოვ, რაჲთა არა გეწყინებოდის ჭირთა შინა ჩემთა თქუენთჳს, რომელ-იგი არს დიდებაჲ თქუენდა. 14. ამის ჯერისათჳს მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა მამისა მიმართ, 15. რომლისაგან ყოველნი ნათესავნი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა სახელ-დებულ არიან, 16. რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა, 17. დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა, 18. სიყუარულითა დამტკიცებულნი და დაფუძნებულნი, რაჲთა შეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე, 19. ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა.

20. ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის, 21. მისა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.


თავი 4

1. გლოცავ თქუენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რაჲთა ღირსად ხჳდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით, 2. ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშჳდითა და სულგრძელებითა, თავს-იდებდით ურთიერთარს სიყუარულითა, 3. ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშჳდობისაჲთა. 4. ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა; 5. ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლის-ღებაჲ, 6. ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის. 7. ხოლო თითოეულსა კაცად-კაცადსა ჩუენსა მოცემულ არს მადლი საზომისაებრ ნიჭისა ქრისტესისა. 8. რომლისათჳს იტყჳს: აღჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა. 9. ხოლო „აღსლვაჲ იგი“ რაჲ-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ შთაჴდა იგი პირველად ქუესკნელთა ქუეყანისათა? 10. რომელი გარდამოჴდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა აღავსნეს ყოველნი. 11. და მან მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაწარმეტყუელნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი 12. დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა, 13. ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა, 14. რაჲთა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩჳლ, ღელვა-აღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა სივერაგითა კაცათაჲთა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა, 15. არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე, 16. რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაჲთა შეწევნისაებრ საზომისა თჳთოეულისა ასოჲსა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდით აღსაშენებელად თავისა თქუენისა სიყუარულით.

17. ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან ამაოებითა გონებისა მათისაჲთა, 18. დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა, უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა საბრმითა გულისა მათისაჲთა. 19. რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა. 20. ხოლო თქუენ არა ეგრეთ გისწავიეს ქრისტე. 21. უკუეთუ გასმიეს იგი და მისა მიმართ გისწავიეს, ვითარცა-იგი არს ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა, 22. განიშორეთ თქუენგან პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი, განხრწნილი გულის თქუმისა მისებრ საცთურისა, 23. და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა 24. და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული, სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაჲთა.

25. ამისთჳს განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუსისა თჳსისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ. 26. გული გიწყრებოდენ, და ნუ სცოდავთ: მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა. 27. ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა. 28. მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროჲსღა შურებოდენ და იქმოდენ კეთილსა თჳსითა ჴელითა, რაჲთა აქუნდეს მიცემად, ვის-იგი უჴმდეს. 29. ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაჲ-იგი იყოს კეთილ აღსაშენებელად საჴმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი მსმენელთა მათ. 30. და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა. 31. ყოველი სამწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით. 32. იყვენით ურთიერთარს ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ თავთა თჳსთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ.


თავი 5

1. იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი, 2. და ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა-იგი ქრისტემან შეიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თჳსი ჩუენთჳის შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, სულად სულნელად. 3. ხოლო სიძვაჲ და ყოველი არა-წმინდებაჲ გინა ანგაჰრებაჲ ნურცაღა სახელ-ედებინ თქუენ შორის, ვითარცა ჰშუენის წმიდათა, 4. და საძაგელებაჲ და სიტყუაჲ სიცოფისაჲ გინა ლაღობაჲ, რომელი არა ჯერ-არს, არამედ უფროჲსად მადლობაჲ. 5. და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთ-მსახური, არა აქუს მკჳდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა. 6. ნუცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სიტყჳთა, რამეთუ ამისთვის მიიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მას ზედა ურჩებისათა. 7. ნუუკუე იქმნებით მსგავს მათა, 8. რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ, 9. რამეთუ ნაყოფი სულისაჲ ყოვლითა კეთილითა და სიმართლითა და ჭეშმარიტებითა. 10. გამოიცადეთ, რაჲ-იგი არს სათნო უფლისა, 11. და ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროჲსღა ამხილებდითცა. 12. რამეთუ, რაჲ-იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არს სიტყუადცა. 13. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადნების, რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს, 14. რომლისათჳს იტყჳს: განიღჳძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან.

15. ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარ-ძი განკრძალულად ხუალთ, ნუ ვითარცა უგუნურნი, არამედ ვითარცა ბრძენნი; 16. გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან. 17. ამისთჳს ნუ იყოფით უგნურ, არამედ გულისჴმა-ჰყოფდით, რაჲ-იგი არს ნებაჲ უფლისაჲ. 18. და ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა, 19. ეტყოდეთ თავთა თჳსთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა. 20. ჰმადლობდით ყოვლადვე ყოველთათჳს სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ღმერთსა და მამასა. 21. დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა.

22. ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა. 23. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ. 24. არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი - თჳსთა ქმართა ყოვლითა. 25. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, 26. რაჲთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა, 27. რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ ბრძჳლისა, არცა სხუაჲ რაჲ ესე-ვითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო. 28. ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს. 29. რამეთუ არავინ სადა თავი თჳსი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა, 30. რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ჴორცითა მისთაგანნი და ძუალითა მისთაგანნი. 31. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც. 32. საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა. 33. გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან თჳსი ცოლი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თჳსი; ხოლო ცოლსა მას რაჲთა ეშინოდის ქმრისა.


თავი 6

1. შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქუენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალი. 2. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა. 3. რაჲთა კეთილი გეყოს შენ, და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა. 4. და მამანი ნუ განრისხდებით შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა. 5. მონანი ერჩდით ჴორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქუენისაჲთა, ვითარცა ქრისტესა, 6. ნუ თუალთა წინაშე თუალ-ღებით მონებად, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითად; 7. გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა; 8. უწყოდეთ, რამეთუ რაჲცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან გინა თუ აზნაურმან. 9. და უფალნი ეგე ეგრეთვე ჰყოფდით მათა მიმართ, შეუნდობდით რისხვასა, უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს, და თუალთ-ღება არა არს მის თანა.

10. ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა, 11. შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა. 12. რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. 13. ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. 14. მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ. 15. და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ. 16. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად; 17. და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ; 18. ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთჳს იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათჳს 19. და ჩემთჳსცა, რაჲთა მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა განცხადებულად უწყებად საიდუმლოჲ იგი სახარებისაჲ, 20. რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ, რაჲთა მას შინა განვცხადნე, ვითარ-იგი ღირს ჩემდა სიტყუად.

21. ხოლო თქუენცა რაჲთა უწყოდით ჩემთჳს, რასა-იგი ვიქმ, ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან უფლისა მიერ, 22. რომელი-იგი მივავლინე თქუენდა ამისთჳს მებრ, რაჲთა უწყოდით ჩუენთჳს და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა.

23. მშჳდობაჲ ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.

24. მადლი ყოველთა თანა მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა უხრწნელებით. ამინ.

 

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ www.orthodoxy.ge - დან

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:09)