Georgian (Georgia)English (United Kingdom)

გიორგი მთაწმინდელისეული რედაქცია

 

თავი 1

1. პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, და ტიმოთე ძმაჲ ფილიმონს, საყუარელსა და თანა-შემწესა ჩუენსა, 2. და აპფიას, დასა და საყუარელსა, და არქიპოსს, თანა-მოსაგრესა ჩუენსა, და სახლისა შენისა კრებულთა. 3. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.

4. ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის ჴსენებასა შენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა. 5. მესმის შენი ეგე სიყუარული და სარწმუნოებაჲ, რომელი გაქუს უფლისა მიმართ იესუ ქრისტესა და ყოველთა მიმართ წმიდათა, 6. რაჲთა ზიარებაჲ სარწმუნოაბისა შენისაჲ შეწევნულ იყოს მეცნიერებითა ყოვლისა კეთილისაჲთა, რომელ არს ჩუენ შორის ქრისტე იესუჲს მიმართ. 7. რამეთუ სიხარულში დიდი მაქუს და ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისა შენისათჳს, რამეთუ ნაწლევნი წმიდათანი განსუენებულ არიან შენთჳს, ძმაო. 8. ვინაჲცა მრავალი კადნიერებაჲ მაქუს ქრისტეს მიერ ბრძნებად შენდა ჯეროვნისა; 9. სიყუარულისათჳს უფროჲსღა გლოცავ ესევითარი ესე, ვითარცა პავლე მოხუცებული, ხოლო აწ კრულიცა ქრისტე იესუჲსი. 10. გლოცავ შენ შვილისა ჩემისათჳს, რომელი ვშევ კრულებათა შინა ჩემთა ონისიმე, 11. რომელი-იგი ოდესმე უჴმარ შენდა, ხოლო აწ შენდა და ჩემდა საჴმარ, რომელი-იგი მივავლინე შენდა, 12. ხოლო შენ შეიწყნარე, ესე იგი არს ნაწლევი ჩემი, 13. რომლისაჲ მეგულებოდა დაყენებად ჩემ თანა, რაჲთა შენ წილ მმსახურებდეს მე კრულებათა ამათ შინა სახარებისათა. 14. ხოლო თჳნიერ ცნობისა შენისა არა ვინებე ყოფად, რაჲთა არა უნებლებით კეთილი იგი შენი იყოს, არამედ ნეფსით. 15. ვინ უწყის, გან-ვე ამისთჳს-გეშორა ჟამერთ, რაჲთა საუკუნოდ მიიყვანო იგი, 16. არღარა ვითარცა მონაჲ, არამედ უფროჲსღა მონისა, საყუარელი ძმაჲ. ვინაჲთგან ჩემდა ესრეთ, რაოდენ უფროჲს შენდა ჴორციელადცა და უფლისა მიერცა! 17. უკუეთუ შეგირაცხიე მე თანა-ზიარად, შეიწყნარე ეგე, ვითარცა მე. 18. ხოლო უკუეთუ რაჲმე შეგცოდა გინა თანა-აც, იგი მე შემირაცხე. 19. მე, პავლე, დავწერე ჴელითა ჩემითა: მე გარდავიჴადო; რაჲთა არა გრქუა შენ, ვითარმედ თავიცა შენი თანა-გაც ჩემდა. 20. ჰე, ძმაო, მე მოგიპოვე შენ უფლისა მიერ; განუსუენე ნაწლევთა ჩემთა ქრისტეს მიერ.

21. სასოებითა მორჩილებისა შენისაჲთა მივწერე შენდა, უწყი, რამეთუ რომლისათჳს-ესე გეტყჳ, ჰყოცა. 22. და მის თანა განმიმზადე მე ვანიცა; რამეთუ ვესავ, ვითარმედ ლოცვითა თქუენითა მიგემადლო თქუენ.

23. გიკითხვენ შენ ეპაფრა, ჩემი თანა-ტყუე ქრისტე იესუჲს მიერ, 24. მარკოზ, არისტარხოს, დიმა, ლუკა, თანა-შემწენი ჩემნი.

25. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა. ამინ.

 

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ www.orthodoxy.ge - დან

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:14)