Georgian (Georgia)English (United Kingdom)

სულიწმიდის შესახებ საუბრისას სულიერი მადლია საჭირო, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით ყველაფერს, რაც მას შეეფერება. ამ თემაზე საუბრისას არც თუ ისე პატარა საშიშროებაც არსებობს, თუ გავიხსენებთ მაცხოვრის სიტყვებს: „რომელმან ჰსთქუას სულისა წმიდისათჳს არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“ (მათე 12,32).

გარდა ამისა, შესაძლოა, საუკუნო სატანჯველს მივეცეთ, თუკი უვიცობით ან მოგონილი მოწიწებით რაიმე შეუსაბამოს ვიტყვით. ამიტომ, შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმის წარმოჩენით, რაც თვით სულიწმიდამ განგვიცხადა წმიდა წერილში.

* * *

ერთი და ერთადერთია სულიწმიდა, ნუგეშინისმცემელი. და როგორც ერთია მამა ღმერთი და არ არსებობს მეორე, და როგორც ერთია მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა და არ ჰყავს ძმა, ასევე ერთია სულიწმიდა. არ არსებობს მეორე მისი თანასწორი სული. იგი არის საღვთო და გამოუცნობი. არის ცოცხალი, გონიერი, ყოველთვის და ყოველგან მყოფი მამასთან და ძესთან ერთად. არ არის ან ერთი ქმედება, ან ერთი ამოსუნთქვა, ან ერთი ქადაგება მამისა ან ძისა, რომელიც განიფანტება ჰაერში, არამედ ერთი სახე, ერთი პირი, ცალკე არსება. ის თვითონ მეტყველებს, მოქმედებს და წმიდაჰყოფს. ის ნათელმოსავს მართალთა სულებს, წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს.

სულიწმიდა არის ძალიან დიდი, საოცარი და ყოვლადძლიერი. დაფიქრდი: რამდენი სული ვართ ამ ქვეყნად? ის იმყოფება ჩვენს შორის და ხედავს ყოველ ჩვენს ქმედებას. კითხულობს ჩვენს ზრახვებსა და სინდისს, აგრეთვე ესმის, რასაც ვლაპარაკობთ. ხედავს, რას ვფიქრობთ, რა გვწამს. საოცარია პირდაპირ!

მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. წარმოიდგინე მთელი მსოფლიოს ქრისტიანები, აგრეთვე ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები, ბერ-მონოზონები და ყველა ეროვნების საერო პირები. სულიწმიდა მათი დიდი მფარველი და მათთვის სხვადასხვა ნიჭის მიმცემელია: ზოგისთვის - კეთილგონიერების, ზოგისთვის - ქალწულების, ზოგისთვის - მოწყალების, ზოგისთვის - უპოვარების. როგორც მზე თავისი სხივებით ყოველივეს ნათელს ჰფენს, ასევე სულიწმიდა აცისკროვნებს მათ, ვისაც აქვს სულიერი თვალები. ისინი კი, რომლებიც ვერ ხედავენ ამ ნიჭებს, სულიწმიდას კი ნუ დაადანაშაულებენ, არამედ საკუთარ ურწმუნოებას დააბრალონ.

ნახე, რა ძალაუფლების მფლობელია სულიწმიდა მთელ სამყაროში? ახლა ნუ დარჩები დედამიწაზე. ადი უფრო მაღლა. გონებრივად ამოდი ჩემთან ერთად ცაში და ნახე, რამდენი ათასი ანგელოზი, მთავარანგელოზი და მთავრობანია. ადი ცოტა კიდევ, თუ შეგიძლია და დაინახე უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. კიდევ უფრო ზევით კი - სერაფიმები, ქერუბიმები და საყდარნი. სულიწმიდა ყველა მათგანის განმგებელი, მასწავლებელი და განმკითხავია.

* * *

სულიწმიდას აქვს სხვადასხვა სახელი. იმისათვის, რომ ვინმე უცოდინარმა არ დაუშვას მრავალი და სხვადასხვა სულის არსებობა, ეკლესია რწმენის სიმბოლოში ანუ მრწამსში მიუთითებს, რომ არის ერთი, წმ. სამების მესამე პირი: „რომელი მამისაგან გამოვალს... რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ“. რაც შეეხება სულიწმიდის სახელებს. ის, როგორც წესი, იწოდება „სულად“ და „სულად ჭეშმარიტებისად“ და „ნუგეშინისმცემელად“, როგორც მას თვით უფალი უწოდებს. აგრეთვე „სულად ღვთისად“ და „სულად მამისად“. მას „ქრისტეს სულად“ იხსენიებს პეტრე მოციქული. „ღვთის სულად“, „“უფლის სულად“ და ასევე „ღვთის ძის სულად“ კი - პავლე მოციქული. მისსავე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ვხვდებით „სულს სიწმიდისა“ და „სულს აღიარებისას“. სხვა ეპისტოლეებში კი „სულს განცხადებისას“, „სულს აღთქმისას“ და „სულს წყალობისას“. ფსალმუნში ის „სახიერ“ და „სამეუფო“ სულადაა მოხსენებული. წინასწარმეტყველი ისაია მას უწოდებს „სულს სიბრძნისას“, „კეთილმნებელობისას“, „კეთილგონიერებისას“, „ძლიერებისას“, „შეცნობისას“, და „სულს ღვთისადმი მოწიწებისას“ და „ღვთისმოშიშებისას“.

სულად იწოდება დემონიც, მაგრამ უწმინდურ სულად. როგორც წმინდა წერილი ადამიანის სულის შესახებ საუბრისას ამბობს: „სული ადამიანისა“, ან ქარის შესახებ „სული ქარიშხალისა“, ან ცოდვის შესახებ „სული მრუშობისა“ და ა.შ., ასეა აქაც.  სულიწმიდისათვის წარმოუდგენელია ასეთი რამ. ნუ იყოფინ! გარდა ამისა, არსებობს დიდი განსხვავება. უწმინდური სული როცა შედის ადამიანში (ღმერთმა დაგვიფაროს მისგან), შედის როგორც სისხლისმსმელი მგელი, რომელიც მზადაა დაგლიჯოს ცხვარი. ის გადარევს ადამიანის სულს და თრგუნავს მას, უბნელებს აზროვნებას, ურევს ენას, პირიდან გადმოსდის ქაფი და გაუთავებლად ღრიალებს, ადამიანს მთლიანად მოიცავს წყვდიადი. ფართოდ აქვს გახელილი თვალები, მაგრამ სული ვერაფერს ხედავს. საცოდავი ადამიანი გულშემზარავად კანკალებს. გულმოწყალების და სიბრალულის არმქონე დემონები მისი უსაძაგლესი მტრები არიან.

არაფერი ამის მსგავსი არ ხდება სულიწმიდასთან დაკავშირებით. პირიქით, ყველა მისი ქმედება მიმართულია ჩვენდა სასიკეთოდ და ჩვენი ხსნისთვის. უპირველეს ყოვლისა, მისი ყოფნა იწვევს სიმშვიდეს და კეთილგანწყობილებას. მისი ტვირთი ძალიან მსუბუქია. შემეცნების ელვისებურად ნათელი სხივები წინასწარ გვამცნობენ მის გამოჩენას. მოდის მამისეული სიყვარულით და თანაგრძნობით. მოდის, რომ გვიშველოს, გვიმკურნალოს, გვასწავლოს, დაგვარიგოს, გაგვაძლიეროს და დაგვამშვიდოს. მოდის, რომ გაგვინათოს გონება. დაგვანახოს ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით. მოდის და პატარა ადამიანი, ისაიას მსგავსად, გახსნილი ციდან ხედავს უფალს „მაღალ და მედიდურ ტახტზე“ (ისაია 6,1), იეზეკიელის მსგავსად - „ქერუბიმებზე“ (იეზეკიელი 10,18). ხედავს როგორც დანიელი, რომ მას ემსახურებიან „ათასის ათასნი და ბევრის ბევრი ანგელოზები“ (დანიელი 7,10), ხედავს სამყაროს დასაწყისსა და დასასრულს, რადგან ის არის ნათელისა და შემეცნების წყარო და გამოცხადება.

* * *

მოდით, ახლა გადავშალოთ წმინდა წერილი და შევსვათ წყალი წმინდა მამების ჭურჭლებიდან. შევსვათ წყალი ცოცხალი, რომელიც მოედინება ჩვენთვის საუკუნო ცხოვრების მოსანიჭებლად. ასე დაახასიათა ერთხელ უფალმა სულიწმიდა, რომელსაც მიიღებდნენ მორწმუნენი: „და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (იოანე 7,38). იგულისხმება არა ჩვეულებრივი მდინარე, რომელიც გამხმარ მიწას რწყავს, არამედ უხილავი და გონიერი, რომელიც ნათლით მოსავს სულებს.

რატომ შეადარა უფალმა სულიერი მადლი წყალს? იმიტომ, რომ წყალი არის სიცოცხლის ძირითადი ელემენტი, ციდან მოდის წვიმის სახით, აქვს მარტივი ფორმა, მაგრამ მისი მოქმედება არის მრავალფეროვანი. აწვიმს მთელ ბუნებას, მაგრამ ეს წვიმა აძლევს თეთრ ფერს შროშანს, წითელს - ვარდს, მეწამულს - იებსა და სუმბულს. ფინიკის ხეს აძლევს სხვა ნაყოფს და ვენახს სხვას. ხდება „ყოველივეში ყველაფერი“ და ამ დროს არის უბრალო წვიმა.

ასევეა სულიწმიდა. არის ერთი და განსაკუთრებული. თავის ნიჭებს ანაწილებს საკუთარი ნემისაებრ: ერთს სიბრძნისმეტყველების მადლს ანიჭებს, მეორეს - წინასწარმეტყველებისას. მესამეს აძლევს ძალას დემონებთან საბრძოლველად, მეოთხეს წმ. წერილის კვლევის უნარს. ერთს ასწავლის მარხვასა და ასკეტურ მოღვაწეობას, მეორეს ანიჭებს გამოსწორებისა და თავშეკავების უნარს; ზოგიერთს აშორებს მიწიერი საქმეებისაგან და სხვას ამზადებს მოწამეობისათვის, მაგრამ თვითონ მარად იგივეა.

როგორც ნახევრად გამომშრალი ხე მორწყვის შემდეგ ამოიყრის ყლორტებს, ასევე ცოდვილი სული მონანიებით და სულიწმიდის მადლით გამოიღებს ტკბილ ნაყოფს. ხანდახან არ გიფიქრია უმანკოებასა და ქალწულებაზე? ეს ნუგეშინისმცემელის მადლია. რამდენ ქალიშვილს მიუტოვებია ქორწილის სამზადისი და გაჰყოლია ქალწულების მასწავლებელს...

ძალიან ბევრმა ვინც სასახლეში ცხოვრობდა, ერთ მშვენიერ დღეს სულიწმიდის მითითებით მიატოვა ყოველივე: სახელი, პატივი და დიდება... ზოგიერთმა ახალგაზრდამ თვალი აარიდა ხორციელ სილამაზეს და გადარჩა წაბილწვას. ალბათ გინდა გაიგო, ვინ ასწავლა მათ სულებს? ვინ და სულიწმიდამ! რამდენი რამ სახარბიელო არის ამქვეყნად, მაგრამ ქრისტიანები ისწრაფვიან უპოვარობისკენ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი დააპურა სულიწმიდამ.

* * *

მოდით განვიხილოთ წმ. წერილში გადმოცემული სულიწმიდის საქმენი. ორივე აღთქმაში ერთი და იგივე სულია. ძველში იწინასწარმეტყველა ქრისტეს მოსვლა და ახალში გარდამოვიდა ზეციდან მიწად, გვიჩვენა ის და იქადაგა მისი ღმრთეება.

წინასწარმეტყველმა ელისემ განკურნა ნაყამანი კეთრისაგან და ამისათვის არანაირი საზღაური არ გამოართვა. გეხაზი ართმევს ნაყამანს დაუმსახურებლად ფულს და მალავს, მაგრამ წმინდანთათვის არაფერია დაფარული. ბრუნდება გეხაზი და მას ეკითხება წინასწარმეტყველი: - „საიდან მოდიხარ, გეხაზ? გგონია, ჩემი გული არ იყო შენთან ერთად? მე აქ ვიყავი, მაგრამ ღვთის სული, რომელიც მე გამაჩნია, შორსმხედველია. წყვდიადიდან მოხვედი და წყვდიადშივე წახვალ. კეთროვანის მკურნალობა გაყიდე? შენ და შენს შთამომავლობას გადაედოს ნაყამანის კეთრი სამარადისოდ. მე შევასრულე მცნება: „უფასოდ მიიღეთ, უფასოდ გაეცით“. შენ გაყიდე სლიწმიდის მადლი. მიიღე ახლა ის, რაც იყიდე“ (იხ. IV მეფეთა5,1-27).

სულიწმიდის მადლი ანათლებდა ყველა მართალსა და წინასწარმეტყველს: ენუქს, ნოეს, აბრაამს, ისააკსა და იაკობს. თვით ფარაონი დარწმუნდა, რომ იოსებს ჰქონდა ღვთის სული (დაბ. 41,38). ალბათ ხშირად გაგიგონია მოსეზე და იმ სასწაულებზე, რომლებიც მან ნუგეშინისმცემელის მეშვეობით მოიმოქმედა. ამ ძალამ გააძლიერა მრავალვნებული იობი. იგივე ძალით ღოთენიელი გაბატონდა (მსაჯ. 3,10) და გედეონი გაძლიერდა (მსაჯ. 6,34). იფთახმა გაიმარჯვა (მსაჯ. 11,29-33). მიუხედავად იმისა, რომ დებორა ქალი იყო, იბრძოლა (მსაჯ. 4,4) და სამსონმა მოიპოვა ზებუნებრივი გამარჯვებები (მსაჯ. 13,25; 14,6-19). სამუელზე და დავითზე ნათლად ლაპარაკობენ მეფეთა წიგნები. აშკარაა, რომ სასწაულმოქმედნი ილია და ელისე იყვნენ აღვსილნი სულიწმიდით. და თუკი ვინმე გადაშლის წინასწარმეტყველთა წიგნებს, ნახავს უამრავ მოწმობას სულიწმიდის შესახებ.

წინასწარმეტყველი იეზეკიელი ამბობს: „შემოვიდა ჩემში სული და მითხრა: ასე ამბობს უფალი“ (იეზეკიელი 11,5). ამით მას სურს გვითხრას, რომ სულმა ის ალერსით ჩაიხუტა, როგორც იაკობმა იოსები, და როგორც სახარებაში აღწერილმა - უძღები შვილის მამამ თავის სინანულში მყოფი ვაჟი.

სულმა განაბრძნო ახალგაზრდა დანიელი და გაასამართლა მსაჯულები: ცილი დასწამეს სუსანას და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ვინ იხსნა იგი დამსჯელთაგან? უკვე იდგა მოწამებრივ გზაზე. ხალხს უკვე დასასჯელად მიჰყავდა, მაგრამ სუსანას ჰყავდა ყოვლისშემძლე შემწე, ნუგეშინისმცემელი სული ჭეშმარიტებისა. სული ეძახის დანიელს: „შენ ყრმავ, განსაჯე დიდები, რომლებიც სიბერეში ჩავარდნენ ახალგაზრდების ცოდვაში“. და დანიელის ჩარევით გადარჩა უბრალო სუსანა (დანიელი 45).

ნაბუქოდონოსორიც, რომელმაც იცოდა, რომ დანიელის მკერდში წმინდა სული სუნთქავდა, მას მიმართავს: „ბელტეშაცარ, მთავარო! ვიცი, შენში წმინდა ღმერთების სულია და არანაირი საიდუმლო არ არის შენთვის მიუწვდომელი; აჰა, ჩემი სიზმარი, რომელიც ვიხილე და მითხარი მისი განმარტება“ (დანიელი 4,6). ხედავ სულიწმიდის ძლიერებას? სიზმრის მნახველი ვერ ხსნის მას, ხოლო დანიელი, რომელსაც ის არ უნახავს, ხვდება სიზმრის მნიშვნელობას.

* * *

რა თქმა უნდა, შეგვეძლო უფრო ფართოდ და დაწვრილებით გვესაუბრა ძველ აღთქმაზე. მაგრამ დრო არ გვაქვს. საკმარისია, რაც ვთქვით. ახლა გადავიდეთ ახალ აღთქმაზე და აქაც შევაგროვოთ რამდენიმე თავთავი.

სულიწმიდა გარდამოვიდა ქალწულ მარიამზე, რომ ეშვა ქრისტე. ის მოიცვა საღმრთო მადლმა და ნუგეშინისმცემელმა ის მოამზადა ღვთისა და სიტყვის ჭურჭლად. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ დაბადება იყო უბიწო და უმწიკვლო. ეს ისედაც კარგად იცით. მთავარანგელოზმა გაბრიელმა მარიამს უთხრა: - „მე ვარ მახარებელი იმისა, რაც უნდა მოხდეს, მაგრამ არა თანამონაწილე. რა თქმა უნდა, მე ვარ მთავარანგელოზი, მაგრამ აქ მთავრდება ჩემი მისია. მე შენ გაუწყებ, რომ „გიხაროდენ მიმადლებულო“, მაგრამ ვერ აგიხსნი შობის საიდუმლოს. „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაა გფარვიდეს შენ“ (ლუკა 1,26-35).

სულიწმიდა ნათლად გამოჩნდა უფლის ნათლობის დროს. მათე მახარებლის თანახმად, „და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მივიდა და დაადგრა მას ზედა“ (მათე 3,16). როგორც განმარტავენ ზოგიერთნი, საჭირო იყო ქრისტეს კაცობრივ ბუნებას მისცემოდა სულიწმიდის ის მადლი, რომელიც ეძლევა ადამიანს ნათლობის დროს.

სულიწმიდის წყალობა გაუნაწილა უფალმა მოციქულებს მაშინაც, როცა მისცა მათ ხელმწიფება ადამიანთა ცოდვების მიტევებისა: „მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (იოანე 20,22-23) და დაუბარა, დარჩენილიყვნენ იერუსალიმში, ვიდრე არ შეიარაღდებოდნენ მისი ღვთაებრივი ძალით (ლუკა 24,49).

ამაღლდა უფალი ზეცად და შეასრულა დანაპირები. როდესაც მოაწია სულთმოფენობის დღემ, გარდამოვიდა სულიწმიდა მოციქულებზე, რომლებიც ერთ-ერთ სახლში იყვნენ თავმოყრილნი და ელოდებოდნენ მის მოსვლას. გარდამოვიდა, რათა ისინი შემოსილიყვნენ ძლიერებით და მონათლულიყვნენ უფლის დაპირებისამებრ. მოციქულებმა მიიღეს არა რაღაც ნაწილი მადლისა, არამედ - სრული ძალა. როგორც ნათლობის დროს მოსანათლავი მთლიანად შთაიფლება წყალში, ასევე მოციქულები მოინათლენ სულიწმიდაში. წყალი ასველებს მხოლოდ სხეულს ღვთის სული კი - გამსჭვალავს სულსაც და სხეულსაც. ეჭვი გეპარებათ? მოგიყვანთ ერთ უბრალო, მაგრამ თვალსაჩინო მაგალითს: ავიღოთ ცეცხლი და რკინა. ცეცხლი ავარვარებს რკინას, ანუ ცივი ხდება ცხელ! შავი - ძლიერ წითელი და თვალისმომჭრელ! მაშ, რატომ გეჩვენება უცნაურად, რომ სულიწმიდა აღწევს სულის სიღრმეში?

გარდამოვიდა ნუგეშინისმცემელი და ამხელა მადლის გარდამოსვლა შეუმჩნეველი რომ არ დარჩენილიყო, გაისმა ზეციური საყვირის და ძლიერი ქარის გუგუნის მსგავსი ხმა. აივსო მთელი სახლი ნათელით და გახდა გონიერების ემბაზი, რომელშიც მოინათლნენ მოწაფეები. თითოეულ მათგანს ცეცხლოვანი ენები დაეფინა, და განიბანნენ ისინი სულიწმიდის ნათელში. ეზიარნენ ცეცხლს, რომელიც კი არ წვავს და ფერფლად აქცევს, არამედ აღადგენს. ის ანადგურებს ცოდვების ისრებს და განაბრწყინებს სულს. ცეცხლოვანმა ენებმა, როგორც სამეფო გვირგვინებმა, შემოსეს მოციქულთა თავები. ოდესღაც ცეცხლოვანი ორლესული მახვილი იცავდა სამოთხის კარს, ახლა კი ცეცხლოვანმა ენამ განაღო იგი და მოავლინა ცხონება.

„და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყუად“ (საქმე 2,4). გალილეველები პეტრე და ანდრია სპარსულად თუ მიდიურად ლაპარაკობდნენ. იგივეს აკეთებდნენ იოანე და სხვა მოციქულებიც. ყოველი უცხოელი ისმენდა ღვთის სადიდებელ სიტყვებს მშობლიურ ენაზე.

ვინ არის ასეთი დიდი მასწავლებელი, რომელიც უცბად გვასწავლის იმას, რაც არ ვიცით? თუნდ მხოლოდ ბერძნული ენის სწავლას რამდენი წლის მეცადინეობა და გარჯა სჭირდება. სულიწმიდა კი ყველაფერს უცბად ასწავლის. ეს ნამდვილად დიდი სიბრძნე და საღმრთო ძალაა. როგორ უნდა შევადაროთ ერთმანეთს მოციქულების ნაკლებგანსწავლულობა, მათ უეცრად სხვადასხვა ენაზე ამეტყველებას? „ტკბილითა განსავსე არიან (საქმე 2,13) ამბობდნენ მათი შემყურენი და მართალნიც იყვნენ, რადგან მათრობელა მაჭარია სულიწმიდის მადლი.

სულიწმიდის მადლით განათლებული პეტრე, რომელმაც იცოდა, თუ ვინ ჰყავდა მოკავშირედ, დადგა თერთმეტ მოციქულთან ერთად, სიტყვით მიმართა იქ შეკრებილ ხალხს და მჭერმეტყველური ქადაგებით სამი ათასი სულა მოაქცია. ასეთი სიძლიერის იყო ის მადლი, რომელიც ეხმარებოდა მოციქულებს. მისი ძალით ქრისტეს ჯვარმცმელებმა ირწმუნეს უფალი და მოინათლნენ მისი სახელით.

ნუგეშინისმცემელის ძალამ მრავალი საოცარი სასწაული მოახდინა. განიკურნა მრავალი ავადმყოფი და დემონური სულით შეპყრობილი ადამიანი. პეტრეს ჩრდილიც კი კურნავდა სნეულთ. არა მხოლოდ თორმეტი მოციქული, არამედ - ჩანასახში მყოფი მაშინდელი ეკლესიის პირველშობილნიც კურნავდნენ, მათ შორის შვიდი დიაკონი. უპირველესად უნდა დასახელდეს პირველმოწამე სტეფანე, აღვსილი რწმენით და სულიწმიდის ნათელით. ის დიდ სასწაულებს ახდენდა და ვერავინ ახერხებდა შეწინააღმდეგებოდა მის სიბრძნესა და სულს, რომლის მეშვეობითაც ის მსჯელობდა. როდესაც მას ცილი დასწამეს და სინედრიონის წინაშე წარადგინეს, სიტყვის წარმოთქმისას სულიწმიდით აღვსილმა ცად აიხედა „და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესო, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა“ (საქმე 7,55).

ან როგორ აიხსნება სულიწმიდის ის სასწაულებრივი ქმედებანი, რომელნიც გამოვლინდა მოციქულ პავლეს ცხოვრებაში? იგი სავსე იყო სულიწმიდის ძლიერებით. ნუგეშინისმცემელმა ის „შეიცნო რჩეულ ჭურჭლად“, რათა ეღიარებინა თავისი რწმენა ქრისტეს მიმართ მეფეების, წარმართებისა და იუდეველების წინაშე. ქრისტიანობის მდევნელი გადააქცია მის მხურვალე მქადაგებლად, რომელმაც იერუსალიმიდან ადრიატიკის ზღვამდე იქადაგა უფლის სიტყვა, იქადაგა რომში და ჰქონდა სურვილი მიეღწია ესპანეთამდეც.

როგორ ავუაროთ დუმილით გვერდი მოციქულ პავლეს სასწაულებრივ საქმეებს კვიპროსზე. მოგვ ელიმას დაბრმავებას (საქმე 13,11) და ლისტრაში ხეიბრის განკურნებას (საქმე 14,8-10)? რაოდენ სასწაულებრივია სულიწმიდის ქმედებანი კილიკიაში, ფრიგიაში, გალატიაში, მისიაში და მაკედონიაში! ფილიპიადან განდევნა გრძნეული სული, ღამით კი, მიწისძვრისა და მოციქულ პავლეს ციხიდან სასწაულებრივი განთავისუფლების შემდეგ მოინათლა საპატიმროს ზედამხედველის მთელი ოჯახი (საქმე 16,16).

პავლემ იქადაგა თესალონიკეში (საქმე 17,1-9) და ათენის არეოპაგში (საქმე 17,16-34) კორინთოში და მთელ აქაიაში (საქმე 18,1-17). ეფესოში კი მისი მანდილებით და სარტყლებით ჰკურნავდნენ ავადმყოფებს და განაგდებენ უწმინდურ სულებს (საქმე 19,11-12). ტროადაში მესამე სართულიდან გადმოვარდნილი და უკვე მკვდარი ევტიქი აღადგინა (საქმე 20,9).

როდესაც კესარიაში ხელშებორკილი წარსდგა მმართველთა წინაშე, სულიწმიდისგან იმდენი სიბრძნე და მადლი მიიღო, რომ იუდეველთა მეფე აღრიპამ უთხრა: „მცირედ-ღა და მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად“ (საქმე 26,28).

* * *

კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ დრო არ გვეყოფა. ის, რასაც მოციქული პავლე ამბობს სულიწმიდის შესახებ თავის თოთხმეტ ეპისტოლეში, ბევრ ქადაგებას სჯობს. თუკი რაიმე გამომრჩა, სიცარიელეს თავად ნუგეშინისმცემელი შეავსებს. მე შემოგთავაზეთ მცირედი, თქვენ აიღეთ ბევრი. სულიწმიდა იძლევა იმდენს, რამდენის მიღებაც შეგვიძლია. მისი წყალობა ყოველთვის უხვია მათთვის, ვისაც წმინდა გული აქვს. წმინდა გული არის წალკოტი სულიწმიდისა მრავალი კეთილი ნაყოფით: სიყვარულითა და სიხარულით, მშვიდობისთა და მოთმინებით, პატიოსნებითა და სათნოებით, რწმენით, სიმშვიდითა და თავშეკავებით (იხ. 5,22-23).

წმ. კირილე იერუსალიმელის ქადაგებათა სინთეზი.
თანამედროვე ბერძნულიდან თარგმანი შესრულდა
ათენის ბერძულ-ქართულ ინსტიტუტში

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 23:49)