Georgian (Georgia)English (United Kingdom)

მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი)

მიტროპოლიტი სერგი, ერისკაცობაში ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩეკურიშვილი, დაიბადა 1959 წლის 13 აპრილს ქ. რუსთავში.

1975 წელს დაამთავრა რუსთავის N6 საშუალო სკოლა, გატაცებული იყო სპორ-ტით. იყო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრი. 1979-1981 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1981 წლიდან ზურაბ ჩეკურიშვილი სწავლობდა ხარკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში იგი სერიოზულად დაინტერესდა მართლმადიდებლური სარწმუნოებით. როგორც თვითონ აღნიშნავს: "ერთი მორწმუნე მეზობელ ქალ მარიასთან დავინახე ბიბლია. მანამდე არ ვიცოდი როგორი იყო, ავიღე, გადავშალე და პირდაპირ ეს სიტყვები ამოვიკითხე: "ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ"... მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად დიდი, ძლიერი ვიყავი, კბილის ამოღების ძალიან მეშინოდა. ჩემმა ძმამ წამიყვანა ხარკოვში ერთ დამსახურებულ ყბა-სახის ქირურგთან, ნარკოზის გაკეთება შემომთავაზეს, გავიკეთე და მოვკვდი. თხუთმეტი წუთი ჩემს თავს დავყურებდი ზემოდან. გამოფხიზლებული ისეთი შეშინებული გამოვვარდი, პირდაპირ ეკლესიაში წავედი... რწმენასთან დაახლოების გამო ინსტიტუტიდან გამომიშვეს." (67, 2009, 3, 14).

1985 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ზურაბ ჩეკურიშვილმა სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, 1986 წლიდან იგი მორჩილად გადავიდა მოსკოვის წმიდა სამების სერგის ლავრაში. 1987 წლის 13 აპრილს მორჩილი ზურაბი აღკვეცეს ბერად და წმიდა სერგი რადონეჟელის საპატივცემულოდ უწოდეს სახელი სერგი. სულ მალე იგი ჯერ ბერდიაკვნად, ხოლო 1988 წელს მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საფარის მონასტრის წინამძღვრად. როგორც მეუფე სერგი იხსენებს: "პირველად რომ ჩავედი საფარაში, ღუმელის დანთებაც არ ვიცოდი. 25 დეკემბერს ჩავედით. ვაჟა ძია იყო ყარაული, ის გვეხმაურებოდა. პირველი წირვა შობას ჩავატარეთ. იმ თოვლში დაახლოებით 50 კაცი ამოვიდა ფეხით. ძალიან დიდი სიხარული გვქონდა." (67, 2009, 3, 15). მღვდელმონაზონმა სერგიმ საფარის მონასტერში ბევრი იღვაწა რწმენისა და ცოდნის აღორძინებისათვის. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში (1991 წ.), ხოლო 1992 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა არქიმანდრიტი სერგი ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად გამოირჩია. 25 დეკემბერს, კვირას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა. არქიმანდრიტმა სერგიმ ასე დაიწყო თავისი სიტყვა:

"თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, წმიდა სინოდის წევრნო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო.

დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულია და ჩემი განწყობილების გადმოცემა გამიჭირდება, მაგრამ ღმერთი, რომლის შემწეობამაც აქამდე მომიყვანა, ალბათ იმის ძალასაც მომცემს, რომ ნაწილობრივ მაინც გადმოგცეთ და გაგიზიაროთ ის, რასაც განვიცდი.

თქვენო უწმიდესობავ, ჩემი ცხოვრების ამ მეტად საპასუხისმგებლო წუთებში მინდა გავიხსენო ჩემი პირველი შეხვედრა თქვენთან. თქვენ წასასვლელად ემზადებოდით და ჩემს მისაღებად დრო არ გქონდათ, მაგრამ წასვლა გადაიფიქრეთ და მიმიღეთ. ამ შეხვედრისას თქვენ მითხარით, ღმერთს ძალიან უყვარხართო. მაშინ, მართალი გითხრათ, თქვენი სიტყვების აზრს ვერ ჩავწვდი და უფრო ამპარტავნებით მივიღე, ვიდრე მადლიერებითა და სიხარულით, მაგრამ შემდეგ, როცა სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას, ყოველდღიურად ვგრძნობდი და ვგრძნობ უფლის იმ ზღვარდაუდებელ სიყვარულს და წყალობას, რომლითაც იგი, მწყემსი კეთილი, ჩვენ, მისთა ცხოვართა, გვმწყემსავს.

მინდა ერთი ჩემი საიდუმლოება გაგანდოთ. ამ სიყვარულის შეგრძნებამ გამხადა ქრისტიანი და უფრო მეტიც, აღმიძრა სურვილი - სიყვარულითვე მეპასუხა, ხოლო როცა ვიგრძენი, რომ მე უღირსი ვერაფრით ვპასუხობდი უფლის სიყვარულს, გადავწყვიტე ჩემი ამქვეყნიური ცხოვრება და გრძნობები მისთვის შემეწირა.

ღმერთს ვთხოვ, ამ ძნელ დროს მადლიერების ისეთი გრძნობა მომცეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე სიხარულითა და მოწიწებით მამსახუროს მისი სახელის სადიდებლად.

ჩემი ცხოვრების გზაზე მრავალი განსაცდელი შემხვედრია, მაგრამ როცა კი მოთმინებითა და მორჩილებით მიმიღია, გაღებული მცირე მსხვერპლის სანაცვლოდ უფლისაგან ყოველთვის ათასჯერ მეტი სიხარული მომნიჭებია.

მწამს, რომ ასევე იქნება ჩვენი ერის ცხოვრებაშიც, დღეს ყოველ ჩვენგანს ცხოვრება გვიხდება მძიმე განსაცდელის ჟამს, რომელიც თავს საკუთარი ცოდვებით დავიტეხეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ღვთის სახიერება უსაზღვროა და რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია "და რა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რათა იდიდოს მამაჲ ძისა თანა" (იოანე 14,13) ამიტომ თუ ჩვენი სათხოვარი გულწრფელი იქნება და ჩვენი მსახურება თავდადებული, ღმერთი ჩვენსას აუცილებლად შეისმენს და სამაგიეროსაც უხვად მოგვაგებს. ამ მძიმე ჟამმა, რომელიც უფალმა დასასჯელად კი არა, გამოსაცდელად გამოგვიგზავნა, უნდა გამოგვწრთოს და განგვსწავლოს: "განგუსწავლენ ჩუენ, უფალო, გარნა სამართალითა და ნუ რისხვითა და გულისწყრომითა" (იერემია 10,24); ამ განსაცდელმა ჩვენს ერს მრავალი წლის მანძილზე დავიწყებული და უგულებელყოფილი უფალი და მისი მცნებები უნდა გაახსენოს, რადგან სწავლაჲ უფლისაჲ განაღებს ყურთა ჩემთა" (ესაია 50,5) ამიტომ თუ ჩვენ მას ღირსეულად ვიტვირთებთ და გავუძლებთ, ცოდვებისაგან განწმენდილნი დავით წინასწარმეტყველთან ერთად გავიმეორებთ: "კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე" (ფსალმ. 118,17) და რაც დაკარგული გვეგონა, ღვთისაგან ათმაგად დაგვიბრუნდება: "რომელი იგი მას ჟამსა არა ჩანს სიხარულისა მიზეზად, ხოლო უკანასკნელ ნაყოფსა მშვიდობისასა მისცემს მის მიერ გამოცდილთა მათ ცხოვრებად მათდა" (ებრ. 12,11).

დიდია ღვთის განგება და ძალა, რომელმაც, თქვენო უწმიდესობავ, თქვენი წმიდა ლოცვებით გამომირჩია და სამცხე-ჯავახეთის უძველესი ეპარქიის მღვდელმთავრად დამადგინა. მე კარგად მესმის, რაოდენ დიდი პატივია ჩემთვის ვიწოდებოდე მღვდელ¬მთავრად იმ მხარისა, რომლის სახელიც ასე განაბრწყინეს იქ მოღვაწე წმინდა მამებმა; მესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც მე ღვთის, ერის და პირადად, თქვენო უწმიდესობავ, თქვენს წინაშე მაკისრია, მაგრამ ისევ და ისევ იმედი მაქვს ღვთის სახიერებისა, თქვენი წმიდა ლოცვებისა და ჩემი ხალხისა, რომელიც ისევე როგორც საფარის მონასტერში მოღვაწეობისას, ახლაც გვერდით ამომიდგება და მძიმე ტვირთის ტარებაში შემეშველება.

თქვენი მამობრივი მზრუნველობით გარემოცული, მე ისეთი სიხარულით მივდივარ ახალციხეში, როგორც საკუთარ ოჯახში, რადგანაც მჯერა, რომ ქრისტიანობის უდიდესი ძალა სწორედ იმ სიყვარულშია, რომლითაც იგი ადამიანებს ღვთისა და ერთმანეთის სამსახურისათვის აერთიანებს. მე მჯერა ისიც, თქვენო უწმიდესობავ, რომ ღვთის წყალობითა და თქვენი მესაჭეობით ერთსულოვნებით განმტკიცებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქართველი ერის გაერთიანებასაც შეძლებს და მას ღვთისაკენ მიმავალ გზაზე დააყენებს." (61, 1992, 12).

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა მეუფე სერგი.

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, თქვენო ყოვლადუსამღვდელესოებავ, მეუფე სერგი, ქრისტესმოყვარენო მღვდელნო, ბერნო და მონაზონნო, დანო და ძმანო.

დიდ არს უფალი და საკვირველ არს განგება და საქმენი მისნი. ადამიანის გონება ვერ მიწვდება მის განგებასა და წყალობას. დღეს აღსრულდა ის, რაზეც ორასი წლის მანძილზე ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები, - ერის საუკეთესო მოღვაწენი და კათოლიკოს-პატრიარქები, ამ ორასი წლის მანძილზე საქართველოს დღეს პირველად ჰყავს სრულად მღვდელმთავართა დასი, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი ეპარქია არაა დარჩენილი მღვდელმთავრის გარეშე.

დღევანდელი წირვა, გარდახდილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ნამდვილად ისტორიულია, რადგან დღეს აღსრულდა ის, რაც 21 დეკემბერს განაჩინა წმიდა სინოდმა და კურთხევითა ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსის სერგისა შეივსო სია ქართული ეკლესიის მღვდელმთავრებისა. ეს არ არის უბრალო დამთხვევა, იგი ნიშანია ღვთის დიდი წყალობისა და მაჩვენებელი იმისა, რომ ერთადერთი გზა, რომელსაც გადარჩენისაკენ მივყავართ, ქრისტეს გზაა.

საოცარია და რთული მე-20 საუკუნე, რადგანაც იგი აღსავსეა წინააღმდეგობებითა და მოულოდნელი მოვლენებით. ჩვენ ისეთი მოვლენების მოწმენი გავხდით, რომელთაც ვერც კი წარმოვიდგენდით. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და ეს ოცნება ღვთის მადლით აგვიხდა, მაგრამ უფალმა ისიც გვაჩვენა, რომ თუ ქართველობა სულიერად არ ამაღლდა და ფერი არ იცვალა, გამოცხადებული დამოუკიდებლობა ცარიელ სიტყვადღა დარჩება. ჭეშმარიტ თავისუფლებას ის მოიპოვებს, ვინც თავისი თავის უფალი გახდება, ანუ საკუთარი ვნებების დამორჩილებით თავს დააღწევს ცოდვის ტყვეობას. ამიტომ ერის თავისუფლების პროცესი ყოველი ადამიანის განთავისუფლებით უნდა დაიწყოს. დღეს კი თავისუფლება აქვს ყველას და ყველაფერი შეუძლია: ძარცვა, ძალადობა, მკვლელობა. დღეს ქართველისათვის აღარაფერი დარჩა წმიდა და ხელშეუხებელი. იგი შეურაცხყოფს მღვდლებს, პატრიარქს და ეკლესიასაც კი. ეს ეშმაკის ტყვეობას ნიშნავს. თავისუფალი ისაა, ვინც ამ ბოროტ ძალას თავს დააღწევს და თავის გულსა და ვნებებს დაეპატრონება. ადამიანს ნამდვილად სჭირდება ვნებათა მომთოკავი სულიერი ძალა, სჭირდება მადლი ღვთისა - უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უძლურნი ვართ და ყველას გვაქვს ნაკლი, მაგრამ რწმენაც უნდა გვქონდეს, რომ ეს ნაკლი განვიცადოთ. ამიტომაც ევედრება ღმერთს დიდი მოძღვარი ეფრემ ასური: მომანიჭე მე განცდაY თვისთა ცოდვათა. კაცი ცოდვებითა და უწესობით კი არ უნდა ამაყობდეს, არამედ ღმერთს უნდა სთხოვდეს განკურნებას და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვა მასთან ყოველთა მკურნალი, საკუთარ ცოდვებზე თვალახელილი კაცი, სხვის გასაჭირსაც ადვილად დაინახავს და მოყვასისა და ღვთისაკენ სწრაფვით სულიერ ჯვარს შექმნის, რომლის გარეშეც ვერ მივა უფალთან და ვერ გახდება მკვიდრი სასუფევლისა. ამ სულიერი ჯვრის შესაქმნელადაა მოწოდებული ყოველი ადამიანი და მით უმეტეს მღვდელმთავარი.

თქვენი ყოვლადუსამღვდელოესობავ მეუფე სერგი, დღეს უხვად გადმოვიდა თქვენზე მადლი სულისა წმიდისა, დღეს თქვენ ხელი დაგადოთ არა მხოლოდ მღვდელმთავრებმა და მე, ცოდვილმა კათოლიკოს-პატრიარქმა, არამედ ზეციური საქართველოს მკვიდრმა მღვდელმთავრებმაც და პატრიარქებმაც, რომელთაც უხვად მოიწვიეს თქვენზე მადლი. ეცადეთ არ დაკარგოთ ეს მადლი, არამედ პირიქით, მიუმატოთ, ხოლო მოგემატებათ იმ შემთხვევაში, თუ ლოცვასა, მარხვასა და მოღვაწეობას გააძლიერებთ. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ მადლი პირველ რიგში თავმდაბლებსა და მორჩილებს ეძლევათ. ამას ჩემი გამოცდილებიდანაც გეუბნებით, - ერთადერთი გზა, მიმავალი უფლისაკენ, თავმდაბლობა და მორჩილებაა. თქვენი მოღვაწეობის გზაზე ბევრი გეყოლებათ ხოტბის შემსხმელიცა და შეურაცხმყოფელიც, მაგრამ ამას ნუ შეუშინდებით. როცა ქებას დაგიწყებენ, ეცადეთ, ამპარტავნება არ დაგეუფლოთ, ხოლო შეურაცხყოფამ სასოწარკვეთილებასა და მწუხარებაში არ ჩაგაგდოთ. ერთმა მორჩილმა მოძღვარს ჰკითხა, როგორ მოვიქცე, როცა მაქებენ და მაძაგებენო, მოძღვარმა ურჩია, წასულიყო სასაფლაოზე, ჯერ ექო და შემდეგ, ელანძღა მკვდრები. ასეც მოიქცა, როცა უკან დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა: რა გითხრეს მიცვალებულთა, როცა აქებდიო, - არაფერიო, - უპასუხა მორჩილმა, როცა ლანძღავდიო? - ისევ არაფერიო. შენც ასე მოიქეცი და ცხონდებიო. თქვენც ასე მოიქეცით, მეუფეო სერგი და თავმდაბლობა გამოიჩინეთ არა მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქისა და უფროსი მღვდელმთავრების წინაშე, არამედ თვით ყველაზე დიდი ცოდვილის წინაშეც კი. აი, ეს იქნება ჭეშმარიტი თავმდაბლობა, რომელიც გარეგნული ქცევის ნორმას კი არა, შინაგან სათნოებას წარმოადგენს.

თქვენ იმ ეპარქიაში მიდიხართ მღვდელმთავრად, რომელმაც თქვენ, როგორც მოძღვარი, უკვე გაგიცნოთ და შეგიყვარათ საფარის მონასტერში მოღვაწეობის მანძილზე. ამ სიყვარულის დადასტურებაა ის, რომ დღეს აქ, სვეტიცხოველში გამართულ ისტორიულ წირვას, ბევრი მათგანი ესწრება. თქვენ მიდიხართ საქართველოს დიდებულ მხარეში, სადაც ოდესღაც ჰყვაოდა მაღალი სულიერი კულტურა. დღეს ამ მხარეს უჭირს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი დიდი წინაპრების ლოცვითა და შუამდგომლობით სამცხე-ჯავახეთს კვლავ დაუბრუნდება ძველი დიდება, იგი ხელახლა მოშენდება და მოძლავრდება. აი, ამ საშვილიშვილო საქმეში უნდა გამოჩნდეს, უპირველეს ყოვლისა, მღვდელმთავრის როლი, თქვენ უნდა იზრუნოთ ამისათვის. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ეკლესიის მსახური თვითონ უნდა მივიდეს ხალხთან. თქვენ სრული წარმოდგენა უნდა გქონდეთ თქვენი ეპარქიის ყველა სოფელსა და ყველა ოჯახზე; უნდა იცოდეთ, ვინ რას აკეთებს, ვის რა უჭირს, ვინაა დაცემული და გზასაცდენილი.

მე იმედი მაქვს, რომ სამცხე-ჯავახეთის ყველა სოფელში ამოქმედდება ეკლესია, კვლავ გაბრწყინდებიან ვარძიის, ზედა ვარძიისა და საფარისა და სხვა მონასტრები ბერ-მონაზონთა თავდადებული მოღვაწეობით.

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

გეწეოდეთ წმიდათა მართალთა მამათა, რომელთა მოსახსენებელიცაა დღეს, და დიდთა წინაპართა ლოცვა. ამინ." (61, 1992, 12).

1992 წელს მეუფე სერგი დაინიშნა წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ახალციხის სემინარიის რექტორად. 1996 წელს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1997 წლის 14 ნოემბრიდან მთავარეპისკოპოსი სერგი გადაყვანილ იქნა ნეკრესის ეპარქიის მმართველად. ნეკრესის ეპარქია ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, როგორც "ქართლი ცხოვრება" მოგვითხრობს, IV საუკუნის II ნახევარში თრდატ მეფემ "ნეკრესს კახეთისასა ეკლესია აღაშენა განსრულებით", ხოლო მეფე ვახტანგ გორგასალმა ნეკრესში საეპისკოპოსო კათედრა დაადგინა. ისტორიულმა ძნელბედობამ თავისი კვალი დაამჩნია უძველეს ეპარქიას. XVII საუკუნის დასაწყისიდან შაჰ აბას I-მა კახეთს ნეკრესის სამღვდელმთავრო ტერიტორიის ნაწილი ჩამოაშორა და აქ მუსლიმანური სასულთანო შექმნა, დაიწყო ქართველი ქრისტიანი მოსახლეობის არნახული შევიწროება, გამაჰმადიანება. "ინგილო" გამაჰმადიანებულს ნიშნავდა. XIX საუკუნეში საინგილოში მცხოვრები ქრისტიანი ქართველები ალავერდის ეპარქიაში შედიოდნენ... საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1925 წელს, შეიქმნა ბოდბის ეპარქია, რომელშიც გაერთიანებული იყო ისტორიული ჰერეთის (საინგილოს) ნაწილიც, მაგრამ XX საუკუნის 20-30-იანი წლების აგრესიული ათეიზმის პოლიტიკის წყალობით ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით დაიხურა. სასულიერო პირები დევნილ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 1995 წელს აღდგა ნეკრესის ეპარქია, რომელსაც 2002 წლის 17 ოქტომბრის წმიდა სინოდის განჩინებით ეწოდა ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია. მეუფე სერგი 17 ნოემბერს ჩავიდა ეპარქიაში. ამ დროს ეპარქიაში მოქმედი იყო რამდენიმე ეკლესია და სამლოცველო სახლი. როგორც მეუფე სერგი აღნიშნავს: "დღესდღეობით ხუთი მონასტერი გვაქვს. უმეტეს მათგანში ყოველდღე წირვა-ლოცვა აღესრულება. მონაზონთა რიცხვი იზრდება, იხსნება ორი მონასტერი: ხარების დედათა მონასტერი, რომლის მშენებლობა თითქმის მთავრდება და მონასტერი ველისციხეში. აღდგენილია ძველი ეკლესიები და ყოველ კვირას წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ნეკრესის მამათა მოანსტერში თოთხმეტი ადამიანია. ლაგოდეხში გვაქვს მამათა მონასტერი, სადაც მოღვაწეობს შვიდი ადამიანი. გრემის მონასტერში - ხუთი. ლაგოდეხის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერშიც ხუთნი არიან. რაც შეეხება ეკლესიებს, ლაგოდეხში სამი ეკლესია გვაქვს: ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარი. იქ საკმაოდ ბევრი ხალხი დადის. ყაზანის ღვთისმშობელი სასწაულმოქმედია; სამების ტაძარი ბოლო პერიოდში აშენდა; არის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, სადაც დედები არიან. მონაზვნების მოთხოვნით ამ ადგილას მონასტერი სტალინის დროს გაიხსნა. მოქმედი ტაძრებია ვარდისუბანში, ყარსუბანში, თელამაში, შილდაში, კუჭატანში, ახალსოფელში, გიორგეთში, ლელიანში, მთისძირში. ყვარელში გვაქვს ფერისცვალების, იოანე ნათლისმცემლის და დუბის ღვთისმშობლის ტაძარი. ახლა ვაპირებთ საკათედრო ტაძრის აშენებას. ეპარქიაში ფუნქციონირებს სასულიერო გიმნაზია, სადაც სწავლობს 200-ზე მეტი მოსწავლე. 2009 წლის სექტემბრიდან ეპარქიაში იხსნება სასულიერო სემინარია. თავიდან ყვარლის რაიონში ცივად შეგვხდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი კარგი და თბილი ადამიანი ცხოვრობს იქ, რომელნიც შინაგანად პატიოსანი და ძლიერია. იმედი მაქვს, ყვარელში მორწმუნეთა საკმაოდ სერიოზული კერა ჩამოყალიბდება." (67, 2009, 3, 17).

2000 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მეუფე სერგის მიებოძა მიტროპოლიტობა, ხოლო 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით. მეუფე სერგი თვლის - "ძალიან ძნელია ეპისკოპოსობა, მით უმეტეს ამ ბოლო ჟამს... ნათქვამია, ადამიანს შვიდი ეშმაკი დასდევს, მღვდელს - თორმეტი, ბერს - ოცდაცამეტი, ეპისკოპოსს - ათი ათასიო, მაგრამ უფალი დიდია."


მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე)

მიტროპოლიტი იოსები, ერისკაცობაში გიორგი მილენის ძე კიკვაძე, დაიბადა 1959 წლის 17 სექტემბერს ჩოხატაურის რაიონ სოფელ ზედა ფარცხმაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1978 წელს. 1978-1979 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩაისუბნის საშუალო სკოლაში ხატვა-ხაზვის მასწავლებლად. 1979-1981 იყო წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში, დემობილიზაციის შემდეგ 1981-1985 წლებში ასწავლიდა ქანდაკებას, გრაფიკას და ფერწერას ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში.

1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1986 წლიდან გიორგი კიკვაძე თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის მრევლია, პარალელურად მსახურობდა სტიქაროსნად მცხეთაში, წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში. 1990 წელს წავიდა საფარის მამათა მონასტერში, სადაც აკურთხეს მორჩილად, იმავე წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაირიცხა თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1991 წლის 16 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღკვეცა ბერად სვეტიცხოველში და უწოდა სახელად იოსები. 1991 წლის 23 მაისს პატრიარქმა მამა იოსები დავით-გარეჯის მონასტერში აკურთხა დიაკვნად. 1991 წლის 3 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი იოსები სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხა მღვდელ-მონაზვნად და განაწესა სვეტიცხოვლისა და წმიდა ნინოს დედათა მონასტრის მწირველ მღვდლად.

1992-1993 წლებში იგი მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარია. 1993 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ.

1995 წლის 7 აპრილს წმიდა სინოდის განჩინებით წმიდა ხარების დღესასწაულზე ეკურთხა შემოქმედელ ეპისკოპოსად. შემოქმედის ეპარქია მოიცავს გურიის რეგიონს. მრავალი განსაცდელი გადაიტანა ეპარქიამ XVI საუკუნის II ნახევრიდან - გურიის დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიპყრეს. ისინი სდევნიდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას, სასულიერო პირებს. 1885 წლიდან არსებობდა გურია-სამეგრელოს ეპარქია, 1917 წლიდან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, არსებობდა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია. ბოლშევიკური მმართველობის ხანაში (1921-1989 წ.წ.) ყველაზე მეტად გურიის რეგიონი დაზარალდა. ადგილობრივი პროვინციული ლიდერების მოწადინებით დანგრეულ და გაძარცვულ იქნა ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა, ათეიზმმა გადაფარა ყველაფერი. ასეთი რთული, ნივთიერად და სულიერად შეჭირვებული ეპარქია ჩაიბარა მეუფე იოსებმა, რომელიც შეუდგა რა თავის საქმიანობას, დაიწყო ხალხის სარწმუნოებისაკენ შემობრუნება. მისი ღვაწლით ეპარქიაში ამოქმედდა 42 ეკლესია, 5 მამათა და 2 დედათა მონასტერი, სადაც ღვთისმსახურებას ეწევა 21 სასულიერო პირი. მოქმედი ეკლესიებია: შემოქმედის მაცხოვრის სახელობის, ჯუმათის მთავარანგელოზის, მაკვანეთის ხარების, ასკანას ამაღლების, აჭის წმიდა გიორგის, ბახმაროს ფერისცვალების, ჭაჭიეთის შალვა ახალციხელის, ცხემლის ხიდის წმიდა ნიკოლოზის, ერკეთის მთავარანგელოზის, გორბეჟოულის სამების, ჯიხეთის ტაძრად მიყვანების, ჯიხეთის იოანე ნათლისმცემლის, ჯიხეთის წმიდა გიორგის სახელობის, ჯუმათის ხარების, ლანჩხუთის ივერიის ღვთისმშობლის, ლანჩხუთის პანტელეიმონ მკურნალის სახელობის, მზიანას წმიდა გიორგის, ნაგომარის წმიდა მარინეს, ნატანების წმიდა პანტელეიმონის, ხევის წმიდა ნიკოლოზის, უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის, სუფსის ყოველთა წმიდათა, შუა ამაღლების, მამულარის ფერისცვალების, ბუკნარის ღვთისმშობლის, კვირიკეთის, შუხუთის წმიდა გიორგის, მერიის ღვთისმშობლის, ჩოხატაურის გრიგოლ ხანძთელის, ფარცხმის ხარების, აცნის, ოზურგეთის, ვაკიჯვრის, ჩიბათის, წყალწმიდის, გრიგოლეთის, დვაბზუს, მამათის, ამაღლების, აკეთის, მახვის, საჭაშისერის ეკლესიები. ეპარქიის სამღვდელოებაა: არქიმანდრიტები: ანდრია კბილაშვილი, მიქაელ მიგინეიშვილი, პეტრე ანდღულაძე, მარკოზ გურგენიძე, დეკანოზები: მათე გორდელაძე, სვიმონ სვანიძე, ბასილ კვირჩრილაძე, იღუმენი აბულონ ხუბუკელაშვილი, იოსებ ღლონტი, დეკანოზი საბა ჟღენტი, მღვდელი გიორგი ჟღენტი, ბართლომე რუხაძე, მიქაელ ტუღუში, მოსე ჩხარტიშვილი, ვახტანგ თოხაძე, ბესარიონ ლომინეიშვილი, დავით ჯანჯღავა, შალვა ჯინჭარაძე, შალვა გოგაძე, კახაბერ წიტაიშვილი, კონსტანტინე ჯინჭარაძე, იოანე ორმოცაძე, ბიქტორ გიორგაძე, გაბრიელ ლომაძე, მირიან ფირცხალაიშვილი, დიმიტრი დარჩია, ბერი ბენიამინ კეკელიძე.

შემოქმედის ეპარქიაში მოქმედი მონასტრებია: 1. ჯუმათის მთავარანგელოზ მიქაელისა (წინამძღვარი იღუმენი მიქაელი მიგინეიშვილი). 2. აჭის წმიდა გიორგისა (წინამძღვარი მღვდელმონაზონი იოსები _ ღლონტი). 3. უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის (წინამძღვარი იღუმენი პეტრე ანღულაძე), 4. შემოქმედის მაცხოვრის (წინამძღვარი მღვდელმონაზონი ელიზბარი (ბაბუხადია), 5. გრიგოლეთისა (წინამძღვარი ზაბულონი (ხუბეკელაშვილი). 6. სამება-ჯიხეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დედათა მონასტერი (წინამძღვარი არქიმანდრიტი ანდრია), 7. ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის (წინამძღვარი მიტროპოლიტი იოსები). ეპარქიაში ფუნქციონირებს: 1. ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის სასულიერო გიმნაზია, 2. ოზურგეთის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო პროფესიული სასწავლებელი, 3. ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია, 4. ცხემლის ხიდის სამგალობლო სკოლა, 5. სოფელ მაკვანეთის სამგალობლო სკოლა. ეპარქიას აქვს შემდეგი ჟურნალ-გაზეთები: "ანი და ჰოე", გაზეთი "ხარება".

2000 წლის 28 ნოემბერს მეუფე იოსებს მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის პატივი მიებოძა.

2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი იოსები დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით.

 

მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია)

მიტროპოლიტი ისაია, ერისკაცობაში ზურაბ მირდატის ძე ჭანტურია, დაიბადა 1961 წლის 12 აპრილს ქ. წალენჯიხაში. როგორც თავის მიერ შედგენილ ავტობიოგრაფიაში გვამცნობს: "დედა სკოლა-ინტერნატის დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო. მას ძალიან უყვარდა თავისი საქმე. იცოდა კერვა, ქარგვა, სახლში მის მიერ შეკერილი ფარდები, მაგიდისა და ტახტის გადასაფარებლები გვქონდა... მამამ გვასწავლა ჭად¬რაკის თამაში, გამოწერილი ჰქონდა ჭადრაკის ჟურნალები, გვირჩევდა საჭადრაკო ეტიუდებს და ჩვენს შორის იმართებოდა ჩემპიონატი... მე-4 კლასამდე ვსწავლობდი წალენჯიხის სკოლა-ინტერნატში, მე-5 კლასიდან - წალენჯიხის პირველ საშუალო სკოლაში. დავიწყე პიონერთა სახლში ხატვის წრეზე სიარული. გავიმარჯვე პიონერთა სასახლეში ჩატარებულ ხატვის კონკურსებში. მერვე კლასში დღის წესრიგში დადგა მოსწავლეების კომკავშირში შესვლა. ეს უკვე ისეთი დროა, როდესაც კომკავშირსა და კომუნისტურ პარტიას ჩვენს თვალში აღარ ჰქონდა ავტორიტეტი. ჩვენ ვხვდებოდით, რომ იქ ადამიანები შედიოდნენ უფრო კარიერისა და თბილი, უზრუნველყოფილი სამსახურისათვის. მე ამაში სიყალბეს ვხედავდი და რადგანაც შემოქმედებითი სამყაროთი ვსულდგმულობდი ასეთი სიყალბე სრულებით მიუღებელი იყო ჩემთვის". რვა კლასის დამთავრების შემდეგ ზურაბ ჭანტურიამ სწავლა განაგრძო მოსე თოიძის სახელობის პროფესიულ ტექნიკუმში. 1982 წელს აბარებდა სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში... ყველგან გულცივობა დახვდა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდას... როგორც მეუფე ისაია იხსენებს, "ახლობელმა სამუშაო გამომიძებნა მულტიპიკაციის სტუდიაში, იმ დროს მულტიპიკაციის სტუდიაში მიმდინარეობდა მულტფილმ "ბაბილინა"-ზე მუშაობა, სადაც დამდგმელი მხატვარი იყო ზაალ მეღვინეთუხუცესი. პირველად სწორედ ამ ფილმზე მომიწია მუშაობა - ნახატებს გრაფიკულად ვამუშავებდი. მულტიპიკაციის სტუდიის მხატვრული ხელმძღვანელი გელა კანდელაკი ახალი სასწავლო წლისათვის თეატრალურ ინსტიტუტში აპირებდა მულტიპიკატორების მომზადებას და არჩევდა ახალგაზრდებს მულტიპიკაციის სტუდიისათვის. 1986 წელს შეიძლება ითქვას, ბატონი გელას პირადი მონდომების წყალობით, ჩავირიცხე ინსტიტუტში და გავხდი კინოფაკულტეტის სტუდენტი. ამავე დროს დაემთხვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა... პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, წალენჯიხაში ყოფნის დროს, თბილისიდან ჩამოვიდა ახალგაზრდა კაცი, სახელად ფარნაოზი, მან ჩამოიტანა ხელმოწერებისათვის გამზადებული წერილი, სადაც ხელისუფლებისადმი იყო თხოვნა წალენჯიხის ეკლესიის ამოქმედებისათვის ნებართვის გაცემის შესახებ, ქაღალდზე მხოლოდ ერთი ხელმოწერა იყო, ამ მოთხოვნას ძალმოსილება რომ ჰქონოდა, საჭირო იყო ოცი ადამიანის ხელმოწერა. ამ საქმეში მეც მომიწია მონაწილეობამ. ხელმოწერები შევაგროვეთ და დავგზავნე დანიშნულებისამებრ ერთი საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში, მეორე - მოსკოვში, მესამე - საქართველოს სსრ რელიგიის საქმეთა რწმუნებულთან, მეოთხე წალენჯიხის რაიკომში. ერთიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის უნდა გამეგზავნა. რჩევა ჩემს ჯგუფელს პაატას ვკითხე (მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი), რომელიც იმჟამად უკვე ეკლესიის მრევლის წევრი იყო. მან მითხრა, რაღა ფოსტით გავუგზავნოთ წერილი პატრიარქს, წმიდა მეფე თამარის ხსენების დღეს დიდუბეში სწირავს და ეს წერილი იქ მივართვათო. მართლაც მივედით, ხალხმრავლობა იყო, პაატამ მნათეს სთხოვა ჩვენი წერილი გადაეცა პატრიარქისათვის, მან კი გვითხრა ცოტა ხანი დავლოდებოდით. როცა მობრუნდა, გადმოგვცა უწმიდესის დანაბარები, თვითონ გადმომცეს წერილიო. პირველად ვიმყოფებოდი პატრიარქის მსახურებაზე. მაშინ მონათლულიც არ ვიყავი და სახელდახელოდ მასწავლეს, თუ როგორ მოვქცეულიყავი: მუხლი უნდა მომეყარა და ხელზე მთხვევით კურთხევა მიმეღო პატრიარქისაგან, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი ყველაფერი ზედმიწევნით შემესრულებინა, მაგრამ როდესაც საკურთხეველში შემიყვანეს, დავიბენი. საკურთხეველში ტახტზე პატრიარქია დაბრძანებული, მრავალი სასულიერო პირი, სტიქაროსნები, მოკლედ, დაბნეული პირდაპირ პატრიარქისაკენ გავემართე. არ ვიცი, სტიქაროსნებს რა მოეჩვენათ და ხმამაღლა შემომძახეს "დაიჩოქე"! მე, ისედაც დაბნეულს, სულ მთლად გული გამისკდა და დაჩოქების ნაცვლად დავემხე პატრიარქის წინაშე. პატრიარქმა წამომაყენა, ჩამიხუტა, მომასულიერა, რაღაცეები გამომკითხა, წერილი გამომართვა და დამლოცა. საკურთხევლიდან ფრთებშესხმული გამოვედი, უსაზღვრო იყო უწმიდესთან შეხვედრით გამოწვეული სიხარული... ჩემი ნათლობა მამა დავითმა (მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი) შეასრულა. მალე მამა დავითი სიონის ტაძრიდან მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს და მრევლის წევრებიც წირვებზე დასასწრებად თბილისიდან მცხეთაში დავდიოდით. იქ გავიცანი მამა გაბრიელი (ურგებაძე). ჩემთვის ეს წლები ძვირფასად მოსაგონარია: სამთავროს დედათა მონასტერში წირვები, სვეტიცხოვლის ტაძარში ჩასვლა, ფარავნის ტბიდან წმიდა ნინოს გზაზე მსვლელობა. ფოკაში დედათა მონასტრის დაარსების დროს თვენახევარი ფოკას მამათა მონასტერში დარჩენა, შავნაბადას მონასტერში დროდადრო ასვლა. გამიჩნდა სურვილი, მესწავლა სასულიერო აკადემიაში, ვესწრებოდი ლექციებს როგორც თავისუფალი მსმენელი სასულიერო აკადემიის ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე".

1993 წელს ზურაბ ჭანტურია შეიმოსა მორჩილის კაბით ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის დანიელის ლოცვა-კურთხევით, მაგრამ სულ მალე იქ განვითარებული მოვლენების შემდეგ (ომი, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია) ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის სამღვდელოებასთან, დევნილ მოსახლეობასთან ერთად გადალახა საკენი-ჭუბერის უღელტეხილი, 15 სექტემბრიდან იგი ცხუმ-აფხაზეთის სამღვდელოებასთან ერთად დაემკვიდრა მარტყოფის მონასტერში. 1994 წლის 11 აპრილს მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა მორჩილი ზურაბი-ილია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღკვეცა ბერად და სახელად ისაია უწოდა. იმავე წლის 24 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი ისაია აკურთხა ბერ-დიაკვნად, მალევე ბერ-დიაკონი ისაია მცხეთის წმიდა ოლღას დედათა მონასტერში ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად. 1994-1995 წლებში მღვდელმონაზონი ისაია უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ასრულებდა მარტყოფის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას. 1995 წლის თებერვალში მღვდელ-მონაზონ ისაიას ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მიენიჭა იღუმენის წოდება. 1995 წლის 5 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება _ აღსდგა უძველესი ეპარქია ნიქოზისა და ცხინვალისა, რომელიც შუა საუკუნეებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. წმიდა სინოდმა იღუმენი ისაია გამოარჩია ახლადაღდგენილი ეპარქიის საჭეთმპყრობლად. 1995 წლის 9 აპრილს, ღირსი მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს, წმიდა სინოდის განჩინების თანახმად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა სინოდის წევრი მღვდელმთავრების თანამსახურებით აღასრულა იღუმენ ისაიას ეპისკოპოსად კურთხევის წესი. 8 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად წარდგინებისას იღუმენმა ისაიამ ასე დაიწყო თავისი გამოსვლა:

"უპირველეს ყოვლისა, ვმადლობ ღმერთს ჩემთვის მონიჭებული წყალობისათვის. შემდგომად ღვთისა გმადლობთ თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო, იმ მამობრივი ზრუნვისა და სიყვარულისათვის, რომელმაც ჯერ ეკლესიაში მომიყვანა, ხოლო შემდეგ ღვთისმსახურების გზაზე დადგომა შემაძლებინა და დღემდე მომიყვანა.

გმადლობთ მეუფენო. მოძღვარნო და ყოველნო მორწმუნენო ჩემი თანადგომისა და გამხნევებისათვის, რომ არა თქვენი სიყვარული, დღეს ალბათ აქ, თქვენ წინაშე, წარდგომას ვერ შევძლებდი.

მონასტერში ცხოვრების მანძილზე განმარტოვებული ცხოვრების სურვილი დამებადა. ჩემი მომავალი ცხოვრება უფრო მყუდრო ადგილას მესახებოდა, ვიდრე ანტონ მარტყოფელის მონასტერია. განსაკუთრებით ხშირად აფხაზეთზე ვფიქრობდი, მინდოდა იქ როდესაც დაბრუნებას შევძლებდით, რამდენიმე ძმასთან ერთად სადმე სამოღვაწეო - უდაბნო - ადგილას დავმკვიდრებულიყავი, მაგრამ გამოუკვლელ არიან გზანი შენნი. უფალო! მისი ნებით ჩემი ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართა.

მიფიქრია იმაზეც, ბრძოლის ველზე მეთაური ყველაზე ძნელი დავალების შესასრულებლად ვის გაგზავნიდა და ვის სიცოცხლეს დასდებდა სასწორზე. რა თქმა უნდა, იმას, ვისი განსაკუთრებული ნდობაც ექნებოდა. დღეს თქვენი მხრიდან, თქვენო უწმიდესობავ, ჩემს მიმართ სწორედ ამგვარი ნდობა იქნა გამომჟღავნებული, რისთვისაც დიდად გმადლობთ.

დღევანდელი დღე ჩემთვის დასასრულია მყუდრო მონასტრული ცხოვრებისა და იმგვარი გზის დასაწყისია, რომელიც ღვთის წინაშე არა მხოლოდ საკუთარ სულზე, არამედ სხვათა სულებზე პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. ამ პასუხისმგებლობაზე დაფიქრებამ არ შეიძლება ადამიანი არ შეაძრწუნოს, მაგრამ ჩემს მღელვარებას თან სიხარულიც ახლავს, თქვენი ნდობით გამოწვეული.

თუმცა ნიქოზისა და ცხინვალის მხარეს კარგად არ ვიცნობ, ეს კი კარგად ვიცი, რომ აქ მსახურება სასულიერო პირისაგან დიდ ძალისხმევას და თავდადებას მოითხოვს... შევეცდები ამ მხარეში ეკლესიური ცხოვრების გაძლიერებას... არსებული კრიზისის დაძლევა ხომ მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოების მეოხებითაა შესაძლებელი.

ბერად აღკვეცისა თუ დიაკვნად და მღვდლად კურთხევისას უწმიდესისაგან სულ ერთსა და იმავე რჩევას ვიღებდი: ახლა უფრო მეტი თავმდაბლობა და მორჩილება გმართებს, რადგან ეს თვისებები, რომელიც ქრისტიანის ძვირფასი სამკაული და სულიერი წარმატების გვირგვინია, ხარისხის პროპორციულად უნდა იზრდებოდეს.

თქვენო უწმიდესობავ, ყოვლადსამღვდელო მეუფენო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, სულიერ თანადგომას და ლოცვებში მოხსენიებას ვითხოვ თქვენგან, რათა უფალმა ძალა მომცეს ჩემთვის ბოძებული ჯვრის თავმდაბლობით და მორჩილებით ტარებისათვის." (61, 1995, 4).

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიულოცა ახალ ეპისკოპოსს მღვდელმთავრის ხარისხში ამაღლება და უსურვა წარმატებები თავის საქმიანობაში. ეპარქია, რომელიც მეუფე ისაიამ ჩაიბარა ერთ-ერთი ურთულესია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ცხინვალის რეგიონში გარე ძალების წაქეზებით მოხდა დაპირისპირება ოსებსა და ქართველებს შორის. მეუფე ისაიას ძალისხმევით ეპარქიაში ამოქმედდა ნიქოზის ამაღლების, ავნევის ღვთისმშობლის შობის, ქურთის ყოვლადწმიდა სამების, ლარგვისის თეოდორე ტირონის, იკორთას ალექსი ბერის სახელობის დედათა მონასტერი, ავლევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი. 2000 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ეპისკოპოს ისაიას მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2006 წელს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და დაიწყეს ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა, განსაკუთრებით სასტიკად დაიბომბა ცხინვალის ქართული სოფლები: თამარშენი, კეხვი, აჩაბეთი, ქემერტი, ქურთა, გორის სოფლები: ტყვიავი, ნიქოზი... მეუფე ისაიას ერთი წუთითაც არ მიუტოვებია ეპარქია. როგორც იგი იხსენებს: "აქ დარჩენილმა ქართულმა მოსახლეობამ სხვადასხვა სახის განსაცდელი გამოიარა. განსაცდელის პირველი ტალღა იყო, როცა ბრძოლები ჯერ კიდევ ჩვენგან მოშორებით მიმდინარეობდა, როცა გვიშენდნენ ქვემეხებიდან, რაც ფსიქოლოგიურად მძიმე იყო... მერე განსაცდელის ახალი ტალღა მოიწია. გამოჩნდნენ ბომბდამშენები, რომელთა ჭურვებიც აზანზარებდა აქაურობას, ეს შემზარავი სანახაობა იყო... ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, წირვის შემდეგ ყველანი ერთად სატრაპეზოში ვისხედით, ჩვენი სატრაპეზო ერთსართულიანი ნაგებობა იყო, მის გვერდით სენაკები გვქონდა. მარტო ამ ადგილას 12 ჭურვია ჩამოვარდნილი... სამონასტრო ნაგებობა მთლიანად დაიწვა, სრულიად განადგურდა ბიბლიოთეკა და არქივი, არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა სადმე მოვიძიოთ ის უნიკალური ფოტოები, რომელნიც აქ იყო დაცული." (68, 2008, 30).

მეუფე ისაიამ ბოლომდე გაიზიარა ეპარქიის მოსახლეობის მძიმე ხვედრი. ასეთ ვითარებაში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მთელ მსოფლიოს უჩვენა გმირობის მაგალითი, იმ დროს, როდესაც გორისა და ცხინვალის რაიონებში რუსული ბომბდამშენები ინტენსიურად ახორციელებდნენ დაბომბვას, ცეცხლის ალში იყო გახვეული სოფლები, პატრიარქი ჯერ გორში, ხოლო შემდეგ ნიქოზში ჩავიდა, გაამხნევა ეპარქიის სამღვდელოება, შეხვდა რუს გენერლებს... მან აღნიშნა: ვერ წარმოგვედგინა, რომ მართლმადიდებელი რუსეთი ასე გაიმეტებდა საქართველოს. 24 აგვისტოს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში მისმა უწმიდესობამ ბრძანა: "რამდენჯერ ყოფილა ჩვენს ისტორიაში, როცა მტერს უნდოდა ხერხემალში გადაეტეხა ჩვენი ერი, უნდოდა ჩვენი მიწა-წყლის წართმევა, ჩვენი კულტურის, ჩვენი სარწმუნოების განადგურება, მაგრამ უფალმა არ დაუშვა ეს და განგვკურნა და დაგვიამა ჭრილობები. ადამიანი, რომელიც გულში ბოროტებას ატარებს, უპირველეს ყოვლისა, თვის თავს ვნებს. შურისძიება არ ახასიათებს ქართველს." (68, 2008, 30). ღრმა ჭრილობები აქვს საქართველოს, ეს ჭრილობები ყველაზე კარგად ჩანს ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, მაგრამ გვწამს ჩვენი ხალხის შეუდრეკელობისა და თავდადებისა, მეუფე ისაიამ ამ თავდადების მაგალითი უჩვენა ყველას და ასე დარჩება იგი ისტორიაში.


მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)

მიტროპოლიტი სერაფიმე, ერისკაცობაში თამაზ ილიას ძე ჯოჯუა, დაიბადა 1961 წლის 15 თებერვალს ქ. სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1991-1992 წლებში თამაზ ჯოჯუა იმყოფებოდა მარტყოფის მამათა მონასტერში მორჩილებაში. 1992 წლის 28 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დღესას-წაულზე ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა (დათუაშვილი) მორჩილი აკაკი ვარძიაში ბერად აღკვეცა და წმიდა სერაფიმ საროველის პატივსაცემად უწოდა სახელი სერაფიმე და დაადგინა ფოკას მამათა მონასტრის წინამძღვრად, ოქტომბრის თვეში ფოკას მონასტერში აკურთხა ბერ-დიაკვნად.

1992 წლის 26 ნოემბერს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი სერაფიმე სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. როგორც მეუფე სერაფიმე იხსენებს: "არასოდეს მიფიქრია ბერობაზე. 1976-1977 წლებში, როდესაც სკოლას ვამთავრებდი, რატომღაც დავიწყე საუბარი ამ თემაზე. მშობლებსაც ვუთხარი, რომ მონასტერში წასვლა მინდოდა. არ ვიცოდი, რა იყო მონასტერი, მაგრამ პატივისცემა და სიყვარული მონასტრისა და სულიერების მიმართ ყოველთვის მქონდა. ასე აღმზარდა დედამ... მყავდა მეგობარი, გიორგი ჭკუასელი, რომელსაც დღესაც ვმადლობ. ის მამა სერაფიმეს სულიერი შვილი იყო, მამა სერაფიმე (კიკონიშვილი) მაშინ შუამთის მონასტერში იყო. ჩემს მეგობარს როცა ჩემ გეგმებზე ველაპარაკებოდი, მამა სერაფიმესთან წასვლა მირჩია. მეც წავედი. ჩემი პირველი მოძღვარი იყო მამა ზაქარია ძინძიბაძე. პირველი ბერი, ვინც გავიცანი იყო მამა სერაფიმე. მასთან 1991 წლის 1 მაისს მივედი, მივეცი აღთქმა, რომ მონასტერში დავრჩებოდი. შემდეგ გავიცანი მეუფე იობი (აქიაშვილი), რომლის კურთხევითაც წავედი მარტყოფის მონასტერში.

1994 წლის აგვისტოში მღვდელ-მონაზონ სერაფიმეს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის იღუმენის წოდება მიენიჭა. 1995 წლის 5 აპრილს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით დაარსდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია. ახლადდაარსებული ეპარქიის ეპისკოპოსად სინოდის წევრმა მღვდელმთავრებმა გამოარჩიეს იღუმენი სერაფიმე.

1995 წლის 20 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, მირონის კურთხევის დღეს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით, იღუმენი სერაფიმე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა. 19 აპრილს იღუმენმა სერაფიმემ სიონის საპატრიარქო ტაძარში წარმოთქვა სიტყვა: "თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მეუფენო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო! ვდგავარ ამ წმიდა ტაძარში თქვენს წინაშე და ჩემს თავს ვუსვამ კითხვას: რა უფლებით, რა კადნიერებით ვიღებ ამ დიდ ჯვარს? საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ყოველთვის მოღვაწეობდნენ დიდი მღვდელმთავრები - სულიერი მამები ერისა, რომელთა გვერდითაც მე ჭეშმარიტად მტვერი და ნაცარი ვარ. მაშ, თუ ვიცი ჩემი უღირსობა, რატომ არ ვაცხადებ უარს, რატომ არ ვბრუნდები ფარავნის ტბაზე, სადაც მშვიდად და წყნარად გავაგრძელებდი მოღვაწეობას ჩემს პატარა მონასტერში. ერთადერთი მიზეზი ჩემი თანხმობისა არის მორჩილება მისი უწმიდესობისა და წმიდა სინოდის წინაშე. წმიდა სერაფიმე საროველი ბრძანებს: მორჩილება მარხვასა და ლოცვაზე მეტიაო. იერარქია უფალმა არა მხოლოდ სასუფეველში, დედამიწაზეც დაადგინა. იგი მორჩილებას გულისხმობს, მღვდელმთავარი კათოლიკოს-პატრიარქსა და წმიდა სინოდს უნდა ემორჩილებოდეს, მოძღვარი - მღვდელმთავარს, ბერ-მონაზონი და ერისკაცი - მოძღვარს. გარდა ამისა, ყოველ ადამიანს მორჩილება და პატიოსნება მართებს ერის სამსახურში. როცა იერარქია ირღვევა, სულიერებისა და სიმშვიდის ნაცვლად ერში შფოთი და მღელვარება ისადგურებს. ვინც ეკლესიას არ ემორჩილება, იგი ძე შეცთომილია, რომელსაც აუცილებლად მოიტაცებს ცხვრის ქურქში გახვეული მგელი. ერის კეთილდღეობა მხოლოდ და მხოლოდ ლოცვასა და შრომაზეა დამოკიდებული. "რომელნი ესავენ უფალსა, ვითარცა მთაი სიონი, არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალიმს" (ფს. 124,1), - გვასწავლის დიდი მეფე და წინასწარმეტყველი დავითი: ვერ გაძლიერდება ერი და ვერ გაბრწყინდება სრულიად საქართველო, თუ მთელი ერი არ შესთხოვს შემწეობას უფალს და თითოეული ქართველი არ იშრომებს პატიოსნად და დაუღალავად. გულსატკენი და დასანანია, რომ ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ან საერთოდ არ ეკარება ეკლესიას, ან იშვიათად შემოდის ეკლესიაში, სადაც სანთელს აანთებს და შინ ვალმოხდილი ბრუნდება. ამ ადამიანებმა არ იციან მადლი და ძალა უფლის წმიდა და პატიოსან სისხლთან და ხორცთან ზიარებისა და მოუნანიებელი ცოდვებით დამძიმებულნი ატარებენ თავიანთ ცხოვრებას. ობობას ქსელის მსგავს საცდურში გახლართულნი ადვილად ტყუვდებიან და დაბრმავებულნი ბოროტებისა და ძალადობის მსახურნი ხდებიან. გამოსავალი ერთია - ეკლესიაში მისვლა, შემეცნება იმისა, რას წარმოადგენს მართლმადიდებლური სარწმუნოება, რას გვაუწყებენ წმიდა მამები, რას გვასწავლის თავის ქადაგებაში უწმიდესი და უნეტარესი ილია II. ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს აუცილებლად უნდა ჰყავდეს თავისი მოძღვარი. ის ვინც ჭეშმარიტად ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, აუცილებლად იპოვის სიმშვიდესა და სიხარულს, განსაცდელსაც სიმდაბლით მიიღებს, რამეთუ გულით შეისმენს უფლის სიტყვებს: "რომელნი სთესვიდნენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ" (ფსალმ. 125,5). სამწუხაროდ, საქართველოში ახლა ახალი სენი შემოიჭრა - მწვალებლობა. ქართველები, რომელნიც ორიათასი წლის მანძილზე ჭეშმარიტ რწმენას ემსახურებოდნენ, დღეს კათოლიკები, ბაპტისტები, იეღოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები, ბუდისტები, კრიშნაიდები ხდებიან. ხშირად ჰუმანიტარულ დახმარებას ამოფარებული უცხოელები თავიანთ ცრუ სარწმუნოებას ქადაგებენ და ზოგიერთ ქართველს ლუკმა პურის ფასად ყიდულობენ. გავიხსენოთ, რას ბრძანებს პავლე მოციქული: "ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყვარულსა მის ქრისტესა, ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან შიშუელობამან ანუ ურავამან, ანუ მახვილმან" (რომ. 8,36). ეპისკოპოსი გაბრიელი XIX საუკუნეში ქადაგებდა: "არ არის არცერთი შეკითხვა მწვალებლების, რომელსაც ჩვენ ვერ გავცემთ პასუხს, რამეთუ ჭეშმარიტ რწმენაში, ჭეშმარიტ ეკლესიაში ვართ, ერთად ერთი კითხვა მწვალებლებისა, რომელიც უპასუხოდ რჩება ესაა - რატომ თქვენ, მართლმადიდებელნი არ ქადაგებთ ისე, როგორც ჩვენ?~ დიახ, ზოგჯერ მწვალებლები ჩვენზე მეტ გულმოდგინებას იჩენენ სამსახურებში, სკოლებსა და სახლებში. თვით საბავშვო ბაღებშიც იჭრებიან და ადამიანთა გადაბირებისათვის ყოველ ღონეს ხმარობენ. დღეს იმასაც კი გაიგონებთ, რომ საქართველოში ყოველ რელიგიას თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს. ჰოი, უგუნურებავ და სირცხვილო ქართველი კაცისა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და ჩვენი წმიდა მამების პატივისცემასა და სიყვარულს დაჰკარგავს.

როგორ წარმომიდგენია მე ეპისკოპოსის ღვაწლი? პირველ რიგში, ეპარქიაში მართლმადიდებლობის გავრცელება და ქადაგება, დაუღალავი შრომა. ეკლესიებისა და მონასტრების აღდგენისათვის დანარჩენ ღვთის მსახურებთან ერთად მოთმინებითა და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა სამწყოსთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი უქმად გატარებული დღის გამო უფალი პასუხს მოგვთხოვს. ჩემს დღევანდელ სულიერ მდგომარეობას ყველაზე უკეთ პავლე მოციქულის სიტყვებით გამოვხატავ: "იგი ვიყავი ყმა, ვიტყოდი ვითარცა ყმა, შერაცხულ ვიყავ ვითარცა ყმა, ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაცი, დაუტოვე სიყმისა იგი" (13,21). როგორც ყრმა, რომელიც ხდება მამაკაცი, შემწეობასა და დამოძღვრას ვითხოვ თქვენგან, ვითხოვ თქვენო უწმიდესობავ! მორჩილებით ვხრი თავს და ვიღებ ამ უმძიმეს ჯვარს, თქვენი ლოცვით, მღვდელმთავარნო, მოძღვარნო და ამ წმიდა ტაძარში მვედრებელნო, შემაძლებინოს უფალმა ამ მძიმე ჯვრის ტარება. უფალო, გამაძლიერე, მე უღირსი სერაფიმე. "კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ, მე სიმართლენი შენი, ამინ!" (61, 1995, 4).

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიულოცა მეუფე სერაფიმეს ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება და უსურვა წარმატებანი, სულიერება, მორჩილება, თავმდაბლობა, ის აუცილებელი თვისებები, რომლითაც შემკული უნდა იყოს მღვდელმთავარი. ხალხმა რომ მიგიღოს, შეგიყვაროს, გამოგყვეს, უნდა იცხოვრო მათი ცხოვრებით, მათი ჭირ-ვარამითა და სიხარულით, - აღნიშნა მისმა უწმიდესობამ.

მეუფე სერაფიმე შეუდგა ახლადშექმნილ ეპარქიაში საქმიანობას. 2002 წლის 17 ნოემბრამდე მეუფე სერაფიმე ხელმძღვანელობდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიას, ხოლო ამის შემდეგ მორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას. მისი ინიციატივით 2001 წელს ახალქალაქსა და ნინოწმიდაში დაფუძნდა პირველი საეპისკოპოსო რეზიდენცია, იკურთხა ეკლესიები, ამოქმედდა მონასტრები. `ეპარქიაში რომ ჩამოვედი, - იხსენებს მეუფე სერაფიმე, - აქ დამხვდა სამი სასულიერო პირი და ღვთისმშობლის სახელობის მოქმედი ეკლესია. იყო კიდევ ერთი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ტიმოთეს უბანში, სადაც მონასტერი ფუნქციონირებდა; წინამძღვარი იყო მამა საბა (მიტროპოლიტი საბა გიგიბერია). ამ წლების მანძილზე აშენდა და განახლდა 35 ეკლესია, სადაც 15 მოძღვარია. ამჟამად შენდება წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია. იგეგმება წმიდა ბარბარეს სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელსაც ახალ რეზიდენციასთან ერთად ავაშენებთ. გვაქვს სადგურის დედათა მონასტერი, ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი. ჩითხევის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერი - "მწვანე მონასტერი," ღვთისმშობლის დედათა მონასტერი. ბაკურიანში ვაშენებთ დიდ საკათედრო ტაძარს, სამნავიან ბაზილიკას."

2000 წელს 28/XI მეუფე სერაფიმე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის 18 ნოემბერს მთავარეპისკოპოსი სერაფიმე აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.


მიტროპოლიტი ელისე (ჯოხაძე)

მიტროპოლიტი ელისე, ერისკაცობაში ელდარ რაჟდენის ძე ჯოხაძე, დაიბადა 1949 წლის 16 თებერვალს ონის რაიონის სოფელ შქმერში. 1951 წელს ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. პატარა ელდარი სკოლის ასაკში მოინათლა სიონის საკათედრო ტაძარში, ნათლობის საიდუმლო შეასრულა მღვდე¬ლმა (შემდეგში პროტოპრესვიტერმა) პახუმ ობოლაძემ. ელდარ ჯოხაძემ 1966 წელს დაამთავრა თბილისის მე-4 საშუალო სკოლა, შემდეგ 51-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი. 1966 წლიდან მუშაობდა ქარხანა "პლასტმასში" ელექტროზეინკლად, 1968-1969 წლებში - სოფელ შქმერის რვაწლიანი სკოლის მათემატიკის მასწავლებლად. 1970 წელს სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საღამოს განყოფილების ელექტროამძრავ მანქანათა და საწარმოო დანადგართა ავტომატიზაციის სპეციალობით, რომლის სრული კურსი 1976 წელს დაამთავრა. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში იგი მუშაობდა თბილისის ელექტრონაკეთობათა სამმართველოში, "თელასი"-ს სადისპეჩერო განყოფილებაში, თბილისის "რადიოქარხანაში". ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ამავე საწარმოს ენერგეტიკულ განყოფილებაში ინჟინრად. 1976 წლიდან მუშაობდა გარდაბნის რაიონის ლითონკონსტრუქციების ქარხნის თბილისის ფილიალში საამქროს უფროსად, შემდეგ კი საქართველოს სამხატვრო ფონდში, სადაც ასრულებდა ჯერ ტექნიკური ზედამხედველის, შემდეგ მთავარი ინჟინრის მოვალეობას, აქ მას მიენიჭა ხალხური ოსტატის წოდება.

1980 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობისა და რესტავრაციის განყოფილების ინჟინრად. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს იგი მონაწილეობდა სიონის საკათედრო ტაძრის, დიდუბის ეკლესიის, მარტყოფისა და მანგლისის საპატრიარქო რეზიდენციების რესტავრაციასა და მშენებლობაში. 1982 წლიდან იგი საქართველოს საპატრიარქოს სასაწყობო მეურნეობის გამგე და ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიის მნათეა. 1983 წლის 19 ივნისს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და სახელად ეწოდა ელისე. იმავე წლის სექტემბერში დიაკვანი ელისე ხელდასხმულ იქნა მღვდლად და გაიგზავნა წალკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად. 1983 წელს მღვდელი ელისე ჯოხაძე ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1983-1996 წლებში მამა ელისე ჯოხაძე ღვთისმსახურებას აღასრულებდა წალკის, ნიკორწმიდის, გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, მცხეთის სვეტიცხოვლის, ანანურის ყოვლადწიდა ღვთისმშობლის, თბილისის წმიდა პანტელეიმონ მკურნალის, დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, თბილისის ანჩისხატისა და მეტეხის ეკლესიებში.

მამა ელისემ XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ადმინისტრაციული წესით დახურულ და 80-იან წლებში ახლადგახსნილ გორის, ანანურისა და პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიებში პირველი წირვა-ლოცვა აღასრულა. ნიკორწმინდაში მსახურების დროს იგი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, ხოლო გორის ეკლესიაში მსახურების დროს აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. მღვდელმსახურების პარალელურად იგი ეკლესიებში ატარებდა სარესტავრაციო სამუშაოებს. მეუფე ელისეს მიერ დამზადებულია ძველი საპატრიარქო შენობის ფანჩატურის დედაბოძი. მან შეასრულა და დადგა გორის ეკლესიისა და სოფელ ვაქირის (სიღნაღის რაიონი) იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკვდერის კანკელები. მან შეასრულა წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის გუმბათის ჯვარი, რომლის დადგმაშიც თვითონვე მიიღო მონაწილეობა, მანვე დაამზადა გორის ეკლესიის კანკელის აღსავლის კარები, ანჩისხატის ქვის სამკვეთლო, არმაზის ახლადაშენებული წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის დასავლეთ ფასადის `აყვავებული ჯვარი~, ნიკორწმინდის ეკლესიის ქვის ანალოღია, საქართველოს საპატრიარქოს გალავნის სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლების ქვის ცხრა ჯვარი. მღვდელმთავრობის დროს აღადგინა სოფელ პატარა ონის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის XI საუკუნის კანკელი. ჭრებალოს წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში შეასრულა ქვის ახალი კანკელი. თბილისის ეკლესიებში მსახურების პერიოდში დეკანოზი ელისე ასრულებდა საქართველოს საპატრიარქოს სახლთუხუცესის მოვალეობას და ხელმძღვანელობდა ახალი ეკლესიების გახსნის განყოფილებას, იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი.

1996 წლის 14 მარტს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მართლმადი¬დებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, თბილისის მეტეხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის¬ სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ელისე ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად გამოარჩია. იგი აღიკვეცა ბერად, აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1996 წლის 17 მარტს, არქიმანდრიტი ელისე უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სინოდის წევრების, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის წარმომადგენელ მიტროპოლიტ ქრისტეფორეს (იგი ამჟამად ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის მეთაურია ს.ვ.) თანდასწრებით აკურთხა ეპისკოპოსად. 2000 წლის ნოემბერში მეუფე ელისე აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით. ხოლო 2008 წლის 27 ივნისს წმიდა წინასწარმეტყველ ელისეს ხსენების დღეს აყვანილ იქნა მიტროპო¬ლიტის ხარისხში.

მეუფე ელისე საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მიტროპოლიტ ელისეს ძალის¬ხმევით ნიკორწმინდის ეპარქიაში განახლებულია ქვაზე კვეთის და მოჩუქურთმების ტრადიცია. მის მიერ ან მისი ხელმძღვანელობით ნაკეთები ქვის კანკელები აღმართულია ჭრებალოს წმიდა ნიკოლოზის, უწერის სინაწმიდის, პატარა ონის, წმიდა ნიკოლოზის, პატარა ონის წმიდა გიორგის, ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარსა და სხვა ეკლესიებში. ეპარქიაში პერიოდულად გამოდის ჟურნალი "ორნატი" და გაზეთი "ნიკორწმინდა".

 

მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს თბილისში. 1964-1973 წლებში სწავლობდა 134-ე საშუალო სკოლაში.

1986-1987 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი მსახურობდა თბილისის დიდმოწამე ბარბარეს (ქვემო) ეკლესიაში ჯერ სტიქაროსნად, შემდეგ მნათედ.

1988-1991 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1991-1994 წლებში = თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1989 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე) გურამ ბერბიჭაშვილი აკურთხა დიაკვნად, იგი განწესებულ იქნა ბათუმის საკათედრო ტაძარში. 1990 წლის 24 მარტს, მიტროპოლიტმა კონსტანტინემ ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დიაკონი გურამი აკურთხა მღვდლად და დაადგინა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად, 1991 წლის 6 მაისიდან პარალელურად ახლადამოქმედებული აჭის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოში ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო აგრესიული ათეიზმის პოლიტიკის გატარება, ადმინისტრაციული წესით ეკლესია-მონასტრების დახურვა, სასულიერო პირების დაპატიმრება, საეკლესიო სიწმიდეთა განადგურება. ეს შემზარავი პროცესი განსაკუთრებული გულმოდგინებით მიმდინარეობდა პროვინციებში. ადგილობრივი პარტიული ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ ეკლესია-მონასტერს დაანგრევდა და სასულიერო პირს იძულებით განმოსავდა. ამ მხრივ არც გურია იყო გამონაკლისი. მამა გურამმა მოთმინებითა და ტაქტით დაიწყო მრევლის შემოკრება, განსწავლა და დედა ეკლესიისაკენ შემობრუნება. ეს არ იყო ადვილი საქმე, მაგრამ ახალგაზრდა მოძღვრის გულმოდგინებამ, შინაგანმა სისუფთავემ და გულწრფელობამ თავისი კეთილი ნაყოფი გამოიღო. მამა გურამმა ლიხაურისა და აჭის ეკლესიების წინამძღვრობის დროს გამოსცა არაერთი საეკლესიო წიგნი, დააფუძნა ყოველთვიური ჟურნალი "წყარო". 1993 წლის 15 ივლისს იგი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, 1994 წლის 2 თებერვალს მას მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1996 წლის 21 მარტს შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში დეკანოზი გურამ ბერბიჭაშვილი ეპისკოპოს იობის მიერ აღკვეცილ იქნა ბერად და ეწოდა სახელად გრიგოლი, 23 მარტს მას მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაჯილდოვდა მიტრისა და გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით. 1996 წლის 24 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთის ეპისკოპოსად აკურთხა. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი ვერ იტევდა მრევლს. ისინი ძირითადად გურიის რეგიონიდან ჩამოსულნი იყვნენ, ყველას უხაროდა მათი საყვარელი მოძღვრის ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება, მაგრამ ამავე დროს ცრემლებს ვერ იკავებდნენ, ვინაიდან აწ უკვე მეუფე გრიგოლი სამოღვაწეოდ ფოთის ეპარქიაში მიდიოდა. ეს ემოციური განწყობილება იყო საუკეთესო დასტური იმისა, თუ რა ძვირფასია ჭეშმარიტი მოძღვარი და მოღვაწე სასულიერო პირი მრევლისათვის. არქიმანდრიტმა გრიგოლმა 23 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში ასე დაიწყო თავისი გამოსვლა:

"თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო!

ახლა, როცა მე თქვენს წინაშე ვდგავარ აქ, ამ წმიდა ადგილას, საეპისკოპოსოდ გამზადებული და მორჩილებით ველი უფლისაგან ხელდასხმას, რათა ვიტვირთო საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის მღვდელმთავრის ჯვარი, მდუმარებით გავცქერი გზას, რომელმაც აქამდე მომიყვანა და მახსენდება სიტყვები წმიდა არსენი ამარტოლისა: "დიდ არს ძალი სიყვარულისა, რომელი მორჩილ ჰყოფს გონებასა შეკადრებად შეუკადრებელსაცა."

მე ვმადლობ ღმერთს იმ დიდი წყალობისათვის, ჩემზედ რომ მოიღო; მე გმადლობთ თქვენ, დიდო მეუფეო, და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარნო, იმ დიდი ნდობისათვის, რომელიც გამომიცხადეთ; მე ვმადლობ დედა ეკლესიას იმ დიდი პატივისათვის, რომელსაც დღეს მომაგებს და როგორც ხანძთის მნათობი ღირსი გრიგოლი იტყოდა: "დიდ არს პატივი და ამ პატივისაგან მეშინის". მე მესმის, რაოდენ მძიმეა საეპისკოპოსო ჯვარი, რომ ეს არის არა მხოლოდ პატივი, არამედ დიდი სიძნელეებით აღსავსე ცხოვრება და მაინც ვდგავარ აქ მორჩილებით, რადგან მწამს, რომ უფლის გარეშე ყოველივე შეუძლებელ არს, უფლის დახმარებით კი შეუძლებელი შესაძლებელი ხდება, წარმოუდგენელი კი - ადვილად წარმოსადგენი. წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის, კაცთათვის შეუძლებელი ღმრთისათვის შესაძლებელ არსო, სწორედ ეს მანუგეშებს მე და სასოებით აღმავსებს მომავალ ჩემს მოღვაწეობაში.

როდესაც თვალს ვავლებ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის წარსულ დიდებას და შემდგომად ამისა ვიხსენებ აწ ისტორიად ქცეულ ათეისტურ ათწლეულებს, ჩემთვის გასაგები ხდება, თუ რამდენად რთული და დამაფიქრებელია აწმყო. ჩემი საეპისკოპოსო მოღვაწეობის მთავარი პრინციპი იქნება მართლმადიდებლობის დაცვა. ღრმად მწამს - მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვა ნიშნავს, რომ სიყვარულისა და ერთობის სული იზეიმებს არა მხოლოდ ჩვენს ეკლესიაში, არამედ სრულიად საქართველოში. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ხომ არასოდეს არ ყოფილა თავის თავში ჩაკეტილი, არამედ მასთან ყოველთვის იყო დაკავშირებული და ხშირად მასზე დამოკიდებულიც კი ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ სულიერი, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური აღორძინება.

თქვენო უწმიდესობავ, მე ვიხსენებ 1977 წელს, როდესაც თქვენ ჩაიბარეთ საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის მამამთავრის საყდარი და ვაანალიზებ რა იქიდან მოყოლებული დღემდე განვლილ პერიოდს, ვხედავ რამდენად დიდია თქვენი ღვაწლი ღმრთისა და ერის წინაშე. თქვენთვის არასდროს არ ყოფილა ეკლესია მხოლოდ ტაძრის გალავანში მოქცეული ტერიტორია, არამედ თქვენთვის ეკლესია ყოველთვის იყო სრულიად საქართველო თავისი სიხარულით, ტკივილითა თუ განსაცდელებით. მას შემდეგ, რაც (1918 წლიდან მოყოლებული) საქართველოს პარტიულ-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ეკლესია გამოყო სახელმწიფოსაგან და სკოლა-ეკლესიისაგან, მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესია მაინც რჩებოდა ქართველი ხალხის სულის განუყოფელ ნაწილად და, თუ ათეისტური სახელმწიფოს მხრიდან იდევნებოდა ეკლესია, ქრისტიანები და ხალხით სავსე ტაძრების ნახვა შეუძლებელიც კი იყო, საკმაოდ ბევრი ადამიანი, თვით პარტიული მუშაკებიც კი ცდილობდნენ ქრისტიანული წესისა და ტრადიციების აღსრულებას, რაც განსაკუთრებით წარმოაჩენს, თუ რას ნიშნავს ქართველისათვის მართლმადიდებლობა.

უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, თქვენ ყოველთვის გრძნობდით ამას და ბევრ სხვას რასმე - ქართული სულის სატკივარს. მე ვხედავ, რომ ღმრთისა და ერის სამსახურში თქვენი მოღვაწეობის საფუძველი ყოველთვის იყო ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული. ერთ-ერთ წმიდა მამას უთქვამს, "სიმართლე გულში დაიმარხე, მოყვასს კი სიყვარული მიეციო". დიახ, ამის ცოცხალ მაგალითს ყოველთვის აძლევდით სრულიად საქართველოს და არა მხოლოდ მას. 1977 წლიდან დღემდე ბევრი გაკეთდა თქვენი მამამთავრული ღვაწლით და კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი - "სამკალი ფრიად არს". ეკლესიის ცხოვრებაში თუ რამ არ არის ისე, ყველას რომ გაგვიხარდებოდა, ეს უპირველესად ტკივილი და განსაცდელია თქვენთვის, დიდო მეუფეო, და სრულიად ეკლესიისათვის, და არა ეკლესიური ცხოვრების ნორმა.

თქვენო უწმიდესობავ, უკვე 19 წელია მიზანდასახულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად და მოთმინებით მიყვებით თქვენს გოლგოთას და მე - საეპისკოპოსო პატივით და ეკლესიის ნდობით აღჭურვილი პიროვნება, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავართა კრებულთან ერთად ვეცდები, ისევე როგორც სვიმონ კვირინელმა - მაცხოვარს, შეგიმსუბუქოთ ის მძიმე ჯვარი, რასაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავრობა ჰქვია.

ჩვენს ხალხს დღესდღეობით წარსულთან შედარებით მეტი საშუალება აქვს დაეუფლოს რელიგიურ ცოდნას, მაგრამ სულიერება ჯერ კიდევ ძალიან დაბალია, რაც განპირობებულია საკმაოდ მძიმე ათეისტური მემკვიდრეობით. ამით სარგებლობენ სხვადასხვა ცრუ სწავლებათა და მწვალებლობათაგან მოხიბლული ჭეშმარიტად ქრისტეს უმეცარი ადამიანები და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ხალხს ატყუებენ, იბირებენ სხვადასხვა საშუალებებით. ეს არ არის მხოლოდ რელიგიურ ასპექტში გასააზრებული მოვლენა, არამედ ამის უკან უცხო ქვეყნების იდეოლოგია და საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური მიზნები დგას, რაც ჩვენი ქვეყნის სულიერი ექსპანსიისკენ არის მიმართული და აქედან გამომდინარე, ეკლესიისა და სახელმწიფოს ზრუნვის საგანს უნდა შეადგენდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ეროვნული სახელმწიფო დიდი საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.

მე სურვილი მაქვს, ჩემდამი დამორჩილებულ ეპარქიაში ძალისაებრ ჩემისა, საკმაოდ სერიოზულად მოვეკიდო და ყურადღება მივაქციო ეკლესია-მონასტრების აღდგენას, საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობას და, საერთოდ, ვერ წარმომიდგენია საქართველოს ნათელი მომავალი მისი ეკლესიის აქტიური მოღვაწეობის გა¬რეშე. მტერი, მოწინააღმდეგე ყოველთვის ჰყავდა როგორც ეკლესიას, ასევე ჩვენს დედასამშობლოს, მაგრამ ყოველთვის გვახსოვდა წმიდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდე მათ."

ღრმად მწამს, რომ შეიძლება ადამიანი ეკლესიის გარეშე ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდეს, ზრდილობიანიც იყოს, პატიოსანიც, სახარებასაც კითხულობდეს და ქადაგებდეს, დიდ ღვაწლში იყოს, შესაძლოა წამებითაც კი აღესრულოს, მაგრამ მე არ მწამს, რომ დედა-ეკლესიის გარეშე შესაძლებელია ცხონება. ასეთი მემკვიდრეობა მიგვიღია მოციქულთაგან და ვეცდები არც რამე დავაკლო მას და არც რამე ადამიანური სიბრძნის ნაყოფი დავუმატო, არამედ ვიქადაგო და ვასწავლო ის, რაც მოციქულთაგან მიგვიღია ჩაწერილი თუ ზეპირი გადმოცემის სახით.

უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამანო და დედანო! შემთხვევითი არ არის, რომ მე გავიხსენე ჩვენი ეკლესიის დაუღალავი მწყემსმთავარი და მის მიერ გაწეული ღვაწლი ეკლესიისა და ჩვენი ხალხის წინაშე, არამედ აუცილებელია და საკმაოდ პრინციპული მნიშვნელობაც აქვს, თუ როგორ ვაფასებ მე საქართველოს ეკლესიის მამამთავრის მოღვაწეობას, რომლის წინაშეც ერთგულებისა და მორჩილების აღთქმა უნდა დავდო.

დღეს მე ღმრთისა და თქვენს წინაშე ვდებ აღთქმას, რომ ვიქნები ღმრთის ნების აღმსრულებელი, თქვენდამი მორჩილების გამომხატველი და მაცხოვნებელი რწმენის მქადაგებელი.

გევედრებით თქვენ და სრულიად საქართველოს, ილოცეთ ჩემთვის!

ჩემს სიტყვას დავასრულებ ნეტარხსენებული მამის, წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებით, რომელიც ამ სოფლიდან გასვლის ჟამს აღმოხდა მას: დიდება ღმერთს ყველაფრისათვის, ამინ." (75, 2-7).

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიულოცა მეუფე გრიგოლს ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება და უსურვა წარმატებები. უწმიდესი და უნეტარესი შეხვდა სოფელ ლიხაურის მრევლს და ბრძანა:

"მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ბედნიერი დღე. მართალია, თქვენთვის თითქოს მძიმე დღეცაა, იმიტომ, რომ მეუფე გადადის სხვა ეპარქიაში, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ თქვენ შორის არსებული სულიერი კავშირი არ უნდა დაკარგოთ.

მე ძალიან მახარებს, რომ აი, ასეთი სიყვარული დაიმსახურა მან თქვენს წინაშე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეუფე გრიგოლი ბევრს გააკეთებს ჩვენი ეკლესიის საკეთილდღეოდ... ჩვენ ვეცდებით, რომ ამაზე ნაკლები მოძღვარი არ გამოგიგზავნოთ. ილოცეთ მისთვისაც და მთელი საქართველოსთვის.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ გურია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო სულიერად, აღადგენს თავის სულიერობას. სარწმუნოების გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და ვერ მივაღწევთ. საჭიროა უპირველეს ყოვლისა, რწმენა, ჭეშმარიტი სარწმუნოება და ამაზე უნდა ავაშენოთ ყველაფერი. მეუფე გრიგოლი ხშირად ჩამოვა თქვენთან, მოგხედავთ, ასე რომ, კავშირი არ უნდა დაკარგოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ამ დიდი სიყვარულისათვის. მე მადლობელი ვარ, რომ ასეთი ერთგულები ბრძანდებით მეუფე გრიგოლისა და ქართული ეკლესიისა.

ქართული ეკლესია - ეს არის სულიერი ძალა ჩვენი ერისა, ჩვენი ქვეყნისა და ის უნდა გაძლიერდეს. ეს მადლი მარტო ეკლესიაში კი არ უნდა იყოს, არამედ ყველა ოჯახში უნდა შევიდეს...

ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ბედნიერ დღეს - მეუფე გრიგოლის ეპისკოპოსად კურთხევას დაემთხვა საბერძნეთის დღესასწაული, რომ ტაძარში ბრძანდებოდნენ საბერძნეთის ელჩი საქართველოში ტასოხ კრიეკუკისი, სხვა ქვეყნების ელჩები და ჩვენი სიხარული ყველამ გაიზიარა.

უფალმა სიხარული არ მოგაკლოთ!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!" (75, 12).

მეუფე გრიგოლი ჩვეული შემართებით შეუდგა საქმიანობას ახალ ეპარქიაში. იმ დროს ფოთის ეპარქიაში შედიოდა სენაკის რაიონიც. სულ ეპარქიაში მოქმედი იყო: ფოთში 2, ხობში 2, სენაკში 2 ეკლესია და მონასტერი. მეუფე გრიგოლმა დაიწყო საეპარქიო სტრუქტურების ჩამოყალიბება. შეიქმნა საეპარქიო საბჭო. რომლის შემადგენლობაშიც სასულიერო პირებთან ერთად შევიდნენ საერონიც. საეპარქიო საბჭოს სხდომაზე იხილება ეპარქიის წინაშე არსებული პრობლემები და ისახება მათი გადაჭრის გზები. თუ რა გაკეთდა ეპარქიაში და სამომავლო პერსპექტივებში რაზე უნდა იზრუნონ, ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გვაძლევს 2005 წლის ივლისში ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოების კრების მასალები, სადაც მეუფე გრიგოლმა წარადგინა ვრცელი ანგარიში:

"პატიოსანნო მამანო, მე-10 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც წმ. სინოდის გადაწყვეტილებით დავინიშნე ფოთის ეპარქიის მმართველად. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და ყოველივე ამის მომსწრენი და მონაწილენი თქვენ ხართ. გულწრფელობისა გამო უნდა მოგახსენოთ, რომ არასოდეს მიფიქრია იმაზე, თუ რა და რამდენი გავაკეთეთ დღემდე, არამედ ყოველთვის ვფიქრობდი და ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რა არის საკეთებელი, რადგან საკეთებელი ყოველთვის არის და თანაც მრავლად არის, გაკეთებული კი უკვე განვლილი დღეა და მასზე ზედმეტად ყურადღების გამახვილება მიმაჩნია რომ არ შეიძლება და სახიფათოც კი არის, რათა ნამეტნავად არ მოიხიბლო შენი გაკეთებულით, რაც ძალიან ცუდი იქნებოდა; ერთი კი ნამდვილად ცხადია, რომ დროდადრო გარკვეული ანგარიში ნამდვილად საჭიროა, რათა შეფასება მიეცეს განვლილს და დაისახოს ახალი სამომავლო გეგმები. სწორედ ეს მიზანი აქვს ჩვენს ზოგად ანგარიშს ეპარქიაში გაწეული საქმიანობის შესახებ. სხვათა შორის, ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, მის უწმიდესობასთან შეხვედრისას საკმაოდ მკაცრი შეფასება მოვისმინე ჩვენი  - როგორც ეპარქიის მმართველის მისამართით; კერძოდ კი მისმა უწმიდესობამ მკაცრი საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ (როგორც მან აღნიშნა) ჩვენს ეპარქიაში არ შენდება ეკლესიები,  ყურადღება არ ექცევა სამონასტრო ცხოვრებას, არ ვეხმარებით სოფლად მყოფ სამღვდელოებას, რომ ეპისკოპოსი ეპარქიაში წირვებს არ ატარებს, ეპარქიაში იშვიათად არის, არ აკურთხებს მღვდლებს და ა. შ. ერთი სიტყვით გვითხრა რომ ეპარქიაში არაფერი კეთდება. მე რამდენჯერმე ვკითხე მის უწმიდესობას, - "ნუთუ მართლაც ასე ფიქრობთ?", და დასძინა, რომ ნამდვილად ასე ფიქრობს და ჯობს ეპარქიას მივხედოთ, ვიდრე ვისაუბროთ ზოგადად საეკლესიო პრობლემებზე, იმიტომ მოვყევი უწმიდესთან საუბრის ზოგიერთი დეტალის შესახებ, რომ ვიღაცას აშკარად სურს, რომ ეკლესიაში ურთიერთობა დაძაბონ და უწმიდესს ცრუ ინფორმაციას აწვდიან, თორემ ეპარქიაში რა კეთდება და რა არა, ამის მოწმე თითოეული თქვენგანია, შემფასებელი - მაღალი ღმერთი. მოდით, პირველსავე სიტყვას დავუბრუნდები და მოგახსენებთ:

1996 წლიდან დღემდე, რაც ეპარქიაში დავინიშნე, ცხრა წელიწადი და ოთხი თვე გავიდა. რა შეიცვალა ან გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში. რა დაგვხვდა?

- ექვსი მოქმედი ეკლესია

- ექვსი მღვდელი

- ერთი იღუმენია (რომელიც 1997 წელს გარდაიცვალა)

- ერთი ბერი (რომელიც მოკლე ხანში აღესრულა)

ხობში, ფოთსა და სენაკში თანაბრად გვყავდა ორ-ორი მღვდელი და მოქმედი ტაძარი. დანარჩენად - არა შენობა, არა მიწა, არანაირი მოძრავ-უძრავი ქონება, არა თანხა, არა სტრუქტურები, არა კადრები - ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად სუფთა ფურცლით დავიწყეთ.

განვლილი წლების განმავლობაში პირველი, რასაც განსაკუთრებით გამოვყოფ, არის მრევლის დინამიური ზრდა და რაც აღნიშვნის ღირსია - რელიგიური შეგნების ამაღლება. მაშინ, როცა ფოთი ყველასათვის და მათ შორის რელიგიური ორგანიზაციებისათვისაც საინტერესო ქალაქად რჩება, რამეთუ ეს დაკავშირებული სხვადასხვა ტვირთების მიღებასთან; განვლილი პერიოდის განმავლობაში არც ფოთში და არც ხობისა და სენაკის რაიონებში რელიგიურ ნიადაგზე კონფროტაციას ადგილი არ ჰქონია და თითოეული სამღვდელო პირი საკმაოდ აქტიურად და დაუბრკოლებლად ეწეოდა მქადაგებლურ და მისიონერულ მოღვაწეობას. მოგეხსენებათ, რომ ათეისტური იდეოლოგიის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისიონერული მოღვაწეობა, რადგან საზოგადოების სარწმუნოებრივ შეგნებაში ბევრი რამ დამახინჯდა და ხალხურ ქრისტიანობას უფრო ვხვდებით, ვიდრე დოგმატურ, საღვთისმეტყველო დონეზე გამართულ ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას. როგორც მთელს საქართველოში, აქაც არიან სექტანტური ორგანიზაციები; თუმცა საზოგადოებაში მათ მაინც ვერ მოიპოვეს პოპულარობა ვერც ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტითა და ვერც სხვადასხვა სახის შეთავაზებებით. განვლილმა წლებმა დაგვანახა, რომ სექტანტობასთან დაპირისპირების საუკეთესო ფორმა არის მართლმადიდებლობის უკეთ და ღრმად გაცნობიერება და სადაც რწმენის სინათლე დაისადგურებს, იქ ცრურწმენის სიბნელე თავისთავად უკან იხევს. ასე რომ, აღნიშნული პრობლემატიკის გადაწყვეტა ჩვენს ხელთ არის და ეს გასაღები არის - სულიერი განათლების შეტანა ხალხში.

წლების განმავლობაში ეპარქიაში მოქმედებდა და მოქმედებს სასულიერო სასწავლებლები, რომლებიც საზოგადოების კატეხიზაციას ემსახურება და სასულიეროთა მომზადებაში ძალიან გვეხმარებოდა.

პირველად 1997 წელს გაიხსნა ფოთში საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა, შემდეგ ხობში მონასტრის ბაზაზე ამოქმედდა სასულიერო სასწავლებელი კატეხიზატორული და ქრისტიანული ხელოვნების განყოფილებებით. სენაკში შეიქმნა და 2003 წლის აგვისტომდე მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი მეორე¬ გიმნაზიის ბაზაზე. ამ სასწავლებლის კატეხიზატორულ ჯგუფში უამრავმა ადამიანმა, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებმა, შეიძინეს რელიგიური ცოდნა, რაც დადებით გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე და მთლიანად საზოგადოებაზე.

2002 წლის დეკემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებულებით დაფუძნდა ზემო თეკლათის დედათა მონასტერში წმიდა ნინოს სახ. გიმნაზია-პანსიონი გოგონებისათვის და ფოთში - წმ. ნიკოლოზის სახ. დაწყებითი გიმნაზია. დღეისათვის (გაყოფის შემდგომ პერიოდში) ეპარქიაში ფუნქციონირებს საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა და დაწყებითი გიმნაზია და მიმაჩნია, რომ ეს სასწავლებლები ემსახურებიან სულიერების ამაღლებას და მორწმუნე თაობის გამრავლებას.

კარგად მოგეხსენებათ, რომ სატაძრო მშენებლობებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა მეტის გაკეთება, მაგრამ მადლობას ვწირავ ღმერთს იმისათვის, რაც შეგვაძლებინა.

კერძოდ: ქ. ფოთში - აშენდა წმ. ნიკოლოზის და ილია მართლის სახელობის ეკლესიები;

ხობის რაიონში - აშენდა ჭალადიდის წმ. ნინოს, საგვიჩიოს ტაძრად მიყვანების ეკლესიები, დასრულების პირასაა ქ. ხობში საკათედრო ტაძარი წმ. სამებისა, სოფ. ხამისქურში - ღვთისმშობლის შობისა, უახლოეს თვე-ნახევარში იკურთხება ტრაპეზი სოფ. ქარიატას სამლოცველო სახლში, მშენებლობის მდგომარეობაშია სოფ. ჯაპიშაქარში ეკლესია, სოფ. ბიის მკვიდრთა ღვაწლით რესტავრაცია ჩაუტარდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას.

სენაკის რაიონში _ 1996-2003 წლებში აშენდა ქ. სენაკის ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი, აღდგა წმ. გიორგის სახ. ეკლესია, მე-9 საუკუნის ტაძრის ნანგრევებზე ნოსირში აშენდა აღდგომის სახ. ეკლესია. სოფ. ფიცხოში _ მთავარანგელოზთა ეკლესია, ნოქალაქევში აღდგა 40 სებასტიელი მოწამის სახ. ტაძარი, ძვ. სენაკში _ შობის სახ. ტაძარი.

ფაქტიურად მშენებარე მდგომარეობაში დავტოვეთ ეკლესიები სოფ. ზანაში, ახალსოფელში, სორტასა და სოფ. თეკლათში. აღდგა და ფაქტობრივად აშენდა ზემო თეკლათის მონასტერი, სადაც ძირითადი საცხოვრებელი და სასწავლო აუდიტორიები მოეწყო და დაკომპლექტდა თანამედროვე საუკეთესო ავეჯითა და კომპიუტერებით, გაშენდა ქვის გალავანი, შეიღობა 16 ჰა ტერიტორია ტყისა და სახნავ-სათესი ზოლი მონასტრის მიმდებარედ. მოსახლეთაგან გამოსყიდულ იქნა სააგარაკე სამი სახლი ნაკვეთებითურთ, რომლებიც მონასტრისაგან მიტაცებულ ტერიტორიაზე იყო.

ქ. ფოთში წლების განმავლობაში ურთულესი სამუშაო იქნა გაწეული საკათედრო ტაძრის აღდგენისათვის და დღეს იგი უკვე ეკლესიის საკუთრებაა და ინტენსიურად მიმდინარეობს საჭირო საკითხების გადაწყვეტა, რათა მოხდეს თეატრის მშენებლობისა და საკათედრო ტაძრის შენობის რეკონსტრუქციის დაწყება.

ტაძრების მშენებლობისათვის გამოყოფილი და დაკანონებულია ტერიტორიები აღმაშენებლის ქუჩაზე (ყოფ. ლენინის ძეგლის ადგილზე), 26 მაისის ქუჩაზე (ნატარძალი), ბარათაშვილის ქუჩის ბოლოში (რეზიდენციასთან), ნინოშვილის უბანში (აკაკი ჩხაიძის სახლის მოპირდაპირედ) გურიის ქუჩაზე (მალთაყვაში _ საძირკველი მომზადებულია).

ეკლესიის მთელი კუთვნილი უძრავი ქონება ქ. ფოთში დაკანონებულია, გატარებულია რეესტრში და პასპორტები გაგვაჩნია.

შევადგინეთ ეპარქიის ეკლესიების და ნაეკლესიარების კატალოგი.

ბრწყინვალე ოფისი აშენდა ნავსადგურის ეკლესიასთან მთავარეპისკოპოსის კანცელარიისათვის.

1996 წელს გადმოგვეცა შენობა, სადაც მოვაწყვეთ სამღვდელმთავრო რეზიდენცია, რომელიც დღემდე კეთდებოდა და დასასრულს მიუახლოვდა, ბრწყინვალედ გაკეთდა და ეწყობა; იგი ასევე კათოლიკოს-პატრიარქის საზაფხულო რეზიდენციის ფუნქციას შეასრულებს; გადმოეცა ეპარქიას შენობა, სადაც განთავსებულია (თუმც კი გაჭირვებით, მაგრამ მაინც) ეპარქიის სამმართველო, საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა და დაწყებითი გიმნაზია.

მნიშვნელოვანია, რომ 1997 წლიდან დღემდე ქ. ფოთში შევინარჩუნეთ უფასო სასადილო უპოვართათვის, მაშინ როცა სენაკსა და ხობში მოგვიწია დახურვამ რამდენიმე წლის ფუნქციონირების შემდეგ.

წლების განმავლობაში უამრავმა ადამიანმა მიიღო ეპარქიიდან უანგარო დახმარება პროდუქტით, მედიკამენტებითა და ტანსაცმლით და ეს საკმაოდ მოცულობითი საქმიანობა გახლდათ, ეს ყოველივე არის საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც სრულდებოდა დიდი ხნის განმავლობაში "ლაზარე-აიოსისის" პროგრამისაგან დამოუკიდებლად; ასევე უმნიშვნელოვანესი იყო თვით ლაზარე-აიოსისის პროგრამა.

თავის დროზე კოლოსალური მუშაობა იქნა გაწეული მართლმადიდებელ-ქრისტიანთა თემების დაფუძნებისათვის, რამაც თავისი როლი შეასრულა ხალხისა და ეკლესიის დაახლოების საქმეში.

ვფიქრობ, საჭირო არ არის იმის ჩამოთვლა, თუ რამდენი კონფერენცია, კონცერტი თუ ფესტივალი თუ სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა ეპარქიაში უშუალოდ ეპარქიის მიერ ან ხელისუფლებასთან ერთობლივად.

სამღვდელოების მიმართ მსურს მადლიერების გრძნობის გამოთქმა, რადგან თითოეული თქვენგანი იყო და არის ეპარქიაში მიმდინარე რთული, მაგრამ საინტერესო პროცესების მონაწილე. ჩვენს ეპარქიაში, ერთადერთში მოქმედებს სამღვდელოების ფონდი, საიდანაც ხელფასს იღებს სოფლის სამღვდელოება და ასევე საჭიროების შემთხვევაში სამღვდელოება ღებულობს ერთჯერად დახმარებებს კონკრეტულ რთულ ვითარებაში, გაჭირვებისას; დახმარებები გაიცემა შვილის შეძენისას, ზამთრის პირობებში შეშის შესაძენად, თუ ხელმოკლე სასულიერო პირის ოჯახის დასასვენებლად ან სამკურნალოდ თუ საოპერაციოდ.

ეპარქიის სამსახურში სახელფასო უზრუნველყოფაზე მყოფ სამოქალაქო და სასულიერო პირთათვის ასევე შექმნილია სოციალური უზრუნველყოფის ფონდი, რაც იგივე დახმარებებს გასცემს, რასაც სამღვდელოების ფონდი და ასევე გაიცემა პენსიები.

დღესდღეობით ეპარქიაში გვყავს:

ცხრა მღვდელი, ერთი დიაკვანი;

სულ ეპარქიის 9-წლის არსებობის მანძილზე ვაკურთხეთ თოთხმეტი (14) მღვდელი.

_ დასაწყისში როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეპარქიაში დაგვხდა _ 6 მღვდელი, ერთი იღუმენია და ერთი ბერი

_ სხვა ეპარქიებიდან მოვიწვიეთ 7 სასულიერო პირი

_ სენაკის გამოყოფის გამო ჩამოგვაკლდა 8 მღვდელი

_ სხვადასხვა მიზეზების გამო ეპარქიიდან წავიდა 9 მღვდელი და ერთი დიაკვანი; მათ შორის: _ ერთი ეპისკოპოსად იკურთხა (მამა მარკოზი) (მეუფე ანტონი)

_ სამი თავის ეპარქიებს დაუბრუნდა (მამა გოჩა, მამა რევაზი, მამა ისააკი)

_ ერთი ავადმყოფიბის გამო თბილისში გადავიდა (მამა აბრაამი)

_ ერთი სხვა ეპარქიაში წავიდა უწმიდესის კურთხევით (მამა ნიკოლოზი)

_ სამი თავის საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდა (მამა ავთანდილი, მამა მიქაელი, დიაკ. ლევანი, მამა გიორგი)

გარდაიცვალა იღუმენია ელენე და ბერი იოანე

ამგვარად, დღეის მონაცემებით გვყავს:

ცხრა (9) მღვდელი და ერთი დიაკვანი.

ეპარქიაში ასევე ფუნქციონირებს

_ ნოჯიხევის დედათა მონასტერი _ ერთი იღუმენია _ (დედა ანა)

_ სამი მონაზონი _ (დედა ეფემია, დედა ეკატერინე, დედა ელისაბედი)

_ ორი მორჩილი _ (ანა, მარიამი)

_ ფოთის რეზიდენციასთან არსებული დედათა მონასტერი _ ერთი მონოზონი (დედა თეკლა)

_ ორი მორჩილი (ევდოკია, მართა)

საკმაოდ დიდი სამუშაოები სრულდება ხობის (ნოჯიხევის) მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და შენობა-ნაგებობათა მოწესრიგებისა თუ ახლის მშენებლობის თვალსაზრისით.

მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს რეზიდენციის შენობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით, რაც წელს დასრულდება.

ეპარქიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლდათ ქრისტიანული სულიერების, კულტურისა და ქველმოქმედების ცენტრ "ნუგეშის" დაფუძნება. უკვე განხორციელდა რამდენიმე ახალგაზრდული პროექტი; საკმაოდ დიდი და საინტერესო პროექტების განხორციელებაა გათვალისწინებული 2006 წელს.

მომავლის პერსპექტივაში მე ვხედავ ჩვენი სამღვდელოების მატებას (გვყავს საუკეთესო კანდიდატები) და კიდევ უფრო გააქტიურებას, რამეთუ თქვენი მსახურების საზოგადოებრივი მისია ითხოვს ამას, თუმცა კი, ზოგადი მონაცემებით მადლობას გეუბნებით თითოეულ თქვენთაგანს.

აღნიშვნის ღირსია ის, რომ ჩვენ სულიერ მზრუნველობას ვახორციელებთ ჯარში, პოლიციაში, საავადმყოფოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც თქვენგან, ჩვენგან ითხოვს განუზომელ ენერგიას, თუმცა თუ საჭირო იქნა ამაზე მეტსაც გავაკეთებთ, რადგან ამას ითხოვს ჩვენი ერის დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობა და მისი სულიერი წარმატების სურვილი.

ჩვენ უნდა შევიდეთ თითოეულ ოჯახში და ეს ეპარქიის მასშტაბით მუდმივად, წრიული პრინციპით უნდა ხდებოდეს. შეიძლება ბევრი ვაშენოთ, მატერიალური დოვლათი შევქმნათ, მაგრამ ჩვენი განუმეორებელი სიმდიდრე ჩვენი ხალხია და მის სულზე ზრუნვას უნდა მოვახმაროთ ჩვენი ძალღონეცა და ჩვენი დოვლათიც. თუ როგორ მესახება ამის გაკეთება, კრების დღის წესრიგში არის რიგი საკითხებისა და მასზე მოგვიანებით ვიმსჯელებთ. აქ კი, მხოლოდ ერთს დავსძენ, რომ გადაწყვეტილი გვაქვს ხობში _ წმიდა სოფიოს ტაძრის ნანგრევების მიმდებარე ტერიტორიაზე დავაფუძნოთ მამათა მონასტერი, თუმცა ეს არ არის ადვილი; ამისთვის რამდენიმე ადამიანი გვყავს გაგზავნილი სხვა მონასტრებში და ვამზადებთ.

და ბოლოს, მსურს ისიც გითხრათ, რომ გათვალისწინებული გვაქვს რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე შემოღობილ ზონაში, გაშენდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ქალაქი, ზღვის სანაპირო ზოლში კი _ სასტუმრო, 26 მაისის ქუჩაზე _ სასულიერო ცენტრი თავისი დიდი ლამაზი შენობით, ტაძრით და სკვერით, სადაც განთავსდება გიმნაზია, სასულიერო სემინარია და თეოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დაფუძნებაც პერსპექტიულ გეგმებში გვაქვს.

ასევე ფოთში, ნაბადას ტერიტორიაზე, ვფიქრობთ უმწეოთა თავშესაფრის მოწყობას ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში და ტაძრის მშენებლობას ასევე ნაბადაში. ერთი სიტყვით, საკმაოდ დიდი შრომატევადი და საინტერესო დრო გველის წინ.

მე ვმადლობ ღმერთს ყველაფრისათვის, რაც ამ ცხრა წლისა და ოთხი თვის განმავლობაში შეგვაძლებინა და თქვენს გამო ვმადლობ ქვეყნის გამჩენს, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკლესიაში ფოთის სამღვდელოება გამორჩეულია თავისი სამოციქულო და საზოგადოებრივი მსახურებით, თუმცა კი, იმედი მაქვს რომ კიდევ მეტს გავაკეთებთ და ჩვენი რიცხვიც გაიზრდება.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, ჩვენი ეპარქია და სრულიად საქართველო." (75, 12).

მეუფე გრიგოლის ძალისხმევითა და ღვაწლით ფოთისა და ხობის ეპარქიას 2005 წლის 18 ნოემბერს ოფიციალურად დაუბრუნდა XX საუკუნის დასაწყისში აშენებული საკათედრო ტაძარი, სადაც განთავსებული იყო ფოთის სახელმწიფო თეატრი. მეუფე გრიგოლის ხელშეწყობით ეპარქიაში 2005-2006 წლებში ჩატარდა სიმღერისა და ქართული გალობის ფესტივალი. 2003 წლიდან მეუფე გრიგოლი ხელმძღვანელობს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გამომცემლობასა და რეცენზირების დეპარტამენტს. მისი ხელმძღვანელობით იბეჭდება "საქართველოს ეკლესიის კალენდარი". იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სახელით მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრასა და კონფერენციებში: კვიპროსში, საბერძნეთში, უნგრეთში, რუმინეთში, უკრაინაში, რუსეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ესტონეთში, პოლონეთში, ინგლისში.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის 2000 წლის ნოემბერში ეპისკოპოს გრიგოლს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წლის ივლისში მიტროპოლიტის წოდება. 2007 წლის 24 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით.¬


ქ. ფოთის ტერიტორიაზე არსებული მოქმედი ტაძრები

1. ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი _ ცენტრის უბანი, დეკ. კონსტანტინე ბურჯანაძე, მღვდ. ცოტნე ბიწაძე, დიაკ. იოანე კორძახია, დიაკ. დავით ლომთაძე.

2. ივერიის ღვთისმშობლის სახ. ტაძარი _ კუნძულის უბანი, დეკ. თეიმურაზ გოგიაშვილი.

3. წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამონასტრო კომპლექსი _ კუნძულის უბანი, დეკ. თევდორე ბასილაია.

4. წმ. ილია მართლის სახ. ტაძარი _ ნაბადის უბანი, დეკ. გრიგოლ დუნდუა, მღვდ. ნიკოლოზ კორძახია.

5. წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარი _ ნინოშვილის უბანი, მღვდ. ამბროსი ხოშტარია.

6. წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარი _ პორტის უბანი, მღვდ. სერაფიმე მესხი.

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოქმედი ტაძრების, მონასტრების და სამლოცველოების სია

1. ნაჯიხევი. ღვთისმშობლის ხარების სახ. დედათა მონასტერი _ მდ. ხობის მარცხენა ნაპირთან, დეკ. ილია ლომაია, იღუმენია ანა (მუსელიანი).

2. საჯიჯაო. ჯაპიშაქრის წმ. გიორგის სახ. ტაძარი _ ჯაპიშაქრის სასაფლაო, დეკ. ილია ლომაია.

3. ხეთა. მთავარანგელოზთა ტაძარი _ ოხვამეკარის სასაფლაო, მღვდ. კირიონ დარასელია.

4. ხამისქური. ღვთისმშობლის შობის ტაძარი _ "ნალანგერი", საქირიოს სასაფლაოსთან, მღვდ. კირიონ დარასელია.

5. საგვიჩიო. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია _ სასაფლაო, მღვდ. გიორგი გენძეხაძე.

6. ჭალადიდი. წმ. ნინოს სახ. ტაძარი _ ცენტრი, მღვდ. გიორგი გენძეხაძე.

7. ქარიატა. წმ. გიორგის ეკლესია _ ქარიატის საჯარო სკოლა, მღვდ. გიორგი გენძეხაძე.

8. შუა ხორგა. წმ. ილია წინასწარმეტყველის სამლოცველო _ შუა ხორგის ადმინ. შენობა, მღვდ. გიორგი გენძეხაძე.

9. პატ. ფოთი. წმ. დიდმოწამე ბარბარეს ეკლესია _ პატარა ფოთის ცენტრი, მღვდ. იოსებ ხურცილავა.

სამონასტრო კომპლექსები და საეკლესიო დანიშნულების ობიექტები

1. ქ. ფოთი. საკათედრო ტაძარი _ ფოთის ცენტრალურ მოედანზე, დეკ. კონსტანტინე ბურჯანაძე.

2. ქ. ფოთი. წმ. ცოტნე აღმსარებლის სამრევლო ეკლესია _ მალთაყვის უბანი, დეკ. ნუგზარ ნადარაია.

3. ქ. ფოთი. ქრისტეშობის სახ. სამრევლო ეკლესია _ ნაბადის უბანი, დეკ. გრიგოლ დუნდუა.

4. ქ. ფოთი. ფერისცვალების სამრევლო ეკლესია _ ახალსოფლის უბანი, მღვდ. სერაფიმ მესხი, დიაკონი იოანე კორძახია.

5. ქ. ფოთი. წმ. მოწ. სოფიოს სამრლო ეკლესია _ ცენტრის უბანი, 26 მაისის და მწ. ნინოს ქუჩების გადაკვეთაში, უახლოეს დროში იგეგმება.

6. ქ. ფოთი. წმ. ანდრია პირველწოდებულის სამონასტ. კომპლექსი _ დავით აღმაშენებლის ქუჩა, დეკ. თევდორე ბასილაია.

7. ქ. ფოთი. პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის სამონასტ. კომპლექსი _ კუნძული კოლიმბარი, დეკ. თევდორე ბასილაია.

8. ხობის მუნიციპალიტეტი. წმ. სამების სახ. სამრევლო ეკლესია _ ქ. ხობი, მღვდ. კირიონ დარასელია.

9. ხობის მუნიციპალიტეტი. წმ. თევდორე მღვდლის სახ. სამრევლო ეკლესია _ სოფ. ახ. ხიბულა, საღურწკაიოს უბანი, დეკ. ილია ლომაია.

10. ხობის მუნიციპალიტეტი. წმ გიორგის სახ. სამრევლო ეკლესია _ სოფ. ქვემო ქვალონი, დეკ. ილია ლომაია.

11. ხობის მუნიციპალიტეტი. ილია წინასწარმეტყველის სამრევლო ეკლესია _ სოფ. შუა ხორგა, მღვდ. გიორგი გენძეხაძე.

12. ხობის მუნიციპალიტეტი. ღვთისმშობლის სახ. მამათა მონასტერი _ სოფ. პირველი მაისი, მღვდ. კირიონ დარასელია.

13. ხობის მუნიციპალიტეტი. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი _ სოფ. პირველი ხორგა, დეკ. კონსტანტინე ბურჯანაძე.

14. ქ. ფოთი. ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი _ ნაბადას უბანი, მღვდ. ნიკოლოზ კორძახია.

15. ქ. ფოთი. საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი _ საეპისკოპოსო რეზიდენციის მიმდებარედ, დეკ. თევდორე ბასილაია.

ფოთისა და ხობის ეპარქიაში მოქმედი საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებები

1. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სახ. საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა.

2. წმიდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა.

3. ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ახალგაზრდული ცენტრი "ნუგეში" (ახალგაზრდობის ინტელექტუალური და კულტურული განვითარებისათვის ზრუნვა).

4. ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ _ გამაჯანსაღებელი ცენტრი (საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი პროექტების შემუშავება და რეალიზაცია).

5. ფოთის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი (თავშესაფარი მშობლების მზრუნველობას მოკლებულთა)
დაფუძნების პროცესშია:

6. ქ. ხობის სამრევლო სკოლა

7. ხობის რაიონის შუა ხორგის მრავალპროფილური სასულიერო სასწავლებელი (საბავშვო ბაღი, გიმნაზია, სახელობო სასწავლებელი).

8. ხობის რაიონის პირველი მაისის მრავალფუნქციური სასულიერო სასწავლებელი (საბავშვო ბაღი, გიმნაზია, სახელობო სასწავლებელი).

9. ფაზისის საღვთისმეტყველო _ ფილოსოფიური აკადემია.


მიტროპოლიტი გრიგოლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საზოგადოება

უკანასკნელ წლებში ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო რელიგიური ექსტრემიზმის თემატიკამ, რომელიც ჩვენმა ყოველდღიურმა ცხოვრებამ და მასში ასახულმა პრობლემებმა დააყენა დღის წესრიგში, როგორც ერთ-ერთი მწვავე და აქტუალური საკითხი. იგი ეხება ქრისტიანული ცხოვრების წესს, უფრო კი უწესობას, რომლის მოწმეც არაერთხელ გახდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ამის შემხვედვარე ნებისმიერ მოქალაქეს, ვისთვისაც მსგავსი რამ აბსოლუტურად გაუგებარია და მიუღებელი, უნებლიედ აღმოხდა, ალბათ _ ესღა გვაკლდაო?! სარწმუნოებრივი საკითხები ჩვენი ეროვნული ცნობიერებისა და ერთსულოვნების ძირითად საყრდენს წარმოადგენს და იმავდროულად საზოგადოების თითოეული წევრისთვის არის ძალიან პირადული და უკიდურესად ფაქიზი თემა. ამიტომაც დიდად შემაშფოთა და დამაფიქრა შექმნილმა ვითარებამ, რამეთუ ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება და თუ ეკლესიასტეს სიტყვებს გავიხსენებთ, რომელიც ბრძანებს, რომ _ არაფერი ხდება ისეთი, რაც ჩვენამდე არ მომხდარა და რაც ჩვენს შემდეგ არ მოხდებაო _ მაშინ ბუნებრივია, რომ წარსულში, ვითარცა სარკეში, ჩავიხედოთ და მთელ რიგ შეკითხვებსა და პრობლემების მიზეზებზე პასუხი იქ მოვიძიოთ, რამეთუ ჩვენი ბედისა თუ უბედობის, წარმატებისა თუ წარუმატებლობის ახსნას იქ ვიპოვით.

მას შემდეგ, რაც საქართველო გათავისუფლდა კომუნისტური მმართველობისაგან, რომელიც ათეისტური იდეოლოგიის წნეხის ქვეშ ამყოფებდა ადამიანს, საზოგადოებას მიეცა თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება, რამაც შესაძლებელი გახადა ერისათვის არსებითი, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე ღიად საუბარი. ახალი ძალით შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში წმიდა ილია მართლისეული "მამული, ენა, სარწმუნოება" და ახლებური სიმწვავით ჩვენს წინაშე ქართული ეროვნული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრიობის ფუძემდებლური შინაარსის შემცველი ღირებულებების დაცვისა და შენარჩუნების საკითხი, რამეთუ ამ საფუძველზე შენდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართული სახელმწიფოებრიობა და ყალიბდებოდა ეროვნული ცნობიერება; ეს ღირებულებები წარმოადგენს ჩვენი ცხოვრებისა და განვითარების ქვაკუთხედს და მათშია ჩვენი გადარჩენის საიდუმლო. აქვე მსურს ისიც აღვნიშნო, რომ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის კეთილდღეობის არაკეთილმოსურნენი ჩვენზე არანაკლებ კარგად აცნობიერებდნენ ამას და არაერთგზის უცდიათ კიდეც ფუძის მოშლა, ან... შერყევა მაინც. ეს ადვილი ნამდვილად არ იყო და ჭკვიანი მტერი თავისი უკეთური მიზნების მისაღწევად საჭირო ძალას ჩვენსავე სისუსტეში ეძებდა. ყოველივე ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ ცნობიერებას და ქართველთა ერთსუ¬ლოვნებას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავის ერთგულ ქართველი ერის საამაყო შვილებთან ერთად ძალ-ღონეს არ ზოგავდა, რათა ბიწი რაიმე არ შეჰხებოდა იმ ღირებულებებს, რომელთა დაზიანება-დამახინჯება ქართველების, როგორც ერის, ყოფნას საეჭვოს გახდიდა; ...თუმცა მტერი თავისას მაინც ცდილობდა.

მრავალი საუკუნის განმავლობაში ისტორიულად თავსდატეხილი ქარიშხლების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეძლო ქართველი ერის გამოტარება ურთულეს გზაზე და როს დადგა ჟამი, როცა დაღლილ, უამრავ ბრძოლაში გათანგულ მრავალჭირნახულ ქვეყანას სული უნდა მოეთქვა, თავი იჩინა ახალმა განსაცდელმა; XIX საუკუნის საქართველოში ადგილი აქვს ისეთ მოვლენებს, რომლებიც ერის მოსაშთობად გასატარებელი კომპლექსური ღონისძიებების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. ამ პერიოდში ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა _ მართლმადიდებლურმა რუსეთის სახელმწიფომ, მიიღო რა თავისი მფარველობის ქვეშ ასევე მართლმადიდებლური საქართველო, ერთპიროვნულად (ფაქტობრივად ძალადობრივი გზით) გააუქმა სამეფო ტახტი (1801 წ.), რაც ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლას ნიშნავდა და შემდეგ, დაინახა რა რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებშიც კი ეკლესია რჩება ერის გაერთიანებისა და ეროვნული ცნობიერების შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად, დაიწყო საქართველოს ეკლესიური დამოუკიდებლობის ხელყოფაც: რუსეთი ჯერ აღმოსავლეთ საქართველოში აუქმებს საპატრიარქოს (1811 წ.) ხოლო შემდეგ დასავლეთ საქართველოში _ ლიხთ-იმერეთისა და აფხაზთა საკათალიკოსოს (1820 წ,) და ქმნის საქართველოს საეგზარქოსოს. საეგზარქოსოს სათავეში რუსეთის უწმიდესი სინოდის მიერ თავდაპირველად ინიშნება იმპერიისათვის მისაღები ქართველი მღვდელმთავარი _ ვარლამ ერისთავი, ხოლო შემდეგ, როგორც წესი, ერთმანეთს ენაცვლებიან რუსი ეგზარქოსები, რომლებიც თუმცა კი მეტნაკლებად განირჩეოდნენ ერთმანეთისაგან ქართველებისადმი ლოიალობით, ყველა მათგანი საქართველოში რუსეთის იმპერიული ინტერესების განხორციელებას ემსახურებოდა. ფაქტობრივად საქართველოს ეკლესია, როგორც რელიგიურ-საზოგადოებრივი ორგანიზაცია, გადაიქცა ინსტრუმენტად რუსეთის იმპერიის ხელში, რომლის პოლიტიკური ინტერესი გამოიხატებოდა ქართული ეროვნული ცნობიერების მოშლაში; დღევანდელი გადასახედიდან ფრიად საგულისხმოა და საინტერესოც, თუ როგორ ცდილობდა ამ იდეის ხორცშესხმას ამჯერად უკვე არა მეზობელი, არამედ "მამა და მარჩენალი" რუსეთი. ეს გამოიხატა შემდეგში:

_ სრულიად საქართველოში მიზანმიმართულად ხდებოდა სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის რუსულ ენაზე გადაყვანა; ამის პარალელურად სერიოზული მცდელობები იყო სამეგრელოში სასწავლო პროცესის მეგრულ ენაზე გადასაყვანად;
_ იგივე ხდებოდა საღვთისმსახურო პრაქტიკაში, საიდანაც იდევნებოდა ქართული ენა და ქართული

ტრადიციული გალობა, სანაცვლოდ შემოჰქონდათ რუსული ენა და წეს-ტრადიცია, სამეგრელოსა და სვანეთში კი _ შესაბამისად მეგრული და სვანური ენები (რაც სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდებოდა);

_ მიზანდასახულად ხდებოდა მეგრელების, აჭარლების, სვანებისა და სხვათა არაქართველებად წარმოჩენა;

_ ქართული საეკლესიო (იგივე ეროვნული) სიწმიდეები საქართველოდან რუსეთში გაჰქონდათ და ეს ხდებოდა ზოგიერთი ეგზარქოსისა და რუსი "ჩინოვნიკების" ხელით, რასაც აადვილებდა იმ პერიოდს ზოგიერთი ჩვენი მედროვე თანამემამულის დანაშაულებრივი გულგრილობა და სიხარბე.

ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ქართული საზოგადოების მოწინავე წარმომადგენლებისათვის სრულიად მიუღებელნი იყვნენ რუსეთის უწმიდესი სინოდის მიერ საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრებად დადგენილი უმაღლესი სასულიერო იერარქები, რომელთათვისაც უცხო იყო ქართული ენა, ქართული ღვთისმსახურება, ქართული ეროვნული და საეკლესიო ტრადიციები. თუ მანამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დიდ სიხარულს და ეროვნული სულის ზეიმს წარმოადგენდა ხსენება წმიდათა _ ვახტანგ გორგასლისა, არჩილისა, დავით აღმაშენებლისა და თამარისა, დემეტრე თავდადებულისა და ქეთევან დედოფლისა, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა, ბიძინა ჩოლოყაშვილისა და სხვათა, რაც ხალხში ეროვნული ცნობიერების გაღვივებასა და განმტკიცებას ემსახურებოდა, ამჯერად უკვე ეგზარქოსების ინტერესებში ეს ნამდვილად არ შედიოდა.

იმპერიის მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ საქართველოში დასაბამი მისცა ეკლესიისაგან ქართველი ხალხის გაუცხოების პროცესს; ასე რომ, როცა ვაანალიზებთ XIX საუკუნის მოვლენებს, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეკლესია (როგორც საზოგადოებრივ-რელიგიური ორგანიზაცია) თუ არ ითვალისწინებს იმ ერის სულიერ და პოლიტიკურ სულისკვეთებას, რომლის წინამძღოლადაც (და მსახურად) არის ღვთივდადგენილი, განწირულია იზოლაციისათვის. ეკლესია თავისი არსით არის უნივერსალური, ანუ მარად თანამედროვე ორგანიზმი და აქედან გამომდინარე, მან ყველა დროსა და ეპოქაში უნდა იპოვოს თავისი კუთვნილი ადგილი და სიმაღლე, საიდანაც მადლიან, ცოცხალ და მართალ სიტყვას დროულად მიაწვდის საზოგადოების ყველა ფენას, მაგრამ, ...თუ ასეთი ადგილი და სიმაღლე ვერ გამოიძებნა, ამით ეკლესიის, როგორც ქრისტეს მისტიური სხეულის მნიშვნელობა არ კნინდება, არამედ წარმოჩინდება მხოლოდ მის (როგორც საზოგადოებრივ-რელიგიური ორგანიზაციის) წარმომადგენელთა სისუსტე, უარეს შემთხვევაში კი საკუთარ დანიშნულებასთან შეუსაბამობა, რასაც კიდეც ვხედავთ XIX საუკუნეში: მაშინ, როცა ქართული საზოგადოებისათვის აქტუალური იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეკლესიური დამოუკიდებლობის აღდგენა, დიამეტრულად განსხვავებული იყო ეკლესიის იმჟამინდელ მეთაურთა (და არა მარტო მეთაურთა) ინტერესები. ეს გახდა სწორედ ფაქტიური მიზეზი ეკლესიისა და საზოგადოების გათიშვისა, მაგრამ ის, რაც შემდეგ მოხდა, მხოლოდ მოციქულის სიტყვით შეიძლება აიხსნას: "სადაც განმრავლდეს ცოდვა, მუნ გარდაემატოს მადლი". ასეთ მადლად ქართველ ერს მოევლინენ თერგდალეულები ილია ჭავჭავაძის (წმ. ილია მართალი) წინამძღოლობით, რომლებმაც ქართველ სამღვდელოებასთან ერთად დაიწყეს ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, რამეთუ ერის მოწინავე შვილების მონაწილეობის გარეშე, მხოლოდ სამღვდელოების წარმომადგენელთათვის ამის მიღწევა შეუძლებელი იყო; 1905 წელს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა კი საბოლოოდ ცხადჰყო ჭეშმარიტად პატრიოტი სამღვდელოებისა და საზოგადოების მოწინავე ნაწილის ერთი მიზნის წინაშე გამთლიანების აუცილებლობა, რამაც შესაძლებელი გახადა 1917 წლის 12 (25) მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. განსაკუთრებული გახსენებისა და არდავიწყების ღირსნი არიან იმჟამად საზოგადოებაში დიდად დაფასებულნი და მიღებულნი: ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე (ილია ჭავჭავაძის მოძღვარი), ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე, ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე და სხვანი. ისინი არა მხოლოდ სულიერი მამები, არამედ იმ პერიოდის ქართული თანამედროვეობის უდიდესი საზოგადო მოღვაწენი იყვნენ.

1921 წლის 15 აპრილს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, რევკომის სპეციალური დეკრეტით საქართველოს ეკლესია გამოცხადდა კანონგარეშე ორგანიზაციად ...და კვლავ დაიწყო ეკლესიისაგან საზოგადოების მოწყვეტის პოლიტიკა. სასულიერო პირებს ეკრძალებოდათ საზოგადოებაში გამოჩენა და საღვთისმსახურო წესების აღსრულება. მიუხედავად ამისა, 20-იან წლებში საზოგადოება და ეკლესია ჯერ კიდევ მჭიდრო ურთიერთკავშირში რჩებოდნენ. ამის დასტურია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის (აწ უკვე წმიდანად შერაცხილი) ამბროსი ხელაიას მიერ გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მემორანდუმი და ის მხარდაჭერა, რასაც მას ხალხი უცხადებდა, თუმცა, ბოლშევიკური მთავრობის მიზანდასახულმა ანტიეკლესიურმა პოლიტიკამ მაინც მიაღწია იმას, რომ XX საუკუნის 30-იან-60-იან წლებში ეკლესია პრაქტიკულად იზოლირებული აღმოჩნდა საზოგადოებისაგან, რაც ნათლად ჩანს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ერთ-ერთ წერილში: "...დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ, ვიდრე კათოლიკოს-პატრიარქების კალისტრატეს ან მელქისედეკის დროს იყო. აქ ყველაფერს ვერ დავწერ გასაგები მიზეზების გამო. ძალიან გართულებულ მდგომარეობაშია ჩვენი ეკლესია..." ასეთი მძიმე ვითარება სუფევდა ეკლესიაში იმ პერიოდისათვის, როცა 1977 წელს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტზე ავიდა იმჟამინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ახალგაზრდა, განათლებული, პროგრესულად მოაზროვნე და ფრიად სათნო გარეგნობის მქონე კათოლიკოსის გამოჩენა მოღრუბლულ ცაზე ცისარტყელის გამონათებად აღიქვა და უნდა ითქვას, არც შემცდარა. აღსაყდრების 25 წლისთავის იუბილეზე უწმიდესი და უნეტარესი ილია II იხსენებს: "როდესაც კათოლიკოს-პატრიარქად ამირჩიეს, მთავარ მიზნად დავისახე ინტელიგენციის დაახლოება ეკლესიასთან, რომელნიც ხელოვნურად იყვნენ ერთმანეთისაგან დაშორებულნი"... და ბოლოს დასძენს: "...ეს იყო უმძიმესი ოცდახუთი წელი". არსებული მდგომარეობა კათოლიკოსისაგან ითხოვდა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას იმისათვის, რომ საზოგადოება დაბრუნებოდა ეკლესიას; რა გზით და რა საშუალებებით? ამისათვის საჭირო იყო მეცნიერებთან, მწერლებთან, პოეტებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან დაახლოება, რამეთუ საზოგადოება მათ თავის ელიტარულ ნაწილად აღიქვამს. ეს ბრწყინვალედ ესმოდა ახლადარჩეულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიზანდასახული დაუღალავი შრომის შედეგად მოახერხა ინტელიგენციის დაახლოება ეკლესიასთან, რასაც თვით საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის შემობრუნება მოჰყვა.

ოთხმოციანი წლების ბოლოს საოცარი ძალით იფეთქა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ. ამ პროცესმა კიდევ ბევრ ადამიანს დაანახა ტაძრისაკენ მიმავალი გზა და შედეგმაც ამ დააყოვნა, ხალხი მასიურად დაიძრა ეკლესიისკენ; იგი ხომ არ დროს ერთადერთ ეროვნულ ორგანიზმს წარმოადგენდა საბჭოთა სისტემის პირობებში. აშკარად გაიზარდა ეკლესიისადმი საზოგადოების კეთილგანწყობა. საქართველოს ეკლესია თავისი გაზრდილი ავტორიტეტით სულ უფრო საინტერესო ხდება სახელმწიფო აპარატისათვის, პოლიტიკური ორგანიზაციებისა და ახლად ჩამოყალიბებული არასამთავრობო სექტორისათვის, რადგან ეკლესიას გაუჩნდა ის მძლავრი საზოგადოებრივი რესურსი, რომელსაც სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე და არავისთვის აღარ არის სულერთი და ინტერესმოკლებული, თუ როგორ და რა მიმართულებით იქნება გამოყენებული აღნიშნული პოტენციალი. ეს მოვლენა ბუნებრივია, იმავდროულად იპყრობს იმ ქვეყნების სპეცსამსახურების ყურადღებასაც, რომელთაც საქართველოს მიმართ თავისი პოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ და რა თქმა უნდა, მცდელობას არ აკლებენ, რათა მათთვის სასურველი მიმართუ¬ლებით "შეუწყონ ხელი" მოვლენების განვითარებას, რასაც მთლიანობაში მოჰყვა ჩვენი ქვეყნისთვის ფრიად ტრაგიკული მოვლენები: სახელმწიფო გადატრიალება, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ფაქტიური გასვლა სახელმწიფოს იურისდიქციიდან, ათასობით ჩვენი მოქალაქის (მათ შორის მრავალი ახალგაზრდის) სისხლისღვრა ე.წ. ეთნოკონფლიქტებსა თუ სამოქალაქო ომში. შემდგომი წლების განმავლობაში ქვეყნის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს და ამძიმებს შიდა პოლიტიკური ინტრიგები, მძიმე სოციალური პირობები, უკიდურესად განადგურებული ეკონომიკა, აქტიურად მზარდი კორუფციის დონე, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების მოუგვარებლობა, სახელმწიფოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებში ყოვლად გაუგებარი რყევები და ამ ყველაფერმა ჩვენს მოქალაქეებში გამოიწვია დაბნეულობა, მომავლის წინაშე შიში და სახელმწიფოს მხრიდან დაუცველობის სინდრომი, რაც საქართველოს დამოუკიდებლობას და თვით სახელმწიფოებრიობას საეჭვოს ხდიდა. ამ პერიოდში ჩატარებულმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდ ნდობას მოსახლეობა უცხადებს ეკლესიას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენდა დამატებით ნიშანს იმისა, რომ საქართველოს ეკლესია იქცა მძლვარ საზოგადოებრივ-რელიგიურ ორგანიზაციად.

ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლება მრავალი სამუშაო შეხვედრების, კონსულტაციებისა და დიდი სჯა-ბაასის შემდეგ ღებულობს საკმაოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასთან აფორმებს კონსტიტუციურ შეთანხმებას, რასაც თავის მხრივ, ხელი შეუწყო სხვადასხვა რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერამაც. საინტერესოა, თუ რა ხდება ამ მოვლენების პარალელურად და შემდგომ პერიოდში?

ეკლესიისა და სახელმწიფოს ჰარმონიზაციის პროცესში მიღწეული შეთანხმება (მიუხედავად თვით შეთანხმების ტექსტში არსებული სერიოზული ხარვეზებისა, რაც მომავალში გასწორებას საჭიროებს) როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი სასულიერო პირისა და მათი მრევლის მიერ სამწუხაროდ არასწორად იქნა გაგებული და თავი იჩინა საქართველოს ეკლესიისა და ქართული საზოგადოებისათვის მანამდე უცხო პრობლემამ, რასაც ჩვენში ისტორიულად არ ჰქონდა ადგილი _ გაჩნდა არამართლმადიდებლური კონფესიებისა და მიმდინარეობების მიმართ აგრესიული შეუწყნარებლობის ტენდენცია, რაც არაერთხელ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და რისი მოწმეც გახდა არა მხოლოდ სრულიად საქართველო, არამედ ფართო საერთაშორისო საზოგადოება. ამას დაემატა თვით მართლმადიდებელთა შორის განსხვავებული აზრისადმი შეუწყნარებლობის შემთხვევები, და მთლია¬ნობაში დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო¬სთვის არატრადიციული და უცხო ტენდენციები ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის (მათ შორის ინტელიგენციისთვის) მიუღებელი აღმოჩნდა მორალურად და ზნეობრივად (სხვა მიზეზთა გამოც). საზოგადოების ამ განწყობილებამ სხვადასხვა დროს ასახვა ჰპოვა საზოგადოებრივ-საინფორმაციო საშუალებებში, რაც არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა და იყო (და არის) ერთგვარი სიმპტომი, რომელიც მიანიშნებს იმ ხარვეზზე, რომელიც ბოლო პერიოდში გაჩნდა ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობაში; და ბუნებრივად იბადება კითხვა, რაშია საქმე, რატომ ვეღარ უგებენ ეკლესიას ის ადამიანები, რომლებთანაც ეკლესიამ ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პირობებში მონახა საერთო ენა. ნუთუ შექმნილი გაუგებრობის მიზეზი მხოლოდ ამ ადამიანების არაეკლესიური ცხოვრების წესშია, რაზედაც მიუთითებდა ერთ-ერთი საპასუხო წერილი? შეიძლება არც უამისობა იყოს, მაგრამ რამდენად საკმარისია საკითხის მხოლოდ ასეთი ახსნით დაკმაყოფილება მაშინ, როცა, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, საქართველოს მოსახლეობის სულ რაღაც 6-7%-ია ეკლესიური. როგორც ჩანს, არის კიდევ რაღაც სხვა მიზეზებიც, რაც ყველა შემთხვევაში იმსახურებს ყურადღებას. ამ ტიპის ხარვეზებს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობისათვის. აქვე მსურს კიდევ ერთ საკითხს დავუთმო ყურადღება. ფუნდამენტალისტური ორიენტაცია, რომელიც საფუძვლად უდევს შეუწყნარებლობისა და ექსტრემიზმის პრობლემატიკას, თანდათანობით მწიფდებოდა კონკრეტულ პიროვნებებში, რაც ჩვენს თვალწინ ხდებოდა. უკვე საწყის ეტაპზევე იგრძნობოდა, რომ ეს იყო უცხო მოვლენა, როგორც საქართველოს ეკლესიისათვის, ასევე თვით ქართული სინამდვილისათვის. დიდად წუხდა ამის გამო თვით კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც ყოველთვის ფლობდა (და ფლობს) აბსოლუტურ ინფორმაციას ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შესახებ, თუმცა კი მათი შეგონება შეუძლებელი შეიქნა. დღეს ეს ადამიანები უფრო თვითდაჯერებულნი არიან, რადგან უკანასკნელ დროს მხარდაჭერასა და სიმპათიებს გრძნობენ მაღალ იერარქიულ დონეზე, რითაც ადრე არ იყვნენ განებივრებულნი; ამით ერთგვარად წახალისებულნიც კი არიან და გაუჩნდათ პრეტენზია _ ვინც მათსავით არ ფიქრობს, სარწმუნოებისა და ქვეყნის გადარჩენის შესახებ, არის მტერი და მოღალატე. _ აი, ეს ხდება სწორედ დღეს და თუ საით მივყავართ გადარჩენის მათეულ გზას, დიდი მკითხაობა ნამდვილად არ სჭირდება. ეს არის გზა იზოლაციისაკენ, რომლის ლოგიკური დასასრულიც არის რუსული გავლენის სივრცეში დაბრუნება (ერთმორწმუნეობის ნიშნით). ასეთი საშიშროება მართლაც არსებობს:

საქართველოში და მის ირგვლივ არსებული ვითარების სულიერი და პოლიტიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ კონფესიათაშორისი და შიდა კონფენსიური შეუწყნარებლობა ზოგადად რელიგიურ მოვლენას კი წარმოადგენს, მაგრამ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში რელიგიას უფრო მაპროვოცირებული ფუნქცია აქვს დაკისრებული, ხოლო მიზეზსაც და მიზანსაც წმიდა პოლიტიკური შინაარსი აქვს.

მიუხედავად იმისა, თუ პოლიტიკური მმართველობის რა სისტემები ცვლიდა ერთმანეთს რუსეთში უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში, მისი პოლიტიკური ინტერესი საქართველოს მიმართ იოტისოდენადაც არ განელებულა, არამედ კიდეც გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საქართველომ თავისი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა და შემდგომი აღმშენებლობისა და განვითარებისათვის ევროპული გზა აირჩია (ყოველგვარი შუამავლების გარეშე).

საქართველოსთვის სახელმწიფოს პოლიტიკური ორიენტაციის დასავლური გზის არჩევანი ნიშნავდა და ნიშნავს დღესაც სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის მყარი გარანტიების შექმნას. დღეს კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ სსრკ-ს ძირითადი სამართალმემკვიდრე _ რუსეთი, ადვილად ვერ დათმობდა ამიერკავკასიის ისეთ მშვენიერ რესპუბლიკას, როგორიც საქართველოა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პარალელურად ჩვენს ქვეყანაში იწყება ეთნოკონფლიქტების პროვოცირება და ომის გაჩაღება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. მსგავსი კონფლიქტების პროვოცირების არაერთ მცდელობას ჰქონდა ადგილი საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ამას ერთვოდა ეკონომიკური დივერსია და ბევრი სხვა სახის მავნებლობა, რაც საზოგადოებისათვის ისედაც ცნობილია და ყველაფერი ეს კეთდებოდა იმ მიზნით, რომ საქართველოს უარი ეთქვა თავის არჩევანზე. დღეს პრაქტიკულად მოხსნილია კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო აღნიშნული პრობლემების ავტორი. თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, რომ სხვის დადგმულ ტრაგიკულ სცენებში ისევ ჩვენ ვმონაწილეობდით ისე, რომ ბევრი ადამიანი ამას შესაძლოა ვერც კი აცნობიერებდა და როცა გავაცნობიერეთ, მოვლენების უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო. დღესაც იგივე ხდება... ჩვენს თვალწინ ვითარდება ანტიქართული პოლიტიკური გეგმის საკმაოდ მზაკვრული ვარიანტი, რომელსაც თუმცა კი რელიგიური ელფერი დაჰკრავს, მიზნად ისახავს რელიგიურ ნიადაგზე საზოგადოების დაპირისპირების წარმოქმნას საკუთარი სახელმწიფოს სტრატეგიულ კურსთან. და სამწუხაროდ, ამ ყოვლად დაუშვებელი დაპირისპირების პროვოცირება ხდება სწორედ ზოგიერთ სასულიერო პირთა მიერ ანტიდასავლური ქადაგებებით (ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს ადამიანები გულწრფელად ფიქრობენ, რომ ეროვნულ საქმეს ემსახურებიან, მაგრამ ეს არ ცვლის მოვლენების არსს), რამეთუ მოქმედ სასულიერო პირთა ასეთი მოქმედება, უნდათ მათ ეს თუ არა, ფაქტიურად ეკლესიას წარმოაჩენს აღნიშნული პროცესების ავანგარდში (უკიდურეს შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, საეჭვოს ხდის მის პოზიციას) და ფაქტიურად ხელს უწყობს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაში კრიზისის მომწიფებას. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში მიღწეული იქნება ანტიქართული გეგმის ავტორის მთავარი მიზანი, რადგან მსგავსი რამ დამანგრევლად იმოქმედებს, როგორც სახელმწიფოზე, ისე თვით ეკლესიაზე. მიმაჩნია, რომ დროულად უნდა იქნას გაკეთებული შესაბამისი დასკვნები თითოეული ჩვენგანისა და უპირველესად ამ სასულიერო პირების მიერ და გადაიდგას ის ნაბიჯები, რაც სახელმწიფოს და თვით ეკლესიას აარიდებს იმ საშიშროებას, რომელიც ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. საქართველოში არსებული ფუნდამენტალისტური ორიენტაციის ადამიანების დღეს უკვე ორგანიზაციულად მოწესრიგება და სხვადასხვა რეგისტრირებული კავშირების სახით ჩამოყალიბება წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას ოფიციალური ეკლესიისა და სახელმწიფოს მიმართ, ასეთ პირობებში აუცილებელი ხდება ფართო საზოგადოებას აქტიურად განემარტოს რელიგიური ფუნდამენტალიზმის რაობა და მისი სულიერი და პოლიტიკური ასპექტები, რათა ადვილად გასაგები გახდეს, თუ რა საშიშროებასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში და რომ ფუნდამენტალისტური ორიენტაცია ვერ მოხსნის იმ პრობლემებს, რომლითაც აპელირებენ ხოლმე ჩვენს მიერ ხსენებული ჯგუფის წევრები და მათი სულიერი ლიდერები, არამედ იგი წარმოადგენს რელიგიური ექსტრემიზმის წყაროს და ნიადაგს უმზადებს არც მეტი, არც ნაკლები, ტერორიზმს, რაც მოცემულ სპეციფიურ საკითხში ცნობილ კანონზომიერებას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ეს თემა ერთგვარად ტაბუდადებულადაც კი ითვლება, რის გამოც ბევრი ადამიანი არიდებს თავს მასზე საუბარს, რაც ამ საშინელების აყვავება-გაფურჩქვნას ხელსაყრელ გარემოს უქმნის. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ თემაზე საუბრის მცდელობას ნამდვილად აქვს ადგილი ცალკეულ პირთა მხრიდან, მაგრამ სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში, საუბრის ტონი არის აგრესიული, ადგილი აქვს ხოლმე არაკორექტულობას ოპონენტთა მიმართ და კადნიერ დამოკიდებულებას ზოგადად ეკლესიის, წმიდა სინოდის, საქართველოს საპატრიარქოსა და თვით წმიდა წერილის მიმართაც კი. სამწუხაროდ, რიგით მორწმუნე ადამიანში (და არა მხოლოდ მასში) ეს იწვევს უკუ რეაქციას და შესაბამისად, არაერთი მათგანი, რომელიც მანამდე უკიდურესად კრიტიკულად აფასებდა ფუნდამენტალისტების მოქმედებებს, ან ამ უკანასკნელთა მხარეს გადაიხარა, ან კიდევ თვით ეკლესიის მიმართ დაბრკოლდა. ვფიქრობ, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და ყველა ვითარებაში უნდა შევინარჩუნოთ ზომიერება, სიმშვიდე და კორექტულობა (მიუხედავად იმისა, თუ ვის ან რას ეხება საუბარი), რათა ადამიანს თავისუფალი და სწორი არჩევანის საშუალება დაუტოვო.

ქართული სახელმწიფო ძლიერი ვერ იქნება, თუ მას ძლიერი ეკლესია არ ეყოლა, ეკლესიას კი სულიერი და ფიზიკური ძლიერებისათვის სჭირდება ჭეშმარიტი რწმენისადმი ერთგულება და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. რაც შეეხება მართლმადიდებლობას, ჩვენმა წინაპრებმა იგი დღემდე უბიწოდ შემოინახეს, ხოლო საზოგადოების მხარდაჭერა სახეზეა, რამეთუ მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ნდობას უცხადებს ეკლესიას:

_ იმ შემთხვევაში, თუ იმძლავრა ფუნდამენტალისტურმა ორიენტაციამ (ან თუნდაც ლიბერალურმა), ეს არნახულ საფრთხეს შეუქმნის საქართველოში თვით მართლმადიდებლობას _ როგორც მოციქულთა მიერ ნაქადაგებ რწმენას და ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველს.

_ ხოლო, მოსახლეობის ის 80%-ზე მეტი, რომელიც ენდობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, დიდად სათუთი და მოსაფრთხილებელია, რადგან თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობის აღნიშნულ რაოდენობაში სავარაუდოდ არიან არაქართველებიც და არამართლმადიდებლებიც და აქვე იმასაც დავსძენთ, რომ მართლმადიდებელი მოსახლეობის სულ რაღაც 6-7%-ია ეკლესიური და სხვა დანარჩენი კულტუროლოგიურად და ნათლობით აკუთვნებს თავს მართლმადიდებელ ეკლესიას, ძნელი არ უნდა იყოს იმ დასკვნის გაკეთება, რომ რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულმა განსხვავებული აზრისადმი შეუწყნარებლობამ და აგრესიამ (და მთელი რიგი რეალობების გაუთვალისწინებლობამ) ადვილად შესაძლებელია, ეკლესიისადმი ნდობის მაჩვენებელი დასწიოს საგრძნობლად დაბლა და პირიქით კი მოხდეს, გაზარდოს უნდობლობის მაჩვენებელი _ მით უფრო, რომ სავარაუდოდ, არსებობს ის ძალებიც, ვინც ამით დაინტერესებულიც კია. ასე რომ, მოდით, გულწრფელად ვაღიაროთ, რომ მართლმადიდებლობის დაცვას არავითარი საერთო არა აქვს აგრესიასთან, ხოლო ფუნდამენტალიზმი საქართველოს და მის მოქალაქეებს სიკეთეს ნამდვილად არ მოუტანს; შესაბამისად, არსებული ვითარების უყურადღებოდ დატოვება უკიდურესად მძიმე სინამდვილის წინაშე დაგვაყენებს და მხოლოდ ამის შემდეგ თქმა იმისა, რომ "მე რა შემეძლო", "მე რა შუაში ვარ", "აბა, მე რა უნდა მექნა" და ა. შ. ვერ შეამსუბუქებს უკვე მომხდარს. დავფიქრდეთ იმაზე, რომ მაშინ, როცა რუის-ურბნისის ძეგლისწერა იქმნებოდა, სახეზე იყო რელიგიური შემწყნარებლობის მართლაც უნიკალური ფენომენი. ხოლო რისი შეწყნარებაც ნამდვილად არ შეიძლება, ეს არის არაკომპეტენტურობა, ზნედაცემულობა და ბევრი სხვა რამ, რაც შეუფერებელია მართლმადიდებელი ადამიანისა და მთლიანად საზოგადოებისათვის. მოდით, ამ პრობლემებს დავუპირისპირდეთ. დღეს ჩვენ უმთავრესად აქცენტი უნდა გავაკეთოთ ურთიერთობისა და დიალოგის კულტურის ამაღლებისა და ჯანსაღი ეკლესიური ცხოვრების პროპაგანდის აუცილებლობაზე.

დასკვნა

XX საუკუნეში საბჭოთა იდეოლოგიის მძიმე წნეხი არა მარტო თითოეულმა ადამიანმა და მთლიანად საზოგადოებამ, არამედ თვით ეკლესიამაც განიცადა და ბევრი რამ გვაქვს დღესაც დასაძლევი, რასაც სჭირდება დრო, მოთმინება და ქმედითი ნაბიჯები; ფაქტია, რომ დღეს ქართული სახელმწიფო და საზოგადოება გამოხატავს სურვილს და მზადყოფნას დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებსა და მსოფლიო ორგანიზაციებში გაერთიანებისათვის. მავანთა მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მრევლის წინაშე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დასავლური სტრუქტურების საქართველოსადმი მტრულ ძალად წარმოჩენა ნიადაგს უმზადებს სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესთა დაპირისპირებას, რაც ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. ვფიქრობ, რომ მონდომების შემთხვევაში ჯერ კიდევ შესაძლებელია არსებული პრობლემების უმტკივნეულოდ და მშვიდობიანად დაძლევა. ძალა ერთობაშია; სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების ერთობას კი ნამდვილად შეუძლია ქვეყნის მრავალმხრივ განვითარებას და უსაფრთხოებას შეუქმნას მყარი გარანტიები, რათა ჩვენს მომავალ თაობას "დაწყნარებული და მყუდრო ცხოვრებაი აქუნდეს ყოვლითა კეთილმსახურებითა და პატიოსნებითა", ამინ!

ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი მომავალი."


მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)

მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ერისკაცობაში პაატა გივის ძე ფაჩუაშვილი, დაიბადა 1961 წლის 10 თებერვალს თბილისში. 1968-1978 წლებში სწავლობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1981-1985 წლებში იგი სწავლობდა მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1987-1988 წლებში _ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1988 წელს პაატა ფაჩუაშვილი ჩაირიცხა ახლადგახსნილ თბილისის სასულიერო აკადემიაში. როგორც მეუფე ნიკოლოზი იხსენებს: "ჩვენი უწმიდესის აღსაყდრების შემდეგ ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გაჩნდა ეკლესიის მიმართ. მე და ჩემი მეუღლე ერთად დავდიდოდით სიონის ტაძარში. ეს ტაძარი ჩვენთვის მართლაც დედა ეკლესია იყო. ყველანი ვგრძნობდით პატრიარქის მამობრივ მზრუნველობას. ის ყველას სულიერი მამა იყო. ნელ-ნელა დავიწყეთ მარხვა, წირვა-ლოცვაზე სიარული, განსაკუთრებით ქადაგებები გვიზიდავდა. მაშინ წირვის მნიშვნელობას ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით. შემდეგ შევარჩიეთ მოძღვარი _ სიონის იმდროინდელი მღვდელი მამა დავითი, ახლა მიტროპოლიტი დანიელი. მას შემდეგ მისი სულიერი ხელმძღვანელობით მოვედით აქამდე."

პაატა ფაჩუაშვილი ერთხანს მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში (1986 წ.), 150-ე საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად (1987 წ.), სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ქრისტიანული რელიგიის კათედრაზე მასწავლებლად. 1990 წელს უწმიდესმა, და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იგი აკურთხა დიაკვნად. 1991 წელს _ მღვდლად, უწოდა სახელად პავლე და დაადგინა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მოძღვრად, 1991 წელს მამა პავლე დაინიშნა თბილისის ქაშუეთის\ წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვრად, 1992 წელს _ მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრად, 1996 წელს თბილისის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვრად. 1991 წელს მამა პავლე დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ, 1995 წელს _ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმიდა ნინოს სახელობის მისიონერული სასწავლებლის დირექტორად. წმიდა ნინოს გზაზე ფეხით სამგზის მოგზაურობისათვის მიენიჭა წმიდა ნინოს მორჩილის წოდება. 1993 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება, დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. 1996 წელს აღიკვეცა ბერად ეწოდა სახელი ნიკოლოზი, იმავე წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1996 წლის 29 მარტს წმიდა სინოდმა გამოარჩია ეპისკოპოსად. 30 მარტს არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა ეპისკოპოსად კურთხევაზედ შემდეგი სიტყვით მიმართა მის უწმიდესობას:

"თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, პატიოსანნო მამანო და დედანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო!

"ყოველთა ვექმენ ყოვლად, რათა ყოველნი მაცხონე" (1 კორინთელთა 9.23.) მოკრძალებული სათქმელი მინდა დავიწყო ლოცვით _ ყოვლად წმიდა სამების ტროპარით.

"კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ყოვლადბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად წმიდა სული შენი და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთმოყვარე, დიდება შენდა!"

პირველი და უმთავრესი დავალება, რომელიც მკვდრეთით აღმდგარმა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს მისცა, იყო მოციქულება:

"წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ~. (მათე 28. 1,20).

მოციქულება გულისხმობს ეკლესიის აღშენებას და, უპირველესად კი, ქადაგებს, რაც არის ღმრთისმსახურის უმთავრესი მოვალეობა. როდესაც წინასწარმეტყველი მოსე აარონისათვის სამღვდელმთავრო შესამოსელს ამზადებდა, უფალმა უბრძანა, მასზე ოქროს ეჟვნები დაემაგრებინა:

"ჰქონდეს ეს აარონს ღმრთისმსახურების დროს, ისმოდეს მისი ხმა საწმიდარში შესვლისას უფლის წინაშე და იქიდან გამოსვლისას, რათა არ მოკვდეს~. (გამოსვლათა 28.35).

წმიდა მამების განმარტებით ეჟვანი მღვდელმთავრის შესამოსელზე სიმბოლურად ნიშნავს ქადაგებას. ღმრთისმსახური, რომელიც არ ქადაგებს, სულიერად მკვდარია.

როდესაც მოციქულებმა სასუფეველი მთელ მსოფლიო ახარეს, სულიერი ცხოვრების უმთავრესი საზრუნავი ჯერ უწყებული ჭეშმარიტების დაცვა, მისი დამოწმება გახდა, ხოლო მოგვიანებით კეთილმორწმუნე ადამიანების განვითარება სულიერი სრულყოფილებისაკენ. ასე ჩამოყალიბდა ეკლესიის ისტორიაში მოციქულთა დროის შემდგომ ჯერ მოწამეთა დიდი დასი, ხოლო შემდგომ _ ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტი, თუმცა სამოციქულო მსახურების აუცილებლობა ყოველთვის არსებობდა.

დღეს ეკლესიაში ჩნდება აზრი, რომ მოციქულები ისტორიის კუთვნილება გახდა და რომ ღვთისმსახურმა მხოლოდ ტაძარში უნდა იქადაგოს.

მოციქულებს თავისი მნიშვნელობა არასოდეს დაუკარგავს. ზოგის აზრით, ასეთი მსახურება დღეს არავის ხელეწიფება, მაგრამ მოციქულება არ ნიშნავს სრულყოფილებას _ ჭეშმარიტად სრულყოფილი ღმერთია (მათე, 5.48) არამედ ნიშნავს სიწმინდეს, რაც სრულყოფილებისაკენ მგზნებარე სწრაფვაში მდგომარეობს. რაც უფრო ძლიერია ეს სწრაფვა და მაღალია სიწმინდე, მით ნაკლებად ზრუნავს იგი საკუთარ ცხონებაზე. მოციქულებისათვის პირადი ცხოვრების მიზანი იჩრდილება მისი შემყურე ადამიანებისადმი ზრუნვით. მოციქულის პირადი ცხოვრება თითქოსდა შთანთქმულია ამ დიადი სიყვარულის ცეცხლით, რომელიც ყველაზე ნათლად ჩანს პავლე მოციქულის გონებამიუწვდომელ სიტყვებში, რომ თუ შესაძლებელი იყო, ღმერთს ის წარეწყმიდა და მის ნაცვლად ისრაელი ეცხონებინა:

"ვილოცევდ მე შეჩვენებულ ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესაგან ძმათა ჩემთათვის, და ნათესავთა ჩემთა ხორციელად, რომელნი იგი არიან ისრაიტელნი~ (რომაელთა 9.3).

როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს, დღესაც გვაქვს უფლება, ჩვენც გავიმეოროთ ეს საოცარი სიტყვები (საუბარი 32).

მოციქულები უაღრესად ასკეტურად ცხოვრობდნენ:

"აღვიკრძალავ ხორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუ უკვე სხვათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო" (1 კორინთელთა 9.28) _ ბრძანებს მოციქული პავლე, მაგრამ ეკლესია მათ განადიდებს არათუ პირადი ღვაწლის _ მარხვის, ლოცვის, უვერცხლო კურნების, ქალწულების, ან თუნდაც მოწამეობის ნიშნით, რაც მათ სხვა სულიერ მოღვაწეებზე არანაკლები გააჩნდათ, არამედ მათი საზოგადო მსახურების გამო, რომელსაც ეწოდება მოციქულება.

საქართველოს ეკლესიაში სამოციქულო მოღვაწეობა წმიდა ნინოს ქადაგებით არ დამთავრებულა. ჩვენ ყოველთვის გვყავდნენ დიდი მქადაგებლები და მისიონერები, რომელთაგან ორი უკანასკნელმა საეკლესიო კრებამ 1995  წელს წმინდანებად შერაცხა. ესენი არიან წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე), რომლის ქადაგებათა კრებული დღემდე ყველა ქრისტიანის სამაგიდო წიგნია და წმ. მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე), რომლის ქადაგებით მოინათლა 18 ათასი აფხაზი, რის გამოც მას აფხაზეთის მეორე მოციქული ეწოდა სვიმონ კანანელის შემდეგ.

დღეს ისე, როგორც არასდროს, ღმრთისგანდგომილების ამ ულმობელ ხანაში, როდესაც ადამიანებს ყველა ღირებულება დაემსხვრათ, საჭიროა მათი სულიერი ნუგეშინისცემა, საჭიროა მისვლა ყოველ ქალაქსა თუ სოფელში, ყოველ ქუჩაზე, ყოველ ოჯახში და ჟამთა ძნელბედობისას მიმოფანტული სულიერი სამწყსოს შეგროვება და ტაძრად მოყვანა. დღეს თითქოს ყველაფერი თავიდან იწყება _ პირველი საუკუნეების მსგავსად აუცილებელი ხდება ეკლესიის ხელახალი აშენება და უმარტივესი საღმრთო ჭეშმარიტებების თითოეულ ადამიანთან მიტანა, მიუხედავად მისი ასაკისა, პროფესიისა თუ სოციალური წარმოშობისა. დღევანდელი მქადაგებლის დანიშნულება კარგად ჩანს უფლის სიტყვებში, რომელიც მან წინასწარმეტყველ ეზეკიელს უბრძანა:

"როცა მართალი თავისი სიმართლისაგან მიიქცევა და უკეთურებას ჩაიდენს,... თუ შენ არ გააფრთხილებ მას, თავის ცოდვაში მოკვდება და მის სისხლს შენ მოგკითხავ. თუ შენ გააფრთხილებ... და ისიც არ შესცოდავს, გადარჩება, რადგან გააფრთხილებ. შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი... გამგონემ გაიგოს, გაუგონარი ნუ გაიგებს" (ეზეკიელი 3. 20,21,27). მაგრამ იმისათვის, რომ გამგონემ გაიგოს, მქადაგებელმა ჭეშმარიტება მსმენელთათვის გასაგებ ენაზე, მათთვის გასაგები პირობითი ნიშნებით უნდა გამოთქვას. ამის საუკეთესო მაგალითია ისევ მოციქული პავლე, რომელმაც არეოპაგში ქადაგებისას თავისი აზრი ბერძნებისათვის რომ უფრო ნათელი გაეხადა, ელინი პოეტის არატ კილიკიელის სიტყვები მოიშველია (საქმე 17.28).

ამიტომ ჩემს, როგორც მომავალი მღვდელმთავრის, უმაღლეს მოწოდებას ვხედავ პავლე მოციქულის სიტყვებში:

"თავისუფალი ვიყავ ყოველთაგან, და ყოველთა თავი ჩემი დავამონე, რაითა უმრავლესნი შევიძინნე. ვიქმენ ჰურიათა თანა ვითარცა ჰურია, რათა ჰურიანი შევიძინნე, სჯულისა ქვეშმყოფთა თანა, ვითარცა სჯულისა ქვეშე მყოფი,... უსჯულოთა თანა ვითარცა უსჯულო, არა უსჯულო ვიყავ ღმრთისა, არამედ სჯულიერი ქრისტესი, რათა უსჯულონი შევიძინნე, ყოველთა ვექმენ ყოვლად, რათა ყოველნი ვაცხონნე" (1 კორინთელთა 9.19-23).

ამასთან ყოველთვის ვეცდები, ჩემი სიტყვები პირადი კეთილკრძალული ცხოვრებით დავადასტურო. განსაკუთრებით ვთხოვ ღმერთს, მომცეს ნიჭი თავმდაბლობისა.

როდესაც იესო ქრისტემ თავის პირველ მოწაფეებს მოუწოდა, მათ თავიანთი ნავები მიატოვეს ყველაზე იღბლიანი თევზაობისას _ როდესაც მათი ბადეები თევზისაგან "განსქდებოდა" (ლუკა 5,6-7), და არა ხელმოცარულობის ჟამს. თევზი, რომელიც უფალმა მათ მიანიჭა, იყო დიდი სიმდიდრე ღარიბი მეთევზეებისათვის და მათი ოჯახებისათვის, მაგრამ მათ მადლიერების ნიშნად უყოყმანოდ დატოვეს ყოველივე და შეუდგენ უფალს.

დღეს, როდესაც ვდგავარ ამ დიდ გზაჯვარედინზე და ვიხსენებ ჩემს განვლილ ცხოვრებას, რომელიც იყო ბედნიერი, ვფიქრობ, რითი გადავუხადო უფალს მადლობა.

"რა მივადო უფალსა ყოვლისავესთვის, რომელი მომაგო მე?" (ფსალმუნნი 115,4-6).

გმადლობთ თქვენ, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, ამ დიდი ნდობისა და დიდი სიყვარულისათვის, რომელიც ჩემს სულიერ წინსვლას განაპირობებდა. ვმადლობ წმიდა სინოდის მღვდელ¬მთავრებს სულიერი თანადგომისა და გამხნევებისათვის, ვმადლობ ჩემს სულიერ ძმებსა და დებს და ყველას, ვინც დამეხმარა ამ მძიმე და საპატიო ჯვრის ტვირთვაში.

ღმრთისა და თითოეული თქვენგანის წინაშე მინდა დავდო საზეიმო აღთქმა: ვეცდები მთელი ჩემი გულითა და გონებით, სულითა და ძალით _ მთელი ჩემი არსებით, დავიცვა დედა-ეკლესიის ღირსება და მოვემსახურო ჩემს ხალხს და მინდა დიდი მოწიწებით გავიმეო¬რო რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერის სიტყვები:

"არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ-ვართ, ვინათგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება."

და, ბოლოს, მინდა დავამთავრო ისევ ლოცვით, მინდა შევთხოვო წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზს, რომელმაც თავისი მფარველობის ქვეშ მიმიღო, დამიცვას და განმაძლიეროს სამღვდელმთავრო მსახურების გზაზე:

"კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის", ამინ.

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიულოცა მეუფე ნიკოლოზს ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება და უსურვა წარმატება სულიერი ცხოვრების დიად და რთულ გზაზე.

1996 წლის თებერვლიდან 1998 წლის ნოემბრამდე მეუფე ნიკოლოზი იყო ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის მმართველი, 1998 წლის ნოემბრიდან 1999 წლის ნოემბრამდე _ ახალციხის, 1999-2001 წლებში _ ბოდბის, 2001-2002 წლებში _ ცაგერისა და ქვემო სვანეთის, 2002 წლის 17 ოქტომბრიდან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მმართველია. 2000 წლის 8 ნოემბერს ეპისკოპოს ნიკოლოზს ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი სამსახურისათვის მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წლის ივლისში _ მიტროპოლიტის წოდება. 2007 წლის 24 დეკემბერს მიტროპოლიტი ნიკოლოზი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით.

მეუფე ნიკოლოზს ურთულეს ეპარქიაში უხდება მოღვაწეობა. ისტორიულ ჯავახეთში ქართული მოსახლეობა მცირეა, მძლავრობს მონოფიზიტური სომხობა... ეპარქიაში მოქმედია: 1. სოფელ ბარალეთის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, 2. ნინოწმინდის ხარების სახელობის დედათა მონასტერი, 3. სოფელ საღამოს წმიდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი, 4. ახალციხის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული ამაღლების დედათა მონასტერი.
მეუფე ნიკოლოზს ეკუთვნის შემდეგი ნაშრომები:

ა) "რწმენა და ურწმუნოება", პ. ფაჩუაშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტი, თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის შრომები II, საქართველოს საპატრიარქო, 1990 წ.

ბ) "წესი ქრისტიანის ცხოვრებისა", "ბედნიერი ოჯახი", დეკანოზი პავლე ფაჩუაშვილი, საქართველოს საეკლესიო კალენდარი, 1994 წ.

გ) "წესი ქრისტიანის ცხოვრებისა", "დიდაქე", ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი, გამომცემლობა "კანდელი", 1997 წ.

დ) "ნუ მოკლავ ჯაფარას", ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი, გაზეთი "ლიტერატურული საქართველო", 1997 წ.

ე) "წარვედით და მოიმოწაფენით", კონფესიათაშორისი ეთიკის არსი და მისი დარღვევის მაგალითები ჩვენს ირგვლივ, ახალციხელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი;

ვ) "წმინდა პატრიკისა და წმინდა გრიგოლ ტურელის კვალდაკვალ, მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი", თარგმნა მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), 2002 წ.


მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)

მიტროპოლიტი თეოდორე, ერისკაცობაში დიმიტრი ალექსანდრეს ძე ჭუაძე, დაიბადა 1967 წლის 11 აპრილს ქ. სიღნაღში. 1974 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქ. თელავში. 1984 წელს მან დაამთავრა თელავის N4-ს საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე. 1986-1988 წლებში იგი მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1990 წელს ჩაირიცხა ახალციხის სასულიერო სემინარიაში. 1991 წლის 22 თებერვალს საფარის წმიდა საბა განწმენდილის მონასტრის წინამძღვარმა სერგიმ (ამჟამად მიტროპოლიტი) მორჩილი დიმიტრი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად თეოდორე. 1991 წლის 2 ივნისს, სიონის საკათედრო ტაძარში, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი თეოდორე აკურთხა ბერ-დიაკვნად, ხოლო 1991 წლის 8 სექტემბერს _ მღვდელ-მონაზვნად. 1992 წელს დაინიშნა საფარის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1993 წლის 12 ივლისს მღვდელ-მონაზონ თეოდორეს მიენიჭა იღუმენის, ხოლო 1996 წლის 26 ოქტომბერს _ არქიმანდრიტის წოდება.

1996 წლის 27 ოქტომბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმიდა სინოდის წევრების თანამწირველობით არქიმანდრიტი თეოდორე ბოდბელ ეპისკოპოსად აკურთხა. არქიმანდრიტმა თეოდორემ ამ სიტყვებით მიმართა მის უწმიდესობას: "ამ მღელვარე წუთებში ძალიან მიჭირს იმის გამოხატვა, რაც ჩემს სულში ხდება, სული წმიდის მადლმა, რომელმაც მომანიჭა მე ცოდვილსა და უღირს მონას მღვდელმთავრის უბრწყინვალესი ღირსება, უდიდესი პასუხისმგებლობა დამაკისრა: ამ ღვთიური ჯილდოს მიღება სიხარულითა და მადლიერების გრძნობით აღმავსებს იმ უდიდესი ნდობის გამო, რომელიც ღვთის ნებითა და ლოცვა-კურთხევით გამომიცხადა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა. ჩემს სიხარულს ისიც აძლიერებს, რომ ღმერთმა საეპისკოპოსო კათედრად ქართველი ერის განმანათლებლის საფლავის წმიდა მიწა მიმიჩინა. მინდა გითხრათ, რომ ბოდბესთან ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს. პირველ რიგში ის, რომ ამ მონასტრის კედლებში დავიბადე. იგი ხომ საავადმყოფოდ იყო მაშინ გამოყენებული. ჩემი სულიერი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, ღვთის განგებით, წმიდა ნინოს საფლავის მოსალოცად მიწევდა ბოდბეში ჩასვლა. ასე იყო მორჩილად კურთხევის, ბერად აღკვეცის, დიაკვნად და მღვდლად ხელდასმის წინ. წმიდა ნინოს ლოცვა-კურთხევა მუდამ თან მსდევდა ჩემი ცხოვრების  გზაზე. სწორედ ამის გამო ჩემს სიხარულს დიდი მღელვარებაც ახლავს თან. მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოგიტყდებით ძალიან მიმძიმდა საფარის მონასტრის დატოვება, ერთხანს უარის თქმაც დავაპირე, მაგრამ ღვთის ნებას ვერ გავუწიე წინააღმდეგობა.

ჭეშმარიტების ძიებამ ღვთის გაუწვდომელი განგებით 1989 წელს საფარის მონასტერში მიმიყვანა. მაშინ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი. ძალიან მინდოდა ხელი შემეწყო ერის აღორძინებისათვის. ვიცოდი, რომ ამისათვის ეკლესიის აღორძინება იყო საჭირო. ამიტომ როდესაც საფარას გაემგზავრა სტუდენტთა ჯგუფი აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, მეც მათ გვერდით აღმოვჩნდი. მონასტერში ხანმოკლე ცხოვრებამ დამანახა, რომ ეკლესიის  აღორძინება ჩვენივე სულების აღორძინებით უნდა დაიწყოს. მაშინ ჩაეყარა საფუძველი ჩემი ცხოვრების ფერისცვალებას. გადავწყვიტე მთლიანად შემეწირა ცხოვრება ღმრთისა და ერისათვის. მივხვდი, რომ ჭეშმარიტება მიწიერი მცნება არ არის და სულიერი ღირებულებისაკენ დავიწყე სწრაფვა. ამ სწრაფვამ მრავალი განსაცდელით აღსავსე გზა გამატარა და ახლა ამ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე დამაყენა. ღვთის შეწევნით შევეცდები ხელი შევუწყო წირვა-ლოცვის გახშირებას ტაძრებში, ახალგაზრდობის სულიერ აღორძინებას, მოსახლეობაში ღვთის სიტყვის გავრცელებასა და ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებას. განსაკუთრებით კი სამონასტრო ცხოვრების გაცხოველებას, რათა წმიდა ნინოს მადლით გამრავლდნენ ბერ-მონაზვნები და თავიანთი წმიდა და მხურვალე ლოცვებით კახეთსა და სრულიად საქართველოს შეეწიონ. ამ მღელვარე წუთებში ვთხოვ შენდობას, შეწევნასა და მფარველობას ყოვლადწმინდა ღვთისმშბელსა და წმიდა ნინოს. გთხოვთ შენდობას და შეწევნას თქვენ, თქვენო უწმიდესობავ, იმედი მაქვს, რომ არ მომაკლებთ თქვენს რჩევა-დარიგებებს და შეწევნას ჩემს მძიმე მსახურებაში, რათა თქვენი წმიდა ლოცვებით უფალმა მორჩილება, სიბრძნე, მოთმინება და ყველა ის თვისება მომმადლოს, რომელიც შემაძლებინებს პირნათლად აღვასრულო მღვდელმთავრის მოვალეობა. გთხოვთ შენდობასა და შემწეობას თქვენ, წმინდანო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო! გთხოვთ შენდობასა და წმიდა ლოცვებს ჩემო საყვარელო მრევლო! თქვენი წმიდა ლოცვებით გაძლიერებული ვეცდები, პირნათლად აღვასრულო ღვთისგან დაკისრებული ეს უდიდესი მოვალეობა. მადლობას გიხდით ყველას თქვენი თანადგომისა და სიყვარულისათვის." (61, 1996, 10).

ახლადნაკურთხ ეპისკოპოს თეოდორეს მაღალი სასულიერო იერარქიის გზა დაულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. "თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ბოდბელო ეპისკოპოსო თეოდორე, ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო. დღეს აღსრულდა განგება ღვთისა და მადლი სულისა წმიდისა გადმოვიდა ახალსა ეპისკოპოსსა ზედა, რომელიც მწყემსმთავრად დადგენილა ბოდბის ეპარქიაში, იქ, სადაც განისვენებს მოციქულთა სწორი დედა ნინო. ეს არის განგება და განჩინება ღვთისა. წმიდა სინოდმა განგება ღვთისა მხოლოდ აღასრულა. მეუფე თეოდორე, წმიდა ნინო გიხმობს შენ ბოდბეში, იმ წმიდა სავანეში, სადაც შენ თვითონ დაიბადე, იმ მხარეში, საიდანაც შენი გვარი წარმოდგება და საიდანაც შენი წინაპრები არიან. ფრიად დიდია ეპისკოპოსის მოვალეობა და პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე, მაგრამ როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ეპისკოპოსს ირჩევს, ის ამავე დროს მას ძალასა და მადლსაც აძლევს იმისათვის, რომ ეს მძიმე მოვალეობა აღასრულოს. ამიერიდან შენ ღვთისა და ერის წინაშე პასუხს აგებ არა მხოლოდ შენს თავზე, არამედ იმ სასულიერო და საერო პირებისათვისაც, რომელნიც შენი სამწყსოს წევრები იქნებიან. წინააღმდეგობა და განსაცდელი ბევრი შეგხვდება, მაგრამ არ უნდა შეშინდე, რადგან განსაცდელს შვება, წყალობა და შემწეობა უფლისა მოსდევს. ევედრე უფალს, რომ მან მოგცეს მადლი სულისა წმიდისა, რომელიც უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია. უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლობა და მორჩილება გმართებს. წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ამპარტავანთა ღმერთი შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთ წყალობას მიანიჭებს. თუ თავმდაბლობა გექნება, მადლს უფლისას უხვად მოიხვეჭ: ამ გზით შენ სულსაც გადაარჩენ და მრავალთაც აცხოვნებ. შენი მრევლისათვის, სამღვდელოებისა და ბერ-მონაზვნებისათვის შენ არა მარტო მამა, არამედ მოწყალე დედაც უნდა იყო და როგორც დედა სწყალობს შვილებს, ისე უნდა წყალობდე მათ. კურთხევა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს შენსა და შენს ეპარქიასა ზედა. ამინ." (61, 1996, 10).

1998 წლის ნოემბრიდან მეუფე თეოდორე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მმართველია. 2003 წლის მარტიდან 2004 წლის 4 ივნისამდე ეპისკოპოსი თეოდორე საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, 2004 წლის 4 ივნისიდან 2005 წლის თებერვლამდე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორია. 2005 წლის თებერვლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია. 2003 წლის დეკემბერში ეპისკოპოს თეოდორეს ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი სამსახურისათვის მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2006 წელს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 2007 წლის 24 დეკემბერს მიტროპოლიტი თეოდორე დაჯილდოვდა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით. მეუფე თეოდორეს მოღვაწეობა უხდება ერთ-ერთ რთულ რეგიონში, სადაც ისტორიული ძნელბედობის გამო მართლმადიდებელი ქართველების გარდა ცხოვრობენ კათოლიკე ქართველები, მონოფიზიტი სომხები, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, რომელიც დღეს თურქეთის შემადგენლობაშია გამაჰმადიანებული ჩვენი თანამოძმენ მიტროპოლიტ თეოდორეს ძალისხმევით ეპარქი¬აში სიმშვიდეა და ადგილი არ აქვს რელიგიურ ნიადაგზე რაიმე დაპირისპირებას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე თეოდორე მონაწილეობს საერთაშორისო ქრისტი¬ანულ ფორუმებში.

2009 წლის თებერვალში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რუსეთის ახალი პატრიარქის უწმიდესი კირილის კურთხევასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში. 2007 წლის 13 დეკემბერს მიტროპოლიტმა თეოდორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სახელით სამების საკათედრო ტაძარში ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს.

"პატიოსანო მამანო, ქალბატონებო და ბატონებო!

მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს, რომ ამ ღირსშესანიშნავ დღეს მაქვს პატივი, მოგმართოთ წმიდა სინოდის სახელით. საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია და კეთილმორწმუნე ქართველი ერი უდიდესი სიხარულით აღნიშნავს მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის აღსაყდრების 30 წლისთავს. 30 წელი გვაშორებს იმ ღირშესანიშნავ ისტორიულ თარიღს, როდესაც სვეტიცხოვლის ტაძარში, ღვთის ნებით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე ავიდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია ღუდუშაურ-შიოლაშვილი, რომელსაც აღსაყდრების შემდგომ ილია II ეწოდა.

ნისლიანი დილა გათენდა 1977 წლის 25 დეკემბერს. საკმაოდ ციოდა, მაგრამ ვერც ზამთრის სუსხმა და ვერც კომუნისტური ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელმა რეპრესიებმა ვერ შეაშინა ათასობით გულანთებული მორწმუნე ქართველი, რომელიც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში შეკრიბა. ხელისუფლების მცდელობა, წესრიგის დაცვის საბაბით ტაძარში არ შეეშვა ხალხი სპეციალური საშვების გარეშე, უშედეგო აღმოჩნდა. ხალხმა გაარღვია მილიციელთა კორდონები და ტაძარში შევიდა. ასეთი ხალხმრავლობა სვეტიცხოველს 1917 წლის 12 (25) მარტის შემდეგ არ ახსოვდა, მოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო, ყველას სურდა თანამონაწილე ყოფილიყო იმ ისტორიული მოვლენისა, რომელიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში ხდებოდა. პატრიარქი, რომელიც, ღვთის ნებით, უაღრესად საპასუხისმგებლო მსახურებას იწყებდა, სავსებით ახალგაზრდა იყო. 30 წლის წინ მისმა უწმიდესობამ ჩაიბარა შეჭირვებული, დამცრობილი საქართველოს ეკლესია, რომლის წინამძღვობა ქვეყანაში გაბატონებული ათეიზმის პირობებში უაღრესად რთული და მძიმე იყო. ყველა მიმართულებით იყო სერიოზული პრობლემები, მოქმედი ეკლესიების რაოდენობა 50-ს არ აღემატებოდა, სასულიერო პირთა რიცხვი კი _ ოთხმოცს; სულ ხუთი მოქმედი ეპარქია იყო საქართველოში, ეკლესიას არ ჰყავდა მრევლი, მსოფლიოს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა არ სცნობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ ავტოკეფალიას. დაკნინებული იყო ჩვენი ეკლესიის საერთაშორისო ავტორიტეტი, საქართველოში არ არსებობდა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლები, სასულიერო აკადემიები, რაც სერიოზულ დაბრკოლებას უქმნიდა ქართული საღვთისმეტყველო სკოლის განვითარებას, არ მოქმედებდა მონასტრები, საზოგადოება უკიდურესად გაუცხოებული იყო ეკლესიისაგან, ქვეყანაში სულიერი ზამთარი იდგა, რომელიც პატრიარქს უნდა გაელღო თავდაუზოგავი მოღვაწეობით.

თავისი ოცდაათწლიანი ღვაწლით უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ უმძიმე-სი მდგომარეობიდან გამოიყვანა საქართველოს სამოციქულო ეკლესია, ააღორძინა იგი და კვლავ მოუპოვა მას ის საერთაშორისო ავტორიტეტი, რომელიც ყოველთვის გამოარჩევდა საქართველოს ეკლესიას სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესი¬ათა შორის და იგი ყოველთვის იცავდა მართლმადიდებლურ მოძღვრებას. ის უდიდესი ღვაწლი, რაც პატრიარქმა იტვირთა, აღემატება ერთი ადამიანის შესაძლებლობას, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში ბრძანებს: "სულიერება ხალხში თავდაპირველად გზას იკვლევს ცალკეულ მადლმოსილ პიროვნებათა წყალობით, შემდეგ ეს ნიჭი ეფინება მთელ ერს და აღამაღლებს მას; ამიტომაც პიროვნების როლი ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. არსებო¬ბენ ღვთის ნიშნით გამორჩეული ადამიანები, რომლებიც სიყვარულსა და სათნოებას სთესავენ. ისინი ქმნიან, აშენებენ, თვითონ იწვიან, სხვას კი გზას უნათებენ.
თქვენო უწმიდესობავ, თქვენ სწორედ ასეთი პიროვნება ბრძანდებით, რომელიც გზას უნათებს და ჭეშმარიტებისაკენ მიუძღვის ღვთის მიერ თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოს, სრულიად საქართველოს.

თქვენი უდიდესი მოღვაწეობის კეთილი ნაყოფი დღეს სავსებით ცხადია. აღორძინებული რწმენა, გამრავლებული ეკლესია-მონასტრები და მათში მლოცველი მრევლის სიმრავლე, რომელთაგან დიდი ნაწილი ახალგაზრდობაა, ეპარქიათა და მღვდელმთავართა გაზრდილი რიცხვი, სასულიერო პირთა სიმრავლე, უცხოეთში ამოქმედებული ქართული ეკლესიები, თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიები და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაფუძნებული სასულიერო სემინარიები, გელათის მეცნიერებათა აკადემია, უამრავი სამრევლო სკოლა, საპატრიარქოს რადიო "ივერია", ქართული ტელემაუწყებლობა "ივერია", საგამომცემლო საქმიანობა, საპატრიარქოში არსებული განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურების წარმატებული საქმიანობა, საპატრიარქოს უნივერსიტეტის დაფუძნება, რომელიც სულ მალე ამოქმედდება, სულიერების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის დაფუძნება, საქართველოში დღის განმავლობაში შვიდგზის ლოცვების აღვლენის ტრადიციის აღდგენა, რაც ერის გამთლიანების უმნიშვნელოვანესი საფუძველია, სამების გასაოცარი სილამაზის საკათედრო ტაძრის აგება, რომელიც გვირგვინად ადგას თქვენს უდიდეს მოღვაწეობას; სახელმწიფოსთან გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმება, რამაც განსაზღვრა და დაარეგულირა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა.

თქვენო უწმინდესობავ, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში თქვენი აღსაყდრების 30 წლისთავთან დაკავშირებით ჩამობრძანდნენ მსოფლიო პატრიარქი, მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს I და სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები და მღვდელმთავრები. რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს ის უდიდესი დამსახურება, რომელიც თქვენ მიგიძღვით არა მარტო საქართველოს ეკლესიის, არამედ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. შემთხვევითი არ იყო მსოფლიო პატრიარქის მიერ წარმოთქმული სიტყვები თქვენს მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობის მასშტაბები გასცდა ადგილობრივი ეკლესიის საზღვრებს და მან მსოფლიო მნიშვნელობა შეიძინა, ამიტომ პატრიარქი ილია II მხოლოდ საქართველოს ეკლესიას არ ეკუთვნის, იგი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებააო.

თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ შეუძლებელია სიტყვამ დაიტიოს ის საყოველთაო საქმიანობა, რაც თქვენს სახელს უკავშირდება. დრო კიდევ უფრო დიდი ღირსებით წარმოაჩენს თქვენს სახელს, თქვენი მოღვაწეობის 30-წლიან ეპოქას თქვენ `მზიანი ღამე~ უწოდეთ, რომელსაც დღეს უდიდესი ნათელი ადგას, მთელი საქართველო უდიდესი მადლიერებითა და სიყვარულით აღვნიშნავთ თქვენი აღსაყდრების 30 წლისთავს და მადლობას ვსწირავთ ყოვლადწმინდა სამებას, რომ ჩვენი სამშობლოსათვის მეტად მძიმე პერიოდში თქვენ გამოგარჩიათ ღმერთმა. აღგამაღლათ საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის ტახტზე, წმიდა ანდრია პირველწოდებულის საყდარზე და საკვირველი საქმენი შეგაძლებინათ ქართველი ერის სულიერი აღორძინებისათვის.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ დღესაც საოცარი სულიერი მხნეობით ეზიდებით ამ უმძიმეს ჯვარს, რომელიც ღმერთმა გარგუნათ, როგორც ქართველი ერის მამამთავარს.

შევთხოვთ ყოვლადწმიდა სამებას, რომ მოგანიჭოთ დღეგრძელობა, რათა დაუბრკოლებელი იყოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინსვლა და წარმატება, ღმერთმა არ მოაკლოს სრულიად საქართველოს თქვენი ლოცვა-კურთხევის მადლი და ძალა. ამინ!" (68, 2008, 11).

მეუფე თეოდორემ მრავალი სირთულისა და წინააღმდეგობის მიუხედავად არაერთხელ იმოგზაურა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, მოილოცა ხანძთა, შატბერდი, პარხალი, წყაროსთავი, იშხანი, ხახული... შეხვდა თურქეთში მცხოვრებ ქართველებს. XX საუკუნის 80-იან წლებამდე ეპარქიაში არ იყო მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესია. მეუფე თეოდორემ სახელოვნად განაგრძო და განვრცო ის ღვაწლი, რომელიც დაიწყეს მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე), მეუფე სერგიმ (ჩეკურიშვილი), მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი). ამჟამად ეპარქიაში მოქმედია შემდეგი სამრევლო ეკლესიები: ახალციხის წმიდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარი, (წინამძღვრის მოადგილე _ იღუმენი ლუკა (კონჩაკოვი)). ვალეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი სტეფანე ნადირაძე), ვალეს ესტატე მცხეთელის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი სტეფანე ნადირაძე), ვალეს იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი სტეფანე ნადირაძე), აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი იოანე გელაშვილი), საყუნეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი იოანე გელაშვილი). ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი იოანე გელაშვილი), მესხის სამების სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ იღუმენი ლუკა კონჩაკოვი), წნისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ ლუკა კონჩაკოვი), წობარეთის სულთმოფენობის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ იღუმენი ლუკა კონჩაკოვი), ანდრია წმინდის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ არქიმანდრიტი ზოსიმე კაცაძე), ხერთვისის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონ მაჭარაშვილი), ასპინძის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი ზოსიმე კაცაძე), საროს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ ზოსიმე კაცაძე). ადგიგენის წმიდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი, (წინამძღვაწი იღუმენი დიმიტრი კაპანაძე), აბასთუმნის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი _ (წინამძღვარი _ მღვდელმონაზონი მაქსიმე გაბელაშვილი), უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ დეკანოზი ტიმოთე ჩილაშვილი), ბოლაჯურის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ იღუმენი ლუკა კონჩაკოვი), წახანის წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი, (წინამძღვარი _ მღვდელმონაზონი მაქსიმე გაბელაშვილი).

მონასტრები: საფარის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, (წინამძღვარი _ არქიმანდრიტი არსენი (ასანიძე)), ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, (წინამძღვარი _ არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი)), ჭულევის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, (წინამძღვარი _ იღუმენი დიმიტრი (კაპანაძე)), ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, (წინამძღვარი _ მღვდელმონაზონი ნიკოლოზი (გეწაძე)), აბასთუმნის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, (წინამძღვარი _ მღვდელმონაზონი მაქსიმე (გაბელაშვილი)), ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი, (წინამძღვარი _ არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი)), აბასთუმნის წმიდა პანტელეიმონის სახელობის დედათა მონასტერი, წინამძღვარი  (მონაზონი ბარბარე (გრიგალაშვილი)), ახალციხის წმიდა მარინეს სახელობის დედათა მონასტერი, (წინამძღვარი _ მონაზონი პარასკევა (ელბაქიძე)), ახალციხის საეპისკოპოსო რეზიდენციასთან არსებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი, (წინამძღვარი _ მონაზონი ნატალია (ქაფიანიძე)). ეპარქიაში შენდება: ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი, წნისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ენთელის წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი, ვარხნის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი. ეპარქიაში ფუნქციონირებს სასულიერო სემინარია.


მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია)

მიტროპოლიტი საბა, ერისკაცობაში ზაზა როინის ძე გიგიბერია, დაიბადა 1966 წლის 28 სექტემბერს სენაკის რაიონ სოფელ ძველ სენაკში.¬ 1983 წელს დაამთავრა ძველი სენაკის საშუალო სკოლა. ეს სკოლა 1884 წელს დაუარსებია ილია ჭავჭავაძეს, იქ არაერთი სახელოვანი მწერალი, მეცნიერი და სასულიერო პირი აღიზარდა. 1984 წელს ჩაირიცხა საქარ¬თველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, ინსტიტუტიდან გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც იმსახურა 2 წელი, 1991 წელს დაამთავრა ინსტიტუტი. როგორც მეუფე საბა აღნიშნავს: "1989 წლის ივნისიდან იწყება ჩემი ახალი ცხოვრება. ღვთის განგებით ინსტიტუტიდან შრომითი სემესტრით მოგვიწია საფარის მამათა მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოებზე მონაწილეობა. მაშინ არაეკლესიური ვიყავი. მონასტრის წინამძღვარი იყო მღვდელმონაზონი სერგი (ამჟამად მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი). მან გვასწავლა ქრისტიანული ცხოვრების წესი და ჩვენც შევუდექით ამ წესს. ერთ-ერთი საუბრის დროს მან გვითხრა: ჩვენი ქვეყნის ბედნიერება დამოკიდებულია ეკლესიის ძლიერებაზე, მონასტრებისა და ბერ-მონაზვნების სიმრავლეზე. მე, როგორც სხვა ჩემი თანატოლი ახალგაზრდები, მაშინ ქვეყნის სიყვარულით და გადარჩენის სურვილით ვიყავით აღტყინებულნი, ამიტომ ვუთხარი ჩემს თავს _ რა შეგიძლია გაუკეთო შენს ხალხს და ქვეყანას: წადი მონასტერში, აღიკვეცე ბერად და ილოცე მათთვის. ასე აღმოვჩნდით მონასტერში ინსტიტუტიდან მე და ჩემი უახლოესი მეგობარი მეუფე თეოდორე ჭუაძე, ასე ინება უფალმა. ოჯახს გაუჭირდა ჩემთან განშორება, რადგან ერთი ვაჟი ვიყავი სახლში, მაგრამ მშობლები მაინც გაგებით მოეკიდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. მე ისინი მენდობოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ცუდს არ ვაკეთებდი. გამომშვიდობისას მამამ ვერ გაუძლო და აქვითინდა, ის ძალიან თავმდაბალი და კეთილი ადამიანია. დედა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, დაფარა ემოცია და მითხრა: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ბედნიერი ყოფილიყავი და თუ შენ თვლი, რომ შენი ბედნიერება იქ, მონასტერშია დამილოცნიხარო. ეს დალოცვა ვგრძნობ დღემდე და მომავალშიც დამეხმარება. ჩემში თუ არის რაიმე სიკეთე ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა."

1991 წლის 14 ივნისს იგი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად საბა, 1992 წლის 12 იანვარს აკურთხეს დიაკვნად, 1991 წლის 4 ოქტომბერს _ მღვდლად და მსახურობდა საფარის მონასტერში, იყო მონასტრის ეკონომოსი. 1990-1992 წლებში სწავლობდა ახალციხის სასულიერო სემინარიაში. 1994 წლის 5 ნოემბერს წირვა-ლოცვა აღსდგა ტიმოთესუბნის მონასტერში და იღუმენი საბა დაინიშნა მონასტრის წინამძღვრად. 1996 წლის 22-23 ოქტომბერს გამართულმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომამ იღუმენი საბა გამოარჩია საეპისკოპოსი კანდიდატად. 26 ოქტომბერს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და 1996 წლის 3 ნოემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აკურთხეს ხონის ეპისკოპოსად.

ეპისკოპოსად კურთხევისას მან შემდეგი სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. "თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავარნო, ღირსო მამანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო. ძლიერ მიძნელდება გადმოგცეთ ყოველივე ის, რასაც მე ამ წუთებში განვიცდი. ძნელი ყოფილა ერთდროულად დაიტიო ადამიანმა რამდენიმე დიდი გრძნობა _ მადლიერების, სიხარულისა და შიშის. მადლიერება პირველ რიგში ღმრთის და შემდეგ წმიდა სინოდის წინაშე, რადგან ღმრთის განგებით მე, უღირსი მონა მისი, გამომარჩიეს სამღვდელმთავრო ხარისხის მისაღებად. სიხარულის გრძნობა ყოველივე აქედან გამომდინარეა, ხოლო შიში მაქვს იმის გამო, შევძლებ კი მე ვზიდო ეს მძიმე ტვირთი. თუმცა უფალო ძლიერია და ყოველივეს შეაძლებინებს ადამიანს, თუ ღმერთს მიენდობა იგი. უფალი ბრძანებს წმიდა წერილში: "აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა და ისწრაფეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთა, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილია და ტვირთი ჩემი სუბუქ არს". მე ვიხსენებ თქვენთან ბოლო შეხვედრას, როცა გამომიცხადეთ მღვდელმთავრობის შესახებ, თქვენ დამლოცეთ და მითხარით ასეთი სიტყვები: წადი მონასტერში და ილოცე. ღმერთმა თავმდაბლობა, მორჩილება და მოთმინება მოგცესო. მე ვიგრძენი, რომ ღმერთი თქვენი სიტყვებით მამხილებდა, რადგან მე ყოველთვის მიჭირდა თავმდაბლობა და მორჩილება. ყველაზე მეტად დღეიდან მჭირდება მე ამ მცნებების შესრულება, რადგანაც უკვე სხვას უნდა მოვთხოვო მათი დაცვა. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო უწმიდესობავ, თქვენ და ყველას, ვისთანაც სულიერი ცხოვრება გავატარე, შემინდეთ და ნუ მოიხსენებთ ჩემს ამ სისუსტეს, არამედ ილოცეთ ჩემთვის, რაiთა უფალმა შემაძლებინოს ამ და სხვა მცნებების დაცვა და მღვდელმთავრის მძიმე და საპასუხისმგებლო მოვალეობის აღსრულება. იმედი მაქვს ღმრთის მოწყალებისა და თქვენი ლოცვისა, ასევე ჩვენი ეკლესიის გამოცდილი მღვდელმთავრების შეწევნისა და თანადგომისა. მე ეკლესიური ცხოვრება დავიწყე საფარის მონასტერში. მაშინ მონასტრის წინამძღვარი მეუფე სერგი იყო. მან ამადგმევინა ფეხი და რაც მთავარია მაზიარა უკვდავებას. როდესაც გამიჭირდებოდა და შევჩივლებდი მას, მეტყოდა, ნუ გეშინია, მოითმინე, რა იცი უფალი რას გიმზადებსო. მოძღვარი რომ გახდები დიდი გამოცდილება გექნებაო მე მინდა, რომ ის გამოცდილება, რომელიც მონასტერში მივიღე, ღმრთის შეწევნით ახალ ეპარქიაშიც გამოვიყენო, რადგან საქართველოს ეკლესიის ძლიერებას მე ძლიერ მონასტერში ვხედავ. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გაიხსნას და აშენდეს კიდეც ახალი ტაძრები და იკურთხოს ღირსეული ღმრთისმსახურები, რაც განაპირობებს ეკლესიის სიწმინდეს და მრევლის სიმრავლეს. უკანასკნელმა წლებმა მრავალ ადამიანს და განსაკუთრებით ახალგაზრდობას საქარ¬თველოში მძიმე სულიერი და ფიზიკური ტრამვა მიაყენა. მრავალი მათგანი საპყრობილეშიც მოხვდა. ჩემს ეპარქიაში ბევრია ასეთი საპყრობილე და აუცილებელი იქნება მათი მონახულება, მათთვის სამლოცველოების მოწყობა და ნორმალურ გზაზე დაყენება.

მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და ვიცი, რომ ძნელი იქნება ყოველივე ამის შესრულება. ერთხანს შიშმაც კი შემიპყრო, მაგრამ არ მეყო თავმდაბლობა, უარი მეთქვა მღვდელმთავრობაზე და ამას ესეთი მნიშვნელოვანი მიზეზიც აქვს. როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ბორჯომში, მე მოვედი თქვენთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად და გთხოვეთ ჩვენს მონასტერში მობრძანებულიყავით. თქვენ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადაღლილი ჩანდით, მაინც მობრძანდით და ამით მონასტრის ყოველ წევრს დიდი სიხარული მოგვანიჭეთ. მე მაშინ ვიგრძენი თუ როგორ გიყვართ, უფრთხილდებით და აფასებთ თქვენ ჩვენი ეკლესიის ყოველ წევრს და სრულიად საქართველოს. ასეთი დამოკიდებულება ვიგრძენი ჩემს მიმართ და მე ამ სიყვარულს და ნდობას უარით ვერ ვუპასუხებდი. გთხოვთ შემინდეთ და დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი მამობრივი სიყვარულისა და თანადგომისათვის. მოკრძალებულად ვთხოვ ღმერთს, რომ ყველა ქართველს დაეფასებინოს თქვენი ღვაწლი ღმრთისა და ერის წინაშე, რომ ყოველი ქართველი დიდი ეკლესიის წევრი გამხდარიყოს და ერთად ვევედროთ უფალს ჩვენი ერის მშვიდობის და გადარჩენისათვის." (61, 1996, 11).

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამ სიტყვებით მიმართა ახლად ნაკურთხ მღვდელმთავარს:

"თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ხონის ეპისკოპოსო საბავ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო. სულიწმინდა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, დღეს გარდმოვიდა არქიმანდრიტსა ზედა საბასა და ჰყო იგი ეპისკოპოსად ეპარქიისა ხონისა. სულიწმიდა, რომელიც არის ძალა და მადლი ღმრთისა, რომლის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა ჰყოს ნებაი ღმრთისა და ამიტომ დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა არის ნება ღმრთისა. როგორ შეიძლება რომ ჩვენი ნება დაუმორჩილოთ ღმერთის ნებას. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავის ნებას უმორჩილებს ღმრთის ნებას. ბედნიერია ის ადამიანი, როცა ნებას ღმრთისასა ეგებება ნება ადამიანური და იქმნება ენერგია ორი ძალისა, ღმრთისა და ადამიანისა. ამ შემთხვევაში ნაყოფი არის დიდი და აი დღეს, როცა ასეთ უძველეს ეპარქიას, როგორიცაა ხონის ეპარქია, რომელსაც მრავალი წელია არ ჰყოლია თავისი ეპისკოპოსი, დღეს სულიწმიდამ ღმრთის განგებამ დაადგინა ახალი ეპისკოპოსი. უპირველეს ყოვლისა შენ უნდა დაგებედოს მადლიერება ღმრთის წინაშე, იმიტომ რომ უფალმა შენ აგირჩია ამ უძველესი ეპარქიის მმართველად, უფალმა ნდობა შენ გამოგიცხადა. იმიტომ კი არა, რომ შენ დაიმსახურე, არამედ წყალობა უფლისა შენ ზედა გადმოვიდა და აი ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ როცა ადამიანს ეძლევა ჯილდო ან ხარისხი და განსაკუთრებით ასეთი უმაღლესი ხარისხი, როგორიცაა ეპისკოპოსობის ხარისხი, თუ მას ამასთან ერთად არ ემატება თავმდაბლობა და მორჩილება, ძალიან ძნელია ამ ადამიანის ცხოვრება. ამიტომ დღეს სთხოვე უფალს, თავმდაბლობა და მორჩილება, სთხოვე უფალს, რომ ის მადლი, რომელიც შენ დღეს მიიღე, უფრო მეტად განამრავლო, არ დაჰკარგო ის მადლი, რომელიც უფალმა ასე უხვად გიბოძა შენ. ამიერიდან შენ ხარ პასუხისმგებელი არა მარტო შენს თავზე, არამედ სამწყსოზე და სამღვდელოებაზე. უნდა აღაშენო, განამრავლო, განადიდო შენი სამწყსო, რომ ღირსეულად წარსდგე წინაშე ღმრთისა. ახლა კი მიიღე ნიშანი და ძალა მღვდელმთავრისა, კვერთხი ესე და დამწყსე სამწყსო შენი, იყავ მოწყალე მამა და უძღოდე სამწყსოსა შენსა, რაYთა ყოველი მათგანი ღირსი გახდეს სასუფევლისა, ყოველი მათგანის სახელი ჩაიწეროს წიგნსა შინა ცხოვრებისასა. ახლა კი მიიღე კვერთხი ესე და დალოცე სამწყსო საქართველოისა.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ და ბედნიერ დღეს. უკვე მრავალი წელია, შეიძლება ითქვას რომ საუკუნეც კი, რომ საქართველო არ მოსწრებია ამდენი მღვდელმთავრის კურთხევას და აი ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ღმერთი ჩვენთან არს.

ჩვენთან არს ღმერთი." (61, 1996, 11).

2003 წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოსი საბა აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, 2008 წლის 24 აპრილს დიდ ხუთშაბათს მიიღო მიტროპოლიტის წოდება. 1997 წლიდან მუშაობდა საპატრიარქოს საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ, 2004 წლის მაისიდან 2006 წლის იანვრამდე ეკოლოგიისა და გამწვანების დეპარტამენტის თავმჯდომარედ, 2006 წლის იანვრიდან მომლოცველთა სამსახურის (ტურიზმის დეპარტამენტი) უფროსია.

ხონის ეპარქია, რომელსაც ამჟამად ეწოდება ხონისა და სამტრედიის ეპარქია დაარსდა 1529 წელს იმერთა მეფე ბაგრატ III-ის მიერ. ეპარქიამ იარსება 1821 წლამდე. 1829 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით საქართველოს საეგზარქოსომ გააუქმა ხონის ეპარქია. 1529 წლიდან 1821 წლამდე ეპარქიას განაგებდნენ: მანუელ ჩხეტის ძე, ზაქარია ჩხეიძე, სვიმონ ჩიჯავაძე, ბასილი ჩხეიძე, რომანოზ ერისთავი, იოსებ მროველყოფილი, მაქსიმე იაშვილი, ანტონ ჩიჯავაძე. 1996 წლის 22 ოქტომბრის წმიდა სინოდის დადგენილებით აღდგა ხონის ეპარქია. ამ დროს ეპარქიაში მოქმედი იყო 8 ეკლესია. 2009 წლის მონაცემებით აღდგენილ და რესტავრირებულ იქნა 10 ეკლესია, აშენდა 17 ახალი. ამჟამად ეპარქიაში 35 მოქმედი ეკლესიაა, 10 შენდება, 8 ეკლესიას უტარდება სარესტავრაციო სამუშაოები. აშენდა 5 მონასტერი, შენდება 3 ახალი მონასტერი. ეპარქიაში აშენდა 2 სამღვდელმთავრო რეზიდენცია, ხონსა და სამტრედიაში. ეპარქიაში ფუნქციონირებს წმიდა მიტროპოლიტ ნაზარის სახელობის გიმნაზია, წმიდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლი. ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრების წინამძღვარნი არიან:

არქიმანდრიტი ნიკოლოზი (პიტავა) _ უძლოურის მაცხოვრის ამაღლების მამათა მონასტრის წინამძღვარი.

დეკანოზი ვახტანგ მაღლაკელიძე _ ღანირის და გვიშტიბის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი.

დეკანოზი იოანე გედენიძე _ ხონის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი.

დეკანოზი იაონე კოხრეიძე _ ბაშის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი.

დეკანოზი დავითი თოლორაია 1. ბერძნისწყაროს წმ. ილია თეზბიტელის 2. ნოლის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიების წინამძღვარი.

დეკანოზი რომანოზ ნინუა _ კულაშის ჯვართამაღლების, კულაშის წმ. ნაზარის ეკლესიის წინამძღვარი.

დეკანოზი დიმიტრი კუხალაშვილი _ ნახახულევის წმ. ბარბარე, ხუჩის წმ. ნიკოლოზის, ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების, ხონის საპყრობილეში ღმრთისმშობლის შობის, ეკლესიების წინამძღვარი.

დეკანოზი იაკობი ლეკვეიშვილი _ იანეთის წმ. გიორგის, ნიგორზღვა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.

იღუმენი გაბრიელი კირთაძე _ კუხის წმ. ნიკოლოზის. მონასტრები ხონის წმ. საბა განწმედელის ეკლესიები. მღვდელმსახური.

მღვდელი მანუჩარი იმნაიძე _ ხონის წმ. გიორგი (მღდელმსახური), გორდი წმ. გიროგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.

მღვდელი გიორგი იოსებაშვილი _ სამტრედიის წმ. ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის (მღვდელმსახური)

მღვდელი აკაკი ჟვანია _ ჭაგანის ღმრთისმშობლის შობის, მთავარანგელოზთა, ეკლესიის წინამძღვარი.

მღვდელი დავითი ტურძილაძე _ სამტრედიის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.

მღვდელი ზაქარია მესხი _ სამტრედიის მაცხოვრის შობის, ზემო გომის წმ. ნინოს სახელობის ეკლესია.

მღვდელი დამიანე ადამია _ ავანდიდის წმ. იაონე ნათლისმცემლის შობის, პატარა ჯიხაშის წმ. გიორგის სახელობს ეკლესიის წინამძღვარი.

მღვდელი ზურაბ ბუაძე _ ქუტირის წმ. გიორგის წმ. პანტელეიმონის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.

მღვდელი მატათა ბერიძე _ ყაზბეგის მთავარანგელოზთა, დიდი ჯიხოშის წმ. გიროგის სახელობის ეკლესიის.

მღვდელი ათანასე რუხაძე _ სამტრედიის მაცხოვრის ფერისცვალების, ხუნჭულაური მაცხოვრის შობის ეკლესიის წინამძღვარი.

მღვდელ-მონაზონი პავლე გოგიავა _ მათხოჯის წმ. ნინოს მონასტრის მღვდელმსახური.

მღვდელი ბასილი გერაძე _ ახალსოფლის წმ. კვირიკე და ივლიტას, მათხოჯი წმ. ბასილი დიდის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.

ბერ-დიაკონი გიორგი ჯანელიძე.

მონაზონი იოანნა თორდია _ ხონის წმ. საბა განწმედელის მონასტრის წინამძღვარი.

მონაზონი ბარბარე წიკლაური _ მათხოჯის წმ. ნინოს მონასტრის წინამძღვარი.

მონაზონი სოფიო კოხრეიძე _ სამტრედიის წმ. ანდრია პირველწოდებულის მონასტრის წინამძღვარი.

მონაზონი ნინო ზუმბაძე _ კუხის წმ. ნიკოლოზის მონასტრის წინამძღვარი.


მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)

მიტროპოლიტი დიმიტრი, ერისკაცობაში ნოდარ (ჭაბუკა) შოთას ძე შიოლაშვილი, დაიბადა 1961 წლის 16 თებერვალს მცხეთაში. წარმომავლობით შიოლაშვილები ხევის ერთ-ერთ პატარა ლამაზ სოფელ სნოდან არიან. გვარი ხევში გამორჩეულ შიოლა ღუდუშაურიდან მოდის. ყმაწვილობიდან იგი იზრდებოდა ბიძის, იმხანად მეუფე ილიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მეთვალყურეობით. 1979 წელს ნოდარ შიოლაშვილმა დაამთავრა მცხეთის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია საეკლესიო ისტორიაში და დაბრუნდა საქართველოში. მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1985 წლის 28 ივლისს დიაკვნად, 1986 წლის 12 იანვარს მღვდლად აკურთხა და განაწესა ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში მღვდელმსახურად. 1987-1988 წლებში მსახურობდა ალავერდის ტაძარში, 1988-1989 წლებში _ თბილისის ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძარში, იმავდროულად ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

1989 წლის 13 მაისს აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაინიშნა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1991 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში დაარსდა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია და მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დეკანოზი დავით შიოლაშვილი მის პირველ რექტორად დაინიშნა. 1993 წელს გაიხსნა წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და წლების მანძილზე მისი რექტორი იყო დეკანოზი დავითი. 1994 წელს ამოქმედდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე, მოხუცებულთა და ინვალიდთა თავშესაფარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა დეკანოზი დავითი. 1996 წლის 8 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა დეკანოზი დავითი ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად გამოარჩია. 7 ნოემბერს, (ძვ. სტილით 26 ოქტომბერი) წმიდა დიდმოწამე დიმიტრის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა ბათუმისა და სხლათის ეპისკოპოსად და ეწოდა სახელად დიმიტრი. არქიმანდრიტმა დიმიტრიმ შემდეგი სიტყვებით მიმართა მის უწმიდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებს.

"თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, ღვთივგანმმნრძნობილნო მღვდელმთავარნო, კეთილგონიერნო მამანო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო.

დღევანდელი დღე ჩემთვის გამორჩეულია, გამორჩეულია თავისი განცდებით, მღელვარებით, აღტკინებული სიყვარულით, დღეს განსაკუთრებით ვგრძნობ ღვთის წყალობას, დღეს აღესრულება ნება ღვთისა, რომლის წინაშეც "ყოველი უძლურ არს" და ქედდრეკილი. მოციქული და ნეტარი პავლე იტყვის: "ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა, მით გონებისა თქვენისა, რათა გამოიცადოთ თქვენ, რაი იგი არს ნება ღმრთისა, კეთილი, სათნოი და სრული" (რომ. 12,2).

ღვთის ნებით და თქვენი განჩინებით, ჩემი უღირსება მოწოდებულ იქნა საეპისკოპოსო მსახურებისათვის. საღმრთო წერილი გვმოძღვრავს: "ეკრძალენით უკუე თავთა თქვენთა და ყოველსა სამწყსოს, რომელსა ეგე თქუენ, სულმან წმინდამან დაგვადგინა მოღვაწედ და მწყსად ეკლესიისა, უფლისა ღვთისასა, რომელი იგი მოიგო სისხლითა თვისითა". (საქ. 20,28).

ღირსი გრიგოლ ხანძთელი ბრძანებდა სამღვდელო ხარისხთან მიმართებაში: "დიდ არს პატივი და ამ პატივისაგან მეშინის"-ო. შიში იმის გამო, რომელსაც პავლე მოციქული საუბრობს: "ეკლესია თავად ქრისტეს სხეულია" (კოლ. 1,18) და ვისაც ის მიანდვეს (ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი) მანვე უნდა იზრუნოს, ამ სხეულის კეთილდღეობასა და აღმატებულ სრულქმნილებაზე, ყოველმხრივ თვალყურს უნდა ადევნებდეს, რომ რაიმე მწიკლოვანება არცა ნაოჭი ბრძვილისა, არცა სხვაი ესე ვითარი~ არ შეეხოს მის სიკეთესა და მშვენიერებას (ეფ. 5,27) განა რამდენადაც შესწევს ადამიანს იმის ძალა, ეს სხეული მისი უხრწნელი და ნეტარი თავისი ღირსებით არ უნდა შეინახოს, ვისაც ეს მიანდო უფალმა, მათ ხომ კაცობრივზე ბევრად აღმატებული სათნოება უნდა ჰქონდეთ და უნდა იცოდნენ სულისათვის სარგო ყოველგვარი მკურნალობა.

მოძღვარი და განსაკუთრებით ეპისკოპოსის მსახურება ყოველ¬თვის იყო, არის და იქნება მეტად მძიმე, პასუხსაგები, როგორც ღვთის, ასევე ერის წინაშე, რომელიც მოითხოვს მოძღვრისაგან განსაკუთრებულ მოთმინებას, წარუკვეთელ სასოებას, მტკიცე რწმენას და აღტყინებულ სიყვარულს, მოვუსმინოთ კვლავ წმ. იოანე ოქროპირს: "მღვდელმთავარი, რომელიც შეიქმნება ღირსი ასეთი დიდებული მსახურებისა, მხოლოდ სუფთა კი არა, ფრიად კეთილგონიერი და ბევრ რამეში გამოცდილი უნდა იყოს, ერისკაცზე ნაკლებად როდი უნდა იცოდეს საერო ამბები; ამასთან მთაში მცხოვრებ მონაზონზე უფრო მეტი უნდა იყოს, ყველაფრისაგან თავისუფალი და რადგან საეკლესიოსთან ერთად განაგებენ საზოგადო საქმეებს და მინიჭებული აქვს ხელისუფლებაც, ამრიგად იგი მრავალმხრივი კაციც უნდა იყოს, ვამბობ მრავალმხრივი-მეთქი და არა ცრუ, მზაკვარი და პირფერი, არამედ აღსავსე უდიდესი თავისუფლებითა და გამბედაობითა, თუმცა დათმობაც უნდა შეეძლოს, მდგომარეობის მიხედვით თავმდაბალიც უნდა იყოს და მკაცრიც, ყველა ქვეშევრდომთან ერთნაირი მოქცევა არ ივარგებს, განა ექიმმა ერთნაირი წამალი უნდა იხმაროს ყველანაირი ავადმყოფის განკურნებისას? ეკლესიის ხომალდს გამუდმებით აღელვებენ ხოლმე ქარები, ეს ქარები მხოლოდ გარედან როდი შემოიჭრებიან, არამედ შიგნითვე აღიძვრებიან, ამიტომ, როგორც მღვდელმთავარს, ასევე მღვდელს უდიდესი გამბედაობა, ყურადღება მოეთხოვება, დაიცვას დედა ეკლესია, როგორც გარეშე ასევე შინაგანი მტრებისაგან.

ისმენ წმ. მამათა სწავლებებს და კიდევ ერთხელ რწმუნდები შენ ღონემიხდილ ურწმუნეობაში, ჩემს გასამხნევებლად წმ. ისააკ ასურის სწავლებას მოვიყვან: "ნეტარ არს კაცი, რომელ უწყის თავისი უძლურება, რამეთუ ეს ცოდნა ყოველთვის კეთილის საფუძვლად და დასაბამად შეექმნება, რამეთუ, როდესაც კაცი ჭეშმარიტად სცნობს თავის უძლურებას, მაშინ მხოლოდ ღმერთს ესავს და არა თავის თავს და ამრიგად მოიგებს სიმდაბლესა" (ისააკ ასური), მანუგეშებელი მხოლოდ უფალია. "არა თქვენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ, რათა თქვენ წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ (იონ. 15,16).

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მეუფენო, ღვთის ნებით და თქვენი განჩინებით მე დამადგინეთ ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. საქართველოს ეს კუთხე გამოირჩევა რთული გეო-პოლიტიკური და რელიგიური მდგომარეობით და მდებარეობით, ეს კუთხე დედასაქართველოსაგან მოწყვეტილი იყო თითქმის სამასი წელი და დღესაც ამჩნევია მტრისაგან სასიკვდილოდ მიყენებული ნიარები, ამიტომ მეტი სითბო, ალერსი და მოფერება სჭირდება ვითარცა დაჭრილსა და ნაიარებ ადამიანს, ხანდახან შეკრთება და ეს კრთომა გვაშინებს, ეს ხომ ნაწამები და ტანჯვაგამოვლილი ადამიანის კრთომაა და სხვა არაფერი... ვითარმცა მოწყალე სამარიტელმა უპატრონა დაჭრილს, გაძარცულ ნაცემ იუდეველს, ჩვენ მითუმეტეს გვმართებს, რამეთუ აჭარა არის ჩვენი ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი.

არ შეიძლება არ გავიხსენოთ ჩემი წინამორბედი, მიტროპოლიტი კონსტანტინე, რომლის სახელთანაც აჭარაში ქრისტიანობის აღორძინება არის დაკავშირებული და ეპისკოპოსი იობი, რომელმაც მთელს აჭარაში შექმნა თავდადებული და წმიდა მოძღვრის სახე. თქვენი ღვაწლი კი, თქვენო უწმინდესობავ, ხომ ფასდაუდებელია ამ კუთხის დედაეკლესიის წიაღში დაბრუნების საქმეში.

და აწუკვე ჩემი უღირსება წარმდგარი თქვენს წინაშე გამოვითხოვ თქვენგან სულიერ შეწევნას და ლოცვა-კურთხევას ამ დიდი და წმინდა სამსახურისათვის, თქვენი ლოცვა-კურთხევა იყოს თანამავალი და თანამგზავრი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. ამინ." (61, 1996, 11).

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიულოცა მეუფე დიმიტრის ეპისკოპოსად კურთხევა: "დღეს აღსრულდა განგება ღვთისა _ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას კიდევ ერთი ახალი ეპისკოპოსი შეემატა, _ ბრძანა მან, _ ჩვენ ვმადლობთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც მოიღო ჩვენს ერსა და ეკლესიასა ზედა. მეუფეო დიმიტრი, შენ ეპისკოპოსად არჩეული ხარ საქართველოს ისეთ უძველეს მხარეში, როგორიც არის აჭარა და ამიერიდან მწყემსმთავარი ხარ იმ ადგილისა, სადაც მოციქულებმა _ ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს და სადაც მოციქული მატათა განისვენებს. დღეს შენ ერთხელ კიდევ უნდა ჰკითხო შენს თავს, რატომ მოიღო უფალმა შენზე ასეთი დიდი წყალობა. მიმაჩნია, რომ ეს არის განგება და ლოცვა-კურთხევა ღვთისა, წყალობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მადლი ჩვენი წმინდანებისა და შენი წინაპრებისა. დიდია ეპისკოპოსის მოვალეობა და პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე. დღეს სვეტიცხოვლის ამ წმიდა ტაძარში უხვად გადმოვიდა შენზე მადლი სულისა წმიდისა, რომელიც უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია. გაუფრთხილდი ამ მადლს და ეცადე გაამრავლო იგი. შენი ლოცვითა და დაუძინებელი სულიერი მოღვაწეობით, თავმდაბლობითა და მორჩილებით. დღეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან შენ ჩემი ახლობელი ხარ. ამის გამო უფრო დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება. შენ მაგალითი უნდა იყო მორჩილებისა და თავმდაბლობისა არა მარტო მღვდელმთავრებისათვის, არამედ საერთოდ სამღვდელოებისა და მორწმუნეთათვისაც. იმედი მაქვს, რომ ღმერთი შეგეწევა, ეცადე გაამართლო ჩვენი და წმიდა სინოდის ნდობა. წყალობა, სიმშვიდე, სიყვარული, ლმობიერება და მიმტევებლობა გამოიჩინე ყოველთვის. გახსოვდეს, რომ ეპისკოპოსის ხარისხი არა შენი დამსახურებით, არამედ ღვთის წყალობითა და მადლით მიიღე. და ამ დიდი წყალობისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე გქონდეს მადლიერება წინაშე უფლისა.

შენ საქართველოს იმ მხარეში მიდიხარ, სადაც საუკუნეთა მანძილზე იყო ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ამ კუთხის მოსახლეობა სამასი წლის მანძილზე ძალით იყო მოწყვეტილი ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შენ მიდიხარ აჭარაში, რომლის თითოეული გოჯი მიწა ქართველთა სისხლითაა მორწყული, ამიტომაც ამ მიწაზე მოღვაწეობა უფრო დიდი მოკრძალებით, მოწიწებითა და თავმდაბლობით გმართებს. ქრისტიანობის ნათელი ჩვენს  ქვეყანაში აჭარიდან შემოვიდა და ახლაც აჭარამ უნდა გაანათლოს მთელი საქართველო. ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება იქ ისე უნდა ამაღლდეს, რომ სრულიად საქართველოსათვის მაგალითი იყოს. მე კარგად ვიცნობ აჭარის მცხოვრებთ, გამორჩეულთ სიყვარულითა და თავდადებით. რადგან ბათუმში ჯერ მოძღვრად და შემდეგ ეპისკოპოსად შვიდი წლის მანძილზე ვმოღვაწეობდი. ღმერთმა ინება, რომ შენ გააგრძელო ის, რაც შენმა წინამორბედებმა გააკეთეს. დიდი კვალი დაამჩნია ამ მხარეს მეუფე იობის მოღვაწეობამ, ამიტომ შენ უკვე იქ მიდიხარ, სადაც მრევლი სიყვარულითა და სასოებით შეგხვდება.

ახლა მიიღე კვერთხი ესე, როგორც სიმბოლო ძალაუფლებისა და საყრდენი შენი მოღვაწეობისა და დალოცე შენი ეპარქია და სრულიად საქართველო." (61, 1996, 11).

მეუფე დიმიტრი შეუდგა ეპარქიის წინამძღოლობას და გახდა მრავალი ახალი საქმის წამომწყები და სულისჩამდგმელი. 2003 წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოსი დიმიტრი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2007 წლის 3 ივნისს _ მიტროპოლიტის ხარისხში. 2007 წლის 24 დეკემბერს მეუფე დიმიტრი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2007 წლის 21 დეკემბერს გაიყო ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია და ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიას დაემატა ლაზეთი. მიტროპოლიტი დიმიტრი დადგინდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მმართველად. მეუფე დიმიტრი არის "წმიდა მიწის" შემსწავლელი სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. მისი ღვაწლით აჭარაში აშენდა მრავალი ეკლესია-მონასტერი, სასწავლო დაწესებულებები. ეპარქიაში გამოდის ჟურნალები: "ფარი სარწმუნოებისა", "სექტანტების საფრთხე", "მართლმადიდებლური საკითხავი". ეპარქიის წინამძღოლობის პარალელურად მეუფე დიმიტრი ხელმძღვანელობს საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურს. 2009 წლის 9 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის მიენდო ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ქართული სამრევლოების წინამძღოლობაც.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში არსებული დაწესებულებები

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა (რელიგიური ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულება) დააარსა დეკანოზმა დავით შიოლაშვილმა (ამჟამად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი) 1991 წელს.

რექტორი: მღვდელი დიმიტრი სარჯველაძე

პედაგოგი _ 69

მოსწავლე _ 1205

სასწავლო პროცესი _ დაწყებითი ზოგადი განათლება (I-IV კლ.) არასრული საშუალო განათლება (VII-IX კლ.) და პროფილური (ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური), საშუალო განათლება (X-XI კლ.)

მისამართი: ქ. ბათუმი. დემეტრე თავდადებულის ქ. 49. 7 62 17; 7 62 18.

წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია

წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია 1993 წელს დაარსდა.

სემინარიის პირველი რექტორი იყო დეკანოზი დავით შიოლაშვილი (ამჟამად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი). სემინარიას შემდგომ წლებში ხელმძღვანელობდნენ: იღუმენი ლაზარე (სამადბეგიშვილი), დეკანოზი გიორგი მულაძე, დეკანოზი ზაქარია ფერაძე, ბერმონაზონი ევტიქი (შველიძე), დეკანოზი გიორგი გეთიაშვილი, დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე.

რექტორი: დეკანოზი ბასილი (ბერიძე)

თანამშრომელი _ 22

სტუდენტი _ 110

სემინარის სრული სასწავლო კურსი 1997 წლიდან მოიცავს 4 აკადემიურ წელს (1993-97 წწ. სასწავლო ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა 3 წლით).

არსებობის მანძილზე სემინარია დაასრულა 1020 სტუდენტმა. ბათუმის სემინარიის 35 კურსდამთავრებული სასულიერო პირია.

სემინარიაში ისწავლება შემდეგი საგნები:

ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა, ლიტურღიკა, კატეხიზმო, დოგმატური ღვთისმეტყველება, შედარებითი ღვთისმეტყველება, ძირითადი ღვთისმეტყველება, სამოძღვრო ღვთისმეტყველება, ჰომელიტიკა, მედავითნეობა, საეკლესიო სამართალი, ლოგიკა, ფილოსოფიის ისტორია, რელიგიათმცოდნეობა, ეკლესიის ისტორია, საქართველოს ისტორია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, მსოფლიო ისტორია, საეკლესიო არქეოლოგია, ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა, ინგლისური ენა, ბერძნული ენა, საოჯახო მედიცინა, პედაგოგიკა.

მისამართი: ქ. ბათუმი. დემეტრე თავდადებულის ქ. 49. 7 62 17; 7 62 18.


წმიდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონი

წმ. მატათა მოციქულის სახელობის მშობლების მზრუნველობასმოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონი დაარსდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ (მაშინდელი ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოს) დიმიტრის ლოცვა-კურთხევით 2003 წელს.

აქ ბავშვებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. პატარები დადიან სხვადასხვა სპორტულ წრეებში, სწავლობენ მუსიკას, ქარგვას, მინანქარს, გობელენს.

მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დადიან საზღვარგარეთ წმიდა ადგილების მოსალოცად.

დირექტორი _ სამონაზვნე სიდონია (დარჩია)

თანამშრომელი _ 110

პედაგოგი _ 24

აღსაზრდელი _ 182

მისამართი: სოფ. ფერია ტელ.: 5 43 80

ჩაქვის წმ. კეთილმორწმუნე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა

ჩაქვის წმ. კეთილმორწმუნე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა დაარსდა 1998 წელს ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით.

რექტორი _ დეკანოზი არჩილ ჩხატრიშვილი

პედაგოგი _ 25

მოსწავლე _ 152

მისამართი: დაბა ჩაქვი

ქობულეთში საქართველოს საპატრიარქოს საერთაშორისო ახალგაზრდული საზაფხულო ცენტრი (ბანაკი) "სამშობლო"

საზაფხულო ცენტრი (ბანაკი) "სამშობლო" 2008 წლის ზაფხულში ამოქმედდა. მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით.

ბანაკი რამდენიმე ნაკადად იყოფა და 500 ბავშვზეა გათვალისწინებული.

ბანაკის მიზანია უცხოეთში მცხოვრები ქართველების სამშობლოში გარკვეული პერიოდით დაბრუნება, მათთვის მშობლიური გარემოს შექმნა. აქ ეწყობა ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ისწავლება ხატვა, მუსიკა, ეწყობა სპორტული შეჯიბრებები. ბანაკი გათვალისწინებულია ასევე სასულიერო პირთა შვილებისთვის, საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი და ხელმოკლე ოჯახის შვილებისათვის, ინვალიდი და საქართველოში მოქმედ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისათვის.

გასულ წელს, ბანაკს პირველ ნაკადზე სასულიერო პირთა შვილები, ხოლო მომდევნო ეტაპზე ფერეიდნელი ქართველები და გორიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები სტუმრობდნენ.

 

წმ. ილია მართლის სახელობის საბავშვო ბაღი

ბათუმის წმ. ილია მართლის სახელობის საბავშვო ბაღი დაარსდა 2000 წელს ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოს (ამჟამად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ) დიმიტრის ლოცვა-კურთხევით.

დირექტორი _ ირინე თავაძე

პედაგოგი _ 75

აღსაზრდელი _ 370

მისამართი: ქ. ბათუმი. გოგებ

აშვილის ქ. 20 ტელ.: 7 11 91.


წმ. კეთილმორწმუნე მეფე თამარის სახელობის საბავშვო ბაღი

ჩაქვის წმ. კეთილმორწმუნე მეფე თამარის სახელობის საბავშვო ბაღი დაარსდა 1998 წელს ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით.

რექტორი _ დეკანოზი არჩილ ჩხარტიშვილი

პედაგოგი _ 18

აღსაზრდელი _ 100

მისამართი: დაბა ჩაქვი


წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე

ბათუმის წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე დაარსდა 1995 წლის 9 მარტს.

სათნოების სავანის პირველი დირექტორი იყო დეკანოზი დავით შიოლაშვილი (ამჟამად ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტი დიმიტრი). სათნოების სავანეს შემდგომ წლებში ხელმძღვანელობდნენ: დეკანოზი თევდორე ახალაძე, დეკანოზი იაკობ ბენიძე, დეკანოზი პეტრე აბჟანდაძე, დეკანოზი პეტრე ყრუაშვილი, მონაზონი ანა მაისურაძე.

ამჟამად დაწესებულების ხელმძღვანელია მღვდელი შიო პაიჭაძე.

ამ დაწესებულების მიზანია მზრუნველობა არ მოაკლოს მიუსაფარ ადამიანებს, რომლებიც ოჯახისაგან გარიყულები, ბედის ანაბარა დარჩნენ. ამჟამად აქ 100 მოხუცია. სათნოების სავანეში მათთვის შექმნილია საუკეთესო პირობები, რაც მთავარია, იგრძნობა სულიერი სითბო, რომელსაც ასე საჭიროებენ აქ მცხოვრებნი.

სავანეში ფუნქციონირებს წმიდა ეკატერინეს სახელობის ტაძარი, სადაც ყოველ შაბათ-კვირას აღევლინება წირვა-ლოცვა და ისინი ეზიარებიან ქრისტეს საიდუმლოებებს.

სათნოების სავანეში მუშაობს 50 თანამშრომელი, მათ შორის სასულიერო სემინარი¬ის სტუდენტებიც, რომლებიც როგორც საკუთარ მშობლებს, ისე უვლიან უმწეო ადამიანებს.

წმ. ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე უახლოეს პერიოდში ახალ შენობაში გადაინაცვლებს, სადაც იდეალური პირობები შეიქმნა მოხუცებისათვის და ეს ალბათ ისეთივე საჩვენებელი დაწესებულება იქნება საქართველოში, როგორც ბათუმის წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონი.

მისამართი: ნინოშვილის ქ. 11

სმენადაქვეითებულ (ინკლუზიური სწავლების) ბავშვთა ბაღი ახალი სასწავლო წლიდან 2009 წლის სექტემბერში ამოქმედება. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით კეთილმოეწყო აღნიშნული დაწესებულება, რომელიც 150-მდე აღსაზრდელზეა გათვალისწინებული.


ეპარქიის ეკლესია-მონასტრები

1. წმიდა კეთილმორწმუნე მეფე თამარის სახელობის ეკლესია (ქ. ბათუმი ბენზეს დასახელება)

2. ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი (ქ. ბათუმი)

3. წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი (ქ. ბათუმი)

4. წმიდა თევდორე აჭარელის სახელობის ტაძარი (ქ. ბათუმი)

5. წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძარი (ქ. ბათუმი)

6. წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი (ქ. ბათუმი გოროდოკის დასახლება. მშენებარე)

7. წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარი (ქ. ბათუმი)

8. წმიდა სამების სახელობის სამონასტრო კომპლექსი (სოფელი სამება)

9. წმიდა გაბრიელ ქართველის სახელობის ტაძარი (ფერიის მთა)

10. წმიდა ლაზი მოწამეების სახელობის სამონასტრო კომპლექსი (სოფელი სარფი)

11. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი (სარფი)

12. ჯვართამაღლების სახელობის სამონასტრო კომპლექსი (სოფელი აგარა)

13. წმიდა იოანა ღვთისმეტყველის სახელობის სამონასტრო კომპლექსი (სოფელი სარფი)

14. ფერისცვალების სახელობის ტაძარი (სოფელი ახალშენი)

15. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი (ფერია)

16. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი (ქ. ქობულეთი)

17. თეთროსანის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი (ქობულეთის რაიონი)

18. წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი (სოფელი ჩეხედანა)

19. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი (დაბა ჩაქვი)

20. წმიდა პეტრეს და პავლეს სახელობის ეკლესია. (ნანგრევი, პეტრას ციხეზე)¬

21. ნინო წმიდის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი.

22. ცხემლვანის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი.

23. წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი (ქ. ბათუმი)

24. წმიდა მღვდელ მოწამე კირიონის სახელობის ტაძარი. აქვე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ნანგრევი (ქ. ქობულეთი)

25. აჭარისწყლის კარის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი

26. წმიდა ეკატერინეს სახელობის ტაძარი (ფერია)

27. წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი (ფერია)

28. წმიდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარი (ორთაბათუმი)

29. წმიდა კოსტანტინესა და ელენეს სახელობის ტაძარი (ზედა კვირიკე)

30. წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი (ქვედა კვირიკე)

31. წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი (სოფელი აჭყვი)

32. დაგვის ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარი

33. დაგვის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი

34. აჭყვის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარი

35. სოფელ ზედა აჭყვის წმიდა თეოდორეს სახელობის ტაძარი

36. საჩინოს წმიდა დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ტაძარი

37. სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძარი (სოფელი ბობოყვათი)

38. წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი (სოფელი ქობულეთი)

39. წმიდა სამების სახელობის ტაძარი (ქობულეთი. სოფელი სამება)

40. წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი (სოფელი ხუცაბანი)

41. წმიდა თევდორე მღვდლის სახელობის ტაძარი (სოფელი ერგე)

42. 2 ნაეკლესიარი სოფელ ლეღვაში

43. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი (ჩაქვი)

44. წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი (ქ. ბათუმი ბარცხანის დასახლება)

45. წმიდა ირინეს სახელობის ტაძარი (ქ. ქობულეთი)

46. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი (ქ. ქობულეთი. სადგურთან)

47. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი (სოფელი ალამბარი)

48. წმიდა ბასილი დიდის სახელობის ტაძარი (სოფელი ალამბარი)

49. ნარინჯის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი (მახინჯაური)

50. წმიდა ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძარი (სოფელი ბობოყვათი)

51. წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძარი (ქ. ბათუმი. მშენებარე)

52. წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი (ქ. ბათუმი. სემინარიის შენობაში)

53. წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი (ქ. ბათუმი)

54. ფერიის წმიდა მატათა მოციქულის სახელობის ტაძარი.

მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)

მიტროპოლიტი გერასიმე, ერისკაცობაში გიორგი რევაზის ძე შარაშენიძე, დაიბადა 1958 წლის 20 მაისს თბილისში. 1965-1975 წლებში სწავლობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში, 1975-1980 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროკავშირგაბმულობის ფაკულტეტზე, რომლის დამ¬თავრების შემდეგ, 1980-1992 წლებში, სპეციალობის მიხედვით მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე თბილისსა და მოსკოვში. 1992-1997 წლებში გიორგი შარაშანიძე სტიქაროსნად მსახურობდა მოსკოვის აღდგომის, შემდეგ კი წმიდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში. 1997 წლის მარტში, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იგი ჩამოვიდა საქართველოში და სულიერი მოძღვრის მორჩილად განწესებულ იქნა რუისისა და ურბნისის ეპარქიაში. 1997 წლის 27 ივნისს მორჩილი გიორგი შარაშენიძე ურბნისისა და რუისის ეპისკოპოსმა იობმა აღკვეცა ბერად და უწოდა სახელი გერასიმე. იმავე წლის 20 ივლისს ბერი გერასიმე იეროდიაკვნად, 10 აგვისტოს მღვდელმონაზვნად აკურთხეს და დაადგინეს შრომის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წლის 17 იანვარს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მღვდელ-მონაზონი გერასიმე დაინიშნა საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიის სოფელ პატარძლეულის ეკლესიის მოძღვრად. იმავე წლის 18 თებერვალს საგარეჯოსა და გურჯაანის მთავარეპისკოპოსმა აბრაამმა იგი დაადგინა საეპარქიო საბჭოს მდივნად. 1998 წლის 29 მარტს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის უწმიდესმა ილია II-მ სიონის საკათედრო ტაძარში მღვდელმონაზონ გერასიმეს მიანიჭა იღუმენის წოდება და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

1998 წლის 8 ოქტომბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა იღუმენი გერასიმე გამოარჩია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად. 10 ოქტომბერს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში იღუმენმა გერასიმემ ამ სიტყვებით მიმართა მის უწმიდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, წმიდა სინოდის წევრებს: "უფლის განგებას ვერავინ განსაზღვრავს. არავინ იცის, ვის როგორი ჯვარი დაეკისრება ღვთისგან. ამ მღელვარე დღეს უდიდესი სიხარულისა და შიშის გრძნობა მეუფლება, სიხარულის, რადგან ღირსი გავხდი ესოდენ აღმატებული პატივისა და შიშის, რადგან დიდია პასუხისმგებლობა, რომელიც დამეკისრა. კარგად ვიცი, რომ ეს პატივი არ არის ჩემი დამსახურება. იგი ღვთის წყალობაა. თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ხშირად გითქვამთ, რომ რაც უფრო წინ მიიწევს ადამიანი სასულიერო იერარქიის კიბეზე, მით უფრო მეტი თავმდაბლობა მართებს. უფალს ვთხოვ, მომანიჭოს თავმდაბლობა და მორჩილება, მომცეს მადლი და ძალა, რათა ღირსეულად ვატარო მღვდელმთავრის მძიმე, მაგრამ საპატიო ჯვარი. ამ გზაზე სიარულისას იმედი მაქვს თქვენი დახმარებისა, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანადგომისა, ჩვენი სამღვდელოების, ბერ-მონაზვნებისა და მრევლის მხარდაჭერისა.

მე გაცნობიერებული მაქვს, რომ ეპისკოპოსად ჩემი კურთხევა ხდება XX საუკუნის მიწურულს, საკმაოდ რთულ ეპარქიაში. მაშინ, როდესაც მართლმადიდებლური რწმენა მთელ მსოფლიოში შესუსტებულია, როდესაც ბევრი, ტრადიციით მართლმადიდებელი ადამიანის აზროვნება გამიწიერდა და დასცილდა ეკლესიურ ცნობიერებას, ამიტომ ღვთის შეწევნით მსურს ყველაფერი გავაკეთო, რათა ადამიანები დაბრუნდნენ ეკლესიაში და შეიგრძნონ მართლმადიდებლური სარწმუნოების მთელი სიღრმე და მშვენიერება.

ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიას, რომლის მწყემსმთავრადაც მე ვინიშნები, სახელოვანი ისტორია აქვს. მისმა წმიდა ტაძრებმა და მონასტრებმა ბევრი გამორჩეული სასულიერო მოღვაწე აღუზარდეს ეკლესიას. ზუგდიდში ინახება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი _ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე, რომლის სიახლოვეს ყოფნაც უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ამ ეპარქიის მღვდელმთავარს, იქ მოღვაწე სასულიერო პირებს, ამ კუთხის ყველა მკვიდრს. ამ მხარეს ბოლო წლებში ბევრი ტკივილის გადატანა მიუხდა, ამიტომ ისევე როგორც დაჭრილსა და ნაიარევ ადამიანს, მას მეტი სითბო და თანაგრძნობა სჭირდება. ზუგდიდში დღეს ყველაზე მეტად იგრძნობა აფხაზეთის ტრაგედიის ექო, აქ შეიფარეს მშობლიური მიწა-წყლიდან გამოდევნილი ბევრი ლტოლვილი. ეს ყოველივე ორმაგად საპასუხისმგებლოს ხდის ჩემს მომავალ მოღვაწეობას. ამავე დროს ძალიან მიხარია, რომ მომიწევს მსახურება საქართველოს ამ უმშვენიერეს კუთხეში, რომლის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა მაქვს. ბოლოს, მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, წმიდა სინოდის თითოეულ წევრს იმ ნდობისათვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ჩემდამი. ვითხოვ შენდობას და თქვენს წმიდა ლოცვებს. ასევე ვთხოვ ჩვენს სამღვდელოებას და მრევლს  ლოცვას, რათა ჩემი მღვდელმთავრული მსახურება იყოს ნაყოფიერი და სასარგებლო მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოსათვის." (61, 1998, 11)

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 11 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაიწყო: "დღეს აღსრულდა განგება ღვთისა და მეუფე გერასიმე, შენზე სულიწმიდა _ უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი გადმოვიდა. დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში 25-ე სამღვდელმთავრო კათედრა აღორძინდა, უძველესი ისტორიული კათედრა ზუგდიდისა და ცაიშისა. დღეს ღვთის განგებამ მღვდელმთავრის ხარისხში აგიყვანა, რაც უდიდესი წყალობაა, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ როცა უფალი წყალობასა და ჯილდოს იძლევა, ადამიანიც მის მისაღებად მზად უნდა იყოს, თუ მას არ აქვს სინანული თვისთა ცოდვათა გამო და არა განკითხვა ძმისა მისისა, თუ არ არის მზად ამ დიდი მადლის მისაღებად, რომელიც ამავე დროს მძიმე ჯვრის ზიდვასაც გულისხმობს, იგი მისი სიმძიმის ქვეშ ეცემა. შევთხოვ უფალს მოგცეს თავმდაბლობა, მორჩილება და სიწმინდე, როგორც წმიდა წერილი გვასწავლის, თავმდაბალთა მიენიჭება მადლი, ხოლო ამპარტავანთა შემუსრავს უფალი. მიდიხარ ეპარქიაში, რომელსაც დიდი ხანია არ ჰყოლია მღვდელმთავარი, იმ კუთხეში, რომლის მცხოვრებნიც მორწმუნენი არიან, მაგრამ განიცდიან გავლენას მძიმე მდგომარეობისა, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ დიდ ყურადღებას გამოიჩენ სამწყსოსა და განსაკუთრებით იმათ მიმართ, რომელთაც სულიერად უჭირთ და  მოძღვრის დახმარებას საჭიროებენ, ამისათვის მიგავლინა უფალმა იქ. შენი მოღვაწეობის გზაზე ქება-დიდებასაც ბევრჯერ მოისმენ და დამცირება-შეურაცხყოფის ატანაც ხშირად მოგიხდება, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეს, რადგან უფალი შენთან იქნება _ ღმერთი, რომელმაც ეს ჯვარი გიბოძა, სასულიერო იერარქიის უმაღლეს ხარისხში აგიყვანა, მის სატარებლად ძალასაც მოგცემს, მეც და ჩვენი მღვდელმთავრებიც დაგეხმარებით. ნება უფლისა აღსრულდეს შენზედა და მადლი სვეტიცხოვლისა გეწეოდეს. მიიღე ეს კვერთხი, როგორც სიმბოლო ძალაუფლებისა და დალოცე სამწყსო შენი და ერი სრულიად საქართველოსი." (61, 1998, 11).

2002 წლის 9 ივნისს მეუფე გერასიმე დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო 2003 წლის ივლისიდან 2005 წლის იანვრამდე ასრულებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოვალეობას. 2004 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი სამსახურისათვის აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 1-3 ივნისს უწმიდესის და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ეწვია ფოთის, ჭყონდიდის, სენაკისა და ჩხოროწყუს, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიებს, მოილოცა იქაური სიწმინდენი. მან მიმართა სამეგრელოს მოსახლეობას: "დიდი განსაცდელი გამოიარა ამ კუთხემ, მაგრამ მედგრად და ვაჟკაცურად შეხვდა ჩვენი ხალხი მას. რა თქმა უნდა, დღესაც მრავალი განსაცდელია ჩვენ წინაშე, ამგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დაიძლევა, ყველაფერი დამშვიდდება. სამეგრელო კიდევ ბევრ ნიჭიერ ადამიანს მისცემს სამშობლოს, რომლებიც გაიტანენ ქართველი ადამიანის სახელს მთელ მსოფლიოში. წყალობა, მშვიდობა, სიყვარული და სიხარული მოგმადლოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველოს." (68, 2007, 6).

ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში სტუმრობისას 3 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მთავარეპისკოპოსი გერასიმე აიყვანა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა გერასიმემ მადლობა მოახსენა მის უწმიდესობას და აღნიშნა:

"დღეს ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში დიდი დღესასწაულია, და არა მარტო ჩვენს ეპარქიაში, სრულიად სამეგრელოში. გუშინ მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ბრძანდებოდა ფოთისა და ხობის ეპარქიაში. მას მეუფე პეტრე ზუგდიდის შემოსასვლელში _ ჭყონდიდის ეპარქიაში დახვდა, შემდგომში მეუფე შიო _ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში და დღეს მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ წირვა-ლოცვა აღავლინა საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ზუგდიდში. ჩვენთვის უდიდესი დღესასწაულია ეს დღე, რადგან მრავალი წლის შემდეგ თქვენი მადლი კვლავ მოეფინა სამეგრელოს, კვლავ თქვენი ლოცვა-კურთხევით დაილოცა თითოეული ადამიანი, რომელიც აქ, ამ წმინდა ტაძარში იმყოფება და რომელიც ჩვენს ეპარქიებსა და ამ კუთხეში ცხოვრობს. თქვენ ბრძანეთ სამეგრელოს დიდი მნიშვნელობის შესახებ საქართველოს ისტორიაში. სამეგრელოს, მართლაც, ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა საქართველოს ისტორიაში. როდესაც სამეგრელოში წმიდა ილია მართალი ჩამობრძანდა, ბრძანა: `მე სამეგრელოში ჩავედი და იქ საქართველო ვნახეო~. დღესაც სამეგრელო, როგორც განუყოფელი ნაწილი ჩვენი ერთიანი ქვეყნისა, ჩვენი ეკლესიისა, ასე არის წარმოდგენილი თქვენ წინაშე. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა შევწიროთ უფალს იმისათვის, რომ ღვთის წყალობით, თქვენო უწმინდესობავ, ჩამობრძანდით ჩვენს ქალაქში, აღავლინეთ წირვა-ლოცვა ეკლესიაში, ასეთ დიდ პატივში აღგვიყვანეთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები, ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირები, დალოცეთ და აკურთხეთ ჩვენი მრევლი. კიდევ ერთხელ დაგვმოძღვრეთ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ უფალთან ერთად ვიმყოფებოდეთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთსულოვნებით, რათა ერთითა გულითა და ერთითა პირითა ვადიდოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

თქვენო უწმიდესობავ, თითოეული ქართველი დღეს განიცდის სიხარულს, როდესაც თბილისში სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფება ანდა ამ ტაძრით ამაყობს, _ მაგრამ ეს ყველაფერი თქვენი ლოცვა-კურთხევით მოხდა და როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს მართლაც არის ქართველი ადამიანის ავტოპორტრეტი. ნება მიბოძეთ თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ჩვენი ეპარქიის სახელით შემოგწიროთ ყოვლადწმიდა სამების ერთ-ერთი უძველესი ხატი, ნიშნად ჩვენი პატივისცემისა და სამახსოვროდ დღევანდელი ღვთისმსახურებისა. ყოვლადწმიდა სამებამ დაგიცვათ, დაგიფაროთ და თქვენი მადლი და ლოცვა-კურთხევა არ მოჰკლებოდეს სრულიად საქართველოს, ამინ." (68, 2007, 6).

2007 წლის 25 დეკემბერს მეუფე გერასიმე დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.


ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მოქმედი ეკლესიები


ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი (1825-1830 წწ.)

ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X-XI სს. მიჯნა.)

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი (X ს.)¬

კორცხელის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (X ს.)¬

ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის (მაცხოვრის კარის) ტაძარი (XV-XVI სს)

ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XIX-XX სს.)

წალენჯიხის რაიონის სოფ. ჩქვალერის (ლეშამუგეს) მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი (XIX-XX სს.)

წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარის ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარი

წალენჯიხის რაიონის სოფ. ლიის (კუთხე მახარია) წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XIX-XX სს.)

ზუგდიდის რაიონი, სოფელ ტყაიას წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XIX-XX სს.)

ზუგდიდის რაიონი. სოფელ კოკის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XV ს.)

ზუგდიდის ხარების სახელობის ტაძარი (ჭითაწყარი)

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი (1999-2004 წწ.)

წალენჯიხის რაიონის სოფელი მუჟავას წმ. გიორგის სახელობის ტაძარი

ზუგდიდის რაიონი, სოფელ კახათის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (2002-2004 წწ.)

სოფ. ჯგალის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი

ზუგდიდის რაიონი, სოფელ ყულიშკარის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XVII ს.)

ზუგდიდის რაიონი, სოფელ ჭკადუაშის წმ. ნინოს სახელობის ტაძარი

მშენებარე ტაძრები ზუგდიდის რაიონი

ზუგდიდის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი (საჯვაროს უბანი)

სოფ. ანაკლიის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი

სოფ. ეწერის (სააფაქიო-საჯინჯოლო) წმ. ნინოს სახელობის ტაძარი

სოფ. ძველი აბასთუმნის წმ. სამების სახელობის ტაძარი

სოფ. ოდიშის (საჭურღულიოს უბანი) წმ. გიორგის სახელობის ტაძარი

სოფ. რიყის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი

სოფ. რუხის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი

სოფ. ზედაეწერის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი

სოფ. ჭკადუაშის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი

სოფ. ნარაზენის ხარების სახელობის ტაძარი

სოფ. ჩხორიის წმ. ნინოს სახელობის ტაძარი

სოფ. შამგონის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი

სოფ. ჯიხაშკარის ხარების სახელობის ტაძარი

სოფ. დავითიანის (ოქტომბერი) წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი

სოფ. საჩინოს წმ. გიორგის სახელობის ტაძარი

სოფ. აბასთუმნის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი


წალენჯიხის რაიონი

წალენჯიხის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი

სოფ. ეწერის ფერდი, წმ. კვირიკე სახელობის ტაძარი

სოფ. მუჟავას წმ. გიორგის სახელობის ტაძარი

სოფ. ობუჯის მთავარანგელოზ მიქაელის და გაბრიელის სახელობის ტაძარი.

სოფ. საჩინოს მთავარანგელოზების სახელობის ტაძარი

სოფ. ოჭანეს (ლეშამუე-ლეჭანტურე) წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი¬

მონასტრები

კორცხელის ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი

ჩხორიის თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი

დიდნეძის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი

სქურის ფერიცვალების სახელობის მამათა მოანსტერი


ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი (1825-1830 წწ.)

ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი მალხაზ ჭანტურია. აქვე მსახურობენ დეკანოზი ფრიდონ ასათიანი, დეკანოზი ილარიონ შენგელია. დეკანოზი ამბროსი თორდია.

ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X-XI სს. მიჯნა)

1989 წლიდან გაუქმებული ტაძარი უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღდგა და მრევლიც გაჩნდა. ამ დროიდან სიცოცხლის ბოლომდე ტაძრის წინამძღვარი იყო ეპარქიის მოძღვართმოძღვარი აწ განსვენებული დეკანოზი ამირან შენგელია, რომელიც ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთანაა დაკრძალული. ამჟამად ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ზაბულონ ქობალია.

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი (X ს.)

კომუნისტური მმართველობის დროს შვიდი ათეული წლის განმავლობაში ეკლესია დაკეტილი იყო. უფლის წყალობით 1988 წელს ტაძარში აღდგა ღმრთისმსახურება. 1988-89 წწ. ახალგახსნილი ტაძრის პირველ წინამძღვრად მღვდელი შალვა (აფხაიძე) მსახურობდა. 1989 წლიდან 2005 წლამდე ტაძარს წინამძღვრობდა დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ანდრია კემულარია. ამავე ტაძარში მსახურობს მღვდელი ილია ლუკავა, რომელიც არის სოფ. ჯგალის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი. დიაკონი თომა კალანდია.

კორცხელის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (X ს.)

დღეს მას წინამძღვრობს დეკანოზი ილარიონ შენგელია

ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის (მაცხოვრის კარის) ტაძარი (XV-XVI სს.)

ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი გიორგი ჯგუშია. ტაძარში მსახურობენ აგრეთვე დეკანოზი გალაქტიონ ფიფია და მღვდელი გიორგი გულორდავა.

ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XIX-XX სს.)

ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ანდრია ლიპარტია

წალენჯიხის რაიონის სოფ. ჩქვალერის (ლეშამუგეს) მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი (XIX-XX სს.)

აღდგენილ ეკლესიაში მეუფე გერასიმემ წინამძღვრად დაადგინა დეკანოზი ანდრია მარღანია, რომელიც დღემდე ერთგულად ემსახურება თავის სამწყსოს.

წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარის ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარი

დეკანოზი ანდრია მარღანია

წალენჯიხის რაიონი, სოფელ ლიის (მახარიას უბნის) წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XIX-XX სს.)

ტაძრის წინამძღვრის რთულ და საპატიო მისიას დეკანოზი გალაქტიონ ფიფია ეწევა.

ზუგდიდის რაიონი, სოფელ ტყაიას წმ. გიორგის  სახელობის ტაძარი (XIX-XX სს.)

2000 წელს ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) აკურთხა აღდგენილი ტაძარი და წინამძღვრად დეკანოზი გაბრიელ გულორდავა დაადგინა. მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით 2003 წლიდან წინამძღვრის საპატიო მოვალეობას დეკანოზი გალაქტიონ ფიფია ეწევა, რომელიც დღემდე დაუღალავად ემსახურება თავის სამწყსოს.

ზუგდიდის რიაონი. სოფელ კოკის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XV ს.)

ამჟამად მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ეკლესიის წინამძღვრის საპატიო მოვალეობას ეწევა დეკანოზი გაბრიელ გულორდავა. მამა გაბრიელი საუფლო და საეკლესიო დღესასწაულებზე და ყოველ შაბათ-კვირას აღავლენს საღმრთო მსახურებას.

ზუგდიდის ხარების სახელობის ტაძარი (სოფ. ჭითაწყარი)

ტაძრის წინამძღვარია მღვდელი იაკობ ეხვაია.

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი (1999-2004 წწ.)

ახლად ნაკურთხ ტაძარში მეუფე გერასიმემ წინამძღვრად დეკანოზი ზაბულონ ქობალია დაადგინა. მამა ზაბულონი შაბათობით რეგულარულად აღავლენს საღმრთო ლიტურღიას.

მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ეკლესიასთან გახსნილია მამათა მონასტერი, რომლის წინამძღვარია მღვდელმონაზონი სერაფიმე (ჯიქია).

წალენჯიხის რაიონის სოფელი მუჟავას წმ. გიორგის სახელობის ტაძარი

დეკანოზი ანდრია მარღანია

ზუგდიდის რაიონი, სოფელ კახათის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (2002-2004 წწ.)

ეკლესიის კურთხევის დღეს მეუფე გერასიმემ წინამძღვრად დეკანოზი გაბრიელ გულორდავა დაადგინა, მამა გაბრიელი არც მანამდე აკლებდა ყურადღებას მშენებარე ეკლესიას, პერიოდულად ატარებდა პარაკლისებს. ეკლესიის კურთხევის შემდეგ კი ყოველ შაბათ-კვირას და საეკლესიო დღესასწაულებზე საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

სოფ. ჯგალის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი

ტაძრის წინამძღვარია მღვდელი ილია ლუკავა.

ზუგდიდის რაიონი, სოფელ ყულიშკარის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XVII ს.)

ზუგდიდის რაიონი, სოფელ ჭკადუაშის წმ. ნინოს სახელობის ტაძარი


მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი)

მთავარეპისკოპოსი თადეოზი, ერისკაცობაში მირიან გაიოზის ძე იორამაშვილი, დაიბადა 1946 წლის 12 ოქტომბერს გორის რაიონ სოფელ ფლავში. 1966 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლა. 1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილო¬ლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1973-1974 წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში. 1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სკოლის ახალგაზრდა პედაგოგის მცხეთის სასულიერო სემინარიაში წასვლა მტკივნეულად აღითქვა მაშინდელმა ხელისუფლებამ. "ახალგაზრდა კომუნისტმა" არაერთი წერილი მიუძღვნა ამ ფაქტს და მკაცრად გააკრიტიკა როგორც გორის ბარათაშვილის სახელობის ინტიტუტის ხელმ¬ძღვანელობა, ასევე სოფლის სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, სადაც გაზეთის აზრით იდეოლოგიური მუშაობა არ იყო სათანადო დონეზე. 1977 წლის 2 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარე¬სის დავით V-ის ლოცვა-კურთხევით ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა 31 წლის მირიან იორამაშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად თადეოზი. 1977 წლის 7 აპრილიდან დიაკონია, 1 მაისიდან _ მღვდელმონაზონი, 1 ივნისიდან უწმიდესი დავით V-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ალავერდის საკათედრო ტაძრის მღვდლად.

1977 წლის 1 აგვისტოს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა ეპისკოპოსად. 2 აგვისტოს მოხდა მისი კურთხევა. არქიმანდრიტმა თადეოზმა ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს: "თქვენო უწმიდესობავ, უწმიდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, დიდო მეუფეო და დიდო მამაო ილია; წმინდანო მღვდელმთავარნო ჩვენი მრავალჭირნახული ივერიის ეკლესიისანო. უმორჩილესად ვმადლობ ღმერთსა და უფალსა, შემოქმედსა ცისა და ქვეყნისასა, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად, რომელმან თქვენი უწმიდესი ლოცვის მადლით მიწოდა განსაკრთომელ მღვდელმთავრულ გზაზე. დიდი არს და საშინელ ჩემთვის ნდობა ესე მსახურნო დიდებისანო. მთავარანგელოზნი და ანგელოზნი ძლიერი ძალითა, ნათელნი მეორენი, ძრწიან დიდებისაგან ღვთისა და მე უღირსმან ვითარ ვიკადრო აღებად პირისა ჩემისა მისსა მიმართ, და ვითარ მივიღო პატივი ესე? ჩემი შინაგანი არსება ძრწის და გონებას ჩემსას ვერ მოუნახავს სიტყვა გამართლებისა... ამიტომ ვარჩევ დუმილს და განგებასა ღვთისასა და თქვენს წმიდა ლოცვას უმორჩილესად მინდობილი გამოუთქმელ მადლობას მოგახსენებთ... რთულია ჟამი ესე და ვის შეუძლია უღელვოდ გავლა ამ წუთისოფლის მღელვარე ზღვისა, ხსნა უკვდავისა სულისა თვისისა და ხსნა მოყვასთა, უკეთუ არა ითხოვა მადლი ღვთისაგან და ადამიანთა სიყვარულით არ გაიშუქა გული?.. ვმადლობდეთ ღმერთსა, რამეთუ კვალად მოგვხედა. დღეს ამას გრძნობს ყოველი გონიერი ადამიანი და გულით ლოცავს მთელი საქართველოსათვის მლოცველს. დღეს დიდი დღეა, დღე _ დიდი წინასწარმეტყველისა და ღვთისმხილველისა ილიასი, დღე ანგელოზისა უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, დიდისა მეუფისა და დიდისა მამისა ჩვენისა ილია მეორისა, დღე კეთილი მწყემსის მიერ დადგენილი დიდი მწყემსისა. მინდა თქვენი სახელით, ყველა ქართველისა და ყველა ქრისტიანის სახელით მივულოცო მას ეს ბედნიერი დღე და აღვუთქვა ივერიის დედა-ეკლესიის პატიოსნად მსახურება ძალისამებრ ჩემისა შეწევნითა უწმიდესის წმიდა სინოდის, წმიდა მღვდელმთავრების, ყოველთა სამღვდელო და სამონაზვნო დროსა და ყველა თქვენთვის წმიდა და გულწრფელი ლოცვითა. ამინ." (60, 1983, 2).

ეპისკოპოსი თადეოზი დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად, 1978 წლის 24 დეკემბრიდან  გადმოყვანილ იქნა წილკნელად. 1979 წლის 20 სექტემბრიდან 1980 წლის 1 ოქტომბრამდე ეპისკოპოსი თადეოზი მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორია, 1981 წელს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1979-1983 წლებში განაგებდა მანგლისის ეპარქიას, 1984-1993 წლებში აგარაკ-წალკის, 1993-1995 წლებში _ ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიას, 1995-2003 წლებში _ ბოლნისისა და დმანისის ეპარქიებს, 2005 წლის აპრილიდან მთავარეპიკოპოსი თადეოზი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველია.

მეუფე თადეოზი არის შესანიშნავი პოეტი. არაერთი პოეტური კრებულის ავტორი. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მეუფე თადეოზის ლექსი მიძღვნილი უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-სადმი:

"მაცხოვრის კვერთხის მპყრობელი ხელით
შეჭიდებული უხილავ მტერთან,
სიმხნით და ღვაწლით აღურიცხველთა
უძღვი ცად მიმართ ცხოვართა შენთა.
აყვავებული სანთლები ხატთან
სიკეთის დღეთა იყავნ მაცნენი,
სიწმიდის მადლით და სასწაულით,
მშობელთა ლოცვით აღმონაკვესნი.
იმედმოსხულმან შენი დღეები,
სიყვარულს ყოველს რომ უწილადებ,
შენი ფიქრია, შენი მამული
სამარადისოდ ნათლით ბრწყინავდეს,
თუ საქართველო წმიდა ჯვარია,
ნატრობ სამოთხის კართან იყოსო,
შენი სიცოცხლე ერს უხარია,
მრავალჟამიერ, კათოლიკოსო".


მთავარეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)

მთავარეპისკოპოსი ანტონი, ერისკაცობაში მარკოზ სომონის ძე ბულუხია, დაიბადა 1956 წლის 7 მაისს ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამუ¬რში. 1973 წელს მარკოზ ბულუხიამ დაამთავრა ქუთაისის მუსი¬კალური საშუალო სკოლა-ინტერნატი. 1974-1976 წლებში იგი იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1976-1982 წლებში მარკოზ ბულუხია ცხოვრობდა მოსკოვში, სწავლობდა მიწათმოქმედების ინსტიტუტში, 1980-1982 წლებში _ საკავშირო იურიდიულ¬ ინსტიტუტში, ხოლო 1987-1990 წლებში _ მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1989 წლის 16 მარტს ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ (შალამბერიძე) მარტვილის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში მარკოზ ბულუხიას ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 26 აპრილს _ მღვდლად და დაადგინა სუჯუნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.

როგორც მეუფე ანტონი იხსენებს, "იმ წლებში სემინარიის III კურსზე ვსწავლობდი, ჩვენს სასწავლებელს ეწვია ყოფილი რექტორი, იმხანად ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი გიორგი. მას მოუკითხავს სემინარისტები და სიტყვა ჩამოუგდია, სამეგრელოში, აბაშაში ხალხი ითხოვს მოძღვარს, ერთი მიტოვებული, მაგრამ დიდებული ტაძარი არის და პატრონი სჭირდება, რომელი ისურვებდით იქ მოძღვრად წასვლასო. სემინარისტებს რატომღაც ჩემი გვარი დაუსახელებიათ, დამიძა¬ხეს, მეუფე გიორგი გამესაუბრა, მე ვუთხარი მოუფიქრებელ პასუხს ვერ მოგცემთ-მეთქი. პირველად თვით ტაძრის მონახულება გადავწყვიტე. ჩავედი სუჯუნაში, კარგად დავათვალიერე ტაძარი და მისი მიდამო, იქიდან მობრუნებულს წამითაც არ მიფიქრია სხვა რამეზე... სუჯუნის ტაძარი სულ ახალი გადახურული იყო, მაგრამ ის, რაც ტაძარს სჭირდება ღვთისმსახურებისათვის, მსგავსი არაფერი მოიპოვებოდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების, ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი თანადგომით ნელ-ნელა შევიძინეთ საღვთისმსახურო წიგნები, ხატები, ჯვრები, შანდლები. მოვაწყეთ საკურთხეველი, აღვმართეთ კანკელი, ვაკურთხეთ ტრაპე¬ზი... პირველი პარაკლისი სუჯუნაში 20 წლის წინ, გიორგობა დღეს, 6 მაისს, სუჯუნის ტაძრის დღესასწაულზე გადავიხადეთ. მახსენდება ის დღე, ხალხი მოაწყდა ტაძარს, მიუხედავად იმისა რომ აღარც ლოცვა ახსოვდათ, არც წესიერად პირჯვრის გამოსახ¬ვა იცოდნენ, ხალხმა მაინც ილოცა თავისებურად... ვხედავდი, რომ მრევლი საჭიროებდა მოძღვართან გაცილებით ახლო ურთიერთობას, ამიტომ წირვის შემდეგ ტაძრის ეზოში ვსხდებოდით და ვსაუბრობდით სარწმუნოებაზე, ისტორიაზე, ლიტერატურაზე, პოლიტიკაზე... ვხედავდი, რომ აქაური მრევლი სულ უფრო და უფრო მეტს ითხოვდა მოძღვრისაგან, ამან ჩემს სასულიერო პირად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. რადგან მრევლი მთხოვდა, ვალდებული ვიყავი მიმეცა მათთვის სულიერი საზრდო. ამან საკუთარ თავთან მუშაობა, შემეცნების გაღრმავება მოითხოვა. მინდა გავიხსენო 1989 წლის აგვისტო, როცა პატრიარქი გვეწვია. ვერ წარმოიდგენთ რამოდენა გამხნევება და სტიმული იყო მისი ჩამობრძანება. იგი მოეფერა ხალხს "ეს რა დიდებული ტაძარი გქონიათო, რა ხალხს უცხოვრია ადრე აქ, რომ ასეთი სალოცავი დაუტოვებიათო, აბა თქვენ იცით, როგორ ეპატრონებითო, ძველ კოლხთა შთამომავალნო, ნუ შეგეშინდებათ, უფალი არასოდეს გვტოვებდა და არც არასოდეს მიგვატოვებს, თუ კი ჩვენ არ დავივიწყებთ მას." (66, 122-123).

1996 წლის მაისში მამა მარკოზი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, ხოლო იმავე წლის 13 ივლისს დაჯილდოებული იქნა მიტრისა და გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით. 1996 წლის 25 ოქტომბერს მამა მარკოზ ბულუხია რუისისა და ურბნისის მთავარეპისკოპოსმა იობმა ბერად აღკვეცა და უწოდა სახელად ანტონი. 1996 წლის 26 ოქტომბერს იგი აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1998 წლის 10 ნოემბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ არქიმანდრიტი ანტონი ეპისკოპოსად აკურთხა, მას ჩაბარდა ვანისა და ბაღდადის ეპარქია. 9 ნოემბერს არქიმანდრიტმა ანტონმა შემდეგი სიტყვით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს:

"თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, მამანო, ძმანო და დანო, მიმძიმს რაიმე ვთქვა ამ წუთებში, არა იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი მაქვს, არამედ, პირიქით, იმიტომ რომ სათქმელი ძალიან ბევრია. ამ წუთებში ჩემი გონება და გული მოცულია სიხარულითა და მღელვარებით. სიხარული გამოწვეულია იმ პატივით, რომლის ღირსიც წმიდა სინოდის დადგენილებით გავხდი, მღელვარება კი _ იმ პასუხისმგებლობით, რომელიც ამ პატივს თან ახლავს.

ამ დღეებში კიდევ ერთხელ გადავხედე და გავიაზრე ჩემს მიერ განვლილი ცხოვრების გზა, როგორც ერში, ასევე ეკლესიაში სამსახურისას. ეს გზა სავსე იყო სირთულეებით, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი როგორ მწყალობდა, როგორ მიფარავდა და როგორ განმამტკიცებდა უფალი ღმერთი ჩვენი. ვარდებით მოფენილ გზას არც ახლა ველოდები, მაგრამ მჯერა, რომ შეწევნა, წყალობა და მფარველობა კვლავაც არ მომაკლდება მისგან, ვინც აქამდე მწყალობდა და მიფარავდა.

როგორც წმიდა ბასილი დიდი ბრძანებდა, ორივე მხარეს ჯაჭვით მიბმული ნავი ზღვაზე ატეხილ ქარიშხალსა და აღელვებულ ტალღებს უშიშრად ხვდება ღვთის შეწევნითა და თქვენი თანადგომით, შეიძლება მეც გავუძლო იმ სირთულეებსა და წინააღმდეგობებს, რომელიც წინ მელოდება.

დღეს აქ მოვიდნენ ადამიანები, რომლებთანაც ერთად მე, როგორც მოძღვარმა, ჩემი სულიერი ცხოვრების გზა დავიწყე და რომელთა წინაშეც პასუხისმგებლობას ახლაც ვგრძნობ.

რვა წელი ვიმსახურე აბაშის რაიონში და საერთოდ ჭყონდიდის ეპარქიაში. ცნობილი მოვლენების ჟამს ჩვენ ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად. სამოცდაათწლიანი სულიერი მიძინების შემდეგ ერთად დავიწყეთ მამაპაპური მართლმადიდებლური სარწმუნოების ანისა და ბანის შესწავლა. ვიცით, რომ მათ ახარებთ დღევანდელი დღე და ისიც ვიცით, რომ დამწუხრებულნიც არიან განშორების გამო.

ჩვენი სასოება ყოველთვის იყო და იქნება უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ვრჩებით რა მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში, ჩვენი სულიერი ურთიერთობაც განუყოფელია ზეციური საკურთხევლის წინაშე. ნუ განეშორებით დედა ეკლესიას, რომელსაც თქვენთან სუჯუნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია წარმოადგენს. გვახსოვდეს, ეკლესიამ შეიძლება რიცხობრივად დაკარგოს მორწმუნეთა რაოდენობა, მაგრამ იგი იძენს ხარისხს. მჯერა რომ, თქვენ დედა ეკლესიის ღირსეული შვილები ხართ. თანამედროვე ქრისტიანები სიამაყით ვიხსენებთ ეკლესიის ისტორიას და იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს, აწმყოს კი უმეტესად ოცნებებს ვუთმობთ. დღევანდელი ეკლესიის ისტორია ჩვენი ცხოვრების ისტორიაა, და თუ როგორი იქნება იგი, ეს დიდად არის დამოკიდებული ჩვენს მრწამსზე, ჩვენს ერთგულებასა და სიმტკიცეზე, იმ ღვაწლზე, რომლის აღსრულებაც დედა ეკლესიის მორჩილებით გვმართებს.

უფალი ბრძანებს: _ არარაი არს დაფარული, რომელი არა განცხადდეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს" (ლუკა, 12,2).

ეს დღე დადგება ჩვენთვისაც. იმ დაფარულთა შორის, რაც უცილობლად განცხადდება, მინდა განცხადებულ იქნას ჩემი, როგორც მართლმადიდებელი იერარქიის, სარწმუნოებისა და მამულის სიყვარული, სიყვარული ჩემი მშობელი ხალხისა, გამართლება იმ ნდობისა, რომელიც თქვენ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ და წმიდა სინოდმა გამომიცხადეთ.

მე კარგად მესმის ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი; მესმის, რომ დღეიდან ჩემთვის განუყოფელია საქვეყნო და პირადული, საკუთარი და ეროვნული სატკივარი.

და მომეც მე უფალო, ერთითა პირითა და ერთითა გულითა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ." (61, 1998, 11).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამ სიტყვებით მიმართა ეპისკოპოს ანტონს:

"თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსო ანტონ, ქრისტეს მიერ საყვარელნო დანო და ძმანო, უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: მოვედით ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ. ჩვენ დღეს აქ მოვედით რათა მივიღოთ მადლი და დიდი ისტორიული მოვლენა _ ვანისა და ბაღდათის უძველესი ეპარქიის აღდგენა ვიზეიმოთ. მადლი სულისა წმიდისა გადმოვიდა შენზედა მეუფეო ანტონ, მადლი უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. ეპისკოპოსის ხარისხი დიდი პატივი და ლოცვა-კურთხევაა უფლისაგან, რომელიც ადამიანს ღვთისა და ერის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. ამიერიდან შენ პასუხს აგებ არა მხოლოდ შენი თავის, არამედ მთელი მრევლის გამო, რომელიც შენ უფალმა გიბოძა.

რწმენითა და სიყვარულით უნდა შეუდგე ამ დიდ ღვაწლს, რადგან ეპისკოპოსის მოღვაწეობა მოწამეობას წარმოადგენს. დღეს მრევლი სულიერად ისე დაუძლურებულია, რომ ძალა აღარა აქვს ეკლესიაში მოსვლისა. ჩვენ უნდა ვუშველოთ მას; როგორც სამარიტელი და როგორც სნეული, ისე უნდა მივიღოთ და უფალს მივუყვანოთ. ეპისკოპოსს არც ერთი წუთით არ უნდა ჰქონდეს მოსვენება, იგი თავისი ეპარქიისათვის ყოველდღე უნდა ეწამებოდეს, როგორც ამის მაგალითს წმიდა ბასილი დიდი გვაძლევს. დღეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მზრუნველობა გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანთა მიმართ გვმართებს, ბევრი უნდა ვიფიქროთ მათზე, რადგან დღეს ბევრს უჭირს.

ყოვლადუსამღვდელოესო ანტონ, ღმერთმა შენთვის იმ ისტორიული ეპარქიის ჩაბარება ინება, საიდანაც წარმოშობით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) იყო, რომელიც თავისი დიდი ღვაწლითაა ცნობილი. უწმიდესი კალისტრატე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი იმ ოცი წლის მანძილზე ბრძანდებოდა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისათვის. ასეთ ისტორიულ კათედრაზე ინება უფალმა შენი დადგენა. ღმერთმა მოგცეს თავმდაბლობა და მორჩილება, რადგან უფალი ამპარტავნებს შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთ მადლს მიანიჭებს.

ნიშნად ეპისკოპოსის ხელისუფლებისა მიიღე კვერთხი ესე, როგორც საყრდენი მძიმე მოღვაწეობისა და დალოცე შენი მრევლი." (61, 1998, 11).

2004 წლის 4 იანვარს ეპისკოპოსი ანტონი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.


ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ეკლესია-მონასტრები ვანის ოლქი

1. ქ. ვანის ყოველთა ქართველთა წმიდანთა სახ. სამლოცველო. წინამძღვარი: დეკანოზი _ პეტრე გიორგაძე. აღესრულება ყოველდღიური ღვთისმსახურება ოლქის სამღვდელოების მორიგეობით.

2. ს. ქედის წმ. გიორგის სახ. ეკლესია. წინამძღვარი: დეკანოზი _ ზაქარია დვალიშვილი.

3. ს. ტობანიერის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. სამლოცველო. წინამძღვარი: მღვდელი _ ლუკა ჭულუხაძე.

4. ს. ამაღლებაში, მაცხოვრის ამაღლების სახ. ეკლესია. წინამძღვარი: მღვდელი _ ზურაბ ბიბიჩაძე.

5. ს. გორას წმ. გიორგის სახ. ეკლესია. წინამძღვარი: მღვდელი _ ანდრია პაიკიძე.

6. ს. ზეინდარის წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესია. წინამძღვარი: მღვდელი _ იასონ შარიქაძე.

7. ს. ბზვანის წმ. გიორგის სახ. ეკლესია. წინამძღვარი: მღვდელი _ ნიკოლოზ კაცაძე.

8. ს. შუამთის ნათლისღების სახ. ეკლესია. წინამძღვარი: კონსტანტინე გაბუნია.

9. ს. მთისძირის წმ. გაბრიელ _ იმერეთის ეპისკოპოსის სახ. ეკლესია. წინამძღვარი: მღვდელი _ აბო ასათიანი.

10. ს. ფერეთას წმ. გიორგის სახ. ეკლესია. წინამძღვარი: მღვდელი _ ზოსიმე ალფაიძე.

11. ს. ისრითის წმ. გიორგის სახ. ეკლესია. წინამძღვარი: მღვდელი _ პანტელეიმონ მარგველაშვილი.

12. ს. ყუმურის წმ. გიორგის სახ. ეკლესია.

13. ს. კუშუბაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. ეკლესია.

14. ს. ზემო ვანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახ. სამლოცველო.

15. ს. ინაშაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახ. ეკლესია.

16. ს. სულორის ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ეკლესია.


მშენებარე ტაძრები

1. ეპარქიის საკათედრო ტაძარი _ მშობელთა წმ. დედისა ჩვენისა ნინო ქართველგანმანათლებლისა ღირსისა ზაბულონისა და სუსანას სახ.

2. ს. მუქედში _ მთავარანგელოზთა სახ. ეკლესია.

3. ს. სალომინაოში _ ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის შობის სახ. ეკლესია.

4. ს. სულორში _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახ. ეკლესია.

5. ს. საპრასიაში _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. ეკლესია.

6. ს. ტობანიერში _ სულიწმიდის გარდამოსვლის სახ. ეკლესია.

7. ს. უხეთში _ წმ. გიორგის სახ. ეკლესია.

8. ს. ძულუხში _ წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახ. ეკლესია.

9. ს. მიქელეფონში _ წმ. სამების სახ. ეკლესია.

10. ს. გადიდში _ წმ. ანტონ დიდის სახ. მამათა მონასტერი.

ბაღდათის ოლქი

1. ბაღდათის ოლქის საკათედრო ტაძარი _ ქაშვეთის სტილის. ზედა სართული იბერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. (მიმდინარეობს შიდა სამუშაოები). ქვედა სართული წმ. გიორგის სახ. წინამძღვარი: არქიმანდრიტი _ მაკარი (აბესაძე) აღესრულება ყოველდღიური ღვთისმსახურება ოლქის სამღვდელოების მორიგეობით.

2. ს. ობჩა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესია. წინამძღვარი: დეკანოზი _ დავით ბურჯანაძე.

3. ს. ზ. დიმის წმ. გიორგის სახ. ეკლესია. წინამძღვარი: დეკანოზი _ იოანე ყურაშვილი.

4. ს. ვარციხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესია. წინამძღვარი: დეკანოზი _ მარკოზ სვანიძე.

5. ს. როხის წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესია. წინამძღვარი: დეკანოზი _ იოაკიმე ისაკაძე.

6. ს. წითელხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახ. ეკლესია. წინამძღვარი: დეკანოზი _ ბასილ ბასილაძე.

7. ს. როკითის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ეკლესია. წინამძღვარი: მღვდელი _ მიქაელ გიორგობიანი.

8. ს. ხანის 12 მოციქულის სახ. ეკლესია. წინამძღვარი: მღვდელი _ ბესარიონ მშვილდაძე.

9. ს. ქვ. დიმის მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელის სახ. ეკლესია. წინამძღვარი: მღვდელი _ სერაფიმე მსხვილიძე.

10. ს. ქვ. ზეგნის წმ. გიორგის სახ. ეკლესია.

11. ს. საკრაულში _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესია.

12. ს. წიფაში _ იოანე ნათლისმცემლის შობის სახ. სამლოცველო. წინამძღვარი: მღვდელი _ მელქისედეკ ივანიშვილი.

13. ს. ფერსათის ღვთისმშობლის შობის სახ. ეკლესია. წინამძღვარი: მღვდელი _ დიმიტრი ჯანგულაშვილი.

14. ს. დიდველას ანდრია პირველწოდებულის სახ. ეკლესია. წინამძღვარი: მღვდელი _ გობრონ ზივზივაძე.

15. ს. ობჩა-1 წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერი. წინამძღვარი: მღვდელ/მონოზონი _ ილია (გამყრელიძე).

16. გოთიეთის ანთიმოზ ივერიელის სახ. მამათა მონასტერი. მღვდელმონაზონი _ ეფრემი (ნუცუბიძე).

17. ბაღდათის წმ. თამარ მეფის სახ. დედათა მონასტერი. წინამძღვარი: იღუმენი _ ზაბულონი (ნოდია).

18. ს. შუბანის წმ. გიორგის სახ. ეკლესია.

მშენებარე ტაძრები

ს. ფერსათის წმ. მოწამე დიმიტრი (ყიფიანის) სახ. დედათა მოანსტერი.

ს. ობჩა. წმ. მოწამე ქეთევან დედოფლის სახ. დედათა მონასტერი.

ს. წყალთაშუაში _ წმ. ანასტასია ფერსათელის სახ. ეკლესია.

ს. ფერსათის მთავარანგელოზთა სახ. ეკლესია.

ს. ზ. ზეგანში _ სახ. ეკლესია.

კურორტ საირმეში _ მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ეკლესია.

კურორტ საირმეში _ წმ. მოწამე ივლიტა და კვირიკეს სახ. ეკლესია.

 

მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე)

მთავარეპისკოპოსი დავითი, ერისკაცობაში გიორგი ტიკა¬რაძე, დაიბადა 1963 წლის 1 მაისს ლანჩხუთის რაიონ სოფელ სუფსაში. 1969-1980 წლებში სწავლობდა სუფსის საშუალო სკოლაში, 1982-1989 წლებში _ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო საგზაო ფაკულტეტზე. 1983-1985 წლებში გიორგი ტიკარაძემ იმსახურა საბჭოთა არმიის რიგებში. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი დაბრუნდა სოფელ სუფსაში, სადაც საქმიანობდა 1994 წლამდე. 1994 წელს გიორგი ტიკარაძე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ცხოვრობდა სულიერი მოძღვრის მორჩილებაში. 1995 წლის 18 დეკემბერს ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა მორჩილი გიორგი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად დავითი. 1996 წლის 14 იანვარს მეუფე იობმა ბერი დავითი აკურთხა დიაკვნად. 19 იანვარს _ იეროდიაკვნად, ხოლო 6 მაისს _ მღვდელ-მონაზვნად და დაადგინა ბათუმის წმიდა იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად.
1997 წლის 20 იანვრიდან მღვდელ-მონაზონი დავითი მსახურობდა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ხოლო იმავე წლის 22 მაისს დაინიშნა ქარელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის წინამძღვრად, იმავე დროს ასრულებდა სამწევისის მთავარანგელოზთა სახელობის და სამწევისის ცხოველმყოფელი ჯვრის სახელობის, სოფელ ღილევიას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრების წინამძღვრის მოვალეობას. 1997 წლის 17 მაისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელ-მონაზონ დავითს მიანიჭა იღუმენის წოდება და ოქროს ჯვრის ტარების უფლება. 1998 წლის 8 ოქტომბერს იგი გამორჩეულ იქნა ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსად. 1998 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იღუმენი დავითი აკურთხა ეპისკოპოსად.

იღუმენმა დავითმა 13 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში შემდეგი სიტყვით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, წმიდა სინოდის წევრებს: "უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა შევწირო ყოვლადწმიდა სამებას, რომელმაც აურაცხელითა წყალობითა და მოწყალებითა თვისითა ღირსმყო მე, უღირსი მონა, ეპისკოპოსის წმიდა და საპატიო ხარისხში აყვანისა. შემდგომად ღვთისა გმადლობთ თქვენ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ და თქვენ წმიდა სინოდის მღვდელმთავარნო, ესოდენ დიდი ნდობისათვის. მაცხოვარი ამბობს: უარყავ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე (მკრ. 8,34). ქრისტიანობის ერთ-ერთი მაცხოვნებელი მცნება საკუთარი ნების უარყოფა და ღვთის ნების აღსრულებაა. სინოდის გადაწყვეტილება ღვთის ნებად მიმაჩნია, ამიტომ მორჩილებით ვიღებ თქვენს გადაწყვეტილებას, გავხდე ეპისკოპოსი, თორემ მღვდელმთავრობის პატივისათვის თავი უღირსად მიმაჩნია. შეგნებული და გააზრებული მაქვს, თუ რამდენად საპასუხისმგებლოა და მძიმე მღვდელმთავრის ჯვარი, რადგან იგი ღვთის წინაშე პასუხს აგებს არა მარტო საკუთარი სულისათვის, არამედ მისადმი რწმუნებული სამწყსოსათვის, როგორც სამღვდელო დასის, ასევე მორწმუნე ერისათვის: "ეპისკოპოსია ის, ვისაც აბარია ერი ღვთისა და ვისაც მოეკითხება პასუხი მათი სულებისათვის" (მოც. კანონი 39). მოციქული პავლე გვმოძღვრავს "ეკრძალენით უკეთუ თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღვაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა" (საქმე. 20,28). სამწყსოზე ზრუნვა უნდა წარმოადგენდეს მღვდელმთავრის საქმიანობის ძირითად მიზანს. ეპისკოპოსი უნდა ზრუნავდეს მრევლის თითოეულ წევრზე და არ უნდა დაუშვას არცერთი ადამიანის მოწყვეტა ეკლესიისაგან. ჩვენს განსაცდელებით აღსავსე ეპარქიაში მღვდელმთავარს განსაკუთრებული სიფხიზლე მართებს, ვინაიდან ბოროტი გააფთრებით იბრძვის თითოეული სულისათვის. რამეთუ ეშმაკი ვითარცა  ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქა (1. პეტრ. 5,8). დღეს ბოროტმა სახე იცვალა, ნათლის ანგელოზად მოგვევლინა, სხვადასხვა ჰუმანიტარული დახმარებით და მიმზიდველი დაპირებით ცდილობს ადამიანთა ჩამოშორებას ერთადერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოებისაგან. ეს ორგანიზაციები სარგებლობენ ჩვენი ქვეყნის მატერიალური სიდუხჭირით. მღვდელმთავარმა, გარდა მორწმუნე მრევლზე ზრუნვისა, ბევრი უნდა იღვაწოს გზააბნეულ, მწვალებელთაგან მოტყუებულ ადამიანთა დედა ეკლესიაში დაბრუნებისათვის. მიხარია, რომ ღვთის განგებით ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის მმართველი გავხდი ეპარქიისა, სადაც სხვა სიწმინდეებთან ერთად არის წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი, რომლის სიახლოვეს ყოფნაც მე კიდევ ერთხელ შემახსენებს ჩემს მოვალეობას მართლმადიდებლური სარწმუნოების მტკიცედ და შეურყევლად დაცვისა. ეს არის ეპარქია, სადაც თვით კომუნისტური დევნის დროსაც ადამიანებმა დაიცვეს და დაიფარეს ეკლესიები, მათში არსებული საეკლესიო საგანძური, უძვირფასესი ხატები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათში არის რწმენა, მაგრამ ამ რწმენის სრულყოფა ამ ადამიანების გაეკლესიურებით უნდა მოხდეს. კარგად მესმის, რომ ეპისკოპოსობა უდიდეს პატივთან ერთად სიძნელეებითა და განსაცდელებით სავსე ცხოვრებაა. ამიტომ მინდა გთხოვოთ თქვენ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ და წმიდა სინოდის მღვდელმთავარნო, ილოცეთ ჩემთვის, ჩემი გაძლიერებისათვის, იმისათვის, რომ უფალმა თქვენი ლოცვით მომანიჭოს თავმდაბლობა, მორჩილება, მოთმინება და რომ შევძლო ღვთისათვის სათანადოდ აღვასრულო ეპისკოპოსობის წმიდა და საპასუხისმგებლო მოვალეობა." (61, 1998, 11).

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მეუფე დავითს კურთხევის შემდეგ ამ სიტყვებით მიმართა: "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, წმიდა მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო დანო და ძმანო. დღეს სამოციქულო ეკლესია სრულიად საქართველოსი დიდ ეროვნულ დღესასწაულს ზეიმობს _ ხსენებას სვეტიცხოვლისა და ზეგარდმო მოქსოვილსა კვართისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს უდიდესი სიწმინდე _ კვართი უფლისა, როგორც ნიშანი მამაზეციერის წყალობისა, როგორც საწინდარი ქართველთა ზედა მადლის სუფევისა, საქართველოში I საუკუნეში იქნა ჩამობრძანებული და აი, უკვე თითქმის ოცი საუკუნეა თაყვანს ვსცემთ. მრავალი ცრემლი დაღვრილა და მრავალი ლოცვა აღვლენილა საქართველოსათვის ამ სვეტის წინაშე. დღესაც შევსთხოვთ ყოვლადწმიდა სამებას, რომ სვეტიცხოვლის მადლმა გაამთლიანოს საქართველო და აამაღლოს ქართული ეკლესია. ჩვენს სადღესასწაულო განწყობილებას ისიც აძლიერებას, რომ დღეს ეპისკოპოსის კურთხევაც შედგა. ყოველი ახალი ეპისკოპოსის კურთხევა ხომ ეკლესიის ცხოვრებაში ისტორიულ მოვლენას წარმოადგენს. ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის ახალ მმართველს, მეუფე დავითს, უფალი მისცემს ძალას ამ საპატიო, მაგრამ მძიმე ჯვრის სატარებლად. უპირველეს ყოვლისა, მეუფეო, წმიდა სინოდის სახელით გილოცავთ ჯილდოს, რომელიც უფალმა გიბოძა. მიდიხარ ეპარქიაში, სადაც შენახულია რწმენა და საქართველოს მრავალი სიწმინდეა დაცული, მაგრამ სადაც ნაკლებია ეკლესიურობა. ღმერთმა მოგცეს ძალა და მადლი, რომლითაც უფალი მხოლოდ თავმდაბალთ აჯილდოებს. მიიღე კვერთხი როგორც ძალაუფლების სიმბოლო და დალოცე ერი სრულიად საქართველოსი." (61, 1998, 11).

2001 წლის 12 ოქტომბერიდან ეპისკოპოსი დავითი გადაყვანილ იქნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. ბოდბის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთ-ერთი გამორჩეულია. ბოდბეშია ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს საფლავი. ბოდბის ეპარქია 1925 წლის 22 ოქტომბრის საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებით გამოეყო ალავერდის ეპარქიას. ბოდბის ეპარქიის მეშვეობით ინარჩუნებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესია საქართველოდან ჩამოშორებულ საინგილოს ქართველებთან სულიერ კავშირს, მაგრამ ბოლშევიკური მმართველობის პირობებში ქვეყანაში ხორციელდებოდა აგრესიული ათეიზმის პოლიტიკა, ადმინისტრაციული წესით იხურებოდა ეკლესია-მონასტრები. 1936 წლის 17 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში აღწერა ბოდბის ეპარქიის მძიმე მდგომარეობა. სიღნაღის რაიონ სოფელ ანაგაში "მიუხედავად იმისა, რომ შეწერილ გადასახადს ეკლესია უკლებლივ ისტუმრებს, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები ყოველგვარ დაბრკოლებას უქმნიან მლოცველებს: ასე მოხდა მიმდინარე წლის აღდგომის დღესასწაულზე, როცა მლოცველები განდევნეს ეკლესიიდან. გთხოვთ მიიღოთ ზომები." (6, 181).

XX საუკუნის 50-60-იან წლებში ბოდბის ეპარქია გაერთიანებული იყო ალავერდის ეპარქიასთან. ბოდბის მონასტერი გაუქმებული იყო, მისი ტერიტორია საავადმყოფოს ეკავა. ბოდბელი მღვდელმთავარი თბილისის სამების ეკლესიაში წირავდა. 1978 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამორჩეულ იქნა ბოდბელი ეპისკოპოსი ათანასე, მაგრამ ეპარქიაში რთული ვითარება იყო.

მეუფე დავითი 2001 წლიდან შეუდგა საქმიანობას. მისი ღვაწლით ბევრი რამ გაკეთდა ეპარქიაში ქრისტიანული რწმენის, სამონასტრო ცხოვრების აღორძინებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია წმიდა ნინოს საფლავის, ბოდბის დედათა მონასტრის გამშვენიერება. 2006 წლის 1 ივნისს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე დავითი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.


მთავარეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა)

მთავარეპისკოპოსი ანდრია, ერისკაცობაში ამირან გვაზავა, დაიბადა 1968 წლის 24 აპრილს, ქალაქ სოხუმში პედაგოგების, ანატოლი გვაზავასა და ნინო არაჰამიას ღვთივსათნო ოჯახში.

ათეისტური გარემოს მიუხედავად ოჯახში ყოველთვის დაუფარავად დღესასწაულო¬ბდნენ შობისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებს. ღვთის რწმენას მომავალ მღვდელმთავარს უნერგავდა დედა, ნინო არაჰამია, რომელიც არაერთხელ უნახავს მას სახლში ხატთან ანთებული სანთლით მლოცველი, მასვე დაჰყავდა სოხუმის საკათედრო ტაძარში, სადაც წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგს პატარა ბავშვის ცნობიერებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

მომავალი მღვდელმთავრის საგვარეულოდან არაერთი სასულიერო პირი აღიზარდა: დეკანოზები _ მიქაელ გვაზავა და მისი ძმა, რომლებიც სოხუმში მოღვაწეობდნენ და იქვე მიხაილოვის სასაფლაოზე არიან დაკრძალულები; მიქაელ გვაზავა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი იყო; მისი დროინდელი ხატები დღესაც სოხუმის საკათედრო ტაძარშია  დასვენებული, მათ შორის გამორჩეულია ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სასწაულთმოქმედად იყო მიჩნეული მრევლის მიერ; ათონის მთაზე ერთ-ერთი უკანასკნელი ქართველი მოღვაწე ბერები მათე და ათანასე გვაზავები. ბებიის მხრიდანაც კაჭარავების საგვარეულოში წინაპრები სასულიერო წოდებას ეკუთვნოდნენ, არაჰამიათა გვარიც ეკლესიის ყმები და ხატის მცველები იყვნენ.

სოხუმის XI საშუალო სკოლის დამთავრების შემდგომ მან სწავლა სამხედრო სასწავლებელში, ხარკოვის საავიაციო-საინჟინრო ინსტიტუტში განაგრძო, რომელიც ჯანმრთელობის გამო ვერ დაასრულა და 1988 სოხუმში დაბრუნდა, სადაც სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა და დაასრულა 1994 წელს. მის მიერ ეკლესიის სწავლების გაცნობა და ეკლესიური ცხოვრების დაწყება 1988-1989 წლებიდან იწყება, რაც ასევე ოჯახის  წევრების, ძმის მეუღლის _ მარინა ამაღლობელის დახმარებით მოხდა. განსაკუთრებული გავლენა მასზე მღვდელ-მონაზონ სერაფიმე როუზისა და წმ. მღვდელმთავარ ეგნატე ბრიანჩანინოვის ნააზრევმა მოახდინა.

მის სულიერ აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის არა-ერთ ცნობილ სასულიერო მოღვაწეს, რომელთაგან აღსანიშნავია მისი პირველი მოძღვარი, სოხუმის საკათედრო ტაძრის უხუცესი მღვდელმსახური, დეკანოზი იოსებ სევერინი, სქიარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო); სქიმიღუმენია სერაფიმა (სიდორენკო); ბერი კონსტანტინე, ზალიტის კუნძულზე მოღვაწე დეკანოზი ნიკოლოზი (გურიანოვი), აფხაზეთის უდაბნოში მცხოვრები ბერ-მონაზვნები; წერილობითი ურთიერთობა ჰქონდა არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინთან. ამავე პერიოდში ხშირად დადიოდა სიწმინდეების მოსალოცად როგორც საქართველოში, ასევე უკრაინასა და რუსეთში: წმ. სვიმონ კანანელის საფლავი; წმ. ვასილისკოს აღსრულების ადგილი და მისი წყარო; წმ. იოანე ოქროპირის მიცვალების და წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის პოვნის ადგილები კომანში; ახალი ათონის მონასტერი; კიევ-პეჩორის ლავრა; წმ. სერაფიმე საროველის ნაწილების აღმოჩენამ და 1991 წელს დივეევოს მონასტერში მათ გადასვენებაში მონაწილეობამ ახალგაზრდა კაცში განსაკუთრებული სულიერი გარდატეხა მოახდინა. ამ პერიოდში მოილოცა ოპტის უდაბნოს მონასტერი, რამაც კიდევ უფრო გაუღრმავა ბერ-მონაზვნული ცხოვრების სურვილი. ის უკვე იმყოფებოდა ოპტის უდაბნოში, სადაც აპირებდა სამონაზვნო ცხოვრების შედგომას, მაგრამ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა მშობლიურ ქალაქში დაბრუნების გადაწყვეტილება მიაღებინა.

აფხაზეთში საომარი ოპერაციების დროს მონაწილეობდა სხვადასხვა ჰუმანი-ტარულ მისიებში და საომარ მოქმედებებში. ამავე პერიოდში დაუახლოვდა ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავარს, ეპისკოპოს დანიელს (დათუაშვილი), რომლის სოხუმიდან იძულებით წამოსვლის შემდგომ, მეუფე დანიელისადმი დაქვემდებარებულ მარტყოფის მონასტერში დაიწყო მომავალმა მღვდელმთავარმა სასულიერო მოღვაწეობა.

1994 წელს სვეტიცხოვლის ტაძარში მორჩილად, ლაზარეს შაბათს კი ბერად აღკვეცეს და სახელად ანდრია უწოდეს. 1995-1996 წლებში მოღვაწეობა ახლად დაარსებულ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, სოფ. კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების ისტორიულ მონასტერში განაგრძო.

1996 წლის 17 სექტემბერს მთავარეპისკოპოსმა დანიელმა ქ. ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ბერ ანდრიას დიაკვნად დაასხა ხელი, ხოლო იმავე წლის 13 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ, ქ. რუსთავის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა მღვდლად. მსახურობდა ქ. თბილისის სამხედრო აკადემიის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრად.

1997 წელს დაინიშნა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი სამონასტრო კომპლექსის, დავით გარეჯელის ლავრის წინამძღვრად და დაჯილდოვდა იღუმენის წოდებით.

1998 წლის 18 ოქტომბერს, წმ. გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს, წმიდა სინოდის განჩინების შესაბამისად ხელდასხმულია საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოსად.

2001 წლის 14 ოქტომბერს წმ. სინოდის გადაწყვეტილებით მღვდელმთავარი ანდრია დადგინდა სამთავისისა და გორის ეპარქიის მმართველად. 17 ნოემბერს იღუმენმა ანდრიამ ეპისკოპოსად ხელდების წინ ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს: "წლევანდელი სვეტიცხოვლობა ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის განსაკუთრებული სიხარულის მომნიჭებელია. ამ დღეებში მოხდა დიდი ისტორიული მოვლენა _ წმიდა სინოდის აღვსება. მეტად ნიშანდობლივია, რომ ახალი მღვდელმთავრების გამორჩევა დაიწყო კათოლიკოს, არსენ დიდის გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, ხსენების დღეს, ხოლო მათი კურთხევა სრულდება თვით ღმერთშემოსილი მამის გრიგოლ ხანძთელის დღესასწაულზე. გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფეები საქართველოს ისტორიაში წარმოადგენენ ერისა და ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოს, სწორედ ერისა და ეკლესიის ერთიანობისაკენ მოგვიწოდებს დღეს უფალი და განსაკუთრებული როლი ამ საქმეში ეკისრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს. შიში მიპყრობს, როცა წარმოვიდგენ, თუ რაოდენ დიდია მღვდელმთავრის პასუხისმგებლობა იტვირთო და იხსნა სამწყსო შენი. განსაკუთრებით ძნელია ეს დღეს, როცა ჟამთა სიავის გამო გაბნეული ცხოვარი ცდილობს დაუბრუნდეს დედა ეკლესიის წიაღს. ამ მძიმე ჯვარს, უპირველეს ყოვლისა, ვიღებ ეკლესიისადმი მორჩილებით და ამავე დროს ღვთისადმი უდიდესი სასოებით, რამეთუ შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელია ღვთის მიერ. წმიდა მოციქული პავლე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: "გლოცავ უკეთუ ყოვლისა წინა, რაითა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყვანისცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათვის... რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩვენისა ღმერთსა, რომელსა ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი". ეპისკოპოსის მსახურება არის ზრუნვა ეკლესიისა და ერისათვის, მოკრძალებით სიტყვასა და საქმეში სულგრძელობითა და მოთმინებით, სიბრძნითა და დიდი სიყვარულით კაცთა მიმართ.

ეკლესიის სიძლიერეს ვხედავ სამღვდელოების მტკიცე სარწმუნოებაში და კეთილ მაგალითში, მონაზონთა დასის განმტკიცებაში, რათა ისინი, როგორც სულიერ მებრძოლთა მოწინავე რაზმი, იყვნენ მაგალითი ღმერთის შიშისა, სიმდაბლისა. ერი და ბერი ეს ხატოვანი ქართული გამონათქვამი, საუკუნეების მანძილზე ტრადიციად ქცეულ ერისა და ეკლესიის ერთიანობას ასახავს. როგორც ადამიანის სხეულში ყველაფერს აერთიანებს სული, ასევე სული წმიდა აერთიანებს მორწმუნე ერს. დიდი მონდომებით უნდა გავუფრთხილდეთ ურთიერთშორის მშვიდობას, ვფიქრობ რომ ამისათვის აუცილებელია ჩვენ ერს დავანახოთ სიწმიდე, სიკეთე და სიბრძნე სარწმუნოებისა, თავად კი დავინახოთ ერის ინტელექტი, წარმოვიდგინოთ მისი ავი და კარგი, მისი შესაძლებლობანი. განსაკუთრებით ეს ეხება ახალგაზრდა თაობას. ამგვარი მსახურება უსაზღვრო სიყვარულსა და თავგანწირვას მოითხოვს. იგი აუცილებელია იმისათვის, რომ ამ ურთულეს ჟამს ადამიანმა მიაკვლიოს ხსნის ერთადერთ ჭეშმარიტ გზას, რომლის დასაბამი და დასასრული ღმერთია.

ერთხელ კიდევ მოგახსენებთ უღრმეს მადლობას თქვენ, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, ჩემი უღირსებისადმი გამოჩენილი ნდობისა და გაღებული პატივისათვის. გმადლობთ თქვენ ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ჩემი თანადგომისა და გამხნევებისათვის. მადლობას ვწირავ ყველას, ვინც გაიზიარა ჩვენი სიხარული და დაგვლოცა გულსა შინა თვისსა. დღეს მდგომარე წინაშე უდიდეს სიწმიდეთა ჩვენთა, დიდია წინაპართა, კათოლიკოს პატრიარქთა და ყოველთა ზეციურთა მფარველთა ჩვენთა, მუხლმოდრეკილი გევედრებით ყველას _ ლოცვა ჰყავთ ჩემთვის, რათა შემეწიოს უფალი და შემაძლებინოს მსახურება ღმრთისა და კაცთა ვიდრე აღსრულებამდე ჩემი ამქვეყნიური ცხოვრებისა. ამინ." (68, 2001, 11).

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღნიშნა: "ღვთის მადლითა და წყალობით დღეს შეივსო საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში 27 ეპარქიის მღვდელმთავართა რიცხვი. ახლა უკვე ყველა ეპარქიას თავისი მღვდელმთავარი ჰყავს. ამქვეყნად შემთხვევით არაფერი არ ხდება, არც ისაა შემთხვევითი, წმიდა სინოდის წევრთა რიცხვი წმიდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა აღავსო. ეს იმას ნიშნავს, რომ წმიდა გრიგოლ ხანძთელი და წმიდა მამა დავითი საქართველოსა და მეუფე ანდრიას განსაკუთრებით მფარველობენ. უფალი ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ბედნიერია ადამიანი, რომელიც იპოვის ქრისტეს გზას, გაიგებს რა არის ჭესმარიტება და საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებს, ამისათვის არის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით მღვდელმთავარი მოწოდებული. უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია მღვდელმთავარს ღვთისა და ერის წინაშე, მაგრამ უფალი, რომელმაც ეს ჯვარი გიბოძა, დაგიფარავს და ძალას მოგცემს, წმიდა გრიგოლ ხანძთელი და წმიდა მამა დავითიც შეგეწევიან.

წმიდა გრიგოლ ხანძთელი, რომლის ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ, განსაკუთრებული მოღვაწეა ჩვენი ერისა და ეკლესიის ისტორიაში. წარჩინებული და დიდებული მშობლების შვილმა ქართლის მთავრის, ნერსეს სასახლეში აღზრდილმა გრიგოლმა სამოღვაწეო ასპარეზზედ არაბთაგან განადგურებული სამხრეთ საქართველო, ტაო-კლარჯეთი აირჩია. მისი მოღვაწეობისათვის ოთხი რამ იყო დამახასიათებელი: 1. ასკეტიზმით მიღწეული მაღალი სულიერება. 2. მონასტრების დაარსება. 3. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სწორი ურთიერთობის დამყარება... მეუფე ანდრია, თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით, კიდევ ბევრი რამის შესწავლა შეგიძლიათ... გასაკეთებელი ბევრია. ჩვენი ეკლესიის მრავალ წმინდანზე ტროპარ-კონდაკებიც კი არაა დაწერილი. შეგეწიოს წმიდა დავით გარეჯელი, წმიდა ნინო, წმიდა გრიგოლ ხანძთელი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადაგვაფაროს მოწყალე კალთა, თუ თავმდაბლობა და მორჩილება გექნება, ღვთის დიდ მადლს მიიღებ. მამაშვილურად გილოცავ წმიდა სინოდისა და ჩემი სახელით მღვდელმთავრის ხარისხში აყვანას, რომელიც არც შენი დამსახურების შედეგია და არც ჩვენი გადაწყვეტილებისა, არამედ ნება ღვთისა. მიიღე კვერთხი, დალოცე შენი სამწყსო და ილოცე სრულიად საქართველოსათვის." (68, 2001, 11).

2006 წლის 16 ნოემბერს, გორში მყოფმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად ეპისკოპოს ანდრიას მთავარეპისკოპოსის წოდება მიანიჭა. 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მღვდელმთავარი ანდრია ერთადერთი უმაღლესი ოფიციალური პირი იყო, რომელმაც არ დატოვა ქალაქი და ბოლომდე ცდილობდა დარჩენილი მოსახლეობის გამხნევებას. ის პირველი ჩაუდგა სათავეში და პირადად ხელმძღვანელობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ მისიების განხორციელებას. აქტიურად იყო ჩართული ტყვეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების და დაღუპული მეომრების გადმოსვენების საქმეში, რისთვისაც 2008 წლის 16 სექტემბერს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო წმ. ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი ებოძა.

მღვდელმთავარ ანდრიას სახელს უკავშირდება სამთავისისა და გორის ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრების აღორძინება. ამჟამად ეპარქიაში მოქმედებს 42 ეკლესია, ორი მამათა და ერთი დედათა მონასტერი, დაფუძნდა საეპარქიო და საეპისკოპოსო სახლი, ამოქმედდა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია, რომელიც განთავსებულია გორის ისტორიულ-სასულიერო სასწავლებლის ახლადაღდგენილ შენობაში, წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის საბავშვო ბაგა-ბაღი, სასწავლო კურსები მედავითნე და მგალობელთათვის, სოფლებში, სადაც ჯერ არ მოქმედებს ტაძარი, ამოქმედდა სამრევლო სკოლები. ამჟამად ქ. გორში მიმდინარეობს მაცხოვრის აღდგომის საკათედრო ტაძრის, წმ. ნიკოლოზის, წმ. მთავარანგელოზთა, წმ. მოწამე ცხრა ძმა ხერხეულიძეთა ტაძრების მშენებლობა. უკვე რამოდენიმე წელია წარმოებს ქართული კულტურის ორი სანიმუშო ძეგლის, ატენის სიონის მონასტრისა და სამთავისის საკათედრო ტაძრის მაშტაბური კვლევა-რეაბილიტაცია. 2006 წლიდან გორის გიმნაზიის კედლებში დაფუძნდა ყოველწლიური საშობაო ფესტივალი "გენეთლია", საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებებს შორის.

დღეისათვის ეპარქიის სასულიერო დასს შეადგენს ათი დეკანოზი, ორი იღუმენი, ერთი მღვდელმონაზონი, ერთი იღუმენია, თოთხმეტი მღვდელი, სამი დიაკონი, 20 ბერ-მონაზონი, 13 მორჩილი. მთავარეპისკოპოს ანდრიას მიერ ხელდასხმულია 18 მღვდელმსახური.

ეპარქიაში მოქმედებს საეპარქიო საბჭო, სამდივნო, კანცელარია, ხუროთმოძღვრების სამსახური, სამეურნეო-ეკონომიკური სამსახური, უფასო სასადილო ხელმოკლე ოჯახებისათვის, მოსახლეობის ფსიქო-სოციალური და წამალდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი "გადარჩენის გზა" "ატენის სიონის აღორძინების", "სამთავისისა და გორის ეპარქიაში ტაძრებისა და მონასტრების დაცვისა და რეაბილიტაციის" ფონდები, სამხატვრო სახელოსნო, ეპარქიის ოფიციალური ვებ-გვერდია - www.sg-sakdari.ge

მთავარეპისკოპოსი ანდრია მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში:

იტალია, ქ. კამალდოლი, 2002 წელი, საკონფერენციო თემა _ აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ;

ქ. თბილისი, 2005 წელი, საკონფერენციო თემა _ ქრისტიანობა და ეროვნება;

პოლონეთი, ქ. ვარშავა, 2007 წელი, საკონფერენციო თემა _ სამონაზვნო ტრადიცია საქართველოში სამთავისის ტაძრის არქეოლოგიური გათხრების ფონზე;

პოლონეთი, ქ. ვარშავა 2008 წელი, საკონფერენციო თემა _ მოკლე ცნობები ძველი ქართული სამონასტრო წეს-განგებების შესახებ;

ქ. თბილისი, 2008 წ. _ საერთაშორისო კონფერენცია;

რუსეთი, ქ. მოსკოვი, 2009 წ. წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტი, საკონფერენციო თემა _ ძველი ქართული სამონასტრო წეს-განგებები.

მთავარეპისკოპოს ანდრიას ოფიციალური ვიზიტები:

იერუსალიმი, 1999 წელი _ ქართული კულტურის დღეები ისრაელში;

უკრაინა, 2002 წელი _ კიევ-პეჩორის ლავრის დაარსების 950 წელი;

ეგვიპტე, ქ. ალექსანდრია, 2006 წელი _ ალექსანდრიის საპატრიარქოს შენობისა და საკათედრო ტაძრის კურთხევა;

პოლონეთი, ქ. ვარშავა, 2006 წელი _ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია და ვარშავის უნივერსიტეტი;

რუსეთი, ქ. ვორონეჟი 2006 წელი _ ივერიის ღვთისმშობლის ქართული ტაძრის საძირკველის კურთხევა.

რუსეთი, ქ. მოსკოვი, 2008 წელი _ შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან.

მოლოცვები: პალესტინა, ეგვიპტე, საბერძნეთი, იტალია, რუსეთი, პოლონეთი.

ეპარქიაში მოქმედი ტაძრები:

ქალაქი გორი:

ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი;

ხარების ტაძარი;

ყოვლადწმიდა სამების ტაძარი;

ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი;

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი;

კარალეთი:

წმიდა სამების ტაძარი;

წმიდა პირველმოწამე არქიდიაკონ სტეფანეს სახელობის ტაძარი;

ვარიანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;

ბურბუკის მთავარანგელოზის ტაძარი;

სკრის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია;

ზერტის ღვთისმშობლის შობის ტაძარი;

არბოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი;

გორიჯვრის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი;


ფხვენისი:

იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი;

წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი;

ყელქცეულის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი;

ხვითის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;

მეღვრეკისის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი;

ერგნეთის ღვთისმშობლის ტაძარი;

უფლისციხის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი;


არაშენდა:

ღვთისმშობლის ეკლესია;

მთავარანგელოზის ეკლესია;

ფლავის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი;

სამთავისის ამაღლების საკათედრო ტაძარი;

ქალაქი კასპი:

თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია;

წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია;


კავთისხევის წმიდა გიორგის სახელობის ორი ეკლესია;

ოკამის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი;

დოესის წმიდა სამების ტაძარი;

ახალქალაქის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;

მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;

გომის ნათლისმცემლის ტაძარი;

ერთწმინდის წმიდა ევსტატი პლაკიდას სახელობის ტაძარი;


ეპარქიის სასულიერო დასი:

დეკანოზი ნოდარი (ბერიაშვილი);

დეკანოზი ალექსანდრე (დარახველიძე);

დეკანოზი გიორგი (გაბლიშვილი);

დეკანოზი იოანე (ცხვირაშვილი);

დეკანოზი გედეონი (შალაშვილი);

დეკანოზი კირილე (ხულორდავა);

დეკანოზი გიორგი (სიდამონიძე);

დეკანოზი გიორგი (ხოჯავა);

დეკანოზი იოანე (კალატოზიშვილი);

მღვდელი იოანე (ცეცხლაძე);

მღვდელი იუბინალი (მარანელი);

მღვდელი კონსტანტინე (ბაბიაშვილი);

მღვდელი დავითი (კუჭავა);

მღვდელი ილია (ხომერიკი);

მღვდელი დავითი (კასრაძე);

მღვდელი ალექსანდრე (ქსოვრელი);

მღვდელი ანდრია (მიდოდაშვილი);

მღვდელი ღვთისო (სეხნიაშვილი);

მღვდელი ვახტანგი (ნიკოლაიშვილი);

მღვდელი თადეოზი (ქებაძე);

მღვდელი იაკობი (გეჯაძე);

მღვდელი პეტრე (ტიტვინიძე);

მღვდელი გიორგი (იასეშვილი);

მღვდელი თევდორე (სულუაშვილი);

დიაკვანი გიორგი (კარელიძე);

იღუმენი კოზმა (გუჯაბიძე);

იღუმენი დამიანე (ხუფენია);

იღუმენია ნინო (მაზანიშვილი).




ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზია

ეპარქიაში ამოქმედდა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ისტორიული გიმნაზია, რომელიც განთავსებულია გორის სასულიერო სასწავლებლის ყოფილ შენობაში. გიმნაზიაში ისწავლება სახელმწიფო ეროვნული გეგმით გათვალისწინებული საგნები, ასევე საღვთო სჯული და ძველი ქართული ენა.

1817 წლის ოქტომბერში გორის სასულიერო სასწავლებელში მოსწავლეთა მიღება დაიწყო, საზეიმო გახსნის ოფიციალური ცერემონიალი კი 1818 წლის 16 მაისს შედგა, რომელსაც იმდროინდელი გორის მაზრის მთელი თავადაზნაურობა და სამღვდელოება დაესწრო. პარაკლისის გადახდის შემდეგ სიტყვა წარმოთქვა სასწავლებლის ზედამხედველმა ნეშუმოვმა. სასწავლებლის მატერიალური უზრუნველყოფა მიტროპოლიტ თეოფილაქტეს განკარგულებით, რუისის არქიმანდრიტ ნიკიფორეს დაევალა, ხოლო სასწავლო პროგრამებით, სახელმძღვანელოებითა და ინსტრუქციებით იგი თბილისის სასულიერო სემინარიამ მოამარაგა. თავდაპირველად, მართლმადიდებლების გარდა, სასწავლებელში კათოლიკეები და გრიგორიანელებიც მიიღეს, სულ 48 მოსწავლე, რომელთა ასაკი 6-დან 17 წლამდე იყო. მკაცრი დისციპლინის მიუხედავად, მოსწავლეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა. 1865 წელს მათმა რაოდენობამ 110-ს მიაღწია. 1836 წელს სასწავლებელს სამისიონერო ხასიათი მიეცა., რის გამოც შეიცვალა სასწავლო გეგმები. ძირითად საგნებს, რუსულს და ქართულს, ოსურისა და თათრული ენის სწავლაც დაემატა. გარდა ამისა, სასწავლებელში ისწავლებოდა ძველი სლავური გრამატიკა, არითმეტიკა, საეკლესიო გალობა, კატეხიზმო, ბერძნული და ლათინური ენები. დიდი ყურადღება ექცეოდა თარგმნას ქართულიდან რუსულად და რუსულიდან ქართულად.

1867 წელს რუსეთის იმპერიაში განხორციელებული სასულიერო სასწავლებლების სტრუქტურული ცვლილებების გამო, შესაბამისი ცვლილებები მოხდა გორის სასულიერო სასწავლებელშიც, დაარსდა სასწავლებლის გამგეობა, რომელშიც შედიოდნენ: ზედამხედველი, ინსპექტორი, სამღვდელოების ორი და მასწავლებელთა ერთი წარმომადგენელი.

გორის სასულიერო სასწავლებელი არა მარტო საქართველოს, არამედ ამიერკავკასიის საუკეთესო სასწვლებლად იყო მიჩნეული. სამაზრო ქალაქებს შორის პირველი ბიბლიოთეკა სწორედ აქ, 1862 წელს გაიხსნა, რომელიც მე-19 საუკუნის 80-იან წლებში  ხანძარმა გაანადგურა. (გადარჩენილი ფონდი თბილისში, იმდროინდელ ი. გოგებაშვილის სახელობის სახალხო განათლების ბიბლიოთეკაში გადაიტანეს). სასწავლებელი განთქმული იყო მგალობელთა გუნდით, რომელიც 1879 წელს სიმონ კასრაძემ ჩამოაყალიბა, წარმატებული მუშაობის შედეგად გუნდმა რამდენიმე თვეში შეძლო კონცერტების გამართვა გორსა და გორის მაზრაში. შემდგომში გუნდს სათავეში ჩაუდგა ს. გოგლიჩიძე.

1879 წლიდან გორის სასულიერო სასწავლებლის ადმინისტრაციასა და გორის მმართველობას შორის მიმოწერა დაიწყო სასულიერო სასწავლებლისათვის ახალი შენობის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე. მალე მიწის ნაკვეთი სასწავლებელს უსასყიდლოდ გადასცა თავადმა ერისთავმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბაღთან ახლოს. არქიტექტორმა აბესალომოვმა მოამზადა შენობის გეგმა, დამტკიცდა მშენებლობის ხარჯთაღრიცხვაც 68 270 რუბლისა და 19 კაპიკის ოდენობით.

1886 წლის 11 ნოემბერს გორის სასულიერო სასწავლებლის გამგეობას ნება დაერთო ეწარმოებინა საამშენებლო სამუშაოები სასწავლებლის ასაგებად (მასში ეკლესიითა და კანკელით).

1888 წელს გორის სასულიერო სასწავლებელი ახლად აშენებულ ორსართულიან შენობაში გადავიდა, 1889 წლის 24 სექტემბერს (7 ოქტომბერი) კი მასში განთავსებული ტაძარი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელზე იკურთხა.

1888-1894 წლებში გორის სასულიერო სასწავლებლის გამგეობაში შედიოდნენ: საღვთო სჯულის მასწავლებელი _ დავით ივანეს ძე დათოშვილი (თავმჯდომარე), გიორგი საძაგლიშვილი (წმიდა კირიონ II) _ წმინდანთა ისტორიის მასწავლებელი, სოფრომ მგალობლიშვილი _ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, პავლე გიორგის ძე ბურჯანაძე _ მათემატიკის მასწავლებელი, ალექსანდრე დანიელის ძე იტალინსკი _ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და სხვ.

გორის სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებულნი:

1883 წელს წმიდა კირიონ მეორე, კიევის სასულიერო აკადემიაში განათლების მიღებისა და ოდესის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანაშემწედ მუშაობის შემდეგ, დაბრუნდა საქარ¬თველოში და მუშაობა დაიწყო გორის სასულიერო სასწავლებელში;

კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემი II (სიდამონიძე);

კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე);

იოსებ ჯუღაშვილი-სტალინი საბჭოთა იმპერიის ერთ-ერთი შემქმნელი;

იაკობ გოგებაშვილი _ პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი, საზოგადო მოღვაწე;

სოფრომ მგალობლიშვილი _ მწერალი, საზოგადო მოღვაწე. 1867 წელს დაასრულა გორის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო შემდგომ თავად ასწავლიდა ამ სასწავლებელში ქართულ ენასა და ლიტერატურას;

კონსტანტინე მამაცაშვილი _ საზოგადო მოღვაწე, მწერალი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. 1884 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში. იგი იყო თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ერთ-ერთი დამაარსებელი, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი საბჭოს წევრი, თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში _ "გუთნის დედა", "ივერია", "დროება", "მოამბე".

ია კარგარეთელი _ კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, მომღერალი, საზოგადო მოღვაწე;

ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე _ მღეროდა გორის სასულიერო სასწავლებელში არსებულ ს. გოგლიჩიძის გუნდში, ბოლო კლასებში ამ გუნდის ლოტბარი იყო. 1894 წლიდან ასწავლიდა გორის დაწყებით სკოლაში სიმღერას და იქვე დააარსა მომღერა¬ლთა გუნდი, რომელშიც ვანო სარაჯიშვილიც მღეროდა. ს. კავსაძემ გუნდები დააარსა თბილისში, ტყიბულსა და ჭიათურაში. 1935 წელს კი ჩამოაყალიბა თბილისში აღმოსავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

1905 წლის რევოლუციის ზეგავლენით გორის მაზრის მოსახლეობამ სასულიერო სასწავლებლის გაუქმება მოითხოვა. ამას მხარი დაუჭირა სასულიერო წოდების დაბალმა ფენამაც, მაგრამ ზემდგომი ინსტანციები არ დაეთანხმნენ და სასწავლებელმა გააგრძელა არსებობა.

1917 წელს, როცა დროებითამ მთავრობამ დადგენილება მიიღო ყველა სასწავლებლის განათლების სამინისტროს უწყებაში გადასვლის შესახებ, გორის სასულიერო სასწავლებელი დაიხურა.

XXI საუკუნის დასაწყისში, ყოფილი სასულიერო სასწავლებლის შენობა კვლავ ეკლესიას დაუბრუნდა. გაჩნდა იდეა, სასწავლებელს დაბრუნებოდა მისი თავდაპირველი დანიშნულება _ საგანმანათლებლო ფუნქცია. სამათავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოსის, ანდრიას კურთხევით, მომზადდა შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ხორცშესხმა შესაძლებელი გახდა კერძო შეწირულობით.

2006 წლის 30 ოქტომბერს ისტორიული სამართლიანობა აღდგა. გორში, სამეფო ქუჩაზე, 1917 წელს იძულებით გაუქმებული სასულიერო სასწავლებლის განახლებულ შენობაში ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია გაიხსნა. სასწავლებელში დაირეკა პირველი ზარი და დაწყებითი საფეხურიდან 80-მდე აღსაზრდელმა დაიწყო სწავლა.

2006 წლის 31 ოქტომბერს ახლადაღდგენილ ტაძარში ჩატარდა პირველი წირვა. ტაძარი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელზე იკურთხა.

გიმნაზიაში სწავლება გაგრძელდება საბაზო და საშუალო დონეზე. აღსაზრდელები სასკოლო საგნებთან ერთად შეისწავლიან:

ძველ ქართულ ენას, საღვთო სჯულს, მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიას, ხელოვნების ისტორიას, ქართულ ხალხურ სიმღერებს, საეკლესიო საგალობლებს.

ასევე ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ ხელგარჯილობის ოსტატობას, ხეზე კვეთასა და ხატწერის ტექნიკას, ქართულ ცეკვებს; ამავე დროს გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს და შეისწავლიან მათი გამოყენების მეთოდებს. გიმნაზიის განვითარება გულისხმობს არა მარტო სასწავლო პროცესის თანამედროვე დონეზე წარმართვასა და მოსწავლეთა მიერ ძველი ქართული ხელოვნების ოსტატობის დაუფლებას, არამედ მძლავრი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბებას. გიმნაზიაში განთავსდება ეპარქიის მუზეუმი. შეიქმნება წმიდა კირიონ II-ის საზოგადოება, რომელიც შეისწავლის სამთავისისა და გორის ეპარქიის ისტორიის უცნობ მოვლენებს, აქ მოღვაწე ცნობილ პიროვნებათა ღვთივსათნო საქმეებს, სამეცნიერო კვლევაში ჩააბამს ახალგაზრდობას, რათა წმიდა გიორგი მთაწმინდელის მადლით, მისი ღირსების დარად, სასწავლებელი იქცეს ქართული სულიერების, ხელოვნების, კულტურისა და განათლების საუკეთესო სამჭედლოდ.


მთავარეპისკოპოსი პეტრე (ცაავა)

მთავარეპისკოპოსი პეტრე, ერისკაცობაში პაატა რევაზის ძე ცაავა, დაიბადა 1970 წლის 7 აპრილს ქალაქ სენაკში.

1987 წელს დაამთავრა სენაკის VII საშუალო სკოლა; ხოლო _ 1992 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი.

1997-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში და ამავე დროს ცხოვრობდა და აღასრულებდა მორჩილებას საქარ¬თველოს საპატრიარქოში რეზიდენციაში.

2000 წლის ივლისიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მორჩილი პაატა (ცაავა) გაიგზავნა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში _ სულიერებისა და კულტურის ცენტრის დასაარსებლად. 2000 წლის 27 აგვისტოს ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბერად აღკვეცა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოს წმ. გიორგის სახელობის ტაძარში და უწოდა სახელი პეტრე, მისი მფარველია წმიდა პეტრე მოციქული; ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ იმავე წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, გერგეტის წმ. სამების სახელობის ტაძარში ბერ-დიაკვნად დაასხა ხელი.

2000 წლის 3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში ბერ-დიაკონ პეტრეს მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. მას დაევალა მღვდელმსახურება ყაზბეგის რაიონში, სნოს ხეობის სოფლებში. ამავე დროს მღვდელ-მონაზონი პეტრე განაგრძობს საქართველოს საპატრიარქოს სოფელ სნოს შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობას.

2002 წლის 16 ივლისს, გერგეტობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმონაზონი პეტრე დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და აღიყვანა იღუმენის ხარისხში.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით წილკნის ეპარქიას გამოეყო ყაზბეგის რაიონი და ახალი საეკლესიო ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით მას სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია ეწოდა. ამ ეპარქიის ეპისკოპოსად წმინდა სინოდმა გამოარჩია იღუმენი პეტრე (ცაავა).

19 ოქტომბერს, სიონის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად წარდგინებისას იღუმენმა პეტრე ბრძანა:
"თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმებო და დებო.

წმიდა ფსალმუნთმგალობელი და წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა". მართლაც, საოცარია და უსაზღვრო განგება ღვთისა. ჭეშმარიტად, ამ განგებით, თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, გამორჩეული ვიქმენი ეპისკოპოსად ღვთივდაცულისა სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიის სამწყსოსი.

ვმადლობ ყოვლადმოწყალე ღმერთს, რომელმაც მომიწოდა ესოდენ დიდი მსახურებისათვის. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და საპატიო ჯვარი, რომელსაც მაკისრებს მაღალი ღმერთი.

მუხლს ვიყრი საქართველოს ეკლესიისა და ახლადშექმნილი ეპარქიის მრევლის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და გონება.

უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რითაც ბეთლემის გამოქვაბული თუ გერგეტის წმიდა სამება იქნა აშენებული ამ კუთხის ღირსეულ წინაპართა მიერ. ისინი ხომ ყოველთვის გამოირჩეოდნენ სარწმუნოებრივი შემართებით... ვახუშტი ბაგრატიონი მოიხსენიებს მათ, როგორც `კაცნი მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი და ჰაეროვანნი".

მოხევენი საგანგებოდ აშენებდნენ ეკლესია-მონასტრებს ისეთ მიუვალ ადგილებში, სადაც მისვლაც კი აღმსარებლობას უტოლდებოდა.

დღესაც, ჩვენს მეტად მძიმე და აპოკალიფსურ დროში, განსაკუთრებულია მისია მთისა და საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრისა.

მე მხოლოდ ის დამრჩენია, მახსოვდეს წმიდა პავლე მოციქულის სიტყვები: "კაცად _ კაცადმან თავისი ტვირთი იტვირთოს" და, აგრეთვე: "ჯერ არს ეპისკოპო¬სისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე, სწავლულ".

წმიდა წერილში უფალი თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად მოციქულისაგან ითხოვს: "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი". ე.ი. არა _ შენნი, არამედ _ "ჩემნი"... თქვენია სამწყსო ხევისაც და სრულიად საქართველოსი, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ.

მაცხოვარი ეუბნება მოციქულს: "რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ხელნი შენნი და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს".

ძრწოლა მიპყრობს, როდესაც გონების თვალით ვჭვრეტ ჩემს ტვირთს ღვთის წინაშე, რომელიც უხილავად აქ მყოფს.

ვიღებ ამ ხარისხს, როგორც ღვთის ნებას თქვენი გონიერი გულით გაცხადებულს, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ. მივიღებ ისევ ღვთისადმი და თქვენი ლოცვებისადმი სასოებით, თქვენი მამამთავრული შემწეობის იმედით.

გმადლობთ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, გმადლობთ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ჩემი ეპისკოპოსად გამორჩევისა და ეგზომ დიდი ნდობისათვის.

ლოცვა ჰყავთ ჩემთვის, რათა შევძლო კეთილად აღვასრულო ნება უფლისა _ სადიდებელად ღვთისა და სასიკეთოდ ჩვენი დედა ეკლესიისა." (68, 2002, 10).

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიულოცა მეუფე პეტრეს ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება და სტეფანწმინდისა და ხევის მღვდელმთავრად დაადგინა. კურთხევის შემდეგ საქართველოს პატრიარქმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსს ამ სიტყვებით მიმართა და ბრძანა:

"თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, სტეფანწმიდისა და ხევის ეპისკოპოსო პეტრე!

აღსრულდა განგება ღვთისა და დღეს მადლი სულისა წმიდისა _ "უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი~ _ გარდამოვიდა შენ ზედა და გეწოდა ეპისკოპოსი სტეფანწმიდისა და ხევისა. ეს არის ისტორიული მოვლენა იმიტომ, რომ ხევი და დარიალის ხეობა არის საქართველოს კარიბჭე, რომელსაც ქართველი ხალხი თავისი რწმენით, შემართებითა და ვაჟკაცობით მუდამ იცავდა. არაერთი შემთხვევა ყოფილა ჩვენს ისტორიაში, როდესაც მტერი ცდილობდა სწორედ დარიალის კარიბჭიდან შემოსულიყო საქართველოში. და აი, დღეს, განგებითა ღვთისათა, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა ხევსა და სტეფანწმიდას თავისი ეპისკოპოსი ჰყავს.

დიდია პატივი, რომელიც მიიღე ღვთისაგან, მაგრამ, ამაზე დიდია ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაგეკისრა. შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ სულიერად ამაღლდეს ხალხი, განმტკიცდეს მართლმადიდებელი სარწმუნოება, ამოქმედდეს ეპარქიის ყველა ტაძარი და მონასტერი. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ გამრავლდეს და განმტკიცდეს მოსახლეობა ამ ისტორიულ კუთხეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენზე მეტად ჩვენი წინაპრები ხარობენ იმიტომ, რომ ორიათასი წლის მანძილზე ელოდნენ ამ ბედნიერ დღეს. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვმადლობთ უფალს, რომ ღვთის წყალობამ ამ უძველესი კუთხის ეპისკოპოსად შენი დადგინება ინება. თუ პიროვნების შინაგანი ცხოვრება სწორად ვითარდება, როცა ადამიანს დიდება ეძლევა, პარალელურად იმაზე მეტი თავდაბლობა უნდა მიეცეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ, უწინდელივით, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, ქველმოქმედებისა და სიკეთის მაგალითი იქნები. შენ ყველაფერს გააკეთებ, რომ მოსახლეობა გამრავლდეს ამ კუთხეში იმიტომ, რომ ეს სჭირდება არა მარტო ხევს, არამედ მთელ საქართველოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მხარში ამოგიდგება სამღვდელოება, რომელიც იქ ერთგულად მსახურობს. ხელისუფლება და მთელი მოსახლეობა, რომელსაც ძალიან უყვარხარ და პატივს გცემს იმ იმედით, რომ ღმერთი მუდამ თქვენი მფარველი იქნება. მიიღეთ ეს კვერთხი მღვდელმთავრისა, როგორც სიმბოლო ძალისა და უფლებისა, ამავე დროს, ღვთის შეწევნისა. დალოცეთ თქვენი სამწყსო, აქ მდგომარენი და სრულიად საქართველო, რათა მოვიდეს ჩვენ ზედა მადლი სულისა წმიდისა, ამინ.

ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ და ბედნიერ დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ ყაზბეგის მოსახლეობას, უპირველესად კი მათ, ვინც ჩამოვიდა ამ ბედნიერ დღეს, რათა ჩვენთან ერთად აღევლინათ ლოცვა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! ღმერთმა თქვენთან ერთად დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!" (68, 2002, 10).

2002 წლის 27 ოქტომბერს სტეფანწმიდისა და ხევის ეპისკოპოსმა პეტრემ პირველი სამღვდელმთავრო წირვა აღავლინა დაბა ყაზბეგის (დღევანდელი სტეფანწმინდის) საკათედრო ტაძარში. ამ დროიდან იწყებს იგი სამღვდელმთავრო მოღვაწეობას. ოთხი წლის განმავლობაში სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში დაარსდა რამდენიმე მამათა და დედათა მონასტერი, შესრულდა ძირითადი აღდგენითი და განახლებითი სამუშაოები ყოვლადწმიდა სამების გერგეტის ტაძარში და აქ მამათა მონასტერი დაარსდა, გამრავლდა ბერმონაზონთა და ღვთისმსახურთა რიცხვი. აშენდა რამდენიმე ტაძარი, საფუძველი ჩაეყარა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობას. ეპარქიის დაარსების პირველივე თვეს გამოვიდა საეპარქიო გაზეთი "მადლიანი სტეფანწმინდა", რომელშიც დაწვრილებით აისახა ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები.

2006 წლის 23 დეკემბერს, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსი პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინდა, 2007 წლის 5 იანვარს იგი ჭყონდიდის ეპარქიაში წარადგინეს; მეუფე პეტრეს ჩასვლამდე ეპარქიაში მოქმედი იყო 20 ეკლესია-მონასტერი, მისი ღვაწლით აშენდა და ამოქმედდა 27 ეკლესია-მონასტერი.

2007 წლის 23 იანვარს წმ. სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. 2007 წლის 25 დეკემბერს მეუფე პეტრე დაჯილდოვდა წმ. გიორგის ორდენით.

ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრეს მოღვაწეობას უკავშირდება 2007 წლიდან მარტვილის სამონასტრო კომპლექსის აღორძინება. სამღვდელმთავრო რეზიდენციის აშენება, მიმდებარე ტერიტორიებზე წმ. ანდრია მოციქულის მამათა და წმ. ნინოს დედათა მონასტრების დაარსება. ეპარქიაში სამღვდელოებისა და ბერ-მონაზვნების გამრავლება, რამდენიმე დედათა და მამთა მონასტრის დაარსება. ეპარქიის რაიონებსა და სოფლებში არსებული ტაძრების აღდგენა და ახალი ეკლესიების მშენებლობის დაწყება. აბაშის რაიონულ ცენტრში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა. სალხინოს დადიანისეული საზაფხულო რეზიდენციის აღდგენის დაწყება და მასში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის დაარსება. ისტორიული მარნის აღდგენა, ოჯალეშის ჯიშის ვენახების ხელახალი გაშენება და მეღვინეობის განვითარება. ასევე სოფელ სალხინოში ოჯახის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონის დაარსება.

2007 წლიდან განსაკუთრებულად იდღესასწაულება წმ. გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე "ჭყონდიდობა". ასევე დაწესდა სულთმოფენობის მეორე დღის _ ორშაბათის, ანუ მარტვილიის _ მატვილობის დღესასწაულის განსაკუთრებული ზეიმით აღნიშვნა.

2008 წლის 23 ნოემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე ხელმძღვანელობს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია "ერთსულოვნებას."


მთავარეპისკოპოსი შიო (მუჯირი)

ეპისკოპოსი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე მან გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე (გავიდა პირველ ადგილზე). 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ _ ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად. 2003 წლის 6 სექტემბერს იღუმენმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში ასე დაიწყო თავისი გამოსვლა:

"თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს მამათმთავარო და მოწყალეო მამაო,

მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, პატიოსანნო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო!

უფლის ნებით და თქვენი წარდგინებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განაჩინა ჩემი დადგინება სენაკისა და ჩხოროწყუს ღვთივდაცული ეპარქიის ეპისკოპოსად.

პირველ რიგში, ალბათ მადლიერების და სიხარულის გრძნობას უნდა გამოვხატავდე თქვენს წინაშე, მაგრამ მინდა ვაღიარო, რომ ამ დღეებში უფრო მეტად ვფიქრობ საკუთარი ადამიანური სისუსტისა და უღირსების შესახებ.

წმიდა წერილიდან და ეკლესიის სწავლებიდან ცნობილია, თუ რამდენად მაღალია ამ მსახურების მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა. მღვდელმთავარი არის სამოციქულო მსახურების გამგრძელებელი და პასუხს აგებს ღმერთის წინაშე თავისი ეპარქიის, მრევლისა და სამღვდელოების სულიერ მდგომარეობაზე. იგი მოწოდებულია იყოს მაგალითი სიტყვის, აზროვნების, სიყვარულის, თავმდაბლობის, რწმენის, თავგანწირვის, სიწმიდის, ლოცვის, მსახურებისა და სხვა ყოველგვარი სათნოების, ამასთან ერთად, იგი კარგად უნდა ერკვეოდეს თანამედროვე ცხოვრების საკითხებში და შეეძლოს პასუხის გაცემა ზოგიერთ ისეთ შეკითხვაზე, რომელიც არ იდგა წარსულში მოღვაწე სამღვდელოების წინაშე. ამასთან დაკავშირებით მოვიყვან წმიდა იოანე ოქროპირის შემდეგ სიტყვებს: "მღვდელმთავარი, რომელიც შეიქმნება ღირსი ასეთი დიდებული მსახურებისა, მხოლოდ წმიდა კი არა, ფრიად კეთილგონიერი და ბევრ რამეში გამოცდილი უნდა იყოს. ერისკაცზე ნაკლებად როდი უნდა იცოდეს საერო ამბები, ამასთან, მთაში მცხოვრებ მონაზონზე უფრო მეტად უნდა იყოს თავისუფალი ყველაფრისაგან და რადგანაც საეკლესიოსთან ერთად საზოგადო საქმეებსაც განაგებს, ამდენად მრავალმხრივი კაციც უნდა იყოს", _ ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი. მაგრამ მთავარი შეკითხვა, რომელიც თავის თავში ყველა სხვა კითხვას მოიცავს, არის უფლის შეკითხვა პეტრე მოციქულისადმი: "სიმონ იონასო, გიყვარ-მეა?" (ინ. 21,17). და ალბათ, მღვდელმთავრის მოღვაწეობაც უნდა იყოს ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხის მუდმივი გამოვლინება.

იმის გამო, რომ ეს ყველაფერი კარგად მაქვს შეგნებული, უფრო მძაფრი ხდება საკუთარი უძლურების და მოუმზადებლობის შეგრძნება. დღეს, როგორც არასდროს, განვიცდი, თუ რამდენად შეუფერებელი შეიძლება აღმოვჩნდე ამ დიდი საქმისათვის, რომ არა ღვთის შემწეობა და თქვენი ლოცვა-კურთხევა და მხარდაჭერა. ამასთან ერთად ვშიშობ, რომ ჩემი პირადი განცდების მიზეზით არ დავუპირისპირდე უფლის წმიდა ნებას და ამიტომ მთლიანად ვენდობი თქვენს სულიერ ხედვასა და დიდ გამოცდილებას.

ჩემს სანუგეშოდ ხშირად ვიხსენებ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს პავლე მოციქულის ეპისტოლედან, სადაც უფალი ამბობს, რომ მისი ძალა უძლურებაში აღსრულდება. დიდად მანუგეშებს¬ აგრეთვე, თქვენო უწმიდესობავ, თქვენს მიერ წმიდა სინოდის კრების შემდეგ წარმოთქმული მილოცვის სიტყვები, სადაც თქვენ ბრძანეთ, რომ მღვდელმთავრის გამორჩევა შეიძლება მოხდეს მხო¬ლოდ ღვთის ნებითა და ლოცვა-კურთხევით. ამის გარდა სულიე¬რად მამხნევებს დიდი მამების ცნობილი გამონათქვამი იმის შესახებ, რომ ადამიანი თვითონ არ უნდა ცდილობდეს უფრო მძიმე ჯვრის აღებას, მაგრამ არც უარს უნდა ამბობდეს, თუ ამას ეკლესიის საჭიროებიდან გამომდინარე შესთავაზებენ და აკურთხებენ.

ამიტომ, ვხედავ რა წმიდა სინოდის დადგენილებაში ღვთის ნებას, უდიდესი მადლიერების გრძნობით და მორჩილებით ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და ვითხოვ შენდობას ჩემი უღირსების გამო.

ჩემთვის ამ ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში მინდა დიდება და მადლობა შევწირო უფალსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს იმ დიდი წყალობის და სიყვარულის გამო, რომლის შეგრძნებაც მანიჭებს ძალას, ნუგეშსა და ყველაზე დიდ სიხარულს ჩემს ცხოვრებაში.

მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ, თქვენო უწმიდესობავ, იმ დიდი პატივისათვის, რომელსაც დღეს მანიჭებთ. მადლობას გიხდით თქვენი მოღვაწეობისათვის, რომელიც ჩემთვის მაღალი მსახურების დიდი მაგალითია და თვალწინ მიდგას და მაძლიერებს მთელი ამ წლების განმავლობაში. მადლობას გიხდით, როგორც სულიერ მამას, რამეთუ ჩემი საეკლესიო მსახურების ყველაზე რთულ მონაკვეთში ყოველთვის ვგრძნობდი თქვენგან მამობრივ სიყვარულსა და მფარველობას. თქვენი რჩევების და ლოცვა-კურთხევის შესრულება მაძლევდა საშუალებას ღირსეულად გადამეტანა მრავალი სირთულე, რაც შემხვედრია მსახურების განმავლობაში.

ჩემთვის უდიდესი პატივია ისიც, რომ წილად მარგუნეთ მსახურება სწორედ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში, რომლის მოსახლეობაც ცნობილია თავისი მაღალი განვითარებითა და სარწმინოებისადმი ერთგულებით, და სადაც ინახება ისეთი დიდი სიწმიდეები, როგორიცაა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხელის ნაწილი და წმიდა ბერის _ ალექსი შუშანიას ნეშთი, რომელთა ლოცვას მინდა შევავედრო ჩემი მომავალი მსახურება და ეპარქიის მთელი მოსახლეობა.

მადლობას მოგახსენებთ თქვენ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო ჩემდამი გამოხატული ნდობისათვის და იმ თბილი და კეთილი დამოკიდებულებისათვის, რომელიც ყოველთვის მეხმარებოდა და მიადვილებდა სამღვდელო მსახურებას.

მადლობა მინდა ვუთხრა და შეწევნა ვთხოვო სამღვდელო და სამონაზვნო დასის წარმომადგენლებს, რომლებთანაც ურთიერთობა მქონია მონასტერში თუ ქალაქში და რომელთა კეთილი რჩევები და მეგობრული თანადგომა ყოველთვის მემახსოვრება.

დიდი სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით მინდა მოვიხსენო აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან, როგორც სულიერ მოძღვართან მოდიოდნენ და ვთხოვო მათ შენდობა და ლოცვებში მოხსენიება.

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, დღეს თქვენს წინაშე წარდგომილი ამ წმიდა ტაძარში კიდევ ერთხელ ვითხოვ თქვენგან შენდობასა და მეოხებას ამ დიდი და წმიდა მსახურებისათვის. გევედრებით გააძლიეროთ თქვენი წმიდა ლოცვები და თქვენი ყოვლადპატიოსანი ხელდასხმის მეშვეობით გარდამოავლინოთ მადლი სულისა წმიდისა ჩემი უღირსების განსაწმედელად და ახალ მსახურებაში გასაძლიერებლად, სადიდებლად უფლისა და მართლმადიდებელი ეკლესიისა, ამინ!" (68, 2003, 9).

7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდე¬სმა და უნეტარესმა ილია II-მ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით. წირვის ბოლოს უწმიდესმა და უნეტარესმა სიტყვით მიმართა მეუფე შიოს:

"თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე შიო,
ეპისკოპოსო სენაკისა და ჩხოროწყუსა,
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ძმანო და დანო,

ჩვენთან არს ღმერთი!

მართლაც დიდია უფალი და საკვირველია მისი საქმენი. წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: "დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი: და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა". ღვთის განგება მიუწვდომელია. ჩვენ უბრალოდ უნდა ვეცადოთ, აღვასრულოთ ნება ღვთისა და გვახსოვდეს, რომ უფალი მეფობს, მეფობს ცასა და ქვეყანასა ზედა, მეფობს ჩვენს გულსა და გონებაში.

დღეს აღსრულდა ნება ღვთისა, _ შესრულდა წმიდა სინოდის განჩინება. ჩემი აზრით, ეს განჩინება რუის-ურბნისის კრებაზე მიღებულ დოკუმენტს არ ჩამოუვარდება.

მოგეხსენებათ, ურბნისის ტაძარში, წმიდა სინოდის ისტორიულ კრებაზე, ხუთი ახალი საეპისკოპოსო კანდიდატი დასახელდა. დღეს შესრულდა მეხუთე ეპისკოპოსის _ სენაკისა და ჩხოროწყუს მღვდელმთავრის კურთხევა. მეუფე შიო, ეს არის დიდი მადლი და წყალობა ღვთისა, როდესაც უფალი ადამიანს დიდ მადლს ანიჭებს, მასში თავმდაბლობა და მორჩილება უნდა გამრავლდეს. თუკი ეს არ მოხდა, მაშინ ღვთის მადლი, ადამიანის ამპარტავნებისა გამო, კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს და შესაძლოა, ადამიანი დაიღუპოს კიდეც. ერთადერთი გზა გადარჩენისა, _ ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რწმენა, სიყვარული და მორჩილება; ეს არის უფლის მიერ დასახული გზა. სწორედ ამ გზით უნდა იარო, მეუფეო, დღეიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე, მხოლოდ იგი მიგიყვანს სასუფეველში.

არ არის შემთხვევითი, შენ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსად რომ გაკურთხეთ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თვითონ ქალაქის სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ იქ დიდი ადამიანები მოღვაწეობდნენ. ეს იყო სენაკი მრავალი სასულიერო პირისა. თუნდაც, გავიხსენოთ ბოლო პერიოდის დიდი მოღვაწენი, რომელთაც მთელი საქართველო ასახელეს. დღეს მათ წმიდა სახელებს მთელი მართლმადიდებლური სამყარო იცნობს.

სენაკში მოღვაწეობდნენ წმიდა მამა ალექსი შუშანია, მონაზვნები _ ფავსტო და ეფსიმე, მამა კონსტანტინე ქვარაია, ჩემი დიდი მოძღვარი _ მამა შიო ძიძავა და მრავალი სხვა. ასე რომ, მეუფე შიო, შენ მადლმოსილ ისტორიულ ეპარქიაში მიდიხარ და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ამ ეპარქიაში არსებული მადლი კიდევ უფრო გაამრავლო და გააძლიერო. ძალიან კარგად ვიცნობ სენაკელებს, არაერთხელ მქონია მათთან შეხვედრა და ვიცი, რომ მთელი მოსახლეობა დიდი სიყვარულით დაგხვდება, უკვე ის ფაქტი, რომ დღეს სენაკელები საგანგებოდ ჩამოვიდნენ თავიანთი ეპარქიის მღვდელმთავრის კურთხევაზე, მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ მოსიყვარულე მრევლი გეყოლებათ. მაგრამ, ამასთან, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ მღვდელმთავრის წოდება მოწამეობრივია; ეპისკოპოსი მუდამ განსაცდელის წინაშე დგას. იგი პასუხისმგებელია უფლის წინაშე არა მარტო საკუთარ სულზე, არამედ სამღვდელოებასა და მთელ მრევლზე. ამიტომ უნდა გაძლიერდე ლოცვით, მარხვით, მოღვაწეობითა და, რაც მთავარია, თავმდაბლობითა და მორჩილებით. შენ გელის მშვიდობა და სიხარული. ახლა კი მიიღე კვერთხი, რომელიც არის სიმბოლო მღვდელმთავრის მადლისა და დალოცე სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია და სრულიად საქართველო.

როგორც მოგახსენეთ, სენაკი, მისი მიმდებარე სოფლები და მთელი ეპარქია მადლმოსილი კუთხეა საქართველოსი. ბოლო წლებში ამ ეპარქიაში დიდი ღვაწლი გასწია მეუფე გრიგოლმა, რომელიც იქ მოღვწეობდა. ახლა იგი ფოთისა და ხობის ეპისკოპოსია. მინდა სენაკელების სახელით, წმიდა სინოდისა და მთელი მრევლის სახელით მადლობა გადავუხადო მას ამ დიდი მოღვაწეობისთვის და გახაროთ, რომ იგი აღყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მთავარეპისკოპოსი გრიგოლი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდი მადლის მონიჭებას, რომელიც უფალმა ჩვენზე მოიღო. მშვიდობა, წყალობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან და მთელ საქართველოში. ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!" (68, 2003, 9).

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.


მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე)

მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი, ერისკაცობაში გოჩა ბენიამინის ძე ტაბატაძე, დაიბადა 1964 წლის 30 იანვარს საჩხერის რაიონ სოფელ ზემო ბერეთისაში. 1971-1976 წლებში სწავლობდა იმავე სოფლის სკოლაში. 1976 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა მცხეთის რაიონის სო¬ფელ საგურამოში. გოჩა ტა-ბატაძემ სწავლა განაგრძო საგურამოს საშუალო სკოლაში. სკოლაში სწავლის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სპორტულ შეჯიბრებში, ჰქონდა წარმატებები. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან არსებულ N79-ე ერთწლიან ტექნიკურ სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, 1982-1984 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საგურამოს სასათბურე მეურნეობის მშენებელ მუშად, დაბა ზაჰეში ელექტროზეინკლად. 1987 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1992 წელს. მონაწილეობდა სამაჩაბლოს სამშვიდობო ოპერაციაში. შემდეგ, როგორც თვითონ აღნიშნავს, "განსაცდელებმა მიმიყვანეს ღვთის აღიარებამდე". მისი პირველი მოძღვარი იყო ზედაზნის მონასტრის ბერ-მონაზონი მამა ბასილი (მაჩიტაძე).

30 წლის ასაკში, 1994 წლის 30 იანვარს, პირველად ეზიარა წმიდა საიდუმლოს და გადაწყვიტა ზედაზნის მონასტერში დარჩენა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ზედაზნის მონასტრის მოძღვარი და საძმო გადაყვანილ იქნა მცხეთის ჯვრის მონასტერში. ეს იყო 1994 წლის დიდი მარხვის პერიოდი. იმავე წლის შობის მარხვაში მორჩილი გოჩა ტაბატაძე აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად იეგუდიელი. 1995 წლის 29 იანვარ უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხა ბერ-დიაკვნად, იმავე წელს, ლაზარეს, შაბათს მისმა უწმიდესობამ ხელი დაასხა მღვდელ-მონაზვნად. პირველი სამღვდელო მსახურება შეასრულა ქვათახევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში. შვიდი თვის შემდეგ უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა ყაზბეგის რაიონის სოფელ აჩხოტის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერში. 2000 წლის 16 ივლისს გერგეტის წმ. სამების სახელობის ტაძარში სიყვარულის დღესასწაულზე მისმა უწმიდესობამ ილია II-მ აიყვანა იღუმენის ხარისხში, ხოლო ორი წლის შემდეგ, 2002 წლის 16 ივლისს, აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 2003 წლის 18 აგვისტოს წმიდა სინოდის სხდომაზე, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიაში შედგა, გამოარჩია საეპისკოპოსო კანდიდატად. იმავე წლის 2 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის წევრებთან ერთად ხელი დაასხა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსად.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღნიშნა: "განგება ღვთისა მუდამ იყო, არის და იქნება ყოველ ადამიანსა ზედა. ამ განგებამ მოგვიყვანა ჩვენ დღეს აქ, ამ წმიდა ტაძარში, რათა შესრულებულიყო ეს ისტორიული კურთხევა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსისა. მე ამ კურთხევას ისტორიულს იმიტომ ვუწოდებ, რომ ამ 2000 წლის მანძილზე ჯერ არ ყოფილა, რომ თიანეთსა და ფშავ-ხევსურეთს ცალკე ეპისკოპოსი ჰყოლოდა. უფალმა ალბათ ჩვენი წინაპრების ლოცვით მოიღო წყალობა და გვიკურთხა დღეს ახალი ეპისკოპოსი. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, ბიბლიაში წერია: "უფალი მეფობს" _ უფალი განაგებს, უფალი აკურთხებს, უფალი აღამაღლებს და უფალი დაამდაბლებს". როცა მამა იეგუდიელი მოღვაწეობდა ყაზბეგის რაიონში, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ დადგებოდა დრო, როცა იგი ეპისკოპოსად იკურთხებოდა სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში. მაგრამ უფალი აღამაღლებს თავის რჩეულს, და მე ვიტყოდი, რომ ეს მადლი, წმიდაო მეუფეო, თქვენზე თქვენი თავმდაბალი მოღვაწეობითა და ლოცვით გადმოვიდა. უფალმა დაინახა თქვენი სულიერება, არ არის შემთხვევითი, რომ თქვენ ბერობაში იეგუდიელი, ერთ-ერთი მთავარანგელოზის სახელი გეწოდათ, ესეც იმაზე მიგვანიშნებს, რომ თქვენ მაღალი მისია უნდა გეტვირთათ და ასეც მოხდა. არც ისაა შემთხვევითი, რომ დღეს არის ხსენება წმიდისა წინასწარ¬მეტყველისა სამუელისა: იმ წინასწარმეტყველისა, რომელსაც არაერთხელ ესმა ხმა მამაზეციერისა და რომელიც იყო მაკურთხეველი ორი მეფისა _ საულისა და დავით წინასწარ-მეტყველისა. და აი, ამ წმიდა დიდი წინასწარმეტყველის ხსენების დღეს მოხდა თქვენი კურთხევა. არც ისაა შემთხვევითი, რომ დღეს არის დიდგორობა _ ხსენება წმიდისა დიდისა მეფისა დავით აღმაშენებლისა და მხედართმთავართა და მხედართა დიდგორის ბრძოლაში მონაწილეთა. დიდებულია დიდგორის გამარჯვება. მტერი ზოგიერთი ცნობით 450 ათასს, ზოგიერთი ცნობით კი _ 600 ათასს შეადგენდა, ხოლო დავით აღმაშენებლის ჯარში კი სულ 60 ათასი მეომარი იყო, ე.ი. თითოეულ ქართველზე 10 მოწინააღმდეგე მოდიოდა. მაგრამ წმიდა დავით აღმაშენებლის დიდმა რწმენამ, გონიერებამ და სულიერებამ სასწაული მოახდინა და მისმა ლაშქარმა მოიპოვა საოცარი გამარჯვება.

დღესაც ამისაკენ მოუწოდებს უფალი საქართველოს არ უნდა შედრკეს წინააღმდეგობების წინაშე ჩვენი ქვეყანა. თქვენ იცით როგორ ურთულეს დროში გვიწევს ცხოვრება. მრავალი შინაური თუ გარეშე მტერი ემუქრება ჩვენ მამულს, მაგრამ საქართველო ღვთის ძალით უძლეველია, ვერავინ შეძლებს დაიმონოს იგი, მაგრამ ამისათვის საჭიროა ქართველ ერს ჰქონდეს რწმენა, სასოება, სიყვარული, თავმდაბლობა და მორჩილება. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, უპირველეს ყოვლისა კი, ვულოცავ მეუფე იეგუდიელს. მინდა გითხრათ მეუფეო, რომ თიანეთსა და ფშავ-ხევსურეთში მოსიყვარულე და მორწმუნე ხალხი დაგხვდებათ და როგორც შეაყვარეთ თავი ყაზბეგის რაიონის მცხოვრებთ, ასევე უნდა შეაყვაროთ ამათ თავი თქვენი დიდი სულიერებითა და მოღვაწეობით. გფარავდეთ უფალი და მთავარანგელოზი იეგუდიელი. ახლა კი მიიღეთ ეს კვერთხი-სიმბოლო მღვდელმთავრისა და დალოცეთ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია." (68, 2003, 9).

არქიმანდრიტმა იეგუდიელმა ეპისკოპოსად წარდგინებისას ამ სიტყვებით მიმართა უწ¬მიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს:

"თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამანო და ძმანო, დედანო და დანო, ყოველნო მსმენელნო და აქა მდგომარენო!

დიდება ყოვლადწმიდა სამებას!

მადლობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ ამ წმიდა ტაძარში, სადაც საუკუნეების განმავლობაში უდიდეს სიწმიდეებს მივეახლებით და ვეზიარებით, სადაც ლოცვა-ვედრებას აღავლენდნენ საქართველოს ეკლესიის იერარქები და ერის ღირსეული შვილები, მეძლევა საშუალება, წარმოვთქვა სიტყვა ჩვენი მამამთავრის, მღვდელმთავართა და ხალხის წინაშე.

ბუნებრივია, მიპყრობს მღელვარება და შევთხოვ მაღალ ღმერთს, მომცეს ძალი და სიბრძნე იმისა, რომ სათქმელი სწორად წარმოვთქვა.

მინდა დავიწყო იმით, რომ საღმრთო წერილი, რომელიც ავალებს მღვდელმთავარს, იყოს ვითარცა ღვთის მონა, უბიწო, არა თავხედ, არა გულმწყრალ, არამედ სხვადასხვა სათნოებით სავსე. ამავე დროს, მაგალითის მიმცემი თავისი სამწყსოსი, მართალი გითხრათ, ბევრ რამეზე მაფიქრებს და მაშინებს. პეტრე მოციქულიც მასვე მახსენებს: "იღუწიდ ნუ იძულებით, არამედ ნებსით. ნუცა საძაგლი¬სა შეძინებით, არამედ გულსმოდგინეთ, ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ¬ მნეთა მათ, არამედ სახე ექმენით სამწყსოსა მას" (1 პეტრე 5, 2-3).

ღვთისმსახურის უპირველესი მოვალეობაა, იყოს ზნეობრივი ხელმძღვანელი და აღმზრდელი თავისი სამწყსოსი, აგრეთვე მის პირდაპირ მოციქულები და მამები გვამცნობენ დაუცხრომელად ეზრუნათ სამწყსოსათვის, განემტკიცებინათ მისი ზნეობრივი სრულყოფა და მოემზადებინათ იგი ღვთის სასუფევლისათვის.

დამეთანხმებით იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც თვითონ იმყოფება სულიერ შეჭირვებაში, დაეხმაროს და ხელი გაუწოდოს და ჭეშმარიტების გზაზე მიიყვანოს ის მცირედთაგანნიც კი და აზიაროს ჭეშმარიტებას და არა კერპთმსახურებას ან სხვადასხვა მისტიკური სიამოვნებისაკენ მიმავალი გზიდან მოაბრუნოს (რომელზეც ყველგან ეშმაკის ხელნაწერია დატოვებული), პირველ რიგში, ღვთის დიდ წყალობასა და შრომას საჭიროებს.

მივუბრუნდები ისევ სახარებას და წავიკითხავ: "რომელსა უნებს შემოდგომად ჩემსა მოსვლაი, უარ-ყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე". საკუთარი თავის უარყოფა პირველი პირობაა უფალთან მიახლოებისა და ამავე დროს, მოკვდინება საკუთარ თავში ამპარტავნებისა.

ვზიდო ჯვარი _ ეს ის ეკლიანი გზაა, რომელიც სავსეა სხვადასხვა განსაცდელებით და შეჭირვებებით. ქრისტესთან შედგომა კი განუწყვეტელი მსვლელობაა ჭეშმარიტების გზაზე, რომელიც ტვირთის ბოლომდე მიტანით მთავრდება და გვირგვინდება. ამიტომ თვითრჯულობაში რომ არ ჩავარდე და თვითნაკეთი ჯვრის ზიდვა არ დავიწყო, მივენდობი თქვენს განჩინებას, თქვენო უწმიდესობავ, ყოვლადუსამღვდელონო მეუფენო, შევეცდები, თქვენი ლოცვითა და კურთხევით ვზიდო ის ჯვარი, რომელიც მე მომანდეთ.

წმიდა მამები გვასწავლიან, უმადურება ყველაზე შავბნელი მანკიერება არისო, და მეც არ შეიძლება, მადლიერება არ გამოვხატო შემოქმედის მიმართ, რომელმაც იმ ბნელი ცხოვრებიდან გამომიყვანა, რომელიც სასოწარკვეთილებისაკენ მიმაქანებდა და უაზრობაში თავს მაკარგვინებდა. არ შეიძლება მადლობით არ მივიღო მისგან ტალანტი და სარგებლით არ დავაბრუნო. მადლიერება არ გამოვთქვა თქვენს მიმართ, თქვენს მიმართ, რომელიც დაუღალავად ემსახურებით ჩვენს დედა ეკლესიას, ჩვენს ცოდვებს ტვირთულობთ, უფალთან მიგაქვთ და გვშუამდგომლობთ. მადლიერება არ გამოვთქვა, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მოძღვარნო და მამანო, იმ სულიერი თანადგომისათვის, იმ თბილი დამოკიდებულებისა და რჩევებისათვის, რასაც ჩემს მიმართ იჩენდით.

ნება მომეცით, შევევედრო უფალს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, წმიდა მოციქულებს, წმიდა იოანე ნათლისმცემელს, წმიდა მღვდელმთავრებს, წინასწარმეტყველ სამოელს, ახლადშერაცხილ წმიდანებს და ყველა წმიდანს, რომ მეოხნი და წარმმართველნი იყვნენ ჩემი ცხოვრების გზაზე. განსაკუთრებულად მინდა შემწეობა შევთხოვო წმიდა კეთილმსახურ მეფე დავითს, რომელიც გამამთლიანებელია მთელი ერისა და ბერისა და რომლის ბრწყინვალე გამარჯვებას დიდგორის ველზე ვდღესასწაულობთ დღეს. აგრეთვე მინდა მეოხება შევთხოვო მას განსჯის დღეზე, როგორც `გალობანი სინანულისან~-ში წერია და მით დავასრულო:

"გან-რა ეღოს წიგნი დღესა
შინა სასჯელისასა,
და მე ქედ-დადრეკილი
წარმოგიდგე განკითხვად,
მსაჯული მართლ სჯიდე.
მსახურთა რისხვაი ქროდის,
მართალნი ნეტარებდნენ,
ცოდვილთა ჰგუმიდეს ცეცხლი,
მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!" (68, 2003, 9).

2003 წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოსმა იეგუდიელმა ჩაატაარა პირველი სამღვდელმთავრო წირვა ახლად შექმნილ ეპარქიაში. 2004 წლის 27 ივნისს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გადაყვანილ იქნა ბოლნისის ეპარქიის მმართველად.

2006 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიას. ხევისა და სტეფანწმიდის ეპარქიაში ღვთისმსახურებას ეწევიან:

1. არქიმანდრიტი იაკობი (იაკობიშვილი) მსახურობს:

ა) აჩხოტის წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესიაში.

ბ) კარკუჩას წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესიაში.

2. იღუმენი იოანე (სილაგაძე) მსახურობს:

ა) ფხელშეს წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში.

ბ) ყანობის გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ეკლესიაში.

3. იღუმენი ნიკოლოზი (ღლონტი) მსახურობს:

ა) დ. სტეფანწმინდის საკათედრო ტაძარში.

ბ) დ. სტეფანწმინდის იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესიაში.

4. იღუმენი იოსები (თავაძე) მსახურობს:

ა) გერგეტის წმ. სამების სახ. ეკლესიაში.

5. მღვდელ-მონაზონი პავლე (ჭანტურიძე) მსახურობს:

ა) სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესიაში.

ბ) გარბნის წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში.

6. მღვდელ-მონაზონი პეტრე (კაკუბავა) მსახურობს:

ა) კობის წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში.

7. მღვდელ-მონაზონი მათე (ჯულაყიძე) მსახურობს:

ა) არშის წმ. ნინოს სახ. ეკლესიაში.

ბ) გაიბოტენის წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში.

8. მღვდელ-მონაზონი ეგნატე (ჭიჭინაძე) მსახურობს:

ა) სტეფანწმინდის წმ. ილია თეზბიტელის სახ. ეკლესიაში.

9. მღვდელ-მონაზონი იოანე (კალანდია) მსახურობს:

ა) სნოს წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში.

ბ) ახალციხის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიაში.

10. მღვდელმონაზონი ანდრია მსახურობს:

ა) კარკუჩის წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესიაში.

 

სტეფანწმინდის და ხევის ეპარქიის ტაძრები:

1. გერგეტის წმ. სამების სახ. ეკლესია (XIII-XIV ს.ს.) (მოქმედია).

2. გერგეტის წმ. სამების სახ. მამათა მონასტერი. (მოქმედია).

3. ბეთლემის ქრისტეშობის სახ. ეკლესია (VI-VII ს.ს.).

4. მყინვარის წმ. სამების სახ. ეკლესია (XX ს.) (ლითონის).

5. დარიალის მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის და წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერი. (მშენებარე).

6. დარიალის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ეკლესია (მშენებარე).

7. დარიალის წმ. გიორგის სახ. ეკლესია (მშენებარე).

8. სტეფანწმინდის მთავარანგელოზ მიქაელის სახ. ეკლესია (XVIII ს.) (მოქმედია).

9. სტეფანწმინდის იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესია (XXI ს.) (მოქმედია).

10. სტეფანწმინდის წმ. ილია თეზბიტელის სახ. ეკლესია (XXI ს.) (მოქმედია).

11. სტეფანწმინდის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. საკათედრო ტაძარი (მშენებარე).

12. სნოს წმ. გიორგის სახ. ეკლესია (XX ს.) (მოქმედია).

13. სნოს წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტერი (მოქმედია).

14. კარკუჩას წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესია (XXI ს.) (მოქმედია)¬.

15. ახალციხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. ეკლესია (VIII-IX ს.ს.) (მოქმედია).

16. სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესია (IX-X ს.ს.) (მოქმედია).

17. სიონის ღვთისმშობლის სახ. მამათა მონასტერი (მოქმედია).¬

18. გარბნის წმ. გიორგის სახ. ეკლესია (IX-X ს.ს.) (მოქმედია).¬

19. ფხელშეს წმ. გიორგის სახ. ეკლესია (XVII ს.) (მოქმედია).¬

20. გველეთის წმ. გიორგის სახ. ეკლესია (VI-VII ს.ს.) (დანგრეულია).

21. ნახერეთის იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესია (VI ს.) (დანგრეულია).

22. ცდოს კვირაძლის სახ. ეკლესია (VI-VII ს.ს.) (დანგრეულია).

23. აჩხოტის წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესია (XX-XXI ს.ს.) (მოქმედია).

24. აჩხოტის წმ. ნიკოლოზის სახ. მამათა მოანსტერი (მოქმედია).¬

25. არშის წმ. ნინოს სახ. ეკლესია (X-XI ს.ს.).

26. არშის წმ. ნინოს სახ. მამათა მოანსტერი (მოქმედია).

27. არშის წმ. გიორგის სახ. ეკლესია (XVII ს.) (დანგრეულია).

28. ტყარშეტის წმ. გიორგის სახ. ეკლესია (VI-VII ს.ს.) (დანგრეულია).

29. გორისციხის ღვთისმშობლის სახ. ეკლესია (მშენებარე).

30. ყანობის წმ. მთავარანგელოზთა სახ. ეკლესია (XIX ს.) (მოქმედია).

31. კობის წმ. გიორგის სახ. ეკლესია (XIX ს.) (მოქმედია).

32. კობის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერი (მოქმედია).

33. ოქროყანის წმ. გიორგის სახ. ეკლესია (XVII ს.).

34. სუატისის წმ. გიორგის სახ. ეკლესია (XVI ს.).

35. აბანოს ღვთისმშობლის სახ. ეკლესია (XVIII-XIX ს.ს.).

ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი)

ეპისკოპოსი სტეფანე, ერისკაცობაში სტეფანე გრიგოლის ძე კალაიჯიშვილი, დაიბადა 1959 წლის 9 თებერვალს ქ. ახალციხეში. 1976 წელს დაამთავრა ახალციხის N2 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1981 წელს. შემდეგ მუშაობდა თბილისის რადიო ქარხნის ადიგენის ფილიალში ინჟინერ-გამმართველად, 1983 წლიდან _ ახალციხის ელექტროქსელებში ესპლოატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად, ხოლო შემდეგ _ ახალციხის საქსელო რაიონის უფროსად. 1988 წლიდან არის საფარის მონასტრის მრევლი. მისი პირველი მოძღვარი იყო მღვდელ-მონაზონი სერგი (ჩეკურიშვილი). იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა XX საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში... 1989 წელს მუშაობდა მესხეთის სახელმწიფო თეატრის ინჟინრად. 1990 წელს სტეფანე კალაიჯიშვილი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1997 წელს. 1991 წლიდან პარალელურად სწავლობდა ახალციხის სასულიერო სემინარიაში. 1990 წლიდან მუშაობდა ახალციხის N2 საშუალო სკოლაში ისტორიისა და რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, 1993 წლიდან ახალციხის სასულიერო სემინარიაში ისტორიის ლექტორად. 1994-99 წლებში იყო გაზეთ "საფარას" რედაქტორი.

1994 წლის 27 ნოემბერს ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ხელი დაასხა დიაკვნად. 1994 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა ახალციხის სასულიერო სემინარიის პრორექტორად. 1996 წელს აღიკვეცა ბერად საფარის მონასტერში, ხოლო შემდეგ ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსმა სერგიმ ხელი დაასხა მღვდელ-მონაზვნად. იმავე წელს დაინიშნა საფარის მონასტრის აბასთუმნის წმიდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის წინამძღვრად. 1999 წელს დაადგინეს ჭულევის მონასტრის წინამძღვრად. 2002 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის, 2002 წლის 27 ოქტომბერს ხელი დაასხეს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსად. 26 ოქტომბერს არქიმანდრიტმა სტეფანემ ეპისკოპოსად წარდგინებისას სიონის საპატრიარქო ტაძარში ასე დაიწყო თავისი გამოსვლა:

"თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, ყოვლადუსამღვდელონო მეუფენო, ღვთივსულიერნო მამანო, ქრისტესმიერნო ძმანო და დანო, შვილნო ივერიის წმიდა ეკლესიისა.

ამ დღეებში ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენები ხდება. ექვსი წლის წინათ პირველად დავდექი ამ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე, მაშინ ვთხოვე უფალს, თუ იქნებოდა მისთვის სათნო, აერიდებინა ჩემთვის ეს მძიმე ჯვარი, მაშინ უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება".

დღეს მღვდელმთავრის მძიმე ჯვრის ტვირთვის საკითხი კვლავ დადგა ჩემს წინაშე და სინოდის გადაწყვეტილებით ჩემი უღირსება წარსდგა თქვენს წინაშე. ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქი ხშირად იმეორებს ხოლმე დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს: "უფალი მეფობს", დიახ, ეს ასეა, უფალი მეფობს და მე არ შემიძლია, მის ლოცვა-კურთხევას არ დავემორჩილო.

სიყვარული სიხარულს ბადებს და როდესაც ესოდენ დიდ ნდობას და სიყვარულს ვგრძნობ თქვენგან, თქვენო უწმიდესობავ, თქვენგან, მეუფენო, წმიდა სინოდის წევრებო, თქვენგან, მამანო, ძმანო და დანო. ეს სიყვარული და დიდი ნდობა მე უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე მაყენებს. ვგრძნობ, რაოდენ მძიმეა და საპასუხისმგებლო მღვდელმთავრის ჯვრის ტვირთვა, მაგრამ, რადგან უფალმა ასე ინება, მე ვემორჩილები მის მეუფებას და ქედს ვიხრი ამ საპატიო და საპასუხისმგებლო უღლის წინაშე. "ღმერთი სიყვარული არს" და ეს სიყვარული, რომელიც აქ სუფევს, მაძლევს იმედს, რომ თქვენი შეწევნით, თქვენო უწმიდესობავ, თქვენი შეწევნით, ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, ღვთივსულიერნო მამანო, ძმანო და დანო, უფალი შემაძლებინებს ჩემზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მე დიდი იმედი მაქვს აგრეთვე ჩემი სულიერი მოძღვრის _ მეუფე სერგისა, რომელიც სიწმიდის გზისაკენ წარმართავს ჩემს მერყევ, მშფოთვარე და ცოდვისაკენ მიდრეკილ სულს, აგრეთვე მეუფეებისა _ თეოდორესი და საბასი, რომლებთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა და თანამსახურება გვაკავშირებდა. უკლებლივ ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი ნდობისა და სიყვარულისათვის. გმადლობთ, თქვენო უწმიდესობავ. მე ვეცდები, გავამართლო თქვენი ნდობა და მთელი ჩემი შრომა, ენერგია და შესაძლებლობები უკლებლივ შევწირო თქვენს მიერ ჩემდამი დაკისრებულ მოვალეობის პირნათლად აღსრულებას.

მადლობას გიხდით მესხეთის მკვიდრნო, ადიგენელებო, ახალციხელებო, უდელებო, აბასთუმნელებო და სხვანო და სხვანო, რომლებმაც თვალცრემლიანი სიხარულით გამომაცილეთ ამ რთულ და ეკლიან გზაზე. მადლობა მესხეთის უნივერსიტეტს, რომელიც ყოველთვის მხარში გვედგა, ახლაც გვაქვს თქვენი ერთგული თანადგომის იმედი.

მე დიდი იმედი მაქვს მსოფლიო ეკლესიის დიდი მნათობის, მაქსიმე აღმსარებლის მფარველობისა და შეწევნისა, რომლის წმიდა საფლავის მცველად დადგინების პატივი მაქვს.

მრავალტანჯული მესხეთის მკვიდრს კარგად მესმის, რაოდენ მძიმეა დღეს საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრება, რაოდენ უჭირთ მათ სულიერად და მატერიალურად. მაგრამ მე მტკიცედ მწამს, რომ ყველაზე მძიმე დრო ჩვენ უკვე გამოვიარეთ. საქართველო სულიერი და ეროვნული აღმავლობის გზაზე მტკიცედ მიაბიჯებს, რისი დასტურიც არის სულ ახლახანს ხელმოწერილი და დამტკიცებული ისტორიული დოკუმენტი, რომელმაც წერტილი დაუსვა ჩვენი ერის სულიერ ჩაგვრას და სულ ცოტა ხანში ნათლად გამოჩნდება ამ უდიდესი მოვლენის შედეგები.

მე მინდა მივესალმო ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მკვიდრთ და აღვუთქვა მათ, რომ არ დავიშურებ ჩემს ძალასა და შესაძლებლობებს, რათა მთელი სულითა და გულით ვემსახურო ამ მხარის სულიერ აღორძინებას. მე ვიცი ის სამწუხარო ფაქტი, რომ ამ რეგიონის მოსახლეობა სულ უფრო და უფრო მცირდება. ვეცდებით, რომ ლოცვითა და საქმიანობით წინ აღვუდგეთ ამ უარყოფით ტენდენციას.

კიდევ ერთხელ ყველას მადლობას მოგახსენებთ ნდობისა და სიყვარულისათვის.

შემინდეთ და მაკურთხეთ." (68, 2002, 11).

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 27 ოქტომბერს ახლად ნაკურთხ ეპისკოპოსს სტეფანეს მიულოცა ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება და მიმართა:

"თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსო სტეფანე, ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადუსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო!

ის ადამიანი, რომელიც ღვთის გზაზე დგას და წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია, უფლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება და მას ხილული თუ უხილავი მტერი ვერაფერს დააკლებს. მასზე აღსრულდება ეს სიტყვები ფსალმუნიდან: "წყალობა უფლისა თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა". მე ვფიქრობ, რომ მეუფე სტეფანეს ცხოვრებაც საოცარი მაგალითია უფლის წყალობისა.

მეუფევ, ღვთის განგებით, თქვენ აყვანილი ხართ ეპისკოპოსის ხარისხში. ეს არის უდიდესი მადლი მაცხოვრისა, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა წინაშე ღვთისა, ერისა და ეკლესიისა.

შენ კარგად იცი, რომ მღვდელმთავრის წოდება არის მოციქულებრივი ღვაწლი და, როგორც ამბობენ, მღვდელმთავრის მოღვაწეობა მოწამეობრივი ცხოვრებაა. ღმერთმა მოგიწოდა შენ ამ ღვაწლისაკენ და თავად უფალი _ მამა, ძე და სულიწმიდა _ მოგცემს შენ სულიერ და ფიზიკურ ძალას, რათა გაუძღვე შენს სამწყსოს, შენს ეპარქიას.

როგორც იცით, მეუფე სტეფანე არჩეულია ლეჩხუმ-სვანეთის, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსად.

ლეჩხუმ-სვანეთში ყოველთვის დიდი ეროვნული და ეკლესიური ტრადიციები არსებობდა, თუნდაც ის, რომ იქ დაკრძალულია მსოფლიოში ცნობილი დიდი ღვთისმეტყველი მაქსიმე აღმსარებელი, რომელსაც მთელი ქრისტიანული სამყარო სცემს თაყვანს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მაქსიმე აღმსარებლის შუამდგომლობით ხარ ამ ეპარქიის მმართველად დადგენილი. წყალობა ღვთისა, ძალა ღვთისა და, უპირველეს ყოვლისა, მადლი ღვთისა, რომელიც არის "უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი", იყოს შენ თანა: გიძღოდეს ის მტკიცე რწმენა, ის სიყვარული, ის სიკეთე, რომლის მაგალითიც უფალმა მოგვცა. იგი იქნება ის სანთელი, რომელიც გაგიძღვებათ ამ მოციქულებრივი მოღვაწეობის ჟამს. ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმიდა სინოდის წევრების, ჩვენი მღვდელმთავრების მფარველობა.

"დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!~ მართლაც, დიდია უფალი და საკვირველია საქმენნი მისნი. ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია, თუ რა არის განგება ღვთისა. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ დიდია მისი წყალობა ჩვენს ქვეყანაზე. ღვთის წყალობა და მადლი რომ არ ყოფილიყო საქართველოზე, მის ეკლესიაზე, ჩვენ ვერ გავუძლებდით ამდენ შინაურ თუ გარეშე მტერს.

აი, ახლა კი მიიღე ეს კვერთხი, რომელიც არის სიმბოლო ეპისკოპოსის ძალაუფლებისა და მადლისა. დალოცე სრულიად საქართველო, დალოცე მრევლი, რომელიც დღეს ესწრებოდა შენს კურთხევას და დალოცე შენი სამწყსო _ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია, ამინ." (68, 2002, 11).

მეუფე სტეფანე შეუდგა ეპარქიაში მოღვაწეობას. ცაგერისა და ქვემო სვანეთის ეპარქია მაღალმთიანი რეგიონია, მოსახლეობის დიდი ნაწილი ტოვებს მამა-პაპურ ფუძეს და ბარისაკენ მოეშურება, მოუწესრიგებელია გზები, არ არის სამუშაო ადგილები, მრავლად არის მეწყერსაშიში ზონები. ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედი იყო 1 ეკლესია და 1 მონასტერი. მეუფე სტეფანეს ძალისხმევით ამჟამად ეპარქიაში მოქმედია 2 მამათა და 2 დედათა მონასტერი, 32 ეკლესია, სადაც ღვთისმსახურებას ეწევა 9 მოძღვარი. 2002 წლიდან ეპარქიაში გამოიცემა გაზეთი "აღმსარებელი", ხოლო 2003 წლიდან ჟურნალი `ხვამლი~. 2003 წელს ეპარქიაში გაიხსნა ცაგერის წმიდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია. 2006 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსდა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ეპისკოპოსი სტეფანე. 2007 წლიდან ცენტრი ფუნქციონირებს სამების საკათედრო ტაძარში. ცენტრის მუდმივ მოქმედი პროექტებია: ყოველდღიური შემეცნებითი საუბრები სხვადასხვა თემებზე, შემოქმედებითი საღამოები, მწერალთა კავშირთან ერთობლივი ღონისძიებები, უმაღლეს სასწავლებლებთან ერთობლივი ღონისძიებები, სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო კონფერენციები, მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობა.

მეუფე სტეფანეს ინიციატივით მოეწყო საერთაშორისო კონფერენცია წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება და მოღვაწეობაზე. ამ დიდი წმინდანის საფლავი ხომ ცაგერთან ახლოს მდებარეობს. მეუფე სტეფანეს დაუღალავი ღვაწლით და ეპარქიაში მცხოვრებ ბიზნესმენთა შეწევნით შენდება: ცაგერში წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საკათედრო ტაძარი, ლენტეხში საკათედრო ტაძარი და საეპისკოპოსო რეზიდენცია. განზრახულია ცაგერში ქართულ უნივერსიტეტთან არსებული სასწავლო დისტანციური ცენტრის გახსნა, გოგონათა და ვაჟთა სასულიერო სასწავლებლის დაარსება. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი სტეფანე დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.


ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი)

ეპისკოპოსი ილარიონი, ერისკაცობაში დავით ნოდარის ძე ქიტიაშვილი, დაიბადა 1957 წლის 22 ნოემბერს ქ. ხაშურში. მამა _ ნოდარ იოსების ძე ქიტიაშვილი იყო ხაშურის სავაგონო დეპოს ზეინკალი (ხარატი). დედა _ ანა მიხეილის ასული ლომიძე _ პურ-კომბინატის მოსამსახურე. მოინათლა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახ. საკათედრო ტაძარში მეორმოცე დღეს. ნათლობა შეასრულა მღვდელმა დავითმა. ნათლია იყო სრულიად სა¬ქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დავით V დევდარიანი, იმ დროს ურბნელი მიტროპოლიტი. დედმამიშვილები არ ჰყოლია. დაამთავრა ხაშურის რკინიგზის N3 საშუალო სკოლა 1974 წელს. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ხაშურის რკინიგზის სავაგონო დეპოში მუშა მოსამსახურედ. 1976 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რომელიც მოიხადა 1978 წელს. მუშაობა გააგრძელა ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებაში. 1980 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკულ ფაკულტეტზე, რომელიც დამთავრა 1985 წელს. განაწილებით მიავლინეს ქ. ქუთაისის ქარხანა "ავანგარდში" საამქროს ოსტატად, სადაც მსახურობდა 1986 წლამდე. შემდგომ სამსახური გააგრძელა ხაშურის მინის ტარის ქარხანაში სპეციალობით, საამქროს უფროსად. 1987 წლიდან დანიშნეს ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკის გამოთვლითი ცენტრის უფროსად.

1988 წელს დაოჯახდა, ჰყავს ქალ-ვაჟი. ამჟამად ყოფილი მეუღლე მსახურობს ხაშურის საკათედრო ტაძარში მთავარ მედავითნედ და მგალობლად.

ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 1996 წლის დასაწყისიდან. იყო სტიქაროსანი ხაშურის წმიდა მარინეს სახელობის ტაძარში, სადაც შეისწავლა მედავითნეობა. როგორც მეუფე აღნიშნავს, "ეს პერიოდი ჩემთვის იყო შინაგანი და საერთოდ სულიერი ფერისცვალების დრო. მონაწილეობას ვღებულობდი ეკლესია _ მონასტრების აღდგენით სამუშაოებზე, რომელიც მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობდა. ჩემს სულიერ ცხოვრებაში, მის სწორედ ჩამოყალიბებაში ძალზედ დიდი როლი ითამაშა ორმა ადამიანმა, მიტროპოლიტმა იობმა, რომელიც ეპარქიაში ახალი დანიშნული იყო და იღუმენმა დავითმა, ამჟამად ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, რომელიც ჩემი პირველი მოძღვარი იყო. მთელი ჩემი ცხოვრება ეკლესიას დაუკავშირე. 1998 წლის 4 ნოემბერს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში მაკურთხა დიაკვნად. მანამდე რა თქმა უნდა, გავიარე ყველა საფეხური წიგნის მკითხველიდან დაწყებული. 1999 წლის 15 თებერვალს კი მღვდლად დამასხა ხელი და დამადგინა სურამის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. თეთრ სამღვდელოებაში ვიმსახურე ორი წელი. როცა ვკითხულობდი და ვეცნობოდი ბერების ცხოვრებას, მსურდა მათთვის მიმებაძა და წმინდად მეცხოვრა და პირად ცხოვრებაში ოჯახთან ერთად გავატარეთ და დავამკვიდრეთ ასეთი წესი. შემდგომში მეუღლესთან შეთანხმებით ჩემი დიდი სურვილის გამო გადავწყვიტე ამა სოფლის ცხოვრების წესის დატოვება და ბერად აღკვეცა. 2000 წლის 4 დეკემბერს ქოზიფის მამათა მონასტერში მიტროპოლიტმა იობმა აღმკვეცა ბერად და მიწოდა სახელი ილარიონი".

ამავე წელს დაინიშნა წრომის ამაღლების სახელობის ტაძრის, ხცისის წმ. გიორგის სახ. ტაძრის, ხცისის იოანე ნათლისმცემლის შობის სახ. მამათა მონასტრის და ახალსოფლის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრების წინამძღვრად.

2001 წლის 4 დეკემბერს მიენიჭა იღუმენის ხარისხი. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და წმიდა სინოდის განჩინებით გამორჩეულ იქნა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსად. 2002 წლის 2 ნოემბერს იღუმენმა ილარიონმა ეპისკოპოსად წარდგინებისას აღნიშნა:

"თქვენო უწმინდესობავ და უენტარესობავ, ყოვლად სამღვდელონო მეუფენო, მამანო, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულო შვილნო!

ადამიანის გონება ვერ მისწვდება ღვთის განგებასა და საიდუმლოებას, უსაზღვროა წყალობა ღვთისა, რომელმაც თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გამომირჩია მე, უღირსი მონა ღვთისა ეპისკოპოსად მესტიისა და ზემო სვანეთისა.

დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია. კარგად ვიცი, რომ ეს პატივი არ არის ჩემი დამსახურება, იგი ღვთისაგან ნაბოძებია. ღმერთს ვთხოვ, ამ ძნელ დროს მადლიერების ისეთი გრძნობა მომცეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე სიხარულითა და მოწიწებით მამსახუროს მისი სახელის სადიდებლად.

დღეს, როდესაც ჩვენი ეპოქისათვის დამახასიათებელია წინააღმდეგობრიობის სული, რომლითაც გაჯერებულია მთელი სამყარო, როცა ასე მძაფრად არის დაპირისპირებული ბოროტი და კეთილი, როცა ცხვრის ქურქში შენიღბულნი ღვარძლს თესავენ ადამიანების გულებში, ჩვენი გადამრჩენელი და ღმერთთან მიმყვანებელი მართლმადიდებლობის მტკიცე დაცვაა. ამ ურთულეს და უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვების მოტანა შეუძლია მხოლოდ უფალს. წყაროს ყოველგვარი სიცოცხლისა და გამარჯვებისა. ამ პირობებში განუზომლად დიდია ეკლესიის მსახურთა როლი, რომელთაც უცვლელად უნდა მიიტანონ ღვთის სიტყვა ადამიანებამდე.

მოძღვარს და, მითუმეტეს, მღვდელმთავარს განსაკუთრებით უნდა ახასიათებდეს სიწმინდე, თავმდაბლობა და მშვიდობა. ვგრძნობ რა ამ უდიდეს პასუხისმგებლობას თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობისა და ქართველი ერის წინაშე, ვეცდები, ვიყო ერთგული ჩვენი დედა ეკლესიისა, ვევედრები ღმერთს, რათა მომანიჭოს განცდა თვისთა ცოდვათა.

კაცი ცოდვებითა და უწესობით კი არ უნდა ამაყობდეს, არამედ ღმერთს უნდა სთხოვდეს განკურნებას და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვა მასთან ყოველთა მკურნალი.

ამ უდიდეს მოვალეობას მე ვიტვირთავ თქვენი მამამთავრობისა და წმიდა სინოდის შემწეობის იმედით, მე მჯერა, რომ არ მომაკლებთ თქვენს მზრუნველობას.

განვიცდი დიდ სიხარულს, რომ მსახურება მომიწევს საქართველოს ამ უმშვენიერეს მხარეში, რომელიც გამორჩეულია თავისი სიწმინდეებითა და ტრადიციებით. ამ მხარეს დღესაც ბევრი ტკივილის გადატანა უწევს და ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ჩვენს ერს და ეკლესიას დღეს ბევრი რამ უჭირს, მაგრამ სამაგიეროდ აქვს უმთავრესი _ ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა და ძალა ლოცვისა და ეს ლოცვა განსაკუთრებულია მაშინ, რაჟამს თქვენ გვლოცავთ.

უმორჩილესად გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის და შეევედროთ უფალს, რათა მან შემაძლებინოს ეს უმძიმესი სამსახური ღვთისა და ჩემი მშობლიური ხალხის წინაშე.

ბოლოს, მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მეუფე იობს, მეუფე დავითს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბებაში, წმიდა სინოდის თვითოეულ წევრს იმ ნდობისათვის რომელიც ჩემდამი თქვენ გამოიჩენთ. შემაძლებინოს უფალმა, ღვთისაგან მონიჭებული მადლით ერთგულად ვემსახურო მართლმადიდებელ დედა ეკლესიასა და ქართველ ერს!

უფალო, ისეო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი." (68, 2002, 11).

3 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამ სიტყვებით მიმართა ეპისკოპოს ილარიონს:

"თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსო ილარიონ!

"დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენნი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლისა მიცემად საკვირველებათა შენთა".

მართლაც, დიდი გამოუთქმელი და მიუწვდომელია განგება ღვთისა, რომელმაც აგირჩია შენ ეპისკოპოსად ღვთივკურთხეულისა მესტიისა და ზემო სვანეთისა. დღეს განსაკუთრებული დღეა კიდევ იმით, რომ არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა ილარიონ დიდისა, ილარიონ ქართველისა. სულ რამდენიმე დღის წინ კი კანონიზირება მოხდა ილარიონ ახლისა. აი, ეს სამი ღირსი დიდი მამა დღეს აღავლენდა ლოცვას, რათა უხვად გარდამოსულიყო შენზე მადლი სულისა წმიდისა. "უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი". სამი ღირსი მამა ილარიონი არის საოცარი მაგალითი დიდი მოღვაწეობისა.

როგორც თქვენ იცით, ილარიონ დიდი ცხოვრობდა IV საუკუნეში. იგი წავიდა უდაბნოში, ლოცვა-კურთხევა აიღო ღირსისა მამისა ჩვენისა ანტონ დიდისაგან და შემდეგ შეუდგა სულიერ მოღვაწეობას.

დღეს შენც იწყებ მოღვაწეობას ახალ სულიერ საფეხურზე და ამას ეწოდება მღვდელმთავრის მოღვაწეობა. წმიდა მამები ამბობენ, რომ მღვდელმთავრის ტვირთი მოწამეობრივია, რადგან იგი პასუხს აგებს არამარტო თავის სულისათვის, არამედ იმ მრევლის და სამღვდელოებისათვის, რომელიც უფლის განგებით მას ჩაბარდა.

მესტია და ზემო სვანეთი არის საოცარი, სასიქადულო და საამაყო კუთხე საქართველოსი. იქ ცხოვრობენ ქართველები რომელნიც საუკუნეების მანძილზე იცავდნენ და იცავენ სიწმინდეს, იცავენ ჩვენ ხატებს, ჩვენ ჯვრებს. სრულიად საქართველომ სწორედ ამ კუთხეს ანდო თავისი დიდი საუნჯე. შენ მიდიხარ იქ, სადაც ძლიერია ქართული სული, სადაც ძლიერია მართმადიდებელი სარწმუნოება: მათ მხოლოდ ეკლესიურობა აკლიათ, მხოლოდ ეს უნდა ასწავლო შენ იქ მცხოვრებთ. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო. მიზანს რომ მიაღწიო, საჭიროა დიდი რწმენა, დიდი სიყვარული, დიდი მოთმინება, დიდი თავმდაბლობა და მორჩილება. ეს თვისებანი უნდა აჩვენო იქ მცხოვრებ ხალხს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხის სასწაულებრივი მოქცევა მოხდება.

მართლაც გამოუთქმელი და მიუწვდომელია გონება ღვთისა, რომელმაც გამოგატარა შენ ცხოვრების გზაზე და მოგიყვანა სვეტიცხოველში, რათა უფალს მოეცა დიდი მადლი მღვდელმთავრობისა. ეს არის უდიდესი მადლი, რომელიც ეძლევა ამ ქვეყნად ადამიანს, სასულიერო პირს. შენ უნდა გაუფრთხილდე ამ მადლს და არამარტო გაუფრთხილდე, არამედ განამრავლო და გააძლიერო იგი სულიერი მოღვაწეობით, შენი დიდი რწმენითა და სიყვარულით, უფალი, რომელმაც მოგიწოდა ამისათვის, მოგცემს ძალას, რათა ღირსეულად იტვირთო ის ჯვარი, რომელიც მოგეცა შენ დღეს დიდ სვეტიცხოველში.

მოხარული ვარ, რომ დღეს ამ ხელდასხმას ესწრებიან ხელისუფლების წარმომადგენელნი და მორწმუნენი მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიიდან, რომელნიც ლოცულობდნენ ჩვენთან ერთად, რათა უხვად გარდამოსულიყო შენზე მადლი სულისა წმიდისა.

ახლა კი მიიღე ეს კვერთხი, როგორც სიმბოლო ეპისკოპოსის ძალაუფლებისა და მადლისა, როგორც სულიერი საყრდენი შენს მსახურებაში და დალოცე მრევლი, ერი და სრულიად საქართველო, რომელიც მოელის შენგან დიდ მოღვაწეობას. ამინ." (68, 2002, 11).

იგი ეპარქიაში ჩავიდა 2002 წლის 7 ნოემბერს, წარდგინება მოხდა მიტროპოლიტ იობის მიერ. ახლად დაარსებულ ეპარქიაში მდგომარეობა იყო მეტად მძიმე და სავალალო, რამეთუ:

1) ეპარქიაში იმყოფებოდა მხოლოდ ერთი სასულიერო პირი _ მამა გიორგი (ჩართოლანი). იყო სამი მოქმედი ეკლესია. მთაში და კერძოდ, სვანეთში, დამკვიდრებულია ეკლესიასთან მიმართებაში მცდარი და დამახინჯებული შეხედულებანი, ასევე წარმართული რიტუალები, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე აღმოფხვრილი.

მეუფე ილარიონი აღნიშნავს: "ეკლესიები იყო საერო ადამიანების ეგრეთ წოდებულ მამასახლისების ხელში. ეხლაც, სადაც არ არის სასულიერო პირები, ისინი განკარგავენ ეკლესიებს და პირადი ინტერესების და შემოსავლების წყაროდ აქვთ გადაქცეული. ასე ხდება სოფელ კალაში კვირიკეზე, უშგულში და სხვა სოფლებში, რაც ძალზედ ართულებს ეკლესიის ფუნქციის მნიშვნელობას. ჩვენ არ გვქონდა საშუალება, რათა ტაძრებში შევსულიყავით და წირვა-ლოცვა ჩაგვეტარებინა, არ გვიშვებდნენ. ეკლესიები გადაქცეული იყო მუზეუმებად და უნდა აგეღო ნებართვა მუზეუმის დირექტორისაგან რომ გაეღოთ. ეკლესიებში იდგა რკინის სეიფები, მათში გამოკეტილი იყო, ძალზედ ცუდ პირობებში იმყოფებოდა უნიკალური სიწმინდეები, ჯვრები და ხატები, ბარძიმ-ფეშხუმები, საეკლესიო წიგნები, ხელნაწერები, რომელთანაც შეხების საშუალებას არ გვაძლევდნენ.

ეკლესიები გადაქცეული იყო სისხლიანი მსხვერპლშეწირვისა და ღრეობების ადგილად, რაც ხშირ შემთხვევაში ცუდი შედეგებით მთავრდებოდა. ასეთ ფაქტებს სამწუხაროდ დღესაც აქვს ადგილი."

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, კერძოდ: ეპარქიაში აღარ წარმოადგენს პრობლემას ტაძრებში შესვლა და წირვა-ლოცვის ჩატარება. არის უკვე 16 მოქმედი ეკლესია. ამ დროის განმავლობაში გაიზარდა სამღვდელოების რიცხვი. იკურთხა ოთხი სასულიერო პირი, აქედან სამი ადგილობრივი. სულ ხუთი სასულიერო პირია. ერთი დეკანოზი _ მამა გიორგი (ჩართოლანი), იღუმენი ეგნატე (კურტანიძე), მღვდელ-მონაზონი თეოფანე (არღვლიანი), მღვდელი გიორგი (ნიგურიანი), მღვდელი ბასილი (ფილფანი). ეპარქიაში სოფ. ჭუბერში აშენდა ორი ეკლესია, ერთი სამნავიანი ბაზილიკაა, ანდრია პირველწოდებულის სახელობისა და ამავე სოფელში ერთნავიანი წმიდა ნიკოლოზის სახელობისა. ეპარქიას არ გააჩნდა საეპარქიო რეზიდენცია, ჩვენი თხოვნის შემდგომ გადმოგვცეს შენობა თავისი ტერიტორიით რაც დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული შენობა შეძლებისდაგვარად გავარემონტეთ და რეზიდენციის ტერიტორიაზე ავაშენეთ ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია 120 კვ. მეტრის ფართისა, წმ. ნიკოლოზის სახელზე. აგრეთვე სოფელ მულახში შენდება ამავე სახის წმ. სამების სახელობის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია. აღდგა უღვირის მთავარანგელოზის სახ. ეკლესია. ეპარქიაში ამუშავდა და ჩაირთო საპატრიარქო რადიო, რამაც სულიერების მხრივ ძალზედ კარგი შედეგი გამოიღო და გამოიცა ეპარქიის გაზეთი "უძლეველი მხედარი". დაფუძნდა მამა გიორგის (ჩართოლანი) ხელმძღვანელობით სასულიერო ქრისტიანული საგანმანათლებლო სკოლა, სადაც ისწავლება გალობა, ხეზე კვეთა, გობელენი, ქარგვა, ხატწერა, ფოლკლორი და ქორეოგრაფია. სოფ. ლატალში მოქმედებს თანღილის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი, სადაც მამა ეგნატეს ხელმძღვანელობით შესრულდა დიდი სამუშაოები. ჩაიდგა საცხოვრებელი კელიები და სატრაპეზო.

თვითონ სოფელ ლატალში მიმდინარეობს იოანე წინასწარმეტყველის ტაძრის ტერიტორიაზე მცირე ზომის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. სოფელ ლატალში მამა ეგნატეს ხელმძღვანელობით არის მინანქრის სკოლა, სადაც ადგილობრივი მრევლია დასაქმებული და დაინტერესებული, არსებულ ტაძართან, სადაც მოღვაწეობდნენ სასულიერო პირები, არსებობს საკვირაო სკოლები. ახლო მომავალში უნდა გაიხსნას ილარიონ ქართველის სახელობის სასულიერო გიმნაზია. ზემო სვანეთში ორჯერ ჩატარდა ეკლესიის ინიციატივით სამეცნიერო კონფერენციები. მომავალშიც გვაქვს იმედი ღვთისა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევისა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში სულიერი აღორძინებისა და წარმატებებისა," _ აღნიშნავს მეუფე ილარიონი.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი ილარიონი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.


ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა)

ეპისკოპოსი ექვთიმე, ერის¬კაცობაში თეიმურაზ გიორგის ძე ლეჟავა, დაიბადა 1953 წლის 25 იანვარს ქ. თბილისში. თეიმურაზ ლეჟავამ 1969 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა. 1969-1975 წლებში იგი სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის სპეციალობით. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს "კურორტ პროექტის" საპ¬როექტო სამმართველოში და საქართველოს სამხატვრო ფონდში. 1989 წლიდან თეიმურაზ ლეჟავა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაშია, ბეთანიის მონასტერში სულიერი მოძღვრის მორჩილებაში. 1990 წლის მარტში მორჩილი თეიმურაზი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ექვთიმე. 1991 წელს მარტყოფის მამათა მონასტერში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი ექვთიმე აკურთხა ბერ-დიაკვნად, ხოლო 1992 წელს _ ზედაზნის მამათა მონასტერში მღვდელ-მონაზონად. 1993 წელს მღვდელმონაზონ ექვთიმეს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. არქიმანდრიტი ექვთიმე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა სხალთის, შიომღვიმის, ზედაზნისა და დავით გარეჯის მონასტრებში.

2000 წლის 27 ივნისს არქიმანდრიტი ექვთიმე დაინიშნა თბილისის ყოვლადწმიდა სამების მშენებარე საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად. 2003 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი ექვთიმე გამორჩეულ იქნა გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მმართველად. 23 აგვისტოს არქიმანდრიტმა ექვთიმემ ეპისკოპოსად წარდგენისას სიონის საპატრიარქო ტაძარში ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა:

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, დიდება უფალს!

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, როდესაც ვამზადებდი სიტყვას და ვფიქრობდი, თუ რა უნდა მეთქვა თქვენთვის, ვხედავდი მხოლოდ ერთს: აი, ვდგავარ, თქვენს წინაშე და ყოვლადმოწყალე და სახიერი უფლის მზერის ქვეშ და გონებაში არ მომდიოდა არანაირი სათქმელი, გარდა ფსა¬ლმუნის ამ სიტყვებისა: "რაი მივაგო უფალსა ყოველივესათვის, რომელი მოამგო მე."

ვუყურებ განვლილ წლებს, ამ თოთხმეტიოდე წლის წინ დაწყებულთ ბეთანიის მონასტერში, დღევანდელ დღემდე, და ვმადლობ უფალს, რომ მარგუნა ხვედრი მონაზვნური ცხოვრებისა და რომ დამანახა, თუ რა არის ქრისტესმიერი სიყვარული, თანაგრძნობა, თუ თანადგომა, მოთმინება თუ ერთგულება, ან კიდევ სასოება უფლისა, უფლის მოყვარეთა სახით, მამათა თუ ძმათა, დედათა თუ დათა, ეკლესიის ყოველი წევრის თუ მთელი მრევლის სახით, და უპირველესად ყოვლისა თქვენი სახით, თქვენო უწმიდესობავ, რომელიც ჩარჩა ჩემს ხსოვნას ბეთანიაში თქვენი პირველად ხილვის შემდგომ, თქვენი იმ მანუგეშებელი სიტყვის გამოისობით, რომელმაც დაუდო დასაბამი ჩემს მონაზვნობას და იმ თბილი თანაგრძნობით გამსჭვალული თანადგომის ძალით, რომელიც დღემდე თანმდევს და წარმოადგენს ჩემთვის ქრისტეს¬მიერი თანადგომისა და მოწყალების მაგალითს. ვმადლობ უფალს, რომ მარგუნა მიახლება მის წმიდა ეკლესიასთან, რომელიც არის ერთადერთი განსასვენებელი ტვითმძიმეთა, უძლურთა, ტანჯულთა, თუ დევნილთათვის ამ საწუთროში.

დიდება უფალს, დიდება და მადლობა უფალს მრავალგზის, რამეთუ ვდგავარ აქ, ამ დიდებულ, მრავლისმნახველ წმიდა ტაძარში, აქ, თქვენს წინაშე წარდგინებული მღვდელმთავრის უმაღლეს წოდებაზე, ვერ დამნახველი ჩემს მოღვაწეობაში ამ პატივის საბაბისა და ამ პასუხისმგებლობის ძალმოსილებისა, მაგრამ, ვითარცა მინდობილი უფლის ნებას განცხადებულს წმიდა სინოდის ნებაში, მსასოებელი თქვენი თანადგომისა და მთხოვნელი თქვენგან ლოცვისა, ამ ძნელ და სათუთ ღვაწლში, სადიდებელად უფლისა და ეკლესიისა, და კეთილად დგომისათვის წინაშე ღვთისა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!" (68, 2003, 89).

24 აგვისტოს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრების თანამწირველობით არქიმანდრიტი ექვთიმე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა. უწმიდესმა და უნეტარესმა თავისი ქადაგება ამ სიტყვებით დაიწყო:

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსო ექვთიმე, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო!

"დიდ არს უფალი და საკვირველ არიან საქმენი მისნი". მართლაც, დღეს მოწმენი ვართ უფლის ამ დიდი სასწაულისა და წყალობისა. ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წარსულს რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ხშირად საქართველო და ჩვენი ეკლესია თითქმის მიწასთან იყო გასწორებული; მე თვითონაც მოვესწარი იმ დროს, როცა მთელი წმიდა სინოდის შემადგენლობაში მხოლოდ 3-4 ეპისკოპოსი შედიოდა. საქართველოს სამოციქულო ეკლესია უკვე ყოფნა-არყოფნის საშიშროების წინაშე იდგა და წინა პატრიარქების თქმით, რუსეთიდან უკვე ისმოდა ასეთი წინადადებები _ თქვენ უჩვენოდ მაინც აღარ შეგიძლიათ ყოფნა და შემოგვიერთდითო.

უნდა ითქვას, რომ უფალმა, მართლაც, მკვდრეთით აღადგინა ჩვენი ქვეყანა და ეკლესია და ვმადლობთ ღმერთს, რომ მოწმენი და მონაწილენი ვართ ამ დიდი წყალობისა. საქართველოს ეკლესიამ ტანჯვისა და დევნისა, შეურაცხყოფისა და წამების 200 წელი გამოიარა, დღეს კი ჩვენი წმიდა სინოდი 35 მოქმედი ეპარქიით, ათასობით ტაძრითა და მონასტრით, ასობით მღვდელმსახურით არის წარმოდგენილი. თუმცა დღესაც ურთულესი პერიოდი გვაქვს: არის დაპირისპირების მცდელობა როგორც უცხოეთიდან, ისე შიდა მტრებისაგან, მაგრამ კვლავაც უფლისა იმედი გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ ღმერთი გადაარჩენს საქართველოს და განამტკიცებს ჩვენს ერსა და ეკლესიას.

საქართველოს ეკლესია იყო, არის და იქნება გამაძლიერებელი და გამაერთიანებელი ძალა ქართველი ერისა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ მას და ვიზრუნოთ მისთვის, რადგან გაძლიერება ეკლესიისა _ გაძლიერებაა ქვეყნისა და ერისა.

თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს რუის-ურბნისის კრების 900 წლისთავს, სინოდის საგანგებო სხდომაზე, რომელიც ურბნისში გაიმართა, საქართველოს წმიდა სინოდმა ხუთი ახალი საეპისკოპოსო კანდიდატი გამოირჩია, მათ შორის არის მეუფე ექვთიმე.

დღეს ამ დიდებულ სვეტიცხოველში, მეუფეო წმიდაო, თქვენზე გარდამოვიდა მადლი ყოვლადწმიდისა სულისა _ უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი; ის მადლი, რომელიც შეგეწევა მღვდელმთავრის ჯვრის ტარებაში; ყოველთვის უნდა გახსოვდეს სიტყვები უფლისა, რომ `ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთ მიანიჭებს მადლსა~. თავმდაბლობითა და მორჩილებით თქვენ მოიპოვეთ ის მადლი, რომელიც დღეს გარდამოვიდა თქვენს ზედა. მთელი მსოფლიო დაიღალა ამპარტავნებით, ქედმაღლობით, როგორც წარსულში, დღესაც თქვენ უნდა იყოთ მაგალითი ქვეყნისა და ეკლესიის ერთგულებისა, მაგალითი თავმდაბლობისა და მორჩილებისა, მაგალითი თავდადებული მსახურებისა.

ამ წმიდა ტაძარში მიიღეთ მილოცვა წმიდა სინოდის, ჩვენი სამღვდელოებისა და ჩვენი ერის სახელით. ჩვენ ყველანი დღეს ვლოცულობდით თქვენი გაძლიერებისათვის, თქვენი სიცოცხლისათვის, რათა მრავალი სიკეთე მოუტანოთ საქართველოსა და მის ეკლესიას. ნიშნად სულიერი ძლიერებისა, თქვენ დღეს გეძლევათ ეს წმიდა კვერთხი მღვდელმთავრისა. მიიღეთ იგი და დალოცეთ ერი ჩვენი, რათა მშვიდობა, სიყვარული, სიხარული და მთლიანობა სუფევდეს საქართველოში, ქართველ ხალხში და საქართველოს ეკლესიაში, ამინ!

ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს!

ჩვენთან არს ღმერთი!~ (68, 2003, 8-9).

უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე ექვთიმე ეპარქიაში წარადგინეს ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), გორისა და სამთავისის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა). გურჯაანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მრევლი, რაიონის ხელმძღვანელობა შეხვდა ახლადნაკურთხ ეპისკოპოსს. მეუფე დავით ალავერდელმა აღნიშნა: "გვიხარია ყველას, მღვდელმთავრებს, სინოდის წევრებს, რომ შეგვემატა კიდევ ერთი ახალი მეომარი, მხედარი ქრისტესი, ძმა და მეგობარი, თანამწირველი, დარწმუნებული ვარ, რომ უხარია მთელ ერს, განსაკუთრებით ამ ეპარქიის მრევლს, რადგან მათ ჰყავთ ღვთივგამორჩეული მზრუნველი და წინამძღოლი, გილოცავთ ამ დღესასწაულს და ღმერთმა ინებოს, ერთი მწყემსი და ერთი სამწყსო იყოს ამ ეპარქიაში." (68, 2003,8-9).

მეუფე ანდრიამ აღნიშნა: "ეპისკოპოს ექვთიმეს ძალიან ბევრი საშრომი აქვს, სამკალი ფრიად არს და თქვენი თანადგომა აუცილებელია, ყველასი _ მამების, სამღვდელოების, მრევლის, მეუფე თავის ძალებს ნამდვილად არ დაიშურებს ამ ეპარქიისა და თქვენთვის. თქვენი თანადგომა, ერთგულება და სიყვარული იქნება ის ძალა, რომელიც მას გაამხნევებს და კიდევ უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. მეუფე ექვთიმემ თავისი გამოსვლა ასე დაიწყო: "დიდება უფალს! პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მეუფენო, ჩვენ ყველანი, ვინც ვსასოებთ უფალს, ერთი რამისათვის ვართ მომუშავენი. ამ საწუთროში ეს არის სულის ცხონება. ეკლესია არის სხეული ღვთისა, ჩვენ მისი სხვადასხვა ნაწილები ვართ, ერთმანეთს უნდა შევეწიოთ და ამ შეწევნით უნდა ვცხონდეთ. ეს არის უმთავრესი." (68, 2003,8-9).

მეუფე ექვთიმეს ღვაწლით ეპარქიაში მოქმედ 5 ეკლესიას (გურჯაანის, ველისციხის, ვაზისუბნის, ჩუმლაყის, კარდენახის) დაემატა გურჯაანის ყველაწმიდის მონასტერი, ვეჯინის მამათა და დედათა მონასტრები, ახალი ეკლესიები აშენდა კაჭრეთში, ვეჯინში. 2007 წლის 25 დეკემბერს მეუფე ექვთიმე დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.


ეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე)

ეპისკოპოსი ლუკა, ერისკაცობაში ვაჟა ფარნაოზის ძე ლომიძე, დაიბადა 1965 წლის 14 სექტემბერს თბილისში.

1982 წელს ვაჟა ლომიძემ დაამთავრა თბილისის N51-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში, 1984-1986 წლებში, იგი მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მან ინსტიტუტი დაამთავრა 1992 წელს. 1995 წლიდან ვაჟა ლომიძე ზედაზნის მამათა მონასტრის მორჩილია. 1997 წლის 16 მარტს დიდმარხვის პირველ კვირას მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ექვთიმემ მორჩილი ვაჟა ლომიძე ბერად აღკვეცა და უწოდა სახელად ლუკა. 1998 წლის 13 ივლისს, სვეტიცხოვლობას, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი ლუკა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის ნოემბერში სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად აკურთხა. მღვდელმონაზონი ლუკა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვრად დაადგინეს. 1999 წელს დავით გარეჯობის დღესასწაულზე უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მღვდელმონაზონ ლუკას იღუმენის, ხოლო ერთი წლის შემდეგ არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.

2003 წლის 28 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი ლუკა ეპისკოპოსად აკურთხა. არქიმანდრიტმა ლუკამ 27 აგვისტოს სიონის საპატრიარქო ტაძარში ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა:

"თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და უსამღვდელოესნო მეუფენო, მამანო, ძმანო, დედანო და დანო. მე ყოველთვის დიდი სიხარულითა და სასოებით მოველოდი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს; და მუდამჟამ ეს დღე მავსებდა სიხარულის განცდით, მაგრამ დღეს მდგომი მთელი სამწყსოსა და თქვენს წინაშე, სიონის წმიდა ტაძარში გამორჩეული მღვდელმთავრის მაღალი ხარისხის პატივზე, ჩემს გულში სიხარულთან ერთად მღელვარების განცდამ დაისადგურა იმ პასუხისმგებლობის გამო, რომელიც მარგუნა უფალმა, და ეს მღელვარება მრავლდება იმისა და გამო, რომ მე მერგო სამოღვაწეოდ ნინოწმიდის ეპარქია, ის მიწა, სადაც მოციქულთა სწორი, საქართველოს განმანათლებელი და წმიდა დედა სრულიად საქართველოსი მოღვაწეობდა და აღესრულა.

ღმერთის შეწევნით, მთელი ჩემი შესაძლებლობებით ვეცდები აღვასრულო ის ვალდებულება, რომელიც დამაკისრეთ თქვენ და წმიდა სინოდმა, თქვენო უწმიდესობავ და გიხდით უღრმეს მადლობას იმ დიდი ნდობისათვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩემდამი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და წმიდა ნინოს ვთხოვ მფარველობასა და შეწევნას თქვენი ლოცვით და შუამდგომლობით, რათა შემაძლებინოს ამ ნდობის გამართლება და კეთილი მოღვაწეობა.

გილოცავთ თქვენ, თქვენო უწმიდესობავ და ყველა აქ მდგომთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

ღმერთმა მეოხებით ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და წმიდისა დედისა ჩვენისა ნინოსითა და ყოველთა წმიდათა დაიფაროს და გააძლიეროს ეს ახლადშექმნილი ნინოწმიდისა და საგარეჯოს ეპარქია და სრულიად საქართველო თქვენი ლოცვითა  და წინამძღოლობით, ამინ." (68, 2003, 8-9).

ეპისკოპოსის წარდგინების წესი შესრულდა 27 აგვისტოს, სიონის საკათედრო ტაძარში. დასასრულს მისმა უწმიდესობამ ბრძანა:

"გილოცავთ მარიამობას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა იყოს მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსი. ასევე გილოცავთ ახალი ეპისკოპოსის კურთხევას; ეპისკოპოსის კურთხევა დიდი ისტორიული მოვლენაა, ყოველი მღვდელმთავარი შედის საქართველოსა და მისი ეკლესიის ისტორიაში. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ახალი ეპისკოპოსები თქვენი ლოცვითა და შეწევნით, იყვნენ ნამდვილი, ჭეშმარიტი მოძღვარნი ჩვენი ერისა, რამეთუ თქვენი შეწევნა და ლოცვები აუცილებლად საჭიროა.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ღმერთმა დაგლოცოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!" (68, 2003, 8-9).

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, 28 აგვისტოს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავრებთან _ ამბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან (მახარაძე), სამთავისისა და გორის ეპისკოპოს ანდრიასთან (გვაზავა) და გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოს ექვთიმესთან (ლეჟავა) ერთად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა არქიმანდრიტი ლუკა.

მეორე დღეს, 29 აგვისტოს მეუფე ლუკა ამბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან და გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოს ექვთიმესთან ერთად წმიდა დავით გარეჯელის ლავრაში ჩაბრძანდა. ამ დღეს ლავრის მოსალოცად ჩაბრძანდა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ-გიორგი შევარდნაძე. 1995 წლის 29 აგვისტოს მოეწყო ტერაქტი საქართველოს პრეზიდენტზე, რომლის დროსაც იგი უვნებლად გადარჩა. პრეზიდენტმა წმიდა მამა დავით გარეჯელის ლავრას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი გადასცა საჩუქრად. თავის მხრივ მღვდელმთავრებმა და მონასტრის მამებმა მას ხატი აჩუქეს. წმიდა სინოდის მღვდელმთავრებმა ლავრის მამებთან ერთად მისთვის სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. პარაკლისის შემდეგ პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს.

ამის შემდეგ საპატრიარქოს დელეგაცია საგარეჯოსაკენ გაემართა, სადაც საკათედრო ტაძარში მრევლი ახალ მღვდელმთავარს ელოდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წმიდა სინოდის მღვდელმ¬თავრებმა _ ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა), გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოს¬მა ექვთიმემ (ლეჟავა) და საგარეჯოსა და ნინოწმიდის ახლადნაკურთხმა ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლი¬სადმი. პარაკლისის შემდგომ მრევლს მიმართა ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა:

"ამ ისტორიულ ადგილზე გამორჩეული იქნა გარეჯის უდაბნოს ლავრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ლუკა, მღვდელმთავრად ნინოწმიდისა და საგარეჯოსი. დედა ღვთისმშობლისა და ღირსი მამების ლოცვით ზეცაში გადაწყდა მეუფის ამ ძველ ეპარქიაში წინამძღოლობა, ეს გვახარებს ჩვენ ყველას და ვიცი, თქვენ როგორ გიხარიათ, რადგან თქვენი დიდი ხნის ნატვრა ასრულდა _ ღვთისმშობლის კურთხევით. ახალ ეპარქიას ეპისკოპოსი ჰყავს. ღმერთმა ინებოს, ერთი მწყემსი და ერთი სამწყსო ყოფილიყავით.

გილოცავთ ამ დღესასწაულს!

დღეს ჩვენ ვიყავით გარეჯის უდაბნოში, სადაც გადავიხადეთ მცირე პარაკლისი. მას ესწრებოდნენ ქვეყნის პრეზიდენტი, ბატონი ედუარდ _ გიორგი შევარდნაძე, სახელმწიფო მინისტრი, ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე და კახეთის მხარის რწმუნებული, ბატონი ბიძინა სონღულაშვილი. აქ სოფელ უდაბნოში განახლდა და შეკეთდა სკოლის შენობა, ეს ძალიან კარგი საქმეა." (68, 2003, 8-9).

შემდეგ თავის მრევლს მიმართა ნინოწმიდისა და საგარეჯოს ეპისკოპოსმა ლუკამ:

"გილოცავთ ყველას დღევანდელ დღესასწაულს _ მარიამობას, ეს ტაძარიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა; მადლობა ღმერთს, უფალმა ასე ინება და მეც გუშინ მაკურთხეს ეპისკოპოსად; მადლობა უწმიდესს ამ დიდი ნდობისათვის და მადლობა მღვდელმთავრებს დახმარებისა და გვერდში დგომისათვის, მადლობა თქვენ შეხვედრისათვის, ყველას ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ამიტომ ამ ღვთის დიდებით განვასრულოთ ეს ცხოვრება და ისე წარვსდგეთ ღვთის წინაშე, რათა სასუფეველი დავიმკვიდროთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალ მარიამობას დაგასწროთ." (68, 2003, 8-9).

ამის შემდგომ ტაძარში მოსულ მრევლს მიმართა სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა), რომელიც ადრე საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოსი ბრძანდებოდა და რომელსაც დიდი სიყვარულით შეეგება მრევლი:

"გილოცავთ ყველას ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ გახარებულნი და ბედნიერნი; მინდა მოგილოცოთ მღვდელმთავრის დადგინება ახალ ეპარქიაში _ თქვენ იცით, რომ საგარეჯოს რაიონი ცალკე ეპარქიად ჩამოყალიბდა. მას ნინოწმიდისა და საგარეჯოს ეპარქია დაერქვა; მეუფე ლუკასაც იცნობთ, იგი წლების განმავლობაში გარეჯში მოღვაწეობდა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მეუფე ლუკას დიდი სურვილი და მონდომებაა, რომ აღორძინდეს ეკლესია და, რაც მთავარია, აღორძინდეს ადამიანის სული ღვთის ძიებაში. ღმერთს დაუახლოვდეს ადამიანი. ამ მონდომებით მოვიდა იგი ეპარქიაში. ამ მონდომებას უნდა შეუერთოთ თქვენი ერთგულება და სიყვარული." (68, 2003, 8-9).

ეპარქიაში მეუფე ლუკას დახვდა 6 მოქმედი ეკლესია და 1 მონასტერი. ამჟამად მოქმედია 3 მონასტერი. 8 ეკლესია, სადაც ღვთისმსახურებას ეწევა 5 მოძღვარი. 2007 წლის 25 დეკემბერს მეუფე ლუკა დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული)

ეპისკოპოსი ზენონი, ერის¬კაცობაში იმედა შოთას ძე იარაჯული, დაიბადა 1972 წლის 17 მარტს ქ. თბილისში. 1979-1989 წლებში სწავლობდა თბილისის საშუალო სკოლაში, 1989-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1993 წლის 14 აგვისტოს იმედა იარაჯული ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა აღკვეცა ბერად და სახელად უწოდა ზენონი. 1993 წლის 19 აგვისტოს ბერი ზენონი სამ¬თავროს დედათა მონასტრის ფერის¬ცვალების ეკლესიაში აკურთხეს იეროდიაკვნად, ხოლო 25 ოქტომბერს მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში _ მოძღვრად. 1994 წლის 25 თებერვლიდან უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მღვდელ-მონაზონი ზენონი ხელმძღვანელობდა სიღნაღის სასულიერო სასწავლებელს. 1994 წლის 10 ნოემბერს მას მიენიჭა იღუმენის წოდება, ხოლო 1995 წლის 2 აგვისტოს დაჯილდოვდა გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით. 1995 წლის 1 ნოემბრიდან იღუმენი ზენონი მსახურობდა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში რექტორის მოადგილედ (სასწავლებლის პანსიონის ზედამხედველად და სულიერ მოძღვრად) და ზნეობრივი ღვთისმეტყველების პედაგოგად.

1996-1997 წლებში იღუმენი ზენონი სწავლობდა რომის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1998 წლის 14 მარტს იღუმენი ზენონი დაინიშნა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მდივნად, ხოლო მოგვიანებით საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ. ამავდროულად, იგი მსახურობდა გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვრად, შემდეგ ლურჯი მონასტრის, ხოლო 2000 წლის 14 მარტიდან _ მთაწმინდის მამა-დავითის ეკლესიის წინამძღვრად. 2001 წლის 16 ივნისს, იღუმენ ზენონს ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ.

2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე გადაწყდა დმანისის ძველი ეპარქიის აღდგენა. ეპარქიის მღვდელმთავრად სინოდმა არქიმანდრიტი ზენონი გამოარჩია. 2003 წლის 30 აგვისტოს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავართა თანამსახურებით არქიმანდრიტი ზენონი ეპისკოპოსად აკურთხა. არქიმანდრიტმა ზენონმა თავისი სამღვდელმთავრო სიტყვა ასე დაიწყო:

"დიდი წინასწარმეტყველი მეფე დავითი ბრძანებს: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე."

ღმერთის უდიდესმა სიყვარულმა და მოწყალებამ ინება, დღეს მეც წარმომეთქვა ჩემი გულის სიღრმიდან ეს ღაღადისი და მეკითხა მისი სიდიადით შეძრწუნებულს `რაი მივაგო უფალსა?~ პასუხი ერთადერთია: არაფერი მაქვს მისაგებელი გარდა მადლიერებისა, უდიდესი პასუხისმგებლობით აღჭურვილი.

პასუხისმგებლობას დიდად მიმძაფრებს გააზრება იმისა, რომ მენდეთ. ის, რომ მენდეთ უფალში, მის სიყვარულში, თქვენს ერთგულებაში, წმიდა მართლმადიდებელი დედა-ეკლესიის სამღვდელმთავრო მსახურებაში.

დიდად ვსასოებ შემოქმედ ღმერთს, რომელიც ბოძებულ საზიდ ჯვართან ერთად იძლევა ძალას, მისი ღირსებით ტარებისა აღსრულებამდე.

მადლიერებითაა აღელვებული ჩემი სული, რომ ჩემს სიმდაბლეს არწმუნეთ სამწყსო ქრისტესმიერ დაბადებული, კურთხეული უძველესი დმანისის კათედრისა.

ქართველი ერის მოწამეობრივი ცხოვრების ეს მოკრძალებული მთხრობელი და შეუვალი კარიბჭე, რომელიც მოგეხსენებათ საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა საქართველოს მსხვილ სტრატეგიულ, ეკონომიკურ და სულიერ ცენტრს, არაერთხელ შექმნილა დამპყრობთა სამიზნე. მის მიწასა და მკვიდრთ მრავალჯერ განუცდია კაცთმოძულეობით აღსავსე მომხდურთა მძიმე კვალი. ქართლის ცხოვრების მატიანეში იგი ხომ მომასწავებელ ნიშანს წარმოადგენს, ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი მდგომარეობისა და ან პირიქით.

დმანისის სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ქვეშ, საუკუნოდ დაცულმა დმანელთა, არათუ გაუძლეს არაბთა, თურქ-სელჩუკთა, მონღოლთა, ოსმალო-სპასთა ხანგრძლივ შემოსევებს, ღირსეული მაგალითი უბოძეს შეუვალი სიმტკიცისა  მთლიანად ქართველ ერს. ყოველივე ეს მავალდებულებს თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მეუფენო, ძმანო და დანო, სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის თაღებქვეშ, სადაც 17 წლისამ შემოვდგი ფეხი და ღმერთის მოწყალებამ მიბოძა დღევანდელი დღე, განვაცხადო: ძლიერ მოისწრაფის მოშურნეობით ჩემი სული, ქრისტეში თქვენდა მსახურებად, დმანელნო.

ღრმად მწამს, ამ საპასუხისმგებლო მაღალ მსახურებაში, მხოლოდ ჩემი პირადი ძალები ვერ გახდებიან დასაბჯენი სვეტები. ამიტომ მოკრძალებით გთხოვთ: საქართველოს მაკურთხეველო უწმიდესო მეუფევ, შემეწიოთ და მარადის მომიხსენოთ თქვენს წმიდა ლოცვებში, რადგან ბრძანებს უფალი: "მართლისას ისმენს ყოვლისმპყრობელი."

მოგმართავთ თხოვნით მეუფენო თანადგომისათვის.

გთხოვთ ნება დამრთოთ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, შევთხოვო უფალს, - მრავალჟამიერ გაისმოდეს სამრეკლოს ზარივით მოგუგუნე თქვენი დიადი ხმა საუფლო კვართის, მირონმდინარე სვეტიცხოვლის წმიდათა-წმიდა საკურთხევლიდან, ქართველი ერის გასაერთიანებლად, მის საცხოვნებლად.

გთხოვთ ევედროთ უფალს, რათა მომმადლოს ნიჭი სულისა წმიდისა, რათა მარადის უთმობდეს ჩემი სული ნებასა ღმრთისასა, რადგან ბრძანებს სოლომონ ბრძენი: "მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი აღსრულდება." (68, 2003, 9).

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დმანისის ეპისკოპოსს მეუფე ზენონს მიმართა:

"თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, დმანისის ეპისკოპოსო ზენონ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ქრისტესმიერო ძმანო და დანო!

"დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან გზანი შენნი!" დღეს ხარობს დმანისის ეპარქია და ხარობს სრულიად საქართველო! მიუწვდომელია განგება ღვთისა და მიუწვდომელია საქმენი უფლისანი.

VI-VIII საუკუნეებში დმანისში უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. დმანისი არის ერთ-ერთი უძველესი, დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე კუთხე საქართველოსი. და რატომღაც ისე მოხდა, რომ იგი მიტოვებულია, მას აკლია ყურადღება. ისტორიულად ამ კუთხეს ყოველთვის ბევრი მტერი ჰყავდა, იგი ხელიდან ხელში გადადიოდა და ამიტომ ქართველი კაცი ვეღარ იცლიდა  ამ დიდებული, საოცარი ეპარქიისათვის.

ბოლო 25-26 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ დმანისსა და ბოლნისში ჩავდიოდით, უპირველესი ოცნება იყო, რომ ამ უძველეს ქალაქებს თავისი ეპისკოპოსი ჰყოლოდა, რომ აღდგენილიყო ის უძველესი კათედრა, რომელიც ასე ბრწყინავდა წარსულში თავისი სულიერებითა და გამოჩენილი მოღვაწეობით, თავისი მეცნიერებითა და ძალიან მაღალი კულტურით. და აი, დადგა დრო, მოვიდა ჟამი უფლის განჩინებისა და ჩვენ კი მისი უზენაესი ნება აღვასრულეთ.

საერთოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად ადამიანს ჰგონია, თითქოს რაღაცას აკეთებს, სინამდვილეში კი ყველაფერს უფალი აკეთებს. ყოველი გადაწყვეტილება ზეცაში მიიღება. ჩვენ კი მას მხოლოდ აღვასრულებთ.

მეუფე ზენონ, თქვენ დღეს უკვე არჩეული და ნაკურთხი ბრძანდებით დმანისის ეპისკოპოსად. არ უნდა შეგაშინოთ იმან, რომ დმანისში დღეს, სამწუხაროდ, ნაკლებობაა ქართველებისა და არ არის სათანადო პირობები, რომელიც მღვდელმთავარს ან სამღვდელო პირებს უნდა ჰქონდეს. ეს არაა პრობლემა, ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში აღდგება. მთავარია, არ უნდა დაიშუროთ თქვენი გონება და ენერგია ამისთვის და ყველაფერი მოწესრიგდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე, დმანისისა და ბოლნისის ეპარქიები იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ეპარქიები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა.

მეუფე ზენონ, თქვენ დღეს მიიღეთ დიდი მადლი სულისა წმიდისა. გახსოვდეთ, რომ იგი უნდა გააძლიეროთ თქვენში ლოცვით, სულიერი მოღვაწეობით, თავმდაბლობითა და მორჩილებით. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ, 25 აგვისტოს შესრულდა 40 წელი ჩემი ეპისკოპოსობისა. ახლა მახსენდება ჩემი ეპისკოპოსად კურთხევის დღე. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ დამარიგა: "ბოროტმა სულმა ძალიან დიდი ბრძოლა იცის ხოლმე ამ დროს და ამიტომ ლოცვა და სულიერი მოღვაწეობა უნდა გააძლიერო." ამ 40 წლის განმავლობაში რაც რამ საქმე მიკეთებია და იგი კეთილად დაგვირგვინებულა, _ ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით იყო. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანს ჰგონია, რომ იგი თავად უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებს, უკეთ გააკეთებს ყოველივეს, ან სულაც რადაა საჭირო ლოცვა-კურთხევა, როცა საქმე შეიძლება ისედაც გაკეთდეს _ ეს არ არის სწორი. ჩემი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, მორწმუნეებსა და ჩვენ მღვდელმთავრებს, სამღვდელოებას, რომ ყველაფერი კეთილად გვირგვინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამ საქმეზე გამოითხოვეთ ლოცვა-კურთხევა და ყოველივე თავმდაბლობითა და მორჩილებით აღასრულეთ. ხომ გახსოვთ ბიბლიიდან: "ამპარტავანსა ღმერთი შემუსრავს, ხოლო თავმდაბალსა მიანიჭებს მადლს."

მახსენდება ასევე ჩემი სტუდენტობის წლები. უკვე სასულიერო პირი ვიყავი და ეტყობა ამპარტავნება შენიშნა ჩემში უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ და რატომღაც რუსულად მითხრა, ეტყობა იმიტომ, რომ რუსეთში ვსწავლობდი: "Бог гордым противится, а смиренным даёт благодать." პატრიარქის ეს სიტყვები ყოველდღე მახსენდება. მართლაც, ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ამპარტავანთა ღმერთი შემუსრავს და მხოლოდ თავმდაბალთ მიანიჭებს მადლს.

ვისურვებდი, რომ მეუფე ზენონი, რომელიც ყველაზე უმცროსია მღვდელმთავართა შორის, იყოს მაგალითი თავმდაბლობისა და მორჩილებისა და უფალი მას მიანიჭებს დიდ წყალობასა და წარმატებებს. შემთხვევითი არაა, რომ დღეს არის ხსენება ქრისტოდულოსისა. ეს დიდი მეცნიერი, ფილოსოფოსი იყო. განსაკუთრებით კარგი მცოდნე იყო ისლამისა. მის ცხოვრებაში წერია, რომ ამ დიდმა მოღვაწემ მთელი ყურანი იცოდა ზეპირად არაბულ ენაზე. იგი თურმე მუსლიმებს ეკამათებოდა, უმტკიცებდა, რომ მხოლოდ ქრისტიანობაში, მართლმადიდებლურ სარწმუნოებაშია ჭეშმარიტება. ესეც ღვთის განგებით მოხდა, რომ დღეს მისი ხსენების დღეა და თქვენ იმ ეპარქიაში მიდიხართ, სადაც მრავლადაა მუსლიმები და გექნებათ მათთან შეხვედრა და საუბარი. გეწეოდეთ წმიდა ქრისტოდულოსი თქვენს მოღვაწეობაში. ახლა კი შევთხოვთ უფალს, რომ მადლი ღვთისა სუფევდეს თქვენ ზედა, მადლი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა იყოს თქვენი წინამძღვარი და მფარველი. მიიღეთ კვერთხი _ სიმბოლო მღვდელმთავრის მოღვაწეობისა და დალოცეთ დმანისის ეპარქია და სრულიად საქართველო.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. გილოცავთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი!" (68, 2003, 9).

დმანისის ეპარქია XIX საუკუნეში შედიოდა თბილისის, XX საუკუნეში მცხეთა-თბილისის, აგარაკ-წალკის და შემდგომ ბოლნისის ეპარქიაში, ხოლო 2003 წლის 18 აგვისტოს შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა ურბნისის საკათედრო ტაძარში რუის-ურბნისის საეკლესიო კრების იუბილესთან დაკავშირებით (900 წლისთავი) და ამ კრებამ სხვა კათედრებთან ერთად აღადგინა ისტორიული კათედრა დმანისის ეპარქიისა, რომელიც XVIII საუკუნის 50-იან წლებში იქნა გაუქმებული ქვემო ქართლის რეგიონში გამუდმებული შემოსევების შედეგად, მისი გაუკაცრიელების გამო.

1988 წელს აღდგენილ იქნა დმანისის სიონის საკათედრო ტაძარი და ეს იყო ერთადერთი ტაძარი, სადაც აღევლინებოდა მღვდელმსახურება.

2003 წლის 31 აგვისტოს, აღდგენილი კათედრის მღვდელმთავრად წმიდა სინოდმა დადგინა სვეტიცხოვლის არქიმანდრიტი ზენონი. იმავე წელს დაიწყო საეპისკოპოსო რეზიდენციის მშენებლობა, რომელიც 2005 წლისთვის დასრულდა.

პირველ რიგში, დაიწყო დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის მოწყობა: გაკეთდა კანკელი, ტრაპეზი, იატაკი, ამჟამად გაკეთებულია კელიები, აღდგენილი იქნა XVII საუკუნეში არსებული მამათა მონასტერი _ დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის, რომლის წინამძღვარია იღუმენი დოროთე ბარბაქაძე.

2003-2008 წ.წ. აღდგენილი იქნა ეკლესიები:

ქ. დმანისში _ წმ. გიორგის სახელობის, ნაქალაქარ დმანისში _ წმ. მარინეს სახელობის, სოფ. მაშავერაში _ წმ. გიორგის სახელობის, სოფ. ჯავახში _ წმ. გიორგის სახელობის, სოფ. საკირეში _ წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის, სოფ. გომარეთში _ წმ. გიორგის სახელობის, სოფ. სარკინეთში _ წმ. ბასილი დიდის სახელობის, სოფ. განახლებაში _ წმ. დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ასევე ამ სამრევლო ტაძრებთან ერთად, აღსდგა სამონასტრო ცხოვრება, კერძოდ ქცია _ ხრამის ხეობაში აღდგენილი იქნა ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი და ამჟამად იქ მამათა მონასტერია (VIII-IXII) _ წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი დიონისე გვიმრაძე.

ამჟამად მიმდინარეობს ქციის უბაში "რევაზაშენის" ბაზილიკის აღდგენა, რომელიც VIII-IX სს-შია აგებული და იქ დაგეგმილია დედათა მონასტრის დაარსება.

ასევე დაიწყება აღდგენითი სამუშაოები 1189-1209 წლებში აშენებული სამონასტრო კომპლექსისა "ლამაზი მონასტერი", სადაც შემორჩენილია ღვთისმშობლის ფრესკა და არქიტრავის ქვა, ასომთავრული წარწერით.

დმანისის ეპარქიის კურთხეული და წარმატებული მომავლის მომასწავებელ ნიშანს წარმოადგენს დმანისის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის აღმოჩენა 1586 წლის სიგელზე, მისი საშუალებით შესაძლებელი გახდა აღგვედგინა ხატი, რომელიც დაიწერა 2005 წლის დიდმარხვაში და 17 აპრილს თბილისის წმ. სამების ტაძარში აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, ამის შემდგომ ხატი დაბრუნებულია დმანისის საკათედრო ტაძარში (ხს. დღე 15/28 აგვისტო).

2005 წლის 23 დეკემბერს წმ. სინოდის სხდომამ განიხილა მეფე ვახტანგ III-ის (1302-1308) _ წმ. დემეტრე თავდადებულის ძისა და გიორგი ბრწყინვალის ძმის კანონიზირების საკითხი, (რომელიც დმანისის სიონში განისვენებს) და ვახტანგ III, როგორც სამშობლოსათვის თავდადებული, შერაცხილ იქნა წმიდა მოწამედ. შეიქმნა ხატი და დაიწერა ლოცვები, მისი ხსენების დღედ დადგინდა 10 დეკემბერი ძვ. სტ. (23 დეკემბერი ახ. სტილით).

ამჟამად საეპისკოპოსო რეზიდენციის ტერიტორიაზე დაწყებულია აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა.

მეუფე ზენონმა დმანისისა და ლორე-ტაშირის ისტორიულ ეპარქიას მიუძღვნა ფუნდამენტური გამოკვლევა "სამხრეთის კარიბჭე" (თბილისი, 2005 წ.), რომელშიც¬ მრავალრიცხოვანი საისტორიო წყაროების, მონოგრაფიებისა და სამეცნიერო პუბლიკა¬ციების ანალიზის საფუძველზე შესწავლილია ეპარქიის ტერიტორიაზე არსებული სიძველენი, ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები, ეპიგრაფიკული წარწერები, ისტორიული სოფლები და ნასოფლარები. ამ ნაშრომით მეუფე ზენონმა ქართველი საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქვემო ქართლის უძველესი და გამორჩეული ისტორიის მქონე ეპარქიის წარსული, აწმყო და მომავალი.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი ზენონი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე)

ეპისკოპოსი სპირიდონი, ერისკაცობაში გოჩა ოთარის ძე აბულაძე, დაიბადა 1950 წლის 14 ივნისს ქ. ზესტაფონში. 1967 წელს გოჩა აბულაძემ დაამთავრა ზესტაფონის N4-ე საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1967-1972 წლებში, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულ¬ტეტზე, ხოლო 1972-1976 წლებში _ უნივერსიტეტის ასპირანტურაში კიბერნეტიკის სპეციალობით. 1975 წლიდან ასპირანტი გოჩა აბულაძე აკადემიკოს ვ. ჭავ¬ჭანიძის ხელმძღვანელობით მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა კათედრაზე, 1976 წლიდან _ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრაზე. 1978-1979 წლებში გოჩა აბულაძე ქირურგიის ინსტიტუტის, ხოლო 1979 წლიდან სახალხო მეურნეობის მართვის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი იყო. აქ იგი ლექციებს უკითხავდა საქართველოს მთავრობის კაბინეტის თანამშრომლებს მართვის სისტემების მიმართულებით. XX საუკუნის 80-90-იან წლებში გოჩა აბულაძე აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ამხელდა ხელისუფლების ანტიქართულ, ანტიქრისტიანულ ქმედებებს. მისი აქტიური საქმიანობის შედეგი იყო ის, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო იძულებული გახდა გაეუქმნებინა რელიგიის რწმუნებულის აპარატი, სახელმწიფოსაგან ეკლესიისათვის დაწესებული ყოველთვიური გადასახადები.

1990 წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე), ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გოჩა აბულაძე აკურთხა დიაკვნად და სახელად უწოდა გრიგოლი. იგი განწესებულ იქნა ბათუმის საკათედრო ტაძარში. 1990 წლის 4 დეკემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, მიტროპოლიტმა კონსტანტინემ, დიაკონი გრიგოლი ჯიხეთის მონასტერში მღვდლად აკურთხა და სხალთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. 1991 წლის დასაწყისში ხულოში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელობა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაევალა მამა გრიგოლ აბულაძეს.

1991 წლის 25 ნოემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მღვდელი გრიგოლი დაინიშნა ბოდბის ეპარქიის წმიდა ნინოს მონასტერთან არსებული წმიდა ნინოს სახელობის და ხირსის წმიდა სტეფანე ხირსელის მონასტერთან არსებული წმიდა სტეფანე ხირსელის სახელობის სასულიერო სასწავლებლის რექტორად. მღვდელი გრიგოლი იმ დროიდან მსახურობდა წმიდა სტეფანე ხირსელის მონასტრის წინამძღვრად და ბოდბის წმიდა ნინოს მონასტრის ღვთისმსახურად. 1994 წლის იანვარში ქ. ზესტაფონში გაიხსნა წმიდა ნიკოლოზის სახელობის სასულიერო სასწავლებელი, რომელიც ამზადებდა სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებს და მოწყალების დებს. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მამა გრიგოლი დაინიშნა ამ სასწავლებლის რექტორად. 1994 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სიონის საკათედრო ტაძარში მღვდელ გრიგოლს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება და მიტრის ტარების უფლება მიანიჭა.

მამა გრიგოლის ინიციატივით 1995-1998 წლებში ზესტაფონის მოსწავლეთა ბანაკში ზაფხულობით ჩამოჰყავდათ საინგილოდან 100-150 ბავშვი და ერთი თვის განმავლობაში ასწავლიდნენ საქართველოს ისტორიას, ქართულ ლიტერატურას, ქრისტიანულ მრწამსს. 1997 წლის 25 თებერვალს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დეკანოზმა გრიგოლმა ზესტაფონში დააარსა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი. 2004 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დეკანოზ გრიგოლს დაავალა ჯავახეთში, ნინოწმინდაში, ბავშვთა სახლის შექმნა.

2006 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა დეკანოზი გრიგოლი ახლადშექმნილი სხალთის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია. 2006 წლის 22 დეკემბერს, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დეკანოზი გრიგოლი ბერად აღკვეცეს და სახელად სპირიდონი უწოდეს. 23 დეკემბერს მღვდელ-მონაზონ სპირიდონს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 24 დეკემბერს არქიმანდრიტი სპირიდონი უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოსად აკურთხა. 23 დეკემბერს არქიმანდრიტმა სპირიდონმა სამების საპატრიარქო ტაძარში წარმოთქვა სიტყვა:

"თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ! წმინდანო მღვდელმთავარნო! პირველ ყოვლისა, მადლობა უფალს და უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს და სრულიად საქართველოს წმიდა სინოდის მღვდელ¬მთავრებს, რომ მე, უღირსი, ღირსად გამომირჩიეთ სხალთის ეპარქიის მღვდელმთავრად. შიში მიპყრობს ამ ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინებისათვის, ეპარქიისა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა მტრის უღელქვეშ, ეპარქიისა, რომელშიც, როგორც თქვენ ბრძანეთ, უწმიდესო და უნეტარესო, პირველად აინთო ლამპარი ქრისტეს სიყვარულისა და იქცა განმანათლებლად სრულიად საქართველოსი. ეპარქიისა, რომელშიც დიდი ღვაწლია გაწეული, ჭეშმარიტად სამოციქულო ღვაწლი მაღალყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრის მიერ, რომელშიც ძალიან დიდი ღვაწლი გასწია მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა იობმა, სადაც დიდ ღვაწლს ეწევა სამღვდელოება. შიში მიპყრობს და მეშინის, მაგრამ უფალი ბრძანებს: "ამასა კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას".

ვსასოებ და იმედს მაძლევს საქართველოს ისტორია. როგორც საღვთო გარდამოცემა გვაუწყებს, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის აღმშენებლობაში სრულიად განსაკუთრებული როლი და დანიშნულება ერგო საქართველოს. მაცხოვრის წმიდა განგებულებით, თავად მის მოვლინებამდე დედამიწაზე, საუკუნეებით ადრე, მცხეთაში დაიმარხა წმ. წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის ხალენი, სიმბოლო სარწმუნოებრივი სიწმინდის უკომპრომისო დაცვისა. მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ საქართველოში წარმოიგზავნა მსოფლიოს ყველაზე აღმატებული სიწმინდე კვართი უფლისა, სიმბოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და განუყოფელი ეკლესიისა. როგორც წმინდა მღვდელმოწამე კვიპრიანე  კართაგენელი ბრძანებს, იმ ქვეყნის ეკლესიას, რომელიც კვართს ინახავს, უფლისაგან მიცემული აქვს განუყოფლობის ძალა და გაბრწყინებული ჩაბარდება უფალს მეორედ მოსვლის ჟამს. კვართის დაფლვით მცხეთაში ივერიის მიწა, უფლისმიერ წინასწარგანსაზღვრული, ღვთისმშობლის მამულად განიწმინდა და შეიქმნა წმიდა მიწა. მაცხოვრის ამაღლების და სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, ღვთის განგებით, წილისყრის შედეგად, ივერია გამოცხადდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრად.

არც ერთ ქვეყანას მსოფლიოში მსგავსი პატივი და სიწმიდე არ მინიჭებია და ქვეყანა და მიწა ესე პატივდებული და განწმენდილი უფლის კვართითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მადლით და გაპოხიერებული ასიათასობით ქართველის მოწამეობრივი სისხლით, დამარხულ არს უფლის მეორედ მოსვლის ჟამისათვის, რათა საყოველთაო აპოსტასიის დროს მთელ მსოფლიოს უქადაგოს და აჩვენოს მართლმადიდებლობის სინათლე და ჭეშმარიტება, დასტური იმისა, ნიშანი იმისა, რომ ივერიას ეს მისია ევალება ღვთისგან და რომ ის გაბრწყინდება, არის თავად საქართველოს ისტორია, რომ მცირერიცხოვანმა ერმა ღვთისმშობლის ძალითა და მადლით გაუძლო მსოფლიოს შემოსევებს და დღემდე მოვიდა.

დასტური და ნიშანი ივერიის ამ მისიისა და სასწაულისა არის მამათა გარდამოცემა, რომლის მიხედვითაც, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ჩამობრძანდება ათონიდან საქართველოში და გააბრწყინებს საქართველოს.

დასტური და ნიშანი ივერიის გაბრწყინებისა, ამ მისიისა, არის ჩვენ თვალწინ მიმდინარე პროცესები. ეკლესიის არნახული დევნისა და შევიწროების შემდეგ როგორ აღდგა საქართველოს წმ. ეკლესია. როგორც ნათქვამია, თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ჩაიბარეთ საქართველოს ეკლესია სუდარაგადაფარებული და დღეს ჩვენ ვხედავთ ამ საოცარ აღორძინებას.

მოსეს ლოცვით ისრაელი უფალმა ეგვიპტიდან გამოიყვანა. ისუ ნავეს, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და მეფეთა ლოცვით უფალი ისრაელს ტერიტორიებს, ბარაქას და კეთილდღეობას აძლევდა.

თქვენი ღვაწლითა და ლოცვით განხორციელდა ასობით ეკლესია-მონასტრის მშენებლობა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის, ფაქტიურად, ხელმეორედ მოპოვება და დამტკიცება, ათასწლეულის ტაძრის _ ყოვლადწმიდა სამების ტაძრის აშენება იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში აპოსტასიის პროცესები მიმდინარეობს. მოწმე თქვენი ლოცვის და მოღვაწეობის, ამ საოცარი სასწაულებრივი ძალისა, მე უღირსს და უძლურს სასოწარკვეთილება მიქრება და ვსასოებ, რომ თქვენი სასწაულებრივი ლოცვითა და მამობრივი მზრუნველობით, შემაძლებინებს უფალი და დედაღვთისმშობელი იმ საპასუხისმგებლო მისიის აღსრულებას, რომელიც თქვენი ლოცვა-კურთხევით დამევალა. მოწმე თქვენი მოღვაწეობის და ლოცვის საკვირველი ძალისა ვსასოებთ და გვწამს, რომ უფალი აღადგენს ქვედაკვეთებულ მამულს, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე.

დამლოცეთ, თქვენო უწმინდესობავ!" (68, 2007, 1).

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიულოცა მეუფე სპირიდონს ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება და წარმატებები უსურვა მას. ეპარქია, რომელიც მეუფე სპირიდონმა ჩაიბარა, მრავალი განსაცდელისა და პრობლემის წინაშეა. მთის აჭარა, ხულო, სხალთა ძირძველი ქართული კუთხეა, რომელსაც საუკუნეთა მანძილზე არბევდნენ მომხვდურნი. მათ მოახერხეს მოსახლეობის ნაწილის მაჰმადიანობაზე გადაყვანა. ასეთ ეპარქიაში მეუფე სპირიდონს დიდი ძალისხმევა და თავგანწირვა დასჭირდება თანამემამულეთა ნდობისა და დედაეკლესიისაკენ შემობრუნებისათვის. მეუფე სპირიდონის ღვაწლით ეპარქიაში ეწყობა სამეცნიერო კონფერენციები, რომელიც ეძღვნება საქართველოს ისტორიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემატიკას. 2009 წელს გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის "დიდაჭარობა" მასალები, რომელიც 578 გვერდს მოიცავს და იყოფა შემდეგ განყოფილებებად: ეკლესიის ისტორია (16 მოხსენება), საეკლესიო ლიტერატურა (9), ღვთისმეტყველება (2), ლიტერატურა (12), ისტორია (18), სოციოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორი (19), ენათმეცნიერება, ონომასტიკა, ლექსიკოლოგია (25), არქეოლოგია, წყაროთმცოდნეობა (11), ქართველები უცხოეთში (5), ხელოვნებათმცოდნეობა (2), სამართალი (3), მედიცინა (2), დოქტორანტებისა და მაგისტრანტების სტატიები (17). 2009/2010 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებას იწყებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი. ეპარქიაში ამოქმედდა არაერთი ეკლესია-მონასტერი, სასულიერო გიმნაზია, სასწავლებელი. მეუფე სპირიდონი უშრეტი ენერგიის ადამიანია. მას ისტორიული მისია აკისრია სხალთის ეპარქიაში და იგი წარმატებით გაართმევს თავს ცხოვრების ყველა გამოწვევასა და სირთულეს.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი სპირიდონი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

2010 წლიდან ხულოსა და სხალთის ეპარქიაში ქ. ხულოში გაიხსნა აბუსერიძე ტბელის სახელობის მრავაპროფილიანი უნივერსიტეტი, რომლის რექტორია ეპისკოპოსი სპირიდონი


ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე)

ეპისკოპოსი ეფრემი, ერის¬კაცობაში დავით მირიანის ძე გამრეკელიძე, დაიბა¬და 1975 წლის 24 ოქტომბერს ქ. ბათუმში. 1991 წელს დაამთავრა ბათუმის N2 საშუალო სკოლა. 1991-1996 წლებში სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1994 წლიდან იყო ბათუმის საკათედრო ტაძრის მსახური-სტიქარო¬სანი და მედავითნე. 1996 წლის 8 აპრილს აღიკვეცა ბერად, 6 მაისს ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა ხელი დაასხა დიაკვნად. 1996 წლის ნოემბრის თვიდან მსახურობდა ურბნისისა¬ და რუისის ეპარქიაში, 1997 წლის 7 აპრილს რუისისა და ურბნი¬სის მთავარეპისკოპოსმა იობმა ხელი დაასხა მღვდლად. 1997-1998 წლებში მსახურობდა იტრიის მიძინების მონასტერში, 1998-2004 წლებში იყო ქარელის ხარების ტაძრის ღვთისმსახური. 2000 წლის 25 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველ¬ოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით.

2001-2004 წლებში იყო ქარელის წმიდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის რექტორი. 2004-2006 წლებში იყო ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი. 2006 წლის 10 ნოემბერს დაჯილდოვდა გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით.

2006 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით გამორჩეულ იქნა ბოლნელ ეპისკოპოსად. 30 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად წარდგინების დროს არქიმანდრიტმა ეფრემმა შემდეგი სიტყვით მიმართა  უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს:

"თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,

ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულნო შვილნო!

"დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა!" საოცარია განგებულება და საიდუმლოება უფლისა, რომელსაც ადამიანის გონება ბოლომდე ვერასოდეს ჩაწვდება. განუზომელია მისი სიყვარული და სახიერება, უსაზღვროა მისი წყალობა. სწორედ ამ ღვთიური წყალობის საკვირველ გამოვლინებად მივიჩნევ დღევანდელ დღეს, როდესაც თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევითა და წმიდა სინოდის განჩინებით, მე უღირსსა ამას მომიწოდა უმაღლესი საეკლესიო მსახურებისათვის. ესოდენ მაღალი ნდობისა და გამორჩევის სანაცვლოდ მსურს, მთლიანად მივენდო უზენაესის ნებას და გულიდან გამომავალი გრძნობები წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებით გამოვხატო: "მადლობა უფალს ყველაფრისათვის!"

ვუწყი, რომ პატივთან ერთად კიდევ უფრო დიდია ტვირთი და მძიმეა ჯვარი მღვდელმთავრისა. ამიტომაც, ჩემთვის ამ მეტად მნიშვნელოვან წუთებში, ღვთის უსაზღვრო მადლიერებასთან ერთად მიპყრობს ძრწოლა იმ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე, რაც ამიერიდან მე დამეკისრება. წმ. გრიგოლ ხანძთელის თანახმად, "აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის". თუმცა მანუგეშებს ის, რომ ამქვეყნად სახიერი უფლის ნებაა ყოველივე და შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისათვის. სწორედ ამის მტკიცე რწმენას, აგრეთვე თქვენი ლოცვა-კურთხევისა და თანადგომის იმედს მინდობილი, ქედს ვიხრი წმ. სინოდის სულიწმიდისმიერი განჩინების წინაშე და თქვენი უწმიდესობის ხელიდან ვღებულობ კვერთხს სამწყსოდ ბოლნისის ეპარქიისა.

სასიხარულოა, რომ მსახურება მომიწევს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთ უძველეს ეპარქიაში, რომელიც ჯერ კიდევ V საუკუნეში დააარსა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა. მისი მდიდარი ისტორიული წარსულის მოწმეა ბოლნისის სიონის დიდებული საკათედრო ტაძარი, სადაც მისი პირველი მღვდელ¬მთავრით, დავით ეპისკოპოსით დაწყებული, არაერთი ღირსეული სასულიერო იერარქი მოღვაწეობდა. საქართველოს სამხრეთით მდებარე ეს რეგიონი იმთავითვე მტერთა აურაცხელი შემოსევების უპირველესი სამიზნე ხდებოდა და ჩვენს წინაპრებს მოწამეობრივად, სისხლისა და სიცოცხლის ფასად უხდებოდათ მამულისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვა. მიუხედავად ამისა, აქ საუკუნეების მანძილზე არაერთი დიდებული ეკლესია-მონასტერი აიგო, რომელთა უმრავლესობა დღეს აუცილებელ აღდგენასა და ამოქმედებას საჭიროებს.

ამ საპატიო და მძიმე ჯვრის ტვირთვაში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის შემწეობისა და თქვენი მამამთავრული კურთხევის იმედი მაქვს, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, აგრეთვე თქვენი გულითადი თანადგომისა, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო.

ვიცი, რომ ეს მაღალი ხარისხი ჩემი დამსახურება კი არა, არამედ უფლის წყალობაა. რამდენადაც დიდია მადლი მღვდელ¬მთავრობისა, იმდენად დიდი თავმდაბლობა, მორჩილება და სულიერი სიმშვიდეა საჭირო, რომ ადამიანმა ეს მადლი დაიტიოს. ამიტომაც გთხოვთ, მეოხ-მეყოთ თქვენი წმიდა ლოცვებით, რათა მოიღოს უფალმა ჩემ უღირსსა ზედა ეს სათნოებანი და `ძალითა მაღლისა~ შემეწიოს მისი სახიერი ნების აღსრულებაში.

დასასრულ, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველაფრისათვის, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, შევთხოვ უფალს მრავალჟამიერ ყოფილიყოს თქვენი მამამთავრული ლოცვა-კურთხევა ღვთისმშობლის წილხვედრ ქართველ ერსა და მის სამწყსოზე. მადლობას ვწირავ წმ. სინოდის მღვდელმთავრებს ნდობისათვის. მადლობას ვუხდი მეუფე იობს და მამა სტეფანეს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბებაში.

დაე, სიცოცხლის ბოლომდე სიხარულითა და მოწიწებით მამსახუროს უფალმა მისი ყოვლადწმიდა სახელის სადიდებლად, დედაეკლესიისა და ჩემი მშობლიური ერის საკეთილდღეოდ!

"იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე, ამინ!" (68, 2007, 1).

31 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავრების თანამწირველობით ეპისკოპოსად აკურთხა არქიმანდრიტი ეფრემი და შემდეგი სიტყვებით მიმართა მას:

"სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,

ყოვლადუსამღვდელოესო ბოლნისის ეპისკოპოსო ეფრემ,

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო!

ადამიანის გონება ვერ მისწვდება ღვთის განგებულებას, განგება ღვთისა აკეთებს თავის დიდ საქმეს და ჩვენ, ცოდვილი მონანი და მხევალნი ღვთისანი, თანაზიარნი ვართ ამ საქმეთა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დაგვავალა და, რაც მთავარია, გვანდო კეთილი საქმეების კეთება.

სულ სამი ათეული წლის წინ საქართველოს ეკლესია მეტად რთულ და გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო. მთელ საქართველოში სულ 52 ეკლესია მოქმედებდა. ეკლესია-მონასტრები დახურული და გაუქმებული იყო, მაგრამ ამასაც არ სჯერდებოდნენ და კვლავაც მოითხოვდნენ ეკლესიების დახურვას.

კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოში და მთელ საბჭოთა კავშირში ათასობით ტაძარი და მონასტერი დაიხურა. უნდა ითქვას, რომ საქართველოში განსაკუთრებით შეინიშნებოდა ეს ზეწოლა. მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა მთავრობაში გამოიძახეს უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II და გამოუცხადეს, კიდევ ერთი ეკლესია უნდა დავხუროთ, რადგან ჩვენც უნდა გავაკეთოთ იგივე, რაც მთელ საბჭოთა კავშირში ხდებაო. უწმიდესმა და უნეტარესმა შეშფოთებით ჰკითხა, მაინც რომელი ეკლესიის დახურვა გაქვთ განზრახულიაო. მას უპასუხეს, რომ მთაწმინდის მამადავითის ეკლესიაო. პატრიარქი ფეხზე წამომდგარა და უთქვამს: ვიდრე ცოცხალი ვარ, თქვენ ამას ვერ გააკეთებთო!

აი, ასეთი პერიოდი გამოიარა საქართველომ და უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ეკლესიამ გაუძლო ამ სიმძიმეს. თქვენ იცით, რომ იყო დრო, როცა მთელი წმიდა სინოდი იყო დაპატიმრებული, პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის (ხელაია) მისჯილი ჰქონდა დახვრეტა.

დღეს ჩვენ გვაქვს ათასობით მოქმედი ეკლესია და 37 ეპარქია. დღეს შედგა კურთხევა ეპისკოპოს ეფრემისა. იგი დადგინდა იმ ეპარქიაში, რომელიც დაარსებული იყო ჩვენი დიდი მეფის ვახტანგ¬ გორგასლის მიერ. 15 საუკუნეა, რაც ეს ეპარქია მოქმედია. დიდი მღვდელმთავრები მოღვაწეობდნენ იქ, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ დღეს ამ რეგიონში ცხოვრობს მრავალი არამართლმადიდებელი ადამიანი; ძალიან რთული ეპარქია და რთული რეგიონია. მეუფე ეფრემი წარმოშობით მთიანი აჭარიდანაა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ღვთის ძალა შეეწევა მას და იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაბრწყინდეს ბოლნისის ეპარქია. ამავე დროს, მე მას მივეცი ლოცვა-კურთხევა, რომ როცა მას თავისუფალი დრო ექნება, ჩა¬ვიდეს აჭარაში და იქაც იღვაწოს თავისი მშობლიური კუთხისათვის.

დღეს თქვენ მიიღეთ დიდი მადლი და ეს მადლი უნდა გაამრავლოთ, არ უნდა განაბნიოთ. ძალიან საყურადღებო სიტყვები წარმოთქვა ერთმა ბრძენმა და მინდა, ყველამ დაიმახსოვროთ: "შეიძლება, შენ დაკარგე ფული ან სიმდიდრე, მაშინ _ არაფერი დაგიკარგავს, რადგან ფული და სიმდიდრე შეიძლება კიდევ შეიძინო, შეიძლება შენ დაკარგე ჯანმრთელობა, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია, ხომ მაინც ცოცხალი ხარ, მაგრამ თუკი შენ დაკარგე მადლი, იცოდე, ყველაფერი დაგიკარგავს!" აი, ამაზე უნდა იფიქროს ყოველმა ჩვენგანმა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი სახელოვანი წინაპრების, ჩვენი წმიდა მამებისა და დედების ლოცვით არ დავკარგავთ მადლს.

მოგვიახლოვდა შობა-ახალი წელი. იგი ხვალ თენდება. ხშირად მეკითხებიან: რომელი უფრო სწორია, ახალი წლის ძველი სტილით აღნიშვნა, თუ _ ახლით? მინდა შეგახსენოთ, რომ ახალი წელი არის საერო დღესასწაული. საეკლესიო ახალი წელი დგება ძველი სტილით 1 სექტემბერს, რაც შეეხება საერო ახალ წელს, იგი არის ხალხის მიერ, საერო ხელისუფლების მიერ დადგენილი.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რა გავაკეთეთ წარსუ¬ლში და რა უნდა გავაკეთოთ მომავალში. არასდროს არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რასაც მივაღწიეთ სულიერ ცხოვრებაში თუ ყოფიერ ყოველდღიურობაში. ჩვენი მთავარი მიზანი და ზრუნვის¬ საგანი, უპირველეს ყოვლისა, მადლის მოხვეჭა უნდა იყოს, ის კი მოიპოვება რწმენით, სიყვარულით, სიხარულით, სასოებით, თავმდაბლობით, მორჩილებითა და კეთილი საქმით! აი, ეს ყველაფე¬რი უნდა გვახსოვდეს ჩვენ და ეს უნდა ახსოვდეს მეუფე ეფრემს.

ამაღამ და ხვალ ერთმანეთს ბედნიერებას ვუსურვებთ. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა არის ბედნიერება. შეიძლება ადამიანი მდიდარი იყოს, ჰქონდეს კეთილდღეობა, მატერიალური სიუხვე და ბედნიერი არ იყოს. მეორე მხრივ, კი ადამიანი, შეიძლება იყოს ღარიბი, მაგრამ იყოს ბედნიერი. თუ ადამიანში არის მადლი, ის მუდამ ბედნიერია!

შევთხოვოთ უფალს, რომ მადლი გაძლიერდეს ჩვენში, გაძლი¬ერდეს საქართველოში და ეს მადლი გაამთლიანებს საქართველოს!

როცა ჩვენ ვფიქრობთ იმ სიძნელეების შესახებ, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას, უნდა ვიცოდეთ, სად არის გამოსავალი და როგორ უნდა დავძლიოთ ეს სიძნელეები. ეს კი მიიღწევა რწმენით, სიყვარულითა და სასოებით. ეს სამი სათნოება არის ისეთი ძალა, რომელსაც ვერ აღუდგება წინ ვერავითარი ბოროტება!

დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მადლი გააძლიეროს თქვენში.

მეუფე ეფრემ, დღეს ჩვენი წინაპრები ლოცულობენ თქვენთვის, განსაკუთრებით, ბოლნისის მღვდელმთავრები და სამღვდელოება.

ჩვენ გაძლევთ თქვენ სამღვდელმთავრო კვერთხს; მიიღეთ ეს კვერთხი და დამწყსეთ სულიერნი ცხოვარნი, სულიერი სამწყსო, რომელიც ღმერთმა ჩაგაბარათ, რათა პირნათლად წარდგეთ წინაშე ღვთისა. დალოცეთ საქართველო და კურთხეული ქართველი ერი, რომელიც დღეს ლოცულობს თქვენთვის.

ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ბედნიერი და მშვიდობიანი ყოფილიყოს იგი სრულიად საქარ¬თველოსთვის!

ჩვენთან არს ღმერთი!" (68, 2007, 1).

ურთულეს ეპარქიაში შეუდგა მეუფე ეფრემი საქმიანობას. ისტორიული ძნელბედობის გამო უძველესი ეპარქია არაერთხელ იქნა დარბეული და განადგურებული. ის ფაქტი, რომ XVII-XVIII საუკუნეებში საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში არსებობდა თბილელ-ბოლნელის კათედრა, იმაზე მიანიშნებდა, რომ ბოლნელს აღარ ჰყავდა სამწყსო, მოქმედი ეკლესიები. მაგრამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები მაინც ცდილობდნენ ისტორიული ეპარქიის შენარჩუნებას. უკანასკნელი თბილელ-ბოლნელი მიტროპოლიტი იყო არსენი (ბაგრატიონი) XIX საუკუნის დასაწყისში... შემდეგ რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წყალობით ამ ისტორიულ პროვინციაში მრავლად ჩამოასახლეს გერმანელები, სომხები... დაირღვა დემოგრაფიული ბალანსი. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიები როგორც ოკეანეში კუნძულები, ისე იყო გარშემორტყმული არამართლმადიდებელ აღმსარებლობის მოსახლეობით. ეპარქიაში დარჩენილ ქართველებს ყოველთვის უჭირდათ როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად... უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით XX საუკუნის 70-80-იანი წლებიდან დაიწყო აგარაკ-წალკის და ბოლნისის ეპარქიების აღორძინების ძნელი პროცესი... ამ ამოცანის განხორციელება რეალურად მეუფე ეფრემის ეპარქიაში ჩასვლის შემდეგ დაიწყო. თუ რა გაკეთდა და რა გაკეთდება მომავალში ამაზე მეტყველებს შემდეგი მონაცემები. ამჟამად ეპარქიაში მოქმედი ტაძრებია:

1. ქვემო ბოლნისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი (ბოლნისის სიონი 494 წ.). წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონი (სულხანიშვილი).

2. ქ. ბოლნისის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XVI ს.). წინამძღვარი დეკანოზი საბა (გოგსაძე).

3. ქ. ბოლნისის ღვთისმშობლის სახ. ტაძარი. წინამძღვარი მღვდელი პეტრე (კვარაცხელია).

4. დაბა კაზრეთის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარი (XIII ს.). წინამძღვარი მღვდელი იაკობი (კობიაშვილი).

5. სოფ. რატევანის წმ. გიორგის სახ. ტაძარი _ შუა საუკუნეები¬. წინამძღვარი მღვდელი გელასი (ლაზარეიშვილი).

6. სოფ. რაჭისუბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი. წინამძღვარი მღვდელი იოანე (ჩიგოგიძე).

7. სოფ. ხატისოფლის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. წინამძღვარი მღვდელი დავითი (მესხი).

8. სოფ. ტანძიის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარი (XVII-XVIII ს.). მღვდელმსახურებას აღასრულებს სქიმღვდელმონაზონი ექვთიმე (შავდათუაშვილი).

9. სოფ. აკაურთის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარი (V ს.). წინამძღვარი მღვდელი ბასილი (ახვლედიანი).

10. სოფ. ბალიჭის ყოვლადწმიდა სამების სახ. ტაძარი. წინამძღვარი მღვდელი არჩილი (ქიტიაშვილი).


მონასტრები:

1. წუღრუღაშენის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერი, წინამძღვარი სერაფიმე (ჟღენტი).

2. ფოლადაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახ. მამათა მონასტერი, წინამძღვარი ბერდიაკვანი გრიგოლი (მიქელაძე) _ მორჩილი ლაშა.

3. ცურტავის წმ. ქეთევანის სახ. დედათა მონასტერი, წინამძღვარი მონაზონი სალომე (ირომაშვილი) _ მონაზონი ნატალია (ჟღენტი).

აღდგენითი სამუშაოები:

სოფ. ქვეშის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ამავე სოფ. ღვთისმშობლის სახ. ტაძრის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ქვ. ბოლნისის წმ. გიორგის სახ. ტაძრის, რომელიც თარიღდება V-VI ს.

მშენებარე ეკლესია-მონასტრები:

ბოლნისის რაიონში წმ. ელიას მთაზე მიმდინარეობს, წმ. მიციქ. პეტრეს და პავლეს სახ. ტაძრის მშენებლობა.

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II-სა და მიტროპოლიტ ანანიას ლოცვა-კურთხევით, ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი მეურვეობას უწევს ფიტარეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახ. ტაძარს, მისი ლოცვა-კურთხევით აქ დაარსდა მამათა მონასტერი (წინამძღვარი სქიმმღვდელმონაზონი ექვთიმე შავდათუაშვილი).

მონასტერი მდებარეობს თეთრი წყაროს რაიონში, მდ. ხრამის ხეობაში. მონასტრის გახსნა მოხდა 2007 წლის 17 ოქტომბერს. მონასტერში მოღვაწეობს 4 ბერი და 2 მორჩილი.

2008 წლის 1 ოქტომბერს ბოლნისში მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა იოანე ბოლნელის სახ. სასულიერო გიმნაზია, რომელსაც ხელმძღვანელია მღვდელი პეტრე (კვარაცხელია).

მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით აღადგინეს სახუნდარის ღვთისმშობლის ხარების მამათა მონასტერი (XVI-XVII). წინამძღვარი _ სქიმ-მღვდელ-მონაზონი გიორგი (ჯანდელიანი) და ორი ბერი და ორი მორჩილი _ ბერი ალექსი (პაპუაშვილი), ბერი კირიონი (დადვანი).

ასევე აღადგინეს XVII ს. იმერხევის 13 ასურელ მამათა სახელობის მამათა მონასტერი, სადაც მოღვაწეობს ბერი ნოე (ქობლიანიძე) და ბერი აბრაამი (ჩხაიძე).

ამოქმედდა ორხევის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტერი. წინამძღვარი სქიმ-მღვდელ-მონაზონი ილარიონი (მიქელაძე), ბერი დავითი (მეხრიშვილი), ბერი ნიკოლოზი (ჩხეტია).

სოფელ დისველში აშენდა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია და წინამძღვრად დაინიშნა სქიმ-მღვდელ-მონაზონი ანდრია (ნინუა).

აღადგინეს სოფელ ქვეშის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, წინამძღვრად დაადგინეს მღვდელი მიქაელი (დურგლიშვილი).

მეუფე ეფრემმა მღვდლად აკურთხა მღვდელი ნიკოლოზი (გაბიძაშვილი) და დაადგინა ქ. ბოლნისის ღვთისმ. შობის ეკლესია.

ფიტარეთის მამათა მონასტერი _ წინამძღვარი სქიმ-მღვდელ-მონაზონი ექვთიმე (შავდათუაშვილი), ბერ-დიაკონი ანდრია (არჯევანიძე), სქიმ-მონაზონი ბართლომე (ჭანტურია), ბერი საბა (ტატიშვილი).

მეუფე ეფრემმა დიაკვნად დაასხა ხელი დიაკონ ვახტანგს (ალთუნაშვილს).
ცურტავის წმ. ქეთევან დედოფლის სახ. დედათა მონასტერი: მონაზონი სალომე, მონაზონი დომნა (ხარაზიშვილი), მონაზონი ნატალია (ჟღენტი).

მეუფის რეზიდენციაში მოღვაწეობენ: მონაზონი მატრონა (სხირტლაძე), მონაზონი სესილია (შავდათუაშვილი), მონაზონი ქეთევანი (პატარაია), მონაზონი ნუნექია (ხმალაძე).

ბოლნისში ელიას მთაზე შენდება პეტრესა და პავლეს სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც მალე დასრულდება.

სასულიერო პირები:

1. დეკანოზი ბესარიონი (სულხანიშვილი)

2. დეკანოზი საბა (გოგსაძე)

3. დეკანოზი კვირიკე (გაბიძაშვილი)

4. მღვდელი იოანე (ჩიგოგიძე)

5. მღვდელი იაკობი (კობიაშვილი)

6. მღვდელი გელასი (ლაზარეიშვილი)

7. მღვდელი პეტრე (კვარაცხელია)

8. მღვდელი არჩილი (ქიტიაშვილი)

9. მღვდელი ბასილი (ახვლედიანი)

10. მღვდელი დავითი (მესხი)

11. სქიმღვდელმონაზონი გიორგი (ჯანდელიანი)

12. სქიმღვდელმონაზონი ექვთიმე (შავდათუაშვილი)

13. სქიმღვდელმონაზონი სერაფიმე (ჟღენტი)

14. ბერდიაკონი იოანე (ნინუა)

15. ბერდიაკონი ანდრია (არჯევანიძე)

16. ბერდიაკონი გრიგოლი (მიქელაძე)


ბერები:

ბერი ბარსანოფი (ჭანტურია)

ბერი საბა (ტატიშვილი)

 

მონაზვნები:

მონაზონი სალომე (ირომაშვილი)

მონაზონი მატრონა (სხირტლაძე)

მონაზონი სესილია (შავდათუაშვილი)

მონაზონი ნუნექია (ხმალაძე)

მონაზონი ნატალია (ჟღენტი)

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი ეფრემი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი)

ეპისკოპოსი იოანე, ერისკაცობაში გიორგი ვახტანგის ძე გამრეკელი, დაიბადა 1946 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში, ცნობილი მეცნიერ-ისტორიკოსის ოჯახში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის N41-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგიის ფა¬კულ¬ტეტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო ნოვოჩერკასკის გეოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც და¬ამთავრა 1969 წელს. 1970-1975 წლებში მუშაობდა ვალეს გეოლოგიურ ჯგუფში, 1975-1985 წლებში მუშაობდა თბილისის გეოლოგიურ სამმართველოში. 1983 წლიდან იგი სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანია. 1985-1988 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, 1987 წელს აკურთხეს დიაკვნად.

1988 წელს, მენელსაცხებელთა კვირას, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აკურთხა მღვდლად.

1988 წლიდან მსახურობდა ანჩისხატის ეკლესიაში. 1989 წლის იანვრიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში.

1989 წლის 8 თებერვალს დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერად და თბილისის სასულიერო აკადემიისა¬ და სემინარიის რექტორად. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში მოუხდა რექტორობა მამა გიორგის, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, პერმანენტული საპროტესტო აქციები ქმნიდა იმის საშიშროებას, რომ სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩაშლილიყო სასწავლო პროცესი, მაგრამ მამა გიორგიმ სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მოახერხა სასწავლო პროცესის შენარჩუნება. მამა გიორგიმ უწმიდეს¬სა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარ¬ქთან ერთად მთავრობის სასახლესთან გაატარა 1989 წლის 9 აპრილს დილა, როდესაც საბჭოთა არმიის ნაწილებმა მოაწყვეს მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეთა რბევა და ხოცვა-ჟლეტა.¬

1993 წლის 19 ივლისიდან პროტოპრესვიტერი გიორგი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით განთავისუფლდა აკადემიის რექტორობიდან და დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარედ. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში დაფუძნდა არაერთი მართლმადიდებელი სასწავლებელი, გიმნაზია, სასულიერო სკოლა, გარდა ამისა, საერო უმაღლეს სასწავლებლებში შეიქმნა რელიგიათმცოდნეობის კათედრები, რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტები. ასეთ დიდ საქმეს თან სდევდა ამ სფეროში გაუცნობიერებელ ადამიანთა მიერ ახალი სახელმძღვანელოებისა და პროგრამების შედგენა, რომელთა უმრავლესობა შორს იყო მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან. საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტმა მამა გიორგის ხელმძღვანელობით უდიდესი სამუშაო შეასრულა, რათა სასულიერო პროფილის სასწავლებლებში ქრისტიანული სწავლება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ დოგმებზე ყოფილიყო დაფუძნებული. პროტოპრესვიტერი გიორგი პრინციპული, პატრიოტი და მიუკერძოებელი პიროვნებაა. მან სავსებით სამართლიანად, არ გაიზიარა განათლების სფეროში მიმდინარე ის რეფორმები, რომელიც 2004 წლიდან ტარდება საქართველოში და რომელმაც საქართველოს განათლება დაიყვანა ინფორმაციულ მომსახურე პერსონალის მომზადების დონემდე, გამოაცალა მას ეროვნული და კლასიკური საფუძვლები...

1995 წელს პროტოპრესვიტერი გიორგი არჩეულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. მამა გიორგი ხელმძღვანელობს წმიდა წერილის ქართულ ენაზე მთარგმნელთა ჯგუფს. ჟურნალ "რწმენა და ცოდნას." კითხულობს ლექციებს სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2005 წლიდან უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად.

2007 წლის 21 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით. 2008 წლის 27 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით გამორჩეულ იქნა ცურტავის ეპისკოპოსად. 11 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) აღკვეცა ბერად და უწოდა სახელი იოანე. 14 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ შესრულდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამ სიტყვებით მიმართა მას: "ფსალმუნში ვკითხულობთ: "სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა". დღეს, როდესაც შედგა თქვენი კურთხევა, ყოვლადუსამღვდელოესო იოანე, შევთხოვეთ უფალს, რომ სული ღვთისა სახიერი იყოს აწ და მარადის წინამძღოლი თქვენი. ჭეშმარიტად, "დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი". დღეს აღსრულდა კიდევ ერთი კურთხევა მღვდელმთავრისა. ყოველი ეპისკოპოსის კურთხევა არის უდიდესი მადლი, უდიდესი სასწაული ღვთისა. თქვენ მრავალი წლის განმავლობაში იყავით მოძღვარი და პროტოპრესვიტერი საქართველოს ეკლესიისა. მინდა ვთქვა, რომ ეს იყო სამაგალითო სამსახური ღვთისა და ერის წინაშე და უფალმა გამოგარჩიათ თქვენ და დაგადგინათ ცურტავის ამ უძველესი ეპარქიის ეპისკოპოსად. უპირველეს ყოვლისა, მინდა თქვენი და ჩვენი სასულიერო პირების გასაგონად ვთქვა, რომ როცა ადამიანს მაღალი წოდება ეძლევა, მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის წყალობა ღვთისა და არა ჩვენი დამსახურება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ადამინს მაღალი წოდება ეძლევა, მას უნდა მოემატოს თავმდაბლობა და განცდა თვისთა ცოდვათა. თუკი თავმდაბლობა არ აღემატება მის წოდებას, მას გაუჭირდება მაღალი სამსახური. დღეს თქვენ ღმერთმა ჩაგაბარათ ცურტავის უძველესი ეპარქია იმისათვის, რომ აღადგინოთ იგი და ააღორძინოთ და გააბრწყინოთ ეს კუთხე, სადაც თქვენ იქნებით.

ჩვენ ურთულეს დროში ვცხოვრობთ. უფალმა ჩვენ უდიდესი გამოცდა გამოგვიგზავნა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გამოცდა და განსაცდელი ეძლევა იმ ერს და იმ ადამიანს, რომელიც უყვარს უფალს. ამიტომ ჩვენ სიყვარულითა და თავმდაბლობით უნდა მივიღოთ ეს განსაცდელი და უფალი ჩვენს მწუხარებას სიხარულით შეცვლის. ეს უნდა გვწამდეს ჩვენ, მუდამ უნდა გვქონდეს სარწმუნოება, სიყვარული და სასოება. და აი, ამ განსაცდელის დროს უფალმა გამოგარჩიათ თქვენ ეპისკოპოსად. ეპისკოპოსი არის პასუხისმგებელი არა მარტო მორწმუნეთათვის ღვთის წინაშე, არამედ ასევე მოძღვრებისათვის და უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისათვის. თუკი ადამიანმა თავის თავს ვერ უშველა, იგი ვერც სხვას უშველის. იმედი მაქვს, რომ თქვენ გაქვთ სათანადო გამოცდილება და თქვენს გარშემო, ღვთის მადლით, შემოიკრიბა მრავალი ბერი და მონაზონი. ბერობამ და მონაზვნობამ უნდა გადაარჩინოს საქართველო და ჩვენი ეკლესია! მინდა გითხრათ საკუთარი გამოცდილებიდანაც: რასაც სხვას გაუკეთებს ყოველი ადამიანი, იმას უგზავნის უფალი თავად მას. ე.ი. სჯობია შეწყალება, სჯობია შენდობა და ღმერთი თქვენც შეგიწყალებთ. თქვენ გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა-ლოცვა შეასრულოთ რუსთავის საკათედრო ტაძარში, რადგანაც რუსთავის მიტროპოლიტი ათანასე, დროებით ვერ აღასრულებს ღვთისმსახურებას და მის გამოჯანმრთელებამდე თქვენ იქ იქნებით მღვდელმთავარი. ახლა კი მე მინდა გადმოგცეთ ეს კვერთხი, რომელიც არის სიმბოლო ძალაუფლებისა და იქნება თქვენი საყრდენი ამ ცხოვრებაში. გახსოვდეთ, რომ ეს ცხოვრება არის გამოცდა, რომელიც ღვთის მადლით უნდა ავიტანოთ და ჩვენი ჯვარი ბოლომდე უნდა მივიტანოთ. მიიღეთ ეს კვერთხი და დალოცეთ სრულიად საქართველოს მრევლი!

თქვენ და სრულიად საქართველოს ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს არის საეკლესიო ახალი წელი. ახალ წელს მეუფე იოანემ მიიღო ეს მაღალი კურთხევა. იგი არის 37-ე მღვდელმთავარი, დიდება და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის! მე რომ ეპისკოპოსად მაკურთხეს, სულ 3-4 მღვდელმთავარი იყო. და აი, დღეს უკვე 37-ია. დიდება და მადლობა უფალს! ვილოცოთ, გვქონდეს იმედი და ვერავითარი მტერი ვერაფერს დაგვაკლებს." (68, 2007, 9).

ეპისკოპოსად გამორჩეულმა იოანემ ასე დაიწყო თავისი სიტყვა: "მეუფეო უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, "მომეც კადნიერებით სიტყუად, რომელიცა მნებავს, უფროსღა მასწავე მე, რაი ჯერ არს ჩემდა ქმნად და სიტყუად", რამეთუ გამომიყვანე მე ქვეყნისაგან დავიწყებულთასა, რომელსა შინა არიან მსხდომარენი "ბნელსა და აჩრდილთა სიკვდილისათა" და მომიყვანე მე ქუეყანასა ცხოველთასა, ქუეყანასა წრფელსა, სადა წმიდანი შენნი მკვიდრ არიან", და ვთქვი: "დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა", და მომიტევე მრავალნი ცოდვანი და უსჯულოებანი ჩემნი და განწმინდე მე საბანელითა წყლისათა და სულისათა და დამადგინე მე უღირსი და უდები მონა შენი მსახურებად წმიდისა საკურთხეველისა შენისა და მასწავე მე სიტყვა შენი: "ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" და "ყოველი, რომელი გინდეს თქუენ, რაითა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავთ მათდა მიმართ". და მოგეცეს თქუენ", და უმეტესი თხოვნისა მომეც მე; და სთქვი: "ეძიებდით და ჰპოვოთ" _ და უმეტესი ძიებისა მომეც მე; და სთქვი: "ირეკდით და განგეღოს თქუენ", და უმეტესი განმეღო მე. და მადლობისა შემწირველი აწ ვდგავარ წინაშე მამამთავრისა ჩუენისა ეკლესიისა და წინაშე მღვდელმთავართა მისთა და ვხმობ: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველი არიან საქმენი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლისა მიცემად საკვირველებათა შენთა". რამეთუ მრავალნი არიან ღირსნი მსახურებისა შენისა, ხოლო წყალობამან შენმან გამომირჩია მე, უღირსი, ხელთა უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილია II-ისათა; და თუ დიდი გრიგოლ ხანძთელი ამბობს: "პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის" როცა მასწავენ ჩუენ, უფალო: "არა ვითარ მე მნებავს, მამაო, არამედ იყავნ ნება შენი", რათა "წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო". და ვითხოვ კვალად შენდობასა და ცოდვათა ჩემთასა, რამეთუ "არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს" და ვითხოვ შეწევნასა მადლისა, შენისასა, უფალო, რამეთუ "შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელ არს შენ მიერ და ძალითა მადლისა სულისათა აღვასრულო ნება შენი, რათა გმადლობდე, გაკურთხევდე და გადიდებდე შენ და გიგალობდე: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ." (68, 2007, 9).

2009 წლის 1 ნოემბრიდან ეპისკოპოსი იოანე გადაყვანილ იქნა რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველად.


ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)

ეპისკოპოსი მელქისედეკი, ერისკაცობაში არკადი აბესალომის ძე ხაჩიძე, დაიბადა 1975 წლის 25 აპრილს ქ. ხაშურში. 1992 წელს და¬ამთავრა ქუთაისის 32-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1995 წელს სწავლა გააგრძელა გელათის სასულიერო აკადემიაში, ხოლო პირველი კურსის დახურვის შემდეგ სასწავლებლად გადავიდა ქ. თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1998 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და, იმ დროს თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორის, ამჟამად დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) შუამდგომლობით, სწავლა გააგრძელა საბერძნეთში, ქ. ათენის უნივერსიტეტში _ ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2003 წელს და ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

2004 წლის 3 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, აკურთხეს დიაკვნად და ეწოდა სახელი-მელქისედეკი, ხოლო იმავე წლის 12 აპრილს აკურთხეს მღვდლად. ორივე ხელდასხმა საბერძნეთში, ქ. ტრიკალაში, წმ. ბესარიონის სახელობის მონასტერში, შეასრულა დიავლიის ეპისკოპოსმა დამასკინოსმა. 2005 წლის 31 აგვისტოს, თბილისში, ფერისცვალების მამათა მონასტერში, ბერად აღკვეცა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა, ხოლო იმავე წლის 11 სექტემბერს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, აიყვანა იღუმენის ხარისხში.

2007 წელს, ქ. ათენის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ღვთისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, იმავე წელს ჩაირიცხა სადოქტორო პროგრამაზე. ათენში ყოფნის პერიოდში მსახურობდა სხვადასხვა ტაძრებში.

2008 წლის თებერვლიდან _ ივლისამდე, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის კურთხევით, მოღვაწეობა გააგრძელა ესპანეთში, ქ. არნედოს წმიდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში. ხოლო ივლისიდან, უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გადაიყვანეს თბილისში, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად.

2008 წ. 21 დეკემბერს, აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 2009 წლის 30 აპრილს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა გამოარჩია ჰერეთის ეპისკოპოსად. ხელდასხმა შესრულდა ამავე წლის 3 მაისს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. 2009 წლის 2 მაისს არქიმანდრიტმა მელქისედეკმა ეპისკოპოსად წარდგენისას სამების საკათედრო ტაძარში ასე დაიწყო თავისი გამოსვლა: "თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამანო, ძმანო და დანო. წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს: "დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი". ვუკვირდები ამ სიტყვებს და ვივსები უდიდესი მადლით, მართლაც, რა დიდია განგება უფლისა, რომელმაც გამომარჩია ამ მაღალი მსახურებისათვის. როდესაც შევიტყვე წმიდა სინოდის მიერ ჩემი მღვდელმთავრად გამორჩევის შესახებ, გული ერთდროულად მოიცვა დიდმა სიხარულმა და შიშმა..., გავკადნიერდები და მივმართავ დიდ ღირს მამას გრიგოლ ხანძთელს და მისივე სიტყვებით ვიტყვი _ "პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის".

მახსენდება ჩემი პირველი ნაბიჯები ეკლესიაში და ჩემი მოსვლა თბილისის სასულიერო სემინარიაში, პირველი შეხვედრა თქვენს უწმინდესობასთან, როდესაც გასაუბრებაზე მოსული, დაბნეულობისაგან სიტყვასაც ვერ ვამბობდი, დამამშვიდეთ, თქვენთვის ჩვეული თბილი და მადლიანი სიტყვებით და აღმავსეთ იმედით, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი.

უცხოობაში ყოფნის დროს, საბერძნეთში, ჩემი გული სავსე იყო სურვილით _ დავბრუნებოდი და გამოვდგომოდი ჩემს სამშობლოს და ვცხოვდრობდი ერთი შემართებით: "სადაც გინდ ვიყო, ჩემო სამშობლოვ, მე ვარ მტევანი შენი ვენახის". დიდია პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენი ლოცვა-კურთხევით, დედაეკლესიამ დამაკისრა, პასუხისმგებლობა ღვთისა, ეკლესიისა, ერისა და სამშობლოს წინაშე.

მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: "წარუდგინენით თავნი თქვენნი, ვითარცა ღვთის მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღვიძარებითა, მარხვითა და სიწმინდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმინდითა, სიყვარულითა შეუორგულებითა, სიტყვითა ჭეშმარიტებისაYთა, ძალითა ღმრთისაითა საჭურველითა მით სიმართლისაითა მარჯვენისაითა და მარცხენისაითა, დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა, ვითარ¬ცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი, ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი, ვითარცა მოსიკვდნი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ, ვითარცა სწავლულნი და არასიკუდილადნი; ვითარცა მწუხარენი, და მარადის გვიხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაი გვაქუს, და ყოველივე გვაქუს..." (II კორინთ. 6. 4-10).

ასე ესმოდათ და ხორცს ასხამდნენ საკუთარ ცხოვრებაში მსახურებას ქრისტეს მოციქულნი, ასევე იქცეოდნენ წმიდა მამანი და სხვანი მართალნი და ღირსეულნი მწყემსნი ქრისტეს ეკლესიისანი.

ვაცნობიერებ რა ყოველივე ამას, ვგრძნობ საკუთარ უმწეობას და დრო და დრო მომდის აზრი _ გავიქცე იონას მსგავსად, გავექცე ღვთის სახეს და მისგან ბოძებულ წილხვდომილებას; მაგრამ ვიცი, რომ წინასწარმეტყველი იონა დასჯილ იქნა დაუმორჩილებლობისა გამო და კურთხეულმა ღვთის მარჯვენამ მას მაინც აღასრულებინა ზეგარდამო ბოძებული მისია... აქედან გამომდინარე, წარმოვთქვამ ღვთისა და მაცხოვრის სიტყვებს: "ხოლო ნუ ნებაი ჩემი, არამედ ნებაი შენი იყავნ!"

ვიღებ რა ამ პატივს მღვდელმთავრობისას, ჩემს უმწეობას შევავედრებ მწყემსმთავარს ჩვენსას იესო ქრისტეს: "მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი, რომელი დაადგნეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15,5).

თხოვნით მოგმართავთ, მღვდელმთავარნო ქრისტესნო, შეავედრეთ უფალს და შემოქმედს ჩვენსას თქვენს წმიდა ლოცვებში ჩემი უღირსება, რათა გარდამოვიდეს ჩემზე სული წმიდა, რომელმაც წმიდა ორმოცდამეათე დღეს განანათლა მოციქულნი და მიანიჭა მათ ძალა, რომ აღესრულებინათ თვისი დიდი საქმეები და მეც განმანათლოს და განმაძლიეროს ჩემს საეკლესიო მსახურებაში, რომ არავისთვის არ ვიქცე საცდურად და მართალთა წარწყმედის მიზეზად, არამედ ვთქვა: "აი, მე და შვილნი ჩემნი, რომელნიც მიბოძე მე, უფალო".

მწამს უფლისა ღვთისა და შევთხოვ, რომ მუდამ მოწყალედ გამომიწოდოს ხელი უხილავ წინააღმდეგობათა დაძლევაში. "უკეთუ სმენით ისმინოთ ხმისა ჩემისა და ჰყოთ ყოველი, რომელთა გეტყვი თქვენ, ვემტერო მტერსა თქვენსა და წინააღმდგომთა თქვენთა, რამეთუ წარვიდეს ანგელოზი ჩემი წინამძღვრად თქვენდა" (გამოსვლათა 22. 22-23).

მე, მონა ღვთისა, ამ იმედით და უფლისმიერი სიყვარულით გამოვისახავ პირჯვარს და ვამბობ კრძალვით: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

ამ სიტყვებით ვიწყებ და ვამთავრებ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობას, ასე იყო ჩემი მოღვაწეობისას ესპანეთში _ ქალაქ არნედოში და აქაც, თქვენო უწმიდესობავ, სამების საკათედრო ტაძარში მსახურებისას. ამავე სიტყვებით შევუდგები შესრულებას ეპისკოპოსის მაღალი მოვალეობისას. მადლობელი ვარ ასეთი ნდობისათვის და გულანთებული შევღაღადებ უწმიდესი ტაძრის კედლებს _ "რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის რომელი ესე მომაგო მე." (68, 2009, 5).

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სვეტიცხოველში ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა:

"სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის დიდი დღესასწაული _ ხსენება მენელსაცხებლე დედათა და მათ შორის, _ ხსენება დიდისა მეფისა თამარისა. ამიტომ დღეს საქართველოსთვის დიდი დღესასწაულია. და აი, ამ დღეს სვეტიცხოვლის წმიდა ტაძარში იკურთხა ახალი ეპისკოპოსი ჰერეთისა _ მელქისედეკი.

ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავარო მელქისედეკ, წმიდა სინოდის სახელით, ჩვენი სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, გულითადად გილოცავთ. დღეს შენზე გადმოვიდა დიდი მადლი _ "უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი". დღეს ჩვენ ვლოცულობდით შენთვის, რათა პირნათლად აღასრულო შენი ვალი, რომელიც აღიღე დღეს წინაშე ღვთისა, ერისა და ეკლესიისა. რა არის ეპისკოპოსობა? წმინდა მამები ამბობენ, რომ ეპისკოპოსი არის მოწამე, მას უნდა ჰქონდეს მოწამეობრივი ცხოვრება; ეპისკოპოსი არის წინამძღოლი და მამა თავისი მრევლისა.

უკვე დიდი ხანია ჰერეთი უპატრონოდ არის დარჩენილი და დღეს ეღირსა მას მღვდელმთავარი, "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!"

მეუფე მელქისედეკ, დღეს უფალმა გადაწყვიტა შენი კურთხევა ეპისკოპოსად ჰერეთისა. მრავალ წმიდა ადამიანს უღვაწია და უცხოვრია ჰერეთის წმიდა მიწაზე; მრავალი სიწმიდე არის იქ. მეუფეო, შენ უნდა აღადგინო სულიერება ამ მხარეში, აღადგინო ეკლესია-მონასტრები. ვფიქრობ, ის მეგობრული ურთიერთობები, რომელიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, კიდევ უფრო განმტკიცდება.

მეუფე მელქისედეკ, შენ დაამთავრე საბერძნეთის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი და რამდენიმე წელი იღვაწე საბერძნეთში. მოხარული ვარ, რომ დღეს შენს კურთხევას ესწრება საბერძნეთის ელჩი, რომელსაც მე გულითადად მივესალმები.¬

ღმერთმა ძალა მოგცეს, მეუფეო, ღმერთმა მაღალი სულიერება და სიბრძნე მოგანიჭოს, რათა აღასრული შენი მოვალეობა, ამინ.

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფე მელქისედეკ, მიიღე კვერთხი ესე, რომელიც არის სიმბოლო სულიერი ძლიერებისა და დამწყსე ცხოვარნი შენნი, მრევლი შენი და ღმერთი იქნება შენი შემწე!

მინდა დღეს კიდევ ერთი სიხარული გაუწყოთ. კვიპროსის კიკოს მონასტრიდან არქიმანდრიტმა აღათონიკმა ჩამოაბრძანა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი და წმიდა ნინოს ნაწილები. გულითადად მივესალმები მას და მადლობას ვწირავ ამ დიდი ძღვენისთვის. ჩვენი დიდი სასოებით ვლოცულობთ ამ სიწმინდეების წინაშე.

მამა აღათონიკ, გვინდა ჩვენც მოგართვათ საჩუქრად ხატი. ეს არის საქართველოში შესრულებული წმინდა თომა მოციქულის ხატი. გადმოგცემთ მას თქვენი მონასტრისთვის. ეს ხატი იქნება თქვენი მფარველი და ჩვენთვის მლოცველი.

დღეს არის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი დღე _ დალოცვა ჯოჯუების გვარისა. ბედნიერია თქვენი გვარი, რადგან მღვდელმთავარი აღიზარდა თქვენს გვარში. მრავალი გამოჩენილი ადამიანი გყოლიათ გვარში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ. გამრავლდით, მრავალი შვილი იყოლიეთ. ქართველ კაცს 7 და მეტი შვილი უნდა ჰყავდეს, _ 7 შვილის ყოლა აუცილებელია.

ღმერთმა დალოცოს სოხუმში, თბილისში, რუსეთსა და მთელ მსოფლიოში მცხოვრები ჯოჯუები.

კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი! (68, 2009, 5).

დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიაში ახალი მღვდელმთავრის წარდგინება მოხდა 2009 წლის 20 აგვისტოს. უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიულოცა მრევლს ახალი ეპისკოპოსის დადგინება და გამოთქვა იმედი, რომ ისინი დაეხმარებიან მას პირველ სიძნელეთა დაძლევაში. ახლადშექმნილ ეპარქიას დედოფლისწყაროში გადაეცა რეზიდენცია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება ისტორიულ ჰერეთს (საინგილოს), აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე მისმა უწმიდესობამ 2009 წლის 6 ნოემბერს დააყენა საკითხი ბაქოში მართლმადიდებლური ქართული ეკლესიის აშენებისა და ჰერეთის ეპარქიის რეგისტრაციაში გატარებისა, რაზედაც პრეზიდენტისაგან თანხმობა მიიღო.

ამჟამად ეპარქიაში მოქმედია 12 ეკლესია და 1 მონასტერი.


ეპისკოპოსი იოასაფი (ჯავახიშვილი)

ეპისკოპოსი იოასაფი, ერისკაცობაში თავადი ვლადიმერ დავითის ძე ჟევახოვი, 1874 წლის 24 დეკემბერს პოლტავის გუბერნიის ქალაქ პრილუკაში დაიბადა. ის ეკუთვნოდა თავად ჯავახოვების ძველი ქართული სახლის რუსულ შტოს, რომელიც თავის მამამთავრად იაფეტის შვილიშვილს, კავკასიის პირველ მფლობელსა და ქართველთა მამამთავარ ქართლოსს მიიჩნევენ. XVIII საუკუნეში თავადმა შიო (სიმონ) ჯავახოვმა, რომელიც თავის თანმხლებებთან ერთად მეფე ვახტანგის ამალაში შედიოდა, საქართველო დატოვა. 1738 წელს ის რუსეთის ქვეშევრდომი გახდა და სათავადო მიწა მიიღო ნოვოროსიისკის (შემდგომში პოლტავის) გუბერნიის კობელიაკის მაზრაში. სწორედ მან დაუდო სათავე ძველი თავადური სახლის რუსულ შტოს, რომელმაც სლავური ტრანსკრიფციით ჟევახოვის სახელწოდება მიიღო.

ვლადიმერის ბავშვობის წლებმა საგვარეულო მამულ ლინოვიცაში გაიარა, რომელიც მამამისს, პოლტავის გუბერნიის პირიატინის მაზრის თავადს, დავით დიმიტრის ძე ჟევახოვს ეკუთვნოდა. იგი დიდებულებისაგან იყო არჩეული და კიევში მსახურობდა, სადაც დედას, ეკატერინე კონსტანტინეს ასულს, ქალიშვილობის გვარით ვურფერტს, საკუთარი სახლი ჰქონდა. მისი წინაპრები ენათესავებოდნენ გორლენკოების საგვარეულოს, რომელმაც რუსეთს დიდი წმიდანი და სასწაულთმოქმედი იოასაფ ბელგოროდელი მისცა. სწორედ ამ კეთილმორწმუნე ქალმა დათესა მომავალი მოწამის გულში კეთილმსახურების მარცვალი. ის ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისა და ახლობლის მიმართ, რომელსაც ასე უხვად აფრქვევდა ბელგოროდელი წმიდა მამა, უხილავი ძაფებით თაობების შემდეგ მისთვის უსაყვარლესი ადამიანის _ დედის მეშვეობით გადაეცა ვლადიმერს. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეაფასეს გარშემომყოფებმა მიცვალებული ქალბატონის უსაზღვრო თანმდაბლობისა და მორჩილების უნარი.

ჯავახიშვილების ოჯახში ოთხი ბავშვი იყო: ვლადიმერი, ტყუპისცალი ძმა ნიკოლოზი (შემდგომში სასულიერო მწერალი და უწმიდესი სინოდის ობერ-პროკურორის უკანასკნელი მეგობარი) და ორი ქალიშვილი _ ლუბა და ბარბარე. ეკატერინე კონსტანტინეს ასულს სრულიად ჰქონდა შეგნებული თავისი დედობრივი ვალდებულება და მთელ თავს თავგანწირვით უძღვნიდა შვილების აღზრდის მძიმე ჯვარს. იგი რამდენადაც ღრმად განიცდიდა თავისი შვილების განსაცდელებსა თუ საწუხარს, იმდენად გულგრილი იყო მათი სიხარულის მიმართ: ის არათუ არ ინტერესდებოდა შვილების წარმატებებით, არამედ ზუსტადაც კი არ იცოდა რა თანამდებობები ეკავათ მათ. შეიძლება ამ გულგრილობას მიწიერ წარმატებათა და სიხარულთა წარმავლობის შეგძნება ედო საფუძვლად, შეიძლება იმ აზრს გამოხატავდა, რომ სიხარული აფუჭებს ადამიანის სულს. მისი ყურადღება მხოლოდ შინაგან სულიერ კულტურასა და მსოფლმხედველობის სულიერი საფუძვლების განვითარებისაკენ იყო მიპყრობილი, ამგვარად, პირადი მაგალითით იგი თითოეული შვილის ბუნებაში დებდა მოვალეობებისა და ზნეობრივი პასუხისმგებლობის მაღალ ცნობიერებას და ავითარებდა ღმერთისა და მოყვასის მიმართ ვალდებულების რელიგიურ განწყობასა და შეგნებას.

1899 წელს ვლადიმერი კიევის წმიდა ვლადიმერის სახელობის უნივესიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებს. ამ დროიდან მას კარიერა გარანტირებულიჰქონდა. 1900 წელს იგი კიევის სასამართლო პალატაში იწყებს მუშაობას, სადაც მას თორმეტი წლის განმავლობაში ირჩევდნენ საპატიო საჯარო მოსამართლედ, რაც მის მიმართ უბრალო ხალხის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს. 1913 წლის 9 იანვრიდან `სამოქალაქო უწყებისადმი უმაღლესი ბრძანებით~ კოლეგიის ასესორ თავად ჯავახიშვილ-ჟევახოვს კიევის საგუბერნიო მმართველობის უფროს მრჩევლად ნიშნავენ. 1908 წლიდან ვლადიმერი მომავალი მიტროპოლიტის, მაშინ მღვდელმონაზონ ნესტორის (ანისიმოვი) მიერ დაარსებული კამჩატკის მართლმადიდებლური ძმობის წევრ-დამფუძნებელია, ამავდროულად ის არის იმპერატრიცა მარია თეოდორეს ასულის მფარველობის ქვეშ მყოფი მართლმადიდებლური მისიონერული საზოგადოების ნამდვილი წევრი და კურსკის ღვთისმშობლის სასწაულის სამისიონერო-საგანმანათლებლო საზოგადოების საპატიო წევრი. 1909 წლიდან თავადი ვლადიმერ ჯავახიშვილი-ჟევახოვი კიევის საქველმოქმედო საზოგადოების ნამდვილი წევრია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი უბრალო ფორმალობა ან მოდას აყოლა არ ყოფილა. ქველმოქმედება ცხოვრების ბოლომდე იყო მისი ხასიათის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგაც კი, როცა თვითონ თავადიც და მისი ახლობლებიც დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდნენ, მას არ შეუწყვეტია კიევის მრავალი მონასტრისათვის ფულითა და პროდუქტებით დახმარება, რომლებიდანაც ახალ ხელისუფლებას ეს უკანასკნელი აქტიურად გაჰქონდა.

ქველმოქმედებამ და სამონასტრო სავანეებზე ზრუნვამ 1911 წლის 22 ოქტომბერს თავადი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე კიევში მდებარე იონინის მამათა მონასტრის წმიდა სამების ტაძარში მიიყვანა. აქ მან იღუმენი ვალენტინი (კოროტენკო) გაიცნო, რომელმაც მას პირველმა მოუთხრო ზვერინეცკის ახლადგახსნილი ძველი მღვიმური მონასტრის შესახებ. ამ დღიდან მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაიშალა. ვლადიმერმა გულწრფელად, მთელი სულით შეიყვარა ზვერინეცკის მღვიმეები და ძალას არ იშურებდა მათ ადგილას მონასტრული ცხოვრების აღორძინებისათვის. სამწუხაროდ ამ ღვთივსათნო საქმის წამოწყებისთანავე უამრავი წინააღმდეგობა წარმოიშვა. მიწა, რომელზეც ზვერინეცკის მღვიმეები მდებარეობდნენ, სამხედრო უწყების მემამულეთა საინჟინრო სამმართველოს ეკუთვნოდა და მონასტრისათვის მის გადაცემას დრო დასჭირდა. მაგრამ, ჯავახიშვილ-ჟევახოვის ენერგიის, ენთუზიაზმის, მისი პირადი და სამსახურეობრივი კავშირების დახმარებით გამოქვაბულების ზემოთ მდებარე მიწის ნაკვეთის არენდით აღება მოხერხდა. მას შემდეგ, რაც კიევისა და გალიცის მიტროპოლიტ ფლაბიანესაგან (გოროდეცკი) ლოცვა-კურთხევა გამოითხოვა, ვლადიმერ დავითის ძემ თავისი პირადი სახსრებით, "ყოველგვარი ძალისხმევის მოშველიებითა და შესაძლებლობების დაუნანებლად" _ როგორც ამას თვითმხილველისაგან ვიგებთ, არქეოლოგიურ გათხრებს გაუკეთა ორგანიზება, ნათელი მოჰფინა მართლმადიდებლობის გავრცელების გარიჟრაჟზე დაარსებულ კიევის რუსეთში ერთ-ერთი პირველი მონასტრის ამ დრომდე დავიწყებულ მოღვაწეთა ცხოვრებას. მალე მღვიმეებში ზვერინეცკის სკიტი დაარსდა, რომლის წინაძღვრადაც იღუმენი ვალენტინი, ხოლო საპატიო მზრუნველად ვლადიმერ ჯავახიშვილი-ჟევახოვი დაინიშნა.

1912 წელს თავადმა დააარსა ფონდი, რომლის მეშვეობით მოხერხდა მღვიმის ზემოთა ტაძრის ასაშენებლად საკმარისი სახსრების მოძიება და მშენებლობის დაწყება. უკვე 1913 წლის 1 დეკემბერს იკურთხა ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელზე, ხოლო 1914 წლის 29 აგვისტოს ეკვდერი აკურთხეს თავადის საყვარელი წმიდანის _ იასაფ ბელგოროდელის სახელზე. ეკლესიის მამასახლისის მოვალეობას პირადად თავადი ჟევახოვი ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ ბელგოროდელი წმიდანის ნათესაობის გამო ძმებმა ნიკოლოზ და ვლადიმერ ჯავახიშვილ-ჟევახოვებმა დიდი შრომა გასწიეს თავისი სახელგანთქმული წინაპრის სახელის საეკლესიო უკვდავყოფისათვის, რაც 1911 წელს შედგა. 1915 წელს კიევში გამოქვეყნდა ვლადიმერ ჟევახოვის წიგნი "წმიდა იოასაფი, ბელგოროდისა და სრულიად რუსეთის სასწაულმოქმედი (1705-1754), მისი ყოველსაათობრივი ლოცვა (მოკლე კომენტარები), წმიდანის ცხოვრების აღწერილობით შევსებული მე-3 გამოცემა". წიგნი ღვთისმოშიშებითა და დახვეწილი ლიტერატურული ენით არის დაწერილი და როგორც იოასაფ ბელგოროდელის თანამედროვე ბიოგრაფები აღნიშნავენ, მას დღესაც არ დაუკარგავს თავისი შემეცნებითი ღირებულება.

მალე წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის ძველი მღვიმის მონასტერი მომლოცველთა საყვარელ ადგილად იქცა. აქეთ მოეშურებოდნენ უბრალო ადამიანები და ინტელიგენტები, `ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი~ ციმბირიდან, არხანგელსკიდან, კავკასიიდან _ მაშინდელი რუსეთის ყველა ბოლოდან. ყველამ, ვინც მონაწილეობას იღებდა მის აღორძინებაში, არაერთხელ დაიმსახურა ყურადღება და სახელმწიფო ჯილდო. მეტად ღირსსახსოვარია 1914 წლის 23 აპრილს მომხდარი ამბები, როცა უზარმაზარი რაოდენობის სამღვდელოებამ და ხალხმა საზეიმო სვლა მოეწყო, მათ კიევო-პეჩორის ლავრიდან მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მიერ შეწირული საწინამძღვრო ჯვარი და ყოვლისმპყრობელი უფლის ხატი გადაჰქონდათ ახალგახსნილ კიევო-ზვერინეცკის მღვიმეების ეკლესიაში.

ვლადიმერ ჯავახიშვილ-ჟევახოვის ბიოგრაფიის ცალკე ფურცელს წარმოადგენს მონასტრების მოწყობისა და ტაძრების აშენებისათვის გაწეული ზრუნვა. ზვერინეცკის მღვიმეებზე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის აგებისა და ამ წმიდა ადგილზე ყოველთა მონანულთა სკიტის მოწყობის გარდა თავადმა ვლადიმერ ჟევახოვმა კიდევ ერთ ახლადაღორძინებულ უწმიდესის (пречистыя) სახელობის სკიტს გაუმართა ხელი. ეს სკიტიც ძველი მღვიმეების ადგილზე იყო აშენებული, რომლებსაც ღირსი თეოდორე პეჩორელის სახელი უკავშირდებოდა. ღირსი თეოდორე დიდმარხვის დღეებში ამ მღვიმეებში განმარტოვდებოდა ხოლმე და ყოველგვარ ამსოფლიურ საზრუნავს მოშორებული ლოცვით მიუყვებოდა სულიერი აღმასვლის კიბეს.

ეკლესიისათვის დახმარების საქმეში დიდი დამსახურებისათვის კიევის გენერალ-გუბერნატორმა ორჯერ დააყენა თავად ჟევახოვის კამერ-იუნკერის საკარისკაცო ტიტულით დაჯილდოვების საკითხი, რაც რაღაც მიზეზების გამო არცერთხელ არ მოხერხდა. თუმცა კი ვლადიმერ ჟევახოვი კვლავ მისი საყვარელი მღვიმის სკიტზე ყოველდღიურ საზრუნავში იყო ჩაფლული, ამის მიუხედავად მიწიერ სიამეთა გარემოცვაში მიმდინარე მისი ცხოვრებისათვის უცხო იყო ამქვეყნიური დიდება და გატაცებები.

ვლადიმერმა ჭეშმარიტად მთელი გულით მიანდო ერთადერთ ღმერთს ყველა საზრუნავი და საკუთარი სიცოცხლეც და 1924 წელს მოსკოვის უწმიდესი პატრიარქი ტიხონის სახელზე თხოვნა შეადგინა: "სიყრმის წლებიდანვე მიტაცებდა მონაზვნური ცხოვრება, მაგრამ ჩემი ცხოვრების გარემოებების გამო, რომლებიც ჩემდაუნებურად აღემატებოდნენ ჩემი სურვილების ძალას, უკანასკნელ წლებამდე არ მქონდა ჩემი საიდუმლო გულისნადების სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა, _ ამისათვის უმორჩილესად ვთხოვ თქვენს უწმიდესობას მონაზვნად აღკვეცის ღირსი გამხადოს და აქვე ვურთავ, რომ ისევე, როგორც იმის ხასიათს, რაც მე მომიწევს, თქვენი ლოცვა-კურთხევის შემთხვევაში, მორჩილებასა და საცხოვრებელ ადგილს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან ვიმედოვნებ, რომ მე უძლური შევძლებ მონაზვნურ ასპარეზზე ღვთის ნების აღსრულებას, მხოლოდ ეს მსურს და ამისკენ ვისწრაფვი. 1924 წელი. ვ. ჟევახოვი".

ჭეშმარიტი ქრისტიანული ღრმა თავმდაბლობით განმსჭვალული ეს თხოვნა დაკმაყოფილდა და ვლადიმერის საცხოვრებელ ადგილად იოანინის წმიდა სამების მონა¬სტერი მიუჩინეს, სადაც იგი 1924 წლის 21 ნოემბერს გადავიდა. იმავე წლის 20 დეკემბერს, კვირა დღეს, მღვიმისზედა ტაძარში ღვთისმშობლის შობის სახელზე პირველი ტრაპეზის კურთხევის 11 წლისთავზე, ცისკრის მეხუთე და მეექვსე ჟამნებს შორის მონაკვეთში კიევის ეპარქიის მმართველმა ეპისკოპოსმა, "ბრძენმა მამამ და მართლმადიდებლობის მტკიცე მოშურნემ", ყოვლადუსამღვდელოესმა მაკარიმ ვლადიმერი მონაზვნად აღკვეცა და სახელად იოასაფი უწოდა.

ამავე წელს მას დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი.

ზვერინეცკის მღვიმეების მნახველთა წიგნში დარჩენილია ასეთი ჩანაწერი: "ღვთის ნებით 1926 წლის 6 ივლისს, ორშაბათს, ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე ჯვართამაღლების მონასტერში ნიჟეგოროდის მიტროპოლიტმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა სერგიმ, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობა უკავია, ნიჟეგოროდის ვიკარიუს ეპისკოპოს გრიგოლ პეჩორელთან და იოანე კონოტოპელთან ერთად საღმრთო ლიტურგიის დროს ხელი დამასხეს დმიტროვსკის ეპისკოპოსად, კურსკის ეპარქიის ვიკარიუსად. ეპისკოპოსი იოასაფი".

ამის შემდეგ მის ბიოგრაფიაში თეთრი ლაქაა, რომლის შევსებაც მხოლოდ ათწლეულების შემდგომ, სუკ-ის არქივებში ჩაკეტილი უსაშინლესი სიმართლის საყოველთაოდ გამომზეურების მერე გახდა შესაძლებელი. უშიშრად აყენებდა რა ამბიონიდან მრევლისათვის მოწოდების შესაძლებლობას და აქტიურად ამხელდა ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას, ახლადდანიშნულმა ეპისკოპოსმა მაშინვე გამოიწვია უღმერთო ხელისუფლების უკმაყოფილება და გულისწყრომა. რეაქციამაც დიდხანს არ დააყოვნა და ხელთდასხმიდან უკვე ორი თვის თავზე ეპისკოპოსი იოასაფი დააპატიმრეს და სოლოვეცკის განსაკუთრებული დანიშნულების ბანაკში გადაიყვანეს ეტაპით, სადაც მან მართლმადიდებელი ეკლესიის ათობით ათასი ერთგული შვილის ბედი გაიზიარა.

1929 წლის ოქტომბერში ეპისკოპოს იოასაფს აღმოსავლეთ ციმბირის მხარის ნარიმის ოლქში ასახლებენ. 1932 წელს ექვსწლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ის მაშინვე შეუდგა თავისი მოვალეობების შესრულებას და პიატიგორსკის კათედრა ჩაიბარა. დევნის წლებმა ვერ გატეხეს წმიდანის დიდსულოვნება და სიმართლის წყურვილი. ასეთ თვისებებს შეუძლებელია მმართველი რეჟიმის ყურადღება არ მიექციათ და გათავისუფლებიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ ეპისკოპოსი იოასაფი ხელახლა დაიჭირეს, მას სახელმწიფოს პოლიტიკის განსაკუთრებულმა სამმართველოს (ОГПУ) სამეულმა (ტროიკამ) ჩრდილოეთში ათი წლით გადასახლება შეუფარდა. აქ ეპისკოპოსმა იოასაფმა 1997 წელს წმიდანად შერაცხული მოწამე _ ქირურგი ლუკა ვოინო-იასენცკი გაიცნო. არხანგელსკში გადასახლებამ ისეთი ღრმა ქრისტიანული მეგობრობის კავშირით შეაკავშირა კეთილმსახურების ეს ორი მოღვაწე და აღმსარებელი, რომლის გაწყვეტაც მრავალგზისმა დაპატიმრებამაც კი ვეღარ შეძლო. მაგრამ სამაგიეროდ ჩრდილოეთის სასტიკმა ნესტიანმა ჰავამ საბოლოოდ შეურყია სატუსაღოებით გაწამებულ ეპისკოპოს იოასაფს ისედაც სუსტი ჯანმრთელობა და 1934 წელს ის, როგორც ინვალიდი, ზედამხედველობის ქვეშ გადმოიყვანეს მოსკოვის ოლქში. 1934 წლის ივნისიდან, როგორც კი ამის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა, იგი მოგილევსკის ეპარქიის მმართველის თანამდებობაზე ინიშნება და კვლავ უბრუნდება სამწყსოს. შერისხული და ათას ცეცხლ გამოვლილი ეპისკოპოსის გულწრფელ და მგზნებარე ქადაგებები შეუძლებელია შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყურადღების გარეშე დარჩენილიყვნენ. ამ შემთხვევაში ეპისკოპოს იოასაფს სუსტი ჯანმრთელობა აღარ აძლევს წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას და მოგილევსკის კათედრაზე წელიწადზე ოდნავ მეტი ხნის დაყოფის შემდეგ იგი ტოვებს მას. ამ დროს ასრულდა მისი დიდი ხნის ნატვრაც და ის მისთვის უსაყვარელს ბელგოროდში დასახლდა, რათა უფრო მეტად ჩაკვროდა გულში მისი წმიდა წინაპრის ხსოვნის შემნახველ მიწას. ამ ადგილებში ხანმოკლე ყოფნამ და აგრეთვე ბელგოროდელ სასწაულმოქმედთან ლოცვითმა განმარტოებამ განამტკიცა ეპისკოპოსი იოასაფი და იმ ცხოვრებისეული ეკალ-ბარდიანი კიბის უკანასკნელ საფეხურზე შესადგომად მოამზადა, რომელიც მას ზეციური სასუფეველისაკენ მიუძღოდა.

მან თავის სამწყსოსთან შეხვედრა ვერ შეძლო, რადგან მას დანიშვნისთანავე პირდაპირ ბელგოროდში ელოდა მორიგი საბედისწერო დაპატიმრება. ბრალდება იმ დროის შესაბამისი იყო _ "ეკლესიის მსახურთა კონტრრევოლუციური ფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა". ეპისკოპოსი იოასაფი წელიწადზე მეტ ხანს ბელგოროდის ციხეში გააჩერეს, შემდეგ ზედამხედველობის ქვეშ ნოვგოროდის ოლქში, საიდანაც 1937 წლის ბოლოს სასამართლოს წინაშე წარსადგომად ჩაიყვანეს კურსკში. იმის წარმოდგენა, თუ რისი გადატანა მოუხდა მოხუცებულ ავადმყოფ ეპისკოპოსს კურსკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) ჯურღმულებში, დაკითხვის მასალების არქივში ნაპოვნი მოკლე მშრალი ფრაზით შეიძლება, _ "კონტრრევოლუციურ საქმიანობაში ჩემს მონაწილეობას უარვყოფდი". გამოძიების კეთილად დასრულების იმედი ნაკლებად იყო, რადგან მოსამართლეთა მიუდგომლობაზე საუბარი რომ ზედმეტი იყო, ამის დაფარვას არც არავინ ფიქრობდა. განაჩენი ამავე წლის 4 დეკემბერს გამოიტანეს _ "სასჯელის უმაღლესი ზომა: სიკვდილი" და იმავე დღეს მოიყვანეს სისრულეში.

1990 წელს ბელგოროდის პროკურატურამ სიკვდილის შემდგომ მოახდინა კურსკში 1937 წლის 4 დეკემბერს დახვრეტილი წარმოშობით ქალაქ პრილუკელი ვლადიმერ დავითის ძე ჟევახოვის რეაბილიტირება, რითაც ქრისტეს სახელისათვის უდანაშაულოდ დახოცილი ჩვენი ქვეყნის შვილების წინაშე საერთოეროვნულ მონანიებას დაუდო სათავე.

2002 წლის 17 ივლისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდეს პატრიარქ ალექსი II-ის ლოცვა-კურთხევითა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით მღვდელმოწამის რანგში წმიდანად შეირაცხა მოგილევსკის ეპისკოპოსი იოასაფი (ჯავახიშვილ-ჟევახოვი).

დაე, წმიდა მღვდელმოწამე იოასაფის მიერ განვლილი ცხოვრების მადლიანი მაგალითი გახდეს რთულ, საცდურით სავსე დღევანდელ ყოფაში მცხოვრები თითოეული ჩვენგანისათვის სიმტკიცისა და ურყევობის სულისკვეთებით აღმავსებელი, რათა შეუძვრელად გავიაროთ ქრისტეს სჯულის აღმასრულებელი გზა.

მასალა ამოღებული: Могилевские епархиальные ведомости. 2000 г. № 8-9.

-------------------------------------------------------------------------

 

დამოწმებული ლიტერატურა

1. სერგო ვარდოსანიძე "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობმელები", თბილისი, 2004 წ.

2. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II", თბილისი, 1994 წ.

3. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე", თბილისი, 2000 წ.

4. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი", თბილისი, 2009 წ.

5. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III", თბილისი, 2009 წ.

6. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე", თბილისი, 2009 წ.

7. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II", თბილისი, 2007 წ.

8. სერგო ვარდოსანიძე "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001 წ.

9. სერგო ვარდოსანიძე "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II", თბილისი, 2008 წ.

10. სერგო ჯორბენაძე "ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა", თბილისი, 1984 წ.

11. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული, თბილისი, 1990 წ.

12. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი, 2009 წ.

13. გიორგი ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, "დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის მოგონებები."

14. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი.

15. საქართველოს საპატრიარქო არქივი.

16. ავთანდილ ნიკოლეიშვილი "გაბრიელ ეპისკოპოსი", ქუთაისი, 1990 წ.

17. მელიტონ კელენჯერიძე "გაბრიელ _ ეპისკოპოსი იმერეთისა", თბილისი, 2006 წ.

18. ილია ჭავჭავაძე "თხზულებანი", თბილისი, 1984 წ.

19. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ალექსანდრე ეპისკოპოსის ფონდი.

20. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მელიტონ კელენჯერიძის ფონდი.

21. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ეპისკოპოს კირიონის ფონდი.

22. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თედო ჟორდანიას ფონდი.

23. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი სხვადასხვა.

24. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი.

25. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ამბროსი ხელაიას ფონდი.

26. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი.

27. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კორნელი კეკელიძის ფონდი.

28. საქართველოს საპატრიარქო არქივი.

29. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს პიროს ოქროპირიძის ფონდი.

30. საქართველოს საპატრიარქო არქივი. ეპისკოპოს დავით კაჭახიძის საქმე.

31. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს დიმიტრი აბაშიძის საქმე.

32. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ფონდი.

33. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის ფონდი.

34. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ალავერდის ეპარქიის ფონდი.

35. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ იოანე მარღიშვილის ფონდი.

36. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მთავარეპისკოპოს იოანე ანანიაშვილის ფონდი.

37. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ შიო ავალიშვილის ფონდი.

38. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი.

39. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს ტარასი კანდელაკის საქმე.

40. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ილიას ფონდი.

41. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი.

42. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი.

43. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტ: I, II, III, თბილისი, 1997 წ. 2008 წ.

44. ჯემალ გამახარია "წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი", თბილისი, 2006 წ.

45. ნუგზარ პაპუაშვილი "ამბროსი ხელაია რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში", თბილისი, 2005 წ.

46. ეპისკოპოსი კირიონი "ივერიის კულტურული როლი რუსეთის იმპერიის ისტორიაში", თბილისი, 2009 წ.

47. იოსებ მეგრელიძე "ექვთიმე თაყაიშვილი", თბილისი, 1989 წ.

48. სარგის კაკაბაძე "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წ.წ.", თბილისი, 1997 წ.

49. ჯემალ გამახარია "წმიდა ამბროსი აღმსარებელი და აფხაზეთი", თბილისი, 2006 წ.

50. კალისტრატე ცინცაძე "ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესია ტფილისში", თბილისი, 1994 წ.

51. ვაჟა კიკნაძე "ცხოვრება და ღვაწლი პეტრე კონჭოშვილისა", თბილისი, 2003 წ.¬

52. კათოლიკოსი ამბროსი, კრებული შეადგინა ედიშერ გიორგაძემ, თბილისი, 1999 წ.

53. ჟურნალი "მწყემსი".

54. ამბერი "მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", ჟურნ. "განთიადი", 1916 წ. 5. IX.

55. გოჩა საითიძე "წამებული მშობელი ქვეყნისა და ეკლესიისათვის", "ისტორიანი", თბილისი, 2000 წ.

56. ზინობი ჟვანია "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან", ქუთაისი, 1994 წ.

57. იაკობ გოგებაშვილი "თხზულებანი", ტ. II, თბილისი, 1954 წ.

58. ჟურნალი "საღვთისმეტყველო კრებული", თბილისი, 1987 წ. N3.

59. მარინა შავიანიძე "მიტროპოლიტი ნუემი", ქუთაისი, 2006 წ.

60. ჟურნალი "ჯვარი ვაზისა".

61. გაზეთი "მადლი".

62. კრებული "მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე", თბილისი, 2000 წ.

63. გაზეთი "ქიზიყი".

64. მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე "დედა ეკლესია", თბილისი, 1996 წ.

65. კრებული "მეცნიერება და სარწმუნოება", თბილისი, 2005 წ.

66. დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა "სუჯუნის ეკლესია", 2009 წ.

67. ჟურნალი "კრიალოსანი".

68. გაზეთი "საქართველოს საპატრიარქო უწყებანი".

69. ხობისა და ფოთის ეპარქიის საეპარქიო საბჭოს სხდომათა ოქმები.

70. ეპისკოპოსი ზოსიმე "ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა", თბილისი, 1997 წ.

71. მთავარეპისკოპოსი ზოსიმე "მოგონებანი", თბილისი, 2006 წ.

72. ჟურნალი "ფუძნარი".

73. საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1976 წ.

74. საქართველოს ისტორია XX საუკუნე. პროფ. ვახტანგ გურულის რედაქციით, თბილისი, 2003 წ.

75. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის არქივი.

 

სერგო ვარდოსანიძე
"ქართველი მღვდელმთავრები" (XX-XXI საუკუნეები), თბილისი, 2010 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 19:21)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96