Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წიგნი I


საეკლესიო ისტორიის პირველი წიგნი შეიცავს შემდეგს:



I.      რას წარმოადგენს დანაპირები თემა.

II.     ძირითადი შეჯამება ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, ღვთის ქრისტეს წინარეარსებობისა და        ღვთისმეტყველების შესახებ.

III.    როგორ იყო ღვთივშთაგონებულ წინასწარმეტყველთა შორის ძველთაგანვე ცნობილი და პატივცემული იესოს სახელიც, და თვით ქრისტესიც.

IV.    როგორ არ ყოფილა ახალი, არც უცხო მისგან ყველა ხალხისადმი ნაუწყები ღვთისმოსაობის გვარი.

V.     ადამიანებთან მისი გამოჩენების ჟამის შესახებ.

VI.    მისი გამოჩინების ჟამს წინასწარმეტყველებათა თანახმად როგორ უჩინო იქმნენ ის მთავრები, რომლებიც ადრე, წინაპართაგან მომდინარე მონაცვლეობით, უწინამძღვრებდნენ იუდეველთა ერს, და როგორ გამეფდა მათზე პირველი უცხოტომელი ჰეროდე.

VII.   სახარებებში იესო ქრისტეს გვარტომობის შესახებ არსებული სავარაუდო უთანხმოების შესახებ.

VIII.  ჩვილების წინააღმდეგ ჰეროდეს განზრახვის შესახებ, და თუ რა უბედურება შეემთხვა მას ცხოვრებაში.

IX.    პილატეს მმართველობის დროის შესახებ.

X.     იუდეველთა მღვდელმთავრების შესახებ, რომელთა დროსაც მოძღვრებას გადასცემდა ქრისტე.

XI.    მოწმობები იოანე ნათლისცმემლისა და ქრისტეს შესახებ.

XII.   ჩვენი მაცხოვრის მოწაფეთა შესახებ.

XIII.  ამბავი ედესელთა მმართველის შესახებ.

 

I

ვირჩიე, წერილობით გადმომეცა სამღვდელო მოციქულთა მონაცვლეობანი და, ამასთან, ისიც, თუ, ჩვენი მაცხოვრის შემდეგ თვით ჩვენამდე განვლილ დროში, რაოდენთა და რაზომთა საქმეთა აღსრულება გვეუწყება, შესაბამისად ეკლესიის ისტორიისა, ანთუ რაოდენნი უწინამძღვრებდნენ და წინამდგომობდნენ მას სახელოვნად ყველაზე უფრო გამორჩეულ სამრევლოებში; თუ რამდენი პიროვნება, თაობიდან თაობამდე ზეპირად თუ ნაშრომების მეშვეობით შუამავლობდა ღვთის სიტყვას; თუ ვინ, რამდენი და როდის ახლის შექმნის წადილით ცთომილების უკიდურესი ზღვრისაკენ მოსწრაფე საკუთარ თავს აცხადებდა ცრუ ცოდნის[1] შემომტანად და როგორც მძვინვარე მგელი დაუნდობლად ანადგურებდა ქრისტეს სამწყსოს (შდრ. საქმე 20,29); ამასთან იმასაც, თუ რა შეემთხვა იუდეველთა მთელ ერს ჩვენი მაცხოვრის წინააღმდეგ შეთქმულების განხორციელებისთანავე; შემდეგ, თუ რამდენი წარმართი, როგორ და როდის ებრძოდა ღვთის სიტყვას, და თუ რას წარმოადგენდნენ ისინი, ვინც მისი გულისთვის სხვადასხვა დროს სისხლის ღვრითა და ტანჯვით განვლეს ასპარეზობა; ამის შემდეგ კი ვისაუბრებ ჩვენი დროის მოწამეობრივ ღვაწლთა შესახებაც და ყველა მათგანზე (მოწამეებზე - მთარგ.) გადმოვლენილ ჩვენი მაცხოვრის მადლსა და მოწყალებაზე. და ვიწყებ არა ნხვა რამით, არამედ ჩვენს მაცხოვარსა და უფალთან დაკავშირებული ღვთის განგებულებით. მაგრამ ჩემი განზრახვა აქედანვე ითხოვს, რომ კეთილგანწყობილმა მკითხველმა მომიტევოს: ვაღიარებ, რომ ჩემს ძალას აღემატება დანაპირების სრულად და დანაკარგის გარეშე შესრულება, რადგან პირველი ვართ, ვინც ახლა შევდივართ ამ საკითხში და ვიწყებთ როგორც რამ უკაცრიელ და უვალ გზაზე სვლას. ღვთისგან ვითხოვთ გზამკვლევს და უფლის ძალის შეწევნას, და არანაირი იმედი არა გვაქვს, რომ ჩვენამდე ვინმეს მიერ ნავალ შიშველ კვალს მივაგნებთ, თუ არა იმ მცირე გამონაკლისებს, რომელთა მეშვეობით სხვებმა გზის სხვადასხვაგვარად გავლით გარკვეულ ჟამთა ამბები დაგვიტოვეს, მათი ხმები შორს აღ- მართული ჩირაღდნებივითაა და ზემოდან როგორც შორეული საგუშაგოდან ღაღადებენ და შეგვაგონებენ, თუ საითკენ უნდა ვიაროთ თხრობის მოგზაურობის უცთომელი და უსაფრთხო მსვლელობისათვის. ახლა ჩვენს წინ მდებარე საკითხის სასარგებლოდ თვით მათ გაფანტულ მოგონებებს წარვუძღვებით, ძველი მწერლების სათანადო გამონათქვამებს შემოვკრებთ და მათ როგორც გონისმიერი ბაღის ყვავილებს დავკრეფთ. ვეცდებით ისტორიული თხრობის მეშვეობით მათ მივცეთ ერთიანი სხეული, მოხარულნი გადავარჩინოთ, თუ ყველა არა, ჩვენი მაცხოვრის მოციქულთა განსაკუთრებით გამოჩენილ მონაცვლეების ღირშესანიშნავი, ჯერ კიდევ შემორჩენილი მოგონებები. მე კი ამ საკითხს შრომა-გარჯით უნდა შევუდგე, რადგან აქამდე არცერთ საეკლესიო მწერალს არ გამოუჩენია მოშურნეობა მწერლობის ამ დარგში; ვიმედოვნებ, რომ ამ შრომის დიდი სარგებელი ცხადი იქნება მათთვის, ვინც საფუძვლიანად არის ისტორიაში განსწავლული. მათი შეჯამება ადრე უკვე ჩამოვაყალიბე "ქრონიკებში"[2], ხოლო მათი თხრობის სრულად გადმოცემა მსურდა აქ წარმოდგენილ ნაშრომში.

როგორც ვთქვი, ჩემი სიტყვა იწყება ქრისტესთან დაკავშირებით შემეცნებული, ადამიანზე აღმატებული და დიდებული განგებულებითა და ღვთისმეტყველებით. და რადგან წერილობით უნდა გადმოვცეთ საეკლესიო ამბების ისტორია, ალბათ აუცილებელი იქნება დავიწყოთ თავიდან, ქრისტესთან დაკავშირებული პირველი განგებულებიდან, რომელიც უფრო ღვთიურია ვიდრე მრავალს მიაჩნია, და რადგან მისგან გავხდით ჩვენი ჩვენი სახელის* ღირსი.

---------------------------------------

* ე.ი. ქრისტიანის – მთარგ.

 

II

ორმაგი არის მისი ბუნება: ერთი მხრივ, მსგავსია სხეულის თავის (შდრ I კორ. 11,3), - რაც შეიცნობა ღმერთად, მეორე მხრივ, შეიძლება შევადაროთ ფეხებს, - რაც თვით ჩვენი ხსნის გამო შეიმოსა, ჩვენი მსგავსი ვნებების მქონე ადამიანურობა. ჩვენს მიერ შემდეგი ამბების თხრობა ალბათ სრული იქნება, თუ მასთან დაკავშირებულ მთელ ისტორიას ყველაზე მთავარი და ძირითადი სიტყვით დავიწყებთ. ამით ქრისტიანობის დასაბამიერ სიძველესაც და ღვთიურობასაც ვაჩვენებთ მათ, ვინც მას მიიჩნევენ როგორც ახალს და უცხოს, გუშინდელი დღის უწინარეს რომ არ გამოჩენილა.

თვითონ ქრისტეს ბუნებისა და არსის წარმომავლობისა და ღირსების აღსაწერად ალბათ არანაირი სიტყვა არ იქნება საკმარისი, რასაც ღვთის სული წინასწარმეტყველთა მიერ ამბობს: "მის წარმომავლობას ვინ მოგვითხრობს?" (ეს. 53,8; მათ. 11,27), რადგან არც მამა იცის ვინმემ, თუ არა მხოლოდ ძემ, არც ძე შეუცვნია ოდესმე ვინმეს ღირსებისამებრ, თუ არა მხოლოდ მის მშობელ მამას, უწინარეს ქვეყნიერებისა არსებული სინათლე და უწინარეს საუკუნეთა მყოფი გონიერი და არსებითი სიბრძნე, დასაბამიდან მამასთან მყოფი ცოცხალი ღმერთი-სიტყვა (შდრ. იოან. 1,9-10; იგავ. 8,23); ვინ შეძლებს მამის გარდა წმინდად შეიმეცნოს მთელი ხილული და უხილავი ქმნილებისა და შემოქმედების უწინარესი ღმერთის პირველი და ერთადერთი ნაშობი (შდრ. იოან. 1,4; კოლ. 1,15-16), ციური მოაზროვნე და უკვდავი მხედრობის მხედართმთავარი (შდრ. იოს. 5,14), დიდი თათბირის ანგელოზი (შდრ. ეს. 9,6), მამის გამოუთქმელი აზრის აღმასრულებელი, მამასთან ერთად ყოვლიერების შემოქმედი, მამის შემდეგ ყოვლიერების მეორე მიზეზი, ღვთის ნამდვილი მხოლოდშობილი შვილი, ყოველივე დაბადებულის უფალი და ღმერთი, რომელმაც მამისაგან მიიღო სამეფო ძალაუფლება და მპყრობელობა, ამასთან თვით ღმრთეება, ძალა და პატივი. მის შესახებ წმინდა წვრილის საიდუმლო ღვთისმეტყველების მიხედვით, - "დასაბამში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა; ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი არ შეიქმნა" (იოან. 1,1-3). ეს არის დიდი მოსეს სწავლებაც, როგორც ალბათ ყველა წინასწარმეტყველთაგან უძველესის, რომელიც ღვთის სულით ყოველივეს დაარსებისა და მოწესრიგების აღმწერელი ასწავლის, რომ მთელი ქვეყნიერების შემქმნელმა და მომწესრიგებელმა თვით ქრისტეს და არა სხვა ვინმეს, ანუ ცხადია თვით ღვთიურ და მის პირმშო სიტყვას დაუთმო ქვემდგომთა შექმნა და მასთან ბჭობდა ადამიანის შექმნაზე. იგი ამბობს: "რადგან თქვა ღმერთმა: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისა და მსგავსების მიხედვით" (შესაქ. 1,26). ეს სიტყვა დადასტურებულია სხვა წინასწარმეტყველებისგანაც, რასაც საგალობლებში ღვთისმეტყველებენ: "მან თქვა და შეიქმნა, მან ბრძანა და დაეფუძნა" (ფს. 32,9; 148,5). მას (მოსეს - მთარგ.) შემოყავს, ერთი მხრივ, მამა და შემოქმედი როგორც ყოველივეს წინამძღოლი და სამეუფო წამისყოფით მბრძანებელი, მეორე მხრივ კი, ღვთიური სიტყვა, რომელიც არ განსხვავდება ჩვენდამი ნაუწყებისაგან, და არის მამისეული ბრძანების აღმასრულებელი. მას პირველი ადამიანის შექმნიდან მოყოლებული შეიცნობდა ყველა, ვისზეც ნათქვამია, რომ სახელგანთქმული არის სამართლიანობით და ღვთისმოსაობის სათნოებით, დიდი მსახური მოსე და მის უწინარეს კი პირველად აბრაამი და მისი შვილები, შემდეგ გამოჩენილი მართლები და წინასწარმეტყველები, რომლებიც გონების განწმენდილი თვალებით ჭვრეტდნენ მას და როგორც ღვთის შვილს სათანადო თაყვანისცემას მიაგებდნენ. თვითონ (ღვთის შვილი - მთარგ.) კი ისე, რომ არანაირად არ განდგომია მამის მსახურებას, ყველასათვის გახდა  მამისეული ცოდნის მასწავლებელი. ამგვარად საყოველთაოდ  არის ცნობილი, რომ უფალი ღმერთი როგორც ვინმე ჩვეულებრივი ადამიანი აბრაამთან ერთად იჯდა მამბრეს მუხასთან (იხ. შესაქ. 18,1-3). იგი (აბრაამი - მთარგ.) მყისვე  დაეცა მის წინაშე, თვალებით ხედავდა როგორც ადამიანს, მაგრამ თაყვანი სცა როგორც ღმერთს, ევედრებოდა როგორც უფალს, აღიარებდა, რომ არ იყო უმეცარი იმისა, თუ ვინ იყო იგი, და ეუბნებოდა: "უფალო, მთელი დედამიწის მსაჯულო, არ განსჯი?" (შესაქ. 18,25). რადგან თუ არცერთი გონება არ უშვებს, რომ ყოვლისმპყრობელი ღმერთის შეუქმნელი და უცვლელი არსი ადამიანის სახედ შეიცვლება, არც იმას, რომ მხედველის (აბრაამის - მთარგ.) თვალები რაიმე ქმნილების წარმოსახვით მოტყუვდება და არც იმას, რომ სიცრუეს მოიგონებს წმინდა წერილი, სხვა ვინ იქნებოდა მთელი დედამიწის მსაჯულად და სასჯელის აღმასრულებელ უფლად და ღმერთად წარმოჩენილი, ადამიანის გარეგნობით სახილველი, თუ არა ყოვლიერების ნამდვილი პირველი მიზეზი, ანუ მისი წინარეარსებული მხოლო სიტყვა? მის შესახებ ფსალმუნებში ნათქვამია: "წარავლინა მისი სიტყვა და განკურნა ისინი, და იხსნა ისინი გახრწნისაგან" (ფს. 106,20). იგი რომ მამის შემდეგ მეორე უფალია, ამას აშკარად ამბობს მოსე: "უფალმა სოდომსა და გომორაზე აწვიმა გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან" (შესაქ. 19,24). იგი ასევე იაკობს გამოეცხადა ადამიანის გარეგნობით, რომელსაც საღვთო წერილი ღმერთს უწოდებს; იგი იაკობს ეუბნება: "მეტად აღარ გერქმევა შენ სახელი იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი, რადგან ძლიერი იყავი ღმერთთან" (შესაქ. 32,28), და ამბობდა: "რადგან ვნახე ღმერთი პირისპირ და გადარჩა ჩემი სული" (შესაქ. 32,30). უფლება არ გვაქვს ღვთის ამ გამოცხადებაში ქვემდგომ ღვთისმსახურ ანგელოზთა ხილვის აღწერა ვიგულისხმოთ: სხვა დროს, როდესაც რომელიმე მათგანი ადამიანებს ეცხადება, წერილი ამას არ ფარავს და სახელსდებს არა ღმერთად, არც უფლად, არამედ აშკარად უწოდებს მათ ანგელოზებს, რაშიც უამრავი მოწმობის მეშვეობით ადვილად შეგვიძლია დავრწმუნდეთ. მას მოსეს მონაცვლე, იესო უწოდებს ცათა ანგელოზების და მთავარანგელოზების, ზექვეყნიურ ძალთა წინამძღოლს და როგორც მამისაგან მყოფ ძალას და სიბრძნეს (შდრ. I კორ. 1,24), მთელს სამეფოზე მეორე ადგილისა და მთავრობის მიმღებს, და უფლის ძალთა მხედართმთავარს. იესომ იგი იხილა არა სხვაგვარად, არამედ ადამიანის სახითა და გარეგნობით. დაწერილია: "და მოხდა, როდესაც იესო იერიქონში იყო, აიხედა და იხილა მის პირისპირ მდგომი ადამიანი და მახვილი მის ხელში პყრობილი; მივიდა იესო და უთხრა: “ჩვენიანი ხარ, თუ მოწინააღმდეგეების?" და უთხრა მას: "მე ვარ უფლის ძალთა მხედართმთავარი, აწ აქ მოსული". იესო განერთხა პირით მიწაზე და უთხრა მას: "მეუფეო, რას უბრძანებ შენს მსახურს?" და უთხრა უფლის მხედართმთავარმა იესოს: "გაიხადე ფეხსაცმელი შენს ფეხთაგან, რადგან ადგილი, რომელზეც შენ დგახარ, წმინდა ადგილი არის" (ისუ ნავ. 5, 13-15). აქაც დარწმუნდები ამ გამონათქვამებიდან, რომ ეს სხვა არავინ არის, თუ არა მოსესთან მოსაუბრე, რადგან ამ სიტყვებს წერილი მასზეც ამბობს: "როგორც კი დაინახა უფალმა, რომ სანახავად მოდის, დაუძახა მას უფალმა მაყვლოვანიდან და უთხრა: "მოსე, მოსე", მან კი მიუგო: "რა არის?" და უთხრა: "აქ არ მომიახლოვდე; გაიხადე ფეხსაცმელი შენს ფეხთაგან; რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმინდა მიწა არის". და უთხრა მას: "მე ვარ შენი მამის ღმერთი, ღმერთი აბრაამის და ღმერთი ისააკის და ღმერთი იაკობის" (გამ. 3,4-6). და რომ იგი არის არსი რაიმე, ქვეყნიერების უწინარეს მცხოვრები და მყოფი, ყოვლიერების მამასთან და ღმერთთან ყოველივეს დაბადების შესაქმეში შემწე, ღვთის სიტყვად და სიბრძნედ სახელდებული, საჩვენებლად მოყვანილ მაგალითებზე უფრო მეტად თვით სიბრძნის პირიდან გვმართებს ამის მოსმენა. სოლომონის მეშვეობით იგი თავისი თავის შესახებ ამას იდუმალთმყვანებლობს: "მე ვარ სიბრძნე დამკვიდრებული ზრახვაში, მე მეწოდება ცოდნა და აზროვნება. ჩემი მეშვეობით მეფობენ მეფენი და მბრძანებლები წერენ სიმართლეს; ჩემი მეშვეობით განდიდდებიან დიდი ადამიანები და ხელმწიფენი იპყრობენ მიწას" (იგავ. 8, 12.15.16); და დასძენს: "უფალმა თავისი გზების დასაბამად შემქმნა მე მისი საქმეებისთვის, საუკუნეთა უწინარეს დამაფუძნა მე: დასაბამში დედამიწის შექმნამდე, წყლის წყაროების გადმოდინებამდე, მთების დაფუძნებამდე, ყველა ბორცვის
უწინარეს მშვა მე. იმ დროს, როცა განამზადებდა ცას, მასთან ვიყავი და როცა უსაფრთხოდ განათავსებდა წყაროებს ცის ზემოთ, მე მასთან ერთად ვაწესრიგებდი. მე ვიყავი, ვისაც შეჰხაროდა ყოველდღე, მე მის წინაშე ვმხიარულობდი ყოველ ჟამს, როდესაც კი მხიარულობდა მსოფლიოს გასრულებისას" (იგავ. 8, 22-31). ის, რომ ღვთის სიტყვა წინარეარსებობდა და ეცხადებოდა, თუ ყველას არა, ზოგიერთს მაინც ჩვენს მიერ მოკლედ ითქვა.

ის, თუ რატომ არ ეუწყებოდა ძველად ყველა ადამიანს და ერს ისე, როგორც ახლა, ამას ნათელს გავხდით. წარსულში ადამიანთა ცხოვრება ვერ იტევდა ქრისტეს ყოვლად ბრძენ და ყოვლად სათნო მოძღვრებას. დასაბამში ნეტარებაში პირველი ცხოვრების შემდეგ პირველმა ადამიანმა თავიდანვე ცუდად იზრუნა ღვთის მცნების დაცვაზე და მოკვდავ და ხრწნად ცხოვრებაში ჩავარდა, და ძველი ღვთაებრივი ფუფუნება ამ "დაწყევლილ მიწაზე" გაცვალა. მის შემდეგ მათ, რომლებიც ჩვენთან ერთად ყოვლიერებას აღავსებენ, მრავალი კიდევ უფრო უარესი საქციელით გამოიჩინეს თავი, სადმე ერთი-ორის გამოკლებით, რაღაც მხეცური სახის საშინელ ცხოვრებას ირჩევდნენ; აზრად არ მოსდიოდათ არც ქალაქები, არც მოქალაქობა, არც ხელოვნება, არც მეცნიერება; კანონების, სამართლიანობის, ასევე სათნოებისა და ფილოსოფიის სახელიც კი არ მოიპოვებოდა მათთან; უდაბნოში ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას როგორც ველურები და უწესოები. ადამიანის სულში ბუნებით წარმოშობილი აზროვნების უნარი, აზრისა და ზრდილობის თესლები თვითარჩეული ბოროტების აღმატებით გახრწნეს; ყოველგვარ უწმინდურ საქციელს მიჰყვეს ხელი, ერთმანეთის ხრწნასა და ხოცვას, ზოგმაც კაციჭამიობას. ღვთისმბრძოლობაზე და ყველგან ცნობილი ბუმბერაზების ბრძოლაზეც გაკადნიერდნენ, დედამიწიდან ცამდე კედლის აშენება განიზრახეს და ბორგნეულად მოაზროვნენი უზენაესთან ბრძოლისთვის ემზადებოდნენ; როდესაც ამგვარ საქმეებს შეუდგნენ, ყოველთა ზედამხედველმა ღმერთმა მათზე, როგორც ველურ ტყეზე, მთელ დედამიწას რომ ფარავს, მოავლინა წარღვნა და ცეცხლის წვიმა; შიმშილით, საშინელი ომებით, ზემოდან მეხთატეხვით მოკვეთა ისინი და როგორც რამ სულის საშინელი და მძიმე სენი შეაჩერა მწარე მტანჯველი იარაღებით. ამრიგად, მაშინ, როდესაც დიდი იყო თითქმის ყველაზე მოვლენილი ძილქუში, საშინელი, თითქმის ყველა ადამიანის სულის დამჩრდილველი და დამაბნელებელი, ღმერთის პირმშო და პირველქმნილი* სიბრძნე და თვით წინარეარსებული სიტყვა კაცთმოყვარეობის ზეაღმატებით ქვემდგომთ გამოეცხადა როგორც ღვთის მხსნელი ძალა (შდრ. I კორ. 1,24), ერთხელ ანგელოზთა სახით, ერთხელ კა თვითონ პიროვნულად (შდრ. კოლ. 1,15; იგავ. 8,22; იოან. 1,1) ძველ ღვთისმოყვარე კაცთაგან ერთსა და ორს არა სხვაგვარად, არამედ ადამიანის სახით (რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იყო მათთვის).

როდესაც მათ მიერ ღვთისმოსაობის თესლები ადამიანთა სიმრავლეში მიმოიბნია, თავდაპირველად დედამიწაზე ებრაელთაგან მომდინარე მთელი ერი იცავდა ღვთისმოსაობას; ისინი, რომელთაგან ალბათ მრავალი ძველი გზით დადიოდა, მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით რაღაც საიდუმლო შაბათისა და წინადაცვეთის ხატებითა და სიმბოლოებით სხვა გონისმიერ ხედვებში შეყავდა, მაგრამ თვით ცხად იდუმალთმყვანებლობას არ გადასცემდა. როგორც კი მათთან რჯულდება გაცხადდა და, როგორც კეთილსურნელების მობერვა, ყველა ადამიანს მიეცა, მაშინ მათგან მრავალ ერში კანონმდებლებისა და ფილოსოფოსების მეშვეობით ყველგან დაიხვეწა აზროვნება. ველური და სასტიკი სიმხეცე სირბილით შეიცვალა ისე, რომ ერთმანეთთან მეგობრობითა და ურთიერთობით ინარჩუნებდნენ ურყევ მშვიდობას. მაშინ ყველა დანარჩენი ადამიანისა და ერის (როგორც ალბათ წინასწარ შეწევნულთა და წარმატებულთა, რომლებიც ვარგისი იყვნენ მამისეული ცოდნის მისაღებად) წინაშე, კვლავ თვითონ სათნოების მოძღვარი, ყველა სიკეთეში მამის მსახური, ღვთის საღვთო და ციური სიტყვა, ადამიანის მეშვეობით (სხეულის არსით ჩვენი ბუნება არაფრით არ შეუცვლია) გამოჩნდა რომის სამეფოს დაარსების დროს. ისე მოქმედებდა და ევნო, როგორც უნდა მომხდარიყო წინასწარმეტყველთა თანახმად: ადამიანის და ღმერთის ერთად ცხოვრება, საოცარი საქმეების ქმნა და ყველა ერის წინაშე მამისადმი კეთილმსახურების მოძღვრების წარმოჩენა, ასევე მისი შობის საოცრება, ახალი მოძღვრება, საქმეები და საკვირველებები; ამასთან ერთად სიკვდილის სახე, მკვდრეთით აღდგომა და ყველაფერთან ერთად ცაში ღვთაებრივი კვალადგება, - [ყოველივე ეს] წინასწარ იყო ნაუწყები. დანიელ წინასწარმეტყველმა, როდესაც იგი ღვთის სულთან ერთად ღმერთშემოსილი ხედავდა მის უკანასკნელ სამეფოს, ღმერთი იხილა ადამიანური სახით, რაც აღწერა კიდეც. იგი ამბობს: "რადგან ვიხილე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დღეთაგან ძველი დაჯდა. და მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო, მისი თავის თმა მატყლივით წმინდა; მისი ტახტი - ცეცხლის ალი, მისი ბორბლები - აალებული ცეცხლი; ცვცხლის მდინარე მიედინებოდა მის წინაშე. ათასობით ათასნი მსახურებდნენ მას და ათიათასობით ათიათასნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები" (დან. 7,9-10). ამის შემდეგ ამბობს: "ვიხილე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; და დღეთაგან ძველთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე; და მიეცა მას მთავრობა და პატივი და სამეფო, და ყველა ერი, ტომი, ენა მას დაემონება" (დან. 7,13-14). ეს, ცხადია, არა სხვისი, არამედ ჩვენი მაცხოვრის, დასაბამში ღმერთან მყოფი ღმერთი-სიტყვის მიმართ უნდა იყოს ნათქვამი, რომელსაც ძე კაცისა უკანასკნელ ჟამს მისი განკაცების გამო ეწოდა. მაგრამ რადგან ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს შესახებ არსებულ წინასწარმეტყველთა გამონაკრები ცალკე ჩანაწერებში გადმოვეცით და მის შესახებ უფრო ნათელი საბუთები სხვა ნაშრომებში შემოვკრიბეთ, დავკმაყოფილდეთ იმით, რაც ითქვა.

-------------------------------------------

* აქ ჩანს ევსების მიდრეკილება არიანული შეხედულებებისაკენ – მთარგ.

III

უკვე დროა ვაჩვენოთ, რომ ძველი წინასწარმეტყველები პატივს მიაგებდნენ როგორც სახელ “იესოს”, ასევე სახელ “ქრისტეს”. პირველად თვით მოსემ აღიარა, თუ როგორ განსაკუთრებულად თაყვანისსაცემი და დიდებული არის ქრისტეს სახელი, რომელმაც ცათა სახეები, საიდუმლო სიმბოლოები და ხატები შეიმეცნა და გადმოსცა მისდამი ნათქვამის თანახმად: “იხილე, გააკეთე მთაზე შენდამი მოცემული სახის მიხედვით” (ებრ. 8,5; გამ. 25,40). როდესაც იგი ღვთის მღვდელმთავარას აღწერს როგორც განსაკუთრებული ძალის ადამიანს, მას უწოდებს ქრისტეს, და ამ სამღვდელმთავრო ხარისხს პატივისა და ღირსების ნიშნად ქრისტეს სახელით შემოსავს, რომელიც ამით (მღვდელმთავრის ღირსებით – მთარგ.) ზეაღემატება ადამიანებს შორის არსებულ ყველანაირ პატივს. ამგვარად, ასე შეიცნო “ქრისტეს” სახელის ღვთიური რამ ხასიათი. მან სახელი “იესო” ღვთის სულით წინასწარ ძალიან ნათლად იხილა და კვლავ რაღაც უპირატესობით ღირსყო იგი. იესოს სახელი ადრე არასოდეს არ ყოფილა ადამიანებისთვის უწყებული, ვიდრე მოსე შეიმეცნებდა მას, ვინც პირველად ერთადერთ პიროვნებას უწოდა “იესო”, რომელიც სახისა და სიმბოლოს მეშვეობით შეიმეცნა, რომ მისი აღსასრულის შემდეგ ყოველივეზე მთავრობას იგი მიიღებდა. მის მონაცვლეს პირველად სახელი იესო არ ერქვა, არამედ სხვა სახელი – “ავსე”, რაც მას მშობლებმა უწოდეს; სახელი იესო მან მისცა როგორც საპატიო ძღვენი, ყველა სამეფო გვირგვინზე უფრო დიადი. ეს სახელი მას მან მიანიჭა, რადგან იგი, იესო ნავესი ჩვენი მაცხოვრის ხატს ატარებდა; მხოლოდ მან მიიღო მოსეს და მისი მეშვეობით გადმოცემული სიმბოლური მსახურების დასასრულის შემდეგ ჭეშმარიტი და უწმინდესი ღვთისმოსაობის დასაბამი. ამ სახით მოსემ ორი, მთელი ერისაგან სათნოებითა და დიდებით გამორჩეული ადამიანი, მღვდელმთავარი და მის შემდეგ ერის წინამძღოლი ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს სახელით მისი ზეაღმატებული დიდების გამო შემოსა. ცხადია, ამის შემდეგ მას ქრისტეს სახელით უხმობდნენ, ამასთან დაამოწმებდა მომავალში იუდეველთა ერის მიერ მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეთქმულებას და ასევე მისი მეშვეობით წარმართების მოწოდებას. ერთგან იერემია ამბობს: "ჩვენი პირის სული ქრისტე მიღებულ იქნა მათ ხრწნილებაში, რომლის შესახებაც ვამბობთ: "მის ჩრდილში ვიცხოვრებთ წარმართთა შორის" (იერ. 4,20), ასევე დავითი ამ სიტყვებს ამბობს წრფელად: "რისთვის იქადიან წარმართნი და ხალხები ზრუნავენ ამაოდ? დედამიწის მეფენი აღდგნენ და შეიკრიბნენ ერთად უფლისა და მისი ცხებულის* წინააღმდეგ" (ფს 2,1-2). ამის ზემდეგ თვით ქრისტეს პირით ამბობს: "უფალმა მითხრა მე: “რემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშვი შენ. ითხოვე ჩემგან და მოგცე შენ წილად წარმართთა ერი და შენი საკუთრება იყოს დედამიწის კიდენი" (ფს. 2,7-8). ასე რომ, ებრაელებთან არა მხოლოდ მღვდელთმთავრობით პატივდებული შეიმკობოდა ქრისტეს საბელით მისი ზეთით ცხების სიმბოლოს გამო, არამედ მეფეებიც, რომლებსაც წინასწარმეტყველები ღვთის ნიშნით ქრისტეს ხატად ცხებდნენ, რადგან ისინიც თავიანთ თავში ატარებდნენ მხოლო და ჭეშმარიტი ქრისტეს ყოვლიერების მეფის, ღვთის სიტყვის, სამეფო და სამთავრო ხელმწიფების წინასახეებს. უკვე თვით წინასწარმეტყველთაგან ზოგიერთი ცხების მეშვეობით წინასახეობითად ხდებოდა ქრისტე, რადგან ყოველი მათგანი ჭეშმარიტ ქრისტეს, ღვთიური და ზეციური სიტყვის მიმართ წინასწარმეტყველებდა, რომელიც გამოჩნდა როგორც ყოველთა ერთადერთი მღვდელთმთავარი, მთელი ქმნილების ერთადერთი მეფე და წინასწარმეტყველთა ერთადერთი წინასწარმეტყველთმთავარი. ამის დადასტურებაა, რომ ძველად სიმბოლურად ცხებულთაგან არავის, არც მღვდელს, არც მეფეს, არც წინასწარმეტყველს სათნოების ასეთი ღვთიური ძალა არ მოუპოვებია, როგორიც აჩვენა ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა იესომ ერთადერთმა და ჭეშმარიტმა ქრისტემ. არც ერთი მათგანს, ვინც კი მშობლიურ ერში ასე მრავალ თაობაში ღებულობდა პატივსა და ღირსებას, როცა არ უნდა ეცხოვრა, ხატისებრივად ქრისტეს სახელისაგან მის ირგვლივ მყოფ ქვეშევრდომებს ქრისტიანებს არ უწოდებდნენ. მაგრამ არც ერთ მათგანს მიუღია რომელიმე ქვეშევრდომთაგან თაყვანისცემის პატივი; არც აღსასრულის შემდეგ მიუღია ისეთი კეთილგანწყობა, რომ მის პატივსაცემად სიკვდილისთვისაც მზად ყოფილიყვნენ; არც მსოფლიოს მთელი ხალხები აღძრულა ასე რომელიმე მათგანის გარშემო, რადგან სიმბოლოს ძალას მათ შორის არ ჰქონია ისეთი მოქმედება, როგორიც ჭეშმარიტების სიმტკიცეს აღმოაჩნდა ჩვენი მაცხოვრის მეშვეობით; ვინც მღვდელთმთავრობის არა სიმბოლო და წინასახე მიიღო, არც სხეულით ყოფილა მღვდელთა მოდგმის ჩამომავალი, არც შუბოსან კაცებს გაუმეფებიათ იგი, არც ძველების მსგავსად გამხდარა წინასწარმეტყველი, არც იუდეველებთან რაიმე ღირსებისთვის ან საპატიო თანამდებობისათვის მიუღწევია; თუმცა, ყველაფრით, არა სიმბოლოებით, არამედ თვით ჭეშმარიტებით შეიმკო მამისაგან; და თუმცა არა მათ მსგავთაგან მიიღო, რომლებზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ქრისტე ყველა მათგანზე მეტად ეწოდება მას, როგორც ერთადერთ და ჭეშმარიტად თვით ღვთის ქრისტედ მყოფს, მან  მთელი ქვეყნიერება გაავსო ქრისტიანებით - ნამდვილად თაყვანისსაცემი და წმინდა სახელით. მან არა წინასახეები, არც ხატები, არამედ თვით შიშველი სათნოება და ციური ცხოვრება ჭეშმარიტების დოგმატებით გადასცა მის მიმდევრებს, ცხება კი - არა სხეულის მეშვეობით შემზადებული, არამედ ღვთის სულით თვით ღვთაებრივი ცხება, უშობელ და მამისეულ ღმრთეებასთან თანაზიარებით მიიღო. და კვლავ ესაია ასწავლის, როგორც თვით ქრისტესგან მხმობელი: “უფლის სულია ჩემზე,  რის გამოც მცხო მე; გლახაკთა სახარებლად წარმგზავნა მე,  ტყვეთა განთავისუფლებისა და ბრმათა თვალის ახილვის საუწყებლად" (ლუკ. 4,18-19; ეს. 61,1). და არა მხოლოს ესაია,  არამედ დავითიც ამასთან დაკავშირებით ამბობს: "შენი ტახტი, ღმერთო, საუკუნეთა საუკუნემდეა; სიმართლის კვერთხია
შენი სამეფო კვერთხი. შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება; ამისთვის გცხო შენ ღმერთმა შენმა სიხარულის ზეთი შენს თანაზიართა უმეტეს" (ფს. 44,7-8). რომლის პირველ მუხლში სიტყვა მას ღმერთს უწოდებს, მეორეში კი სამეფო სკიპტრით მიაგებს პატივს, მომდევნო მესამე ადგილას კი ღვთიური და სამეფო ძალის ხსენების შემდეგ მის ქრისტედ გახდომას წარმოაჩენს, არა ნივთიერი სხეულის ზეთით, არამედ ღვთიური "სიხარულის ზეთით"; ამასთან მიანიშნებს ძველად ხატების მეშვეობით წარმოდგენილ სხეულებრივ ცხებულებთან შედარებით მის მრავალი რამით გამორჩეულობასა და უმჯობესობაზე. სხვაგან კი იგი მის შესახებ ასე ცხადად ამბობს: "უთხრა უფალმა ჩემს უფალს: "დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავსცემ შენს ფეხქვეშ" (ფს. 109,1), და "ცისკრის ვარსკვლავის უწინარეს საშოდან გშვი შენ. დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს; შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესის მიხედვით" (ფს. 109,3-4; ებრ. 7,11-25). ეს მელქისედეკი, მაღალი ღმერთის მღვდელი წმინდა წერილში შესულია, არა რაიმე შემზადებული ცხებით წარმოჩენული, მაგრამ არც მემკვიდრეობით ებრაელთა მღვდლობის მოდგმისაგან ჩამომავალი. ამის გამო თავისი წესის მიხედვით და არა სხვათა სიმბოლოების და წინასახეების მიხედვით მიმღებთაგან ეწოდება ჩვენს მაცხოვარს ქრისტე და მღვდელი მემკვიდრეობის ფიცით. ამ მიზეზით ისტორია მას არც იუდეველებთან სხეულებრივად ცხებულად გადმოსცემს, არც მღვდელთა ტომისაგან დაბადებულად, არამედ როგორც თვით ღვთისაგან ცისკრის ვარსკვლავის ამოსვლის წინ (რაც ნიშნავს ქვეყნიერების შედგენის წინ) შეარსებულს, და უკვდავი და უბერებელი მღვდლობის უსაზღვრო საუკუნემდე მპყრობელს. ყველა ძვალთაგან ახლანდელ დრომდე მყოფთაგან მხოლოდ მასზე მომხდარი უსხეულო და ღვთიური ცნების დიდი და ხილული მტკიცებულობა ყველა ადამიანთან მთელს ქვეყნიერებაზე არის სახელი "ქრისტე"; ამ სახელით აღიარებს და დაემოწმება მას ყველა, და ელინებთან და ბარბაროსებთან მოიხსენიება, და მსოფლიოში ახლანდელ დრომდე მის მიმდევართა მიერ პატივი მიეგება როგორც მეფეს, მისი უკვირთ წინასწარმეტყველზე მეტად, განადიდებენ როგორც ღვთის ერთადერთ და ჭეშმარიტ მღვდელთმთავარს და მათთან ყველა როგორც ღვთის წინარეარსებულ და ყველა საუკუნეზე უწინარეს შეარსებულ სიტყვას, თაყვანისცემის პატივის მამისგან მიმღებს თაყვანს სცემს როგორც ღმერთს; ხოლო ყველაზე უფრო საოცარია ის, რომ არა მხოლოდ სიტყვებითა და სიტყვათა ხმებით განვადიდებთ მას, არამედ სულის მთელი განწყობით, რათა მისთვის მოწმობა თვით ჩვენს საკუთარ სიცოცხლეზე მეტად დავაფასოთ.

-----------------------------------

* ბერძნულად “ქრისტე” ნიშნავს ცხებულს – მთარგ.

 

IV

ისტორიული თხრობის წინ ამ საკითხების გადმოცემა აუცილებლად მივიჩნიე, რათა ვინმეს ჩვენს უფალსა და მაცხოვარზე, იესო ქრისტეზე მისი ხორციელი მოქალაქობის გამო არ ეფიქრა, რომ ახლახან გამოჩნდა; და რათა არც ის ეფიქრა ვინმეს, რომ მისი მოძღვრება ახალია და უცხო როგორც ახლახან გამოჩენილის და დანარჩენი ადამიანებისგან არაფრით გამორჩეულის მიერ შედგენილი, მის შესახებ მოკლედ განვსაზღვრავთ. რადგან როდესაც ახალი მომხდარი იყო ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მოსვლა ყველა ადამიანთან, ახლად აღიარებულ იქნა ერი, არა მცირე, არც სუსტი, არც სადმე დედამიწის კუთხეში დაარსებული, არამედ სათნო ადამიანების მიერ ნაწინასწარმეტყველებ ჟამს ყველა ერზე უფრო მრავალრიცხოვანი და უფრო ღვთისმოსავი და ამით წარუვალი და დაუმარცხებელი, რომელიც ღვთისგან სამარადისო შემწეობას ღებულობს, და რომელიც ყველასთან ქრისტეს სახელით არის პატივდებული. ეს ანცვიფრებდა ერთ წინასწარმეტყველსაც რომელიც ღვთის სულით წინასწარ ჭვრეტდა მომავალს და ამას იტყოდა: "ვინ ისმენს ამას, და ვინ საუბრობს ასე? თუ მოივლი მიწას ერთ დღეში და თუ იშვება ერი მეყსეულად" (ეს. 66,8). იგი მომავალ სახელზე ამგვარად მიანიშნებს: "ჩემს მონებს მოუხმობენ ახალი სახელით, რომელიც დედამიწაზე იკურთხება" (ეს. 65,15-16). მაგრამ თუმცა ჩვენ აშკარად ვართ ახლები და ქრისტიანების ახალი სახელი მართლაც სწორედ ახლა გახდა ცნობილი ყველა ერში, ცხოვრებასაც და ქცევის სახესაც ღვთისმოსაობის ამ დოგმატებით, რომლებიც ჩვენ არ შეგვითხზავს ახლახან, პირველი ადამიანის შექმნიდან მისდევდნენ ძველი ღვთისმოყვარე კაცნი ბუნებითი აზროვნებით ისე, როგორც ამას ჩვენ წარმოვაჩენთ. ყველასათვის ისედაც ცნობილ ებრაელთა ერს ყველა ადამიანის მიერ მიეგება პატივი არა როგორც ახალი, არამედ როგორც უძველესს. მათი სიყვები და ნაწერები შეიცავენ ძველ კაცთა შესახებ ამბებს, რომლებიც იყვნენ ცოტა და მცირერიცხოვანი, მაგრამ ჩვენი მსგავსი ღვთისმოსაობით, სამართლიანობით და ყველა დანარჩენი სათნოებით იყვნენ გამორჩეული. ზოგი მათგანი წარღვნის წინ იყო, ზოგი კი მის შემდეგ: ნოეს შვილები და მისი შთამომავლები, ასევე აბრაამი, რომლითაც ებრაელთა შვილები იქადიან როგორც მათი დამაარსებლითა და წინაპრით. თუკი ვინმე ყველა სამართლიანობისთვის დამამოწმებელს, აბრაამიდან პირველ ადამიანამდე, თუ სახელით არა საქმით ქრისტიანს მაინც უწოდებს, ალბათ არ გადაუხვევს ჭეშმარიტებისაგან. რადგან ეს სახელი ცხადად აღნიშნავს იმას, რომ ქრისტიანი კაცი გამოირჩევა ქრისტეს ცოდნისა და მოძღვრების ფლობის მეშვეობით კეთილგონიერებითა და სამართლიანობით, ცხოვრების ამტანობით, სათნოებისმიერი სიმამაცით, ყოველივეზე მაღლა მყოფი ერთი და მხოლო ღმერთის ღვთისმოსაობის აღსარებით; ისინი ყველაფერ ამას ჩვენზე ნაკლებად არ ეშურებოდნენ. ისინი არც სხეულის წინადაცვეთაზე ზრუნავდნენ, როგორც ჩვენ, არც შაბათის დაცვაზე, როგორც ჩვენ, არც გარკვეული სახის საკვებისაგან თავშეკავებაზე, არც სხვებისაგან გამოყოფაზე, რაც მოგვიანებით ყველაზე პირველმა მოსემ დაიწყო, - მათი სიმბოლურად აღსრულების გადმოცემა, რასაც არც ახლა აღასრულებენ ქრისტიანები; მათ კარგად იცოდნენ, რომ იგი იყო ღვთის ქრისტე წინასწარ წარმოჩენილი, რომ იგი იხილა აბრაამმა, მან მოუხმო ისააკს, ესაუბრა ისრაელს, გამოეცნაურა მოსეს და მის შემდგომ წინასწარმეტყველებს. აქედან აღმოაჩენ, რომ ღვთისმოყვარენი ღირსი შეიქნენ ეტარებიათ ქრისტეს სახელი მათ შესახებ ნათქვამის მიხედვით: "არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს (ე. ი. ქრისტეებს - მთარგ.) და წინასწარმეტყველთა შორის ნუ სჩადიხართ უკეთურებას" (ფს. 104,15); ამიტომ ცხადია, ახლახან ქრისტეს მოძღვრების მეშვეობით ყველა ერისადმი ნახარები უნდა ჩაითვალოს აბრაამის და მის მიმდევარ ღვთისმოყვარე კაცთა ღვთისმოსაობის პირველ, ყველაზე უძველეს და უდასაბამიერეს აღმოჩენად. თუ იტყვიან, რომ აბრაამმა წინადაცვეთის მცნება გაცილებით გვიან მიიღო, ისიც არის ნათქვამი, რომ მანამდე რწმენის მეშვეობით დაამოწმა სამართლიანობისათვის, როგორც ღვთის სიტყვა ამბობს: "ერწმუნა აბრაამი ღმერთს და სიმართლედ შეერაცხა" (შესაქ. 15,6 რომ. 4,3). მას წინადაცვეთამდე ღვთის მიერ საკუთარი თავის (ეს კი იყო თვით ქრისტე, ღვთის სიტყვა) მისთვის გაცხადების გზით მიღებული ჰქონდა წინასწარმეტყველება მათ შესახებ, ვინც მომავალ თაობებში მის მსგავსად გამართლდებოდა, და ღმერთმა მას ამ სიტყვებით წინასწარ აღუთქვა: "და შენით იკურთხება დედამიწის ყველა ტომი" (შესაქ. 12,3), და რომ "იქნება ერთი დიდი და მრავალრიცხოვანი ერი, და მისით იკურთხება დედამიწის ყველა ერი" (შესაქ. 18,18). ეს კი კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენზე აღსრულდა. რადგან იგი მისადმი ჩვენებული ღვთის სიტყვის, ქრისტეს რწმენით იქნა გამართლებული, იგი განუდგა მამების ცრურწმენას და ადრინდელ ცთომილ ცხოვრებას, და აღიარა ერთი, ყოველივეზე მაღლა მყოფი ღმერთი, და მას სათნოების საქმეებით და არა რჯულის მსახურებით თაყვანს სცემდა; ეს ითქვა, რადგან მასში დედამიწის ყველა ერი იკურთხება; სიტყვებზე უფრო ცხადი საქმეებით ახლა მთელ მსოფლიოში ქრისტიანებთან ჩანს რომ აბრაამის ღვთისმოსაობის გვარს მისდევენ. დანარჩენთან დაკავშირებითაც რა შეიძლება იყოს ხელისშემშლელი, რომ ვაღიაროთ ჩვენი, ქრისტიანთა და ძველ ღვთისმოყვარეთა ცხოვრებისა და ღვთისმოსაობის გვარის იგივეობა? ამგვარად ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ქრისტეს სწავლების მეშვეობით გადმოცემული ღვთისმოსაობის წარმართვა არის არა ახალი და უცხო, არამედ თუ ჭეშმარიტება უნდა ითქვას, არის თავდაპირველი, ერთადერთი და ჭეშმარიტი. და ვიკმაროთ ეს.

 

V

ამრიგად, ჩვენს მიერ საეკლესიო ისტორიის შესავლის სათანადო შემზადების შემდეგ უკვე დანარჩენ თხრობას როგორც რამ მოგზაურობას ჩვენი მაცხოვრის ხორციელი გამოჩენიდან დაწყებით შევუდგებით და მოვუწოდებთ სიტყვის მამას, ღმერთს და თვითონ გაცხადებულ იესო ქრისტეს, ჩვენს უფალსა და მაცხოვარს, ღვთის ზეციურ სიტყვას, ჭეშმარიტ თხრობაში ჩვენს შემწესა და თანამოქმედს. ეს იყო ავგუსტუსის მეფობის ორმოცდამეორე წელს, ეგვიპტის დამორჩილების, და ანტონიუსისა და კლეოპატრას (რომლითაც დასრულდა ეგვიპტის პტოლემეოსთა დინასტია) აღსრულების შემდეგ ოცდარვა წელი იყო გასული, როდესაც პირველი აღწერის დროს, სირიაში კვირინიუსის მმართველობისას, ჩვენი უფალი და მაცხოვარი იშვა მის შესახებ არსებული წინასწარმეტყველებების თანახმად იუდეის ბეთლემში[3]. კვირინიუსის დროს მომხდარ ამ აღწერას ახსენებს სახელგანთქმული ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსიც[4] და მასთან დაკავშირებით სხვა ისტორიასაც, ამავე დროს გალილეველთა მწვალებლობის აღმოცენებას, რომლის შესახებაც ჩვენი ლუკაც ახსენებს "საქმეებში":  "შემდგომ ამისა აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია; მაგრამ იგი დაიღუპა და გაიფანტა ყველა, ვინც მას დაუჯერა" (საქმე. 5,37). ამასთან თანხმობაში ჩანს "სიძველეების" მეთვრამეტე წიგნი, რომელიც სიტყვასიტყვით ამბობს: "კვირინიუსი, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ავიდა სენატში, კაცი, რომელმაც სხვა თანამდებობები გაიარა და ყველა მათგანის გავლით გახდა კონსული (სხვა მაღალი თანამდებობებიც ეკავა მას), მცირერიცხოვან ამალასთან ერთად ჩავიდა სირიაში, რადგან კეისრის მიერ ერების სამართავად და ქონების შესაფასებლად იქნა გაგზავნილი" (იოსებ. ი. ს. 18,1). და მცირე ხნის შემდეგ ამბობს: "იუდა გალილეველმა, კაცმა წარმოშობით ქალაქიდან, რომლის სახელი იყო გამალა, თავისთან მიიმხრო სადოკ ფარისეველი და მოაწყო აჯანყება. ისინი ამბობდნენ, რომ აღრიცხვას სხვა არაფერი მოაქვს, თუ არა რომაელებისადმი პირდაპირი დამონება, და ერის განთავისუფლებისაკენ მოუწოდებდნენ" (იოსებ. ი.ს. 18,4). "იუდეველთა ომის" ისტორიების მეორე წიგნში მის შესახებ წერს: "ამის შემდეგ კაცი ვინმე გალილეველი სახელად იუდა ამბოხისაკენ აქეზებდა თანამემამულეებს და კიცხავდა მათ, რომ ითმენდნენ რომაელებისთვის ხარკის გადახდას და ღმერთის შემდეგ მოკვდავ მეუფეებს აღიარებდნენ" (იოსებ. ი. ო. 2,118). ამას ამბობს იოსები. 

VI


მაშინ, როდესაც იუდეველთა ერის პირველმა უცხო ტომის ჩამომავალმა ჰეროდემ მიიღო მეფობა, ახდა მოსეს მიერ ნაწინასწარმეტყველები: "არ მოაკლდება იუდას მთავარი, არც წინამძღვარი მისი წელიდან, ვიდრე მოვა ის, ვისთვისაც არის გამზადებული" (შესაქ. 49,10), რომელიც გაცხადდება როგორც "წარმართების მოლოდინი". წინასწარმეტყველება არ იყო აღსრულებული, ვიდრე თანამემამულე მთავრების მიერ იმართებოდა ერი გარკვეული თანმიმდევრული დროის განმავლობაში, რომელიც თვით მოსედან დაიწყო და ავგუსტუსის მეფობისას  შეწყდა, როდესაც რომაელებმა პირველ უცხოტომელს, ჰეროდეს[5] მისცეს იუდეველებზე მთავრობა. როგორც იოსები გადმოგვცემს, იგი მამის მიხედვით იყო იდუმეველი, დედის მიხედვით კი - ტომით არაბი. როგორც აფრიკელზე (ესეც არ იყო შემთხვევითი ისტორიკოსი)[6] დაყრდნობით დაზუსტებით ამბობენ მასზე, ანტიპატროსი (ეს იყო ჰეროდეს მამა)[7] იშვა ვინმე ჰეროდე ასკალონიტოსისაგან, აპოლონის ტაძარში მყოფ ე. წ. ჰეროდულოსისგან*. ეს ანტიპატროსი ბავშვობაში იდუმეველმა ავაზაკებმა მოიტაცეს და მათთან ერთად იმყოფებოდა იმის გამო, რომ მამამისი ღარიბი იყო და არ შეეძლო მის გამო გამოსასყიდის გადახდა. იგი აღიზარდა მათი ჩვეულებებით და ბოლოს იუდეველთა მღვდელთმთავარ ჰირკანს[8] დაუმეგობრდა. მისგან იშვა ჩვენი მაცხოვრის დროს მოღვაწე პეროდე. როდესაც მის ხელში გადავიდა იუდეველთა სამეფო, მომდევნო წინასწარმეტყველების თანახმად უკვე კარებთან იყო წარმართების მოლოდინი, რადგანაც აღარ იყვნენ მოსესაგან მონაცვლეობის მიხედვით ჩამომავალი მთავრები და წინამძღვრები. მათი (ებრაელების - მთარგ.) დატყვევებისა და ბაბილონში გადასახლების წინ მეფობდნენ მეფენი პირველი საულიდან და დავითიდან მოყოლებული; მეფეების წინ მათზე მთავრობდნენ ე. წ. მსაჯულები, ისინი მართავდნენ მოსესა და მისი მონაცვლე იესოს შემდეგ; ბაბილონიდან შინ დაბრუნების შემდეგ არ გაუქმებულა ოლიგარქიული არისტოკრატიის ხელისუფლება (რადგან მღვდლები წარმართავდნენ საქმეებს), ვიდრე რომაელთა მხედართმთავარმა პომპეუსმა არ შემოარტყა ალყა იერუსალიმს დასაპყრობად და არ შეურაცხყო სიწმინდეები, და ტაძრის აკრძალულ ადგილებში არ შევიდა. ის, ვინც მის დრომდე მოიტანა წინაპართა მონაცვლეობით მეფობაც და მღვდელთმთავრობაც, სახელად არისტობულოსი[9], შვილებთან ერთად შებორკილი რომში გაგზავნა, ხოლო მისი ძმა ჰირკანი, რომელსაც მღვდელთმთავრობის მონაცვლეობა უკანასკნელს გადაეცა, პართეველებმა დაატყვევეს, და იუდეველთა ერი, როგორც ითქვა, რომაელთა სენატმა და იმპერატორმა ავგუსტუსმა პირველ უცხოტომელს ჰეროდეს ჩააბარა. მის დროს მოხდა ქრისტეს ხილული მოსვლა და ამას მოყვა წარმართთა მოსალოდნელი ხსნა და მოწოდება წინასწარმეტყველების თანახმად. ამ ჟამიდან, როდესაც იუდადან, ანუ იუდეველთა ერისგან, მთავრები და წინამძღვრები აღარ იყვნენ, ბუნებრივია, მათ წინაპართაგან მოწესრიგებულად გვარის მიხედვით  მახლობელ მემკვიდრეებზე ჩამომავალი მღვდელთმთავრობის საქმეები მყისვე აირია. როდესაც გვყავს ეს სანდო მოწმე, იოსები, რომელიც ააშკარავებს, რომ რომაელთა მიერ მეფობის ჰეროდეზე გადაცემის შემდეგ მეტად აღარ იდგა ძველი გვარის მღვდელთმთავარი, არამედ ვიღაც უცნობ პიროვნებებს ენიჭებოდა ეს პატივი; მღვდლების დადგინებასთან დაკავშირებით ჰეროდეს მსგავსადვე იქცეოდა მისი შვილი არქელაოსიც და მის შემდეგ რომაელებიც, რომლებმაც მიიღეს იუდეველებზე მთავრობა. იგივე მწერალი განმარტავს, თუ როგორ ჩაკეტა და საკუთარი ბეჭდით დაბეჭდა მღვდელთმთავრების წმინდა სამოსელი პირველად ჰეროდემ და შემდეგ აღარასოდეს მიუცია იგი სატარებლად მღვდელთმთავრებისათვის, ასევე იქცეოდნენ მის შემდეგ არქელაოსი[10] და შემდეგ რომაელები. ეს კი ჩვენს  მიერ ითქვა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესთან დაკავშირებით აღსრულებული სხვა წინასწარმეტყველების საჩვენებლად. დანიელის თხზულება უცხადესად ასახელებს შვიდეულების გარკვეულ რიცხვს "ქრისტე მთავრის" მოსვლამდე (რასაც სხვაგან შევეხეთ), და წინასწარმეტყველებს, რომ ამ შვიდეულების დასრულების შემდეგ იუდეველებთან ცხება მოიშლება (შდრ. დან 9,24-27). ამის აღსრულებაც ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს შობის ჟამს ნათლად გამოჩნდა. ესეც ჩვენს მიერ ჟამთა ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებლად იქნა გამოკვლეული.

--------------------------------------------------

* ბერძ. “ტაძრის მონა”: მათ ჰქონდათ სხვადასხვა ფუნქციები, - მთარგ.

 

VII

რადგან მათე და ლუკა მახარებლების მიერ ქრისტეს შესახებ არსებული გვარტომობის განსხვავებული გადმოცემები მრავალთა მიერ ერთმანეთთან შეუთანხმებლად მიიჩნევა; და თითოეული მორწმუნე ამ ადგილის შესახებ ჭეშმარიტების უმეცრებით განმარტებებების მოგონებას ეშურება, მოდი და მათ შესახებ ჩვენამდე მოღწეულ ისტორიასაც გადმოვცემთ, რომელიც ჩვენს მიერ ცოტა ზემოთ ხსენებულმა აფრიკელმა გვარტომობათა ურთიერთთანხმობის შესახებ არისტიდესადმი[11] მიწერილ ეპისტოლეში სხვათა აზრები როგორც არაბუნებრივი და ნატყუარი ამხილა, ხოლო თვითონ ისტორია შემდეგი სიტყვებით გადმოსცა: "მას შემდეგ, რაც ისრაელში გვართა სახელები აღირიცხებოდა ბუნებით ან რჯულით; ბუნებით, კანონიერი თესლის მემკვიდრეობით, რჯულით კი როდესაც სხვა ქმნის ბავშვს უშვილო გარდაცვლილი ძმის სახელით (რადგან აღდგომის ნათელი იმედი ჯერ კიდევ არ იყო მოცემული და მომავალ აღთქმას მოკვდავი აღდგომით ბაძავდნენ, რათა გარდაცვლილის სახელი უწყვეტად დარჩენილიყო); ამიტომ ამ გვარტომობით ჩამომავალნი, ზოგი მამისაგან კანონიერად მონაცვლე შვილი იყო, ზოგი კი სხვებისგან იშვა, ხოლო სახელი კი სხვების მიიღო, ორივეს მოხსენიება მოხდა, ნამდვილი მშობლებისაც და ვითომ მშობლებისაც. ამგვარად, სახარებაში არ არის არავითარი შეცდომა, არც ბუნებით და არც რჯულიერ აღრიცხვაში. რადგან ერთმანეთს შეეწნა გვარი, სოლომონისგან ჩამომავალიც და ნათანისგანაც, უშვილოთა და მეორე ცოლიანთა "აღდგომით" და თესლის აღდგენით, როგორც სამართლიანად ითვლებიან ისინი სხვადასხვა დროს სხვადასხვა პიროვნებების ნამდვილ და ასეთად მიჩნეულ მამათა შვილებად; რადგან ორივე თხრობა სრულიად ჭეშმარიტი არის, რომელიც იოსებამდე დახლართულად მაგრამ ზედმიწევნით ჩამოდის. ნათქვამი რომ ცხადი გახდეს, მოგითხრობთ გვარების მონაცვლეობას. თუ დავითისაგან სოლომონის ხაზით აღვრიცხავთ, ბოლოდან მესამე აღმოჩნდება მატათა, რომელმაც შვა იაკობი, იოსების მამა; დავითის შვილ ნათანისგან კი ლუკას მიხედვით ასევე ბოლოდან მესამე არის მელქი; რადგა იოსები იყო მელქის ძის ელის ძე. ახლა ყურადღებას იოსებს მივაპყრობთ და მოგითხრობთ, თუ როგორ აღმოჩნდა ორივე მისი მამა, იაკობი სოლომონის გვარისგან ჩამომავალი და ელი ნათანის გვარისგან, აგრეთვე როგორ იყვნენ ისინი, იაკობი და ელი, ძმები და მათ უწინარეს როგორ გახდნენ იოსების პაპებად მათი მამები, მატათა და მელქი, რომლებიც განსხვავებული გვარისანი იყვნენ. ამრიგად, მატათამაც და მელქიმაც ერთმანეთის შემდეგ მოიყვანეს ერთიდაიგივე ქალი და ერთი დედის ძმები შექმნეს, რადგან რჯული არ აბრკოლებს ქვრივს, გაყრილს ან მას, ვისაც გარდაცვლილი ყავს ქმარი, რომ სხვაზე დაქორწინდეს; ესთასგან (გადმოცემით ასე ერქვა ქალს) პირველად მატათამ, სოლომონის გვარის ჩამომავალმა, შვა იაკობი, მატათას აღსრულების შემდეგ იგი, დაქვრივებული, როგორც ზემოთ ითქვა, ცოლად მოიყვანა მელქიმ, ნათანის გვარის ჩამომავალმა, იმავე ტომისამ, მაგრამ სხვა გვარის მქონემ, და ეყოლა ძე ელი. ამგვარად, აღმოვაჩენთ, რომ იაკობიც და ელიც იყვნენ ერთი დედის ძმები, ორი განსხვავებული გვარიდან ჩამომავალნი; ერთმა მათგანმა, იაკობმა, როდესაც აღესრულა მისი უშვილო ძმა ელი, მისი ქალი ცოლად მოიყვანა და მისგან შვა მესამე, იოსები*, რომელიც ბუნების მიხედვით (ასევე ლოგიკურად, რის გამოც დაიწერა: "იაკობმა შვა იოსები") მისი, ხოლო რჯულის მიხედვით ელის ძე იყო; რადგან მას იაკობმა, ძმამ, აღუდგინა თესლი. ამიტომ მის მიხედვით გვარტომობაც არ იქნება არაქმედითუნარიანად გამოცხადებული. მათე მახარებელმა იგი ასე აღრიცხა: "იაკობმა შვა იოსები", ლუკა კი ამბობს: "რომელიც იყო, როგორც ფიქრობდნენ" (რადგან ამასაც დასძენს), "იოსების, ელის, მელქის". რადგან რჯულისმიერი შობის მიხედვით უფრო ნიშანდობლივად თქმა შეუძლებელი იყო, და სიტყვა "შვას" ასეთ შვილთქმნებზე აღარ ახსენებს გვარტომობის დასასრულამდე, რადგან მიდის უკუსვლით სიტყვებამდე "ადამის, ღმერთის". ეს არც დაუმტკიცებლად არც ფუჭად არის ნათქვამი, რადგან მაცხოვრის ხორციელმა ნათესავებმა, ან საკუთარი თავის გამოჩენის გამო, ან უბრალოდ სასწავლოდ, ნებისმიერ შემთხვევაში კი ჭეშმარიტად გადმოცეს ეს. როდესაც იდუმეველი ავაზაკები პალესტინის ქალაქ ასკალონში შევიდნენ, აპოლონის საკერპოდან, რომელიც [ქალაქის] კედლებზე იყო აშენებული, ვინმე ჰეროდე
ჰიეროდულოსის შვილი სხვა ტყვეებთან ერთად წაასხეს, და რადგან მღვდელს ვაჟიშვილის გამო გამოსასყიდის გადახდა არ შეეძლო, ანტიპატროსი იდუმეველთა ჩვეულებებით აღიზარდა, მოგვიანებით კი იუდეველ მღვდელთმთავარ ჰირკანს დაუმეგობრდა; პომპეუსთან ჰირკანის გამო შუამავლობდა და მისთვის ძმის არისტობულოსის მიერ წართმეულ სამეფოს ანთავისუფლებდა. მას ბედი სწყალობდა და პალესტინის ზედამხედველად[12] დაინიშნა. ანტიპატროსი, რომელიც მრავალი წარმატების გამო შურით აღძრულებმა ღალატით მოკლეს, მისმა ძემ ჰეროდემ შეცვალა, რომელიც მოგვიანებით ანტონიუსის მიერ და უმაღლესი სენატის გადაწყვეტილებით იუდეველთა მეფედ დაინიშნა; მისი შვილები იყვნენ ჰეროდე და სხვა ტეტრარქები**. ამ ამბავს იზიარებენ ელინთა ისტორიებიც; ებრაელთა და პროზელიტთა ჩამომავალების, როგორებიც იყვნენ აქიორ ამონიელი და რუთ მოაბელი"[13] ასევე გვარები მათი შერეული ოჯახებისა, რომლებიც ეგვიპტიდან გამოიქცნენ, იმ დრომდე აღწერილი იყო არქივებში; ხოლო რადგან ჰეროდე არანაირად არ უკავშირდებოდა ისრაელიტთა გვარებს და ამასთან მდაბიო წარმოშობის იყო, და რადგან თავისი მდაბიო წარმოშობის გამო გონება ჰქონდა შერყეული, დაწვა საკუთარი გვარის აღწერილობა; იგი ფიქრობდა, რომ კეთილშობილი წარმომავლობის პიროვნებად წარმოჩნდებოდა, თუ ვერავინ შეძლებდა მისი გვარის გამოყვანას პატრიარქების ან პროზელიტების, ან შერეული წარმოშობის მქონე ე. წ. გერების გვარებიდან. მცირედნი იყვნენ ისინი, ვინც ზრუნავდა თავისი თავის შესახებ კერძო ჩანაწერების ქონაზე, ან სახელების დამახსოვრებით ან სხვაგვარად ასლებიდან გადმოღებით, და თავს იწონებდა კეთილშობილების ხსოვნის შენახვით; მათ შორის იყვნენ ზემოხსენებული ე. წ. "დესპოსინები", რომელთაც ეს ეწოდებოდათ მაცხოვრის გვართან კავშირის გამო***, რომლებიც იუდეველთა სოფლებიდან, ნაზარეთიდან და კოხაბადან, იყვნენ გამოსულები და მათი წარმომავლობის წინარე გვარტომობას "დღეთა წიგნის" მეშვეობით განმარტავდნენ. ასე იყო, თუ სხვაგვარად, უფრო ცხადი განმარტების აღმოჩენას, როგორც ვფიქრობ მეც და ასევე ყველაფერში კეთილგონიერნიც, ალბათ სხვა ვერავინ შეძლებს, და ჩვენც ეს ვიკმაროთ, რადგან თუ დაუმოწმებელი არის, უკეთესის ან უფრო ჭეშმარიტის თქმა არ ძალგვიძს, ნებისმიერ შემთხვევაში სახარება ჭეშმარიტებას ამბობს". ეპისტოლის დასასრულს კი დასძენს: "სოლომონისგან ჩამომავალმა მატათამ შვა იაკობი. იაკობის სიკვდილის შემდეგ ნათანისგან ჩამომავალმა მელქიმ იმავე ქალისგან შვა ელი. ასე რომ, ელი და იაკობი არიან ერთი დედის შვილები. როდესაც ელი უშვილოდ გარდაიცვალა, იაკობმა აღუდგინა მას თესლი და შვა იოსები, ბუნებით მისი, რჯულის მიხედვით კი ელის ძე. ამგვარად ორივე მათგანის ძე იყო იოსები. [14]

ასე ასრულებს აფრიკელი. როდესაც იოსებისგან ამგვარად გამოყავს გვარტომობა, შესაძლოა მარიამიც იმავე ტომის ჩამომავლად წარმოჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ მოსეს რჯულის მიხედვით ნებადართული არ იყო სხვადასხვა ტომების აღრევა; რადგან იყო მცნება, რომლის მიხედვით დასაქორწინებლად უნდა შეუღლებულიყვნენ ერთი და იმავე ხალხისგან და სანათესაოდან, შთამომავლობის მემკვიდრეობა რომ არ გადასულიყო ტომიდან ტომზე. ამრიგად ეს ვიკმაროთ.

----------------------------------------------

* ეს არის ესთასაგან მესამე – მთარგ.

** ჰეროდე ანტიპა და მისი ძმები – მთარგ.

*** რადგან იგი არის მეუფე ანუ ბერძნულად “დესპოტი” – მთარგ.

 

VIII

მაგრამ როდესაც წინასწარმეტყველებათა თანახმად ქრისტე იუდეის ბეთლემში ზემოხსენებულ ჟამს იშვა, ჰეროდემ ამის მცოდნე აღმოსავლელ მოგვთაგან გამოიკითხა, თუ სად იშვა იუდეველთა მეფე, რადგან მათ მიერ მისი ვარსკვლავის ხილვამ და ამ მიზეზით ესოდენ დიდი მოგზაურობის შესრულებამ, აგრეთვე მათ მიერ შობილის როგორც ღმერთის მოშურნედ თაყვანისცემამ, - ამ საქციელმა ჰეროდე ძალიან შეაშინა, ფიქრობდა, რომ მას წაერთმეოდა მთავრობა. ერის რჯულთმოძღვართაგან გამოიკითხა, თუ სად იყო ქრისტეს შობა ნაწინასწარმეტყველები და როგორც კი გაიგო, რომ მიქეას წინასწარმეტყველება ბეთლემს წინამოასწავებდა, ერთი ბრძანებით დაახოცვინა ბეთლემში ძუძუთა ჩვილები და მის ყველა საზღვრებში ყრმები ორი წლისა და ქვემოთ (მოგვებისგან დაზუსტებული ჟამის მიხედვით); ფიქრობდა, რომ იესო როგორც ყველანაირად მათი მსგავსი, მისი თანატოლების ბედს გაიზიარებდა. თუმცა, ყრმამ დაასწრო განზრახვის აღსრულებას და ეგვიპტისაკენ იქნა წაყვანილი მისი მშობლების მიერ, რომლებმაც ანგელოზის გამოცხადებით წინდაწინ იცოდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამას სახარების წმინდა წერილიც ასწავლის. ამასთან ერთად აღნიშვნის ღირსია ქრისტესა და მის თანატოლთა წინააღმდეგ ჰეროდეს დანაშაულის საზღაური, როგორ მეყსეულად, მცირედი დაყოვნების გარეშე, ეწია მას ღვთის სამართალი ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე, რითაც აქედან განშორების შემდეგ მისაგებელის დასაწყისს აჩვენებდა; თუ როგორ დააბნელა მან ის, რაც მისი მეფობის დიდებად მიიჩნეოდა, შემდგომ მის სახლში მომხდარი მოვლენებით, ცოლის, შვილების და სხვა მის გვართან განსაკუთრებით ახლოს მყოფთა და უსაყვარლესთა სისხლისღვრებით, ამის მხოლოდ აღნუსხვაც კი შეუძლებელია, ნებისმიერ ტრაგიკულ დრამატურგიას დაჩრდილავს მათ შესახებ არსებული ამბები, რაც იოსებმა ვრცლად მოგვითხრო თავის ისტორიებში. თუ როგორ სიკვდილამდე დევნა ჩვენი მაცხოვრისა და სხვა ჩვილების წინააღმდეგ შეთქმულების გამო მასზე მოწევნულმა, ღვთის ნებით დადგენილმა მათრახმა, ურიგო არ იქნება, ისტორიკოსის სიტყვები მოვისმინოთ, როდესაც მისი ცხოვრების უბედურებას "იუდაური სიძველეების" მეჩვიდმეტე წიგნში ამგვარად აღწერს: "პეროდე სნეულებამ უფრო მეტად წარიტაცა, ვიდრე შურისმგებელი ღმერთისგან იყო ეს დაწესებული. რადგან ცეცხლი ნელი იყო* და მის გამსინჯველებს ბევრს ვერაფერს მიანიშნებდა ანთებაზე, რომელიც ამდენ ვნებას კვებავდა მის შიგნით, ხოლო ჭამისას იმ ზომის წადილი ჰქონდა რომ ვერც მოემსახურებოდი; შიგნეულობა დაწყლულებული ჰქონდა, განსაკუთრებით კი მსხვილი ნაწლავის ტკივილი აწუხებდა და ფენების გარშემო ლორწოვანი გამჭვირვალე სითხე გადმოდინდებოდა; მსგავსადვე დაავადებული იყო მუცლის არე, ასევე ულპებოდა მამაკაცის ასო და მასში მატლები უჩნდებოდა, სუნთქვა დაძაბული ჰქონდა, ძალიან უსიამოვნო იყო კუჭში გასვლა და ხშირი სუნთქვა, ასევე ყველა ასოების კანკალი აუტანელი ძალით. ეს ნათქვამი იყო მისანთა და მათ მიერ, რომლებმაც ეს ბრძნულად იწინასწარმეტყველეს, რომ ეს სასჯელი მეფეზე ღმერთმა დააწესა მისი მრავალი უღმერთო საქციელის გამო".[15]

ამას აღნიშნავს ციტირებულ თხზულებაში ზემოხსენებული მწერალი და "ისტორიათა"**  მეორე წიგნში მის შესახებ მსგავს გადმოცემას აღწერს:

"მისი სხეულის ყოველი ნაწილი სხვადასხვა ვნებებით იყო დასნეულებული. პქონდა დაბალი სიცხე, მთელი კანის აუტანელი ქავილი, მუცლის განუწყვეტელი გვრემა, ფეხების გარშემო წყალმანკის სიმსივნის მსგავსი რამ, მუცლის ანთება და ასოს ლპობა, რაშიც მატლები გაჩნდა, ამას თან ერთვოდა მძიმე სუნთქვა და სხეულის ყოველი ასოს სპაზმი. მისნები ამბობდნენ, რომ ეს სნეულებები იყო სასჯელი. ასეთ ვნებებთან მებრძოლს მაინც უნარჩუნდებოდა სიცოცხლე, ხსნას იმედოვნებდა და განკურნებასაც ფიქრობდა. ასე რომ, გადავიდა იორდანეზე და იღებდა კალიროეს[16] აბაზანებს, რომლებიც ჩაედინება "ასფალტის ტბაში"***, რაც გემოთი ტკბილია და სასმელად ვარგისი. ექიმები ფიქრობდნენ, რომ იქ ზეთით სავსე აბაზანაში მთელი სხეული გათბებოდა თბილი ზეთით, იგი კი მოუძლურდა და მიცვალებულივით გადაატრიალა თვალები. როდესაც მკურნალებმა ხმაური ატეხეს, იგი დაუბრუნდა ტანჯვას, სამომავლოდ კი ხსნის იმედი დაკარგა და ბრძანა თითოეული ჯარისკაცისთვის ორმოცდაათი დრახმა გაენაწილებიათ და ბევრი ფული მიეცათ მმართველებისთვის და მეგობრებისთვის. თვითონ კი უკან დაბრუნდა, იერიქონში მოწყენილი ჩავიდა  და ძლივს გადაურჩა თავის მოკვლას. ხოლო წარემატა დანაშაულებრივი საქმეების განზრახვაში. ბრძანა მთელი იუდეის ყოელი სოფლიდან სახელგანთქმული კაცების ე. წ. ჰიპოდრომში, შემოკრება და ჩაკეტვა. ხოლო თავისთან მოხმობილ დას სალომეს და მის მეუღლეს ალექსას უთხრა: "ვიცი იუდეველები ჩემს სიკვდილს იზეიმებენ, მე კი შემიძლია სხვა რამეებით ვაგლოვო ისინი და ბრწყინვალე დაკრძალვაც მქონდეს, თქვენ კი მოინდომეთ ჩემი ბრძანებების შესრულება. როგორც კი სულს დავლევ, დაცვის ქვეშ მყოფი კაცები სწრაფად დახოცონ გარშემორტყმულმა ჯარისკაცებმა, რათა მთელმა იუდეამ და ყოველმა სახლმა ძალაუნებურად დამიტიროს". ცოტა მოგვიანებით იოსები ამბობს: "და კვლავ საჭმლის ნაკლებობით და სპაზმური ხველებით იტანჯებოდა და ტკივილებში მყოფმა გადაწყვიტა დაესწრო ბვდისწერისთვის. აიღო ვაშლი და მოითხოვა დანა; რადგან ჩვევად ჰქონდა დაეჭრა და ისე ეჭამა; შემდეგ კი ირგვლივ მიმოიხედა, ხელს შეუშლიდა თუ არა ვინმე და აღმართა მარჯვენა ხელი საკუთარ თავზე დასარტყმელად".  უფრო მეტიც, იგივე მწერალი მოგვითხრობს ამბავს, რომ ბრძანა მისი სხვა კანონიერი შვილის, ორი, უკვე გარდაცვლილის შემდეგ მესამის მისი სიცოცხლის დასასრულის წინ მოკვლა და მაშინათვე მრავალ ტკივილებში შეწყვიტა სიცოცხლე. ასეთი იყო ჰეროდეს აღსასრული, სამართლიანად მიეზღო როგორც ბეთლემში ყრმების დახოცვის, ასევე ჩვენი მაცხოვრის წინააღმდეგ შეთქმულების გამო; ამის შემდეგ ეგვიპტეში დაყოვნებულ იოსებს ანგელოზი მოევლინა სიზმარში და ყრმისა და მისი დედის იუდეაში წაყვანა უბრძანა, ამასთან განუცხადა ყრმისულის მაძიებელთა სიკვდილი. შემდეგ მახარებელი ამბობს :როდესაც მოისმინა, რომ არქელაოსი მეფობს მისი მამის ჰეროდეს ნაცვლად, იქ წასვლის შეეშინდა; სიზმრით გაფრთხილებული დარჩა გალილეის საზღვრებში" (მათ. 2,22).


----------------------------------------

* იგულისხმება, რომ დაბალი სიცხე ჰქონდა – მთარგ.

** “იუდაურ ომების” – მთარგ.

*** იგივე “მკვდარი ზღვა” – მთარგ.

 

IX

ჰეროდეს შემდეგ მთავრად არქელაოსის დადგინების ფაქტს ეთანხმება ზემოხსენებული ისტორიკოსიც, რომელიც აღწერს, თუ როგორ მიიღო იუდეველებზე მეფობა მამამისის აღთქმითა და კეისარ ავგუსტუსის გადაწყვეტილებით, და მას შემდეგ, რაც ათწლიანი პერიოდის შემდეგ ჩამოშორდა მთავრობა, თუ როგორ მართავდნენ თავიანთ ტეტრარქიებს ძმები ფილიპე და ახალი ჰეროდე ლისანიასთან ერთად[17].

იგივე [მწერალი] “სიძველეების" მეთვრამეტე წიგნში აცხადებს, რომ ტიბერიუსის[18] (მან მიიღო საყოველთაო მმართველობა ავგუსტუსის ორმოცდაჩვიდმეტწლიანი მეფობის შემდეგ) მეფობის მეოცე წელს პონტოელ პილატეს ჩააბარეს იუდეა, სადაც მთელი ათი წელი დარჩა თითქმის ტიბერიუსის აღსასრულამდე[19]. ამრიგად, აშკარად ჩანს ნათხზობა მათი[20], ვინც ახლახანს ჩვენს მაცხოვარზე გადმოსცა [ამბები], რომლებშიც ის ზემოაღნიშნული ჟამი ამხელს თხზულებათა სიცრუეს. იგი გადმოსცემს, რომ ტიბერიუსის მეოთხე კონსულობის დროს, მისი მეფობის მეშვიდე წელს ჩაიდინეს მათ მაცხოვრის ვნების დანაშაული, როდესაც, როგორც ნაჩვენები იყო, პილატეს არ ჰქონდა იუდეა ჩაბარებული, თუკი ვისარგებლებთ იოსების  მოწმობით; ამგვარად, მისი თხზულების მიხედვით ცხადად არის აღნიშნული, რომ ტიბერიუსის მეფობის მეოცე წელს იუდეის პროკურატორად ტიბერიუსის მიერ პილატე იქნა დანიშნული.

 

X


ამრიგად, ამ დროს, მახარებლის მიხედვით, ტიბერიუსის  კეისრის მეთხუთმეტე წელს, ხოლო პონტოელი პილატეს მმართველობის მეოთხე წელს, დანარჩენ იუდეაში ჰეროდეს, ლისანიუსის და ფილიპეს ტეტრარქობისას, ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო, ღვთის ქრისტე, ოცდამეათე წელში მყოფი, მივიდა იოანეს ნათლისცემაზე და დაიწყო სახარების სწავლება.

საღვთო წერილი ამბობს, რომ მან სწავლების მთელი დრო დაასრულა ანნასა და კაიაფას მღვდელთმთავრობის პერიოდში, იგი განმარტავს, რომ მათი მსახურების წლებით შემოისაზღვრება მისი სწავლების მთელი ჟამი. დაიწყო ანნას მღედელთმთავრობის დროს და გაგრძელდა კაიაფას[21] მმართველობამდე, ისე რომ მეოთხე წლამდე აღარ განვრცობილა მისი დრო. როდესაც აქედან მოყოლებული ირღვეოდა რჯულის კანონები და მღვდელთმთავრობას აღარ უკავშირდებოდნენ ცხოვრებითა და წინაპართა მემკვიდრეობის გზით, რომაელი მმართველები კი მღვდელთმთავრობას სხვადასხვა დროს აბარებდნენ სხვადასხვა პიროვნებებს, რომლებიც ამ თანამდებობაზე ერთ წელზე მეტ ხანს არ რჩებოდნენ. იოსები მოგვითხრობს ანნას შემდეგ კაიაფამდე მონაცვლეობით ოთხი მღვდელმთავარის დანიშვნას იმავე “სიძველეების” მიხედვით, როდესაც ამბობს: “როდესაც ვალერიუს გრატუსმა[22] შეაჩერა ანნას მღვდლობა, ისმაელ ფაბის ძე წარმოაჩინა მღვდელმთავრად. როდესაც გავიდა ერთი წელი, მასაც შეუწყვიტა და სიმონ კამითოს ძეს გადასცა მღვდელმთავრობა. ერთ წელზე მეტი არ გასულა, რაც მას ეს პატივი ჰქონდა, და მისი მონაცვლე იოსები, იგივე კაიაფა, გახდა მღვდელმთავარი”[23]. ასე რომ, ჩვენი მაცხოვრის მიერ სწავლების გამოცემის მთელი დრო არ წარმოჩნდება სრულ ოთხ წლად, როდესაც ოთხი მღვდელთმთავარი, ანნადან კაიაფას დანიშვნამდე, ოთხი წლის განმავლობაში ასრულებდა ერთწლიან მსანურებას. კაიაფას მღვდელთმთავრობაც მსგავსადვე ერთი წელი იყო, რომლის დროს აღსრულდა მაცხოვრის ვნება, ეს აღნიშნა სახარების წერილმა, რომელიც წინა გამოკვლევებისგან არ გადაუხვევს და ისე უჩვენებს მაცხოვრის სწავლების დროს. მაგრამ რადგან ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა ქადაგების დაწყებიდან მცირე დროის შემდეგ მოუწოდა თორმეტ მოციქულს, რომლებსაც მხოლოდ მათ უწოდა მოციქულები დანარჩენ მოწაფეთაგან გამორჩეული რამ პატივის ნიშნად, მაშინვე მოუწოდა სხვა სამოცდაათსაც, რომლებიც წყვილ-წყვილად წარგზავნა მის წინ ყველა ადგილსა და ქალაქში, სადაც კი თვითონ აპირებდა წასვლას. 

XI


მახარებელთა საღვთო წერილი აღნიშნავს, რომ მცირე ხნის შემდეგ ახალმა ჰეროდემ[24] იოანე ნათლისმცემელს თავი მოკვეთა, მასთან ერთად მოგვითხრობს იოსებიც, რომელიც ახსენებს პეროდიას[25] სახელს და იმასაც, რომ იგი, ძმის ცოლად მყოფი, ცოლად მოიყვანა ჰეროდემ, რომელიც გაეყარა პირველად კანონიერად დაქორწინებულს (იგი იყო პეტრაელთა მეფის არეტას[26] ქალიშვილი), ჰეროდიადა კი განაშორა ცოცხალ ქმარს; რის გამოც იოანეს მკვლელი ჩაება ომში არეტას წინააღმდეგ, რადგან უპატიოჰყო მისი ქალიშვილი. იმ ომში, რომელშიც, როგორც ამბობს, როდესაც ბრძოლა დაიწყო, განადგურდა ჰეროდეს ჯარი და ეს მას ევნო იოანეს წინააღმდეგ შეთქმულების განხორციელების გამო. იგივე იოსები ამ ნაშრომში აღიარებს, რომ იოანე იყო ნათლისმცემელი და განსაკუთრებით მართალი კაცი, და ემოწმება მის შესახებ მახარებელთა წერილში აღწერილს; ასევე მოგვითხრობს ჰეროდესგან მეფობის ჩამოშორებას იმავე ჰროდიადას გამო და მასთან ერთად მის საზღვარგარეთ განდევნას და გალიის ქალაქ ბიენაში[27] გადასახლების მისჯას. ესეც "სიძველეების" მეთვრამეტე წიგნშია განმარტებული, სადაც იოანეს შესახებ წერს:

“ზოგიერთი იუდეველი ფიქრობდა, რომ ჰეროდეს ჯარი განადგურდა ღვთის მიერ და ძალიან სამართლიანადაც მიეგო იოანეს, ნათლისმცემელად წოდებულის საზღაურის მიხედვით. რადგან იგი ჰეროდემ მოკლა, კეთილი კაცი, რომელიც იუდეველებს მცნებად უდებდა, სათნოებებში გაწვრთნილიყვნენ და ერთმანეთის მიმართ სამართლიანობითა და ღვთის მიმართ კეთილმსახურებით მცხოვრებნი ნათლისღებისთვის შეკრებილიყვნენ; რადგან ასეთი ნათლისღება მას სათნო უჩნდა არა  როგორც ვინმე ცოდვილის შენდობის სათხოვნელად, არამედ სხეულის განწმენდისათვის, რომლის სული მანამდე სამართლიანობით იქნებოდა განწმენდილი. და როდესაც სხვებიც მოგროვდნენ (რადგან მრავალი აღფრთოვანდა მისი სიტყვების  მოსმენით), ჰეროდეს შეეშინდა მისი ასე მრავალრიცხოვანი მიმდევრების, რომ არ აჰყოლოდნენ ისინი რაიმე ამბოხს (რადგან ჩანდა, რომ მისი რჩევით ყველაფერს გააკეთებდნენ), და გაცილებით უმჯობესად მიიჩნია მისგან რაიმე ახლის წარმოშობამდე დაესწრო და მოეკლა, ვიდრე გადატრიალების საქმეებში ჩავარდნილს მოუწევდა საქმის უკან შემოტრიალება. და იგი ჰეროდეს ეჭვის გამო შებორკილი გაიგზავნა "მახერუსში", ზემოხსენებულ ციხეში, სადაც მოკლულ იქნა".[28]

როდესაც იგი იოანეს შესახებ ამას მოგვითხრობს, ჩვენი  მაცხოვრის შესახებაც იმავე ისტორიაში ამგვარად აღნიშნავს:

"იმ დროს გამოჩნდა იესო, ბრძენი კაცი, თუკი კაცად  უნდა ითქვას. რადგან საოცარ საქმეებს იქმოდა, ასწავლიდა ჭეშმარიტების ხალისით მიმღებ ადამინებს, და მრავალი  იუდეველი და ბერძენი მისდევდა მას. იგი იყო ქრისტე, და  როდესაც პილატემ მას ჯვარცმა მიუსაჯა ჩვენს შორის პირველობის მქონე კაცების დაბეზღებით, არ დაბრკოლებულან  მასზე პირველად შეყვარებულები; რადგან მესამე დღეს კვლავ  ცოცხალი ეჩვენა მათ, და რადგან ეს და სხვა ათასი საკვირველება საღვთო წინასწარმეტყველების მიერ იყო ნათქვამი მის შესახებ, ამ ჟამამდეც არ გაწყვეტილა მისგან ქრისტიანებად წოდებულთა ტომი"[29].

როდესაც ამ ამბებს თვით ებრაელი მწერალი თავისი თხზულების თავში გადმოცემს იოანე ნათლისმცემელისა დ ჩვენი მაცხოვრის შესახებ, სხვა რაღა დაგვრჩენია, თუ არა  მათ შესახებ შეთხზული სამარცხვინო მოსახსენებლების მხილება*? მაგრამ ესეც ვიკმაროთ.

-----------------------------------------------------

* კვლავ საუბარია წარმართულ “პილატეს აქტებზე” – მთარგ.

 

XII

 

მაცხოვრის მოწაფეების ყველა სახელი ცნობილია სახარებებიდან; სამოცდაათი მოწაფის სია კი არსად არ არის მოყვანილი[30]. ამბობენ, რომ ერთი მათგანი ბარნაბა იყო, რომელსაც გამორჩევით მოიხსენიებს “მოციქულთა საქმეები”, არანაკლებ მოიხსენიებს მას პავლეც, როდესაც გალატელებს მისწერს. ერთ-ერთ მათგანად იგი ასახელებს სოსთენესაც, რომელმაც პავლესთან ერთად მისწერა კორინთელებს; კლიმენტისთან[31] არის ისტორია, “ჰიპოტიპოსების” მეხუთე წიგნში, რომელშიც მოხსენიებულია კეფა; მის შესახებ პავლე ამბობს: “როდესაც კეფა ანტიოქიაში წავიდა, მას პირზე დავადექი”, ამბობს სამოცდაათ მოწაფეთაგან ერთ-ერთზე, რომელიც პეტრე მოციქულის თანამოსახელე აღმოჩნდა. ამბავი სამოცდაათთა მოწოდების ღირსებას უკავშირებს მატათას, რომელიც იუდას ნაცვლად მოციქულებთან აღინუსხა და მისი სწორი წილით იქნა პატივდებული. თადეოზსაც ერთ-ერთ მათგანად მიიჩნევენ, რომლის შესახებ ჩვენამდე მოღწეულ ისტორიას მალე მოგითხრობთ. მკვლევარი აღმოაჩენს, რომ მაცხოვრის მოწაფეები სამოცდაათზე მეტია ნაჩვენები, მოწმედ პავლეს გამოიყენებს, რომელიც ამბობს, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ პირველად იგი კეფამ იხილა, შემდეგ თორმეტმა და მათ შემდეგ ხუთასზე მეტმა ძმამ ერთად, რომელთაგან ზოგიერთმა, ამბობენ, დაიძინა, უმეტესობა კი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რომლის დროსაც მან შეადგინა ეპისტოლეები; შემდეგ კი ამბობს, რომ იგი იაკობმა იხილა; იგი მაცხოვრის ერთ-ერთი ძმა იყო[32]; თუ ამათთან ერთად მიბაძვით თორმეტზე მეტი იყო მოციქული, ასევე თვითონ პავლეც იყო მათთან ერთად, რომელიც შემდეგ ამბობს: “შემდგომ იხილა ყველა მოციქულმა”. ესეც ვიკმაროთ მათ შესახებ.

 

XIII

თადეოზის[33] გარშემო არსებულმა ისტორიამ ასეთი სახე მიიღო. ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ღმრთეებამ, ყველა ადამიანთან სასწაულმოქმედი ძალით სახელგანთქმულმა, ამდენი ათასი ადამიანი იუდეისგან ძალიან შორს უცხო ქვეყნებში მცხოვრებნი სნეულებათა და ყველანაირ ვნებათა განკურნების იმედით მოიყვანა. ამგვარადვე იყო ევფრატის გაღმა ხალხების ყველაზე გამოჩენილი მბრძანებელი მეფე ავგაროზი, რომელიც სხეულით საშინლად იტანჯებოდა, დასნეულებული ჰქონდა ისე, რომ შეუძლებელი იყო სენის ადამიანური ძალით განკურნება. მან როგორც კი გაიგო მრავალთაგან იესოს სახელი და მისი ყველასაგან ერთხმად დამოწმებული სასწაულები, მისი მავედრებელი გახდა და წერილის მიმტანი გაუგზავნა, სთხოვდა, რომ მისთვის აღმოეჩინა სნეულებისაგან ხსნა. იესომ მაშინ არ შეისმინა მისი თხოვნა, თუმცა, დააფასა და საკუთარი წერილი გაუგზავნა, შეპირდა, რომ გაუგზავნიდა მის ერთ-ერთ მოწაფეს სნეულებისაგან განსაკურნავად და მისი და მისი ნათესავების გამოსახსნელად. დიდი ხანი არ დაუყოვნებია დანაპირების შესასრულებლად. მისი მკვდრეთით აღდგომისა და ცად ამაღლების შემდეგ თორმეტთაგან ერთერთმა მოციქულმა თომამ, ღვთის შთაგონებით აღძრულმა, საქადაგებლად და ქრისტეს შესახებ მოძღვრების სახარებლად ედესაში გაგზავნა თადეოზი, რომელიც ქრისტეს სამოცდაათ მოწაფეს შორის აღირაცხებოდა; მისი მეშვეობით აღსრულდა ყველაფერი, რაც აღუთქვა ჩვენმა მაცხოვარმა. არსებობს ამის წერილობითი მოწმობაც ამოღებული ედესის (რომელიც იყო დედაქალაქი) წიგნთსაცავიდან; სახელმწიფო დოკუმენტები შეიცავენ როგორც ძველ ასევე ავგაროზის დროს მომხდარ მოვლენებს და ესენი იქ ამ დრომდე დაცული მოიპოვება. მაგრამ  ვერაფერი შეედრება თვით წერილების მოსმენას, რომლებიც  წიგნთსაცავიდან ამოვიღეთ და მათი ტექსტი სირიული ენიდან ამგვარად გადმოვთარგმნეთ:

 

მთავარ ავგაროზის მიერ იესოსადმი მიწერილი და ანანია მალემსრბოლის მეშვეობით იერუსალიმში გაგზავნილი ეპისტოლის ასლი


“ავგაროზ უხამა, იესოს, კეთილ მაცხოვარს, რომელიც გამოჩნდა იერუსალიმის შემოგარენში, გიხაროდეს. მესმა შენსა და შენს კურნებათა შესახებ, რომ ისინი შენს მიერ წამლებისა და მცენარეების გარეშე სრულდება. როგორც გადმომცეს, შენ ისე მოქმედებ, რომ ბრმები ხედავენ, კოჭლები დადიან, კეთროვნებს განწმინდავ, უწმინდურ სულებს და ეშმაკებს განდევნი, მძიმე სნეულებებით გატანჯულებს კურნავ, და მკვდრებს აღადგენ. როდესაც ეს ყოველივე შენს შესახებ მესმა, გონებაში გადავწყვიტე, რომ ორიდან ერთია, ან შენ ხარ ღმერთი ციდან ამის საკეთებლად ჩამოსული, ან ღვთის ძე, რომელიც იქმ ყოველივე ამას. ამიტომ წერილით გევედრები, რომ იჩქარო ჩემთან და ის ვნება, რაც მაქვს, განკურნო. ასევე მესმა, რომ იუდეველები დრტვინავენ შენზე და სურთ, რომ გიბოროტონ. ჩემი ქალაქი ძალიან მცირეა, მაგრამ პატივცვმული, რაც ორივეს გვეყოფა".*

------------------------------------------------

* ზოგ ხელნაწერში დამატებულია: “და ეს მან ასე დაწერა, როდესაც საღვთო გაბრწყინებამ მცირედით გაანათა იგი; მაგრამ აგრეთვე მოსმენის ღირსია იესოს მიერ მის მიმართ იმავე წერილის მიმტანის მეშვეობით გაგზავნილი რამდენიმე სტრიქონის შემცველი, მაგრამ დიდი ძალის მქონე ეპისტოლე; და არის იგი შემდეგი სახის”.

 

იესოს მიერ მთავარ ავგაროზის მიმართ ანანია მალემსრბოლის მეშვეობით მიწერილი პასუხი


"ნეტარ ხარ, რომელმაც ჩემი ირწმუნე ისე, რომ მე არ გინახივარ. რადგან ჩემს შესახებ დაწერილია, რომ ვინც მიხილა, არ ირწმუნებს ჩემსას, რათა მათ, ვისაც არ ვუნახივარ, ირწმუნონ და ცხონდნენ. რაც შეეხება იმას, როდესაც მომწერე, რომ შენთან მოვიდე, ჯერ უნდა აღვასრულო ყველაფერი, რის გამოც აქ ვარ წარმოგზავნილი, და ასე აღსრულების შემდეგ უნდა ავიდე მასთან, ვინც წარმომგზავნა მე. და მას შემდეგ, რაც ავალ, წარვგზავნი შენთან რომელიმე მოწაფეს, რათა განკურნოს შენი ვნება და მოგანიჭოს ცხონება შენ და შენთან მყოფთ". 

ამ ეპისტოლეებს შემდეგ ესეც დაერთვის სირიულ ენაზე:

"იესოს ამაღლების შემდეგ იუდამ, იგივე თომამ, მასთან წარგზავნა თადეოზ მოციქული, ერთი სამოცდაათთაგანი. იგი წავიდა და დარჩა ტობიასთან, ტობიას ძესთან. როგორც კი ხმა გავარდა მის შესახებ, მოახსენეს ავგაროზს, რომ აქ მოსულია იესოს მოციქული, როგორც მან მოგწერა შენ. ამრიგად, დაიწყო თადეოზმა ღვთის ძალით ყველანაირი სენისა და უძლურების კურნება, ისე რომ ყველას აკვირვებდა; როგორც კი ესმა აბგარს, თუ რა დიდ და საკვირველ საქმეებს იქმოდა, და როგორ კურნავდა, მიხვდა, რომ ის იყო, ვის შესახებაც მიწერა იესომ: "მას შემდეგ, რაც ავალ, წარვგზავნი შენთან რომელიმე ჩემს მოწაფეს, ვინც შენს ვნებას განკურნავს". მოუხმო ტობიას, ვისთანაც გაჩერდა, და უთხრა: "მესმა, რომ კაცი ვინმე ძლიერი მოვიდა და შენს სახლში დარჩა; მოიყვანე იგი ჩემთან". მივიდა ტობია თადეოზთან და უთხრა: "ავგაროზ მთავარმა მომიხმო მე და მითხრა, რომ შენ მიგიყვანო მასთან, რათა განკურნო იგი". თადეოზმა უთხრა: "ავალ, რამეთუ სასწაულის ძალით ვარ მასთან წარგზავნილი". ამგვარად, მეორე დღეს ადრე ადგა ტობია და წაიყვანა თადეოზი ავგაროზთან. როდესაც ავიდა იქ მდგომ დიდებულებთან და როგორც კი შევიდა, მყისვე დიდი ხილვა ეჩვენა ავგაროზს მოციქულ თადეოზის სახეზე; რისი ხილვისას ავგაროზმა თაყვანი სცა თადეოზს, რაც ყველა იქ მდგომს გაუკვირდა; რადგან მათ არ ეჩვენა ეს ხილვა, რაც მხოლოდ აბგარს გაეცხადა. ავგაროზმა ჰკითხა თადეოზს: “ჭეშმარიტად ხარ მოწაფე იესოს, ღვთის ძის, ვინც მითხრა მე: "შენთან წარვგზავნი რომელიმე ჩემს მოწაფეს, ვინც შენ განგკურნებს და ხსნას მოგანიჭებს". და თადეოზმა უთხრა: "მას შემდეგ, რაც ძალიან ირწმუნე მისი, ვინც მე წარმომგზავნა, ამის გამო ვარ შენთან წარმოგზავნილი. და კვლავ, თუკი მისი ირწმუნე, გექნება შენ შენი გულის თხოვნისამებრ როგორც ირწმუნე". და ავგაროზმა უთხრა მას: "ისე ვირწმუნე მისი, რომ განვიზრახე მომეკრიბა ძალა და მისი ჯვარმცმელი იუდეველები გამენადგურებია, მაგრამ რომაელთა მეფობის გამო შევიკავე თავი". და თადეოზმა უთხრა: "ჩემმა უფალმა აღასრულა მისი მამის ნება და აღასრულა რა, ავიდა მამასთან". ავგაროზმა უთხრა მას: "მეც ვირწმუნე მისი და მისი მამის". თადეოზმა უთხრა: "ამიტომ დავდებ ჩემს ხელს შენზე მისი სახელით". და გააკეთა რა ეს, მეყსეულად განიკურნა სენისაგან და ვნებებისაგან, რაც მას ჰქონდა. ავგაროზს გაუკვირდა, რომ როგორც ესმა მას იესოს შესახებ, ისე მიიღო საქმით მისი მოწაფის თადეოზის მეშვეობით, რომელმაც იგი წამლებისა და მცენარეების გარეშე განკურნა, და არა მხოლოდ იგი, არამედ აბდოსიც, აბდოსის ძე, რომელსაც პოდაგრა სჭირდა; რადგან ისიც მოვიდა და მის ფეხებთან განერთხა, ხოლო მიიღო რა ლოცვა ხელის დადებით, განიკურნა. ასევე მრავალი სხვა მათი თანამოქალაქე განკურნა, დიდ საკვირველებებს იქმოდა და ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ამის შემდეგ ავგაროზმა უთხრა:  “შენ, თადეოზ, ამას ღვთის ძალით იქმ და ჩვენც გავაკვირვეთ ჩვენი თავი. მაგრამ ამასთან ერთად გთხოვ, მომიყევი იესოს მოსვლის შესახებ, თუ როგორ იყო, და მისი ძალის შესახებ, რა ძალითაც იქმოდა ამას, რაც მსმენია". თადეოზმა უთხრა: "აწ დავდუმდები, მაგრამ რადგან სიტყვის საქადაგებლად ვარ წარმოგზავნილი, დილით შემოკრიბე ჩემთან ყველა შენი მოქალაქე, მათთან ვიქადაგებ და დავთესავ მათში ცხონების სიტყვას, იესოს მოსვლის შესახებ, თუ როგორ იყო, და მისი მოციქულების შესახებ, და რის გამო იქნა წარგზავნილი მამის მიერ, და მისი ძალის, საქმეებისა და საიდუმლოებების შესახებ, რომლებზეც ისაუბრა ამ ქვეყნად ყოფნისას, და რა ძალით იქმოდა ამ საქმეებს, და მისი ახალი ქადაგების შესახებ, დამცირებისა და დამდაბლების შესახებ, როგორ დაიმდაბლა და დაამცრო თავისი თავი და განიშორა თავისი ღმრთეება, ჯვარს ეცვა, და ჩავიდა ჯოჯოხეთში, და გაარღვია კედელი საუკუნიდან გაურღვეველი, და აღადგინა მკვდარნი, ჩავიდა ერთი, ხოლო ამოვიდა დიდ სიმრავლესთან ერთად მის მამასთან"*.  ავგაროზმა ბრძანა, რომ დილით შეკრებილიყვნენ მისი მოქალაქეები და მოესმინათ თადეოზის ქადაგებისათვის, ამის შემდეგ გასცა განკარგულება მიეცათ მისთვის ოქრო და ძვირფასი ლითონების ზოდები. მან კი არ მიიღო, თქვა: “თუ ჩვენი ნივთები დაუტევეთ, სხვა როგორ მივიღოთ?” ეს მოხდა სამასორმოც წელს”[34].

ეს სასარგებლო სირიული ენიდან სიტყვასიტყვით ნათარგმნი ტექსტი აქ მე ჯეროვნად მოვათავსე**.

-----------------------------------------

* ზოგ ხელნაწერში ამატებს: “და თუ როგორ ზის ის ღვთისა და მამის მარჯვნივ დიდებით ცაში, და თუ როგორ მოვა კვლავ ძლევამოსილი ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად”.

**
სამას ორმოცი წელი ედესური წელთაღრიცხვით, რომელიც დაიწყო ჩვ. წ. აღ.-მდე 310 წელს, იქნება ჩვ.წ.აღ.-ით 30 წელი, რაც ეთანხმება ტერტულიანეს მიერ მოწოდებულ ჯვარცმის თარიღს, მაგრამ ეს არის იმ თარიღზე ერთი წლით ადრე, რასაც გვაწვდის ევსების ქრონიკების იერონიმესეული ვერსია და ორი წლით ადრე იმაზე, რასაც გვაწვდის იმავე წიგნის სომხური ვერსია.

------------------------------------------------------------------------------------------------

 

კომენტარები

კომენტარების შედგენისას ძირითადად ვსარგებლობდით ნაშრომის რუსულ თარგმანზე, Евсевий Памфил, Церковная, Москваб 2001, და ზემოთ დასახელებულ ინგლისურ გამოცემაზე დართული კომენტარებითა და სქოლიოებით.

[1] - ცრუ ცოდნა (გნოზისი) - გნოსტიციზმი, საერთო სახელწოდება II-IV ს.-ში არსებული რამდენიმე ერეტიკული მიმდინარეობისა. მთავარი წარმომადგენლები: სატურნინე, ვასილიდე, კერდონი, მარკიონი, კარპოკრატე და ვალენტინი. გნოსტიკური სწავლებისათვის დამახასიათებელია დუალიზმი (წარმოდგენა კეთილ ღმერთზე და მისგან დამოუკიდებელ ბოროტ მატერიაზე) და დოკეტიზმი (სწავლება იესო ქრისტეს მოჩვენებით სხეულსა და ხორციელ ცხოვრებაზე). გნოსტიციზმის წინააღმდეგ არაერთგზის გამოვიდნენ ეკლესიის მამები. წმ. ირინეოს ლიონელი თხზულებაში ”ერესების წინააღმდე” ვრცლად მოგვითხრობს გნოსტიციზმის ისტორიაზე, დაწყებული სვიმონ მოგვიდან, და განსაკუთრებით გულდასმით აანალიზებს ვალენტინესა და მარკიონის შეხედულებებს (св. Ириней, епископ Лионский Сочинения. СПЪ., 1900).  გნოსტიკოსების მხილებას ეძღვნება ტერტულიანეს ნაშრომები: ”გნოსტიკოსების წინააღმდეგ”, ”მარკიონის წინააღმდეგ”, ”ვალენტინელების წინააღმდეგ”, ”კამათი ერეტიკოსებთან” (Patrologiae cursus completus. Series Latina/ED.j. - P. Migne. Paris, 1844-18642. თ. I-II). რუსული თარგმანი იხ.: Тертуллиан. Творения. Киев, 1920.

[2] - ”ქრონიკა” - ევსები პამფილის ჩვენამდე მოღწეულ ოთხ თხზულებათაგან ერთ-ერთი, რომელიც წარმოადგენს სამყაროს მოკლე ისტორიას მისი შექმნიდან ქ.შ.-ის IVს-ის შუა წლებამდე (II წიგნში). ეს ”ქრონიკა” გააგრძელა ნეტ. იერონიმემ 378 წლამდე. ”საეკლესიო ისტორიის” გარდა, ჩვენამდე მოაღწია ევსების აპოლოგეტურმა თხზულებამ ”კონსტანტინე დიდის ცხოვრება” (IV წიგნში) და ნაწყვეტებმა ”პალესტინელი მოწამეების შესახებ” მისი ნაშრომიდან ”უძველესი მოწამეობის კრებული”. ევსების ცხოვრებისა და მისი შრომების შესახებ იხ.: Леъедевь А.П. Церковная историографя в главных ее лредставителях с IV в. до XX 2-е изд., СЛЪ., 1903. С, 11-110.

[3] - ქ.შ.-მდე 43 წელს მუტინთან ბრძოლაში რესპუბლიკელთა არმიის განადგურების შემდეგ რომის ხელისუფლებაში მოვიდა ტრიუმვირატი: ოქტავიანე, ანტონიუსი, ლეპიდი. ამ მომენტიდან იწყება ევსები ოქტავიანეს მმართველობის დროის ათვლა, მომავალი ავგუსტუსისა. 40 წელს რომის იმპერია განაწილებულ იქნა ტრიუმვირებს შორის, რის გამოც იუდეა აღიარებულ იქნა ნახევრად დამოუკიდებელ სამეფოდ. 35 წელს ოქტავიანემ დაიპყრო ლეპიდის ოლქი, 3-2 წელს კი გააჩაღა ბრძოლა ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის. ანტონიუსმა მარცხი განიცადა აქციუმთან ბრძოლაში და სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა. ამგვარად, 30 წელს ოქტავიანეს მმართველობის ქვეშ შევიდა ანტონიუსის ოლქიც - ეგვიპტე.

31 წელს ოქტავიანემ მიიღო ავგუსტუსის ტიტული, 27 წელს კი - სამუდამო ტრიბუნალის ტიტული. ასე რომ, ევსების მიხედვით, მხსნელი დაიბადა 31 წელს ქრისტიანული ეპოქის დასაწყისამდე.

უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული წელთაღრიცხვით, რომლის დამაარსებელი არის რომაელი სწავლული დიონისე მცირე (V ს.-ის დასას. - VI ს.-ის დასაწყ.), ქრისტეს დაბადების თარიღად (I ს.ქ.შ.) ითვლება 754 წელი რომის დაარსებიდან. თანამედროვე წყაროების უმეტესობა მხსნელის დაბადების თარიღად მიიჩნევს ქ.შ.-მდე 4 წელს (749-450 წწ. რომის დაარსებიდან), ამ წელს გარდაიცვალა მეფე ჰეროდე დიდი.

პტოლემეოსთა დინასტია ეგვიპტეს მართავდა ქრისტეს შობამდე 305 წლიდან.

[4] - მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების გადმოცემაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, თუ როდის განხორციელდა სელპიციუს კვირინიუსის დროინდელი აღწერა. იოსებ ფლავიუსის მოწმობით აღწერა განხორციელდა ჰეროდეს შვილის, არქელაოსის სიკვდილის შემდეგ (გარდ. ქ. შ.-დან 6 წ.), სირიაში სელპიციუს კვირინიუსის მმართველობის დროს (რომის დაარსებიდან 760-765 წწ., ანუ ქ. შ.-დან 6-12წწ.). არსებობს განსხვავებული ახსნა, სახარებისეულ მონათხრობთან შეუსაბამო (იხ.: ლუკა 2:1-2), რომელსაც ეფუძნება ევსები პამფილი და იოსებ ფლავიუსის მოწმობა, მაგრამ ყველაზე მეტად სარწმუნო ჩანს შემდეგი: კვირინიუსი ორჯერ იყო სირიის მმართველი (პირველად 750-753 წლებში რომის დაარსებიდან, ანუ 3 წ. ქ. შ.-მდე-1 ქ. შ.-ით) და თავისი პირველი მმართველობის დასაწყისში განაგრძო აღწერა, დაწყებული მისი წინამორბედის ვერუსის მიერ (ქ. შ.-მდე 6-4).

[5] - ჰეროდე I (დიდი) - იუდეის მეფე (37-4 წწ. ქ. შ.-მდე) იყო იდუმიელი, ანუ შთამომავალი იმ ერისა, რომლის გენეოლოგია სათავეს იღებს ესავისაგან (ედომი), რომელმაც თავისი პირმშოება მიყიდა იაკობს ოსპის შეჭამანდის სანაცვლოდ (იხ. შესაქმე 25:28-34). ისრაელის თაობა სათავეს იღებს იაკობისაგან, რომელიც ”ისრაელად” სახელდებულ იქნა თავად ღმერთის მიერ (იხ. შესაქმე. 32:28).

იდუმეა მდებარეობდა იუდეის სამხრეთით. იოჰანან ჰირკანის მიერ დაპყრობის შედეგად (135-104 წწ. ქ. შ.-მდე) იდუმიელების (ედომელების) გაიუდეველება მოხდა და ებრაული რელიგიური კანონები მიიღეს.

[6] - იულიანე აფრიკანელი (გარდ. 237 წ.) - განათლებული გლეხი. დაიბადა ჩრდილოეთ აფრიკაში, ცხოვრობდა პალესტინაში. ავტორი ორი დიდი თხზულებისა: ”პენტაბიბლოს” (მსოფლიო ქრონიკები ქვეყნის შექმნიდან) და "Cestus", რომლებიც შემორჩენილია მხოლოდ ნაწყვეტებად ევსების შრომებში.

[7] - ანტიპატრეს შესახებ იხ.: იოსებ ფლავიოსი, იუდეის ომი, 1, 6, 2-4.

[8] - ჰირკან II - ვაჟი იუდეის მეფის ალექსანდრე იანისა (ქ. შ.-მდე 104-78 წწ.), შვილიშვილი იოჰანან ჰირკან I-სა, იუდეველთა მეფე და მღვდელმთავარი (ქ. შ.-მდე 63-40 წწ.).

[9] - არისტობულე - უმცროსი ვაჟი მეფე ალექსანდრე იანისა და ალექსანდრესი. ქ. შ.-მდე 70 წელს აიძულა თავისი უფროსი ძმა ჰირკან II, უარი ეთქვა გვირგვინზე და მღვდელმთავრობაზე თავის სასარგებლოდ. ჰირკანი გაიქცა არაბეთის დედოფლის არეტის სამფლობელოში, რომელმაც დაიწყო თავდასხმა იუდეაზე და 35 წელს ალყა შემოარტყა იერუსალიმს. არისტობულემ გააძევა არეტის ჯარი რომაელების დახმარებით, მაგრამ ვერ მოურიგდა თავის დამხმარე მოკავშირეებს. რომაელმა მხედართმთავარმა გნეუს პომპეუსმა (106-48 წწ. ქ. შ.-მდე) იერუსალიმი დიპყრო 63 წელს და არისტობულე ბორკილდადებული გააგზავნა რომში. არისტობულე მალე გაიქცა იუდეაში და აჯანყება მოაწყო რომაელების წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა პომპეუს გაბინიუსის თანაშემწეების მიერ და ხელახლა დატყვევებული გაგზავნილ იქნა რომში. 49 წელს იულიუს ცეზარის მიერ განთავისუფლებული არისტობულე კვლავ გაემგზავრა იუდეაში, მაგრამ პომპეუსის მსტოვრების მიერ მოწამლული გზაზე გარდაიცვალა.

[10] - არქელაოსი - ჰეროდე დიდის ვაჟი. სიკვდილის წინ ჰეროდემ იგი ავგუსტუსის თანხმობით თავის მემკვიდრედ დანიშნა. თუმცა, არქელაოსი თავისი მმართველობის დასაწყისში გაუსწორდა მისით უკმაყოფილო პირებს (დახოცილ იქნა 3000 ადამიანზე მეტი) და გამოიწვია ხალხის სიძულვილი. როდესაც იგი რომში გაემგზავრა, რათა გაემყარებინა თავისი უფლება ტახტზე, იქვე გაგზავნა ხალხმა ელჩობა თხოვნით, რომ იუდეა რომს შეერთდებოდა პროვინციის სტატუსით, რათა ამით არ დაეშვათ არქელაოსის მეფობა (იხ. ლუკა 19:12-14). ავგუსტუსმა დაამტკიცა ჰეროდეს ანდერძი და არქელაოსს მფლობელობაში გადასცა იუდეა, მაგრამ არ მისცა მას ”მეფის” ტიტულით, შემოიფარგლა ეთნარქის, ანუ ”ერისმმართველის” ტიტულით. არქელაოსის მმართველობის პერიოდში ხშირმა ამბოხებებმა ავგუსტუსი აიძულა გაემოეძახა იგი რომში: ქ. შ.-დან 6 წელს გადააყენა და გადაასახლა გალიის ქალაქ ვიენაში, სადაც გარდაიცვალა (იხ. იოსებ ფლავიოსი. იუდეის ომი, II, 1-7).

[11] - არისტიდე (II ს.) - ბერძენი რიტორი, აპოლოგეტი და ქრისტიანობის აღმსარებელი.

[12] - ეპიმელეტი - მმართველი (ბერძნ.). სავარაუდოდ ეს თანამდებობდა გულისხმობდა ფინანსების მართვას.

[13] - აქიორ ამონიტელი - ამონიტელების წინამძღოლი ასირიელთა მეფის ოლოფერნის ლაშქარში. მიიღო იუდაიზმი (ივდითი 5:5-6; 5:21).

მოაბელი რუთი - ელიმელექის ცოლი და ნოემის რძალი.

სიკვდილის შემდეგ რუთთან ქორწინების უფლება გადაეცა ბიოზს, ელიმელექის ნათესავს. ამ ქორწინების ნაყოფი იყო იობედი, დავითის პაპა (იხ. რუთის წიგნი). ამგვარად, წარმართი რუთი გახდა უფალ იესო ქრისტეს ერთ-ერთი წინაპარი (იხ.: მათე 1:5).

[14] - იულიანე აფრიკელს ეკუთვნის მათე და ლუკა მახარებელთან მაცხოვრის გენეალოგიათა განსხვავებების ახსნა, რაც ასევე მიღებულია თანამედროვე ბიბლიისტების მიერ. ეს განმარტება მცირეოდენი ცვლილებით განმეორებულ იქნა წმ. ამბროსი მედიოლანელის მიერ ლუკას სახარების განმარტებაში.

[15] - იუდაური სიძველენი, XVII, 6,5.

[16] - კალიროე - სამკურნალო წყარო თბილი გოგირდოვანი წყლებით.

[17] - ჯერ კიდევ ჰეროდე დიდის სიცოცხლეში მისი ვაჟებიდან სამი: არისტობულე, ალექსანდრე და ანტიპატრე - დასჯილ იქნენ მისი ბრძანებით. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ იმპერატორ ავგუსტუსის გადაწყვეტილებით იუდეაში ეთნარქის ტიტულით გამეფდა ჰეროდე დიდის ვაჟი - არქელაოსი. თუმცა, ავგუსტუსმა ტეტრარქებად, ანუ ქვეყნის ოთხი ნაწილის მმართველებად დანიშნა, ჰეროდე-ფილიპე და ჰეროდე-ანტიპა, ჰეროდე დიდის შვილები მარიამისგან მღვდელმთავრის სვიმონის ქალიშვილისგან (იხ.: იოსებ ფლავიუსი. იუდეის ომი, II, 6). ლისანიოსი, სავარაუდოდ ბერძენი, ჰეროდეს გვარს არ მიეკუთვნებოდა.

[18] - ტიბერიუსი - რომის იმპერატორი (14-37 წწ.).

[19] - იხ.: იუდაური სიძველენი XVIII, 2,2.

[20] - იგულისხმება ე.წ. "Acta Pilat"  - თხზულება უცნობი ავტორისა, ქრისტიანობის თავგამოდებული მტრის.

[21] - ანნა (ანან) - მღვდელმთვარი, სეთის ძე. მღვდელმთავარი იყო სულპიციუს კვირინიუსის აღწერის დროს. გადაყენებულ იქნა პროკურატორ ვალერიუს გრატუსის მიერ (იხ. იოსებ ფლავიუსი. იუდაური დასაბამთმეტყველება, XVIII 2, 1-2). თუმცა, ტრადიციის მიხედვით, სამუდამოდ დარჩა მას მღვდელმთავრის ტიტული. იგი იყო იუდეველთა ერთ-ერთი სულიერი ბელადი.

კაიაფა - ანნას სიძე, მღვდელმთავარი გახდა ანნას ორი მონაცვლის, ფაბი ისმაილის ძისა და ელიაზარ ანნას ძის შემდეგ. კაიაფა იმყოფებოდა ანნას გავლენის ქვეშ.

[22] - ვალერიუს გრატუსი - იუდეის პროკურატორი (15-26 წწ.).

[23] - იუდაური სიძველენი, XVIII, 2, 2.

[24] - იგულისხმება ტეტრარქი ჰეროდე - ანტიპა (4 წ. ქ. შ.-მდე-39 წ. ქ. შ-ით).

[25] - ჰეროდიადა - ჰეროდე დიდის ქალიშვილი და ჰეროდე აგრიპა I-ის და. გათხოვილი იყო თავის ბიძაზე ჰეროდე - ფილიპე I-ზე, ქმრის სიცოხლეში კავშირი დაამყარა ჰეროდე-ანტიპასთან, რომელსაც ასევე ნათესავად ერგებოდა. დამნაშავე იყო იოანე ნათლისმცემლის სიკვდილში: მისი წაქეზებით დასჯილ იქნა ჰეროდე-ანტიპას მიერ (იხ. მარკოზი 6:17-29).

[26] - არეთა - სირიის მეფე, არაბი (იხ. შენიშვნა 35). მან იარაღის ძალით შური იძია ჰეროდე-ანტიპაზე თავისი ქალიშვილის შეურაცხყოფისათვის, რამაც მას მოუტანა გამანადგურებელი მარცხი. თუმცა, ანტიპამ შესჩივლა თავის მფარველს იმპერატორ ტიბერიუსს, მან სირიის რომაელ მმართველს დაავალა არეთას დასჯა.

[27] - იხ.: იუდეის ომი, II, 9,6.

[28] - იუდაური სიძველენი, XVIII, 5, 2.

[29] - იქვე, 3, 3.

[30] - ეს სია ევსების შემდეგ იქნა დადგენილი დაახ. 500 წ., როდესაც უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. იხ. 70 მოციქულთა სია მათი საერთო ხსენების დღეს - 4 იანვარს.

[31] - კლიმენტი ალექსანდრიელი (გარდ. დაახ. 217 წ.) - დიდი ქრისტიანი სწავლული. 190 წ. არჩეულ იქნა ალექსანდრიის კათაკმეველთა სასწავლებლის ხელმძღვანელად. იმპერატორ სეპტიმუს სევერუსის დროინდელი დევნულებისა, რომელიც 201 წ. დაიწყო. გადასახლებულ იქნა კაბადოკიაში.

შემორჩენილია კლიმენტის შემდეგი თხზულებები: ”პედაგოგი”, ”სტრომატები”, ”ვინ არის ის მდიდარი, რომელიც ცხონდება?” ფოტიოსის ”ბიბლიოთეკაში” ვკითხულობთ: ”კლიმენტიმ კიდევ დაწერა ”ჰიპოტიპოსები” ანუ ”მონახაზები”, რომ კლიმენტის ”ჰიპოტიპოსები”, რომლებიც ნახა ფოტიმ, იყო, არა ის რომლებიც დაწერა კლიმენტიმ, არამედ შერყვნილი ან არიანელების, ან რომელიმე სხვა ერეტიკოსების მიერ. დასასრულს ფოტი თავად გამოთქვამს ეჭვს, რომ ”ჰიპოტიპოსები”, რომლებიც მან ნახა, ეკუთვნოდა კლიმენტის. თუმცა, კლიმენტის ”ჰიპოტიპოსებიდან”, იმის გამოკლებით, რაც მოჰყავს ევსების, ჩვენამდე მოაღწია რამდენიმემ”.

[32] - იაკობ მოციქული, უფლის ძმა - ერთ-ერთი 12 მოციქულთაგანი, მართალი იოსებ დამწინდველის ძე. არჩეულ იქნა იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსად, თავჯდომარეობდა მოციქულთა კრებას. წმ. იაკობ მოწამეობრივად აღწესრულა დაახ. 62/63 წ.

[33] - მოციქული თადეოზი - 70 მოციქულთაგანი. დაიბადა სირიის ქალაქ ედესაში, ებრაულ ოჯახში. მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ. შეხვდა უფალს და დაემოწაფა. ქადაგებდა სირიაში და მესოპოტამიაში. იმყოფებოდა ედესაში, სადაც, გადმოცემის მიხედვით, ქრისტიანობაზე მოაქცია მეფე ავგაროზ V (შავი), რომელიც ედესაში მეფობდა 4 წ. ქ. შ.-მდე-7 წ. ქ. შ.-ით და 13-50 წწ. ქ. შ.-ით. თუმცა მოც. თადეოზის მიერ ედესული ხალხის განათლებისა და იქ ეკლესიის მოწყობის საკითხი დღემდე ღიად რჩება. ცნობილია, რომ ედესიის განმანათლებელი იყო ადაი, ისტორიული პირი (II ს-ის II ახ.). ყველაზე ადრეული ცნობები ედესის ეკლესიის შესახებ ეკუთვნის ავგაროზ VIII მეფობის ხანას (176-179 წწ.). ცნობილია ამ დროის ედესის ეპისკოპოსის სახელი - პალუტი. ედესის მასიური გაქრისტიანება მოხდა ავგაროზ IX მეფობის დროს (179-216 წწ.).

ერთი წყაროს მიხედვით, ფინიკიის ქ. ვირიტამდე (ბეირუთი) ქადაგებით მისული, თადეოზი შვიდობით აღესრულა იქ 44 წ.; მეორე წყაროს თანახმად, იგი გარდაიცვალა ედესაში. თუმცა ძველი სომხური გადმოცემა ამტკიცებს, რომ მოც. თადეოზი მოწამეობრივად აღესრულა 50 წ. სომხეთში.

[34] - თარიღი ევსები პამფილიელის მიერ მოცემულია ე.წ. სელევკიდების წელთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც დაიწყო 311 წლიდან ქ. შ.-ით. ევსების მიერ მოტანილი თარიღი ქრისტიანული წელთაღრიცხვით არის ქ. შ.-დან 29წ.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა

საეკლესიო ბიბლიოთეკა, VII ტ. 2007 თბილისი

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:44)